ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კედრების ქალაქში

კედრების ქალაქში

კედრების ქალაქში

 

გაფრთხილება: არც ერთი პერსონაჟი არ არსებობს ფიზიკური სახით. ისინი სხვა, სხვა საუფლოდან არიან გამოხმობილნი.

 

1.

შენი მშვენიერი სიკვდილის, როგორც გაშვების, ვითარცა განვლინების შემდეგ, ის, რამაც მე წარმმართა საწყის საათებში და მერე დღეების ქროლვის ეს უდარდელი ცვალებაც კი მოახრჩო, მოილია და მოიგერია, და მერე, რამაც კაკანათში გაბმული, მკსინვარე მღელვარებით ამატრიალა როგორც უნდოდა, როგორადაც ენება, შინაგანს დამტყდარ ქარიშხალში მე მაბრუნა, მე მაბრუნა ზღვარდაუდებად, მეტისმეტი გახელებით და ჩამახვია ჩემივე ტყეში (კედრები თუ ჩურჩულებდნენ ვედრებით), იმავე შიგნეულობის ხედვის უჩინო მორევში, და ამ დახშულ ბრუნვაში ჩამახვია როგორღაც ისე, რომ თუმცა სიღრმე რამ შემმატა თითქოს, მაგრამ იმავდროულად რაღაც საძაგლად დაავიწროვა ჩემში და არსად დატოვა სივრცე, ვინმეს ან რამის საკისრებლად, -უყიერი, უფსკრულოვანი სიშმაგე გამოდგა.

 

ოჰ, ჩვენი, ცოცხლად დარჩენილთა თავდაპირველი ავადმყოფობა, თავზარდამცემი სივიწროვეა.

 

მერე კი, ღმერთმა უწყის მხოლოდ, არაგარეგან მოვლენათა ფაქიზი საზომით, ამასობაში რა დრო გაილია, წვალებით ამოიზარდა წყნარად მბჟუტავი სუსტი შუქი, ნატიფი მშვენიერება, უფრო ზუსტად, რაღაც თინათინისმაგვარი, რომელიც ყოფნის კედლებს დაადგა ათამაშებულ, მზეგრძელ სხივებად, და ის, რამაც შენი წარუშლელი სიკვდილის შემდეგ მე მომიცვა, შემდეგ კი გარდამაქცია მერწყულ კაცად, -უღრმესი, თვალუწვდენელი, საკუთარი წიაღის მტკიცედ მიმალული და წმინდად მედინი მდინარიდან წყლის მკაჩავად ზევით, ესე იგი, გონსაწვდომი საუფლოს დალოცვილი მიდამოებისაკენ, -შენი ჯეროვანი ხატის გულშემზარავი სავსება აღმოჩნდა ჩემში.

 

 ოჰ, ის ჯადოქრული სახეცვლილება, რომლის შესაძლებლობასა და აუცილებლობას უსაკუთრესი სიწრფელით და ურყევი გახელებით მიმტკიცებდი და მე, ვაი, რომ არასოდეს მწამდა მისი სიმართლე, -სწორედ სიშმაგის წნეხის, ძალისხმევის, ან იქნებ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, სწორედ ზღვრის უზღურბლეს კიდეში დამხვდა ჩაფესვილი.

 

ხანმოკლე, უცაბედად გაელვებადი თვითმხილება ჭეშმარიტებისა: ფანტავს და კრებს, იმალება და აშუქებს, მხოლოდ უშველებელი ანგელოზური წნეხით თუ გამხილდება, ხოლო, თუკი ჩვენებას დაიტევს არსება შენი, თუკი შენი სულის დალოცვილი გონისმიერი მას დაიქვემდებარებს, საუკუნეების განმავლობაში ასე დაჩლუნგებული და დახშული, მიწასთან გასწორებულს იგი დილის მთვარისფერ ხელებში ჩაგიმწყვდევს პაწაწინა რაღაც სინათლეს, რომელიც ქრება, ქრება და იზრდება, ილევა, ირხევა, ძლიერდება, შრიალებს. მინავლდება და უეცრად აიჭრება ზევით, ზევით, ცისკენ! ცახცახებს, ნელდება, ივსება და ქროლდება.

ცეცხლი! სიფხიზლეა საჭირო.

 

შენ, რომელსაც გვიანი გაზაფხულის ათასსურნელიან საღამოებში ჩვევად გექცა ბაღის ფანჩატურში იმ გადაშლილ წიგნთან ჯდომა და ჩვეულება ზაფხულის მიმწუხრის სინესტეშიც გადაიყოლე, გვირილების სითეთრეში სულ უფროდაუფრო ძლივსღა როცა ირჩეოდა შენი თეთრი კაბის წესისა და რიგისმიერი ცალკეობა, როცა ჰგავდი ერთ-ერთ მცენარეთაგანს და ცვილისფერ ხელთა ელვარება გამხელდნენ მხოლოდ, ფურცვლისას ოდნავ როცა მოსწყდებოდნენ ადგილს და შეირხეოდნენ, შენი სახეც ნელა მიჰყვებოდა ხელების რიტმს, იხრებოდა რა ოდნავ საწინააღმდეგო მიმართულებით, სწორედ მაშინ, იკვეთებოდი ხატად და ამოდინდებოდი სიზმარეულ ჩვენებად ბაღის მწერებით გარსშემორტყმული, კრებდი და აფუძნებდი ირგვლივ არსებულ ყოველ საგანს ნესტიანი საღამოების ქიმერათა სინათლის წრეში.

