მარტოხელა ქალის და დედის დღიური
მარტოხელა ქალის და დედის დღიური
გიყვარდეს, გძულდეს და თან სულერთი იყოს ყველაფერი...-რთულია იცხოვრო ამ ყველაფრით და ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრებაც არ გამოვა...სიყვარული ის ერთადერთი რამაა რის გარეშეც ცხოვრება მართლა წარმოუდგენელია, სიძულვილი დროებითი ან სულაც მოჩვენებითია, თავს იკატუნებ, აჯერებ თავს რომ კი აღარ გიყვარს არამედ გძულს, დრო გავა და მიხვდები, რომ სიძულვილში თავს აფარებდი უბრალოდ, იმალებოდი, დროის მერე უკვე სულერთია ყველაფერი... სიძულვილი ან გაქრა ან არც იყო, სიყვარული კი კვლავ არის, ოღონდ სადღაც გულის კუნჭულში მიმალული და იცის რომ უნდა გაქრეს, ისიც იცის რომ თავის კვალი უკვე დატოვა, მაგრამ გაქრობა მოუწევს.
დღეს ღამე მისდევს და ღამეს დღე, ცხოვრება გრძელდება,მაგრამ ის რაღაც შენში ცხოვრობს და ერთად აგრძელებთ ცხოვრებას.. ბევრჯერ გაქცევიხარ,მაგრამ ყოველთვის შენთან ერთად გამორბის,რადგან გაქცევა მისგან შეუძლებელია.
დღეს დილიდან წვიმს, წვიმა კი მოგონებებს აღვიძებს, თვალის გახელაც მეზარება, რომ არაფერი ვთქვა ადგომაზე, ჩაცმაზე და შემდეგ სამსახურში წასვლაზე. რა იქნებოდა დღეს შაბათი იყოს ან კვირა ან სულაც უბრალოდ დასვენების დღე ან ყველაზე უკეთესი შვებულება მქონდეს, მაგრამ რადგან არცერთი მათგანი არაა დღეს, ზლაზვნით დავიწყე წამოდგომა. ჯერ ბნელა ოთახში, ხელების ცეცებით მოვძებნე სანათის ასანთები და ოთახიც განათდა. გავახელ თვალებს, ვხუჭავ, გავახელ, ვხუჭავ.
სახლში მარტო ვცხოვრობ, როგორც იქნა ავისრულე ჩემი დიდი ხნის ოცნება და ვიყიდე ჩემი საკუთარი სახლი, სახლი ისე ვამბობ თორემ, ერთი პატარა ოთახია და ეს ოთახი ჩემთვის სასახლესავითაა, ისე მგონია მზეთუნახავი ვარ სასახლეში. სასაცილოა ალბათ, მაგრამ რამხელა ბედნიერებაა შენთვის მარტო ცხოვრება, როცა გინდა დაალაგებ, როცა გინდა გააკეთებ საჭმელს და ასე შემდეგ.
უკვე აღარ ვარ პატარა, ზოგი ჩემს ასაკში ბებიებიც არიან, მე კი ჯერ რაღაც სასწაულის მოლოდინში ვარ, რატომღაც მგონია რომ ყველაფერი წინაა,მაგრამ ეს წინ უკვე დიდი ხანია არ მიდის, შევჩერდი და შევჩერდი, არც წინ მივდივარ და კიდევ კაი არც უკან. გაყინული ერთ ადგილს ვტკეპნი, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე რომ შვილს აუცილებლად გავაჩენ, ამისთვის კი ვიწყებ მოქმედებას, სამსახური მაქვს, ხელფასი ნორმანული და ბინაც მაქვს. მე ჩემს თავსაც და შვილსაც აუცილებლად შევინახავ და რატომ გადავდო ამის შანსი? ვიღას ველოდო ჩემს ასაკში? წლების განმავლობაში ვიცხოვრე სხვებზე ფიქრით.. დღეიდანვე ვიწყებ ამაზე აქტიურად ფიქრს და რაც მთავარია მუშაობას. მე გავხდები დედა.. ამის გაფიქრებაზეც კი სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, წამოვხტი ლოგინიდან ისეთი სიხარულით, თითქოს უკვე ბავშვი მყავდა მუცელში. მაგრამ რა ბედნიერებაა ამაზე ფიქრიც კი. უკვე 40 წლის ვარ, ვცხოვრობ მარტო. რატომ არ უნდა მყავდეს შვილი? მხოლოდ იმიტომ რომ სხვებმა არ თქვან რამე? ან რამე არ იფიქრონ? იტყვიან, იტყვიან, იფიქრებენ, იფიქრებენ და გაჩერდებიან. ხოდა ასე. მე მზად ვარ ამ პასუხისმგებლობისთვის, დიდი ხანია მზად ვარ, მორალურად, სულიერად, ფიზიკურად და ეკონომიურადაც.
ძალიან გადავიჭერი ფიქრებში და ბედნიერებისგან სიმღერაც დავიწყე, ჩემდაუნებურად, სიმღერა მე, რომელსაც ყურებზე სპილო დამეჯახა, კიდევ კაი მარტო ვარ და არავის ესმის ჩემი ვითომ სიმღერა. უნდა ვისწავლო ნელა სიარული, თავს უნდა გავუფრთხილდე, ვჭამო ბევრი ხილი და ბოსტნეული.როგორი სასაცილო ვარ, ჯერ რა დროს ამაზე ფიქრია, მაგრამ ისე რეალურად დავინახე ჩემი თავი დედის ამპლუაში, რომ უკვე მოქმედებაზეც გადავედი.
გარეთ წვიმს, მიყვარს ეს ამინდი.. თან გაზაფხულია და გაზაფხულის წვიმა რომანტიკულიცაა, რომანტიკული განწყობაც მაქვს და წავედი სამსახურში. აი როგორ ვიმუშვებ არ ვიცი,მაგრამ რომ უნდა ვიპოვო ჩემი შვილის პოტენციური მამა ეს ვიცი.
გამოვედი სახლიდან და ღიღინით გავუდექი გზას. სამსახურამდე არც ისე შორია და არც ისე ახლოს, როგორც წესი ტრანსპორტით მივდივარ ხოლმე, მაგრამ დღეს ფეხით დავუყევი, წვიმაში გასეირნება მიყვარს, თან ლამაზი ქოლგა მიჭირავს ხელში, მიყვარს ქოლგები და სხვადასხვა ნახატიანები და სხვადასხვა ფორმისები მაქვს. მივდივარ, მივბედნიერობ და ჯერ არ შემდგარ ამბავს ვზეიმობ. რა ცოტა უნდა ადამიანს და მით უმეტეს ქალს ბედნიერებისთვის. არ მომხდარ და არ შემდგარ ამბავს რომ ასე ვზეიმობ, წარმომიდგენია შედეგს როცა ვნახავ და გავიგებ,მაშინ როგორ მოვიქცევი.. თუმცა იქამდე ჯერ ადრეა, ნუ თვეები კიდე მაკლია. მთავარია ვუპოვო ჩემს შვილს მამა, ჯანმრთელი და კარგი გენების. ჰაჰაჰა, როგორი სასაცილოა, დღეს კაცებს ყველას სხვანაირად ვუყურებ, ყველას სხვანაირად ვაფასებ. მთავარია არ შემამჩნიონ და არ შევრცხვე.
მე, ბედნიერი და რაღაცნაირი ვარ დღეს, რადგან ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე ის რაზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი და რაზეც მუდამ ვფიქრობდი. აქამდე ყოველთვის რაღაც დროზე ვდებდი, ჯერ 30ის რო გავხდებოდი, მერე 35 და აჰა, მოვედი 40 წლის ასაკამდე. ეს ის ასაკია, როცა ყველაზე კარგად ათვიცნობიერებ რა არის დედობა, რა არის პასუხისმგებლობა იყო დედა და გყავდეს შვილი. მთავარია დავწყნარდე, ძალიან არ გავცანცარდე და შესამჩნევი არ გავხდე. როგორც იქნა დავსერიოზულდი, მივუჯექი ჩემს მაგიდას და გადავხედე ოთახში ჩემს თანამშრომლებს. ყველა თავის სტიქიაში იყო. ჯერ დილაა და ყავის სმით და ჭორაობით ირთობდნენ თავს, მხოლოდ მე ვიჯექი ჩემთვის,რაღაცნაირი ბედნიერი და ვფიქრობდი იმ მომავალზე, რომელიც მხოლოდ მე მეხებოდა. საკმარისი იყო მეფიქრა მშობლებზე,ნათესავებზე,მეზობლებზე, მეგობრებზე, ნაცნობებზე,ქალაქელებზე, სოფლელებზე,ქვეყანაზე, პლანეტაზე...მოკლედ, გადავწყვიტე დრო მოვიდა დავუთმო ცხოვრება, მხოლოდ ჩემს თავს... ყველა ილაპარაკებს თავიდან, ზოგი პირშიც მეტყვის რამე მწარეს, ზოგი პირში გამამართლებს,მაგრამ ზურგს უკან იჭორავებს ჩემზე,მაგრამ ეს უკვე აღარ მანაღვლებს, რადგან გადავწყვიტე, უნდა შევასრულო კიდეც. მხოლოდ უნდა დავფიქრდე როგორ განვახორციელებ ჩემს იდეას და სურვილს.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველა მამჩნევს, ყველა ხვდება ჩემს აზრებს..მგონი ზოგს შეშურდა კიდეც ჩემი გადაწყვეტილება. ხო, აი მაგალითად ის, იქით კუთხეში რომ ზის, იმასაც არ ჰყავს შვილი, 5 წელია გათხოვილია და თან ჩემზე დიდია, ხოდა აშკარად შეშურდა, ჩემი წამოზრდილი მუცელი რომ დაინახა.. ღმერთო ჩემო, სულ გავგიჟდი რეებს ვფიქრობ ჯერ რა დროს ესაა, თუმცა ალბათ მალე მართლა ასე იქნება.
მთელი სამუშაო დღე ისე გავიდა ვერც კი გავიგე, მგონი დღეს არც არავის დავლაპარაკებივარ, ასე თუ გავაგრძელე სანამ რამეს მოვიფიქრებ იქამდე ალბათ ფიქრებში ვიმშობიარებ კიდეც.
საღამოს ფეხით წასვლა სახლამდე დამეზარა და ავტობუსით წავედი, ყველაზე ძალიან რაც მიყვარს ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხის თვალიერება, მათზე დაკვირვება და შემდგომ უკვე ამ ამბებზე წერაა..უამრავი ამბავი ითქმევა და დაინახება აქ, მთავარია სწორედ ათვალიერო...აქ უამრავ ინფორმაციას მიიღებ, შემდეგ გადაამუშავებ, ცოტას შენი ფანტაზიით დაამატებ, ცოტას შეცვლი, სიმართლესაც დაწერ და უკვე ამბავი ითქმის..ასე იქმნება და იწერება ჩემი ყველა ისტორია, რომელსაც ჩემთვის ვწერ...მერე როდისმე ალბათ ერთად აიკრიფება და გამოვა ერთი დიდი და აბურდული ისტორია, თავისი გმირებით ანდა უბრალოდ უგმიროდ....დამავიწყდა მეთქვა თქვენთვის, მე მიყვარს წერა, ჩემი განტვირთვა და თავისუფალი დრო ძირითადად ამით შემოიფარგლება.
ვზივარ ავტობუსის უკანა რიგის სკამზე და ვათვალიერებ, როგორც ყოველთვის, საინტერესო ხალხია და ეხლა ვეძებ გოგოებს,ქალებს, ორსულებს, რომ დავაკვირდე როგორ იქცევიან, როგორ დადიან, მალე გამომადგება, თუმცა ამჯერად არცერთი ორსული ქალი არ იყო ავტობუსში, მხოლოდ მოხუცები და მე.
ზოგი მოხუცი როგორი ტკბილი და თბილია, ზოგი კი ამოსული არაა უკვე ჩხუბობს, რომ ახალგაზრდებმა არ იციან მოქცევის წესები, თვითონ ახალგაზრდები რომ იყვნენ როგორი კარგები იყვნენ, არადა ტყუილად ჩხუბობენ.
როგორც იქნა სახლის გაჩერებამდე მივაღწიე, მივედი სახლში და მაშინვე ჩავწექი ლოგინში. ემოციურად დატვირთული დღის შემდეგ კარგია მოდუნება და თბილად ჩაწოლა, ჩავრთე ჩემი კომპიუტერი, და დავიწყე ჩემი საყვარელი ფილმის ყურება, ეს კი არის „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“. რაღაცნაირად ჩემს თავს მაგონებს, მთლად რა თქმა უნდა არა,მაგრამ თავგადასავლებით და დღიურის წერით კი. მეც ვწერ დღიურს და წარმოიდგინეთ ჯერ არდაბადებულ შვილსაც ვუწერ, უკვე წლებია ვწერ წერილებს და ველაპარაკები, როცა გაიზარდება და გახდება შედარებით დიდი, ერთ-ერთ დაბადების დღეზე ვაჩუქებ ბლოკნოტს,სადაც ჯერ არდაბადებულს ველაპარაკები და ვუხსნი როგორ მიყვარს და ველოდები, თან მინდა როცა წაიკითხავს ვუყურო, დავინახო როგორ აღიქვამს ჩემს ემოციებს, სად გაეცინება, სად ცრემლი ჩამოუგორდება, სად უბრალოდ იფიქრებს რომ დედაჩემი გიჟი ყოფილაო. მოკლედ ასეთ ფიქრებში და ოცნებებში ვიყავი, როცა ჩამეძინა, თბილად და ტკბილად.
ახლა ფიქრი უკვე რეალობაში უნდა მოვიყვანო და ვიწყებ კიდეც...თუმცა დეტალებზე არ დავწერ,რადგან ეს არ იქნება საინტერესო...გავაგრძელებ წერას მაშინ,როდესაც შედეგი დადგება. დროებით აბა.
რამდენიმე ხნის შემდეგ... ჩანაწერი ჩემს სოციალურ გვერდზე:
„მალე დედა გავხდები... დიახ, რამდენიმე თვეში ჩემი პატარა მეც მეყოლება...ვერაფრით ვერ ავღწერ იმ ემოციებს როდესაც ეს ამბავი გავიგე.. მე ეს ყველაფერი სრულიად დაგეგმილად, სრულიად შეგნებულად „ჩავიდინე“... მე აღარ ვარ პატარა გოგო, მე აღარ მჯერა პრინცების და თეთრი ცხენების, მე სავარაუდოდ დარჩენილ ქალებში მოვიაზრები, ვისაც „ბედმა არ გაუღიმა“ და მეორე ნახევარი ვერ ან ჯერ ვერ იპოვა..თუმცა მე არ ვაპირებდი და არ ვაპირებ ისე გარდავიცვალო, რომ შვილი არ მყოლოდა, სწორედ ამიტომ, ამ ასაკში და ასე შეგნებულად გადავწყვიტე და გადავდგი ეს ნაბიჯი. ვიცი, ამ ყველაფერს მოყვება ძალიან არაერთგვაროვანი რეაქცია, ვიცი ნაწილი რასაც მეტყვის,მაგრამ სიმართლე გითხრათ ნამდვილად „მკიდია“, რადგან მთავარი არის ის, რომ მე ბედნიერი ვარ, რომ მეც ისევე ჩამეხუტება შვილი, როგორც თქვენ, მეც ასევე მომილოცავს დედის დღეს, როგორც თქვენ და ერთადერთი რასაც ვინანებ მთელი ცხოვრება არის ის, რომ რატომ უფრო პატარამ არ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ უფრო მეტხანს შემძლებოდა დავმტკბარიყავი იმ გრნობით რასაც დედობა ჰქვია. მოკლედ მე მალე დედა გავხდები..“
ეს დავწერე და სულმოუთქმელად დაველოდე კომენტარებს, რადგან ამ პოსტით შევატყობინე ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ჩემი ცხოვრების ყველაზე მაგარი მომენტი და აი არ დააყოვნა შედეგმაც.უამრავი მილოცვა, უამრავი კომენტარი მივიღე, ასევე სატელეფონოც.. თუმცა იყო რამდენიმე არასასიამოვნო შეტყობინება, მაგრამ მე ხომ ამაზე არ უნდა ვიფიქრო, მე ხომ მხოლოდ დადებითი ემოცია მჭირდება. ჩემთვის ყველაზე მთავარია რას ვგრძნობ მე. მე კი ძალიან ბედნიერი ვარ და ესაა ყველაზე მაგარი შეგრძნება. დედაჩემმა და მამაჩემმაც ამ პოსტით გაიგეს, ვერ ვიტყვი რომ აღფრთოვანდნენ, მაგრამ ან ფაქტთან შეგუება მოუწევთ ან საერთოდ აღარ შევეხმიანები,
დიახ, შვილი მეყოლება და ეს ყველაზე ბედნიერი წუთები დამიდგა, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ყველამ ერთად გაიგოთ, რომ მერე ჩემს ზურგსუკან არ ილაპარაკოთ, თუმცა თქვენი ნებაა, შეგიძლიათ გამჭოროთ კიდეც, შეგიძლიათ ხელიც გამოიშვიროთ ჩემზე, მაგრამ ეს ნაკლებად იმოქმედებს ჩემზე, რადგან მერე, დრო რომ გავა, თქვენც გაჩერდებით ჭორაობას, მე კი ჩემი შვილით ვიამაყებ, მეც ჩამიხუტებს შვილი თავისი პატარა თათუნებით, მეც მომილოცავს დაბადების დღეს, მეც მეყოლება შვილის ნათლიები და ერთმანეთს ასე მივულოცავთ.
ვიცი, ბევრს გაგიხარდებათ ჩემი ამბავი, ზოგს გულით, ზოგი უბრალოდ მომილოცავს, ბევრი კი გვერდზე დამიდგებით და არ მესვრით ქვებს, რომ მე „ეს“ გავბედე და შვილი „უმამოდ“ უნდა გავზარდო. მე უფრო ძლიერი გავხდები, მე უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი, მე ჯერ არ გამიჩენია, თუმცა უკვე ერთ სხეულში ორი გული ფეთქავს და ის პატარა გული მთელს მსოფლიოს მირჩევნია, მის გამო რაც აქამდე მიკეთებია, უფრო მეტს გავაკეთებ, უფრო მეტს შევძლებ მის გამო. მან უნდა იამაყოს დედით, თუმცა უკვე „მოხუცი“ დედით, და ალბათ ერთადერთი რაც სანანებელი მექნება იქნება ეს, რომ „პრინცის“ ლოდინში ჩემს შვილს ეყოლება „მოხუცი“დედა, თუმცა სულით და გულით ახალგაზრდა და ის ჩემს ასაკს ვერ იგრძნობს.
არვიცი ჯერ ვინაა, გოგო თუ ბიჭი, პრინცესა თუ პრინცი, მაგრამ ის ვიცი, რომ მთავარია ჯანმრთელი მყავდეს, დანარჩენი მეასე ხარისხოვანია. მოკლედ ჩემო ბავშვო მე ბედნიერი გელოდები შენ...დანარჩენი... ყველაფერი გაივლის.
ვწერ ამ ყველაფერს და თან მეცინება და თან ვბრაზობ, ისე ვწერ ამ ყველაფერს თითქოს თავს ვიმართლებდე, არადა რა მაქვს გასასამართლებელი, მეც ჩვეულებრივი ქალი ვარ, ჩვეულებრივი დედური ინსტიქტებით და ბუნებრივია, რომ მინდა ვიგრძნო ის ბედნიერი წუთები,რასაც შვილთან შეხება და დედად ყოფნაა. მე ნამდვილად არ ვიმართლებ თავს, პირიქით მე მიხარია, რომ ეს ნაბიჯი როგორც იქნა გადავდგი, როგორც იქნა, ჩემს ტვინამდე და გულამდე დავუშვი, რომ დროა მემოქმედა და დროა მეფიქრა ბედნიერ მოხუცებულობაზე, რომ მე არ ვიქნებოდი მარტოხელა ქალი,შემდეგ მოხუცი და რომ მარტოობით, ისე არ მოვკვდებოდი, რომ ჩემი მკვდარი სხეული მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ არ ეპოვათ.. მოკლედ რა დროს სიკვდილზე ფიქრია,ახლა ამ წუთს, როდესაც ბედნიერებისგან ვბრწყინავ, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთებია, ჯერ კიდევ ვერ გამიაზრებია ეს ბედნიერება და ეს ამბავი. თუმცა მე ძლიერი ვარ და ამ ყველაფერს მე ადვილად გადავლახავ, გადავლახავ ზოგიერთის ქირქილსაც, ზოგიერთის ეჭვის თვალით შემოხედვებს და მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიქნები თქვენით ვინც უსიტყვოდ გამიგებთ და გვერდზე დამიდგებით. ვიცი, ძალიან ძნელია ჩვენს ცხოვრებაში შვილის მარტო გაზრდა, ისიც ვიცი რომ ყველაფერი გაორმაგებულად უნდა გავაკეთო, რადგან ბავშვს დედაც უნდა და მამაც,მაგრამ ცხოვრება ასე არაა აწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა, მეც რა თქმა უნდა როგორც თქვენ ყველას მეც მინდოდა გვერდში ადამიანის ყოლა, რომელსაც დავეყრდნობოდი, რომლის გვერდზე თავს დაცულად და ბედნიერად ვიგრძნობდი,ვინც იზრუნებდა ჯერ ჩემზე,მერე ჩვენს შვილზე,მაგრამ ასე არ მოხდა და ამის გამო დედობაზე უარს ვერ ვიტყოდი.
ვუყურებ ჩემს მუცელს, ვეფერები და ველაპარაკები, ჯერ არ მეტყობა, მაგრამ უკვე მგონია დიდი ვარ, გავიზარდე, ჩემი გული გაორმაგებულად ფეთქავს. ჯერ სულ პაწაწუნაა ჩემი ბავშვი,მაგრამ ჩემთვის ის ყველაზე დიდია...დეეე, ჩემო ანგელოზო, კეთილი იყოს შენი შემობრძანება ჩემს სამყაროში, დიდი ზეიმით დაგხვდები, მარტოები ვიქნებით,მაგრამ გპირდები არასოდეს მოგაწყენ და არასოდეს გაწყენინებ, მაგრამ შენც უნდა დამპირდე რომ ერთად კარგად გავერთობით, რომ ერთმანეთს სიურპრიზებს არ მოვაკლებთ, შენ ძალიან ბევრი მეგობარი გელოდება, პირველ რიგში კი დეიდაშვილი, შემდეგ ჩემი ბავშვები, რომლებმაც ამ დრომდე მომიყვანეს შენამდე.
ასე რომ თანდათან გაგაცნობ ყველას და ყველაფერს, ჯერ შენ სულ პაწუკა ხარ, ძალიან, ძალიან პატარა..ჯერ სულ რამდენიმე დღეა რაც გავიგე შენი არსებობა, მაგრამ სამაგიეროდ ქვეყანა შევყარე შენი არსებობით, ქვეყანას გავაგებინე, რომ ჩვენ: მე და შენ დღეიდან და იმ წუთიდან რაც გავიგე განუყოფელი ნაწილი ვხდებით. ხვალ დე, ექიმთან უნდა წავიდეთ, უნდა გავიგო შენი მდგომარეობა და ზუსტად რამხელა ხარ..დაგინახავ კიდეც „ტელევიზორიდან“, ხელს დაგიქნევ, მაგრამ ჯერ ვერ ჩაგეხუტები... შენ კი დამინახავ და ხელსაც დამიქნევ ალბათ..
ძლივს გათენდა..მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე,ხუმრობა საქმე ხომ არაა დღეს ჩემი ერთი წერტილი უნდა ვნახო, წერტილი რომლის გამოც ღირდა ცხოვრება და ეს წერტილი ცვლის მთელ ჩემს ცხოვრებას.
ხან, რომ ვუფიქრდები, თავს არ ვუტყდები, მაგრამ მეშინია, რადგან სულ მარტოს მომიწევს ამხელა პასუხისმგებლობის აღება, როდესაც კარგად იქნება მე ვიქნები ბედნიერი, მაგრამ როცა გაუჭირდება, მარტო მე, მხოლოდ მე ვიქნები მის გვერდზე და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მეშინია,მაგრამ ვცდილობ ამ დროს, ახლა ამ სიხარულის დროს არ ვიფიქრო ამაზე და ეს ბედნიერი წუთები უფრო გავიხალისო.
ლოგინიდან წამოვხტი,მოვემზადე წამებში და ექიმისკენ სიხარულით გავეშურე, რადგან დღეს პირველად უნდა გავიცნო ადამიანი რომელმაც სამყარო შემოატრიალა ჩემსკენ.
ექიმის კაბინეტთან რიგია, ელოდებიან პაციენტები თავიანთ რიგს, მათ შორის მეც. ვზივარ ჩემთვის აღელვებული და ვფიქრობ, რომ შევხედავ და რომ დავინახავ პირველად რას ვიგრძნობ, როგორ ამიცრემლდება თვალები თავისით და გული როგორ განათდება, როგორ აბრდღვიალდება და თან როგორ გაამაყდება, რომ მე მალე დედა გავხდები.. ჩემი გულის ქვეშ ხომ ახალი სიცოცხლე იზრდება და როგორც ნათქვამია დედის გულს მხოლოდ შვილი ხედავს შიგნიდან...ხოდა ახლა როცა ჩემი შვილი ხედავს ჩემს აჩქარებულ გულს ალბათ არ მოეწონება და ჯობია დავწყნარდე, მე ხომ ბოლო 2-3 კვირაა ახალი ცხოვრება დავიწყე, ჯანსაღი კვებით და არანაირი ნერვიულობით..იმედია გამომივა, მაგრამ ვნახოთ.. წინ ხომ ბევრი წინააღმდეგობა მელის, რადგან ჩემს ამბავს ბევრი კუდი გამოებმევა, ბევრი ჭორიც გავრცელდება, მაგრამ ეს ხომ მე არ უნდა მივიტანო გულთან, რადგან ჩემი გული უკვე მხოლოდ მე არ მეკუთვნის... ჩემი ამბავი ყველაზე მეტად კიდევ ერთ გულს უხარია და ეს გული დედაჩემისაა, მისი გული ხომ მე მინახავს შიგნიდან და ახლა უკვე ეყოლება პატარა ვინც თავის შვილის გულს დაინახავს შიგნიდან...
გარეთ რიგია პაციენტების, ჩემი ჯერიც დადგება მალე და დავინახავ იმ პატარა წერტილს რომელიც მთელს ჩემს სამყაროს ამოაყირავებს...მერე რა რომ მარტო ვიქნები ექიმთან, მერე რა რომ მის დაბადებისას მამა არ იდგება ჩემს თავთან...მთავარია მან მაჩუქა ყველაზე ძვირფასი წერტილი რომელიც ჩემს მზედ გადაიქცევა.
ვზივარ რიგში და დავიწყე დაკვირვება, აქაც არ ვიშლი ჩემს საყვარელი საქმეს, ზოგს დიდი მუცელი აქვს, ზოგს პატარა, მე კი ჯერ არც კი მეტყობა, გოგოები მიხვდენ რომ სულ პატარა ვიყავი და კითხვები და პასუხები თვითონვე მომაყარეს, თან მეკითხებოდნენ და თან თვითონვე სცემდნენ პასუხს, მე მხოლოდ ვიღიმოდი და თავით ვანიშნებდი.არასოდეს მიყვარდა ექიმთან ვიზიტები, დაზღვევასაც სულ ტყუილად ვაკეთებდი ხოლმე, რადგან არ დავდიოდი, ახლა კი ისე მსიამოვნებს აქ ყოფნა, თუნდაც დიდ რიგში ჯდომა, ეს ხომ ბედნიერებაა, დღეს ხომ აქ უნდა დამიდასტურდეს ის, რაზეც ამდენხანს ვოცნებობდი. დრო თითქოს გაგრძელდა, დავიღალე, ეტყობა ორსულობის ბრალია, ეხლა უკვე რამდენ რამეს დავაბრალებ მას. როგორც იქნა ჩემი რიგი მოვიდა, ყველაფერი კარგად გაქვსო, ნორმაშიო და მეც უბედნიერესმა დავტოვე საავადმყოფო.
ღიღინ-ღიღინით მივდივარ სამსახურში,არადა ღიღინი ჩემგან არავის გაუგონია, არ მაქვს სმენა და იმიტომ. მაგრამ ეხლა ზუსტადაც რომ მეღიღინება და მებედნიერება. სამსახურში რამდენიმე საათის დაგვიანებით მივედი, საპატიო მიზეზში რომ ჩამეთვალოს მომთხოვეს დაგვიანების მიზეზი,მეც არ დავიბენი და მივუთითე:გინეკოლოგთან ვიზიტი.აშკარად ვიგრძენი თვალების ჩემსკენ მზერა, მე კი ამაყად მივუგე:მალე დედა გავხდები.ამ სიტყვების თქმა და ვიგრძენი როგორ გამითბა სული და გული და როგორი ხმაური და ოვაცია მოჰყვა ჩემს სიტყვებს, მართლა გაუხარდათ ვიგრძენიდა ორმაგად უფრო გამიხარდა ეს ყველაფერი.
ვიცი, რომ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი უფრო რთულად იქნება, რადგან მე არ მედგება გვერდში ის მამაკაცი, თუმცა დარწმუნებული ვარ კარგი მამა იქნება და ისიც ვიცი, რომ ბავშვთან ურთიერთობას აუცილებლად ისურვებს, ერთი რამ ვიცი დაზუსტებით მათ ურთიერთობას არასოდეს დავუშლი, თუ ორივე სურვილი იქნება რა თქმა უნდა.
როგორც უკვე ავღნიშნე დედაჩემი ძალიან ბედნიერია ამ გადაწყვეტილებით, რადგან სულ დარდობდა ჩემს განცდებს,ხვდებოდა რომ ყველაზე ძალიან დედობა მინდოდა, მგონი დავიბადე თუ არა, მაშინვე დედობა მინდოდა, მაგრამ არ მახსოვს როდისმე თოჯინებით და დედა-შვილობა მეთამაშა, თუმცა ეს დევს ალბათ ქალის ტვინში და კოდირებულია ამით. თავიდან როცა ვფიქრობდი ბავშვის გაჩენას უმამოდ და დედას ვეუბნებოდი, ვატყობდი, რომ არ სიამოვნებდა, იმასაც ვატყობდი რომ იძაბებოდა და თან მეუბნებოდა, რომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რომ გამოჩნდება ადამიანი და ასე,მაგრამ მე ვფიქრობ არ უნდოდა იმიტომ, რომ ხალხის,მეზობლების და ასე შემდეგ „კეთილმოსურნე“ ხალხზე ფიქრობდა თუ რას იტყოდნენ, მერე და მერე როცა ხედავდა უკვე რომ ჩემს ცხოვრებაში „უკეთესობისკენ“ არაფერი იცვლებოდა, თანდათან მოლბა და მიხვდა ჩემი ბედნიერებისთვის ეს მეკლდა, მეკლდა შვილის სითბო და სიყვარული. ყველაზე მეტად კი ვინც გვერდში დამიდგა და პირველი ვინც გადამეხვია და მომილოცა ეს არის მამა. მამაჩემი რომელიც ყოველთვის ხვდებოდა რა მინდოდა, როგორ მინდოდა, რატომ მინდოდა და ასევე ვარ მეც მის მიმართ.
ამ ცხოვრებაში კი ყველაზე მთავარია ოჯახის გვერდზე დგომა და ზრუნვა. როცა ეს გაქვს ოჯახში დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. მე უზომოდ ბედნიერი ვარ, გარს მახვევია უამრავი ჩემი ადამიანი და ყველაზე მთავარი მუცელში მყავს უმთავრესი ადამიანი ჩემი ცხოვრების.
წინ კიდევ ბევრი გზა მაქვს, ბევრი წინააღმდეგობებით და ბევრი ბედნიერებით სავსე ცხოვრება, არ მეშინია, პირიქით ახლა უფრო გაბედული და ახლა უფრო თამამი ვარ, მზად ვარ ყველა განსაცდელს, შიშს, ტკივილს, თუ ბედნიერებას გავუძლო, თუმცა იმედია არც არაფერი იქნება გასაძლები. ეხლა ხომ ჰორმონები მომატებული მაქვს და ყველაფერს უფრო გაზვიადებულად ვგებულობ.
სახლში ვცხოვრობ მარტო, ბევრი წლის მერე როგორც იქნა შევძელი და ვიყიდე ჩემთვის ბინა,მართალია პატარაა,მაგრამ ჩემი ოჯახიც პატარაა,აქამდე თუ მარტო ვცხოვრობდი და ხანდახან მშობლები მაკითხავდნენ,ეხლა ჩემ შვილთან ერთად ვიცხოვრებ და ჩვენთვის ეს საკმარისი იქნება.
ყველას და ყველაფერს განსხვავებულად ვუყურებ და აღვიქვამ, ყოველთვის ემოციური ვიყავი და ყოველთვის ყველაფერი გულთან მიმქონდა, ახლა კი ეს ყველაფერი გამიორმაგდა და გამისამმაგდა.
ხანდახან მოვიწყენ ხოლმე კიდეც, ხანდახან მეტირება და ვერც ვიგებ რატომ, რისთვის, მაგრამ ყველა მაწყნარებს ეს იცისო, ესე ხდება ამ დროსო. ეს გასაგებია,მაგრამ მე ყოველთვის მტირალა ვიყავი, ყოველთვის ზომაზე მეტად წუწუნა და ახლა უკვე არვიცი როგორ გამიძლებენ.
სხვათაშორის, ორსულობა ჯერჯერობით წყნარად მიმდინარეობს, ტოქსიკოზის და ყოველგვარი გართულებების გარეშე და თან ჩემდა გასაკვირად სადაც მივდივარ ყველგან თბილად მხვდებიან, რომ იგებენ ამ ასაკში,ასე მარტომ გადავწყვიტე და გადავდგი ეს ნაბიჯი.
ჯერჯერობით ჩემი შვილის მამისთვის არც მითქვამს ეს, რა საჭიროა, მაინც არაფერი შეიცვლება და დრო რომ მოვა ამას აუცილებლად მაინც გაიგებს. ყველანაირად ვცდილობ მის ზარებს არ ვუპასუხო, არსად არ შევეფეთო და რომ დავშორებოდი დიდი ჩხუბის გათამაშება მომიწია. სულ უბრალო რამეზე წავკინკლავდით, მე კი ეს დიდ რამედ ვაქციე და კარის გაჯახუნებით წამოვედი.
თუ მიდიხარ, კარების გაჯახუნებით უნდა წახვიდე, უნდა წახვიდე თავაწეული და ამაყი... თუ არადა მაშინ არც უნდა იწუწუნო და არც მოაბეზრო გარშემომყოფები შენი ვაით და ვუით.. ხოდა ასე ვდგევარ კარებთან, ჩემოდნით ხელში, ჩემოდანში ჩემი ცხოვრებაა ჩატეული, (ტკივილებით და ბედნიერებით სავსე), ძლივს ჩავტენე, ცდილობდნენ ჯიუტი ბავშვივით ამოხტომას და ხან რას მახსენებდნენ და ხან რას... მე კი ვიდექი და ძალით ვტენიდი. უბრალოდ დავიღალე ვიცხოვრო იმ ცხოვრებით, რასაც მოპარული ცხოვრება ჰქვია... გიყვარდეს კაცი, ვინც სხვას ეკუთვნის და ვინც არც გეგმავს შენთან ცხოვრებას.. რომელიც მშიშარაა და შენი ერთადერთი ოცნების ასრულებაზეც ამბობს უარს... არც გიშვებს რომ წახვიდე და მაინც შორს ხარ მისგან... არ ამბობს იმას რასაც გრძნობს, ეშინია მას იმ გრძნობის აღიარების რასაც შენ განიცდი და რაც გაგაბედნიერებს.. შენ ხომ არაფერი გინდა, მხოლოდ ის რომ გახდე დედა მისი შვილის... იჩუქო მისგან ის ერთადერთი არსება ვის გამოც უბედნიერესი უნდა გახდე... მაგრამ არა, მას ეს არ უნდა, უბრალოდ ეშინია, არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, თუმცა შენ არც აკისრებ მას არაფერს.. შენ იგი გიყვარს, არა კი არ გიყვარს, აბოდებ მასზე.. შენ ვერც კი წარმოგიდგენია სხვა ადამიანი მის მაგივრად...თუმცა დროა უკვე წახვიდე... წახვიდე, გამოიკეტო კარები და დაიწყო ცხოვრება მის გარეშე.. მაგრამ ატყობ, ძალა არ გაქვს, ჩემოდანზე ჩამოჯექი და ისევ ჩაჰყურებ მასში ჩალაგებულ, ჩატენილ ცხოვრებას.. როგორ გაიცანი, როგორ ცხოვრობდით, როგორ შეგიყვარდა, როგორ აკოცე პირველად, მერე როგორ გატკინა გული და მერე მაინც როგორ შეურიგდი, როგორ აგრძელებდით ცხოვრებას ერთად და ცალცალკე... როგორ გადიოდა დრო და როგორ მიხვდი, რომ დრო უბრალოდ გაიპარა... ბევრი წელი გაკავშირებთ ერთმანეთს და ბევრი მოგონება და მაინც ბედნიერი ხარ, უბრალოდ თმაში ცოტათი ჭაღარა შეგერია, თუმცა ჭაღარას ეშველება, იარებს კი რომელიც დაგიტოვა ამ ურთიერთობამ ვერაფერი.
გინდა რომ დატოვო, გაიჯახუნო კარები, მაგრამ მაინც უკან გრჩება ფეხები, გგონია რომ ისიც ინერვიულებს, ფიქრობ მასზე, მაგრამ.. არა, ჯობია ერთხელ და სამუდამოდ ადგე და წახვიდე... თუმცა თვალებიდან თქრიალით მოგდის ცრემლები..შენ სუსტი ხარ, არ ხარ ძლიერი და ამ ძლიერობის დამტკიცებით უფროდაუფრო სუსტდები... უყურებ ჩემოდანს გამოტენილ დარდით და ბედნიერებით და მაინც გიხარია რომ გიყვარდა, რომ ცხოვრების გზაზე შეგხვდა და გასწავლა სიყვარული.. გახსენდება მასთან გატარებული დღეები, მასთან ჩახუტება, კოცნა და ვერაფრით ივიწყებ... ზიხარ ჩემოდანზე და გაგახსენდა მთაწმინდის პარკი,შემოდგომა და ეშმაკის ბორბალი..მასთან ერთად რომ მოექეცი კენწეროს და პირველი კოცნა.. რომელიც შემდეგ ყოველთვის გეხსომება... ყოველ ეშმაკის ბორბლის დანახვაზე გაგახსენდება ეს ბავშვური ანცობა და ბევრი წლისწინანდელი პირველი კოცნა..ბევრი წელი რომ გავა და მაინც რომ სიამოვნებისგან და სირცხვილისგან დაგწვავს... რამდენი ასეთი მოგონებაა ჩატეული ამ ჩემოდანში... ახლა ცდილობ ნელნელა ამოალაგო, გადახედო და თუ გულს გატკენს სამუდამოდ მოიშორო...ამოალაგებ, შეხედავ, გაგახსენდება და უაზროდ აგდებ...არც ჩემოდანში აბრუნებ, რადგან იცი ვერ გაბედავ და ვერ წახვალ ვერც მოჯახუნებით და ვერც ისე...იცი რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩება, ისევ ისევ დაელოდები მას, მოპარულ საათებს, წუთებს, კოცნას და მასთან ალერსს.. იცი რომ ეს ყველაფერი დროებითია, მაგრამ მაინც თანახმა ხარ.. ახლაც დასცქერი ტელეფონს, ჯიუტად რომ არც შენ წერ და არც ის... თუმცა შენ ხომ ვერ მისწერ, შენ უბრალოდ ელოდები, როდის მოგწერს, ყველა მესიჯის ხმაზე წითლდები და ცქმუტავ პატარა გოგოსავით..არადა უკვე ქალი ხარ, ქალი რომელიც პატარა გოგოსავით შეყვარებულია. შენ თან მარტო ხარ, მარტოხელა ქალი ხარ, თუმცა არც მარტო ხარ...უბრალოდ სხვების დასანახად ხარ მარტო.. ისე კი როგორი ბედნიერი ხდები მასთან, როგორი ენაგატლეკილი და თან ბედნიერი..თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება...წასვლის დროს როგორ ეკრობი, არ გემეტება გასაშვებად და შენ ხდები ეჭვიანი..თუმცა ამის უფლება შენ არ გაქვს.. ძნელია როცა ეს ყველაფერი იცი, აანალიზებ და მაინც ასე აგრძელებ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა რომ შენ სხვანაირ გარემოში იზრდებოდი...როცა იცი რომ ეს აკრძალულია, თუმცა სიყვარულის სახელით აგრძელებ ასე ცხოვრებას.
ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, რომ მივაღწიე იმ ბედნიერებას, რომ ვიგრძენი ჩემს სხეულში ახალი ცხოვრება, გამოვიჯახუნე კარები, ჩავტენე ყველაფერი ერთ დიდ ჩემოდანში და წამოვედი ისე, რომ არც მითქვამს მისთვის არაფერი.