ე რ თ ი ს ა ა თ ი
ე რ თ ი ს ა ა თ ი
ე რ თ ი ს ა ა თ ი
ფეხები უკვე ძალიან დამძიმებოდა, ძლივს მიათრევდა.. ტანი აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ, კიდევ ერთი საათი უნდა გაეძლო, სხვა გზა არ ჰქონდა.. ერთ საათში მეტროც დაიკეტებიდა, და ეს დღეც დასრულდებოდა.. ბოლო „შემოვლა“ დაიწყო. ვაგონები თითქმის ცარიელი იყო, თუმცა, მაინც შევიდა, პირის გაღება სცადა, მაგრამ ხმა აღარ ამოსდიოდა. დაიღალა.. თვალი მოავლო ვაგონს და მიხვდა, მოწყალების გამცემი არავინ ჩანდა, ვერც „თავისიანს“ ხედავდა, ამიტომ პირდაპირ სკამისკენ გალასლასდა და მოწყვეტით დაეცა. ღვთისმშობლის ხატი ხელში ისე ჩაებღუჯა, როგორც ომში დანებებულს თეთრი ალამი. თუ ვინმე „თავისიანი“ წამოადგებოდა სათქმელი ექნებოდ, აი ხელში ხომ მაინც უჭირავს, იქნებ ყიდვაც მოუნდეს ვინმეს, რომ დაინახავს.. ამას მხოლოდ მისი ქვეცნობიერი ფიქრობდა, თვითონ კი ჩამქრალი მზერით ვაგონში მყოფ ადამიანებს დაუწყო თვალიერება.
მატარებელი გაჩერდა, ღვთისმშობლისხატიანი ბიჭის წინ დედა და პატარა გოგონა დასხდნენ, გოგონამ დაამთქნარა, დედას მიეხუტა და მატარებლის რწევაში მალევე ჩაეძინა.
ბიჭი უნებურად მიაშტერდა დედა-შვილს.. თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა, გახუნებული, ჩალისფერი ლოკნები, შუბლიდან ჩამქრალ, მწვანე თვალებზე ჩამოუცვივდა, კარგად თუ დააკვირდებოდით შეამჩნევდით, რომ პირი ოდნავ ღია დარჩენოდა, შეიძლება დაღლილობისგანაც.. თითქოს, დედა, რომელიც თავის გოგონას თმაზე ეფერებოდა, ბიჭს ცნობიერებას უცვლიდა და სხვა, კიდევ უფრო სევდიან და ტკივილიან სამყაროში გადაჰყავდა..
დარჩენილი ერთი საათი იწურებოდა, როცა მოულოდნელად ვაგონში ჩოჩქოლი ატყდა, კანტი-კუნტად დარჩენილი ადამიანები ერთ სავარძელთან შეგროვილიყვნენ, ზოგი წამალს ითხოვდა, ზოგი წყალს.. ბიჭი შეფხიზლდა, ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ სძლია და ხალხს შეერია..
ვაგონში მყოფ ახალგაზრდა გოგოს გონება დაეკარგა და ახლადმოსულიერებული ვერაფერს იხსენებდა.
„რა ჰქვია არ ახსოვს?“.. „სულ არავინ ახსოვს?“.. „დაურეკოს რა ვინმეს?! დილამდე აქ ხომ არ ვიდგებით!..“ ისმოდა შეშფოთებული შეძახილები.
„ეს ვინღაა?“ „მოაშორეთ აქედან!“ „ფრთხილად, რამე არ წაგაცალოთ!“ ღვთისმშობლისხატიანი ბიჭის დანახვისას უფრო ენერგიულად ახმაურდა ბრბო. ვიღაც ზორბა ქალი, მტვრიან და მზეზე გახუნებულ ოქროსფერ თმაში სწვდა ბიჭს, გაგდება სცადა.. უცნაურია, მაგრამ ყველას თვალებში შეამჩნევდით არსაიდან მომავალ შიშსა და ზიზღს.. ეჩხუბებოდნენ და თან ერიდებოდნენ ამ ექვსიოდე წლის, ღვთისმშობლისხატიან ბიჭს..
წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიჭმა მაინც მოახერხა ავადმყოფამდე მისვლა, როგორც ჩანს, ასეთი „ბრძოლა“ მისთვის, პირველი არ იყო.. მუხლები გაიფერთხა, თან თავზედამყურეები შეათვალიერა.. მასაც ეშინოდა, მაინც.. კიდევ ვინმეს არ წაევლო თმაში ხელი.. აკანკალებულ გოგონას ხელი ფრთხილად დაადო მხარზე და ჩურჩულით ჰკითხა
- დედა არ გყავს? დედა გემახსოვრება...