კედრების ქალაქში
0 ხმა
მაგდა ხარჩილავა
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ წალენჯიხაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვისწავლე და წლები დავყავი დიდ ქალაქში, რამაც მიმახვედრა მგრძნობიარე დამკვირვებლისთვის თბილისში ცხოვრების შეუძლებლობა. ღრმა შინაგანი ლტოლვა მაქვს ანტიკურ ბერძნული ფილოსოფიის, პოეზიის, ხელოვნების მიმართ. ჩემი გზა,- გზა ჭვრეტითი ცხოვრებისა და შემეცნების. ამჟამად ვსწავლობ მაგისტრატურაზე ანტროფოსოფიისა და ვალდორფის პედაგოგიკის მიმართულებით. უშორესს რომ მივაგებოთ მზერა, სამომავლოდ ვისურვებდი წალენჯიხაში ცხოვრებასა და მოცალეობას წერისთვის.
უშინაგნესი ამოძახილი მკარნახობს, რომ „კედრების ქალაქში“ დროული სიტყვაა, უპირველესად, იმ ქართველი ახალგაზრდებისთვის, ვინც გადის იმავეს, ან მიმსგავსებულს მაინც, რაიც თავად გამოვიარე და ვიცხოვრე. მესმის, მათ მაგივრად ეს წიგნი ვერ იქნება აზრის გამომტანი, მაგრამ „კედრების ქალაქში“ შეიძლება გახდეს ბიძგმიმცემი და იყოს შთამაგონებელი.
არსებითი კვანძები:
1. „კედრების ქალაქში“, მოაზრებულია, როგორც მოგზაურობა არაგარეგან მოვლენათა ფაქიზ საუფლოში, იგი ერთგვარი შინაგანი ოდისეაა, ახალგაზრდა ყმაწვილის, სესია რენიას მიერ გაცხადებული. ეს გახლავთ წიგნი, რომელიც მოიუბნებს ბედისწერასა და ზრდას უკუნეთის ყარიბისა, რომელმან შეიმეცნა შინ დაბრუნების სიმართლე და სიხარული.
2. „კედრების ქალაქში“ ამსახველია, უუბედურეს დროის წიაღ, იდეალისტი ახალგაზრდის სულში აღმოცენებული ერთი გარდაუვალი დაავადებისა, რასაც იდეოლოგიით შეპყრობილობა ჰქვია, და ნაჩვენებია ის უსაკუთრესი გზაც, სესია რენია რომელსაც მონახავს განსაკურნებლად.
3. წიგნის პერსონაჟებს, ამ ჩვენს „უვარდო ჟამში“ უსაშველო პილიგრიმობისას, დიდი პოეტები და ფილოსოფოსები უშუქებენ გზა-სავალს, წააქეზებენ რა მათ, სევდის დაძლევისა და სულისმიერი კონსტრუირებისაკენ.
4. თავად კედრების ქალაქი, არა მხოლოდ სიმბოლო, არამედ სახელშეცვლილი, კონკრეტული გეოგრაფიული ადგილია (წალენჯიხა), და სწორედ იგია ბევრი სიმბოლოსა თუ ჭმუნვა-წუხილის გასაღები. მეორე მხრივ კი, კედრების ქალაქი, ტოპოსად გარდაქცეული სფეროა, გეოგრაფიაზე ამაღლებული მოვლენა-ხდომილებაა, დაახლოებით ის, რასაც ბერძნებისთვის წარმოადგენდა პოლისი, როგორც იდეა და იდეალი.
დანარჩენი მხოლოდ მთელში გაცხადდება. რადგანაც წიგნი სამი წელიწადია იწერება, პირველი თავიდან ბოლო თავამდე, მას დაღად აჩნია ზრდის კვალი.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური