გაგონდება თუ არა
გაგონდება თუ არა
I
“გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა უცხო სამოთხეები”
ოჰ ღმერთო ჩემო, უკვე გათენდა?
- ქეთინო გაიღვიძე დაგაგვიანდება - მესმის შორიდან თუმცა გაღვიძება არ მინდა, ყურს არ ვუგდებ, ისევ იმ ორ ტაეპზე ვფიქრობ. საიდან მახსოვს, ან რაღა მაინცდამაინც ახლა გამახსენდა, რატომ ვერ ვიხსენებ მომდევნო ტაეპეპს?
გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა უცხო სამოთხეები
შემდეგ როგორ იყო? ოჰ ღმერთო ჩემო
- ქეთინო ადექი - უკვე მანჯღრევენ - ხომ იცი შენებს როგორ არ უყვართ დაგვიანება
თვალებს ვახელ, ნანას სახეს ვხედავ, როგორც ყოველთვის მოწესრიგებულს, მაკიაჟის წასმაც მოუსწრია, ფეხსაცმელებიც ჩაუცვამს, ისე გამოპრანჭულა თითქოს თავის მოხუცთან კი არა პაემანზე მიდიოდეს, ნანას უყვარს როცა ლამაზია, ჯერ კიდევ შერჩენია ხალისი და სურვილი რომ ამაზე იფიქროს ალბათ იმიტომ რომ ჩვენს შორის ყველაზე გვიან ჩამოვიდა, ჯერ ერთი წელიც არაა რაც აქ არის, იმედიც შერჩენია რომ დიდხანს არ მოუწევს ოჯახისაგან შორს ყოფნა, ეს მის თვალებში ჩანს. ნანა სულ რაღაც 27 წლისაა, იმ ასაკშია ცხოვრებით რომ უნდა დატკბეს მაგრამ ნაცვლად ამისა აქ ყოფნა და მოხუცის მოვლა უწევს რადგან სახლში 9 წლის შვილი ელოდება, მშიერს ხომ არ დატოვებს? თავის მუქთახორა ქმარს ხომ არ დაემსგავსება?
- ქეთინო! - უკვე საყვედურნარევი კილოთი ამბობს ჩემს სახელს - მეც დამაგვიანებ.
- ვდგები ვდგები - ვპასუხობ სწრაფად და თვალებს ვიფშვნეტ, შემდეგ ოთახს ვათვალიერებ. ჩვენი ოთახი სულ 25 კვადრატისგან შედგება, აქ ოთხნი ვცხოვრობთ, ნანასა და ჩემს გარდა კიდევ ორნი, მარიამი და მარინე ოთახში არც ერთი მხვდება. მარიამს უკვე მოუსწრია წასვლა, მარინე კი ჯერაც არ დაბრუნებულა. მეც სწრაფად უნდა გავემზადო და წავიდე, მართალია ჩემები ახლოს ცხოვრობენ მაგრამ მაინც მეჩქარება, სანამ ბავშვებს სკოლაში წასვლის დრო მოუწევთ მე უკვე სახლში უნდა ვიყო და საუზმე გაკეთებული დავახვედრო ასეთია სამსახური, ბოლო სამი წელია ექვს საათზე ვიღვიძებ და მთელი დღე ვმუშაობ თუმცა არაფერი მაქვს საწუწუნო ჩვენ ოთხს შორის ყველაზე კარგი სამსახური მაქვს, დანარჩენები უფრო წვალობენ, უფრო მეტი შრომა უწევთ
- როგორც იქნა გამოფხიზლდი - იძახის ნანა და იღიმის, შემდეგ საწოლიდან დგება და კარებისკენ მიდის - წავედი მე - ამბობს ისეთი უზრუნველი ტონით თითქოს სათამაშოდ მიდიოდეს - უი მართლა, ბოთლებს ვერ წავიღებ მაგვიანდება შეგიძლია შენ ჩააბარო? ნანას თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ ისიც კმაყოფილი სახით მიდის სამსახურში. საწოლიდან ვდგები და ჩაცმას ვიწყებ, ჩემს სამზადისს დიდი დრო არ მიაქვს, დიდი ხანია ისე აღარ ვიპრანჭები როგორც ნანა, უბრალოდ ტანსაცმელს ვიცმევ პირს ვიბან და თმებს ვივარცხნი, არანაირი მაკიაჟი და პომადა, მათი ყიდვა ზედმეტი ხარჯი იქნება. სახლიდან გასვლისას კიბეებზე მარინე მხვდება დაღლილი და გამოუძინებელი სახე აქვს, წელში მოხრილა და კიბეებზე ნელა ამოდის, ხელში ბოთლებით სავსე პარკი უჭირავს
- უი ქეთი რა კარგია რომ შეგხვდი, უკვე მიდიხარ?
- კი - ვპასუხობ უსიცოცხლოდ და ვამთქნარებ
- ბარემ ბოთლებიც რომ გაიყოლო? - მეკითხება და პარკს მაწვდის
- ბოთლები! - ელდანაკრავივით ვყვირი - კიდევ კარგი გამახსენე სულ მავიწყდებოდა ვეუბნები და სახლში ვბრუნდები, იქიდან ბოთლებით სავსე კიდევ ერთი პარკი გამომაქვს და მარინეს მოცემულ პარკთან ერთად ხელში ვიჭერ
- დაიღალე - ვეკითხები მარინეს
- კი, წელიც მტკივა, ოჰ ღმერთო, ძალიან მტკივა
- რომ მიხვალ წამოწექი იქნებ გაგიაროს
- ვინ წამომაწოლებს, ორ ლუკმას შევჭამ და ფაბრიკაში უნდა წავიდე, შვიდზე იქ უნდა ვიყო
- სულ დამავიწყდა დღესაც რომ მუშაობ, აკი კვირა დასვენების დღეაო?
- ეგ მხოლოდ მათთვის ვისაც საბუთები აქვს, თუ სჭირდებათ ივიწყებენ რომ ადამიანები ვართ და ჩვენც გვინდა დასვენება
- კარგი მარინე, გამძლეობა მოგცეს ღმერთმა
- აბა კარგად
კიბეებზე კისრის ტეხით ვეშვები, უკვე ნახევარი გზა უნდა მქონდეს გავლილი თუმცა ლაპარაკში გავერთე, ეს ბოთლებიც მაინცა და მაინც დღეს შემომაჩეჩეს. კიდევ კარგი მარკეტი ახლოს გვაქვს, უცებ შევირბენ და ჩავაბარებ. თითო ბოთლი 25 ცენტი ღირს, ბევრი არ არის მაგრამ სახარჯო ფულს ვაგროვებთ, დასუფთავებაში ვმუშაობთ მორიგეობით, ოთხ დღეში ერთხელ, შეგროვებისას ნაგავსა და ბოთლებს ერთმანეთისგან ვანცალკევებთ, ნაგავს ვყრით ბოთლები კი სახლში მოგვაქვს, ასე ფულს ვზოგავთ, დასუფთავების ფულით კი სახლის ქირას და გადასახადებს ვიხდით. ეს სამსახური სულ შემთხვევით ვიპოვნეთ სულ რაღაც ექვსი თვის წინ, ჩვენი სახლის მეპატრონეს რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს მარინასთან დაუწუწუნია კადრების სიმცირეს განვიცდითო, ეს რომ სახლში თქვა ნინომ უპასუხა ჩვენი თავი შევთავაზოთო, ასეც მოვიქეცით თუმცა ყველას ყოველდღიური სამსახური გვაქვს ვიჭირვებთ და ოთხ დღეში ერთხელ ქუჩებსაც ვასუფთავებთ. გვეგონა ფრაუ ტრემლი უარს გვეტყოდა, მაინც გერმანელია გამონაკლისებს არ უშვებს ჩვენ კი ვთხოვდით ერთ პოზიციაზე ოთხი ადამიანი დაესაქმებინა, მართალია მხოლოდ ერთის ხელფასს ვითხოვდით და თან საქმესაც არ ვაზარალებდით მაგრამ მაინც, გერმანელები კანონმორჩილი ხალხია, ასეთ გამონაკლისებს არ უშვებენ, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად ფრაუ ტრემლი დაგვთანხმდა, ალბათ ძალიან უჭირთ კადრების შოვნა, აქ არავის უნდა ქუჩიდან ნაგავი ხვეტოს ჩვენ კი სიხარულით ცას ვეწიეთ, ახლა უფრო მეტი ფული გვრჩება რომ ჩვენებს გავუგზავნოთ.
ბოთლების ჩაბარება დიდ დროს არ მართმევს მარკეტი ცარიელია, რიგში დგომაც არ მიწევს გამოსვლისას პატარა ბოთლით წყალს ვყიდულობ და ჩემებთან მივიჩქარი. შესაძლოა მეჩვენება მაგრამ აქაური წყალი არ არის ისეთი როგორიც ჩვენსას, ეტყობა ქიმიკატებით და ვიტამინებით ხელოვნურად გაჯერებული რომაა, ყველა სტანდარტის დაცვითაა ჩამოსხმული, ჰერმეტულად დახუფული, ყოველ ბოთლს ვარგისიანობის ვადა გამოსაჩენ ადგილას აქვს დატანილი ზოგი ნახშირორჟანგითაცაა გაჯერებული თუმცა ისეთი გემრიელი მაინც არ არის როგორიც ჩემი სოფლის წყაროს წყალი იყო, ის გაუფილტრავი, ბინძური წყალი რომელიც ღია ცის ქვეშ მოჩუხჩუხებდა, არც წვიმას ერიდებოდა არც ტალახსა და არც ცხოველის ჩლიქს, არც ვიტამინები ჩაუფრქვევიათ მასში ნემსით და არც ნახშირორჯანგით დაეტუმბათ მაგრამ ის წყალი მაინც უფრო გემრიელია.
გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა უცხო სამოთხეები...
ისევ ეს ორი ტაეპი. ამეკვიატა, ახლა მთელი დღე უნდა აბრუნოს ჩემმა გონებამ თან ისე რომ გაგრძელებაც ვერ მოუნახოს. მგონი გალას დაწერილია ან ასათიანის, ზუსტად არ მახსოვს, ალბათ სკოლაში ვისწავლიდი, ალბათ ასეა რადგანაც მას მერე ლექსი არ წამიკითხავს, სად მეცალა ლექსებისთვის, შვილები მყავდა გადასარჩენი, ქმარი მოსავლელი...
ჩვენს სოფელს კარალეთი არ ერქვა თუმცა მისგან არც ისე შორს იყო, მზიანი მხარე გვაქვს, გულიანი ხალხით და დალოცვილი მიწით, ყველაფერია იმისთვის რომ თავი ბედნიერად იგრძნო, მხოლოდ ცხოვრებაა უსამართლო, ყოველი მხრიდან შეგიტევს ალყაში მოგაქცევს და ბედნიერებას არ დაგაცდის. მეც უნდა ბედნიერი ვყოფილიყავი ჩემს ქმართან და შვილებთან ერთად მაგრამ წლებია ათასობით კილომეტრით ვარ დაშორებული ჩემს სახლს და სხვის ბედნიერებას ვუყურებ, სხვისი ქმრისათვის ვაკეთებ საჭმელს და სხვის ბავშვებს ვუვლი რათა ჩემები შიმშილით არ დაიხოცონ, უსახლკაროდ არ დარჩნენ. თუმცა არ ვწუწუნებ, უმადური არ ვარ, ჩვენს შორის ყველაზე კარგი სამსახური მაინც მე მაქვს.
სახლში რომ მივედი ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ, კარგია დროზე მომისწრია მეთქი გავიფიქრე და სახელურს გასაღები მოვარგე, ერთი წელიც არაა რაც შმიტტების ოჯახში დავიწყე მუშაობა, ერთ თვეში ბინის გასაღები მომცეს რათა დილით ადრიანად მისულს მათი სიმშვიდე არ დამერღვია, მეც უჩუმრად შევიპარები ხოლმე სამზარეულოში და სადილის მომზადებას ვიწყებ, მშობლებს ყავა უნდა დავახვედრო, შვილებს პომიდვრიანი ომლეტი და კაკაო, ისინი რვა საათისთვის იღვიძებენ, სწრაფ-სწრაფად ემზადებიან და სამსახურსა და სკოლაში მიიჩქარიან. ოჯახის უფროსი პიტერი ინჟინერია, მისი ცოლი ანგესი ადვოკატი, ორი შვილი ჰყავთ კარლი რომელიც მეთორმეტე წელშია და ლისა რომელიც სამი წლისაა. ჩემს სამსახურსაც უპირველესად მისი მოვლა წარმოადგენს. როცა დანარჩენები სახლიდან გადიან და ჩვენ ორნი მარტონი ვრჩებით ჩემი მოვალეობაა გავართო, ყურადღება მივაქციო ვაჭამო და დღეში ერთხელ გავასეირნო როცა მათთან პირველად მივედი ძაღლიც ჰყავდათ, უზარმაზარი როტვეილერი შევხედე თუ არა თავზარი დამეცა, არ მიყვარს ძაღლები თუმცა ის კეთილი ზნისა აღმოჩნდა, მუდამ თავისთვის იყო, მხოლოდ მაშინ გამოყოფთა თვისი ბუნაგიდან თავს როცა გასეირნების დრო მოაწევდა, სამუშაოს დაწყებიდან რამდენიმე თვეში მოკვდა, როგორც მითხრეს სიბერით, თურმე თექვსმეტი წლისა ყოფილა. ლისამ ძალიან ინერვიულა, დანარჩენებმა არც ისე. მთელი დღეები ტირილში ატარებდა საჭმელის ჭამაც არ უნდოდა თუმცა ჩემი ხათრი აქვს როცა ვთხოვდი სურვილს მისრულებდა. ვფიქრობ ლისას ვუყვარვარ, ამ მოკლე ხანში ძალიან შემომეჩვია, მეც მართობს მასთან თამაში, ღმერთის მადლიერი ვარ ასეთი სამსახური რომ შემხვდა. წინათ მეც მოხუცი მყავდა, ერთი ღრჯო და წუწურაქი დედაბერი, უტყვი და ცუდი ხასიათისა, ცხოვრებას მიმწარებდა, ვძულდი და ამას არც მალავდა. მისთვის შვილმა დამიქირავა თავად სხვა ქალაქში ცხოვრობდა, დედაბერსაც შვილთან ერთად უნდოდა ყოფნა სანაცვლოდ კი ჩემთან ერთ ჭერ ქვეშ გამოკეტვა ხვდა წილად, ალბათ სწორედ ეს ვერ აიტანა, შესაძლოა არც ვძულდი უბრალოდ ჩემი მოშორება უნდოდა იმედი ჰქონდა ასე მიაღწევდა საწადელს და შვილთან ერთად იქნებოდა, თუმცა ვერ მომიშორა, ვერ შეძლო იმიტომ არა რომ მისგან წასვლა არ მინდოდა, პირიქით, ძალიანაც მინდოდა მისი სახე აღარ დამენახა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ჩემი ტანჯვა მერჩივნა ჩემი შვილების შიმშილს. ის დედაბერი რომ მოკვდა დიდი ხნით უმუშევრად ყოფნა არ მომიწია. მისმა შვილმა გამიწია რეკომენდაცია შმიტების ოჯახში, მათაც მიმიღეს. საბედნიეროდ გერმანულს უკვე კარგად ვფლობ მგონი ამითაც მოვაწონე თავი. აქ რომ ჩამოვედი გერმანულად ერთ წინადადებასაც ვერ ვამბობდი, ნელ ნელა ვისწავლე, მეათე წელია რაც აქ ვარ, ამ ათ წელში მხოლოდ ორჯერ ჩავედი სახლში, ერთხელ მაშინ როცა დედა მომიკვდა, ერთხელაც შვილების სანახავად.
დედას ხანდახან სიზმარში ვხედავ ხოლმე, იმ ძველ სახლში ბავშვობის მოგონებებით რომ არის სავსე, ფანჯარასთან ზის და წინდას მიქსოვს, ფანჯრიდან მზის სხივები ოთახში იჭრება, ხედსაც ვარჩევ, გორაკის ფერდობზე გადაშლილი დიდი მდელო, მდელოზე ალუბლები ყვავიან, მზეს ბალახამდე არ უშვებენ, ეზოში ძაღლი დარბის, ჩვენი ძაღლი, ის რომელიც ჩემს ბავშვობაში მოგვიკვდა, ოთახში მხოლოდ ჩვენა ვართ, მე და დედაჩემი, ყოველ ჯერზე ვაკვირდები მის სახეს, იმ ლამაზ სახეს ბავშვობას რომ მახსენებს მაგრამ ვერა ვცნობ, დედაჩემს სიცილი უყვარდა ჩემს სიზმრებში კი სულ მოღუშულია, არც მისი საყვარელი საქმიანობა - ქსოვა შველის და არც ჩვენი ეზოს ლამაზი ხედი, მინდა მასთან მივიდე ჩავეხუტო და ტირილს ამოვაყოლო ჩემი დარდები, წლობით ნაგროვები გერმანული საწუხარი, იმ მომენტში ყველაფერი მენატრება რაც სახლს მახსენებს, დედაჩემიც, ჩვენი ბებერი ძაღლიც, ის ალუბლებიც რომელთა გემოც აგერ უკვე 20 წელია არ მიგემია, ჩემი ეზო მენატრება, ჩემი სახლ კარი, ჩემი საქართველო. ამ დროს მაღვიძებენ, ან ნინო ან მარინა, მეღვიძება და სიზმრიდან სიფხიზლეში გადმოყოლილი აზრები ნელ-ნელა აწყდება ჩემს გონებას, მეც ვიხსენებ რაც დამესიზმრა, სურათებად ვიღდგენ და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ვგრძნობ რომ მიხარია, მიხარია რომ გავიღვიძე.
მეორე სართულიდან იატაკის ხმები გაისმა, შმიტებიც იღვიძებდნენ, ემზადებოდნენ, რამდენიმე წუთში მშობლები ჩამოვლენ კიბეებზე: ჯერ პიტერი, მოზომილი დინჯი ნაბიჯებით, შემდეგ ანგესი, მუდამ წელში გამართული და თავაწეული. მათ ლისა მოჰყვება სირბილით ჩემამდე მოირბენს და ფეხზე შემომეხვევა ბოლოს კარლიც გამოჩნდება, ზანტად და ზმორებ-ზმორებით.
- დილამშვიდობისა ქეთ - წესად მომესალმება ანგესი გერმანულ ენაზე(ჩემს მთლიან სახელს ვერ ამბობს) და გვერდით ჩამივლის, ჩემს მიერ გაშლილ სუფრასთან მივა თავის ადგილზე დაჯდება და ყავას მოწრუპავს, მას პიტერიც მიჰყვება როცა ჩამივლის ოდნავ თავს დამიკრავს ასე იცის მისალმება, სიტყვაძუნწი კაცია თუმცა კეთილი გულისაა, ეს ერთი შეხედვით არ ჩანს მაგრამ მალევე შეიმჩნევა, დღესასწაულებზე, მაშინ როცა თავის შვილებს საჩუქრებს ჩუქნის ჩემები არასდროს ავიწყდება. ბოლო ახალი წლის დილას საახალწლო ნაძვის ხესთან ბავშვებს ოთხი საჩუქარი დაახვედრა მათაც გაუკვირდათ, არ ელოდნენ აღმოჩნდა რომ ორი მათი იყო ორი კი ჩემი შვილებისა, ეს რომ მითხრა ყელში რაღაც გამეჩხირა და თვალები ამიწყლიანდა ანგესმა მაშინვე ხელსახოცი მომაწოდა, გული ამიჩუყდა, ტირილი მინდოდა მაგრამ თავს მოვერიე. გერმანიაში მეათე წელია ვარ, ასეთ მოპყრობას კი არ ვარ მიჩვეული, იმ წამს თავი მათ სწორად წარმოვიდგინე, მათ თვალებში დავინახე რომ მეც ადამიანად მთვლიდნენ, წარმოიდგინეთ ბედნიერებაც კი ვიგრძენი სულ ცოტა ხნით, შემდეგ საჩუქრებს შევხედე და შვილები გამახსენდა, ალბათ როგორ გაუხარდებათ მეთქი ვიფიქრე, ახალი წლის დილა ის იშვიათი დადებითი მოგონება იქნება რაც გერმანიიდან გამყვება, მაშინ არა მათი ძიძა ან მოსამსახურე არამედ სტუმარი ვიყავი, წინასწარ შემითანხმდნენ, გვინდა ახალ წელს გვესტუმროო, მეც უარი ვერ ვუთხარი. ჩემდა გასაკვირად მათი ერთადერთი სტუმარი ვიყავი. ჩემი თავისა და პრობლემების გადამკიდე ხშირად მავიწყდება რომ ისინიც ადამიანები არიან, მათაც უჭირთ, მათაც სტკივათ. უნდა გენახათ როგორ გაუხარდათ ჩემი ხილვა, გეგონებოდათ ყოველ დღე კი არ მხედავდნენ არამედ დიდი ხნის უნახავი გულითადი მეგობარი ვყოფილიყავი, საახალწლო სუფრა გაწყობილი დამხვდა, არ ვსხდებოდით, შენ გელოდებოდით მითხრა ანგესმა და მაგიდასთან მიმიპატიჟა. საკმაოდ წარმატებული ოჯახი, საკუთარი სახლ კარით, კარგი შემოსავლით და ანგელოზი შვილებით, მათ კი ახალ წელს ერთადერთი სტუმარი ეწვიათ, მათი მოახლე. ვიჯექი მაგიდასთან ამ მდიდრულად გაწყობილ სუფრაზე, ხელში მოოქროვილი დანა ჩანგალი მეჭირა, ჭიქაში ძვირადღირებული სასმელი მესხა და ჩვენს ახალ წელზე ვფიქრობდი, ქართულ ახალ წელზე. როცა ბოლო ახალი წელი საქართველოში აღვნიშნე უსახლკაროები ვიყავით, საწყალობლოდ გამოყოფილ ერთ ოთახში ვცხოვრობდით, სუფრაზეც მხოლოდ ვინეგრეტი გვედო, არც ერთი ხორციანი კერძი, არც გოზინაყი ( თაფლის ფული არ გაგვაჩნდა) ბავშვებსაც ვერაფერი ვაჩუქეთ, რომ არ ეტირათ მოვატყუეთ თოვლის პაპა შემდეგ წელს ორმაგ საჩუქრებს გამოგიგზავნითო, ჩემმა ქმარმა ტკბილი და გაკეთებული ღვინო იშოვნა მგონი ჯარის ამხანაგმა მოუტანა, სულ 10 ლიტრი ( ისე როგორი უცნაურია, ზამთარი იყო უფულოდ ვიყავით და შეშას ვერ ვშოულობდით, ღვინო კი სულ მუქთად ვიშოვნეთ.) ასე გაჭირვებაში შევხვდით ახალ წელს, თითო ლუკმა შევჭამეთ და დავიძინეთ. მაგრამ მეორე დღეს ჩვენს ერთ პატარა ოთახში სტუმარი არ გამოლეულა, მოდიოდნენ ტკბილეული მოჰქონდათ და გვილოცავდნენ, მაშინ საჭმლის ფული არ გვქონდა, შეშის ფული არ გვქონდა მაგრამ მარტოობა არ მიგრძვნია, მახსოვს ჩემს დამსაქმებლებთან ერთად სუფრასთან მჯდომს თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა, ნეტავ შმიტები თუ გრძნობენ მარტოობას?
ახლა ამაზე რომ ვფიქრობ ვხვდები, წელიწადია აქ ვმუშაობ და ერთი ადამიანიც კი არ მინახავს სტუმრად მოსულიყო. იშვიათად, ძალიან იშვიათად პიტერს თანამშრომლები ეწვევიან ხოლმე, ესეც უფრო საქმიანი ვიზიტია ვიდრე სტუმრობა, ძირითად დროს სამსახურის მნიშვნელოვან თემებზე განხილვას უთმობენ, შემდეგ რამდენიმე ლუკმას ზერელედ შეჭამენ და სახლებში მიდიან. ანგესი ამ დროს ცალკე ოთახშია რომელიც კაბინეტად აქვთ მოწყობილი და თვის დოკუმენტებს დასტრიალებს, ბავშვები როგორც წესი მე მაბარია. შეთანხმების მიხედვით საღამოს შვიდ საათამდე უნდა ვიმუშაო, ეს ის დროა როდესაც უფროსები სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან, თუმცა მსგავსი ვიზიტების დროს, რომლებიც სულ ორად ორჯერ იყო, იქამდე ვრჩები სანამ პიტერის თანამშრომლები წასვლას არ გადაწყვეტენ. ხანდახან სულაც უბრალოდ მთხოვენ დარჩენას, ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია, როცა უფროსები სახლში ბრუნდებიან და სადილობენ მე წასასვლელად ვემზადები, მანამ კარიდან გავალ სადილს ასრულებენ ბავშვები როგორც წესი მაშინვე თავიანთ ოთახებში მირბიან რათა სანუკვარი სმარტფონები აიღონ და უამრავ სისულელეს უყურონ, მაშინ ანგესი ჩემთან მოდის თითქოს ჩემი გაცილება აქვს გადაწყვეტილი მაგრამ კარების ზღურბლზე მაჩერებს და სასხვათაშორისოდ მეუბნება ცოტახნით თუ დარჩები ურიგო არ იქნებაო. მეც ხათრს ვერ ვუტეხავ და უკან ვბრუნდები მაგრამ არა როგორც ძიძა ან მოსამსახურე არამედ როგორც ვიღაც სხვა რომელსაც არც სტუმარი ეთქმის რადგან ოჯახში თავად მასპინძლებზე მეტ დროს ატარებს და არც მოსამსახურე რადგან მისთვის განკუთვნილი ყველა სამუშაო უკვე შესრულებული აქვს. ხანდახან ანგესი ყავასაც კი მთავაზობს რომელსაც თავად ადუღებს, უნდა ვთქვა რომ ეს საქმე ნამდვილად გამოსდის, როცა მის მიერ მომზადებულ ყავას ვსვამ მუდამ ჩემი უბანი და მეზობელი მარო მახსენდება, ყოველ დილით ყავაზე დაპატიჟება რომ უყვარდა, მიუხედავად იმისა რომ ანგესისა და მაროს ყავა არც გემოთი არც ფერითა და არც ხარისხით ერთმანეთს არ ჰგავს. ყავის მომზადების შემდეგ სამივენი სასტუმრო ოთახში ვსხედვართ, იშვიათად რომ რამეზე ვილაპარაკოთ, ხშირად ერთმანეთსაც არ ვუყურებთ ჩვენ ჩვენს ფიქრებში ვართ გართულნი, თავიდან ასეთ სიტუაციაში უხერხულობა ვიგრძენი და ავწრიალდი ახლა უკვე შევეჩვიე, მგონი ვხვდები რაშიცაა საქმე, ანგესსა და პიტერს ერთად მარტო დარჩენისა ეშინიათ, ამას მათ თვალებში ვატყობ და იმ დაღონებულ მზერაში რომლითაც მიყურებენ როდესაც ყავის ბოლო ყლუპს ვსვამ და წასასვლელად სავარძლიდან ვდგები, ორივე შეწუხებული წამოვარდება და მთხოვს ცოტახანი კიდევ დავრჩე, არ ვფიქრობ რომ თვალთმაქცობენ, ჩემი აზრით მართლა უნდათ რომ დავრჩე, ასე იმის გასამართლებელი საბუთი აქვთ თუ რატომ არ ლაპარაკობენ ერთმანეთში, ჩემი ოთახში ყოფნით მათ შორის ჩამოშვებული ფარდა მცირე ხნით შეუმჩნეველი ხდება.
- კარგად ქეთინო - მემშვიდობება ანგესი ჩემს სახელს უცნაური ინტონაციით ამბობს, სამივენი, ის პიტერი და კარლი სამზარეულოდან გამოდიან და გასასვლელისკენ მიემართებიან ეს იმის ნიშანია რომ სუფრა უნდა ავალაგო შემდეგ კი ლისას მივხედო. ლისას მოვლა არც ისე რთულია, მთავარია არ მოიწყინოს, ოჯახის დანარჩენი წევრების წასვლის შემდეგ ერთი საათით მულტფილმების ყურების უფლება აქვს, ამ დროში მე სუფრას ვალაგებ ჭურჭელს ვრეცხავ და სახლს ვუვლი ამის შემდეგ სასეირნოდ მიმყავს, თუ კარგი ამინდია სახლთან ახლოს მდებარე პარკშიც ვჩერდებით, რომელსაც წინა ღამით ან მე ან ერთ ერთი ჩვენგანი ალაგებს. ლისას უყვარს სხვა ბავშვებთან თამაში, მხიარული და ცნობისმოყვარეა, რაღაცით ჩემს თამარს მაგონებს მიუხედავად იმისა რომ არც ფიზიკურად და არც ხასიათით ერთმანეთს არ ჰგავნან, ჩემი თამარი შავგვრემანია, ყავისფერი თვალები და მამამისივით შუა გაყოფილი ნიკაპი აქვს, რომ იღიმის ლოყა ორ ადგილას ეჩხვლიტება, თვალებს ჭუტავს და ხელს პირზე იფარებს, ეს ჩვევა ჩემგან გამოჰყვა. ნაყინი უყვარს როცა მასთან ერთად ვიყავი ენატრებოდა კიდეც, ახლა აღარ. საქართველოდან რომ წამოვედი სამი წლისა იყო, მას შემდეგ სულ ორჯერ ვნახე, ბოლო ნახვისას 7 წლისა დამხვდა, მიცნო მაგრამ მაინც შერცხვა ჩემი, ცოტათი შეეშინდა კიდეც, ჩემს შვილს ჩემი შერცხვა, ჩემი შეეშინდა, გაუცხოვდა, დიდხანს ხელშიც არ გამიჩერდა მაშინვე მაროსკენ გაიწია. ჩემი შვილი ჩემს მეზობელთან უფრო მშვიდად გრძნობს თავს ვიდრე ჩემთან, მან იცის რომ მე მისი დედა ვარ, ეს კია დედობა მისთვის იმას არ ნიშნავს რასაც მისი თანატოლებისთვის, მათთვის ვისაც დედა ახლოს ჰყავს, დედა მისთვის ისეთი ვინმეა ვინც შორსაა, ვინც უყვარს (თავისებურად) მაგრამ არ ენატრება. არ ენატრება იმიტომ რომ მონატრებას სიახლოვე იწვევს, ჯერ ახლოს უნდა იყო და შემდეგ წახვიდე, მას კი არ ახსოვს ჩემი სიახლოვე, არ ახსოვს ჩემი რძის გემო, ჩემი თეთრად გათენებული ღამეები არ ახსოვს, ჩემი ჩაშავებული უძილო თვალები. უჭმელობისგან გამხმარი ხელები არ ახსოვს რომლითაც მას ვარწევდი. მას მხოლოდ ის ახსოვს რომ მე შორს ვარ, ასე იყო და ასე იქნება, მისთვის დედა ისაა ვინც მამას ფულს უგზავნის, ვინც ხანდახან მობილურში ელაპარაკება და ყოველდღიურ ცხოვრებაზე ათას უაზრობებს ეკითხება და არა ის ვინც მასთან ერთადაა, დაძინების წინ ზღაპრებს უკითხავს, გაკვეთილებს იბარებს ან ექსკურსიაზე მასთან ერთად მიდის, ასეთი დედები სხვებს ჰყავს, მას არა და ეს ნორმალურიცაა მისთვის, და სწორედ ამიტომ მხოლოდ ასეთი დედა უყვარს (თავისებურად) და არა ის ვინც მასთან ახლოს იქნება და ხელში აიყვანს, ასე მარო იქცევა მისი მეზობელი და ესეც ნორმალურია, ნორმალურია რადგან სხვანაირად არ უცხოვრია.
- არ უნდა გავისეირნოთ - ფიქრს მაწყვეტინებს ლისა, ტელევიზორი გამოურთავს და გარეთ გასასვლელად გამზადებულა, უკვე ფეხსაცმელებიც კი ჩაუცვამს. მე მისგან შეუმჩნევლად თვალიდან გადმოვარდნილ ცრემლს ვიწმენდ სახეზე ღიმილის ფარდას ვიფარებ და მის წინ ვიხრები
- ოთახს გამოვგვი და წავიდეთ - ვეუბნები რაც შემიძლია ალერსიანად და ფეხსაცმლის ზონარს ვუკრავ
- კარგი ქეთ- მეუბნება ის ისეთივე ინტონაციით როგორც დედამისი. - შეიძლება მანამდე ნაყინი ვჭამო?
უარს ვერ ვეუბნები, ნაყინი ჩემს ანასაც უყვარდა.
ნახევარ საათში გარეთ ვართ, ტროტუარზე ხელიხელ ჩაკიდებულები მივსეირნობთ, ლისა რაღაც მელოდიას ღიღინებს, ოქროსფერი კიკინები მხრებზე დასთამაშებს და ხტუნვა-ხტუნვით მომყვება. კარგი ამინდია, მზიანი უღრუბლო, ხანდახან ქარიც დაუბერავს და სასიამოვნოდ მაგრილებს. ლისა პარკში დაჯდომას მთხოვს არ ვეწინააღმდეგები, ჯერ ისევ დილაა თუმცა პარკი მაინც სავსეა, აქ ცხოვრება იმაზე ადრიანად იწყება ვიდრე საქართველოში. თავისუფალ სკამს ვერ ვპოულობ ამიტომ შუახნის გერმანელ ქალთან ერთად მიწევს ჯდომა, ლისა ქვიშის მოედნისკენ მიიჩქარის რათა სხვა ბავშვებთან ერთად ითამაშოს. ის საერთოდ არ ჰგავს თავის მშობლებს, ყველგან სადაც მიდის მის თანატოლებს უმეგობრდება, ალბათ დასაწყისში არც ერთი ბავშვი არ ჰგავს თავის მშობელს, მხოლოდ შემდეგ ემსგავსებიან. არ მინდა ჩვენი შვილები ჩვენ დაგვემსგავსნონ, მე და ჩემ ქმარს.
- თქვენი შვილია? - მეკითხება ჩემს გვერდით მჯდომი სასიამოვნო ღიმილით და ლისაზე მანიშნებს, მას უკვე მოუსწრია მეგობრების გაჩენა, ახლა მათთან ერთად თამაშობს
- არა, მისი ძიძა ვარ - ვპასუხობ ღიმილით
- ოჰ თქვენ გერმანელი არ ხართ? - მეკითხება ის ჩემი აქცენტის გაგონებისას
- არა, მე ქართველი ვარ
- ოჰ, ქართველი - ამბობს და სახიდან ღიმილი სცილდება, არც მალავს რომ ჩემმა პასუხმა შეაშფოთა, მეტს აღარაფერს ამბობს, ჩანთიდან თხელყდიან წიგნს იღებს და კითხვას იწყებს.
ვფიქრობ რა დაუშავეს ქართველებმა, ისეთ ასაკში არ არის მისთვის ველოსიპედი მოეპარათ, შეიძლება მანქანა, ანდაც საერთოდ ბინა გაუტეხეს. როცა ახალი ჩამოსული ვიყავი ასეთი დამოკიდებულება არ იყო, მაშინ ჯერ კიდევ ახლები ვიყავით ევროპაში, ჩვენი საზოგადოების არ თუ ისე სასიამოვნო ნაწილი ჯერ კიდევ საქართველოში იყო და ქვეყნიდან გამოღწევას ცდილობდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ვიცი ახლებს რჩევას აძლევენ დამალონ თავიანთი წარმომავლობა ან მოიტყუონ, ასე დასაქმების უფრო დიდი შანსია, ისინი არ გვენდობიან რადგან მათ ნდობას არ ვიმსახურებთ, ყველამ კარგად იცის, აქაც და საქართველოშიც, ნახევარი ქვეყანა აქედან ჩამოზიდულ ველოსიპედებით დასეირნობს, აქაური მანქანით დადის სამსახურებში. შეიძლება გულჩვილი მიწოდოთ მაგრამ მათიც მესმის, მათი ვინც აქ საქურდლად ჩამოდის, ქვეყნის სახელს ლახავენ, ჩირქს გვცხებენ მაგრამ ოჯახებს ინახავენ, მათ შვილებს მათი დანაშაულის გამო შიმშილი არ შეაწუხებთ, ესაა მთავარი. ბევრი ვერ გამიგებს მაგრამ სამშობლოსა და ოჯახს შორის ყოველთვის ოჯახს ავირჩევ, ახლა აღარ არის ის დრო პატრიოტიზმი და სამშობლოსადმი ერთგულება გადარჩენისთვის აუცილებელი თვისებები რომ იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა, აღარც სამშობლო ნიშნავს იმას რასაც ადრე ნიშნავდა, ყველაფერი გლობალური გახდა, ქვეყნებს შორის საზღვრები - უბრალო ბუტაფორიაა მათ მხოლოდ ხელოვნური, წინასწარ დათქმული პირობები ანიჭებენ ძალას, ქართველები ქურდობენ რომ ოჯახი გამოკვებონ მაგრამ ასე სამშობლოს სახელს უტეხენ? დიდი ამბავი, აღარც საქართველოა ის საქართველო და აღარც ქართველია ის ქართველი, აღარც ევროპაა ის ევროპა და აღარც გერმანიაა ის გერმანია, ახლა ყველაფერი შეიცვალა. რომ შემეძლოს მეც ვიქურდებდი, მეც მოვიპარავდი, ნუ გამკიცხავთ, რატომ უნდა შევწირო ჩემი ოჯახი ჩემი ქვეყნის სახელს, ჩემმა ქვეყანამ რა გამიკეთა რომ ეს დაიმსახურა? მხოლოდ იმიტომ რომ იქ დავიბადე? რატომ არის ეს უპირობო ვალდებულებისა და თავდადების არგუმენტი? ჩემმა ქმარმა შეწირა საკუთარი თავი ქვეყანას, იომა, სისხლი დაღვარა, ჩემი ქმრის მსგავსად უამრავი ადამიანი წავიდა ომში, თავი გასწირეს, ზოგს ჩემი ქმრის მსგავსად არ გაუმართლა, უკან ვეღარც დაბრუნდა, ზოგიც დაბრუნდა მაგრამ ვაი იმ დაბრუნებას, ინვალიდად, ფსიქიკურად დაავადებულად, გატეხილად...
ფიტულებიღა არიან ნაომარი კაცები, თავიანთ უწინდელ ცხოვრებას მხოლოდ მოგონებებიღა აკავშირებთ, რატომ გაწირეს თავი? მხოლოდ იმიტომ რომ შემთხვევით ამ დაწყევლილ დროსა და ადგილას დაიბადნენ. ეს უსამართლობაა, ისევე როგორც ის რომ ათასობით კილომეტრის გავლა გვიწევს რათა ოჯახები ვარჩინოთ, ყველას ჩემნაირად არც უმართლებს, ზოგს საკუთარი თავის ჯოჯოხეთისთური ცხოვრებისთვის გაწირვა უწევს რათა მათ შვილებს დედამიწაზე ყოფნის შანსი ჰქონდეთ, ივიწყებენ მორალს, პატიოსნებას და ადამიანობას, იმას იღებენ რაზედაც ხელი მიუწვდებათ, იპარავენ ქურდობენ და ატყუებენ რათა მათ შვილებს არ მოუწიოთ იგივე გზის გავლა. თქვენ თვლით რომ ეს ცუდია, რომ ცოდვაა, სირცხვილია, არასწორია, მე კი ვთვლი რომ ეს აუცილებელია ალბათ ამიტომაც არის ჩემს გვერდით მჯდომი შუახნის გერმანელი ასე სკეპტიკურად განწყობილი, მე მისიც მესმის, ის მე ვერ მენდობა, არც უნდა მენდოს, მე უცხო ვარ, ისეთი უცხო რომელმაც შეიძლება მას ავნოს, მისი პოზიციაც სამართლიანია რადგან რომ შემეძლოს, აუცილებლობა რომ მოითხოვდეს, ჩემს შვილებს რომ სჭირდებოდეთ მეც იმავეს ვიზავ რასაც ჩემი უამრავი თანამემამულე შვება: მოვიპარავ, გავქურდავ და დავაყაჩაღებ, ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი შვილები გადარჩნენ.
ფიქრებიდან გამორკვეული საათზე ვიყურები, ლისას ჭამის დროა, თვითონ როცა თამაშობს ვერც შიმშილს გრძნობს და ვერც წყურვილს მე თავად უნდა მივიდე და შევახსენო, სათამაშო მოედნისკენ მივდივარ ლისას წინ ვიმუხლები და ვეუბნები რომ სახლში უნდა წავიდეთ, გამომეტყველებაზე ვამჩნევ არ სიამოვნებს თუმცა მიჯერებს, პაწაწინა ხელს მკიდებს და მომყვება, სირბილისგან დაღლილი ჯერ კიდევ მძიმედ სუნთქავს, სახეც აჭარხლებია, მაისური სველი აქვს სახლში რომ მივალ უნდა გამოვუცვალო, პარკიდან გასვლისას თვალები ჩემს გვერდით მჯდომ მანდილოსნისკენ გამირბის, ის ისევ იქ ზის სადაც უწინ, თავადაც მიყურებს, დაუფარავი შეშფოთებით ადევნებს ყველა ჩემს მოძრაობას თვალს, თვალებით მჭამს, ალბათ ფიქრობს რომ უფლება არ მაქვს ლისას მოვუარო, ასეთ მზერას მივეჩვიე ამიტომ რეაქციაც არ მაქვს, ახლა საქმე არც თუ ისე ცუდადაა იმასთან შედარებით რაც წინათ იყო, მაშინ როცა გერმანული არ ვიცოდი, მაშინ ძალიან მიჭირდა, თავს იმაზე ნაკლებ ადამიანად ვგრძნობდი ვიდრე სხვები იყვნენ ალბათ მათაც ასეთი შეგრძნება ჰქონდათ, არ ვიცი რატომ მაგრამ ადამიანი თანასწორად რომ აღიქვა საერთო ენაზე ლაპარაკი უნდა შეეძლოს, თუ ეს არ შეუძლია მაშინ ის უცხოა, არა უცხო-ადამიანი არამედ უცხო ასეთი ვიყავი მეც მანამ სანამ მათ ენას ვისწავლიდი, ახლა კი გერმანულად ლაპარაკი შემიძლია ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ უცხო-ადამიანი ვარ.
სახლში მისვლისას ლისას მობილურის გამოყენების უფლებას ვაძლევ თავად კი საჭმლის გამზადებას ვიწყებ, სანამ დავასრულებ კარლიც დაბრუნდება სკოლიდან, შემდეგ ორივე უნდა ვასადილო, ყურადღება მივაქციო რომ კარლმა იმეცადინოს და ლისა გავართო იქამდე სანამ მათი მშობლები არ დაბრუნდებიან. გამიმართლა, ახლა მარინე მოხუცს უვლის ნინო კი ტკბილეულების ქარხანაშია და შოკოლადებს ფუთავს, იქ მცირე ხნით მეც ვიმუშავე, ყველაზე საშინელი რამაა რაც კი შეიძლება ადამიანს დაავალო, შრომატევადი არ არის, არც რთულია მაგრამ მაინც, იქ რომ ვმუშაობდი თავი ერთი დიდი მანქანის პატარა ჭანჭიკი მეგონა, ასეც იყო, ჩვენ ყველანი პატარა ჭანჭიკები ვიყავით რომლებიც საერთო საქმის 1 პროცენტს აკეთებდნენ, დილიდან საღამომდე ჩვენ ჩვენს ადგილებზე ვიყავით და ზუსტად ერთი და იგივე მოქმედებას დაუსრულებლად ვიმეორებდით, რობოტებივით, მექანიკურად, ნინო შოკოლადებს ფუთავდა მე გიგანტური დანადგარის ერთ ზოლს ორ ზოლად ვყოფდი თან წუნდებულ შოკოლადებს უკან გადასამუშავებლად ვაბრუნებდი, ეს იყო და ეს, იქ მისვლა მეორე დღესვე შემძულდა, ისევ მოხუცის მოვლა ან ქუჩების დასუფთავება მერჩივნა, მაგრამ იძულებული ვიყავი მცირე ხნით გავჩერებულიყავი, ყველაზე ცუდი რაც ამ საქმეში აღმოვაჩინე ის იყო რომ ის მთელს შენს არსებას ატყვევებდა, ვითომც როგორო იკითხავთ, როგორ შეიძლება ერთმა მარტივმა მოქმედებამ ადამიანის მთელი არსება დაჩრდილოსო, მეც გაკვირვებული ვიყავი მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა, მაშინაც კი როცა სამსახურს ვამთავრებდი, შესვენებისას ვჭამდი ანდაც სულაც დაძინებას ვცდილობდი, ასეთ დროებშიც კი თვალწინ წუნდებული შოკოლადები და სტანდარტული შოკოლადების ორ ზოლად გაყოფა მელანდებოდა. ძილშიც კი, სიზმრებში ეს მესიზმრებოდა, არა შვილები, ქმარი, ჩემი საწყალი დედიკო ანდაც სამშობლო არამედ ის თუ როგორ ვიდექი ქარხანაში და შოკოლადებს ვახარისხებდი, არ ვიცი ნინო როგორ უძლებს ამას, მაგრამ სხვა გზა არცა აქვს, მან ჯერ გერმანული არ იცის ამიტომ იძულებულია იქ იმუშაოს სადაც ენის ცოდნა აუცილებელი არ არის.
საათს ვუყურებ და ვითვლი რამდენ ხანში მოვლენ მშობლები, მათი შვილები სუფრას უსხედან და საჭმელს ჭამენ, ჭამის დასრულების შემდეგ ორივეს საკუთარ ადგილს მივუჩენ, კარლი წიგნებთან გადაინაცვლებს და სკოლის დავალებების მომზადებას დაიწყებს, ლისა ისევ მობილურში ჩაძვრება მე კი მაგიდას ავალაგებ და ჭურჭელს დავრეცხავ, ნეტავ ჩემს შვილებს ვინ ურეცხავს ჭურჭელს როცა მაროს არ სცალია?
როგორც წესი პირველად სახლში ანგესი მოდის, დაღლილი სახით შემოდის ოთახში ფორმალურად მესალმება და თავის ოთახში ადის მოსაწესრიგებლად, იქ მანამდეა სანამ პიტერი არ მოვა შემდეგ ყველანი ერთად ჩემს მიერ გაწყობილ სუფრას შემოუსხდებიან და ვახშმობენ, ანგესსა და პიტერს წესად აქვთ მუდამ ერთად ჭამონ ეს ფაქტი სულ მაკვირვებდა, ერთმანეთთან პირისპირ დარჩენას ყოველთვის გაურბიან თუმცა ვახშამს მუდამ ერთად მიირთმევენ, ალბათ ეს ის უკანასკნელი ჩვეულებაა რომელიც მათი აზრით ოჯახურ ცხოვრებაში სიმყარე შეაქვს. მანამ სანამ სუფრასთან დასხდებიან ჩემი გამომშვიდობების დრო დგება, სანამ წავალ ანგესს ვეკითხები დამატებით რამე ხომ არ ჭირდებათ, ეს კითხვა სამსახურს არ ეხება, სუფრის გაწყობის შემდეგ ჩემი სამუშაო დასრულებულია, ეს ანგესმაც იცის, ისიც იცის რას ვგულისხმობ ამ შეკითხვაში, მაინტრესებს უნდა თუ არა დავრჩე და მათთან ერთად ყავა დავლიო, ამ ჯერად უარს მეუბნება, როგორც ჩანს დღეს ერთმანეთს უჩემოდაც აიტანენ, ხვალ კი ვნახოთ. იქიდან პირდაპირ სახლში მივდივარ, გზად სუპერმარკეტში უნდა შევიარო და საჭმელი ვიყიდო, დღეს ნინო და მარინა მუშაობენ მარიამი კი გვიანობამდე სწავლობს, სახლში არავინაა რომ საჭმელი გაამზადოს, პროდუქტები აქ იაფია, იმაზე გაცილებით იაფი ვიდრე საქართველოში, ბოთლების ჩაბარებით ნაშოვნი ფულით მთელი კვირის სამყოფ საჭმელს იყიდი, ჩვენს სახლთან არსებული სუპერმარკედი დიდი არ არის თუმცა ყველაფერი რაც გვჭირდება დახლზე აწყვია, წინა წელს ამ სუპერმარკეტში ერთი ქართველი სტუდენტი მუშაობდა, სულ სამი თვით იყო აქ, სტუდენტური დასაქმებით ჩამოსულა რათა სწავლის ფული შეეგროვებინა, მას შემდეგ სულ ამ სუპერმარკეტში დავდივარ, იმედი მაქვს კიდევ შევხვდები რომელიმე ქართველ სტუდენტს რომელიც დახლს იქით იდგება და პროდუქტებს ამიწონის, თითქოს არაფერი მაგრამ სისხლი სისხლს ცნობს. სახლში ასვლისთანავე საჭმლის გაკეთებას ვიწყებ, დრო არ უნდა დავკარგო, დღეს ღამე ქუჩების დასუფთავება მომიწევს, სწრაფად უნდა წავილუკმო და ცოტა დავისვენო რათა ძალები ხვალინდელი დღისთვისაც შემრჩეს, კარტოფილს ვთლი სახელდახელოდ გაცხელებულ ტაფაზე ვყრი და ველოდები სანამ შეიწვება. მანამდე კი ფანჯარასთან ვჯდები, ფანჯარა ნახევრად ღიაა, იქიდან სასიამოვნოდ გრილი სიო უბერავს, ისმის ქუჩიდან შემომავალი ხმებიც, სიგარეტს ვუკიდებ და ფანჯრიდან უმისამართოდ ვიცქირები, ვუყურებ გერმანულ შენობებს, სახლებს და ქუჩებს თუმცა ვერაფერს ვხედავ, გონება სულ მთლად ცარიელი მაქვს, მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს ის რომელიც მთელი დღეა ასე შემაწუხებლად ამეკვიატა
„გაგონდება თუ არა...“ „გაგონდება თუ არა...“
II
არაფრით არ ჰგავს ეს დღე გუშინდელს, მოქუფრული და ბნელია, დილის 11 საათია და ვერც კი შეატყობ დღეა თუ ღამე, ოთახში ფანჯრებიდან სინათლე არ შემოდის თუმცა კი ფარდები გადაწეულია, ისმის მხოლოდ მიწასთან ახლოს მფრინავი ბეღურების ხმა, გუშინ ასეთი ამინდი არ იყო, გუშინ მზე ნათელი იყო, ჩიტებიც ცასთან უფრო ახლოს დაფრინავდნენ ვიდრე მიწასთან.
ფეხი! - აი რითი ჰგავს დღევანდელი დღე გუშინდელს, იმის წინასაც და ასე შემდეგ, ხვალინდელიც ამით დაემსგავსება დღევანდელს. დღესაც ფეხის ტკივილმა გამაღვიძა, ერთი ძლიერად ამოვიკვნესე და თვალები გავახილე. ნეტავ როდემდე? როდემდე? წამლის ფული მაინც მქონდეს მუდმივ ტკივილში მაინც არ მიწევდეს ისედაც უფერული ცხოვრების გალევა მაგრამ წამლები ძვირია, ფული კი არ არის. ჩემი დამხმარე მხოლოდ საწოლის კუთხეში მიყუდებული ყავარჯნებია, მხოლოდ ისინი მიმსუბუქებენ ყოფას. საწოლიდან ავდექი და ტანსაცმელი ზანტად ჩავიცვი, შემდეგ ფანჯარასთან მივედი და თვალი უბანს მოვავლე, ცუდი ამინდის მიუხედავად ჩემი ბიჭები მაინც ქუჩაში დამხვდნენ, მრგვალ მაგიდას შემოსხდომოდნენ და დომინოს თამაშობდნენ. აზრი არ აქვს ჰგავს თუ არა ეს დღე გუშინდელს, ან ხვალინდელი როგორი იქნება, ისინი ყოველ დღე დომინოს თამაშობენ, მეც მათსავით ვიქცევი მაშინ როცა ფეხის ტკივილი შედარებით მიყუჩდება და ქვევით ჩასვლის საშუალებას მაძლევს.
- იწვიმებს - ჩავძახე ქვევით ჩემს ბიჭებს
- არავის გადაუღუნოს - ამომძახა ვანიამ და უხეშად გადაიხარხარა თან სიცილს საშინელი ხველა მოაყოლა, მეც გამეცინა მაგრამ მის უკბილო ხუმრობაზე არა
- ნელა ქენი ბიჩოკები არ ამოყარო - ვუთხარი მას როცა როგორც იქნა ხველას მორჩა და სული მოითქვა
- ჩამოხვალ? - მკითხა მან
- ოჩერედში ვინაა?
- თამაზა და ომარა
- მერე
- მერე მე და ჩემი კვერცხები
- კარგი ჩამოვალ, ადგილი შემინახე
- არის უფროსო - ვანია ფეხზე წამოხტა ქუსლები შეატყუპა და მხედრული ჩესტი აიღო
- ეეჰ - ამოვიოხრე მის გასაგონად და ფანჯარას მოვშორდი, სახლში მარტო ვიყავი, ანა და თორნიკე სკოლაში წასულიყვნენ მარო ჯერ არ ჩანდა. გაზქურასთან მივედი საჭმელი არაფერი იყო, წინა დღით მორჩენილი წიწიბურა ბავშვებს შეეჭამათ, არაფერი უშავს, დილით ჭამა არასდროს მყვარებია - დავიმშვიდე თავი და მაცივარი გამოვაღე სულ მთლად ცარიელი არ აღმოჩნდა, კოკაკოლას ბოთლში ნაკლულად ესხა თეთრი სითხე, გამიკვირდა მეგონა გუშინ მთლიანად დავლიე, როცა ხელში არაყი ჩამივარდება მანამ ვსვამ სანამ ბოლომდე არ დავამთავრებ, ეს მიწევს წამლის მაგივრობას, ტკივილის გაყუჩება არ შეუძლია თუმცა თუ საკმაო რაოდენობით დალევ შეძლებ ყურადღება აღარ მიაქციო, დაძინებაც უფრო მარტივია, ფიქრითაც აღარ ვფიქრობ... ბოთლი გამოვიღე და სითხე ღვინის ჭიქაში დავასხი, ორი მესამედი გაავსო, არც მეტი არც ნაკლები. არაყი ერთი მოყუდებით გამოვცალე და ფილტვებიდან ჰაერი გამოვუშვი, მემწარა იმაზე უფრო მეტად ვიდრე ველოდი, ტანში გამაჟრჟოლა კიდეც, რაც სმა დავიწყე ასე აღარ მემართება, თითქოს ჩემი ორგანიზმი შეეჩვია არაყის გემოსა და სიმხურვალეს. ლოთი არ ვარ, მაშინ ვსვამ როცა სასმელი ხელში ჩამივარდება ეს კი ხშირად არ ხდება, არც ფული მაქვს რომ ყიდვა შევძლო, როცა მაქვს მაშინ კი ვყიდულობ იმდენს რამდენზეც გამწვდება. არაყით გამოფხიზლებული ისევ ფანჯარასთან დავბრუნდი სიგარეტის დაკუჭული კოლოფი ავიღე და გავხსენი, ცარიელი აღმოჩნდა არადა დავიფიცებ გუშინ ერთი ღერი განძრახ დავტოვე ამ დილისთვის. რა გაეწყობა მეთქი გავიფიქრე, ქვევით მაინც უნდა ჩავსულიყავი, ბარემ მარკეტამდეც მივბარბაცდები თუ ფეხი ამის შესაძლებლობას მომცემს, თუ არა და დომინოს მოთამაშეებიდან რომელიმე გამეგზავნება. ჩემი ცხოვრების ბოლო 10 წელია ყველაზე პრობლემური ჩემი და კიბეების ურთიერთობაა, ლიფტი ჩვენს ბინაში ბუტაფორიადაა ქცეული, არასდროს მუშაობს, მხოლოდ შახტითა და აჩხაბაჩხა კარებით მიხვდები რომ კორპუსს ლიფტი აქვს, მეოთხე სართულზე ვცხოვრობ აქედან პირველამდე ჩასვლას 20 წუთამდე ვანდომებ ეს მაშინ თუ შუა გზაში ფეხი არ ამტკივდა და იძულებული არ გამხადა გავჩერდე, პირველ სართულს რომ მივაღწევ ერთიანად ოფლიანი ვარ, ვქოშინებ და ვცდილობ შუბლიდან ოფლის წვეთები მოვიწმინდო, მცირე ხანს სადარბაზოს შესასვლელთან ვჩერდები და ვისვენებ, ამ დროს როგორც წესი რიჟა გამოჩნდება ხოლმე, რიჟა ჩვენი უბნის მაწანწალა ძაღლია, გრძელი მეწამული ბეწვი აქვს, ცალი თვალით ბრმაა, ერთი ფეხით კოჭლობს, კუდი და მარცხენა ყური ნახევრად მოჭმული აქვს, მეორე ყურზე ყვითელი ჩიპი აკვრია, ბებერი უნდა იყოს ასე ათ წლამდე, ზანტად დაიზლაზნება კორპუსის წინ და იმით იკვებება რასაც მაცხოვრებლები მისთვის გაიმეტებენ, ჩემთან რომ მოდის თავის თავლებს შემომანათებს და მელოდება მეც სხვების მსგავსად ვუწილადებ თუ არა საჭმელს მაგრამ მისთვის არ მცხელა ჩემი გამჭირვებია, როცა ხვდება რომ მისთვის არაფერი მაქვს თავს ჩაღუნავს და ისე უხმოდ უჩინარდება როგორც ჩნდება, მიუხედავად იმისა რომ მას არასდროს ვაჭმევ მაინც მიყვარს, მასში მსგავსებას ვპოულობ, არა ჩემ თავთან არამედ მთელ ჩვენს ქვეყანასთან, ამ ქვეყანაში ყველა რიჟა ვართ. სადარბაზოდან გასვლისთანავე ჩემი სახელი გავიგონე
- უტა, უტა - მეძახდა ვიღაც კორპუსიდან, მაღლა ავიხედე მარო ყოფილა, შეამჩნია რომ მისი ძახილი გავიგონე - სად მიიწვალები? - შემეკითხა ირონიულად
- მარათონი მაქვს სარბენი - ირონიულადვე ვუპასუხე
- რომ ირბენ სახლში ბორშის პრიპასები ამოიტანე, დღეს ბორშს გაგიკეთებთ
- კარგი - დავეთანხმე უხალისოდ და გზას გავუდექი, ფეხი ისე არ მტკიოდა რომ მაღაზიამდე ვერ მივსულიყავი
- ხორცი არ დაგავიწყდეს ხორცი - მომაძახა ზურგიდან მარომ, ხელი ავუქნიე ნიშნად იმისა რომ მისი გავიგონე,
- მე ხომ არ წავიდე უფროსო? - შემეკითხა ვანია რომელიც ამასობაში დომინოს მოთამაშეებს გამოჰყოფოდა და ზურგს უკან მედგა.
- ჩემ მარათონს შენ გაირბენ? - ვკითხე წესად, ახლა მისი თავი არ მქონდა
- დედას ვუტირებ - წამოიძახა მან და ჭიანი კბილები დაკრიჭა
- წადი ვანია ისევ დომინოს უყურე თუ ძმა ხარ, შენ შენი ვერ გაგირბენია.
- მე შემოგთავაზე და თუ არ გინდა კისერიც გიტეხია - იწყინა მან
- გამომტყუებ რაღაცას ვანია - მივაძახე მე თუმცა ის უკვე ბირჟისკენ მიდიოდა. ვიცოდი რატომ მითხრა, ვანია ის კაცი არაა ჩემს ინვალიდობას შეეწუხებინოს და მოხმარება ნდომებოდა. სიგარეტი ექნებოდა უეჭველად გამოლეული დარჩენილი ფულით თავისთვისაც გამოიყოლებდა ერთ პაჩკას მაგისი სიგარეტის ფული კი ნამდვილად არ მქონდა.
მაღაზია შორს არ გვაქვს, ორას მეტრამდეა გასავლელი მაგრამ შესასვლელში მყოფი უკვე მეორედ გავიოფლე, არც სიგრილე მშველოდა და არც ავის მომასწავლებელი ქარი, შიგნით შესვლამდე საფულე გავხსენი და თანხა შევამოწმე 30 ლარი აღმომაჩნდა, ცოტაა - გავიფიქრე ინსტიქტურად და გამახსენდა რომ სხვა რამ საფულის შემოწმებისას ჩემს ცხოვრებაში არ გამიფიქრებია. მაღაზიაში შესვლისთანავე გადავწყვიტე რომ ხორცის ყიდვა დამავიწყდებოდა, სხვა გზა არ მქონდა სხვანაირად ფული საერთოდ არ დამრჩებოდა, ეს ფული კიდევ 5 დღე უნდა გვყოფნოდა მანამ სანამ ქეთინო რამეს გამოაგზავნიდა. კომბოსტო და სტაფილო ავიღე კიდევ ერთი ქილა ტომატი და სალაროს რიგში ჩავდექი, ჩემთვის ვიდექი არავინ შემიწუხებია, ველოდებოდი როდის მოვიდოდა ჩემი ჯერი, ჩემს წინ 2 ადამიანი იდგა, ერთი - შუახნის მამაკაცი რომელიც სიგარეტის საყიდლად იყო შემოსული მეორე კი ახალგაზრდა გოგო რომელსაც ერთი დიდი პარკი ჰქონდა სავსე პროდუქტებით, მე სწორედ მის უკან ვიდექი, კაცმა სიგარეტი იყიდა და გასასვლელისკენ დაიძრა სწორედ მაშინ შემამჩნია ჩემს წინ მდგომმა გოგონამ, უკან ცნობისმოყვარედ გამოიხედა და შემომხედა, თვალებით ამათვალ-ჩამათვალიერა, ამის გაკეთება შეუმჩნევლად უნდოდა თუმცა უკან გამოიხედა თუ არა მაშინათვე თვალებში შევხედე და მისი ეს ჟესტიც შევამჩნიე როცა ჩემს ინსპექციას მორჩა სწრაფი მოძრაობით უკან დაიხია და მთელი ტანით ჩემსკენ შემობრუნდა, იქნებოდა 22-23 წლისა, ქერა თმები ბოლოებში გაშავებოდა, აშკარად თვითონ შეეღება თან არც ისე კარგად, თვალებზეც ზერელედ წაესვა კონტური, ჩემზე ერთი თავით დაბალი იყო, გამოკვეთილი მკერდითა და სრული ტანით. შემობრუნდა თუ არა მაშინვე ცქმუტვა დაიწყო
- დიდი ბოდიში ვერ შეგამჩნიეთ - მეუბნებოდა ის და ხმაში სიბრალული ერეოდა - ჩემს წინ წადით მე ბევრი პროდუქტი მაქვს, ახლავე გზას დაგითმობთ - გოგონა სწრაფი მოძრაობით გახტა გვერდით თითქოს რაც შეიძლება მალე უნდოდა ჩემი თავიდან მოშორება და სალარომდე გზა გამითავისუფლა თუმცა მე არ ვიძროდი ისევ იქ ვიდექი ყავარჯნებს დაყრდნობილი და მას შევცქეროდი, ცოტა ხანი მანაც მომლოდინე თვალებით მიყურა შემდეგ მოთმინების ფიალა ამოეწურა და კლავ იმავე სიბრალულ შერეული ხმით მომმართა
- დახმარება ხომ არ გნებავთ, მოგეხმარებით, ამ პროდუქტებს მე წამოვიღებ - ის ჩემს კომბოსტოსა და სტაფილოს წაეპოტინა თუმცა არ დავანებე და ხელი უკან გავწიე ის შეცბა
- რატომ? - ამოვღერღე ძლივსგასაგონად
- რა - მკითხა მან დაბნეული ხმით
- რატომ გნებავთ რომ გზა დამითმოთ? - კვლავ თვალებში ვუყურებდი, შევამჩნიე კითხვის დასმისას როგორ გაექცა თვალი ჩემი ფეხისკენ, თუმცა მალევე მიხვდა რომ ასე თავს გასცემდა და მზერა ჩემს უკან მდგომ დახლზე გადაიტანა
- ისა... მე... იმიტომ რომ ბევრი პროდუქტი მაქვს, დრო დასჭირდება...
- მეც არ მაქვს ცოტა პროდუქტი
- თქვენც... ოჰ დიახ მაგრამ მაინც...
- ახლა უკვე გატარებული გექნებოდათ
- კი მაგრამ... - წინადადება ვერ დაასრულა მან და თავი ჩაქინდრა
- მე ვიცი რატომ გნებავთ წინ წავიდე - ვუთხარი მას და თვალები დავუბრიალე - ან ფიქრობთ რომ თქვენ ხართ ჩემზე რამით მეტი და სწორედ ამიტომ იჩენთ ლმობიერებას ანდაც ფიქრობთ რომ მე ვარ თქვენზე რამით ნაკლები და სწორედ ამიტომ თავს ვალდებულად თვლით დამეხმაროთ, რაც არ უნდა იყოს თქვენ არ ფიქრობთ რომ ჩვენ ორნი ერთმანეთის თანასწორნი ვართ, თქვენ თვლით რომ მე თქვენგან განსხვავდები, ორივეს ადამიანები გვქვია მაგრამ ეს მხოლოდ პირობითი ცნებაა, თქვენთვის მე სხვა ვარ ამიტომ გინდათ რომ წინ წავიდე, რომ ფიქრობდეთ რომ მე და თქვენ ერთნაირები ვართ თქვენ თქვენს საქმეს მიხედავდით, პროდუქტს დახლზე დააწყობდით გადაიხდითით და უკვე გარეთ, ქუჩაში იქნებოდით, მე ხომ დახმარება არ მითხოვია, წინ წასვლა არ მომნდომებია, ეს თქვენ გამოთქვით ინიციატივა იმიტომ რომ შეწუხდით, ჩემით შეწუხდით... ან მე ვარ დაბლა ან თქვენ მაღლა - ჩავიცინე მე, გოგონა შეშინებული სახით მიყურებდა, ადგილზე გაშეშებულიყო და არც გაინძრეოდა მე რომ არ შემეხურებინა
- თუ შეიძლება თქვენ საქმეს მიხედეთ და პროდუქტი გაატარეთ და სანამ ვინმე დახმარებას არ გთხოვთ თავს ნუ გამოიდებთ
თითქოს ჩემმა სიტყვებმა გამოაფხიზლესო გოგონა სწრაფად შებრუნდა პროდუქტებით სავსე პარკი დახლზე დააგდო და საფულეში ბარათის ძებნას შეუდგა, შემდეგ თანხა სწრაფად გადაიხადა და მარკეტიდან ისე გავიდა რომ თავი მაღლა არ აუწევია.
- დიდი ნაბიჭვარი ვინმე ბრძანდებით - მითხრა მოლარემ ისე რომ წარბიც არ შეუხრია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მესიამოვნა, მადლობასაც გადავუხდიდი მაგრამ შემდეგ მის თვალში ნაბიჭვარი კი არა გიჟი გავხდებოდი, ისიც მაპატიებდა ჩემ გამოხდომას ეს კი არ მინდოდა, მან ხომ ჩემ ხეიბრობას ყურადღება არ მიაქცია და ისე გამომლანძღა როგორც სხვას გამოლანძღავდა, ამის გამო მადლიერი ვიყავი
- ერთი კოლოფი წითელი მარლბოროც - ვუთხარი და ბოსტნეული დახლზე დავალაგე, მოლარემ ზიზღით შემომხედა და სიგარეტის თარო გააღო
- რატომ მოექეცით ასე იმ გოგოს? - შემეკითხა მოურიდებლად, ახლაღა შევათვალიერე, ახალი უნდა ყოფილიყო, აქამდე ამ მაღაზიაში არ შემიმჩნევია, 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი იქნებოდა, ცალი ყური გაეხვრიტა და იაფასიანი საყურით შეემკო, ერთი წარბიც შუაში აეპარსა შავგვრემანი იყო, კუპრივით შავი თვალებით
- ძია შენ შენს საქმეს მიხედე - ვუთხარი მე
- თორე რა მენეჯერს დაუძახებთ და ჩემ თავს გააშვებინებთ? - შემეკითხა ირონიულად - თვეში 300 ლარზე ვმუშაობ თუ გამაგდებენ მადლობელიც დავრჩები
ფული მივეცი, დაკუჭული ოც ლარიანი მან სალარო გახსნა და ხურდა მიბრუნა, უკვე მისგან ზურგშექცეული ვიდექი როცა მომაძახა - ეგ კასტილები რომ არა სიამოვნებით მოგარტყამდით ერთ ორს იმ გოგოს გამწარებისთვის.
ბოლოს მაინც ჩააფლავა, მანაც სხვად აღმიქვა, ოღონდ ეს არ ეთქვა და თუ გინდ მართლაც მოერტყა ერთი ორი, მესიამოვნებოდა კიდეც. აღარაფერი მიპასუხია გარეთ გამოვედი და სახლისკენ გავემართე, გზად ის გოგონა შევამჩნიე, იქვე ტროტუარზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო, მთელი სხეულით კანკალებდა, მომიწევდა მის გვერდით ჩავლა არ კი მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო, გოგონა ზურგით იჯდა მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა სწრაფად და შეუმჩნევლად ვერ გავივლიდი ჩემი ყავარჯნები საკმაოდ შელანძღული იყო და შესამჩნევად ხმაურობდა. ადრე არ ვიყავი ასეთი, არ ვსვამდი, არ ვთამაშობდი, საქმე მქონდა. მომავალს იმედიანად შევყურებდი, სამშობლო მიყვარდა და მეგონა მასაც ვუყვარდი, რაც მთავარია ჩემი თავისა მწამდა და პატივს ვცემდი ახლა ეს ყოველივე ქარმა წაიღო, ყველაფერი, ყველა იმედი და რწმენა ისე დაიმსხვრა როგორც შუშა რომელსაც ცოტა ხნის წინ მთელი ძალით დარტყმული ბურთი მოხვდა... აღარაფერი დარჩა, საერთოდ აღარაფერი, მხოლოდ ნამსხვრევები რომლებსაც ანარეკლის დამახინჯებაღა თუ ძალუძთ.
გოგონას რაც შეიძლება ფრთხილად ჩავუარე, ვეცადე არ შეემჩნია ჩემი არსებობა მაგრამ არ გამომივიდა, უკან მოიხედა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, მაკიაჟი გაფუჭებული, რომ დამინახა სწრაფად წამოხტა ხელი პროდუქტებით სავსე პარკს დაავლო და საპირისპირო მხარეს გაემართა
- დედაც ვატირე - გავიფიქრე ჩემდაუნებურად და ამ ფიქრზე გამეღიმა, ასე ღიმილმოუშორებელი დავბრუნდი უბანში
მარო ისევ ისე დამხვდა როგორც დავტოვე, ფანჯარაში გადმოყუდებულიყო და ეზოს აკონტროლებდა მხოლოდ ესაა ამჯერად იდაყვებზე კი არ იყო დაყრდნობილი არამედ ხელის გულებზე
- ოჰ, მოიწლევანდელა როგორც იქნა - დაიძახა ჩემს დანახვაზე, რად უნდა მაგდენი ხანი მაღაზიაში წოწიალს
მე ხელი ავუქნიე.
- მარათონი ჰქონდა სარბენი მარიკუნა - ასძახა ვანიამ
- ვინაა შენი მარიკუნა შე გამოუჩეკავო წიწილო - აწივლდა მარო
- შენი ხმა იმისავით ჩამესმის ყურში - აჯლოყინდა ვანია - აი, აი იმისავით რაქვია კაცო - განგრძო და თან დახმარების იმედით შემომხედა
- არფასავით?
- ეგ რაარი? - გაიკვირვა გულწრფელად
ამასობაში მაროც დამშვიდებულიყო
- უნდა ამოხვიდე? - მკითხა პაუზის შემდეგ
- არა ვჩერდები
- ვინმეს გამოატანე პრიპასები მაშინ, მე წყალს დავადგამ
- კარგი - ვუპასუხე და თვალი ეზოს მოვავლე, იქვე სადარბაზოში მეზობლის ბავშვი შედიოდა
- გიორგი - დავუძახე მე, მანაც მაშინვე გამომხედა, შეწუხებული სახე ჰქონდა ჩემი და მაროს საუბარი მოესმინა იცოდა რატომაც ვეძახდი, ხეიბარს უარსაც ვერ ეტყოდა - შენ გახარებას ეს პარკი მარო ბებოს აურბენინე. გიორგი უხალისოდ მომიახლოვდა პარკი გამომართვა და ჩემი სადარბაზოსკენ წავიდა მე კი მარადჟამ დომინოს მოთამაშე უსაქმურებისკენ გავემართე. უსაქმურებს სიტყვის მასალად ვხმარობ, რეალურად არ არიან უსაქმურები მათი ერთადერთი წმინდა საქმიანობა დომინოს თამაშია თითქოს ეს თამაში სამყაროს ყველა საიდუმლოებას ინახავდეს ისინიც გულმოდგინებით სწავლობენ ყველა კომბინაციას ყველა შესაძლებლობასა და სტილს, ისე როგორც შუასაუკუნეების უნივერსიტეტებში სწავლობდნენ ანტიკურ ტექსტებს, გამოსდით კიდეც, მათ დომინოზე ყველაფერი იციან, მუდამ დღითა და ღამით ხელში შვიდი ქვა, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა უჭირავთ და ცდილობენ რაც შეიძლება მალე მოიშორონ, ყველაზე დიდ ცოდვად ის ქვები ითვლება რომლებიც ძვირად ფასობს, მათი ხელში დატოვება არ შეიძლება უნდა მოიშორო, განიწმინდო მათგან, მაგრამ არც ისე უნდა მოიქცე პირველივე შესაძლებლობისას გადმოყარო, უნდა იცოდე როდისაა ქვების გამოყენება ყველაზე კარგი, თორემ მოწინააღმდეგე რომელიც იქვე შენს გვერდითაა ჩასაფრებული შენს ცოდვას თავის სიკეთედ აქცევს და ქულას დაიწერს, მერე კი უკვე გვიანაა წაგებული ხარ და უნდა აიტანო მოგებულების ქილიკი.
- მოხვედი უფროსო? - შემეკითხა ვანია რომელიც მოთამაშეებს თავზე ადგა
- რას ქვია მოვედი, წეღან გვერდით არ მედექი?
- კი გედექი მაგრამ ეგ ათი მეტრის იქით იყო - თქვა მან ბოროტულად გაიღიმა და ჩემს ფეხზე მიმანიშნა
- ვანია მარცხენა ფეხზე ხარ ამდგარი გონია, გამომტყუებ რაღაცას
- შენც უფროსო, შენც - თქვა მან და გადაიხარხარა
- უხ რა დამპალი ენა გაქ, კაცს ეგ უნდა უთხრაა? - გააწყვეტინეს სიცილი დანარჩენებმა.
ცალფეხასო უნდა ეთქვათ მაგრამ მოერიდათ, ამიტო მიყვარს ვანია, მიუხედავად ყველაფრისა იცის მაგან რომ ყველანი ერთი ნეხვის ტომრები ვართ, ისიც მეცა და ესენიც. აი დანარჩენებს ეს ვერ გაუგიათ ამიტომ ერიდებიან ჩემთან ხუმრობას.
- რა შოტია? - ვიკითხე წესად
- ბოლო პარტიაა, წააგეს უკვე - მიპასუხა მან და თავით თამაზასა და ომარაზე მანიშნა. ომარა მშვიდად იჯდა ტუჩს იკვნეტდა და ფიქრობდა რომელი კენჭი გადაეგდო თამაზა პირიქით ცოფებს ყრიდა, საშინლად ეჯავრებოდა წაგება არც თავისი თავის დადანაშაულება უყვარდა ამიტომ თუ აგებდა ყოველთვის თანაგუნდელის ბრალი იყო, ახლაც ერთი სული ჰქონდა პარტია მორჩენილიყო და ომარა გამოელანძღა, საბედნიეროდ ომარას მშვიდი ხასიათი ჰქონდა, არასდროს არ აჰყვებოდა ჩხუბში, წავაგეთ და წავაგეთ მერე რაო - ეტყოდა ხოლმე და ხელს აუქნევდა, თამაზას ყველას წამოკიდება შეეძლო ომარას გარდა, ისეთ რამეს იტყოდა კაცი ყოფილიყავი და მოგეთმინა, მაგრამ ომარა ითმენდა სწორედ ამიტომ მუდამ ერთად ისხდნენ, თამაზასთან ერთად გუნდში ყოფნა სხვას არავის უნდოდა.
- მალე შე კაცო, დააყენე საშველი - აწუწუნდა თამაზა
ომარამ ქვემოდან ახედა ღრმად ამოიოხრა და დუ-ბეში მაგიდაზე დაანარცხა
- 10 - გამოაცხადა ამაყად
- ნახეთ რა, არა ნახეთ რა გააკეთა - აყვირდა თამაზა და კენჭები მაგიდაზე დაყარა - რაღა აზრი აქვს თამაშს წავაგეთ ვეღარ დავეწევით, ფუ ბლიად შენ ხო თამაში ვერ ისწავლე - აუშარდა ომარას
- ისედაც წავაგებდით, რა აზრი ჰქონდა - ნერვის შეუტოკებლად უპასუხა მან
- შაშის ქვა ხო გყავდა, არა ხო გყავდა მანახე ხელი - ცოფებს ყრიდა თამაზა
ომარამ თავისი ქვები გაშალა
- აჰა - გამარჯვებულივით წამოიძახა თამაზამ - მერე შე დალოცვილო დადე ეს შაშის ქვა აქ - მან ქვა აიღო და გველივით დაკლაკნილ ქვების მწკრივს მარჯვნიდან შემოუდო, ქვა ისე ძლიერად დაანარცხა რომ დანარჩენი ქვები შეზანზარდა, მწკირვმაც მდგრადობა დაკარგა - ასე რომ დაგედო ხომ ჩავკეტავდით არა? - ყვიროდა თამაზა
- შემდეგ არევაზე მოგვიგებდნენ - კვლავ მშვიდად უპასუხა ომარამ
- სლედუიშიიი - გაწელვით წაიმღერა ვამპირამ და მე შემომხედა
წაგებულები ფეხზე წამოდგნენ, ღვინოს მე მოვიტან - თქვა თამაზამ და უკანმოუხედავად გაემართა ბინისკენ
- არაყიც წამოაყოლე - მივაძახე ზურგიდან
- მაშ ჩემზე საჭმელი ყოფილა - თქვა ომარამ და ისიც თამაზას გზას დაადგა
- ერთ ხელს მოვასწრებთ, შემდეგ სუფრა გავშალოთ - ყველას მაგივრად გადაწყვიტა ვამპირამ და ქვებს მოურია
ვამპირა ჩემზე 5 წლით უფროსია, 3 შვილი ჰყავს მისი ცოლიც უცხოეთშია წასული, იტალიაში მოხუცს უვლის, რატომ ჰქვია ვამპირა არ ვიცი, უბანში ეს არც არავინ იცის, 10 წელია ვიცნობ მისი ნამდვილი სახელი კი არ ვიცი, თავისი ზედმეტსახელი ისე აქვს შესისხლხორცებული შვილებიც ვამპირას ეძახიან მგონი.
- რაზე ვითამაშოთ - წამოიძახა ვანიამ
- იგივეზე ხვალისთვის - კვლავ სხვების მაგივრად გადაწყვიტა ვამპირამ წინააღმდეგობა არავის გაუწევია ამიტომ ასეც გადაწყდა.
თამაში გაიწელა, ერთმანეთს კუდში მივსდევდით თუმცა ბოლოს მაინც მოწინააღმდეგეებმა გვძლიეს, ესღა მაკლდა, მომდევნო დღისთვის პურმარილი გამიხდა საკისრებელი, ღვინო მაინც მქონონდა იოლად გამოვძვრებოდი როგორც თამაზა, მაგრამ არც ეგ შემრჩა. მანამ ვთამაშობდით წინწკვლა დაიწყო, ის იყო ბოლო პარტია ავრიეთ რომ წვიმაც წამოვიდა, აცივდა კიდეც, დომინო ავალაგეთ ბიჭებმა მაგიდას ხელი მოჰკიდეს და ბესეტკაში შევიტანეთ, ეს მათი მეორე სახლია, სიგარეტის სუნად აყროლებული კედელგამურული სახლი, ერთ კუთხეში პატარა სამზარეულოც კი აქვთ მოწყობილი, წყლის ნიჟარითა და ჭურჭლით, მეორე კუთხეში მუდამ მზადყოფნაში მყოფი ბულბულატორი უდევთ, ბიჭებმა მაგიდა ბესეტკას ცენტრში დადგეს და სკამები შემოალაგეს, ცოტა სული რომ მოითქვეს მაგიდის გაშლაც დაიწყეს, მე კარებში ვიყავი გახიდული და ქუჩას გავცქეროდი, ისე წვიმდა როგორც გაზაფულს შეეფერება, შხაფუნითა და ინერციით, თითქოს ღრუბლებს ერთიანად უნდათ წყლის სიმძიმისგან განთავისუფლებაო, ეზოში წვიმის სუნი დადგა ტკბილი მათრობელა სუნი, სახლში იცოდა ასე, ამ სანაგვეში არა რასაც ახლა ვქირაობთ, ნამდვილს სახლში, იმ სახლში ჩემი რომ ერქვა. ის სახლი ჩემ დიდ პაპას აეშენებინა თურმე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოსულს ცოლი შეურთვია და სოფლიდან ქალაქში გადმოსახლებულა, მაშინ ეს ადგილი პერსპექტიულად ითვლებოდა, ახალშენი იყო ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ აქ ჩამოსულებს ცოტახანი გაიმარტბა წელში ქვეყანა და მერე ჩვენ ვიცითო, ქარხნები უნდა ავაშენოთო, თქვენც დაგასაქმებთ უზრუნველად იცხოვრებთო დიდი პაპაც წამოსულა ეს იყო 45 წელს, ადგილი გამოუყვიათ მისთვის, ადგილი და არა სახლი, კაცი ხარ და ორი ხელი გაქვს სახლი თავად ააშენეო. ოღონდაც ისეთ უნდა ააშენო ჩვენს გემოვნებაში რომ ზისო, კედლის სისქეც იმდენი უნდა ჰქონდეს რამდენიც ჩვენ გვინდა, ჭერიც იმ სიმაღლე უნდა იყოს რაც დაკანონებულია თორემ კარგ დღეში არ ჩავარდებიო. მაშინ ასე იყო, კაცი ისეთ სახლს ვერ აიშენებდი როგორიც გინდოდა. აბა ნაომარ და დასუსტებულ კაცს რისი აშენების თავი ჰქონდა მაგრამ მაინც ააშენა, პატარა მოკრძალებული ერთსართულიანი ხის ქოხი ორად ორი ოთახით, სტანდარტებში არ ჯდებოდა მაგრამ გაუმართლა კარგი მეზობლები შეხვდნენ და არავინ არ დაასმინა. სწორედ იმ სახლშ დაზრდილან ჩემი პაპაცა და მისი ძმებიც, ქოხიც მათთან ერთად იზრდებოდა თურმე, ჯერ ერთი ოთახი შემოაშენეს შემდეგ მეორე, ცოტახანში ისიც არ ეყოთ და მეორე სართული დაადგეს, ამასობაში პაპაჩემის უფროს ძმას აგურის ცეხში დაუწყია მუშაობა, აგურის უფასოდ აღების შანსი არ გაუშვიათ ხელიდან, ესეც მოსული იყო მაშინ უფასოდ თუ რამის აწაპვნა შეგეძლო უნდა აგეწაპნა, ხის სახლი დაუშლიათ და მის ადგილას აგურისა აღუმართავთ, თუმცა ამ სახლის გაკეთბას დიდი პაპა ვერ მოესწრო, მეორე სართულის მშენებლობა დასრულებული არ იყო რომ დაიღუპა, 30 წელი იცხოვრა სახლში და მისი აშენება ვერ მოასწრო, შრომა ჯაფა და ოფლი უხვად ჩაღვარა იმ მიწაში რომელშიც ახლა მისი სხეული უნდა გახრწნილიყო, სახლი კი კვლავ ნახევრად დაუსრულებელი იყო, თუმცა მაინც იდგა, მყარად და გამართულად, დიდი პაპა კი აღარ იყო, პაპის სიკვდილის შემდეგ შვილებმა განაგრძეს მასზე მუშაობა, ჯერ მეორე სართული დაასრულეს შემდეგ სახურავი დაადგეს და ფანჯრები ჩასვეს ბოლოს კედლები კირით გალესეს და ზედ შპალიერი გადააკრეს ბოლოს კი დასრულებისას ერთი დიდი პურის ჭამა გადაიხადეს, გრანდიოზულად აღნიშნეს, მაშინ პაპაჩემს უკვე ჰყავდა ცოლიცა და შვილიც, მამაჩემი ანუ, დანარჩენი ძმები უცოლოები იყვნენ, ერთი ამ გრანდიოზული ქეიფიდან ერთ კვირაში ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა მეორე წლისთავის გასვლას დაელოდა ცოლი შეირთო და აგურის ცეხის წარმატებული მუშაობის გამო დამსახურებული ბინაც ერგო დედაქალაქში, იქ უფრო დიდი ცეხის გამგეც გახდა და მას შემდეგ იშვიათად თუ ეწვეოდა მამისეულ სახლს ეგეც მანამ სანამ გადაასახლებდნენ წარმოუდგენლად რთულად შესასსრულებელი ხუთწლედის გეგმის შედეგების გაყალბებისთვის. სახლი კი პაპაჩემს დარჩა, იქ იცხოვრა და იქვე მოკვდა ისე როგორც მანამდე მამამისი, მე იმ ხანებში პატარა ვიყავი და არ მახსოვს, ამბობენ ბევრი ხალხი მოვიდა მის სამძიმარზეო, უთუოდ კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო, ამ ქვეყანაში ადამიანს მას შემდეგ აფასებენ როცა მოკვდება. იმასაც ამბობენ ძალიან გვიჭირდა იმ დროსო, ეს ის პერიოდი იყო ქვეყანა რომ დაიქცა, ფული რომ გაქრა და მასთან ერთად ყველაფერი ის რის ყიდვაც ფულით შეიძლებოდა, იმ პერიოდში პაპა ცოცხალი იყო მაგრამ მასთან არავინ მოდიოდა, არავის ახსოვდა მისი კაი კაცობა, მოკვდა და ყველამ გაიხსენა, ყველა შეწუხდა, ყველამ მოისაკლისა, ის კი არავის უეჭვია რომ სულ რაღაც ორი წლის წინ მხნედ იყო, არაფერს უჩივოდა ორ წელიწადში კი როგორღაც ჩამოჭკნა, შესაძლოა რაიმე საიდუმლო დაავადება ჰქონდა და მან გამოუყვანა წირვა მაგრამ არამგონია, პაპაჩემი გაჭირვებამ მოკლა, შიმშილმა და ხვალინდელ დღეზე ნერვიულობამ მოუღო ბოლო მაგრამ ამ დროს არავის გახსენებია, მხოლოდ მაშინ გაახსენდათ როცა სული განუტევა. აუარება ხალხი მოვიდა პატივის მისაგებად, აუარება ყვავილები მოიტანეს, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი ვუყურებდი სამძიმარზე მოსულთა ნაკადს და ადამიანებზე უფრო მეტად ყვავილებს ვაკვირდებოდი, ვითვლიდი ვინ რამდენი გვირგვინი მოიტანა რამდენი თაიგული დაადეს პაპაჩემის კუბოს თავზე, ვითვლიდი და ვფიქრობდი - რაც ამ ყვავილებში ფული დახარჯეს იმის ნახევარი რომ გვქონოდა ამ ორი წლის განმავლობაში შესაძლოა პაპა ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო მეთქი, მაგრამ პაპა მკვდარი იყო, სარკეებზე ფარდაგაფერბული ოთახის ცენტრში იწვა, თავს კი უამრავი ჭირისუფალი ცრემლების ღვრით დასტრიალებდა.
პაპას სიკვდილის შემდეგ სახლის თავკაცი მამა გახდა, მანაც როგორც მანამდე წინა ორმა თაობამ გადაწყვიტა სახლზე საკუთარი კვალი დაეტოვებინა, გაელამაზებინა და განეახლებინა, როცა ცოტა მოვძლიერდით და ქვეყანამაც სული მოითქვა მამამ შპალიერი ჩამოხია კედლებიდან კირქვა ჩამორეცხა და ბეტონით შეცვალა, იატაკზე ლამინატი დააგო, ჭერზე გიფსო-კარდონი ააკრა, ამასაც არ დასჯერდა, სახლს მიშენებაც გაუკეთა, და ისიც გაარემონტა, მაშინ მე უკვე სრულწლოვანი ვიყავი ვეხმარებოდი და გვერდით ვედექი, ერთად ვმუშაობდით და ერთად ვისვენებდით, სახლიც ერთად გავარემონტეთ, მერე რევოლუციაც მოხდა თან უსისხლო, ყველას იმედი გაგვიჩნდა, გვეგონა ავშენდებოდით... მიხაროდა ის დრო, მაშინ ჯერ კიდევ მქონდა რაღაცის იმედი, სულ ტყუილად. 4 წელიწადში ომი დაიწყო, აგვისტოს ერთ დილას საზარელმა ამბავმა გაგვაღვიძა მაგრამ ამას მამაჩემი არ მოსწრებია, ერთი თვით ადრე გარდაიცვალა გულის შეტევით, სახლი კი მე ჩამაბარა, მის ერთადერთ შვილს, მეც ვიტვირთე ის მოვალეობა რომელიც ჩემამდე სამმა თაობამ იტვირთა. ეს სწორედ ის დრო იყო როცა ყველაზე დიდ საქმეს შევეჭიდეთ, სესხი ავიღეთ დიდი ნაკვეთი ვიყიდეთ, მოვხანით, პური დავთესეთ, სასუქი შევიტანეთ სახლის სახურავის შეცვლასაც ვაპირებდით და უცებ ბახ! მამაჩემი წავიდა, მოულოდნელად და სწრაფად, ისე წავიდა როგორც ცხოვრობდა უჩუმრად, შეუწუხებლად, ასეთი იყო მუდამ, მოკვდებოდა და არ შეგაწუხებდა. შვილი ვიყავი მისი და ჩემთვისაც კი ერიდებოდა რაიმეს თხოვნა, ერთხელ არ გამიგია მისი ჩივილი, რაიმე მაწუხებს ანდაც რაიმე მტკივაო ამიტომაც სრულად ჯანმრთელი მეგონა, მეგონა კიდევ დიდხანს მეყოლებოდა, დიდიც არ იყო, 60 წლისა, სიკვდილისთვის ჯერ კიდევ ადრეა მაგრამ მაინც მომიკვდა გაამართლა კიდეც თავისი ხასიათი მოკვდა მაგრამ არავინ შეუწუხებია. აზრზე ჯერ კიდევ არ ვიყავი მოსული მეორე ბახ! რომ გაისმა, ამჯერად არა ალეგორიული, ჩვენი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში აფეთქდა რუსული კასეტური ჭურვი, შემდეგ იყო ომი, სიცოცხლისთვის ბრძოლა, დამარცხება და საავადმყოფოში გატარებული ჯოჯოხეთი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული, სახლში გამოწერიდან ორი დღის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა, მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ყავარჯნები, რომც მქონოდა მაინც ვერ ვიხმარდი ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი, მეზობლისაგან ნათხოვარი ეტლით დავგორიალობდი სახლში, კარი ჩემმა ცოლმა გააღო და სტუმარი სახლში შემოიპატიჟა, ეს იყო 25 წლამდე წვერგაპარსული ახალგაზრდა, შავ მუქ-ლურჯ ზოლება შარვალ კოსტუმში გამოწყობილი, ყელზე ჰალსტუხი ისე მჭიდროდ შემოეხვია მისი დანახვისას მე შემეხუთა სუნთქვა, ხელში რაღაც ქაღალდები ეჭირა, რომ შემოვიდა თბილად მოგვესალმა და ოჯახის ამბები გამოგვკითხა, ეტყობოდა არ ჩქარობდა საქმეზე გადასვლას, მამათქვენი როგორ არისო შემეკითხა. მამაჩემი გარდაიცვალა მეთქი მივუგე სახეზე შეეტყო რომ ამას არ მოელოდა ცოტათი დაიბნა და წინასწარ გაწერილი როლიდან ამოვარდა თუმცა თავს მალევე მოერია და იმპროვიზირება სცადა, დიდად ვწუხვარო მომისამძიმრა და თავი მოწიწებით დახარა, მე მადლობა გადავუხადე. ომში დაიღუპა - მკითხა ფრთხილად, არა, ომამდე ერთი თვით ადრე გულის შეტევით მოკვდა მეთქი ვუპასუხე. აჰ - ამის თქმაღა მოახერხა და დადუმდა.
- იცნობდით მამაჩემს? - ამჯერად მე შევეკითხე რადგან მივხვდი მისთვის იმპროვიზაცია წარუმატებლად დასრულდა, უკვე ვიცოდი ვინც იყო და რატომაც მოვიდა მაგრამ არ ვიმჩნევდი, მაინტერესებდა რამდენ ხანს გასტანდა ეს სპექტაკლი, ის ისეთი თანამშრომელი ჩანდა რომელიც აუცილებლად წინასწარ გაწერილი გეგმით მიდის კლიენტთან და ვინიცობაა რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა უმალ იბნევა.
- დიახ ვიცნობდი - მიპასუხა და შვებით ამოისუნთქა, ახლა უკვე შეეძლო გეგმაში დაბრუნება - ამ ზამთარს სესხი აიღო ჩვენგან, მოსულიც ვიყავი თქვენთან სახლში შეფასებაზე მაგრამ მაშინ ვერ გაგიცანით
- გასაგებია - მივუგე და მის შემდგომ წინადადებას დაველოდე
- საქმე იმაშია რომ ვადა გადაცილება გიფიქსირდებათ, აგერ უკვე მეოთხე თვეა არაფერი შემოგიტანიათ ასე თუ გაგრძელდა ჯერ ჯარიმა დაგეკისრებათ შემდეგ კი...
- შემომხედე - ვუთხარი მკაცრად, ამდენი ხანი თვალს მარიდებდა, არ ვიცი იმიტომ რომ ცუდი ამბავის სათქმელად იყო მოსული და სინდისი ქენჯნიდა თუ საქმე ჩემს ფეხში იყო, მან თვალი ჩემსკენ გამოაპარა, წამით ფეხებისკენ გაექცა თუმცა თავს მოერია და თვალებში ჩამხედა
- ვარ ახლა იმ ფორმაში რომ თქვენი სესხის გადახდა შევძლო? ახლა უკვე მოსავალს უნდა ვიღებდე მაგრამ ვერ ვიღებ და ეს ჩემი ბრალი არ არის, განა ომი მარტო ჩვენთან იყო? არ გაქვთ რაიმე შეღავათი?
- ბატონო უკვე ოთხი თვეა თანხა არ შემოგიტანიათ, ეს იყო შეღავათი - თქვა მან დინჯად
- ოთხი თვე, ხა ხა, მადლობა! ქვეყანამ ომი გადაიტანა, ხალხი დაიხოცა, ვინც არ დაიხოცა კი ხედავთ როგორიც დაბრუნდა სახლში, თქვენ კი ამბობთ ოთხი თვეო, იცით ომის ვეტერანის სტატუსი მერგო, რაღაც ჯილდოც მომცეს, ახალი ფორმა ჩამაცვეს, ტელევიზორში გამომჭიმეს ვიღაც უცხო შარვალ კოსტუმში გამოწყობილი დავარცხნილი და დალაგებული კაცი მოვიდა საქვეყნოდ ყველას დასანახად ჩამომკიდა ორდენი ხელიც ჩამომართვა და მითხრა ყველანაირად თქვენს გვერდში ვარო... იმის მერე მე ის კაცი აღარ მინახავს. იცით ძველი ფორმის ჩაცმა მინდოდა იმ ახლის ნაცვლად მაგრამ ის ძველი ფორმა ომში მეცვა, დაგლეჯილ და დამწვარი იყო ხოდა ასე მითხრეს კამერებში ცუდად გამოჩნდება არაესთეტიურიაო.
სტუმარი გაკვირვებული მიყურებდა და არ იცოდა რატომ ვუყვებოდი ამას მე კი ვაგრძელებდი თქვენ წარმოიდგინეთ, დაჯილდოვების შემდეგ დიდის ამბით მახარეს თქვენი დამსახურების გამო პენსიაც გეკუთვნითო, დამინიშნეს კიდეც, იცით რამდენი? 34 ლარი, 34 ლარი თვეში! ბანკის თანამშრომელი ხართ მათემატიკა გეცოდინებათ, რამდენი გამოდის ორჯერ 34? - ცოტა ხანი ვაცადე თუმცა მას ხმა არ ამოუღია
- ქეთინო - გავძახე ჩემს ცოლს, ის სამზარეულოში საქმიანობდა თუმცა რა თქმა უნდა ცალი ყურით გვისმენდა - 68 ლარი დევს ჩემს საფულეში გამოუტანე ამ ბატონს
- არა არაა საჭირო - თქვა ბანკის ოფიცერმა
- მხოლოდ ესაა რაც მაქვს, ამ ორ თვეში კაპიკი არ მიშოვია ამ 68 ლარის გარდა თქვენ კი მეუბნებით გადაიხადეთო, საშეღავათო ვადა დასრულდაო
- ბოდიშს გიხდით - დაირცხვინა მან - მაგრამ ვალდებული ვარ გითხრათ, თუ თანხას არ შემოიტანთ კონტრაქტით გათვალისწინებული სანქციები გელით, ჯერ ჯარიმა შემდეგ კი შესაძლოა საქმე სახლის დაკარგვამდეც მივიდეს, ნახვამდის - მან ბოლო წინადადება სხაპასხუპით თქვა და ისე რომ ჩემს პასუხს არ დალოდებია ოთახიდან გავარდა ისე თითქოს ეტლში არ ვმჯდარიყავი და მისი დაჭერა შემძლებოდა.
რა თქმა უნდა ვერაფერი გადავიხადეთ, ნალოლიავები მოსავალი ჩაგვიწვა, ჩემი დამხმარე არავინ იყო ყველას თავისი გასჭირვებოდა, ჩვენ კი კომბაინის ფულიც არ გვქონდა რათა პური აგვეღო, უკანასკნელი კაპიკი ჩემს მკურნალობაზე დაეხარჯა ჩემს ცოლს, მახსოვს იმ დღეს როცა სესხის გადაუხდელობის გამო სასამართლოდან უწყება მოგვივიდა ამისთვის მას ძალიან ვეჩხუბე მერჩივნა მოვმკვდარიყავი მეთქი პირში მივახალე, მან ტირილი დაიწყო, ჩემს გამო, პირველად ცხოვრებაში ჩემ გამო ტიროდა.
- გამეცა უფროსო - შემომესმა ზურგიდან ვანიას ხმა, ფიქრებიდან გამოვფხიზლდი და მას გზა დავუთმე
- სა მიდიხარ? - შევეკითხე წესად
- სახლში ავირბენ რამეს ჩავიცმევ თორე გავიყინები აქ - მიპასუხა მან - ერთი ღერი სიგარეტი ხომ არ გაქვს - მკითხა გასვლისას. მე პაჩკა გავხსენი ერთი ჩემთვის ავიღე მეორე მას მივეცი და ორივეს მოვუკიდე. ვანიამ ერთი ღრმა ნაპასი დაარტყა და გარეთ გავარდა, ვხედავდი როგორ მიიჩქაროდა თავისი სადარბაზოსკენ, თვალს რომ მიეფარა სწორედ მაშინ პირველი სართულის ფანჯრიდან თავი საკემ გამოჰყო, ისიც ჩემსავით ინვალიდია, თუმცა იმედებს მაინც აძლევენ, ნახევარი წლის წინ თავისით ვერც კი გადაადგილდებოდა ახლა ეტლით მოძრაობს, ნელ ნელა ფეხში გრძნობაც უბრუნდება იმედი აქვს რომ ოდესმე ფეხზე დადგომასაც შეძლებს ამ იმედით ცოცხლობს, მოკლედ ჩემზე ერთი საფეხურით მაღლა დგას, პირველ სართულზე ცხოვრება ეხმარება ბიჭებთან უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს, ესეც დამატებითი პლიუსია მისთვის
- რას შვებით - გამომძახა მან
- თამაზამ და ომარამ დომინოში წააგეს და სუფრას ვშლით
- კაი სუფრა კარგია - წაიმღერა საკემ ვინ არი შიგნით?
- ვამპირა და ჯუბო
- უთხარი ჩამომიყვანონ
- გაიგეთ? - მივუბრუნდი ბიჭებს
- რაო, რა მინდაო? - მიპასუხა ვამპირამ
- თქვენთან ერთად პურის ჭამაო
- ეეჰ - ამოიოხრა მან - წამო ბიჭო ჩამოვიყვანოთ - უთხრა ჯუბოს რომელიც ხელსაბანთან იდგა და ჩანგლებს რეცხავდა
ორივენი საკეს სადარბაზოსკენ წავიდნენ, ფანჩატურში მარტო დავრჩი, კვლავ კარებში ვიდექი და იმ სადარბაზოებს გავცქეროდი რომლებიდანაც ცოტა ხანში სათითაოდ დაბრუნდებოდნენ უბნის ბიჭები, ისევ წვიმდა, მეგონა მალე გადაიღებდა მაგრამ ასე არ მოხდა, წვიმას ეზო აეტალახებინა, წყალი ნიაღვარად მოედინებოდა ბინის კედლებთან და ერთ ნაკადად მთავარ გზაზე ჩადიოდა, წინა წელს შეცვალეს კანალიზაცია, დიდის ამბით მოვიდნენ პოლიტიკოსები, ამაყად და თავმომწონედ, დაგვამადლეს კიდეც ხომ ხედავთ როგორ პატივში გვყავხართ უნდა დაგვიფასოთო, ხალხი გარშემო შემოეხვია მათ ისინი კი იდგნენ მათ ცენტრში ისე როგორც მწყემსები ფარაში და ენატკბილობდნენ, მე ჩემი სახლის ფანჯრიდან ვუყურებდი მათ მელოტ თავებს და მინდოდა გადამეფურთხებინა. წინა წელს მთავარ ქუჩებზე ასაფალტიც დააგეს ყველაფერი ერთ თვეში მოაკვარახჭინეს რათა შემოდგომისთვის დრო დარჩენოდათ... წინა წელს არჩევნების წელიწადი იყო. არჩევნებში როგორც მოსალოდნელი იყო „გაიმარჯვეს“ თითქმის ერთი წელი გავიდა მას მერე, ის ხალხი კი ვინც იმ დროს ჩვენთან დადიოდა მას მერე თვალითაც აღარ გვინახავს, ასფალტიც აინგრა, კანალიზაციაც გაიჭედა, ახლა იმაზე უარეს დღეში ვართ ვიდრე ვიყავით, წვიმა კიდევ თუ გაგრძელდა წყალი სადარბაზოებსაც დატბორავს, ადრე ეს პრობლემა მაინც არ გვქონდა.
მაშინაც ასე წვიმდა, იმ დაწყევლილ დღეს როცა სახლი წაგვართვეს, ბანკის ოფიცრის ვიზიტიდან კიდევ ნახევარი წელი გვადროვეს, ჯერ რისკების ოფიცერი მოვიდა, შემდეგ სასამართლოს უწყება, ბოლოს კი პოლიცია. გაზაფხულამდე სახლი შევინარჩუნეთ, მახსოვს როგორ ნერვიულობდა ჩემი ცოლი, ყველაფერს ცდილობდა რომ სახლის გარეშე არ დავრჩენილიყავით, კარგი ამინდები დაიჭირა თუ არა ნაკვეთში გავიდა და ბარვა დაიწყო, იმ დროს უკვე შემეძლო ფეხზე დგომა, პირველად რომ აიღო ხელში ბარი მეც გავყევი, მეზობელმა მიგვიყვანა ნაკვეთამდე, ჩემი ცოლი ნაკვეთში შევიდა ბარი მოიმარჯვა და მუშაობა დაიწყო, მე კი გვერდიდან ვუყურებდი, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი სურათი იყო, ჩემი ცოლი, ჩემი ოცდასამი წლის ცოლი, 3 წლის ქალიშვილისა და 10 თვის ვაჟის დედა ბარით ხელში იდგა სამი ჰექტარის მოცულობის ნაკვეთში, და მუშაობდა, ხელით მუშაობდა ისე როგორც განწირული, შვილების მომავლისთვის მებრძოლი დედა, ვუყურებდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ვბრაზობდი ყველაზე და ყველაფერზე, საქართველოზე, რუსეთზე, ევროპაზე, ბანკზე, მთავრობაზე, ჩემზე, ჩემს მეზობლებზე, ღმერთზეც კი, ვბრაზობდი რადგან დაინვალიდებულსა და დასახიჩრებულს სხვა არაფერი აღარ შემეძლო ამის გარდა, ჩემი ცოლი კი მუშაობდა შუბლზე მომდგარ ოფლს შიშველი მაჯით იწმენდა, ბარის პირს ბარის პირზე იღებდა, მას სიბრაზისთვის არ ეცალა, ასეთ უიმედო სიტუაციაშიც კი იმედი ამოძრავებდა ანდაც სასოწარკვეთა, იმედოვნებდა რომ წინა წლიდან მორჩენილ პურის თესლს ჩაყრიდა და მოიყვანდა, იქნებ დამუშავებული ნაკვეთი რომ იხილონ სხვა ბანკებმა მაინც მოგვცენ სესხი რომლითაც არსებულს დავფარავთ და გადავრჩებითო ერთი კვირა იმუშავა ასე, შემდეგ კი ერთ წვიმიან დღეს ჩვენს კარებზე პოლიციის ოფიცერმა დააკაკუნა, გამოგვასახლეს. იმ სახლიდან რომელსაც ჩემი სამი თაობა უვლიდა, დიდი პაპის დაწყებული, პაპის დასრულებული და მამის მიერ თავიდან აშენებული კედლებიდან უცხოსავით გამოგვაგდეს, წვიმასაც არ მოერიდნენ, ჩემი ცოლი 10 თვის შვილთ ხელში შუა ქუჩაში დასალპობად გაწირეს. ის ოფლი რომელიც მან პურის ყანაში ჩაღვარა ფუჭი აღმოჩნდა, განწირული იყო მისი მცდელობები გადარჩენისა, ის ღამე მეზობელთან გავათიეთ, შემდეგიც, 1 კვირის განმავლობაში ვყავდით შეფარებული, შემდეგ ნაკვეთს მყიდველი გამოუჩნდა ჩვენ კი აღებული ფულით ეს ბინა ვიქირავეთ. მას შემდეგ აქ ვართ, ვცოცხლობთ, ვვარსებობთ და მუდმივად რაღაცას ველით თუმცა წარმოდგენა არ გვაქვს რას.
წვიმით დატბორილ ეზოში ეტლი გამოჩნდა, ეტლში მჯდომ საკეს თავზე პარკი წამოემხო, უკან ვამპირა ედგა და ეტლს მოათრევდა, მათ ჯუბო მოჰყვებოდა ვამპირა ჩქარობდა და ამ სიჩქარეში უფრო სველდებოდა, ეტლის ბორბლები ტლაპოებში ჩავარდნისას შხეფებს აქეთ იქით ისვრიდა და ყველას წუწავდა. კარებიდან განზე გავდექი და გზა დავუთმე ვამპირას საკეს და ჯუბოს კუდში თამაზა მოჰყვა ორივე ხელში პარკები ეჭირა იქიდან მადისაღმძვრელი სუნი ამოდიოდა, სანამ სუფრა გავშალეთ მანამდე თამაზაც მოვიდა და ფანჩატურის კუთხეში ათიანი დააბრძანა, ყველანი სუფრას შემოვუსხედით
- ვანია სადაა? - ვიკითხე
- სადარბაზოში შეგვხვდა, ხალავს - მიპასუხა ჯუბომ
პლანს გულისხმობდა, ვანია ღვინოს არ სვამს, მხოლოდ ეწევა.
- არაყი წამოიღე? - ამჯერად თამაზას მივუბრუნდი
- მაშ - ამაყად მიპსუხა მან და ჟაკეტიდან ლიტრიანი ბორჯომის ბოთლი გამოაძვრინა - ორნახადია, ჟიპიტაური კი არ გეგონოს - დაამატა და ბოთლი მაგიდაზე დადო
- დალევთ ვინმე? - შევთავაზე არაყი დანარჩენებს თუმცა ყველამ იუარა.
თავიდან ცოტას ვლაპარაკობდით და ბევრს ვჭამდით შემდეგ პირიქით, ჭამას მოვუკელით და ლაპარაკს მოვუხშირეთ, დედა ეკლესიის სადღეგრძელოზე ვიყავით ვანია რომ შემოიძურწა ქაღალდის პაკეტით ხელში
- აბა ვის გინდათ? - იყო კითხვა
- მე გამიმზადე - გაეპასუხა ჯუბო
- მეც - თქვა ვამპირამ, თამადა კი იყო მაგრამ მოწევაზე უარს არასდროს ამბობდა.
- ორი ღერიც მომეცი - მითხრა მე
უკვე გამზადებული მქონდა ვიცოდი დაჭირდებოდა. სუფრასთან არც მოსულა, სიგარეტი გამომართვა და პირდაპირ ბულბულატორის კუთხისკენ გადაინაცვლა იქ პლანში სიგარეტი გაურია და ბოთლის ამოყვანას შეუდგა, მესამედზე გადაჭრილი კოკა კოლის ლიტრიანი სქელი და ფითქინა ნისლისმაგვარი კვამლით გაივსო როცა ბოთლი წყალს ოდნავღა ეხებოდა ვანიამ ფოლგა მოხსნა და ტუჩები ფოლგის ადგილას სწრაფად დაადო ისე რომ სქელი კვმალის მცირე ნაწილიც კი არ დაკარგა შემდეგ ნელა და გულმოდგინედ ჩაიყვანა ბოთლი თან კვამლს ხარბად ისუნთქავდა ბოლოს მკერდმოღერებული გაიმართა წამით სუნთქვა შეკრული იდგა და თვალებს აქეთ იქით უაზროდ აცეცებდა სუნთქვის შეკავება რომ ვეღარ შეძლო ერთიანად ამოიხვნეშა, ოთახი პლანის სუნით გაივსო.
- ახლა შენია, მალე თქვი - უთხრა ვანიამ ვამპირას და შემდეგი ჩაყრის მომზადებას შეუდგა
- აბა ხალხო, ჩვენ დედა ეკლესიას გაუმარჯოს - დაიწყო ვამპირამ - აქამდე მისით მოვედით, ჩვენი რწმენითა და ღვთისმშობლის წილხვედრობით, უფალს ვუყვარვართ იმიტომ რომ მისი რწმენა შევინარჩუნეთ ქართველობასთან ერთად, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება, აბა გაუმარჯოს - თქვა საჩქაროდ დაზეპირებული სიტყვები და ჭიქა გამოცალა, შემდეგ ბულბულატორის კუთხეში ვანიას შეუერთა და პლანის მოზრდილი ნაფაზი ამოარტყა. ოთახი თეთრი სქელ-სქელი ბოლით გაივსო. სადღეგრძელო სათითაოდ ყველამ თქვა შემდეგ ჭიქები შეივსო და ახალი სადღეგრძელოს დრო მოვიდა. პლანმა სუფრის წევრებს ხასიათი გამოუკეთა, ექსტაზში ჩავარდნილებს დაემსგავსნენ რომლებსაც ყველაფერზე სიცილი შეუძლიათ ერთმანეთს უყურებდნენ გადიდებული გუგებითა და ცარიელი გამომეტყველებით, როცა მათი მზერა ერთურთისას გადააწყდებოდა სიცილს იწყებდნენ, ძლიერი მოსაწევი აღმოჩნდა, ამას მათი ჩაწითლებული დაძარღვული თვალები მეუბნებოდა. როცა აქ გადმოვედი და ბიჭებს გავუშინაურდი მეც მომაწევინეს რამდენჯერმე, არ ვიცი ნერვიულობისა თუ ახალ გარემოში გადასვლის გამო მაგრამ მაშინ ფეხი განსაკუთრებულად მტკიოდა მათაც დახმარება შემომთავაზეს, ტკივილგამაყუჩებელია და მოგიხდებაო. მართლაც მომიხდა, ტკივილი გამიქრა მაგრამ მასთან ერთად მეც გავქრი ვიჯექი და სულელივით ყველაფერზე ვიცინოდი, ვერ ვფიქრობდი, თითქოს გონების ის ნაწილი რომელიც ფიქრზეა პასუხისმგებელი გათიშული მქონდა, ვიჯექი მოჩვარული თვალებ მილეული და ბედნიერი აღარც ტკივილი აღარც პრობლემები თითქოს ყველაფერი გაქრა ჩემმა სამყარომ დროებით არსებობა შეწყვიტა, შემდეგ კი უეცრად გამოვფხიზლდი, არა მთლიანად არამედ ჩემი არსების მცირედი ნაწილით, კვლავ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, კვლავ ბედნიერი, მოცინარი და დარდებისაგან თავისუფალი, ტკივილისგან განთავისუფლებული, გონება ისევ ისე განიცდიდა პლანის მათრობელა ეფექტს როგორც მანამდე მაგრამ მაინც, იყო ჩემს არსებაში რაღაც რაც ნარკოტიკს არ დანებებოდა და კვლავაც ფხიზლობდა, თითქოს ის ფხიზელი ნაწილი ნამდვილი მე იყო ყველაფერი დანარჩენი კი ფასადი რომლის უკანაც დავიმალე, თუმცა ბოლომდე დამალვა არ გამომივიდა, მახსოვს იმ მომენტში როცა ამას მივხვდი რომელიღაცამ რაღაც უკბილო ხუმრობა თქვა რომელზეც ყველანი ავხარხარდით სწორედ მაშინ ვიგრძენი ის რაც მანამდე არ მიგვრძნია, სინდისის ქენჯნა, არ შეიძლება ასე კარგად ვიყო და ვიცინოდე მე უნდა მტკიოდეს მე უნდა ვიტანჯებოდე - ამას ის პატარა ფხიზელი ნაწილი ფიქრობდა ჩემში, ნარკოტიკით გაბრუებული გონება ცდილობდა დაეჩრდილა ეს ფიქრი მაგრამ რაც უფრო გამალებით ცდილობდა მით უფრო შესამჩნევი ხდებოდა მისი ეფექტი, სინდისის ქენჯნას დარდი მოჰყვა შემდეგ კი ყველა პრობლემა ერთიანად დაბრუნდა დაბრუნდა ფეხის ტკივილიც და თუმცა მაინც ისე გიჟივით ვხარხარებდი უკბილო ხუმრობაზე მაინც იმაზე უარესად ვიყავი ვიდრე სიფხიზლეში ყოველ ჯერზე როცა იმ დღეს ვიხსენებ თავიდან ვრწმუნდები რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი გონება არ ვართ, ტვინი რაგინდ გაბრუებულიც არ უნდა იყოს ალკოჰოლითა თუ ნარკოტიკით მაინც რჩება რაღაც ის რაც ტვინში არ არის და ის რაც მუდამ ფხიზლობს, ვერ გააჩუმებ, ვერ დათრგუნავ და ვერ გადამალავ, ვერ გაექცევი.
მას მერე მარიხუანა აღარ მომიწევია. მოწევიდან რამდენიმე წუთში სუფრა ქაოსმა მოიცვა, კარგი მოსაწევი აღმოჩნდა, ამას მათი ჩაწითლებული თვალებიდან ვხვდებოდი ასე უგრძნობად რომ შეჩერებოდნენ ერთმანეთს, აღარც საჭმელი ახსოვდათ და აღარც სადღეგრძელოები, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რამდენიმე წუთში დაუკმაყოფილებელი მადა გაიღვიძებდა მათში, მაშინ ისინი ჭამას დაიწყებდნენ, მანამ არ გაჩერდებოდნენ სანამ საჭმელი არ გამოილეოდა ანდაც მოსაწევის ეფექტი არ განავლდებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებ სავარაუდო იყო, ოცი წუთიც არ იყო გასული მეორე ჯერზე რომ წავიდნენ, თავიდან ამოიყვანეს ბულბულატორი და სქელი კვამლი ხელმეორედ შეისუნთქეს თან იცინოდნენ, ყველაფერზე და თან არაფერზე, ისინი ვინც მოწევაზე უარი ვთქვით ანუ მე, თამაზა და საკე დადუმებულები ვისხედით და მათ შევცქეროდით, საკესგან გამიკვირდა მოწევაზე უარის თქმა, როგორც წესი ერთ ერთი მთავარი მოთავე ის არის ხოლმე
- რად არ მოწიე - გადავულაპარაკე მას როცა დანარჩენები მეორე ჯერზე წავიდნენ.
- ჩემი შვილი სახლშია, დღეს არ მუშაობს - მიპასუხა მან.
გამიკვირდა, გულახდილ პასუხს არ ველოდი მეგონა რაიმეს მოიმიზეზებდა და რეალურ მიზეზს დამალავდა, არადა შეკითხვა რიტორიკული იყო, თავად ვიცოდი რომ საკეს სიფხიზლის მიზეზი შვილი იყო, დღეს დილით სახლიდან გამოსული ვერ დავინახე, უთქმელად ვიცოდი რომ არ მუშაობდა. საკეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს 19 წლის მართა, ლამაზი და ტანადი გოგოა, ისეთი ამ ასაკში თაყვანისმცემლების ნაკლებობას რომ არ განიცდიან თუმცა ის სხვანაირია, ერთხელაც კი არ შემიმჩნევია ბიჭთან ერთად, არც მისთვის მომლოდინე სახელდახელოდ გაჩერებული მანქანა გამოჩენილა უბანში. ოჯახში მხოლოდ ორნი ცხოვრობენ, საკეს ცოლი რამდენიმე წლის წინ სიმსივნეს ემსხვერპლა, მკერდის კიბოთი დაიღუპა საწყალი, დროულად რომ გაეგოთ მარტივად გადაარჩენდნენ მაგრამ ოჯახს იმის ფუფუნება არ ჰქონდა გამოკვლევებში ფული დაეხარჯა, ვერც გაამტყუნებ, როცა არჩევანი საჭმლის ჭამასა და იმ საფრთხის იდენტიფიცირებას შორისაა რომელიც შესაძლოა საფრთხე საერთოდ არ აღმოჩნდეს. საკეს ცოლის გასვენებას მეც მოვესწარი, მაშინ ჯერ კიდევ თავად დადიოდა, კუბოც თავად მიიტანა სასაფლაომდე, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მისმა გარდაცვალებამ საკე აიძულა გერმანიაში წასულიყო, სწორედ იქ დაინვალიდდა, რა თქმა უნდა არა მუშაობის დროს, რისი საკე იქნებოდა გერმანიაში პატიოსანი შემოსავალი რომ ჰქონოდა. მოსაპარად იყო ჩასული, თავიდან ველოსიპედებით დაიწყო შემდეგ ბინებზე გადავიდა, ერთ-ერთი ბინის გატეხვისას მიუსწრეს და მოიმწყვდიეს, მანაც იფიქრა ჩაბარებას გარისკვა მირჩევნიაო და მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტა, ორივე ფეხი ჩაემსხვრა გრძნობა არ დაუკარგავს მაგრამ მოტეხილობებიდან გამომდინარე მისი ხელახლა გავლის შანსი ძალიან მცირე იყო, ამ შანსის გამოყენება - უფრო მცირე, ეს იმიტომ რომ საკე მაინც დაიჭირეს, გადაუდებელი ოპერაციების შემდეგ კი დეპორტის ნაცვლად ციხეში გაუშვეს, ხელახლა გავლისთვის თერაპია იყო საჭირო, ციხეში კი ასეთი ფუფუნება არ არსებობდა, ციხეში რომც არ მჯდარიყო საკესნაირი ხალხი თერაპიის ოთახებში ვერ ხვდება. მართა მაშინ 15 წლის იყო, საწყალმა ბავშმა ამ ასაკიდან გაუგო ნამდვილ ცხოვრებას გემო, ერთადერთი შემოსავლის წყარო მისთვის მამის მიერ გამოგზავნილი ფული იყო, ესეც სულ 3 თვე, მისი გაბაწვრის შემდეგ სულ მთლად ულუკმაპუროდ დარჩა, რაღაც პერიოდი სამეზობლო ვინახავდით, საცოდავი გოგონა ხან ვისთან ჭამდა საჭმელს და ხან ვისთან თუმცა სამუდამოდ ასე ვერ გაგრძელდებოდა, აქ ყველას თავისი პრობლემა აქვს ყველა ოჯახში საკუთარი მართა ყავთ დასაპურებელი, ამიტომაც გოგონამ დასუფთავებაში დაიწყო მუშაობა, მანამ სანამ მამა ციხეში იყო მართას მდგომარეობა შეძლებისდაგვარად კარგი იყო, საკე ორ წელიწადში გამოუშვეს კარგი ყოფაქცევის გამო ( არაა ცუდი ადამიანი, ქურდად ცხოვრებამ აქცია) მაშინვე დეპორტი ჩაურტყეს და საქართველოში გამოაგდეს, მაშინაც კი როცა ორ ფეხზე დადიოდა სამსახურის შოვნას ვერ ახერხებდა, ხეიბარი ხომ მითუმეტეს ვერას გახდა, სწორედ ამიტომ 17 წლის ქალიშვილის კმაყოფაზე მოუწია ცხოვრება, აგერ უკვე ორი წელია მართა ინახავს ოჯახს, დასუფთავებასთან ერთად მარკეტშიც მუშაობს იძლებულია და იმიტომ. საწყალი ბავშვი სკოლაში მოწინავე იყო, ფიზიკა უყვარდა, სწავლა უნდოდა, უნივერსიტეტში უპრობლემოდ მიიღეს, სრულიად უფასოდ მაგრამ ვერ გაძლო, ორ სამსახურში მუშაობასთან ერთად სწავლა არ გამოდიოდა არადა ორი ადამინისთვის საჭმელი უნდა მიეზიდა სახლში, სახლიც დაელაგებინა, მამამისისთვის მოევლო, წამლები ეყიდა, კომუნალურები გადაეხადა, დრო და დრო ტანსაცმელის საყიდლადაც გამოენახა ფული, მერე ზამთარი... გათბობა ხომ უნდოდათ სახლში და ასე, როგორც ხდება ხოლმე... არჩევანი ჰქონდა გასაკეთებელი ან ერთ ერთ სამსახურს და მაშასადამე შემოსავალს უნდა შელეოდა ანდაც ოცნებას, ისიც, როგორც ადამიანთა უმრავლესობა ოცნებას შეელია. ვინ იცის როგორი ფიზიკოსი დადგებოდა სამყაროს რომელ დაფარულ კანონს მიაკვლევდა, როგორ შეცვლიდა ადამიანთა ცხოვრებას ალბათ ამ ყველაფერზე ახლაც ოცნებობს, ოცნებობს რომ ოდესმე სწავლას დაასრულებს და ის გახდება რადაც ყოფნა უნდოდა, მანამდე კი 19 წლის მართა ყოველ დილით 5 საათზე დგება და დანაგვიანებულ ქუჩებს გვის. სწორედ მართას გამო არ ეწევა მამამისი, მართას ეზიზღება მოსაწევი, ამაში დარწმუნებული ვარ რადგან მინახავს მისი ანთებული თვალები როცა უბანში ნარკოტიკით გაბრუებულ ბიჭებს უყურებს, ერთი შეხედვით ხვდება ვინაა კაიფში და ვინ არა, მამამისიც ერიდება როცა მართა სახლშია, იცის რომ მოწიოს შვილი მიუხვდება და ეწყინება, მამამისი თავად მართასაც ერიდება ამიტომაა დღეს ასე გულმოდგინებით რომ მოისურვა ჩვენთან ერთად ყოფნა არც ბიჭების შეწუხებას მოერიდა და არც კოკისპირულ წვიმას შეუშინდა, რატომ უნდა მოერიდოს მამა საკუთარ შვილთან ერთად ყოფნას? - ომამდე ეს შეკითხვა რომ დაესვა ვინმეს ჩემთვის ვერაფერს ვუპასუხებდი, ახლა კი ვიცი რატომაც, ვიცი თუმცა ხმამაღლა თქმისა მეშინია, აღიარებას ვერიდები, ახლაც არ ვიტყვი, არც ახლა და არც არასდროს, ფიქრშიც კი არ გავივლებ იმ პასუხს რომელიც უკვე ვიცი.
- შენ რატომ არ მოწიე? - შეეკითხა საკე თამაზას
- ლიკამ უნდა დამირეკოს დღეს - უპასუხა თამაზამ
ლიკა თამაზას ცოლია, ისიც უცხოეთშია სამუშაოდ, ოღონდ ის იტალიაში წავიდა, იქიდან აგზავნის ფულს, ხანდახან, როცა გაგვიმართლებს ტკბილეულობას და იქაურ საჭმელებსაც უგზავნის ხოლმე ქმარს, მას კი უბანში ჩამოაქვს, ლიკა და თამაზა 15 წელზე მეტია ცოლ ქმარნი არიან მაგრამ შვილი არა ჰყავთ, თამაზა მარტო ცხოვრობს სახლში ამიტომ დღის უმეტეს ნაწილს უბანში ატარებს, ბიჭები არიან მისი ოჯახის წევრები
- ცოლის ზარს ელოდები არ გინდა დაბოლილმა უპასუხო სამაგიეროდ ღვინოს ურახუნებ, ჭკვიანურია - თქვა ვამპირამ და გიჟივით ახარხარდა, მას დანარჩენი მოწეულებიც აჰყვნენ
- მე ცოლის ზარს მაინც ველოდები, შენ რას ელოდები? ვის ელოდები? - ცალყბად შეუღრინა თამაზამ ვამპირას
- მე, მე - დაიწყო ვამპირამ მაგრამ წინადადების დასრულებაში სიცილი უშლიდა ხელს
- მაგი არავის და არაფერს ელოდება - დაასწრო ვანიამ, სიტყვები სიცილს შორის შესვენებისას ამოთქვა - ვამპირა ვის უნდა ელოდებოდეს, ვინ მოვა მასთან - დაასრულა სიცილითვე ამ დროს ალალბედზე ვამპირას ვუყურებდი, სწორედ ამიტომ შევამჩნიე მასში უეცარი ცვლილება, სიცილი წამში შეწყვიტა, თვალები გაუნაცრისფერდა თითქოს ნისლი ჩაუდგაო, თავიც ოდნავ ჩაექინდრა საკუთარ ხელებს უყურებდა ჩემდა უნებურად გავიფიქრე - ვის ველოდებით ჩვენნაირები, სხვებს თუ საკუთარ თავს? - ეს გაფიქრება იყო და ვამპირას წამიერი ცვლილებაც შეწყდა თითქოს სიზმრიდან გამოერკვიაო
- სამში გრძელი ხომ არ გინდა ვანია უდღეურო - უპასუხა ვანიას და ახარხარდა, მას დანარჩენებიც აჰყვნენ, მეც გამეცინა თუმცა არა ისე როგორც მათ. როცა სიცილს მოვრჩით თამაზამ ვამპირას მუჯლუგუნი წაჰკრა
- აწი ჭიქა და თქვი რამე, რას დაგვტოვე მწყურვალები, შენ გელოდებით ამდენა ხალხი.
- მაიცა ხო სად გეჩქარება - უპასუხა მას ვამპირამ, და სიცილისგან მონადენი ცრემლი სახელოთი მოიმშრალა
- აწი ჭიქა თორე თამადობას არ გაღირსებთ იცოდე - შეუღრინა თამაზამ
- ხო კაი კაი რას აყმუვლდი - უპასუხა ვამპირამ და ფეხზე წამოდგა - ამ ჭიქით საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს გაუმარჯოს, ხსოვნა იყოს მათი - დაიწყო დიდი პომპეზურობით თუმცა წინადადების დასასრულს კვლავ სიცილი აუტყდა - მოკლედ გაუმარჯოთ რა - დაასრულა რის ვაივაგლახით და ჭიქა გამოცალა
- გადებილებთ ეგ პლანი - კბილებში გამოსცრა თამაზამ და ვამპირას მიბაძა
- უჰ რას ამბობ, ზარს არ ელოდებოდე შენც ჩვენნაირად იქნებოდი - შეეპასუხა ვანია თამაზას ხმა აღარ ამოუღია
- ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნა იყოს - ჩავილუღლუღე და ჭიქა ტუჩებთან მივიტანე მაგრამ სანამ დავლევდი თავში კიდევ ერთმა სიტყვამ გამიელვა - სამშობლოსთვის?!
- ნახევრად შენ გეკუთვნის ეს სადღეგრძელო უფროსო - მოჩვენებითი სერიოზულობით მითხრა ვანიამ თუმცა მიხვდა რომ გამოთვლაში რაღაც აურია - ნახევრად თუ არა მეოთხედით მაინც - დაამატა ნიკაპის სრესით
- ხო არა? - ვუპასუხე გაღიზიანებულმა - და შენ რამდენად გეკუთვნის ვანია უდღეურო, სა იყავი ათი წლის წინ?
- ღმერთს ვფიცავარ საქათმეში იმალებოდა - გადაიხარხარა თამაზამ
- კი არ ვიმალებოდი კვერცხი უნდა გამომეტანა, ჩემდა ბედად მაშინ გადმოიფრინა იმ დედააფეთქებულმა ისტრიბიწელმა, მაგრამ თქვენ ოღონდ სალაპარაკო მოგეცეთ - აყვირდა ვანია თუმცა როცა მიხვდა რომ მის ყვირილს სერიოზულად არავინ მიუდგებოდა თავადვე დამშვიდდა - ჩვენი გმირებისა იყოსო თქვა და ჭიქა გამოცალა
- უფროსო როგორ მოხდა რომ არცერთხელ მოგიყოლია იქ რა გადაგხდა, ფეხზე რაც მოგივიდა როგორ მოგივიდა - მკითხა ვანიამ
თავი მოვაჩვენე ვითომ კითხვა ვერ გავიგე, ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, არ მიყვარს გავიხსენო ის დღეები ისედაც საკმარისად მახსენებს თავს კოშმარებში
- რომელიმე რუსის ჯარისკაცმა ასე ქნა - არ მეშვებოდა ვანია, მან თითებით პისტოლეტის ფორმა შეკრა და მე დამიმიზნა შემდეგ კი თითქოს სასხლეტს გამოკრა და ინერციამ იარაღი ჰაერში ააწევინაო ხელი მაღლა ასწია
- შემეშვი ვანია უდღეურო - კბილებში გამოვცარი უკვე კარგად გავღიზიანებულიყავი
- არა, რაც მართალია მართალია ომში იყავი მაგრამ მაინც რომ გეშინია? აბა რას ჰგავს ეს შენი საქციელი, კრინტს არ ძრავ .
- ვანია გაფრთხილებ - კიდევ ერთხელ დავუღრინე მას
- ომში ბრძოლას სიმამაცე უნდა მაგრამ ორმაგი სიმამაცე უნდა ომიდან დაბრუნებულმა უწინდელი სახე რომ შეინარჩუნო, რომ არ შეგეშინდეს ხა ხა ხა ქალიშვილი რომ არ გახდე ხა ხა
- უხ შენი - დავიღრიალე მე და ვანიასკენ გავიწიე თუმცა ფეხმა არ გამიშვა, ჰაერში წავიბორძიკე მაგიდას რომ არ დავყრდნობოდი ალბათ წავიქცეოდი, ვანია უეცრად გამოფხიზლდა და უკან გახტა
- ხო რაიყო ვღადაობდი, რას ასერიოზულებ - დაიწყო თავის მართლება
ამასობაში სხვებიც ფეხზე წამომხტარიყვნენ, თამაზას ჩემთვის მკერდზე ხელი ნაზად მოეხვია და დგომაში მეხმარებოდა თან მამშვიდებდა.
- კარგი ბიჭო რა დაგემართა არ იცი როგორი გამოსირებული გვყავს, რომ მოწევს ზომა წონა აღარ იცის, დაწყნარდი ნუ აყვები
ჩემდა გასაკვირად თამაზას დამშვიდებამ იმოქმედა, სიტყვებმა არა , უფრო ხელმა რომელიც ჩემთვის შემოეჭდო. უკვე კარგად ვიყავი
- კარგი გამიშვი - მივმართე მას ხელოვნური სიუხეშით ისიც დამემორჩილა
ყავარჯნები ავიღე და კარისკენ გავემართე მაგრამ შუა გზაში არაყი გამახსენდა და ის რომ ჯერ კიდევ არ დავმთვრალიყავი, უკან მოვბრუნდი არაყი ავიღე და წესად ჩავილაპარაკე
- ამას მაინც არავინ სვამთ
გარეთ ისევ წვიმდა, ყავისფერი წყალი ნიაღვარად მოედინებოდა უბნის ეზოში, სანამ სადარბაზომდე მივედი კარგად გავილუმპე თუმცა ეს არ მანაღვლებდა, მთავარი წინაღობა წინ მელოდებოდა, კიბეები რომელთა ავლაც ჩემს მდგომარეობაში მყოფისთვის არც თუ ისე იოლი იყო დიდი გაჭირვებითა და ოფლის დენით ავიარე ყოველი საფეხური და სახლამდე მივბობღდი, კარი ღია დამხვდა, წლებია უკვე არ დაგვიკეტავს, ისიც კი არ ვიცი საკეტი მუშაობს თუ არა, არც შემოწმებას ვაპირებ, შიგნით მაინც არაფერია ისეთი რისი მოპარვის სურვილიც ვინმეს გაუჩნდება. თუკი მაინც რამეს მოიპარავს წაიღონ, ღმერთმა გაუმარჯოთ, ისეთ სახლებში როგორიც ჩვენს უბანში უმეტესობას აქვს ქურდი არ შედის, ვინც შედის ცხოვრებისგან განწირულია.
სახლში შესულს ნაცნობი სიმარტოვე შემომეგება, ბავშვები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყვნენ სკოლიდან, ალბათ წვიმის გადაღებას ელოდებოდნენ რომ არ დასველებულიყვნენ, ხვალაც იმ ტანსაცმლით უნდა წავიდნენ სკოლაში რომელიც აგერ უკვე ოთხი დღეა აცვიათ სხვა არ აქვთ და რომ დასვლედნენ შეიძლება გაშრობა ვერ მოასწრონ. სამზარეულოში შევედი კარადიდან ჭიქა გამოვიღე და მაგიდასთან ჩამოვჯექი, ჭიქა არაყით გავაპილპილე და მთელი დღის მწყურვალესავით გადავუშვი პირში, ასე ყველაზე მარტივია დათრობა, ერთიანად, სწრაფად თვრები, პატარ პატარა ყლუპები კი ისე დაგათრობს ვერც გაიგებ, თავი ისევ ფხიზელი გეგონება, მე ასე არ მინდა, მხოლოდ ის კი არ მინდა რომ დავთვრე არამედ ისიც მინდა რომ ვიცოდე მთვრალი ვარ, მინდა გონების იმ პატარა კუნჭულმაც რომელიც არანაირ თრომას არ ეგუება გაიაზროს რომ დანარჩენი გონება ალკოჰოლს ჰყავს მძევლად, იქნებ ასე ერთ დღესაც გონების ის კუნჭულიც დანებდეს და დათვრეს, მინდა ერთ დღეს ისე დავთვრე რომ თვალი დარდის გარეშე დავხუჭო. ცარიელ ჭიქას კვლავ არყით ვავსებ, წეღან გადაკრული უკვე მუცელშია, შიგნიდან მწვავს და მთუთქავს, შიმშილსაც მაგრძნობინებს, გამახსენდა რომ მაროს დილით ბორში გაეკეთებინა, ყავარჯნებს ვეხიდები და გაზქურასთან მივდივარ, წითელი სითხე უკვე გაციებულა თუმცა მაინც ვისხამ, ახლა ჩემთვის აზრი არ აქვს ცივ საჭმელს გადავსანსლავ თუ თბილს, პირთამდე გავსებულ თეფში და გამხმარი პური მაგიდასთან მიმაქვს და ჭამას ვიწყებ, ამ დროს კარის გაღების ხმა მესმის, ბავშვები მოვიდნენ, ინსტინქტურად გარეთ ვიხედები კვლავ წვიმს, ანუ სველები იქნებიან, მაინც დასველდნენ - ვფიქრობ ჩემთვის თუმცა იმაზე არ ვნერვიულობ რომ გაცივდებიან, მართლა რომც გაცივდნენ ამაზე მაინც არ ვინერვიულებ - ეს ვიცი, ასეთი ხასიათი ჩამომიყალიბდა.
ერთი ციდა დერეფნიდან ბავშვების მხიარული ხმა მესმის, ერთმანეთში თამაშობენ
- თოვლი რომ მოვა გუნდას გავაკეთებ და აი ასე გესვრი - ეუბნება თორნიკე ანას
- ნუ მირტყამ მტკივა - წუწუნებს ანა - თუ კაია აგე შენც
- ააჰ - ყვირის თორნიკე - რატომ მიჩქმიტე
- იმიტომ რომ მუშტი ჩამარტყი
- მუშტი კი არა გუნდა იყო
ამ დროს ორივენი, ერთმანეთთან ქიშპობაში გართულნი სამზარეულოში შემოდიან, იქ მე ვხვდები ამღვრეული თვალებითა და არყით სავსე ჭიქით ხელში. მაშინვე ჩუმდებიან და სახეებზე დაზაფრული იერი ედებათ
- გამარჯობა გარეთ დატოვეთ? - ვეკითხები ნიშნის მოგებით
- გამარჯობა - ლუღლუღებს თორნიკე, ანა ჩუმათაა, ძმის უკან დგას და მისი მხრებიდან შეფარვით მიყურებს, ვატყობ ორივეს ეშინია ჩემი. ჩემ შვილებს ჩემი ეშინიათ, ყველა შვილს ეშინია საკუთარი მშობლების - ვიმშვიდებ თავს და არყის ჭიქას ბოლომდე ვცლი, უკვე კარგა გვარიანად მთვრალი ვარ თუმცა ის დაუმორჩილებელი მუდამ ფხიზელი ნაწილი ჩემი არსებისა საკუთარს არ იშლის, ალკოჰოლს არ იკარებს და მაღვიძარასავით მიკაკუნებს თავში
- ყველა შვილს ეშინია მშობლის მაგრამ მაშინ როცა რაღაც აქვთ დაშავებული, ისე ცამოწმენდილზე კი მხოლოდ და მხოლოდ უყვართ ისინი, ჩემი შვილების თვალებში კი მაშინაც შიში ბუდობს როცა ცამდე მართლები არიან - ფიქრობს გონების ფხიზელი ნაწილი.
- ხო აბა რა, როგორც ვიტყვი - ჭიქაში ისევ არაყს ვასხამ, ამჯერად მხოლოდ ნახევრამდე, იმიტომ არა რომ მეტი აღარ მინდა, იმიტომ რომ მეტი აღარ მაქვს. ვერ ვიტყვი რომ ლოთი ვარ თუმცა კი ვსვამ, ყოველთვის როცა ხელში ალკოჰოლი ჩამივარდება, მანამ სანამ არ გამომელევა, იდიალურ შემთხვევაში გათიშვამდე, თუ ეს ასე არ მოხდა, თუ დავთვერი მაგრამ არ გავითიშე, როგორც წესი ცუდ საქმეებს ჩავდივარ, ამის გამოა რომ ჩემი შვილების თვალებიდან ჩემს მიმართ მუდამ შიში გამოსჭივის, როცა მთვრალი ვარ მათ ვცემ, მეორე დღეს კი ვნანობ ისე ვნანობ რომ ჩემი სინანული ფეხის ტკივილზე უარესად მოქმედებს, ჩემი შვილები მიყვარს, იმაზე მეტად ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, ვიცი ეს ლიტონ სიტყვებს უფრო ჰგავს ვიდრე გულიდან ამოსულს მაგრამ ასეა, დაუფიქრებლად მოვკვდებოდი მათთვის, მაგრამ სიცოცხლე... მათთვის სიცოცხლე არ შემიძლია, ყველაფერი ამ დაწყევლილი ფეხის ბრალია ფეხის და ცხოვრების. არამგონია დარჩენილმა არაყმა გამთიშოს, ამას ალბათ თავადაც ხვდებიან ამიტომაა ასე შეშინებულები რომ მიყურებენ, არ მინდა მათი ცემა, ღმერთია მოწმე მართლა არ მინდა.
დარჩენილ არაყს სულმოუთქმელად ვსვამ და სახელოთი პირს ვიწმენდ, ხელის ცეცებით ყავარჯნებს ვპოულობ და ფეხზე ვდგები, ვხვდები რომ ვბარბაცებ გულის სიღრმეში იმედი მაქვს რომ წავიქცევი და გავითიშები თუმცა ვიცი არ დამანებებენ, ორივენი ანაცა და თორნიკეც მაშინვე შემეხიდებიან, მიუხედავად იმისა რომ ვცემ და ჩემი ეშინიათ, მაინც არ დამანებებენ წავიქცე და ტვინი ხის იატაკს დავასხა. ამის გაფიქრებაზე უეცრათ მათ მიმართ ენით აღუწერელი სიყვარულის განცდა მიპყრობს, მინდა მათთან მივიდე და მოვეხვიო. მათ ხომ წაქცევისგან მიხსნეს, მერე რა რომ წაქცევა საერთოდაც არ მომხდარა, მთავარი ისაა რომ მთელი გულით მჯერა, რომ მოხდეს დამეხმარებიან, რაღაც ისე არაა, არც გაბრაზებული ვარ, არც მათი ცემა მინდა, უბრალოდ მინდა მივიდე და ჩავეხუტო ასეც ვიქცევი, მათკენ მივდივარ ისინი შეშინებულები არიან, იციან რაც შეიძლება მოხდეს მაგრამ ადგილიდან არ იძვრიან, მორჩილი ბატკნებივით დგანან ის ისაა მათ პირისპირ უნდა გავჩნდე რომ მოულოდნელი ხმა მესმის
- ახლა დროა დაიძინო - ხმა მკაცრი და შეუვალია ისეთი რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგები მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის ავტორიტეტული არაა სიმკაცრე და შიშის ნაკლებობა ინტონაციაში მაიძულებს დავემორჩილო, მაშინაც კი როცა მთვრალი ვარ. ხმა მაროს ეკუთვნის, უჩუმრად შემოსულა და კარებში აყუდებულა. მხედავს რომ ვყოყმანობ. არადა მართლა მინდოდა მათი გულში ჩაკვრა.
- ბავშვებს მე მივხედავ, წადი - მეუბნება ჩვეული სერიოზულობით
- კარგი, კარგი წწავალ - ვლუღლუღებ მე თან ასოები ერთმანეთში მერევა ბავშვებთან მისული ჯერ თორნიკეს ვეფერები თავზე შემდეგ ანას
- მარო დეიდას დაუჯერეთ - ვამბობ წესად ოთახში შესული ტანსაცმლის გაუხდელად საწოლზე ვეშვები და ბოლოს და ბოლოს ვითიშები .