გაგონდება თუ არა
გაგონდება თუ არა
I
“გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა უცხო სამოთხეები”
ოჰ ღმერთო ჩემო, უკვე გათენდა?
- ქეთინო გაიღვიძე დაგაგვიანდება - მესმის შორიდან თუმცა გაღვიძება არ მინდა, ყურს არ ვუგდებ, ისევ იმ ორ ტაეპზე ვფიქრობ. საიდან მახსოვს, ან რაღა მაინცდამაინც ახლა გამახსენდა, რატომ ვერ ვიხსენებ მომდევნო ტაეპეპს?
გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა უცხო სამოთხეები
შემდეგ როგორ იყო? ოჰ ღმერთო ჩემო
- ქეთინო ადექი - უკვე მანჯღრევენ - ხომ იცი შენებს როგორ არ უყვართ დაგვიანება
თვალებს ვახელ, ნანას სახეს ვხედავ, როგორც ყოველთვის მოწესრიგებულს, მაკიაჟის წასმაც მოუსწრია, ფეხსაცმელებიც ჩაუცვამს, ისე გამოპრანჭულა თითქოს თავის მოხუცთან კი არა პაემანზე მიდიოდეს, ნანას უყვარს როცა ლამაზია, ჯერ კიდევ შერჩენია ხალისი და სურვილი რომ ამაზე იფიქროს ალბათ იმიტომ რომ ჩვენს შორის ყველაზე გვიან ჩამოვიდა, ჯერ ერთი წელიც არაა რაც აქ არის, იმედიც შერჩენია რომ დიდხანს არ მოუწევს ოჯახისაგან შორს ყოფნა, ეს მის თვალებში ჩანს. ნანა სულ რაღაც 27 წლისაა, იმ ასაკშია ცხოვრებით რომ უნდა დატკბეს მაგრამ ნაცვლად ამისა აქ ყოფნა და მოხუცის მოვლა უწევს რადგან სახლში 9 წლის შვილი ელოდება, მშიერს ხომ არ დატოვებს? თავის მუქთახორა ქმარს ხომ არ დაემსგავსება?
- ქეთინო! - უკვე საყვედურნარევი კილოთი ამბობს ჩემს სახელს - მეც დამაგვიანებ.
- ვდგები ვდგები - ვპასუხობ სწრაფად და თვალებს ვიფშვნეტ, შემდეგ ოთახს ვათვალიერებ. ჩვენი ოთახი სულ 25 კვადრატისგან შედგება, აქ ოთხნი ვცხოვრობთ, ნანასა და ჩემს გარდა კიდევ ორნი, მარიამი და მარინე ოთახში არც ერთი მხვდება. მარიამს უკვე მოუსწრია წასვლა, მარინე კი ჯერაც არ დაბრუნებულა. მეც სწრაფად უნდა გავემზადო და წავიდე, მართალია ჩემები ახლოს ცხოვრობენ მაგრამ მაინც მეჩქარება, სანამ ბავშვებს სკოლაში წასვლის დრო მოუწევთ მე უკვე სახლში უნდა ვიყო და საუზმე გაკეთებული დავახვედრო ასეთია სამსახური, ბოლო სამი წელია ექვს საათზე ვიღვიძებ და მთელი დღე ვმუშაობ თუმცა არაფერი მაქვს საწუწუნო ჩვენ ოთხს შორის ყველაზე კარგი სამსახური მაქვს, დანარჩენები უფრო წვალობენ, უფრო მეტი შრომა უწევთ
- როგორც იქნა გამოფხიზლდი - იძახის ნანა და იღიმის, შემდეგ საწოლიდან დგება და კარებისკენ მიდის - წავედი მე - ამბობს ისეთი უზრუნველი ტონით თითქოს სათამაშოდ მიდიოდეს - უი მართლა, ბოთლებს ვერ წავიღებ მაგვიანდება შეგიძლია შენ ჩააბარო? ნანას თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ ისიც კმაყოფილი სახით მიდის სამსახურში. საწოლიდან ვდგები და ჩაცმას ვიწყებ, ჩემს სამზადისს დიდი დრო არ მიაქვს, დიდი ხანია ისე აღარ ვიპრანჭები როგორც ნანა, უბრალოდ ტანსაცმელს ვიცმევ პირს ვიბან და თმებს ვივარცხნი, არანაირი მაკიაჟი და პომადა, მათი ყიდვა ზედმეტი ხარჯი იქნება. სახლიდან გასვლისას კიბეებზე მარინე მხვდება დაღლილი და გამოუძინებელი სახე აქვს, წელში მოხრილა და კიბეებზე ნელა ამოდის, ხელში ბოთლებით სავსე პარკი უჭირავს
- უი ქეთი რა კარგია რომ შეგხვდი, უკვე მიდიხარ?
- კი - ვპასუხობ უსიცოცხლოდ და ვამთქნარებ
- ბარემ ბოთლებიც რომ გაიყოლო? - მეკითხება და პარკს მაწვდის
- ბოთლები! - ელდანაკრავივით ვყვირი - კიდევ კარგი გამახსენე სულ მავიწყდებოდა ვეუბნები და სახლში ვბრუნდები, იქიდან ბოთლებით სავსე კიდევ ერთი პარკი გამომაქვს და მარინეს მოცემულ პარკთან ერთად ხელში ვიჭერ
- დაიღალე - ვეკითხები მარინეს
- კი, წელიც მტკივა, ოჰ ღმერთო, ძალიან მტკივა
- რომ მიხვალ წამოწექი იქნებ გაგიაროს
- ვინ წამომაწოლებს, ორ ლუკმას შევჭამ და ფაბრიკაში უნდა წავიდე, შვიდზე იქ უნდა ვიყო
- სულ დამავიწყდა დღესაც რომ მუშაობ, აკი კვირა დასვენების დღეაო?
- ეგ მხოლოდ მათთვის ვისაც საბუთები აქვს, თუ სჭირდებათ ივიწყებენ რომ ადამიანები ვართ და ჩვენც გვინდა დასვენება
- კარგი მარინე, გამძლეობა მოგცეს ღმერთმა
- აბა კარგად
კიბეებზე კისრის ტეხით ვეშვები, უკვე ნახევარი გზა უნდა მქონდეს გავლილი თუმცა ლაპარაკში გავერთე, ეს ბოთლებიც მაინცა და მაინც დღეს შემომაჩეჩეს. კიდევ კარგი მარკეტი ახლოს გვაქვს, უცებ შევირბენ და ჩავაბარებ. თითო ბოთლი 25 ცენტი ღირს, ბევრი არ არის მაგრამ სახარჯო ფულს ვაგროვებთ, დასუფთავებაში ვმუშაობთ მორიგეობით, ოთხ დღეში ერთხელ, შეგროვებისას ნაგავსა და ბოთლებს ერთმანეთისგან ვანცალკევებთ, ნაგავს ვყრით ბოთლები კი სახლში მოგვაქვს, ასე ფულს ვზოგავთ, დასუფთავების ფულით კი სახლის ქირას და გადასახადებს ვიხდით. ეს სამსახური სულ შემთხვევით ვიპოვნეთ სულ რაღაც ექვსი თვის წინ, ჩვენი სახლის მეპატრონეს რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს მარინასთან დაუწუწუნია კადრების სიმცირეს განვიცდითო, ეს რომ სახლში თქვა ნინომ უპასუხა ჩვენი თავი შევთავაზოთო, ასეც მოვიქეცით თუმცა ყველას ყოველდღიური სამსახური გვაქვს ვიჭირვებთ და ოთხ დღეში ერთხელ ქუჩებსაც ვასუფთავებთ. გვეგონა ფრაუ ტრემლი უარს გვეტყოდა, მაინც გერმანელია გამონაკლისებს არ უშვებს ჩვენ კი ვთხოვდით ერთ პოზიციაზე ოთხი ადამიანი დაესაქმებინა, მართალია მხოლოდ ერთის ხელფასს ვითხოვდით და თან საქმესაც არ ვაზარალებდით მაგრამ მაინც, გერმანელები კანონმორჩილი ხალხია, ასეთ გამონაკლისებს არ უშვებენ, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად ფრაუ ტრემლი დაგვთანხმდა, ალბათ ძალიან უჭირთ კადრების შოვნა, აქ არავის უნდა ქუჩიდან ნაგავი ხვეტოს ჩვენ კი სიხარულით ცას ვეწიეთ, ახლა უფრო მეტი ფული გვრჩება რომ ჩვენებს გავუგზავნოთ.
ბოთლების ჩაბარება დიდ დროს არ მართმევს მარკეტი ცარიელია, რიგში დგომაც არ მიწევს გამოსვლისას პატარა ბოთლით წყალს ვყიდულობ და ჩემებთან მივიჩქარი. შესაძლოა მეჩვენება მაგრამ აქაური წყალი არ არის ისეთი როგორიც ჩვენსას, ეტყობა ქიმიკატებით და ვიტამინებით ხელოვნურად გაჯერებული რომაა, ყველა სტანდარტის დაცვითაა ჩამოსხმული, ჰერმეტულად დახუფული, ყოველ ბოთლს ვარგისიანობის ვადა გამოსაჩენ ადგილას აქვს დატანილი ზოგი ნახშირორჟანგითაცაა გაჯერებული თუმცა ისეთი გემრიელი მაინც არ არის როგორიც ჩემი სოფლის წყაროს წყალი იყო, ის გაუფილტრავი, ბინძური წყალი რომელიც ღია ცის ქვეშ მოჩუხჩუხებდა, არც წვიმას ერიდებოდა არც ტალახსა და არც ცხოველის ჩლიქს, არც ვიტამინები ჩაუფრქვევიათ მასში ნემსით და არც ნახშირორჯანგით დაეტუმბათ მაგრამ ის წყალი მაინც უფრო გემრიელია.
გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა უცხო სამოთხეები...
ისევ ეს ორი ტაეპი. ამეკვიატა, ახლა მთელი დღე უნდა აბრუნოს ჩემმა გონებამ თან ისე რომ გაგრძელებაც ვერ მოუნახოს. მგონი გალას დაწერილია ან ასათიანის, ზუსტად არ მახსოვს, ალბათ სკოლაში ვისწავლიდი, ალბათ ასეა რადგანაც მას მერე ლექსი არ წამიკითხავს, სად მეცალა ლექსებისთვის, შვილები მყავდა გადასარჩენი, ქმარი მოსავლელი...
ჩვენს სოფელს კარალეთი არ ერქვა თუმცა მისგან არც ისე შორს იყო, მზიანი მხარე გვაქვს, გულიანი ხალხით და დალოცვილი მიწით, ყველაფერია იმისთვის რომ თავი ბედნიერად იგრძნო, მხოლოდ ცხოვრებაა უსამართლო, ყოველი მხრიდან შეგიტევს ალყაში მოგაქცევს და ბედნიერებას არ დაგაცდის. მეც უნდა ბედნიერი ვყოფილიყავი ჩემს ქმართან და შვილებთან ერთად მაგრამ წლებია ათასობით კილომეტრით ვარ დაშორებული ჩემს სახლს და სხვის ბედნიერებას ვუყურებ, სხვისი ქმრისათვის ვაკეთებ საჭმელს და სხვის ბავშვებს ვუვლი რათა ჩემები შიმშილით არ დაიხოცონ, უსახლკაროდ არ დარჩნენ. თუმცა არ ვწუწუნებ, უმადური არ ვარ, ჩვენს შორის ყველაზე კარგი სამსახური მაინც მე მაქვს.
სახლში რომ მივედი ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ, კარგია დროზე მომისწრია მეთქი გავიფიქრე და სახელურს გასაღები მოვარგე, ერთი წელიც არაა რაც შმიტტების ოჯახში დავიწყე მუშაობა, ერთ თვეში ბინის გასაღები მომცეს რათა დილით ადრიანად მისულს მათი სიმშვიდე არ დამერღვია, მეც უჩუმრად შევიპარები ხოლმე სამზარეულოში და სადილის მომზადებას ვიწყებ, მშობლებს ყავა უნდა დავახვედრო, შვილებს პომიდვრიანი ომლეტი და კაკაო, ისინი რვა საათისთვის იღვიძებენ, სწრაფ-სწრაფად ემზადებიან და სამსახურსა და სკოლაში მიიჩქარიან. ოჯახის უფროსი პიტერი ინჟინერია, მისი ცოლი ანგესი ადვოკატი, ორი შვილი ჰყავთ კარლი რომელიც მეთორმეტე წელშია და ლისა რომელიც სამი წლისაა. ჩემს სამსახურსაც უპირველესად მისი მოვლა წარმოადგენს. როცა დანარჩენები სახლიდან გადიან და ჩვენ ორნი მარტონი ვრჩებით ჩემი მოვალეობაა გავართო, ყურადღება მივაქციო ვაჭამო და დღეში ერთხელ გავასეირნო როცა მათთან პირველად მივედი ძაღლიც ჰყავდათ, უზარმაზარი როტვეილერი შევხედე თუ არა თავზარი დამეცა, არ მიყვარს ძაღლები თუმცა ის კეთილი ზნისა აღმოჩნდა, მუდამ თავისთვის იყო, მხოლოდ მაშინ გამოყოფთა თვისი ბუნაგიდან თავს როცა გასეირნების დრო მოაწევდა, სამუშაოს დაწყებიდან რამდენიმე თვეში მოკვდა, როგორც მითხრეს სიბერით, თურმე თექვსმეტი წლისა ყოფილა. ლისამ ძალიან ინერვიულა, დანარჩენებმა არც ისე. მთელი დღეები ტირილში ატარებდა საჭმელის ჭამაც არ უნდოდა თუმცა ჩემი ხათრი აქვს როცა ვთხოვდი სურვილს მისრულებდა. ვფიქრობ ლისას ვუყვარვარ, ამ მოკლე ხანში ძალიან შემომეჩვია, მეც მართობს მასთან თამაში, ღმერთის მადლიერი ვარ ასეთი სამსახური რომ შემხვდა. წინათ მეც მოხუცი მყავდა, ერთი ღრჯო და წუწურაქი დედაბერი, უტყვი და ცუდი ხასიათისა, ცხოვრებას მიმწარებდა, ვძულდი და ამას არც მალავდა. მისთვის შვილმა დამიქირავა თავად სხვა ქალაქში ცხოვრობდა, დედაბერსაც შვილთან ერთად უნდოდა ყოფნა სანაცვლოდ კი ჩემთან ერთ ჭერ ქვეშ გამოკეტვა ხვდა წილად, ალბათ სწორედ ეს ვერ აიტანა, შესაძლოა არც ვძულდი უბრალოდ ჩემი მოშორება უნდოდა იმედი ჰქონდა ასე მიაღწევდა საწადელს და შვილთან ერთად იქნებოდა, თუმცა ვერ მომიშორა, ვერ შეძლო იმიტომ არა რომ მისგან წასვლა არ მინდოდა, პირიქით, ძალიანაც მინდოდა მისი სახე აღარ დამენახა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ჩემი ტანჯვა მერჩივნა ჩემი შვილების შიმშილს. ის დედაბერი რომ მოკვდა დიდი ხნით უმუშევრად ყოფნა არ მომიწია. მისმა შვილმა გამიწია რეკომენდაცია შმიტების ოჯახში, მათაც მიმიღეს. საბედნიეროდ გერმანულს უკვე კარგად ვფლობ მგონი ამითაც მოვაწონე თავი. აქ რომ ჩამოვედი გერმანულად ერთ წინადადებასაც ვერ ვამბობდი, ნელ ნელა ვისწავლე, მეათე წელია რაც აქ ვარ, ამ ათ წელში მხოლოდ ორჯერ ჩავედი სახლში, ერთხელ მაშინ როცა დედა მომიკვდა, ერთხელაც შვილების სანახავად.
დედას ხანდახან სიზმარში ვხედავ ხოლმე, იმ ძველ სახლში ბავშვობის მოგონებებით რომ არის სავსე, ფანჯარასთან ზის და წინდას მიქსოვს, ფანჯრიდან მზის სხივები ოთახში იჭრება, ხედსაც ვარჩევ, გორაკის ფერდობზე გადაშლილი დიდი მდელო, მდელოზე ალუბლები ყვავიან, მზეს ბალახამდე არ უშვებენ, ეზოში ძაღლი დარბის, ჩვენი ძაღლი, ის რომელიც ჩემს ბავშვობაში მოგვიკვდა, ოთახში მხოლოდ ჩვენა ვართ, მე და დედაჩემი, ყოველ ჯერზე ვაკვირდები მის სახეს, იმ ლამაზ სახეს ბავშვობას რომ მახსენებს მაგრამ ვერა ვცნობ, დედაჩემს სიცილი უყვარდა ჩემს სიზმრებში კი სულ მოღუშულია, არც მისი საყვარელი საქმიანობა - ქსოვა შველის და არც ჩვენი ეზოს ლამაზი ხედი, მინდა მასთან მივიდე ჩავეხუტო და ტირილს ამოვაყოლო ჩემი დარდები, წლობით ნაგროვები გერმანული საწუხარი, იმ მომენტში ყველაფერი მენატრება რაც სახლს მახსენებს, დედაჩემიც, ჩვენი ბებერი ძაღლიც, ის ალუბლებიც რომელთა გემოც აგერ უკვე 20 წელია არ მიგემია, ჩემი ეზო მენატრება, ჩემი სახლ კარი, ჩემი საქართველო. ამ დროს მაღვიძებენ, ან ნინო ან მარინა, მეღვიძება და სიზმრიდან სიფხიზლეში გადმოყოლილი აზრები ნელ-ნელა აწყდება ჩემს გონებას, მეც ვიხსენებ რაც დამესიზმრა, სურათებად ვიღდგენ და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ვგრძნობ რომ მიხარია, მიხარია რომ გავიღვიძე.
მეორე სართულიდან იატაკის ხმები გაისმა, შმიტებიც იღვიძებდნენ, ემზადებოდნენ, რამდენიმე წუთში მშობლები ჩამოვლენ კიბეებზე: ჯერ პიტერი, მოზომილი დინჯი ნაბიჯებით, შემდეგ ანგესი, მუდამ წელში გამართული და თავაწეული. მათ ლისა მოჰყვება სირბილით ჩემამდე მოირბენს და ფეხზე შემომეხვევა ბოლოს კარლიც გამოჩნდება, ზანტად და ზმორებ-ზმორებით.
- დილამშვიდობისა ქეთ - წესად მომესალმება ანგესი გერმანულ ენაზე(ჩემს მთლიან სახელს ვერ ამბობს) და გვერდით ჩამივლის, ჩემს მიერ გაშლილ სუფრასთან მივა თავის ადგილზე დაჯდება და ყავას მოწრუპავს, მას პიტერიც მიჰყვება როცა ჩამივლის ოდნავ თავს დამიკრავს ასე იცის მისალმება, სიტყვაძუნწი კაცია თუმცა კეთილი გულისაა, ეს ერთი შეხედვით არ ჩანს მაგრამ მალევე შეიმჩნევა, დღესასწაულებზე, მაშინ როცა თავის შვილებს საჩუქრებს ჩუქნის ჩემები არასდროს ავიწყდება. ბოლო ახალი წლის დილას საახალწლო ნაძვის ხესთან ბავშვებს ოთხი საჩუქარი დაახვედრა მათაც გაუკვირდათ, არ ელოდნენ აღმოჩნდა რომ ორი მათი იყო ორი კი ჩემი შვილებისა, ეს რომ მითხრა ყელში რაღაც გამეჩხირა და თვალები ამიწყლიანდა ანგესმა მაშინვე ხელსახოცი მომაწოდა, გული ამიჩუყდა, ტირილი მინდოდა მაგრამ თავს მოვერიე. გერმანიაში მეათე წელია ვარ, ასეთ მოპყრობას კი არ ვარ მიჩვეული, იმ წამს თავი მათ სწორად წარმოვიდგინე, მათ თვალებში დავინახე რომ მეც ადამიანად მთვლიდნენ, წარმოიდგინეთ ბედნიერებაც კი ვიგრძენი სულ ცოტა ხნით, შემდეგ საჩუქრებს შევხედე და შვილები გამახსენდა, ალბათ როგორ გაუხარდებათ მეთქი ვიფიქრე, ახალი წლის დილა ის იშვიათი დადებითი მოგონება იქნება რაც გერმანიიდან გამყვება, მაშინ არა მათი ძიძა ან მოსამსახურე არამედ სტუმარი ვიყავი, წინასწარ შემითანხმდნენ, გვინდა ახალ წელს გვესტუმროო, მეც უარი ვერ ვუთხარი. ჩემდა გასაკვირად მათი ერთადერთი სტუმარი ვიყავი. ჩემი თავისა და პრობლემების გადამკიდე ხშირად მავიწყდება რომ ისინიც ადამიანები არიან, მათაც უჭირთ, მათაც სტკივათ. უნდა გენახათ როგორ გაუხარდათ ჩემი ხილვა, გეგონებოდათ ყოველ დღე კი არ მხედავდნენ არამედ დიდი ხნის უნახავი გულითადი მეგობარი ვყოფილიყავი, საახალწლო სუფრა გაწყობილი დამხვდა, არ ვსხდებოდით, შენ გელოდებოდით მითხრა ანგესმა და მაგიდასთან მიმიპატიჟა. საკმაოდ წარმატებული ოჯახი, საკუთარი სახლ კარით, კარგი შემოსავლით და ანგელოზი შვილებით, მათ კი ახალ წელს ერთადერთი სტუმარი ეწვიათ, მათი მოახლე. ვიჯექი მაგიდასთან ამ მდიდრულად გაწყობილ სუფრაზე, ხელში მოოქროვილი დანა ჩანგალი მეჭირა, ჭიქაში ძვირადღირებული სასმელი მესხა და ჩვენს ახალ წელზე ვფიქრობდი, ქართულ ახალ წელზე. როცა ბოლო ახალი წელი საქართველოში აღვნიშნე უსახლკაროები ვიყავით, საწყალობლოდ გამოყოფილ ერთ ოთახში ვცხოვრობდით, სუფრაზეც მხოლოდ ვინეგრეტი გვედო, არც ერთი ხორციანი კერძი, არც გოზინაყი ( თაფლის ფული არ გაგვაჩნდა) ბავშვებსაც ვერაფერი ვაჩუქეთ, რომ არ ეტირათ მოვატყუეთ თოვლის პაპა შემდეგ წელს ორმაგ საჩუქრებს გამოგიგზავნითო, ჩემმა ქმარმა ტკბილი და გაკეთებული ღვინო იშოვნა მგონი ჯარის ამხანაგმა მოუტანა, სულ 10 ლიტრი ( ისე როგორი უცნაურია, ზამთარი იყო უფულოდ ვიყავით და შეშას ვერ ვშოულობდით, ღვინო კი სულ მუქთად ვიშოვნეთ.) ასე გაჭირვებაში შევხვდით ახალ წელს, თითო ლუკმა შევჭამეთ და დავიძინეთ. მაგრამ მეორე დღეს ჩვენს ერთ პატარა ოთახში სტუმარი არ გამოლეულა, მოდიოდნენ ტკბილეული მოჰქონდათ და გვილოცავდნენ, მაშინ საჭმლის ფული არ გვქონდა, შეშის ფული არ გვქონდა მაგრამ მარტოობა არ მიგრძვნია, მახსოვს ჩემს დამსაქმებლებთან ერთად სუფრასთან მჯდომს თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა, ნეტავ შმიტები თუ გრძნობენ მარტოობას?
ახლა ამაზე რომ ვფიქრობ ვხვდები, წელიწადია აქ ვმუშაობ და ერთი ადამიანიც კი არ მინახავს სტუმრად მოსულიყო. იშვიათად, ძალიან იშვიათად პიტერს თანამშრომლები ეწვევიან ხოლმე, ესეც უფრო საქმიანი ვიზიტია ვიდრე სტუმრობა, ძირითად დროს სამსახურის მნიშვნელოვან თემებზე განხილვას უთმობენ, შემდეგ რამდენიმე ლუკმას ზერელედ შეჭამენ და სახლებში მიდიან. ანგესი ამ დროს ცალკე ოთახშია რომელიც კაბინეტად აქვთ მოწყობილი და თვის დოკუმენტებს დასტრიალებს, ბავშვები როგორც წესი მე მაბარია. შეთანხმების მიხედვით საღამოს შვიდ საათამდე უნდა ვიმუშაო, ეს ის დროა როდესაც უფროსები სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან, თუმცა მსგავსი ვიზიტების დროს, რომლებიც სულ ორად ორჯერ იყო, იქამდე ვრჩები სანამ პიტერის თანამშრომლები წასვლას არ გადაწყვეტენ. ხანდახან სულაც უბრალოდ მთხოვენ დარჩენას, ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია, როცა უფროსები სახლში ბრუნდებიან და სადილობენ მე წასასვლელად ვემზადები, მანამ კარიდან გავალ სადილს ასრულებენ ბავშვები როგორც წესი მაშინვე თავიანთ ოთახებში მირბიან რათა სანუკვარი სმარტფონები აიღონ და უამრავ სისულელეს უყურონ, მაშინ ანგესი ჩემთან მოდის თითქოს ჩემი გაცილება აქვს გადაწყვეტილი მაგრამ კარების ზღურბლზე მაჩერებს და სასხვათაშორისოდ მეუბნება ცოტახნით თუ დარჩები ურიგო არ იქნებაო. მეც ხათრს ვერ ვუტეხავ და უკან ვბრუნდები მაგრამ არა როგორც ძიძა ან მოსამსახურე არამედ როგორც ვიღაც სხვა რომელსაც არც სტუმარი ეთქმის რადგან ოჯახში თავად მასპინძლებზე მეტ დროს ატარებს და არც მოსამსახურე რადგან მისთვის განკუთვნილი ყველა სამუშაო უკვე შესრულებული აქვს. ხანდახან ანგესი ყავასაც კი მთავაზობს რომელსაც თავად ადუღებს, უნდა ვთქვა რომ ეს საქმე ნამდვილად გამოსდის, როცა მის მიერ მომზადებულ ყავას ვსვამ მუდამ ჩემი უბანი და მეზობელი მარო მახსენდება, ყოველ დილით ყავაზე დაპატიჟება რომ უყვარდა, მიუხედავად იმისა რომ ანგესისა და მაროს ყავა არც გემოთი არც ფერითა და არც ხარისხით ერთმანეთს არ ჰგავს. ყავის მომზადების შემდეგ სამივენი სასტუმრო ოთახში ვსხედვართ, იშვიათად რომ რამეზე ვილაპარაკოთ, ხშირად ერთმანეთსაც არ ვუყურებთ ჩვენ ჩვენს ფიქრებში ვართ გართულნი, თავიდან ასეთ სიტუაციაში უხერხულობა ვიგრძენი და ავწრიალდი ახლა უკვე შევეჩვიე, მგონი ვხვდები რაშიცაა საქმე, ანგესსა და პიტერს ერთად მარტო დარჩენისა ეშინიათ, ამას მათ თვალებში ვატყობ და იმ დაღონებულ მზერაში რომლითაც მიყურებენ როდესაც ყავის ბოლო ყლუპს ვსვამ და წასასვლელად სავარძლიდან ვდგები, ორივე შეწუხებული წამოვარდება და მთხოვს ცოტახანი კიდევ დავრჩე, არ ვფიქრობ რომ თვალთმაქცობენ, ჩემი აზრით მართლა უნდათ რომ დავრჩე, ასე იმის გასამართლებელი საბუთი აქვთ თუ რატომ არ ლაპარაკობენ ერთმანეთში, ჩემი ოთახში ყოფნით მათ შორის ჩამოშვებული ფარდა მცირე ხნით შეუმჩნეველი ხდება.
- კარგად ქეთინო - მემშვიდობება ანგესი ჩემს სახელს უცნაური ინტონაციით ამბობს, სამივენი, ის პიტერი და კარლი სამზარეულოდან გამოდიან და გასასვლელისკენ მიემართებიან ეს იმის ნიშანია რომ სუფრა უნდა ავალაგო შემდეგ კი ლისას მივხედო. ლისას მოვლა არც ისე რთულია, მთავარია არ მოიწყინოს, ოჯახის დანარჩენი წევრების წასვლის შემდეგ ერთი საათით მულტფილმების ყურების უფლება აქვს, ამ დროში მე სუფრას ვალაგებ ჭურჭელს ვრეცხავ და სახლს ვუვლი ამის შემდეგ სასეირნოდ მიმყავს, თუ კარგი ამინდია სახლთან ახლოს მდებარე პარკშიც ვჩერდებით, რომელსაც წინა ღამით ან მე ან ერთ ერთი ჩვენგანი ალაგებს. ლისას უყვარს სხვა ბავშვებთან თამაში, მხიარული და ცნობისმოყვარეა, რაღაცით ჩემს თამარს მაგონებს მიუხედავად იმისა რომ არც ფიზიკურად და არც ხასიათით ერთმანეთს არ ჰგავნან, ჩემი თამარი შავგვრემანია, ყავისფერი თვალები და მამამისივით შუა გაყოფილი ნიკაპი აქვს, რომ იღიმის ლოყა ორ ადგილას ეჩხვლიტება, თვალებს ჭუტავს და ხელს პირზე იფარებს, ეს ჩვევა ჩემგან გამოჰყვა. ნაყინი უყვარს როცა მასთან ერთად ვიყავი ენატრებოდა კიდეც, ახლა აღარ. საქართველოდან რომ წამოვედი სამი წლისა იყო, მას შემდეგ სულ ორჯერ ვნახე, ბოლო ნახვისას 7 წლისა დამხვდა, მიცნო მაგრამ მაინც შერცხვა ჩემი, ცოტათი შეეშინდა კიდეც, ჩემს შვილს ჩემი შერცხვა, ჩემი შეეშინდა, გაუცხოვდა, დიდხანს ხელშიც არ გამიჩერდა მაშინვე მაროსკენ გაიწია. ჩემი შვილი ჩემს მეზობელთან უფრო მშვიდად გრძნობს თავს ვიდრე ჩემთან, მან იცის რომ მე მისი დედა ვარ, ეს კია დედობა მისთვის იმას არ ნიშნავს რასაც მისი თანატოლებისთვის, მათთვის ვისაც დედა ახლოს ჰყავს, დედა მისთვის ისეთი ვინმეა ვინც შორსაა, ვინც უყვარს (თავისებურად) მაგრამ არ ენატრება. არ ენატრება იმიტომ რომ მონატრებას სიახლოვე იწვევს, ჯერ ახლოს უნდა იყო და შემდეგ წახვიდე, მას კი არ ახსოვს ჩემი სიახლოვე, არ ახსოვს ჩემი რძის გემო, ჩემი თეთრად გათენებული ღამეები არ ახსოვს, ჩემი ჩაშავებული უძილო თვალები. უჭმელობისგან გამხმარი ხელები არ ახსოვს რომლითაც მას ვარწევდი. მას მხოლოდ ის ახსოვს რომ მე შორს ვარ, ასე იყო და ასე იქნება, მისთვის დედა ისაა ვინც მამას ფულს უგზავნის, ვინც ხანდახან მობილურში ელაპარაკება და ყოველდღიურ ცხოვრებაზე ათას უაზრობებს ეკითხება და არა ის ვინც მასთან ერთადაა, დაძინების წინ ზღაპრებს უკითხავს, გაკვეთილებს იბარებს ან ექსკურსიაზე მასთან ერთად მიდის, ასეთი დედები სხვებს ჰყავს, მას არა და ეს ნორმალურიცაა მისთვის, და სწორედ ამიტომ მხოლოდ ასეთი დედა უყვარს (თავისებურად) და არა ის ვინც მასთან ახლოს იქნება და ხელში აიყვანს, ასე მარო იქცევა მისი მეზობელი და ესეც ნორმალურია, ნორმალურია რადგან სხვანაირად არ უცხოვრია.
- არ უნდა გავისეირნოთ - ფიქრს მაწყვეტინებს ლისა, ტელევიზორი გამოურთავს და გარეთ გასასვლელად გამზადებულა, უკვე ფეხსაცმელებიც კი ჩაუცვამს. მე მისგან შეუმჩნევლად თვალიდან გადმოვარდნილ ცრემლს ვიწმენდ სახეზე ღიმილის ფარდას ვიფარებ და მის წინ ვიხრები
- ოთახს გამოვგვი და წავიდეთ - ვეუბნები რაც შემიძლია ალერსიანად და ფეხსაცმლის ზონარს ვუკრავ
- კარგი ქეთ- მეუბნება ის ისეთივე ინტონაციით როგორც დედამისი. - შეიძლება მანამდე ნაყინი ვჭამო?
უარს ვერ ვეუბნები, ნაყინი ჩემს ანასაც უყვარდა.
ნახევარ საათში გარეთ ვართ, ტროტუარზე ხელიხელ ჩაკიდებულები მივსეირნობთ, ლისა რაღაც მელოდიას ღიღინებს, ოქროსფერი კიკინები მხრებზე დასთამაშებს და ხტუნვა-ხტუნვით მომყვება. კარგი ამინდია, მზიანი უღრუბლო, ხანდახან ქარიც დაუბერავს და სასიამოვნოდ მაგრილებს. ლისა პარკში დაჯდომას მთხოვს არ ვეწინააღმდეგები, ჯერ ისევ დილაა თუმცა პარკი მაინც სავსეა, აქ ცხოვრება იმაზე ადრიანად იწყება ვიდრე საქართველოში. თავისუფალ სკამს ვერ ვპოულობ ამიტომ შუახნის გერმანელ ქალთან ერთად მიწევს ჯდომა, ლისა ქვიშის მოედნისკენ მიიჩქარის რათა სხვა ბავშვებთან ერთად ითამაშოს. ის საერთოდ არ ჰგავს თავის მშობლებს, ყველგან სადაც მიდის მის თანატოლებს უმეგობრდება, ალბათ დასაწყისში არც ერთი ბავშვი არ ჰგავს თავის მშობელს, მხოლოდ შემდეგ ემსგავსებიან. არ მინდა ჩვენი შვილები ჩვენ დაგვემსგავსნონ, მე და ჩემ ქმარს.