ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

მოთხრობები

წამლის სუნით გაჟღენთილ მაღალჭერიან სახლში გალეული კაცი დადის. ქალი წევს, გრძელ დატიხრულ ფანჯრებს უყურებს და მათ მიღმა რაღაცის დანახვას ლამობს. არაფერი ჩანს, თითქოს ყველაფერი თეთრ ზეწარში გახვეულა და ამ ერთნაირობაში ვერაფერს არჩევს. წინა კედლის ფოტოებიდან ნაცნობი სახეები უღიმიან, ზუსტად ვერ არჩევს თავისი თუ სხვისი ცხოვრებიდან აგონებენ რამეს. შუაგულში მატარებლის ფანჯრიდან მოღიმარი, ნუშისთვალება გოგოა. მას არ ჰგავს, ლამაზია, ახალგაზრდა, პრიალა სახით და თმებით. კარგად იცნობს, მაგრამ სახელს ვერ იხსენებს. მატარებელიც ახსოვს, ჭიაყელასავით გრძელი, სპეციფიკური სუნით, რიტმული ხმაურით. გაცილება ახსოვს, დახვედრაც, ბევრი ფანჯრები, ფანჯრებს მიღმა მომხდარი ამბები, მაგრამ თავისას ვერ იხსენებს. სახლში ისევ გალეული კაცი დადის, სასთუმალთან წამლებს უდებს, ლოგინის კიდეზე უჯდება. ნეტავ რა უნდა მისგან ან მის სახლში, ლადო სად არის? რატომ არ ნახულობს. გადაწყვეტს რომ ჰკითხოს, მაგრამ ეუხერხულება უცხო კაცთან. ადგომა უნდა, ფანჯრიდან გადახედვა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის.

კარზე გაბმული ზარის რეკვის ხმაა. ეს ხმაც ეცნობა. ასე იცოდა დარეკვა ხელის აუღებლად სანამ არ გაუღებდნენ. ახლა ვიღაც რეკავს მასავით. კაცი კართან მიდის, აღებს და ახალგაზრდა ქალი შემოდის.

- ძლივს მოვედი ისეთი საცობია. ხომ გითხარი ერთიანად დაგეწერა წამლები, წინა კვირას მოვიტანდი და აღარ მექნებოდა გადარბენა.

- არ იყო საჭირო, ლეილამ მითხრა გამოწერით თუ შეკვეთითაც შეიძლება და სახლში მოგიტანენო, ლეილას შვილიშვილს გამოვაწერინებდი.

- ლეილას შვილიშვილის გამოწერილი რად მინდა?

- რატომ, გამოწერილი წამალი ნამდვილი არ იქნება?

- არა, ეგ რა შუაშია, უბრალოდ მაგის გამოსაწერი რა მჭირს.

- კარგი, მაშინ ჩვენ გამოვწეროთ.

- სძინავს?

- რომ გამოვედი ეძინა.

- ლეილასაც უნდოდა ნახვა, მთხოვა დამიძახე რომ მოხვალ და შემოვალო.

- ხომ იცი, არ უნდა ვინმემ ასე ნახოს.

- მამა, რას გაიგებს ლეილა ნახავს და ლეილას შვილიშვილი.

- მე ხომ გავიგებ.

- მერე?

- მერე ის, რომ მე ხომ ვიცი არ უნდა. რაც თათოს არ უნდა, ის არც მე მინდა.

- კარგი რა მამა, მეზობლის გადაკიდება გინდა? ქალი მეუბნება არ მიშვებს ლადო თათოსთანო.

- დამშვიდდი, ხომ არ დაუნახავს რომ მოხვედი.

- ვაიმე, თქვენი სისულელეები მალე მეც გამაგიჟებს.

- ბავშვები როგორ არიან?

- ლადო ზბორებზეა, თოკო აგარაკზე.

- ჰო, არდადეგებზე იქ ჯობია.

 - თქვენ წაყვანაზეც ვფიქრობდი, მაგრამ იმდენი ხალხია, ვეღარ დავეტევით.

- ჩვენზე არ იდარდო, აქ უკეთ ვიქნებით, თან ჯერ ცივა. ზაფხულში, ალუბალი რომ მოისხამს, მერე ამოვალ დასაკრეფად, თათოს უყვარს.

- მამა ეგ შარშან მოვჭერი ლადუკას სავარჯიშო მოედანი რომ გავაკეთეთ.

- რას ამბობ. შენ რომ დაიბადე მაშინ დავრგე, შენი ხე იყო.

- კაი რა მამა, რა ჩემი ხე, ალუბალს ბაზარშიც ვიყიდით. სამაგიეროდ ბავშვი ივარჯიშებს.

- ჰო, ვარჯიში ჯობია, აბა რა.

ქალი საძინებელში შედის.

- დედა, - ჩუმი ხმით ეძახის. მწოლიარე ქალი სანახევროდ მარცხენა მხარეს მოქცეულ  ტუჩებს ამოძრავებს, თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. სწორი, ლამაზი ცხვირიც გვერდით წასვლია და ტუჩიც მას გასდევნებია. - არ შემიძლია ასეთს ვერ ვუყურებ, - ამბობს სევდიანად და თან ლოყაზე ეფერება.

- მარჯვენა მხრიდან შეხედე, ისევ ისეთი ლამაზია, - ეუბნება ლადო.

- ჰო, ასეა. ეს მუსიკა მაინც გამორთე.

- მუსიკის მოსმენა მოსწონს, გამოვრთავ თუ არა მეჩვენება თვალებით ჩართვას მთხოვს.

- კარგი მაშინ არ გამორთო.

- გეჩქარება?

- ჰო, უნდა წავიდე უკვე და დაგირეკავ მერე.

კარი ხმაურით იკეტება. ლადო უკან ბრუნდება.

ის მუსიკა ეცნობა პირველად ჩუმად რომ მოისმინა. რადიოს ამ ტალღას თათო ჩუმად იჭერდა. დახურულ კარს მიღმა უსმენდნენ, დაბალ ხმაზე, ყველასგან მალულად.

იქამდე ასეთი არც სიმღერა ჰქონდა მოსმენილი და არც ნოტები გაგონილი. წარმოიდგინა, რომ ნოტები წელში იღუნებოდნენ, თითის წვერებზე ტრიალებდნენ, ქარდაბერილივით წრიალებდნენ, მერე დაღლილები, გაწელილი ტანით მიიზლაზნებოდნენ და უცნაური გზით ისევ ინსტრუმენტებში და ადამიანის ხმებში ძვრებოდნენ. ეს იმპროვიზაცია ჰაერში ნოტებს თავისუფლად ამოძრავებდა, მერე ადამიანებს ედებოდა და იმ მელოდიად იქცეოდა, სხეულის ყველა წერტილამდე რომ აღწევს. სწორედ მაშინ შეუყვარდა ჯაზი, მოსმენისთანავე, შეგრძნებისთანავე, პირველი აკორდისთანავე. თათოსაც პირველად ამ მელოდიაზე ეცეკვა, მერე რა რომ მოძრაობებიც არ იცოდა, მელოდია თავად ძერწავდა მათ. მატარებელშიც უსმენდნენ ლიანდაგის ხმებთან შერწყმულ ჯაზის ჩანაწერებს. მას მერე უამრავი ფირფიტა მოაქუჩა, მთელი ცხოვრება აგროვებს და ახლა, თათოს ოთახში, კედლის მაღალ თაროზე აყუდებულებს, ყველას თავის ისტორია აქვს. მორიგეობით ურთავს და ასმენინებს თათოს, იცის ესმის. ხანდახან როცა თვალებით გრძნობს, რომ უბრუნდება, ხვდება მოსწონს, ახსოვს და ამის ნიშნად ხელს უჭერს. ამ მოჭერაში სიტყვების გარჩევაც შეუძლია და ისიც იცის, რას ეტყოდა მაშინ, ხმით რომ შეეძლოს მათი წარმოთქმა.

კარზე ისევ გაბმული ზარი რეკავს. ლეილა იქნება. არ გაუღებს, არავის აჩვენებს თავის თათოს ისეთს, როგორც მას არ უნდოდა, რომ ენახათ. მესამეც არ სჭირდებათ, ოთახში ისედაც სამნი არიან ლადო, თათო და ჯაზი.

დასასრული.