ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მშვიდობით, სომერსეტ!

მშვიდობით, სომერსეტ!

       

- ბებო, მიატოვე ახლა ეს კითხვა და ჩამოდი ქვემოთ, - მანონიმ რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი ქმრის 43 ნომერი ფეხსაცმელები, რომლებსაც თავის დროზე ქუსლების ადგილას ტყავი ოვალურად ამოაჭრა და მას შემდეგ, როგორც თავად უწოდებდა, ჩხაპუტებად ხმარობდა, აივანზე წაიძრო და მისაღებ ოთახში ფეხშიშველი შევიდა, - გაგიკეთე კვარაბია და ამოგიღო უკვე თეფშზე?

- მაცადე, გეხვეწები, ამ თავსაც მოვრჩები და მოვალ, რა, - ლაშამ წიგნიდან თავი წამოყო და მარცხენა გვერდიდან მუცელზე გადაბრუნდა.

- დითა, თე ბაღანა გუმაშერენს (მეგრ. ოჰ, ეს ბავშვი გამაგიჟებს), - მანონი ჩვეულებისამებრ წელში მოხრილი იდგა და თხუთმეტი წლის შვილიშვილს შეწუხებული შესცქეროდა, - შენ მაცადე! გადავალ ახლა ზოიასთან და დავურეკავ დედაშენს. ვეტყვი, რომ არაფერს შენ არ ჭამ. ძვალი და ტყავი გინდა თბილისში წახვიდე?! შენს მშობლებს რა ვუთხრა მერე მე?! გინდა, ხაჭაპური გამოგიცხო?

- არა, კაცო, კვერებს შევჭამ, - ბიჭმა წიგნი დახურა და წამოჯდა, - კაი, ჯანდაბა, ახლავე წამოვალ და კითხვას მერე გავაგრძელებ.

- ასე, ბებო, ეს წიგნი არსად გაიქცევა, - მოხუცი ქალი მოზარდს სიყვარულით შესცქეროდა, - რასაა, რომ კითხულობ?

- მოემის „ჭრელ საბურველს“. კარადაში ვიპოვე, საბჭოთა ენციკლოპედიის გვერდით. რამდენი ხანია ამ წიგნს ვეძებ და აქ არ ყოფილა?!

- კარგი, ბებო. წამოდი ახლა, სანამ გაცივდა ყველაფერი, - მანონი შებრუნდა და წელში მოხრილი კარისაკენ გაემართა. შემდეგ ფეხები ჩხაპუტებში წაყო და სანამ აივნიდან სამზარეულოს მიმართულებით დამავალ კიბეს დაუყვებოდა, კიდევ ერთხელ შემოტრიალდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ შვილიშვილი უკან მიჰყვებოდა.

....................................................................................................................................................................

ლაშა ფოთის მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში იჯდა და თავით გრილ მინას მიყრდნობოდა. უკვე სენაკიდან გადიოდა და მალე ქვალონში იქნებოდა. თეკლათის მეგრულმა ოდებმა მორბენალი სტრიქონივით ჩაუქროლა თვალწინ. წვიმდა. ბიჭი დაორთქლილ ფანჯარას შიგადაშიგ ქაღალდის ხელსახოცით წმენდდა და შემდეგ კვლავ შეციებულ შუბლს ადებდა. „ჭრელი საბურველის“ წაკითხვიდან უკვე თითქმის 20 წელი გასულიყო. ახლა უკვე სულ სხვა მწერლებს კითხულობდა. ზურგჩანთაში დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ ედო. წინასწარ იცოდა, ივანის გაწბილება მოუწევდა და „დიდ ინკვიზიტორამდე“ მისული ამ თავის დაწყებას სოფელში ყოფნის ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლებდა. ბავშვობიდან დასჩემდა - სადაც არ უნდა წასულიყო, ზღვაზე, მთაში თუ სკოლის ერთდღიან ექსკურსიაზე, წიგნი თან უნდა წაეღო. ასე თავს უფრო მშვიდად გრძნობდა. იცოდა, რომ თუ დროს გამოძებნიდა, წასაკითხი თან ჰქონდა. ბევრი რამ მოხდა ამ ორ ათწლეულში - გაიზარდა, ოცდასამი წლის ასაკში ორივე მშობელი საგზაო უბედური შემთხვევისას ერთდროულად დაკარგა, ოცდამეთერთმეტე გაზაფხულს დაოჯახდა და აგერ, ახლა, მამაც გახდა. შეიცვალა თბილისი, საქართველო, მსოფლიო და, რაც მთავარია, თავადაც შეეცვალა ხედვის კუთხე და ცხოვრებისეული ფილოსოფია. ერთადერთი, რაც მის ბიოგრაფიაში ბავშვობიდან მოყოლებული მეტ-ნაკლებად უცვლელი დარჩა, ბებია იყო. რაც თავი ახსოვდა, მანონის წელში მოხრილი, მოფუსფუსე სილუეტი მის მეხსიერებას სულ თან სდევდა. მთელი ეს პერიოდი ლაშამ მხოლოდ ორჯერ ნახა ადამიანის თვალისა და გონებისათვის შესამჩნევი ცვლილება ამ საოცარი პიროვნების არსებაში: ერთხელ ქალიშვილისა და სიძის ტრაგიკულად დაღუპვისას, რის შემდეგაც ბებიას ტანზე შავის გარდა არცერთი სხვა ფერი და სახეზე სიმწრით მოკუმული ტუჩების გარდა არცერთი სხვა გამომეტყველება შეუნიშნავს, და მეორეჯერ ამ ორი თვის წინ, როდესაც ქალს ტვინში სისხლი ჩაექცა და მას შემდეგ ლოგინად ჩავარდნილს ხმა აღარ ამოუღია. მესამე, ძირეულ ცვლილებას, ახლა იხილავდა, რამდენიმე წუთში. სამარშრუტო ტაქსი ქვალონში შედიოდა.

....................................................................................................................................................................

- გეეედ, ნანა, გედი! ვა გარჩქილენო? სკან საოროფო მოთაქ ქომორთუ, ნანააააა (მეგრ. ადექი, დედა, ადექი! არ გესმის? შენი საყვარელი შვილიშვილი ჩამოვიდა)!

მისაღებ ოთახში შესულ ლაშას ლამზირას კივილი სახანძრო მანქანის სირენასავით შემოეფეთა და ყურები დაუხშო. რძლის დატირებას შიგადაშიგ ნათესავი თუ მეზობელი ქალების ვიშვიში და წამოძახილი ენაცვლებოდა. 

- მანონი, შეხვდები ახლა შენს მონატრებულ ლელას და სანაქებო სიძეს და უთხარი, გოგო, გაიზარდა-თქო თქვენი ბიჭი, თქვენი ლაშიკო, და კარგად არის-თქო, გოგოოო, - ახლა კლარამ ატეხა ერთი ვაი-უშველებელი, გარდაცვლილის უმცროსმა დამ.

ლაშა სკამზე ჩამოჯდა და ცოტა ხნის მერე იკითხა:

- ძალიან იწვალა?

- სულ ძალიან, ბიცო, - ლამზირამ შავი თავსაფარი შეისწორა და დედამთილის გადიდებული სურათისაკენ თავის ქნევით გაიხედა, - ბოლომდე გონებაზე იყო. ა, ასე ეჭირა ჩემი ხელი. შენთან ბოდიში და, ტუალეტშიც არ მიშვებდა. პატარა ბავშვივით ტიროდა, ერთი წამით თუ სადმე გავიდოდი.

- ეჰ, დაისვენა ამ გაჭირვებულმა, - ჩაილაპარაკა ჭუჭუ ბჟალავამ და დააყოლა, - დითა, რაც ამას დღე ქონდა თავისი შვილისა და სიძის სიმწარეზე, მტრისას!

- მერე ერთს არ შეგაწუხებდა, ჭუჭ მამ, შენ მაინც ხომ იცი ეს, - ლამზირამ ახლა გვერდით ეზოში მცხოვრებ მეზობელს შესტირა, - იყო ასე წყნარად და თუ წაასწრებდი თავისთვის ჩუმად ტირილის დროს, იმ წამსვე გაჩერდებოდა და რაღაც საქმეს წამოიწყებდა. ჩემი საწყალი დედა, შენ მოგიკვდი მეეეეე.

ლაშას ბავშვობიდან უკვირდა, თუ როგორ შეიძლებდა ვინმეს ჭუჭუ რქმეოდა. მეზობელს სახელით თავიდანვე ვერ მიმართავდა. რაღაცნაირად ერიდებოდა ბებიის ტოლი ადამიანისათვის ასე ეწოდებინა. გულს მოეშვა, როდესაც ერთხელ ბიძაშვილმა გაანდო, რომ ქალის საპასპორტო სახელი ოფელია იყო. თან „ჰამლეტი“ ახალი წაკითხული ჰქონდა და სიხარულით ცას ეწია.

- ოფელია ბებია, - დაუძახა თხუთმეტი წლის ლაშამ მეზობელს, - გამოუშვებთ დოჩის ჩვენთან? „ქალაქობანა“ გვინდა ვითამაშოთ.

- ჩქიმი ცხორება (მეგრ. ჩემო სიცოცხლე), - დატკბა დანიელი უფლისწულის ბედკრული სატრფოს ლაზი სეხნია, - შენ საიდან იცი, მე რომ ოფელია მქვია? შენ კი არა, დედიკო, მე დამავიწყდა ეს ამბავი და შენ რამ გაგახსენა, ბიჭო?! ჭუჭუ ბებია დამიძახე, მე ასე უფრო გამიხარდება.

ლაშამ დაირცხვინა და მომდევნო წლების ყოველ ზაფხულს ქალთან კვლავ სახელის გარეშე მოუწია ურთიერთობა. და ეს გაგრძელდა მანამ, სანამ გაიზარდა.

- ლაშიკო, შენ მანქნით ჩამოხვედი, დედა? - იკითხა ქალბატონმა ბჟალავამ და დახეთქილი ქუსლები წლების წინ ნაყიდი, მაგრამ მხოლოდ გასვენებებსა და ქორწილებში ხმარებისაგან ახლებივით შენახული, მჭიდრო ფეხსაცმელებისაგან გაათავისუფლა.

- არა, ჭუჭუ ბებია, მარშუტკას ჩამოვყევი, - გაიღიმა ახალგაზრდა კაცმა.

- როგორ გნატრობდა ბებიაშენი, რომ იცოდე, - ჩაილაპარაკა ოფელია ველოდის ასულმა ბჟალავამ და განიავებული ტერფები კვლავ ფეხსაცმელებში ჩააკვეხა.

- ა, ისევ მობრძანდა ეს ქალბატონი, - გაბრაზებით ჩაილაპარაკა ნათელამ და ხელები გულმკერდზე დაიკრიფა.

- მოდი, ნანული, შენი ჭირიმე, მოდი, - წაიტირა ლამზირამ და მეზობელს მულისშვილზე მიუთითა, - თავისი საყვარელი შვილიშვილი ჩამოუვიდა შენს საცოდავ მანონის. 

- ნენა, აი ბაღანა რამოდენა კაძახი გამხდარა (გურ. დედა, ეს ბავშვი რამხელა კაცი გამხდარა)?! - ახალშემოსწრებულმა ქალმა ტუჩები მარცხენა სახელოთი საგანგებოდ მოიწმინდა და ლაშას გულიანად აკოცა, - სტორია, ბებია, სტორი, აბა რაფერ, შენი კურცხალი არ უნდა გააყოლო ბებიას (გურ. სტორი - სწორი, კურცხალი - ცრემლი)?!  

- დაბერდა ეს ქალი სამარგალოში და მაინც ვერ მოიშორა ეს პრონტი გურული დიალექტი (მეგრ. პრონტი - სულელი), - ამრეზით ჩაილაპარაკა ნათელამ და დაამატა, - ძღაბ, შენ რამდენი ხანია, რაც აქ ხარ გათხოვილი (მეგრ. ძღაბი - გოგო)?

- ცა, რასაა რო ბჟუტურობს აი პროხი დედაბერი (გურ. ბჟუტურობს - ლაპარაკობს, პროხი - ბებერი)? - ნანული ჩამოჯდა და კაბის კალთა შეისწორა, - დემეთხუე, თუ ღმერთი გწამს, რომ მიკიტინებ სამიდღემჩიოდ (გურ. მიკიტინებ - მაღიზიანებ, სამიდღემჩიოდ - მუდმივად)!

- ბორო ხარ სუფთა, რა უნდა გელაპარაკო (მეგრ. ბორო - სულელი), - აიმრიზა მოწინააღმდეგე და თავი გადააქნია.

- ა, კიდო, მაინც თავისას ჩივა, - გაბრაზდა სამეგრელოში ამ ოცდაათი წლის წინ გათხოვილი შუა ხნის გურული ქალი, - ბოროც ხარ და აბდალიც! ჰო, რას დაგიყვლეპია მაი თვალები და პეტელობ? კიდე აქეთ დამენდურე ახლა. მაცადე ერთი, დეველაპარაკო ამ ბაღანას, რა ხანია, არ მინახავს (გურ. ჩივა - ამბობს, აბდალი - სულელი, დაგიყვლეპია - დაგიჭყეტია, პეტელობ - კიკინებ, დამენდურე - დამემდურე).

- ლაშა, წევიკითხე შენი წიგნი, ამ ოთხი თუ ხუთი წლის წინ რომ დაგიწერია, - ნანულიმ ტუჩის კიდეებზე მარჯვენა მტევნის საჩვენებელი და ცერა თითი ინტენსიურად ჩამოისვა, - ბებიაშენმა მათხუა მაშინ. ნამეტანი მომეწონა. კიდევ ხომ არ დაწერე რამე ახალი და გამომეპარა?

- გამიხარდა, რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ, - ლაშამ გაიღიმა და დაამატა, - ახალი ჯერ არაფერი გამომიცია.

- რატო, ნენა, კორონას ხო არ გადაყვა შენი მუზა, მაგას რო დეეფსო თვალები?

ქალებმა გაიცინეს. ნათელამაც გაიღიმა.

- ლაშიკო ჩვენი სიამაყეა, - განაცხადა ფატი ყოლბაიამ, რომელიც მთელ ქვალონში თავისი ენამოსწრებული ბილწსიტყვაობით იყო განთქმული, - აბა, ლალი ჯორთმენაძეა მწერალი? იმ დღეს იყო გამობძანებული ტელევიზორში. ჟურნალისტმა კითხა, როდის ასწრებთ წერას ქმართან, სამ შვილთან და სამსახურთან ერთადო. თურმე იურისტად ნამუშევარა ეს ბორო. ღამე მიყვარსო წერა, განაცხადა, მეუღლესა და ბავშვებს რომ დავაძინებო. ო, ახალ მოტყნულზე ნაყვარება წერა ქალბატონს, მაგ დროს ეხსნება ეტყობა ტვინი.

- ა, უჯინი (მეგრ. - ერთი ამას შეხედეთ, რა)! დითა, რა უბედურის ერთი ენა გაქვს (მეგრ. უბედური - გაქნილი, აქ - მახვილი). მიატოვე-მეთქი მასეთი ლაპარაკი, რამდენჯერ გითხარი? - ლამზირამ სიცილის შეკავება სცადა და მაჯებამდე ჩამოწეული კაბის სახელოდან გამოღებული ცხვირსახოცი პირზე აიფარა, - ხომ იცით, ჯამბულის როგორ უყვარს კითხვა. ხან რა წიგნს მოათრევს სახლში, ხან - რას. შარშან ამ ჯორთმენაძის წიგნიც მოიტანა. „სიყვარულის მტევნები“ თუ რაღაც ეშმაკები, მაგას მოუკვდა პატრონი. მარა, რა გინდა?! კაი სქელ-სქელი წიგნი კი იყო, თან ისეთი რბილი ფურცლები ქონდა, რომ ნუღა იტყვი. ზოგს რო აქვს, გაფშიკინებული და უხეში, მასეთი კი არა.

- იმ დღეს ვკითხულობდი ტელეფონში - ამ ლალის სამივე ბავშვი სულ სხვადასხვა კაცისგან ნაყოლება, - ნათელამ მეზობლებს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა და თმაზე ხელი გადაისვა.

- ძღაბ, ბოზირე, ბოზი, გაქანებულ ბოზ (მეგრ. გოგო, ბოზია, ხელიდან წასული ბოზი), - აკაკანდა ისევ ფატი, რომელსაც თავის ალკოჰოლზე მეტისმეტად შეყვარებულ გვადისთან ვერა და ვერ გაუჩნდა შვილი მიუხედავად უამრავი ექიმბაშური, კლასიკური სამედიცინო თუ ტრადიციული, მამა-პაპური მეთოდების ინტენსიური გამოყენებისა, - ხო, ხო, რა მრავალჭირნახული და გამობრძმედილი იქნებოდეს იქნება მაგისი ჩური (მეგრ. ჩური - საშო)!

ქალებს ხმამაღალი სიცილის ტალღამ გადაუარა. უეცრად ლამზირა გაირინდა. როგორც გარეული ნადირი იგრძნობს ხოლმე მსხვერპლის სიახლოვეს, სწორედ ასე იყნოსა ქალმაც სამძიმარზე მომსვლელთა შემდეგი ტალღის მოახლოება და გველნაკბენივით წამოიძახა:

- სუ, მიატოვეთ ახლა ეს სიცილ-კისკისი! ჯამბულის სამსახურიდან მოდიან და არ მომეჭრას თავი.

- გეეედ, ნანა, გედი! შენი საფიცარი შვილის ამხანაგები მოვიდნენ! როგორ დაგაფასეს, დედა! რამხელა ვენოკი მოუტანიათ, დეეეეე-და (რუს. ვენოკი - ყვავილების გვირგვინი)! როგორ გიყვარდა ყვავილები, ჩემო ლამაზო და კოპწია დედა! სულ დიდი მადლობა, თქვენი ჭირიმეთ, დიდი მადლობა!

....................................................................................................................................................................

უჩუმრად მიეპარა ჯოგოს. მუქი წაბლისფერი ზაქი უხალისოდ ბალახობდა და აგვისტოს ხვატით გულშეღონებული მსხვილი თასმის მსგავს, მოკლე კუდს შიგადაშიგ საჯდომზე იტყაპუნებდა. ვერ გაეგო რვა წლის ლაშას, კამეჩის ნაშიერი ამ საქციელით ბუზებს იგერიებდა თუ ზაფხულის სიცხით თავგაბეზრებული უბრალოდ ისე ინიავებდა, როგორც შეეძლო. კისერზე შებმული თოკი პირუტყვს ძირს დასთრევდა და სწორედ იქ ბოლოვდებოდა, სადაც უკანა კიდურების ჩლიქები მზით გამომშრალი მიწისათვის დაებჯინა. ბავშვმა მყისიერად დრო იხელთა და საბელს მარდად დასწვდა. ტელევიზორში ნახა მარხილში შებმული ხარირემი და მას შემდეგ მთელი თავისი არსებით სწადდა, ერთხელ მაინც ჩაექროლა ისე, როგორც იმ მულტფილმში აჩვენეს. მართალია, ახლა ციგაზე არ იჯდა, არც ჯოგოს ჰქონდა რქები და არც ზამთარი იყო, მაგრამ რაც მთავარია, ბაწარი ეპყრა ხელთ და გასაქროლებლადაც მზად იყო. პატარა გული სიხარულისაგან გამალებით უცემდა. ჯოგომაც არ დაახანა, შეტორტმანდა, ერთი კი მოიხედა უკან, ჩემს თავს რა ხდებაო, შემდეგ არც აცია, არც აცხელა და უკანმოუხედავად მოკურცხლა.

ქვალონის უკან დიდი მინდორი გადაჭიმულიყო. აქ წამლად ერთ ხესაც ვერ იპოვიდით. მთელი სოფლის მსხვილფეხა ჩლიქოსნები ამ ველზე მოდიოდნენ საბალახოდ. იმხელა სივრცე იყო, რომ ადამიანი თვალს ვერ გაუწვდენდა. ლაშას აღარც კი ახსოვდა, რამდენჯერ ენახა მზის ჩასვლა ამ ტრიალ ვაკეზე. მანონი მოსაღამოვებულზე საქონელს ბოსელში ერეკებოდა, ხოლო ბიჭი ტრამალის დასავლეთს გაჰყურებდა, რომელსაც თითქოს ცეცხლი წაჰკიდებოდა. ჯანღივით მოძალებულ ბინდბუნდში ხარების, ძროხებისა თუ კამეჩების ზანტი სილუეტები მოცურავდნენ. ლაშა კი მისი ათვლის წერტილიდან ქვეყნის დასალიერის კიდეზე მეწამულისფრად შეფერილ დაფიონებში გახვეულ მოწითალო დისკოს მისჩერებოდა და ჯერ ვერ გაეგო, თუ მზე საით მიდიოდა ან მეორე დღეს საპირისპირო მხრიდან როგორ ამოდიოდა. ამ მინდორზევე იყო წყაროც, რომელიც სოფლის კაცებმა თავის დროზე ჭაბურღილით გაჭრეს. დაისვენა ხალხმა. აღარ სჭირდებოდათ მეზობელი თეკლათიდან წყლის ზიდვა და ამ დღიდან მოყოლებული, სიცოცხლის ელექსირი ყველა აქაურს უკნიდან მიჰქონდა. დიახ, ზუსტადაც რომ „უკან“ ერქვა ამ მიდამოს, სადაც პირუტყვი ბალახობდა, მზე ამოდიოდა, მერე ყოველი შებინდებისას ისევ ჩადიოდა და ახლა უკვე წყაროც მოჩუხჩუხებდა. ახლაც სწორედ უკან გარბოდა გახელებით აწყვეტილი, კუდამოძუებული ნადირი და ბავშვსაც გამალებით მიარბენინებდა.

- ჯოგოოო, - ღრიალებდა გულგახეთქილი ლაშა და თოკს ხელს ვეღარ უშვებდა.

- ნანააა, ჩქიმ ცოდა (მეგრ. ვაი, ჩემი დღეს)! - იკივლა საიდანღაც ბებიამ, - ჯოგო, გაჩენდ, სი ოღურალი (მეგრ. ჯოგო, გაჩერდი, შე სასიკვდილე)!!!

მანონის მჭექარე ხმაზე ზაქი შედგა, თავი მორჩილად დახარა და მოკლე კუდი ახლა უფრო თვითგვემის, ვიდრე ბუზების მოგერიებისა თუ მონიავების თვალსაზრისით, საჯდომზე შემოირტყა. მაშინ ბიჭმა პირველად გაიცნო თვალებგადმოკარკლული შიში და ბებიის თვალებზეც პირველად იხილა ბედნიერების ცრემლები, როდესაც ქალი გადარჩენილ და საღ-სალამათ შვილიშვილს ეხუტებოდა.

ახლაც უკან მიდიოდა. ბავშვობა უხმობდა და კარგად ნაცნობ მინდორზე მზის ჩასვლის სანახავად მიეჩქარებოდა. მოსაღამოვებულიყო. პანაშვიდზე მომსვლელთა ნაკადი არ წყდებოდა. ლაშა აივანზე მდგომ ბიძას, ბიძაშვილებსა და სხვა ნათესავებს უჩუმრად გამოეპარა, ეზოს უკანა ღობის ხის კარი ფრთხილად გახსნა და ფართო ბილიკს გაუყვა.

წყაროსთან მიახლოებისას მთვარეულივით შედგა. ხერხემალში სიმძიმე გაუდგა და ჟრუანტელმა დაუარა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს რაღაც უხილავი გულზე შეახტა და ჩამოეკონწიალა, სწორედ ისე, პატარა ბავშვებს რომ სჩვევიათ უფროსების კისერზე ჩამოკიდება. სუნთქვა გაუხშირდა და ანაზდად ყელში მობჯენილი, რიტმული ძგერა იგრძნო.

ის კი წყალზე ჭურჭელს რეცხავდა. ტანზე მუქი ნაცრისფერი, ჯვალოს კაბა ემოსა, ხოლო ფეხებზე კალოშები ეცვა. წელში მოხრილი იდგა. იქნებოდა ასე 14-15 წლის. დებორას ჰგავდა ფილმიდან „ერთხელ ამერიკაში“. ფაფუკი, მურა ფერის თმა წელამდე სცემდა. ქორფა, ქათქათა სახის კანი საღამოს სიგრილისაგან გაფერმკრთალებოდა. სახელოები იდაყვებამდე აეკაპიწებინა და გარეცხილ ჭურჭელს წყაროსთან ოდნავ შემაღლებულ ბექობზე შემოდებულ სინზე ალაგებდა. ასე გვერდულად მდგომარეს თვალები და ტუჩები კარგად არ უჩანდა. წყლის გარშემო ადრეული აპრილის ნარცისები აყვავებულიყო და ყვავილებით გადაპენტილი მდელო ჩამავალი მზის ფონზე ფორთოხლის ნაჟურით დანამულს წააგავდა.

ლაშას ისეთი განცდა ჰქონდა, რომ თითქოს თავისი ეზოდან ხის ღობის გავლით ფართო ბილიკზე დადგომისას და უკან მოსვლისას მოზრდილობის კარი გამოიხურა და დროის მანქანით 20 წლის წინანდელ, ზღაპრულ სამყაროში მოხვდა. ახლა თავადაც 13 წლის იყო და ასე გულაფრთხიალებული მაშინდელი თვალებით შესცქეროდა გოგონას. როდესაც თავის დროზე, ბავშვობისას, ქვალონში სამი ეზოს იქით მცხოვრები ხატია გაიცნო, ყელში მობჯენილი ეს რიტმული ძგერა პირველად სწორედ მაშინ იგრძნო. თავისი აწ გარდაცვლილი მშობლები ოდესღაც მეგობრებთან ერთად ვიდეო კასეტაზე ჩაწერილ გახმაურებულ ამერიკულ ფილმს უყურებდნენ და თავადაც ესა თუ ის ეპიზოდი თვალმოკვრით ნახა. ნორჩი დებორას სახე გონებაში ნათლად აღებეჭდა და როდესაც იმ ზაფხულს მეზობლის ბავშვებმა „ხუთქვაობანასა“ და „გაფუჭებული ტელეფონის“ სათამაშოდ ხატიაც თან მოიყოლეს, ეგონა, ეკრანიდან გადმოსულ ლაფშას შეყვარებულს შესცქეროდა.

თავიდან გოგო-ბიჭი ერთმანეთს თვალს არიდებდა. შემდეგ მოვიდა ასკილისფრად შეფაკვლის წუთები. ამას მოჰყვა გაპრანჭვის, ბედნიერების, გაბუტვის, აღტყინების, კინკლაობისა და კვლავ ზეცაში ამტყორცნი სიხარულის დღეები. ყველაფერი შორით ტრფობისა და შორით დაგვის ფარგლებში დარჩა, როგორც მოზარდებისა და მოზრდილების გამიჯნურებისათვის იყო ტიპური 90-იანი და 2000-იანი წლების საქართველოში.

ამ შეხვედრიდან მოყოლებული ლაშა მთელი წლის განმავლობაში დღეებს ითვლიდა და ყოველ მომდევნო ზაფხულს გულის ბაგა-ბუგით ელოდა. გარდატეხის ასაკის ღვარცოფმოვარდნით სახეალეწილი და განწყობააწეწილი ყოველდღე გეგმავდა, თუ როგორ გაემხილა მეზობელი გოგონასათვის, რომ მასზე ფიქრში ათენ-აღამებდა. ვერც ამ ივნისს გაბედა. და როდესაც გაცნობიდან ორი წლის მერე, მესამე ზაფხულს გადაწყვიტა, რომ ცოცხალი თავით არ დაბრუნებულიყო თბილისში მანამ, სანამ თავის გულისსწორს სიყვარულს აუხსნიდა, ხატია ქვალონში აღარ დახვდა. ამა წლის ვარდობისთვეს მოეტაცა ვინმე ჯვებე ნაჭყებიას და როგორც მეგრელები ყვებოდნენ, თავისთან, მარტვილში გადაეყვანა. როგორც ბიჭმა ჭუჭუ ბჟალავას საუბრიდან ყურმოკვრით შეიტყო, ივლისში გოგონა უკვე ფეხმძიმედ იყო. ასე აუორთქლდა ლაზი დებორა მანონის უკვე ხმადადაბლებული, წვერულვაშამოწვერილი და ნესტოებდაბერილი შვილიშვილის მეთხუთმეტე ზაფხულის ქარიშხლიან ხვატს. მისი ანაორთქლი ბიჭის ცხოვრების მომავალ 3-4 წელიწადს გადაწვდა. ადრეულ სტუდენტობაში კიდევ ბევრჯერ უფიქრია ხატიას ფაფუკ თმასა და მისი ქათქათა, ნორჩი სახის ნაკვთებზე. შემდეგ, როდესაც კიდევ უფრო გაიზარდა და ხედვაც ეცვალა, ბავშვობამ თავისი დარაბა ფეხაკრეფით გაიხურა და გოგონას სახებაც უჩუმარ აჩრდილს დაემსგავსა. საბოლოოდ ეს ანარეკლი ისე მიინავლა, რომ ლაშას გონებას მხოლოდ მურა ფერის დალალების მქრქალი, ნიავივით მოფარფატე ხატება და ნაწნავების შორეული სურნელის წამიერი მონაქროლიღა შერჩა. ახლა კი ეგონა, რომ დრო უკუღმა დატრიალდა და იგიც ბავშვობაში შეატივტივა - კვლავ უკან იდგა, მზის ჩასვლის წინარე მდუმარებით მოცულ, ქვეყნის დასალიერამდე გადაჭიმულ ტრამალზე, წყაროსთან კი თმაგაშლილი დებორა მოგონებების ნაცარტუტიდან მკვდრეთით აღმდგარიყო და ჭურჭელს რეცხავდა.

ნაბიჯების ხმაზე გოგონა წელში გასწორდა, მარჯვენა, სველი მტევნით სახიდან უსწორმასწოროდ ჩამოშლილი კულულები მოიშორა და უცნობ კაცს თვალი გაუშტერა. ნედლი ტუჩები სანახევროდ შეეღო და წაბლისფერი თვალები გაფართოებოდა. დასავლეთის უკიდურესი ზეგანის ტატნობზე დაშვებული სისხლისფერი დისკოს მეწამულისფერ ჩქერალში გახვეული მოზარდი ამ წუთებში ჯუზეპე რიბერას ტილოზე აღბეჭდილ წმინდა აგნესს წააგავდა.

- ხატია??? - ლაშას თავისი ხმა თავად ეუცხოვა. ბგერების ტემბრი ნედლი იყო და შორეული წარსულიდან მოვარდნილი ექოსავით ისმოდა.

- არა, ხატია დედაჩემია. მე ელენე ვარ, - გოგონა იღიმებოდა და უცნობს გაკვირვებულ მზერას არ აშორებდა.      

რაღაც ჯადოსნობით ოცი წლით უკან დაწეული დრო მომშვილდულ სიმზე ხელის აშვებით გატყორცნილი ისრის სისწრაფით ზამბარასავით ისევ აწმყოს დაუბრუნდა და ინერციით ასხლეტილმა კვლავ 2021 წლის 5 აპრილი მოასაღამოვა. ყველაფერი ჩვეულ რიტმში ჩადგა. გარდასული დღეების მისტიკური ზმანება უკვალოდ აორთქლდა.

- ძალიან გავხართ დედას, - ლაშა გამომშრალ ტუჩებს ენით ილოკავდა და ცდილობდა, ფორიაქი დაეფარა, - მე და დედათქვენი ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით ხოლმე.

- მართლა? - გოგონამ ლაღად გაიცინა და დაამატა, - ბევრი მეუბნება, რომ ძალიან ვგავარ ახალგაზრდა ხატიას. სიმართლე გითხრათ, მე ამ მსგავსებას ვერ ვამჩნევ.

- დედა ახლაც ძალიან ახალგაზრდაა, - გაიღიმა ლაშამ და შემდეგ დასძინა, - აი, თქვენ როგორი თმაც გაქვთ, ზუსტად ასეთი ჰქონდა მასაც 13-14 წლის ასაკში.

- ვიცი, სურათებზე მინახავს.

კაცს გულმა რეჩხი უყო. ცოტა ხნის ყოყმანის მერე თავს ძალა დაატანა და ჩაილაპარაკა:

- ახლა სხვანაირია ხატია?

- ჩემთვის არა, - ქალიშვილი უცნობს ფართოდ გახელილი თვალებით შესცქეროდა, - მე დედა სულ ასეთი მახსოვს - მაღალი, ლამაზი, მოკლედ შეჭრილი, მოწითალო თმით.

მოკლედ შეჭრილი, მოწითალო თმით... უცნაურად ჟღერდა. მნიშვნელობა ესმოდა, მაგრამ გრძნობითად ვერ აღიქვამდა. სიტყვები ყურს ეხამუშებოდა.

ტრიალი მინდვრის დასავლეთით გაწოლილ დასალიერს ცეცხლი წაჰკიდებოდა. მწიფე ბროწეულისფერი დისკო უკვე სანახევროდ მიმალულიყო. ჯანღივით ჩამოწოლილ ბინდბუნდში ხარების ზანტი სილუეტები მოჩვენებებივით მოცურავდნენ. მარჯვენა ფერდზე მიდგმული, ახალდარეცხილი ჭურჭლით სავსე სინით სახლისაკენ მიმავალ ელენეს მურა ფერის ფაფუკი დალალები წელამდე სცემდა. ჯუზეპე რიბერას წმინდა აგნესს უკვე აღარ წააგავდა. ახლა ლიხს აქეთ, რიკოთს გადმოღმა მყოფ ცამეტი წლის ლაშას ხატიას ალიკვალი იყო, შორეული ოკეანის გადაღმა კი - ლაფშას დებორას ზმანება. დასალიერს გაჩენილი დაისის ხანძარი წყაროს გვერდით წამობურცულ ბექობამდე ვერ აღწევდა. ჩამავალი მზის ფონზე ადრეული აპრილის ნარცისებით გადაპენტილი მდელო ფორთოხლის ნაჟურით დანამულს წააგავდა. 

....................................................................................................................................................................

გასვენების დღეს ცა დილიდანვე მოიქუფრა. ლეგა ღრუბლები ჩამოწვა და ჰაერი ავდრის მომასწავებელი განწყობით დამძიმდა. როდესაც ორ საათს გადასცდა, მისაღები ოთახიდან ყვავილები გამოიტანეს. ამას მოჰყვა გვარამიას ქალის გადიდებული სურათი და კუბოს სახურავი. ბოლოს სასახლეც გამოასვენეს და წვიმამაც სწორედ მაშინ დასცხო.

- ჩემო კეთილო დედააა, - ხმამაღლა მოთქვამდა ლამზირა და პათოსის მოძალების წუთებში აქეთ-იქით ამომდგარი მეზობლების მკლავებიდან თავის გათავისუფლებას ლამობდა, - არ გაუშვათ, ბიჭებოოო, არ გაუშვათ ჩემი კოპწია დედა, ამას მოვუკვდი მეეე! ბუნებამაც როგორ დაიტირა, ხომ ხედავთ? ხო, ხო, წვიმაც როგორ გიყვარდა, ჩემო საყვარელო დედააა!

რძლის მონოლოგიდან რამდენიმე წამიც არ იყო გასული, რომ ახლა კლარამ იკივლა:

- სო მეურქ, მანონი, სი გაჭირებულ დღაშ დანაბადი (მეგრ. საით მიდიხარ, მანონი, შე უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულო)?!

ასე ზარითა და თავ-პირ-ცემით მიაცილეს მიცვალებული სასაფლაომდე. გაჭრილ სამარესთან ლამზირას დატირებამ კულმინაციას მიაღწია და დედამთილს კვალდაკვალ რომ არ მიჰყოლოდა, მოსაბრუნებლად ნიშადურის სპირტი და ამ უკანასკნელი, მძიმე საათების დროს ხმარებაში ფრიად აქტიურად ჩაშვებული ე. წ. „კაპლი“ გახდა საჭირო. 

სანამ კუბოს დახუფავდნენ, ლაშამ ბებიას გულზე დაკრეფილ ხელებზე მარჯვენა მტევანი დაადო და ხმადაბლა რაღაც წაიჩურჩულა. ქალს სახეზე არანაირი ცვლილება ეტყობოდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ეძინა. უბრალოდ, მარმარილოს ქანდაკებასავით ცივი იყო, ცივი და გახევებული.

მალე ამაოების ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პროცესი დაიწყო, რის ნახვა, მოსმენა და გადატანაც ადამიანად მოვლენილებს არცთუ იშვიათად გვიხდება ხოლმე. ჰერმეტულად დახურულ, მოცულობით ჭურჭელზე ბელტების დაშენას თავდაპირველად როყიოდ ფუტურო ხმა ჰქონდა, რომელიც ნელ-ნელა ფუყე ხმაურში გადავიდა და ბოლოს ფშვნად, დაბალი ტონის, შრიალა ხმიანობაში გაიშალა. დასამარდა მანონი გვარამია თავის დარდსა და სიხარულთან, ფიქრებსა და ოცნებებთან, ამქვეყნიურ ავსა და კარგთან ერთად. საფლავის მიწით ამოვსებასთან ერთად წვიმამაც გადაიღო და გამოიდარა კიდეც. თითქოსდა ეს ავდარიც გლოვის ამ რიტუალის გასაპატიოსნებლად საგანგებოდ გამოწერილი ბუნებრივი გაფორმება ყოფილიყო.

ქელეხის სუფრა სასტუმრო ოთახსა და ლოჯში გაეშალათ. მაგიდასთან ლაშა ნაზი ლომჯარიას პირ-და-პირ აღმოჩნდა (ამ შემთხვევაში ასევე მართებული იქნებოდა გვეხმარა პირის-პირ). ოცი თუ ოცდაათი მოსახლის მოშორებით მცხოვრები ქალი მორიდებით იჯდა და უპირატესად თევზეულს ეტანებოდა. მართალია, სათალით დახვავებული ერთი თეფში ცხვირწინ ედო, მაგრამ მას ხელს არ აკარებდა. ალბათ, გვერდით მჯდომი თანამესუფრეებისათვის თუ ზოგავდა. რიგრიგობით გადმოაწოდებინებდა ხოლმე მოშორებით ჩადგმულ, ზუსტად იმავე სახეობის კერძს ხან მარჯვნიდან და ხანაც მარცხნიდან. როდესაც მის გვერდით მჯდომმა გენო ლაბარტყავამ შენიშნა, რომ თევზი სუფრაზე მხოლოდ მათ წინ დარჩა, დრო იხელთა, ერთი ნაჭერი თავისთვის გადაიღო და შემდეგ ქალბატონ ლომჯარიას მიაწოდა.

- ვა მოკო, წიე, ვა მოკო (მეგრ. არ მინდა, ბიჭო, არა), - ინაზებოდა ნაზი და მეორე „ვა მოკო“-ს პარალელურად სათალს მოკრძალებულად თეფშზე იდებდა. ასე „ვა მოკო, ვა მოკო“-ს ძახილით მოსუფთავდა ზღვის პროდუქტის ეს უკანასკნელი ოაზისიც და სუფრის აღნიშნული კუთხე მხოლოდ ლობიოსა და მჟავეულის იმედად დარჩა.

შუა ქელეხში ლაშა წამოდგა და მისაღები ოთახიდან საპირფარეშოსაკენ გასწია. ტუალეტთან სამი ქალი იცდიდა. რიგში ბოლო ნანული ქუტიძე გახლდათ, ამ ოცდაათი წლის წინ სამეგრელოში გათხოვილი გურული მანდილოსანი, რომელიც ენას არ აჩერებდა:

- ა, კიდო წყალს ათხრიშინებს (გურ. ათხრიშინებს - აჩხრიალებს)! გამეეტიე, ვინცხა ხარ შეჩვენებული! დავწყდით ხალხი! ჯამბულის რომ აქვს ეს სახლი ამფერი გაბარბალებული (გურ. გაბარბალებული - კეთილმოწყობილი), ვერ გააკეთა ორი უბორნია, ცა (გურ. უბორნია - საპირფარეშო)?!

ლაშას გაეღიმა, შემდეგ აივანზე გავიდა და ეზოს ძველი, ხის ტუალეტისაკენ გასწია. მის ბავშვობაში მხოლოდ ეს ეული, ფიცრული ნაგებობა იყო ამქვეყნიური სევდის მატერიალური ნაშთის გაქარვებაზე გათვლილი. ბოლო წლებში ბიძამ სახლის გარემონტებას, როგორ იქნა, თავი მოაბა და ამ განახლებისას აივნის 8 კვადრატული მეტრი შვების სავანესაც დაუთმო.

ლაშამ კარი ჭრიალით შეაღო, ურდული გადარაზა, მოიკალათა და ის იყო, რიტუალურ განცხრომას უნდა მისცემოდა, რომ მზერა რაღაც საოცრად ახლობლურად შორეულმა მოსტაცა. მყისვე იგრძნო, რომ ბედნიერება და სევდა სულში ერთდროულად ჩაეღვარა. წვიმისაგან გაშავებული ხის კედლიდან ჟანგიან ლურსმანზე შებმული, ღირსებააყრით ჩამომხრჩვალი, მისთვის კარგად ნაცნობი წიგნი ეკიდა. ხავსისფერ ფონზე ხასხასა, ფერადი ჩინური ორნამენტებით გაწყობილი ყდა მართლაც რომ ჭრელი საბურველივით შემოსცქეროდა, ხოლო ნახევრად გადაქექილი, მსხვილი, შავი ასოებით ამოტვიფრული სომერსეტ მოემის სახელი და გვარი ბედის სიმუხთლით გულშემატკივარი მკითხველის გარეშე დარჩენილიყო, ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ნაწარმოებს ფურცლების მხ