მზის ჩასვლა
მზის ჩასვლა
თავი 1.
ზღვა ჩემი სტიქიაა. მიყვარს მისი ხმა, სუნი, მიქცევა და მოქცევა. თითქოს მე მგავს. ჩემსავითაა, ხან მშვიდი, ხან ბობოქარი. ხან მიგიშვებს თავისთან ახლოს, ხან არ მიგიკარებს. მიყვარს, როგორ დავდივარ ფეხშიშველი ქვიშაზე და როგორ შლის ზღვის ტალღები ჩემს განვლილ გზას. მოვიხედავ და აღარსად არის ის ნაფეხური რომელიც წამის წინ წყლის პირას დავტოვე. თითქოს არც ყოფილა. არსაიდან მოვედი და არსაით მივდივარ.
საათობით შემიძლია ვიჯდე სანაპიროზე, ვუყურო ტალღების მოძრაობას ან დაუღალავად ვისეირნო მთელი ღამე.
უზომოდ მიყვარს და მგონია, რომ ჩემია ზღვა.
დასასვენებლად ყოველ წელს ზღვაზე ჩავდივარ. თუ არ წავედი, ის წელი სულ უღიმღამოდ და უაზროდ მიდის. რაღაც მაკლია და ამ სიცარიელეს არაფერი მივსებს. იყო დრო, როცა მიჭირდა ზღვაზე წასვლა. ათასი მიზეზი იყო გასათვალისწინებელი. ახლა კი ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ხუთი თუ ექვსი წელია მარტო დავდივარ. უკეთაც ვისვენებ და მეტ სიამოვნებასაც ვიღებ.
იმ ზაფხულსაც როცა ეს ამბავი დაიწყო მარტო ვიყავი. ავტობუსს ურეკის სადგურამდე გავყევი. ერთი საშუალო ჩემოდანი მქონდა. მაქსიმალურად ვამცირებ ხოლმე წასაღები ნივთების რაოდენობას. ჩემს ჩანთაში ტანსაცმელზე მეტ ადგილს წიგნები იკავებს და წამლებიც უფრო მეტია ვიდრე კოსმეტიკური საშუალებები. ერთი აფთიაქი გაიხსნება იმდენი დასახელების წამალი მიმაქვს თან. განა რამე მჭირს, ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, თუ დამჭირდება თან მექნება. ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს. უმეტეს შემთხვევაში ერთი აბის დალევაც არ მიწევს მაგრამ მაინც. ზუსტად ვიცი, რომ აწ წავიღო მაშინ დამჭირდება ის რაც თან არ მაქვს. არ მაწუხებს ჩემი ასეთი დამოკიდებულება, მერე რა თუ უფრო მშიშარა და ასაკიანი ვჩანვარ, სამაგიეროდ საიმედო მეზობელი ვარ, თუ ვინმეს დასჭირდება დავეხმარები, ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად მქონია, ვიდრე საკუთარი ავადობის.
ყოველ სეზონზე ახალ სასტუმროს ვეძებდი. ალბათ იმიტომ რომ ერთ ადგილს კარგად ვერ შევეწყე, ან რამე არ მომეწონა. ამიტომ ყოველ ჩასვლაზე ქუჩას თვალიერებით მივუყვებოდი და ვარჩევდი ადგილს სად გავჩერდებოდი. იმ წელს სადგურიდან მარცხნივ დავუყევი გზას. მყუდრო სასტუმროს პოვნა მინდოდა. იმ დროისთვის ზღვაზე ბევრი ხალხი უკვე აღარ იყო, დამსვენებლები გამგზავრებულიყვნენ. ორ დღეში სწავლა იწყებოდა და მოსწავლეებიც სრულად გაკრეფილიყვნენ. მოხუცი და ასაკშეპარული ადამიანები შემორჩენილიყვნენ, ისინი, ვისაც სიმშვიდე და დასვენება სურდა. მეც ამიტომ ჩამოვდივარ წლის ამ მონაკვეთში. ცოტა ხალხია, სანაპიროც უფრო სუფთაა. მართალია ზღვა აღარაა ისე თბილი, მაგრამ ვეგუები.
სანაპიროსთან ახლოს, ნაძვნარში ერთი ლამაზი სასტუმრო შევნიშნე. სამსართულიანი იყო და გარს რიკულებიანი აივნები ერტყა. უკან ეზოც კი შემოეღობათ და მაგიდები ლამაზად ჩაელაგებინათ. ნამდვილად ის იყო, რაც მე მჭირდებოდა. მანქანების სადგომს გვერდი ავუარე, ბილიკს წინკარისკენ გავუყევი და ფართოდ გაღებულ კარში შევედი. მისაღებს რომ მივუახლოვდი, მალევე შუახნის ქალბატონიც გამოჩნდა. ჩემი ჩანთა რომ დაინახა, მომესალმა, მიმიპატიჟა და ადმინისტრატორის დახლს მეორე მხრიდან მოექცა. კომპიუტერი ჩართო, სათვალე მოირგო და საქმიანად მომმართა:
- ოთახი გნებავთ?
- დიახ.
- მარტო ბრძანდებით?
- დიახ.
- როგორი ნომერი გნებავთ?
- რას მთავაზობთ?
- მესამე სართულზე გვაქვს ერთი თავისუფალი ორადგილიანი ნომერი, ხედით ზღვაზე. მეორე სართულზეც გვაქვს თავისუფალი ოთახები და შედარებით უფრო დაბალ ფასად.
- იყოს მესამე სართული. ხედით ზღვაზე გამავალს ავიღებ.
- კარგი. თქვენი პირადობა, თუ შეიძლება.
მივაწოდე პირადობა, უცებ გავიარე რეგისტრაცია. წინასწარი გადახდაც განვახორციელე და ქალბატონი ჩემი ნომრისკენ გამიძღვა. თან მიხსნიდა კვებასთან დაკავშირებულ დეტალებს.
- დილაობით, 8-11 საათებში არის საუზმე. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ წინა დღეს რისი მირთმევა გსურთ, ან იმავე დილას აირჩიოთ დღის მენიუს მიხედვით. სადილი არის 3 საათზე, ხოლო ვახშამი 8-ზე.
- ამჟამად ბევრი დამსვენებელი გყავთ?
- ახლა თავისუფალი მხოლოდ ორი ნომერიღა დაეჩა. ბავშვები არც-ერთ სტუმარს ახლავს, ამიტომ სიმშვიდეა და სიამოვნებით დაისვენებთ. - ნომრამდე მიმაცილა და დამემშვიდობა. თავი მშვიდად ვიგრძენი, ჩემი დასვენების ტკბილი წუთები იმ მომენტიდან დაიწყო, რა დროსაც ფეხი იმ სასტუმროში შევდგი. ოთახიც სასიამოვნო აღმოჩნდა, პატარა, მყუდრო, ორ ერთმანეთისგან დაშორებულ საწოლზე ნაზი ცისფერი პლედები იყო გადაფარებული. საწოლებს შორის ტუმბო იდგა ზედ ღამის სანათით. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მომეწონა. წიგნის საკითხავად კარგად მოვეწყობოდი. კედლები მომწვანო მოცისფრო ფერში იყო გადაწყვეტილი, ისეთი შპალერი გაეკრათ თითქოს ცა და ზღვა ირეოდა ერთმანეთში. ფარდებიც ნაზი ცისფერი დაეკიდათ. აივანზე გამავალი კედელი მთლიანად მინის იყო. ფარდებს თუ გადავწევდი, ზღვას ოთახიდანვე დავინახავდი, მეტიც ისე ახლოს იყო ტალღებისა და ქვიშის მოძრაობას ნათლად ვხედავდი. ძალიან ლამაზი იყო. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. აივანს ქვის სვეტები და განიერი ბორტები ჰქონდა, ზედ თავისუფლად დაიდებოდა ყავის ჭიქა. სიხარულისგან ლამის ტაში შემოვკარი, ისე მომეწონა. იქვე ორი მოწნული სავარძელი და პატარა მაგიდა იდგა. სავარძელში ჩავჯექი, - შევამოწმე, როგორიც ჩანდა მართლა ისეთი კომფორტული იყო თუ არა. უკვე ვგრძნობდი, რომ ეს ზაფხული, უფრო სწორად, ადრეული შემოდგომის ეს დღეები, რომლებიც უფრო ზაფხულისაა ვიდრე შემოდგომის, გამორჩეული იქნებოდა. გული მიგრძნობდა ვიპოვე ადგილი სადაც ყოველ წელს დავბრუნდებოდი.
ჩემოდანი არ ამომილაგებია, კარადის წინ დავდე და საცურაო კოსტიუმი ამოვაძვრინე. სასწრაფოდ გამოვიცვალე. იმ წელს ერთიანი მოწითალო ბორდოსფერი საცურაო კოსტიუმი მეცვა. ზურგი ღრმად ჰქონდა ამოღებული და წელის დიდი ნაწილი შიშვლად მიჩანდა. ჭიპიდან მკერდამდე ქსოვილი ლამაზად იყო ამოჭრილი. სარკეში საკუთარ ანარეკლს სიამოვნებით შევავლე თვალი, უფრო საცურაო კოსტიუმს, ვიდრე ჩემს სხეულს. მერე ცისარტყელას ფერებიანი პარეო შემოვიხვიე, მკერდთან გავნასკვე, ჩალისფერი ქუდი მოვირგე და კრემისფერი ფლოსტი ჩავიცვი. სახლში დავრეკე, ვუთხარი რომ კარგად დავბინავდი, ზღვაზე ჩავდიოდი და ტელეფონს ოთახში ვტოვებდი. ასე, ზედმეტი ნივთების გარეშე გავედი ნომრიდან. უფ, როგორ მიყვარს ასე სიარული?! ისე გავთამამდი გასაღებიც კი მიმღებში დავტოვე. ადმინისტრატორმა უკანა გასასვლელზე მიმითითა და მეც იქით გავწიე. კარს რომ მივუახლოვდი დავინახე ვიღაც კაცი ისე იდგა, გასავლელი აღარ დაეტოვებინა. კიდევ უფრო მივუახლოვდი, რომ ნაბიჯების ხმა და ჩემი ფლოსტების ფრატუნი გაეგო, მაგრად ამაოდ. ისედაც ჩუმი სიარული ვიცი, არც ჩემი ფეხსაცმელი გამოსცემდა სათანადო ხმაურს. ფიქრებით გატაცებული მამაკაცი ზღვის თვალიერებით იყო გართული და არანაირი გარშე ხმა მისთვის არ არსებობდა. ან თავს ამად აჩვენებდა. რა მექნა?! იმხელა ქუდი მეხურა, ვერც გვერდის ავლას შევძლებდი. არა ქუდი რა შუაში იყო, შემეძლო მომეხადა, მაგრამ მაშინ ეგ გამოსავლად არ მომაფიქრდა, მინდოდა ისეთივე მოკაზმული ვხლებოდი ზღვას როგორიც სასტუმროს ნომრიდან გამოვედი და ამ უცხო კაცს ჩემი იდილიის დარღვევის საშუალებას არ მივცემდი. სხვა გზა არ მქონდა, მეტად მივუახლოვდი და მორიდებით ჩავილაპარაკე:
- უკაცრავად, გამატარეთ, თუ შეიძლება.
- დიახ, დიახ უკაცრავად. - მითხრა მანაც. სულაც არ დაბნეულა ისე მოშორდა კარს და გვერდულად ცნობისმოყვარე მზერა შემავლო.
საერთოდ არ ვიცი ხოლმე კაცების თვალიერება, მაგრამ, რატომღაც, მას ავხედე და მისი მზერა დავიჭირე. თბილი, თაფლისფერი თვალები დავინახე. მაშინვე ავარიდე თვალი, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება მაინც შემოიჭრა ჩემში. საკმაოდ სიმპათიური იყო. ოდნავ შეჭაღარავებული ხვეული თმა ჰქონდა. აშკარად ვიღაცას მივამსგავსე. კინაღამ უკან მივიხედე, ისე დამაინტერესა, ვინ იყო და საიდან მეცნობოდა. ამ უცხო კაცმა, მოახერხა და მაინც დამირღვია იდილია, ზღვისკენ მივდიოდი და მასზე ვფიქრობდი, რა დროს ეგ იყო?! მაგრამ ვერ ვისვენებდი და გახსენებას ვცდილობდი ვის ჰგავდა. თავს ვიმართლებდი, იქნებ ნაცნობია და უხერხულია ასე ხომ ვერ ავუქცევდი გვერდს. ბოლოს, როგორც იქნა, მივხვდი საიდან მეცნობოდა. ალენ დელონს ჰგავდა, ოღონდ ხუჭუჭი თმა ჰქონდა. რა სისულელე იყო. გამეცინა, საკუთარ თავზე და ჩემი ეს სიცელქე თუ ამჩატება ზღვის ხილვით გამოწვეულ სიხარულს მივაწერე. შეუფერებელი სიცანცარე მაშინვე გაქრა როგორც კი ზღვას მივუახლოვდი. გადამავიწყდა ალენ დელონიცა და სასტუმროს შესასვლელთან მდგარი ის უცხო კაციც, რომელიც, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი დამსვენებელი უნდა ყოფილიყო და მეუღლესთან ერთად იქნებოდა ჩამოსული.
ფლოსტები და პარეო სანაპიროზე დავტოვე და ზღვისკენ წავედი. ამ შეხვედრას თითქმის მთელი წელი ველოდი. ნელ-ნელა მივიწევდი წინ და ყველა წვრილმანს შევიგრძნობდი. ვაკვირდებოდი შეგრძნებას, როგორ ვეხებოდით მე და ზღვა ერთმანეთს. ამ წუთებს წყალში ერთბაშად შევარდნით ნამდვილად არ გავაფუჭებდი. მე ნელა მივიწევდი ზღვისკენ, ზღვაც ნელა მოიწევდა ჩემკენ. თავიდან გავეთამაშე კიდეც. ტალღა რომ მომიახლოვდა, უკან გავხტი, რომ არ დავესველებინე. მერე ისევ მივიწიე მისკენ და ისევ გავექეცი ტალღას. ბოლოს, მაინც ზღვამ მაჯობა, თამაშში ამყვა და იმხელა ტალღა გამოგზავნა ჩემს შესახვედრად, ტერფებიდან, კოჭებს გადასწვდა და წვივები შუამდე დამისველა. მერე ნელ-ნელა შევედი წყალში, სისველე მუხლებს გასცდა და ბარძაყებს მოედო წვრილ წვეთებად. გავჩერდი, მივენდე და დავიცადე. მარილიანი წყლის სურნელებას ხარბად ვიყნოსავდი და გავყურებდი ჰორიზონტიდან, ღრუბლებს სანახევროდ მიმალული, ჩამავალი მზე როგორ იმზირებოდა. მათბობდა, მავსებდა. სითბო და სისველე ერთიანად ტალღებად მივლიდა. საუკუნეს უდრიდა ერთი წამი. ბედნიერ საუკუნეს, „წამის დაჭერას“ ჰგავდა, როცა იცი სადაც ხარ, დრო ჩერდება და შეიგრძნობ ბედნიერებასა და სიამოვნებას. ალბათ ეს არის ის რისთვისაც ღირს ცხოვრება. ალბათ ასეთი მომენტებია სიცოცხლეს რომ გვიხანგრძლივებს და გვაჩვენებს რა ლამაზია ეს სამყარო, რა ბედნიერებაა რომ ვარსებობთ და რა კარგია რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. დავიხარე და ხელები ჩავყავი წყალში. ალბათ კიდევ ვიდგებოდი ასე რამდენიმე წუთს, ზღვას რომ სულსწრაფობა არ გამოეჩინა და ისევ დიდი ტალღა არ გამოეგზავნა ჩემთან. გამომაფხიზლა და სათამაშოდ გამიწვია. წელამდე ერთბაშად დამასველა. წამოვიკივლე კიდეც. კიდევ კარგი, სანაპირო ცარიელი იყო და ახლოსაც არავინ იმყოფებოდა ჩემი ხმა რომ გაეგონა. თორემ უეჭველად იფიქრებდა - სულ გაგიჟდა ეს ამხელა ქალიო. რაღას ვიზამდი?! გამოვფხიზლდი და გზა განვაგრძე. წყლის სიღრმისკენ მივიწევდი. წინ და წინ მივდიოდი. მშვიდი ტალღები მელამუნებოდა ჯერ მკერდზე, შემდეგ უკვე კისერზე. ოდნავ სუსხიანი წყალი ტანზე ტაოს მაყრიდა. მაინც მომწონდა. ჩავყვინთე და ცურვით გავუყევი სანაპიროს. მეტად ღრმად აღარ შევსულვარ. ცურვა კარგად ვიცი, მაგრამ მაინც მირჩევნია ფეხქვეშ მიწას ვგრძნობდე. გავცურე და გამოვცურე. მერე ნაპირზე ამოვედი და თბილ ქვიშაზე გადაფენილ პარეოზე დავწექი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. მზე თანდათან ზღვისკენ მიიწევდა. წამოვიწიე, რომ ეს სანახაობა არ გამომრჩენოდა. იდაყვებზე დაყრდნობილი გავცქეროდი ზღვის უკიდეგანო ჰორიზონტს, რომელშიც ცეცხლმოკიდებული მზე ნელა ეშვებოდა. რკალებად გამომავალი სინათლე ზღვის ტალღებს ნაპირამდე გამოჰქონდა. ნელ-ნელა მიილია ცეცხლოვანი ბურთის სინათლე და სიმხურვალე. ისე ჩაიკარგა ზღვაში, თითქოს არც ყოფილიყო. ასეა, ზღვა ყველაფერს შლის...
საშინელი შიმშილი ვიგრძენი. წამოვდექი, ქვიშა ჩამოვიფერთხე და სასტუმროსკენ გავეშურე. ნომერში რომ შევედი, პირველად ტელეფონი შევამოწმე, რვას თხუთმეტი წუთი აკლდა. მოწესრიგებას და სავახშმოდ ჩასვლას მოვასწრებდი. ნაჩქარევად შევედი საშხაპეში და ცხელი წყალი გადავივლე. ნამდვილი სიამოვნება იყო. მუხლამდე შორტი მოვირგე და მოკლემკლავიანი მაისური გადავიცვი. კეტებში ჩავდგი ტერფები და სწრაფი ნაბიჯით სასადილოსკენ გავეშურე.
დილას მერე, მშიერი ვიყავი. ისე მშიოდა, მეგონა მთელს მენიუს გადავჭამდი. ან როგორ გავძელი ამდენ ხანს. საჭმლის დანახვამ მადა კიდევ უფრო გამიძლიერა. სასადილო ოთახში მაგიდაზე დაწყობილი ჭურჭლიდან მოზრდილი თეფში ავიღე და დახლ-მაცივრისკენ გავეშურე. არჩევანი დიდი არ იყო. კიტრი-პომიდვრის სალათი, ყველი და ორი ნაჭერი ხაჭაპური ავიღე. ეზოში ყველა მაგიდა დაკავებული დამხვდა, ამიტომ სასადილოშივე დავიკავე ადგილი.
ჩემი საყვარელი, მწვანე ჩაი არ ჰქონდათ. მაშინ კაკაოს დალევა გადავწყვიტე, თან გავიფიქრე, შემეძლო თავად მეყიდა ჩაი და ჩამომეტანა-ხოლმე.
ისეთ ადგილზე ვიჯექი, ყველა მაგიდას ვხედავდი. მშიერმა სული რომ მოვიღქვი ხალხის თვალიერებას შევუდექი. გამოცნობანას თამაში დავიწყე. ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, ვინ-ვინ იყო და სტუმრები ერთმანეთისთვის ვინ იქნებოდნენ. გამიტაცა სხვებზე დაკვირვებამ. ამასობაში დროც გავიდა. ჭამა დავასრულე. გემრიელად დავნაყრდი.
სანამ ნომერში დასასვენებლად ავიდოდი, გადავწყვიტე, ცოტა გამევლო. ქუჩაში გამოვედი და ჯერ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია დავათვალიერე, მერე - იმ ქუჩას დავუყევი, რომელზეც სასტუმრო იდგა. დაღლილობა მომერია და მალევე დავბრუნდი უკან. სასტუმროს კართან მისულს მხიარული საუბარი და სიცილი შემომესმა. ფოიეში დამსვენებლები შეკრებილიყვნენ და ერთობოდნენ. ოთხი მამაკაცი კარტს თამაშობდა, ორი კი - ნარდით ირთობდა თავს. რამდენიმე ამ მონარდეებს ადგა თავს და ერთ-ერთის წაგებას ელოდნენ, რომ მისი ადგილი ახლა დაეკავებინა. ქალები ტელევიზორში სერიალს უყურებდნენ. თვალში მომხვდა მათი თბილი ურთიერთდამოკიდებულება და ასაკი. ყველანი შუახანს გადაცილებულები იყვნენ. გავუღიმე. მივხვდი, რატომაც იყვნენ იქ, - მაგნეტიტის ქვიშა წამალი იყო მათი სახსრებისთვის და ძვლებისთვის. თავი დავიმშვიდე, მე ხომ ჯერ არ ვიყავი მათი ასაკის?!. ან იქნებ ვიყავი კიდეც... ვინ იცის? ზოგ ადამიანს საერთოდ არ ეტყობა ასაკი, ზოგიც პირიქით, უფრო ასაკოვანს ჰგავს, ვიდრე სინამდვილეში არის. ეს, ალბათ, ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. რაც უფრო ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ხარ ადამიანი, მით უფრო გვიან ბერდები. გულღრძო და ბოღმიანი ადამიანები კი მალე ბერდებიან. ეს თეორია საიდან მოვიტანე არ ვიცი, მაგრამ მჯეროდა კი, რომ ასე იყო. გულღრძო ბოღმიან ადამიანებად იმათ ვთვლიდი ვისაც სიხარულის შეგრძნება არ ჰქონდა, არც თავისი და მით უმეტეს სხვისი სიკეთის მიღება, სიხარულით ტკბობა და სილაღე არ შეეძლო. ისინი ხომ მუდმივად გარემოცვაზე იყვნენ ორიენტირებულები, „რას იტყვის ხალხი“, „როგორ შეიძლება“, „სირცხვილია“ და მსგავსი შეზღუდული წარმოდგენები. ან ის რად ღირს ადამიანს სიცილი და მხიარულება რომ აშინებს. გადაიხარხარებს და დააყოლებს - „იმდენი ვიცინე რამე მეწყინებაო!“ რა სისულელეა. ჰოდა ეგ ხალია ნაადრევად რომ ბერდება. საკუთარ თავს რომ გახარებას უკრძალავს, დადებით ემოციას რომ გულში იკლავს და მხოლოდ უარყოფით ავლენს. სწორედ ეგ ნეგატივზე ორიენტირებული ადამიანები ბერდებიან ნაადრევად. აბა იმას რა დააბერებს გულის სიღრმეში რომ ბავშვი ჰყავს, ალალი და ლაღი რომაა, წვრილმანები რომ უხარია და სხვისი ბედნიერებით გული უთბება?! თუმცა, ასე ხელაღებით თქმა მარტივია, ვინ რა იცის ვის გულში რა ქარიშხალია?!
ნომერში ავედი. დასაძინებლად ჯერ ადრე იყო, ამიტომ კითხვა გადავწყვიტე. თუმცა, ნამგზავრი, ისეთი დაღლილი ვიყავი, კითხვაში მალევე ჩამეძინა ისე, რომ შუქიც არ გამომირთავს და სათვალეც ისევ ცხვირზე მეკოსა.
დილით გვიან გამეღვიძა, ცხრა საათი სრულდებოდა. ავდექი. მოვწესრიგდი. რაც წინა დღეს მეცვა ისევ ის საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, გაშრობა ვერ მოესწრო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. საუზმის მერე მაინც ზღვაში ბანაობას ვაპირებდი.
ყავა დავისხი და თეფშზე სოსისები დავილაგე. ეზოში ყველა მაგიდა ისევ დაკავებული დამხვდა. მიმოვიხედე და ის ადგილი დავინახე სადაც წინა საღამოს ვიჯექი. ჩემი საუზმე მაგიდასთან რომ მივიტანე, მერე გამახსენდა ხაჭაპურის აღება დამვიწყებოდა. ხაჭაპური ჩემი უსაყვარლესი საჭმელია, მის გარეშე ნამდვილად არ დავლევდი ყავას, ამიტომ ასაღებად გავემართე. საუზმე შუამდეც არ მქონდა მირთმეული, რომ ვიღაც მომიახლოვდა. ავხედე და ისევ ის, თაფლისფერი თვალებიდან გამომზირალი, თბილი მზერა დავიჭირე. ხუჭუჭა ალენ დელონი იყო, წინა დღეს რომ სასტუმროს კართან იდგა.
- დილა მშვიდობისა. - მომესალმა ღიმილით.
- დილა მშვიდობისა. - ვუპასუხე ცივად. არ მიყვარს უცხო მამაკაცების აუდიენციები.
- შეიძლება თქვენთან დავჯდე? - მიმოვიხედე, მაინტერესებდა, სხვაგან იყო თუ არა ადგილი. - არის ადგილი, მაგრამ მარტო ჭამა არ მიყვარს. - მიმიხვდა განწყობას და თავი გაიმართლა.
- დაბრძანდით. - ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე. აშკარად გამოვხატე უკმაყოფილება, თან გავიფიქრე, რომ ასე სჯობდა, სხვა დროს აღარ შემაწუხებდა. მაგრამ ეტყობოდა, ჩემი რეაქცია დიდად არ ადარდებდა.
სოსისს სასწრაფოდ მოვაკბიჩე დიდი ნაწილი რომ საუზმობა მალე დამემთავრებინა და დროზე გავცლოდი „ძალად თანამეინახეს“.
- შეიძლება, სახელი გკითხოთ? - საუბრის გაბმა დააპირა. ისეთი სახე ჰქონდა ეტყობოდა ჩემი გულცივობა ახალისებდა კიდეც.
- ლალი.
- ლალი გქვიათ?!
- დიახ.
