ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიზმარი

სიზმარი

1.

თვალებს ვახელ… ყველგან თოვლი დევს. ირგვლივ დათოვლილ ნაძვებს ვხედავ. საკაცეზე ვწევარ და ვიღაცები მიმარბენინებენ. საოცარი სიჩუმეა... თავბრუ მეხვევა და გულისრევის შეგრძნება მაქვს. საშინლად დაღლილი ვარ… რაღაცები მახსენდება... ვიღაცამ დაშნა ჩამარჭო მკერდში, გულთან, ცოტა მარცხნივ... მგონი სისხლისგან ვიცლები... თოვლში ფეხის ჩქარი ნაბიჯების და გახშირებული სუნთქვის ხმა მესმის. ცა ნაცრისფერია. მარჯვენა ხელი ჭრილობაზე მიდევს. თავში უამრავი აზრი მომდის. მე მგონი ვკვდები… როგორ მოდის სიკვდილი, ან რა იქნება მერე? ვინ რას იტყვის - ამაზე ვფიქრობ. მახსენდება ადამიანები, რომლებსაც გული დასწყდებათ ჩემს სიკვდილზე. მათზე ვნერვიულობ, არადა - მე ვკვდები... საკაცით მიმარბენინებენ, ოღონდ სად - არ ვიცი. ყველა თავის საქმეს აკეთებს და თავის როლს ასრულებს ჩემს სიკვდილში. ყველა შეგუებულია ამას. ფეხები მეყინება, ვეღარ ვგრძნობ. თავს ოდნავ ვწევ და ფეხებზე ვიხედები. მთლიანად თეთრი ყინულის თხელი ფენითაა დაფარული და ბზარები მიჩნდება, ეს ბზარები ნელ-ნელა ზემოთ ამოდის. ნუთუ ესაა სიკვდილი, როცა ეს ყინული და ბზარი მთლიანად დამფარავს?.. რა სიჩუმეა... სულ მინდოდა მსგავსი სიჩუმის მოსმენა  და სიკვდილის წინ ვუსმენ სიჩუმეს, ფეხის ხმას და ხმამაღალ სუნთქვას. ნაძვის კენწეროდან ყვავი აფრინდა. თოვლი ძირს ჩამოიყარა. მისი ფრთების ხმა მესმის, ჰაერის გაკვეთის ხმა. თავზე გადაგვიფრინა, ერთხელ დაიჩხავლა და მეორე მხარეს სხვა ხეზე დაჯდა. მიყურებს. მგონი ისიც ელოდება ჩემს სიკვდილს... ან იქნებ თვითონაა სიკვდილი და თვალს ადევნებს, რომ პროცესმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს, ვინმემ ფეხი არ აუჩქაროს და რაღაც სასწაულით დროულად არ მივიდეთ დანიშნულების ადგილზე… საერთოდ, სად მივრბივართ? არ ვიცი. მინდა კითხვა დავსვა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ისევ თავს ვწევ ზემოთ და ვხედავ ბზარები თითქმის უკვე წელამდეა ამოსული. თვალებს ვხუჭავ. სიცივეს ვგრძნობ. ვიღაც ჩემს თავთან მდგომი ამბობს, რომ თუ არ იჩქარეს, მოვკვდები. ვერ ვარჩევ, ვინ ამბობს ამას... არ მთავრდება არც ნაცრისფერი ცა, არც ეს უსაშველო თოვლი. სხეულზე სიმძიმეს ვგრძნობ. თვალებს ვახელ. ჩემს მკერდზე ყვავი ზის, რომელიც ცდილობს ნისკარტით ჩემს ჭრილობას მისწვდეს. მინდა მოვიშორო, მაგრამ ხელებს ვერ ვამოძრავებ. ვცდილობ ავმოძრავდე, რომ სხვების ყურადღება მივიქციო და ყვავი მომაშორონ, მაგრამ არაფერი გამომდის. არავინ ყურადღებას არ მაქცევს. ოფლი მასხამს, სისხლი მიჩქარდება, საფეთქლები მტკივა, მინდა კბილები დავაშორო და ვიყვირო, მაგრამ კიდევ უფრო ეწებება ერთმანეთს, ყურებში საშინელი წუილის ხმა მესმის, ყვავი კიდევ უფრო ახლოს მოდის სახესთან, ცოტა ხანი დაჟინებული მიყურებს, მერე  ნისკარტს თვალში მარჭობს და ტკივილისგან საშინლად ვღრიალებ... უცებ ვხტები, მეღვიძება და თვალებს ვახელ... თავს ვატრიალებ... ჩემს ოთახს ვცნობ. ლოგინში ვწევარ. სიზმარი ყოფილა. გული აჩქარებულად მიცემს. თავს ისევ ბალიშზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ... სად ვიყავი? ძალიან დაღლილი ვარ, მკერდიც მტკივა და პირში საშინელი სიმშრალე მაქვს. ნუთუ ეს ყველაფერი დამესიზმრა?.. ნეტა რომელი საათია, მაღვიძარამ რატომ არ დარეკა. თავი მისკდება ისე მტკივა. ვტრიალდები და ოდნავ გახელილი თვალებით საათს ვუყურებ. როცა ვიაზრებ, რომელი საათია, ლოგინიდან ვდგები და აბაზანისკენ მივდივარ. სამსახურში მაგვიანდება... ისევ სამსახური. ისევ იგივე, რაც გუშინ, გუშინწინ. ისევ იგივე, რაც მთელი ცხოვრება.

სააბაზანოში ნახევრად დახუჭული თვალებით შევდივარ, წყალს ვუშვებ და შხაპის ქვეშ ვდგები, ვცდილობ, გამოვფხიზლდე. გონებაში გავდივარ მთელი დღის რუტინას. წინასწარ ვიცი, როგორი იქნება, არაფრით გამორჩეული სხვა დღეებისგან... სიზმარი მახსენდება. რა იყო ეს? რამეს ნიშნავდა? არა მგონია. უბრალოდ გადავიღალე. არ ვიცი რით... ალბათ ერთფეროვნებით, ყოველდღიურობით. დილით უკვე დაღლილი ვიღვიძებ, უკვე გაღიზიანებული, რომ ძილი არ მეყო, ყველა ძვალი და კუნთი მტკივა... იქნებ დღეს ადრე მოვიდე სახლში და კარგად გამოვიძინო... ან ხომ არ დავურეკო ჩემს უფროსს და ვუთხრა, რომ ავად ვარ?  არა! ყურში უკვე ჩამესმის მისი გამყინავი კივილი და სიტყვები, რომ როცა ჯანმრთელი ვარ, მაშინაც არაფერს ვაკეთებ. თან უკვე ავდექი და აწი ვეღარც დავიძინებ... შამპუნს ხელის გულზე ვისხამ და მახსენდება, რომ უკვე წავისვი და ჩამოვიბანე კიდეც. თუ ეგ გუშინ იყო?..  ვეღარ ვიხსენებ. ჯობია ისევ წავისვა. ყოველდღიური შხაპის მიღებაც იმდენად ერთნაირია, რომ,  ალბათ, ზუსტად ერთსა და იმავე დროს ვანდომებ ყოველდღე ბანაობას. დამღალა ამ ყველაფერმა, ამ ერთფეროვნებამ და წვრილმანებზე ფიქრმა, სულ გადაღლილობამ და უძილობამ...

პირსახოცით დაორთქლილ სარკეს ვწმენდ და  ჩემს არაფრისმომცემ სახეს ვუყურებ. ღრმად ამოვისუნთქე და ნელა ჩავისუნთქე. თმა გავისწორე. აბაზანიდან გამოვდივარ. რაც შეიძლება სწრაფად ვიცვამ, არ მინდა სამსახურში დამაგვიანდეს. ერთადერთი, რაშიც დრო თითქმის არ მეკარგება და ბევრს არც ვფიქრობ, ეს არის ჩაცმა. ყოველდღე ერთი და იგივე: შავი შარვალი და თეთრი პერანგი. არც დიდი არჩევანი მაქვს, ამიტომ ამაში ყველაზე ნაკლებ დროს ვხარჯავ... ჩემს კატას საჭმელს ვუყრი თავის თასში. სად არის საერთოდ? ალბათ სძინავს სადმე. სამსახურში ამას არ აგვიანდება და საჭმლის მოპოვებაზე ეს არ ღელავს. ლეპტოპს ჩანთაში ვდებ, მხარზე ვიკიდებ და სახლიდან გამოვდივარ. ლიფტის სარკეში ბოლოჯერ ვავლებ თვალს ჩემს თავს. აქაც არაფერის მომცემი გამომეტყველება. თავი ისევ საშინლად მტკივა. ნეტა რამე გამაყუჩებელი დამელია. გარეთ გავდივარ. ახლა შევამჩნიე, რომ მოღრუბლულია. იმედია, არ იწვიმებს. საწვიმარი არ წამომიღია. გაჩერებაზე ავტობუსს ველოდები. აქაც თითქმის ყველას ნაცნობი სახე აქვს, ვიზუალურად ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და დილით ერთურთს თვალს შევავლებთ ხოლმე, ეს არის ჩვენი მისალმება. ავტობუსი დროულად მოვიდა. გამიკვირდა. მდუმარე პროცესიის მონაწილეებივით ავდივართ ავტობუსში. ადგილს ფანჯარასთან ვიკავებ და გარეთ ვიხედები. დღის ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად მომწონს იმიტომ, რომ აქ არაფერია ჩემზე დამოკიდებული და არაფრის კეთება არ მიწევს. უბრალოდ უნდა ვიჯდე და გარეთ ვიყურო. ბევრი დრო მაქვს იმისთვის, რომ ვიფიქრო. ფიქრი - ესაა რასაც სულ ვაკეთებ. ფიქრია ეს თუ დიალოგი საკუთარ თავთან, ეს ჯერ ვერ გამირკვევია. იმდენად მოკლებული ვარ ხალხთან ურთიერთობას, რომ   ჩემს თავთან მიწევს რაღაცების განხილვა და ლაპარაკი. ისე საკმაოდ საინტერესო და სახალისოა. საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაშს ჰგავს, ორივე ფერის ჩანაფიქრი იცი, მაგრამ მაინც აღმოაჩენ ხოლმე სიახლეებს... ისე როდის გავხდი ასეთი ერთფეროვანი, მოსაწყენი და დეპრესიული? თუ არსებულმა რეალობამ გამხადა ასეთი? ადრე ყოველთვის მხიარული ვიყავი, ყველაფერი მიხაროდა, ყველაფერში ვცდილობდი კარგის დანახვას, სულ თავგადასავლების ძიებაში ვიყავი. როდის გახდა ყველაფრი სულერთი ჩემთვის? როდის დაკარგა აზრი ყველაფერმა?.. ყველაფერი გაერთფეროვანდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერს ემოციის გარეშე ვაკეთებ, ყველაფერს შეგუებული ვარ… რაღაც დიდი აფეთქებასავით მჭირდება, რომ თავიდან დავიწყო ყველაფერი, მაგრამ ამ აფეთქებისთვის საჭირო ნაპერწკალი ვერ ვიპოვე ჯერ, რაღაცას რომ ჩავეჭიდო და ამოვძვრე ამ ჭაობიდან. ჯერ არჩამოწოლილ ზვავს ვგავარ, რომელსაც ერთი თოფის გასროლა, ერთი დაყვირება, ერთი მეხის გავარდნა მინდა, რათა ჩამოვიქცე, ჩამოვიშალო და წავლეკო  ყველაფერი, რაც გზად შემხვდება. სიამოვნებით დავიწყებდი ახალ ცხოვრებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეგრე არ ხდება და თან ახლიდან დაწყებული ცხოვრება შეიძლება იგივე იყოს ან უარესიც. ახლიდან ცხოვრების დაწყება იმ შემთხვევაშია კარგი, თუ წინა ცხოვრების გამოცდილება თან გაგყვება. ძალიან ცუდია,  რამდენიმე მცდელობა რომ არ გვაქვს, როგორც კომპიუტერულ თამაშებშია. ჩვენ ყველაფრის რეალურ დროში კეთება გვიწევს, შეცდომებიც რეალურია. ცხოვრების გზასაც ერთხელ ირჩევ და შემდეგ გადახვევა ძალიან რთულია. ალბათ ვიღაც იტყვის, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ყველაფრის ახლიდან დაწყება. ჩემი ფსიქოლოგი მეტყვის, რომ ყველა პრობლემა ჩვენშია, ჩვენ უნდა გავუღოთ სამყაროს კარი თუ ფანჯარა და ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ, უფრო ჰარმონიულად ვიცხოვროთ. კი, თეორიულად ყველაფერი ძალიან მარტივია, ალბათ ვიღაცებს მართლაც გამოსდის ეს, მაგრამ მე - არა. როგორ მინდა, რომ დილით მეც ისე ვიღვიძებდე, როგორც ფილმებშია - ბედნიერი, სასიამოვნო ღიმილით, ზმორებით, ნარნარად ადგომით, ვარჯიშით, საუზმით, საყვარელი ადამიანის კოცნით და სახლიდან ბედნიერი სახით გასვლით. გზაში შემხვედრებს რომ უღიმი და ესალმები, სამსახურში კი ყველა ბედნიერი გეგებება, მაგრამ რეალობა ძალიან განსხვავებულია და ჩემი რეალობა, კიდევ უფრო განსხვავებული და მძიმე. ბევრად უფრო მუქ ფერებში ვხედავ ყველაფერს. ჩემმა ფსიქოლოგმა მითხრა, დასვენება გჭირდებაო და რაღაც აბები გამომიწერა, უფრო დაგამშვიდებს, ძილს მოგიწესრიგებს და განწყობას აგიმაღლებსო. კარგა ხანია აღარ დავდივარ მასთან, მაგრამ წამლებს მაინც ვსვამ... ახლა გამახსენდა, ეგ აბები მიმთავრდება. სამსახურის მერე აფთიაქში შესვლა არ უნდა დამავიწყდეს. კატის საჭმელიც საყიდელი მაქვს.

 

                                                                   2.

ჩემს გაჩერებაზე ჩამოვდივარ. საათს დავხედე, თხუთმეტი წუთი დავაგვიანე უკვე, მაგრამ ყავა თუ არ ვიყიდე და დავლიე, ისე ოფისში მთელი დღე ვერ გავძლებ, თან იქნებ თავის ტკივილმაც გამიაროს. იქვე, სამსახურთან, ყველაზე ახლოს მდგომ ყავის ჯიხურთან, სადაც ყავა დიდად არ მომწონს, მაგრამ მაინც ხშირად დავდივარ, თავაზიანობისა და პირფერობის ნაზავი, ოდნავ ღიმილიანი სახით მივდივარ.

- გამარჯობა, ერთი კაპუჩინო ერთი შაქრით, ოღონდ ძაან მეჩქარება რა! - თან ამ ბოლო სიტყვებს ოდნავ ვწელავ და ხათრიანი სახით ვამბობ.

- ახლავე, ერთი წუთით დამელოდეთ, - მეუბნება ახალგაზრდა გოგო, რომელიც აქამდე არ მინახავს, თან ისე, რომ ჩემკენ არც კი იხედება. ნაგვის ურნიდან იღებს ცელოფანს, თავს უკრავს და ჯიხურიდან გადის. სადღაც ოცდაათ ნაბიჯზე ნაგვის ურნას ვხედავ. დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება, საით მიიწევს. გონებაში უკვე ვითვლი, რამდენი დრო დასჭირდება ამას ნაგვის ურნამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად. ძალიან აუჩქარებლად და სტანდარტული ნაბიჯებით მიდის. ამას, მე მგონი, ჩემზე მეტად ეზარება ცხოვრება. თან უკვე ნერვები მეშლება და იმაზე ვიწყებ ფიქრს, თუ რატომ ხუთი წუთის წინ არ გადაყარა ნაგავი, რაღა მაინცდამაინც მე რომ მოვედი და მეჩქარება, მაშინ გაახსენდა. დღეში რამდენჯერ ყრის ნეტა ნაგავს? ალბათ მაქსიმუმ ორჯერ. სტატისტიკურად რამხელაა იმისი ალბათობა, რომ ერთი გადაყრა მაშინ მოუწია, როცა მე მივედი და თან მეჩქარება? სხვა დროს, სხვა სიტუაციაში, ალბათ არც მივაქცევდი ამ ყველაფერს ყურადღებას, მაგრამ როცა ყველაფრით დაღლილი ხარ და თან სამსახურში გაგვიანდება, რომელიც არასდროს იყო შენი ბავშვობის ოცნება, უკვე ღიზიანდები. აღარ მინდა ამას ჩავუღრმავდე. ღრმად ამოვისუნთქე და ნელა ჩავისუნთქე. ერთი რამ, რაც ფსიქოლოგთან სიარულმა მასწავლა, ეს ღრმად ამოსუნთქვა და ნელა ჩასუნთქვაა. როგორც იქნა უკან ბრუნდება, მაგრამ ისეთი ნაბიჯებით, გეგონება სადმე სანაპიროზეა სასეირნოდ. ისევ თავის ჯიხურში შედის.

- რა მითხარით, ბატონო, რა გნებავთ?

- ერთი კაპუჩინო ერთი შაქრით. - უკვე თავაზიანობისა და ღიმილის გარეშე ვეუბნები.

- ახლავე - თან უჯრიდან ახალ ნაგვის პარკს იღებს და ნაგვის ურნაში ჩაფენას იწყებს. ამ დროს, ჩემს თავს შორიდან ვუყურებ და ცეცხლს ვაფრქვევ პირიდან დრაკონივით, უბრალოდ, ამ ყველაფერს მხოლოდ მე ვხედავ. ამ გოგოს საერთოდ არ აღელვებს არც დრაკონი და არც მე.  გულში ვფიქრობ, რომ იმედია ხელებსაც დაიბანს, სანამ ჩემი ყავის გაკეთებას დაიწყებს. მაგრამ, რომ არ დაიბანოს, ისეთი ვარ, რომ მე შემრცხვება რაიმეს თქმა და დაუბანელი ხელებით მომზადებულ ყავას დავლევ ამჯერად. საბედნიეროდ, როგორც იქნა, ჩააფინა ნაგვის პარკი და ხელებიც დაიბანა, ცოტა ზერელედ, მაგრამ ეგ ვიღას ადარდებს.

- კაპუჩინო, ხო?

- კი! - ამ სიტყვას თან ღრენა ამოვაყოლე

- ოთხი და ორმოცდაათი. ბარათით?

- დიახ!

- აქ დაადეთ!

ვადებ ბარათს და თან საათს ვუყურებ, უკვე ოცდახუთი წუთი დავაგვიანე, მაგრამ არა უშავს, დიდი განსხვავება არცაა თხუთმეტ და ოცდახუთწუთიან დაგვიანებას შორის, ჩემი უფროსის რეაქცია ერთნაირი იქნება, სამაგიეროდ ყავას დავლევ.

უემოციო მოძრაობებით, როგორც იქნა, მაძლევს ყავას და შაქრის ერთ პაკეტს.

- ამით მოურიეთ! - და თვალით იქვე ყუთში ჩალაგებულ ხის ჩხირებზე მიმანიშნებს.

თავს ვხსნი ყავის ჭიქას და უხალისოდ ვიწყებ შაქრის ჩაყრის და მორევის პროცესს, თან ვცდილობ, გულმოდგინედ მოვურიო, თორემ, მერე შაქარი გაუხსნელი რჩება და გზადაგზა შაქრის ნატეხების ჭამა მომიწევს, რაც ძალიან არ მიყვარს.

- მადლობა, ნახვამდის! - თავს ვახურავ ჩემს ყავას და გამოვდივარ ისე, რომ არც ვიცი, გაიგონა თუ არა ჩემი სიტყვები გამყიდველმა, ან შეიძლება გაიგონა და წაუყრუა, იმიტომ, რომ საპასუხოდ არაფერი გამიგია.

ოდნავ ჩქარი ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე და  შევდივარ სამსახურში. ლიფტთან ჩემი თანამშრომელი მხვდება.

- შენც დააგვიანე? - მეკითხება გახარებული სახით, რადგან ამ გასაჭირში მარტო არ არის.

- ხო, შემაგვიანდა. - ისე, სხვათა შორის ვეუბნები, არ მინდა ამ უაზრო დიალოგის გაგრძელება. თან სახელიც არ მახსოვს რა ჰქვია.

- ხო, მაგარი საცობებია მთელს ქალაქში, თან დილით მანქანა ვერ დავქოქე, რა ჯანდაბა ეტაკა, ვერ მივხვდი.

ლიფტი მოვიდა და ორივე შევდივართ.

- მერე მეზობელს ვთხოვე დამაქოქინე-მეთქი, ერთი მოხუცი კაცია,  ჩემი მეზობელი, ეგ ერკვევა მანქანებში, ისიც სანამ ჩამოვიდა, დრო გავიდა. მერე ძლივს დავქოქეთ, მერე ეს საცობები და კი დამაგვიანდა აგერ. - თან ხელებს შლის.