ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სულების თეორია

სულების თეორია

ცეკვის წრე

  6 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემმა საგონებელში ჩამაგდო. ცეკვის წრეზე უნდა შევსულიყავი. ამაზე ოჯახში სერიოზული ბუნტი მოვაწყვე, ძალიან მეზარებოდა და საერთოდაც არ მინდოდა სკოლის შემდეგ დამატებით სადმე სიარული. ჩემთვის ნება რომ მოეცათ, მთელი დღე დათუნასთან და სანდროსთან ერთად ვითამაშებდი. მაგრამ ბოლოს დამითანხმეს, ათასგვარი ხერხით მომისყიდეს და გამარჯობა! 2004 წლიდან გიქნევთ ხელს, არაბუნებრივად ქერა თმიანი, ცისფერთვალება მე!

 ცეკვის სტუდიაში შევაბიჯე თუ არა გულში ათასი მადლობა დედას გადავუხადე, იმაზე მეტი მამას, რომ დამითანხმეს. მივხვდი, ჩემი ნებით აქედან ვერავინ წამიყვანდა.

 ყავისფერი დარბაზი იყო, წინა კედლის მთელ სიგრძეზე სარკეებით, რომლის თავზეც ნინო რამიშვილის ძალიან დიდი ფოტო იყო გაჭიმული, გარშემო პატარ-პატარა სურათებით. დარჩენილი სამი კედლის გასწვრივ კი ძელები იყო მიმაგრებული. მოკლედ რომ ვთქვათ, 6 წლის ასაკში ჩემი პირველი კომფორტის ზონა აღმოვაჩინე. იმ პერიოდიდან მოყოლებული ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.. მიყვარდა ყველაფერი, რაც უკავშირდებოდა ცეკვას! მიყვარდა სცენა, არისტოკრატიული ფორმები, განათების შუქი, ხალხით სავსე საკონცერტო დარბაზი.. მიყვარდა ყველა რეპეტიცია. მომწონდა, როდესაც ძალიან დაღლილზე კუნთების ტკვილი არ მაძინებდა. დაჭიმული და მოქნილი სხეულის შეგრძნებაზე ვგიჟდებოდი.. მახსოვს, თავიდანვე ერთმა საყვარელმა გოგომ მიიქცია ჩემი ყურადღება. თხელი, ლამაზი მხრები ჰქონდა, შავი სრიალა გრძელი თმა და ნუშისებური თვალის ჭრილი. ბალერინას კაბა ეცვა და თავისთვის მოწყენილი იდგა. ხოდა იმ დღეს მთელი თბილისი მოვიარე და მეორე რეპეტიციაზე, მეც მსგავსი კაბით გამოვცხადდი .მაგის მერე დავმეგობრდით. ელენეს ჩვენი ჯგუფის მოცეკვავე უყვარდა, იმ ბიჭს - მე, თუმცა, ეს ფაქტი სულაც არ გვიშლიდა ხელს იმაში, რომ ძველებურად გვედაქალა. პირიქით, უფრო დავახლოვდით. ერთხელ ძალიან ამაყად გამოცხადდა რეპეტიციაზე მაისურით, რომელზეც ამ ბიჭის სახელი ეწერა. მე სიცილით ჩავბჟირდით. ამას ის ფაქტიც დაემატა, რომ იმ დღეს ეგრედ წოდებული “რომანი” არ მოვიდა რეპეტიციაზე! ელენეს ძალიან კი დაწყდა გული, მაგრამ დღეს რომ ჰკითხო გიპასუხებს კიდევ კარგი არ მოვიდაო.

ვერა და სკოლა

ბებიაჩემის   სახლი ვერაზე, ზუსტად ფილარმონიის უკან იყო. ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი სწორედ იქ მაქვს გატარებული. ამ სახლს   უკავშირდება ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევრაზე მეტი. ის არის ჩემი ყველაზე ხალისიანი და სუფთა პერიოდი... ბავშვობიდან მიყვარდა მანჩოსთან ყოფნა. მშობლებთან რომ მაბრუნებდნენ, ბოლო ხმაზე ვტიროდი, არ ველაპარაკებოდი არავის. ბებიაჩემიც ისე მეჩვეოდა, ერთი-ორჯერ გამომუშავებული ინსტიქტით ეზოშიც კი მეძებდა, მერე ახსენდებოდა, რომ არ ვიყავი იქ და მალევე მაბრუნებდა თავისთან.

  მანჩო ყველაზე ლამაზი ქალი იყო. მახსოვს კრებებზე რომ დამყვებოდა, ყველას დედაჩემი ეგონა ახალგაზრდული იერის გამო და ისედაც, ნახევრად უკრაინელს საერთოდ ვერ შეამჩნევდით ასაკს. მოკლედ, „კრასავიცა“ ბებო მყავდა. ბაბუაჩემი რომ დაიღუპა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. ბავშვებს ხომ გასაოცარი მახსოვრობა აქვთ, მითუმეტეს როცა რამე ძალიან ახარებთ, ის გონებაში მკაფიოდ ებეჭდებათ. სწორედ ასეთი მოგონებაა ჩემთვის ბაბუ.  მისინ დაღუპვის შემდეგ, იმ სახლში მე გადავცხოვრდი მანჩოს უფერული დღეების გასახალისებლად და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მახარებდა ეს ფაქტი. მე და ბებო საუკეთესო ტანდემი ვიყავით მთელს მსოფლიოში, ყველაზე ბედნიერი, თავდაჯერებული და ლაღი სწორედ მის გვერდით ვიყავი.

  გიორგი ნიჟარაძეც მაშინ გავიცანი - რუსთაველის მეტროს კარში გაჭედვას გადამარჩინა. მას მერე დავმეგობრდით. გიორგი იოსებიძეზე ცხოვრობდა, თურმე ბაღელებიც ვყოფილვართ სწორედ ის ტანჯული 1 თვე , სანამ ფეხს დავკრავდი და ამაყად დავტოვებდი ბაღის საზარელ შენობას. მერე ისიც გავარკვიეთ, რომ თურმე გოგო, რომელმაც მის სათამაშო მანქანას ბორბლები დააძრო და ურნაში გადაუძახა, მე ვყოფილვარ. ერთად დავდიოდით 161-ე სკოლაში. მე პეკინზე, სკოლის უკან ვცხოვრობდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გიორგი კორპუსთან მიცდიდა ყოველ დღე, ხან რა მიზეზს იგონებდა ხან რას, რომ კლასის კარამდე მივეცილებინე . ძალიან ყურადღებიანი და თბილი იყო. ყველას შეყვარებულები ვეგონეთ, წლების მერე მართლა ამიხსნა სიყვარული, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვემეგობრებოდი. მერე გავიზარდეთ, გიორგის გადაუარა, სკოლის დასრულების შემდეგ პროფესიულმა სხვაობამ სხვადასხვა გზით წაგვიყვანა. მახსოვს, ერთხელ შემთხვევით შევხვდი. გავიხსენეთ ძველი დრო და ჩვენი მეგობრობის მარადიულობისთვის შვილი რომ გეყოლება მე მომანათლინე იცოდე, თუ დაგავიწყდება და დამიკიდებ , ფუფლო იქნები მთელი ცხოვრებაო, მომაძახა სიცილით და წავიდა...

სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. ნორმალური კლასი მყავდა, თუმცა მე თავიდანვე მქონდა ჩამოყალიბებული აზრი, რომ ბიჭებს გოგოებისგან განსხვავებით უფრო ღრმად და სხვანაირად შეუძლიათ მეგობრობაც, სიყვარულიც , გაბრაზებაც და საერთოდ ყველაფერი. ამიტომ სკოლაში ორად ორი საუკეთესო მეგობარი მყვადა და ორივე არანორმალური ბიჭი; სანდრო სულაძე და დათუნა ბარათაშვილი. კლასში პირველად ფეხის შედგმიდან მოყოლებული სულ ერთად ვართ. მარცხნივ დათუნა მეჯდა, მარჯვნივ სანდრო. მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლოებზე და გამოცდებზე სულ სხვაგან მსვამდნენ, ჩვენ როგორღაც ვახერხებდით და ბიჭები საუკეთესო ქულებს ღებულობდნენ. საუკეთესო სამეული ვიყავით და მიხარია, რომ ცხოვრების ვერც ერთმა დაბრკოლებმა ვერ დაგვაშალა.

 ზოგადად, მეგობრობაზე მაგარი და ზეაღმატებული არაფერი არსებობს ამ ქვეყნად. ძალიან უნდა გაგიმართლოს ცხოვრებაში, რომ გვერდით კარგი მეგობარი გყავდეს, და , რაც მთავარია, გულწრფელ და ნამდვილ მეგობრებს უნდა გაუფრთხილდე.

 ბავშვობაში ყველაზე ბედნიერი და ამაყი სწორედ ამით ვიყავი. ორი რამ , რაც ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს, საუკეთესო მომივლინა სამყარომ : ოჯახი და მეგობრები, მართალია ცოტანი, მაგრამ ნამდვილები.