ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კონცერტზე

კონცერტზე

ორნი იყვნენ, ორივე გაპრანჭულები, ეტყობოდათ, რაც რამ ჰქონდათ გარდერობში უწინდელი მოდიდან დარჩენილი, ყველაზე საუკეთესო--ის ჩაეცვათ და აესხათ, ერთს-ერთს  პატარა შლიაპა ეხურა და თვალები უციცმციმებდა, ემჩნეოდა, რომ ძალიან უხაროდა კონცერტზე ყოფნა.

 ოთხმოცდაათ წლამდე მიტანებული ძველი დაქალები იჯდნენ და რახმანიოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტს კმაყოფილები უსმენდნენ.

 

 მოულოდნელად, ერთმა ჩანთაში ხელი ჩაჰყო და კამფეტი ამოიღო. მაშინვე გავიფიქრე:-- ოღონდ ეგ არა.

  ქალმა მშვიდათ დაიწყო კამფეტის გახსნა, რომელიც ვერცხლისებურ, მოჭრიალე ქაღალდში იყო გახვეული, დარბაზში კი ამ დროს მეორე ნაწილის მგრძნობიარე მუსიკა გასუსულ პიანოზე ისე იღვრებოდა,  ყველაზე სასტიკ გულსაც რომ გაალღობდა.

    გარშემო მყოფი ხალხი შეწუხებული შევაცქერდით  მოხუც ქალს, რომელიც სახეზე ნეტარი ღიმილით განაგრძობდა მოჭრაჭუნე კამფეტის გახსნას, რომელიც არადა არ იხსნებოდა.. ბოლოს, როგორც იქნა გახსნა და ასეთივე ნეტარი ღიმილით ჩაიდო პირში.

ამოვისუნთქეთ, მაგრამ მოხუცი იმავე წუთს, ხელში დარჩენილ ქაღალდს მიუბრუნდა და ჯერ მისი ხელში დაკუჭვა დაიწყო, შემდეგ იატაკზე დადებულ მოზრდილ ჩანთაში მისი შენახვა .

--კაი, რაც იყო იყო, ‘’სპაკოინა იპალიტ’’--გავიფიქრე და ვეცადე ისევ მუსიკაში ჩავფლულიყავი..მაგრამ, ცოტა ხანში, ნაცნობი ჭრიალი ისევ გაისმა.

 

 კამფეტი ახლა  მის მეგობარ შლიაპიან ქალს ეჭირა, რომელიც ეტყობოდა ცდილობდა კი, არ ეხმაურა, მაგრამ, ქაღალდს ოდნავი ჭრიალიც ხომ ბომბის ხმასავით ისმის დარბაზში.   მოხუცმა კამფეტი ჭამა დამთავრა და ჩანთიდან ბოთლით წყალი ამოაძვრინა.

 

--სხვა დროს თერმოსით ჩაი და ფუნთუშაც წამოიღეთ ბარემ, უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი.--ვფიქრობდი გაბრაზებული, მაგრამ, წინ თურმე უარესი გველოდა.

 

შესვენების შემდეგ, მეორე განყოფილებაში, ახლა  რახმანინოვის სიმფონიის აპოთეოზით სავსე მუსიკის ფონზე  მოულოდნელად დასჭექა მობილურის ზარმა-- ძველად მაღვიძარებს რომ ქონდათ, ისეთმა- მჭახე ხმით წკრიალებს, გაჩერდება, ისევ  წკრიალებს ..და არც არავინ რთავდა. 

მთელი დარბაზი შეიძრა:--სად არის პატრონი კი მაგრამ?.

   უკვე ველოდებოდი დირიჟორი გააჩერებდა ორკესტრს, როგორც ეს წლების წინ  ლიანა ისაკაძემ გააკეთა რუსთაველის თეატრში..

  აღმოჩნდა, თურმე ეს მოწკრიალე ტელეფონი ამ შლიაპიან მოხუცს  ეკუთვნოდა, რომელიც  გვერდით მსმენელის მოწოდებას, რომ ზარი გამოერთო,  მუჯლუგუნებით პასუხობდა-ანუ,‘’გამანებეთ თავი, ჩემი არ არისო’’.

  ბოლოს ვიღაც შეეცადა მისი ჩანთიდან ტელეფონის ამოღებას და ამ დროს, მოხუცმა თავად ჩაჰყო ხელი..და მოწკრიალე მობილური რომ ამოიღო, მორცხვი ღიმილით გამორთო.

 

  დაქალები კონცერტის ბოლოს, ტაშს ბოლომდეც არც დაელოდნენ-- ისე ადგნენ და ფაცხაფუცხით დაიწყეს დარბაზიდან გამოსვლა. რახან მეც ვჩქარობდი, მათ ზურგსუკან ავღმოჩნდი და დავინახე,  როგორ ეჭირა ერთ მოხუცს მეორის მკლავი, რომ არ წაქცეულიყო, თან თავადაც რომ უჭირდა სიარული.

 ორივე  ცდილობდა რაც შეიძლება დროულად დაეტოვა საკონცერტო დარბაზი, რომელიც შეიძლება.. სულაც ბოლო იყო მათ ცხოვრებაში..

 

    გათენდა და ჩემი გუშინდელი იმერული სიფიცხე რომ გამახსენდა, ძალიან შემრცხვა, რადგან რახმანინოვის მუსიკამ ხომ გაიჟღერა და წავიდა,  მაგრამ ეს ჩემი ნეგატიური გრძნობები და ქცევა დაიბეჭდა სამყაროში, რომლის უკვდავი კანონი

--''რასაცა გასცემ შენია'', ყველა მიმართულებით მუშაობს.