გამარჯობა, მე თქვენი ქმარი მიყვარს…
გამარჯობა, მე თქვენი ქმარი მიყვარს…
ნაწილი VII - ლორელაისა და ნესტორის ამბავი
მას შემდეგ რაც წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო და გახდა, ლორელაი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. თითქოს მანამდე გაბერილი სხეული და კომპლექსებით სავსე ფსიქიკა საშუალებას არ აძლევდა ხმა ამოეღო. ჰოდა, ჩაიფუშა თუ არა, ხმაც წამოვიდა და სითამამეც. ქაქანებდა და ქაქანებდა დაუსრულებლად... ორი წუთის წინ სიკვდილს გამოგლეჯილი კაციც კი დააყენა ხიდზე და მთელი თავისი დარდუბალა ცხოვრების ამბები ჩაუკაკლა. თუ ენას ამოიდგამდა და აკრეფდა, მერე მხოლოდ სასწაული იყო მისი გამჩუმებელი და ჭკვიან ნესტორსაც სწორედ ის ერთ-ერთი სასწაულებრივი ფრაზა მოუვიდა თავში, რომელიც ქალებს, როგორც წესი, ამუნჯებს.... ოღონდ ერთი, ორი, სამი და სამი წამის მერე - პირიქით - განსაკუთრებულ ემოციებში აგდებს... რა ფრაზაა ასეთი და... „ცოლად გამომყევი!“
რაო, რაო... პირი დააღო ლორემ. გადანცვიფრებული სახე უხდებოდა. ყელიდან სიწითლე წამოუვიდა და ლოყები გაუვარდისფერდა. ახლა ნესტორის ხმის ამოღების ჯერი დადგა. უნდა განემარტა, რას გულისხმობდა ამ ორ სიტყვაში, რა იდგა მათ უკან და იდგა თუ არა საერთოდ რამე...
- შენ რატომ იკლავდი თავს? - დაიწყო საუბარი ნესტორმა. შეკითხვების დასმა ისე გააგრძელა, რომ პასუხს არ დალოდებია... - ამდენის გაძლების თავი არ გქონდა, არა? შეგჭამენ და შეგავიწროვებენ, სანამ არ გაარკვევენ: ვისია ბავშვი, სად არის ბავშვის მამა, ერთხელ მაინც თუ მოგიკითხა? აჰ, არ მოაკითხა? ოხ, ეგ დამპალი, ეგა! შენ არ ინერვიულო, ჩვენ ამოგიდგებით მხარში! - გეტყვიან, მერე მოგეფერებიან ყალბი ღიმილით და ასე... მთელი ცხოვრება დამნაშავესავით უნდა იცხოვრო მათ შორის და ტყუილებით შვილთან, ვითომ მამამისი გმირი იყო და რომელიღაცა ბრძოლაში მამაცურად დაიღუპა... რა, არა? გაბედავ და ეტყვი, რომ მოგატყუა და ლაჩარივით გაიპარა? ვერა, ვერ ეტყვი! კარგი ადამიანი რომ გაიზარდო, იდეალები გჭირდება. გულში შეიძლება წყევლო, აგინო, მაგრამ ბავშვთან სულ სხვა რამის თქმა მოგინდება. ჰოდა გამომყევი მე! იდეალური არ ვარ, ვერც იდეალურ ცხოვრებას გთავაზობ, მაგრამ ვფიქრობ შევძლებთ ერთმანეთის გადარჩენას. ბავშვს საკუთარი შვილივით გავზრდი და ვიტყვით კიდეც, რომ ჩემია...
- რად გინდა ეს ყველაფერი? - შეაწყვეტინა ლორემ.
- რავი, შენ და ჩემ სიცოცხლეს გადავარჩენ სავარაუდოდ, კიდევ იმისას, ვინც ჩვენი სიკვდილის შემდეგ მოინდომებს უკან გამოყოლას. გაგეცინება და კიდე იმად მინდა, რომ მე მჯერა ბუმერანგის პრინციპის... რასაც გასცემ, მხოლოდ იმას რომ გიბრუნებს სამყარო. ჩემი ცხოვრების ქალი მინდა დავიბრუნო.
- და მერე მე?- წამოიძახა ლორემ.
- ა, შენ უკვე დამთანხმდი შემოთავაზებაზე? - გაეცინა ნესტორს. - შენ დაუყოვნებლივ გაგიშვებ და ალიმენტს გადაგიხდი...
ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და უკვე კარგი მეგობრებივით იცინოდნენ...
- ასე მარტივად, არაა? მე არ შემიძლია სრულიად უცერემონიოდ გადავიდე ვიღაც მამაკაცთან საცხოვრებლად.
- სექსი არ გვექნება. სახლში სამი დამოუკიდებელი საძინებელი მაქვს: ჩემთვის, შენთვის და ბავშვისთვის... ცერემონიასაც მოვახერხებთ... შენ ლანძღვასა და მარტოხელა დედობას აცდები, მე კეთილ საქმეში ჩამეთვლება და თან უფრო მხიარულად გადავიტან სიმარტოვეს. - მორცხვი იყო ნესტორი, მორიდებული და წამდაუწუმ თვალებს ხრიდა საუბრის დროს, არც მაშინ შეუხედავს ლორესთვის, როცა გრძელი ბალახით ბეჭედი დაგრიხა და თითზე გაუკეთა... ერთხელ, ცოლობა რომ სთხოვა და მეორედ, ბეჭედი რომ წამოაცვა, მაშინ დადუმდა და გაირინდა ლორე. ისე სულ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, კი ჰქონდა მოსაყოლი...
ჰოდა, არაფორმალურად იქორწინეს და აღარ გასჩენიათ თავის მოკვლის სურვილი, მაგრამ ერთს ბარბარეს მონატრება არ აძლევდა გასაქანს, მეორეს - ბარბარეს გაცნობის სურვილი. ნუთუ შესაძლებელია მამაკაცს ისე შეუყვარდეს ქალი, რომ მის გარეშე შეწყვიტოს სიცოცხლე და არაფრით საინტერესო არსებობას მიეცეს? - ხშირად უსვამდა ამ კითხვას საკუთრ თავს ლორელაი, მუდმივად სევდიანი ნესტორის დანახვისას. „კი“ - უპასუხებდა შინაგანი ხმა და იწყებოდა „თვითგვემა“ - ეჰ, მე რატომ ვერ შევძელი, რა დამიწუნა გეკამ, რა ვერ მოვახერხე, სად შემეშალა?..
თანდათან ყველაფერი შეიცვალა. ეს უკვე აღარ იყო სახუმარო ამბავი. ნესტორს ჯანმრთელობა გაუფუჭდა, ჯერ არითმია დაეწყო, მერე წნევები, რომლებსაც რამდენიმე ინსულტი და ორი ინფარქტი მოჰყვა. ლორე საბერძნეთში ჯერ მართლა ფულის საშოვნელად წავიდა, მერე ერთი ემიგრანტი კაცი შეუყვარდა და ისე კარგად გრძნობდა თავს, რომ ფეხის ჩამოდგმაც კი აღარ უნდოდა სამშობლოში. თავიდან ნესტორს ყველაფერი მოუყვა, იმანაც მიულოცა. მერე მოერიდა, უხერხულია გულით ავადმყოფ, გაუბედურებულ ადამიანს მუდმივად ესაუბრო შენი ბედნიერების შესახებ, მით უმეტეს, როცა მისი ცოლი გქვია. ნუ, ფორმალურად გქვია, მაგრამ მაინც...
იფ, რა გაეხარდა ლორეს ბარბარეს დანახვა. ახლა სამუდამოდ გადაიხვეწებოდა სამშობლოდან და მას დაუტოვებდა ნესტორს. დიახაც, როგორც დააავადა ეს პატიოსანი და არაჩვეულებრივი კაცი, ისე უნდა ენება და მიეხედა. თან შეატყო, რომ ბარბარე არ იყო წინააღმდეგი.
„ორი გიჟი!“ - ფიქრობდა გულში ლორე და თან სწრაფად ლაპარაკობდა, რომ ყველაფრის დაბარება მოესწრო ბარბარესათვის და მერე - ჰაიდა, საბრძნეთში!..
ნაწილი VIII - ისევ ლორელაის ამბავი
როგორია ცხოვრობდე ვიღაც კაცთან? ჰო, ნესტორმა სიკვდილს გადამარჩინა, მაგრამ სრულიად უცხო იყო ჩემთვის. ახლაც მიკვირს, ასე როგორ გავრისკე? ისე გავყევი, არც შემიმოწმებია, ნასამართლევი იყო თუ არა, საგიჟეთში ნამყოფი ან მანიაკი... რას შევამოწმებდი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა სიფრთხილე გამომეჩინა, მე კიდევ მივენდე, მივენდე კაცს, რომელიც ბარბარე დადიანზე იყო დაქორწინებული და დღესა და ღამეებს მასზე ფიქრში ატარებდა. დამცირებულად გრძნობდა თავს, რომ საყვარელ ქალთან დააცილეს და ამ შეურაცხყოფის გამო მაღლა ახედვაც კი უჭირდა. სულ თავდახრილი დადიოდა ნესტორი და ცოტას ლაპარაკობდა. სამაგიეროდ კარგად მივლიდა. მე გეკასგან ბავშვს ველოდებოდი, ორსულებისთვის სახასიათო მიზეზობა მქონდა და ასევე, ყველაფრის გაკეთება მეზარებოდა. მახსოვს, სამი თვის თავზე გადავწყვიტე პირველად ყავა მაინც მომედუღებინა. ნესტორსაც შევთავაზე, სამზარეულოდან გავძახე:
- შენ როგორი ყავა გაგიკეთო?
- სულ ერთია, როგორსაც შენთვის იკეთებ... - გამომძახა და უჯრების დალაგება გააგრძელა. თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ როგორი ემპათიაა ამ ერთი შეხედვით მარტივ წინადადებაში: ადამიანი მზადაა დალიოს ნებისმიერი გემოს ყავა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ შეწუხდე. ზოგისთვის მართლა სულ ერთია რას დალევს, მაგრამ თვეების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ნესტორი ყავისა და თეთრი ღვინის მოყვარული ბრძანდებოდა და კარგადაც ერკვეოდა სასმელებში. როდის აღმოვაჩინე და ერთხელ, მორიგი „სულ ერთია, შენ რასაც დალევის“ შემდეგ კაფეში ორი ყავა შევუკვეთე. ნესტორმა მოსვა და სახე გაებადრა:
- ოოო, ამ ყავაზე ვგიჟდები, „ირლანდიური ნაღები“ თან ბევრი დარიჩინით.
- აბა, ჩემიც მოსვი! - შევთავაზე გამომცდელად, მინდოდა გამეგო, ჩემი ყავის გემოსაც თუ გამოიცნობდა.
- ეს „ტყის თხილია“, ოღონდ რაღაც მინარევით, რა უნდა იყოს... „არაბიკა“?
- ბრავო! - ტაში შემოვკარი მე, ტუჩის კიდეები ქვემოთ დავწიე და თავის ქნევა დავიწყე ჩემი განცვიფრების გამოსახატად. ნესტორი აზარტში შევიდა... „ჯერ კიდევ სად ხარო“ სახით შემომხედა და მითხრა: - ახლა ღვინო შეუკვეთე, მე ვიხდი! - გამეცინა, ისედაც თვითონ იხდიდა ყველაფერს, მე არ ვმუშაობდი, მშობლები მიგზავნიდნენ ხანდახან სახარჯო ფულს, სულ ეგ იყო!
მიმტანმა ღვინო მოიტანა. გაბერილ მუცელზე დამხედა და იმ წამსვე ნესტორის წინ დადგა ბოკალი. ნესტორმა ჭიქა მსუბუქად შეანჯღრია....
- ჰმ, ცოტა ალკოჰოლი აქვს!
- რა იცი?
- შენჯღრევის შემდეგ სითხის მინიდან ასე სწრაფად ჩამოსვლა, ამის ნიშანია, რაც უფრო ნელა ჩამოდის, მით უფრო მაღალგრადუსიანია სასმელი. - ნესტორმა ერთი ყლუპი მოსვა, გაიცინა...
- რა გაცინებს? - ვკითხე მე,
- ყველაზე იაფიანი შევუკვეთე?
- რა იცი? - ახლა მე ვიგუდებოდი სიცილისგან...
- რქაწითელია, წყალგარეული...
- ჰო, მაგრამ, წყალი რომ გაურიეს არ უთქვამთ... - აღვშფოთდი მე.
- გაურიეს, გაურიეს და მერე რამდენი... თუ მენდობი ასეა - სიცილს ვერ იკავებდა ნესტორი.
ვენდობოდი, როგორ არ ვენდობოდი, მისი იმედი მქონდა, რომ სიტყვას შეასრულებდა, მომივლიდა და აღზრდიდა ბავშვს, რომელიც საცაა დაიბადებოდა და მაინც, ვერ გამეგო, რატომ მოგვიკიდა ტვირთად ასეთმა მშვენიერმა კაცმა ორი ადამიანი, რის გამო ისჯიდა ასე თავს, ისჯიდა თუ სიცოცხლის წყაროს ეძებდა, ესეც ვერ გამეგო.
თან როგორ იქცეოდა, დაუჯერებლად კარგად, საოცრად. ყველაფერს თავის თავზე იღებდა, ყველაფერს თვითონ აკეთებდა. მერიდებოდა და საქმის გაყოფას ვთავაზობდი, ვინმე ძალიან უნამუსო თავისუფლად გამოიყენებდა მის სიკეთეს, ამ მხრივ ჩემი დაცვა სჭირდებოდა ამ ძლიერ, გონიერ, ერუდირებულსა და გასაგიჟებლად უნარიან ადამიანს. მომერიდა, რომ ჩავერიე, რა მექნა, ცილს სწამებდნენ და თავი ვერ შევიკავე. რა და... ჩემ გარდა, ნესტორი 96 წლის მეზობელ კაცსაც უვლიდა. მარტო ცხოვრობდა და უნაწილებდა მოხუცს ყველა სადილს, რომელიც ჩვენ ოჯახში მზადდებოდა. ბანაობაში ეხმარებოდა, ჭადრაკს ეთამაშებოდა და ახალ ამბებს უკითხავდა. ერთხელ შორეული ნათესავები მოვიდნენ და პირდაპირ სახეში მიახალეს: ეს ბინა ჩვენია და ტყუილად ჩალიჩობ მის დათრევაზეო! - ნესტორს ხმა არ ამოუღია, შევამჩნიე, რომ გაფითრდა, თვალები აემღვრა, მუშტები სიმწრისგან მაგრად შეკრა და სწრაფი ნაბიჯით შევარდა თავის საძინებელში. მე კი ვაყარე იმ უნამუსოებს ქოქოლა, მაგრამ ნესტორი კინაღამ მოკვდა. ორი დღე სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა, მაშინ სულ რაღაც 40-ის იყო და წნევას ვერ ვუგდებდი, არითმია და სუნთქვის გაძნელებაც თან სდევდა ამ ყველაფერს. თან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, თან იმაზე დარდობდა, მოხუცი მეგობრად მთვლის და რას იფიქრებს, რომ აღარ დავეკონტაქტებიო.
- ნესტორ, დაწყნარდი! - სიტყვებსა და აზრებს თავს ძლივს ვუყრიდი, - ნუ ივალდებულებ თავს, რომ ყველა გაჭირვებულზე იზრუნო. ნუ განიცდი, თუ ვინმემ არასწორად დაგინახა. ადამიანებმა ქრისტე გააკრეს ჯვარზე და არ უნდა გქონდეს ზოგჯერ მადლიერების მოლოდინი. ყველა ხედავს ისე, როგორიც თვითონაა. თავის გადმოსახედიდან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოხუცის ნათესავებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ შესაძლებელია 96 წლის ადამიანს უანგაროდ უვლიდეს ვინმე, რატომ გიკვირს?.. ოხ, ნესტორ, ნესტორ, აი, ახლაც ასე ცუდად ხარ და სად ამძვრალხარ გადამწვარი ნათურის გამოსაცვლელად... მითხარი, მე მაინც რატომ მევლები თავზე?
- იცი რა, ლორე... - ნათურის მოჭერას თავი გაანება და დაღვრემილი სახე ჩემკენ მოაბრუნა ნესტორმა. - მაინტერესებს როგორ გინდა, რომ გიპასუხო, ორი სიტყვით, თუ შორიდან მოვუარო? - გაეცინა და მეც ავყევი...
- შორიდან დაიწყე ჩემო ნესტორკუნა!
- მე უმამოდ გავიზარდე, დედაჩემს კი ბევრი შვილი ჰყავდა და უამრავი საქმე ჰქონდა. ის ამბობდა: როცა სახლში რამეა გასაკეთებელი, სულ იმედი მაქვს, რომ ამას ჩემ მაგივრად ვინმე გააკეთებს. თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ზოგჯერ ვოცნებობ, რომ ერთხელაც გავიხედავ და მტვერი გადაწმენდილი დამხვდება, უჯრები დალაგებული და ტანსაცმელი დაუთავებული. მე ყოველთვის მინდოდა, ჩემი ცოლისთვის ეს ვინმე ვყოფილიყავი და რადგან ცოლი აღარ მეყოლება, ვცდილობ შენთვის გავაკეთო, რასაც შევძლებ, რომ დედაჩემივით ბანალურ რაღაცებზე არ დაიწყო ოცნება.
- აი, ამ ტექსტიდან რამდენ რამეზე შეიძლება დაფიქრება და მე მხოლოდ ერთმა აზრმა გამიელვა თავში, რომელმაც მთელი ღამე არ დამაძინა... რამ და აი, ასეთმა კითხვამ „ანუ მეც ვერასდროს გავხდები ნესტორის ცოლი?“ - ჰოდა, რატომ გამიელვა, რატომ მომხვდა მისი ნათქვამი გულზე, რა მეწყინა? კაცმა შემიფარა, ჩემზე ზრუნავს, ჩემი ღირსება და სიცოცხლე დაიცვა, კიდევ რა მინდა? გამიტკბა და სტატუსიც მომინდა? ოფიციალურად ბარბარე დადიანთანაა ქორწინებაში, ვიღაცის ქმართან ვცხოვრობ და „ვაბოლებ“ მთელ სამყაროს, ვითომ სარფიანად გავთხოვდი ქალაქში. რა მინდა? სინამდვილეში ხომ გეკა მიყვარს, ხომ ვერ წარმომიდგენია მის გარდა სხვა მამაკაცი შემიყვარდეს? თუ წარმომიდგენია? ნესტორით რომ არ აღფრთოვანდე, შეუძლებელია, მაგრამ საინტერესოა როგორ მიყვარს ის? როგორც ადამიანი, როგორც ჩემი სუპერ გმირი თუ როგორც კაცი? რამე მიზიდულობა ხომ არ გამიჩნდა? აუ, არაა... ამას ვერც საკუთარ თავს ვაკადრებ და ვერც ნესტორს, რას იფიქრებს ჩემზე? ეს „ჩემო ნესტორკუნა“ რაღამ მათქმევინა, მაკლია ცოტა...