- რა ლამაზი სახელია. განსაკუთრებული. - აღფრთოვანდა ის. მე კი გამიკვირდა, ასე რამ მოაწონა ჩემი სახელი-მეთქი. თუ თამაშობდა, მაშინ დიდი სამსახიობო ნიჭი უნდა ჰქონოდა. რატომაც არა, ტყუილად ხომ არ ჰგავდა ალენ დელონს?!
- რა ვიცი, ჩვეულებრივი სახელია. არაფერი განსაკუთრებული.
- რას ამბობთ, როგორ არ არის განსაკუთრებული? უსმინეთ, რა კარგად ჟღერს, „ლა-ლი“. მაშინვე ძვირფასი ქვა ლალი გაახსენდება ადამიანს და იფიქრებს, რომ თქვენც ამ ქვასავით ხართ. - ღმერთო, ეს ვინაა?! - გავიფიქრე, აშკარად მოახერხა, პირველივე წინადადებით ჩემზე ზეგავლენის მოხდენა. მომეწონა მისი ნათქვამი და მგონი ლალივით გავწითლდი კიდეც.
- თქვენ რა გქვიათ?
- ოთარი.
- მშვენიერი სახელია. - ახლა მე მივუგე, ცოტა სარკაზმით.
- სულაც არაა მშვენიერი, რამ გაამშვენიერა?! ერთი ძველმოდური სახელია და ეგაა. გადაკეთება მინდოდა, მაგრამ ბაბუას ერქვა და ვერ ვაწყენინე. ვფიქრობდი მისი სიკვდილის შემდეგ შევიცვლიდი სახელს. მან კი იმდენ ხანს იცოცხლა და ისე მოხუცი გარდაიცვალა, ჩემი სახელის შეცვლას აზრი აღარ ჰქონდა.
გამეღიმა. ისეთი ტონით და ინტონაციით საუბრობდა, ძნელი იყო ღიმილისგან თავის შეკავება.
- ახლაც არქმევენ ბავშვებს „ოთარს“ და შემოკლებით „ოთოს“ ეძახიან. მშვენიერია, რას ერჩით? - მე მაინც ჯიუტად ჩემს აზრზე ვიდექი.
- ეგ იმ შემთხვევაში არქმევენ, თუ ბაბუას ჰქვია ოთარი. საწყალი ბავშვები. - ამოიოხრა.
აღარაფერი მითქვამს. ყავა მოვსვი და გონებაში ვიხსენებდი, ვინ მყავდა ირგვლივ ისეთი, ვისაც „ოთარი“ ერქვა. ვერავინ გავიხსენე.
- აქ მარტო ჩამოხვედით, ლალი?
- დიახ. მაგრამ მეუღლე მალე ჩამომაკითხავს. - ეს უკანასკნელი ნამდვილად ვიცრუე. მეუღლე, ცოცხალი თავით, არ იყო ზღვაზე ჩამომსვლელი.
- მეც მარტო ვარ. ოღონდ მეუღლე არ ჩამომაკითხავს. არ უყვარს ზღვა. უფრო სწორად, ასთმა აქვს და არ შეიძლება მისთვის ზღვის სინესტე. ამიტომ სულ ორჯერ თუ იქნება ზღვაზე ნამყოფი.
- ცუდია. ჩემს მეუღლესაც არ უყვარს ზღვა. მას მთა ურჩევნია და ლაშქრობები. - გამეცინა. გულში კი გავიფიქრე, „ჩემგან განსხვავებით-თქო“. მე კიდევ ლაშქრობებს ვერ ვიტან. ვერაფრით ვხვდები, რატომ უნდა ვიარო ოღრო-ჩოღრო გზებზე. ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ მთაზე ავიდე და ლამაზი ბუნება ვნახო? ლამაზი ბუნების ხილვა ბარშიც შეიძლება და არა მარტო ტყე-ღრე ხეტიალით. ზღვაც ხომ ბუნებაა?!
- მე და თქვენ ერთმანეთს ვგავართ, ლალი. - ფიქრი გამაწყვეტინა ოთარმა.
- ასე ადვილად ნუ გამოიტანთ დასკვნას. - მივუგე მკვახედ და ქედმაღლურად გადავხედე.
- რატომ ადვილად? თქვენც მარტო ხართ აქ და მეც. არც თქვენს მეუღლეს უყვარს ზღვა და არც ჩემსას. ეს უკვე რამხელა მსგავსებაა?! - მე მხრები ავიჩეჩე. - თუ წინააღმდეგი არ იქნებით, „შენობით“ მიმართვაზე გადავიდეთ. - მითხრა მან. მე ისევ მხრები ავიჩეჩე. ზრდილობის გამო ოდნავ გავიღიმე. ისე, დიდად გულზე არ მეხატებოდა, ვიღაც უცხო კაცი რომ ცდილობდა სიმყუდროვე დაერღვია ჩემთვის. ჩემგან განსხვავებით მას საუბარი არ ეზარებოდა და, აშკარად, კომპანიონს ეძებდა.
თავი 2.
ოთარი ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანი აღმოჩნდა, თავისუფლად გამოხატავდა აზრს. შემიყოლია, ასეთ ადამიანთან საუბარში ჩაბმა ადვილია. სხვადასხვა ამბების მოყოლით ცდილობდა თავისი თავის ჩემთვის წარდგენას და შიგადაშიგ კითხვებს ისე ოსტატურად მისვამდა, რომ დაუყოვნებლივ ვპასუხობდი. თან ვხვდებოდი ჩემს უკეთ გაცნობას რომ ცდილობდა. თავად ორი შვილი ჰყოლია, ცოლი გვიან შეურთავს, შვილები ჯერ დასაოჯახებლები ჰყავდა და უახლოეს მომავალში მსგავსი პერსპექტივაც არ ჩანდა. „წარმომიდგენია რამხელა ბედნიერება იქნება პატარა შვილიშვილი რომ მეყოლებაო... არავითარ შემთხვევაში ოთარს არ დავარქმევინებო“ - ამბობდა.
- მე კი უკვე მყავს შვილიშვილი. - ვუთხარი მე.
- რას ამბობ?! - შეიცხადა მან. - უკვე ბებია ხარ?
- კი, უკვე ბებია ვარ!
- საერთოდ არ გეტყობა, ლალი. ისე ახალგაზრდად გამოიყურები, რომ ძნელი დასაჯერებელია, ბებია იყო. - გამეცინა და არაფერი მითქვამს. - მასაც ლალი ჰქვია?
- არა. გოგოს შვილია და ბავშვს მამამისის დედის სახელი დაარქვეს - ნატალია.
- რამხელაა?
- რვა წლისაა.
- ეგ ერთი გყავს?
- კი, ერთი შვილი მყავს, ერთიც შვილიშვილი.
- ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ... რამდენი წლის ხარ?
- მამლის წელში ვარ დაბადებული... - სხარტად ვუთხარი, არ მიფიქრია დამემალა და არც არასდროს დამიმალავს ჩემი ასაკი.
- ღმერთო! არა! არ მჯერა! - ემოციას ვერ მალავდა ოთარი. მომერიდა კიდეც ყველა ჩვენ გვიყურებდა. უხერხულად ვიგრძენი თავი. – 48 წლის ხარ?
- არა, არ ვარ 48 წლის, იმიტომ რომ 48 წლის ასაკში ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიქნებოდი...
- გამოდის, რომ 60 წლის ხარ?.. დაუჯერებელია!
- ისე სწრაფად გამოითვალე, გამოდის, შენც მამლის წელში ხარ დაბადებული და... 48 წლის არ იქნები, იმიტომ რომ 48 წლის ასაკში ბევრად ახალგაზრდული შესახედაობა გექნებოდა შენც. ალბათ 60 წლის ხარ. - ჩემს სიტყვებზე საოცრად გამხიარულდა და მეც გულიანად გამეცინა.
- კიდევ ერთი მსგავსება ჩემსა და შენს შორის ლალი. ორივე მამლის წელში ვართ დაბადებული და ორივე 60 წლისები ვართ.
- არა, მე ჯერ 60 არ შემსრულებია. 59 წლის ვარ.
- ანუ ჩემზე პატარა ხარ. საერთოდ არ გეტყობა ასაკი, ლალი. ძალიან ლამაზი ხარ.
- ოჰ! კარგი ერთი, რაღა დროს სილამაზეა ამ ასაკში? - მართლაც დავიმორცხვე, რაღაცნაირად დავპატარავდისავით. მგონი გავწითლდი კიდეც ამხელა ქალი.
- რას ქვია „ამ ასაკში“? არავითარი ასაკი! ეგ მეორედ არ თქვა, ძალიან გთხოვ. ასაკი არის მხოლოდ არითმეტიკა და პირობითი მცნება, მეტი არაფერი.
- არც მთლად მასეა საქმე, ჩემი აზრით.
- ახლა ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ყველაფრის უფლება გვაქვს. ყველაფერი გვეპატიება. ასე რომ არავითარი ასაკობრივი შეზღუდვა. ცხოვრებით უნდა ისიამოვნო ბოლომდე.
- რა უცნაური შეხედულება გაქვს ასაკზე.
- არა, რატომ?! როდესმე გაგიგია, ჩვენი ასაკის ადამიანები ქცევის გამო გაეკრიტიკებინოთ?
- რა ვიცი. აბა?! არ დავკვირვებივარ. არ ვინტერესდები სხვების ცხოვრებით.
- მაშინ მენდე, ლალი. ჩვენი ასაკი არის ყველაზე კარგი და თავისუფალი პერიოდი მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ რომ, უკვე „დიდები“ ვართ და ჭკვიანები, ჭკუადამჯდრები და სერიოზულები. შვილები გზაზე დგანან, საქმეები დასტაბილურებულია. ასე რომ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი ნებადართულია. ახლა საკუთარი თავისთვის ყველაზე მეტი დრო გვაქვს და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი გვეპატიება და ყველაფრის უფლება გვაქვს... და ეს ყველაფერი სწორედ ამ ასაკის გამო... შენ მართლა ძალიან ლამაზი ხარ და საერთოდ არ გეტყობა წლოვანება. ასე რომ, არ არსებობს არავითარი ასაკი და არც შეზღუდვა არსებობს ასაკის გამო.
გამაოცა მისმა მსჯელობამ. იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა, რომ შეკამათების სურვილიც კი არ გამჩენია. იმ წუთებში იმდენად ვიყავი მისი გავლენის ქვეშ მოქცეული, ალბათ, ჩემთვის ნებისმიერი რამის დაჯერებას შეძლებდა. მივხვდი, სხვებზე ზეგავლენის მოხდენის განსაკუთრებულ უნარს ფლობდა. ცოტა შევშინდი კიდეც... თან მესიამოვნა. მის გვერდით თავი მართლაც იმაზე ახალგაზრდად ვიგრძენი, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. ის დრო გამახსენდა, სუსტი და უსუსური, ადვილად რომ ვექცეოდი სხვების გავლენის ქვეშ და მარტივად შეეძლოთ ჩემთვის ყველაფრის დამტკიცება. მაშინ ასაკის სიმცირის გამო მომდიოდა ეს. ახლა კი - ასაკის სიდიდის გამო შეგნებულად ვიჯერებდი და... მომწონდა!
- მუშაობ? - ამ კითხვამ ცოტა გამომაფხიზლა.
- ჰო, ვმუშაობ.
- სად?
- ბუღალტერი ვარ და რამდენიმე ობიექტი მაქვს აღებული.
- მართლა?! პროფესიაც რა კარგი გქონია, ლალი. - მე ისევ მხრები ავიჩეჩე, თან გავიფიქრე, რას ვიჩეჩავ ამ მხრებს პატარა გოგოსავით-თქო. გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე. - მე ოთხი ბუღალტერი მყავს.
- სად მუშაობ?
- საკუთარ ბიზნესს ვმართავ. თბილისში ერთი რესტორანი და ერთი ჩაიხანა მაქვს. რესტორანს „საბატონო“ ჰქვია. ჩაიხანას კი „ჩარმი“.
- კი, ვიცი „ჩარმი“. ჩაიხანაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, კარგი ადგილია. მგონი რესტორანშიც ვიყავი ზუსტად არ მახსოვს. ამ სასტუმროსაც ხომ „საბატონო“ ჰქვია?!
- კი, ესეც ჩემია. კიდევ ერთი ასეთი სასტუმრო მაქვს გუდაურში, იმასაც „საბატონო“ ჰქვია.
- ძალიან კარგი.
- ჰოდა, იმას ვამბობდი - ოთხი ბუღალტერი მყავს. ოთხივე ობიექტზე მორიგეობით მუშაობენ და პერიოდულად ვანაცვლებ. ყველაზე მთავარი, რაც მათ ავალიათ, რა არის, თუ იცი?
- რა?
- ერთმანეთს აკონტროლებენ.
- რატომ?
- არ მინდა, რომ მომატყუონ. ამიტომ სულ ვაკონტროლებ.
- თუ არ ენდობი თანამშრომელს, რატომ აჩერებ სამსახურში?
- არა, აქ სხვა ამბავია. ვენდობი და მაგიტომ ავიყვანე, მაგრამ კონტროლი მუდამ სჭირდებათ. ბუღალტერს შეუძლია აწყობილი საქმე ისე გააფუჭოს, თვეები დასჭირდეს მის გამოსწორებას. საკმაოდ მაღალ ხელფასს ვუხდი იმისთვის, რომ კეთილსინდისიერად იმუშაონ.
- ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონია ბუღალტრებზე. მათთვის არ იქნება სასიამოვნო შენთან მუშაობა. - ხასიათი წამიხდა. რა უცებ იცვლებიან ადამიანები ჩვენს თვალში. ან იქნებ მე გადავამეტე და ისეთი წარმოდგენა შევიქმენი ამ უცხო კაცზე, რომელიც მას არ შეეფერებოდა. გავბრაზდი კიდეც. საუბრის გაგრძელება აღარ მინდოდა. წამოვდექი.
- მე დაგტოვებ. საუზმე დავასრულე და ზღვაში მინდა ჩავიდე.
- მოიცადე, ლალი, მგონი არასწორად გამიგე. მე ცუდი არაფერი მიგულისხმია, უბრალოდ პატიოსნებას ძალიან ვაფასებ და არ მინდა მატყუებდნენ.
- გასაგებია. დაგემშვიდობები...
- ლალი, ძალიან გთხოვ. შენი წყენინება არ მინდოდა. ცოტა ხნით კიდევ გაჩერდი.
- არა, ოთარ, არ მწყენია. მე რა უნდა მწყენოდა?! უბრალოდ, ზღვაში ჩასვლა უნდა მოვასწრო, სანამ ჯერ კიდევ დილაა.
- კარგი. მაშინ სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი. - ეს სიტყვები რომ მომაძახა მე უკვე წასული ვიყავი. უკან აღარ მიმიხედავს, არც პასუხი გამიცია. გულში კი გავიფიქრე: „წადი შენი... გაზულუქებულო მდიდარო ბებრუხანავ! ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს“. საკუთარ თავზე გავბრაზდი. „რას ვეჯექი და ვუსმენდი ამდენი ხანი?“ - გადავწყვიტე, საერთოდ აღარ დავლაპარაკებოდი.
ზღვა გრილი იყო. ნელ-ნელა ჩავედი და შევეგუე ტემპერატურას. თანდათან ბრაზიც მინელდებოდა და ოთარის არსებობასაც მავიწყდებოდა.
ბევრი ვიცურე. დავიღალე. ნაპირზე რომ ამოვედი ცხელ ქვიშაზე გავიშხლართე. მზე უკვე კარგად აცხუნებდა. მოვეშვი და მოვდუნდი. ჩამეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, სიზმარსაც ვხედავდი, ოღონდ აღარ მახსოვს, რას... სიზმრიდან მამაკაცის ახალგაზრდულ ხმას გამოვყევი, მეძახდა... თავიდან ვერ გავერკვიე. მერე ნელ-ნელა მოვედი გონს და გამოვფხიზლდი.