ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფინთადა ვარ!

ფინთადა ვარ!

დილიდან ამომდის სული და ჩამდის. როგორც დავიდოვიჩი იტყოდა: ფინთადა ვარ. ღმერთს ვეხვეწები, ახლა გადამარჩინე და გპირდები, აღარ დავლევ-მეთქი ასე და ამდენს. მერე მახსენდება, რომ ბოლო ათი წელი მაინც იქნება, ყველა დალევის შემდეგ ასეთ პირობას ვდებ და სინდისი მქენჯნის. იქვე ვაკეთებ ჩასწორებას: ღმერთო, ძმურად, გთხოვ, ისევ მიშველე რა, ვიცი, გრიგოლას დაბადების დღის შემდეგაც დაგპირდი, ეს ერთხელ-მეთქი, ლაზიკას ბავშვის ნათლობის შემდეგაც ასე გთხოვე, ტახოს ქორწილის შემდეგაც. ისე ეგ ქორწილი რამ გამახსენა, კეფა და გვერდებიც კი ამტკივდა მაგის წამოგონებაზე, რამდენი გვირტყეს იმ შობელძაღლებმა, იქვე გამოვფხიზლდი, მაგრამ მეორე დღეს მაინც ვიდე საწოლში და მადებდნენ შუბლზე სველ ტილოებს. უუიჰ, რა იყო ეგ, მაგაზე მერე იყოს, მოგიყვებით ერთ საღამოს, ახლა მართლა არ მაქვს თავი. ჰოდა, ღმერთო, შენ ხომ იცი ჩემი ნებისყოფის ამბავი, ისევ დავლევ, ისევ ორი ჭიქით დავიწყებ და მერე აღარ მემახსოვრება სად და როგორ დამიღამდება. ეს ამხელა დევივით კაცი კი ვერ ვარ ისეთი ამტანი, როგორიც კოსტუმაა, რომელსაც, დედას გეფიცები, რომ მოვინდომო გულის ჯიბეში ჩავისვამ და წავიყვან საითაც მომინდება, მაგრამ რა ჯანდაბად მინდა მაგისი წოწიალი, თავის მშობლებს აღარ უნდათ, ეგ უპატრონო. სულ მაგისი ამბები იყო წუხანდელი ჩვენი ჩახრჩობაც. 

გუშინ მართლა ბევრი დავლიე. ისე დავთვერი, ჭადრაკის ცხენივით ვიყავი წელში გაღუნული. ჯერ დავიწყეთ კონიაკით, მერე კოსტუმას განსხვავებულით დალევა რომ მოუნდა და აქაოდა გამოვჩნეო, შეხტა სკამზე და ერთი ფეხი მაგიდაზე შემოგვიდო, სერგომ უთხრა, არ უხდებაო კონიაკს ყანწები, ქართველობაზე რომ დებ თავს, ეგ არ უნდა იცოდეო?! რა უნდოდა ამ ოჯახაშენებულს ან კოსტუმას ქართველობისგან და ან ჩვენგან. გაიწელა და გაიჯგიმა კოსტუმა, ვის აკადრეო ეგ. მერე როგორც აცოცდა, ისე ჩამოცოცდა იმ სკამიდან და მოითხოვა შავი ღვინო. ყანწები ხომ დაგვალევინა, დასტური ჩემს პერანგზე იპოვნა დილას დედაჩემმა, მეორეც რომ შეავსო, ოოპაო, აიწყვიტაო, მითხრა ლევანიჩმა და შანსი არააო. მე, ძმაო, წნევები მაწუხებს და ერთი ამ ცხოვრების დედაც ვატირე, კი არ მეშინია, მაგრამ ჩემს სამ ვაჟკაცს რა პასუხს გასცემ შენო. 

ამოვისუნთქეთ. ყველა წნევიანი აღმოვჩნდით იმ სუფრასთან. რა პრობლემააო, თქვენ მოგიკვდათ ჩემი თავი, მაგაზე არ იდარდოთო. გადარეკა-გადმორეკა და მოიტანეს ოცდაორიანით ჩინური. 

მერე რაც ხდებოდა ნაწილი მახსოვს, ნაწილზე ვფიქრობ, ნეტა მოხდა თუ მესიზმრა-მეთქი და დანარჩენი ნაწილი, ერთი დიდი შავი ხვრელია. ბოლოს თითქოს მახსოვს, კიბეზე ვიჯექი და ჩემს შეყვარებულს ველაპარაკებოდი: „გააჩუმეე, გოგო, ენა-მეთქი“, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ან იმ კიბემდე ვინ მიმიყვანა და ან რატომ ვაჩუმებდი ანუშკას, რომლის გაჩუმება ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად მინდა. 

ტახომ თქვა, კოსტუმამ მიგვიყვანა სახლამდეო და ხვალ დაგვპატიჟა შვლის მწვადზეო. მე კიდევ ახლა ვზივარ ბარდიულზე, საფეთქლებზე ვიჭერ ხელისუგულებს, რომ თავი არ გამისკდეს და ღმერთს ვეხვეწები, უფალო, გთხოვ, ტახოს დასიზმრებოდა, შვლის მწვადების ამბავი, გთხოვ, ღმერთო, ხომ ვიცი, რომ გიყვარვარ და კოსტუმა არ შეგვპირებოდა შვილს მწვადებს, გეხვეწები, მამა ზეციერო. ყველა ლოცვას ვამბობ გულში, თუ კი რამე მახსოვს ამ შევიწროვებული სისხლძარღვებით. აი, თუ ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში იყო ეს ჩემი ძმაკაცი და კოსტუმა მართლა შეგვპირდა მწვადს, ეს ნიშნავს, რომ წუთი-წუთზე უნდა აწკრიალდეს ტელეფონი და ყურმილში კოსტუმას წიკვინა ხმა გამოიჭრას: ჰა, აბა რას შვრებით, ბიჭებო, გაცივდა მჭვადი, გაცივდა (ცოტა უცნაური სამეტყველო აპარატი აქვს). კარგი სათქმელია, არ წავიდე! რომ იცნობდეთ იმ ჩემი ცოდვით სავსეს, გეცოდინებოდათ, რომ უარის შაანსი არაა. 

ანუშკის ძალიან მოვენატრე, მაგრამ დღესაც ვერ ვნახავ, სულაც მის სანახავად გამოვედი სახლიდან, მაგრამ ახლა ვზივარ ბორდიულზე და დავყურებ გზას, რომელიც ხან მარჯვნივ აყირავდება, ხან - მარცხნივ. დააყენე რა ერთი ადგილი, ვაფურთხებ ივლისის მზისგან კანგამომშრალ ასფალტს და მერე გიჟივით მეცინება. გზა რა შუაშია, ის დგას ერთ ადგილას, არც მოძრაობს და, ჩვენში რომ დარჩეს, არც იწყება და მთავრდება სადმე. ეს ადამიანები ვუერთდებით გზას და მერე ისევ ჩამოვდივართ, ზოგი ვარდ-ყვავილებში, ზოგიც - წუმპეში. და სულაც არაა გზა არც ქვა-ღორღიანი და არც ხალიჩებით მოფენილი, ეს ზოგიერთ ადამიანს გვაქვს ტალახიანი ფეხი და ვსვრით გზასაც-მეთქი... უი,უი, წამომიარა ისევ, დატრიალდა ყველაფერი, ფინთადა ვარ, ფინთად... 

არ მიმიწერია ანუშკისთვის, რომ ვერ ვნახავ, თავად მიხვდება, ასეთია რა, ხვდება ხოლმე კაცურ პონტში რაღაცებს. იცის, რომ ვსვამ, მეორე დღეს გასული ვარ სამყაროდან, უთენია დამხვდა მესიჯი, დისერტაცია დაუცავს ნაბახუსევის თემაზე, რას იწვევს ალკოჰოლის დიდი ოდენობით მოხვედრა ორგანიზმში და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. მთელი ტომეულები. მერე, ალბათ, მიხვდა, რომ ამის წამკითხველი მე ვერ ვიყავი ახლა და კონსპექტი გაუკეთებია: საუკეთესო საშუალებაა ძილი, რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა მიიღო, კარგია ხმელი ხილის წვენი და უკიდურეს შემთხვევაში ისევ ალკოჰოლიო. თავადაც იცის და მეც ვიცი, რომ ამ ბოლოთი დავიწყებ მკურნალობას, თუმცა დედას გეფიცები მართლა არ მინდა, მაგრამ რა ვქნა, ან ეს აჩქარებული გული როგორ დავიმშვიდო, ან კოსტუმას რა მოვუხერხო. აუჰ, კოსტუმას გახსენებაზე სულ მაჟრიალებს და შეშინებული დავყურებ ტელეფონს. თორმეტი ხდება და ისევ დუმილია, აჰაა, როგორც, ჩანს ტახოც კარგად იყო გუშინ, გადავრჩი მგონი. თორემ თქვენ არ იცით ვინაა კოსტუმა, თქვენ მართლა არ იცით კოსტუმა ვინააა. 

კოსტუმა ერთი პატარა კაცია, კურდღლის დაცქვეტილი ყურებივით აფანჩული წარბებით. ზომაზე დიდი პიჯაკები აცვია ყოველთვის. ოსურის მოცეკვევსავით ფარავს სახელოები ხელის მტევნებს და ამიტომ ჩვენმა თავგასიებულმა მეგობარმა, ესტატემ, შეარქვა „კოსტუმა“, კი მომენატრა ის მართლა თავგასიებული. კარგა ხანია მიაფურთხა მთავრობასაც, ხელფასსაც, თანამდებობასაც და წავიდა კერძო სექტორში. ბოლოს ძალიან ეშლებოდა ნერვები მთელ ამ ამბებზე, ჰოდა, იბრძოლა, იყაყანა, იჩხუბა, გამოაცხადეს ინტრიგანად და ქვეყნის ამომგდებად, ვერაფერს გახდა, მერე მითხრა: ვიცი, ძმაო, ან გული გამისკდება ამათი შემხედვარე და ან დავიკიდებ ყველაფერს ფეხებზე და მერე საკუთარი თავიც შემძულდება და ადამიანებიცო და თავი უნდა გადავირჩინო, უნდა გავეცალო ამ ჭაობსო. ჰოდა, ესტატემ დაარქვა კოსტუმა, ოო, მაგრად არ ევასებოდა. თან ეცინებოდა რომ ხედავდა, თან მიაგინებდა ხოლმე კარგა გულიანად. იმ დროს მე და ესტატე ერთ ოთახში ვისხედით, თანაშემწე ვიყავი მაშინ, რომ შემოვიდა კოსტუმა და დიდის მოწიწებით ჩამომართვა ხელი და დედა-ბუდიანად მომიკითხა, ესტატემ მითხრა: მოსალოცად გაქვს საქმე, კარგი ამბები გელოდება, გაწინაურებენო. 

-არა, ტო, საიდან მოიტანე? - გამიკვირდა.

-ეე, ძმაო, კოსტუმა ტყუილად ხელს არავის ართმევს,- მითხრა და გააბოლა სიგარეტი. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც მე ეგ სიტყვები ამიხდა. იმ კვირის ბოლოს დამაწინაურეს. 

არ ვიცი მართლაც კარგი ყნოსვა აქვს კოსტუმას თუ ზემოდან აწვდიან ინფორმაციას, მაგრამ ფაქტი კია, სულ იცის როდის ვის სიახლოვეს უნდა იტრიალობს. ყოველთვის საჭირო ხალხი ჰყავს გვერდით. 

ორმოც წლამდე ძლივს იქნება კოსტუმა. ყოჩაღი ბიჭია. პატარა კია, მაგრამ ვინმეს დიდკაცობა ასე უნდოდეს, იშვიათად თუ მინახავს. სულ ჰალსტუხიან კაცებთან ტრიალებს. ამ პატარა ხელს ისე ღონივრად ჩამოგართმევს, გაოცებული დარჩები. კი, ბატონო, ხო, ბატონო... ცოტას უკიდებს ენას, მაგრამ მაინც ისე გამართული სიტყვა-პასუხი იცის, არაფერიც არ შეეშლება. 

მე კიდევ სულ პირიქით ვარ, რაც დიდია კაცი, არა თავისი ღირსებით არა, სტატაუსს ვგულისხმობ, მით უფრო ვუფრთხი მასთან სიახლოვეს, აქაოდა რამე მლიქვნელური არ დამწამონ-მეთქი. კოსტუმა კიდევ ისეთი კაცია, აი კაცი რომ სიტყვას გახსენებს, ხომ არიან ადამიანი სითბოები, სიკეთეები, გულუბრყვილობები, გენიები... ეს კიდევ დაინახავდი და ახლო-ახლო განლაგებულ, წვრილ თვალებზე ეგრევე სიტყვა პათხალიმი გახსენდება, ჰო, კარგი, დედაჩემო, ვიცი, რომ ბარბარიზმია, მაგრამ არის ისეთი სიტყვები, ასე რომ უკეთესად ჟღერს, ჰოდა, აი კოსტუმა ნამდვილი პათხალიმია: საჭირო კაცებს იცნობს, საჭირო დროს იცინის, საჭირო დროს ტირის და ტაშის დაკვრა იცის ისეთი, ბისზე გამოიყვანს არტისტს. 

სუფრა ხომ იცის და იცის. გაშლის და რას გაშლის, რა გინდა გულო და სულო. მოაყრის ყველაფერს კარგსა და საუკეთესოს. დაჯდება სუფრის განაპირას, მორიდებული, მორჩილი, აცკმუტავს ამ წარბებს და შემოგცქერის თვალებში დედის ძუძუს ახლახანს მოწყვეტილი გოჭივით. სამ- ოთხ ჭიქას ისე შესვამს, შენს ხმას აყოლილი და მერეე მტრისას, წამოდგება ეს პატარა კაცი და მთელ სუფრას მუჭში მოიქცევს. დაიწყებს და აღარ ჩერდება, სართულიანი სადღეგრძელოები იცის და ახლა სასმისებს არ იკითხავ? შეგაძულებს სმასაც და საკუთარ თავსაც. 

მობმით იცის სმა, ერთს თუ დალევს, მერე მთელი კვირა აღარ ჩერდება. თავიდან, ახალი დაწინაურებული რომ ვიყავი, ჯერ კარგად არ გვიცნობდა და ჩვენც უცხოდ ვიყავით, დაგვხოცავდა სმით და ვენაცვლებოდით ერთმანეთს მერე. 

-კოსტუმა რეკავს,- შემოვიდოდა დილიდან ჩემი მოადგილე. 

-შენი ჭირიმე, ფინანსისტები გაუშვი დღეს რა, - ვეუბნებოდი და უკვე მესამე ბოთლ გაზიან წყალს ვსვამდი. 

-ეგენი გუშინ იყვნენ, ბატონო, და დღეს მთელი დღეა კუჭები აქვთ ამობრუნებული,- შეწუხდებოდა კობა. 

-მაშინ არქიტექტორები,- ვეტყოდი და ასე ჯგუფ-ჯგუფად დავდიოდით და კოსტუმას ვუძალიანდებოდით. 

მერე და მერე, მოგვიშინაურდა და აი მაშინ დაგვერხა, როცა ფხიზელმა გავუცინე, თან ზედმეტად გულიანად. რომ სვამდა აღარც დიდ-პატარა ჭრიდა, არც საქმე, არც ტყუილი, არც ყვირილი. წასული იყო საქმე ხელიდან. ერთხელაც არის და, გაზაფხულის ბოლოა უკვე, პაპანაქება სიცხეა. შეგვიტყუა ერთ საღამოს და მოჰყვა და მოჰყვა გაუთავებელი ჭამა-სმის დღეები. მაშინ კიდევ უფრო ახალგაზრდა და დასვენებული ვიყავი, რაღაცნაირად ვუძლებდი, მაგრამ იმდენი ქნა, ლამის არის ღვიძლები დაგვეშალოს. კიდევ რომ დარეკა, დღეს „ძმაბიჭებში“ იშლება სუფრა და სამზე იქ იყავითო, თითონ უკვე კარგად ჰქონდა დოზა მიღებული, კატეგორიული უარი ვუთხარი. ძალს მე ვარ, ძალს- ის. ხან რა მოვიმიზეზე, ხან კიდევ რა. თან პახმელია მკლავს, თან - სიცხე. ჰოდა, რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ჩემი ასე და ისე, ამ სიცხეში თუ დავლიო წვეთი, აი, სადმე თოვლის პაპა თუ იქნება, შეიძლება იმას გადავხვიო ხელი და ისე ჩავარტყა, სხვა შანსი არა-მეთქი, ჩემო ძმაო. 

-კარგი, ბატონოო,- ვააჰ, ჩემი, ცოტა ადრე მომეფიქრებინა-მეთქი რამე, სიხარულით ცას ვეწიე. მაინც კი მაგარი დასტრესილი ვარ, მალი-მალ ვიყურები ტელეფონზე, ისევ არ დაიწყოს-მეთქი, მაგრამ მშვიდად ჩაიარა დღემ. დავიდოვიჩსაც გაუკვირდა სამსახურიდან სახლში რომ მივედი: მობრძანდა ვაჟბატონი, გახსენებია სახლის გზაო,- გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე ბებოს. კარგი გემრიელი წვნიანიც ვჭამე, ტელევიზორთანაც წამოვგორდი ცოტა ხანს და დავწექი მერე დასაძინებლად, როგორც ნორმალურ ადამიანებს სჩვევიათ. ღამის ორიც იქნება, ტელეფონი რეკავს. დავხედე და კოსტუმაა, ჩამოდი სადარბაზოსთან ვდგავარო,- სულ მთლად გამოფხიზლებულია. გავოცდი კაცი, რა ხდება, ბიჭო, ხომ მშვიდობაა-მეთქი. კი, კი, კაცო, თოვლის პაპა ჩამოვიტანეო. ტელეფონს დავხედე, მერე თვალები მოვიფშვნიტე, იქნებ მძინავს-მეთქი. წამოვხტი, ფანჯარას ვეცი და დგას გაჯგიმული ეს პატარა კაცი და მიცდის სადარბაზოსთან. 

-რა მოიტანე-მეთქი, ბიჭო? - ვკითხე კიდევ ერთხელ, ადამიანები ვართ, რა მოხდა, კაცო, ხან ვერ გვესმის ნორმალურად, ხან გველანდება რაღაცები. რაო და ხადას ხეობაში ვიყავი და თოვლის პაპა ჩამოვიტანე, საბარგულში მიდევს და ჩამოდი დროზე, თორე საცაა გადნებაო. ჰოდა, აი მაშინ დავიგინე, ვინც კიდევ რამე ეხუმროს-მეთქი კოსტუმას, ჩემდა თავად.... ახლა კიდე ეს გამოქლიავებული ტახო მეუბნება, გუშინ ვუთხარიო, შვლის მწვადებზე დავლიოთ ხვალო. 

ვზივარ ბორდიულზე, საფეთქლებს ხელისგულებით ვიჭერ და თვალები მაქვს დახუჭული, რომ ამოყირავებული ხეების აფრიალებული კაბებიდან გამოჩენილი ფერადი საცვლები არ დავინახო. გული მერევა. მგონია, რომ კეფაზე მთელი განვლილი წლები მაწევს და ღმერთს ვეხვეწები: უფალო, გთხოვ, ეს ერთიც გადამარჩი... მაგრამ ლოცვის დამთავრებაც კი არ დამცალდა, კოსტუმაა: თათარიახლით დავიწყოთო სანამ ნაკვერჩხალს დადებს ცეცხლი და შვლის მწვადები აშიშხინდებაო. და როგორც შეგპირდი, ძმაო, თუშური ცხვრის ხინკალი ხვალ იქნება, მეხინკლე უკვე გზაშია, უღელტეხილი გადმოუვლიაო ცოტა ხნის წინ. 

გული მჭვალავს, ძლივს ვიშლები წელში. მერე კოსტუმას ქართულის მასწავლებელს ვუხსნებს, მარტო ყვარყვარეს რომ აკითხებდა, ესწავლებინა-მეთქი ვაჟა, ამ უპატრონოსთვის. თვალთ მიბნელდება და სანამ დაბუჟებულ სხეულს განათების ძელს მივაყუდებ, ღმერთს ჩასისხლიანებულ თვალებს ვაპყრობ და ვევედრები: უფალო, რა მოხდება, თანამდებობა ჩამომართვან, გეხვეწები რა, თორემ ამ კაცის გადამკიდე, მიპოვნიან ერთ დღეს გულ გახეთქილს და მე თუ არ გეცოდები, ანუშკას რაღაც ერჩი, ჰაა?! 

....კოსტუუმ, შენი ... მოდი თუ მოდიხარ, თორე მართლა გამისკდა გული, ფინთადა ვარ, კაცო, ფინთად, როგორც დავიდოვიჩი იტყოდა...