იყო, თუ არა იყო რა
იყო, თუ არა იყო რა
უკუნით სიბნელეს მოეცვა გარემო. შავი ღრუბლის საბანში გახვეული ტყე ისე გარინდულიყო, თითქოს ვიღაცამ შეაშინა. სუსტი ნიავიც არ არხევდა მათ უფოთლო გამხმარ ტოტებს. ხეები ბედს შეგუებული სიკვდილმისჯილებივით იდგნენ. შემზარავი სიჩუმე სუფევდა. მკვდარი ტყე ყველა ცოცხალ არსებას მიეტოვებინა, არც ცხოველი, არც ფრინველი, არც მწერი არ არღევდა ამ დუმილს. ტყეში მხოლოდ სიკვდილის, ლეშის სუნი ტრიალებდა. ეს სუნი უფრო და უფრო აუტანლად მძაფრდებოდა ტყის შუაგულში, სადაც უსწორმასწოროდ აღმართული კლდე იდგა. ისიც, თავის მხრივ, უსიცოცხლო და მიტოვებულ ადგილს ჰგავდა. თუმცა, მისი სიღრმეებიდან გამომავალი საზიზღარი სუნი, საწინააღმდეგოს მეტყველებდა. მის შიგნით, თავად სიკვდილს დაედო ბინა.
უცბად, სიჩუმის იდილია გამხმარი ტოტის ტკაცუნმა დაარღვია. ადამინის მძიმე სუნთქვის ხმა გაისმა. ის ძალიან ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო, მაგრამ შეუძლებელია ცოცხალი არსება შეუმჩნეველი დარჩეს, ასეთ მკვდარ გარემოში.
და აი, თითქოს მყრალი კლდე აფეთქდაო ..... მისი არაერთი მღვიმიდან უამრავი საზიზღარი არსება გამოვარდა, ჩირაღდნებით ხელში . ქვის ცივ სხეულზე ვულკანის გავარვარებული ლავასავით მიედინებოდა მათი ჯაჭვი. ახმაურდა და გაცოცხლდა მკვდარი ტყე, ახალი სიკვდილის მოლოდინში.
- დაეწიეთ!!
- არ გაუშვათ, ეგ ლაწირაკი!!
- იპოვნეთ, დააბრუნეთ!!
ღრიალებდნენ დევები და გაქცეული მონის მოსაძებნად ტყეს შეესიენ. მკვდარი ტყის შიშველ სხეულს თავს პატარა ბიჭი აფარებდა. მან მოახერხა დევების ტყვეობიდან დაეხსნა თავი, მაგრამ თავისუფლებას შენარჩუნება უნდა! უნდა გაიქცეს! არ იცის სად, არ იცის როგორ, მაგრამ უნდა გაიქცეს და დაიმალოს.
შეშინებული ბავშვი ჯერ გაქვავებული იდგა ერთ ადგილას, მერე მოიკრიბა ძალები და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა. გამხმარი ტოტები, დევებს შეეკრნენ, თუ მათი შიშით, ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, კაწრავდნენ, ტანსაცმელს უხევდნენ, ფეხებში ედებოდნენ. მონას კი გადაეწყვიტა ბოლო მოეღო თავისი ასეთი ყოფისთის,- ან სიკვდილი ან თავისუფლება! სხვა გზა არ იყო. მის ამ გადაწყვეტილებას, ვერანაირი მკვდარი ტყე ვერ შეუშლიდა ხელს. დევების მწევრებმა მალევე აიღეს ადამიანის სუნი და მდევრები სწორ გზაზე დააყენეს. რაც უფრო უახლოვდებოდნენ მსხვერპლს, მით უფრო მეტი ძალა ეძლეოდათ მწევრებს და უფრო მეტი სიჩქარით მირბოდნენ. გაქცეულმაც იგრძნო, მდევრების მიახლოება. შეშინდა და წაბორძიკდა, მაგრამ მალევე ძალებს მოუხმო და უფრო მეტი შემართებით გაიქცა. ბიჭი სულ უფრო და უფრო ხშირად იხედებოდა უკან, საშინელების მოლოდინში. ვერ შენიშნა მის წინ გადაწოლილი ფესვი და ფეხი წამოსდო. მიწაზე დაეცა, წამოდგომა სცადა, მაგრამ ფეხი საშინლად სტკიოდა და განძრევაც ვერ შეძლო. მეტიც, თავი ვერ შეიკავა და ტკივილმა ხმამაღლა დააყვირა. მწევრები მის ხმაზე უფრო გამოცოცხლდნენ და მისკენ გავარდნენ. მორჩა, ეს დასასრულია,- გაიფიქრა ბავშვმა და საზარელი სიკვდილის მოლოდინში თვალები დახუჭა. მწევრების ღრიალის ხმა უფრო და უფრო ახლოში ისმოდა. სულ მალე ისინი მსხვერპლის პირისპირ აღმოჩნდნენ. გაქცეულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თვალებზე ხელი აიფარა...
სიბნელეში რაღაცამ გაიელვა და მწევრის დამაყრუებელი წკმუტუნის ხმა გაისმა. სხვა მწევრების ყეფაც უცბად შეწყდა და მათი შეშინებილი წკმუტუნით შეიცვალა. ბავშვი მიხვდა, რომ ისინი გაიქცნენ, მაგრამ თვალების გახელის ჯერ ისევ ეშინოდა. მხარზე შეხება იგრძნო, ხმამაღლა იყვირა შეშინებულმა და თვალები გაახილა. მის წინ კაცი იდგა, ჩვეულებრივი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ადამიანი დიდიხანია არ უნახავს, კაცი მასში შიშს არ იწვევდა. მან ბავშვი ხელში აიყვანა, ცხენზე შესვა და მათ ისე სწრაფად დატოვეს იქაურობა, რომ სიტყვაც არ უთქვია.
...
- დედი, დედი, აქეთ ჩამოდი, აქ უფრო ადვილია, - დაუძახა პატარა კოპალამ დედას. მას თავისზე მაღალი, დიდი სურა მიჰქონდა და ციცაბო კლდის დაღმართზე ცდილობდა ფრთხილად ჩასვლას.
დედა-შვილი წყლის საძიებლად წამოსულიყვნენ. მათ სოფელში, ბაყ-ბაყ-დევს წყარო გადაეკეტა და ხალხი წყურვილით იხოცებოდა. პატარა კოპალას ტყეში სეირნობისას ეპოვნა წყარო და ახლა დედა სწორედ იქეთ მიჰყავდა.
- მოვდივარ, დედი, მოვდივარ, მაგრამ ჩუმად, ნუ ხმაურობ! ვაიდა სადმე ეს მიწადასაყრელი დევები არიან ახლოს. არ გაგვიგონ!
ბიჭის აღმოჩენილი იოლი გზით, დედა-შვილი კლდის ციცაბო ფერდზე ადვილად დაეშვნენ და ჭურჭლის წყლით შევსება დაიწყეს.
ბავშვს ძალიან ეამაყებოდა და უხაროდა თავისი აღმოჩენა. მოუსვენრად დარბოდა, დრო და დრო დედასთან მიირბენდა და ჩაეხუტებოდა. დედა იღიმოდა, მაგრამ შიში არ ტოვებდა, აქეთ-იქეთ იყურებოდა, საფრთხის მოლოდინში. მისი მოლოდინი გამართლდა. თითქმის ყველა ჭურჭელი აავსეს და მალე წასვლას აპირებდნენ, რომ მათ წინ უზარმაზარი დევი წარსდგა. ის თითქოს არსაიდან გაჩნდა, თითქოს იქვე წამოწოლილი იყო და ახლა წამოდგა.
- ბედავთ და წყალს მპარავთ უბადრუკებო,- იღრიალა მან. არც დაფიქრებულა, სტაცა ქალს ხელი და წამში გადაყლაპა. კოპალამ შეშინებაც ვერ მოასწრო, დევმა მას ხელი დაავლო, პირთან ახლოს მიიტანა, მაგრამ გადაყლაპვა არც უფიქრია, - შენ ჩემთან წამოხვალ, ჩემი მონა იქნები მთელი შენი ცხოვრება.
...
შეშინებული ბავშვი მთელი ძალით ეხუტებოდა მხსნელს და იმდენედ გადაღლილი იყო შიშისა და სირბილისაგან, არც ანაღვლებდა ვინ იყო მისი მხსნელი და როგორ მოერია დევების სისხლიან მსტოვრებს მარტო. შავი ცხენი მათ საოცარი სიჩქარით მიარბენინებდა.
რაშმა სიჩქარეს უკლო და ფრთხილად აუყვა კლდიან ბორცვს. მამაკაცი ცხენიდან ჩამოვიდა და ახლა აქეთ ეხმარებოდა ცხოველს რთული, ქვიანი აღმართის ავლაში. მღვიმეს მიადგნენ და შევიდნენ. მღვიმეში უკუნითი სიბნელე იყო. ცხენი და კაცი სიბნელეში ისე დადიოდნენ, ეტყობა გზა ზეპირად იცოდნენ, სულ მალე სინათლის სხივი გამოჩნდა. ისინი მღვიმის მეორე მხარეს გავიდნენ.
მღვიმიდან გამოსულები მთის წვერზე აღმოჩნდნენ. უზარმაზარი ვაკე ადგილი, მთის ქვიანი ჯებირებით იყო შემოსაზღრული. იქ მისვლა მხოლოდ ამ საიდუმლო გზით იყო შესაძლებელი. ხევის პირას მდგარი ვეებერთელა მუხები კი ამ ადგილს შეუმჩნნეველს ხდიდა გარე თვალისგან. თუმცა თავად შეგეძლო, მთელი ხეობა ხელის გულივით შეგეთვალიერებინა. ყველაზე მიმალულ ადგილას ხის პატარა ქოხი იდგა. მამაკაცმა ბიჭი ჩამოსვა, ცხენს ლაგამ-უნაგირი მოხსნა და გაუშვა. დაბნეული კოპალა იდგა და ხმას ვერ იღებდა. არც კაცი იყო ბევრის მთქმელი. მან შეხედა და ანიშნა, სახლში შევიდეთო. ბავშვი დამორჩილდა.
კაცმა იარაღი მოიხსნა და ჯამში ხელები დაიბანა, მერე ბიჭს ანიშნა მისულიყო და მასაც დაებანა ხელები. ასევე ჩუმად, მაგიდაზე პური, ყველი, მწვანილი დადო და ჭამა დაიწყო. კოპალა შორიდან უყურებდა და მიახლოვებას ვერ ბედავდა, სანამ მასპინძელმა ასევე უსიტყვოდ არ ანიშნა, მოდიო. მშიერი ბავშვი ხარბად ჭამდა. რამდენიხანია, მას წესიერი ლუკმა პირში არ ჩაედო.
ჭამას რომ მორჩნენ, კაცი ტახტზე წამოწვა, ბავშვს მეორე, უფრო პატარა ტახტზე მიუთითა და დაიძინა. კოპალაც წამოწვა და მხოლოდ ახლა დაიწყო ფიქრი იმაზე , თუ რა მოხდა.
ვინ არის ეს კაცი? რატომ და როგორ გადაარჩინა? სად მიიყვანა და რას უპირებდა? - ათასი კითხვა და აზრი ტრიალებდა პატარა ბიჭის თავში. იქნებ ჯობია გავიქცე?- იფიქრა მან, თუმცა, იმდენად იყო დაღლილი, გადაწყვეტილების მიღების თავი არ ჰქონდა. ფიქრებში ჩაეძინა. იმ ღამესაც ის ბედნიერი სიზმარი ესიზმრა, რაც ასე უნათებდა მის ბნელ სიცოცხლეს. მზის ჩასვლას როგორ უცქერდნენ ერთად ის და დედა. მერე კი შორიდან მამაკაცის ლანდი, ხელებგაშლილი რომ მიდის მისკენ. სახეს ვერ ხედავს, არ ახსოვს მისი სახე, მაგრამ იცის რომ მამაა და გახარებული მირბის მისკენ.
...
ოდესღაც თედო პაპას სამიკიტნო განთქმული იყო მთელ ხეობაში. უამრავი ადამიანი იყრიდა თავს იქ, მიდიოდა ქეიფი, მხიარულება, მონადირეები ერთმანეთს თავიანთ გმირობებზე უყვებოდნენ გაზვიადებულ ისტორიებს, მგზავრები იმ სასწაულებზე ყვებოდნენ, რაც უცხო ქვეყნებში უნახავთ. ვაჭრები, მკითხავები, ექიმბაშები, ვის არ ნახავდი იქ?! ახლა კი, მხოლოდ გზააბნეული ვინმე თუ შევიდოდა ჭიქა წყლის სათხოვნელად. დაღონებული თედო პაპა მარტო იჯდა ცარიელ სამიკიტნოში და ძველ დროს მისტიროდა. კარები გაიღო და უცხო მამაკაცი შემოვიდა. მას უჩვეულოდ ბევრი იარაღი ჰქონდა აკიდებული.
- მასპინძელო, ღვინოს არ დამალევინებ?
- კი გენაცვალე, როგორ არ დაგალევინებ?! - გახარებული წამოხტა თედო და უცხოს სასმელი მიუტანა, - მას შემდეგ რაც ქვეყანას დევები დაეპატრონენ, ყველაფერი მოკვდა ჩვენს ხეობაში, აღარც მხიარულებაა და აღარც ღვინის სმა. თუ საიდუმლო არ არის, ვინ ხარ მგზავრო და აქ რამ მოგიყვანა?
- მე პირქუში მქვია, მჭედელი გახლავართ. მითხრეს აქაურობის ყველაფერი იცის და ყველაფერი გაეგებაო. უნდა დამეხმარო!
- ჩემნაირმა მოხუცმა რა დახმარება უნდა გაგიწიოს?
- დალი მაპოვნინე!
- დალი? - მოხუცს თვალები გაუნათდა . ფეხზე წამოდგა და პირქუშს ჩაფიქრებული მიაშტერდა, - ნადირობის ქალღმერთი დიდიხანია არავის უნახავს. აღარც მონადირეებს წყალობს და აღარც გზააბნეულ მგზავრებს ეხმარება. უგნურმა ადამიანებმა მოახერხეს მისი განრისხება და მისი წყალობის დაკარგვა.
მოხუცი სარკმელთან მივიდა და პირქუში თავისთან იხმო.
- აი, იმ მთას ხომ ხედავ? იქ მულახის თემის საგვარეულოს კოშკი დგას. შებინდებისას მწვერვალ თეთნულდიდან კოშკში შემოდიოდა ანგელოზი, თეთრი ცეცხლის სახით. დალიმ მოახერხა ანგელოზის მოხიბვლა და მას თავისი სახე მიაღებინა. ამბობენ, ძალიან ლამაზი ყმაწვილი იყოო და ქალღმერთს თავდავიწყებით შეყვარებია ის. არც ანგელოზი დარჩენილა გულგრილი. დალის სილამაზემ ისიც მოხიბლა. ყოველ საღამოს ხვდებოდნენ ერთმანეთს და ესიყვარულებოდნენ მიჯნურნი. მათი ბედნიერება მთელ გარემოს გადაედო. როდესაც ისინი ერთად იყვნენ, ყველგან სიყვარული სუფევდა, საოცარი გულმოწყალება ეუფლებოდა ყველას. მონადირესაც კი უჭირდა ნადირის მოკვლა, ამ დროს. თუმცა, რა დალევს ბოღმიან და ბოროტ არსებებს, რომელთა სულებში ვერანაირი სათნოება ვერ აღწევს. მით უმეტეს, თუ ასეთ სულს ეჭვიანობა და ბოღმა დაპატრონებია. იმ ხანებში, სანამ ანგელოზს შეხვდებოდა, დალი ერთ მონადირეს ყვარობდა. სიყვარულის სანაცვლოდ კი, როგორც ქალღმერთს ჩვევია, ნადირობაში წყალობდა. სწორედ ეს კაცი მიეჭრა ერთხელ შეყვარებულებს. მაშინ, როდესაც ორივე სიყვარულის სიმთვრალით გაბრუებულები ეხვეოდნენ ერთმანეთს, მივარდა ანგელოზს და ფრთები დააჭრა. იცოდა, რომ ვერ მოკლავდა მას და დედამიწაზე დაბრუნების საშუალება მოუსპო. ზეციურმა სხივმა ანგელოზი შთანთქა და ცაში ასწია, მას შემდეგ ის არავის უნახავს.
- იმ მონადირეს რა ბედი ეწია?
- დალის დაბნეულობით ისარგებლა და გაიქცა.
- ცდები მოხუცო. ის კაცი არაფერ შუაშია.
მოხუცმა ეჭვის თვალით შეხედა პირქუშს. ელოდა დაასრულებს თავის სიტყვასო, მაგრამ ის ხმას აღარ იღებდა.
- რისი თქმა გინდოდა ამით? რა იცი ისეთი, მე რომ არ ვიცი?
- არ მაქვს ახლა ამის მოყოლის დრო, დალი უნდა ვნახო. მითხარი, სად უფრო უპრიანი იქნება მისი ძებნა?
მოხუცი ჯერ ბრაზმა შეიპყრო, უნდოდა რაღაც უხეშად ეპასუხა, მაგრამ უცბად მოლბა, მიხვდა არ ღირდა ამის გამო გაბრაზება,.
- ამბობენ, ყოველ დღე, დაბინდებისას მაინც მიდის დალი იმ კოშკში და თავის სიყვარულს გლოვობს. მაგრამ ვერავინ ბედავს ამ დროს მასთან მისვლას. მისი რისხვის ყველას ეშინია.
- მადლობა მოხუცო, ჩემი წასვლის დროა, იქნებ შებინდებამდე მოვასწრო კოშკში მისვლა, - თქვა მან, იარაღი აისხა და წავიდა.
...
კოშკი საკმაოდ მაღალ და მიუვალ ადგილას იყო. ქვის კედლებს ხავსი მოდებოდა. შიგნით შესვლას ვერ გაბედავდი. ისეთი სანახავი იყო, ეჭვი შეგიპყრობდა, თავზე არ დამენგრესო. ხის კარები ყველაზე მედგრად გამოიყურებოდა, თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და გარეშე პირებს კოშკში შესასვლელს უკეტავდა. დიდხანს ცდილობდა პირქუში კარის გაღებას, მაგრამ ვერ შეძლო. მიხვდა, კარს რაღაც ზებუნებრივი აკავებდა, და უბრალო მოკვდავი, მას ვერაფერს დააკლებდა. კარებს მოშორდა და ყვირილი დაიწყო..
- დალი, ვიცი აქ ხარ. გამიღე კარი!
არც პასუხი იყო და არც კარი გაიღო. ისევ ისეთი სამარისებული სიჩუმე სუფევდა, როგორც მანამ.
- დალი, აქამდე მოვსულვარ და უკან დახევას არ ვაპირებ, რომც მომკლა არ მანაღვლებს, არ წავალ არსად, სანამ არ გნახავ!
პასუხი არ იყო. რამდენიმე დღე და ღამე გაატარა პირქუშმა იმ კოშკთან. ყოველი შებინდებისას ეძახდა დალის და მის ნახვას ითხოვდა, მაგრამ პასუხი არ იყო. ძალები ელეოდა, საჭმლის და სასმლის მარაგი ამოეწურა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. სულ უფრო და უფრო განწირული ხმით ეძახდა ქალღმერთს.
ერთ დღესაც, როცა ყველაფრის იმედი უკვე თითქმის გადაწურული იყო, მის ძახილს პასუხი მოჰყვა და კარი თავისით გაიღო. გახარებული პირქუში კოშკში შესასვლელად გაიქცა, მაგრამ მშიერს თავბრუ დაეხვა და კინაღამ დავარდა. გასწორდა, თავს შეუძახა და დინჯი ნაბიჯით შევიდა კოშკში.
გარეგნული იერი სრულებით განსხვავდებოდა იმ სანახაობისგან, რაც პირქუშს კოშკის შიგნით დახვდა - განათებული დარბაზები, ოქრო-ვერცხლით მოპირკეთებული კედლები. სითბო, სიმყუდროვე და სიმდიდრე - აი ამ სამი სიტყვით შეიძლება გადმოიცეს ის შეგრძნება რაც მოხეტიალე მჭედელს იმ წამს დაეუფლა. ყველაზე დიდი დარბაზის შუაგულში დიდი მაგიდა იდგა, რომელზეც მდიდრული სუფრა იყო გაშლილი. პირქუშს ნერწყვები მოადგა, სული აუფორიაქთდა, მაგრამ მიპატიჟების გარეშე ჭამა არც უფიქრია.
- მიირთვი, ვიცი რომ გშია, - გაისმა ნაზი ხმა და ოთახში ულამაზესი დალი შემოვიდა. შინდისფერი ატლასის კაბა ისე მტკიცედ ეხვეოდა ქალღმერთის სხეულს, მის უზადო აღნაგობას სრულად გადმოსცემდა. შავი, დახვეული, გრძელი თმები, მდინარის ტალღებივით დაყროდა დალის ბეჭებს. მთელი მისი სხეული სიცოცხლით და ვნებით ჩქეფდა, მხოლოდ შავი თვალები, ულამაზესი შავი თვალები იყვნენ ჩამქრალნი.
- ქალღმერთო, აქ იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანმა საქმემ მომიყვანა, ვიდრე კუჭის გაძღობამ. უნდა გელაპარაკო.
- მოესწრება, - თქვა ქალმა, თითქოსდა, სულაც არ მანაღვლებს ეგ შენი საქმე, და საერთოდაც აღარაფერი მანაღვლებსო.
- ქალღმერთო... - დააპირა საუბრის დაწყება პირქუშმა....
- ჭამე მეთქი, სტუმარო! - რისხვა ნარევი ხმით, ხმამაღლა წარმოთქვა დალიმ, მერე უფრო მშვიდად დააყოლა, - არ მიყვარს, როდესაც ჩემი სტუმარი მშიერია.
პირქუში დამორჩილდა ქალღმერთის ნებას და მაგიდას მიუჯდა. დალიც დაჯდა მაგიდასთან, რომ სტუმარს თავი მარტო და უხერხულად არ ეგრძნო. რამდენიმე წუთი ასე ჩუმად ისხდნენე. პირქუში მიირთმევდა, დალი კი მას არც უყურებდა, მისი აზრები სადღაც შორს იყო.
- მადლობელი ვარ ქალღმერთო, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო.
დალის არაფერი უთქვამს, ის თითქოს მხოლოდ ხორციელად იყო იქ, მისი სული კი სადღაც შორს. პირქუშს ეშინოდა ქალღმერთის განრისხების და საუბარს მისი ნებართვის გარეშე აღარ იწყებდა. კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყვეს ასე ჩუმად. სტუმარმა ეშმაკობას მიმართა და ვითომდა შემთხვევით, ღვინით სავსე თასი ხელიდან გაუვარდა. ჭურჭლის ხმაურმა დალი თითქოს დააბრუნა და მზერა პირქუშს მიაპყრო.
- მომიტევეთ ქალღმერთო, ჩემი მოუხერხებლობის გამო, და მიიღეთ ჩემი მადლიერება გამასპინძლებისთვის.
- მოყევი უცნაურო არსებავ, რამ გაგაბედინა აქ მოსვლა, - მის სახეზე გულგრილობა აღარ ეხატა.
- მე ერთი უბედური მჭედელი გახლავართ, დევებმა ჩემი სოფელი ამიოხრეს, შვილები ამომიწყვიტეს....
- მე შენ გკითხე ვინ ჯანდაბა ხარ და რა უბედურება გტანჯავს მეთქი? რაში მაინტერესებს მე შენი სოფელი და შვილები?!! - მრისხანე ხმით წამოიძახა ქალღმერთმა და ფეხზე წამოდგა.
- მომისმინე უბედურო ქალო და ულამაზესო ქალღმერთო, მე აქ ბედზე დასაჩივლებლად არ მოვსულვარ. მე აქ იმ წყურვილმა მომიყვანა, რაც შენც წლებია უკვე გახრჩობს, შურისძიების წყურვილმა. მითუმეტეს რომ შევიტყვე, მტერი ერთი გვყავს და ერთადაც შევძლებთ მის დამარცხებას.
- უბედუროოოო!!!! - შენ ვინ მათხოვარი ხარ ჩემზე ასე იფიქრო და ილაპარაკო?! - სიბრაზემ დალის უსიცოცხლო თვალებში რისხვის ცეცხლი დაანთო.
- ნუ მისცემ რისხვას უფლებას გმართოს, მოუხმე კეთილგონიერებას და მომისმინე, ქალღმერთო. ჩემს მოკვლას კი, თუ საჭიროდ ჩათვლი, მერეც მოახერხებ.
- იტყვი სათქმელს თუ არა ბოლოს და ბოლოს?!
- დევებმა ჩემი შვილები მაშინ შეიპყრეს, როდესაც სანადიროდ ვიყავი წასული. დედა მათ დიდიხანია აღარ ჰყავდათ, სოფელს დავუტოვე უბედურები. დევებმა ყველა ამოხოცეს და ბავშვები დაატყვევეს. უკან დაბრუნებულს კი წერილი დამხვდა. თუ მინდოდა შვილების გადარჩენა მათთან მსახურებას უნდა დავსთანხმებოდი. დამეთანხმები ულამაზესო, არჩევანი არ მქონდა და დევების მჭედელი გავხდი. მათ საზარელ იარაღს ვუჭედავდი და წლები ვემსახურებოდი, იმის იმედად, რომ ჩემს შვილებს ხელს არ ახლებდნენ. თუმცაღა მათ ისინი მაინც დაუხოცავთ. მაგრამ შენ ეს ცხადია არ განაღვლებს. ის რაც შენთვის საინტერესოა, დევების სამჭედლოში მოხდა.
ჩვეულებრივი დღე იყო, ჩვეულებრივად სამჭედლოში ვმუშაობდი. ჩემთან ორი კუდიანი შემოვიდა. მოგეხსენებათ, მათ დევებთან პირი აქვთ შეკრული და ბაყბაყ-დევის ბრძანებებს ასრულებენ. ერთერთმა შეკვეთა მომცა, განსაკუთრებული იარაღი მჭირდებაო, „ერთ არწივს უნდა ჩავუსაფრდე და ისე უნდა მივეპარო, ვერ მოასწროს გაფრენა, ამიტომ დაშნა მსუბუქი უნდა იყოს. ერთი ხელის მოქნევით ორივე ფრთა უნდა მოვკვეთო და ძალიან ბასრი უნდა იყოს“. მე უზადო იარაღი დავუმზადე და მივეცი. მეორე დღეს კუდიანი მოვიდა ჩემთან, მართლაც ჩინებული ოსტატი ყოფილხარო, მითხრა და დასალევად დამპატიჟა. მანამდე არავის ჩემი შრომა არ დაუფასებია. უხმოდ ვიჯექი სუფრაზე და მივირთმევდი საკვებს. კუდიანი კი ბევრს სვამდა. შეთვრა და მომიყვა რაში გამოიყენა ჩემი დამზადებული იარაღი:
” ბაყბაყდევი შეშფოთებული იყო, ქალღმერთი დალი ადამიანებს რომ ეხმარებოდა. გადაწყვიტა ამისთვის ბოლო მოეღო. შეიპყრო დალის ყოფილი საყვარელი მონადირე. მე მიხმო, და მითხრა, იმ კაცის სახე მიმეღო. შემდეგ კი უბადრუკი წამში გადასანსლა. დალის ანგელოზი ყვარებია. ჩემი დავალება იყო, მათთან მისვლა და იმ ანგელოზისთვის ფრთების მოჭრა, ოღონდ იმ მოკვდავის სახით უნდა გამეკეთებინა ყველაფერი. ხოდა, შენი წყალობით გავაკეთე კიდეც. რომ არ გამომსვლოდა ბაყბაყდევი მეც გადამსანსლავდა, ახლა კი მისი საუკეთესო მებრძოლი ვარ.“
ჩემი გაკეთებული იარაღით მოკლეს შენი სიყვარული და თუ ღირსად ჩამთვლი მომკალი, მაგრამ თუ მოისურვებ დამეხმარე და შური ერთად ვიძიოთ!
ქალღმერთს თვალები სისხლიანი ცრემლებით აევსო, სიბრაზეს მხოლოდ ტანჯვა ბოჭავდა და არ აძლევდა რისხვის გამოხატვის საშუალებას.
- და რატომ უნდა დაგიჯერო? იქნებ შენ ყველაფერი ეს იმიტომ მოიგონე, რომ ჩემი მხარდაჭერა მიიღო?
პირქუშმა ზურგზე მოკიდებული ტომარა მოიხსნა და იქიდან დაშნა ამოიღო
- ვფიქრობ გახსოვს ეს დაშნა, შეუძლებელი იქნებოდა შენთვის ამის დავიწყება!
დალის თვალწინ გაუცოცხლდა ის ავი წუთები, თითქოს ამ დაშნამ ისევ გაიელვა მის თვალწინ და მოკვეთა ფრთები მის სიყვარულს და ბედნიერებას.
- კუდიანმა ეს დაშნა ისევ მე დამიბრუნა, ნიშნად მადლიერებისა. მისი საშუალებით შევძელი თავი მეხსნა დევების ყარაულისგან და გავქცეოდი მათ ტუსაღობას.
- წყეულიმც იყავ!!- იყვირა ქალღმერთმა, პირქუშს დაშნა ხელიდან გამოსტაცა, - ეს დაშნავე იქნება შენი აღსასრული, - თქვა და მოიქნია, მაგრამ შეჩერდა. დაშნა ხელიდან გააგდო და ტირილი დაიწყო.
- მაპატიე უბედურო ქალო, შემინდე ჩემი უმეცრების გამო. მიმსახურე და მომეხმარე, რათა ბოლო მოვუღოთ ჩვენს საერთო მტერს.
...
შემწვარი ხორცის უგემრიელესმა სუნმა გააღვიძა დილით კოპალა. ფეხზე წამოხტა და გემრიელ საკვებს დანატრებული, სურნელს მიჰყვებოდა. ბუხარში ტახის ბარკალი იწვებოდა, პირქუში თავზე ადგა და რომ არ დამწვარიყო, ხორცს დროდადრო ატრიალებდა.
- პირი დაიბანე ვაჟო და ვისაუზმოთ.
ბავშვს ღიმილმა გადაურბინა სახეზე, გახარებული გავარდა დასაბანად, მერე ხტუნვა-ხტუნვით ეხმარებოდა მამაკაცს მაგიდის გაწყობაში. ერთი სული ჰქონდა, როდის გაძიძგნიდა გემრიელ ლუკმას. ორივემ გემრიელად ისაუზმა. კაცი სიამოვნებით უყურებდა რა ბედნიერი მიირთმევდა ბავშვი ხორცს. ჭამას რომ მორჩნენ, ბვშვმა მაგიდა სწრაფად აალაგა და კაცს წინ დაუჯდა.
- მე კოპალა მქვია, დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რომ გადამარჩინეთ და ზრუნავთ ჩემზე. თქვენ ვინ ხართ?
- მე პირქუში ვარ...
ბავშვს გაეცინა, თუმცა სცადა სიცილის შეკავება. კაცი შეიჭმუხნა და იკითხა
- სასაცილო ვთქვი რამე?
- მაპატიეთ, არ მინდოდა თქვენი გაბრაზება, პირველად ვნახე ადამიანის სახელი ასე უხდებოდეს მის გარეგნობას, - თქვა ბავშვმა და ისევ ჩაეცინა.
- საიდან ხარ ვაჟო, და როგორ მოხვდი დევებთან?
- იმდენიხანია დევების ტყვეობაში ვარ, აღარც ჩემი წარმომავლობა მახსოვს და აღარც ჩემი ბავშვობა. მამა რომ დავკარგე ორი წლის არ ვიქნებოდი, მასზე არაფერი ვიცი და არც მახსოვს. საზარელმა დევმა დედაჩემი გადასანსლა და მე მონად მაქცია.
- შეგიძლია აღარ გეშინოდეს, აქ საფრთხე არ გელის. მე ვიზრუნებ შენზე.
- მასწავლეთ! - ბავშვურ სახეზე სიცელქე სიმტკიცემ შეცვალა.
- რა გასწავლო ვაჟო?
- მასწავლეთ, როგორ ვებრძოლო დევებს!
- არ გეშინია?!
- მე უკვე იმდენი შიში ვნახე, აღარაფრის მეშინია. მინდა დასრულდეს ეს ბოროტება. ვიცი, თქვენ ეს შეგიძლიათ და მასწავლეთ მეც! ყველაფეერში დაგემორჩილებით, ოღონდ მასწავლეთ ბრძოლა! - წამით გაჩუმდა და თავდახრილმა, მორიდებით წარმოთქვა, - რა იყო ის, რამაც განგმირა დევების მსტოვრები და სიკაშკაშით კინაღამ დამაბრმავა?
- ეს ქალღმერთი დალის მიერ ნაწყალობევი დახმარებაა, გამომყევი ვაჟო და ყველაფერს განახებ.
ქოხის უკან ტყე იყო. თუ ძალიან არ დააკვირდებოდ ვერც კი შენიშნავდი პატარა ბილიკს. ცხადი იყო, მისით არც ისე ხშირად და არც ისე ბევრნი სარგებლობდნენ, ამიტომაც იყო შეუმჩნეველი. პირქუში ამ ბილიკს მიჰყვა და კოპალაც გაიყოლა. ბილიკის ბოლოს სამჭედლო იდგა, სულ მთლიანად დაფარული მაღალ და ხშირ ტყეში. კაცმა იქიდან ჩირაღდანი გამოიტანა, აანთო და კლდისკენ წავიდა. მღვიმეში ძალიან ვიწრო შესასვლელი იყო და ძალიან ბნელოდა. კედლები სულ სველი გახლდათ, შორიდან წყლის ჩხარუნის ხმაც ისმოდა. პირქუშმა ჩირაღდანი კლდელზე დაკიდა და უმისოდ გააგრძელა სვლა. კოპალას გაუკვირდა, სიბნელეში რა უნდა ვქნათო, მაგრამ, მალევე მკვეთრმა ნათებამ მოჭრა თვალი. ისინი უზარმაზარ ნათელ დარბაზში აღმოჩნდნენ. დარბაზის კედლები უცნაურად განათებული ქვებისა იყო. დარბაზის ბოლოს, მანათობელი კლდის კედელზე ჩანჩქერი ვარდებოდა და წყლის წვეთები უზომოდ ლამაზი ცისარტყელის რამდენიმე ხიდს ირეკლავდა.
- ეს ადგილი ქალღმერთმა დალიმ მასწავლა. აი ამ ქვებისგან ვჭედავ ისრებს, რომელთაც ერთი შეხებით შეუძლიათ დევების, კუდიანების და ყველა მათი მოკავშირე ბოროტი სულების გაქრობა. ის არათუ კლავს მსხვერპლს, უბრალოდ აქრობს.
- ეს ხომ სასწაულია და ხსნა. რაც შეიძლება ბევრი ისარი უნდა გავაკეთოთ და ყველას დავურიგოთ, ერთიანად შევუტიოთ ბოროტებას და დავამარცხოთ!
ბავშვი სიხარულისგან ხტოდა. პირქუშს ესმოდა მისი სიხარული, მაგრამ, რატომღაც იგივე აღტკინება არ ჰქონდა. კოპალა მიხვდა, რაღაც ბოლომდე არ ვიციო...
- მაგრამ, ეს რომ შესაძლებელი იყოს, აქამდეც მოიქცეოდი ასე, რა გიშლის ხელს?
- აქ არსებული მარაგით, ყველაზე მეტი დევების ერთი ბუდე ამოვჟუჟოთ. სამწუხაროდ, ამ საბადოში ასეთი ქვების წარმოქმნას ძალიან დიდი დრო სჭირდება. იმისთვის რომ მარაგი არ ამოიწუროს, სამ თვეში დაახლოებით ათი კილოგრამის გამოყენებაა შესაძლებელი. ეს კი, ერთადერთი იმის საშუალებას მაძლევს, ხანდახან აღვკვეთო დევების სისხლიანი შეტევა, გადავარჩინო შენნაირი გაქცეულები და ხალხში იმედის ნაპერწკალი ვაცოცხლო.
მღვიმიდან გამოსული კოპალა ხმას არ იღებდა, რაღაცაზე ჩაფიქრებულს სულაც არ ჰქონდა ბავშვური სახე.
- მაშ ხსნა არაა? - ჰკითხა პირქუშს.
- ერთ ზღაპარს მოგიყვები—თქვა პირქუშმა და განაგრძო:
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელმწიფე, მდიდარი და ძლიერი. სასახლის წინ ულამაზესი ბაღი ჰქონდა გაშენებული. ხელმწიფე მას ძალიან უფრთხილდებოდა. ბაღს მებაღე ჰყავდა და ისიც დიდი რუდინებით უვლიდა მას. მეფისგან მკაცრად იყო გაფრთხილებული, ნებართვის გარეშე იქ არავინ შეეშვა.
ერთხელ, მებაღემ ნახა რომ ვარდის ბუჩქში ბულბულს ბუდე ჩაედგა და ბარტყები გამოეჩეკა. სასწრაფოდ ხელმწიფეს მოახსენა და ჰკითხა, - დავუნგრიო ბუდე, თუ არაო. მეფემ კი უპასუხა, - ხელს ნუ ახლებ, ერთი დრო არავის შერჩნია და ჩემს ვარდზე ბუდის გაკეთება არც იმ ბულბულს შერჩებაო.
გავიდა ხანი. მებაღე ხელმწიფეს ისევ ეახლა და მოახსენა, - დიდებულო, თქვენს ვარდზე, ბულბულმა რომ ბუდე გააკეთა, გველი შემოხვევია და ბულბულიც შეუჭამია და მისი ბარტყებიცო. ხელმწიფეს გაეცინა და უთხრა, - ხომ გითხარი, ბულბულს არ შერჩება მეთქი, მაგრამ იცოდე, არც გველს შერჩება ბულბულის და მისი ბარტყების შეჭმაო.
გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი. ერთ დღეს მებაღე ბალახს თიბავდა. შემთხვევით ნამგალი გველს გამოჰკრა და შუაზე გადაჭრა. ხელმწიფემ ეს რომ გაიგო, მებაღეს კვლავ ღიმილით უთხრა, - გახსოვს გითხარი, გველს ბულბულის და მისი ბარტყების შეჭმა არ შერჩება-მეთქი. იცოდე, არც შენ შეგრჩება იმ გველის მოკვლაო.
კიდევ უფრო დიდი დრო გავიდა. ერთ დღეს ხელმწიფის ქალები ბაღში სეირნობდნენ. აუზში ბანაობა მოისურვეს. მებაღემ თავი ვერ შეიკავა და ჩუმად, ბუჩქებიდან უცქერდა ლამაზ ქალბატონებს. ქალებმა ეს შეამჩნიეს და ხელმწიფესთან უჩივლეს. განრისხებულმა მებაღის სახრჩობელაზე ჩამოკიდება ბრძანა და ჯალათებს გადასცა. სიკვდილის წინ ერთი რამის თქმა ითხოვა მებაღემ და ხელმწიფეს მიმართა. - გახსოვთ დიდებულო ხელმწიფევ, თქვენს ვარდზე ბულბულმა რომ ბუდე გაიკეთა და ბარტყები დაჩეკა. თქვენ თქვით, რომ მას ეს არ შერჩებოდა და ასეც მოხდა - ისიც და ბარტყებიც გველმა ჭამა. არც გველს შერჩა და ჩემი ნამგლით გაიხლიჩა. მეც არ შემრჩა გველის მოკვლა. როგორც ჩანს, მართლა ასეა ქვეყანა მოწყობილი, ერთი დრო არავის შერჩება. დიდებულო ხელმწიფევ, ახლა მე თქვენი ბრძანებით უნდა მომკლან, და თუმცა დიდებული ხელმწიფე ბრძანდებით, არც თქვენ შეგრჩბათ ერთი დრო. ეს თქვა და ჯალათებმა ჩამოახრჩეს.