ვინ შემიკერავს ბროწეულისფერ კაბას?
ვინ შემიკერავს ბროწეულისფერ კაბას?
- მნიშვნელოვანი ინფორმაციით მოვედი და იმედი მაქვს, თქვენთვისაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორიც ეს ჩვენი ორგანიზაციისთვისაა - სამსახურის საერთო დიდ სხდომაზე ყველას ერთხმად მოგვმართა ორგანიზაციის დირექტორმა, ბატონმა დავითმა, რომელიც გასულ წელს პრეზენტაციის სახით აჯამებდა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ დედაქალაქში მუშაობა, ასევე დროა, მოვიცვათ რეგიონებიც. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ახალი კადრების აყვანის დრო. ეს დიდ თანხებთან, დროსთან და რესურსებთანაა დაკავშირებული. შესაბამისი კადრის პოვნა, შემდეგ გადამზადება, ნამდვილად წამგებიანი იქნება ჩვენთვის, ამიტომ თქვენ უნდა წახვიდეთ სხვადასხვა რეგიონში დროებით სამუშაოდ - დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაცებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ვიღაცებმა თავისთვის ჩაილაპარაკეს და საერთო მღელვარება ყველას გამოესახა სახეზე - მეგობრებო - მიმართა ბატონმა დავითმა თანამშრომლებს - მე თქვენ სამუშაოდ წასვლას არ გაძალებთ, თუმცა უაღრესად გთხოვთ, რომ დაფიქრდეთ, რამდენს მოგცემთ ეს შესაძლებლობა პიროვნულად თუ პროფესიულად. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ერთი საკითხი, ის, ვინც უარს არ იტყვის ამ სიახლეზე, შეძლებს რეგიონში თავისი მეთაურობით შექმნას მცირე ჯგუფი და დაკავდეს ისეთი საქმით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.
- რამდენი ხნით მოგვიწევს წასვლა?
- ანაზღაურება გაიზრდება?
- საცხოვრებელი აგვინაზღაურდება?
- ....
უამრავი კითხვა დააყარეს ორგანიზაციის დირექტორს, რომელიც თავს ოთახის ხან ერთ მხარეს ატრიალებდა, ხან მეორე მხარეს და იქიდან წამოსულ კითხვებსა და რეპლიკებზე იღიმოდა.
- ძვირფასებო - ხმა აიმაღლა და ხელი მაღლა ასწია დავითმა - გთხოვთ, დაწყნარდეთ და საშუალება მომცეთ, ყველას გაგცეთ პასუხი. მესმის თქვენი ვნებათაღელვის, თუმცა თუკი ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ვფიქრობ, უმეტესი თქვენგანი მოიწონებს ამ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ საცხოვრებელი ადგილები აუცილებლად ორგანიზაციის მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი, ასევე რამდენიმე ასეული ლარით გაგეზრდებათ ხელფასი, რაც თქვენთვის სტიმული იქნება. რაც შეეხება ვინ რომელ რეგიონში წავა, ამაზე მას შემდეგ ვიმსჯელოთ, რაც თქვენგან პასუხებს მივიღებ. აქვე გეტყვით, რომ ვისაც გყავთ ოჯახები, მესმის თქვენი და მე ვერ დაგაძალებთ სამუშაო ადგილის შეცვლას - ჩაახველა, ეტყობოდა დარწმუნებული არ იყო საკუთარ გადაწყვეტილებაში. ეშინოდა თანამშრომლების პასიურობის. ბატონი დავითი ყოველთვის მტკიცე, მოკლე წინადადებით გვიხსნიდა სათქმელს. ყველა შესაძლო ვარიანტს ჯერ საკუთარ თავთან განიხილავდა და მხოლოდ ამის შემდეგ ნიშნავდა საერთო თათბირებს. იმ დღეს კი ორჭოფობდა - ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ხვალ, საღამოს ექვს საათამდე მეილზე მომწეროთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ.
თანამშრომელთა უმრავლესობა ჩაფიქრებულიყო. უმეტესობა ხელფასის ზრდამ მოხიბლა, ზოგიერთიც დაღლილიყო ერთფეროვანი ცხოვრებით. მხოლოდ ჩემს გონებაში ტრიალებდა პატარა დიაგრამა, რომელიც ამ სიახლის დადებით და უარყოფით მხარეებს წერდა და ერთმანეთს ადარებდა. ჩემ მიერ მოფიქრებული სქემა დიდად ვერ მეხმარებოდა გადაწყვეტლების მიღებაში, რადგან პლუსებიც და მინუსებიც საკმაო რაოდენობით ჩამოიშალა გონების ტაბლოზე. ყველაზე დიდ მინუსად იმ ადამიანებისგან შორს ყოფნა მიმაჩნდა, ვისთან ერთადაც გავიზარდე. მათ გარეშე ჩემი პიროვნება არც საინტერესო და არც წარმატებული არ მეჩვენებოდა. ამ კონკრეტულ სიტყვებში არ ვგულისხმობ მშობლებსა და ოჯახს, რადგან ისინი წლებია საზღვარგარეთ გადაბარგდნენ იმ იმედით, რომ მალე მთელი ოჯახი კვლავ ერთად ვიქნებოდით. მათი მოლოდინები ამ მხრივ არ გამართლდა. მე, მათი ერთადერთი ქალიშვილი, თბილისში დავრჩი, დედა იტალიაში, მამა კი საფრანგეთში. ჩემი ნახევარძმა კი ამერიკაში ცხოვრობს საკუთარ ოჯახთან ერთად. ამ ქალაქში ოჯახი არა, მაგრამ საყვარელი მამაკაცი მეგულებოდა, რომლისგან შორს ყოფნის იდეა ნამდვილად არ მხიბლავდა. ცხოვრების იმ მომენტში ლევანთან ურთიერთობა ჩიხში იყო შესული. ჩვენს სამწლიან ურთიერთობას მთელი რიგი ჩიხები ჰქონდა მოვლილი, თუმცა არცერთში არ ჩარჩენილიყო, გამოსასვლელ გზებს მაინც ვპოულობდით. მიუხედავად ჩიხში ყოფნისა, მიზანშეწონილად ჩავთვალე ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მის გარეშე არ მიმეღო და შენობიდან გამოსვლისთანავე მესიჯი მივწერე.
-ლევან, თუკი ყველაფერს უკვე წერტილი არ დაუსვი, დღეს საღამოს შვიდზე ჩემთან გელოდები.
ტექსტში ზედმეტად ოფიციალური ვიყავი, რაც ხაზს უსვამდა, რომ მასზე ბრაზს ჯერ არ გადაევლო და ამ ტექსტით პირველ ნაბიჯს არ ვდგამდი.
-მოვალ - მომწერა მან სწორედ ისეთივე ფარული შინაარსით, როგორიც ჩემი იყო.
შეტყობინება წავიკითხე, ტელეფონი ხელჩანთაში ჩავაცურე და მანქანაში ჩავჯექი. შუადღის ოთხი საათი იქნებოდა, რაც მაიმედებდა, რომ ქალაქის საცობი ამ დროისთვის არ შემაფერხებდა სახლისკენ მიმავალ გზაზე.
-პირდაპირ სამსახურიდან მოუწევს მოსვლა - სამსახურებრივმა დიაგრამებმა ცოტა ხნით შეისვენეს და გონებაში ახალი ფიქრები შემოძვრნენ.
- სჯობს, რაიმე საჭმელი ავიყოლო, თორემ მთელი დღის მშიერი იქნება, ლევანს ხომ შესვენება პირველ საათზე აქვს - მიუხედავად ბრაზისა, წყენისა და იმ გაუბედურებული ურთიერთობისა, მაინც ვზრუნავდი მასზე. სხვაზე მზრუნველობით ხშირად დამიფარავს ჩემი შინაგანი ტკივილი და მარტოობა. ჩემ მიმართ ხომ ძალიან იშვიათად გამოხატავდნენ ზრუნვას საყვარელი ადამიანები.
მანქანა ჩვენს საყვარელ რესტორანთან შევაჩერე და რამდენიმე კერძი ავიღე თავისი დესერტითა და სახლში დამზადებული გემრიელი ლიმონათით. ცხელი ყუთები საბარგულში ფრთხილად ჩავალაგე და საჭეს მივუბრუნდი. ჩაწერილი სიმღერების მოსმენა არ მინდოდა, ამიტომ რადიოს ავუწიე.
-დღეს ქართველი საესტრადო მომღერლის, სულიკო კოროშინაძის დაბადების დღეა - გაისმა ოდნავ სევდანარევი ხმა რადიოში - ის 1932 წელს თბილისში დაიბადა. მისი ოჯახი მდიდარი იყო სასიმღერო ტრადიციებით, სულიკოს დედა, ბაბუა და ბიძები დაკავშირებულნი არიან მუსიკასთან - კიდევ რამდენიმე წინადადება თქვა წამყვანმა კარგად მომზადებული ტექსტიდან და კითხვის ბოლოს ჩაახველა - ახლა კი შემოგთავაზებთ სულიკო კოროშინაძისა და ნანული აბესაძის არაჩვეულებრივ დუეტს, სიმღერით “რერო” - და მანქანაში ხმები იისფერ ფანტელებივით შემოფარფატდნენ.
- ტოტებიდან მოსცვივიან ფარფატით ...
ჩემს კორპუსთან საპარკინგე ადგილი ნაყიდი მქონდა, ამიტომ მანქანის გაჩერება, სხვა მეზობლებისგან განსხვავებით, არ მიჭირდა. მანქანა ჩავკეტე და, თბილი ყუთებით ხელში, სადარბაზოს რკინის კარი გასაღებით გავაღე. სადარბაზოში ათამდე ადამიანს მოეყარა თავი. წამიერად გამოვერკვიე სიტუაციაში და მათი საუბრიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ლიფტი არ მუშაობდა. ეს გასაკვირი ამბავი აღარ იყო, რადგან, როგორც წესი, კვირაში ერთი ან ორი დღე ლიფტი არდადეგებს იწყობდა. დასვენების მოყვარულ ლიფტს კი კორპუსის თავმჯდომარე ნებას რთავდა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე აეღო შვებულება. სხვებისგან განსხვავებით, ჩემი საქმე ბევრად მარტივად იყო, რადგან მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი, რასაც ვერ ვიტყოდი მეთვრამეტე სართულზე მცხოვრებ მეზობლებზე. რა თქმა უნდა, ხალხში გარევისგან და საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან, რომელიც მათი პოზიციის უშედეგო გამეორება იქნებოდა, თავი შევიკავე და პირდაპირ კიბეებს დავადექი. მეოთხე სართულამდე ასვლა ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა როდესაც ხელში სამი ყუთი გიჭირავს, თან იმ პირობით, რომ არ უნდა დაყირავდეს, მეოთხე სართულამდეც გამიჭირდა. აქოშინებულმა ძლივს მოვარგე საკეტს გასაღები, რკინის კარი ფეხით შევაღე და ყუთები მისაღების მრგვალ, ხის მაგიდაზე დავაწყვე.
„ძალიან დავიღალე“ - გავიფიქრე და მაგიდისგან ცოტა მოშორებით, დივანზე დავესვენე. გულს ბაგა-ბუგი გასდიოდა და სუნთქვაც გამხშირებოდა. „რატომ დავიღალე ასე?! მგონი ლევანის მოსვლაზე ვღელავ“ - კვლავ საკუთარ თავს დავუწყე საუბარი. თვალები მივხუჭე და დაღლილსა და ახალი ინფორმაციებით დატვირთულს, ჩამთვლიმა.
სიცივემ გამომაფხიზლა, გათბობის ჩართვა დამვიწყებოდა. შეციებული ხელები მოვითბე და გამათბობლისკენ წავედი. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. ნუთუ ამდენი ხანი მეძინა! წამიერად დროსა და სივრცეში აღქმა დამიქვეითდა და ვერ წარმოვიდგინე, რომ სახლში მოსვლიდან ორი საათი შეიძლებოდა გასულიყო. სახლში საათი არ მეკიდა, ამიტომ ტელეფონისკენ ავიღე გეზი, რომელიც საჭმლით სავსე ყუთების გვერდით დამრჩენია. ყუთები ხელით შევამოწმე, ისინი ჯერ კიდევ თბილი იყო, რაც გამორიცხავდა, რომ სახლში მოსვლიდან ორი საათი გავიდოდა. ტელეფონი 17:35-ს უჩვენებდა. შემოსასვლელში გავედი და შუქი ავანთე. ჭუჭრუტანიდან ჩემი მეგობარი მიმზერდა.
-მარიამ! - შევყვირე გაოცებისგან - აქ რა ქარმა გადმოგაგდო?! - გადასაკოცნად გავიწიე, თუმცა მარიამმა ხელით შემაჩერა.
-ცოტა სურდო მაქვს, არ გადმოგდო - ტანად მაღალი, სრული აღნაგობის გოგონა სახლში შემოვიდა, ხელში პატარა წითელი ჩანთა და ქაღალდის პარკი ეჭირა - ეს გამომართვი - ქაღალდის პარკი გამომიწოდა, თავად კი ბეწვის მოსაცმელი გაიხადა და შემოსასვლელში, კარადაში დაკიდა. ჩანთა მისაღებში წამოიღო და დივანზე თავის გვერდით მიუჩინა ადგილი.
-რამდენი რამე გიყიდია! - ვუთხარი, ქაღალდის პარკის ამოლაგებას როცა მოვრჩი. მარიამს ორი კვირის სამყოფი ტკბილეული მოეტანა - აბა მითხარი, რამ გაგახსენა ჩემი თავი ან წინასწარ რატომ არ გამაფრთხილე რომ მოდიოდი? - მაგიდის გვერდიდან სკამი გამოვაჩოჩე, დივნისკენ შევატრიალე და ინტერესით დავჯექი.
-ესეიგი მოსაწვევის გარეშე არ მიღებ? - ჩაეღიმა მარიამს და ჩანთიდან მობილური ამოიღო - რაღაც ამბები გავიგე და მინდოდა შენგან გამეგო სიმართლე. ჭორაობა არ მიყვარს, შენ ეს ჩემზე უკეთ იცი, მაგრამ როდესაც საკუთარ მეგობარზე ამბებს სხვებისგან იგებ, ცოტათი გულდასაწყვეტია.
-სიახლე? - გაკვირვება სახეზე მთლიანად ამესახა - სიახლეებსა და კარგ ამბებს ჩემთან არაფერი ესაქმებათ. თუმცა არც ცუდი სიახლე მახსენდება რამე. მგონი სჯობს პირდაპირ მითხრა რა სიახლე შემოფრინდა ჩემს დალაგებულ ცხოვრებაში - “დალაგებულ ცხოვრებაზე” თავადვე ჩამეღიმა.
-ლევანზე გეუბნები - მითხრა მარიამმა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-ლევანზე რა უნდა გითხრა? უკვე მერამდენედ ვკამათობთ, ნუთუ ამაში რაიმე სიახლე ან მოსაყოლია. კვლავ და კვლავ ათას უაზრობაზე ვერ ვთანხმდებით და ხან ის იბუტება, ხან მე - ჩამეღიმა - ყავას ან ჩაის დალევ?
-ჩაი იყოს, გარეთ ძალიან ცივა. მხოლოდ სიცივე და ნაცრისფერი ამინდებია, თოვლი მაინც წამოვიდეს - აივნისკენ გააპარა თვალი მარიამმა და გულდაწყვეტით ამოიოხრა - ახალ წელს რას აპირებ?
-სამსახურმა საახალწლოდ ყველა შვებულებაში გაგვიშვა, თუმცა ჯერ არ ვიცი, რას მოვიფიქრებ. თუ თოვლი მოვა, შესაძლოა ბაკურიანში წავიდე. არამგონია, მე და ლევანი მანამდე შევრიგდეთ, ამიტომ ჯერჯერობით გეგმების გარეშე ვარ.
-მე და ნიას გვინდა სვანეთში წასვლა - ფეხზე წამოდგა მარიამი და სამზარეულოსთან მოვიდა. დაღონებულიყო, თითქოს რაღაცის თქმას ვერ მიბედავდა - რამე მოხდა შენსა და ლევანს შორის? - მის ტონში სიფრთხილე იკითხებოდა. სწრაფად გადავიდა მთავარ თემაზე და ჩემგან რაღაცას ელოდა.
-და რას ყვება ლევანი? - ცხელი წყალი ფინჯნებში დავასხი და მარიამისკენ შევტრიალდი.
-ამბობს, რომ ეს უკანასკელი ჩხუბია თქვენ შორის და თქვენს ურთიერთობას გაგრძელება არ უწერია. რამდენიმესგან ისიც გავიგე, რომ შენ გაბრალებს ურთიერთობის ჭაობში ჩათრევას.
-და რას ამბობს, რატომ მიმათრევდა ჭაობშიო?
-არ ვიცი, თუმცა თქვენი ურთიერთობის მტრებს ძალიან ახარებთ ლევანის ეს სიტყვები. შენც იცი რამდენი გოგოა მოლოდინში, რომ ლევანი მათკენ გაიხედავს.
-რა გითხრა, მარიამ - ამოვიხვნეშე - დღეს აქ უნდა მოვიდეს ლევანი, რომ რაღაცებზე ვისაუბროთ, იქნებ გადაწყვეტილი აქვს საბოლოოდ დაშორება და ამის სათქმელად შესაფერის დროს ეძებს. ბოლო კამათისას მე მსგავსი შეგრძნება არ დამრჩენია, უბრალოდ რთულია მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა და შიში იმის, რომ ჩემს ერთ სიტყვას შესაძლოა ჩხუბი და კამათი მოყვეს. ასეთი ურთიერთობით მეც ძალიან დავიღალე, თუმცა იმდენად შევეჩვიე ლევანს, რომ მგონია, მის გარეშე ვერ ვიარსებებ.
-ლევანიც ხშირად ამბობს, რომ უყვარხარ, უბრალოდ ვეღარ გიგებს.
-ვერც ვერასდროს მიგებდა - ვთქვი ჩუმად და ფინჯანი ტუჩებთან მივიტანე.
ჩაი ისე დავლიეთ, ერთმანეთისთვის არც კი შეგვიხედავს. მე ჩემს ფიქრებში დავტრიალებდი. ხშირად ჩემი მეგობრები, რომლებიც ლევანის მეგობრები უფრო გამხდარიყვნენ, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მომეთმინა, ყოველი ჩხუბის მერე პატიება მეთხოვა, საკუთარი პრინციპები დამევიწყებინა. მათი რჩევები დაზეპირებულ ტექსტს ჰგავდა, რომელსაც ყოველი კამათის შემდეგ ამოაძვრენდნენ და ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავდნენ. მათთვის ეს მეგობრობის მოვალეობას წარმოადგენდა. მე კი მწყუროდა ნამდვილი მეგობრული რჩევების მოსმენა. მინდოდა, მოვალეობის გარეშე ესაუბრათ ჩემთან. მინდოდა, გულახდილად გველაპარაკა ყველა თემაზე და არ მქონოდა შიში. შიში იმისა, რომ მათთვის ჩემი გრძნობები ბოლომდე გაუფასურებული იყო.
-ჩემი წასვლის დროც მოსულა - ტელეფონის ეკრანი გაანათა მარიამმა - კარგი იყო შენთან საუბარი, მომნატრებიხარ, ცოტა არ იყოს - ჩაიღიმა და ჩანთას დასწვდა. მისაღებში ნელი ნაბიჯით გავიდა, კარადიდან ქურთუკი ჩამოხნა, ხელი დამიქნია და სადარბაზოში გავიდა.
უცნაური ჩვევა მაქვს. სანამ ფეხის ხმას, ან ლიფტის ჩასვლის ხმას არ გავიგონებ, კარს არ ვკეტავ ხოლმე, მაშინაც ასე მოვიქეცი და უეცრად მარიამის ხმა მომესმა.
-როგორ ხარ?
-კარგად მარი, შენ? რა დროს მიდიხარ რა, მე ახლა მოვედი.
-მგონი ისედაც აჯობებდა მარტო დამეტოვებინეთ - თითქოს გაბრაზება შეერია ხმაში, თუმცა ვერც ლევანის და ვერც მარიამის გამომეტყველებას ვერ ვხედავდი.
კარი ჩუმად მივხურე და ლევანის კაკუნს დაველოდე. კაკუნმა არ დააყოვნა და კართან მაღალი, წვერ-ულვაშიანი მამაკაცი მიღიმოდა. მიღიმოდა სანდომიანად ისე, თითქოს ჩვენ შორის ნისლი არ ჩამომდგარიყო. მიყურებდა თვალებაციმციმებული, გასხივოსნებული.
-მომენატრე - ეს იყო მისი პირველი სიტყვა ჩემი დანახვისას, კარში შემოსვლისთანავე გულზე მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა. ტანში უცნაურმა გრძნობამ დამიარა. მისმა შეხებამ მუცელში დამარტყა. მესიამოვნა, შესისხლხორცებული ყინული ცოტათი მოლღვა.