ყველაფერი მგონი მაშინ დაიწყო, როცა ნესტორმა მითხრა, ვფიქრობ, ყველა ქრისტიანი მამაკაცი ისე უნდა მოექცეს მის გვერდით მყოფ ქალს, როგორც ადამი ევას. თეოლოგები ამტკიცებენ, როცა ადამს ევამ აკრძალული ხის ნაყოფი შესთავაზა, ამით მოკლა იგი. ადამმა კი თავის მკვლელს „სიცოცხლე“ ანუ ევა დაარქვა და თან წაიყვანა ხმის ამოუღებლად. მამაკაცების ნაწილს არ ესმის, რომ ქალებს გაჩენის დღიდან აქვთ პრივილეგია იყვნენ მუდმივად მართლები. გადაგჩეხავს? და მერე რა, - გიპასუხებს, - ამხელა კაცს საკუთარი აზრი არ გაგაჩნდა, ბრმად რომ მომყვებოდიო? - აი, ასეთი საყვარლები არიან ქალები. ვგიჟდები მათზე. - ნესტორს გაეღიმა და მზეს ახედა. მე პირდაღებული ვუსმენდი (პლიაჟზე ვისხედით, მზის ჩასვლის საყურებლად ვიყავი დაპატიჟებული...). თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ იმ წამს ისეთ გალანტურობასა და კეთილშობილებას აფრქვევდა ეს ნახევრად უცხო კაცი, რომ სულ რომ ჩამქრალიყო ჩვენ წინ მოცურავე მზის დისკო, არც ერთი ნერვი არ ამიტოკდებოდა, ჩამოვეყრდნობოდი ნესტორს მკლავზე და ისიც მატარებდა ასე, სამშვიდობომდე... აი, მაშინ გამიელვა პირველად, რა კარგი იქნებოდა თავის ევად მე რომ ავერჩიე-მეთქი... ეჰ, ზოგჯერ რა ცოტა გვყოფნის ქალებს!
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ვერ შევძელით მე და ნესტორმა ერთად ყოფნა გაგვებედა. ჩვენ შორის წარსული იდგა და ბარბარესა და გეკას აჩრდილები მოსვენებას არ გვაძლევდნენ. ჩვენც ალბათ ჩავთვალეთ, რაც არ უნდა გვექნა, მათი მოცილება მაინც შეუძლებელი გახდებოდა, ცხოვრების დინებას გავყევით უხმოდ, უთქმელად, ჩაკეტილად და მარტოსულად... მერე რა, რომ კარაოკე ბარები, კლუბი და მოგზაურობა გამოიგონეს, ის ჩვენთვის არ არსებობდა. მიტოვებული და უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანის როლიდან ვერ გამოვდიოდით... სადღაც გულის სიღრმეში ისევ ველოდებოდით ბარბარესა და გეკას, მაგრამ ისინი არა და არ ბრუნდებოდნენ, თავისით არ ბრუნდებოდნენ, ჩვენ კიდევ თავმოყვარეობა არ გვაძლევდა განძრევისა და მათთან მისვლის საშუალებას. ან სად უნდა გვეძებნა, წარმოდგენა არ გვქონდა, სად იყვნენ, ან ღირდა კი საერთოდ ძებნა, ალბათ ისევ არ მიგვიღებდნენ და დაგვამცირებდნენ. განახლებული ჭრილობების მკურნალობის თავი გვქონდა ახლა?
ნესტორმა ყველა პირობა შეასრულა, მათ შორის ისიც, რომელიც მეგონა, რომ გაუჭირდებოდა - სხვისი შვილის მამობა. მახსოვს, ერთხელ ჩემი 9 წლის ვაჟი დათუნა, გახარებული შემოვარდა სახლში, თვალები უბრწყინავდა და აღტაცებისგან სიტყვებს ვერ უყრიდა თავს:
- დედა, იცი დღეს ნესტორმა რა ქნა? აუ, ძაან მაგარ რაღაცებს აკეთებს ხოლმე მამაჩემი. მიყვარს, მარტო მე მყავს ასეთი მამა, დედ! - არ ჩუმდებოდა და აქეთ-იქით დახტოდა.
მე გამეცინა, ჩემზე უკეთესად ვინ იცოდა, თუ როგორ შეეძლო ნესტორს ადამიანების განებივრება... სკამზე ჩამოვჯექი და დათუნას მოსასმენად მოვემზადე. მე სამეცადინო მაქვს, მამა გეტყვისო, თავიდან მომიცილა დათუნამ და თავის ოთახში გავარდა. მერე ნესტორმა მომიყვა: „სასეირნოდ წასულებს, ნატვრის ხე შეგვხვდა. იმდენი ქსოვილი ჰქონდა შებმული, რომ სიმძიმისგან ხეს ტოტები დაბლა დაეხარა. დათუნასაც მოუნდა რამე ქსოვილი ეპოვა და სურვილი ჩაეფიქრებინა. ვერაფერი ვნახეთ. მოიღუშა, შევატყვე გული დაწყდა. ჰოდა, მაგაზე ბავშვს როგორ ვანერვიულებდი, მაისურის ქვედა ნაწილი ქამრის ბალთით გავხვრიტე, მერე გამოვქაჩე და მთელ სიგრძეზე ჩავხიე, მოვწყვიტე და დათუნას მივაწოდე. არ იცი როგორ გაეხარდა.
- იმას კი გაეხარდა, მაგრამ შენი ახალი მაისური ტოპი რომ გახდა არაუშავს? - თან ვუსაყვედურე და თან მადლიერება ჩავაქსოვე ხმაში.
- ზუსტად შენი ზომა გახდა მგონი ეს მაისური, თან ცოტა მიხეულ-მოხეული ტანსაცმელი ძალიანაც მოდაშია და გაჩუქებ, ლორე! - სიცილს ვერ იკავებდა ნესტორი.
- ოჰ, ნესტორ, ნესტორ, ოღონდ შენ ვინმე გაახარო და... დათუნა, ნატვრის ხეს, რომ ქსოვილი შეაბი უკვე ვიცი და თუ საიდუმლო არ არის, ხომ ვერ გვეტყვი, რა ჩაიფიქრე?
- რა და, მამასნაირი მინდა ვიყო, რომ გავიზრდები! - გამოგვძახა ბავშვმა ოთახიდან. ნესტორი გაწითლდა და სიმორცხვე რომ არ დასტყობოდა წყლის რამდენიმე ყლუპი მოსვა ჭიქიდან.
ჩემკენ იღბალმა 20 წლის მერე მოიხედა, ნესტორი აგვიანებდა... როცა ჩემი ვაჟი საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად, მე საბერძნეთში გავემგზავრე სამუშაოდ. თვითმფრინავშივე გავიცანი კაცი, რომელმაც თავბრუ ისე დამახვია, რომ გეკა, ნესტორი, ჩემი წარსული და საერთოდ ყველაფერი დამავიწყა. თურმე სანამ შენ ადამიანს არ იპოვი, ყველაფერი გეჩვენება, იგონებ და თავს აჯერებ, რომ გიყვარს. პრინციპში ამ ილუზიაში შეიძლება ბედნიერად ცხოვრება, მაგრამ „ნამდვილს“ თუ გამოცდი, სულ სხვა რამაა. თითქოს გაგაღვიძეს, თითქოს სამოთხის კარი გაიღო შენთვის და ფრთები გამოგიგზავნეს ანგელოზებმა. გიყვარდეს სხვა რამეა და „ერთ სულ და ერთ ხორც“ იქცე, კიდევ სულ სხვა რამ ყოფილა. ცხადია, ჩემი შეყვარებულობის ამბავი პირველად ნესტორს ვაცნობე, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩემ საუკეთესო მეგობრად, მამად, ძმად და საერთოდ ყველაფრად ქცეულიყო. გაეცინა, გაუხარდა და რაღაც დარიგებებიც მომცა... საყვარელი ნესტორიკო, ნეტავ მასაც ეღირსოს რამე-მეთქი, - გავიფიქრე, ყურმილი დავკიდე და ჩემ ახალ სიყვარულს კისერზე ჩამოვეკიდე.
ნესტორის ჯანმრთელობის პრობლემების გამო აქეთ-იქით მიწევდა გადაფრენ-გადმოფრენა. ვერაფერს ვშველოდი, სულ გზაში ვიყავი, წასვლა მინდოდა, მაგრამ ხომ ვერ მივატოვებდი? მერე კი, როგორც იქნა, დაბრუნდა ბარბარე დადიანი და ჩემი გაორებაც დამთავრდა. გამიკვირდა და გამეხარდა მისი გამოჩენა. ერთბაშად და სწრაფ-სწრაფად მივაყარე, რაც უნდა სცოდნოდა საკუთარ ქმარზე, რომელთანაც ოფიციალურად ამდენი წლის მერეც კი არ იყო გაყრილი და იმ ღამესვე, მშვიდად გავფრინდი ჩემ ბიჭთან საბერძნეთში.
ნაწილი IX – ისევ იას ამბავი
იამ მესიჯი მიიღო. გიო იწერებოდა: I am sorry-ო. იას ჯერ ბრაზისგან აენთო თვალები, გაიფიქრა: როგორ გაბედა ამ უსინდისომ მოწერაო, მერე იგრძნო, რომ ესიამოვნა და ბოლოს სიხარულისგან ცეკვა დაიწყეს მისმა შინაგანმა ორგანოებმა.
- შენ ხარ უთავმოყვარეო, უპრინციპო, სულელი ქალი! - ამოსძახა შინაგანმა ხმამ შუა ცეკვის დროს.
- ო, კაი ერთი, ვინ გაიგებს რომ გამეხარდა და უთავმოყვარეო ვარ... ვერ ხედავ, ჩემთვის მიხარია. არ მაცალო აბა, ჩამაშხამე რამენაირად… მეორე მესიჯიც მოვიდა: „ცუდად გამოვიდა, მაგრამ იცოდე, რომ სულ შენზე ვფიქრობ. გკოცნი.“ იამ ცეკვა შეწყვიტა. რას გულისხმობდა ეს ვაჟბატონი? – „მართალია არჩევანი გავაკეთე და დავშორდით, მაგრამ მე მაინც ვერ გივიწყებ-ს?“ თუ პირიქით, „იცოდე, რომ შენზე ვფიქრობ და თუ მოინდომებ ისევ ერთად ვიქნებით-ს?“ ია მღელვარებისგან ადგილიდან წამოხტა და ოთახში აქეთ-იქით დაიწყო სიარული. ვერ გაეგო, ასე რატომ აფორიაქდა ამ დამთავრებულ ამბავზე. ხომ დასვა წერტილი, ხომ გამოიტირა სიყვარული. ახლა რა სჭირს? წაშალოს მესიჯები და დაბლოკოს ეს საზიზღარი, მატყუარა კაცი. იას ცრემლები წამოუვიდა. ძალიან მოუნდა გიოს მესიჯები შეენახა, ამოებეჭდა და სადმე გაეკრა დასტურად იმისა, რომ გიო არ იყო მთლად გულგრილი მის მიმართ, რომ ასე შეურაცხყოფილადაც შეეძლო არ ეგრძნო თავი, რომ იმ მომენტში მიიღო გიომ ცოლთან წასვლის გადაწყვეტილება, თორემ სხვა მომენტში შეიძლებოდა პირიქითაც მოქცეულიყო...
- ღმერთო, რა სიგიჟეა. ახლავე წაშალე ეს ყველაფერი, გადი ქუჩაში და ვინმე გაიცანი. - არ ისვენებდა შინაგანი ხმა.
- ვინ ვიღაც? ნებისმიერი?
- ჰო, ბევრი, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაიცანი, რომ სასწრაფოდ ვინმემ ჩაგინაცვლოს ეგ შენი გიო.
- ასე არ ხდება ხოლმე.
- მაშინ იჯექი და ელოდე ამ სულელურ მესიჯებს. ბოლოს ისე იზამს, რომ თავიდან დაიწყებს ეს შენი გიო ყველაფერს და მის ცოლთან ერთად გაიჩითები თუ არა, ყოველთვის ცოლის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.
- კაი, წავედი! - უპასუხა იამ შინაგან ხმას, გიჟივით შევარდა საძინებელში, ორ წამში ჩაიცვა და ქუჩაში გავარდა.
იმ დღეს არავინ გაუცვნია, მაგრამ გრილი სიო და კოკისპირული წვიმა მალამოსავით დაედო მის ჭრილობებს. მარილიან ცრემლებს შერეული მიწიანი წვიმა უცნაურ გემოს ტოვებდა პირში. მოთქმით ტიროდა, ხავილით... წვიმის გამლაშებულ წყალს კი ყლაპავდა, მაგრამ წყენასა და გაბრაზებას ვერა. ყელში ჰქონდა გაჩხერილი ორივე და ახრჩობდა. დედა მოუნდა. სად იყო ნეტავ ახლა ბარბარე? ნესტორთან ხომ არ იქნებოდა საავადმყოფოში? ნესტორი კი არა - მამა. დროა მამა დაუძახოს და იმით ისიამოვნოს, რაც ბედმა დაუბრუნა - მშობლები! ჰო, ორივე ერთად, ასე უცებ და ასე ერთბაშად. ვის აქვს ბავშვთა სახლში ამის ფუფუნება, არც არავის. ჰოდა, მადლიერი უნდა იყოს. გიო რომც დაბრუნებულიყო, სულ რომ ხოხვით მოსულიყო, სულ რომ გათხოვილიყო მისი ცოლი და მარტოხელა გიოს ეთხოვა მუდარით პატიება, ეს ურთიერთობა ძველებური მაინც ვეღარ იქნებოდა. ნელიკოს თან მომხდარი ვაკის პარკის ინციდენტი იას გულში მინის ნატეხივით იყო ჩარჭობილი და იმ ნაპრალს აჩენდა, რომელიც არ ივსება. რა წაშლის მეხსიერებიდან გიოს ზურგშექცევას, გაყინულ მზერას, ვითომც აქ არაფერიო სახით შებრუნებასა და წასვლას. არც არაფერი. ახლა მშობლებში შეუძლია იპოვოს თავშესაფარი და მერე იქნება რამე. ახლა მათთან უნდა ყოფნა, ჩახუტება... ნეტავ რას იფიქრებს მამა, ასეთს რომ დაინახავს: წვიმისგან გაწუწულსა და ნამტირალევს? თუ მშობლის ინსტიქტები მოეძალა, ალბათ გაეღიმება და გაიფიქრებს: როგორ დასველებულა, საწყალი, ბავშვიო! მაგრამ მამა რომ კომაშია? იას ამაზე ფიქრი არ უნდა. ნერვები აღარ ყოფნის, რომ იდარდოს: ვაიმე, ვერ გამოვა და რა გვეშველება მერე მე და დედასო. არ შეიძლება ნესტორი რომ მოკვდეს, უსამართლობა იქნება ახლა მისი სიკვდილი, ამ მნიშვნელოვან მომენტში, მაშინ როცა ზღაპრის ბოლომდე ერთი წინადადებაა დარჩენილი... იას თავში ყველაფერი ირევა, აზრები ერთმანეთში იხლართება... ნეტავ მალე მიაღწევდეს საავადმყოფომდე, ნეტავ შუა გზაში გული არ გაუსკდებოდეს და ნესტორის გვერდითა პალატაში არ ამოყოფდეს თავს. ნეტავ დედა იქ დახვდეს და მამა წამომჯდარი, სიცოცხლისკენ მობრუნებული. ნეტავ... ამ ფიქრებით მიაღწია იამ საავადმყოფომდე, აღარ ტიროდა, აღარც წვიმდა.
- ვისთან მიდიხართ გოგონა? - შეაჩერა თეთრხალათიამა.
- ნესტორ ორჯონიკიძესთან, შვილი ვარ. - თქვა და გაღიმა, ბოლო სიტყვების წარმოთქმა ესიამოვნა... ხალათი შემოაცვეს და აუშვეს. რეანიმაციული განყოფილების მძიმე კარი ფრთხილად შეაღო და ექიმს გაეცნო.
- ორჯონიკიძე აქ აღარ წევს! - გულგრილად უთხრა ექიმმა.
- რა, გარდაიცვალა? - ძლივს ამოღერღა იამ.
- არა, გონზე მოვიდა და პალატაში გადავიყვანეთ. - ისევ გულგრილად უპასუხა ექიმმა და რაღაცის წერა დაიწყო. ია თითქოს ოდნავ მაღლა აიწია და პალატისკენ გაფრინდა: - მე, დედა და მამა. დედა, მამა და მე! - ჩურჩულებდა მისვლამდე. პალატაში კი წყვილს ერთმანეთის ხელი ეჭირა და რაღაცაზე საუბრობდნენ. ია გარეგნულად ამ მამაკაცს ჰგავდა და იმ ქალის მსგავსი ღიმილი ჰქონდა...
- დედა და მამა... მამა და დედა... - იმეორებდა ია და ისევ მარილიანი წყლის ბურთები დაგორავდნენ მის სახეზე, ყელთან იკვრებოდნენ და მკერდისკენ მიედინებოდნენ...
ნაწილი X - ისევ ნელიკოს ამბავი
- გიოსი არ მჯერა. თვითონაც ხვდება რომ მძულს. ის გოგოც რა დღეშია ალბათ. მოვიდა, მითხრა: შენი ქმარი მიყვარს, დამითმეო, წაიყვანე-მეთქი- ვუპასუხე. გაუხარდა, მერე ეს მოეთრა და ისე გამომაქცუნა, ზედაც არ შეუხედავს იმ ადამიანისათვის. აბა, კაცია ახლა ეს? ვინ იცის, როგორ ეფიცებოდა მანამდე სიყვარულს... თითქოს არ უნდა მადარდებდეს ვიღაცის ემოციური მდგომარეობა, მითუმეტეს, იმის, ვინც შესაძლოა შენი კონკურენტი იყოს, ვისაც შეუძლია ცუდად მოგექცეს, მაგრამ არა, ქალები იმით განვსხვავდებით მამაკაცებისგან, რომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სხვებს როგორ ექცევა ის კაცი, რომელიც შენს გვერდით დგას და შენი დასაყრდენია. რაღა დასაყრდენი? იმ ამბის შემდეგ როგორ შეიძლება გიოს ენდოს ადამიანი. თან რომ არ მიშვებს, რომ ამომალაგებინა ჩემოდნები და მეც რომ ვერ გავუწიე წინააღმდეგობა? რა მჭირს, რა მაიძულებს აქ დავრჩე, სიტყვა ოჯახი? თუ სტატუსი ცოლი? ესეც რატომ მეხვეწება, რა უნდა? ამდენი ხანი საყვარელი ჰყავდა და ახლა ერთად რომ დაგვინახა ვაკის პარკში, იმ წამს გააკეთა ვითომ არჩევანი? არააა... სულ ამერია გონება. ვინმეს უნდა დაველაპარაკო, რჩევა მჭირდება, დაწყნარება, მოდუნება. დედაჩემთან გავიქცევი. უკეთესი მეგობარი არ მახსენდება.
სწრაფად ვიცვამ და დედაჩემის სახლისკენ გავრბივარ. ზარს ვრეკავ, კარს მიღებს თუ არა ტირილს ვიწყებ, მერე მის კალთაში ვრგავ ცრემლიან სახეს და თან ჩემს ამბავს ვუყვები... არ იცხადებს, არც ღელავს მგონი. ღიმილით ამბობს: შენი ქმარი პოლიგამი ყოფილა ბუნებით. ასეთ ქმრებს ან ვეგუებოდით საბჭოთა პერიოდში ან არა და უარესისათვის ვიყავით განწირულები. - თვალები შუბლზე ამდის გაოცებისგან, სხვა რამეს ველოდი... „ჩემთან გადმოდით შენ და ბავშვი“, „დაშორდი და მე დაგეხმარები ყველაფრის მოგვარებაში“ ან რაღაც ასეთს.
- რა უარესისთვის, დედა?- ძლივს ვაბამ ორ სიტყვას ერთმანეთს.
-გაშორებული ქალი ან მარტოობისთვისაა განწირული, ან ვიღაცეების საყვარლობისთვის და ან ანგარებით ოჯახის შექმნისთვის, რადგან ასე გულუბრყვილოდ, იმედებით და ოცნებებით სავსე, ვეღარ ჩაიცვამ საქორწილო კაბას. ყველასთან ანგარიშგაუწევლად არ წახვალ საყვარელ ადამიანთან ერთად „ცულის ტარზე“ საცხოვრებლად. რა გრძნობა გიჩნდებათ ამ ფრაზების მოსმენისას: მე ვარ ნარკომანი, მე აივ ინფიცირებული ვარ, მე პატიმარი ვარ... და მე ვარ ცოლი? - ასეთი პრობლემური სტატუსის შესახებ თუ გსმენია რამე? - ვერც მოისმენდი ვერსად, რადგან ის მე გამოვიგონე! „მე ვარ ცოლი!“ - ზემოთ ჩამოთვლილებს მარტივად შეიძლება ჩაემატოს, მაშინ როცა ის გართმევს, სიმშვიდეს, თავისუფლებასა და ჯანმრთელობას... გცვლის მორალურად და გარეგნულად... რამდენი ნარკომანი და აივ ინფიცირებული გინახავს განკურნებული? რამდენი პატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლებული? ამდენივე ცოლს აქვს მხოლოდ შანსი წავიდეს სახლიდან და უკეთესი ცხოვრება მოიწყოს!. - შოკში ვვარდები, ტირილი მინდება, რაა? ნუთუ დედაჩემი ასე ცხოვრობდა მამაჩემთან და ვერავინ ვერაფერი შევამჩნიეთ. ანუ რა გამოდის, რომ მამაჩემი გიოზე უარესი იყო და როგორც თვითონ ითმენდა მის აუტანლობას, ახლა მეც იგივეს მთავაზობს? ეგეთი ცუდიც არ იყო, ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ცოლს თუ ეჩვენება, რომ სიმშვიდეს, თავისუფლებასა და ჯანმრთელობას ართმევს მის გვერდით ყოფნა? რა სიგიჟეა... წარმოუდგენელია.
- დედა, მე უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრი, გიოს ვუყვარვარ და დავრჩე, თუ წავიდე? მე მასთან ერთად ცუდად არ ვცხოვრობდი, მომწონდა ჩემი ცხოვრება.
- რა უცნაურია! - ამოიხვნეშა დედაჩემმა. - არ მჯერა, რომ ვინმეს შეიძლება ცოლად ყოფნა მოსწონდეს. რა სისულელეა მოგწონდეს, ის რომ სახლში მუდმივად გაითვალისწინო ვიღაც ადამიანი...
- ჰო, დედა მაგრამ ხომ შეიძლება ამას სიამოვნებით აკეთებდე, აბა სხვა რაა სიყვარული?
- სტატუსები სიყვარულს აფუჭებს... სკანდალები, უძილო ღამეები. შენ ეს მოგწონს, იმას ის, შენ აქ გინდა, იმას იქ და რა ვიცი კიდევ რა. ეჰ, რა სჯობს მარტო ყოფნას? რასაც მოისურვებ იმას გააკეთებ, როცა გინდა დაიძინებ და როცა გინდა გაიღვიძებ... არც ბავშვების გამო მოგიწევს დილას ადრე წამოხტომა და არც გვიან დაძინება, მაგალითად იმიტომ, რომ ქმარს სურს ერთად უყუროთ ფილმს... თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ დამღლელია.
- კარგი რა, დედა, მე კიდევ მგონია, რომ სრული ბედნიერებისათვის აუცილებელია, დილას შენ თვითო კი არ იღვიძებდე, მუდმივად გყავდეს ვიღაც ვინც შეგაფხიზლებს, ძილის წინ კი ჩაგეხუტება... აბა, სხვა რაა ცხოვრება. ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების, რომელებიც ბავშვებითა და ოჯახური ცხოვრებით სიამოვნებას ვერ იღებდნენ.
- ჰოდა, დარჩი და დატკბი ოჯახური იდილიით. მერე რა რომ პოლიგამია შენი გიო, არსებობენ ასეთი ადამიანები, რა ვქნათ. ვისი რა საქმეა როგორ კაცთან იცხოვრებ? დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში, იმის უფრო გეშინია, თუ რას იტყვის ხალხი, ვიდრე გიოს განაწილებული გრძნობის. ღალატი, მარტო ვიღაცასთან სექსუალური ურთიერთობა არ არის, ღალატი ყველაფერია, ჩვენ ერთმანეთს მაშინაც ვღალატობთ, როცა არ ვეკითხებით მოწყენილ პარტნიორს, რა სჭირს დღეს და მშვიდად ვაგრძელებთ ფილმის ყურებას... ღალატია, როცა, ის გვენდობა, ჩვენ კი ზურგს უკან ვჭორავთ, ან თვალებში ვუყურებთ და ტყუილს ვეუბნებით.
- დედა, შენ რატომ არ წახვედი მამასგან?
- რატომ და უარესის შემეშინდა. ვფიქრობ, რომ მარტო მცხოვრები ადამიანები უფრო თავისუფლები არიან, მაგრამ მარტოობა ჩემი სტილი არაა. თან არასდროს მიფიქრია, რომ მამაშენი ცუდი კაცია, უბრალოდ მე გამიჭირდა ცოლის სტატუსის მორგება, იმას კიდევ ქმრის. ჩვენ იმ სტერეოტიპების მსხვერპლი ვართ, რომელიც გარწმუნებს, რომ აუცილებელია ოდესმე დაქორწინდე და ბავშვები იყოლიო. სინამდვილეში კი სულაც არ ყოფილა ასე.
- აბა როგორ ყოფილა?
- როგორ და უნდა გაარკვიო რა არის შენთვის მთავარი და მერე მიჰყვე ამ მთავარს ფეხდაფეხ.
- და რა აღმოაჩინე, რა ყოფილა შენთვის მთავრი?
- გაგიკვირდება და ბიოლოგია!
- რა ბილოგია, დედა, შენ პროფესიით ეკონომისტი ხარ.
- ჰოდა, ბიოლოგი რომ ვყოფილიყავი და მთელი ცხოვრება ახალი მცენარეებისა და ჯიშების გამოყვანის საკითხზე მეზრუნა, უუუუბენიერესი ვიქნებოდი და უუუსაინტერესოესი ცხოვრება მექნებოდა. თითქოს ხომ არაფერი, ერთი რიგითი მეცნიერების დარგია, მაგრამ სამწუხაროდ გვიან აღმოვაჩინე, რომ ჩემი იდეალური ცხოვრებისათვის, სწორედ მისი ათვისება იქნებოდა მნიშვნელოვანი. მოდი, შენც დაფიქრდი ორი წამი, იმისთვის რომ კომფორტულად იგრძნო თავი, რა არის საჭირო. მესმის, რომ ბევრი რამაა საჭირო, მაგრამ აუცილებელი რა არის, ეგ მითხარი ორი სიტყვით. - ნელიკომ თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა, ცოტა ხანი ასე იყო გარინდებული, მერე უცებ ამოისუნთქა და სუნთქვას სიტყვებიც ამოაყოლა.
- ისეთი კაცის გვერდით ცხოვრება, რომელსაც უგონოდ ვუყვარვარ!
- ჰოდა, რა არის მაგაზე მარტივი, გაშორდი მაგ შენ გიოს და გაყევი ლაშას. 20 წელია იმ კაცს გაგიჟებით უყვარხარ. ისიც გაბედნიერდება და შენც... - შეშლილია ეს დედაჩემი, რა უცნაურად და მარტივად ხედავს ყველაფერს, გაიფიქრა ნელიკომ და ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან.
ნაწილი XI – ისევ ნესტორსა და ლორეზე
ერთხელ ნესტორმა, ლორესთან უფრო მეტად გადაწყვიტა დაახლოება. ეს მაშინ მოხდა, როცა ქალს აბაზანაში პირსახოცის შეტანა დაავიწყდა და შიშველი შეტანტალდა საკუთარ ოთახში. ნესტორი შიშმუშნა, თვალი აარიდა, თუმცა შეეძლო არც აერიდებინა, რადგან ლორეს არ დაუნახავს, ეგონა მარტო იყო სახლში. ნესტორი დაიბნა, ნეტავ სპეციალურად ხომ არ მოიქცა ლორე ასე? ამდენი წელია ერთდ ცხოვრობენ, ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ და დიდი რამე, სექსიც რომ ჰქონდეთ? ნესტორს, უსიყვარულოდ ჩატარებული ყველა სასიყვარულო აქტი ერთად გაახსენდა. ასეთ ხორციელ ურთიერთობას „ჩატარებული აქტი“-ის დარქმევა მოუხდა. აი, ისა რა, გრძნობა და ემოცია რომ არ ურევია და ოფლად იღვრები, გეგონება სატრენაჟორო დარბაზში შეგაგდესო. მერე პირველი აქტი სრულდება, იწყება მეორე და ა.შ. ვიღაცისთვის შეიძლება სულ ერთია, ოღონდ სექსი ჰქონდეს და მაგას ჩივის ვისთან ექნება? ნესტორი კი გრძნობების ადამიანი იყო და არა „ფიზიკური აქტივობის მოყვარული“. რა მისი ბრალია, რომ ერთგული დაიბადა და სულ ბარბარეს სხეული და სუნი ენატრებოდა. მაშინაც როცა დილის ყავას სვამდა აივანზე, მაშინაც როცა მეძავი კატოს მკერდში ჰქონდა თავი ჩარგული და მაშინაც როცა დასაძინებლად შეწვებოდა ცარიელ სწოლში. მაგარამ, ახლა საინტერესოა, როგორი ადამიანი იყო ლორელაი? ცხადია, „ტრენაჟორებზე“ გადარეულ ქალს არ ჰგავდა, მაგარამ შესაძლოა, შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. შესაძლოა ნესტორის მეგობრული მზრუნველობა სულაც არ იყო მისთვის მისაღები და ერჩივნა მასში ქალი დაენახა ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ მამრობითი სქესის ადამიანს?!. თუ ეს ასეა, მაშინ?.. მაშინ?.. - ჩაილაპარაკა ნესტორმა, მორიდებულობა გვერდზე გადადო და პირდაპირ ლორეს საძინებლიკენ წავიდა. დაუკაკუნებლად შესვლა ნამეტანი სიველურე იქნებოდა და დააკაკუნა... „მობრძანდით“ არ ჰქონდა დამთავრებული, ნესტორმა კარი შეაღო და ხალათმოცმულ ლორეს გვერდით მიუჯდა. ძალან მაგრა ჩაიკრა გულში, რითაც მიანიშნა, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანი იყო და ხელზე კოცნა დაუწყო, მერე ხელის მტევანზე და ყელზე ტუჩებით შეხება რომ დააპირა, ლორე გიჟივით წამოვარდა ფეხზე: - ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ! - უსაყვედურა ნესტორს და პასუხის მოლოდინში თვალებში ჩააშტერდა... რა უნდა ეპასუხა, აი, რა? ის რომ, მე მეგონა შენ გინდოდაო? - ამასობაში ლორემ თვითონ დაიწყო პასუხების მოძებნა, ისე, რომ ნესტორს ხმის ამოღებაც არ დასჭირვებია.
- გინდა, რომ ნამდვილი ოჯახი გამოგვივიდეს, არა?- ეღიმებოდა ლორეს. რანაირად? როგორ? მუდმივად ბარბარეზე ფიქრობ. ის გიყვარს. მე კიდევ გეკა მიყვარს და ასე, ვიდგეთ და ასე ვატყუოთ ერთმანეთი, რომ ვითომ არაფერი? სექსის მერე გავაბოლოთ სიგარეტი და ვისაუბროთ, რაზე, რაზე ვისაუბროთ, რომ ვიღაცეებზე ვართ შეშლილები და ვერ ვუშვებით ამ გრძნობას ვერაფერს, თუ...
- რა კარგია! - შვებით ამოისუნთქა ნესტორმა.
- რა არის კარგი? - გაუკვირდა ლორეს.
- ის, რომ გრძნობების გარეშე სექსი შენთვისაც ცხოველური აქტია. მე კიდევ მეგონა, მეგონა, რომ... არ აქვს მნიშვნელობა რა მეგონა. წამო, პირდაპირ სიგარეტი მოვწიოთ.
სიცილ-სიცილით გავიდნენ აივანზე. კარგი მეგობრები იყვნენ.
ნაწილი XII- როგორ დასრულდა ამბავი...
კი უარზე იდგა, მაგარმ ნელიკომ მაინც გაითვალისწინა დედის რჩევა. ბავშვობიდან მასზე უგონოდ შეყვარებულმა ლაშამ სიამოვნებით შეირთო ნელიკო ცოლად. გიო შოკში იყო. შეურაცხყოფილი, გაგიჟებული. ბრდღვნიდა ყველაფერს. ერთია, ცოლი გაგეყაროს და მეორე - გაგითხოვდეს, თან ისე რომ შენ გდებდეს ბრალს ოჯახის დანგრევის პროვოცირებაში.
რაც შეეხება ლორელაის, ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თავის „მეორე ნახევართან“ დარჩა საბერძნეთში და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა შვილითა და შვილიშვილებით გარშემოხვეული. ნესტორის დაავადებული გული ბარბარეს დაბრუნებიდან 4 თვეში გაჩერდა. ის პატივით დაკრძალეს იმ ორკაციან სასაფლაოზე, სადაც ერთი ადგილი ბარბარესათვის იყო მონიშნული. ბარბარეს სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია შავები, თუმცა ამბობდა, რომ იაკოსა და შვილიშვილების გამო, მისთვის ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები ახლა დადგა. იას ვისგან გაუჩნდა შვილები? - ოჰ, ეგ კიდევ ცალკე ამბავია, გრძელი და სასიამოვნო ამბავი და ვფიქრობ, ამ სევდიან წიგნში მისი ადგილი არ არის.