ცხენები
ცხენები
თორნიკე ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. ნაბიჯებს ბიტს აყოლებდა, თუმცა უცხო თვალისთვის მაინც ნელა მიდიოდა. ჯერ ჯოკრის მაგიდას ჩაუარა, შემდეგ სავსე კალათბურთის მოედანს. ერთი იფიქრა, სკვერში საქანელაზე ხომ არ ჩამოვჯდეო, მაგრამ მაინც გზის გაგრძელება არჩია. ვინმე ნაცნობი რომ გამოჩენილიყო, მოკითხვები და ლაპარაკი ძალიან ეზარებოდა. ჩამქრალი ლამპიონების რიგს გასცდა და ვიწრო ქუჩაზე შეუხვია. ბაბუა აქ ცხოვრობდა.
სადარბაზომდე იქვე ავტოფარეხში გახსნილ თონეში შეიხედა. ცხელი ფქვილით სავსე ჰაერი ეგრევე სახეში დაეტაკა და თვალების დახუჭვა მოანდომა. პურის თაროები ცარიელი იყო, გამხდარი მეპურე კი თონის გვერდით ანთებულ გაზის ბალონზე შემომდგარ ტაფას ედგა თავზე. მელოტი კაცი დანით ტაფაზე რაღაცას კარაქს უსვამდა და მეორეს ფქვილიან წინსაფარზე იწმენდდა. თორნიკე არ დაუნახავს.
- მალე იქნება?
მეპურემ ამოიხედა და წამით თითქოს არ იცოდა, რას ეკითხებოდნენ. შემდეგ მიიწია და თონეში ჩაიხედა. თორნიკეც ცოტა მიუახლოვდა და ტაფაზე აწითლებული ხაჭაპური დაინახა, რომელსაც ზემოდან კარაქის სქელი ნაჭერი ადნებოდა.
- 10 წუთში, უფროსო. უპასუხა კაცმა ღიმილით და ისევ ტაფას დაუბრუნდა.
- დავუცდი.
იქვე კორპუსის წინ ძელსკამზე ჩამოჯდა და მუსიკა ჩართო. დაღლილს ჩამოჯდომა ესიამოვნა. წამით თვალები დახუჭა და წინ ეგრევე ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური დაუდგა. არადა იფიქრებდი, რომ მთელი დღე პურის ცხობის მერე ისევ ცომის ჭამა არ მოგინდებოდა. თუმცა ამდენი თონის პურის მერე ხაჭაპური შეიძლება სასწაულადაც მოგეჩვენოს. ქარმა დაუბერა და თორნიკესაც ცოტა გააჟრიალა. საღამოს სიცივე ესიამოვნა. გაეღიმა, ისე უხაროდა დილით გაზაფხულის მზის დანახვა, რომ ცოტა თხლად ჩაცმა მოუვიდა.
შერხეულ ტოტებს უყურებდა, როცა ყურსასმენებში ვიღაცის ხმამაღალმა ლაპარაკმა შემოაღწია. მის წინ ძველებურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ასაკოვანი კაცი გაზეთით ხელში რაღაცას უხსნიდა შეკრებილ მეზობლებს. დანარჩენ, ლუდის დასალევად შეკრებილ, შუახნის კაცებს მის ლაპარაკზე ირონიულად ეღიმებოდათ და დროდადრო დამცინავად უქნევდნენ თავს. მოლაპარაკე სახეზე გაწითლებულიყო და პოლიტიკოსივით აფრიალებდა შავი მელნით შევსებულ ფურცლებს. დაკუჭული გაზეთის პირველი გვერდიდან კი თორნიკეს ზვიად გამსახურდიას სახე უმზერდა, რომლის ულვაშებიც ხან უღიმოდნენ და ხანაც უბღვერდნენ. ეცადა გაეხსენებინა, ბოლოს როდის იყიდა ან წაიკითხა გაზეთი, მაგრამ ამაოდ. არადა, ბავშვობაში მამასთან ერთად ბოლო გვერდზე სუდოკუების კეთება უყვარდა. ახსოვდა, როგორ უცდიდა ხოლმე ხელში ლურჯი კალმით, სანამ მამა კითხვას მორჩებოდა. არითმეტიკა სუდოკუში მეტი ჰქონდა ნასწავლი ვიდრე სკოლაში.
მუსიკის გაჩუმების გარეშე დაძაბა სმენა, რომ პიჯაკიანი კაცის სიტყვები გაეგო. მის ტუჩებსაც დააკვირდა, ერთადერთი “ცოცხალია” გაარჩია. ამასობაში დანარჩენებს ყვირილის სმენა მობეზრდათ და ერთმანეთში კარტის დარიგება დაიწყეს. ჭაღარა კაცს უკვე აღარც უყურებდნენ და ისე პასუხობდნენ უინტერესოდ. მასაც ნელ-ნელა მობეზრდა მგლის თავზე სახარების კითხვა, ხელები სევდიანად ჩამოუშვა და მყარი ნაბიჯით გაჰყვა ვიწრო ქუჩას.
პურის თაროზე ათამდე ცხელი შოთი ელაგა, მეპურე კი ნაზად ჭრიდა ახალგამომცხვარ ხაჭაპურს. ერთის ყიდვას აპირებდა, მაგრამ ჯიბიდან ორლარიანი ამოუვიდა და ბარემ მეორეც გააყოლა ხელს. ზედმეტი შოთი არ არსებობს. წინა კვირის გაზეთის ფარატინა ქაღალდში სითბო მარტივად ატანდა და ხელებსაც დაუწვავდა, ოსტატურად მხოლოდ თითის წვერებით რომ არ ჭეროდა. ბევრი არ უფიქრია, მარჯვენათი ყველაზე გემრიელი შესახედაობის ყუა მოგლიჯა და ხარბად ჩაკბიჩა. სანამ სადარბაზოში შევიდოდა ფურცლებზე წარწერებისკენაც გააპარა თვალი, მაგრამ ზედ ვერც სუდოკუ და ვერც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახე ვერ დაინახა. მხოლოდ რამდენიმე ისეთ უხალისო სათაურს მოჰკრა თვალი, როგორების დამახსოვრებაც ადამიანებისთვის შეუძლებელია.
გასარემონტებელ სადარბაზოში რომ შევიდა, შეამჩნია, რომ ახალი არაფერი შეუმჩნევია. არადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველ შემოსვლაზე ეხამუშებოდა, ჯერ რომ ხმამაღალი ტკაცანი ისმოდა და მერე ხელოვნური თეთრი შუქი თვალებს ტკენდა. თითქოს ყოველი შემობიჯებით საბედისწერო მექანიკურ მახეს ამოქმედებდა ხოლმე, რომელიც ისე დაძველებულიყო, რომ თავის ერთადერთ მოვალეობასაც კი ვეღარ ასრულებდა. ეტყობა, შუქი არ იყო. სადარბაზოში მარტო მარცხენა კედელთან ჩალაგებული გაზის მრიცხველები ციმციმებდნენ წითლად. პირგამოტენილმა თორნიკემ, ტრადიციისამებრ, განცხადებების დაფას შეხედა, მაგრამ სიბნელეში სანტექნიკისა და ვინდოუსის გადაყენების შავ-თეთრი რეკლამები, ჩვეულებრივზე უფრო განწირულად გამოიყურებოდნენ.
კარი ღია დახვდა და პირდაპირ პატარა სამზარეულოსკენ წავიდა. პური მაგიდაზე დადო და საჭმელი შესათბობად დაადგა. შემდეგ სასტუმრო ოთახში გავიდა და ბაბუას ოთახის კარზე მიუკაკუნა.
- ბორში დავადგი და დამეწვევი? დაუძახა.
- აბა რას ვიზამ?! ათ წუთში გამოვალ.
მხიარული, მაგრამ საქმიანი ხმით უპასუხა ნიკო ბაბუმ. თორნიკეს აინტერესებდა რითი ირთობდა თავს ბაბუამისი, მაგრამ მისგან ძირითადად არაერთმნიშვნელოვან პასუხებს იღებდა. ყველაზე ხშირად მაინც ძველ გაფუჭებულ რადიოს უკირკიტებდა ხოლმე. თორნიკესაც უნდოდა შეკეთებაში დახმარებოდა, მაგრამ ბაბუს თავის ოთახში მარტო ყოფნა ერჩივნა.
ბოლო დროს ლექციების შემდეგ აქ გამოსვლას მიეჩვია. სახლში სულ ხმაური იყო. ბაბუასთან უფრო მშვიდად მეცადინეობდა. ყოველ შემთხვევაში, მშობლებს ამ მიზეზს ეუბნებოდა. ნიკო თითქმის მთელი დღე თავის ოთახში იყო შეყუჟული და თორნიკეს მთელი ბინა თავისთვის რჩებოდა. ხანდახან მართლა მეცადინეობდა, მაგრამ ძირითადად მუსიკის სმენასა და თამაშში გაჰყავდა დრო. ბაბუას ძველებური, ცოტა მოუვლელი ავეჯიც მოსწონდა, რომელსაც თორნიკეს აზრით მშრალი ხის სუნი ასდიოდა. მოჩუქურთმებული, მაგრამ უკვე შელახული სავარძლები, რომლებშიც ჩაჯდმოსისას სასიამოვნო ჭრიალი ესმოდა. ასევე ერთობოდა მთელ ბინაში მიმოფანტული პატარა ნივთებით, რომლებიც მასზე ბევრად უფროსები იყვნენ. უცნაურ საფერფლეებს, შანდლებსა და გაუგებარი დანიშნულების ჩოთქებს ყოველ დღე ხვდებოდა, ხელში იღებდა და ათამაშებდა, მაგრამ არასდროს ახსოვდა, რომელი სად უნდა დებულიყო. განსაკუთრებით კარადის თავზე შემოდებული პირღია თევზების ფორმის მქონე ოქროსფერი შანდლები უყვარდა. ამ, ერთ დროს მდრიდრული გარეგნობის მქონე, თევზებს ხშირად აბლაბუდაში გახვეულებსაც პოულობდა. ერთხელ ერთს ობობა პირდაპირ პირშიც კი ეჯდა, სანთლის ჩასადებ ადგილას.
ბაბუა საღამოობით გამოდიოდა სამზარეულოში საჭმლის გასამზადებლად. თუმცა ნიკოს მაინცდამაინც კარგი ხელი არ ჰქონდა და რაც ცოტა წამოიზარდა, თორნიკე უფრო ხშირად ამზადებდა საჭმელს, როცა ბაბუასთან რჩებოდა. საჭმელს თორნიკეს დედის ნაყიდ, ახალ, ლურჯ თეფშებზე გადმოიღებდნენ ხოლმე, პატარა მაგიდას მიუსხდებოდნენ და დრო ლაპარაკში გაჰყავდათ. სანამ ისევ თავ-თავიანთ სიჩუმეს დაუბრუნდებოდნენ.
დაბინდულ სამზარეულოში თორნიკემ მოკრძალებული სუფრა გააწყო და სანამ ნიკოს უცდიდა, რადგან კომპიუტერს ვერ ჩართავდა, ფანჯრიდან დაიწყო ყურება. ხალხს უმიზნოდ ათვალიერებდა: გადახურულში ლუდს სვამდნენ და ჯოკერს უბერავდნენ, ზუსტად მის ქვემოთ თბილად ჩაცმული ქალი ეტლით ბავშვს ასეირნებდა, წინა კორპუსთან კი ძაღლები ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს, ის ზვიადისტი კაცი კი ისევ ვიღაც გამვლელს უბურღავდა ტვინს თავისი გაზეთით. ცოტა ხანს ისევ იყურა იმ იმედით, რომ უკვე ბევრჯერ შემჩნეული გრძელთმიანი გოგო გამოივლიდა თავის დიდ ძაღლთან ერთად, მაგრამ - ამაოდ.
- თორნიკე, რას ამბობენ ინტერნეტში, ბორშიც მეორე დღესაა უფრო გემრიელიო? გამოვიდა ოთახიდან ბაბუა და თან ეკლესიის მსგავსი მძიმე სუნი გამოიყოლა.
-რა ვიცი აბა, კინაღამ ჩაგეწვა გუშინ. რომ იჭმევა, ეგეც მიხარია. რა სუნია? გაუღიმა დაეჭვებულმა თორნიკემ.
-მაღაზიაში სურნელოვან სანთლებზე ჰქონდათ დღეს ფასდაკლება და, ბარემ, ორი ცალი გამოვაყოლე ხელს. ერთი შენ დაგიტოვე.
უკვე ჩამომჯდარმა ნიკომ ტუმბოზე დადებული მოწითალო, მსუქანი სანთლისკენ მიუთითა. ბაბუას უსარგებლო ნივთების შეგროვება უყვარდა.
-სუნი - დიდი ვერაფერი. რად გინდოდაო - მეტყვი, მარა აგერ, დღეს სინათლისთვის მაინც ხომ გამოგვადგება?! შეგვიძლია სადილის მერე ნარდი ვითამაშოთ. გაიკრიჭა წვერგასაპარსი ნიკოც.
-მაინც უნდა მოგიგო და… - ნიშნის მოგებით ჩაურტყა თორნიემ.
-ისევ ჩემგან ნასწავლი ტრიუკებით არ უნდა მომიგო მერე?! ორივე ვარიანტში მე ვარ მოგებული. შენ კიდე, შვილო, არწაგებაც გიხარია.
-დაიწყე თამაში და ვნახოთ, ბოლოს ვინ იქნება გახარებული.
ორივეს შიოდა და ჭამისას ნაკლებს ლაპარაკობდნენ. მეორე დღის ბორში მართლაც უფრო გემრიელი აღმოჩნდა. როცა მორჩნენ, თორნიკემ სუფრა აალაგა და დასარეცხ ჭურჭელსაც რამდენიმე წუთში გამოუყვანა წირვა. ნიკომ კი ამასობაში თავისი ძველი, დასატენი სანთებელათი სანთლები აანთო და მაგიდაზე ნარდი გაშალა. როცა თამაშის დასაწყებად მზად იყვნენ უკვე გვარიანად დაბნელებულოყო და ნარდის დაფაც მთელ ბინაში ერთადერთ განათებულ სივრცეს წარმოადგენდა. მოჭუტული თვალებისთვის სანთლის მოწითალო შუქს დაფის სვეტები ბებერი ხის მერქანზე გაკლაკნილი ბზარებისთვის დაემსგავსებინა.
ნიკომ ის ხელი ღმერთივით ითამაშა. თორნიკე ბოლოს იმასაც ფიქრობდა, რომ წინასწარ იცოდა რა გაუგორდებოდა და ქვებსაც მაგის მიხედვით ალაგებდა. ბაბუამისთან მარსით ალბათ უკვე წლები არ ექნებოდა წაგებული.
-მასე იცის ბევრმა ტრაბახმა. დამცინავად უღიმოდა ბაბუა, როცა თორნიკე ბოლო სვლაზე უშედეგოდ ეძებდა ერთი ქვის გაყვანის გზას მაინც. ნარდზე დიდად არ გიჟდებოდა, ნიკოს გარდა თითქმის არავის ეთამაშებოდა. მაგრამ ასე სამარცხვინოდ წაგებას მაინც არ ელოდა.
-გინდა კიდე? შესთავაზა თორნიკემ.
-დღეს ვერა, ახლა ერთ სტუმარს ველოდები და მერე სამუშაო მაქვს. ხვალაც გეთამაშები, თუ მოხვალ.
საუბარი თორნიკეს ტელეფონის წკრიალმა გააწყვეტინათ. გოგა წერდა, თინასთან ერთად იყო და იპოდრომზე გასვლა უნდოდათ. სახლში უშუქოდ ჯდომა ისედაც ეზარებოდა და პარასკევს საღამოს მეგობრების ნახვას მაინც ვერ გაექცეოდა.
-მეც გავალ ახლა ცოტა ხანში. ვის ელოდები, ბაბუ?
-ძველი მეზობელია, ამხანაგობის საქმეზე ამოდის. ტვინი წაიღეს რა, რამის ფულია ასაგროვებელი ან ისევ თავმჯდომარეობა უნდა შემომთავაზონ. მაგათ უსაქმური ვგონივარ, ხო იცი შენ?!
თორნიკეს გაეცინა.
-ისე, რა ევალება ბაბუ კორპუსის ამხანაგობას?
ჰკითხა ნახევრად ხუმრობით.
-აზრზე არ ვარ და არც მინდა ვიცოდე. ლიფტი ჩვენ არ გვაქვს და ეს განათებებიც იმიტომ დაამონტაჟეს ხალხს რო გული შეუჭამონ მაგათზე ლაპარაკით. ეგრე არიან, ოცი წელია ამ სახლში ვცხოვრობ და სისხლის გაშრობის და საარჩევნოო სიებით სირბილის მეტი მაგათგან არაფერი მახსოვს. ან მე რაში ვჭირდები, ნეტა ეგ გამაგებინა…
-შენ ყველას ევასები, ბაბუ, - ზურგზე ხელი მოუტყაპუნა თორნიკემ.
-შენს პირს შაქარი. გაეცინა ნიკოს შვილიშვილის ქათინაურზე.
მეგობრებს კვარტალის შესახვევთან ელოდა. ნიკოსთან ყოველი შემთხვევისთვის დატოვებული მოსაცმელი მოეხვია. ამოწმებდა, სუნთქვისას ორთქლს თუ უშვებდა, მაგრამ სიბნელეში ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა უჭირდა. გოგას პატარაობიდან იცნობდა. ეზოში ერთად ჩადიოდნენ ხოლმე და დაწყებითი კლასებიც ერთად გამოიარეს, სანამ თორნიკეს სხვაგან გადაიყვანდნენ. კალათბურთის ერთად თამაში უყვარდათ და შარშიც სულ ერთად ეხვეოდნენ. თორნიკე ვეღარც გაიხსენებდა უბანშუ რამდენი უსიამოვნო თემა ექნებოდა გოგას მისთვის მოგვარებული. რაც ცოტა წამოიზარდნენ, ძირითადად საღამოობით ფლეისთეიშენზე თამაშობდნენ და გოგოებს განიხილავდნენ.
თინა თხუთმეტი წლისამ “წარმატებული მოსწავლეების” ბანაკში გაიცნო. თმა ვარდისფრად ჰქონდა შეღებილი და მაისურზე DARK SOULS-ის მზე ეხატა. აღმოჩნდა, რომ თინაც მისი და გოგას მეზობელი იყო, უბრალოდ, ეზოში გამოსვლა არ უყვარდა. მთელი ორი კვირა ღამეებს თამაშებზე და წიგნებზე ლაპარაკში ათენებდნენ. ამოღამებული სახეების გამო ჭორიკანა ბავშვებმა “ზომბი შეყვარებულებიც” კი შეარქვეს. თუმცა ამაზე ორივეს ეცინებოდა. ქალაქში რომ დაბრუნდნენ და მეგობრობა გააგრძელეს, თინა ჯერ შემოდგომის რამდენიმე თვე გოგას უყვარდა, შემდეგი ორი სეზონი კი - თორნიკეს. ორივეს - უშედეგოდ, დრო გადიოდა და მაგ ამბებს სულ უფრო იშვიათად ახსენებდნენ
.
როცა მეგობრებს შეურთდა, თინა და გოგა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სერიალის დასასრულს განიხილავდნენ. თინას მიაჩნდა, რომ გადამღებ ჯგუფს დასასრული ძალიან ცუდი გამოუვიდა, რადგან ყველანაირი მაყურებლისთვის მოსაწონი და გასაგები პროდუქტის დადება სცადეს, რითაც საკუთარი ხმის თვითმყოფადობა საბოლოოდ ჩაახშეს. გოგას აზრით კი, მაგარი ეპიკური და შთამბეჭდავი ფინალი გამოსვლოდათ. განსაკუთრებით ანიმირებული დრაკონის ცოცხალი დიზაინი მოსწონდა. თორნიკეს ეს სერიალი არ ჰქონდა ნანახი და ყურებაზე მეტად საყოველთაო განხილვაში საკუთარი აზრის ჩამოყალიბება ეზარებოდა.
-თან გაქვს ყველაფერი? ჰკითხა გოგამ.
თორნიკემ მშვიდად დაუქნია თავი და მეგობრების დასანახად ზურგჩანთა შეისწორა. სიცივეში ჩქარი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ მანქანებით სავსე ქუჩას. დათქმულ ადგილზე მისვლა ეჩქარებოდათ. ზამთრის მერე პირველ გამოძახებას აპირებდნენ. სამივე მეგობარი აღტაცებულ სიჩუმეში ჩაძირულიყო. ქალაქის მტვრით დაბურული ციდან სავსე მთვარე დაჰყურებდათ. ბუნება იღვიძებდა და სულებიც უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ დედამიწას. მკვდრებთან ლაპარაკმა მონატრება იცოდა.