ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფარნავაზი

ფარნავაზი

გიორგი შაიშმელაშვილი, „ფარნავაზი“ I.  (32.) თოვლწაყრილ ქვის ფილაზე მუხლებზე დამდგარიყო ფარნავაზი. ყმაწვილს თვალები დაეხუჭა დაღლილობისგან და მთის ცივ ჰაერს ღრმად ისუნთქავდა. ფხოვურად მორთულ შარვალ-ტალავარზე ნაბადი ჰქონდა მოგდებული. ავი ყინვა იყო, მაგრამ ვაჟს არა სციოდა, მატყლის ამ მოსასხამის უფრო მჭიდროდ შემოხვევას არც კი ცდილობდა. რომ დაისვენა, თვალები გაახილა და მიმოიხედა სამი ქვის სვეტი იდგა მთის ამ ფერდაზე, რომლითაც ღარმათის, ქართველთა პირველღმერთის სალოცავი იყო მონიშნული. შუა სვეტს წინა მხრიდან რამდენიმე სათავსო ჰქონდა, მათგან ყველა მურით ამოშავებული. ამ სვეტის ზედა ნაწილი წარმოადგენდა სწორედ ღმერთის ქანდაკებას. ეს ქვა მძიმედ შეაბჯრულ, ზორბა კაცად იყო ნათალი, ბლომად ჩუქურთმით შემკობილი. ღარმათი იდუმალიც ჩანდა და უსაზღვროდ ძლევამოსილიც, რადგან ნებისმიერს, ვისაც უნარი ჰქონდა ამდენად მძიმე ჯავშანი ბრძოლაში  ეტარებინა, უნდა ყოფილიყო წარმოუდგენლად უფრო ძლიერიც, ვიდრე შუასკნელის ნებისმიერი ბინადარი. ღმერთის სახეს მუზარადი ჰფარავდა, მუზარადზე კი გარედან წვერ-ულვაში იყო დატანილი. მთვარიანი და უღრუბლო გამოდგა ღამე და ეს ახარებდა ფარნავაზს. ციდან დაშვებულ მთვარის ისედაც თეთრ ნათებას თოვლით დაფარული ფერდები ორჯერ უფრო თეთრს ჰხდიდნენ. ფარნავაზმა ხელი თხელ, ნიკაპთან წაგრძელებულ წვერზე ჩამოისვა და წინ გაიხედა. იქ, შუა სვეტის ძირთან სამსხვერპლო ლოდი იდო, ბრტყლად მოთლილი ზედა მხარით. ქვა წინა საკლავთაგან ნადენი სისხლით იყო გამუქებული. ზედვე ეგდო ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ ფეხებზე სახსარჩაწყვეტილი ჯიხვი. ეს ვეება ნადირი შესაწირად გაემზადებინა ყმაწვილს. ფარნავაზმა ისევ ღარმათს ახედა დაბლიდან მაღლა. მთვარის შუქზე მკაფიოდ გამოკვეთილი ყვრიმალები გაუკრთა. ხუთი დღის ნახეტიალები იყო, მაგრამ სახე შესამჩნევად კუშტი მხოლოდ ახლაღა გაუხდა. პირველი სიტყვის თქმის ეშინოდა. დარწმუნებული არ იყო უპრიანი რა იქნებოდა. ღელვისგან ახლა მსხვილ ულვაშებზე ჩამოისვა ხელები. - ხევისბერი არ ვარ და არც შენი დღეობაა, ღმერთმძღოლო, მე კი ჩემი აქ მოსვლით გაწუხებ, - თქვა ვაჟმა დასაწყისში დაზაფრული ხმით, - მხოლოდ იმედმა გამაბედინა მოვსულიყავი, რადგან იმედი იმის მაქვს, რომ რაც უნდა გთხოვო, არა მე მარგებს მხოლოდ, არამედ იმ ათასობით კაცსაც, ვინც საქართველოში ცხოვრობს და თაობებია შენ და შენს მოყვარე ციურთ მიაგებს ღმრთაებრივ პატივს. შენი შემწეობა მათაც სჭირდებათ და ამან მაფიქრებინა, რომ ამ თავხედობისთვის არ განმირისხდებოდი. შორიდან ვიწყებ ჩემს სათქმელს, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, სხვაგვარად თავადვე ვერ გავუგებ საკუთარ თავს. ახლა ლიხს აქეთ ბარში მძიმეა ცხოვრება. მცხეთაში აზო მეფობს, ჩემი ოჯახის უმოწყალო მკვლელი და შენს მიერ დევნილი ღმერთის, ავკაპის ერთგული მონა. საუკუნეები შენს სახელს ადიდებდნენ ქართველნი, შენსა და შენს მოყვარე ღმერთთა, ახლა კი ამ ავი კაცის შიშით, ან ზურგს გაქცევენ, ან ქართლს ტოვებენ და მთასა, თუ ეგრისს აფარებენ თავს. შენს ყოფილ ტაძრებში ახლა ავკაპს უკლავენ შესაწირს, არა მხეცებს, არამედ ადამიანებს, ბრძოლებში დატყვევებულებს. სისხლის მოყვარული ღმერთის წყევლამ ქართლის მიწა მოწამლა, შხამიანი ნიადაგი მოუსავლიანი გახადა, ასობით დაბა-სოფელი გააუკაცურა, - სიმწრით იძახდა ფარნავაზი, - ბევრი იბრძვის აზოს წინააღმდეგ და მეც ვცადე ჩემი წვლილი შემეტანა ამ ბრძოლაში, თუმცა მცდელობის მიუხედავად, გამარჯვების ნაცვლად მწარე მარცხი განვიცადე. ხელის მოცარვამ მაფიქრებინა, რომ რადგან არაფერი გამომივიდა, შემეძლო სულაც დამევიწყა ბარი და მთაში, ქვეყნის კიდეში გამოსულს მშვიდად მეცხოვრა... ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ ჩემდა უნებლიეთ ძალა მივიღე, როგორიც სხვას ცოტას თუ გააჩნია შუასკნელში. სწორედ ავკაპის გაცემულია იგი და ამის გამო დამნაშავედ და ვალდებულად ვგრძნობ თავს. თითქმის ექვსი თვეა უქმად ვარ. აქ ფარნავაზი მცირე ხანს გაჩუმდა, მერე ნელა აღიმართა და ღარმათის კერპის წინ თავადაც კერპივით დადგა. ყინულოვანმა ნიავმა მოგრძო, წაბლისფერი თმები შეურხია. მარჯვენა ხელი ქამრისკენ წაიღო და სატევრის ვადას დაავლო. - ჩემს ძველ სოფელშიც და ახლა აქაც, მიცნობენ, როგორც კარგ მოისარსა და მონადირეს, მაგრამ გარჯა, რომელიც იმისთვის დამჭირდა ეს ურჩი ჯიხვი საკლავად მომეპოვებინა, უდიდესი იყო. მინდოდა ყველაზე ძლიერი ნადირი მომეგვარა შენთვის, რათა შენი დიდებულებისთვის პატივი მეცა და ვიმედოვნებ, ისე შეიწირავ, როგორც საკადრის საკლავს! ჯიხვმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, თითქოს საკუთარი აღსასრულის მოახლოება იგრძნო, თუმცა სახსარდაჭრილი ფეხებზე ვერ დგებოდა. - აზომ თავისი თავი ისევ შემახსენა, - განაგრძო ფარნავაზმა, - უბრალო გოგონა მოკვდა, იმის გამო, რომ ჩემი ტალავარი ეჭირა ხელში. ამან შემზარა... ამან დამანახა, რომ როგორც არ უნდა განვერიდო მამისა და ბიძის მკვლელს, იგი მაინც მომწვდება, თუ პირადად არა, ავკაპის რომელიმე ურჩხის ბრჭყალებით მაინც. მეტისმეტად ძვირფასია ჩემი ძალა იმისთვის, რომ აზომ დამივიწყოს. ამ უდანაშაულო გოგონას სიკვდილი ხომ დასანანია და სინდისი კი ბარში მცხოვრებთაც მუდმივად მახსენებს. ისინი დღე და ღამე აზოს სასტიკი უღლის ქვეშ არიან. სანამ მე მთაში მათ დავიწყებას ვცდილობ, ისინი იტანჯებიან. ძალა მაქვს, რომელიც მათგან, სულ ცოტა, ერთეულებს მაინც გადაარჩენდა მონურ ცხოვრებას. ერთ-ერთი სათავსოდან ფარნავაზმა მეტალის დიდი ფიალა აიღო და ფერდზე დაწვენილ ჯიხვს ყელქვეშ ამოუდო. დაცარიელებულ სათავსოში მან ანთებული კელაპტარი დადო, რომელმაც მცირედ გაანათა სალოცავი. მას მალე მცირე კოცონიც შეუერთდა, რომელიც საგანგებოდ მოტანილი, კარგად გამომშრალი ფიჩხით დაინთო. - ყოველდღე, როცა უქმად ვზივარ და ჩემს ძალას აზოს წინააღმდეგ არ ვიყენებ, ვცოდავ, შენს წინაშე და ჩემი ხალხის წინაშე. მთაში ყოფნა უნდა დავასრულო. არ ვიცი რით დავიწყებ, გვერდში ვის დავიყენებ, მაგრამ ვიცი შენი წყალობით გაცილებით უფრო ძლიერი ვიქნები, ვიდრე მე ცალკე. აქ ფარნავაზმა ისევ ჩაიმუხლა, ამჯერად სამსხვერპლოსთან უფრო ახლოს. ვაჟმა სატევარი აღმართა და ვიდრე დაუშვებდა, უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვა: - ეს საკლავი შეიწირე, მტერთა მძლეველო, დაე მან დაგანახოს ჩემი შენდამი თაყვანისცემის განი და სიგრძე! ამ სიტყვების შემდეგ იარაღი სწრაფად დაეშვა ნადირის ყელისკენ და მისი ტყავ-ხორცი გაჰკვეთა. წითელმა სითხემ ღვარად იწყო დენა. სამსხვერპლოს მარცხენა ნაწილი სწრაფად შეიღება ალისფრით. ფიალაც მალე გაავსო ჯიხვის სისხლმა. ფარნავაზმა სატევარი თოვლზე დააგდო და ფიალა დაიჭირა. მან შიგთავსში მარჯვენა ხელი ჩაჰყო და საგულდაგულოდ გაისველა. ხელითვე ჩააწუწა სისხლი კოცონში. ეს მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორა, რადგან ბოლს ყველაზე კარგად შეეძლო ღმერთებამდე საკლავის მიტანა. ფიალაში ხელის ბოლოჯერ ჩაწობის შემდეგ, მან სახე მოითხვარა სისხლით. გამუქებულმა სახემ თითქოს გიჟური იერი მისცა მონადირეს. ახლა სისხლი მის სახეზეც იყო, ზესკნელშიც და შესაბამისად მასა და ღარმათს შორის კავშირი არსებობდა. იგი წამოდგა და ქანდაკებას ახედა. ახლა, როცა სალოცავში ორგან ენთო ცეცხლი ღარმათიც უკეთ ჩანდა. ფარნავაზმა უკანასკნელად გაისველა ხელი სისხლით, ამჯერად მარცხენაც და მარჯვენაც. იგი სვეტთან ახლოს მივიდა და ქანდაკების ფეხებს დასწვდა. ასე იგი პასუხს იღებდა ღმერთისგან, წყალობა იყო ეს პასუხი, თუ წყრომა. მცირე დუმილის შემდეგ ვაჟი ისევ უკან გავიდა და წეღან თუ ხმადაბლა, ფრთხილად ლაპარაკობდა, ახლა ომახიანად დაიწყო: - ქართლში ისევ ჩავალ, აქ აღარ გავჩერდები! ვიდრე აზოა ქვეყნის მპყრობელად, არსად სახლს არ ავიშენებ, უქმად არ გავჩერდები! - აქ მან მცირე ხანს სიტყვა გაწყვიტა და ხელი გაიშვირა იქით, საითაც მცხეთა იყო, - იქ, მთათა გადაღმა ხალხია, რომელსაც ბიძაჩემი ჰყავდა მამასახლისად. ვინც ახლა მათზე ბატონობს დამრღვევია მათი ნებისა. ვაპირებ იგიც მოვსპო, მისი მმართველობაც და ვაპირებ მისი ადგილი მე დავიკავო. გზის ბოლოში, რომელსაც ახლა შევუდგები, ჩემი მცხეთაში მეფობაა! ვაპირებ ქართველთა მამასახლისი ვიყო, ქართველთა სამეფოს მეფე, მათი ენისა და რწმენის, მათი საცხოვრისის და მიწების შემერთებელი, განმამტკიცებელი. მათი ერთობა იმგვარად მინდა შედუღდეს, რომ ნებისმიერ გარეშე წნეხს გაუძლოს. მინდა, რომ როცა საბოლოოდ დრო დადგება შუასკნელმა არსებობა შეწყვიტოს, უკანასკნელ ცოცხალთა შორის იყონ ქართველნი, ქართულად მოლაპარაკენი, წინაპრებზე ხსოვნის მქონენი!.. თუკი ჩემი მიზანი შენთვის უპრიანია, ღმერთმძღოლო, იმდენით მომიმართე ხელი, რამდენისთვისაც ღირსად მიმიჩნიო! რამდენიმე ხნით ადრე: II.                       (1.)   სარკინესთან მტკვარზე გადებული ხიდი მეფის ამალამ გადაკვეთა. სულ ოცამდე მხედარი იქნებოდა. მეფის მხლებლები საუკეთესო აბჯარს ატარებდნენ, ბრინჯაოს მუზარადებსა და ტალავარებზე გადაცმულ, სრულად ლითონის ჯავშანს. ქართლელ მჭედლებს ჯავშნის ფირფიტები სხეულის მოყვანილობისა გაეკეთებინათ. საჭირო ადგილებში იგი მკერდისა და მუცლის კუნთების მოხაზულობას იმეორებდა. მათ აბჯარს, განსხვავებით მეფის აბჯრისგან მწირი მორთულობა ჰქონდა. აზოს აბჯარი თვალნათლივ უკეთესად იყო შესრულებული. მჭედელს, გარდა დაცვისა, აბჯრის სილამაზეზეც ეზრუნა. ვერცხლის და რამდენიმეგან ოქროს ჩუქურთმები დაერთო ქართლის მბრძანებლის აბჯრისთვის. აზოს შავი, ოქროსფერქობიანი ტალავარი ეცვა, მუქი ლურჯი ფერის შარვალი და მეწამული ფერის ტყავის წაღები. ხარივით ზორბა იყო აზო, განსაკუთრებულად მაღალი არა, მაგრამ მსხვილკისრიანი, ფართობეჭიანი და შეკუნთულმკლავიანი. თითქმის ორმოცი წლისა უკვე გამელოტებულიყო და გამორჩეული ვარცხნილობა ჰქონდა შერჩეული. თავს მთლიანად იპარსავდა, გარდა ყურებს ზემოთ არსებული მცირე ადგილისა. აქედან თმა წვერს უკავშირდებოდა, ყბის ძვლის კიდეებს მიუყვებოდა და მსხვილ ულვაშებს უერთდებოდა. ნიკაპსა და ნიკაპქვეშ ადგილს აზო სუფთად იპარსავდა. ხშირი წარბები, ბასრი ცხვირი და ფართო ნიკაპი ჰქონდა მცხეთის მამასახლისს. ეს ერთობ პირქუშ იერს აძლევდა, თუმცა ღონიერ აღნაგობასთან ერთობლიობაში, უშნო მაინც არ ეთქმოდა. ცხენები ამალამ ნაბიჯით ჩაატარა ქართლის საუკეთესო სამჭედლოებს შორის. მეფეს სარკინელები გულზე მარჯვენა ხელის მიდებითა და თავის დაკვრით ესალმებოდნენ. აზო გაშლილი ხელის აწევით პასუხობდა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა თავს ერთდროულად საკმარისად ბევრი სარკინელი დაუკრავდა. თუმცა სარკინე, იყო რა დედაქალაქის სიახლოვეში, მასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, მაინც დამოუკიდებელი ქალაქი იყო, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან გალავან-კოშკებით გამაგრებული. სახელოსნო უბანი სარკინის მთის ფერდას იყო მიმდგარი. იქიდან, ტყის გავლით, დამრეცი გზა ადიოდა მთის წვერზე მდგომ ციხე-ტაძარზე. სწორედ იქით მიდიოდა აზო თავისი ამალით. ავკაპის ტაძრის მშენებლობა დღე-დღეზე დამთავრდებოდა, ამიტომ ციხე-ტაძრის გარშემო ჯერ კიდევ ირეოდნენ ხურო-მუშები. აზომ კარიბჭის ცარიელი თაღი გაიარა, რადგან კარიბჭის ჩადგმა მასში ჯერ კიდევ ვერ მოესწროთ. მისი ორივე ნაწილი, რკინით გამაგრებული და ხით ნაკეთი, გალავანზე მიეყუდებინათ. გალავნის შიგნით მოედანი იყო, გამარგლული მიწით. მებაღეებს მის ბაღად გადაქცევაზე მუშაობა უკვე დაეწყოთ. მოედანს სხვადასხვა შენობებთან მიმავალი ბილიკები კვეთავდა. ზოგი საწყობამდე, სამეციხოვნომდე, საქურუმომდე და სტუმრების საბინავებლამდე მიდიოდა. ეს შენობები თეთრი ქვით ნაშენი, წითელსვეტებიანი ტაძრისგან მარცხნივ იდგა. მისგან მარჯვნივ მეფის მოსასვენებელი და მის უკან კი სანადიმო აეშენებინათ. აზომ მიმოიხედა და ცხენიდან მარდად ჩამოხტა. ჩამოქვეითდა ერთ-ერთი მხლებელიც და მყის მეფის ცხენის აღვირი დაიჭირა. მისი მბრძანებელი ნელი ნაბიჯით წავიდა გალავნისკენ. მიწის დონე გალავანს შიგნით გალავანთან იყო გათანაბრებული და გადასახედად კიბეებზე ასვლა აზოს  არ დასჭირვებია. კიდესთან მისული ორივე ხელით ქონგურებს დაეყრდნო და თავის სამეფოს მცირე ნაწილს შეავლო თვალი. ლამაზი იყო ნაწილობრივ ჯერ კიდევ შეფიფქული მცხეთის ხეობა. დასავლეთით მტკვარს ჩაყოლებული სოფლები მოჩანდა, სახლებში გაჩაღებული კერებიდან ამომავალი კვამლით, აღმოსავლეთით კი მცხეთამდე მიმავალი გზა და ხშირი ტყით დაფარული მთები. საქურუმოსთან მდგომ მუშათა ჯგუფს შუახნის მამაკაცი, ხუროთმოძღვარი გამოსცილდა და სწრაფი ნაბიჯით გამოემართა აზოსკენ. შალისგან ნაქსოვი, სადა ტანსააცმელი ეცვა, სამშენებლო მტვრისგან აქა-იქ მოსვრილი. - ჩემო მეფეო! - უთხრა მან აზოს, როცა გვერდიდან მიუახლოვდა და თავი უფრო დაბლა და მეტხანს დახარა, ვიდრე ამას სარკინელები აკეთებდნენ. აზომ მტკვრის ხეობისთვის თვალის მოშორება გაწელა და ხუროთმოძღვარს, ჯერ კიდევ თავმოხრილს, დაყოვნებით გახედა. - დილით რომ გავიგეთ, მობრძანებას აპირებდი, ჩემო ბატონო, ტაძრისა და შენი მოსასვენებლის დალაგება ვიჩქარეთ. ხვალ სანადიმოც მზად იქნება გამოსაყენებლად და დანარჩენ შენობებს კვირის განმავლობაში დავასრულებთ. თუ მიბრძანებ, სამუშაოების მიმდინარეობასაც დაგათვალიერებინებ. აზომ თავი გააქნია. - არაა საჭირო, - თქვა მან და ხმაზე დაღლა დაეტყო, - თუ გადავწყვიტე, ჩემით დავივლი ციხეს. ეს მითხარი, დედაკერტა თუა აქ! - დიახ, მეფეო. ტაძარშია. ავკაპის კერპთანაა