 

რომელიღაც გვერდზე შეჩერებული შენი თვალები კითხულობდნენ ხმამაღლა და დაკვირვებით, რომ ერთხელ რომულუსმა მკლავის ძალის გამოსაცდელად ავენტინუსის გორაკიდან შინდის ხის ტარიანი შუბი სტყორცნა. განა, რომულუსის მშვილდივით არ შემოიჭრება ჩვენში ზეცა, ღრმად ჩაგვესობა და დაგვცემს ძირს მისი სიმძიმე - გასაძლებად აუტანელი, მიწის არმცოდნი, გაუფასურებული ყოფიერებისთვის? -მეტყოდი ასე. მაგრამ თუკი „ნოყიერ და მაცოცხლებელ“ წიაღში მოხვდება შუბი?- აგრძელებდი დაჟინებით და ჩემი სხეულის გავლით ჩემს უკან მდგარ უხვად გაფოთლილ მსხლის ხეზე თუ შეჩერდებოდა მზერა შენი. და არ გავიწყდებოდა, რომ „გაღვივება მტკივნეული იქნება“ და რომ „განა ძველებს ავიწყდებოდათ სამშობიარო ტკივილები?“ და რომ „შობა არ არის ერთჯერადი აქტი, სამშობიარო ტკივილები თანმხლებია, როგორც წესია, მაშინაც, როცა ტანს აიყრის შუბის ტარი და მაშინაც, როცა შინდის ხედ გარდაიქცევა, იმიტომაც, რომ ზრდა თავის არსში შობის სასწაულს ანახლებს“ და რომ, „ყურადღება გვმართებს სიხარულის სიმძაფრესთანაც. ძველი ადამიანების შესაშური სიფხიზლით შევძლებთ კი, გაფაციცებით მივუგდოთ გულისყური, რომ, არიქა, არ გახმეს ან დაჭკნეს, რასაც წვალებით გაუხარია?!“ და რომ, „ღმერთო, ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვეთ“- და საბოლოოდ მიხრიდი თვალებს სადღაც კუთხისკენ, იმ კუთხეში მიმალავდი ბობოქარ ტანჯვას, რომელიც იზიდებოდა აზრის თანდასწრების სასწაულით.

 

 შენი თვინიერი სიკვდილის შემდეგ მე ვამბობდი ორი წელიწადი: „წინ არაფერია. ნუთუ დამეფანტა, რაც წვალებით შემიძენია?“ ახლა კი, ხედავ როგორ შემოჯარულან ჩემ გარშემო შენი კერპები, ის ღმერთ-კაცი პოეტები, კვირა დილას, ფერისცვალების ეკლესიის წირვებივით რომელთაც მიკითხავდი, ცხრიდან თორმეტ საათამდე, და რომელთაც მე დამამხეს ანგელოზის ფრთებთან, ატიკურ სვეტთა ფერხთით...   და რომ შემოიჭრას ახლა ჩემში ზეცა, გავუძლებ კი მის სიმძიმეს და სიმართლეს, დავხვდები კი ღირსეული? შემოიჭერ, შემისწავლია მიწა! უფსკრულშიაც, ბღავილისას, სიბნელეში, თვალს ახელდი მარადიულის ანაბეჭდი. თუნდაც რომ, ისე დამანარცხო, კარგა ხანს ვეღარ შევძლო ზე წამოდგომა, შემოიჭერ!

 

სახლში სუნთქავს კიდევ რაღაც, მაგრამ ის შენ არა ხარ, ელი. ეს ჰენსე რენიას სძინავს გვერდითობაში გადამდგარს. შევედი ცისფერ ოთახში, სადაც იგი ჰგია ჰორიზონტალური. ჩემი დის სახეს ადგას ძილისმიერი მორჩილი, მშვიდი მიქცევა.

 

***

 

 მოთმინებით ელოდე გაღვივებას; პატიოსნად იშრომე, რათა გაიხაროს; აიტანე მისი ზრდის სიმძიმეს; გაუძელი მისი ყვავილობის სიხარულს.

 

სესია რენია

 

 

 

 

 

2.

 

ჩემი ტყუპისცალი, კომატოზურ ძილში დანთქმული ჰენსე რენია დარიას მივაბარე, თავი შევკრიბე და კედრების ქალაქის ქუჩებში ხეტიალს შევუდექი. რამდენჯერმე შევჩერდი პოეტის ძეგლთან. სახე-ზეცისაკენ. ქვის ფრთებში შეჩერებული ანგელოზური გაჩუმება, სწრაფვა. ჯიბიდან რვეული ამოვიღე და რამდენიმე სიტყვა ჩავინიშნე: წინათგრძნობა, თვითმიძღვნა, მსხვერპლი. რვეული უკან ჩავაბრუნე და გზა განვაგრძე. კედრელების ფრთხილი მზერა მიმაცილებდა. გამომელაპარაკა პატარა ბიჭი, ცისფერი სამოსით, სასკოლო ჩანთით ზურგზე, კინოთეატრში ჩვენება თუ იმართებაო. ღია და ანცი, ჩემს წინ იდგა და იდგა სრულიად. არსად მოჩქარე. ბავშვური ნიჭი წამის ერთადერთობის ურყევი განცდის. იმართება მეთქი. დღეს რაღას აჩვენებენო. თუ სწორად ვუწყი, „დიდ მწვანე ველს“ აჩვენებენ მეთქი. მეტი აღარ უკითხავს, საქმიანი სიანცით გაეშურა შენგელაიების სახელობის მუნიციპალური კინოთეატრისაკენ, რომელმაც დიდი გაწევ-გამოწევისა და რამდენიმე წელს გაგრძელებული დავა-ჯაფის შემდეგ, ამ შვიდიოდე თვის წინათ აღიდგინა კინოთეატრის სტატუსი.

 

მერე მამა ანდრიამ გადმოკვეთა ქუჩა და იმან მკითხა, ვაპირებდი თუ არა კინოსეანსზე დასწრებას. ისიც ჩემ წინ იდგა, შეკრებილი და გაშუქებული მძიმე ასკეზით, კიდევ უფრო მაღალი და ხმელი ჩანდა, ვიდრე ორი კვირის წინათ. მზერაში- მომაკვდინებელ ქარიშხალს გადარჩენილის დაქანცულობა. მომეჩვენა, რაღაცას ეცვალა ფერი მასში. იდგა მთლიანი, არსად მოჩქარე. ბრძენკაცური ნიჭი წამის ერთადერთობის ურყევი შეგნების. წვიმიანი ქუჩები და ქოლგები ქარში. ჩუმი საუბრით ჩავუარეთ ნაძვებსა და კედრებს, შევხედე იმათ,-ერთი სახე, ნაცნობი ფიგურა. ამოვიღე ჯიბიდან რვეული და ჩავინიშნე ერთი სიტყვა: შინისაკენ.

 

ცისფერ კინოთეატრთან ხალხი შეყრილიყო. მამა ანდრიამ მხარზე ხელი ღონივრად დამკრა და თვინიერად შევაბიჯეთ იდუმალში.

 

დიდი კინოტრადიციის მატარებელია კედრების ქალაქი! წვიმიან თემშარაზე, ღობეებად დასაზღვრული სოფლური ჯებირების კვალ ჭირვეული მოთქმით მედინი ურემი, მოლოდინადქცეული სამეზობლოს მოუთმენელ სიჩუმეში დანთქმული ირგვლივეთის გასაგონად, საკუთარ მნიშვნელობაგაზრდილ აგრარულ ხმაურობას სულ მეტი და მეტი ბეჯითობით აღიმაღლებდა. ურემი მოაგორებდა საკვირველ ყუთს და გრიშა ცანავაც გასძახებდა ირგვლივეთს, „აბა, კინო მოვიდა!“

 

1931 წელს პირველი კინოჩვენება მოეწყო კედრების ქალაქში. პირველი კინომექანიკოსი -გრიშა ცანავა, პირველი კინო - „ ტრაქტორი „ფორდ ფორზონი“. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა კინოდარბაზი. მიმწუხრის მყუდროებას მინებებულ კედრების ქალაქს ურმის ჭრიალი უკარგავდა მოსვენებას, მწუხარე სიყრმის ხსოვნიდან ამოაყვინთინებდა ცოცხლად მოარულ გამოცდილებებს -ხანში შესულებსა და მოხუცებს, ნინველ-ჭაბუკთ მყოფადის შემზარავ ქიმერებს განუქარვებდა, სავარძლებიდან წამოაგდებდა კედრელ დედებს,- სამყაროული დედის ამ იშვიათ არქეტიპებს; ყანების ბალახ-ბულახისეულ შინაგანობას მოსწყვეტდა მიწის მუშაკებს, ხელოსნებს მოახსნევინებდა ტილოს არდაგებს, ყველა ამათ მიირქმევდა სოფლის ერთ უბრალო სახლთაგანში, სადაც ხალხი საკუთარი კველა-სკამებით მიდიოდა. ჩვენება უფასო იყო. 1989-ში კედრების ქალაქი გამოსცემდა გაზეთს „კომუნიზმის დროშით“, რომლის ერთ-ერთ სექციაში „მეათე მუზა“ საგანგებოდ კინოხელოვნებას ეძღვნებოდა სტატიები. გაზეთში ვკითხულობთ: „კინოს მეორე სასწაული დაემატა. ტრაქტორი უცხო რამ იყო და ხალხი თვალს არ უჯერებდა თურმე; რას გვატყუებენ, რკინა როგორ დადის ან როგორ ხნავსო.“ პრინციპში, ამგვარ მართლზომიერ შეშფოთებას იშვიათად თუ გაიგებ კაცი ცხოვრებაში.

 

1931 წლის შემდეგ, კედრების ქალაქის კინოცხოვრებაში მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა. მათგან უპირველესად გამოსაყოფია, მე თუ ვინმე მკითხავს, უსათუოდ პოეტურ- ფილოსოფიური აქტი: რაიონული კინოკლუბის „აპრილის“ იდეალისტმა მეამბოხეებმა რამდენჯერმე ჩაშალეს ინდური ფილმების ჩვენება (ინდურ ფილმებს შორის ყველაზე სახელგანთქმული- „ბობი“) და უაღრესად შეურაცხყოფილი მაყურებლის კითხვიან მზერას პასუხად დღემდე ბევრისთვის გაუგებარი იდუმალება მიაგებეს,- ეს ნაგავი ყრვნისო თქვენს ამაღლებულ ბუნებას. მაშინ ქალაქის სახელგანთქმულმა ხაბაზმა კუშტად გაარღვია მაყურებლის თავმოყრილობა და მუშტმოღერებულმა აღიმაღლა ხმა,- რაის აღმატებული ბუნება, ბიძია, პირადად მე ერთი სვეუბედური მუშაკი გახლავარ, მოსვენების საათებს ალბათ იმიტომ ჩამიმწარებ სარიტორო ხუშტურობებით, ერთი კაი ალიყური იგემოსო მაგ შენმა ამაღლებულმა სიფათმა. და აი მაშინ, მომხდარა საკვირველი, „აპრილის“ თავკაცებს ერთი წვერ-ულვაშოვანი, შესაქმური ტემპერამენტის შემართული ჭაბუკი გამოეყო სარკისებრი, სიმძიმეგადალახული მზერით, ხაბაზს ხელში ღიმილით გადაულოცა მომცრო წიგნი თეთრ-წითელი ორნამენტებით (როგორც მოგვიანებით გამჟღავნდა,- „ვეფხისტყაოსანი“), ხოლო სანამ ირგვლივეთს გაეცლებოდა, ენაჩავარდნილ შემოკრებილებს გაუგიათ იმის ნაუბარი - პატარა ადამიანობას ნუ დაიჟინებ, იქნება, აღმატებულისკენ სწრაფვის შემძლე ციური ნიჭი ბუდობსო შენშიაც, ხოლო თეთრ-წითელ ორნამენტიანი წიგნი შეუტოვებია ხაბაზის გაოცებულ ხელისგულთათვის. სიამაყით განვაცხადებ, ეს ახალგაზრდა თეოდორ რენია, გახლდათ მამის მხრიდან ჩემი დიდი ბაბუა.

 

გავიდა ხანი და კედრების ქალაქის კინოეკრანებზე აჩვენეს ფელინის „რვანახევარი“. იმ დროის გაზეთები დანანებით იუწყებიან მაყურებლის სიმცირეს. მერე კინოთეატრს გიორგი შენგელაია ესტუმრა ფილმით „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, გაზეთები წერდნენ, კედრელებმა გაუგეს და შეიყვარესო რეჟისორი. ჩოჩქოლი, გნიასი, სიგარეტის კვამლი და ჭაბუკური თავაშვებულობა კინოს თანმდევი მოვლენა შეიქნა. მდგომარეობას ნათლად ასახავს, გაზეთ ეგრისის 1990 წლის მე-3 ნომერში გამოქვეყნებული კარიკატურა წარწერით: „-რა აურზაურია, რესტორანია? -არა, ქალაქის კინოთეატრია“ . მერე ბუნების ქომაგებმა მდინარე მთვარისწყალს კინოკამერით მიაკითხეს, დაუყვნენ დინებას სათავიდან რიონის საზღვრამდე და დამუშავებული მასალა რესპუბლიკურ ფესტივალზე გაგზავნეს. კედრელების ფილმს „ვუშველოთ მთვარისწყალს“ მე-2 საპრიზო ადგილი მიეკუთვნა თურმე.

 

ცეცხლი.

 

მერე ქვეყანა ნაცრად იქცა. მიწას გასწორებულ ირგვლივეთს სარეველა ბალახ-ბულახები მოედო, ვარდების აღმოცენებას ხომ ძალისხმევა სჭირდება, ძალისხმევა კი არავინ უწყოდა. ხოლო როცა კიდევ გავიდა ხანი, ვარდების ბაღნარის ცრუ დაპირებით, მევახშეებმა იგდეს ხელთ ძალაუფლება. აბა, ლიბერალი რა ვარდების მომყვანია! იმ ტოტალურად ანტიკულტურულ ხანაში, ლიბერალური ფსევდო ელიტა რომელსაც განაგებდა, კინო გარდაიქცა ბიზნესის ხარჭად, დაექვემდებარა რა აღებ-მიცემობის უპიროვნო ტირანიას. ქართველ პოეტთა შუქმთოვარე დასი კი ფრიად არსებითმა სამჭმუნვარომ მოიცვა- კარაქიანმა პურმა და წერტილის სიმძიმემ შეიპყრო. უკანასკნელი რეგვენნი გახდნენ პირველნი. კედრების, ისევე, როგორც ყველა სხვა მომცრო ქალაქის კინოთეატრი მიტოვებული იყო, როგორც ზეცა. ერთადერთი ხდომილება, რაიც მის ახლოობაში ხორციელდებოდა, მშენებლობა გახლდათ მახინჯი, კერძო სასტუმროსი, რაიც მთლად გვერდით, მეტრანახევრიან უმანძილობაში მიუსკუპეს. შეხედავ იმათ და აღგმოხდება, რომ, ღმერთო დიდებულო, რა ხარვეზია! მაგრამ შენგელაიების სახელობის ცისფერი კინოთეატრის სვეუბედურება ამით არ გათავებულა.

 

დადგა ახალი ეპოქა. გათამაშდა დიდი უზნეობა. ჯიბესქელმა რეგვენმა (სხვათა შორის, იმ რეგვენმა, რომლის მოგვიანებით ფილოსოფოს მმართველად გარდაქცევაც კი სცადეს კარტეზიანელმა თავად ანტიფილოსოფოსმა „ინტელექტუალებმა“, ცხადია უშედეგოდ) მოზეიმე ლიბერალიზმ-კაპიტალიზმი პოსტმოდერნული ზიზილ-პიპილოებითაც შეამკო. საინტერეოა, რა სიახლეებს უქადდა ახალი ეპოქა ცისფერ კინოთეატრს. კინოთეატრი გაარემონტეს! ვისაც ჯიბესქელი რეგვენის ხანაში უცხოვრია, კარგად უწყის, რას უნდა აღნიშნავდეს ეს საბედისწერო „გაარემონტეს“. ესე იგი- საგანს გამოაცალეს ყველა არსობრივი მახასიათებელი, დაურღვიეს შინაგანობა, მოშალეს დიდი ქვის სპილენძისრიკულიანი, საკუთარ არსში ჩახვეულორნამენტებიანი კიბეები, ჩამოიღეს ხის დიდებულად თავშენახული, ექვს მეტრზე აზიდული, რაღაც პირქუში საიდუმლოების მეტყველი კედლები, ძირს დაუშვეს დიდი წითელი ხავერდის ფარდები. აღმოფხვრეს წარსული დიდებულების ყოველი ჟესტი, და ბოლოს, გარემონტებულ კინოთეატრში კინოსეანსების მოსალოდნელი აღდგენის პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, შენგელაიების სახელობის მრავალჭირნახად იდუმალებას სახელი შეუცვალეს და უწოდეს მას - კ უ ლ ტ უ რ ი ს  ს ა ხ ლ ი.

 

მას მერე „კულტურის სახლი“ გარდაიქცა ტოტალური უკულტურობის კერად. რას არ იხილავდა აქ მზერა კაცისა: სკოლადამამთავრებლების უცნაურ მანჭვა-გრეხას, პარტიული შინაარსების გულისამრევ თავყრილობებს, ბაღის ბავშვების საახალწლო ზეიმებს, სილამაზის კონკურსებს, ქორეოგრაფიული ანსამბლების უიდეო და მექანიკურ ჭინთვებს, გულისგამაწვრილებელ ხტუნაობას, რომელსაც ქართულ ცეკვებს უწოდებენ რატომღაც; აქ იხილავდით საარჩევნო აგიტაციებს, ზოგჯერ სცენა საარჩევნო უბნადაც კი გარდაიქცეოდა; მოისმენდით ადგილობრივი რიტორების უსაზრისო ბჭობას, უნიჭო ვოკალისტების მანერულ ტანჯვა-წვალებას, სევდავერდაძლეული პოეტების შესაბრალის ტირილს, როიალის დაღრეჯილობას. იხილავდით ყველაფერს, გარდა ჭეშმარიტი ხელოვნებისა, რადგან ხელოვნება აღარ იქმნებოდა. მხოლოდღა ხელოვნების მიმესისი კეთდებოდა, კეთდებოდა და იყიდებოდა.

 

გული ვიჯერე რა, დედაქალაქში იმავე სურათ-ხატთა მასშტაბურობით, დედაქალაქში, სადაც „არა“-ს მოუბარ შენობების სიმახინჯეში დავზრე წელი მრავალი, სადაც მივლინებულ ვიყავ წარმატების მოსარჭმელად, სწორედ იმ ღამეულ უყიერობაში, ვერგაძლება რომელშიც მეფობდა, მზერამ ჩემმან იწყო შებრუნება. მოვეშვი გარე სანახაობებს, ვცან რა გარეთ პასუხთა მიღების შაუძლებლობა. და დავუშვი მუშტი, წლები მუქარით ზეცისკენ შემართული. დედაქალაქი უნდა ძლეულ იქნეს. მეც ავდექ, ავიძარ, დავსტოვე იგი სამუდამოდ.

 

კედრების ქალაქს მობრუნების პირველ დღეთაგან, ალბათ იმ მიზეზით, რომ ჩემში უკვე შინაგანი დრო მეფობდა, არაფერი მახსოვს ცხადად, გარდა ორისა. პირველი კარგა მოგვიანებით გამაგებინა იმ ხანებში ჩემს დღიურში აღბეჭდილმა ჩანაწერებმა- რომ გამგონობას ვსწავლობდი თურმე. მეორე კი, თვალწინ ამესვეტა შემზარავ და მომნუსხველ სურათ-ხატად: ცისფერი კინოთეატრი. ჩვენებები ახლა უკვე აღდგა. როგორც ჩანს, მზერაშებრუნებულ სულიერთა რიცხვმა იმ კრიტიკულ მცირედს მიაღწია, რაიც ცვლილებათა გარდაუვალი წინსწრებაა მუდამჟამ. 

 

ჩვენ ახლა ძალისხმევის წვეტს ვუახლოვდებით, შორეულო მეგობრებო. დაე, ჩვენთან მყოფობდეს ნება ჭეშმარიტი ვარდობისა.

 

მე და მამა ანდრია ჩვენებისას გვერდიგვერდ ვისხედით. წინა რიგებში დროგამოშვებით ცისფერსამოსიან ყმაწვილსაც ვლანდავდი, გაუნძრევლად შეჰყურებდა ეკრანს. აქ იყვნენ მასწავლებლები ქალაქის და ახლომდებარე სოფლების სკოლებიდან, რომლებსაც სამარშრუტო ტაქსით წამოეყვანათ უფროსკლასელები; იყვნენ მერიის მუშაკები, შესვენებაზე გამოსული კონსულტანტები, ბაზრის გამყიდველები, რომელთაც დახლები მცირე ხნით ახლობელთათვის გადაელოცათ, იყვნენ დედები, მამები და შვილები, ყოფილი და მოქმედი ძველი ბიჭები, პენსიონერები, პოლიციელები და მიწის მუშაკნი.

 

ვინ იცის, მერამდენედ ვუყურებდი „დიდ მწვანე ველს“ და ვფიქრობდი, რომ სოსანა დოდო აბაშიძის საუკეთესო როლია და რომ, შეიძლება, საუკეთესო ქართული ფილმიც სწორედ ეს იყოს, იმიტომ რომ ყოფიერების თავისებურებებთან ამგვარი სიახლოვე მთლად ხშირადაც არ მოგვეცემა ხოლმე. თან, მერაბ კოკოჩაშვილი გვერდს შესანიშნავად უვლის იდეოლოგიური პოზიციით ამბის დავიწროვებას. ინდუსტრიალიზაციის თანმდევი საგანგაშო გაუცხოება, აქამდე ბუნებას მიკალათებული ადამიანის, მხოლოდ ერთი ხაზია, თანაც შეგნებულად რბილად გატარებული, სამაგიეროდ, მას ანაცვლებს არა ვიწრო იდეოლოგიური ჭმუნვა, არამედ ხედვის იმდენად გაფართოება, რომ რეჟისორი იწყებს ფილოსოფოსობას. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაზე არსებითი, ბუნებრივი, გულწრფელი და ყველაზე საჭირო ენით საუბრობს.

 

შენიშნავს კიდეც ორ გადასარევ რამეს: 1. მარად მსრბოლავ დროში "საყრდენის ფრთხილი ძებნა არის ჩვენი საგონი", 2. სოსანასავით მგრძნობიარე დამკვირვებლისთვის საყრდენად ტრადიციული გადმოცემა გვევლინება, ესე იგი, შენახული ცოდნა, შინაარსი და ძაფები, რომლებიც გადმოგვეცემა ოჯახისგან, ძაფები წარსულთან; გამოცდილება ადამიანებისა, ვინაც ჩვენზე მეტი იცხოვრა, ვინაც ბუნებასთან ჩვენზე ახლოს იდგა და ამგვარად ინარჩუნებდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას. ვინაც იყო შრომის წიაღ, ოღონდ არამექანიკური შრომის, რომელსაც უნდა ჰქონდეს საზრისი და საღი საფუძველი; ვინაც მგრძნობიარედ აკვირვებოდა თავის შინაგანობას და ჭვრეტდა სამყაროს.

 

ტრადიცია (ტრადიციული, საკრალური გადმოცემა, შინაარსი და კონტექსტი)- ადამიანის არსების საყრდენად, შეზრდილი ბუნების მარად მჩქეფარე დანატოვარს- დიდ მწვანე ველს, აყალიბებს მენახირე სოსანას, როგორც ადამიან-შემოქმედს. ამას დავუმატოთ, შინისკენ სწრაფვის გასაოცარი მოუსვენრობა, რასაც 1968-ში ჯერ კიდევ ვერ ახშობს ავტომობილების და ტექნიკის გადაჭარბებული ღრიალი.  ქართულ კინოში ამგვარი, ვგულხმობ, გულწრფელი, ყოფიერების გულისგულში დგომით გამოცდილი ენით საუბარი, მნიშვნელოვანია. და ბუნებრივია, არა მხოლოდ კინოში. ეს ფილმი არის გადასარევი მაგალითი, თუ როგორ უნდა იფილოსოფოსოს ხელოვანმა ხელოვნებაში და საერთოდ- ადამიანმა ყოფიერებაში, მითუმეტეს, მაგის ონტოლოგიური საჭიროება საგიჟეთ 21-ე საუკუნეში ბევრად დიდია, ვიდრე აქამდე.

 

კიდევ ვფიქრობდი, რომ აქ, კედრების ქალაქის მშობლიურ თემშარაზე ახლაც მიჭრიალებს ურემი. ვგონებ, იმის ხმოვანება არ შეცვლილა. ეს კარგია. მაგრამ 1931 წლისგან განსხვავებით, ურემს მოაქვს თავთავების მწიფე კონა. ყნოსვას თუკი გავაძლიერებთ, შევიცნობთ იმათი ფესვიდან ამოხეთქილ, მიწას გამოყოლილ სურნელებას მარადიულის. მარადიულს ხომ საკვირველი ერთგულებით მიწა ინახავს სწორედ.

 

 

 

 

3.

 

შენი მშვენიერი სიკვდილის, როგორც გაშვების, ვითარცა განვლინების შემდეგ, გამოხდა ხანი, სანამ მზერა დაიწყებდა მომწიფებას. ჯერ იყო სიზმარი. არათუალხმიერი სივრცის ხედვა შევინიშნე. ღვიძილისეულ თუ სიზმარეულ სიცხადეში ამ მიმრქმელ სივრცეს შევცინოდი ქარიტებისეული სიხარულით. და ყველგან, საითკენაც გავიხედავდი წინ მედვა სიზმარეული ჩვენება. სამყაროს დიდი დედა იმზერბოდა ტოტებიდან, ყვავილებიდან, ასკილის ბუჩქიდან, ძველი რომელიღაც ვედროდან, რომლითაც ბავშვობაში ჭიდან ამოგვქონდა წყალი და იმ ვედროდანვე ვსვამდით ისე, რომ მოკლეხელებიანი, ზაფხულის თეთრი პერანგი იოლად გვისველდებოდა, და გვისველდებოდა მთელი პირი-სახე. და ვხედავდი საკვამლე მილიდან ამომავალი კვამლიდანაც კი, რომელიც ძალდაუტანებლად ფანტავდა თავის თავს, ფანტავდა და ფანტავდა შემოდგომის ყოველი მიმწუხრის თავზარდამცემ სიჩუმეში. სიზმარი იყო მომნუსხველი, თუმცა უფორმო, უსტრუქტურო, ინერტული. 

იმ დროის დღიურებში გაჩნდა ჩანაწერი „სახლი სიზმრისა და ტკივილის გულისგულში შეიძლება მოინახოს.“ რაღაც დროის მერე, იქ ჩემივე მინაწერი ილანდება „ გადასალახია, უნდა გადაილახოს!“

შენ მწერდი წერილებს. მრგვალი და მწყობრი ასოებით გამოგყავდა სიტყვები ღმერთკაცების შესამკობად. და მე მუდამ მიკვირდა მსხვრევადი ხელების დაქანცული, მაგრამ დაჟინებული სწრაფვა ასოთა გამოქანდაკებისკენ. ასე მყარად და მოთმინებით. და მწერდი, რომ „როცა ძველი ადამიანები ღრმა სასოწარკვეთას მიეცემოდნენ და გლოვობდნენ, ისინი ქალაქებს აშენებდნენ ანდა აგებდნენ ტაძრებს, ზოგჯერ თვალსხივოსანი ათენასთვის, ანდაც ყრმა აპოლონისთვის. ჩვენ კი, რადაც ჩვენ გარდავიქეცით, აღარ ვაგებთ ტაძრებს სიმძაფრეთა სადიდებლად, ანდაც სამადლოდ მათდა, არამედ ვიღწვით ჩასახშობად, ჩასაქრობად და ჩასარეცხად. ადამიანი უფსკრულშიაც ვეღარ ჩადის. იქიდან ცოდნის ამოზიდვაზე საუბარი ზედმეტია. დავაძინოთ ჭრილობები! ანტიბიოტიკებით, ანტიდეპრესანტებით დავიხშოთ შინაგანობა, რომ ისევ ვივარგოთ მექანიკურ ფერხულში ხელახლა ჩასაბმელად! - აი, თანამედროვე ადამიანის საცოდავი ამოცანა. დავუბრუნდეთ სამუშაო მაგიდებს წინა დღით გაპრიალებულ პალატებში, რომლებსაც აპრიალებენ შვილმკვდარი ან შვილსარჩენი დედები, რომლებიც მუშაობენ საათები, დღეები და საუკუნეები, სამარადისოდ! და შემდეგ, დავყნოსოთ ყავა შესვენებისას, რომლის ზედაპირი აღარ ირეკლავს ჩვენს ფერნაკლულ სახეებს, სანამ დავლევდეთ, დავყნოსოთ იგი, ანდაც უბრალოდ ჩავაკვირდეთ, ზედაპირი აღარ ირეკლავს ჩვენს სახეებს, რადგან მათზე აღარაფერია, აღარც ქარტეხილები და აღარც ზაფხულის საღამოების წმინდა სიოს ლოყაზე კოცნით მიმოსალმება. რომელიღაც ფრანგული სულისკვეთების კაფეში ჩამოვსხდეთ, მე-20 საუკუნის 60-იანი წლების პარიზის მეტისმეტი გათამაშებით, სადღაც ახლოს, გვერდითა ქუჩაზე, და მაშინაც, მოცალეობის იმ ძვირფას წუთებშიც, დაგვეუფლოს ერთადერთი ფიქრი, რომ საკმარისად წარმატებულები გამოვედით, ანდაც ვერ გამოვედით, ვერ შევეწყვეთ ამ ჩვენს ავადმყოფ საუკუნეში ღრმად დაფუძნებულს ფორმულას წარმატების. ორივე სამწუხაროა.“ თუმცა შეწუხებული დიდხანს არ რჩებოდი. შენ განაგრძობდი, რომ „დაიღუპოს დასაღუპი! მაგრამ, დაე, ნურასდროს გვემძიმება იმათი ამოცნობა, ვისშიაც სუფევს საღი თესლები. დაე, მუდამ გვქონოდეს ძალა მათი კისრების. დაე, მუდამ ვფხიზლობდეთ, რათა ეყვავილოთ!“. შრომა, მოთმინება და ზრდა. აი, ანგელოზები, რომელთაც ჩვენ ვეთაყვანებით.

 

შენ კიდევ იმის თქმაც გიყვარდა, რომ ჩვენი საქმე სულაც არ არის კვლევა-ძიება თანამედროვე ადამიანის ამგვარი დაცემულობის „რატომობისა“. რატომ? გაბატონებული იდეოლოგიის გამო? საფრანგეთის რევოლუციის გამო? რენესანსმა დააჩქარა? მაინც როდის დაიწყო? ისტორიულობაში უნდა ვეძიოთ პასუხები? რაღაც ღვთაებრივ წინასწარგანზრახულობას უნდა მივაწეროთ, რაიც ადამიანის სულიერი ევოლუციის აუცილებლობას უმტკიცებს ზურგს? იქნებ, მივიჩნიოთ უნდა, რომ დაცემა ჩვენი გარდაუვალი დავალებაა, რომ ამჯერად, გაუგონარი ძალისხმევით, უფსკრულიდან უნდა აიტყორცნოს ცად მზერა, ტკივილზე გამოწრთობილი? მაინც ზუსტად რა მოხდა, რა გათამაშდა, ან ვის მიერ?..რილკე წერდაო, იტყოდი, -“ის, რაც ხდება, მომხდარზე ჩვენს დაფიქრებამდე იმდენად ადრე იწყება ხოლმე, რომ ვერასოდეს ვერ დავეწევით და ვერ გავიგებთ, სინამდვილეში რა სახე ჰქონდა.“ იტყოდი და მიჩუმდებოდი.

