ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

თუთის ხე

თუთის ხე

- “მანანა, სადა ხარ გოგო აქამდე”? - გამხდარმა, ხნიერმა ქალმა ცოტა ხანს მიაყურადა, ხმა რომ არავინ გასცა, თოხი გაბრაზებით მიაგდო და სახლისკენ გასწია.

ბაღიდან ეზოში გამავალ ჭიშკარს რომ გასცდა, ღობისპირზე ტოტებგადაშლილ თუთის ხეს მიხუტებულ გოგოს ჰკიდა თვალი და უფრო წაეკიდა სიბრაზე.

- “ისევ თუთას მიჰკვრიხარ, არა... რა ნახე მაგ ხეში ასეთი, რომ ვეღარ ეშვები... როდის მე შენ წყალზე გაგაგზავნე, დავიხრჩე ლამის, წელში ვწყდები მუშაობით, შენ კიდევ ხელის განძრევა არ გინდა”, - სანამ გაწიწმატებული ქალი მივარდებოდა, გოგო ხის ტანს მოსწყდა და ეზოდან სირბილით გავარდა.

- “დედაილა”, - წყეპლასთან ერთად ფეხებში მიაყოლა ქალმა. გოგოს წკეპლა კი ასცდა, მაგრამ „დედაილას“ ტონმა გული ჩაუფხაჭნა.

5 წელია, მანანას დედა არ უნახავს, თავიდან სიტყვა “ბარსელონას” ხსენებაზე მოლოდინითა და შიშით კანკალებდა, მაგრამ მერე იმდენ ხანს გაგრძელდა ერთიცა და მეორეც, რომ ტკივილი სადღაც, სხეულის სიღმეში ჩაუძვრა... ახლა, ხანდახან, მუცლის გვრემად თუ წამოუვლის ხოლმე, გაწვება პირქვე და დედის გამოგზავნილ წითელ ბალიშს კბენს.

დანარჩენზე თითქოს ვერაფერზე შეამჩნევთ, რომ 12 წლის გაჩხინკულ გოგოს რამე აწუხებს.

- “დედამისივით უგულოა, ამას არცვინ უყვარს და არც ეცოდება, მამა არა ხარ, ცოტა მკაცრად უთხარი რამე”, - ბებიის ხმა გოგოს ბაღის ბოლოში ფეხებში გასრიალებული მცურავის სისინს აგონებს.

მამა დედამისს თავს უქნევს, მაგრამ არ უსმენს, იქ არის და თითქოს, არც არის, ვერც შვილის აწურულ მხრებსა და გაყინულ თვალებს ამჩნევს.

- “რამდენჯერ გითხარი, ის თუთა მოსჭერი მეთქი, ჯადო რამე აქვს გაკეთებული, ვერ ვაშორებ ამ გოგოს”, - არ ცხრება ბებო.

გოგოს თვალები ახლა შიშისგან ეყინება, მაგრამ მამა არც ამჯერად ისმენს რამეს, დაუღეჭავად ყლაპავს ბოლო ლუკმას და სახლიდან გადის.

კარგა ხანია, ბებო მამას თუთის მოჭრას სთხოვს.

- “დედამისივით უჯიშოა ეგ ხე, ერთი-ორჯერ თუ მოისხა ნორმალურად... ის ქალიც სულ ამ თუთას შეჰყურებდა, შვილსაც იმან ჩააგონა... დედამისი რაც წავიდა, მას მერე მიეკრობა ამ ხეს და არის ეგრე გარინდული საათობით”, - მეზობლების გასაგონად გაჰყვირის ბებო.

- “ასეთი რა დაგიშავა დედაჩემმა, ბაბო”? - ტირილს ვერ იკავებს პატარა გოგო.

- “კარგი რა, ელო, ბავშვთან მაინც ნუ ლაპარაკობ ხოლმე ეგეთებს”, - საკუთარი აინვიდან გადმოსძახებს კარის მეზობელი თამაზა, მაგრამ თავშეუკავებლობა ძვირად უჯდება.

- “კიდევ მე გავჩუმდე! სატლინკაოდ გავუშვით საზღვარგარეთ? აგე, შენი რძალი, სამი წელია, თურქეთაშია და აგივსოთ ოჯახი... ის კიდევ... აიშვირა ფეხი და სამ წელიწადში ვიღაც კაცს გაეკიდა, დარდით დამიავანტყოფა ბიჭი. ამანაც უნდა იცოდეს, დედამისი რაც არი, მაგრამ ესეც”...

გაჭხინკული გოგო შესიებულ კერტებზე უნებურად ხელებს იფარებს და იბუზება. თუთასთან უნდა, მაგრამ ბებოს შიშით დღისით ხესთან მიკარებას ვეღარ ბედავს, დაღამებას ელოდება, კიდევ კარგი ელო შებინდებისასვე იძინებს.

- „ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი…როცა მოგენატრები, ეს ლექსი თქვი ხოლმე, ჩვენი ლექსი და ჩვენს თუთას ჩაეხუტე. მალე ჩამოვალ, დე, აი, ნახავ, რა სწრაფად გავა დრო... ულამაზეს კაბებს გამოგიგზვანი, ოღონდ არ იდარდო, ჩემო ღიღილოსთვალა გოგო“, - დედის ბოლო ჩახუტების შემდეგ დრო სწრაფად გავიდა კი არა, საზარლად გაიწელა, განსაკუთრებით, პირველი 2 წელიწადი.

დედამისის მეგობარი ნაირა მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა, კიდევ უფრო გაუჭირდებოდა მანანას. სკოლაში ხომ თავზე დაჰფოფინებდა და სახლშიც ხშირად მიჰყავდა ნაირას დაქალის შვილი. გოგოს მასთან სტუმრობა დედის წასვლამდეც ძალიან უყვარდა, ნაირას მაკას ხომ მანანას ნახვას არაფერი ერჩია.

-„მანანას რომ ელოდება, იმ დღეს დილიდანვე ფანჯარასთან დამასმევინებს თავს და სანამ ეზოს კარს არ შემოაღებთ, ხმას არ იღებს“, - ეუბნებოდა ხოლმე ნაირა ლიას, მანანას დედას.

მაკას, როგორ დედამისი ამბობდა, სამშობიარო ტრავმის გამო, ფეხზე არც გაუვლია. რაიონის გამგეობაში ერთხელ, თუ ორჯერ კი მისცეს ეტლი, მაგრამ სოფლის ოღრო-ჩოღრო გზებზე ჯაყჯაყით მალე გაფუჭდა და მარტოხელა დედას შვილის გარეთ გაყვანა უჭირდა, სკოლაშიც 2 წელი ძლივს ატარა. სკოლის დირექტორს დახმარება არც უცდია, “თავისნათქვამა” ნაირას დიდად არ სწყალობდა.

თანაკლასელებმა რამდენჯერმე რომ დასცინეს, მაკასაც აღარ მიუწევდა იქითკენ გული. სახლში გამოკეტილი ბავშვის ერთადერთი სიხარული თანატოლის სტუმრობა იყო. ლიას წასვლამდე, სანამ მეგობარი ქალები ჩუმად საუბრობდნენ, ბავშვები მაკას გარდაცვლილი მამის მიერ გამოთლილი ხის სათამაშოებით თამაშობდნენ ხოლმე. მერე…როცა ლია წავიდა, დასხამდა ნაირა გოგოებს ტახტზე, გვერდით მიუდგამდა ალუბლის ნამცხვრიან თეფშს და უკითხავდა ზღაპრებს. შებინდებისასღა, წელის ათრევით გამოვიდოდა ხოლმე მანანა მასწავლებლის მყუდო ბინიდან და თავჩაღუნული გასწევდა შინ.

ელოს იმედად დარჩენილი გოგო სოფელში ყველას ეცოდებოდა, მაგრამ დედამისსაც მთლად ვერ ამტყუნებდნენ… აბა, ბედოვლათი და ეჭვიანი ქმრის ხელში რა უნდა ექნაო, რა მაგისი შესაფერისი იყო ეს ანგელოზივით გოგოო. ანკი როგორ გაამტყუნებდნენ, სოფელში ოჯახი არ დარჩენილიყო, ერთი ქალი მაინც რომ არ ჰყოლოდა ემიგრაციაში „ფულის გამოსაგზავნად“ წასული.

მანანას დედაც მეზობლის დახმარებით წავიდა ბარსელონაში. თავიდან ლამის ყოველ დღე რაკავდა ქმრის სახლში. პატარა გოგო, სანამ დედას ელაპარაკებოდა, ცრემლების შეკავებას კი ახერხებდა, მაგრამ მერე მაშინვე თუთის ხესთან გარბოდა და დიდხანს ეჩურჩულებოდა „ჩვენს ლექსს“ ცრემლების ყლაპვით.

დედა მართლაც უგზავნიდა ულამაზეს კაბებს, ბებო კი ბრაზობდა, ქარიხვეტიაა, რაში ხარჯავს ფულსო. არადა, რაც რძალი ესპანეთში წავიდა, ცოტა ამოისუნთქა ოჯახმა, საჭმელი მაინც აღარ ჰქონდათ სანატრელი, 2 წელიწადში მანანას მამამ ცოლის გამოგზავნილი ფულით მანქანაც იყიდა.

მერე და მერე ისე ხშირად აღარ რეკავდა დედა, ამანათებმაც იკლო, მესამე წელს საერთოდ შეწყვიტა რეკვა. იმ ზაფხულს სამშობლოში ჩამოსულმა მეზობელმა ამბავი ჩამოიტანა, ლია ესპანელ კაცთან ცხოვრობსო.

ამ დღიდან უარესად გაუმწარდა პატარა გოგოს სიცოცხლე, ერთმანეთში აირია ტკივილი და წყენა... დედისეულ ლურჯ თვალებში ცრემლი ჩაუშრა, გაეყინა, თუთას აღარ შორდებოდა, ხის უხეშ ტანს გალეული სხეულით ისე ეკვროდა, რომ მუხლებიდან სისხლი სდიოდა.

ამის მერე იყო, ბებიამისმა ხის მოჭრა რომ აიჩემა.

აიჩემა და... მეხუთე ზამთარს (მანანას წელთაღრიცხვა დედის წასვლიდან იწყებოდა) ისეთი თოვლი მოვიდა, სოფელში გზების გაკვალვა დასჭირდათ. მოსახლეობას იმ ყინვაში გაზის მიწოდებაც შეუწყდა, მილი დაზიანებულიყო და უგზობის გამო მუშები დროულად ვერ აკეთებდნენ. ამით ისარგებლა ელომ, ხომ არ დავიყინებით, „ფეჩი“ მაინც ავანთოთ რითამეო, შეუჩნდა შვილს, იცოდა, ასეთ უამინდობაში ტყეში ხის მოსაჭრელად წამსვლელი რომ არ იყო. ჰოდა, პირველივე აბუზღუნებაზე - ამ ყიამათში ტყეში როგორ მიშვებ, ქალოო - მიაყოლა - შენც ადექი და თუთა მოჭერიო.

მამა ცოტა შეცბა, მაგრამ მაშინვე ესპანელ კაცს გაყოლილი ცოლი გაახსენდა და ცულის საძებნელად წავიდა.

მანანა სკოლიდან შეციებული დაბრუნდა, სამზარეულოში ღუმელი დაენთოთ, მაშინვე ხელები მიუფიცხა. უცებ, შეკრთა და სახლიდან გავარდა... ეგრევე თვალში მოხვდა ეზოსა და ბაღის გამყოფი ზოლის სიცარიელე და ღობის ძირში ნათუთარი, ფესვებამოყრილი კუნძის დანახვაზე ჩაიკეცა.

- “მანანა, მანანაა, რას ჩამჯდარხარ, გოგო, ამ თოვლში, დედაშენი რეკავს ჩვენსა...წამო, სანამ ბებიაშენს გამოუხედნია”, - გოგოს ცრემლიანმა თვალებმა მეზობელი, თამაზას ცოლი ნინო ძლივს გამოარჩია თოვლის სითეთრეში. ჯერ უაზროდ შეჰყურებდა შეშფოთებულ ქალს, მერე უცებ წამოხტა და დასისხლიანებული მუხლებით მეზობლის ღობეს გადაევლო.

ნინო ჩუმად გაიძურწა ელოს ეზოდან, თან უკან-უკან იყურებოდა შეშინებული.

- “დედა, დედა...ჩვენი თუთა მაინც მოაჭრევინა ბაბომ მამას... დეე, როდის ჩამოხვალ”? - აქვითინებულმა გოგომ ძლივს ამოთქვა სიტყვები. დედა-შვილს შორის სიჩუმე ჩადგა, ყურმილის მეორე მხარეს, ბარსელონაშიც ტიროდნენ, ოღონდ, უხმოდ.

- “მანანა, ჩემო საყვარელო, მე მანდ ვეღარ ჩამოვალ, მაგრამ როგორც კი სრულწლოვანი გახდები, გეფიცები, ჩემთან წამოგიყვან.. აქ ბედნიერი იქნები... თამაზა ძიასთან დავრეკავ ხოლმე, მამაშენი ჩემს ზარს არ პასუხობს... გესმის, მანანა”!

პატარა გოგო აღარ ტიროდა, უძრავად იდგა, თითქოს სხეული გაშეშებოდა - "ვეღარ ჩამოვალ... სრულწლოვანი რომ გახდები.. ანუ კიდევ 6 წელი..." - უწუოდა ყურებში დედის სიტყვები. თითქოს ცხადად იგრძნო, გული საგულედან როგორ ამოეპარა და მუცლის სიღმეში ჩაუძვრა, 5 წლის განმავლობაში ნაგროვებ ტკივილთან.

- “მესმის დედა, კარგი, როგორც შენ გინდა, დამირეკე ხოლმე”, - თქვა და ტელეფონი გათიშა.

- “რაო, რა გითხრა”? - ჰკითხა ნინომ, თუმცა, ეტყობოდა, რომ ყველაფერი გაეგონა.

- “სრულწლოვანი რომ გახდები, ჩემთან წაგიყვანო”, - ჩაიჩურჩულა ბავშვმა.

-“ეჰ, თვითონ კი თავს უშველა და”...

მანანამ ისე შეუბღვირა ქალს, თითქოს, დედის ჯავრიც მასზე იყარა, მერე მაინც - მადლობა, რომ დამიძახეთო, თქვა და მხრებჩამოყრილი გამოვიდა მეზობლის სახლიდან.

ეზოში ფეხაკრეფით შევიდა, როგორმე ისე უნდა აპარულიყო აივნიდან თავის ოთახში, რომ მამა და ბებო არ დაენახა. კიბიდან სამზარეულოს ფანჯარაში თვალი მოჰკრა ორივეს, ღუმელთან რაღაცნაირად მობუზულები ისხდნენ.

გაყინულ ლოგინში რომ ჩაწვა, სიცივე არც უგრძვნია ბავშვს, მაშინვე ჩაეძინა. დილით გამოღვიძებულს მთელი სხეული სტკიოდა, სკოლაში წასვლა ეზარებოდა, მაგრამ სახლში დარჩენას ისევ ნაირა მასწავლებელთან ყოფნა ერჩია.

ის იყო ტანთ ჩაიცვა, რომ მამის ყვირილი მოესმა - “მანანა, ჩქარა, ჩქარა მოდი”! - ხმა ბებიის ოთახიდან ისმოდა. გოგო რომ შევარდა, ბებო იატაკზე ეგდო და მამა მის აყენებას ცდილობდა. მანანა მიეხმარა და ლოგინზე დააწვინეს. ელოს თვალები ამოთეთრებოდა და ხროტინებდა.

- “მარო ექიმთან გაიქეცი, ჩქარა”! - უყვირა მამამ.

ექიმი რომ მოიყვანა, ბებო ცოტა დამშვიდებული მოეჩვენა მანანას, მაგრამ მარო ექიმმა, სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანითო. სასწრაფო დახმარების მაქანაში მანანაც ჩასვეს.

- “გვერდით დაუჯექი, რომ არ გადმოვარდეს”, - უთხრა ექიმმა და მანქანა დაიძრა.

გოგომ ავადმყოფის გვერდით ჩაიმუხლა და ხელები მაჯებზე მოჰკიდა. მისმა გაფითრებულმა თითებმა წამით ის ყვითელი კაბა გაახსენა, ამ ხელებმა დიდი ხნის წინ რომ მოუქსოვეს და თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა, ლოყა მიახუტა გაყინულ თითებს. სახეზე თბილი წვეთი რომ დაეცა, თავი ასწია, ბებოს თვალები გაეხილა და ცრემლები სახის ღარებს მოჰყვებოდნენ ქვემოთ. ქალმა პირი ააცმაცუნა…

- “თუთამ დამახრჩო, ტოტები ყელში წამიჭირა... მაპატიე შვილო, ბედნიერი გოგო უნდა იყვე”, - ბებომ გალეული თითები გაფარჩხა და შვილიშვილს ლოყებზე ფრთხილად ჩამოუსვა.

ელო საავადმყოფოში მეორე დღეს გარდაიცვალა. მანანა მის საწოლს არ მოშორებია. პაპის გვერდით დაასაფლავეს.

იმ საღამოს გაციებული ღუმლის გვერდით ისხდნენ ორნი… მობუზული გოგო ახლოს მიუჩოჩდა მამას, ის კი ისევ თვალებგაშტერებით, სადღაც იყურებოდა.

უცებ, კარზე კაკუნმა მამა ფეხზე წამოაგდო. ოთახში ნაირა მასწავლებელი შემოვიდა და კართან მორიდებით გაჩერდა. კაცი დაიბნა, მიპატიჟებაც ვერ მოიფიქრა.

- “გამარჯობა, გურამ, სათხოვარი მაქვს შენთან”...

მამა დაიძაბა.

- “მარტოს გაგიჭირდება მანანას მიხედვა, ჩემთან წავიყვან, მაინც დაქალები არიან მანანა და ჩემი მაკა, ერთად გაიზრდებიან”...

გურამი სკამზე დაეშვა, მოსწავლე-მასწავლებელი მოლოდინით შეაცქერდნენ. მამამ ამჯერად სახეში შეხედა შვილს, გოგოს მუდარით სავსე თვალებს დედამისის თვალები უკვე აღარ გაუხსენებია, უყურებდა და თითქოს პირველად ხედავდა ბავშვის მოხრილ, სუსტ მხრებს... თვითონაც მხრები აუცახცახდა.

- “წაიყვანე, შენ ისეთი კარგი ქალი ხარ, დედის მაგივრობასაც გაუწევ და მამისასაც”.

სანამ მამის სიტყვები ტვინამდე მიაღწევდა, მანამდე იგრძნო მანანამ, გული საგულეს რომ დაუბრუნდა.

ფანჯრიდან ჯერ კიდევ ჩანდა, როგორ მსხვილ-მსხვილად ბარდნიდა გარეთ, მაგრამ შიგნით თითქოს ისე აღარ ციოდა.

- “ხშირად მოვალ ხოლმე, საჭმელს მოგიმზადებ, სახლს დაგილაგებ”, - თქვა გოგომ და მამას ჩაეხუტა.