ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დათოვლილი კედლები

დათოვლილი კედლები

დათოვლილი კედლები

                                         ნაწილი 1-მარებელები1

                                                                                                                                                                              ეძღვნება ,,ძია ნიკოს’’

1.

     უძილაურთა2 განწირული იყო. მთებიდან ზარის რეკა მოისმა. გაბმული და გამაყრუებელი ხმა. ამბობენ, რომ ეს ზარი პირქუშმა3 გამოჭედა მარებეთის ჯურღმულებშიო. პირქუში ფოლადს საკუთარი შელოცვებითა და ჯადოთი სჭედდა, ამიტომ მისი ხმლები უცვეთნი იყვნენ, ფარები და აბჯრები შეუვალნი. არავინ იცოდა, რატომ გამოჭედა პირქუშმა ეს ზარი და როგორ აღმოჩნდა ის უძილაურთას საყდარში, კლდეზე ჯაჭვით დაბმული და ადამიანთათვის საშინელი ამბების საუწყებლად განწირული. პიქუშის ზარი მხოლოდ ორ შემთხვევაში რეკდა, როცა ბერთა-ბერი4 გარდაიცვლებოდა და როდესაც მარებელები მოდიოდნენ. ბერთა-ბერი რომ გარდაიცვლებოდა, ღამით საფიხვნო კოშკში სანთელი ინთებოდა და ირემთკალოზე5 მთების ქარბუქში განმარტოებული მნათეც, ამ მკრთალი შუქის დანახვისას, ერთხელ შემოჰკრავდა პირქუშის ზარს. სხვა იყო მარებელების თავდასხმის მაუწყებელი განგაში. ამ დროს ზარის ხმა აყრუებდა არემარეს, რადგან მნათე მას ცხოვრებაში ბოლოჯერ რეკდა, რეკდა მთელი ძალით და გამეტებით, თითქოს მთელი ცხოვრება ამ წამს ელოდაო. მარებელები ყოველთვის მთებიდან მოდიოდნენ, პირველ რიგში ირემთკალოს მოადგებოდნენ და მნათეს შეჭამდნენ. პირქუშის ზარი დადუმდებოდა და სოფელი მიხვდებოდა, რომ მარებლები უკვე გამაგრებების მისადგომებთან იყვნენ. კოპალას6 პირქუში არასდროს ენახა, თუმცა მასზე იმდენ რამეს ყვებოდნენ, ზარის გამაყრუებელი ხმისა და თანასოფლელების განწირული კივილის გაგონების შემდეგ პირველი ის გაახსენდა, რომ ზარი პირქუშმა გამოჭედა. მხოლოდ რამდენიმე წამის მერე მიხვდა, რომ ეს ხმა მარებელების თავდასხმას მოასწავებდა. უძილაურთა განწირული იყო.

 უძილაურთა განწირული იყო. მარებელთაგან ხალხს ღვითისშვილი იცავდა. კოპალაც ღვთისშვილი7 იყო, როგორც პირქუში და იახსარი8. ღვთისშვილი რომ დაიბადებოდა მორიგე ღმერთი9 ხალხს ნიშანს აძლევდა. ღვთისშვილის დაბადებისას ანგელოზები მღერას იწყებდნენ. ღამით ცაზე გაწოლილ თეთრ ბილიკზე ნავები გამოჩდებოდნენ: ჯერ ერთი, მერე მეორე და ასე დაუსრულებლად გათენებამდე. ნავები მშვიდად მიცურავდნენ ვარსკვლავეთის ოკეანეში. ღვთისშვილის დაბადების ღამეს ცა განათდებოდა. ნათება მკვეთრზე მკვეთრი იყო, მაგრამ თვალს არავის ჭრიდა. ნათელი მთელ ქვეყნას ეფინებოდა: მარებელების გამოქვაბულებს, ალების და როკაპების ტყეებს, შორეულ ზღვებსა და მდელოებს, რათა მთელ ქვეყანას გაეგო ღვთისშვილის დაბადება. მერე მეზღვნენი მოდიოდნენ. მოდიოდნენ ყველა მხრიდან და მსხვერპლს წირავდნენ მორიგე ღმერთსა და სალოცავებს. მოდიოდნენ და თავიანთი დროშები მოჰქონდათ. დროშა ძირითადად ბერთა-ბერს ან დროშის მტვირთველს ეპყრა ხელთ. ქალები მხიარულ ხმაზე მოიმღეროდნენ სამადლობელს. კაცები მართალია, მძიმედ მოდიოდნენ, მაგრამ შვების ღიმილი მაინც ჰქონდათ სახეზე. ზღვენობა დიდხანს გრძელდებოდა, თვეები და ხანდახან წლებიც კი. ყველას უნდოდა ახლოდან ენახა ღვთისშვილი და მადლობა გადაეხადათ დამბადებელისათვის, ხალხს კიდევ ერთი დამცველი რომ გამოუგზავნა. 

 ასე იყო კოპალას დაბადებისასაც. სამასსამოცდახუთ დღეს იღებდა უძილაურთა ქვეყნიერების ყველა კიდიდან ზღვასავით მომდინარე მეზღვნეებს. ქალები ხინკლის ხარშვას და ხმიადების ცხობას ვერ აუდიოდნენ, კაცები კი მთის მაგარი ლუდით მორიგეობით თვრებოდნენ, რათა თავი არ შეერცხვინათ სტუმართან, მაგრამ უძილაურთა მალე მიხვდა, რომ მათი სიხარული ნაადრევი იყო. ღვთისშვილები დიდები და ღონიერები იზრდებოდნენ. ბრძოლა შეეძლოთ. ზოგი ხმალს ისეთი სისწრაფით და ოსტატობით იქნევდა, გაზაფხულის უეცრად მოვარდნილ წვიმაშიც კი შეეძლოთ ხმლები მინდორში გაეტანათ და უკან მშრალი შემოეტანათ. ზოგი მშვილოდასანი იყო. ერთდროულად ხუთ ისარს გაისროდა და ხუთივე ზუსტად ესობოდა სხვადასხვა სამიზნეს. ზოგი გასაოცარი ცხენოსანი იყო. მიუვალ ადგილებში აჭენებდა ცხენს, ქარაფიდან ქარაფზე ისე გადაფრინდებოდა, თითქოს პატარა ქვებს გადაახტაო. ისინი სოფლებს იცავდნენ მარებელთა შეტევებისგან და სხვა საგმირო საქმეებსაც ბევრს ჩადიოდნენ. ხალხი მათ ამბებს ლექსებად ყვებოდა და სიმღერებად დაამღერებდა. კოპალასაც ხშირად მოესმინა ეს ლექსები და სიმღერები. ამ დროს გული სიმაყით ევსებოდა. თავადაც ღვთისშვილი იყო. წლები გავიდოდა და მის საგმირო საქმეებზეც ითქმებოდა ლექსები და დამღერდებოდა სიმღერები.

 უძილაურთა კი განწირული იყო. მორიგე ღმერთმა ღვთისშვილად კოპალა მიურგუნა სოფელს. კოპალა კი არათუ ღვთისშვილის ჯან-ღონის, არამედ თანატოლ ბიჭებზე ფერმკრთალი და გამხდარი იყო. ბევრს ეცადნენ სოფლის ოსტატები, მაგრამ ვერც მშვილდი ასწავლეს, ვერც ხმალი და ვერც ცხენზე ჯირითი. ვერც სამჭედლო საქმე მოიხერხა, რომ ღვთისშვილ პირქუშის საძებრად გაეშვათ, რათა ყოვლისმძლეველი ხმლებისა და შეუვალი ფარ-აბჯრების დამზადება ესწავლა. პირველად ცხვრის შეწირვა რომ ანახეს, ღვთისშვილი სამი დღე ბნელი ოთახიდან არ გამოსულა. ტიროდა და მოთქვამდა იმ ცხვრის საცოდაობით. ბერთა-ბერები იმასაც ფიქრობნენ, მორიგე ღმერთმა ხომ არ დაგვცინა ან ჩვენ ხომ არ შეგვეშალა რაიმე, როცა კოპალა ღვთისშვილად გამოვაცხადეთო. თუმცა მისი დაბადების დღეს ნათელი იმდენად კაშკაშა და თბილი იყო, შეუძლებელია სხვაგვარად ყოფილიყო. კოპალა ღვთისშვილი იყო.

  უძილაურთა განწირული იყო. მარებელები მოდიოდნენ და მათი დამცველი ღვთისშვილი ცხრა წლის სუსტი, უღონო ბავშვი იყო, რომელსაც ბრძოლა არ შეეძლო. ღმერთებს მისთვის მხოლოდ კურნების ნიჭი მიემადლებინათ. მკურნალები უიმისოდაც ბევრი ჰყავდა მთას. ლამის ყველა ქალმა იცოდა ძველთა-ძველი ჯადო ბალახების და მალამოების დამზადება. ყველა გოგოს ლაპარაკის სწავლის მერე, კურნებას ასწავლიდნენ. იცოდნენ როგორ გამოეწურათ ბალახიდან წვენი, როგორ დაემზადებინათ ნაყენები თუ ფხვნილები, როგორ უნდა ეთქვათ ძველთაძველი შელოცვები. გოგონებიც ბნელ ოთახებში ისხდნენ და გამალებით ხარშავდნენ ნაყენებს, იძახდნენ შელოცვებს:

‘’ბალახის ძალო უძალო,

მამაჩემს უნდა უწამლო.

სამ დღესა გხარშე ქვაბშიო,

მამას შეუდექ ჯანშიო’’.

   ასეთ მხარეში ღვთისშვილის კურნების ძალა არავის არაფერში სჭირდებოდა. კიდევ ერთი უცნაური ნიჭი ჰქონდა კოპალას, რომლის შესახებაც არც ერთ ბერთა-ბერს არა გაეგო რა. შეეძლო ყვავილები ნებისმიერ ადგილას გაეჩინა. ხელს გაიწვდენდა და ქვიან კლდეს ერთ წამში ფერად-ფერადი ყვავილებით მორთავდა. ყვავილების ამოყვანა შეეძლო ოთახში, წყალში, საკუთარ ან სხვის სხეულზე. მისი ყვავილები კი დიდხანს არ ჭკნებოდნენ, არ კარგავდნენ ფერს და ნელსურნელებას. მაგრამ აბა, კურნება და ყვავილთა გაზრდა რას დაეხმარებოდა მარებელთა პირისპირ მდგარ განწირულ მხარეს? თავად კოპალა ხშირად ერთობოდა ამ უცნაური უნარით, ხან გაყინულ ჩანჩქერს ააყვავებდა, ხანაც რომელიმე თანასოფლელს მიეპარებოდა და მთელ სახეს ყვავილებით დაუფარავდა, ხანაც წყაროდან ამომავალ ლამაზ გოგოს აუყვავილებდა გაზაფხულივით სურნელოვან თმებს. თუმცა ეს ყველაფერი შორეულ, ლამაზ წარსულში დარჩენილიყო, როდესაც მარებელების გამოჩენის ნიშანი არსაით სჩანდა.

 უძილაურთა განწირული იყო. მას შემდეგ რაც აბუდელაურთადან10 ღვთისშვილმა იახსარმა მარებელები განდევნა, ყველამ იცოდა, რომ ისინი უძილაურთას მოადგებოდნენ. მარებელები სიმაღლით ადამიანზე ოცჯერ მაღლები იყვნენ. მათი ყნოსვა შორეულ მთებშიც კი გრძნობდა კაცის სუნს. ერთ მხარზე ამოზრდილი რამდენიმე თავი კიდევ უფრო შემზარავს ხდიდა მათ. ჩინებული მონადირეები და დაუნდობელი მკვლელები იყვნენ. ადამიანებს ცოცხლად ჭამდნენ. არ ჰქონდათ სიბრალულის გრძნობა. მათ გულს ვერც საჩუქრებით, ვერც ტკბილი სიტყვით და ვერც ცეკვა-თამაშით მოიგებდი. მათი ენაც მათსავით უხეში და სასტიკი იყო და მხოლოდ რამოდენიმე ბერთა-ბერმა იცოდა. იახსარმა რომ მარებელები დაამარცხა, უძილაურთადან აბუდელაურთაში ბერები გაემგზავრნენ, რათა ღვთისშვილისთვის დახმარება ეთხოვათ. იმ დღეს კოპალამ პირველად დატოვა უძილაურთა. ღვთისშვილის დახმარების იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონოდათ უძილაურთელებს, თუ იახსარს თავიანთ ღვთისშვილს წარუდგენდნენ. კოპალა საგანგებოდ გამოაწყვეს , ყველაზე დიდ ცხენზე შესვეს და გაუდგნენ გზას აბუდელაურთასაკენ. ვინაიდან კოპალა ჯანით სუსტი იყო და მისი გადაყვანა დაკბილულ მთებზე გაჭირდებოდა, უძილაურთადან ცოტა ქვემოთ ბარისკენ უნდა ჩამოსულიყვნენ, კორშამდე11 მინდორ-მინდორ ევლოთ და კორშიდან შესდგომოდნენ აბუდელაურთასკენ მიმავალ გზას. კოპალას გარდა სამი ბერი, ერთი ბერთა-ბერი და ათიოდე მეომარი წამოვიდა. სხვები დარჩნენ, რათა ყველა შესაძლო გზა მოესინჯათ სოფლის გასამაგრებლად. აბუდელაურთას რომ მიადგნენ, იქედანაც საპატიო მანძილზე გამოეგებნენ მათი ბერთა-ბერები. კოპალას ყველაზე მეტად ღვთისშვილ იახსარის ნახვა აინტერესებდა. მასზე, მიუხედავად მისი სიჭაბუკისა, უკვე უამრავ რამეს ჰყვებოდნენ და ბევრ სიმღერასაც დაამღერებდნენ მის საგმირო საქმეებზე. სულ ახლახანს მარებელები მისი მეთაურობით მოიგერიეს აბუდელაურთელებმა. მანამდეც უმარავი საოცარი საქმე ჩაედინა იახსარს. ბევრი ათვალიერა დამხვედრები კოპალამ და დაასკვნა, იახსარი ამათ შორის არც ერთი არ არისო. მართალიც გამოდგა. ღვთისშვილი იახსარი არა თუ დამხვედრთა შორის არ იყო, საერთოდ არ იმყოფებოდა აბუდელაურთაში. აბუდელაურთ მწვანე ტბა12 იახსარის მიერ ხმლით დაკოდილი მარებელის სისხლით შებილწულა და მის განსაწმენდად იყო გადახვეწილი ღვთისშვილი მაღალ მთებში. ამ ტბის წყალი წმინდა იყო. ახლა კი ამ წყლის დამლევი ადამიანი თუ პირუტყვი ნელი და მტანჯველი სიკვდილით კვდებოდა. იახსარის ადგილ-სამყოფელი და ის, თუ როდის დაუბრუნდებოდა ღვთისშვილი თავის მხარეს, არავინ იცოდა აბუდელაურთაში.

  ეს ყველაფერი საღამოთი სათემო შეკრებაზე ითქვა. კოპალა მკაცრად გააფრთხილეს არაფერი არ თქვა, ბალღი ხარ და არ გეკუთვნის სიტყვა ბერთა-ბერების სათემო შეკრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ღვთისშვილი ხარო. კოპალაც ჩუმად იჯდა. ერთადერთხელ, როდესაც აბუდელაურთას ბერთა-ბერმა ზეზვაიმ იკითხა, ღვთისშვილი როგორი მეომარიაო, მოუნდა ეთქვა: ბრძოლა არ მიყვარს და არც შემიძლია, სამაგიეროდ ამ თქვენს ქვიან და უსახურ დარბაზებს სულ ლამაზ-ლამაზი ყვავილებით მოვფენ თუ თქვენი ნებაც იქნებაო. თუმცა თანასოფლელების მკაცრ მზერას წააწყდა და ხმა არ ამოუღია. ზეზვაის კითხვას უძილაურთას ბერთა-ბერმა გასცა პასუხი, კოპალა ჯერ ბალღია, წვრთნა სჭირდება, მარებელების თავდასხმას კი დღე-დღეზე ველით, ამიტომ მოვედით ღვთისშვილ იახსართან შემწეობის სათხოვნელადო. სასიკვდილოდ განწირულმაც კი არ გასცა ღვთისშვილი ბერთა-ბერმა და არ თქვა ბრძოლის შნო და უნარი არ აქვსო.

 ერთი ონავრობის ჩადენა მაინც მოასწრო კოპალამ აბუდეალურთაში ყოფნის დროს. ცეცხლისფერთმიან მზექალას, აბუდელაურთას ყველაზე განსწავლულ მკურნლს, მაგრამ ჯერაც ყმაწვილ ქალს, კესანებით მოუქარგა ცეცხლისფერი თმები, მაშინ, როდესაც მას კურნების გაკვეთილი უკვე დამთავრებული ჰქონდა და განმარტოებით მჯდარი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაჰყურებდა. ღამეშიც კი წითლად ელავდა მზექალას თმები, ამან მოხიბლმა პატარა კოპალა. თუმცა მზექალა დიდად არ გაწყრომია, მხოლოდ თავზე გადაუსვა ხელი, გაუღიმა და უთხრა რად არ გძინავს პატარა ღვთისშვილოო. ეს იყო და ეს. ეგ კი არა კოპალას რატომღაც მოეჩვენა, რომ მზექალას თავისი თავი ძალიანაც მოეწონა,როცა წყალში ჩაიხედა.

   აბუდელაურთაში ყველანი პატივით მიიღეს, ის ღამეც და შემდეგი ღამეც საუკეთესო ოთახებში მოასვენეს სტუმრები, თუმცა მთავარი საკითხი, ჰქონოდათ თუ არა ღვთისშვილ იახსარის იმედი, გადაუჭრელი დატოვეს. ვეცდებით ხმა მივაწვდინოთ ღვთისშვილსო, ესღა თქვეს აბუდელაურთას ბერთა-ბერებმა. ღვთისშვილი იახსარის შეწუხებას ვერავინ გაბედავდა და არც ის დაბრუნდებოდა თავის მხარეში მანამ, სანამ ტბას არ განწმენდდა. უძილაურთა განწირული იყო.

 უძილაურთა განწირული იყო. ამის შემდეგ სამასსამოცდახუთგზის შესწირეს საკლავი ლაშარის სალოცავს13. შეევედრნენ მორიგე ღმერთს, რომ მათი ღვთისშვილისათვის რაიმე საბრძოლო ნიჭი მიემადლებინა. მთელი დღეები და ღამეები მოისრობაში, ფარიკაობასა და ცხენოსნობაში ავარჯიშებდნენ კოპალას, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ოსტატები ქანცის გაწყვეტამდე არბენინებდნენ ბიჭს. ტალახში აგორავებდნენ, დასცინოდნენ, რომ ეგებ ძველი მთის მამის ამაყი სული გაეღვიძებინათ მასში. თუმცა დღე-დღეს მისდევდა და კოპალას ოსტატობას მისხალიც არ ემატებოდ. ამიტომაც, მთელი სოფელი მხოლოდ იმასღა ლოცულობდა, რომ მარებელებს უძილაურთელების სუნი ვერ ეყნოსათ და სადმე სხვაგან წასულიყვნენ ადამიანთა შესაჭმელად. თუმცა ეს ლოცვას კი არა უფრო ოცნებას ჰგავდა. სიმართლე ყველა უძილაურთელმა კარგად იცოდა, თუმცა საჯაროდ ამას არ აღიარებდნენ. ვითომ ხმლებს ლესავდნენ, ვითომ ციხეს ამაგრებდნენ, ვითომ მებრძოლებს წვრთნიდნენ, მაგრამ ამით მხოლოდ ერთმანეთს ამხნევებდნენ. სიმართლე ზარის რეკვის დაწყებამდეც ყველამ იცოდა: უძილაურთა განწირული იყო.

2.

  მარებელები უძილაურთაში დასარჩენად მოვიდნენ. ეს ბევრად უფრო თავზარდამცემი იყო, ვიდრე ზარის პირველი გაბმული ხმის გაგონება. აქამდე ეს არსად მომხდარა. მარებელები ყოველთვის მცირე ხნით დაეცემოდნენ ხოლმე სოფლებს, ხალხს ცოცხლად შეჭამდნენ, სახლებს მიწასთან გაასწორებდნენ და როცა ახლო-მახლო ვეღარავის დაიგულებდნენ, უკან, დაკბილულ მთებში გარბოდნენ ახალი სოფლებისა და ახალი ხორცის საძებნელად. ამ ალიაქოთში ხალხის ნაწილი გაქცევას ყოველთვის ასწრებდა. ვისაც ცოლ-შვილი ჰყავდა, აბჯარს აისხამდა, მარებელებს მედგრად გაეგებებოდა და იმ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ კაცები საბრძოლო ყიჟინით, ხმლის ფარზე შემოკვრით და მარებელთათვის ცეცხლოვანი ჩირაღდნების სროლით მათ ყურადღებას იქცევდნენ, მანამდე ოჯახი სამშვიდობოს გააღწევდა. მარებელები მართალია ძლიერები იყვნენ, მაგრამ ჭკუა დიდად არ უჭრიდათ. დადგამდნენ სოფლის თავში კაცის ზომის და ფორმის საფრთხობელებს, რომლებსაც ქალები მშვიდობიან დროს კერავდნენ, ჩააცმევდნენ საბრძოლო აბჯარს და მიახატავდნენ სახეს. მარებელები რომ მოვიდოდნენ, პირველად ამ საფრთხობელებს დაეროდნენ და სანამ მიხვდებოდნენ რომ ატყუებდნენ, მანამდე ბევრი ასწრებდა გაქცევას. თუ ხანგრძლივი მშვიდობა ჩამოვარდებოდა, მაღალ მთებში უზარმაზარ ქვებს ქარაფების პირას მოზიდავდნენ და მარებელები ირემთკალოს რომ გამოცდებოდნენ, მათგან შერყეული მიწის გამო ეს ქვები მოწყდებოდნენ და დიდ ზაინს აყენებდნენ მომხდურებს. ისეთი ბრძოლებიც ყოფილა, მარებელთა საკბილოდ მხოლოდ ბერიკაცები და დედაბრები დარჩენილან სოფელში. ამ დროს ახალგაზრდა ვაჟკაცები ეხვეწებოდნენ მხცოვანებს, ჩვენ ცოტა ხანი ყურადღებას მივიქცევთ და ბავშვებთან ერთად გაიხიზნეთო. ამის გამგონე მოხუცები მათ, როგორც ონავარ ბალღებს, ისე დატუქსავდნენ. რას არის რომ როშავთ, თქვენ უნდა გააგრძელოთ უძილაურთას ადათი წესი, გვარი და ჯიშ-ჯილაგი ,აბა ჩვენ რაღა ჩასათვლელები ვართ, დღეს თუ არა ხვალ მაინც მოვკვდებითო. ბერიკაცებს პაპებისდროინდელი ჩოხები ეცვათ. დინჯად გაეგებებოდნენ მარებელებს, თითქოსდა საპატიო ვინმე სტუმრები ყოფილიყვნენ. ბოლოჯერ მშვიდად ჩაისუნთქავდნენ მთის გემრიელ ჰაერს და რიხიანად შესძახებდნენ:,,მოდით თქვე მურტლებო და განახებთ რა გვარიცა გვაქვს’’. შორიდან დამნახავები ამბობდნენ, ამ დროს მოხუცის შესაჭმელად გამოქცეული მარებელი წამით გაშეშდებოდა, მიაყურადებდა მოხუცს, უზარმაზარ მკლავებს დაუშვებდა და იდგა ასე გაბოტილი, თითქოს ვერ გაებედა მთასავით მდგარი ბერიკაცის ხელყოფა, სანამ ვინმე სხვა არ შესძახებდა რაღაცას თავიანთ ენაზეო.

 მოკლედ ადრინდელი თავდასხმებისას, მართალია, სოფელებს დიდი ზიანი ადგებოდა, თუმცა მათი ამოწყვეტის საფრთხე არასდროს დამდგარა. თანაც მარებელები სოფელს რომ მოაოხრებდნენ, მერე კარგა ხანი იმავე სოფელს აღარ უბრუნდებოდნენ.

 სულ სხვა იყო ეს თავდასხმა. ბერთა-ბერმა ეს მაშინ იგრძნო, როდესაც მარებელთა ქალები და ბალღები დაინახეს. აქამდე ისინი არავის ენახა. ქალებზე მეტად ყველას ყურადღება მარებელთა ბალღებმა მიიქციეს. სიმაღლით ყველაზე ბრგე უძილაურთელზე ერთი თავით მეტნი იყვნენ, მაგრამ ქცევაში ეტყობოდათ ბალღობა. ერთმა ბალღმა ცხვარი დაიჭირა და იმხელა ძალით ჩაბერა პირში, რომ საწყალი პირუტყვი რამდენიმე წამში ტიკივით გასკდა. მოურიდებლად დახტოდნენ უძილაურთას ერთი სახლის სახურავიდან მეორეზე, სახლებიდან გამოქონდათ უზარმაზარი ლუდის სახარში ქვაბები, რომლის დაძვრას ოთხი მაგარი ვაჟკაცი ჭირდებოდა, შიგ შარდავდნენ, მერე პირში დაიგუბებდნენ და ერთმანეთს ასხამდნენ თავიანთ შარდს. განსაკუთრებით მრავალთავიანი ბალღები იყვნენ შესაზარები. ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდნენ ერთ მხარზე ამოსულ ორ ან სამ თავს და ყველა თავი სათითაოდ გაიძახოდა რაღაცას. საკუთარი ხელით ხან ერთ თავს წაუთაქებდნენ და მიაჩუმებდნენ და ხან მეორეს. კაცები უფრო დინჯად იქცეოდნენ. სოფელს რომ დაეცნენ და უძილაუთელებმა ნაცადი გზით გაქცევა სცადეს, იქაც მარებელები დაუხვდნენ მეთვალყურედ დაყენებულები. ამან შეაშფოთათ და გააკვირვათ, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გააკვირვათ, რომ არავინ შეუჭამიათ, ორი თითი ფრთხილად მოკიდეს და სათემოზე დატყევებულ თანასოფლელებთან ერთად დასვეს. მერე დიდი მორებით ღობე შემოღობეს სოფლელების გარშემო. ამ შემოღობილის ოთხივ კუთხეში მეთვალყურეები დააყენეს. ერთადერთი, ვინც მარებელთა პირველ შეტევას ემსხვერპლა, ბერთა-ბერის ვაჟი ჯურხაი იყო. მან მარებელთა ახალფეხადგმულ ბალღზე, რომელიც მასზე სულ ოდნავ მაღალი იყო, ხმლით გაიწია. უეცრად არსაიდან სამთავიანი ქალი გამოვარდა და თვალის დახამხამებაში შუაზე გაგლიჯა ჯურხაი, თუმცა არ შეუჭამია. მარებელთა ბელადმა ქალს ერთი ისეთი სილა გააწნა, რომ ექო შორეულ მთებამდე მისწვდა. მერე ჯურხაის გაგლეჯილი ცხედარი ორმა მარებელმა გაინაწილა და ისე შეუდგნენ ჭამას, თითქოს ხინკალს აგემოვნებენო. ყოველივე ამან საგონებელში ჩააგდო შემოღობილ სათემოში დამწყდეული უძილაურთელები. აქამდე მსგავსი გასაჭირი არავის გამოეცადა. თუ თავიდან ღვთისშვილი იახსარისა და აბუდელაურთელების იმედი მცირედით მაინც ჰქონდათ, ამ ახალმა გარემოებამ სასო წარუკვეთა მედგარ უძილაურთელებს. სრულიად აუხსნელი იყო მარებელთა საქციელი. რაღაც გარდაუვალ და დიდ საშინელებას მოასწავებდა.

 თავიანთ საქმეს რომ მორჩნენ, მარებელთა ბელადმა ომახიანი ხმით დაიძახა

-        მდე ბაბარასაკირ მუხალბეგ სხუაი? (ვინ იცის ჩვენი ენა?)

მარებელთა ენა მხოლოდ ბერთა-ბერმა იცოდა და ისიც წამოდგა.

-        ქე ბაბარასაკირ. (მე ვიცი)

 მარებელთა ბელადმა დიდხანს ილაპარაკა. უძილაურთელები ხედავდნენ, ნელ-ნელა როგორ ხდებოდა ბერთა-ბერის სახე თავზემოთ წამომართული თოვლიანი მწვერვალების ფერი. რამდენიმეჯერ თითქოს გონიც კი დაკარგა, წაბორძიკდა და იქვე მდგარმა კაცებმა შეაშველეს ხელი. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. თოვლი განუწყვეტლივ მოდიოდა და ღობურში მდგარ უძილაურთელებს თმა-წვერი ჭარმაგი მოხუცივით თეთრი გაუხდათ. თავის განძრევაც კი ვერავინ გაბედა, სანამ ბერთა-ბერი არ ალაპარაკდა. მარებელთა ბელადი ლაპარაკს რომ მორჩა, ბერთა-ბერი ხალხს მიუბრუნდა და ჩამქრალი ხმით თქვა:

 ,,მარებელები უძილაურთაში რჩებიან მანამ, სანამ საჭმელად ვეყოფით. ნელ-ნელა შეგვჭამენ, უნდათ რომ მთელი ზამთარი ჩვენი ხორცით გადაიტანონ. ზამთარი რომ გადაივლის წავლენ, მაგრამ იმ დროისათვის არც-ერთი ჩვენგანი აღარ იქნება ცოცხალი.’’ აქ უცებ გაჩერდა და კოპალას შეხედა: ,,შენს გარდა, შენზე თქვეს, რომ ძალიან პატარა ხარ და კბილშიც კი არავის გაეჭედები, შენ გაზაფხულზე თან წაგიყვანენ და მარებეთში გაგზრდიან, როდესაც საკმარისად დიდი იქნები, იმისათვის რომ ვინმეს საჭმელად გამოდგე, შენც შეგჭამენ’’. კოპალას გამომცდელი მზერა მიაპყრო და მკაცრად უთხრა: ,,არ იციან რომ ღვთისშვილი ხარ და სანამ დრო არ მოვა, ეცადე ვერც გაიგონ’’ ბერთა-ბერი მოცელილივით დაეცა დათოვლილ მიწაზე. ხალხი დუმდა, გაოცების განცვიფრების ან ბრაზის პატარა ნიშანიც კი არსად ჩანდა. გულში ყველა იმას ნატრობდა, რომ პირველი ის შეეჭამათ, არავის უნდოდა თანასოფლელების კვლა ენახა და მათი განწირული კივილი ესმინა. მაგრამ ყველაზე მეტად ღვთისშვილი კოპალა ეცოდებოდათ. ის ბოლო იქნებოდა და მას მოუწევდა უძილაურთას აღსასრულის ნახვა. მას მოუწევდა ყველა უძილაურთელის კივლის მოსმენა. ამ პატარა ბალღს უნდა გადაეტანა ის, რის გადატანასაც უძილაურთას ყველაზე მაგარი ვაჟკაციც კი ვერ გაუძლებდა. ყველა უძილაურთელი, ვინც კოპალას დასცინოდა და აბუჩად იგდებდა მისი უნიათობის გამო, ახლა მასზე დარდობდა. მაინც რა უცნაური ბედი აქვთ ამ ღვთისშვილებსო, ამის გაფიქრებაღა მოასწრო ბერთა-ბერმა, სანამ ბეჭებზე რკინისებრი დიდი ხელის შემოსალტებას იგრძნობდა. ბერთა-ბერმა თანასოფლელებს გამოხედა, სანამ მარებელის უზარმაზარ ხახაში გაუჩინარდებოდა. სახე ყველამ დამალა. კოპალა კი პირდაპირ მარებელის უზარმაზარი პირისკენ იყუებოდა. ყველაფერი ნახა: ნახა როგორი გამომეტყველება მიიღო ბერთა-ბერმა გარდაუვალი აღსასრულისგან გამოწვეული შიშის გამო, ნახა მარებელის ყელის მოძრაობა ლუკმის გადაყლაპვისას. მარებელი თავის საქმეს რომ მორჩა, კოპალამ ცხოვრებაში პირველად გაშლილი ხელი, საიდანაც ოდესღაც ყვავილები იღვრებოდა, მრისხანედ მომუშტა.

3.

   უძილაურთას ამბავი მეხის გავარდნასავით გავრცელდა მთაში. როგორღაც მოასწრო სასიკვდილოდ განწირულმა ხალხმა და მიმინო გაუგზავნა აბუდელაურთას, რათა სხვა სოფლები უკედ მომზადებულიყვნენ. თუმცა არც მათი საქმე მიდიოდა კარგად. აბუდელაურთაში წერილი რომ ჩავიდა, იქაურმა ბერთა-ბერებმა ღვთისშვილ იახსარს ეს საზარელი და შემაშფოთებელი ამბავი შეატყობინეს, ისიც დააყოლეს ამ უბედურებამდე უძილაურთადან სტუმრები გვეახლნენ და მარებელთა მოგერიებაში დახმარება გვთხოვესო. არც ის დაუმალეს ღვთისშვილი კოპალაც გვაახლეს, ცხრა წლის უღონო ბავშვიო. ათ დღეს, როგორც სასიკვდილოდ მოღერებულ ბასრ ხანჯალს, ისე ელოდნენ აბუდელაურთას ბერთა-ბერები ღვთისშვილის პასუხს. იცოდნენ, რომ არ აპატიებდათ იახსარი სიფრთხილის გამო მოძმეთ დახმარებაზე უარის თქმას.

 იმ საღამოს, უძილაურთელები რომ მოასვენეს, დიდხანს იკამათეს ბერთა-ბერებმა გაეგზავნათ თუ არა ღვთისშვილთან ცნობა. ბოლოს მაინც გაჩუმება არჩიეს. იცოდნენ იახსარის ფიცხი ხასიათი. ტანად ბრგე ჭაბუკი იყო, ბრძოლაში სწორუპოვარი, თუმცა ახალგაზრდობის გამო ხანდახან სიფიცხე სჩვეოდა და საღი გონი ღალატობდა. შესაძლოა წერილი რომ წაეკითხა, ტბის გაწმენდის წმინდა საქმე მიეტოვებინა და უძილაურთელების, ჯერ კიდევ მოლოდინად არსებული საფრთხის გამო, საკუთარი სოფელი გაეწირა. იცოდნენ ბერთა-ბერებმა იახსარი შელოცვების თქმას დაიწყებდა. განსაწმენდელები კი იმგვარი რამაა, ორმოც დღეს დაუჯდომლად უნდა იკითხო, მლოცველის გულს სხვა არაფერი უნდა გაეკაროს. ერთი წამითაც რომ გაუკრთეს მლოცველს ყურადღება, თუნდაც ეს მეორმოცე დღის სულ ბოლო წამი იყოს, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ადამიანი და პირუტყვი მტანჯველი სიკვდილით იხოცებოდა. სამი ფერის სამი ტბიდან ჩამონადენი წყლით სულდგუმლობდა სოფელი. დაკოდილ მარებელს, სოფელთან ყველაზე ახლოს მყოფი მწვანე, ტბა წაებილწა. მის ზემოთ ლაჟვარდად მოკამკამე ლურჯი ტბისა და ჭიუხებში დაკარგული თეთრი, სპეტაკი ტბის სისუფთავეს აზრი არ ჰქონდა, მწვანე ტბა თუ არ გაიწმინდებოდა. თუ იახსარი წამალს ვერ იშოვნიდა, მათი აღსასრული უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე უძილაურთელების. ცეცხლისფერთმიანი მზექალა, თავის ბალღ მოწაფეებთან ერთად, როგორღაც ახერხებდა რომ შელოცვებისა და წამლების ძალით აბუდეალურთამდე ჩამოსული შებილწული ტბის წყალი სასმელად ვარგისი გაეხადა, მაგრამ ეს წამლები აცოტავებდა წყალს. ტბის მოწამვლის პირველ დღეებში თუ ერთი სავსე ლუდის კათხიდან ერთი პატარა ყანწი სასმელი წყალი გამოჰყავდათ, ბოლო დღეებში ერთი პატარა ყანწისათვის ლამის ლუდის სახარში ქვაბი წყალი იყო საჭირო. ამიტომ არჩიეს, რომ უმჯობესი იქნებოდა იახსარს არ სცოდნოდა უძილაურთელთა გასაჭირი. ახლა კი უძილაურთას მოსახლეობა მარებელთა ტყვეობაში იყო და ამის დამალვას ღვთისშვილ იახსარს უკვე ვეღარ გაბედავდნენ ბერთა-ბერები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ტყვეებს შორის ბალღი ღვთისშვილიც იმყოფებოდა.

 მეათე დღეს ცეცხლისფერი მიმინო მოფრინდა იახსარისგან მრისხანე წერილით. სამივე ბერთა-ბერი შეაჩვენა იახსარმა, ჭიუხების სამ მწვერვალზე სამუდამო განდეგილობა მიურგუნა და მკაცრად გააფრთილა ბერთა-ბერები, საგზალი არაფერი უნდა წაეღოთ თან. წერილში პირდაპირ ეწერა : ‘’სასტიკი სიკვდილით რომ ჰკვდებოდეთ და ერთი პეშვი წყალი გარჩენდეთ, ხმა იმ პეშვის სათხოვნელადაც კი არ უნდა აღიმაღლოთო’’. მორიგე ღმერთის პირით ემუქრებოდა იახსარი ბერთა-ბერებს. ახალგაზრდული სიფიცხე მაინც იგრძნობოდა მის წერილში, თუმცა ბერთა-ბერები წერილის მრისხანე სიტყვებს შორის ზრდასრული კაცის სიდინჯესაც ხედავდნენ და ეს დიდად ახარებდათ სამუდამო მარტოობისათვის განწირულებს.

-        ’’როდის ყოფილა აბუდელაურთელებს დახმარების სათხოვნელად მოსული სტუმარი და მით უმტეს მოძმე უკან გაებრუნებინოთ? როდის ქმნილა მთაში მოძმეს თუნდაც სიცოცხლის ფასად არ დავხმარებოდით? ან მე, ღვთისშვილმა იახსარმა, რა პირით უნდა ვითხოვო მადლი და ძალა მორიგე ღმერთისაგან, როცა ჩემმა ხალხმა სტუმრად დახმარების სათხოვნელად მოსული ღვთისშვილი უკან უპასუხოდ და უიმედოდ გააბრუნაო?’’-იწერებოდა იახსარი. ცხრა ჯოჯოხეთიდან უღრმესში ჩაგდებით ემუქრებოდა იმ ბერთა-ბერს, რომელიც მის სიტყვას გასტეხდა. უარესს ელოდნენ ბერთა-ბერები, ამიტომ მორჩილად შეხვდნენ სასჯელს.

  იახსარმა წერლით სამი ბერთა-ბერის მაგივრად დროებითი მოწესეები დაადგინა მანამ, სანამ მორიგე ღმერთი ვინმე სხვას ან თავად ამ მოწესეებს მისცემდა ბერთა-ბერობისთვის საჭირო სიბრძნეს. ორი მათგანი ძე იყო, მესამე კი ასული. ცეცხლისფერთმიან მზექალაზე იახსარს განსაკუთრებით მიეთითებინა:

-        ‘’რასაც თქვენ წერილში ამბობთ და რაც მე აქ მოსვლამდე ვნახე, ყოველივე ამის მერე ბედისმწერელმა14 მირჩია, რომ აბუდელაურთას მართვაში ქალი ჩამერთო. ხატობისას საკლავს ნუ შეეხება და ნურც სხვა იმ წესს შეასრულებს, რაც ხატს შეურაცხყოფს, თორემ სხვაფრივ მისი ხმაც ისევე ისმინეთ, როგორც სხვა მოწესეების. ყურად ვიღებ რა ღვთისშვილთა შორის უბრძენესის ბედის მწერელის რჩევას, ბერთა-ბერად მყოფელი და აწ უკვე სამუდამოდ მდუმარე ჯარჯის ასულს, ცეცხლისფერთმიან მზექალას ვუბრძანებ, ყველა გოგო ვისაც კურნების ნიჭი აქვს, პირად შეგირდად აიყვანოს და ჩქარა მკურნალებად აქციოს. დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას თანასოფლელს თუ მეზობელი მხარიდან მოსულ მოძმეს. ყველა ადამიანი თანასწორად მიიღოს და ყველას თანასწორად უწამლოს, ქალი იქნება კაცი თუ ბალღი. თუ ერთი წამალი ჰქონდეს, ეს წამალი აბუდელაურთელს სოცოცხლის ერთ დღეს ჩუქნიდეს და მეზობელს ათ დღეს, აბუდელაურთელი გაწიროს და წამალი მეზობელს მისცეს. თუ შეატყობს რომ მისი ძმა კვდება და სხვა სოფლელის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება ძმა გასწიროს და მეზობელს დაეხმაროს. მზექალას და მის შეგირდებს ცალკე შენობა აუშენეთ. რა ბალახის შოვნასაც გიბრძანებთ, ყველაფერი უშოვეთ, მამის სისხლადაც რომ დაგიჯდეთ. გარდა ამისა, დანარჩენ ორ მოწესეს ვუბრძანებ, მზექალა თანასწორ მოწესედ აღიარონ და მის ხმას მოწესეთა კრებაზე ისეთივე ძალა ჰქონდეს, როგორც კაცებისას.’’