ჩამუხლული. აზომ თავი დააქნია და ხუროთმოძღვარს გაცლის უფლება მისცა. მან კიდევ ერთხელ დაუკრა თავი და გატრიალდა, მერე კი თითქოს რაღაც გაახსენდაო ისევ შემობრუნდა და მოკრძალებით თქვა: - მომიტევეთ, მეფეო, მაგრამ ჩვენგან ვერავის გაუგია, როგორ დადის იგი მუხლებამდე კაბის ამარა, როცა ჩვენ ხანდახან შალსა და ქუდშიც გვცივა. აზოს რამდენიმე წამი დასჭირდა, რათა მიმხვდარიყო ვის გულისხმობდა ხუროთმოძღვარი, შემდეგ კი ჩაეღიმა და უპასუხა: - ავკაპის ქურუმს სხეულის სითბო არ სჭირდება გასათბობად. - მაშ ავკაპის ძალით! - წამოიძახა ხუროთმოძღვარმა, თავისი ვარაუდის დადასტურებით აღფრთოვანებულმა, - გავიგე, მეფეო, მადლობა! აზომ გალავანზე ჩაისეირნა, თავის მოსასვენებლამდე მივიდა, მერე კი ტაძრისკენ გატრიალდა. ტაძარი ფართო კიბით იწყებოდა. მისი კედლების წინ სვეტები იდგა, რომლებსაც სახურავი ეკავათ. სვეტებს შორის, კედლებში სასარკმლედ ადგილები დაეტოვებინათ. საკმაოდ მოზრდილი სარკმლები იყო. ზრდასრული ადამიანი მასში მოუხრელადაც გაეტეოდა, მაგრამ სიცივის გამო ახლა დარაბებით იყო დახურული. ორჯერ უფრო დიდი იყო ტაძარში შესასვლელი კარი. კარისთვის მუხა იყო გამოყენებული და მისი ორივე ნაწილი ულამაზესი ჩუქურთმებით იყო შემკული. სანაქებოდ ემუშავათ ხით ხუროებს. აზო კარს მიაწვა. კარი რბილად, ჭრიალის გარეშე გაიღო. ტაძარში ბნელოდა, მიუხედავად ორი, გვერდითა კედლებთან დანთებული ბუხრისა და შიდა სვეტებთან ჩამოკიდებული პატრუქიანი ზეთის რამდენიმე ზეთის სანათისა. კარიდან თითქმის მთელი ტაძრის სიგრძეზე ვიწრო, ჯერჯერობით ცარიელი აუზი გაჭიმულიყო. მის მეორე ბოლოში სამსხვერპლო იყო მოწყობილი, სამსხერპლოსა და კედელს შორის კი, ავკაპის კერპი იდგა, სამ ადლამდე სიმაღლისა. ქანდაკების შეღებვა სანახევროდ იყო დასრულებული. მკერდს ზემოთ ჯერ კიდევ შიშველი ქვა ჩანდა. ქანდაკება გამოსახავდა ზრდასრულ, თავის საუკეთესო ასაკში მყოფ მამაკაცს. გაპარსული, სახე ჰქონდა, წვეტიანი ყბებითა და ხშირი წარბებით. მექანდაკეებს იგი ტახტზე მჯდომარე გამოესახათ, საწვივე-სამკლავეებით, სამკერდე ჯავშნითა და მარჯვენა ხელში დაჭერილი მუზარადით. მის ფეხებთან კატისებრი მხეცი იწვა, არც ბოლომდე ვეფხვი, არც ბოლომდე ლომი და მნახველს ყურადღებით მისჩერებოდა. კერპის წინ მუხლებზე დამხობილი ქალის სხეული ჩანდა. აზო ნელი ნაბიჯით წავიდა მისკენ. მისი საჭურვლის ხმა ჩუმ ტაძარში კარგად ისმოდა, თუმცა ამან ქალის ყურადღება მაინც ვერ მიიქცია. ქურუმს, დაჩოქილს, შუბლი იატაკზე ედო. ცივ ქვაზე სიარულისგან აწითლებული, გრძელი ტერფები უჩანდა. აზოს ამის დანახვაზე, ნასიამოვნებს გაეღიმა. - მაშ არ ტყუიან, კაბის ამარა დადიხარ მართლაც! დედაკერტა ახლაღა გამოფხიზლდა და აზოს გამოხედა. - მეფეო, სწრაფად მობრძანებულხარ! - თქვა მან ღიმილით და აზოსთან შესაგებებლად ფეხზე წამოდგა. მათეთრებლით გაღიავებული და წელს გარშემო თოკით შემოკრული კაბა იმაზე მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე ხუროთმოძღვარმა თქვა. იგი უმკლავოც იყო. მეტი მოკრძალების გამოსახატად, აზოს წინ დამდგარმა დედაკერტამ ორივე ხელი გულზე დაილაგა და თავი მეფეს ასე დაუკრა. - ვიცოდი რომ ეს ტაძარი ულამაზესი გამოვიდოდა, მაგრამ ენით აღუწერლად აღტაცებული ვიყავი, როცა დილას დასრულებული ვნახე. წლების განმავლობაში ავკაპის ერთადერთი ტაძარი ბაკნისში იდგა, კარგ ადგილას, მაგრამ ულამაზოდ ნაშენი. შეურაცხმყოფელიც კი იქნებოდა ჩვენი ღმერთისთვის, ახლა კი ისეთივე დიდებული ტაძარი აქვს, როგორც ქართლის ღმერთებს! აზო უსმენდა და თან ტაძარს ათვალიერებდა. დედაკერტას ისევ შეხედა, როცა ის ლაპარაკს მორჩა. აზოს სიმაღლე იყო, თუმცა გამხდარი სხეულის გამო მაღალი ჩანდა. აზოსთვის მაინც მიმზიდველი იყო ეს გამხდარი სხეულიც, ქალის ლამაზად აპრეხილი ცხვირიც და კოხტა წითელი ტუჩებიც. - მიხარია რომ ასეთს გხედავ, გამოცოცხლებულს, - ღიმილით უთხრა აზომ, - პირველად რომ გნახე, ისეთი სევდიანი ვინმე იყავი, დაბნეული და ქალობაში ახალი შესული. დედაკერტამაც გაუღიმა. ის თუ რამდენად ლამაზი იყო მისი ღიმილი, იმდენადვე გასაოცარი იყო, რამდენადაც ის, თუ როგორ შეიძლებოდა ასე ავკაპის ქურუმს გაეღიმა, იმ ღმერთის ქურუმს, რომლის მსახურებაც ძალადობრივ და ხშირ მსხვერპლშეწირვებს ეფუძნებოდა. - მართლაც არ იყო ბედნიერი დრო. დიავერდა, ვინმცა დედასავით გამზარდა და ავკაპის ქურუმობის გზას შემაყენა, ცოტა ხნის მკვდარი იყო. მთავარ ქურუმად მე დავრჩი, ბაკნისს კი ავკაპის მადიდებლები ყოველკვირეულად აკლდებოდა. გვეშინოდა, რომ მალე მსხვერპლშესაწირად აღარავინ გვეყოლებოდა, შუასკნელში ისედაც სუსტად მყოფი ავკაპი კი, წყალობას მოგვაკლებდა... მაგრამ მადლობა ბედის მწერლებს, შენ გამოჩნდი, მეფეო! - დედაკერტამ აზოს ხელზე ხელი მოჰკიდა, - შენი ძალისხმევით, დევნილი ღმერთისთვის ჯერ კიდევ იწირება მსხვერპლი. აზოს ნელ-ნელა გამომეტყველება შეეცვალა და რაღაცის გამო მოიღუშა. დედაკერტამ თანაგრძნობით უთხრა: - განწყობას ავი ფიქრები გიშხამავს, ჩემო მეფეო. გამიზიარე და შეიმსუბუქე რა საზრუნავიც არ უნდა იყოს! აზომ თავი გააქნია და ნელი ნაბიჯით აუზს აუყვა. სამსხვერპლოსთან გაჩერდა და ავკაპის კერპს პირდაპირი მზერა მიაპყრო. - მისი ხელქმნილი მხეცები მჭირდება, - ხმამაღლა, თითქმის ყვირილით თქვა აზომ, - ლაშქარი ორფეხა ურჩხებისა! აზო ცოტა ხანს შეჩერდა, დედაკერტამ კი, უკვე მეფეს ყურადღებით მიჩერებულმა, მას გაგრძელება აცადა. - ბევრი კაცთა სამეფოა ჩემის მეზობლად და ურიცხვი მათ გარშემო. იქ დიდებული მამასახლისები და მეფეები მბრძანებლობენ, ძლევამოსილი მებრძოლები მრავლად მსახურებენ თავის ბატონებს. მათგან ბევრთან უკვე გავმართე სასახელო ბრძოლა და ორთაბრძოლა. ხუნანის, ურბნისის, რუსთავის ურჩი მამასახლისები ხმალში გამოვიწვიე და სამივე საკუთარი ჯარების თვალწინვე დავამარცხე, ორჯერ მოვიგერიე ველური ზითრიოხების შემოსევა, ბარდავი დავლაშქრე, უხვად ტყვე წამოვასხი და მრავლად განძი ჩამოვიტანე. თუ ამ გამარჯვებებმა ჩემი სახელი მხოლოდ მეზობელ სამეფოებში გაიტანა, მალე სირიას, სპარსეთსა და გალაციას მივაწვდენ მას, ბოსფორის სამეფოსა და ეგვიპტეს! - ჭეშმარიტად დიდებული მიღწევები გაქვს, მეფეო! აზო გაღიზიანებული მოუტრიალდა დედაკერტას. - რატომ ვერ ხედავს, რასაც მისთვის ვაკეთებ? რატომ არ მეცხადება, როგორც ამას პირველი შეხვედრის დროს დამპირდი? არავის, ამქვეყნად არავის ისეთი ამაგი არ გაუწევია მისთვის, როგორიც მე! - დაიძახა და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა დედაკერტას. - სუსტია ავკაპის შუასკნელში მყოფობა, მეფეო. უსამართლობაა მისთვის ასეთი მოთხოვნების წაყენება, როცა ის იდევნება როგორც ღარმათისგან, ისე ბევრისგან კაცთა სამყოფში. აზო კვლავ დატრიალდა და ისევ დედაკერტასკენ გაეშურა. - ქართლი ერთადერთი სამეფოა კაცთა