ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

და ბოლოს, ღია ბოქლომი

და ბოლოს, ღია ბოქლომი

ჩაკეტილი ბოქლომი

სახლში სულ ოთხი კარი იყო - საძინებლის, საპირფარეშოს, სააბაზანოს და მთავარი, გასასვლელი კარი, საიდანაც ვიცოდი, რომ აუცილებლად გავაღწევდი. ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი, როდესაც სახლიდან გაქცევა მომინდა. ამ სამყაროსთან შეუთავსებლობის შეგრძნებით მოსული ემოციები მანგრევდა და ძელთაძველი შენობასავით ვყანყალებდი. ორივე ყური ჩხუბის ხმებით გატენილიყო და მიმდებარედ ცრემლმორეული თვალები მეგებებოდნენ. დედის უსუსური მდგომარეობა და მასზე ბრაზი, სიყვარულთან ერთად წლების მანძილზე ღვივდებოდა. მას ცხოვრება გაუუქმდა და გაღებული მსხვერპლის ან შეწირული ცხოვრების საფასურები შვილები აღმოვჩნდით. დამსხვრეული ფანჯრის ბზარებიან შუშაში ჩემს ანარეკლს ვხედავდი და მეზიზღებოდა. მძულდა დანაწევრებული, უბედური სახის დანახვა. ფანჯრის ქვემოთ, გატეხილი პატარა სკამი ისტორიას ატარებდა. ღილაკებიანმა, კუთხემომტვრეულმა ტელეფონმა დარეკა. დედა აივანზე სარეცხს ფენდა და მთელი სხეულით თოკებისკენ იზიდებოდა. ყოველთვის როცა ამას აკეთებდა, შიში მიპყრობდა და თითქოს ენა აღარ მემორჩილებოდა. ამჯერადაც ასე მოხდა, მინდოდა დედასთვის დამეძახა და მეთქვა რომ ტელეფონი ურეკავდა, მაგრამ მე მხოლოდ მის მოძრაობას ვაკონტროლებდი, სხეულის ყველა გაქანავება ავის მომასწავლებლად მეჩვენებოდა და რაც უფრო შორს მყოფი თოკისკენ იხრებოდა, მით უფრო ძლიერი შიში მოდიოდა. დედა გადავარდება, დედა გადავარდება... ის კიდევ უფრო უშიშრად იხრებოდა, განიერი წელი აივნის შელახულ მოაჯირზე ჰქონდა შემოდებული და განაგრძობდა. თვალს არ ვაშორებდი, თითქოს შემეძლო გადავარდნის პირას მყოფი გადამერჩინა. ლურჯი, ადგილ-ადგილ სიმძიმისგან ფერგადასული და ცისფერში გარდამავალი ტაშტებიდან უსასრულოდ ამოდიოდა სველი ტანსაცმელი და თითოეული მათგანი მძულდა. ათი წუთი აივნის თოკებივით გრძელი მომეჩვენა. უკანასკნელი მაისურის ჯერი დადგა, მეწამულისფერი, უსაშველოდ გრძელი მკლავებით და სულის შემხუთავი ბუსუსებით. დღესაც, როცა ასეთ მაისურს ვხედავ, თითქოს ხისტი ბუსუსები ჩემკენ მოემართებიან. მე გავრბივარ, მაგრამ მაინც მიჭერენ, მჩხვლეტენ და მაისურის ფერში მღებავენ. მაისური თოკზე ჩამოკიდა და ჩემი გულიც ნელ-ნელა თავის ადგილს დაუბრუნდა. დედა შემოვიდა და როგორც იქნა ამოვღერღე რომ ტელეფონმა დაურეკა, თურმე ბევრჯერ და მე აღარ მესმოდა, ფანტაზიაში გადავარდნილს. ჩემმა ფანტაზიებმა და მათგან წამოსულმა შიშებმა დაღუპა სკამი. უცოდველი ხის, პატარა და გაცრეცილი სკამი. ჰო, მიყვარდა. პატარა იყო და როცა მასზე ვიჯექი, თითქოს ჩემ თავთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე სხვებთან. დედამ ტელეფონი აიღო და შემოსული ზარი შეამოწმა, ამასობაში კარები მამამ შემოაღო და დედას უხეში ხმით უთხრა:

-რომ გირეკავდი სად იყავი, რისთვის გინდა ეს ტელეფონი, ხუთჯერ დაგირეკე - თვალებიდან წამოსული ბრაზნარევი ნაპერწკლები მანათებდა.

-სარეცხს ვფენდი და ხმა ვერ გავიგე. სოფი, რატომ არ დამიძახე თუ ამდენჯერ დარეკა?- მომვარდა გაჯავრებული დედაჩემი.

მე ხმა არ ამომიღია. ორ გრძნობას შორის გავიჭედე, ერთი დამნაშავედ მაგრძნობინებდა თავს და მეორე შიშს მიღვივებდა. ნაღვლიანი თვალები შევაფეთე გაბრაზებულ დედას. შემდეგ, და-ძმის ოთახში გამიშვეს და მითხრეს არ გამოვსულიყავი.

ყურებში თითები ისე მძაფრად მივიჭირე, ნიჟარებმა ტკაცატკუცი დაიწყეს. ყურები მტკიოდა, მაგრამ ჩხუბის სიმძაფრე წყვეტილად მოდიოდა თითებშერჭობილ ყურებში. ცოტა ხანში გოლიათის ნაბიჯების ხმა გავიგე, კარის მიმართულებით. კარი გაიღო და საკუთარ ჩარჩოს მძიმედ ჩაეხუტა. ძლიერმა გრუხუნმა სიჩუმე შემოიპატიჟა, პატარა, ბოქლომიანი სახლის შუაგულში. სკამი, ხის სკამი, საცოდავი საყრდენი ადამიანისა, უსამართლოდ გაიპო და უსამართლოდ დაზიანებული ქალის სისხლით გაისვარა. დედის თავზე გადატყდა და მისმა ცრემლებმა დაალპო.

 

 


ბედნიერი მხოლოდ წელიწადში ერთხელ ვიყავი ხოლმე. დეკემბრის ბოლოს ლურჯმწვანე გრძნობები მოიცავდა სხეულს და თითქოს უკეთესის მოლოდინში, ახალი წლის დადგომა ჩემში იმედს იწვევდა. თოვლის პაპისთვის გაგზავნილი წერილები, ყოველ წელს, ერთი და იგივე იყო.

„თოვლის პაპა,

გთხოვ, ლამაზი დღიური და კალამი მომიტანე.

გპირდები, მთელი წელი კარგად მოვიქცევი.

შენი სოფო...“

სოფო შემთხვევით დამარქვეს. დედას დაფეხმძიმებიდან ჩემს დაბადებამდე, ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა რომ დიდედას სახელი, სვეტა უნდა დაერქმიათ, მაგრამ როგორც კი საშოს მოვშორდი, ჩემს დას ისტერიკა მოუწყვია საავადმყოფოში, ამას თუ სვეტას დაარქმევთ სახლიდან წავალო. დიდი გაწევ-გამოწევა ყოფილა, გაცოფებული მამაჩემი სანამ ჩემი დის უზრდელობის ამბით იყო აღტყინებული და სჯა-ბაასი მიდიოდა ამ საკითხზე, დედას გამბედაობა გამოუჩენია და სოფი ჩაუწერინებია დაბადების მოწმობაში. თურმე სვეტა არც მას მოსწონდა და ქმარს ვერ ეწინააღმდეგებოდა. დის ღელვამ უბიძგა, საკუთარი სურვილისთვის პატივი ეცა და მომავალი განხეთქილების მიზეზი წარმოეშვა. მამა ძალიან გაბრაზებულა, მაგრამ რთულად ჩავლილი მშობიარობის და დედის სისუსტის გამო, ხმა ვეღარ ამოუღია. ასე შემრჩა სახელი სოფო.

დიდი წონით დავიბადე, 4 კილო გამოვედი ამღვრეული სითხით სავსე სივრციდან, ერთი დაკეტილი ბოქლომი მაშინ გავაღე. თავზე რიჟა ბუსუსები მქონდა, ზრდასთან ერთად წითლდებობდნენ და ხვეულ ფორმას იღებდნენ. მრგვალი, თაფლისფერი, მუდამ ამღვრეული თვალები არასდროს მომწონდა. თითქოს სხვადასხვა მიმართულება ჰქონდათ არჩეული და წამწამებსაც ზურგი ექციათ მათთვის. ჰო, წამწამებიც რიჟა ფერის მქონდა და თუ ძალიან არ დავაკვირდებოდი, არ ჩანდნენ. პუტკუნა ლოყები სახეს ბურთივით მიმრგვალებდა და ვისაც არ დაეზარებოდა, სახის ამ ნაწილზე მეპოტინებოდა. მახსოვს, როგორ მძულდა თითოეული ნათესავის, მეზობლის, ნაცნობის გამოხმაურება :

-როგორი ბუშტუკა ლოყები აქვს კატო, რა საყვარელია რიჟიკა - ეუბნებოდნენ დედას და ყველა მათგანის მარჯვენა ხელი მზად იყო ეჩქმიტათ ფუმფულა ლოყებზე, თითქოს უგრძნობი ვიყავი და შემდეგ, დესერტად, მადიანად ეკოცნათ. როგორც კი თვალს მოერიდებოდნენ, საგულდაგულოდ ვიწმენდდი მათი ნაამბორის კვალს.

წლების მატებასთან ერთად, ჩემი თმა აღდგომის კვერცხივით წითლდებოდა. სანათესაოში წითური მხოლოდ მე ვიყავი. თითოეული ოჯახის წევრი ერთი გარეგნული ნიშნით მაინც წააგავდა ერთმანეთს. მე, ამ მხრივაც გარიყულად ვგრძნობდი თავს. ჩემი და ხშირად, ხუმრობით მეუბნებოდა, რომ ნაშვილები ვიყავი. სულ პატარა სოფოს გულზე მძიმედ ხვდებოდა ხოლმე. სარკეში იყურებოდა, რომ გამომეტყველების სირღმეში მაინც ეპოვა დედასთან, მამასთან, ან და-ძმასთან დამაკავშირებელი საერთო ნიშანი.

ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა არ მიყვარდა. როცა მთელი ოჯახი სტუმრად მიდიოდა, ყველაფერს ვაკეთებდი რომ არ წავსულიყავი და თუ მაინც წამიყვანდნენ, მასპინძლის სახლში მყოფ ბავშვებთან თამაშის ნაცვლად, მაგიდის ქვეშ განვმარტოვდებოდი და „უხილავობანას“ ვთამაშობდი. მე, იატაკი და მაგიდა ვსაუბრობდით, მანამ სანამ სანატრელი წასვლის დრო არ დადგებოდა.

სანამ წერა - კითხვას ვისწავლიდი, ვიცოდი რომ მთელი ცხოვრება ჩემი საუკეთესო მეგობარი ფურცელი იქნებოდა. როდესაც პაპას ვხედავდი წიგნით ხელში, თითქოს შიგნით ჩაძირულს, სიმშვიდე გადმოდიოდა ჩემში და მტვრიანი ფურცლის მიმართ ინტერესი მაშინ წამოვიდა. როდესაც წერა დავიწყე და ფურცელზე პასტით რაღაც გაუგებარი დავფხაჭნე, ჰაერი ჩავიდა პატარა ფილტვებში და სუნთქვა უფრო მსუბუქი მომეჩვენა. ყველა ჩაკეტილი ემოცია გადამქონდა და მე სულელური ჩანახატების კორიანტელში ვიძირებოდი.   

ის დღეები მიყვარდა, როცა სახლში ნამცხვრის სუნი ტრიალებდა. ფეჩთან მამა იჯდა და შეშას შეშაზე ამატებდა, უფრო მეტად რომ დამთბარიყო. შეშის და ვანილის სუნი ზავდბოდა, წამი ჩერდებოდა და ბედნიერება სტუმრად რჩებოდა. ფეჩი საკმარისად რომ გახურდებოდა, დედა მეძახდა:

-სოფი, სანამ სახლში სითბოა იბანავე დედი. რომ მორჩები ბანაობას, ნამცხვარი უკვე მზად იქნება.- მოჯღანული სახით ვეთანხმებოდი და ნაძალადევად წამოვდგებოდი ხოლმე გაბზარული სკამიდან.

ნამცხვრის მოლოდინი მიმარტივებდა ცივ აბაზანაში შებიჯებას. როგორც კი მოვრჩებოდი, მაშინვე აგიზგიზებულ ფეჩთან გავრბოდი, სკამს მამასთან მივაჩოჩებდი და სითბოსთან მიახლოებული თვალები მითვლემდა. მამა თავზე მკოცნიდა მეუბნებოდა :

-ოჰ, როგორი ნამცხვრის სუნი გაქვს სოფი.

მამას სიფიცხე ცხელი, შემხუთავი ქარივით მიბერავდა მთელი ბავშვობა. რაც კი წესი არსებობდა, რომელიც ადამიანების თავისუფლებისა და სიმსუბუქის უარყოფას ემსახურებოდა, ყველა საუცხოოდ ჰქონდა შეთვისებული და ცდილობდა შვილებიც ამ ტრადიციებით გაეჟღინთა. თუკი რომელიმე ნაშიერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აღვიმართებოდით, ყოველთვის ერთიდაიგივეს გვეუბნებოდა:

-ან ჩემი წესებით იცხოვრეთ, ან წადით ამ სახლიდან.

სინამდვილეში, არც ჩვენი სახლიდან გაყრა უნდოდა და არც თავისი პრინციპების დათმობა. უბრალოდ სჯეროდა რომ თუ ისეთები ვიქნებოდით, როგორიც თვითონ წარმოედგინა, ჩვენთვის უკეთესი და უსაფრთხო იქნებოდა. მისი მკვეთრად გამოხატული, გაბურძგნული წარბები, ყოველთვის ზემოთ იქაჩებოდნენ და წარბებს მოშორებული, ყინულივით თვალებიდან ცეცხლი ენთო. ყოველ ჯერზე, როცა გვეჩხუბებოდა და შენიშვნებს გვაძლევდა, ეს ცეცხლი უფრო ღვივდებოდა, მაგრამ მალევე სინანული წყალს უსხამდა თვალებში აალებულ ჭიაკოკონას. საკუთარ თავთან და ხასიათთან ორთაბრძოლამ, მისი გული დაფლითა და რამდენჯერმე ლამის გაუჩერდა კიდეც.