ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

1345 წელი კეისრის დაბადებიდან

0 ხმა

ლუკა შერგელაშვილი

ბიოგრაფია

ნაწარმოებზე მუშაობის დაწყებისას, იმედიც არ მქონდა, რომ 50 გვერდს დავწერდი. ეს ხომ ჩემი პირველი მცდელობაა და აქამდე ამ სფეროში არანაირი გამოცდილება მქონია. მაგრამ მჯერა, რომ დღეს წერის უნარის განვითარება ნებისმიერს შეუძლია. აი, 70 ათას სიტყვაზე მეტი ჩავაქსოვე წელიწადნახევრის განმავლობაში და კიდევ მაქვს გაგრძელების სურვილი. ვფიქრობ, მათემატიკური აზროვნება მნიშვნელოვნად დამეხმარა ნაწარმოების დაგეგმვაში- ჩვეულებრივი რომანისგან განსხვავებით, პარალელურ რეჟიმში ხუთი მთავარი გმირის ამბავს ვეჭიდები. მათი ერთმანეთთან დაკავშირება, დინამიკის სწორად მიმართვა და სხვა მრავალი დეტალი ნებისმიერ დიფერენციალურ განტოლებაზე რთული ყოფილა.

შემოქმედება ყოველთვის მიზიდავდა. ბავშვობაში, მეხუთე კლასში, იმდენად ჩამითრია ტოლკიენის „ბეჭდების მბრძანებელმა“, პატარა მოთხრობა დავწერე, სადაც მე თვითონ ვმოგზაურობდი შუამიწიეთში. ფენტეზი სამყაროების რუკები, ჯარები, პოლიტიკური დაპირისპირებები ყოველთვის მაინტერესებდა. საათები გამიტარებია „ვარსკვლავური ომების“ სამოქალაქო ომის ანალიზების კითხვაში. წერის დროს ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე- როგორ დამეწერა ნაწარმოები ადამიანებზე და არა ალტერნატიული ისტორიის მატიანე. ვფიქრობ ამ გამოწვევას ურიგოდ არ გავართვი თავი და ახლა მსურს იგი ყველას გაგიზიაროთ. 

სინოპსისი

„1345 წელი კეისრის დაბადებიდან“ არის ალტერნატიულ სამყაროში განვითარებული რომანი. აქ რომის რესპუბლიკა იულიუს კეისრის შემდეგ არ იქცა იმპერიად და განაგრძო არსებობა კიდევ მრავალი წელი. თუმცა რომაული არწივის ჩრდილი შემცირებულია და ვეღარ ფარავს მიწებს, როგორც ძველად შეეძლო. ეგვიპტეში დაწყებულმა ამბოხმა თითქმის სრულიად აფრიკა წაართვა რესპუბლიკას… კართაგენის გარდა. სწორედ აქ, მარმარილოს ქალაქში, იწყება ჩვენი გმირების ამბავი. რომანს რამდენიმე პროტაგონისტი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა შეხედულებებით და მიზნებით აკვირდებიან ერთი და იგივე მოვლენებს. კართაგენის შემდეგ მათი ამბები იტოტება, მკითხველი მოგზაურობს დედაქალაქ რომში, ნაპოლში, კამპანიის ტყეებში, სიცილიაში, საჰარის უდაბნოში, ალექსანდრიაში და რაც მთავარია, მისტიურ ეთიოპიაში- სადაც ლალიბელას საიდუმლო ქალაქი ბევრ მოულოდნელობას გვპირდება. თუმცა ნაწარმოები არაა უბრალო თავგადასავალი, იგი პერსონაჟთა ტკივილს გადმოსცემს, იდეალთა პაექრობას, შურისძიების წყურვილთან ბრძოლას და თვითგადარჩენის დაუოკებელ სურვილს. ყოფილ მეგობრებს უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, ხოლო მტრებს საერთო სირთულის დასაძლევად გაერთიანება.


ეს არის ამბავი სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნაზე. თუნდაც ალტერნატიული პერიოდი ჩვენისგან ყველაფრით განსხვავდებოდეს, ადამიანების სურვილები, გრძნობები, ნაკლოვანებები მაინც იგივეა. მრავალფეროვან პერსონაჟებს ერთი მთავარი აერთიანებთ- არავინ არ წყვეტს მოძრაობას, ბრძოლას. ზოგი გმირი შეიძლება ნაკლებად მოგეწონოთ, ზოგი მეტად, ყველას თავისებური მეთოდი აქვს თვითდამკვიდრებისთვის. მაგრამ არავინ ამბობს “მორჩას”, “რაც არის, არის”. ნაწარმოები საუბრობს ადამიანის უმთავრეს ზრახვაზე და ჩემი აზრით, დღეს საზოგადოებას მისი დაკარგვა ყველაზე მეტად აბრკოლებს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური