ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

1345 წელი კეისრის დაბადებიდან

1345 წელი კეისრის დაბადებიდან

როდესაც მავრიტანიიდან შეშინებული პატრიციები გამოიქცნენ, იტალიაში უბრალოდ გაეცინათ...

როდესაც ალექსანდრიის შუქურასაც კი ჩამოახიეს რომაული ალამი, ჩრდილოელმა დიდებულებმა დუმილი ამჯობინეს...

როდესაც ტრიპოლის ბრძოლამ ზღვა რომაული სისხლით შეღება, ღმერთის რისხვა უწოდეს და ტაძრებში შეიყარნენ სალოცავად… 

და რესპუბლიკას უკანასკნელი სიმაგრე შერჩა სამხრეთის კონტინენტზე- კართაგენი. მარმარილოს ქალაქი, რომლის მაცხოვრებლებს წარმოდგენა არ აქვთ კეისრის დაბადებიდან 1345 წლის შემოდგომაზე, თუ რაოდენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი გახდებიან...

 

თავი პირველი, სუნი მომავლისა

13 ოქტომბერი 1345 წელი კ.დ. 

 

ჭერიდან ჩამოსრიალებული ობობა ტიტუსს სახეზე უცქერს. ამ ცხოველებს საერთოდ თითები არ აქვთ, თუმცა პატარა საცეცებს ისე იქნევს, თითქოს მწოლიარეს ესალმება. “ადექი ბებერო, რა დროს წოლაა”-ო, წიკვინებს პატარა... არადა სისხამი დილაა, მთელი ცხოვრება ლოგინში ნებივრობას რომ მოგანდომებს... მაგრამ ამ ობობას რა გააჩერებს- დაინახა თუ არა ტიტუსის დაზარება, თავის ქსელს აგრძელებს და პირდაპირ მკერდზე აჯდება... 

ეს კი ზედმეტია, პატარავ! მამაკაცმა ხელი მოუქნია საცეცა სტუმარს და უსასრულო იატაკისკენ გააფრინა.

მაგრამ გაიძვერა ობობამ თავის მიზანს მაინც მიაღწია- ავოკატი ტიტუს გლაბრიო ახლა ფხიზელია.

ზანტად დგება რომაელი. მოკლე ღამე ჰქონდა და ვერ იძინა კარგად… ახლა კი თავს ისევ უხერხულად გრძნობს. ღამეც, დღეც… თითქოს წვიმამ უნდა დასცხოს და ჰაერი მოგუდულიაო.

ლეგიონერს ეჭვები ღრღნის, სხვები კი იქით დასცინიან ტიტუსს. არადა როგორი აშკარაა! ქუჩებში უსიამოვნო შეგრძნება ბინადრობს. სუნი, რომელიც აქ არასდროს ყოფილა. 

სარკმლისკენ მიმართა მზერა… მაგრამ რას გაიგებ?! ამ უცხო შეგრძნებას ისე ჰყავს მონუსხული კართაგენი, თავს და ბოლოს ვერ უპოვი... 

ტიტუსი აბჯარში ჩაჯდომას იწყებს. ჯერ კიდევ ადრეა და მოასწრებს ცოტახანი კედელზე გაიაროს… მაღალ გალავანს აყოლებს მზერას: ყველაფერი გუშინდელივით ადგილზეა. თეთრ მკლავებში მოქცეული მარმარილოს შენობები თავიანთი ბრწყინვალებით ისევ აბრმავებს ყოველივეს. ჩრდილშიც კი... სიკაშკაშეს ისიც ემატება, რომ ცაზე ღრუბლის ნაგლეჯი არაა, მზეს მუშაობაში ხელი რომ შეუშალოს. მაგრამ ნიავი მაინც უბერავს, ასე რომ ყვითელი მნათობის სხივები კანს ოფლს არ გამოადენენ. 

მშვენიერია… თუმცა, რათ გინდა? განა მზის სხივებმა გამოიტყუა რომელიმე კართაგენელი თავისი ლოგინიდან? ან ერთ დიასახლისს მაინც მოასურვა დილის ნიავმა სარკმლის გაღება? არა... ტიტუსის გარდა მთელ რომს სძინავს შუადღემდე. სძინავს ღრმად. ხვრინავს უკვე უფ... შეიძლება წლებიც კი.

როცა მზერამ კართაგენის ყოველი ქუჩა მოიარა, დაღლილი ოთახში დაბრუნდა. აქ კი ისევ მძინარე ბიჭები წვანან. რაღაცნაირად ფშვინავენ… აი, გაღვიძება რომ მოგერიდება. ეჰ, ამათ ისეთები გამოიარეს, მართლა იმსახურებენ შუადღემდე კი არა, მთელი თვე უდარდელ დასვენებას.

იგივეზე შენც გეფიქრება ხომ, ტიტუს? სახეზე არ გაწერია ყოველ გაღვიძებისას?… ყოველ სიზმარში ჭიშკარს რომ აღებ და სახლისკენ არბიხარ, მშობლებს ეჩოქები და მათ მუხლებს ეხვევი… თან მთელი ძალით- არსად რომ აღარ გაგიშვან… ანატოლია… და ეძახი მაგ ადგილს სახლს… რადგან სახლი ისაა სადაც ყოველთვის ბრუნდება გმირი, ხომ?

თუმცა ავოკატო ტიტუს, განა ანატოლიას შეალიე ცხოვრება? განა 23 წელი მის ბროლისებრ მთებში იბრძოდი? არა. შენ მხოლოდ აფრიკის ქვიშაზე აბიჯებდი ამდენი ხანი… აქაური მზე იყო, პირველმა რომ შენიშნა შენ სახეზე წვერი, და აქაური ძმები იყვნენ, რომ დაგანახეს თავზე ჭაღარა. “რომის რესპუბლიკას საუკეთესო მებრძოლები სჭირდება”, მიამიტი ჭაბუკები ასეულებით დაირაზმეთ სამხრეთისკენ. როგორი საამაყო გეგონა კონსულ მაქსიმუს სერგიასთან მსახური! შენ არ იყავი, თანამებრძოლებს მთელი გზა რომ აჯერებდი: ჩავალთ აფრიკაში, იმ მეამბოხეებს დავამარცხებთ და გმირებად მოვივლით რომსო?!

მერე რა მოხდა? გახდი გმირი? ნახევარ ცხოვრებაზე მეტი ერთი და იგივე მიწას ტკეპნით ლეგიონერებო. და ანატოლიამდე მანძილიც არ იცვლება- ისევე შორსაა, როგორც ჩამოსვლის პირველ დღეს. 

 

თუმცა ტიტუს გლაბრიო არაა მონა! იგი ავოკატია- ვეტერანი მოხალისე ლეგიონში. მოხალისე, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის მორჩება "ხალისს".

და რატომ?

ყაზარმიდან გამოსულმა ჯერ კიდევ ცივ ქვაფენილზე დადგა ფეხი. კვლავ სისხამი დილაა. მხოლოდ კედლის რამდენიმე საცოდავი გუშაგი სცემს ბოლთას და ამით თუ მიხვდება თვალი დროის სვლას.

ტიტუსი გარშემო ათვალიერებს და კართან მეგობარს ხედავს! თავისთვისაა უმოძრაოდ და ავოკატის გამოსვლა ვერც კი შეემჩნია... რაღაც წიგნს კითხულობს ისეთი ინტერესით, თითქოს მისი ცხოვრება ამაზეა დამოკიდებულიო.

 — ჯუნო!— ეძახის ტიტუსი. ახალგაზრდა კი კვლავ თეთრ ფურცლებში ფარფატებს— ჯუნო! რას შვები?

— ჰაა?— ძლივს თავს წევს ჭაბუკი. ვერც კი ხვდება საიდან დაუძახეს...

— ასე ადრე რამ გაგაღვიძა?

— ალექსანდრე მაკედონელმა!— აი, ახლა მზერა მეგობრისკენ მიმართა— ტიტუს… შენ არ იცი აქ რა ხდება! მთელი ღამე დავსდევდით სპარსელებს… ახლაც აღმოსავლეთში ვბობოქრობთ!

— ვაა, ნახე შენ?! მერე, რაო სპარსელებმა, გარბიან ინდოეთში?

ჯუნო… აი ეს ბიჭი! ასეთი ჭაბუკი… ტიტუსი წავიდეს ანატოლიაში და ახალგაზრდა შეეწირება რესპუბლიკას. ესაა ავოკატობის მიზეზი. სულ ეს.

— ეე ტიტუს! ახლა ამბოხი აუტეხავთ მეფის მებრძოლებს, ამას მოაგვარებს და ინდოეთშიც ჩავა და მის იქითაც!

— შენნაირი ჭაბუკები არ ჰყავდა ალბათ...— გაუღიმა. მეოცნებე ჯუნოს ამ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გამოუვლია, თუმცა მაინც! მზისკენ მიფრინავს ხოლმე ცვილის ფრთებით… ამჯერად წიგნში ჩავარდნა და მაკედონელთან ერთად ლაშქრობა სურს…

— მოიცადე. აი ნახავ! მალე დამთავრდება სამხრეთის ომი და სპარსეთის ლაშქრობაშიც წავალ! 

— ღმერთს ვთხოვოთ რომ იგი მალე არ დამთავრდეს, ჯუნო...

— ვერ მივხვდი, რატომ?

— იმიტომ რომ დრ… ან იცი რაა? მაგას მერე მოგიყვები. ახლა წამოდი, ცოტახანი კედელზე გავიაროთ, შენ მაკედონელ მეფეზე მიამბე!

… 

თეთრი კედლიდან გადაჰყურებენ უსასრულო უდაბნოს. ის უხერხული მგუდავი შეგრძნება, გაღვიძებისას რომ აწუხებდა ტიტუსს, აქაც თავს იჩენს. რა ჯანდაბაა? მაგრამ ჯუნო ხომ ვერაფერს გრძნობს, ახლაც შორეულ მიწებზე ფიქრობს:

— არასდროს მიკითხავს ტიტუს… ქრისტეს დაბადების ქალაქში ყოფილხარ?

— ბეთლემი? არა… ჯერ კიდევ სანამ დაიბადებოდი, აქ ვიბრძოდი და აბა როდის მეცალა... 

— ეჰ, ნეტავ რაოდენ ბრწყინვალეა? მაგ ქუჩებში თუ მაცხოვარი დადიოდა, წარმოგიდგენია თითოეული ქუჩა რა სიდიდისაა?

— ალბათ. წამიყვან როდესმე?— ცოტათი ოცნებაში ჰყვება ჭაბუკს.

— რა თქმა უნდა! დიდი პატივი იქნება ეს ჩემთვის!

საუბარი ცოტახანი გაწყდა. მაგრამ ორივე სახეზე უხერხულობაა- საუბარი სურთ ერთმანეთთან და ვერ ბედავენ თემის წამოწყებას…

— ჯუნო… იმ წიგნს რომ კითხულობდი ახლა, მოგწონს?

— როგორ თუ მომწონს?! სასწაულებრივია!

— კარგი ერთი, აქამდე არ გქონდა წაკითხული?

— მამა კი მიკითხავდა ნაწილებს ბავშვობაში… სანამ… სანამ, ხომ იცი რა? მერე კიდევ მე თვითონ რომ დავიწყე წიგნების არჩევა, სურვილი აღარ მქონდა ამისთვის ხელი დამედო. თუმცა ბოლოს ყველაფერი რომ მოვილიე, ისევ გადავაწყდი. ახლა უკვე იმდენად ჩამითრია, საფლავში მინდა ჩამაყოლონ, რომ იქაც განვაგრძო კითხვა!

— კარგი, ცუდად ხუმრობ…

— არა მართლა, უნდა წაიკითხო! მოვრჩები და გათხოვებ აუცილებლად. თანახმა ხარ?

— კარგი…

ისევ ცოტახანი მიწყდა საუბარი… ახლა ჯუნო ცდილობს განახლებას:

— ტიტუს, აი ნახევარი წიგნი გავედი უკვე, და მაინც ჯერ ვერ გავიგე, კართაგენში, იუპიტერის მოედანზე, მაკედონელის ქანდაკება რატომ გვიდგას? ნუთუ დიდი მეფე აქაც ჩამოსულა ოდესღაც? 

— არამგონია. ეგ ძეგლი ადრე იუპიტერის იყო, მერე ჭეშმარიტი ღმერთი რომ ვიპოვეთ, ძველი ცრუ კერპების მსხვრევა დაიწყო, ეს კიდევ დატოვეს და უბრალოდ გადააკეთეს. აი მაკედონელად რატომ აირჩიეს არვიცი… რა გითხრა აბა… ალბათ უნდა დაასრულო მთლიანი წიგნი და მერე გაიგებ?

— შეიძლება. ისე, აქ რომც არ ჩამოსულიყო, მაინც უამრავი მიწები დაიპყრო ერთმა კაცმა! რანაირად მოახერხა ამდენი რამ?!

— გაუმართლა.

— რას ჰქვია გაუმართლა? მთელი მსოფლიო იღბალით დაიპყრო? სისულელეა!

— ჯუნო, როცა მთელი მსოფლიო ნებას გაძლევს იგი დაიპყრო, ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ მტერს თავში ქათმის ტვინი უდევს და არა ის, რომ შენ ხარ ყოველთა მძლეთამძლე.

— კი მაგრამ…

— შენი აზრით აი ეგ მაკედონელი მეფე, კონსულ სერგიაზე უკეთესი სარდალი იქნებოდა? უკეთ იცოდა ჯარის მართვა თუ ხმლის ქნევა? არა მეგობარო, თუ სწორ დროს არ დაიბადე, მარტო საუკეთესოობა არაფერს გიშველის…— მკაცრი ხმა შეეპარა ტიტუსს…

— ანუ ჩვენ ცუდ დროს დავიბადეთ და არაფერს აზრი არ აქვს, ტიტუს?— ჯუნოს კითხვაში მისი შეცბუნება იგრძნობა.

— არა, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მაკედონელს ძალიან გაუმართლა. ჩვენ, რა თქმა უნდა ეგრე არ გაგვიღიმა ფორტუნამ, თუმცა დამიჯერე- უარესიც, გაცილებით უარესიც შეიძლებოდა!

— ნუთ...

— მოიცადე!— ტიტუსი თითს სწევს და ჭაბუკი ჩუმდება! გალავნის გარეთ ვიღაც დარბის. უფრო სწორედ, კედლისგან გაქცევას ცდილობს. კურდღელს ჰგავს, მახიდან გაძრომა რომ მოეხერხებინა.

— ის ვინ ჯანდაბაა?— ავოკატი ისე უყურებს, თითქოს თავისი მზერით ცდილობს დაიჭიროს უცნობი.

— არ ვიცი, რა ვქნათ? განგაშია?

— ჰო, ალბათ ვინმე ვაჭარია? მაინც ჩავიდეთ, რომელიმე ცენტურიონს ვუთხრათ... 

კიბეზე ჩარბიან. ნეტავ უფრო ადრე დაენახათ ის უცხო კაცი... 

… აფეთქება...

ტიტუსს ყურში მეხი ეცემა.

შემდეგ კი ყველაფერი დაბნელებულია. 

თვალებს ძლივს ახელს. სადღაც ბუჩქებში ჩავარდა, თავზე იმდენი მტვერია, თითქოს სამარხში ეძინაო. რა ხდება? ჯუნო სადაა?! ფეხზე ადგომას ცდილობს ტიტუსი, მაგრამ ჯერ თავბრუ ეხვევა. ყურში არაფერი ისმის წუილის გარდა… “ჯუნო!” ყვირის ბოლო ხმაზე, მაგრამ... დამუნჯდა თუ დაყრუვდა? ნერვიულობა იმატებს, თუმცა ის არ უნდა გაახაროს ვეტერანმა! იყუჩე გულო!

აი, აი! თვალი თავის ხელობას იხსენებს და ტიტუსს ელდა ეცა: კედელზე, სადაც რამდენიმე წამის წინ იდგა ჭაბუკთან ერთად, უზარმაზარი ნაპრალია გაჩენილი. მის ჭრილში კი… მის ჭრილში სიკვდილი მოდის. სიკვდილი… ახლა რომ უამრავ კართაგენელს თავს გააცნობს… 

...

გალავანი დანგრეულია. მტრის უზარმაზარი პირველი ტალღა მოიწევს მარმარილოს ქალაქისკენ და ხელგაშლილი მასპინძელივით დგას ტიტუსი. კიდევ კარგი ფეხები ამუშავდა. მაგრამ არა! ავოკატს გაქცევა არ შეუძლია- აქ სადღაც ჯუნო თუ წევს, უნდა იპოვოს! თავისი დაცემის ადგილი შეამოწმა- უშედეგოდ. გარშემო გაგიჟებული აცეცებს თვალებს- მეგობარი არც ცოცხალი არც მკვდარი, არსად ჩანს… აღრიალდა მთელი ძალით, თუმცა ისევ არაფერი… მარტო მტერი და მისი ნაბიჯების თქარუნი... და მცირე დროც, რაც ტიტუსს მეგობრის საპოვნად ჰქონდა, წამებში ქრება...

ჯუნო ვერ იპოვა… ცრემლწამოსული თავს ცაში წევს…

მაგრამ არა! მეგობარზე ხელს ასე ვერ ჩაიქნევ! ალბათ გაიქცა! გონს დროზე მოვიდა, ან საერთოდ არ გადააგდო აფეთქებამ. 

რაც არ უნდა იყოს, ვერსად ვერ წახვალ, სანამ ჭაბუკს არ ნახავ! ცოცხალს თუ მკვდარს! არა. ცოცხალს, ცოცხალს მხოლოდ! 

თავი ხელში აიყვანე და მთელი ძალით ქალაქის გულისკენ წადი ტიტუსი… ჯუნო ჯერ კიდევ სუნთქავს კართაგენში, ამ ქუჩების ყოველი ნაბიჯი უნდა დაიცვა ავოკატო გლაბრიო! 

შენ კი გაუძელი, ჭაბუკო… ტიტუსი ამ ქალაქისთვის მტერს თავსაც შეაკლავს, თუმცა კართაგენი ეშმაკსაც წაუღია, მთავარია შენ გადარჩე, ჯუნო!

 

***

იმავე დილა; კართაგენი, ციტადელის სასახლე

 

აბრეშუმის თეთრეულში ჩაყვინთულ კასიუსს დღეს რატომღაც ადრე გაეღვიძა. დიპლომატი ისევ სიზმრებში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ძილი აღარ ეკარება

სენატორი კასიუს ფურია… მარად მას ავალებენ მნიშვნელოვან საქმეებს, დაიღალა უკვე… აი, ჩამოათრიეს კართაგენში, მიდი ზავი დაგვიდე იმ ეგვიპტელთანო. ის კი არა, ლეგიონები გამოუშვან, არა, არა… ისევ კასიუსი. წინ და უკან. ნუ, რასაკვირველია კასიუსზე უკეთესი არც არავინ ჰყავს იმ მშვენიერ სენატს, თუმცა ასეც არ შეიძლება… რომაულ არწივს შუნარჩუნე მისი კართაგენიო და ჩასვეს გემში… არადა თაგვებს არწივის კლანჭების ეშინიათ, ენის კი არა… 

ფეხზე დგება და ზანტად იცვამს. კი გაეღვიძა ადრე, მაგრამ ცოტახანში იმ უძინარ კონსულთან უწევს შეხვედრა… სამხრეთელებს რაღაც არეული აქვთ თავში. ამ უთენიაზე თათბირი ვის გაუგონია… ლოგინისკენ რომ გაგირბის თვალი, მელოტ მაქსიმუს სერგიას რატომ უნდა უყურო?! ძალიან თავხედი არარაობაა სარდალი… ძალიან… უბრალო სტუმარი კი არა, დიპლომატი- მისი ქალაქის მხსნელი ჩამოგივიდა… და ასე ადრე იბარებ შენთან… სირცხვილია! საზიზღრობაა ეს პროვინციული სიფიცხე! რატომ უნდა ერქვას დიდ სენატორ ფურიასაც და ვიღაც სამხრეთელ სოფლისთავ სერგიას ერთნაირად რომაელი?! ასეთი თავხედობა რომში რომ გაიმეორო, მთელი ქალაქი შენზე იჩურჩულებს შუადღეს… 

ეჰ… დაკარგა კართაგენმა ის ძველი სისპეტაკე, რითაც ოდესღქც დედაქალაქს უტოლდებოდა… ახლა ჰა ჰა ბარბაროსების ბუნაგად გამოდგეს. თავად ხალხიც ბარბაროსები არ არიან? დიახ, თავადვე იქცნენ ველურებად ამ ქალაქში მცხოვრები პროვინციული მაიმუნები… 

კასიუსი მაგიდას უახლოვდება და თავისი მარნიდან წამოღებული ნაპოლის ღვინოს ასხამს. აი, ეს არის ცივილიზაცია… ეს არის დიდებული! თითოეული წვეთი მშობლიურ ნოტიო ნიავს მოგაგონებს. აქ კი ყოველ ჩასუნთქვას ცხელი ქვიშა მოჰყვება. თან ისეთი, იფურთხები და მაინც რომ არ გადმოდის პირიდან… ბინძური ჰაერი… ამას რომ სუნთქავდეს კასიუს ფურია მთელი ცხოვრება, ისიც კი გაველურდებოდა. იქნებ საერთოდ, არც უნდა გახსნას რომმა თავისი ნისკარტი ამ მიწაზე? დაიქნიოს ფრთები და გაფრინდეს სახლში… დაუტოვონ ეს სოფელი იმ ბარბაროსს. მარმარილოს პორტი აღარაა ისეთი ძვირფასი რესპუბლიკისთვის, როგორც ოდესღაც… ადრე დიდი ნავსადგური რომ იყო- ახლა ყველა ის გემი მალტაშია გაჩერებული. ადრე დიდი სავაჭრო ქალაქად რომ იწონებდა თავს- რაც კირენაიკა იმ ველურებმა ჩაიგდეს, აქეთ აღარც კი იხედებიან ქარავნები. წარსულს დიდებას მისტირის აქაურობა სოფლისთავითურთ… და ამ ოცნების რჩენაზე კი რამდენი წელია წვალობს იტალია. აი, კასიუსიც მოაცდინეს საქმეს და ღვთისგან მივიწყებულ საღორეში გამოუშვეს... 

მაგრამ ვინ უსმენს გამოცდილ დიპლომატს მაინც მოუწევს სენატორ ფურიას კონსულთან შესვლა. როგორ ეზარება ამ დილაადრიან… ისედაც გამხდარი კასიუსი, ლანდივით გადის საძინებლიდან. ფარდაც კი არ შეტოკდა. 

...

დერეფანში მოაბიჯებს…

არაამქვეყნიური ხმა აზანზარებს კედლებს!

კასიუსი ბარბაცებს… ყურებში რაღაც წუის…

…ახლა კი სიჩუმე მეფობს, გამაგიჟებელი მდუმარება.

მასში გატარებული ყოველი წამი შიშს აასმაგებს. მთელი კართაგენი ერთიანად სუნთქვაშეკრულია! და შემდეგ იწყება კივილი!

შებარბაცებულ დიპლომატთან პრეტორიანელები მალევე მორბიან, შორიდანვე როხროხებენ მამლები:

— ხომ კარგად ხართ, ბატონო?  

— მემგონი.— კასიუსი ფეხზე დასადგომად ერთ-ერთ მებრძოლს ეყრდნობა— რა ჯანდაბა იყო? მიწისძვრა?

— არა ბატონო… რაღაც გაცილებით უარესი…

— რა უარესი? ამოღერღე!

— სენატორო, ჯობია კონსულის საძინებელში წაბრძანდეთ. ჩვენი გამოყოლა გნებავთ?

კასიუსმა თვითონ არ იცის რა ქნას და აბა ამათ რას ეტყვის? კინაღამ ეუბნება კისერიც გიტეხიათო, მაგრამ თავის შეკავება კასიუს… თავის შეკავება… დიპლომატი ხარ…

— ცენტურიონი სად არის?

— ქალაქში გაიქცა სანამ აფეთქება იქნებოდა…

— რა იქნებოდა?!                                                      

ეს მამლები კი ჩუმად დგანან…

— კარგი, მივარდით იმ ცენტურიონთან, ამომითრიეთ! გამაგებინოს რა ხდება! სულ ხომ არ გამოშტერდა?! სენატორის დაცვა როგორ გაიქცა ქალაქში… 

ხმა უწყდება, თუმცა ჯარისკაცები თითქოს არც კი უსმენენ ბოლოსო, სირბილით ტოვებენ დერეფანს.

კასიუსი კონსულის კაბინეტისკენ გაიქცა, შეაღო დიდი კარი, იქ კი მოულოდნელი რამ ხვდება! მასპინძელს აბჯარი აცვია, მანტია უკვე გაკეთებული აქვს და წითელბუმბულიან მუზარადს ამზადებს:

— სალამი სენატორო ფურია… როგორ ბრძანდებით?

— რა დროს სალამია, კონსულო, გამაგებინეთ რა ხდება!

— აა, ეგრე პირდაპირ თუ გნებავთ.— უახლოვდება კასიუსს და ჩუმად აგრძელებს— ღალატი ხდება, ღალატი…

— რას ნიშნავს ეგ?

— რას ნიშნავს?!— უცებ კისერში ჩაჰკიდა ხელი მაქსიმუსმა და სარკმლისკენ მიათრევს! ლამის ბოლომდე გადააგდოს… 

— ხედავ იმას?!— კედლის გადაღმა უთითებს- სქელი შავი სვეტი მოაბიჯებს ყვითელ ქვიშაზე… მოაბიჯებს გალავნისკენ! თუმცა… თუმცა მასში უზარმაზარი ნაპრალია!

— ეს, ჩემო მეგობარო, არის ღალატი! აფრიკელები მოვიდნენ… რომი კი ისევ იტალიაშია!

რას ჰქვია?! აბა სენატორი რას აკეთებს აქ?! რამე ხომ არ ეშლება ამ პროვინციელს…

— სენატორო, რას იტყვით აბა, რა მოვიმოქმედოთ?— თან მაქსიმუსი თავის აბჯარს უბრუნდება, ქამარს იჭერს წელზე. ახლა მოუნდა ყველას რჩევები კასიუსისგან…

— კონსულო... მტერი შემოვა ქალაქში?

— შემოვა და ყველას გაგვანადგურებს!

— კი მაგრამ, მე… მე ხომ დიპლომატი ვარ?!

— მერე იდიპლომატეთ სენატორო, აქ რას მიდგახართ!

— და სად წავიდე აბა? სად წავიდე!— ბოლო ფრაზას სასოწარკვეთილი ღრიალებს.

ეს რანაირად გამოგივიდა, კასიუს? ახლა კი ფეხები ნახე რას გიკეთებენ: თხელი მუხლები თეთრ ქვაზე ეცემა, და მათ მალევე ხელისგულებიც ეწევიან. ნიკაპი, რომელიც ცოტახნისწინ ალპებზე მაღლა იყო აღმართული, ახლა კისერში ჩამალვას ცდილობს… პირი კი ერთადერთ სიტყვას იმეორებს: “მიშველე”. 

პროვინციელი არარაობის იმედად ხარ, დიპლომატო?! იმ ბარბაროსის, რომლის სახელსაც ამდენი ხანია წყევლი! თუმცა ალბათ მართალი ხარ, სიკვდილს ყველაფერი ჯობია! 

მაქსიმუსის წაბლისფერ თვალებში აგდებული მზერა გაუფერწყლულდა და ახლა გაოცება ისადგურებს. ყოველდღე ხომ არ არის ძირსდაცემულ სენატორს რომ ხედავენ ისინი. და ნეტავ რაზე ფიქრობს მათი პატრონი? დასცინის დიპლომატს? ბრაზობს მასზე? თუ ებრალება? 

მთავარია დროზე ამოღერღოს! წამები ძვირფასია! თითოეული მათგანი გადაწყვეტს კასიუს ფურიას სიკვდილ-სიცოცხლის ბედს. 

— სენატორო— ძლივს ხმას იღებს მაქსიმუსი—ჩვენ წესიერად ჯერ არ გვითათბირია. რა დარიგებით ჩამოხვედით რომიდან? რაზე უნდა მოელაპარაკოთ იმ მეამბოხე გამბა მემფისელს?

თავი ხელში აიყვანე კასიუს!

— … ქალაქი კართაგენი ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნდეს. მთავარია რომაული ალამი არ დაეშვას და იტალიიდან სპილოს წონა ოქროს გამოაგზავნიან! გემებს გადავცემთ! ყველაფერს…

— და ამ ყველაფრის გამოგზავნის ნაცვლად, მათ თქვენ გამოგიშვეს…— ხმადაბლა ბურდღუნებს, ოღონდ ისე ხმადაბლაც არა, კასიუსმა რომ ვერ გაიგოს!

შემდეგ ტრიალდება და მომზადებას აგრძელებს… ეს რა თავხედობაა! სენატორი მუხლებზე დგას, სოფლისთავი კი ყურადღებასაც არ აქცევს!

— ახლა რა გავაკეთო, კონსულო?— მუხლებზე დაცემული იმეორებს. სარდალი არ პასუხობს. უკვე გაემზადა და კართან დგას:

— თუ გნებავთ, წამოდით? ან თუ გინდა დარჩით…

— სად უნდა წამოვიდე?! ომი მებრძოლის საქმეა!

— ხოლო დამალვა ლაჩრის…

— მე იარაღს ხელში ვერ ავიღებ! მე დიპლომატი ვარ!

— ამის დრო არ მაქვს- კართაგენია გადასარჩენი. თუ დაგჭირდით იცით სადაც მიპოვოთ, მაქამდე კი ჩემი ცოლი მოძებნეთ, მასთან უსაფრთხოდ იქნებით.

ცოლი? მართალია! მაქსიმუსი ხომ თავის ცოლს ყველაზე საიმედო ადგილას დამალავს. და იქვე შეაფარებს თავს კასიუსიც! სწორია! მემატიანებმა წერონ კართაგენის ბრძოლის გმირებზე, რომლებმაც ქალაქს თავისი სიცოცხლე შეალიეს, თუმცა კასიუს ფურია გმირი არ არის! იგი ადამიანია. არა, მეტია- ის პატრიცია! და პატრიციის სიცოცხლე ათი მებრძოლის სულზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ დიპლომატის ვალია გადარჩეს, ეს მისი ვალდებულებაა!

 

— აბა თქვენ იცით, იმედია მალე გნახავთ…— დაემშვიდობა მაქსიმუსი.

მარტოა სენატორი კასიუს ფურია… სრულიად მარტო ამ მომაკვდავ ქალაქში...

— კარგით კონსულო, კარგით... თქვენ ცოლს ვიპოვი.

 

თავი მეორე, შემოდიან 

13 ოქტომბერი 1345 წელი კ.დ. 

 

დედა დაჟინებით სთხოვდა ჯუნო სერგიას ლეგიონერი არ გამხდარიყო. თუმცა რა ესმის მშობელს ჭაბუკის გულის ტკივილი… განა შეუძლია ახალგაზრდა სულს, მამის დიდებას გვერდიდან უყუროს და არ გაიფიქროს “მეც მინდა”? განა დაუშვებდა პატარა ჯუნო, აბჯარასხმული კონსულის ომში ისე წასვლას, უკან თავისი პატარა ხის გლადიუსით რომ არ გაჰყოლოდა? არა… არაფერი სჯობს შენით მოამაყე მშობლის თვალების ცქერას… არაფერი…

ამიტომაც, როდესაც კართაგენის ლეგიონში გაწევრიანდა, მთელი არსება მიუძღვნა ამ საქმეს! თუმცა მამა მკაცრია… ლომის კბილები ღიმილისას არ ჩანან, მხოლოდ კბენისას! და კბენა მას არ სწყინდებოდა… პირველივე დღიდან საერთოდ დაივიწყა ვაჟი თუ ჰყავდა...დაუნდობლად აწამებდა რიგით სერგიას… სხვები როცა წვრთნის შემდეგ ისვენებდნენ, ახალგაზრდას მეორე ცვლასთან ერთად ავარჯიშებდა; როდესაც ღამე ყაზარმაში ყველას ეძინა, ჯუნო კართაგენის ცივ კედელზე ბოლთას სცემდა. და ასე იყო წლობით… მაქსიმუსის შიშით სხვებიც ერიდებოდნენ ჯუნოსთან მოახლოებას… მარტოსული და გადაქანცული, დღიდან დღემდე გაძლებაზე იყო ჭაბუკი… თუმცა არასდროს! არასდროს გაუფიქრია გულში- საკმარისია! არასდროს არ დანებებულა. მამის თვალები დამარცხებულ ვაჟს ვერ ნახავენ! 

და თითქოს, სამყარომაც შენიშნა ჯუნოს ძალისხმევა… ციდან ჩამოსული ანგელოზივით, ჭაბუკის ცხოვრებაში გამოჩნდა ტიტუსი… სხვები როდესაც არც კი ამჩნევდნენ მაქსიმუსის ვაჟს, ავოკატი გლაბრიო მოდიოდა და თამამად ურტყამდა ზურგზე ხელს... როდესაც ყველა ყური დახუჭული იყო ახალგაზრდისთვის, ვეტერანი მებრძოლი არასდროს იზარებდა დღის ამბების მოსმენას…

თუმცა ტიტუსი უბრალო რიგითი არ იყო! პირიქით- ყველაზე ბრძენი, ყველაზე მოხერხებული, ყველაზე მამაცი, ყველაზე ყველაზე… შეუძლებელია ახალგაზრდას სურვილი არ გასჩენოდა მისთვის მიებაძა. და სულ მალე, მამის კბენაზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა ტიტუსის ღიმილი… 

ჯუნო სერგიამ გადაწყვიტა რომ ის მეორე მაქსიმუსი კი არ უნდა გამხდარიყო, არამედ მეორე ტიტუსი! ეშმაკსაც წაუღია ლეგატუსობაც და ყველა სხვა ჩინიც, გულს დიდ ბრძოლებში უნდა ნავარდი, სადაც თეთრ რაშზე ამხედრებული გმირი, რომს გადაარჩენს! 

რა იცის აიაქსმა, რომ ეგეთ “დიდ ბრძოლას” წამი აშორებს…

...

კიბეზე ჩამოსული იყო, როცა ყურში მეხის ხმა გაისმა…

ძირს დაცემული მალევე გამოფხიზლდა. ტანი სტკივა, თითქოს კლდიდან გადმოვარდაო. ყურებში წუილის ხმა გულს ფხაჭნის. წამოდგომა რომ შეძლო, მიხვდა კედელთან აღარ დგას. დიდ ტალღას უკან მოესროლა ახალგაზრდა… გალავანი კი… გალავანი საერთოდ აღარაა. ჯუნოს წინ თეთრი კედლის ნანგრევებია! მასში კი… უკვე ჩანს შორიდან წამოსული უზარმაზარი ლაშქარი. მოვიდნენ.

მაშინვე გარშემო აცეცებს თვალებს. ამწამს გაღვიძებული ხალხი შენობებიდან გამორბის. მებრძოლები თუ პლებები, ყველა თავის ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს! გაუგებარი ალიაქოთი მძვინვარებს! ლეგიონერებს ქალაქის დაცვა კი არა, დედებს შვილების გადარჩენა დავიწყებიათ... ღრიალში და კივილში, მთელი მოსახლეობა უთავბოლო ბრბოდ ქცეულა. ჯუნო! თავი უნდა გადაირჩინო, ამ საგიჟეთის ნაწილი არ გახდე! 

აფრიკელთა ლაშქარი კი მოდის. მოდის უსწრაფესი სინელით.

ტიტუსი! ახლა ახსენდება ჭაბუკს… ტიტუსი სადღაა?! გარშემო შეშინებული ეძებს მეგობრის სხეულს, თუმცა უშედეგოდ. ყოველი ქვა ამოატრიალა, თუმცა ავოკატი არსადაა… არაუშავს! არაუშავს კი არა, კარგია! ესე იგი ცოცხალია ხომ? ხოდა ახლა იბრძოლებს ჯუნო სერგია! იბრძოლებს როგორც ოდესღაც ტიტუსმა იბრძოლა ტრიპოლთან! ჭაბუკს ხელი ქარქაშში ჩადებული გლადიუსისკენ მიაქვს, მაგრამ ხმალი არ ამოდის! მკლავი ებღაუჭება ტარს, თუმცა უშედეგოდ… ხელო! რას აკეთებ? ძლივს, საქმე გამოგიჩნდა, რა ჯანდაბაზე ფიქრობ?!

არ გამოდის… მემგონი გლადიუსია გაჭედილი ქარქაშში? თუმცა ამდენი ფიქრის დრო სადაა! რახან მკლავი ვერ პასუხობს ჯუნოს ძალას, ფეხები ითხოვენ დასაქმებას. და ბოლოს იმარჯვებენ კიდეც:

ჯუნო სერგია უკან გარბის...

არადა ახლაც, როცა მტერს ზურგს აჩვენებს, მაინც სურს ბრძოლა. ალექსანდრე მაკედონელივით მასზეც ხომ უნდა დაწერონ წიგნები… მაგრამ აი, გლადიუსი რომ არ ამოდის… უხმლოდ რა ქნას, აბა?! არ თქვათ რომ ჭაბუკი ლაჩარია, სხვა რა გზა აქვს? ათიათასობით აფრიკელი მოდის კართაგენისკენ, სანამ ჯუნო მახვილს ამოიღებს, ხომ არ მოიცდიან!

როგორც ბავშვობაში ხიფათს დედასთან გაურბოდა, დღესაც ციტადელისკენ მიიწევს. მამა… 

ჯუნო ქალაქის ჯურღმულში იკარგება, როცა ლეგიონერთა ათეულები შენიშნა… დანგრეული გალავნისკენ მირბიან. ისევ ჩაესო ნემსი გულში… იქნებ ამ მამაც მებრძოლებს გაჰყვეს? ტიტუსსაც იპოვის… მაგრამ შესდექ ჭაბუკო, რა აზრი აქვს გაყოლას? გლადიუსი გაქვს გაჭედილი ქარქაშში, დაგავიწყდა?

ცა ლურჯდება, მზე ამოდის და მარმარილოს ქალაქს თავის ჩვეულ სილამაზეს უბრუნებს, რომელიც სულაც არ ადარდებს ჯუნოს გულს. მთავარია ხვალაც ჰქონდეს გული. ხომ ექნება? საზარელი შიშები ტანს აცახცახებს...

 

***

გალავნიდან გამოქცეული ტიტუსი იუპიტერის მოედანზე შეჩერდა. აქ შეკრებილან რამდენიმე ასეული ლეგიონერი და აპირებენ მტერი შეაკავონ. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედით შესცქერიან თავიანთ საუკეთესო თანამოძმეს- ავოკატ გლაბრიოს. რომაელებმა დაივიწყეს წოდებები, ტიტულები… მხოლოდ ტიტუსი. მხოლოდ მისი სწამთ. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ბნელ საათში სასოწარკვეთის დამარცხება! შეიძლება