ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კოსმოსური დრამატურგია

კოსმოსური დრამატურგია

მესამე გაკვეთილი დამთავრდა. სოლომონინიომ მაგიდიდან თავისი ნივთები წამოკრიფა და მოსწავლეებს ხალისიანად დაემშვიდობა.

               ახალგაზრდა კაცი კარგ ხასიათზე იყო. შემართებასა და მოლოდინს დაჭიმულ ძარღვებში დილიდანვე გრძნობდა. კლასიდან გამოვიდა, დერეფანი გულაჩქარებულმა გაიარა და სამასწავლებლოში შეაბიჯა. მოეჩვენა, რომ ამ მომენტში დრო შენელდა და ნაწვიმარი საავტომობილო ტრასის თავზე გაწოლილი ნისლივით გაიჭიმა.

               კუთხეში დირექტორი თავის მოადგილეს რაღაცას მღელვარედ უყვებოდა. დიდი ოთახის მეორე ბოლოში, დაახლოებით 10-12 მეტრში, ფანჯარასთან სოლომონინიომ სხვა ქალებთან ერთად მდგარი თეა დაინახა. მას მწვანე ჟაკეტი ეცვა, ზუსტად ბლოკნოტის ყდის ფერი და გეოგრაფიის მასწავლებელს ეს კარგად ენიშნა. გულში სიხარული გაუკრთა.

ფანჯარასთან შეჯგუფულები ყავას სვამდნენ. ფინჯნები და შოკოლადის ფილები ზედ რაფაზე დაეწყოთ. კაცი ყველას ხმამაღლა მიესალმა. გრძელ, ოვალურ მაგიდას მიუჯდა და მწვანე ბლოკნოტი წინ, გამოსაჩენ ადგილზე დადო.

ქალებმა რაღაცაზე კისკისი დაიწყეს. ისე იყვნენ ლაპარაკით გართულები, რომ თანამშრომლისკენ არც მოუხედავთ. სოლომონინიო გაკვირვებული იყო, შორს კი დგანან, მაგრამ, როგორ, ვერ მხედავენო? უნდოდა, თეასთვის დაეძახა, მაგრამ ეუხერხულა და შესაფერის დროს ჩაუსაფრდა.

               ცოტა ხანში დირექტორი და მოადგილე სამასწავლებლოდან გავიდნენ. ალბათ ამიტომ, ფანჯარასთან შეჯგუფული ყავის მსმელების ხმადაბალი საუბარი კაცმა უკეთესად გაიგო.

               -მე ისეთი არეული მაქვს, რომც დავფეხმძიმდე, შეიძლება, ერთი სამი თვე ვერც გავიგო! –თქვა ქიმიის მასწავლებელმა.

               -არ უნდა გქონდეს მასე, რატო არ ესინჯები, გოგო, ექიმს?!-გაიკვირვა მათემატიკამ.

               -ხო, არ შეიძლება მასე არაფრით... რამე დარღვევა არ იყოს... რატო არ მიდიხარ ექიმთან?- ეს თეა იყო.

               -ხო, ადრეც თქვი, ქალო, შენ ეგ და მიეთრიე ერთი, ექიმთან! კვერნაძეა ყველაზე მაგარი ჩვენს გინეკოლოგებში! უფ, რა ვირტუოზია?! – წამოიძახა ბიოლოგიის მასწავლებელმა თინამ.

               ქალებმა სიცილი ატეხეს.

               -ვირტუოზი და მაესტრო კიდე! - ირონიით ჩაილაპარაკა ქიმიამ.

               -გაგიხმეს, თინა, ენა! რას არ იტყვი-ხოლმე, რა!.. - წარმოთქვა ხმაურიანი ჩურჩულით ხაზვამ, რომლიც ხატვასაც ასწავლიდა.

               -აუ, მე ისეთი ტკივილი ვიცი, მაგრამ საათივით მაქვს აწყობილი...- ესეც თეა იყო.

               -მზადა ხარ, შვილო, შენ გასათხოვრად და გათხოვდი, რას აზიხარ! ეგრევე ტყუპ-ტყუპებს დაყრი! –მიახალა მათემატიკის მასწავლებელმა.

               -ეეეხ, ტყუპ-ტყუპები მარტო მაგაზეც არ არის... ათასი ნიუანსია, მანდ! - ხმას აუწია ბიოლოგიამ. ფაქტობრივად უკვე როხროხებდა.

               - რაზეა, ჰო, აბა, რაზეა! - მაგიდასთან თავდახრილი სოლომონინიო ხმაზე მიხვდა, რომ ეს ისევ ხაზვა იყო.

               -რაზეა და ***ზეა! – პედაგოგმა ქალმა უწმაწური სიტყვა წამოიყვირა. თან ისე, რომ არც მორიდებია. დანარჩენები აფრუტუნდნენ, აქირქილდნენ და აქეთ–იქით ყურება ახლაღა დაიწყეს.

მოშორებით, დიდი მაგიდის ბოლოში მიმჯდარი სოლომონინიოს დანახვაზე, მასწავლებლებმა თინას იდაყვი წაჰკრეს და მკაცრად ჩაულაპარაკეს, ჩუ, გოგო, რამხელას გაჰკივიხარო. ქალმა კი ამ დროს ყავის ფინჯანი მოიყუდა, იქ, ეტყობა, მარტო ნალექიღა იყო დარჩერნილი - კბილები შავად მოეთხუპნა. ის კი მაინც იცინოდა და ლაყბობდა. 

               სოლომონინიო ფეხზე ადგა, სკამი გვერდზე უხმაუროდ გასწია, მწვანე ალბომი ორივე ხელით მაგრად დაიჭირა, სახეზე საქმიანი იერი წვალებით გადაიკრა და შეეცადა, სამასწავლებლოდან შეუმჩნევლად გასულიყო. ოდნავ წელშიც კი მოიხარა. კედელზე გამოკრულ ცხრილსაც კი მიაშტერდა, რომელიც ახლა საერთოდ არ აინტერესებდა.

               თეას მისი ნაწერები ამის შემდეგ ერთი-ორჯერ გაახსენდა, მაგრამ გეოგრაფიის მასწავლებლის ნახვამდე სულ ავიწყდებოდა, რომ წაკითხვა ეთხოვა.

******

               ახალგაზრდა კაცი ნამდვილად თვადავიწყებით იყო გატაცებული წერით.

თავისი პირველი ნაწარმოები 7 წლისამ დაწერა, ეს იყო ძალიან საყვარელი და ბავშვურად სევდიანი ლექსი გაფუჭებულ სათამაშო ლეკვზე, რომელსაც მუცლიდან ბამბები მოუჩანდა. მშობლებს პატარა სოლიკო გამორჩეულად ნიჭიერ ბიჭად მიაჩნდათ და სულ უმეორებდნენ: ერთი გვყავხარ, გვარიც უნდა გააგრძელო და თან უნდა გვასახელო კიდეცო.

               დედ-მამა შვილს სტუმრებთან სიამაყით წარადგენდა-ხოლმე. დიდთავა, წაბლისფერთმიანი და მრგვალთვალება ბიჭი დაძალების გარეშე, ხალისითაც კი ადიოდა სკამზე, შუბლზე კოპებდაყრილი, დასწავლილი მუშტისქნევით ამბობდა პატრიოტულ ლექსებს და უხაროდა, რომ დიდები აქებდნენ, ან ტაშს უკრავდნენ. 

               მეექვსე კლასში დაწერა რომანი იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინეს თანამემამულე ვაჟკაცმა მოგზაურებმა უცნობი კუნძული ოკეანეში და როგორ აქციეს ის სამშობლოს კანონიერ ტერიტორიად. რომანი სამეზობლოში ხელიდან ხელში გადადიოდა, ბიჭის მამამ შვილის ნაწარმოები ერთ ნაცნობს თაბახის ფურცლებზე დააბეჭდინა და დიდ ქალაქში ჩაიტანა. რედაქციებში დადიოდა და წიგნად გამოცემას ითხოვდა. მიაჩნდა, რომ მისი შვილი იმსახურებდა, ყველაზე პატარა სახელგანთქმული მწერალი ყოფილიყო.

მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

               ბიჭმა მერვე კლასში შექსპირი წაიკითხა და მიხვდა, ამქვეყნად ყველაფერზე მეტად რა მოსწონდა!.. აი, მაშინ გადაწყვიტა, რომელ ჟანრში უნდა გაეგრძელებინა წერა. აღიარების მოპოვებაზე ოცნებაც ზუსტად მაგ პერიოდში დაიწყო: მას აუცილებლად უნდა გაეთქვა სახელი, ცნობილი უნდა გამხდარიყო... მშობლების, ნათესავებისა და მეზობლების მუდმივი შეძახილის დამსახურებით საკუთარი ნიჭიერება ურყევად სჯეროდა და თვლიდა, რომ ნამდვილად იყო ღირსი, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყოლოდა...

ერთხელ, ის პატარა ქალაქის თეატრში მოწყობილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც იმ დროის ცნობილი პოეტი ყავდათ მიწვეული. სტუმარმა თავისი ლექსები ემოციურად წაიკითხა, მოყვა სხვადასხვა ხელოვანთან მეგობრობის ამბები და აღელვებული დამსწრეებისგან უწყვეტი ტაში დაიმსახურა. ღონისძიების შემდეგ პოეტი ადგილობრივებმა საქეიფოდ წაიყვანეს, პატარა სოლიკოც, როგორც ნორჩი მწერალი თან გაიყოლეს. ბიჭს თითქმის არაფერი უჭამია, სულ ამ პოეტს აკვირდებოდა, როგორც ნახევარღმერთს. მის ყველა სიტყვასა და მოძრაობას იმახსოვრებდა. ეგონა, რომ ეს არსება ზებუნებრივ უნარებს ფლობდა და სამყაროს ბევრი საიდუმლო იცოდა.

მას შემდეგ მოზარდი სოლიკო წარმოსახვაში უკვე ხედავდა თავის მკითხველთან შეხვედრებს, სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობის, ინტერვიუების აღების მომენტებს, ლიტერატურულ საღამოებს და ჩაესმოდა შთაბეჭდილებით დატყვევებული, ფეხზე წამომდგარი დამსწრეების რიტმული, გაბმული ტაში. ბიჭი თითქოს ამჩნევდა, რომ ზოგ მათგანს თვალებზე ცრემლებიც ადგებოდა... ტაშ–ტაშ–ტაშ–ტაშ–ტააშ – ქუხდა დარბაზი...

               ჰმმ, გეოლოგიურ ფაკულტეტზე კი მხოლოდ იმ ტრივიალური მიზეზის გამო ჩააბარა, რომ მშობლებს ფული უმაღლესისთვის მომზადებისა და შემდგომი სწავლისთვის არ ყოფნიდათ. მისი აბიტურიენტობის მომენტისთვის ეს სპეციალობა ხალხში არაპრესტიჟულად ითვლებოდა და უფასო განყოფილებაზე კონკურსი თითქმის არ იყო. თან, კაცისთვის გეოლოგობა კარგიაო, ეუბნებოდნენ. იმ პერიოდში ოჯახში ცოტა ხელმოკლედ იყვნენ და თანხის რეპეტიტორებთან ხარჯვას მისი შეგროვება ამჯობინეს - დიდ ქალაქში ცხოვრება იაფი არ დაჯდებოდა... შენი ნიჭი გზას მაინც არ დაკარგავს და დიპლომი კიდევ თითქმის მუქთად შეგრჩებაო, ამხნევებდნენ. ბიჭი სამაგალითოდ გამგონე და თვინიერი იყო და მეც კი, ვინც განსაკუთრებული მიზეზების გამო ზედმიწევნით კარგად ვიცნობ მის ცხოვრებას, ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ შემთხვევას (გარდა მისი დავიწყებული სიზმრებისა), როცა ის ამბოხებულა. 

******

               გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლისას ხშირად ახსენდებოდა აუდიოდადგმები, რომლებსაც მის ბავშვობაში რადიოთი ხშირად გადმოსცემდნენ და მაშინ ის მათ ყოველთვის გატაცებით ისმენდა... სტუდენტი სოლომონი ფიქრობდა იმაზე, რომ ამ პიესებისთვის რეჟისორები მთხრობელის როლსაც ისევე ანაწილებდნენ მსახიობებზე, როგორც ყველა სხვა დანარჩენს, მაგრამ ის პერსონაჟად მაინც არ აღიქმებოდა. მთხრობელს ყოველთვის ნაკლებად ტიპაჟური და მეტად მშვიდი ხმა ჰქონდა, მეტყველების მანერა - უფრო გაწონასწორებული, ვიდრე მოქმედ გმირებს; იგრძნობოდა, რომ მოვლენების ეპიცენტრში იყო, მაგრამ მაინც ყველაფერს გარედან ხედავდა. და მთავარი: ყველაზე ახლო, ყველაზე მჭიდრო და ძლიერ კავშირს სწორედ ის ამყარებდა მსმენელებთან.

ნაწყვეტები დამამთავრებელი კურსის სტუდენტის დღიურიდან: ,,მწერალს, ანუ მთხრობელს აქვს ექსკლუზიური და მაგიური შესაძლებლობა, საკუთარი თავისგან შექმნას პირობითი პერსონაჟი, მაშინ, როცა მისი პირველადი,  ცხოვრებისეული ,,მე“ უპირობო ბუნებრიობაა. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია იყოს ,,მეც“ და ,,სხვა მეც“. გარე რეალობიდან ნაწარმოების ხედვისას ავტორის ,,მე“ ძირია, მთხრობელის პერსონაჟი - მისი ამონაყარი ტოტები. მაგრამ თუ ნაწარმოების საზღვრებში შევიჭრებით და გარეთ გამოვიხედავთ, მაშინ ყველაფერი პირიქით ლაგდება: ,,სხვა მე“ (ანუ, მთხრობელის პერსონაჟი) აქაურ სამყაროში ,,მეს“ (ანუ, ავტორის პიროვნების) საყრდენი ღერძია“.

,,წერის პროცესში ჩემი მრავლობითობის შეგრძნება მომწონს და კიდევ ისიც, რომ ჩემ მიერ გაკეთებულ საცავში ყველაფრის შეგროვება ხერხდება, რასაც ცხოვრებაში ვებღაუჭები. ოღონდ ეს არ არის ადამიანების მნიშვნელობის, ჩემი და სხვების ფიქრების, ეპიზოდებისა და ფანტაზიების უბრალო შეგროვება. ამ ყველაფერს მათი სამუდამოდ შენახვისა და ერთი ხელის გაწვდენაზე ქონის უპირატესობა ემატება. და ესეც მაგიჟებს: ჩემი აზრით, მთხრობელს შეუძლია თვითონ განსაზღვროს, სად არის მისი ნამდვილი ცხოვრება - ნაწარმოებში, თუ მის გარეთ. დასაშვებია ორივეგანაც. მთხრობელს ისიც შეუძლია აირჩიოს, ,,მე“ უფრო იყოს, თუ ,,სხვა მე“. მეტიც, თუ ძალიან მოინდომებს, მათ შორის საზღვრის წაშლასაც მოახერხებს“...

               სტუდენტ სოლომონს დაყვებოდა განცდა, თითქოს თხრობა, ანუ ადამიანებისთვის ფიქრების მიწოდების ეს მგრძნობიარე რიტუალი სამივე მხარეს (მკითხველს, პერსონაჟსა და ავტორს) ჰაერზე მეტად სჭირდებოდა და ხშირად წერის პროცესში მოჩვენებია, რომ როგორც კი ვინმე ნაწარმოების კითხვას შეუდგებოდა, სულების გამოძახების მსგავსი ჯგუფური სეანსი დაიწყებოდა. ამ დროს მკითხველიც ნაწარმოების საზღვრებში შემოდიოდა ისე, როგორც ექსპერიმენტულ სპექტაკლზე შეუძლია მაყურებელს, რომ სცენაზე ავიდეს, თან მოქმედების მონაწილე იყოს და თან - დამკვირვებელი. ახალგაზრდა კაცი ნათლად ხედავდა, რომ ნაწარმოების სივრცეში მოხვედრილი მკითხველები კითხვის პარალელურად უფრო მგრძნობიარეები ხდებოდნენ. ისინი მას (მთხრობელს) დროდადრო სიტყვასაც კი აწყვეტინებდნენ და უმჟღავნებდნენ თავიანთ ფიქრებს. ხანდახან კიდევ უფრო საინტერესო მოვლენაც ხდებოდა: სოლომონს ეჩვენებოდა, რომ ზოგ მკითხველს საკუთარი ამბის მოყოლის სურვილი უჩნდებოდა. თვალებდახუჭული მთხრობელის პერსონაჟი მათ ყოველთვის ყურადღებით უსმენდა. უსმენდა დაკვირვებით, გულითადად და მერე ყოველგვარი კომენტარის გარეშე თვითონ იწყებდა სხვა ამბის მოყოლას, ანუ სხვა ნაწარმოების წერას.

მან იცოდა, ყველაზე დიდი გულისხმიერება არის ეს: ადამიანს არც ჭკუას არიგებ და არც აკრიტიკებ, მაგრამ მის გასაგონად იხსენებ რაღაც შესატყვის ამბავს.

******

სოლომონი იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ არასოდეს არცერთი პერსონაჟი მას არ უმართავს, მათ თავიანთი დამოუკიდებელი ცხოვრება, საკუთარი თავგადასავალი ჰქონდათ, კაცი უბრალოდ ხედავდა და გრძნობდა, რას ფიქრობდნენ და რას აკეთებდნენ ისინი. საერთოდაც, უფრო პირიქით იყო, ვვარაუდობ, რომ პერსონაჟები მართავდნენ მას. როცა ნაწარმოებების მოქმედი პირები კვდებოდნენ (თავისით, არა მისი ჩარევით), სოლომონი, როგორც ჭირისუფალი, იხსენებდა მათ ყველაზე დიდ შეცდომებსა და გამარჯვებებს, ახდენილ და აუხდენელ ოცნებებს, დარდობდა და ღამე ესიზმრებოდა ისინი. მათი სიკვდილის წარმოდგენაზე, ან გახსენებაზე რამდენჯერ ცხელი ცრემლებით უტირია...

სოლომონი ვარაუდობდა, რომ მკვდრების გაცოცხლების რაღაც გზა არსებობდა, მაგრამ ეს არ იყო ნაწარმოების გაგრძელება, რომელშიც პერსონაჟი უცებ ცოცხალი აღმოჩნდებოდა. უფრო სხვა, ჯერ გამოუცნობი ხერხი არსებობდა, რომელიც, მისი აზრით, არ იყო რთული, მაგრამ მან ჯერ ვერ მიაგნო.

******

ახლა გამახსენდა, რომ ერთხელ სტუდენტი სოლომონი ჯგუფელმა ბიჭმა ზაფხულის არდადეგებზე თავის ქალაქში დაპატიჟა. ეს პროვინცია მევენახეობით იყო ცნობილი და მოსახლეობის რაოდენობით სოლომონისას არ აღემატებოდა. ჯგუფელის მამა შეძლებული მეღვინე იყო, მის სახლში ყოველ საღამოს სტუმრად მეზობლები, ნათესავები, ძველი მეგობრები მოდიოდნენ და ყველა ერთად ვახშმობდა. ერთი კვირის განმავლობაში სუფრასთან გამართულ საუბრებში სოლომონმა ბევრი ადგილობრივი გაიცნო. გაირკვა, რომ მათგან ცხრას, თუ ათს წიგნის დაწერა ჰქონდა გადაწყვეტილი, ისინი ჩასულ სტუმარს სულ ამაზე ელაპარაკებოდნენ. წიგნის დაწერის მსურველებიდან ერთი ,,ძველი ბიჭი“ იყო, რომელიც უცებ ძალიან ეკლესიური გახდა, ერთი – ყოფილ ქმარზე განაწყენებული შეუხედავი ქალი, ერთი – ყოფილი ფოსტალიონი, ერთი –მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის დირექტორი, ერთი - გაღარიბებული ბობოლა, ერთი - ქალაქის ახლანდელი მერი, დანარჩენები კი – მეღვინეები.

სოლომონს ამ ქალაქიდან წამოსვლის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მეტი ადამიანის გაცნობის შემთხვევაში წიგნის დაწერის მსურველების რიცხვიც პირდაპირპროპორციულად გაიზრდებოდა. კარგა ხანს ფიქრობდა ამ უცნაურ დასახლებაზე, იქ მაცხოვრებლებს თითქოს რაღაც ვირუსი შეყროდათ. მაშინ პირველად გაუჩნდა აზრი, რომ ადამიანებს საკუთრი წიგნის დაწერა იმიტომ კი არ აეკვიატებინათ, რომ უბრალოდ თავის ცხოვრებაზე ლაპარაკი უნდოდათ, არა, უფრო მეტს - პერსონაჟად გადაქცევას ცდილობდნენ, ასე უნდოდათ მოეპოვებინათ სასურველი სივრცე სასურველი მოქმედებებისთვის.

წიგნების წერის მანიით შეპყრობილობაზე ჩემი აზრი მაქვს და როდისმე მე და შენ ამაზეც ვილაპარაკოთ. დრო მოვა და ამ ქალაქზე აუცილებლად მოგიყვები, იქ მეც ვარ ნამყოფი და არ მავიწყდება. იქაური ამბების წერაც უკვე დავიწყე.

******

               სოლომონი წერისას გრძნობდა, რომ მკითხველი ავტორს საკუთარ ტვინში უშვებს და იქ სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარების უფლებას აძლევს.

,,ეს იმაშიც გამოხატება, რომ რამდენად არარეალისტური ტექსტიც არ უნდა შექმნას მწერალმა, ერთი რამ მუდამ უცვლელი რჩება: მკითხველი შეთავაზებულ ამბავს თავისებური სინამდვილის ჩარჩოდ უპირობოდ იღებს“- წერდა ის თავის დღიურში.

ამის გამო იყო, რომ სოლომონიც უხსნიდა თავის ცნობიერებას მკითხველს, შიგნით უშვებდა და მისი მოსმენაც შეეძლო. ეგონა, ასე რომ არ მოქცეულიყო, უმადურობა გამოუვიდოდა...

******

               ახალგაზრდა კაცი პიესების წერის პროცესში ზოგჯერ ერთგვარ ტრანსშიც ვარდებოდა, თვალები ელულებოდა, ძლივსგასაგონად ლუღლუღებდა და ხელებს მოცეკვავესავით შლიდა. მაგრამ ყოველთვის ასეთი მშვიდობიანი არ იყო – ყვირილი, ხმამაღლა ლაპარაკი, თმების გლეჯა, ვერაგულად ჩახარხარება, უხილავი პიროვნებების ლანძღვა და სიმწრისაგან შუბლზე ხელის შემორტყმა წერის პროცესს მუდამ თან ახლდა. არც მახსენდება, რომ როდისმე უხმოდ, ერთ ადგილზე წყნარად დამჯდარს ეწეროს.

******

             უმაღლესში სწავლის პერიოდში, დიდ ქალაქში ცხოვრებისას, მის თვალსაწიერში ფართო და საინტერესო არე გადაიშალა... 

სტუდენტი სოლომონი მუდმივად აგროვებდა დრამატურგიის ირგვლივ ინფორმაციას. როცა ცნობილი რეჟისორები რომელიმე თანამედროვე, განსაკუთრებით კი ახლაგაზრდა ავტორის პიესას დგამდნენ, ის ესწრებოდა სპეკტაკლებს, თითოეულს – რამდენჯერმე, ინტერესით საუბრობდა მაყურებლებთან, ცდილობდა, ავტორებიც გაეცნო და მათ წრეში მოხვედრილიყო. არ გამოუტოვია არცერთი განხილვა, თითქმის არცერთი კრიტიკული წერილი, კითხულობდა უამრავ წიგნს და თითქმის ყოველდღე წერდა.

ის აფიშებსაც აგროვებდა და მათი საშუალებით ცოცხლად ინახავდა განცდებს, ხმებს, შთაბეჭდილებებს, სხვადასხვა ამბავსა და იმპულსს, რომლებიც ნანახ სპექტაკლებს მის სულში ჩამარხული შეგრძნებებით უკავშირდებოდა.

შემდეგ, როცა ჩათვალა, რომ უკვე მზად იყო საამისოდ, დიდი ქალაქის თეატრებსა და გამომცემლობებს საქმიან-შემოქმედებითი წინადადებით არაერთხელ მიაკითხა. საუბედუროდ, სოლომონის პიესებს ყურადღება არავინ არ მიაქცია. უკვირდა, რომ ვერ შენიშნეს მისი ნიჭი, არადა, სწრაფ აღტაცებას ელოდა. ეჩვენებოდა (ისევე როგორც მამამისს მის ბავშვობაში), რომ უგულოდ უდგებოდნენ. ფარ-ხმლის დაყრა არც უფიქრია, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მანამდე, სანამ წარმატების გზას ეძებდა, უმაღლესი დაამთავრა და აი, ამ მიზეზით გახდა იძულებული, პატარა ქალაქში, მშობლებთან დაბრუნებულიყო. დიდ ქალაქში მუდმივად ქირით ვერ იცხოვრებდა, მაღალხელფასიან სამსახურებში კი ოპტიმიმისტური განწყობის მიუხედავად არ მიიღეს...

ამ ტექსტის დასაწყისიდან უკვე იცი, რომ პროვინციაში გადაბარგებულს დიდი სცენების დაპყრობაზე ფიქრისთვის თავი ერთი წამით არ დაუნებებია... არც მერვე კლასში ჩასახული ოცნება დავიწყებია და მყარად იცოდა: აუცილებლად უნდა გამხდარიყო საყოველთაოდ სახელგანთქმული დრამატურგი, მისი ნიჭი ქვეყნიერებას უნდა ეღიარებინა...

               დიდი ქალაქის ცხოვრებას მოწყვეტილმა თავი დაიმშვიდა, კარგი მწერალი ყველგან ერთნაირად კარგად დაწერს, თან, იქნებ, ჯობდეს კიდეც, პროვინციიდან გავიკვალო გზა, აქ ყველაფერი შედარებით მარტივია უფრო მაღალ დონესთან ნაზიარები ადამიანისთვისო. მიზნის ასრულება გულში ჩაიბეჭდა და პატარა ქალაქში მშობლების ნაჩუქარი ბინის კედელზე საკუთარი ხელით შექმნილი, ფლომასტერებით შესრულებული გამამხნევებელი პლაკატი გამოაკრა: ,,ნიჭი + შრომისმოყვარეობა + იღბალი = წარმატებას“. ჰო, აი, იღბალს ცოტა კი ემდუროდა, მაგრამ როგორც ენთუზიაზმით ფრთაშესხმულ ყველა ადამიანს, მასაც იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღეს ნამდვილად გაუმართლებდა, რადგან ამას იმსახურებდა.

               საერთოდ, ეს პლაკატი არ იყო დეკორის ერთადერთი ელემენტი, რომელიც მის პატარა ბინას ამშვენებდა. ორივე ოთახში საყვარელი, ან აღიარების მქონე სპექტაკლების აფიშები ჰქონდა გამოკრული. ზოგიერთი პიესის ავტორი მის მიერ კონკურენტად აღქმული პიროვნებაც იყო და ეს განსაკუთრებულ სტიმულს მატებდა. წერის პროცესში ამ აფიშებს მუშტს უღერებდა და იქ ნახსენებ დრამატურგებს ხმადაბლა, კბილების კრაჭუნით მიმართავდა: ,,ნახე შენ, რა უნდა გიქნა! მოიცა, რა გიქნა, შე უტრრრაკო“!.. მეტოქეები მას გულღრძოდ სძულდა, მაგრამ ავადმყოფურად, თავდავიწყებითაც უყვარდა! ისე არაფერი აგიჟებდა, როგორც იმ ადამიანების ძლიერი მხარეების აღიარება (ზოგჯერ განგებ გადაჭარბებულადაც), ვისაც ექიშპებოდა და ამ დროს წარმოსახვა, თუ შრომისუნარიანობა უათკეცდებოდა...