ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მშვიდობით, სომერსეტ!

0 ხმა

რეზო ჯორბენაძე

ბიოგრაფია

არსებობს ორი ტიპის მოთამაშე - დასრულებული და დაუსრულებელი. დასრულებული მოთამაშე საზოგადოებაში დამკვიდრებული თამაშის წესებსა და პირობებს ემორჩილება და ამ ნორმებს არ არღვევს. ასეთ მოთამაშეებს წინასწარ აქვთ დაწესებული თავიანთი კენწერო, მისი მიღწევის შემდეგ მთელი ცხოვრება ამ მიღწეულით კმაყოფილდებიან და უკვე სტატიკად ქცეულ ყოფაში ყოველდღიური მომაბეზრებლობით მოძრაობენ. დაუსრულებელი მოთამაშეები თავად ქმნიან თამაშის პირობებსა და წესებს. ისინი დაკანონებულ ნორმებს არად დაგიდევენ და ყოველი ქვეკენწეროს მიღწევის შემდეგ თავიანთ მომდევნო კენწეროს თავად აწესებენ. მათ წარმოსახვაში საბოლოო კენწერო არც არსებობს. და რომც არსებობდეს, ისინი არასოდეს ჩათვლიან, რომ კენწეროზე მოექცნენ. ეშინიათ გატკბილებული მწვერვალის, რომელმაც თვითკმაყოფილება უნდა იცოდეს. შესისხლხორცებული აქვთ, რომ თვითკმაყოფილება მოდუნების მთავარი მიზეზია, მოდუნება - უძრაობის წინაპირობა, ხოლო უძრაობა კი - სიკვდილი, ეს იქნება პროფესიული თუ ემოციური სიკვდილი. დაუსრულებელი მოთამაშეები თამაშის დროს კვდებიან, იმ თამაშისას, რომელსაც უტოპიური კენწეროსაკენ სწრაფვა შეიძლება ეწოდოს.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის სურვილიც დაუსრულებელი მოთამაშეობის აკვიატება მგონია. ახალ-ახალი გამოწვევებით საკუთარი თავის შეცნობის ელექსირი ხშირად სწორედაც რომ ჟინი და ილუზიაა. წინამდებარე მოთხრობებიც ამ შეგრძნებების ნაყოფს წარმოადგენს. პროფესიით ექიმი გახლავართ, კერძოდ, კარდიოლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტი 2003 წელს დავამთავრე, ხოლო გერმანიის ქ. ბონის უნივერსიტეტში - 2005 წელს. მედეას ხელოვნების გარდა საოცრად მიყვარს ლიტერატურა და კლასიკური მუსიკა. ნოველებს სკოლის ასაკიდან ვწერ. გამომცემლობა „არტანუჯმა“ 2019 წელს გამოსცა ჩემი სადებიუტო წიგნი, მოთხრობების კრებული „დაბადებიდან შობამდე. აპეირონი“, ხოლო 2021 წელს კი - ჩემი რომანი „ლაჟვარდისფერი ვითარცა-ქრისტე“. ეს უკანასკნელი არმაზ ბეკარის ფსევდონიმით დაიბეჭდა. აი, ასეთია მწირი მონაცემები მოთამაშე რეზო ჯორბენაძის შესახებ, რომელიც ამ ქვეყნიერებას 1980 წლის 1-ლ მაისს მოევლინა ქალაქ თბილისში. უფრო ახლოს მკითხველი ჩემი ნაწარმოებებიდან გამიცნობს, რადგანაც წერისას ემოციურად შიშველი და გულწრფელი ვარ. ხელოვნებაში ნიღბის მორგება ყოვლად უადგილო მგონია, თუკი საქმე თეატრს არ ეხება. მაშ ასე, ერთმანეთს მოთხრობებში შევხვდებით. დანარჩენი იქ იყოს.  






სინოპსისი


წინამდებარე სამ მოთხრობას აერთიანებს ისეთი ადამიანური ემოციები, როგორიც გახლავთ სიცოცხლის წყურვილი, სიკვდილის შიში, სიყვარული, ურთიერთგატანა, მტრობა, პირფერობა, მონატრება და ამ ყველაფრით გამოწვეული სულიერი აღმაფრენა თუ ტკივილი. მიუხედავად ნოსტალგიური და სევდიანი განწყობისა, ნაწარმოებები მაინც იუმორით არის გაჟღენთილი. იუმორი წარმოჩენილია როგორც ჭირსა თუ ლხინში თავის გატანის, ბრძოლისა და გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და ელეგანტური საშუალება. იგი ხშირად ბილწსიტყვა სკაბრეზითაც არის მოწოდებული, რომელიც არ გახლავთ ავტორის ტიპური ენა. ეს უბრალოდ მისი კონკრეტული გმირების საუბრის მანერაა, რაც დღევანდელი ყოფის ბუნებრიობას ასახავს.

პირველ მოთხრობაში „მშვიდობით, სომერსეტ!“ ახალგაზრდა კაცი, ლაშა, დასავლეთ საქართველოში ბებიის დაკრძალვაზე მიემგზავრება. ნოველაში ცოცხალი სარკაზმით არის გადმოცემული სამეგრელოში დამკვიდრებული სამგლოვიარო რიტუალის თავისებურებების ავკარგიანობა, ჩვენი ქვეყნის ჭირისუფლობის ინსტიტუტის გულწრფელი ღირებულებები და ფარისევლური მანკიერებები. ამ ყოფითი ყოველდღიურობის ფონზე მკითხველი ლაშასთან ერთად პირისპირ ეჯახება მის ილუზიურ ბავშვობას და ცხოვრების ამ ყველაზე ანკარა პერიოდს ბებიის დასაფლავების დღეს სოფლის ტუალეტში საბოლოოდ ემშვიდობება კიდეც.  

მეორე მოთხრობაში „პური ჩვენი არსობისა“ საბჭოთა კავშირის ნანგრევებში მოყოლილი ჩვენი ქვეყნის უსინათლო, უწყლო და უიმედო 90-იანი წლების ფონზე ერთი მარტოხელა ქალის ცხოვრების რამდენიმე საათია ასახული. აქ თქვენ 1993 წლის ოქტომბრის უშუქო და უვარსკვლავო ღამეს ლიანა გიგინეიშვილთან ერთად მოგიწევთ დაუსრულებელ და უთავბოლო პურის რიგში დგომა, მეზობლების ერთმანეთზე ჭორაობისა და ქილიკის მოსმენა და შუაღამის 3 საათზე შუქის მოსვლისას უხერხულობის განცდაც ლიანასთან ერთად დაგეუფლებათ. ნაწარმოების ფინალში ნათელი ხდება, რომ არა ცეცხლგამოვლით გამომცხვარი ხორბლეული, არამედ სწორედ ადამიანური სითბო, სიყვარული და თანადგომაა ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი ელექსირი. 

მესამე მოთხრობაში „თვითმკვლელობამდე ოცდაოთხი საათით ადრე“ აღწერილია მარტოსული, უბედური ადამიანის განცდები და სულიერი პერიპეტიები თვითმკვლელობის წინ. მკითხველი იძულებულია ნოველის ბედკრულ გმირთან ერთად დაფიქრდეს წუთისოფლის ისეთ კარდინალურ საკითხებზე, როგორიც გახლავთ უფლისა თუ ამ ცხოვრების ჭეშმარიტი არსის ძიება.   

ზემოაღნიშნულ ნაწარმოებებში თქვენ აუცილებლად საკუთარ და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების ხასიათობრივ შტრიხებსაც იპოვით. უბრალოდ, ამისათვის ავტორთან ერთად სიტყვის კორიანტელის აღმართ-დაღმართზე ხეტიალი არ უნდა დაგეზაროთ. 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური