ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აღმოსავლეთის კონგრესი

აღმოსავლეთის კონგრესი

აღმოსავლეთის კონგრესი

ციხეში ბუნტია. ისტერიულად, გაბმით რეკავს ტელეფონი და ადამიანის არსებაში აღწევს შფოთის ხმა. ბავშვობიდან ასეა, ყოველთვის სახლიდან მინდოდა წასვლა, როდესაც ტელეფონი რეკავდა, მობილურების გამოგონებამ კი საბოლოოდ გამომკეტა სოციუმში;

ადამიანთან ურთიერთობა უფრო ზრდილობიანად, ეთიკის ფარგლებში დადებული მარწუხებია, ისევე როგორც მათი უფლებები. ყოველი თავისუფალი მოქალაქე უარყოფს, რომ მათ უფლებებს აქვს საზღვარი, რამეთუ მოქალქე თავისუფალია! თითოეული თავისუფალი მოქალაქე აღჭურვილია გამოხატვის თავისუფლების გარანტირებული უფლებით, ამიტომაც ის გამოხატავს საჯარო ბიბლიოთეკაში მაგიდაზე შემოწყობილ ფეხებს, ან სათქმელს ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე, ფერიცვალებას ეგოცენტრიზმიდან ცრუ ღმერთამდე... როგორც წესი გამოხატვის თავისუფლებით აღჭურვილი თავისუფალი მოქალაქე ერთ კაცს მაინც აკარგვინებს თავისუფლებას. სამწუხაროდ ციხეში მოხვედრის მიზეზთა ნაკადული არ დაშრა, პირიქით დინებამ მოიმატა. ისე, რამდენჯერ მიფიქრია 1948 წელს მელანი დააკლდათ თუ ფურცელი დაენანათ ამ გენიალური დეკლარაციის არქიტექტორებს და ავტორებს, არა მიაწერე ბარემ, რომ ადამიანს აქვს უფლება იყოს პატიოსანი, ზრდილობიანი, ეთიკური, ან იქნებ საერთოდ ამით დაწყება ჯობდა და შემდეგ სიცოცხლის უფლება. აღმოსავლეთის კონგრესი უნდა ყოფილიყო პირველი შუამავალი სურვილებსა და პატივისცემას შორის ჩანგრეული ისტორიული ხიდის აღსადგენად, უნდა მოეფიქრებინა რაიმე ისეთი ცნობიერების ნაკადი ანარქიის უფსკრულში გადავარდნისგან რომ ეხსნა. აქ კი, ადამიანის უფლება დამცველები უფლების დაცვას ცდილობენ, ხოლო პატივისცემას ერიდებიან, რადგან ეს უკვე მათი საქმე არ არის. გამოსავალი შესაძლოა ყოფილიყო კომუნიკაციის მარტივი მექანიზმი, უფრო ფილოსოფიურ-თეოლოგიური შეხედულება, რომ ადამიანი უბრალოა და მასთან ურთიერთობა მარტივი, მოექეცი ისე როგორც გინდა რომ გექცეოდნენ შენ, იფიქრე მასზე, იზრუნე... და დღეს როდესაც ტექნოლოგიური განვითარება ფიქრის ჩანაცვლებას უბადლოდ ართმევს თავს, აღმოსავლეთის კონგრესმა არჩევანი შეაჯერა და შექმნა ცხელი ხაზი, თუმცა თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ არ იმუშავა, რადგან ოპერატორმა უფლებები და სურვილი ერთმანეთისგან ჯეროვნად ვერ გამიჯნა.

აღმოსავლეთის კონგრესი ისტორიულ ადგილას არის განთავსებული. ჯერ კიდე ცხელი ხაზის შექმნამდე, მანამდე, დიდი ხნით ადრე სიონის ტაძრის გვერდით, თავდაპირველად აშენდა სოფია, თეთრი ქვისგან ნათალი სვეტებით, ჯერ კიდევ წელთაღრიცხვამდე გადმოცემებში ამბობენ, რომ შუადღის მზეზე, ხელის გადასმით ქვა ზაფრანის ფერს და სუნს იღებდა. ეს იყო პირველი ‘აღმოსავლეთის ტაძარი’, რომელშიც მხოლოდ სახელმწიფოს მართვის ოსტატობა და საქმიანობისთვის გამოსაყენებელი ცოდნა იწრთობოდა. აქ ისწავლებოდა სამეფო სიბრძნე, იმართებოდა სამეფო სასამართლო, თავდაპირველად ამ ადგილას იყო სამეფო სასახლე, რაინდული სულისკვეთება და ადამიანებს ხედავდნენ, აფასებდნენ... ამბობენ, რომ მაშინ არავინ - არავის შუბლით არ აწვებოდა, ხოლო გამოხატავდნენ ყველაფერს თავშეკავებულად, თუმცა მკაფიოდ. შეიძლება ეს სულაც არ იყო მიზეზი იმსა, რომ სოფიამ - ამ სამეფო სახლმა დროის ქარტეხილებს ვერ გაუძლო, ახალმა მოღვაწეებმა სამოსამართლო მჭევრმეტყველებას შეურიეს, საქმეს დააცილეს და ცუნდრუკსიტყვაობისკენ წარმართეს. ესეც ადრე იყო, ისტორია გადმოგვცემს უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, დღევანდელი სოფისტები პოლიტიკაში მოეწყვნენ სამუშაოდ. მათი მეტყველებისაგან დამშრალი და დახეთქილი ენა ოთხ წელიწადში ერთხელ განიცდის შემოქმედებით კრიზის, ხოლო წყურვილის მოკვლის ერთადერთი საშუალება თვითონ ხალხია, დემოკრატიულ სახელმწიფოთა ანკარა წყარო. 

სუფთა წყლის მაძებარი მოსახლეობა მეზობელ ქვეყნებში გაიხიზნა, არა თავშესაფრის, არამედ უფრო დახმარების საძებნელად, მემატიანეც უახლეს ისტორიას ასე გადმოგვცემს პატარა ქვეყანა სახელმწიფოს გარეშე, სადაც შორეული თუ კარის მეზობლები გავლენების მოსაპოვებლად ძმობას იფიცებოდნენ.

საერთოდ მეგობარ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებები არ აღელვებთ, თუმცა ვინაიდან მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის - კონგრესის შექმნა. ამ მოთხოვნით გამოგვიწოდეს კიდეც დახმარების ხელი, კეთილგანწყობის მოპოვებისა და შეიძლება ითქვას ლიბერალურ-დემოკრატიული მნიშნველოვანი საკითხების შეფუთვის მიზნით. რატომ აღმოსავლეთის კონგრესი არ ვიცი... ალბათ, რადგან მეგობრული რჩევაა დასავლეთიდან. სიტყვას ძალა აქვს, იმ მხრიდან გაგონილს კი შემწეობის მოლოდინი. დასავლეთსაც ვერ გაამტყუნებ ჰუმანურობის გაყიდვას დაეჩვია პაპუასებთან და ჩვევა უმტკიცესია. აბორიგენები გულუბრყვილო ხალხია, მეგობრობის ალალად სჯერა, პატიოსნად.

საზოგადებამ ამ ინტიტუტს მოგვიანებით აღმოსავლეთის კონგრესი შეარქვა, როგორც ჰორიზონტს მიღმა ჩამოტანილს, საკუთრივ მისთვის დანერგილს და ამერიკული თავისუფლების სიმბოლოს.. კონგრესმა დღემდე მოაღწია და თავის მხრივ შესაძლებლობებით აღჭურვილია, ხელი მიუწვდება პროკურატურაზე, სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაზე, თუმცა ერთადერთი ვალდებულება აქვს დარღვეული უფლებების შესახებ საჩივარზე შეადგინოს ოქმი და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ეს უკანასკნელი კი წკვარამში ხელების ფათურია და სხვა არაფერი. რაღაცით კარგად მოფიქრებულ დაზვერვის სამსახურს ჰგავს, შეგიძლია მიიღო ინფორმაცია ნებისმიერი სახელმწიფო უწყებიდან, ნებისმიერ გასაჭირში მყოფ ადამიანზე და ვერაფრით ეხმარები ამ ადამიანს, რჩები ასე - სახტად ინფორმირებული.

ცხელი ხაზი სწრაფი რეაგირების მექანიზმია, ძირითადად ღამით უფლებათა სადარაჯოზე საგუშაგოდ. მისაღები განყოფილების გოგოები მთელი დღე ელიან თვალებს იღამებენ, ღამით ყარაულობენ ძილს იფრთხობენ, მაგრამ ქალაქის მოძველებული ტელეფონი აქამდე დუმდა. მე რადგან დღის ცვლაში ვმუშაობდი და არც სწრაფი რეაგირების ჯგუფში ვირიცხებოდი, საერთოდ არ მადარდებდა. დღეს კი ერთიანად, შეუქცევად, ყველასგან მოულოდნელად ამოხეთქა. ამბობენ - ციხეში ბუნტიაო. ერთის მხრივ, ახლად დანერგილი სისტემა მუშაობს და „სხვაგან მოხვდით“ არ დაფიქსირდა, ამიტომ კოკასთან სანაძლეო საბოლოოდ მოვიგე. კარგია, მაგრამ ძალიანაც არ გამიხარდა, რადგან ციხე სხვაა. ციხეში, მხოლოდ ჩვენ თუ წავალთ.

ჩვენ შორის პირველმა კოკამ დატოვა სამსახური, მანამდე კი ოთახში აჩაჩული ტანსაცმლით შემოვიდა, კანი ხორბლისფერს იკრავდა და მთელს მხრებამდე ეყარა თავთუხის ფერი ფაფარი, თვალების ნაცვლად თითქოს საფირონი ჩაესვათ და თმების მიღმა ბრდღვიალებდა ცასავით. როდესაც მოვიდა დეპარტამენტი შეივსო და რადგან ყველას ეზარებოდა ახალის გაწვრთნა პრაქტიკულ საქმეში, მეწყვილედ წილად მე მერგო. გაუგონარი, შეუცნობელის მიმართ დაუცხრომელი, ყომარ-ბაზებში აზარტული, უფლება დამცველებში გულისხმიერი და ჩვენზე შედარებით ახალგაზრდა, რომელიც ციხეებში აღამებდა, დილით კი სამსახურში ყოველთვის იგვიანებდა.

დღემდე მხოლოდ კოკა რეკავდა ცხელ ხაზზე, თავიდან სანაძლეოს მოსაგებად მოიფიქრა, მაგრამ მერე მუღამში შევიდა. ეგეთი ტიპია, ეს წიგნი რომ დაეწერა გეტყოდათ: გაუმარჯოს, მოდი მაზიანი (დავნაძლევდეთ) უეჭველი ვიცი ახლა რასაც აკეთებ, წიგნს კითხულობ! აი, ეგეთი მაზალო ტიპია. რეკავდა და ეზოპეს იგავებს ყვებოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით.

ცხელი ხაზის გოგონებთან, რა თქმა უნდა, პირველ ზარი დაოქმდა და ხიდის ქვეშ ნაცემი, უფლება შელახული ადამიანის დასახმარებლად (შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით) სასწრაფოდ გავიდა სწრაფი რეაგირების ჯგუფი. ოქმში ჩანიშნული ინფორმაცია საგრძნობლად მწირია, ამიტომ ჯგუფის უთავბოლო ყიალს, კომპეტენციის დატოლება მოჰყვა, აღმოსავლეთის კონგრესში ნაწილი ცხელი ხაზის კრიტიკას მოყვა, დანარჩენები გამართლებას. დაძაბულობა სენატორს უნდა განემუხტა, რომელმაც პირველად და უკანასკნელად, უპირველესი ინტერესი საქმეს მიანიჭა და ბუნდოვანი გარემოებების გასარკვევად მომჩივანთან პირადად, საკუთარი ტელეფონით დარეკვა გადაწყვიტა. აღმოჩნდა რომ კოკას ნომერი ჩანიშნული ჰქონდა. კოკა არ გვპასუხობს რადგან ციხეშია. აღმოსავლეთის კონგრესის თანამშრომლები, უკლებლივ ყველა ოფიციალური საყვედურის მოლოდინში ვიძინებთ, ნაწილს უდავოდ ესიზმრა პირადად როგორ გამოლანძღა კოკა.

დილით აღმოჩნდა, რომ ძუნწის და ოქროს იგავის მსმენელებმა „შენახულის“ ნაცვლად გაიგონეს - „შელახული“, უფლების ნაცვლად ქვის დამარხვაზე გაცილებით მძლავრი არგუმენტი კი შემდეგ, სახელმწიფოებრივი აზროვნების წყობაში გახლართული ბადე აღმოჩნდა, რომელშიც მელოდიური წყობით, ჰარმონიული ტემბრით გაება მთელი აღმოსავლეთის კონგრესი, რადგან კოკას აზრით ახალი დეპარტამენტის ფუნქციონირება და შესაძლებლობები უნდა გადამოწმებულიყო. ჟღერდა, როგორც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - Leck mich im Arsch. გაბრაზებულ გულზე, კოკას მხოლოდ იმის გამო მოხვდა, რომ დილით დააგვიანდა, თუმცა იგავები ბლომად იცოდა და მიმაჩნია, რომ ისევ კოკას ოინები ჯობს. აბა ახლა, მძიმე ამბებია..

საწყალი გოგოები მისაღები განყოფილებიდან ერთმანეთს აწყდებიან, ხელმძღვანელები ალტერნატიულ წყაროებს, პენიტენციური სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან რეკავდნენ. ისე ამათი რიგიანად ვერაფერი გავიგე. სულ ერთმანეთს აფრინდებიან თვალებში, საქმიან შეხვედრებზე, წერილების შინაარსში, საერთო ტრენინგებზე, მოკლედ რომ ვთქვათ, უწყებათა შორისი პოლიტიკა მტრობაა, მაგრამ რამე მოხდებოდა, თუ არა თავაზიანები ხდებოდნენ. ეს უეცარი გარდაქმნა ფაიზაღი სადღაც ასწავლეს, უნივერსიტეტი არ იქნებოდა ძალიან ბუნებრივად გამოსდიოდათ. ესეც არ იყოს უნივერსიტეტი, მეც ხომ დავამთავრე და ვერაფერი. საერთოდ არანაირი გარდაქმნა. გვერდიდან მაყურებლის კვალობაზე, ცოტას მაინც ვამართლებ, როგორც ჰუმანურობის სახელით წარმოებულ დიპლომატიას, ანუ სიცრუის პატრიოტულ ხელოვნებას მაღალი, მნიშვნელოვანი საჭიროებათათვის, რომელსაც გადაუჭრელი საკითხების გვერდით გადადება და ურთიერთობების დალაგება შეუძლია. მით უმეტეს, ამჟამად სერიოზული  ქაოსი შეიქმნა.

შენობა, რომელსაც თანამედროვე ლიბერალები აღმოსავლეთის კონგრესს ეძახიან პენსილვანიაში მიღებული თავისუფლების დეკლარაციისადმი მიძღვნილი პატივის მისაგებად, ძველია. სოციალისტების მიერ მიტოვებული ქარხანასავით მუშაობს, რუდუნებით, წითელი ჯვარის წყობითა და პრინციპით. აქ დასაქმებულს საჯარო მესვეური ჰქვია, რადგან ხალხის საკეთილდღეოდ შრომა ვალად ადევს და რადგან ჩვენ ციხის მიუწვდომელი ზღუდეების გადალახვა შეგვიძლია შეუზღუდავად. ციხემ თავისთან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი წალეკა, ხოლო პატიმრების გულშემატკივრები სიმშვიდეს საპყრობილის კარიბჭის ზღურბლზე ბოლთის ცემით პოულობენ, სხვათა შორის უფლებები ამ დროს, ამათაც ნაკლებად ადარდებთ და მხოლოდ ერთგვარი მედიუმი ჭირდებათ თავისუფლებაზე დარჩენილ ადამიანებს საპყრობილეში კონტაქტის დასამყარებლად, ჩვენ ვანუგეშებთ. როდესაც მსჯავრდებული კარგად არის ცოლი და დედა განსაკუთრებით გრძნობს შეხვედრის შემდეგ გამოყოლილ სუნს, თითქოს სითბო მიმეტანოს. რა თქმა უნდა, მხოლოდ გულის მოსაგებად არ აღმართულა ეს „ჰუმანიზმის ციტადელი“, მაგრამ პატიმრების ყველაზე დიდი საქმე დაბარებული მოკითხვის მოლოდინია. ერთი სიტყვით, აღმოსავლეთის კონგრესს პენიტენციურ სამყაროსთან დიდად მყარი კავშირი აქვს. უთანხმოება და ურთიერთდამოკიდებულება ამ ორ უწყებას შორის პირდაპირპროპორციულია, რაღაცით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას წააგავს, მაგრამ რომელი რომელია ან როგორ ვერ გავარჩიე. ერთი რამ კი საერთო ნაღდად აქვთ, ორივეს კედლებს უტიფრობა და სიმუხთლე ბევრი უნახავს. არქიტექტორულ შედევრად აღიარებული ნაგებობა ყავლგასულია. სიძველისგან ნირწამხდარი, დაბზარული და ჭრიალა. ავარიული მდგომარეობის გამო ზედა სართულზე მთლიანად ბიბლიოთეკა მოაწყეს, ამგვარად სართული მოხერხებულად, შფოთის გარეშე გააუქმდა. იმ შემთხვევაში, თუ თევზი ლპობას თავიდან იწყებს, ალბათ შენობა ბოლო სართულიდან უნდა ჩამოიქცეს. ამ საკითხზე ბევრს მაინც არ მოვყვები, ჯერ ერთი ძველ ქალაქში ნგრევა გასაკვირი არ არის, ასევე ამის გამო შეიძლება გაგვასახლონ და პორტატული კომპიუტერით ხელში ბოშათა ბანაკად გადავიქცევით. საქმიანი მოგზაურობა კი ყველას ეზარება, ძალიან დამღლელია, ამიტომ აღმოსავლეთის კონგრესის ჭკვიანმა მმართველებმა როგორც ჟონგლიორი, ფრაკში გამოწყობილი მომნუსხველი კაცი გადაიტანს ხოლმე ყურადღებას და ცილინდრში ჩასმულ ბაჭიას გააქრობს, ისე გააქრეს მეოთხე სართულზე სულიერის ჭაჭანება. ალბათ ჩრჩილი თუ შეფრინდება დროგამოშვებით, სეზონურად, თვითონ ბიბლიოთეკარს მანამდე და მერეც სამზარეულოში ცხოვრება არ მოუშლია. დანარჩენ სართულებზე ოთახის კარები ყოველთვის ღიაა. ამ ტრადიციის ერთადერთი შემოქმედი აქედან გაღწევის, გადარჩენის სურვილია, რომ პოტენციური ნგრევის შემთხვევაში კარები ჩარჩოში არ გაიჭედოს და მერე მართლა წითელი ჯვარი არ დაგვჭირდეს. სენატორი, მისი მოადგილეები და მათი კურატორობის ქვეშ მყოფი ხელმძღვანელები ნანგრევებში მოყოლას, ასევე ოსტატურად ერიდებიან და სამსახურის ნაცვლად შეხვედრებზე დადიან. შეიძლება ითქვას, რომ ყველა თავისებურად აღნიშნავს ბაირამობას. გარდა ამისა, აღმოსავლეთის კონგრესის შენობაში დარჩენილი „ღია კარი“ მოსმენისა და დასმენის თაყვანისცემის კულტად გადაიქცა, ცრუ ღმერთების მიმართ სამლოცველო ტოტემი მაიმუნია, ხოლო მანტრა: მე ვხედავ, ვისმენ და გავცემ. ინფორმაციული ნაკადი, რომელიც გონიერ ადამიანს არ სჭირდება აღმოსავლეთის კონგრესის მამოძრავებელი ცენტრია. ჩვეულებრივი ყვითელი პრესა, ყურიდან - ყურში ნაგოგმანები. აქ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თუმცა იცის რეალობისგან განყენებით, ამიტომ ინფორმაციის გემოვნებით მიხედვით არჩევა და გავრცელება ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც მისი გამოგონება. უფლებების და თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე, ჯეფერსონის თქმის არ იყოს ზღვა უნდა ღელავდეს, მაგრამ აღმოსავლეთის კონგრესში მღელვარება, ჭორის გამოგონებით და უსაქმურობით იქმნება, როგორც რაღაცა მნიშნველოვანი. ძირითადად უფლებების დაცვა გვევალება აზრის, სინდისის, რელიგიის, გამოხატვის, სიცოცხლის ერთი სიტყვით კონვენცია ზეპირად ვიცით, ნებაც გვაქვს და რაღაც მაინც გვაკლია, შეიძლება რომაული სიმამაცე. თავისუფლება, ბაზარზე გამოტანილ მწვანილზე იაფად ფასობს, მეტიც უფასოა და რასაც გინდა აკეთებ. სწორედ ამიტომ თავზე შემოლაგებული ფეხები რჩება გარეთ, ხოლო დანარჩენები ციხეში, ასეთი ბევრი მინახავს. ასეთები თავისუფლებას ციხეშიც არ კარგავენ, თუმცა არიან ისინიც, ვისაც არც არასდროს ჰქონია. ვფიქრობ ყველაფერი უკვე გამოგონილია და პრაქტიკაში დამკიდრებული, ზედმეტად თავის შეწუხება საჭირო არაა. მთავარია ამ წყობას ფეხი აუწო და მარაქაში გაერიო.

თანამედროვე მოღვაწეთათვის ფეხის აწყობა განსაკუთრებით მარტივია, თუ კიფოზით დაავადებას შეეგუები, რადგან ახალი თაობა ტელეფონის ეკრანზეა მიჩერებული შუშის თვალებით, არაფერი გევალება გარდა დაკვირვებისა და დამკვირვებლები, სეირის შორიდან მაყურებლები და მათი გამთიშავი ლაკმუსის ქაღალდი ჯერჯერობით არ ჩანს, ალბათ არცაა საჭირო. ადამიანის გონება ბორბლის გამოგონებიდან მობილურ ტექნოლოგიამდე მივიდა, სადაც ბევრი სარგებლობის მიღმა გამომწყვდეულია მისი ცნობიერება. აღმოსავლეთის კონგრესის მესვეურები, ერთგვარი სახეა, საზოგადოების შესანიშნავი ერთეულის რეპროდუქციული მინიატურა, რომელმაც ბუნება განძარცვა. დაჟინებით უმზერდა სამყაროს, აკვირდებოდა უფრო და უფრო დამაჯერებლად, დახვეწილად, სიღრმისეულად, სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით, სანამ არ ამოწურა, მტვრის ნაწილაკების მიღმა მოლეკულები გამოარჩია, ატომი, ატომ-ბირთვი, მილიმეტრის მემილიარდედი, რის შემდეგაც ბუნება თითქოს გაშიშვლდა, იდუმალებისგან და განიძარცვა. მისი გონება მოსვენებას არ კარგავს და სხვა უფრო მნიშვნელოვან საგანს ადამიანის უკირკიტებს. სავსებით ლოგიკურია, რადგან ყოველგვარი მოვლენა, მეცნიერება თუ ხელოვნება ადამიანის მეშვეობით იძენს აზრს. თვალიც ხარბად მოეჭიდა, სულის განჭვრეტამდე უმზერდა და აკვირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ შიგ ვერ ჩაიხედა, მხოლოდ ზედაპირულ ყურადღებას მიეჩვია ადამიანი. ადამიანი, ადამიანის ვირტუალური მეგობარი გახდა, დაკვირვების გარეშე დარჩენილს მეგონებოდა პატივისცემას არ ვიმსახურებ, უბადრუკი ვარ და ჩემს არსებობასაც აზრი არ აქვს თქო. ყოველ დამკვირვებელს თავისი დამკირვებელი ყავს, ისე რომ, როცა ის მას აკვირდება, თვითონ გადაიქცევა იმად ვისაც აკვირდებიან - ბანალური, ლოგიკური ურთიერთქმედებაა, როდესაც ეს რეალობაში გამოჟონავს აუტანელია, მდევარის სინდრომი და შფოთი იპყრობს. ასეა თუ ისე, სრულიად მორღვეულ სივრცეში ცხოვრება წარმოუდგენელია. საშიშია, რადგან მილიარდობით გალაქტიკით სავსე სამყაროში, ისეთში, როგორიც ჩვენია, სადაც მრავალი მზე განუწყვეტლივ ფეთქდება და ქრება, შესაძლოა სხვა უფრო მნიშვნელოვანი სული მოიპოვებოდეს. რა თქმა უნდა, ადამიანი გვირგვინია და მუდამ სამართლიანად მოითხოვს იოტის ოდენ დაკლებულ ყურადღებას, თუ არავინ აკვირდება, საკუთარ თავს კამერით აკვირდება ფოტოს იღებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ეს პროცესი შეიძლება იმდენჯერ განმორდეს სანამ დამკვირვებელი არ გამოჩნდება, შემდეგ დამკვირვებელს აკვირდება ის ვისაც ცოტა ხნის წინ აკვირდებოდნენ. ყველაფერზე მაღლა, ყველაფრისგან განურჩევლად ადამიანის უფლებები დგას, სადად მხოლოდ მისი უფლებაა იცხოვროს, თანაც ისე, როგორც მხოლოდ თვითონ უნდა. საკუთარი თვალით აღქმული ეს ჭეშმარიტება, მატერიალიზებული იდეა აამაღლებს და საშუალებას მისცემს დააკვირდეს დანარჩენებს. საერთოდ ყველაფერი რაც დამკვირვებელსა და დამკვირვებლის დამკვირვებლებს შორის ხდება, ერთობ სიმპტომურია ეპოქისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ; ადამიანი გრძნობს რომ ყველა აკვირდება და თვითონაც ყველას აკვირდება, თანამედროვე ადამიანი დაკვირვების ობიექტია. სახელწიფოც აკვირდება სულ უფრო და უფრო დახვეწილი მეთოდებით, სახელმწიფოსთვის ადამიანი ხდება საეჭვო, ადამიანისთვის კი - სახელმწიფო. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ობიექტია ციხე, შესასვლელში, დერეფანში, თითოეულ საკანზე, ყველა კედელზე ორი, ზოგან სამი ვიდეო მეთვალყურეობის მოწყობილობაა დამონტაჟებული, პატიმარს ოფიცერი აკვირდება, ოფიცერს უსაფრთხოების თანამშრომელი, უსაფრთხოების თანამშრომელს კაპიტანი, კაპიტანს დირექტორის მოადგილე, მოადგილეს დირექტორი, დირექტორს სამინისტრო, თითქოს ყველამ ყველაფერი იცის და ციხეში ადამიანთა მთელი საიდუმლოებები ინახება.

და რადგან ყოველთვის ვცდილობდი გავმხდარიყავი საზოგადების სანიმუშო ნაწილი, მიმაჩნდა რომ აღმოსავლეთის კონგრესი, საუკეთესო, უუუთანამედროვესი ადგილია, რომელიც აკვირდება ადამიანსაც და სახელმწიფოსაც. დაკვირვების შედეგად გასცემს ზოგადი ხასიათის რეკომენდაციას, სახელმწიფომ შეიმუშაოს თავზე ფეხების შემოლაგების გამოხატვისა და პრევენციის შიდა დოკუმენტი. შემდეგ კი ისევ მოვლენების განვითარების დაკვირვებაა საჭირო. საერთოდ ჰუმანურობის აქტის მოტრფიალე ეგზისტენციალისტებს მხოლოდ ერთი ფუნდამენტური დოქტრინა აერთიანებს: არსებობა, წინ უსწრებს არსებას. ეს „მშრალი კანონით“ ცხოვრების წესია, რომელსაც ნორმატიული შინაარსის ფორმა აქვს და დაცლილია ემოციებისგან, როგორც სასჯელი, როგორც ბრძანება - დახვრიტეთ! თანამედროვე ადამიანი გაცივდა. ეგეთი დრო მოვიდა. დღევანდელი პროგრესული უფლება დამცველები, ადამიანის უფლებებზე პროფესიულად გულდამწვარები, რომლებსაც უფლებები უყვართ და ადამიანი სძულთ. პერიოდულად უფლებები მართლა ირღვევა, მაგრამ ხომ ვთქვი არც ჩვენ ვართ რომაელები. ვფიქრობ წითელი ჯვარი უკეთესი იქნებოდა, სანამ ლიბერალური მიზნებით ნახევარ მთვარეს დაახატავდნენ. კოკასაც ვუთხარი, ადამიანი გაცივდა მეთქი და ასპირინი დაალევინეო მიპასუხა. მაზალოა რა, ამასთან სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ მის გარეშეც წარმოუდგენელია, ამას მაშინ მივხვდი ციხის ეზოში, რომ იდგა და პატიმრებით დატვირთული კორპუსი სკანდირებდა კოკას!... კოკა.. კოკა... კოკა იყო ტუსაღთა გულებზე გამარჯვებული, მათი სიყვარულით გარშემორტყმული, თუმცა დღემდე არ ვიცი რატომ. აღმოსავლეთის კონგრესში არავინ იცის და ეჭვის თვალითაც უყურებენ, განსაკუთრებულად კი სენატორი უთვალთვალებს.