ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კოსმოსური დრამატურგია

0 ხმა

ნატალია ზარნაძე

ბიოგრაფია

დავიბადე 1975 წლის 15 იანვარს, თბილისში. მშობლები სტუდენტები იყვნენ და ჩემი გაზრდის ვალდებულება ბებიასა და პაპას დაეკისრა, რომლებიც იმ პერიოდში კახეთში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო 14 წლამდე პატარა, ლამაზ და ძალიან კოლორიტულ ქალაქში ვიზრდებოდი.

6 წლიდან დავიწყე ლექსებისა და მცირე ზომის მოთხრობების წერა, რომლებიც, ახლა მგონია, უფრო დოკუმენტური ჩანაწერები იყო იმ კონკრეტულ ადამიანებზე, ვისაც შორიდან ვაკვირდებოდი, ვიდრე მხატვრული ნაწარმოებები. ამ ამბავში სახალისო ისაა, რომ ვწერდი არა ჩვეულებრივ, არამედ ძალიან წვრილად, თან ძალიან პატარა ბლოკნოტებში, რომლებსაც საკუთარი ხელით ვაკეთებდი, დიდ ქაღალდზე დატანილი ტექსტი ჩემთვის მაგიას კარგავდა :)) ამ ყველაფერს ვმალავდი, ბებიაჩემი კი პოულობდა, კითხულობდა და ჩემი სახელით საბავშვო ჟურნალებში აგზავნიდა. რამდენჯერმე დაიბეჭდა კიდეც რაღაც ნაწარმოებები, რაც ჩემთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.

მშობლებმა რამდენჯერმე სცადეს ჩემი თბილისში წაყვანა, მაგრამ ყოველ ჯერზე ავად ვხდებოდი, სულ სხვადასხვა სნეულების ნიშნებს ვავლენდი და ექიმების რჩევით ისევ უკან, სუფთა ჰაერზე მაბრუნებდნენ. მე დაუყოვნებლივ ვჯანმრთელდებოდი და ცხოვრების ხალისი მიბრუნდებოდა. შეიძლება, ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ ფანატიკურად ვიყავი ბებიაზე მიჯაჭვული, ის იყო ჩემი სამყაროს ცენტრი და მის გარშე მე მეც კი არ ვიყავი.

ადრეულ ასაკში, ალბათ 3-4 წლისას, გადაწყვეტილი მქონდა, გავმხდარიყავი ბალერინა, სკოლაში შესვლის მომენტისთვის მწერალობა დამიჯდა ჭკუაში, მერე კოსმონავტობა მომინდა, მერე - ტანსაცმლის დიზაინერობა, ფილოლოგი კი იმიტომ გავხდი, რომ ბოლო კლასში ვიფიქრე, მემგონი, ლიტერატურა კარგი რამეა მეთქი... :)

           მე-9 კლასიდან გადავედი თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1992 წელს დავამთავრე. ამავე წელს სწავლა გავარძელე თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე ფრანგული ენის მიმართულებით. მისაღები გამოცდების ჩაბარებამდე და გავთხოვდი ექვსი თვის წინ გაცნობილ ბიჭზე. 1993 წელს დაიბადა ჩემი შვილი.

მალე სწავლა დავიწყე კიდევ ერთ უმაღლეს სასწავლებელში, თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

1994 წელს მე და ჩემი ყოფილი მეუღლე დავშორდით და საცხოვრებლად მშობლებთან დავბრუნდი.

1997 წელს მუშაობა დავიწყე კერძო სკოლაში უცხო ენის მასწავლებლად და სასწავლო პროცესის ორგანიზატორად. 

2006 წელს გადავედი საბანკო-საფინანსო და მენეჯმენტის სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის თანაშემწედ.

2007 წელს სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაზე, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, შესაბამისი კვალიფიკაცია 2009 წელს მომენიჭა.

2010 წელს მუშაობა დავიწყე სახელმწიფოსგან ავტორიზებულ ,,ყოვლადწმიდა სამების სახელობის ქართულ აკადემიაში“ დირექტორის მოადგილედ.

2013 წელს მონაწილეობა მივიღე ლიტერატურულ კონკურსში ,,კარს მიღმა“, გავხდი ათი ფინალისტიდან ერთერთი და ჩემი რამდენიმე ლექსი შევიდა იმავე დასახელების კრებულში.

2015 წელს მონაწილეობა მივიღე ლიტერატურულ კონკურსში ,,წერო“, მოვხვდი 15 ფინალისტს შორის და ჩემი მოთხრობა ,,ბედნიერების სერტიფიკატი“ შევიდა კონკურის გამარჯვებულთა კრებულში.

2016 წელს ,,შავი ზღვის უნივერსიტეტში“ გავიარე ადამიანური რესურსების მართვის სასწავლო კურსი, ამავე წელს დავასრულე პრაქტიკული ფსიქოლოგიის სასერტიფიკატო პროგრამა და გავხდი ფსიქოტრენერი.

2019 წლიდან ვარ სასწავლო ცენტრის, ,,გრინვიჩ აკადემიის“ მენეჯერი. ასევე, ვატარებ ფსიქოტრენინგებს. ვარ სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტიც.

პერიოდულად ვმონაწილეობ საქველმოქმედო პროექტებში, შშმ ბავშვების, ასევე მიუსაფარი ცხოველების მხარდასაჭერად. ვმონაწილეობ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში. ვცხოვრობ შვილთან და მშობლებთან ერთად, მაქვს სურვილი, გამოვცე ჯერ რომანი ,,კოსმოსური დრამატურგია“ და შემდეგ კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კრებული. ორივე წიგნი ფაქტობრივად დასრულებულია.

 

გამოქვეყნებული ნამუშევრებისა და პუბლიკაციების ძირითადი ჩამონათვალი

·       სტატია ,,მცირე ბიზნესის პრობლემები“, ჟურნალი ,,საქართვლოს ეკონომიკა“ 2008 წ. N6, გვ. 79–81;

·       სტატია ,,უმაღლესი განათლების მენეჯმენტი“, თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის კრებული, 2009 წ;

·       თანამედროვე ქართველი მწერლების ფენტეზის ჟანრის კრებული ,,კარს მიღმა“, ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის გამომცემლობა, 2013 წ;

·       მოთხრობა ,,ბედნიერების სერტიფიკატი“, კრებული ,,წერო 2015“, გამომცემლობა ,,ლიტერასი“, 2015 წ;

·       პროფესიული სტანდარტები (შექმნილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, ატვირთულია ვებგვერდზე www.eqe.ge), 2015წ;

·       ლექსები, ,,ლიტერატურული გაზეთი“, მწერალთა სახლის გამომცემლობა, 2016 წ. მაისი;

·       ლექსები, ,,ლიტერატურული გაზეთი“, მწერალთა სახლის გამომცემლობა, 2017 წ. ივნისი;

·       მოთხრობა ,,ცხოველი“, ჟურნალი ,,ახალი საუნჯე“, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამომცემლობა, 2018 წ. მარტი;

·       მოთხრობა ,,სინამდვილისებური ეპიზოდები წყვეტის გარეშე“, ჟურნალი ,,განთიადი“, 2020 წ. ოქტომბერი.


სინოპსისი

რომანი საერთო ჯამში მოიცავს ორ ნაწილს (,,ქვერომანს“), რომელთა ფაბულა პრაქტიკულად ერთნაირია, ოღონდ, მოვლენები პირველ ნაწილში ჩვენს დროში ხდება, ხოლო მეორე ნაწილში იგივე ამბავი გადატანილია საუკუნეების შემდეგ, მომავალში, კიბერპანკურ რეალობაში. პირველი ნაწილი უფრო მაგიური რეალიზმისა და ცნობიერების ნაკადის ელემენტებს აერთიანებს, მეორე ნაწილში შემოდის სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებიც. მთლიანი ნაწარმოები ვორდის სტანდარტული დოკუმენტის 220 გვერდს იკავებს. რამდენიმე მთავარი გმირისთვის შერჩეულია ფოტოები, რომლებიც ჩასმულია ტექსტში და მკითხველს მონათხრობის ვიზუალიზაციისაკენ უბიძგებს.

პირველ ,,ქვერომანს“ ,,სოლომონის სახელი და სახე“ ეწოდება და სამი თავისგან შედგება.

პირველი თავი: მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა გეოგრაფიის მასწავლებელი სოლომონი პატარა ქალაქში ცხოვრობს, წერს პიესებს, დარწმუნებულია, რომ უნიჭიერესია და ოცნობობს, გახდეს სახელგანთქმული დრამატურგი. წერის პროცესი მისთვის თავდავიწყებაა, ის ახლადშეძენილი ღარიბული ოროთახიანი ბინის საძინებელს იმიტირებულ თეატრად გადააკეთებს, ხის ყუთებით სცენას მოაწყობს, გადააფარებს ნოხს, ჩამოაბამს ფარდას, მოპირდაპირე კუთხეში სავარძელს დაიდგამს, ყოველ საღამოს საკუთარ სამყაროში იძირება და წერს. გარდა იმისა, რომ მას ნაწარმოების მკითხველამდე მიტანის პროცესი ცნობიერებათა გაერთიანებად და ერთგვარ ფსიქოდრამად მიაჩნია, გარდაცვლილი პერსონაჟების გაცოცხლების გზასაც ეძებს, რომელიც არ შეიძლება იყოს ის მარტივი ტრიუკი, როცა ტექსტის მომდევნო ეპიზოდში მკვდარი მოქმედი გმირი უცებ, რაიმე ობიექტური გარემოების გამო ცოცხალი აღმოჩნდება...

თავად ავტორს, რომელიც ნაწარმოების სივრცეს სუბიექტურ რეალობას უწოდებს და საკუთარ თავსაც უხილავ პერსონაჟად მიიჩნევს, უწყვეტი დიალოგი აქვს როგორც მკითხველთან (მასაც პერსონაჟად თვითგანცდას ,,აიძულებს“), ასევე, მთავარ გმირებთან, რომლებსაც ავტორის ხმა საკუთარი ფიქრები ჰგონიათ. აღსანიშნავია, რომ სოლომონი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მისი სახეცვლილებების პარალელურად სხვადასხვა სახელით მოიხსენიება. მასწავლებლობის პერიოდში პერსონაჟს გაუგონარი მოსწავლეები სოლომონინიოს არქმევენ და კაციც ტექსტში ამ სახელით ჩნდება.

სოლმონინიო უკარებაა, ახალ მეზობლებს მისთვის შეუფერებელ ადამიანებად მიიჩნევს. ისე, არც მეზობლები არიან კაცის მიმართ კეთილგანწყობილები, განსაკუთრებით ეზოს ხულიგნები. გეოგრაფიის მასწავლებელს ეს ფაქტი ძაბავს, თუმცა, მისი სამყარო მკვეთრდაა გამიჯნული ამ ხალხის ცხოვრებისგან და მათზე ბევრს არც ფიქრობს. ის აგროვებს სიმბოლურ, სამახსოვრო ნივთებს, აკეთებს მაკეტებსა და მულაჟებს, რომლებიც წარსულის ფრაგმენტებს შეიცავს და ბავშვობაში ამოგზაურებს, აგროვებს აფიშებს, ქმნის სამოტივაციო დევიზებს და ამ ყველაფერს თავისი ოთახ-თეატრის კედლებზე ამაგრებს.

ერთ საღამოს კაცი განსაკუთრებულად ემოციური ეპიზოდის წერას იწყებს, ამ მიზეზით ზოგჯერ ,,სცენაზე“ არბის და დიალოგებს იქ კითხულობს, ხან ხმამაღლა იცინის და ფეხებს აბრაგუნებს, ხან კი ლაიტმოტივად გამოსადეგ მელოდიას მღერის და ავიწყდება, რომ უკვე ძალიან გვიანია... შეწუხებული მეზობლები სოლომონინიოს საჩხუბრად მიუვარდებიან, კონფლიქტი ისე მწვავდება, რომ ყველაზე აგრესიული მაცხოვრებლების ნაწილი მის ,,თეატრში“ შეიჭრება. ხეპრე მეზობლებისთვის იქ ნანახი სცენა, დევიზები, მულაჟები ხალისიანი ქილიკის მიზეზი ხდება. სოლომონინიო სახლიდან გარბის და შინ მხოლოდ გამთენიისას ბრუნდება. საყვარელი ოთახი შეურაცხყოფილი და გაუცხოებული ეჩვენება. უცებ აღმოაჩენს, რომ რვეული, რომელშიც პიესები ჰქონდა გადათეთრებული, სადღაც გაქრა... როგორც ჩანს, მეზობლებმა წაიღეს, ვინ იცის, ალბათ, ერთად კითხულობდნენ და ამასხარავებდენენ... კაცი ამ მომენტში ცხოვრებაში პირველად შეხედავს კრიტიკულად თავის ნაწერებს და იფიქრებს, რომ არც ისე კარგი მწერალია. ის უკიდეგანოდ ტრავმირებულია და გადაწყვეტს, აღარასოდეს არაფერი დაწეროს, არ წავიდეს თეატრში და საზღვარგარეთ გადაიკარგოს.

მეორე თავი: სოლომონინიო ჯერ დიდ ქალაქში მიდის, სადაც უცხოეთში გასაქცევი ფულის შესაგროვებლად დროებით სამსახურს იწყებს. დამსაქმებელი უხეში, შარიანი მილიონერი ნათესავია, რომელიც ნავთობკომპანიას ფლობს. ახალგაზრდა დაბალ თანამდებობაზე ინიშნება, თუმცა მდიდარ უფროსს მისი წესიერება, ასევე, ახალი, საინტერესო იდეები მოსწონს და აწინაურებს. ამ ეტაპიდან სოლომონინიოს სოლო ჰქვია, ის იწყებს ბიზნესისა და მარკეტინგის შესწავლას და ცოტა ხანში აღმოაჩენს, რომ გამდიდრება და მქუხარე კარიერა უფრო აინტერესებს, ვიდრე უცხოეთში გაქცევა. კაცი აკვირდება სხვადასხვა გავლენიან ბიზნესმენს და ქცევაში მათ მიბაძვას იწყებს. ექვსი წლის შემდეგ სოლო ნათესავის მარჯვენა ხელი და ფირმის ვიცეპრეზიდენტი ხდება, ის უკვე თავადაც მილიონერია, ვარჯიშობს, იღრმავებს ცოდნას, მონაწილეობს კონკურენტებთან საქმის გარჩევებში და იჯერებს, რომ ყოველთვის ასეთი მაგარი ტიპი იყო, უბრალოდ, დრომ მისი ნამდვილი სახე წარმოაჩინა. ასე გრძელდება კარგა ხანს.

11 წლის თავზე სოლოში რაღაც იცვლება, მსუყე, ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრების მიმართ ზიზღი უჩნდება და საკუთარ თავს კმაყოფილ ღორს არქმევს. მარტო ყოფნისას ზოგჯერ სახეს ისერავს, იცვამს ძონძებს და ცდილობს, გაარკვიოს, შეიძლება, რომ კიდევ რამე უხაროდეს? ამ პერიოდში მისი ერთერთი საყვარელი თეატრში, გახმაურებულ სპექტაკლზე წაყვანას სთხოვს. კმაყოფილი ღორი თავიდან წინააღმდეგია, რადგან შფოთი იპყრობს, მაგრამ მერე თანხმდება. კაცი ესწრება დადგმას და დარბაზში ყოფნისას სინამდვილის განცდას კარგავს, ერევა დრო, სივრცე, ობიექტური და მოდელირებული რეალობის სამყაროები. მასში სულიერი ძვრა ხდება. გადაწყვეტს, ამდენი წლის შემდეგ პატარა ქალაქში ჩავიდეს, აღადგინოს იმიტირებული თეატრი, შეერწყას სოლომონინიოს, შემდეგ ისევ დაუბრუნდეს ბიზნესს და ორი სფერო ერთმანეთთან შეათავსოს. მშობლიურ ქალაქში წასვლამდე კმაყოფილი ღორი მილიონერ ნათესავთან დიალოგს მართავს და მიდის დასკვნამდე, რომ მწერალმა, მხატვარმა, ან თუნდაც მუსიკოსმა ნაწარმოებები თავიანთი სახელის გამჟღავნების გარეშე უნდა შექმნან. მისი აზრით სახელის მოხვეჭაზე ზრუნვა სარგებლის ძიებას გავს და ვინც ამ სახის სარგებელზე უარის თქმას შეძლებს, სულიერი ზრდის პოტენციალი მხოლოდ მას აქვს. კმაყოფილი ღორი თავისი ძვირფასი მანქანით მგზავრობაზეც უარს ამბობს და პატარა ქალაქში მატარებლით მიდის. ჩასვლამდე უცნობი მთვრალი ახალგაზრდები ესხმიან თავს. კაცი ახლა თამამი და შეუპოვარია, უკან არ იხევს, მაგრამ მთვრალები მას დანით კლავენ.

მესამე (ზედმეტი) თავი: ავტორის აზრით ამ თავის ზედმეტობა იმითაა განპირობებული, რომ ის აღარაა მხატვრული ტექსტი და დოკუმეტური მონათხრობია. ავტორი უფლებას უტოვებს მკითხველს, მესამე თავი არ წაიკითხოს. ამავე დროს, თვითონ იყენებს სოლომონინიოსგან დაწუნებულ ტრიუკს და ამბობს, რომ რეალურ ამბავში დანით დაჭრილი პერსონაჟი სიკვდილს გადაურჩა. ერთი წლის შემდეგ სასწაულებრივად გამოჯანმრთელებული სოლომონი ბრუნდება პატარა ქალაქში. ძველი მეზობლები მოწიწებით ხვდებიან, რადგან იციან, რომ ის ახლა მდიდარი ბიზნესმენია. კაცი ხელახლა აკეთებს იმიტირებულ თეატრს, სოლომონინიოს პატიებას სთხოვს განდევნის გამო და ევედრება, რომ დაბრუნდეს, შეერწყას... ოთახში მას ეჩვენება ლანდი, რომელიც სოლომონინიოს გავს, სოლომონი მასთან დაჩოქილი მიხოხდება და მის შესუნთქვას ცდილობს. მკითხველი და ავტორი მაღლიდან დაჰყურებენ ამ სცენას.

ისევ დიდ ქალაქში დაბრუნებული კაცი პიესების წერას აგრძელებს. რჩება ბიზნესშიც. პირველი წიგნის გამოცემამდე, სულ ბოლო მომენტში რედაქტორის რჩევით უარს ამბობს აკვიატებულ იდეაზე, პიესების კრებული საკუთარი სახელის მითითების გარეშე დაბეჭდოს. ცხოვრების განმავლობაში მისი სამი კრებული გამოიცემა, გარკვეულწილად პოპულარულიც ხდება, თუმცა, დიდებისგან მაინც შორს რჩება.

გადის დრო და სოლომონი ბერდება. ცხოვრების ბოლო წლებში ქველმოქმედებას იწყებს, ვინაობის გამჟღავნების გარეშე ეხმარება ავადმყოფ ბავშვებსა და მოხუცებს.

კაცის სიკვდილის შემდეგ წარმოსახვითი თეატრის დარბაზში ერთმანეთს ავტორი და მკითხველი ხვდებიან. ავტორი სცენაზე ზის და მკითხველს ეუბნება, რომ რადგან მან უკვე წარმოიდგინა საკუთარი თავი ამ დარბაზში მჯდომად და ავტორმა ეს იცის, ე.ი. მათ კავშირიც აქვთ და უკუკავშირიც. და რადგან მკითხველი ნაწარმოების სივრცეში მოხვდა, ამიტომ ისიც პერსონაჟია. ავტორი არწმუნებს მას, რომ წარმოსახვის უკიდეგანო არეში შესვლა თავისუფლებაა და შეუძლია იქ დამოუკიდებლად იმოქმედოს, ხოლო მათი აზრები კი ჩვეულებრივი რეალობაა, რადგან ისინი სწორედ აზრმა დააკავშირა.

 

მეორე ,,ქვერომანს“ ,,მხოლოდ შოკოლადის ტორტი“ ეწოდება. ისიც სამი თავისგან შედგება. თუმცა ნუმერაცია ახლიდან არ იწყება, გრძელდება.

მეოთხე თავი: პატარა დიტუნა დიდებულიძე ბიზნესმენის, კოსმოსტურისტული ფირმის მესაკუთრის ოჯახში იზრდება და პრესტიჟული ცათამბჯენის კენწეროში ცხოვრობს. ბავშვი დიდთავა და ჩამრგვალებულია, უზომოდ უყვარს ტკბილეული, ოცნებობს, გახდეს კონდიტერი და გახსნას კაფე მთვარის კოსმოდრომზე. მამა, ლექსო დიდებულიძე მტკიცე ხასიათის, მკაცრი კაცია, მან საკუთარი შრომით მიაღწია დღევანდელ მდგომარეობას. ლექსოს უნდა, ბიჭი გაარკვიოს თავისი საქმიანობის დეტალებში, რათა შვილი თანდათან საოჯახო ბიზნესში ჩასართავად მოამზადოს. დიტუნა სკოლაში კარგად არ სწავლობს, მაგრამ ფანატიკური მონდომებით აგროვებს რეცეპტებსა და სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც მას საოცნებო საქმიანობის წამოსაწყებად დაეხმარება. ერთ საღამოს მამა ბავშვის სამგანზომილებიან პლანშეტში ნამცხვრების ფოტოებს მოკრავს თვალს, შვილს მოწყობილობას წაართმევს და გაოგნდება, რადგან გაიგებს, რომ თურმე, მის ვაჟს მომავალ პროფესიად ტორტების ცხობა აურჩევია! ბავშვს ასობით რეცეპტი შეუგროვებია, ასობით ვიდეორგოლი ჩამოუტვირთავს ტკბილეულის შესახებ! ლექსო დიდებულიძე მრისხანებისგან  ბორგავს, დიტუნას აჯანჯღარებს და ღრიალებს, პლანშეტიდან ყველა ინფორმაციას შლის და იმუქრება, რომ დღეიდან ბიჭის ცხოვრება შეიცვლება. მართლაც, ბავშვს კრივსა და ცურვაზე სიარულს აწყებინებენ, უკონტროლებენ კვების რაციონს. დიტუნა ბედს მორჩილდება, მაგრამ უსიცოცხლო და დათრგუნულია. გადაწყვეტს, მამა მოკლას და არჩევს სასტიკ მეთოდებს.

ერთ საღამოს ლექსო ბიჭს უახლოეს სუპერმარკეტში წვენის ამოსატანად აგზავნის. დიტუნა მაღზიაში აქამდე არნახულ, საოცარ შოკოლადის ტორტს აღმოაჩენს და არანორმალურად უნდება, თუნდაც ერთი ნაჭერი შეჭამოს. მას სახარჯო ფულს აღარ აძლევენ, მამის მიერ გატანებული ელექტრონული საფულის გამოყენებაზე კი ყოყმანობს. რამდენჯერმე ცვლის შოკოლადის ნუგბარის ყიდვის გადაწყვეტილებას და ბოლოს რობოტ გამყიდველს, რომელიც უკვე მისთვის ტორტის ჩამოსაჭრელად ემზადება, გასაჩერებლად ხელში წასწვდება. ამ მიზეზის გამო განგაშის სისტემა ირთვება და დიტუნა მაღაზიიდან გამორბის. ქუჩაში გამოსვლამდე რაღაც უცნობი საშინელი მოვლენა ხდება, რომლის შინაარსიც დიტუნას ავიწყდება, მაგრამ ისტერიკაში ვარდება და სახლში შემთხვევით გამვლელ მეზობელს მიყავს. ავტორი მკითხველს პირობას აძლევს, რომ ამ მოვლენის შესახებ ერთ დროს ის ყველაფერს გაიგებს.

მეხუთე თავი: ახალგაზრდა დიტო დიდებულიძე უკვე მამის მარჯვენა ხელია, ის საუკეთესო კოსმონავტი და ბიზნესმენია. გარეგნულად ახოვანი და ნავარჯიშები აზარტით საქმიანობს კოსმოტურიზმის სფეროში და ოჯახის საქმეს ახალ-ახალი იდეებით ავითარებს. დიტო მამის მადლობელია, რომ მან ასეთ მაგარ კაცად აქცია. დიდებულიძეების ფირმა ,,იმპერა-ტური“ მსოფლიოში მოწინავეა ტურისტების რაოდენობითა და შემოსავლებით, მამა-შვილს კი ახლა საკუთარი ვილები აქვთ.

ერთ საღამოს, კოსმოტურისტული რესისის დასრულების შემდეგ დიტოს ფეხით სეირნობის სურვილი უჩნდება და ხვდება გიგანტური ყვავილების პარკში, მაღლობზე, საიდანაც კარგად ჩანს მისი ბავშვობოსდროინდელი უბანი. კაცი ფერდობზე ჩაცოცდება და თავის ყოფილ სახლთან აღმოჩნდება. კოსმონავტი ქუჩის მეორე მხარეს, სუპერმარკეტში შედის, სადაც ისევ აღმოაჩენს იმავე შოკოლადის ტორტს. კაცმა არ იცის, აისრულოს, თუ არა ბავშვობისდროინდელი ოცნება და ყიდვაზე ამჯერადაც ყოყმანობს. მას საკუთარი ყოყომანიც აღიზიანებს, რადგან ამით ტორტს დიდი მნიშვნელობა ეძლევა. საბოლოოდ ერთ ნაჭერს მაინც შეიძენს. მაღაზიიდან გამოსვლისას კი ახსენდება ამნეზიაში ჩაკარგული შემზარავი ეპიზოდი, რომელიც მაშინ მოხდა, როცა მრავალი წლის წინ ტორტის პატარა ნაჭრის შეძენა ვერ გაბედა და სიგნალიზაციის ჩართვით შეშინებულმა მაღაზიიდან გაქცევა სცადა. მოგონება ამონათდება - კოსმონავტი ხედავს დიტუნას, რომელიც ზუსტად აქ, მაღაზიის გასასვლელში გახევებულა და ცალი ფეხით ქუჩაში, ცალი ფეხით კი სუპერმარკეტში დგას. კაცს ახსენდება, როგორ იხურება შუშის კარედები და ბავშვს შუაზე ჭრის, მას თავის ქალა უტყდება და იქიდან ტვინი გადმოდის, მუცელი ეჭრება და სისხლად იღვრება. დიტო ხვდება, რომ მაშინ ეს კოშმარი უბრალოდ მოეჩვენა, რადგან ტორტზე უარის თქმის გამო გაუსაძლის სულიერ ტკივილის განიცდიდა. კოსმონავტი მაღაზიას დაბნეული და გაღიზიანებული ტოვებს, არეული ფიქრები ეძალება, ეჩვენება, რომ თუ ნაყიდ ტორტის ნაჭერს  გასინჯავს, შეიძლება ისევ მსუნაგ, მოდებილო დიტუნად გადაიქცეს და თავის ოდესღაცინდელ ოცნებას გინებით სანაგვეში აგდებს.

გადის წლები, კაცი ბერდება, მისი შვილები და შვილიშვილები უკვე ,,იმპერა-ტურში“ საქმიანობენ სხვადასხვა თანამდებობებზე. მათ ოჯახში სხვა არჩევანი არ არსებობს, თაობების აღზრდისას კი მზრუნველობას ამოფარებული სიმკაცრე ურყევი ტრადიციაა. სიცოცხლის ბოლო წლებში, განსაკუთრებით კოსმოსში ყოფნისას მოხუცს ზოგჯერ აწუხებს კითხვა, სწორად იცხოვრა, თუ არა? ავტორი მის ამ შფოთს განიცდის, ერთ დღეს ვერ მოითმენს და კაცს ეტყვის, რომ სანერვიულო არაფერი გაქვს, სწორად იცხოვრეო. დიმიტრის ავტორის ხმა საკუთარი ფიქრი ჰგონია, იღიმება, მშვიდდება და ამ ამბიდან მალე კვდება კიდეც.

მეექვსე (ზედმეტი) თავი: ავტორ-პერსონაჟი ამ თავსაც არ მიიჩნევს მხატვრულ ტექსტად. მის ძირითად ნაწილს ბლოგერულ პოსტად თვლის და მკითხველს ისევ აძლევს უფლებას, დარჩენილი ნაწილი არ წაიკითხოს.

ავტორი იკვლევს, სიმართლე უთხრა, თუ არა დიმიტრის, როცა ჩააგონა, სწორად იცხოვრეო. მერე ცდილობს, დაადგინოს, როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა ცხოვრებაში არჩევანი ალტერნატიულ ვარიანტებს შორის  და უცებ ეჩვენება, რომ ეს მისი აზრები კი არაა, არამედ მკვდარი დიმიტრი აგრძელებს ფიქრს და პერსონაჟის ხმა ახლა მას ჰგონია საკუთარი.

ნაწარმოების ფინალში ავტორი და მკითხველი ისევ ხვდებიან ერთმანეთს. ისინი პირისპირ დგანან, ეჩვენებათ, რომ უასაკოები არიან (არც მოხუცი, არც ახალგაზრდა, არც ბავშვი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად), მერე სარკისებურები ხდებიან და ერთმანეთს ირეკლავენ. ისინი თავიანთი განზომილებების წარმომადგენლები არიან, მაგრამ იმისთვის, რომ სივრცე შეიქმნას, ისევე როგორც კოორდინატთა სისტემას, მესამე განზომილებაც სჭირდებათ. ამ დროს სიბნელიდან სოლომონი გამოდის, მათ პირისპირ დგება და ამბობს, რომ მკვდარი პერსონაჟების გაცოცხლების გზა აღმოაჩინა. ავტორი და მკითხველი სიხარულით ეგებებიან კაცს. სოლომონი ამბობს, რომ მანამდე, სანამ მკითხველისა და ავტორის ცნობიერებები ერთმანეთს ეხება (თუნდაც მეხსიერების სივრცეში), ნაწარმოები ცოცხალია. ცოცხალ ნაწარმოებში კი შეუძლებელია პერსონაჟი მოკვდეს, სიკვდილის ხანმოკლე ეპიზოდის მიუხედავად.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური