ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

“ Love is… - კრებულად ქცეული ჩანახატები”: ამონარიდი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მონაწილის - ნინო ჟვანიას ნამუშევრიდან

30 იანვარი 2024 წ.

გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეშვიდედ ატარებს. კონკურსის მეორე ტური ახლა მიმდინარეობს. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი მონაწილის -  ნინო ჟვანიას ნამუშევრიდან: „მეკომოკონები“, რომელიც გამარჯვებისთვის ბრძოლას უკვე მეორე ტურში აგრძელებს. 


 თავისი პირველი მოთხრობები ნინო ჟვანიამ 18 წლის ასაკში დაწერა. აქედან ერთი - Kyrie Eleison, თამაზ წივწივაძის რეკომენდაციით 1994 წელს „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა. მას შემდეგ მან მთელი ყურადღება დაუთმო მუსიკოლოგიურ მოღვაწეობას. „მეკომოკონები“ მისი პირველი ლიტერატურული ნამუშევარია თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ.


„მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ“ წარმოადგენს 123 ჩანახატისგან შემდგარ კრებულს. ჩანახატების წერა 2017 წელს დავიწყე, როდესაც ინდოეთში გავემგზავრე, იქ მოზღვავებული შთაბეჭდილებები გულში ვერ დავიტიე და Facebook-პოსტების წერა დავიწყე. ინდოეთს სხვა ქვეყნები მოჰყვა... გავრცობილი პოსტების წერა იმდენად მომეწონა, ყველაფერზე ვწერ... და არა მარტო მოგზაურობისას. ჩემი პოსტები ფრენდებს მოსწონთ... არაერთმა მირჩია, შემეკრიბა და წიგნად გამომეცა.


პოსტების გაერთიანების (და სათაურის) იდეა მომაწოდა X საუკუნის იაპონელმა მწერალმა ქალმა სეი სიონაგონმა. ამაზე დეტალურად კრებულის პროლოგში წაიკითხავთ.


კრებულის განუყოფელი ნაწილია ჩემ მიერ გადაღებული და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დამუშავებული (შავ-თეთრ „ნახატებად“ ქცეული) ფოტოები, რომლებიც გამოქვეყნებისას თითქმის ყველა პოსტს თან ერთოდა. ზოგიერთი ჩანახატის სრულად აღქმისათვის აუცილებელიც კი არის ამ „ნახატების“ ნახვა. ვინაიდან ვებ-გვერდზე ამ ფოტოების გამოქვეყნება ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, პოსტები მათ გარეშეა მოცემული. აუცილებლობის შემთხვევაში, სქოლიოში აღწერილია გარკვეულ პოსტს თანდართული ფოტოს შინაარსი. კრებულის წიგნად გამოცემის შემთხვევაში, სასურველია ტექსტები „ნახატებთან“ ერთად გამოქვეყნდეს.


Facebook-პოსტის ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მართებულად ჩავთვალე, ტექსტებში დამეტოვებინა „ემოჯები“, რომლებსაც უხვად ვიყენებ ხოლმე პოსტებში.  

 

წაიკითხეთ რამდენიმე ჩანახატი

***

Love is…

ერთი აპლიკაცია-თამაშია - „კატა ბუბუ“. უნდა აჭამო, ასვა, დააძინო, გაართო. ყველაფერში ვირტუალური ფული უნდა გადაიხადო. მერე ეს ფული უნდა იშოვო რაღაც თამაშებით: ხან ვირთხა მოგდევს და უნდა გაიქცე, ხან რაკეტაში უნდა ჩაჯდე და უცხოპლანეტელთა მრგვალი თეფშები ციდან ჩამოაგდო, ხან პედიკიური უნდა გაუკეთო კატებს და რავი...

მოკლედ, ჩემი ოთხწლინახევრის ძმისშვილია ბუბუს ფანი. მარტო ჩემს ტელეფონში გვაქვს აპლიკაცია, ძალიან რომ არ მიეჩვიოს. ჰოდა, იცის, რომ დღეში ორჯერ აქვს უფლება ცოტა ხანი ითამაშოს. სულმოუთმენლად ელოდება ბუბუსთან შეხვედრას! იმდენ ფულს ხარჯავს ბუბუს გართობასა და ტანსაცმელში, მერე საკვების ფული არ რჩება და ბუბუც ტირის და ნიკუც... ძალიან განიცდის... არადა, როგორ აუხსნი ბავშვს, რომ ეკონომია უნდა აკეთოს?


ჰოდა... სიყვარული იცით რა არის? 45 წლის მამიდა, მთელი დღის ნაშრომი ყოველ ღამე რომ წვება და დაძინების წინ აპლიკაციაში შედის, უცხოპლანეტელთა თეფშებს აგდებს, ვირთხას დაჭერობანას ეთამაშება და კატებს პედიკიურს უკეთებს.... ვირტუალური ფული რომ დაუგროვოს ბუბუს და ნიკუს :)


ამას აი სხვა ვისთვის გავაკეთებდი? არავისთვის! :)


 Love is... <3


***

როგორ გამოვიგონე ღმერთი


ვოლტერს აქვს ნათქვამი, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ თავად უნდა გამოგვეგონა იგიო... რვა წლის ვიყავი, თავად რომ გამოვიგონე იგი.


საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანი ვარ. რვა წლის ასაკში უკვე წაკითხული მქონდა რამდენიმე მოთხრობა, რომლებშიც გამასხარავებული იყო ღმერთის არსებობის იდეა. ჩემი მშობლებიც ათეისტები იყვნენ მაშინ. ვერ ვიხსენებ ზუსტად, როდის გაჩნდა მისი გამოგონების იდეა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ვიდექი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ზუგდიდის ბებიაჩემისეული სახლის კედელზე ჩამოკიდებული ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ წინ და ღმერთს ნატვრისთვლიან ბეჭედს შევთხოვდი. ალბათ ზღაპრებიდან მოვიდა იდეა, ღმერთისთვის მიმემართა. ზღაპრებში ხომ იგი ხშრად უსრულებდა ადამიანებს სურვილებს. ფეხითაც კი ჩამოივლიდა სოფლად ხოლმე და ებაასებოდა ხალხს. ზღაპრებიდან ვერ ამოაგდეს იგი კომუნისტებმა.


ხატს მაშინ ვინ ჩამოკიდებდა სახლში?! ჰოდა, ლეონდარდო და ვინჩის სურათი შემრჩა ხელში, უფრო სწორედ, ამ შედევრის იაფი რეპროდუქცია. რეპროდუქციების თვალიერება საერთოდ ჩემი ჰობი იყო. სახლში უამრავი ალბომი გვქონდა. ეტყობა, ერთ-ერთ ალბომში ამოვიკითხე, რომ სურათის შუაში მჯდომი მამაკაცი იესო ქრისტე იყო - არაერთი ქართული ხალხური ზღაპრის გმირი.


მახსოვს, როგორ გულწრფელად შევთხოვდი, ჩემთვის ნატვრისთვლიანი ბეჭედი ეჩუქებინა. ჩემი ბიძაშვილებიც ავიყოლიე, დავაჯერე, თუ ვითხოვდით, იგი აუცილებლად შეისმენდა ჩვენს თხოვნას. სამი დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე მივიდოდით ხოლმე სურათთან და ერთსა და იმავეს ვთხოვდით და თქვენ წარმოიდგინეთ, მეოთხე დღეს დიდ ოთაში შესულთ სურათის ქვეშ მდგარ სავარძელზე სამი ბეჭედი დაგვხდა. მგონი, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, არც მანამდე, და არც მერე...


რა თქმა უნდა, მალევე დავრწმუნდი, რომ ბეჭდები არ ასრულებდნენ ნატვრებს. ორ დღეში ბიცოლამაც გაგვიმხილა, რომ მიაყურადა ჩვენს ლოცვებს და თავად დაგვიდო ბეჭდები. ცოტა გავწბილდი, ალბათ... კარგად არც მახსოვს.... მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ამის შემდეგ ჩემ მიერ გამოგონილი ღმერთი ჩემთან დარჩა, სამუდამოდ. ის ჩემს ნატვრისთვლად იქცა - თუ რამე ძალიან, ძალიან მომინდა, დღესაც, რატომღაც, რვა წლის ბავშვივით მჯერა, ვთხოვ და ნატვრა აუცილებლად ამისრულდება...


წაიკითხეთ პირველი და მეორე ნაწილი


შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. შეგიძლიათ გაეცნოთ თანამედროვე ახალბედა ავტორების შემოქმედებას და ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს.