სამოთხე დაიბრუნე, ევა!
სამოთხე დაიბრუნე, ევა!
ყველაფერი ერთი ჭიქა წითელი ღვინით დაიწყო...
თუმცა რა ყველაფერი?! ჩვეულებრივი საღამო... ჩვეულებრივ სამსართულიანი სახლის ჩვეულებრივ პირველ სართულზე... ჩვეულებრივ ოთახში... ოთახში, რომელიც მოახლისათვის იყო განკუთვნილი...
საღამო კი არაჩვეულებრივი იყო, ქართული ვაზის ცრემლის ნაჟურით არაჩვეულებრივად გადაქცეული. აქედან რომ იგზავნებოდა ამანათები შვიდი წლის იქით, თითქოს წარსულში დარჩენილ საქართველოში, იცოდა კი არა, ყოველთვიურ მოვალეობად ქცეულიყო... მაგრამ იქიდანაც თუ მშვდობით ჩამოაღწევდა მამის დაყენებული ორი ლიტრი ალექსანდროული, ამ შვიდი წლის მანძლზე რატომ ერთხელაც ვერ წარმოიდგინა?!
არადა ჩამოაღწია. კოლა-კოლის ბოთლებში ჩაუსხა დამ და ისე გამოგზავნა. აქაც საგულდაგულოდ დამალა - გამოსაჩენ ადგილას მიყარა ბოთლები... ყველაზე უკეთ ხომ უყურადღებოდ დატოვილი ნივთები იმალება... ვითომ მართლაც გაზიანი სასმელი იყო და არა ცნობილი ქართული ღვინო...
ალკოჰოლური სასმელი.
ქალბატონი ვერ იტანდა ვერანაირ ალკოჰოლურ სასმელს დასანახადაც კი. უფროსი ვაჟი გალოთდა და იძულების წესით მოათავსეს სარეაბილიტაციო კლინიკაში, იცოდა ევამ. განიკურნა ვითომ... ალკოჰოლური სასმელი კი სამუდამოდ აიკრძალა სამსართულიან სახლში. მოახლის ოთახშიც კი...
ჰო... ქალბატონი...
ჰო... მოახლე...
ასეა და რა გინდა რომ ქნა? თავს ზეით ძალა არაა! მამის ღვინომ კი შემოაღწია აკრძალულ ტერტორიაზე და მაღალფეხიან ჭიქაშიც ჩასრიალდა ქართული სიდინჯით... შესცქერდა სისიხლისფერ სითხეს და მამის პატიებად ესმოდა მისი სურნელი... მამა პატიობდა საქართველიდან გამოქცევას... ემიგრანტად ქცევას... იტალიელი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევას... კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენნაირ ქცევასა და საქციელს?..
მამას დააღალატა, როცა „განცხრომით სხვაგან ყოფნა იქ სიკვდილს“ არჩია!
სად იყო მერე ის განცხრომა? ეგებ საქართველო იყო შვება და აქ კი უღელია ქედზე დადებული?
ალბათ, იქნებ, ნამდვილად!
წრიულად შეარყია ღვინის ჭიქა და ღრმად შეისუნთქა თხელ თითებში ჩასვენებული ჭიქიდან მომავალი სურნელი... დაგემოვნებით მოსვა...
ვერ შეედრებოდა დახლებზე 50 და 100 ევროდ წარმოდგენილ ვერც იტალიურსა და ვერც ქართულ ღვინოებს!
შვიდი წლის მონატრებას როგორ გაექცევი და არ გადაიხდი გადაუხდელს?! მაგრამ წინდაწინ იცი, მამის მარანში დადუღებული, მომჟაო-მოტკბო მათრობელა არ დაგხვდება ჩაშავებულ ბოთლში... იცი წინდაწინ და გული გწყდება... ვერ იპოვი ბავშვობიდან შეთვისებულ სურნელსა და გემოს ვერსად მსოფლიოში მშობლიური სახლის გარდა...
ტასომ მოიფიქრა, ორი ცალი გაზიანი სასმელის მარკით დამშვენებული ბოთლი გაავსო ღვინით და საგულდაგულოდ შეახვია აბაზანის პირსახოცში. დისათვის გასაგზავნი ამანათის შუაში მოაქცია, არ გასკდესო... იმედია, არავის მოაფიქრდება ფუთის გახსნაო... საგულდაგულოდ დააცალა სამი შეკვრა განიერი სკოჩი... უვნებლად ჩააღწია ადგილამდე... გაახარა ქართულ ნიავს დანატრებული და.
როცა საქართველოში დაბრუნდება, ნამდვილად იყიდის მიწას სადმე მზის გულზე! ვენახს გააშენებს! მანამდე შეიძლება, მევენახეობა ისწავლოს ინტერნეტით! გაერკვეს ვაზის მოვლის წვრილმანებსა და მსხვილმანებში!
როცა საქართველოში დაბრუნდება!
დაბრუნდება! რა თქმა უნდა, დაბრუნდება!
დედის მკურნალობისას აღებული ვალები უკვე წელიწადია, მოიშორა. დედა უკეთაა... წელიწადია, აგროვებს სახლისათვის... ძმასა და რძალს არ ჩაუსახლდება მურმანის ეკლად... თავისთვის იყიდის... ვენახიან სახლზე ახლაღა დაფიქრდა... ნამდვილად ვენახიან სახლს იყიდის... ანდა თავად გააშენებს ალექსანდროულსა და ცოლიკაურს... უსახელოურს...
კარზე დააკაკუნეს.
ევა სავარძლიდან წამოხტა და ჭიქა საწოლის ქვეშ შედგა. ბოთლი სააბაზანოშივე დაეტოვა ნიჟარის ქვეშ, პატარა კარადაში. გამართლება მოუფიქრა, რა ესაქმებოდა გაზიან სამელს სააბაზანოში: მეთლსახსა და ყველანაირ კერამიკას კარგად ათეთრებდა... თუმცა ქალბატონი მოახლის კარადაში ხელს არც შეყოფდა?! ესეც დაცული ტერიტორიები მოახლის აპარტამენტებში!
- ევა, არ გძინავს? - ზღურბლს იქით ქალბატონი იდგა. - შენი დახმარება მჭირდება. ანრეს ისევ მაღალი წნევა აქვს. სასწრაფოს გამოძახება აღარ მინდა. მაიძულებენ, საავადმყოფოში გადავიყვანო, მე კი... მირჩევნია აქ იყოს... იქ უფრო საშიშია... - წამით ამოისუნთქა და ევას დაბნეულ თვალებს ეჭვით დააცქერდა... - მხოლოდ ნემსის გაკეთება მინდა გთხოვო... შენ ხომ სამედიცინო განათლება გაქვს?
- დიახ, მაქვს! - უპასუხა მშვიდად. გაახსენდა ქალბატონს! იატაკების რეცხვასა და უთოობას რად უნდოდა ექიმის წითელი დიპლომი? მაგრამ მაინც მოითხოვა დახასიათებისას ნახსენები დოკუმენტის ასლი... - ხუთი წელი საავადმყოფოში ვიმუშავე მედდად... - ქალბატონის მოუთმენლობა არაფრად ჩააგდო, - ქირურგიაში... - სუფთა იტალიურით დაამატა საკუთარი თავით კმაყოფილმა...
- ვიცი! - მოკლედ მოუჭრა. - წამომყევი! ნემსი უნდა გაუკეთო ანრეს!
- ახლავე... - აბრეშუმის ღამის პერანგზე მოცმული თბილი ხალათის ქამარი შემოინასკვა...
ევას ოთახი მყუდრო იყო და შედარებით თბილოდა. მარმარილოს იატაკებიანი დარბაზები კი აკლდამებს უფრო ჰგავდა, ვიდრე საცხოვრებელ სახლს. ჩქარი ნაბიჯით მიმავალ დიასახლისს, ქალბატონ ალისას უკან მისდევდა. რაღა ახლა მოუნდა ნემსი და წნევის აწევა ბატონსო, იტალიურადვე ფიქრობდა. ისე შეეთვისა ამ ენას შვიდ წელიწადში, სამსახურის საქმეებზე ამავე ენაზე იწყებდა ფიქრს. თავს კიცხავდა, მაგრამ ასე ერჩია. ქართულად დასაძახებელი ბატონო და ქალბატონო ბატონ-ყმობის პეროდს ახსენებდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობებიდან, თავი კი საწყალი გლეხის გოგო ეგონა. იტალიურად უფრო ასატანად ჟღერდა.
ჩაბნელებულ ოთახში საწოლზე იწვა ავადმყოფი, მოხუცი ანრე. კაცი მძინარეს ან გულწასულს ჰგავდა და არა მაღალწნევიანს. საკუთარი განათლებისა და გამოცდილების დემონსტრირების ხასიათზე არ იყო, მაგრამ ხელში შეჩეჩებული ფლაკონის დასახელება რომ წაიკითხა, ძალიან შავბნელი ეჭვი გაეზარდა გულში... მოხუცი ქმრის მოსაკლავად ხომ არ გაახსენდა ქალბატონ ალისას ჩემი სამედიცინო განათლება ახლაო, ქართულად იფიქრა და ნემსს ხელი არ ახლო. ფლაკონი ხელსახოცით გაწმინდა და ადგილზე დააბრუნა. ანაბეჭდები არ დარჩეს ჩემიო, იფიქრა. დეტექტივები და შერლოკ ჰოლმსი ბავშვობიდან სისხლში ჰქონდა გამჯდარი.
- ქალბატონო, ჯერ წნევა უნდა გავუზომო, იქნებ დაეცა... - ჩაილაპარაკა და წნევის აპარატი მკლავზე მოსახვევად გაამზადა.
- შენ მართლა ექიმი ხომ არ გგონია თავი?! გააკეთე, რაც გითხარი! - ხმადაბლა, რისხვით ჩაილაპარაკა ქალმა.
- მე თქვენს ქვეყანაში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია არ მაქვს! - გაჯიუტდა ევა. - სასწრაფოს დაურეკეთ! მე ნემსს არ გავუკეთებ! - კარისკენ დაიხია და უნებართვოდ, სწრაფად გავიდა. სიჩქარეში კარის უკან, დერეფანში მდგომი კაცი ვერ დაინახა და მთელი ძალით შეეჯახა.
- ოოო... ბელისიმა! - შესძახა კაცმა და წაქცეულ ევას მხარში ხელი მიაშველა. - საით მიიჩქარი, ლამაზო ქალბატონო? - ჩაიცინა და დაჟინებით შეათვალიერა.
რაის ქალბატონო? ოცდაათი წლის ქალიშვილია ევა! ევროპაში ასეთი ვინმე თუ მოიპოვება, ალბათ, მონასტერში! ევა კი... დააბერდა ქართულ სადარდებელს...
კაცს შეხედა და ეცნო... ალბათ, სარეაბილიტაციო ცენტრიდან ახლადთავდაღწეული ვაჟბატონიაო, გაიფიქრა და მოღეღილი ხალათი შეისწორა. მისი ნახვა და გაცნობა ჯერ ვერ მოესწრო. ამ ერთი წლის მანძლზე, რაც ამ სახლში მუშაობდა, გამუდმებით სადღაც მოგზაურობდა ქალბატონის ვაჟი. ცხადად არ უნახავს, მაგრამ ოჯახის ფოტოებზე გამოსახულს ყოველ დილით აცლიდა მტვერს ფმფულა ფუნჯით!
ამისი ნერვები აქვს ახლა? ლამის მოხუცი, ისედაც სიკვდილის პირას მყოფი ბატონი მოაკვლევინა ქალბატონმა...
- უკაცრავად... მაპატიეთ, ბატონო დამი! თქვენი მამინაცვალია ცუდად. დედათქვენი კი ნემსის გაკეთებას მაძალებს! - მიახალა გულწრფელად. ვინიცობაა, მოწმე დასჭირდეს სამომავლოდ... ალკოჰოლიკები გულწრფელი ხალხია, მათი ნდობა შეიძლება... არყის ბოთლის სანაცვლოდ მთელ სიმართლეს ჩამოფქვავენ...
- დედა? - დაინახა ევამ, კარში გაჩენილ ალისას როგორი ეჭვით მიაცქერდა კაცი. - ანრე ცუდადაა? ახლავე დავურეკავ სასწრაფო დახმარებას! - ჯინსის შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და დარეკა. სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
- ევა! - საკუთარი ოთახისაკენ მიმავალი ევა გამყინავი, დაბალი ხმით იხმო ქალბატონმა. - ჩემოდანი ჩაალაგე! დილით არსად შემეჩეხო, იცოდე! - მიტრიალდა და ზურგსუკან მოაძახა: - ორი თვის კომპენსაციას ჩაგირიცხავს ბუღალტერი, კონტრაქტის პირობების მიხედვით!
- დედა! - შესძახა კაცმა...
- ახლა არ გაბედო! ამ გომბიოს თვალწინ არ გაბედო! - იყვირა ქალმა და კარი შეიჯახუნა!
ევა ვენახებზე ფიქრობდა... მზით განათებულ ვენახებზე და პატარა აივნიან სახლზე... საწყენია, ამ შვიდი წლის მანძილზე რომ არ ისწავლა ვაზის მოვლა... არაფერი მოუძიებია ინტერნეტში... ყველაფრის დაწყება ნულიდან მოუწევს...
- ვფიქრობდი და... - უფრო დაჟინებით დააცქერდა გარინდებულ ევას. მისკენ გადმოიხარა... - იქნებ 2019 წლის ხვანჭკარა... კავკასიიდან?! - თვალები გაუფართოვდა საკუთარი აღმოჩენით გაოცებულ კაცს...
ევამ ერთხანს ვერაფერი გაიგო. ნახევრად გამოცლილი, საწოლის ქვეშ შემალული ჭიქა გაახსენდა და თავადაც არანაკლებ გაოცდა. არ ეგონა, ალკოჰოლიკები ღვინისა და არყის სუნს თუ არჩევდნენ ერთმანეთისგან, ყურძნის ჯიშებს თუ სცნობდნენ ღვინის სურნელით... მოსავლის აღების დროსა და ადგილს...
- ქართველი კაცები სულ სხვანაირები არიან...ლოთებიც კი სხვანაირები არიან... - ჩაილაპარაკა ქართულად და ზურგი აქცია. ნელი ნაბიჯით გასწია თავისი ოთახისკენ... ბარგის ჩალაგებას უნდა შესდგომოდა... წყალი არ გაუვიდოდა ქალბატონის ბრძანებას! თუმცა რაღა ქალბატონის?! იტალიელი დედაკაცის!
II
ტასო გადაირია.
როგორც კი ოთახში შევიდა, კომპიუტერი ჩართო და ავაბილეთების საიტი მოძებნა. უახლოეს რეისზე დაჯავშნა ერთი ბილეთი. ტასოს დაურეკა მესენჯერში. გიორგისთან დარეკვა გადაიფიქრა. დედას და მამას გააღვიძებდა, ისეთი როხროხით საუბარი იცოდა უმისობაში დავაჟკაცებულმა უმცროსმა ძმამ. რა ხანია, დედას და მამას არ დალაპარაკებია...
ტასო გადაირია, მაგრამ არა სიხარულით. ევას გული ეტკინა, სადღაც იქ... სიღრმეში... კუნჭულის კუნჭულში...
თუმცა ტასოს ეპატიება... ის ხომ პატარძალი უნდა იყოს ერთ თვეში! ევას უმცროს დაიკოს ერთ თვეში ქორწილი აქვს... დის თავი კი არ უხარია... დის გვერდით ყოფნა არ უხარია!..
ცხადად იგრძნო მის ორიოდ სიტყვაში ნამდვილი მიზეზი იტალიელი ალქაჯის გალანძღვისა...
- კომპენსაცია მაინც თუ მოგცა? - ჩაეკითხა და უმალ დაამატა: - კაბის ასარჩევად მივდივარ დილით... უკვე გვიანია... წავალ, დავიძნებ... შენ არაფერზე ინერვიულო... რაღაც იქნება...
- კარგი... დროებით... - ზარი გათიშა და ტელეფონი გამორთო. აღარ უთხრა, ბილიეთი რომ დაჯავშნა. რაღაც ნამდვილად იქნება, მაგრამ არა ის, რასაც ტასო ელის...
კარგია... ტასოს საქორწინო კაბისთვის ფული უკვე გაგზავნილი აქვს...
დანარჩენზე იზრუნოს სიძემ!
ხელები აუცახცახდა. ტირილის თავი არ ჰქონდა ახლა!
კარადიდან ჩემოდანი გამოიღო და ნივთების ჩალაგებას შეუდგა. საოცარი იყო, მაგრამ ყველაფერი ჩატია ერთ ჩემოდანში! შვიდი წლის ცხოვრება ერთ დიდ ჩემოდანში ჩაეტია!
დილით ჩასაცმელი ქურთუკი, ფეხსაცმელი და სამოსი კარადაში დატოვა.
ღვინის ბოთლებიც გამოიტანა აბაზანიდან. ერთი ჩემოდანში ჩადო. მეორე მაგიდაზე დატოვა. საოცრად უნდოდა, ახლავე ჩაეცვა და წასულიყო აქედან, მაგრამ აღარ ახსოვდა, კომენდანტის საათი ისევ იყო თუ არა ქალაქში. იმდენი ხანია, ღამით ქუჩაში გასვლის საჭიროება არა ჰქონია... ჩამორჩა ახალ ამბებსაც... ეპიდემიის გამო ხალხი სოროებად ქეულ სახლებში იმალებოდა. ევას აღარაფრისა ეშინოდა... უკვე გადატანილი ჰქონდა ოცდამეერთე საუკუნის ჩინური შავი ჭირი მსუბუქი ფორმით... სამსართულიანი სახლის მკვიდრებთან ერთად... ზეზეულა... სამუშაო დღეების გაცდენის გარეშე... რეციდივისა არ ეშინოდა...
სინათლე გამორთო და ხალათითვე წამოწვა. ისევ მამა გაახსენდა. სამშობლოდან უნებართვოდ გამოპარვის დღე დაუდგა თვალწინ. პატარა ჩემოდანი გიორგისა და ტასოს ღამით ჩუმად ჩაედოთ მეზობლის მანქანაში. გადახვევა ვერ გაუბედა, არაფერი ეეჭვა კაცს. დეიდასთან მივდივართ სამი დღითო, მოატყუეს მამა. ცივად აკოცა ლოყაზე და თავს გაუფრთხილდიო, მაინც წამოსცდა. არ მოეწონა მშობელს, შეატყო და განგებ აარიდა მზერა შვილმა. ერთად ტირილით ღამეგამონათევ დედასაც გულცივი კოცნით დაემშვიდობა და წამოვიდა.
წამოჯდა საწოლზე. მამის სახებამ ღვინის ჭიქა გაახსენა. საწოლის ქვეშ შეყო ხელი და მოძებნა. ადგილი შეეშალა, უნებურად მიჰკრა და გადააყირავა. სისხლივით გამოჟონავდა საწოლის ქვეშიდან მუქი შვინდისფერი სითხე... ვერ დაინახა ქაბატონის მოსამსახურემ სიბნელეში და არც მოწმენდაზე იდარდა...
ცარიელი ჭიქა თხელ თითებში მოიქცია და საწოლის გვერდითვე იატაკზე ჩამოჯდა...
- 2019 წლის ხვანჭკარა... კავკასიიდან... - ჩაილაპარაკა თავისთვის.
კარზე ჩუმად დააკაკუნეს...
ნეტავ თუ დავკეტე გასაღებითო, გაიფიქრა და არ წამოდგა. უკან დაიხია და კედელს შეეზარდა იატაკზევე მჯდომიარე. ახლა არავისი თავი ჰქონდა!
კარის სახელური დასწია ვიღაცამ და ფრთხილად შემოაღო. ერთხანს ღია კარში იდგა. ცახცახმა აიტანა ევა. როგრო უხაროდა, საწოლში რომ არ იწვა და ბნელ კუნჭულში რომ მიმალულიყო. დევები ხმლებით სერავენ უფლისწულების საწოლებს ქართულ ზღაპრებში... უფლისწულები კი ამ დროს სხვაგან იმალებიან... ცოცხლები რჩებიან...
ალისას ქმრის მოკვლა არ გამოუვიდა და ახლა ევას მიაღრჩობს კატის კნუტივით... ალქაჯი კი არა, სისხლისმწოველი ვამპირია! ქალბატონი ვამპირი!
კარში ჩამდგარი ლანდი ოთახში შემოვიდა. შეატყო სუნთქვის ხმასა და ნაბიჯზე, კაცი უნდა ყოფილიყო და არა ტანწვრილი იტალიელი დედაკაცი. კაცმა თვალი თუ შეაჩვია ოთახის სიბნელეს. ჩემოდანისკენ გასწია და ერთხანს მის გვერდით ჩამუხლული გაირინდა. წამოდგა და ისევ კარისაკენ წავიდა. გაქვავებული, აცახცახებული ევა თვალმოუშორებლივ შესცქერდა სილუეტს, მაგრამ ვერაფრით მიმხვდარიყო, ვინ დაბორიალობდა მის ოთახში.
უეცრად კაცს ფეხი დაუცდა და მარმარილოს იატაკზე დაეხეთქა. დაავიწყდა, სხვის ოთახში რომ იყო შემოპარული და საჩუმათოდ რომ ჰქონდა საქმე. ევასთვის უცნობი იტალიური სიტყვების კორიანტელი დააყენა ბნელში. კარგს რომ არაფერს იუწყებოდა მისი საინფორმაციო ღრუ, მიხვდა ქალი, მაგრამ ხმაზე კი იცნო ლანდი. ღვინოს თუ დაეძებდა ჩემს ოთხშიო, იფიქრა და სასწრაფოდ წამოხტა. სინათლე აანთო და დასახმარებლად მივარდა.
შუა ოთახში გაშოტილი ბატონი დამი უფრო გაოცებული იყო, ვიდრე თავად ევა.
- გღვიძავთ? - ამოლაპარაკა და თავზე წავლებული ხელები მოიშორა.
- თავი დაარტყით რამეს? - შეხებას მოერიდა და შორიდან შეათვალიერა მისი შავი თმა.
- კი... ფეხი დამიცურდა... აჰ, 2019 წლის ხვანჭკარა! - შესძახა, რა ღვინის კვალს მოჰკრა თვალი... საწოლს მიეყუდა ზურგით.
- ნამდვილად... მამაჩემის... კავკასიიდან... - უპასუხა ევამ და მის გვერდით ჩამოჯდა.
- არ გაინტერესეთ, აქ რას ვაკეთებ? - იკითხა კაცმა.
- ვიცი, - ხელი მაგდაზე მდგარი ბოთლისკენ გაიქნია... - კოკა-კოლა არაა... ღვინოა... შეგიძლიათ წაიღოთ... მეორეც მაქვს... გამგზავრებამდე მეყოფა...
- მიემგზავრებით? სად? - იკითხა შეცბუნებულმა.
- შინ... საქართველოში... - ცარიელი ჭიქა იატაკზე დადგა. - დღეს ჩამომივიდა ამანათი. შვიდი წელია, მენატრება... დედათქვენი მოვიდა და ვერ მოვასწარი გამოცლა...
- დედაჩემის გადამკიდე საწოლის ქვეშ მეც დამიმალავს ჭიქა... ვიცი, როგორც ხდება... - გაიცინა კაცმა...
- მართლა? - ეჭვით ჩაეკითხა... ალკოჰოლოკის გულახდილობა იყო თუ სხვა რამე... მშვენიერი ღიმილი ჰქონდა... ჯანსაღი, თეთრი კბილები... არ ჰგავდა ლოთს... თუმცა ქართველი ლოთები ხომ სხვანაირები არიან... თქვენობით ლაპარაკობენ მოახლე ქალებთან ვითომ?
- რატომ გგონიათ, რომ ღვინისათვის მოვედი? - დაუბრუნდა უწინდელ კითხვას...
- აბა, რისთვის? - წამოდგა და ხელები გაასავსავა... - იქვე იგრძენით სუნი... თქვენ ხომ ალკოჰოლიკი ხართ?
- ჰოო? - კაცმა გადაიხარხარა... - დედამ თქვა?
- დიახ... - დაიბნა ევა... - არა? განა სამკურნალოდ არ იყავით ახლაც?
- ეჰ, დედაჩემისდა სავალაოდ, მე ვერაფერი განმკურნავს! - წამოდგა და მაგიდაზე მდგარ ბოთლს წამოავლო ხელი. - მადლობა... ამისათვის კი ნამდვილად გამართლებულია თქვენი სამსახურიდან გაძევება! ამ სასახლეში ხომ ალკოჰოლი აკრძალულია! - ჩაიცინა და კარისაკენ წავიდა...
III
ევას გამოეღვიძა. სიზმარი გაახსენდა და ჩაეცინა: ყანწით დამალევინეთ ქართული ღვინოო, ბატონი დამი იხვეწებოდა სიზმრად... რა დროის სიცილიაო, თავს შეუძახა და წამოდგა. აბაზანისაკენ გასწია და წყალი გადაივლო. ჩაიცვა და წასასვლელად მოემზადა. პერანგი და ხალათი ჩემოდანში ჩატენა. ტელეფონი ჩართო. ტასოს ტირილიანი სმაილებით სავსე მესიჯი დახვდა, ისევ თუ აიკრძალა თავშეყრა, ქორწილის გადახდა მხოლოდ მეჯვარეებთან ერთად მოგვიწევსო. გიორგისაც მოეწერა, მისდა გასაკვირად. როდისღა უნდა ჩამოხვიდე, დაიკოო, ჩიოდა. ალბათ, ნასვამი თუ იყო და გაახსენდა სადღაც მოუსავლეთში გაშვებული უფროსი და. განა არაფერი ეთქვა ტასოს მისი სამსახურის შესახებ? პასუხი არცერთს დაუბრუნა, ჩემოდანს ხელი მოჰკიდა და უკანასკნელად მიავლო თვალი ოთახს. რაიმე უწესრიგოდ არ დავტოვოო, იფიქრა.
მსახურთათვის განკუთვნილი უკანა კარისკენ გააგორა მძიმე ჩემოდანი. ტაქსის გაჩერება მოუწევდა, სად ივლიდა ასე ქუჩა-ქუჩა? ისევ ქართველი ქალების საერთო ბინაში მოუწევდა ფრენამდე გაჩერება. იქამდე შორი იყო... არადა, როგორ არ უნდოდა იქ მიბრუნება! უკანასკნელად რომ იყო, თავისუფალ კვირა დღეს, განტვირთვის ნაცვლად უფრო დაიძაბა... ქალების ხელჩართულ ჩხუბში მოჰყვა უნებურად... ერთს მეორის თაროდან შეეჭამა რაღაც უნებართვოდ. უმნიშვნელო მიზეზი დიდი ჩხუბის საბაბადს გადაქცეულიყო. ასაფეთქებლად გამზადებულები დადიან უცხოელი ბებრების ქართველი ძიძები... საკუთარი შვილების ნანა ენატრებათ და მათ სურნელოვან თმაში სუნთქვის ჩაფლობა...
თუმცა იმ შემთხვევის შემდეგ თითქმის ნახევარი წელი გასულიყო... აღარც საერთო ბინის ქირას იხდიდა და აღარც ქალბატონი ალისა უშვებდა შინიდან... მოხდილი კი ჰქონდა თავადაც ვირუსი, მაგრამ რეციდივისა ეშინოდა...
სხვა გზა არ ჰქონდა ევას. ორი კვირის გულისთვის უცხო ბინის ძებნასა და რჩევას ვერ დაიწყებდა... გაძლებდა როგორმე...
ქუჩაში გავიდა და თეთრი ფერის მანქანების შესამჩნევად დაძაბა თვალები...
- ჰეი, ბელისიმა! - მოესმა გზის განაპირას უძრავად მდგომი ნაცრისფერი ავტომობილიდან... ბატონი დამი ეძახდა... - მე წაგიყვან... ტაქსს ნუ ეძებ! - თქვენობით მიმართვა და ზრდილი მანერები წუხელ სმულ ღვინოს თუ გაატანაო, გაიფიქრა ევამ. კაცი მანქანიდან გადმოვიდა და საბარგულს ახადა. ნუთუ ჩემ გამოა დილის რვა საათზე სახლის უკანა კართან გამოჭიმულიო, გაოცებული თვალები ვერ მოაცილა ყოფილი ქალბატონის ალკოჰოლიკ ვაჟს, რომელიც უკვე მის ჩემოდანს ტენიდა საბარგულში.
ხმა არ ამოუღია ევას, უკანა სავაძელზე დაჯდომა დააპირა. მანქანა ორკარიანი ჩანდა.
- სავარძელი გადასწიეთ, თუ შეიძლება...
- უკან? მანდ საუკუნეა, არავინ მჯდარა! - უპასუხა, მაგრამ მაინც გამოსწია ბერკეტი. ევა უკანა სავაძელზე მოთავსდა და ხელჩანთას ჩაეხუტა. მინას მიაბჯინა თავი...
- საით? - იკითხა დამმა.
- ქართველი ქალების საერთო საცხოვრებელში... - ჩაფიქრებულმა უპასუხა, მისამართი არ დაუკონკრეტებია, თითქოს კაცი ყოველ დღე იქ დადიოდა და ზეპირად იცოდა გზა...
დამმა არაფერი უპასუხა. მხრები აიჩეჩა და ძრავი დაქოქა.
ერთხანს ჩუმად იარეს.
- ევა, ასე გქვია, თუ არ ვცდები, ხომ? - ვეღარ მოითმინა კაცმა.
- დიახ.
- მომიყევი რამე... როდის მიფრინავ? შვილები გყავს? საქართველოში ვინ გელოდება?
- შვილები არ მყავს... გათხოვილი არსდროს ვყოფივარ... - თავი დახარა უხერხულად.
- უკაცრავად, მე უბრალოდ შვილები გკითხე...
- საქართველოში გაუთხოვარი ქალი შვილს იშვიათად აჩენს... ოჯახის სირცხვილია...
- გასაგებია... წინა სავარძელზე დაჯდომაც სირცხვლია?
- უცხო კაცის მანქანაში დაჯდომა საერთოდ სირცხვილია, თუნდაც საბარგულში... - გაეცინა...
- აჰ, ბელისიმა... როგორც იქნა, გაიღიმე... მე უცხო ხომ არ ვარ?! - ჩაეკითხა საკუთარ თავს. - ყოველ დღე მხედავდი, ერთი წელია! დედაჩემის სახლი სავსეა ჩემი ფოტოებით! - დაამატა და გაიცინა. ევამ არაფერი უპასუხა. როგრო ერჩია ტაქსის მძღოლი გამცილებლად. თავს მოიკატუნებ, ვითომ მისამართის გარდა არაფერი იცი იტალიურისა და იმგზავრებ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე!
- რომელ ქალაქში ცხოვრობთ საქართველოში?
- სოფელში ვცხოვრობ... ქალაქ ქუთაისთან... მთებში...
- მიყვარს მთა... - ჰორიზონტს გახედა კაცმა...
- ჩვენს სოფელთან ახლოს რამდენიმე ქართული ვაზის ჯიშის მიკროზონაა... ცოლიკაური გაგიგიათ?
- გამიგია... - ნუთუ მართლაო, იფიქრა ევამ და უნდობლად შეათვალიერა კაცი. - მე ღვინის ექსპერტი ვარ... დეგუსტატორი... - სარკეში შეხედა ევას გაოცებულ თვალებს...
- ალკოჰოლიკი არა? - იკითხა დაუფიქრებლად.
- დედა ვერ ასხვავებს ამ ორს ერთმანეთისგან... მამამისი იყო ალკოჰოლიკი და მძიმე ბავშვბა ჰქონდა. ყველაფერი ეჯავრება, რაც სპირტიან სასმელს უკავშირდება... სწავლის დაწყებისას ჩემი არჩევანი მისთვის შოკი იყო... - დედის გამართლება სცადა. მიხვდა ევა, დიდად არც სწყინდა მისი ცილისწამებისა.
- გასაგებია. უკაცრავად, მირეკავენ, უნდა ვუპასუხო, - შეწყვეტილი საუბრის გამო მოიბოდიშა და ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ზარი გაწყდა. შუქნიშანზე გაჩერებულიყო მანქანა. დამი ევას გვერდულად უცქერდა უცნაური დაჟინებით.
- ევა და მოკბეჩილი ვაშლი ცუდ ასოციაციას იწვევს... - გაიცინა კაცმა და ეფლის ტელეფონს დახედა. მანქანა ისევ დაიძრა.
- არ დავფიქრებულვარ... - გულწრფელად გაოცდა ევა და ტასოს გამოტოვებული ზარი განაახლა.
- რა მოხდა? - ქართულად ჰკითხა და უხერხულად აარიდა მზერა სარკეში თვალმოკრულ დამის...
- სამსახური გიშოვე... - მოესმა ტასოს ხმა. - მაგ ქალაქში არაა, მაგრამ ახლოსაა... ჩემი დაქალი ხომ გახსოვს, ნონა... დედამისი მოდის და შემცვლელი სჭირდებათ ბებოს მოსავლელად. კარგად იხდიან... 1200 ევროს...
- მე ბილეთი ავიღე! - მოკლედ მოუჭრა. - ორ კვირაში მოვდივარ. შენს ქორწილსაც მოგისწრებ.
- აქ რა უნდა გააკეთო? - უკმაყოფილება ვერ დამალა ტასომ. - ისე ხარ მანდაურობას შეჩვეული, აქ გაგიჭირდება უფულოდ. მანქანაც კი არ გიყიდია?! გახსოვს, როგორ გინდოდა?
- აღარ მინდა. დედა და მამა მომენატრა. ყველაფერი მომენატრა! ფული რად მინდა? აღარც მახსოვს, ბოლოს რაში დავხარჯე... შინიდან გასვლას ვერ ვახერხებ, რახანია... - პირველად გააღიზიანა დის დამრიგებლურმა კილომ. თვალი მოჰკრა, ისევ დაჟნებით უცქერდა კაცი სარკიდან... თითქოს მისი საუბრის შინაარსის გაგება უნდოდა.
- შენი საქმისა შენ იცი, ევა! - მოლბა ტასო. - უბრალოდ საბუთებს თუ გაგიფუჭებენ, ხომ იცი, უკან ვეღარ წახვალ.
- გოგო! - იყვირა და ხმას დაუწია... - საქართველოს აეროპორტში მე თავად დავხევ ჩემს უცხოურ ყველა საბუთს და არც აღარასოდეს განვაახლებ! - მიხვდა, აგრესიულად მოუვიდა. ხმა გაიმხიარულა, თუმცა კი ცრემლები აღრჩობდა. - ქორწილში თუ არ გაქვს ჩემთვის ადგილი, პირდაპირ თქვი! - გაცინებაც კი შეძლო.
- კარგი ევა, რა დღეში გაქვს ნერვები! ბოდიში, თუ გაწყენინე... - ტასოსაც შეეცვალა ხმის ტონი.
- გზაში ვარ, არ მცალია. მერე დავრეკავ! - მოკლეთ მოუჭრა და გათიშა.
თვალები დახუჭა. ახლა არაფირს გულისათვის იტირებდა ამ უცხო კაცის წინაშე, მაგრამ თავისით მოცოცავდნენ ცრემლები ლოყებზე. ჯანდაბაში წასულა ეს ალკოჰოლიკია თუ დეგუსტატორი! ევას მოთმინების ყველა ძაფი და თოკი გაუწყდა.
- ცუდი ხომ არაფერია, ევა? - ჩაეკითხა მორიდებით...
- უფრო ცუდი, ვიდრე შვიდი წელი უცხო ქვეყანაში მარტოობა, არალეგარულად ცხოვრება... მოსამსახურედ მუშაობა... აჰ, უმუშევრობა? და ოჯახის წევრებისთვის ფულის საჭრელ მანქანად გადაქცევა, რომელსაც თავისუფალ კვირა დღეს კაფეში ყავის დასალევად ფულის დახარჯვა უნდა დაენანოს... და თუ მაინც დალევს, ნამცხვრის მიყოლება არაფრის დიდებით უნდა გაბედოს... სამაგიეროდ ბრენდული ტანსაცმელ-ფეხსაცმელი უგზავნოს ყველას? ყველას! უფრო ცუდი - არაფერი... - მიაყარა შეცბუნებულ კაცს. როცა დაასრულა, მერეღა მიხვდა, რომ ქართულად ცხარობდა...
- დამშვიდდი? ალბათ, არაფერია საგანგაშო, რადგანაც ჩხუბის თავი გაქვს! - გაიღიმა და სარკეში გამოხედა.
- მართალია, არაფერი საგანგაშო... ყველაფერს ეშველება... - ჩაილაპარაკა დამისათვის გასაგებ ენაზე. მართლა დამშვიდდა... საოცარია... ამ ყველაფერს წლებია გრძნობს და ვერავისთვის გაუბედავს თქმა... ახლა კი ყველაფერი ამოთქვა და მოეშვა... ვერაფერი გაიგო მოსაუბრემ, მაგრამ ევას მაინც მოეშვა...
- იქნებ უფრო კონკრეტულად მითხრა მისამართი, ანდა ქალაქის ღირსშესანიშაობებს დაგათვალიერებინებ ჯერ... უფრო დამშვიდდები... - სხვათაშორის ჩაურთო კაცმა.
შეცბა ევა. ხელჩანთაში ბლოკნოტი მოძებნა და გადაშალა. მისამართი აჩვენა. გასაგებიაო, თავი დაუკრა კაცმა და შუქნიშანზე მარჯვნივ გადაუხვია. ისევ დაიწკაპუნა ევას ტელეფონმა.
არ უნდოდა ტასოს პოემებივით ჩამომწკრივებული მესიჯების კითხვა, მაგრამ მაინც დახედა. მეგი იყო. ბავშვობის უახლოესი მეობარი. იშვიათად სწერდა. რთული ცხოვრება ჰქონდა ქმრის სახლში. ევას მხარი აკლდა საყრდენად. ნეტავ რა გაუჭირდაო, სასწრაფოდ მოხსნა ბლოკი ტელეფონს და მიმოწერა გახსნა.
თვალებს არ დაუჯერა:
„ბოდიში, ევა, ავად ვიყავი მეც. ვირუსი გადავიტანეთ ბავშვებიანად ყველამ. არავინ გამაგებინა, სიტყვით მაინც რომ მომესამძიმრებინა. რამდენი ხანი გავიდა და მე დღეს გავიგე დედაშენის ამბავი... ლამის გადავირიე... რა ვქნა... ხომ იცი, როგორ მიყვარდა ნანა დეიდა... ამ ვირუსმა რამდენი ოჯახი გაამწარა... გოგი ძიაც როგორ იქნება... როდის გამოწერენ... ნეტავ მალე ჩამოხვიდე. უშენობა ატყვია ყველაფერს... გკოცნი, ჩემო კარგო... მაპატიე...“
- რა მოხდა? - მანქანა გადაეყენებინა კაცს და ისტერიულად ატირებულ ევას შესცქერდა.
- დედა... - მოსთქვამდა ევა და არ ეჯერა მოწერილისა... - მამა... - თავი მუხლებში ჩარგო და უხმოდ განაგრძო ღრიალი. ვერაფერი გაარკვია დამმა. ერთი სიტყვაც არ ესმოდა ქართულისა. ერთხანს უცქირა, მერე მანქანა დაძრა და მითითებული მისამართისაკენ გასწია.