ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მაგრამ

მაგრამ

მაგრამ ...

ეძღვნება იმ ანას, რომლად ყოფნასაც, ალბათ,  ვერასდროს შევძლებ…

ინსპირაცია მარტა გელჰორნის და სხვა სამხედრო ჟურნალისტი ქალების ისტორიები

 

პატარა, ერთსართულიანი სახლის აივანზე ვზივარ. ხელში წითელი ღვინით ჭიქა მიჭირავს და სადღაც შორს ვიყურები. ზღვის ტალღებს სცდება ჩემი ფიქრები და ამ წამს მეჩვენება, რომ დედამიწაზე დიდი ვარ, იმდენად დიდი რომ მხოლოდ ერთი სულის შებერვით შემიძლია მისი გაქრობა გალაქტიკის ორბიტიდან. თვალებს ვხუჭავ და დაუფიქრებლად ვცლი ღვინის ჭიქას .

და რა შეიძლება იყოს უფრო შორი და უფრო უცხო ვიდრე საკუთარი თავი წარსულში, ვიდრე ქალი, რომლის ცხოვრებაც იცხოვრე და მაინც არ იცნობ კარგად ...

 რა ან ვინ შეიძლება იყოს უფრო შორეული და მტკივნეული ვიდრე საკუთარი თავი ნამყოფ და განვლილ გზაზე.. ვიდრე ემოცია, რომელიც განიცადე და იცი რომ ,არც არასდროს განმეორდება ...

მისი დიდი გახუნებული პერანგი მაცვია.. ეს უხეში ნაჭერი შიშველ სხეულზე მეხება და მის ნათითურებს უფრო მძაფრად ვგრძნობ კანზე, თითქოს, ისევ აქაა, სადღაც გვერდით, თითქოს ახლა ხმაურიანად ამოირბენს კიბის საფეხურებს, ქვიშიან ფეხებს დაბაკუნებით ჩამოიშორებს და თავის გახურებულ ტუჩებს ჩემს აწეწილ თმის ხვეულებში ჩაკარგავს ..თითქოს ისევ მოვა , მოიტანს ზღვის სურნელს და დამავიწყებს, როგორი მარტოსული ვარ, მაგრამ ...

„ არცერთი წინადადების დაწყება არ ღირს, რომელიც კი მაგრამ-ით უნდა დასრულდეს . საერთოდ არაფრის დაწყება ღირს, რაც დასასრულისთვისაა განწირული ...არაფერი ღირს წასვლად, სიმარტოვედ, არაფერი „

ვუყურებ ამ სულელურ ნაჯღაბნს ძველი დაჟანგებული საბეჭდი მანქანის თავზე ამოჩრილი ფურცლის პირას და შიში მიპყრობს, პირველად ჩემი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში მეშინია, რომ წერას ვეღარ შევძლებ, რომ თითები ერთხელაც ასე უაზროდ გაჩერდება და მრავალწერტილებს შეატოვებს ჩემს ვერგამოთქმულ სათქმელს. ღმერთო, ეს რა უცნაური შეგრძნებაა.

მიტოვებული ქალაქის სანაპიროზე მიტოვებული სახლის კიდევ უფრო მიტოვებულ ოთახში რამდენი ქარიშხლიანი ღამე გამითენებია მარტოს და მაინც ასე ძალიან არასდროს არაფრის შემშინებია. რამდენი წერილი დამიწერია ტყვიების და ბომბების ზუზუნის ქვეშ და რამდენჯერ მიგვრძვნია საკუთარი მზერა იარაღის ლულაში მოქცეული და მაინც ასეთი უმწეო არასდროს ვყოფილვარ .

სიგარეტს ვაბოლებ, ისევ ზღვას გავქცერი, მერე საკუთარ გაფითრებულ ფეხებს ვხედავ თეთრი პერანგიდან გამოჩრილს და სურვილი მიჩნდება ეს უსიცოცხლო ხორცის ნაგლეჯები დაუნდობლად დავსერო, დავასისხლიანო. მერე რა, მაინც ვერაფერს ვიგრძნობ, მაინც არაფერს იგრძნობს ჩემი წელს ქვემოთ მოწყვეტილი, სამყაროს, სიცოცხლეს, ენერგიას მოწყვეტილი სხეული.

ჯანდაბას, თან არ მაქვს რამე ბასრი და ის ერთადერთი, რასაც ამ ბოლო დროს ჩემი სულის ხსნა შეეძლო, ახლა უმოძრაო მუხლებზე მიდევს და იმაზე მეტად უსიცოცხლოა, ვიდრე ჩემი ომში დალეწილი, მოძრაობის უნარს სამუდამოდ მოკლებული ფეხები . ტრაგედიის მოახლოებას ვგრძნობდი, ზღვაზე ქარიშხალი იწყებოდა, მე კიდევ სულის პარალიზების მეშინოდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად.

შიშები როცა სხეულში გვიბუდდება, მერე საკუთარ უბედურებას და მარტოობას კიდევ უფრო ცხადად ვგრძნობთ. იქნებ უბრალოდ გვეჩვენება,ან ასეა კიდეც მაგრამ შიშს ჩვენი მართვა შეუძლია, ჩვენი უფსკრულში ჩაჩეხვა. ბევრი რამ შეუძლია ამ ოხერ შიშს.

პარადოქსი არაა ?

ქალს, რომელსაც ორი ომი გამოუვლია, საყვარელი მამაკაცი დაუკარგავს, სამშობლოს მიღმაც აღმოჩენილა და უამრავი ადამიანის უბედურების მიზეზიც გამხდარა, ყველაზე მეტად წერის დაკარგვა რომ აშინებს. მაგრამ რა ქნას ისეთმა ქალმა, ვისაც  ეტლს მიჯაჭვული ერთფეროვანი ცხოვრებისას სულის გადასარჩენად და მეამბოხე ეგოს დასაკმაყოფილებლად მხოლოდ წერა დარჩენია ? რა გზა აქვს მას, არ უნდა ეშინოდეს განა ?

აბა, გაბედეთ და მითხარით რომ ლაჩარი ვარ, მითხარით რომ სუსტი და უმწეო ვარ და არაფრად ვვარგივარ, რადგან ასეთი რთული გზის განაპირას მოსული ნაჯღაბნი ფურცლების გროვამ შემაშინა. აბა, გაბედეთ თვალებში მიყურეთ და მითხარით რომ მშიშარა ვარ , თუ გეყოფათ გამბედაობა , ჩამხედეთ თვალებში და მითხარით !

ჩემდა გაუცნობიერებლად თურმე ყვირილი დამიწყია , ხელებს სულელურად ვიქნებდი ჰაერში და თან ხმის ჩახლეჩამდე ვყვიროდი :

„ როდემდეეეე... როდემდეეეეე... მოდი და გამოჩნი, მოდი და თუ ასეთი მაგარი ხარ პირდაპირ მითხარი რა არის შენი პრობლემა... რა ჯანდაბა პრობლემა გაქვს და რა გინდა ჩემგან ? გამოდი, დამენახე ერთი .. იქნებ გავიგო, რა გინდა... რატომ მიგაქვს ყველაფერი ჩემი ცხოვრებიდან, რატომ მოდიხარ და დაუკითხავად მიგაქვს ყველაფერი ჩემგან.. არაფერი დამიტოვე, აღარაფერი, სინდისი, სიყვარული, სახლი წამართვი, ახლა გინდა რომ საკუთარი თავიც წამართვა და ჩემგან წერა მიგაქვს ? არ გაგატან, გესმის, მოვკვდები მაგრამ არ გაგატან, ვერ გაგატან , ხვდები ? არ შემიძლია, უბრალოდ არ .... „

უმწეოდ ჩავხარე თავი, საკუთარ უმოძრაო მუხლებში ჩავრგე ხელები და წამით კიდევ უფრო ცხადად ვიგრძენი საკუთარი მარტოობა .

 „ვის დაეკარგე ან შენ ან შენი წერა ?

ვისღა ახსოვხარ ?

ბოლოს როდის წაიკითხეს შენი ნაწერები ?

ბოდიში, ნაჯღაბნები იქნებოდა უფრო სწორი.

ბოლოს როდის დაგიბეჭდეს პუბლიკაცია ან როდის მოგიწყვეს ლიტერატურული საღამო ?

ბოლოს როდის მიიღე მკითხველისგან სიყვარულით გაჟღენთილი წერილები ?

როდის იგრძენი რომ ცოცხალი ხარ ?!

იქნებ მაშინ დახეიბრდი , როცა ჟურნალისტიკის მიტოვება მოგიწია.

იქნებ მაშინ დაინვაიდდი და მიეჯაჭვე ეტლს, როცა გაზეთებმა უარი თქვეს შენს სტატიებზე და არც სალიტერატურო გამომცემლობები შეხვდნენ დიდი სიხარულით შენს ჩანახატებს .

გეგონა აქამდე სუნთქავდი ?

ჯანდაბა ...

შენ დიდი ხანია მკვდარი ხარ და მხოლოდ ამ წამს გააცნობიერე ეს …

თვალი გაუსწორე სიმართლეს , შენ მკვდარი ხარ და ვეღარც ვერასდროს გაცოცხლდები ! „

საიდანღაც ჩამესმოდა ეს ბოროტი, მაგრამ უსაშველოდ მართალი ხმა , რომელიც მძულდა . აბობოქრებულ ზღვას გავხედე, მოსალოდნელი ქარიშხალი კიდევ უფრო ახლოვდებოდა ...

 

***

ტყვიების გაბმული ხმა , თვალს უხალისოდ ვახელ და ერთადერთი რასაც ვგრძნობ, ეს საკუთარი ხელებია. ფრთხილად ვამოძრავებ და იმის გააზრებაც კმარა, რომ ხელებზე არაფერი მომსვლია,ანუ წერას ჩვეულებრივ შევძლებ.

უფ, ამოვისუნთქე თავისუფლად და ირგვლი მიმოვიხედე. ვერაფერი გავარჩიე , ვხედავ მხოლოდ მტვრიან ბუღს და ყუმბარის ნაფლეთებს, რომლებიც ჩემს გარშემო მიმოფანტულა. მერე სადღაც შორიდან გამყინავი ხმა მესმის, ჯარისკაცებს ვხედავ, ხელს მიქნევენ და რაღაცას მანიშნებენ, თუმცა იმდენად სუსტად ვარ, იმის გააზრებაც მიჭირს, რომ ჩემი გაფრთხილება უნდათ. კიდევ ერთი ახედვა და ჩემთან ძალიან ახლოს მეორე ყუმბარა ფეთქდება. ხელებში სწრაფად ვრგავ თავს და ნასწავლი მეთოდებით ვცდილობ თავის დაცვას. მერე წამი იყინება, ნაცრისფერი ედება ჩემს გარშემო ყველაფერს და იმ ჯარისკაცის გასისხლიანებულ სხეულს ვხედავ , რომელიც ცოტა ხნის წინ მეძახდა.

ისევ ხელებს დავცქერი და ვხვდები, რომ ადამიანური თანაგრძნობის და ტკივილის უნარი დავკარგე . სხეულში შერჩენილი ძალებით ვიზლაზნები და წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ ვხვდები რომ ფეხები არ მემორჩილება.

მეორე წელი დაიწყო, რაც ფრონტის ხაზზე ვარ და აქამდეც ბევრჯერ მოვყოლილვარ მსგავს თავდახსმებსა და ყუმბარების ქარცეცხლში, მძიმე და მსუბუქი ტრავმებიც ბევრჯერ მიმიღია, თუმცა გუმანი რაღაც უცნაურს მიგრძნობს და ავი ფიქრები იპყრობს ჩემს გონებას. ისევ ვეყრდნობი ფეხებს და ნელნელა , თუმცა ძალიან რთულად წამოდგომას ვახერხებ, ბარბაცით ვცდილობ უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე  საკუთარი ძალებით მისვლას.

ბავშვობიდან მივაჩვიე საკუთარი თავი სიძლიერეს, ამ დროიდან მოყოლებული ვცდილობ ვიყო დამოუკიდებელი და არასდროს ვსაჭიროებდე გამოწვდილ ხელს . შორეული ბავშვობიდან დამჩემდა ეს ჩვევა და ახლაც, როცა ამდენი უბედურების და სისხლის ეპიცენტრში საკუთარი ნებით ვცდილობ საყვარელი საქმის კეთებას, არავის ვენდობი, არავის იმედი არ მაქვს, გარდა საკუთარი თავისა.

რთულად გადმოსაცემია ის ტკივილი, რაც ჰოსპიტალში მისვალმდე განვიცადე და ის სიხარულიც, რაც თეთრკაბიანი მედდის დანახვამ მომანიჭა .

გონს მეორე დღეს მოვეგე - სისუსტეს ვგრძნობდი, ფეხებსა და მის გამოძრავებაზე ფიქრი არ მინდოდა, თვალი შევავლე ამ თეთრი ნაჭრებით ნაუცბადევად აწყობილ კარავს და ჩემს ყნოსვას სადღაც შორიდან მძაფრი წამლების სუნი მისწვდა. ჩვეულ ადგილას ვარ, ისევ ჰოსპიტალში და ისევ მოყენებულ ჭრილობებს ვიშუშებ, თუმცა ვის ვატყუებ, ვიშუშებ კი არა ვცდილობ მინიმალური სასიცოცხლო უნარები დავიბრუნო , რათა ისევ დავუბრუნე ეპიცენტს და საკუთარი საქმე გავაგრძელო .