ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

“იცოცხლე, პრუსტო“ - ამონარიდი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მონაწილის ნაწარმოებიდან, რომელიც მეორე ტურში ჟიურის რჩეული გახდა

30 იანვარი 2024 წ.

გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეშვიდედ ატარებს. კონკურსის მეორე ტური ახლა მიმდინარეობს. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი მონაწილის - ვალერი ოთხოზორიას ნამუშევრიდან „იცოცხლე, პრუსტო“, რომელიც მეორე ტურში ჟიურის გადაწყვეტილებით გადავიდა. 


ვალერი ოთხოზორია გახლავთ დრამატურგი და მთარგმნელი. რაც შეეხება მის ნაწარმოებს, როგორც თავად ავტორი ამბობს, „იცოცხლე პრუსტო“ არის ასაკობრივ კრიზისზე, იდენტობის კრიზისზე, შემოქმედებით კრიზისსა და სოციალურ კრიზისზე. ერთი სიტყვით, ეს ნაწარმოები კრიზისებზეა. ამასთან, ერთი სახის კრიზისის დაძლევა ნაცადია სხვა სახის კრიზისის მეშვეობით და ეს გარემოება სპეციფიკურ ეგზოტიკურ მოცემულობას (მოვლენებს, სურათებს) ქმნის ნაწარმოებში.„იცოცხლე, პრუსტო“ აგრეთვე არის უცხოსთან ურთიერთობაზე. უცხოსთან, ანდა უცხოებთან. და ასევე, ახლობლებთან ურთიერთობაზეც. ის არის ქალაქზე, სხვებზე - სხვა ადამიანებზე, დროსა და სივრცეზე ერთის - მე-ს გარშემო. ის არის პრუსტზეც, სხვათა შორის; მაგრამ ალბათ, მხოლოდ - სხვათა შორის...


წაიკითხეთ ამონარიდი:


***

33-ის რომ გავხდი, უცნაური რაღაც შემემთხვა. თითქოს გავიჭედე. საათები არ გაჩერებულან, რადგან ბატარეაზე მუშაობდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ ცხოვრების გზაზე გავიჭედე და წინ წასვლა აღარ შემეძლო. ერთი სიტყვით, საკუთარი წლების ნახევარწრეში ჩავემწყვდიე. არასოდეს აქამდე მსგავსი რამ არ დამმართნია. არ ვიცოდი გზა და საშველი, რადგან არც ის ვიცოდი, რა მჭირდა. მწერი რომ სიბლანტეში გაიჭედება და ცურვა აღარ შველის, დაახლოებით ასეთი რაღაც დამემართა. ვიცოდი, ლექსიკონები ვერ დამეხმარებოდნენ და ალბათ, ენციკლოპედიაშიც ბევრი არაფერი ეწერებოდა ამაზე. ყოველივე ეს შუახნის კრიზისს ჰგავდა, უფრო სწორად, გვიანი ახალგაზრდობის კრიზისს, ახალგაზრდობის შემოდგომას, რომელსაც არ ვიცოდი, მოჰყვებოდა თუ არა ზამთარი და თუ მოჰყვებოდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის; და თუ არ მოჰყვებოდა, მაშინ რა იქნებოდა შემდეგ, ან იქნებოდა თუ არა საერთოდ ასეთი „შემდეგ“... თუკი მანამდე, ერთი წელი მეორეს მისდევდა და ამგვარად ვიზრდებოდი, მერე კი უბრალოდ ასაკის მატება დამეწყო, ახლა ეს მიმდევრობა არც ასეთი ბუნებრივი და უშუალო აღარ ჩანდა, და თავად მომავალი წრფიდან ბუნდოვან სივრცეს დაემსგავსა, რომლის კოორდინატები და გეოგრაფია ჩემთვის გამოცანად იქცა. 


იდენტობის კითხვები - ვინ ვარ, და ა.შ. - ამ დროისთვის სრულიად არარელევანტურის შთაბეჭდილებას მიტოვებდა. არაფერი მსგავსი გულზე არ მეხებოდა, ეს უფრო ადრეული ასაკის კითხვები იყო, კითხვები, რომლებიც წრფივი ცხოვრების პროცესში მოგეწოდება, როგორც სულიერ სავარჯიშოთა სერია. ახლა კი, არ მქონდა არც კითხვები, არც აქტუალური საკითხები, და ეს ერთდროულად დამაბნეველიც და შემზარავიც იყო. რა დასამალია, სრულიად სხვაგან, სხვა მდგომარეობაში გადავვარდი. არ ვიცოდი, ეს პიკი იყო და შეჯამება ყველა განვლილი წლისა თუ გადახრა, პარალელური ტოპოსი, როცა გზას ასცდები და ტყეში იკარგები. თუ ტყეში დავიკარგე, მაშინ უნდა გამეგო, რა ტყე იყო ეს ტყე, რატომ მოვხვდი იქ? არ ვიცოდი არც შესავალი, არც გამოსავალი, არც შუა. მხოლოდ ის მახსოვდა, რომ 33 წელი შემისრულდა და 34-ეში გადავედი, და ეს გადასვლა, წარსულთან შედარებით, სრულიად არანორმალური გამოდგა. 


მომავალზე მეტად, პირველად, წარსულზე ორიენტირებული აღმოვჩნდი. როგორც იტყვიან, „მომწყდა წელი“, ამ სიტყვით პირდაპირ გაგებით: ყველა წელი, რაც აქამდე გამევლო და რომლებითაც ვიყავი კონსტრუირებული, როგორც კონკრეტული ასაკის არსება. გამოცარიელებულ სახლს დავემსგავსე, შენობის ჩონჩხს, რომელიც სრულიად უაზროდ აღმოჩნდა დედამიწაზე. ყოველი განვლილი წელი საკუთარ თავში ჩაიკეტა ოთახივით ან შენობასავით, და შევამჩნიე, რომ წლების შიგნით ჩემთვის დიდი ბუნდოვანება სუფევდა. და ის ტროსებიც შევამჩნიე, რომლებიც ამ წლებს ჯაჭვივით ერთმანეთში კრავდა. სწორედ ამ ჯაჭვს უნდა დავეჭირე მე, როგორც გაუგებარი, ჟანგშეპარული ხომალდი, მაგრამ ჯაჭვი აშკარად გაწყდა. და მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, დროიდან ფიზიკურად არ ამოვვარდნილვარ, ფსიქოლოგიურად უეჭველად გავსხლტი, როგორც ზეთიანი ცხელი ვარენიკი, და ბრტყელ იატაკზე დავეცი. გარკვეულწილად მომწონდა კიდეც ეს სპირიტუალური იატაკზე გდება, თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევდა. მაგრამ დიდხანს დაგდებულ მდგომარეობაში ყოფნა მტკივნეული და აუტანელია. როცა წამოდგომას ვერ ახერხებ, ეს აუტანლობა მთლიანად გმსჭვალავს, ფსკერზე ჩაძირული ჩანთა წყლით რომ ივსება, ისე. 


გადავწყვიტე, დროის საწინააღმდეგოდ, - როგორც ლაკანიანელი ფრანგები იტყოდნენ - contre-temps (კონტღ-ტამ’), - წარსულში შემეცურა და იქ მეპოვა ის, რაც ასე მტანჯავდა. დავიწყე ჩემი ცხოვრების მოვლენათა თვალიერება იმგვარი ტელესკოპით, როგორსაც პრუსტი იყენებდა „დაკარგული დროის ძიებისას“. მხოლოდ ჩემი ძიება, ვეჭვობ, ძალზე უმწეო და ერთობ არაარისტოკრატული იყო. რაც წარსულის თვალიერებისას ვიპოვე, მოვლენათა ორი სერია იყო: „აფექტური კვანძები“, როგორც ფროიდი იტყოდა, და მიჯაჭვულობის ადგილები. ორივე მოვლენათა სერია ჩემს განცდაში წისქვილის მსგავს მექანიზმს წარმოადგენდა, უწყვეტი გამეორებით. აფექტურ კვანძებში ვგულისხმობდი გადამეტებულ გრძნობად მიჯაჭვულობას კონკრეტულ პიროვნებაზე, ან კონკრეტულ მოვლენაზე, მოტივზე; ხოლო მიჯაჭვულობის ადგილებში ვგულისხმობდი კონკრეტულ ურბანულ ლოკაციებს ან საგნებს, რომლებთან მიჯაჭვულობაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ გამნელებია, მაგრამ ამაზე აქამდე არ მიფიქრია, ახლა კი საჭიროდ ჩავთვალე ჩემს მიჯაჭვულობათა გადალახვა და ხსენებულ ობიექტებზე ჩემი დამოკიდებულების ტრანსფორმაცია კონკრეტულ, გრძნობად-ემოციურ მოქმედებათა მეშვეობით. ამგვარ მოქმედებათა კომპლექსები წარმოვისახე პერფორმანსების სახით, და გადავწყვიტე, ჩემი 33 წლის დასასრულს, 33 პერფორმანსი განმეხორციელებინა. 

თავიდან, 33 პერფორმანსის მოფიქრება საკმაოდ გამიჭირდა, ვერ ვიპოვე ამდენი კვანძი ან ადგილი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, დავიწყე ჩემს წარსულში იმგვარი სიარული, როგორც რუკაზე, და ბუნების შემსწავლელთა სიზუსტით - ჩემი ცხოვრების რელიეფის, ქანებისა და ზოგადი სტრუქტურის ანალიზი. მაგრამ ხელს მიშლიდა ის, რომ 33 პერფორმანსისთვის მზა სახელოვნებო სივრცე ჩემს სამშობლოში არ მეგულებოდა. თითქმის ყველა იხიბლებოდა ამ იდეით, მაგრამ ორგანიზებისთვის საჭირო დროის გამოძებნას ვერ ვახერხებდი. საბოლოოდ, გადავწყვიტე, ჩემი ასაკობრივი სვლის გაგრძელებისთვის ამდენად საჭირო პროექტი უცხოეთში გამეკეთებინა, როგორც კი აქაურ საქმეებს „დავხურავდი“. და ამგვარად, აქაურ საქმეებში გამომწყვდეული აღმოვჩნდი. პერფორმანსი „დედა“, რომელიც ახალი დრამის ფესტივალზე განვახორციელე, ერთ ამოსუნთქვას გავდა, ჰაერის უკმარისობის განცდა რომ გამიმძაფრა. ამ მდგომარეობაში, როცა ჩემი პრუსტის „წაქეზებით“, პრუსტის თარგმნა გავაგრძელე, პრუსტმა და ბიბლიოთეკამ ერთად მომიცვა. და სანამ პერფორმანსების სერიისთვის შევძლებდი ჩემი თავის სადმე გადაგდებას, ჩემი ცხოვრების უწყვეტი რემინისცენციებით, პრუსტისა და ბიბლიოთეკის ლაბირინთში გამოვემწყვდიე. ალბათ, ამ კრიზისს უნდა დაბრალდეს ის, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი უჩვეულოდ მძაფრად აღვიქვი.


წაიკითხეთ პირველი და მეორე ნაწილი


შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. შეგიძლიათ გაეცნოთ თანამედროვე ახალბედა ავტორების შემოქმედებას და ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს.