დაშრეტილი ფშა
დაშრეტილი ფშა
წინათქმა
ტკივილიანი განცდებით დაწერილი ეს მოკრძალებული ნაღვაწი ეძღვნება ჩემს სათაყვანებელ სამშობლოს - საქართველოს, მის მრავალტანჯულ, ჭირთა მთმენ, ძაძით მოსილ დედებს, ქ. სოხუმის დაცემის 30-ე და სოფელ ახალსოფლის დაარსების მე-80 წლისთავს.
დედაო ღვთისაო, უმორჩილესად გთხოვ და გევედრები, კიდევ ერთხელ შეგვიწყალო და შეგვინდო შენს კალთის ქვეშ მყოფი სამწყსოს გონებაამღვრეულ შვილებს ის მძიმე დანაშაულებები, რაც ჩვენ ჩავიდინეთ ერთმანეთის, საკუთარი ერის და ქვეყნის წინაშე! დაგვიცავი და აგვარიდე კარს მომდგარი დაღუპვა-გადაგვარების საშინელი განცდა. არ დაუშვა, რომ შენი შვილები, ამ შეჭირვების ჟამს, ისევ აწ დავიწყებულ კუთხური ურთიერთდაპირისპირების ხანას დავუბრუნდეთ!...
მომეც შეძლება, რომ ყოველივე ჩემგან ნანახი, მოსმენილი და თავსგადამხდარი, მიუკერძოებლად აღვწერო და მკითხველამდე პირუთვნელად მივიტანო.
ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, როდესაც ხელში კალამი ავიღე და აფხაზეთის უახლესი ისტორიის მცირედი სეგმენტის და თემატიკის თეთრ ფურცლებზე. გადატანას ჩემი ნანახ-გაგონილის ლიტერატურულ რეალიზაციას შევეცადე, მიზნად არ დამისახავს საქართველოში და კავკასიის მხარეში ეთნოკონფლიქტების გენეზისის ფუნდამენტალური კვლევა და, აქედან გამომდინარე, სამომავლო პოლიტიკური თუ ზნეობრივი რეცეპტების მომზადება. ეს ჩემ შესაძლებლობებს აღემატებოდა.
ჩემი ამოცანა იყო, პირადი და სხვათა ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე, გუდაუთის რაიონის სოფ. ახალსოფლის მაგალითზე, მკითხველისთვის მომეთხრო, თუ როგორ და რა ვითარებაში ცხოვრობდნენ ერთ დროს, შრომით ფერხულში ერთად ჩაბმული ქართველები, აფხაზები (აფსუები), ბერძნები, სომხები, რუსები, ესტონელები და სხვა ერის წარმომადგენლები. როგორ აქციეს საუკუნეების განმავლობაში უყურადღებოდ მიგდებული, დაჭაობებული, დახაშმული და მალარიის ბუდედ ქცეული აუთვისებელი შავი ზღვის სანაპირო ზოლი საქართველოს ულამაზეს მხარე - წალკოტად და მეორე: როგორ მზადდებოდა და რა ძალების მონაწილეობით ის საშინელი ტრაგედია, რაც საქართველოს ე. წ. „ეთნოკონფლიქტების“ სახით თავს დაგვატყდა და რამაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პრობლემა კი, დღემდე სათანადოდ შეუსწავლელი და მოუგვარებელი რჩება.
საბჭოთა პერიოდში ჩემს მშობლიურ სოფელ ახალსოფელზე რაიმე სახის ფუნდამენტური ნაშრომი არ გამოცემულა. სკოლის წლებში პრესაში გამოჩნდა რამდენიმე სტატია სოფლის მოწინავე მშრომელებზე და ეკონომიკურ მიღწევებზე. ეს იყო და ეს.
2017 წელს, პროფესორების ჯემალ გამახარიას და ბეჟან ხორავას მხარდაჭერით, ჩემი საარქივო მასალების გამოყენებით, მონაწილეობა მივიღე კოლექტიური ნაშრომის „აფხაზეთის, საქართველო, ტრაგედია: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“-ს შექმნაში.
2019 წელს ჩემი წაქეზებით ჩემმა ახალსოფლელმა მეგობარმა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ომგამოვლილმა, ნიჭიერმა პუბლიცისტმა, ჯონდო გოგლიძემ გამოსცა მცირე მოცულობის ბროშურა „დაგვიანებული წერილი“, რომელშიც გახმოვანებულია გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენს სოფელში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები დაპირისპირების და საომარი მოქმედებების ფონზე. წიგნს მკითხველ საზოგადოებაში კარგი გამოხმაურება ჰქონდა.
2021 წელს ჩემი და ჯონდო გოგლიძის ერთობლივი მონდომებით, გამოვეცით კოლექტიური ნაშრომი - „ნასახტარის ქვა“. წიგნში შეტანილი იყო როგორც ჯ. გოგლიძის, ასევე წლების განმავლობაში ჩემს მიერ თანასოფლელთა პირად არქივებში მოძიებული, დამუშავებული და გამოსაცემად მომზადებული მასალების უმნიშვნელო ნაწილი.
წინამდებარე ნაშრომის პირველი ნახევარი უფრო ეთნოგრაფიული ხასიათისაა და მას პირობითად „ჩვენი ახალსოფელი (აშიცრა)“[1] დავარქვი. ეს ნაწილი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ქვეყნის უახლოესი ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, ვინაიდან დრო ჩქარი ტემპით გარბის, წარსული ამბების ობიექტურად და პირუთვნელად აღმწერნი კი სულ უფრო და უფრო ცოტანი დავრჩით.
ნაშრომის ამ ნაწილში გადმოცემულია აფხაზეთის რეგიონის, გუდაუთის რაიონის რიგითი, ტრაგედია გამოვლილი სოფლის ისტორია და მშვიდობიანი, შრომისმოყვარე მოსახლეობის ეკალ-ბარდებით მოსილი ცხოვრების გზა, როგორც ბედნიერი, ისე პრობლემებით აღსავსე წლები. ამასთან, სამსჯავროზეა გამოტანილი დიდი ხნის განმავლობაში ჩემს მიერ დრო-ჟამისაგან გაყვითლებულ საქაღალდეში გულდაგულ გადანახული მასალები, რომლებიც ვით კვერცხიდან გამოსაჩეკი წიწილები, გაზაფხულის დადგომას, დათბობას და სათანადო ამინდის დადგომას მოთმინებით ელოდნენ...
ამ მოკრძალებული ნაშრომით გარკვეულწილად ვალი მინდა მოვიხადო ჩემი ოდესღაც თვალწარმტაცი, მდიდარი, მრავალ ბრძოლაგადატანილი, საქვეყნოდ სახელგანთქმული ახალსოფლის, მისი ფუძემდებლების, ინტელიგენციის, მშრომელი გლეხების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მტრებთან უთანასწორო ბრძოლებში, 400-მდე მებრძოლ (21 ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული) მეომრის, მათ შორის, ჩემი უგზო-უკვლოდ დაკარგული ძმის - ზურაბ მაისურაძის და მისი თანამებრძოლი რაინდების წინაშე. მითუმეტეს, რომ ჩვენი სოფლის ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა თავკაცმა დავით გოგობერიშვილმა, უპირველეს დავალებად ამ საკითხის მოგვარება დაგვისახა. თავის დღიურში იგი გვიკონკრეტებს, თუ რაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება. ამავდროულად, თუნდაც მოკრძალებული ანგარიში ჩავაბარო ჩემს თანასოფლელებს იმის შესახებ, თუ რა მიკეთებია ამ ქვეყანაზე მათ წიაღში აღზრდილს და მათივე ხელდასმით საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულს. „ეს ერთადერთი სამოთხეა, რომლიდანაც ჩვენ ვერ განგვდევნიან“ უთქვამს მოგონებების შესახებ ჟან პოლ რიხტერს.
ნაშრომის მეორე ნახევარში, რომელსაც „საქართველოში რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის კვალდაკვალ“ - დეტექტივ-გამომძიებლის ჩანაწერები დავარქვი, ქრონოლოგიურად წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრის (ოპერატიული მუშაკი-გამომძიებლის) მიერ, გასული საუკუნის
70-90 წლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში დაფიქსირებული და გაანალიზებული ის საკვანძო საკითხები, რომლებიც აფხაზეთში მომხდარ „ეთნოკონფლიქტების“ ინსპირირებასთან და შემდგომში განვითარებულ პროცესებთან იყო დაკავშირებული.
ნაშრომის პირველი ნაწილის სახელწოდების შერჩევისას სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ ერთი საგულისხმო განმარტება ამოვიკითხე: „უკეთუ მდინარისა მახლობლად გამოდის წყარონი, არა უწოდეთ წყაროდ, არამედ ფშად“. ამან მიბიძგა მისთვის „დაშრეტილი ფშა“ დამერქმია.[1]
ახალსოფლის (აშიცრას) ძირძველი მკვიდრის, კიტა ტარნავას ეზოში არსებული წყაროს წყალი, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობდა, სწორედ რომ მდინარე თეთრწყალას მიწისქვეშა, ჩვენთვის თვალით უხილავ განშტოებას წარმოადგენდა. როგორც დავადგინე, სოფლიდან ქართველების გამოდევნის შემდეგ, მდინარის კალაპოტის დაღრმავებასთან ერთად ფშაც გაქრა.
ბუნებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ვფიქრობ, რომ დადგება დრო და მდინარე ამ ადგილს კვლავ ამოავსებს ქვა-ღორღითა და ქვიშით, სოფელს კი ღირსეულად დაუბრუნდება ერთ დროს იქიდან გამოდევნილი ნატანჯი მოსახლეობა. მაშინ კი „კიტას წყალი“ კვლავ აჩუხჩუხდება და ახალ სიცოცხლეს შესძენს მისგან დროებით განშორების გამო დაღვრემილ და წყალმოწყურებულ ველ-მინდორს, ახლებურ სიცოცხლეს ჩაჰბერავს ჩვენს მონატრებულ ახალსოფელს (აშიცრას).
მუშაობის პროცესში დამეხმარა ახალსოფლის ს. ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარის, სოციალისტური შრომის გმირის, დავით გოგობერიშვილის პირადი არქივში დაცული მისი ხელნაწერი მასალები, რომლის გაცნობის საშუალებაც მომცა მისმა მეუღლემ, ლატავრა იაშვილმა. დიდი მადლობა მას ამისთვის. მადლობა ჩემს ნათესავსა და პედაგოგს, ქალბატონ ცირა ნიავაძეს, რომელმაც მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, დასამუშავებლად თავისი მოგონებების ხელნაწერები მომაწოდა, რითაც უდიდესი დახმარება გამიწია.
გაწეული კონსულტაციებისთვის გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ცნობილ მეცნიერებს: გიორგი ანთელავას, გელა საითიძეს, დოდო ჭუმბურიძეს, შოთა ვადაჭკორიას, ვლადიმერ ღუნაშვილს.
აგრეთვე განსაკუთრებულ მადლობას ვუძღვნი პროფესორებს: რუსუდან მიქაუტაძეს და ვაჟა გოცირიძეს, ქ. ქუთაისის არქივის დირექტორს მერაბ კეზევაძეს, გამომცემლობა „ხომლი-ნ“-ის დირექტორს ელგუჯა თავბერიძეს, ჩემს კოლეგებს - გადამდგარ სამხედრო პირებს: გენერალ-მაიორ ლევან კიკნაძეს, პოლკოვნიკ თამაზ გოგობერიშვილს, პოლკოვნიკ თამაზ თევდორაძეს და ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე იაშვილს. ჩემს სულიერ მეგობრებს და თანამოაზრეებს, პედაგოგებს, ნათესავებს: ლია კალმახელიძეს, ვახტანგ გასვიანს, გურამ გოგშელიძეს, ჯონდო გოგლიძეს, რეზო გოგრიჭიანს, თემურ სურმავას, ზურაბ ლიპარტიას, სოფიკო გურგენიძეს, თამარ სორდიას, ლამარა გამყრელიძეს, ინგა მაისურაძეს, ქეთი არაქელაშვილს, ვანო ჯახუას, ლია და ბაადურ მელაშვილებს, ლეილა ჩალაძეს, თინათინ მაისურაძეს, ფრიდონ კერესელიძეს და ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომელთა აქტიური თანადგომის გარეშე ეს ნაშრომი ვერ შეიქმნებოდა.
დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის იმდროინდელ თავმჯდომარეს, შოთა მალაშხიას, რომელმაც ჩემს მასთან ერთად მუშაობის პერიოდში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჟურნალისტ ვლადიმერ სულაბერიძესთან ერთად 2008-20012 წლებში რვაასზე მეტი ჩვენი თანამემამულე დევნილი მოქალაქის (აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან), თავსგადამხდარი ამბები ჩაგვეწერა და ვიდეოფირზე დაგვეფიქსირებინა.
არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო ჩემი ქალიშვილის, თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოქტორანტის, თამარ მაისურაძის მიმართ, რომელმაც შსს არქივში მუშაობის პერიოდში შესაბამის ფონდებში მოიძია, რუსულენოვანი დოკუმენტებიდან ქართულად თარგმნა და სტატია მიუძღვნა მე-XX საუკუნის დასაწყისიდან 40-იან წლებამდე პერიოდში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და აჭარის რეგიონში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ოცი ათასზე მეტი ლაზური ოჯახის წინაშე მდგარი პრობლემების გაშუქებას.
განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის დღევანდელ მესვეურებს ამ ნაშრომზე მუშაობის პროცესში თანადგომის და მის გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის.
წიგნს განწყობის სახით ფონად შეგნებულად წარუმძღვარე გენიალური ქართველი პოეტის, მურმან ლებანიძის 1975 წელს დაწერილი უკვდავი სტროფები, რომლებიც ჩემ შინაგან მდგომარეობას სრულად ეხმიანება:
* * *
აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს -
ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი: ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
როსმე „არგო“, (სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი: - მკვდარსაც მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი: - ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი![1]
„ცხოვრება მძიმე არაა,
მხოლოდ ადამიანური სისულელეები ხდის მას მძიმედ“
ფრიდრიხ ნიცშე
ბავშვობა
დრო გადის, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევენ მშფოთვარე ფიქრები იმ ტრაგედიებზე, რომლებიც აფხაზეთში დაბადებულ და გაზრდილ ჩემი თაობის ადამიანებს რუსული იმპერიალისტურ-შოვინისტური პოლიტიკის შედეგად მეხივით დაატყდათ თავს.
აფხაზეთის მკვიდრთა ცხოვრებაში იყო ბევრი ნათელი კარგად მოსაგონებელი მოვლენები, რაც დასაფასებელია, მაგრამ ის, რაც რუსეთის იმპერიალისტურმა ძალებმა აფხაზ-აფსუა სეპარატისტების მეშვეობით აფხაზეთში ჩაიდინეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამან ჩვენს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე დღემდე გაუყუჩებელი და მოუშუშებელი იარა დატოვა.
ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთში 90-იანი წლებისთვის შექმნილი მართლაც უჩვეულო დოვლათი და აყვავებული მხარე თავისთავად, უშრომელად შეიქნა, ძალიან ცდება. რომ არა ქართველი კაცისა და სხვათა მუხლმოუდრეკელი გარჯა და ყოველდღიური მონდომება, აფხაზეთი ის აფხაზეთი არ იქნებოდა, რომელიც ასე გვიყვარდა და გვიყვარს და საითკენაც ასე მივიჩქაროდით და მივისწრაფვით ყველა.
აფხაზეთში ჩვენ ცხოვრებას მუდამ ახლდა სეპარატისტული გამოხტომები, რაც ხშირად აგრესიული ფორმებით ვლინდებოდა. თავად ჩრდილო კავკასიის მთებიდან XVI საუკუნის ბოლოს აფხაზეთის ბარში ხიზნად ჩამოსახლებულები და მათი შთამომავლები მუდმივად იმის ხაზგასმას ცდილობდნენ, რომ, თითქოსდა, აფხაზეთი მხოლოდ მათი საკუთრება იყო, ქართველები კი მშობლიურ მიწა-წყალზე კი არ იმყოფებოდნენ, არამედ „მომხდურები“ იყვნენ. ისინი იჯერებდნენ ამ ისტორიულ სიყალბეს და სხვების დაჯერებასაც ცდილობდნენ. მათი იდეოლოგიური და პრაქტიკული მხარდამჭერები, როგორც განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, საქართველოს ფარგლებს გარეთ, მოსკოვის კრემლის აპარტამენტებში მყარად ისხდნენ და როგორც ერთგული „სატელიტები“ თავს კომფორტულად გრძნობდნენ...
აფსუა-სეპარატისტების პერიოდულ ანტიქართულ გამოხტომებს ქართველობა ყოველთვის გრძნობდა, მაგრამ დიდსულოვნობის გამო მათ არ პასუხობდა და სერიოზულად არ აღიქვამდა. ქართულ მოსახლეობას ამ საკითხის მიმართ გულგრილობა, ნელ-ნელა ჩვევაში გადაეზარდა და მოახლოებული საშინელი საფრთხე მთელი სიმწვავით ვერ გაითავისა. როდესაც ეს მძიმე განსაცდელი კარს მოგვადგა და გავაცნობიერეთ, უკვე გვიანი აღმოჩნდა.
ჩემი ოჯახისა და პიდადად ჩემი, როგორც აფხაზეთის ქართველობის სხვა რიგით მცხოვრებთა ისტორიაც ტიპიურია, თავისი მრავალწლიანი აღმშენებლობითი, შემოქმედებითი ცხოვრების სილამაზით დამშვენებული და განვლილი ეკლიანი გზის მოგონებებით გაჯერებული.
მამაჩემი, ევგენი ფრიდონის ძე მაისურაძე ონის რაიონის სოფელ წედისში დაიბადა 1919 წელს. ის ადრე დაობლდა და მასზე მეურვეობა მამაჩემის ბიძამ ილია (ილიკო) მაისურაძემ იკისრა. ზრდიდა ისე, რომ საკუთარ შვილებში არ ანსხვავებდა.
მამა კოლმეურნეობის ღვინის საწყობში მუხის კასრების სპეციალისტად ე. წ. ბონდერად მუშაობდა. ეს სპეციალობა მას აუთვისებია ზესტაფონის ღვინის ქარხანაში (დირექტორი ნ. ჩიქობავა), სადაც კოლმეურნეობის გამგეობის გადაწყვეტილებით რამდენიმე თვით ყოფილა მივლინებული. მის მოვალეობაში შედიოდა მუხის მასალისაგან ახალი კასრების დამზადება. ასევე ღვინის კასრების მექანიკურად დაზიანებული ფიცრების გამოცვლა და მათ ნაცვლად ახლის ჩაყენება. საწყობის ტერიტორიაზე მისთვის გამოყოფილი იყო სახელოსნო.
აქ ძირითადი თემიდან ოდნავ გადავუხვევ და მკითხველს ზემო რაჭის ულამაზეს სოფელ წედისზე მოვუთხრობ.
გადმოცემით რაჭის წედისი, ქართლის წედისიდან ყოფილა წარმოშობილი. ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში დღესაც არის სოფელი წედისი. ქართლიდან რაჭაში ბატონისგან გაქცეულან ურჩი და გულზვიადი ძმები: გოგილა, ლომინი და ლეკვიჩა მაისურაძეები. ტყით დაბურული და მიუვალი ეს ადგილი მოსწონებიათ და გადაუწყვეტიათ იქ დასახლება. ისინი ერთმანეთისგან ოდნავ მოშორებით ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. სახლები აუგიათ ადგილზე დამზადებული მასალით. თავიდან იქ მხოლოდ ერთი პატარა ველი ყოფილა და დროებით იქ დამდგარან. წედურები ამ ადგილს დღესაც „ველუკას“ ეძახიან. წინაპრების გადმოცემის თანახმად, ყმაწვილები გამოქცევიან ბატონყმობის აუტანელ პირობებს და აქ ცხოვრება აურჩევიათ, სადაც თავიანთი თავის ბატონ-პატრონები თვითონვე იყვნენ. ძმებს და მომავლებს რომ არ დავიწყებოდათ თავიანთი წარმოშობა, გადაუწყვეტიათ სოფლისათვის „წედისი“, ხოლო სოფლის პირდაპირ მდებარე ბორცვისთვის გორი დაერქმიათ სადაც სალოცავი - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აუშენებიათ.
ილიკო მაისურაძეს წარსულში რუსეთის იმპერიის წინაშე დიდი დამსახურება ჰქონია. ის ყოფილა რუსეთ-ოსმალეთის ომის აქტიური მონაწილე. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის გიორგიევსკის ორი ჯვრით და პერსონალური ხმლით ყოფილა დაჯილდოებული. მასზე რუსულად ამოტვიფრული იყო სიტყვები: „За проявленную храбрость“! (გამოჩენილი მამაცობისათვის). ეს ისტორიული ნივთი მის ოჯახში ბავშვობის წლებში პირადად მაქვს ნანახი.
ილიკოს მამაჩემი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე ყველგან თან დაჰყავდა, ცხოვრებისეულ გამოცდილებას გადასცემდა, ხის დამუშავების ხელობის საიდუმლოებებს აზიარებდა. სხვა სახლიკაცებთან ერთად, 1928-1938 წლებში მათ საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო დანიშნულების ობიექტები ერთად უშენებიათ აჭარაში, აფხაზეთში, კახეთსა და სამეგრელოში.
ილიკო ოჯახთან ერთად სოფელ წედისიდან საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე 1939 წელს სხვა მეზობლებთან ერთად აფხაზეთში ჩასახლებულა. ამის ძირითადი მიზეზი გამხდარა ის, რომ დიდი ჯალაბი (ჰყავდა 7 შვილი) და მცირემიწიანობის გამო, მათი გამოკვება ძალიან უჭირდა.
ახლო ნათესავები მისი ოჯახის აფხაზეთში გადასახლების წინააღმდეგნი ყოფილან. სოფლიდან წასვლას არ აპირებდა ილიკოს შუათანა ქალიშვილ რიმა. როცა შეუტყვია ოჯახის განზრახვა გუდაუთაში ჩასახლების შესახებ, საქმროსთან, არტემთან ერთად სოფლიდან გაპარულა და მალულად ჯვარი დაუწერია. ილიკოს კი წასაღები ნივთებითა და სურსათ-სანოვაგით ჩვენი ჯალაბის ორი წყვილი ხარ-ურემი დაუტვირთავს და ქ. ონისკენ მიმავალ გზას გასდგომია. ახლობლებს ისინი ტირილით გაუცილებიათ.
ამინდი წვიმიანი, მდინარე ჯეჯორა კი ადიდებული ყოფილა. სავალი გზის პირას ერთ ხარს ფეხი დაცურებია და ურემი გადაბრუნებულა. ამის შედეგად სურსათ-სანოვაგე და ხორბლით სავსე ტომრები მდინარეში გადავარდნილა. ამ ამბავზე წედისელებს სახელდახელოდ ლექსი შეუთხზავთ:
„...იაო, ია-მიაო, მე ილიკუნა მქვიაო..
სოფელი ისე დავტოვე, სანთელ არ ამინთიაო.,
გორიჯვარს შენდობასა ვთხოვ, ჯალაბ რომ დამიგდიაო.
ჯეჯორამ სარჩო წამართვა, აგერ სულ წყალში ყრიაო!...
იაო, ია-მიაო, გულს დარდი მომწოლიაო.
შვილებთან ერთად თან მიმყავს რძალუკა სალომიაო.
... არტემმა რიმა მომტაცა, ამას ღალატი ქვიაო.
* * * *
შორს წასვლას არ მიწონებენ თედაოზა და ნადია,
მამა ღმერთია მოწამე, გუდაუთს წასვლა მწადია!“...
დიდი სამამულო ომიდან (1941-1945 წწ.) დაბრუნების შემდეგ, მამამ მუშაობა დაიწყო აბაშის რაიონში. იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე ალექსანდარა სიმონის ასული ლიპარტია. ისინი 1947 წელს დაოჯახდნენ და საცხოვრებლადაც იქვე დარჩნენ. მალე, 1949 წლის გაზაფხულზე, ბიძაჩემ ლევანტის რჩევით, ჩემი მშობლებიც საცხოვრებლად ახალსოფელში წასულან და იქ დამკვიდრებულან. მე ამ დროს ერთი წლის ვყოფილვარ.
ახალმოსახლე სხვა მეზობლების მსგავსად, შინ თუ გარეთ მშობლებს დილიდან გვიან საღამომდე ბევრი საქმე ჰქონდათ. პირველ რიგში, ყოველდღიურად კოლმეურნეობაში სავალდებულო იყო გარკვეული სამუშაოების შესრულება წელიწადში მინიმუმ 180-200 ე. წ. „კაც-დღეების“ გამომუშავება.
ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ვიყავით: მე, ჩემი ძმა ზურაბი, დები - ციცინო და ზაირა. ამის გამო მამაჩემმა დახმარებისთვის რაჭიდან ბებია - მაკრინე კალმახელიძე ჩამოიყვანა. დღესაც თვალწინ მიდგას ის დედაჩემთან ერთად ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთში კავგამოდებულ ეკალ-ბარდებს რომ ექაჩებოდა. მამაჩემი წალდით ეკლებს ძირში ჭრიდა, ფიწლით თავისუფალ ადგილზე გადაჰქონდა და წვავდა.
ოჯახის უფროსი თაობის წარმომადგენლების მონდომებისა და დაუღალავი შრომის შედეგად, ჩვენი საკარმიდამო 0,25 ჰა საბოსტნე და საბაღე ნაკვეთები დღითიდღე იზრდებოდა. ამგვარადვე შრომობდნენ ჩვენი მეზობლები და უბნის სამოსახლოებს მეურნე გლეხის შესაფერისი იერსახე და ფორმა ეძლეოდა.
მაკრინე ბებო ზემო რაჭაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორული ექსპედიციის ხელმძღვანელის, ელენე ვირსალაძის ერთ-ერთი მუდმივი რესპოდენტი ყოფილა (რაჭველების ყოფა - ცხოვრების და ხალხური ხელოსნობის საკითხებზე). მე ამის შესახებ სტუდენტობის პერიოდში სოფ. წედისში ბებიასთან სტუმრობის დროს გავიგე.[1]
ბებო იყო მხნე, გამრჯე, საქმიანი, ბავშვების მიმართ საკმაოდ მომთხოვნი, სამართლიანი და საჭიროების შემთხვევაში ზედმეტად მკაცრიც კი, თუმცა ამავდროულად მოსიყვარულე და ერთგული. ძილის წინ ბავშვებს ტახტზე გარს შემოგვისხამდა და ზღაპრებს გვიყვებოდა. ლოგინში რომ დავწვებოდით, ვიდრე ძილს მივეცემოდით, ახლო მდებარე ტყიდან ტურების აუტანელი კივილი გვესმოდა, რაც ძალიან გვაშინებდა და ძილს გვიფრთხობდა. მაკრინე ბებო გვაწყნარებდა და გვეუბნებოდა: „რამ შეგაშინათ, თქვე ონავრებო! ჩვენი ჯულბარსი (ძაღლი) ისე ფხიზლად გვდარაჯობს, რომ ტურებს ჩვენს ეზოს ახლოს არ გააჭაჭანებსო!“
როცა ბავშვებს გვეძინა, ის საოჯახო საქმეებს აგვარებდა, შემდეგ კი კერავდა, ქსოვდა, ხატებთან ლოცულობდა, ან მუდმივად ერთი და იგივე სქელტანიან წიგნს (სავარაუდოდ ბიბლიას) კითხულობდა. იცოდა ბევრი თქმულება, ლექსი, ზღაპარი. სადილობის წინ აუცილებლდ ილოცებდა, წყლის მაგიერ ღვინოში ჩამბალ პურს (ხალხში წყალთბილად წოდებულს) მიირთმევდა. ზოგჯერ კი განმარტოებით სარკმელთან მჯდომი რაღაცას თავისთვის ღიღინებდა.
ჩვენი ეზო წინ, ქუჩის მხარეს და მეზობლების, ნოდარიშვილების და ჯოხაძეების სამოსახლოებისგან გასამიჯნად მამაჩემს თხილის წნელით ჰქონდა შეღობილი. მის ძირში შიგნიდან ტრიფოლიატის ნერგები (ციტრუსოვანი მცენარეების ეკლიანი საძირე) იზრდებოდა, რომ სამომავლოდ ძველი ღობე აეღო და ის ცოცხალ, მწვანე ნარგავს ჩაენაცვლებინა. ჭიშკართან ახლოს იდგა ცოტა ხნის წინ სოფლის თავკაცების მონდომებით გაყვანილი სასმელი წყლის ონკანის თავქუდიანი ბეტონის საყრდენი.
ზაფხულში, როდესაც სიცხე მატულობდა, მე და ჩემი უმცროსი ძმა - ზურიკო, ონკანს მოუშვებდით და სასმელი წყლის ქვეშ ტიტლიკანები ვბანაობდით. წყალი რომ იქცეოდა, ეზოს გაყოლებაზე ქუჩაში მიწა ტალახდებოდა და გუბეები დგებოდა. უბნის ბავშვები იმ გუბურებში ქაღალდისა და ხის პატარა ფიცრის ჩვენივე ხელნაკეთ ნავებს ვუშვებდით და ვერთობოდით.
ნაწვიმარზე როცა წყლის ნაკადი მატულობდა მე და ზურიკო მამის ხელსაწყოებს მოვიმარჯვებდით და მონადენ წყლის ნაკადზე ე. წ. ხის წისქვილებს ვაგებდით და გვარიანადაც ვითხვრებოდით. ამის გამო ბევრჯერ ბებოს სამართლიანი რისხვა დაგვიმსახურებია. ამ ამბებზე ყმაწვილკაცობაში ერთი პატარა ლექსიც კი დავწერე:
„პატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო,
ხუჭუჭთმებიან ონავარს, თავს მევლებოდა ყველაო.
მაკრინე ბებო მტუქსავდა, რომ წამასწრებდა „შრომაში“,
არხზე წისქვილის მშენებელს, ბავშვების გარემოცვაში.
ზედმეტ სახელად შემარქვა,„აღმშენებელი - გოზია“,
ბებოს ეს, ბრაზით ნათქვამი, დღეს ჩემი ავგაროზია...
ცოტა რომ წამოვიზარდეთ მივხვდით, რომ ჩვენს გასართობად ქცეულ წყლის გუბურებში თურმე, სწორედ ის მავნე მწერები მრავლდებოდნენ, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას მალარიის სენის გავრცელებით.
ჩვენი უბნის ბავშვებს რამაზ და ნური მუსერიძეებს, ზაურ და როსტომ გოგობერიშვილებს, თამაზ და მურთაზ ნოდარიშვილებს, ზურა მაისურაძეს და როდიკო ტარნავას სოფლის ბონიფიკატორის (დეზინფექტორი - მალარიის გამავრცელებელი კოღოების წინააღმდეგ სპეციალური ღონისძიებების გამტარებელი პირი) ნიკოლოზ გოგობერიშვილის ხელში არაერთგზის გვინახავს გამბუზიების პატარა ლიფსიტები წყლით სავსე სარწყულში, საიდანაც ისინი სპეციალური ხელსაწყოთი წყლის გუბეებში გადაჰყავდა. ეს პატარა არსებები წყალში მუსრს ავლებდნენ კოღოს ჭუპრებსა და მატლებს. ყოველივე ამას ბავშვები გაფაციცებით თვალ-ყურს ვადევნებდით და როდესაც გასაგებად განგვიმარტეს ამ თევზების დანიშნულება და აუცილებლობა, ჩვენც ნიკოლოზ ძიას დამხმარე ნორჩი თანაშემწეები გავხდით.
მალარიასთან ბრძოლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის იმ ახალსოფლელებს, რომლებმაც აქტიურად იღვაწეს სოფელსა და მის შემოგარენში ხავსში ფესვებგახვეული ევკალიპტის ნერგების ჭაობიან ადგილებში დარგვაზე, მოვლაზე და მათი მეშვეობით თუ სხვა საინჟინრო მეთოდების (დაგუბებული წყლისთვის საწრეტი არხების გაყვანა) გამოყენებით სოფლის მეურნეობისათვის ადრე გამოუსადეგარი ფართობების გაკეთილშობილებაში. ამან ასევე განაპირობა ევკალიპტის ნარგაობების ქარსაცავ საშუალებად გადაქცევა. 1949 წლის ზამთარი ახალსოფელში უჩვეულოდ მკაცრი და უხვთოვლიანი ყოფილა. ყინვას ციტრუსების პლანტაციები მთლიანად გაუნადგურებია. გზები დროებით ჩაკეტილა და რაიონის ცენტრში წამლების თუ სურსათ-სანოვაგის საყიდლად ჩასვლა შეფერხებულა. სხვათა მსგავსად სურსათ-სანოვაგე ჩვენს ოჯახსაც გამოლევია და შიმშილის ზღვარზე მისულა.
მამაჩემს და მის ბიძაშვილ გიორგის რუსების დასახლებაში ეკონომიურად შეძლებული აფსუას - გვარად კეტიას (კეიდია) ოჯახში მცირედი ხის სამუშაო უშოვიათ. ოჯახის უფროსი ქართველების მიმართ მტრულად ყოფილა განწყობილი და ყოველთვის ცდილობდა ოსტატების გაღიზიანებას და არ აძლევდა საკვებს, მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, ისროდა დამცინავ ფრაზებს, გიტარაზე რუსულ რომანსს: „Очи черные“-ს ამღერებდა თავისებური ინტერპრეტაციით, ქართველებს გამომწვევად ეკითხებოდა: „რა დაგკარგვიათ თქვენ აქ, აფხაზეთში, რისთვის ჩამოხვედით, უკან დაბრუნდით თქვენს საქართველოშიო!“... მხოლოდ ადგილზე მისი არყოფნის შემთხვევაში კეტიას მეუღლე მალულად ახერხებდა თურმე მუშებისთვის სადილად ცივი ღომის და ტყემლის წვენის მიწოდებას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, აფსუას დაპირებული ფულის ნაცვლად ოსტატებისთვის შრომის საფასურად ვადაგასული სიმინდის ფქვილი მიუცია. სხვა რა გზა იყო, წინააღმდეგობის გაწევას <