ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ყვითელი და ლურჯი

ყვითელი და ლურჯი

ჩვენ ვცხოვრობდით ლენინის უკანალში



წიგნის ის მოსაწყენი ადგილები მასევდიანებს ყველაზე მეტად სადაც ცალკე თავები და გვერდები ეძღვნება პეიზაჟების, ცხოველების, შენობების, ან ზოგიერთი უშინაარსო საგნის აღწერას, რადგან ვიცი ავტორი ასეთნაირად ცდილობს გვიხსნას თავისი სევდიანი ისტორიის მოყოლისაგან. ცოტა ხნით მაინც.

ჩემი სიტყვები არაა ეს. არც მილან კუნდერასი. საჭიროა მაინც და მაინც ვინმესი იყოს? და თუკი კი არ ჩნდებიან, არამედ იმალებიან აზრები სიტყვებში? ისევე, როგორც მათი ავტორები? ღირს მერედა ნერვიულობად საწინააღმდეგო თუ გეგონათ შეცდომით? ვინ იცის რამდენი შეიძლება შევცდეთ სიტყვაში ვაზექტომია? ვაზელინისადმი აუტანელი დამოკიდებულება? შეცდომით აკრეფილი ტრაექტორია? მასტექტომია? ლობექტომია? გასტრექტომია?

იმის გამო კი არ გვრცხვენია, რომ შეცდომებს ვუშვებთ, არამედ იმის გამო, რომ ჩვენს დამცირებას ხედავს ყველა. მილან კუნდერა

როშანჟეატელინავესნინას იტყვიან ჩემზე, მაგრამ თქვენ ლიუბა დამიძახეთ. მეტს, ჩემს შესახებ, ვერაფერს გაიგებთ მაინც.

არც სცადოთ.

ეცადეთ გამიგოთ.

თუ მაინც, გაითვალისწინეთ, არავინ გადმოკვეთოთ ჩემთან მოსასვლელი გზა ისე, რომ კარგად არ გასინჯოთ, ჯერ მარცხნივ არ გაიხედოთ, მერე მარჯვნივ, ვინაიდან, თუ დაეჯერება საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების განყოფილების ყოველწლიურ საჯარო ანგარიშს, და უფრო ალბათ არ დაეჯერება, მაგრამ სიფრთხილეს მაინც თავი არ სტკივა და სიცოცხლე მაინც ტკბილია და ვინც გაფრთხილებულია, - შეიარაღებულიც, თვალშისაცემად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ამ გზაზე დიდი სისწრაფით მოძრავმა საკუთარმა შიშებმა გაგიტანოთ.

ყოველი შემთხვევისთვის რედაქტორიც ვარ. მიხვდებოდით. მეც, ვდგები ადრე დილით, როგორც ყველა რედაქტორი და სამსახურიდან მოვდივარ გვიან ღამით, როგორც ყველა. სწორად ხვდებით. და ასეთ პირობებში, რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, მივიდე და ხელში შავი, გრძელი, ბრტყელი ნივთი შემომაჩეჩონ? მისვლისთანავე. მითუმეტეს თუ სიმართლეა? ან რა შეიძლება იყოს იმაში განსაკუთრებული, ეს ნივთი თუ ფლეშ ბარათი აღმოჩნდება ზედ მიკრული სტიკერით, რომელსაც მოყვითალო, თითქმის მოთეთრო-მორუხო ფერი დაჰკრავს, მკვახე გარგარის, თუ რაღაც მაგდაგვარის? და კინაღამ გამომრჩა. ისე ნაზად, ისე გულწრფელად, ისე ბატიფეხურად შესრულებული წარწერაა ზედ ამ სტიკერზე, რომელიც გაუგებარიც ისევეა, როგორც გასაგები, (ასეთი რამ თუ შესაძლებელია საერთოდ არსებობდეს ბუნებაში) რომ მისგან, არწივისებური მზერით, მხოლოდ მედიკოსს შეუძლია შინაარსის ამოყვანა, როგორც გუგულის ბუდიდან ქათმის კვერცხების. ან შეუძლია გამორწყას უმალ, როგორც აკნე, დიდი ოსტატობით. მოიცადეთ, მთლად ასეც ნუ გავასერიოზულებთ. გაცილებით მარტივად, მედიცინის, მედიკოსის, კალიგრაფიის და ოსტატობის გარეშეც შეიძლება მოხერხდეს. სახლის პირობებში. მთავარია ორი თითი, კარგი მოჭერა და თავშავა აკნე, მთვარის კრატერივით ჩაღრმავებული კანის ფორიდან, ისე გემრიელად ამოგიყოფს სარკეში თავს, როგორც ახალ ნაწვიმარზე მიწიდან ტოქსიკური სოკო. სახეზე თითების ხშირი შეხება იწვევს აკნეს. ექიმები არა, მაგრამ მე გეუბნებით. გეხებათ მხოლოდ 13 წლის მოზარდ გოგონებს და თქვენს ელასტიკურ თითებს. და თუ მაინც და მაინც ჩემი ავტორიტეტი არ კმარა, მაშინ Try again. Fail again. Fail better. სემუელ ბეკეტი. დაუჯერეთ უფროსებს. ცოტა ხნით მაინც. და, ბარემ აქვე, Try not. Do, or do not. იოდა. იოდა VS ბეკეტი. ივარგებდა სტენსილად?

დამნაცროს ელვამ! მიწისძვრა თუ არ იყო ახლა. წვიმის მერე რომ იცის ხოლმე, ძაღლი ახსენეო. თუმცა შეიძლება ქარხნები აგუგუნდა, ან ადუღდა ეკონომიკა მეზობელ ქვეყანაში სადმე და ამერია. ეგრეც იცის ხოლმე წვიმის მერე. ტოქსინების მერეც. მაგრამ ისე შევეჩვიეთ ამ მსუბუქ ბიძგებს თანამშრომლები, მხოლოდ Icebreaker-ებადღა შემოგვრჩა სოციალურ ქსელებში.

თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, დრაკონი, რომელიც მიწაშია და იწვევს ამ ბიძგებს, უკვე მოშინაურებული გვყავს, როგორც ბანკივური ქათამი, იგივე, გალუს გალუს დომესტიკუს (ქათამი მოშინაურებამდე?), მგელი (ძაღლი მოშინაურებამდე?), ველური კატა, ფელის სილვესტრის სტალონე (სტალონე მოშინაურებამდე?) და სხვა კიდევ წვრილფეხობა. სტალონე ჰო, მართლაც არაფერ შუაშია ველურ კატასთან. სილვესტრის ლიბიკა. ასე ჰქვია ველურ კატას სინამდვილეში, მაგრამ ნებისმიერი სილვესტერი, ითხოვს სტალონეს მის გვერდით. ეს აუცილებელია. ამ გვარს ისე იზიდავს ეს სახელი, როგორც ცნობილ ფილოლოგს, ყვითელი ვარდის სურნელი.

3,7 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონის დაბადება. ნუ ვიკამათებთ, კაი ფილმია, პოპ-კორნი თუ არ გათავდა ოღონდ. შეეწყვე და მიენდე. 3,9 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონის გამოსვლა. ლუდზე, ამასაც არაუშავს. თუ არ გათავდა ეგეც. 4,1, ან 5,0 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა − დრაკონის გზა. მეზობელსაც გასთავებია მახათი. ტუალეტის ქაღალდიც. ისე, ეს მეზობლები, რაღაც ძალიან ხშირად ათავებენ ამ მახათებს. ვერ იშოვნი წამლად რომ დაგჭირდეს. წამალსაც, სხვათა შორის. მეზობელსაც. განსაკუთრებით კარისას. ასე გამოიყურება კონსუმერიზმს შეწირული რეალობა, რომელსაც მშვიდად თუ შეეგუები, აბა, სხვა რა, რა გინდა რომ ქნა? 4,5-დან, 2,2 ან 2,4-მდე მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონი კუდს იქნევს. ეს უკვე ფილმიც აღარაა. თან გააჩნია ეპიცენტრს სად არის. ფილმში რაღაც უნიჭო სცენას ჰგავს, ბევრი დახარჯული ფულით და ბევრი გატეხილი გულით. თავით. ვაზით. ნეკნით. ნავსით. ქორეოგრაფიული კატაკლიზმაა, კატაბალახა, კატასტროფა, კატამარანი. აქ ბევრი კატაზე დაფუძნებული სიტყვის ხმარება შეიძლება, აზრითაც და უაზროთაც, კონტექსტით და უკონტექსტოდაც, ვნებითაც და აპათიის აუტანელი სიმსუბუქითაც, მაგრამ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, მანამდე არ გავჩერდები, სანამ მიაუს არ დავაძახებინებ რომელიმეს. საკმარისია ამიტომ. ასეთი ფილმის ცქერის დროს, კითხვა ყოფილა რეკომენდებული, ახლახან გავიგე. მეც, რატომღაც გული მიგრძნობდა, რაღაც ეგეთს გავიგებდი, რადგან მე თვითონ სულ მახსენდება ხოლმე ბავშვები და ზღაპრები. ზღაპრები იმას კი არ უყვებიან ბავშვებს, დრაკონები არსებობენო, ეგ ისედაც იციან, არამედ უყვებიან იმას, თუ როგორ შეიძლება მათი დამარცხება, თუმცა რეკომენდებული ეს არ არის. რეკომენდებულია, ძირითადად ფსევდო-დოკუმენტური პროზა, (ასეთი ჟანრი მხოლოდ კინემატოგრაფში ვიცოდი და ტუალეტში, შეკრულობისას) და ძირითადად პედოფილებზე, პედოფილ ავტორებზე, ანთროპოფაგებზე, სერიულ მკვლელებზე, ბელგრადის მოჩვენებებზე, ფსიქოპატებზე, შიზოფრენიკებზე, შიზოფრენიკ პოეტებზე, უცხოპლანეტელებზე, შავ კაცზე, ბინძურ ბრუნძვზე, გალილეველ მევენახეზე, ხალიჩა და ბავშვზე, ძიან ძი ტუანკ ტუკზე, გოგრის თესლების გადარჩევისა და შენახვის წესებზე. შურისძიების გზამკვლევი სახელმძღვანელოებისაც, არ გამოგვრჩეს. მხნე და მამაც რაინდად გახდომის სურვილისგან თავის შეკავების 365 დღიანი კურსების ბროშურებისაც, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ბონუსიც მოყვება, როგორც 366-ე დღე. სწრაფად გახდომის ოცი უმოკლესი გზის ამრევი მემუარებისაც. როგორ ავხტეთ და არ გავიკვანძოთ? (არის ასეთი ქვეყანაც, სადაც კატეგორიულად დაუშვებელია ახტომა სპეციალური ნებართვის გარეშე, თურმე. იქ რიგდება ასეთი სახელწოდების გზამკვლევი ბუკლეტები. ტურისტებისთვის უფასოდ. ფილმის ყურებისას ყოფილა საუკეთესო მათი კითხვა, განსაკუთრებით მხედველობის პრობლემების მქონე პირთა პრობლემების გასაუმჯობესებლად. ჭორად ისიც ეყარა შარშან ზამთრამდე, გზების მორეცხვას სანამ სისტემატურად დაიწყებდნენ, რომ ბრწყინვალე საშუალება იყო აგრეთვე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გასაღრმავებლად, ანუ აღდგენითი სამუშაოები-სთვის. სახელს ვეღარ ვიხსენებ უბრალოდ. ვეღარ ვიხსენებ იმ ქვეყნის სახელს, ამომივარდა თავიდან. ეს ნებართვა ფასიანია და დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ „ჩ“ ასოს მიწერის ნებართვის ფულსაც წინასწარ გადაიხდი) ბევრი საინტერესო საკითხავია შემოთავაზებული კიდევ, თუმცა... აქ, წინადადების შეწყვეტა მომიწევს, მგონი კიდევ ერთი ბიძგი იყო. მოკლედ, გასაგებია ალბათ ყველაფერი.

მაგრამ. ის შავი კაცი მაინც ვინღა იყო?

ჰა?!

