დადიანების განძი
დადიანების განძი
გამოცანები
ვაჩემ დეტალურად გამოკითხა თავდასხმის ყველა წვრილმანი რობერტ დავითაშვილს. გამოკვლევამ ძალიან დააფიქრა.
ახლა კი ოფისში იჯდა და ფანქარს ნერვიულად აკაკუნებდა.
ვინ იცოდა, რომ რობერტი და მარგო წყნეთში ადიოდნენ? ვითომ, სახლიდან აეკიდნენ და იქამდე მისდიეს?
ვინ დაესხა თავს მარგოს თავისივე ბაღში?
რატომ ცდილობს, ვაჩეს არაფერი მოუყვეს? ისიც, ელენაც… წესით ხომ პირიქით, უნდა ცდილობდნენ, ხელი შეუწყონ გამოძიებას?
კარგი, დავუშვათ, თვითონვე მოაწყვეს ყველაფერი. მარგო თავისივე თავს დაესხა? ან, რაში სჭირდებოდათ ასეთი ფარსის დადგმა? ვინ ართმევდა ოჯახს განძს? არც არავინ.
ოჯახმა ხომ მოილაპარაკა, არავისთვის ეთქვათ მემკვიდრეობის შესახებ. ინფორმაციამ მაინც გაჟონა. ვის წამოცდა საიდუმლო?
ვაჩემ ფურცელი აიღო და ნახაზების დახაზვა დაიწყო. ასე უკეთ ფიქრობდა.
წითელი ხელთათმანი
შუაღამისას ანფიმიადების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დავითაშვილ-დადიანთა სახლის კიბეზე ააბიჯა.
სახლი ჩაბნელებული იყო. ყველას ეძინა.
თუმცა, მთლად ყველას, არა. კარი გაიღო. ვიღაცამ მობილური აანთო და სტუმარს ანიშნა, ოთახში შესულიყო.
- მოდი, დაჯექი - ჩურჩულით უთხრა ერთ-ერთმა შვილიშვილმა ერთ-ერთ ანფიმიადს.
- აქ ვილაპარაკოთ? - დაიჩურჩულა სტუმარმა.
- ჰო. თან რაღაც მინდა გაჩვენო. წამომყევი. ჩუმად, არაფერს წამოედო.
მასპინძელმა ნელა გაიკვლია გზა, თუმცა ვაზას გაედო. ვაზამ დაიწკრიალა.
- ჩშშშშშ!!!!!!! - წამოიძახა შვილიშვილმა - ჩუმად!
- მე ჩუმად ვარ - გაიცინა სტუმარმა.
- აჰ…ჰო… მოდი, მოდი.
შვილიშვილი წიგნების კარადასთან იდგა. ელენა დადიანს კიდეებისთვის ქართული ჩუქურთმები ჩაემატებინა.
- არ მითხრა, რომ განძი აქ არის.
დავითაშვილმა ერთ-ერთი თაროს ორნამენტს მიაჭირა ხელი. თარო ნელა გაიყო და კედელი გამოჩნდა. კედელში სეიფი იყო ჩამაგრებული. შპალერზე გავლებული ხაზები მკაფიო კვადრატს ქმნიდა. მის გვერდით მართკუთხედი კი, სავარაუდოდ…
ანფიმიადმა ვერ მოითმინა და ხელი წაიღო, სადაც კოდის ასაკრეფი ეგულებოდა.
- მოიცა! - შეაჩერა შვილიშვილმა - ანაბეჭდები არ უნდა დავტოვოთ. შენ რა, გინდა ციხეში აღმოჩნდე?
- არა! - წამოიძახა სტუმარმა - როგორ გააღებ აბა?
შვილიშვილმა ჩაიცინა და ჯიბიდან წითელი ხელთათმანები ამოიღო.
- ეს ხომ ელენას სამუშაო ხელთათმანებია?
- ეგ არის. არანაირი ანაბეჭდი არ დარჩება! რომც დარჩეს, ვინმე იფიქრებს რომ ელენამ საკუთარი თავი გაძარცვა?
შვილიშვილმა კოდი აკრიფა. მერე სეიფი გამოაღო. იქ იდო…
- აუჰ! - წამოიძახა სტუმარმა.
სეიფში ეკატერინე დადიანის ყელსაბამი და ნაპოლეონის საათი იდო.
- ჰო - მოკლედ მოუჭრა შვილიშვილმა.
- და… ესენი აქ როგორ მოხვდა?
- მე ..
შვილიშვილმა სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ კართან ბრაგვანი გაისმა. ვიღაცამ ზღურბლს წამოკრა ფეხი და იატაკზე დაეხეთქა. სტუმარ-მასპინძელი შეხტნენ.
- მარტა! აქ რას აკეთებ!
ქალი ნელა წამოდგა.
- მეგონა ქურდები შემოვიდნენ - დაიჩურჩულა მან.
- რატომ შემოხვედი, მარტა! - მკაცრად უთხრა შვილიშვილმა.
- მე.. მე..
მარტა ატირდა.
- მე მეგონა ქურდები მოვიდნენ. ქურდები მეგონა.. - იმეორებდა ის ტირილით.
- გაჩუმდი! გაჩუმდი! ახლავე წადი აქედან. არავინ გააღვიძო. იცოდე, შენ არაფერი დაგინახავს.
- მე არაფერი დამინახავს! - თქვა მან სლუკუნით და სტუმარს გახედა. შვილიშვილმა თვალი გააყოლა მის მზერას.
- შენ ჭკვიანი ქალი ხარ, მარტა. წლებია ჩვენთან მუშაობ. ალბათ, არ გაწყობს, რომ ამ სახლში სკანდალი ატყდეს და მთელმა ქვეყანამ გაიგოს.
- არა, არა.. მე მართლა არაფერი ვიცი. ვერ ვხვდები, რაზე მიბრაზდებით.
შვილიშვილი გონს მოეგო. ასეთი აღელვება არ უნდა გამოეჩინა. მარტა მართალია. ის თავის სახლშია და თავისივე სტუმარი ჰყავს. მერე რა მოხდა?
ის მოხდა, რომ შუქი საეჭვოდ ჩამქრალია. და სეიფი… სეიფი ღიაა!
მარტა სეიფს უყურებდა.
შვილიშვილმა ამოიოხრა.
როგორ ახსნის ამას? რას აკეთებდა შუაღამისას ღია სეიფთან, რომელშიც დევს გაძარცვული განძის ნაწილი?
დავითაშვილი აღელდა. მას ვერავინ ვერაფერს დააბრალებს. არანაირი ფაქტი არ არსებობს, რომ მას კავშირი აქვს ძარცვასთან.
- წადი მარტა - მკაცრად თქვა მან.
მარტა წავიდა. შვილიშვილმა ამოიოხრა.
- ხვალ დაველაპარაკები… ახლა კი, როგორც შევთანხმდით, ჩვენ მოვილაპარაკოთ… შენი დახმარება მჭირდება.
შვილიშვილმა სეიფი დაკეტა. სტუმარი უყურებდა, როგორ იხურებოდა კარი. კარს მიღმა მილიონებად შეფასებული განძის ნაწილი იდო.
ნეტავ, კოდი რა არის?
რა წერია ლილიანას დაფაზე?
ლილიანას ერთი პატარა დაფა ჰქონდა, ელექტრონული. იქ დღის გეგმებს იწერდა, კარგად მადგებაო, ამბობდა. იწერდა რომელ საათზე უნდა წასულიყო კოსმეტოლოგთან, ან ბროკოლი უნდა ეყიდა თუ ვაშლი. გარეგნობას და ჯანსაღ კვებას დიდ ყურადღებას უთმობდა.
ლილიანა. ამაყი, მკაცრი. ერთ-ერთი კომპანიის მთავარი ბუღალტერი.
ლილიანა ბავშვობიდან ოცნებობდა მდიდარი გამხდარიყო. ფიქრობდა, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და ჯობდა ბუღალტერი კი არა, ბიზნეს-ვუმენი გამოსულიყო. არასოდეს ყოფნიდა ხელფასი. ვერასოდეს იკმაყოფილებდა სურვილებს - ემოგზაურა მთელს მსოფლიოში. ეყიდა ძვირფასი კაბები. სამკაულები. ეცხოვრა მდიდრულ სახლში. ეჯირითა საუკეთესო ცხენებით. ცხენები მისი ყველაზე დიდი გატაცება იყო.
ის გატაცებით ჯირითობდა ცხენებით ყოველ კვირა. წავიდოდა იპოდრომზე, მოახტებოდა თავის მუსტანგს და ჰაიდაა…
ცხენს მუსტანგი დაარქვა. თითქოს, შორეული პრერიების ველური ცხენი იყო, პირდაპირ ჩრდილოეთ ამერიკიდან. სინამდვილეში, ცხენი ქართული იყო, თეთრი და თვინიერი.
შეყვარებულიც აიყოლია და ორივენი ერთად ჯირითობდნენ ხოლმე. ლილიანა ნატრობდა, ცხენები ეყიდათ, მაგრამ მათი ყიდვა და მოვლა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.
-ლილი! - კარზე დააკაკუნა რობიკომ - ლილი, შეიძლება შემოვიდე?
ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.
-ლილი! - ხმამაღლა შესძახა რობერტმა - გძინავს უკვე? ორი წუთით, რაღაც საქმე მაქვს, მეჩქარება, ბოდიში, რა.
არავინ გამოეპასუხა.
-ბოდიში, შემოვდივაარ! - დაიძახა რობიკომ და კარი ოდნავ შეაღო.
ოთახში არავინ იყო. მხოლოდ ფარდა ფრიალებდა ღია ფანჯარასთან. რობიკომ ოთახი მოათვალიერა. სად წავიდა ეს გოგო? წეღან აქეთკენ არ მოდიოდა?
მისი ყურადღება საწოლზე მიგდებულმა დაფამ მიიპყრო.
რობიმ უკან მოიხედა, დერეფანში არავინ იყო. მან ოთახში შეაბიჯა და დაფას დახედა. იქ გაკრული ხელით ეწერა:
ვაჩე !!!!! (ვაჩე გადახაზული იყო) რ??
ნიკა, ფრიში - 3 ზე (ვოთსფ)
ბასლერ კანტონალბანკ!!!!!
ბასლერ? ეს ხომ შვეიცარიის ბანკია. რაში დასჭირდა ლილიანას შვეიცარიის ბანკი?
ამ დროს ლილიანა თავზე წამოადგა. რობიკო მოულოდნელობისგან შეხტა.
-რას შვები? - გაოცდა ლილიანა და შეშფოთებულმა დაფას ხელი სტაცა. ღილაკს თითი დააჭირა და ნაწერი გაქრა - რა ხდება?
-ბასლერი რად გინდა, ლილი?
რად და - ლილი წამით დაიბნა - ჩვენი კომპანია აპირებს ანგარიში გახსნას.
-და, რატომ წაშალე?
-წავშალე? - ლილიმ დაბნეულად დახედა დაფას - აუჰ, წამიშლია. მექანიკურად დავაჭირე, დღის გეგმებს ვშლი ხოლმე ძილის წინ.
- დაიმახსოვრე მერე?
- ჰო, ჰო, დავიმახსოვრე. ბასლერ კატორალკა. - თქვა ლილიანამ.
- ბასლერ კანტონალბანკ - მკაფიოდ გამოთქვა რობიკომ.
- რაც არის - გაღიზიანებით თქვა ლილიმ - თავიდან ჩავიწერ. ბასლერი საიდანღა იცი, რობი?
- ცნობილი ბანკია, ლილი, შვეიცარიის ბანკების ათეულში შედის.
- არ ვიცოდი, ასე კარგად თუ ერკვეოდი.. - ჩაილაპარაკა ლილიანამ.
- შენ წარმოიდგინე, მეც ვიცი რაღაც-რაღაცები. ხანდახან, არ ვიცი და ვხვდები - გამომწვევად უთხრა რობიმ და თვალებში ჩახედა.
- ძალიან კარგი - მზერა აარიდა ლილიანამ - ჩემს ოთახში როგორ აღმოჩნდი?
- ა, ჰო. დიდხანს ვაკაკუნე. ხვალ ვაჩესთან მინდა წავიდეთ. მაინტერესებს, იქნებ, რამე კვალს მიაგნო. ხომ წამოხვალ? პირადად დაველაპარაკოთ. არ მინდა ამაზე ტელეფონით ლაპარაკი.
ლილიმ დამფრთხალი თვალები მიაპყრო რობერტს.
-რამესთვის რომ მიეგნო, მოვიდოდა. რა ინტერესი აქვს, რომ დაგვიმალოს?
-რას გაიგებ. ამ სახლში უცნაური ამბები ხდება. დაფებზე წარწერები იშლება.
-რობი! რანაირი ხუმრობაა! ამით რისი თქმა გინდა?
-ჰა-ჰა, ლილი, არაფრის. აბა, რისი თქმა უნდა მინდოდეს? -როგორ არის ნიკა?
კარგად! …. - ლილიმ ისევ დამფრთხალმა აათვალიერ-ჩაათვალიერა რობი.
-შენი დაქალი, ლოლა ანფიმიადი?
-ლოლაც კარგად. რამ გაგახსენა?
-მოვიკითხე, ისე. ლოლას ქმარი? ბატონი კონსტანტინე?
-მშვენივრად ვართ ყველანი - ლილის რატომღაც სახე აელეწა.
- კარგი, მოკლედ, ხვალ წამოვალ ვაჩესთან.
- ძალიან კარგი. ფერადი სიზმრები, ლილიკო.
-ძილი ნებისა, რობი.
რობერტმა კარი გაიხურა და დერეფანს გაუყვა.
ლილი საწოლზე ჩაემხო. მერე ნიკას დაურეკა.
-ნიკა!
-ხო, საყვარელო - ბარათაშვილს ნამძინარევი ხმა ჰქონდა.
-ნიკა! ახლავე მოდი, ნიკ - შეშფოთებით ჩასძახა მობილურს - ოღონდ, არ ამოხვიდე. ბაღში შემოდი, ჭიშკარს ღიას დავტოვებ, არავინ დაგინახოს. ნუ გეშინია, მშვიდობაა, უბრალოდ მოდი. დროზე!
რობიკო თავის ოთახში დაბრუნდა.
რას ნიშნავს ეს?
რა კავშირშია ლილიანა შვეიცარიულ ბანკთან? მართლა სჭირდება იქაური ანგარიში? შეუძლებელია ასეთი დამთხვევა. ნუთუ მართალია, რასაც რობი ფიქრობს?
ის ფანჯარასთან მივიდა და დიდხანს გაჰყურებდა ბაღს. მერე შემობრუნდა და საწოლზე ჩამოჯდა.
თოვლიანი მთები
ვაჩე მონიტორს უყურებდა.
ლილიანასა და რობერტთან საუბარი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. თან, ვაჩემ მოახერხა და ორივეს ცალ-ცალკე დაელაპარაკა. შედეგად კი საინტერესო ფაქტები მიიღო. შემდეგ, ბევრ ადგილას დარეკა, გამოძიების ოფიციალური უფლება გამოიყენა, არაოფიციალური საუბრები გამართა და რამდენიმე დღეში ფასდაუდებელი ინფორმაცია მოიპოვა.
ანგარიშის ნომერი შვეიცარიის ბანკში. მას ახლა მონიტორზე შეჰყურებდა.
რისთვის დასჭირდა ახალი ანგარიშის გახსნა შვეიცარიულ ბანკში დავითაშვილს? იქნებ, განძის გაყიდვით მიღებული თანხა უნდა, რომ გადარიცხოს? იქნებ, მის მოტყუებას ცდილობენ და დამნაშავე ზუსტად ისაა, ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა?
ვის შეიძლებოდა მოეფიქრებინა ცხენებით ძარცვა?
ვაჩე იპოდრომზეც იყო ასული. იქაურებს დაელაპარაკა. ლილიანა სხვებთან ერთადაც ჰყავდათ ნანახი, მეგობრებიც ამოიყვანა.
ანფიმიადები - გაიფიქრა გამომძიებელმა - ნუთუ, ისინიც ჯირითობენ ცხენებით? სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდათ იქ?
ვაჩემ ფანქარი მოუთმენლად ააკაკუნა მაგიდაზე.
სჯობს მარგარეტს დაელაპარაკოს.
მან კედელზე დაკიდებულ სურათს შეხედა. იქ თოვლიანი მთები ეხატა. საქართველოს მთები.
ცრემლიანი თვალები ტბას ირეკლავს
ისინი ტბაზე იყვნენ.
ქალაქის შუაგულში.
სისხამ დილით.
კაცი ნელა ჩაუყვა ბილიკს და ქალს ხელი შეაშველა. კაცს ლურჯი შორტი და ცისფერი პერანგი ეცვა. ქალი ერთიანად თეთრებში გამოწყობილიყო. ის ნელა მიიკვლევდა გზას ქვიშაბალახიან დაღმართზე.
აქეთ წამოდი, აქეთ არის ნავების გაქირავება - უთხრა ვაჩემ და პირველმა ააბიჯა ფიცარნაგზე.
მარგარეტი უკან მიჰყვა.
ხომ არ ჯობდა, უფრო მყუდრო ადგილი შეგვერჩია? - იკითხა მან და წყლის ველოსიპედების გაქირავების პუნქტს მიუახლოვდა.
რომელი გნებავთ? - წამოხტა ახალგაზრდა ბიჭი.
ვაჩემ თვალით ანიშნა მარგოს, აარჩიეო.
-ეს - მარგარეტმა წყლის წითელი ველოსიპედისკენ გაიშვირა ხელი.
ვაჩემ წყალში შეაცურა ველოსიპედი და მარგარეტს ჩაჯდომისას ისევ შეაშველა ხელი.
-უფრო მყუდრო? - ჩაეკითხა ის მარგოს - ამაზე მყუდრო ადგილს სად ნახავ? ხედავ? არავინაა, ერთი-ორი ენთუზიასტი მორბენლის გარდა. ისინიც სადღაც შორს, ტბის გარშემო დარბიან.
-ჰო, რა ვიცი…
ჩასხდნენ. ორივენი ატრიალებდნენ ველოსიპედის ბორბლებს. ერთხანს ჩუმად იყვნენ. მერე ვაჩემ დაიწყო.
-მძიმე დანაშაული მოხდა, მარგო.
-მართლა? რას მელაპარაკები.
-ჰო. …. მე უკვე ბევრი რამ ვიცი, მარგარეტ. გამოგიტყდები, ერთხანს შენზეც მივიტანე ეჭვი.
-ჩემზე? - მარგოს ხმამაღალი სიცილი აუტყდა - ჩემზე? ა-ჰა-ჰა-ჰა. ჩემზე….
-კარგი, დაწყნარდი.
მარგარეტი ძლივს დამშვიდდა და ვაჩეს შეხედა.
-ასეთი ცუდი შემიძლია ვიყო? - იკითხა მან.
-ჩემი შენდამი გრძ … ჩემი შენდამი პატივისცემის მიუხედავად, მე მიუკერძოებელი გამომძიებელი ვარ, მარგო. სხვანაირად არ შემიძლია.
