დედაჩემი
დედაჩემი
იყო პატარა გოგო,ალბათ სავსე ბევრი ფერადი ოცნებებით,დაფარფატებდა პეპელასავით. მერე მოულოდნელად 17 წლისა ასაკში გათხოვდა.
დადაუჯერებლად,ზღაპრისთვის მოგონილ ამბავს ჰგავს მისი გათხოვების ისტორია. მეგობრებთან ერთად ვითომ დაბადების დღეში წასული,აღმიჩნდა რომ თავის ქორწილში მოდიოდა.ალაბთ როგორ დაიბნა,როგორ გაუკვირდებოდა, ვერ შეხედა რალობას პირისპირ თურმე,სანამ აქ,ამ მთებში მოიყვანდნე,გზაში ლაღად ვიყავიო, ვმხიარულობდიო, ბუნებით მოხიბლული,გაკვირვებული ვიყავი როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანებიო. უკითხავს კიდეც ძალიან შორს ვართ დავბრუნდებით ამ საღამოსო? - მერე არც იმ საღამოს დაბრუნებულა და კიდე ბევრი საღამოც გავიდა.
გათხოვების დღიდან ყველა მის სილამაზეზე ლაპარაკობდაო.მთავარი მაინც ცხოვრებაა,ხოდა დაიწყო ცხოვრება, აქ,აქაურ ხალხთან ხალისით, სწავლებით.ვინ იცის რამდენ რამეზე თქვა უარი,რამდენი რამე ალაბთ ძლივს ისწავლა.რომ კითხავდი როგორ ძლებდი აქო? - სიყვარულმა გადამარჩინაო - გპასუხობდა,მართლაც გეგონებოდათ ყველას უყვარდა,ვინც არ იცნობდა, მასაც კი, სულ მოწესრიგებული მახსოვს,სულ გაპრანჭული, სამკაული,ტუჩსაცხი,თმა ყოველთვის ლამაზად
დავარცხნილი ჰქონდა,იფიქრებდი სადღაც წვეულებაზე მიდისო. რაღაც კადრები ჩამრჩა ბავშვობიდან და ხანდახან როგორც ფილმს ისე ვუყურებ ხოლმე ჩემივე გაცოცხლებულ კადრებს, დამრაჩა მისი გაკეთებული ზოგიერთი საჭმლის გემო და სურნელი,სადღაც შორიდან, მაგრამ მაინც ვაცოცხლებ.
განსაკუთრებით ერთი ნამცხვრის სურნელით ვბრუნდები მასთან და სიახლოვესაც ვგრძნობ, რატომღაც ნამცხვარს ,,კოცნა" ერქვა. ბავშვებს განსაკუთრებით გვიყვარდა და ხშირად გვიცხობდა. ცხობის დროს ისეთი ჟრიამული ტრიალებდა ირგვლივ ბედნიერებას თავად ქმნიდა ცხობის პროცესი.
ძალზედ მოწესრიგებული ქალი იყო ნამცხვირის ცხობის დროსაც სხვა ტანისამოსს იცვამდა, ბოლოს რომ გამოაცხო,ლურჯი ხავერდის კაბახალათი ეცვა, ჯიბეზე მაქმანით,ძალიან უხდებოდა და განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი, სურნელიც თითქოს სხვანაირად შევიგძენი, ათქვეფილი კვერცხის ცილას,თოვლის გუნდასავით ფუმფულას, კონიაკში ჩაწყობილი ალუბალი დაუმატა,სითეთრე ოდანავ გააშავა ალუბალმა და თითქოს არ მოუხდა, რაღაცნაირი სევდა დამეუფლა ვიგრძენი ამ ნამცხვარს მეტჯერ ვერ გამოაცხობდა. ალბათ თავადაც შემატყო და მაკოცა,მითხრა : ,,სანამ შენ ნაცხვარს აკოცებ მე შენ გაკოცებო" . პირველად გააკეთა ეს და საბოლოოდ.
ულამაზეს კაბებს კერავდა და მქონდა ბედნიერება პირადი დიზაინერი პატარა ასაკიდანვე მყოლოდა. არსდროს უყიდიათ ჩემთვის კაბები, სულ ვიკერავდი და ძალიან მომწონდა მასთან ზომების ასაღებად მისვლა, მერე ორჯერ გასინჯვა სრულ შეკერვმდე,საინტერესო და საქმიანი პროცესი იყო ბავშვისთვის.
ერთ დღეს სკოლიდან რომ დავბრუნდი ეზოში დამხვდა,მწვანე კაბა ეცვა, ყვავილებიანი და თავზე, ქუდივით, ისე ლამაზად ჰქონდა გაკეთებული ღია ვარდისფერი თავსაფარი, ვთხოვე,ხვალ სკოლაში რომ წავალ მეც მასე დამახურე-მეთქი.
არ დავმჯდარვათ იდგა და მეუბნებოდა რომ ავად იყო და დიდი ხნით მიდიოდა სამკურნალოდ,არ მახსოვს რას მიბარებდა,რას მარიგებდა,მაგრამ კი მივხვდი რომ რაღაც მთავრდებოდა და ახალი ამბავი იწყებოდა.
ბევრი წელი ვიცხოვრეთ მე და მან ასე, შორი -შორს,ამ ცხოვრებას სახელს ვერ ვარქმევ, მე სულ ველოდებოდი - ალბათ ისიც, წერილები მისგან უფრო მეტი მაქვს,ვიდრე ჩემგან -მას.
ყველა წერილი თხოვნით იწყება: ,,გთხოვ ისწავლე" შემდეგი წინადადებაა : - ,,იფიქრე,ბევრი იფიქრე". რაც შემომრჩა და მაქვს ეს წერილები,მინდა ბოლომდე ჩავიკითხო და ამ ორ წინადადებას ვერ ვცდები. ალბათ მაშინ, ბაშვობაში, რომ მივიღებდი წავიკითხავდი, მაგრამ არ მახსოვს.
პირველი შიში მაშინ ვიგრძენი სახლში რომ მოვიდა და ბავშვები გაგვაფრთხილეს:- ოთახში არ შეხვიდეთ, ჯერ დაუძახეთ და მერე შედითო, ალბათ ეშინოდათ ოჯახის წევრებს, გარდაცვლილი პირველად ბავშვებს არ გვენახა და არ შეგვშინებოდა. ჩვენ სულ ასე ვიქცეოდით, როდესაც ჩვენთან იყო.
ნოემბრის ერთ დილას მოლოდინითა თუ მოულოდნელად გარდაიცვალა, მოლოდინით იმიტომ რომ, შინაგანად თითქოს ველოდით,მის სხვა სამყოფელში გადასვლას,მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.რომ გარდაიცვალა მერე გავაკეთე ანალიზი როგორ ადამიანს ვიცნობდი, განსაკუთრებით ერთი ფაქტი ღრმად ჩამრჩა გულშიც და მეხსიერებაშიც, აქ,მთის ქალებმა, გამოთქვეს სურვილი რომ მისი კუბო ქალებს ეტარებინათ და ამ ფორმით მიეგოთ პატივი და გაეცილებინათ ბოლო გზაზე, იყო წინააღმდეგობა ,ვერ შეძლებთ, რამე არ მოხდეს, დაიღლებით, მაგრამ ეს შეძლეს აქაურმა ქალებმა.საკუთარი ხელებით ბეჭზე დაიდეს კუბო, ქალი ქალს ენაცვლებოდა და ასე ატარეს მთის აღმართზე, ბოლო ადგილამდე, დუმილით, ჩუმად, მხოლოდ ფეხს დგამდნენ,თორემ ლოდებს ჰგავდნენ, შავ ქვის ლოდებს,ხოდა მივხვდი რაღაცა ძალიან დიდს და საპასუხისმგებლო ამბავს მიტოვებდა, ის ქალი, ვისაც ასე პტივით მოექცნენ მთაში, მთის ქალები.
მივხვდი რომ ბავშვობის პერიოდი მე ნამდვილ მზე ადამიანთან გავატრე, რომელიც ყველას და ყველაფერს ათბობდა. მივხვდი რომ მეც 17 წლის ასაკში დავამთავრე რაღაც, ბავშვობაზე დიდი... მივხვდი რასაც მასწავლიდა, იმასაც მივხვდი რომ არ ვუსმენდი თურმე, მისი დარიგებებიდან გაზეპირებული მქონდა მხოლოდ ის, როდესაც ბებოსთან მივყავდი და მარიგებდა :
,, წყალში ღრმად ნუ შეხვალ".
,,საქანელაზე სულ შენ არ იჯდე".
დანარჩენი ყველაფერი დავიწყებული მქონდა და მისმა გარდაცვალებამ გამახსენა.
რამდენიმე წლის წინ მისი ნაქსოვი ვიპოვე, დაუსრულებელი,რას ქსოვდა არ ვიცი,მაგრამ მე დავასრულე, მოვქსოვე...
მივხვდი რომ ქსოვაც უსწავლებია,როგორ ან როდის მასწავლა არ მახსოვს, მივხვდი რომ ქსოვის დროს,ფიქრობ ყველაზე ბევრს, ხოდა ვფიქრობდი
როგორ მასწავლა თონეში პურის გამოცხობა.
როგორ მასწავლა ღიმილი, როგორ დაუძლევია ჩემში ბევრი რამის შიში,
როგორ არასდროს უტირია. თურმე
როგორ უცხოვრია, ისე, რომ იმხელა თამასა დამიდო ვერც ვერასდროს მივწვდები.
იყო...იყო ასე, მე და დედაჩემის ნაცნობი თუ უცნობი ცხოვრება, რომელშიც ალბათ ვერც მე და ვერც ის გაერკვა,ჩვენ, თავად ვქმნიდით,ერთმანეთთან მიმოწერით,მორიდებითა და მოლოდინით ურთიერთობას, რომელსაც დედაშვილობა დავარქვით.
ზღაპარს ჰგავდა, გამოგონილ ზღაპრას, ფიქრებითა და ოცნებებით სავსე ქალი, რომელმაც თამამად დაირქვა ,,მთის ქალი". აქ,გამოიკეტა ოცნებები,ალბათ ბევრჯერ მოუყვა ზღაპრებად ამ მთებს თავისი ბაშვობაც. იყო სიფრიფანა, პეპელასავით ფარფატა ქლი, რომელმაც მთებში სამუდამოდ დაიდო ბინა.