 

მერე დასჭექდი მკაცრად, რომ -„ეს მოხდა!“ და ამატებდი შეშფოთებული, „როგორ გავგრძელდეთ ამიერიდან“. რატომ, ეს კითხვა რატომ ჩვენს სულში არ ამოიტვიფრება? რატომ აფიშებზე სისხლით არ ამოიკაწრება? რატომ შენობებს არ მიეჯღაპნება ტოტალურად? როგორ გავგრძელდეთ ამიერიდან? იქნებ, ჯერ იგი უნდა ვამხილოთ, რაიც კითხვის დასმას ეღობება, აფერხებს, ებრძვის; რაიც გამალებით მუშაობს, რათა გარდავიქცეთ სრულ სიცარიელეებად, რომელთაც კაპიტალის ტომრებით ან მასზე ფიქრებით ამოგვავსებს, თითქოს ამგვარად გვიცავს, სიცოცხლისეულ გამოცანათა სიმწველით არასდროს რომ დავიფერფლოთ.

 

ჩვენ კი, ვიდექით პირისპირ და ვეკითხებოდით საკუთარ თავებს: როგორ უნდა გავგრძელდეთ ამიერიდან?..

 

ერთ უცნაურ წიგნში წამიკითხავს ადრე, „გეჰენიის ცეცხლი არის თანამოსაუბრის პოვნის შეუძლებლობა კაცთა შორის.“ რაღა ვთქვა მე, ვისაც ჭეშმარიტი თანამოსაუბრე მსდევდი და ვინმაც ასე ნორჩი ჩაგაბარე მიწას. არაფერს ვიტყვი. ვიმღერებ მხოლოდ.

 

 

4.

დღე რომ მძაფრ საზრუნავთ შემახვედრებდა, რიჟრაჟზევე განმიცხადდა. ბოლო ხანია, თავში მხოლოდ აზრებია, სიზმრებს აღარ ვნახულობ. ისე ჩანს, თითქოს მთელი ღამე ფეხზე ვდგავარ, როდესაც სინამდვილეში ჰორიზონტალურად ვგივარ და მძინავს. აზრები ძილის წინ წაკითხული წიგნებიდან, ანდაც, ჩემივე ნაწერებიდან მედევნებიან. დილის სუსხი იდგა, ასე 7 საათისეული, აზრის კვალში ჩამდგარი, დაჟინებულმა კარზე კაკუნმა რომ წამომაგდო. თვალი გავახილე და შევჩერდი: საძინებლის ღია ფანჯარაში შემოტოტვილ ვაშლის ხეს პირველი კვირტები გამოუსხამს, მზე კი შუქმთოვარე სვეტებად აღმართულა ჩემი ოთახის ერთ მეოთხედში. ბოლო ხანია, სიზმრის ლიბრი თვალთაგან გაღვიძებისთანავე მცილდება, და ვგონებ, ამას შესაძლებელად აზრისმიერი დაძაბულობა ხდიდეს უნდა. და მე ვამბობ, ფიგურა, რომელიც ჩემს თვალწინ სრული მინდობით გამოვლინდა, -ღმერთშემოსილი ვაშლის ხე იყო! შევხედე ფიგურას და მესმა აზრის თავის თავში ჩახვეული, მწიფე ხმიანობა, უმალ სიტყვად რომ სრულიყო: „ღმერთშემოსილი“.

 

რა გასაკვირია, ღმერთშემოსილი ვაშლის ხით მთლიანად რომ ვიყავ მოცული, კიბეებზე ჩამავალი, -კარი რათა გამეღო. დარიას მოსვლამდე კიდევ სამი საათი იდო, ამიტომაც ერთადერთი სულიერი, ვისი წარმოდგენაც კარს მიღმა შევიძელ, მამა ანდრია გახლდათ. მიუხედავად ამისა, ღია კარში მართლაც მამა ანდრია რომ გამოისახა და ზედ დაედო ღმერთშემოსილი ხის ხატს, დიდად გამიკვირდა.

 

გამარჯობაო, განაცხადა მშვიდად, უღიმილოდ. ჩვეულებისამებრ, ჰენსეს ოთახისკენ უკითხავად გაეშურა, რათა კომატოზური მდგომარეობის მყუდრო წიაღში შთენილ ავადმყოფს ცვრიან შუბლზე მოფერებოდა, სივრცე მის თავს ზემოთ ჯვარცმის გამოსახვით გადაესერა და უცნაურ წინადადებათა გრძელი მწკრივი ჩამოენაკადულებინა ძველ ქართულით. აღასრულა რა სამკანონიანი ლიტურგია,-

„დილაადრიან მესიზმრა“, - წარმოსთქვა ჰენსესთვის მზერააურიდებლად.

 

- ბაღნარში იდგა, ვიღაცის ეზოში, იებით სავსე მიწაზე, ხოლო თავად, კენტი შემართული ვარდი ეჭირა ხელისგულებით. მივაგენიო, -ს