-აჰ. აი თურმე რა ყოფილა. სხვანაირად არ შეუძლია. ოღონდ, პატივს მცემ. როგორც ასეთი.
მარგარეტმა ხელები მაღლა შემართა და თეატრალურად, ნელა დაუკრა ტაში.
-ბრა-ვო! თქვენს ობიექტივშია უდანაშაულო მარგარეტ დავითაშვილი, დამნაშავის პერსპექტივით. უკეთესს ვერ ვინატრებდი. ამის სათქმელად შემომიყვანე ამ ტბაში? გადასარევი ადგილია. და მაინც, რატომ? ხელი რომ გკრა და აქედან გისროლო? თუ, პირიქით, ვერსად რომ ვერ გავექცე ამ წარმოუდგენელი სისულელის მოსმენას?
ვაჩეს უნებურად გაეცინა.
-მაპატიე. მინდოდა ლამაზი გარემო ყოფილიყო.
მარგარეტს მოულოდნელად ცრემლები წასკდა.
ვაჩე შეწუხდა.
-არ უნდა მეთქვა.. მარგო, მაპატიე, გეხვეწები. ჩემი ერთ-ერთი აზრი გითხარი უბრალოდ. დაწყნარდი, გთხოვ.. - მან ხელები გაიწვდინა რომ მარგო დაემშვიდებინა, მაგრამ მარგომ გასწია მისი ხელები, თან, ერთიანად ცახცახებდა.
ვაჩემ ტუჩები მოიკვნიტა. -მაპატიე, მარგარეტ. მე უფლება არ მქონდა, შენთვის რამე დამემალა. გინდა, რომ დამემალა?
-არა.. - ნერწყვი ჩაყლაპა მარგომ - არა, რა თქმა უნდა არა. მე მაპატიე… ვერ მივხვდი რა დამემართა. მეც არ ვიცი…
-ბოდიშს გიხდი. ჩემთვის მძიმე საყურებელია შენი ცრემლები.
ამის გაგონებაზე ჯერ კიდევ თვალებდაწითლებულ მარგოს რატომღაც, ჩაეღიმა. ვაჩეს ეს არ გამოპარვია. ჰმ…
-კარგი. დავმშვიდდი. შეგვიძლია, გავაგრძელოთ. რაზე შევჩერდით? ხო, მე რომ მძარცველი ვარ, იქიდან გავაგრძელოთ.
-დიდხანს უნდა მაძახო ეს ნათქვამი?
-მთელი ცხოვრება! - წამოიძახა მოულოდნელად მარგარეტმა.
ამჯერად ვაჩეს გაეღიმა.
- მიხარია, თუ მთელი ცხოვრება მომიწევს შენი მოსმენა. თუნდაც, მიბრაზდებოდე. ხანდახან. - დააზუსტა ბოლოს.
- გადარეული ხარ - გაეცინა მარგარეტს - ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ... კარგი, დავუშვათ, არ ვარ მძარცველი. მერე? მერე რა ხდება?
- კვალი თქვენს ოჯახამდე მოდის, მარგარიტო.
მარგო შეკრთა.
- აჰ. უდანაშაულო უკვე მარგარიტო გავხდი, მშვენიერია. მოიცა, რა თქვი? ჩვენს ოჯახამდე? რა სისულელეა? მესმის, რომ ვერ მიტან - აქ მარგო შეყოყმანდა - ვერ მიტან და ეჭვი ჩემზე მოიტანე, მაგრამ სხვებმა რაღა დაგიშავეს? ხვდები, რამხელა სკანდალი მოყვება ამას?
- ძალიან ვწუხვარ, მარგო...
მარგომ ამოიოხრა.
- მე რატომ გეგონე? - თქვა ყრუდ და თვალი გაუშტერდა.
- იმიტომ, რომ ძალიან ცდილობ, ეს ამბავი არ გამოვიძიო და ყველაფერს მიმალავ. მერე მივხვდი, რომ რომელიმე ახლობელს აფარებ ხელს.
- არავის არაფერს არ ვაფარებ. გავიგე, რომ ვიღაც ჩემიანი დამნაშავე გგონია. მე კი მგონია, რომ გიჟი ხარ. ფაქტები გაქვს? როგორ დაამტკიცებ?
- მაქვს, რა თქმა უნდა. ჰო, ამ გახსენებაზე, ვარდების ბაღში შენ ხელი შემთხვევით არ გაგიკაწრავს, ხომ ასეა? წაიქეცი თუ წაგაქციეს?
- წავიქეცი… - თავი დახარა მარგომ - სხვის სატელეფონო საუბარს მოვკარი ყური. არ მინდოდა შევენიშნე, ფეხი უკან გადავდგი და ვარდებში გადავიჩეხე.
- ვის უსმენდი, მარგარეტ?
- ელენას - მოულოდნელი ხალისით უპასუხა მარგომ - ელენას პირად საუბარს. - გაბრაზდებოდა, რომ ენახა, შემთხვევით მისი საუბრის მოწმე გავხდი და მომერიდა.
- რატომ მატყუებ?
მარგომ მხრები აიჩეჩა.
- მკითხე და გითხარი. რატომ უნდა გატყუებდე?
ვაჩემ ამოიოხრა. სიჯიუტეში ბებიას ჰგავს. რა გაეწყობა.
ისინი დიდხანს სეირნობდნენ ტბაზე, მაგრამ ვაჩემ მარგარეტს ამ თემაზე მეტი ვერაფერი დააცდენინა.
ამოხსნილი ამოცანა
ოფისში დაბრუნებული გამომძიებელი ფაქტებს აჯამებდა. გვიანობამდე უკირკიტებდა ყველა სამხილს, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით დაუგროვდა. ადარებდა თარიღებს და დაკითხვის ჩანაწერებს. გაუჩერებლად ფურცლავდა საყვარელ ბლოკნოტს და ვერ ამჩნევდა, როგორ ბინდდებოდა გარეთ.
საბოლოოდ, კმაყოფილმა დახურა ბლოკნოტი.
- ესეც ასე… გამოძიება დასრულდა - თქვა ვაჩემ და მობილურზე მარგარეტის სახელი აკრიფა - მარგო.. მე ვარ. მისმინე… რაღაც მინდა გითხრა. სახლში იქნები? მოვალ.
- მოდი - გაისმა მარგარეტის ხმა.
ერთ საათში ორივენი მარგარეტის ოთახში ისხდნენ. ცოტა ხნის საუბრის მერე მარგარეტმა ყრუ ხმით იკითხა:
- აუცილებელია, გამოძიების შედეგები ოფიციალურად გამოვაცხადოთ? გეხვეწები, ვაჩე - მას თვალები აუწყლიანდა.
- როგორ გითხრა, მარგო. მესმის, რომ არ გინდათ ამ ამბავის გახმაურება, მაგრამ, ასე არ გამოვა, თუმცა შემიძლია დრო მივცე, რომ განძი დააბრუნოს. ასეთ შემთხვევაში, საქმე შემსუბუქდება - გაუღიმა ვაჩემ და ფრთხილად დაადო ხელზე ხელი. ამჯერად მარგარეტს ხელი არ გაუწევია.
- ბებიამ ყველაფერი იცის. ერთი კვირაა არ უძინია, ტირის და ნერვიულობს. მან კი შვებულება აიღო და ქალაქგარეთ წავიდა. მიხვდა, რომ ეჭვი ავიღეთ და გაგვერიდა.
დრო უკან არ ბრუნდება
ქუჩაში მიმავალ ვაჩეს ვიღაც დაეწია და მხარზე დაადო ხელი.
ვაჩე მოტრიალდა.
რობერტ დავითაშვილი მკაცრი მზერით უყურებდა.
- ჩამოხვედი? - ჰკითხა ვაჩემ.
- ყველაფერს მიხვდი, არა? - დახშული ხმით უთხრა რობერტმა.
- რა თქმა უნდა. ესაა ჩემი საქმე - უპასუხა ვაჩემ და მზერა გაუსწორა - კაცურად, არ გრცხვენია? ამ საქმეში ოფიციალური პირი რომ არ ვიყო, თავყბას გაგიერთიანებდი.
რობიკო შეჭმუხნული სახით უყურებდა.
- მე ყველაფერს დავაბრუნებ - ამოთქვა მან - მე ეს არ ჩამიფიქრებია. მე… მე ბოროტმოქმედები გადავიკიდე.
- შენზე უარესი? - გაეცინა ვაჩეს.
რობერტმა ამოიოხრა.
- ვიცი, შეუძლებელია ჩემი გაგება. და მაინც, მე… მე ყველაფერს გამოვასწორებ.
- კარგი ერთი - ირონიულად უთხრა ვაჩემ.
- მე მხოლოდ ჩემი წილი მინდოდა! ისინი კი გაცილებით მეტს მოითხოვენ. მე უარზე ვარ. მემუქრებიან...
- აბა რა გეგონა? დამნაშავეები თავზე ხელს გადაგისვამდნენ? და მილიონებს უპრობლემოდ დაგითმობდნენ?
არა, თავზე ხელი არ გადაუსვიათ, ქუჩაში ჩავლილი მანქანიდან ვიღაცამ იარაღი გადმოყო და ფეხები დაუცხრილა რობერტ დავითაშვილს.
- რობიკო! - დაიყვირა ვაჩემ და ჩაკეცილ რობის მივარდა.
რამდენიმე საათის მერე ვაჩე დავითაშვილების სახლში მივიდა. ოჯახი ერთად იყო შეკრებილი.
- მეგობრებო. რაღაც უნდა გითხრათ… უსიამოვნო ამბავი მოხდა… ოღონდ, ნუ შეგეშინდებათ. რობერტი დაჭრეს. სასწრაფომ უკვე გადაიყვანა კლინიკაში. მე ვახლდი. - ვაჩე ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა.
- რობერტ! - დაიკივლა ელენამ და გული წაუვიდა. ყველანი მას მისცვივდნენ
- ბებო, ბებო - მარგარეტი შეშინებული უთათუნებდა ხელებს ლოყაზე - ბებო, გამოფხიზლდი.
ელენა დადიანმა ძლივს-ძლივობით გაახილა თვალი.
- ჩემი პატარა ბიჭი - ამოიჩურჩულა მან.
რატომ
რობერტ დავითაშვილი შევიცარიაში გაიზარდა.
ზღაპრების ნაცვლად, მას უსიამოვნო ამბებს უყვებოდნენ..
დედამისი ნაწყენი იყო დავითაშვილების ოჯახზე და პატარა რობიკოსთან არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა.
დროთა განმავლობაში, რობერტმა თვითონვე გაიცნო ოჯახი და ორად გაიხლიჩა… აღმოაჩინა, რომ ისინი არც ისეთი უგულოები იყვნენ, როგორიც ეგონა. თუმცა, ბავშვობიდან ნასწავლი ნეგატივი ღრღნიდა.
- მან ჩვენი ცხოვრება არია - ახსენდებოდა დედის სიტყვები - ხელს მიშლიდა ქმართან ნორმალური ურთიერთობა მქონოდა. მუდამ მაკრიტიკებდა და ვინ იცის, ვატოს რეებს ეუბნებოდა.. შემეშინდა, ოჯახი არ დამნგრეოდა და გამოვექეცი. გამოვარიდე ვატო..
რობერტი ძალიან ბრაზდებოდა ამ ამბავზე, თუმცა, ცოტა რომ მოიზარდა, სხვა აზრიც გაუჩნდა. ფიქრობდა, რომ არ შეიძლება დანებება და გაქცევა, რომ პრობლემები უნდა მოაგვარო. გულში მამასაც საყვედურობდა, რომ ვერ შეძლო ცოლსა და დედას შორის ურთიერთობის დალაგება.
რობერტს გულწრფელად შეუყვარდა ბიძაშვილები და ბებიაც, თუმცა, ცდილობდა, თავისი თავისთვის შეეხსენებინა, რომ ამ ქალმა მის მშობლებს ცხოვრება გაუმწარა.
განძის ამბავმა ჯერ გაახარა, მერე კი მოსვენება დააკარგვინა. ბრაზობდა, ვერ გაეგო რატომ უნდოდა ელენას ნახევარი სახელმწიფოსთვის გადაეცა. შვილიშვილებისთვის გამდიდრების ასეთი შანსი წაერთმია.
საბოლოოდ, თავში ბოროტი აზრი მოუვიდა, რომელიც ვერაფრით მოიშორა. სინამდვილეში, მილიონებზე მეტად, შურისძიების ჭია არ ასვენებდა, თუმცა, ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. თავს ირწმუნებდა, ბებიას აზრი, ნახევარი ქონება მუზეუმს გადასცეს სისულელეა და ამისგან მინდა გადავარჩინოო.
ფიქრობდა, განძის მეხუთედს გავყიდი, დანარჩენს ბებიას და ბიძაშვილებს დავუბრუნებო. თვითნებური განაწილება გამოუვიდა, მაგრამ ასე გადაწყვიტა. არადა, ვინ ეკითხებოდა ბებიას ქონებას?! იქნებ, სულაც არავის არაფერს უტოვებდა ელენა დადიანი, მერე რა, რომ შვილიშვილები ჰყავდა?!
ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად გავაკეთებ - გეგმავდა რობერტი. აზრადაც არ მოსვლია, რომ განცდებს შეიძლება ბებია თან გადაყოლოდა.
როგორც შავბნელ საქმეებში გამოუცდელი ადამიანი, თანამზრახველების პოვნას შეეცადა და ბოლოს, ვიღაცები იპოვა კიდეც - ორი თავზეხელაღებული რეციდივისტი. ნელ-ნელა მიხვდა, რა ავანტიურაში გაეხვია. ათასგვარი ხრიკის მოფიქრება დასჭირდა, რომ მასზე ეჭვი არავის მიეტანა, მუქარის წერილის დაწერა და საკუთარ თავზე თავდასხმაც კი, თუმცა ვერც ამ თავდასხმის შედეგებიც ვერ მოზომა და კინაღამ ორივეს სიცოცხლე შეიწირა.
ელენა დადიანი უკვე ხვდებოდა რაღაცას, ამიტომ, დიდად არ შეშინებულა. უბრალოდ, გული სწყდებოდა და ნატრობდა, მისი ეჭვები არ გამართლებულიყო.
ვაჩე ამას შეძლებისდაგვარად წყნარად და თანმიმდევრულად უყვებოდა დავითაშვილებს.
- რა გინდა, მიზანს მიაღწია - მშვიდი ხმით აღნიშნა ლილიანამ და ყავა აუღელვებლად მოსვა - კაი ხანს, ვეღარავინ გაბედა მასზე ეჭვი მიეტანა. საწყალი ჩემი და. კიდევ კარგი, ცოცხალი გადარჩა.
- მეცოდება რობიკო… - თქვა მარგარეტმა… - მიუხედავად ყველაფრისა.
- რას ამბობ?! უნამუსო ეგ! ის დამნაშავეა, მარგო - უპასუხა ლილიანამ - ეს რეები ჩაიდინა.
თანამზრახველები განძის როლისთვის გადაცემას არ ჩქარობდნენ. რობერტმა მოახერხა და განძის ნაწილი სახლში, სეიფში შეინახა. სეიფი შემთხვევით შეამოწმა მორისმა და მიხვდა, რომ ამ ამბავში ოჯახის რომელიღაც წევრი იყო გარეული. მას სკანდალის თავიდან აცილება უნდოდა და მეგობარს, კონსტანტინე ანფიმიადს სთხოვა დახმარებოდა, როგორმე დაეთანხმებინათ რობერტი, განძი უპრობლემოდ დაებრუნებინა უკან. სწორედ ამიტომ დაუთქვა კონსტანტინეს შუაღამის შეხვედრა.
იმ ღამით მარტამ სეიფთან სწორედ, მაურუსიო სიხარულიძე და კონსტანტინე ანფიმიადი დაინახა და თუმცა ძალიან უჭირდა, ხელი დაედო თავისი საყვარელი ოჯახისთვის, ყველაფერი ვაჩეს უამბო.
ამასობაში, რობიკოს ამბავი ოჯახის ყველა წევრმა გაიგო. მიუხედავად შოკისა, ცდილობდნენ, სკანდალის გარეშე დაებრუნებინათ მემკვიდრეობა. გადაწყვიტეს, როგორც კი ქალაქგარეთ წასული რობერტი დაბრუნდებოდა, ეიძულებინათ, განძი დაებრუნებინა.
თუმცა, ბოროტმოქმედებმა რობერტი საავადმყოფოს გზას გაუყენეს.
საბედნიეროდ, მან მოახერხა და ვაჩეს დახმარებით პოლიციას მათი ვინაობა შეატყობინა. სპეცოპერაციის შედეგად, განძი უკლებლივ იქნა ამოღებული.
ამასობაში, ვაჩე ანფიმიადსა და მაურისიოს ელაპარაკა, დარწმუნდა, რომ არც ერთი მათგანი არ იყო დამნაშავე. ისიც შენიშნა, რომ ეჭვი ჰქონდათ დამნაშავეზე, მაგრამ არ ეუბნებოდნენ.
რატომ? ისინიც ახლობელს აფარებდნენ ხელს - დაასკვნა ვაჩემ.
დარჩნენ რობერტი, მარგარეტი და ლილიანა.
თავიდან, ეჭვი თავის საყვარელ მარგარეტზე მიიტანა. ძალიან უმძიმდა, მაგრამ იმ მომენტში ფაქტები ასე მეტყველებდნენ. ბოლოს ხელთ ლილიანა შერჩა.
ერთი შეხედვით, ლილიანას შეეძლო ამის გაკეთება. ცოტა ცივგულა, ფუფუნებაზე მეოცნებე გოგონას. მას გვერდით ჰყავდა საქმრო და ცოლ-ქმარი ანფიმიადები. ცხენებში გარკვეული. შეიძლებოდა მოსვლოდა ასეთი ორიგინალური აზრი, რატომაც არა?!
- თუმცა, ვხვდებოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ლილიანას ეს არ გაუკეთებია.
- კიდევ კარგი! - ჩაერთო ლილიანა - ვაჩემ ეჭვები მე გამანდო.
- შენი რეაქცია მაინტერესებდა. ამის მიხედვით ბევრ რამეს მივხვდებოდი.
- მე ჩემს დაფაზე ჩავიწერე რომ ვაჩესთვის რობერტი მეხსენებინა. მიჩვეული ვარ ყველაფერი ჩავიწერო. ვაჩე. რ.ანუ რობერტი. ბანკის წარმომადგენელთან მინდოდა ლაპარაკი. ბანკის, რომელშიც რობერტმა ანგარიში გახსნა და რაც შემთხვევით გავიგე. დაფა საწოლზე მივადგე და ბებიასთან გავედი. ამ დროს კი ჩემს ოთახში, მაინცდამაინც, რობერტი შემოვიდა და ყველაფერი წაიკითხა. ძალიან შემეშინდა.
- რობერტმა გარისკა. მისთვის მოულოდნელი იყო საქმის ასე გართულება. დამნაშავეებისგან თავის დაღწევა გაუჭირდა. მათ რობიკოს შანტაჟი დაიწყეს, მის ოჯახს ემუქრებოდნენ და კინაღამ იმ ქვეყნად გაისტუმრეს.