ვაღიარებ, უცნაური პროფესიაა რედაქტორობა. ვაღიარებ რა, რად უნდა აღიარება, ისედაც ეგრეა, ჩემი რეპლიკების გარეშეც და ესეცაა, ყველაფერშიკობისგან მხოლოდ ბერძნული სუფიქსით გვანსხვავებენ. ყველაფრისმცოდნეობა. რომელმაც თავისი არქაული ფორმა, ყოვლისმცოდნეობა, შემთხვევით ჩაანაცვლა. სხვაფრივ, ტყუპებივით ვგავართ. ვერ გვანსხვავებენ. ჩვენი ლოგოა გაჭრილი ვაშლი და ყვითელი ფოთლები. ოღონდ, გვერდით ამ ვაშლს, ალყა-ალყა დაჭრილი ჩერი პომიდორი უდევს კარამელიზირებული ბანანით, ფლამბეთი, მარაკუიასა და ვარდისფერი პილპილის ნაყენით, ცოტა დარიჩინით, კურკუმას ფხვნილით, სიყვითლე რომ არ დაკარგოს და ბევრი სუბლიმირებული მერენგით. და სლოგანის ნაცვლად გვაქვს წინასწარი ეპიტაფია. ასე გადაწყდა ზემოთ, აბა, ჩვენ ვინ გვკითხავს? განგვასხვავე ძნელად, მოგვინელეთ ადვილად. და იქვე მოყვება გაფრთხილება, თუ ვინმეს ალერგია აქვს თხილზე, რძეზე, თაფლზე, ან ინტოლერანტულია მათ მიმართ, მათთვის.

გამოგიტყდებით, არა ვარ კმაყოფილი ჩვენი ლოგოთი. ყვითელი ფოთლები ამოსაღებია. უფრო სწორად, ფოთლები. ყვითელი იყოს. წინასწარ ეპიტაფიას უნდა ჰგავდეს ჩვენსას. რომ ჩვენი დრო წინასწარ გავიდა და მხოლოდ ილუზია ავსებს სიცარიელეს, როგორც ცის ფონი დაცლილი ქვიშის საათის ზედა, გამჭვირვალე კოლბას. ასეთი, ერთადერთი რამ შეიძლება იყოს. ეს არის პეპელა, რომელმაც ნახევარი დღე უკვე იცხოვრა. პეპელა ცაში? ცა პეპელაში? მოკლედ, ახალი ლოგო მინდა. ვაშლის და იმ სალათის გვერდით, კოლიას კროკეუს კროკეუსი, ყვითლად მოციმციმე პატარა პეპელა, რომელმაც ნახევარი დღე იცხოვრა. სინამდვილეში კი, ქვიშის საათივით ბოლომდე დაცლილია. მთელი დღე იცხოვრა და მეორე დღეც გათენდა. მიწოლილა ახლა ყვავილზე, გაშლილი ფრთებით. ზედა ფრთებზე ქერცლი დასცვენია, როგორც კრამიტი ძველი სახლის სახურავს. შერჩა მხოლოდ გამჭვირვალე აფკივით რაღაც, რომელიც N აცეტილგლუკოზამინის ნარჩენი, აზოტის შემცველი პოლისაქარიდების ჯგუფის ბიოპოლიმერის, ქიტინისგან შედგება, ოღონდ ეს ნარჩენი პოლისაქარიდები, ერთმანეთს, β-(1→4) გლიკოზიდური ბმებით უკავშირდებიან. ქიმიის ამ ბუზის ფრთასავით გამჭვირვალე ლაბორატორიას, ცის ლურჯი პიგმენტები ავსებს, როგორც მირაჟი უდაბნოს სილას. ეს არის თამაში, არა ჭვავის, ქვიშის ყანაში. უდაბნოს სილაში. ეს ბავშვის თამაშია, სილაში პასკებს რომ აცხობს. პასკა, პასკა გამოდი, თუ არ გამოხვალ, თავში ჩაგარტყამ. ეს იგივეა, რაც ვარდი ქვიშაში. სილაში? გრდემლი სილაში? პენისი სილაში? კომუნალური გადახდის ქვითრები სილაში? ეს იგივეა, რაც ყველაფერი სილაში, ცის ამორფულობის და გამჭვირვალობის ფონზე. ვინაიდან, ცის უფორმობის ფონზე, ყველა ფორმა ლამაზია. არ არის უდაბნო მარტივი ადგილი. ვარდნი წავლენ და წამოვლენ, პეპლები დარჩებიანო. ფარფატა პეპლები. რაფაელოს ქოქოს-ნუშის ტრუფელების ყუთივით ქათქათა გვირილის ფურცლებზე კიდევ უფრო მჩატე ფიტულებად შემხმარები. ამას იტყვის ხმა მღაღადებლისა, რომელმაც მოვლო უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

აი, ასეთი ლოგო მინდა. მაგრამ ჩვენ ვინ გვკითხავს? ჩვენ მხოლოდ ყველაფერშიკები ვართ. ცოტა ის, ცოტა ის, ცოტა ის. სიტყვები მოქრიან მკვდარ და მკვდარ.

და ზოგჯერ მგონია, რომ მე თვითონ მივქრი, მივაფრენ, როგორც ის კოიოტი, მულტფილმიდან, კლდის პირზე. მივრბივარ, მივრბივარ, მივრბივარ. ქვემოთ კი არაფერია, − ჰაერი. ჰაერი, ჰაერი. და მე არ მინდა ქვემოთ ჩახედვა. მინდა, როგორც ბავშვი ტელევიზორის წინ ვიჯდე და ვუყურო, როგორ მირბის კოიოტი ჰაერზე, როგორც იესო წყალზე. შორს, ამ იდიოტი პეტრეებისგან და პავლეებისგან. მინდა ბავშვივით გულუბრყვილო ვუყურებდე, რომელმაც არ იცის, რომ შეიძლებოდა იესოც ჩაძირულიყო ქვემოთ რომ დაეხედა. რომელმაც არ იცის, რომ წყალზე სიარული არ შეიძლება. სირბილი მითუმეტეს. რომელმაც არ იცის, რომ შეიძლება ფრთები გქონდეს და ვერ დაფრინავდე, როგორც ბანკივური ქათამი. იგივე, გალუს გალუს დომესტიკუს. ან შეიძლება ფრთები არ გქონდეს და დაფრინავდე, როგორც კავკასიური ჰომო პოეტიკუს საპიენსი. იგივე, გალაკტიონი. იგივე, პუშკინი. იგივე, შარლ ბოდლერი. რომელმაც არ იცის, რომ შეიძლება ფრთები არ გქონდეს და მაინც დაფრინავდე, როგორც მფრინავი თეფში, ან ბეისბოლის ბურთი. რომელმაც არ იცის, რომ ამასობაში, იქნებ, ჩავვარდი კიდეც უკვე? მე ცხოვრება ყოველთვის მიყურებდა, როგორც ჟან-პოლ სარტრი. თან მიყურებდა, თან არა. მე თვითონ სულ გავიძახოდი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ფილოსოფოსის მზერა-მეთქი. ასეთი ნამდვილი. თუმცა გავიძახოდი სულ გულში. არასდროს ეს ხმამაღლა არ მითქვამს. სიყვარულსა მალა უნდაო, და, მეც ვმალე, ვმალე და ახლა, გაიტონ ანრი ალფრედ ედუარდ ლეონ მარი გატიან დე კლერამბოს სინდრომიანივით გამომეტყველებით ვმოძრაობ. უფრო ხშირად კი, იგივე სინდრომიანის მოისმენთ ვნებებით გატაცებულ ბოდვას. ეროტომანიურ ბოდვას. ეს იმათთვის, ვისაც გრძელი სახელებისა და ფსიქოპათოლოგიური სინდრომების, სიმპტომატოლოგიის, მათი გამომწვევი მიზეზების, (როგორებიც შეიძლება იყოს ანტიდეპრესანტები, ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცინოგენები, კორტიკოსტეროიდები, ინდუცირებული ნარკოტიკები და სხვა წვრილმანი) კითხვა თანაბრად გეზარებათ, კითხვა საერთოდ.

ერთი სიტყვით, სტიკერს აწერია, „ფაილი“. მეც გამიკვირდა. ამ „ფ“-ში ასე კარგად რომ არ ვერკვეოდე, არ დავიჯერებდი და ყვავი წამიღებდა, კარგიც იქნებოდა. მაგრამ ჩემ ბედს რა ვუთხარი, რომელსაც ძაღლიც არ დაჰღრენს, არათუ კოიოტი. დამეჯერებინა დედაჩემისთვის თავის დროზე. ახლა, ჩემთვის ეს ყოველდღიურობაა, როგორც კარაქიანი პური, ერბოიანი კვერცხი, დაბალი ჰემოგლობინი, ყავისფერი ჰემატემეზი, როგორც ის, რომ ზურგს უკან დამაწევენ ხოლმე, სასწრაფოა! და ეს ხმაც ათასჯერ გამიგონია, როგორც დამინახავს ასო „ფ“. მეც ვჯდები კომპიუტერთან და ვხსნი.

„ფაილი“ აუდიოა. ანუ Beta? დაკარგულ მობილურ ტელეფონში უპოვიათ. სწორად ხვდებით, ვინ მაძლევს, სად უპოვიათ, რაფაილი. დაივიწყეთ.

შემდეგ.

მეუბნებიან. და  ვერ მოგატყუებთ, მჯერა, წამით არ გაივლებთ თავში თხოვენო, ეხვეწებიანო, ემუდარებიანო ა.შ., მართალიც იქნებით. ზემოდან დაუშვებინებიათ. მიბრძანებენ გამოვაქვეყნო, ჯერ ოღონდ მოვრთო, მოვკაზმო, ხატოვანება შევძინო, მოვალამაზო, მოკლედ, დავარედაქტირო, და ისე. ანუ Meta? (metaნხმებით?) მოდი და Пиратская Доля ნუ გაგახსენდება ასე რომ მოგიყრიან და მოგაყრიან ფაილებს. რას აღარ მოგიყრიან ფეხქვეშ? ადამიანივით ვუდუს თოჯინებს, თანაბრად გაძეძგილს ჭუჭყით, ნაგვით, პატრონის იმედებითა და შურისძიებებით? (ან თვითონ პატრონით?) უბეში დიდხანს დებისგან გალურჯებულ ყანწივით დაგრეხილ რქას, ვინ იცის რომელი ძუძუმწოვრის, ან რქას რომ საერთოდ? გახვრეტილი შაურიანივით ვადაგასულ ვერცხლის მონეტას? პურის გულის ცომისგან დამრგვალებულ კამათელს, თითქოს ცხვირიდან ბავშვმა ჟღვინტი გამოიღო და კაი ხანს სრისა? მუყაოს მართკუთხა ფურცლებს, რომლებიც ბანქოს ქაღალდებს ისევე ჰგვანან, როგორც წინაპრების საფლავების ქვებს. და ნახატები და წარწერებიც ისე ეტყობათ, როგორც ამ ქვებს ეპიტაფიები და პორტრეტები. ვეღარ გაარჩევ ვალეტია, დამა, ათიანი, თუ ტუზი? ჯვრის, ყვავის, აგურის თუ გულის, წითელი თუ შავი? მეფე თუ ჯამბაზი? (სადმე უძრავად დიდხანს დებისგან? ქაღალდებსა და ქაღალდებს შორის დასტაში? ძუძუებს შორის უბეში? დუნდულებს შორის საცვალში? ლომბარდში?) დაბურულმინებიან სათვალეს, რომელიც შეგიძლია გაიკეთო და დაბრმავდე? ძაფზე ბრელოკივით გამობმულ პოეტის მუმიას, შემცირებულ ეგზემპლარად, რომელსაც სულაც არ უნდოდა შეიძლება, თუმცა მაინც თვალს ადევნებს ამ ამბავს, როგორც პირატი სარჩობელაზედ, ბუზებით გამოტენილი პირით? ცალ თვალს, შეიძლება შუშისასაც, ხის ან შეიძლება პატრონის, რომელიც სხვისთვის შეიძლება არაფერი იყო, ბოსელი, მაგრამ პატრონისთვის ბროლის სასახლე? დედალი ვირთაგვს (სქოლიო − ვირთაგვსგან განსხვავებით, ვირთაგვ სხვა ლიგაში მოასპარეზე წარმატებული ძუძუმწოვარი ქვემდებარე შეიძლება იყოს, უფრო მაღალში, (სერია ა? პრემიერთა ლიგა? მწერალთა სახლი?) სხვა შემასმენელი სჭირდება, სხვა ყური, სხვა რომანი. ლ.) ქონით გაპოხილ თავს, რომლის დანახვაზეც, საკუთარი არსებობის ან როგორობის ნამდვილობაში, ეჭვი გეპარება, როგორც ვინმე დიდ მოაზროვნეს, ან პატარა კაცს? რადგან გამოუცდელი თვალიც ადვილად შეცდება ამ თავში. დედაშენი? მაიმუნი შენი? ედვარდ მუნკი? მოკლედ, ასეთ რაღაცებს გულუხვად იმეტებენ. და დააგვირგვინებდა ზედაც ამ ნაგავს, უჩრდილოეთო კომპასი... მაგრამ სად არის? მაგას ვინ მოგცემს? თუ არ წაართვი. რასაკვირველია, ამ უცნაურად არაერთგვაროვან საგანთა ერთობლიობას შენახვა სჭირდება ჯერ, დახარისხება. უკეთესი იქნება, თუ გრილ ადგილას შეინახავთ. მე თვითონ, ასეთ დროს, აზრი, სულ კათოლიკური ეკლესიების სარდაფების და კატაკომბებისკენ გამირბის, სადაც გარესამყაროსთვის არაღირებული, სამაგიეროდ ეკლესიისთვის დიდი სულიერი საუნჯეები, უძველესი სასულიერო ლიტერატურა, შუასაუკუნოვანი რელიკვიები, არტეფაქტები, გადაყვითლებული ჩონჩხები ინახება. ასეთ ადგილს მე ღმერთების მაცივარს ვეძახი. ცხადია მერე, ამ ყველაფერს ფურცელზე გადავიტან როგორც მიბრძანეს და თქვენამდეც მოვა. უკვე მოვიდა. იმპერატივის მიზანიც ეგ იყო. აბა, მე ვინ რას მეკითხება. მე პატარა ქალი ვარ. თუმცა, ჩემს ქვეყანაზე ვერ იტყვი პატარას. ჩემს სამშობლოზედ.

ავტორი მშრალად ჰყვება. მეც ყოველთვის უსიტყვებოდ ვწერ. მე ყრუ ვარ. მე არ ვწერ სიტყვებს. მე ვხატავ. იეროგლიფებით. კედლებზე. გეოგლიფებით მე მიწაზე ვწერ. მე ჩემს ცხოვრებაში ერთი სიტყვა არ მითქვამს, არ გამიგონია, არ დამიწერია. დაბადებიდან ყრუ ვარ მე. ამიტომ ჩვენ დუეტს დაერქვა გარე დაჩრდილვა, ფოკუსირება, დიზაინი, წარმოება და აწყობა. ფასი შეთანხმებით. ისწავლე შუქჩრდილები. დაჩრდილე სწორად! ეს კი ხატვის გაკვეთილებიდანაა უკვე, და ვერანაირი კავშირი ბუნებრივია ჩვენთან ვერ ექნება. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ოთხი წუთით მზეზეც გავდივართ ხოლმე და იმ წუთშივე ჩვენ ეს ჩრდილი ერთიანად გვავიწყდება. ეს მზეც სულ არი და არი. არა და არ ჩაქრება.

ვის ჯინაზე ანათებს მზე? ელექტრიკისფრად წერია ლიფტზე მიკრულ მდოგვისფერ თაბახზე, სადარბაზოში. ზომა-A4-ლანდშაფტურად. იქვე, შავით თეთრზე, ელექტრიკოსი გვემსახურება 24/7-ზე. იქვე, სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთის, ღირს შეხსენებად, ლაქაცაა კედელზე შემხმარი? ეს ახლაა ასე სადარბაზოებში, თორემ პერესტროიკამდე, ჩვენთან, ყველამ იცოდა ვის ჯინაზეც ანათებდა მზე.