სამყოფში, სადაც ავკაპის თაყვანისცემა არ ისჯება. ხალხს ყოველკვირეულად გიგზავნი, მისთვის სამსხვერპლოდ. უზარმაზარი, მდიდრული ტაძარი ავუშენე, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები, დიდკაცნიცა და გლეხებიც, ამით გაჯავრებული არიან!.. - მეფეო, რამდენი უკურნებელი ჭრილობა მომიშუშებია შენთვის მისი ძალით? რამდენჯერ გიბრძოლია აბჯარში, რომელის აწევასა და გადატანას ჩვეულებრივ ორი კაცი მაინც სჭირდება ხოლმე? ავკაპი იმდენს იძლევა, რამდენსაც ჩვენ ვაძლევთ. მისი ძალები ულევი არაა. შენთვის მხეცების საბოძებლად, უფრო მეტი მსხვერპლი დასჭირდება და მეტი მადიდებელი. - რამდენად მეტი? - მოუთმენლად ჰკითხა აზომ. - ქუჩა-ქუჩა შეგროვებული გლახაკების, თუნდაც ტყვედ ჩაბარებული ჯარისკაცების მსხვერპლად შეწირვა, რა თქმა უნდა, ასევე წყაროა, რომლითაც ავკაპი ძლიერდება, მაგრამ მეტის თხოვნისას, მეტიც უნდა მიიღოს. მის სახელზე კეთილშობილი, სახელოვანი ხალხის სისხლი უნდა დაღვარო, დიდკაცებისა, ან თავისუფალ მეთემეთა და ქალაქელთა, ასევე მათი ოჯახებისა და მათი ჩვილებისა. აზო გაგონილმა შეზარა და დედაკერტას ცოტა ხნით ფართოდ გახელილი თვალებით მიაშტერდა. გლახაკთა დამნაშავეთა მსხვერპლად შეწირვას შეგუებულს, ჩვილებისა და უდანაშაულო ხალხის შეწირვის ხსენებამ მეფე შეაძრწუნა. დედაკერტამ ეს კარგად შეამჩნია. - სულ ცოტა, ისიც მეტად გააძლიერებდა ავკაპს, - თქვა მან, - თუკი მას ეთაყვანებოდა არა ვისაც უნდა, არამედ სამეფოში მცხოვრებთაგან ყველა და ყოველი. აზომ მძიმედ ამოისუნთქა. - გავაკეთებდი მაგას, მაგრამ ქართველების ზნე მაფიქრებს. ძილმორეული ღარმათისა და ზადენის და მათი მოყვარე ღმერთების თაყვანისცემას ჯიუტად აგრძელებენ. ავკაპის თაყვანისცემა სავალდებულო რომ გამოვაცხადო, ვიცი ბერძნები გონიერად განსჯიან და ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც მათ ავნებს, ქართველები კი, დარწმუნებული ვარ, სწორედ იმიტომ გაჯიქდებიან, რომ მე მოვითხოვ მათგან ავკაპის თაყვანისცემას. მცხეთაში ბევრია ბერძენი დიდებული, მაგრამ ქართლის სხვა ქალაქებში უმრავლესობა მაინც ქართველები არიან. ამიტომაც ყოვნდება ის საქმე, რომლის გაკეთებასაც მთავაზობ. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა. აზო, თავის ფიქრებში გართული, აუზის კიდეს ისევ კარისკენ გაუყვა, დედაკერტა კი წარბშეჭმუხნული მისჩერებოდა მას. - თუკი ვინმე მეფის ბრძანებას არ ემორჩილება, - თქვა მან ბოლოს, - მეფე მას საკადრისად დასჯის და დასჯის ისე, რომ ეს ავკაპსაც ეამოს. აზო დედაკერტას აუზის მეორე ბოლოდან მიაჩერდა, ცოტა ხანს უყურა და მისი ნათქვამის პასუხად მხოლოდ ამოიხვნეშა. - ორ კვირაში კახთა ქვეყანაზე გავილაშქრებ. თუ მამასახლისი დადურქი ცოცხლად ავიყვანე ტყვედ... მსხვერპლად ავკაპს შევწირავ. - ეჭვიც არ მეპარება შენს წარმატებაში, ჩემო მეფეო, - უთხრა დედაკერტამ, რომელიც ამასობაში მასთან მისულიყო. აზომ მთავარი ქურუმის ორივე ხელი დაიჭირა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად ეამბორა. - ჩემი მოსასვენებელიც ახალი დამთავრებულია, - ისე ეუბნებოდა, რომ მისი ხელები არ გაუშვია, - უკვე ნახე? - ცალი თვალით შევიჭყიტე, - გაუცინა დედაკერტამ. - მაშინ გამიძეხი და მეც მანახე!   III.                     (1.1)   თბილი გამოდგა იმ წლის ზამთარი. აზომ კახეთში ექვს ათასამდე მეომრით ილაშქრა. ამათ შორის იყვნენ მცხეთელი, კარგად შეიარაღებული დიდებულები, მეტ წილად შუბ-ფაროსანი აზოს მხლებლები და ქალაქელი მოლაშქრეები, საომრად საბრძოლო ნადავლის გამო წასულები. აზომ ალაზნის დაბლობის ყველა ქალაქს ერთნაირი პირობა შეუთვალა, დანებებოდნენ, სანაცვლოდ კი არცერთი კახის სისხლი არ დაიღვრებოდა. კახთა მამასახლისებს ერთობა არ ჰქონდათ. თელავის მამასახლისი, დადურქი, მიუხედავად აზოს შეთავაზებისა და იმის გამო, რომ დახმარება სხვამ არავინ მოინდომა, მცხეთის მამასახლისს თურდოს ჭალებში შეებრძოლა. ამაყი მამასახლისის ორჯერ უფრო მცირე ჯარი ქართლელებმა მხოლოდ მცირეოდენი ძალისხმევით დაამარცხეს. დადურქი ტყვედ ჩავარდა, აზო კი თელავში ისე შევიდა, რომ წინააღმდეგობა მისთვის არავის გაუწევია. თელავის აღებაზე ხმის გავრცელების შემდეგ, დიდი დრო აღარ გასულა იქამდე, ვიდრე სხვა კახი მთავრებიც მორჩილების შესახებ სიტყვას შემოუთვლიდნენ. თითქმის ორ კვირაში, ყველა მათგანმა ერთგულება შეჰფიცა აზოს, თავის მეფედ აღიარა, სამეფო გადასახადის გადახდაზე დასთანახმდა და სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, ნებისმიერ ომში, რომელშიც ქართლის ჯარიც იომებდა. თელავის ახალი მამასახლისი და უხუცესთა საბჭო ქართლელთა მორჩილი ხალხისგან შედგა, დადურქი კი, სხვა დიდკაც ტყვეებთან ერთად, აზომ გალიებით წაიყვანა მცხეთაში. გამარჯვებულ მეფეს დედაქალაქი მოზეიმე დაახვედრეს. ჯარი მტკვარს ამოუყვა. თავში აზო მოდიოდა, ამალითურთ. მის უკან დიდებულები და ტყვეები. ამათგან ყველაზე სასახელონი, ანუ დადურქი და რამდენიმე სხვა დიდებული, გალიით მოჰყავდათ, რათა ხალხს უკეთ დაეთვალიერებინა და საკუთარი მეფის გამარჯვების მნიშვნელოვნება გაეცნობიერებინა. მოჰქონდათ ნადავლიც, საჭურვლისა და კახთა ნაჩუქარი პირუტყვისა, თუ სხვა ძღვნების სახით. ამათგან პირუტყვი იქამდე გადენეს დიღმის ჭალების მიმართულებით, ვიდრე აზო მტკვარზე გადებულ ხიდს გადაკვეთავდა და ქალაქში შევიდოდა. ლამაზი იყო მცხეთა. აქაური სახლები ორ, ან სამ სართულად, უფრო ხშირად ქვით იყო ნაშენი და წითელი კრამიტით გადახურული. უმნიშვნელოვანესი ქუჩები ხშირად ნაწილობრივ მაინც იყო რიყის ნათალი ქვით მოკირწყლული. უბნები ერთურთზე მიჯრით იდგნენ, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მეთუნე-მჭედელ-ხელოსანთა უბნის გამოყოფა და დიდებულთა უბნისგან. აბანოები, სავაჭრო მოედნები და ქარვასლები, მოგზაურთსაბინავებლები, ზოგიერთი ტაძარი, ან ბაღები ამათ შორის იყო განაწილებული. მოსახლეობის ნაწილი მიწათმოქმედება-მეცხოველეობითაც იყო დაკავებული. ესენი არაგვის მარცხენა სანაპიროზე, წიწამურში სახლობდნენ. დედაქალაქს ჩრდილოეთიდან ღართისკარბებრის, სამხრეთიდან ავჭალის და დასავლეთიდან სარკინის სიმაგრეები იცავდა. აზოს სასახლე არაგვის მარჯვენა სანაპიროს უკანასკნელ მონაკვეთზე იდგა. გარს გალავანი ჰქონდა შემოვლებული და ქალაქის შიგნით არსებულ ციხეს წარმოადგენდა. გაღებულ კარიბჭესთან აზოს მეფის მოხელეები, მათგან უმთავრესი, პოლითესტე და ავკაპის მთავარი ქურუმი, რამდენიმე მოწაფესთან ერთად, დახვდნენ. პოლითესტე ჰიდრათებოსი ბერძენ ვაჭართა ოჯახიდან იყო, დაახლოებით აზოს ასაკისა. მეფეს მან წლების განმავლობაში უმსახურა და დიდი ქონებაც დააგროვა. ჰყავდა ცოლიცა და სამი ქალიშვილიც. გრძელი ცხვირისა და მოკლე ნიკაპის დაფარვას წვერით ცდილობდა და ეს ხერხი ახლა თითქოს მუშაობდა კიდეც, მაგრამ სანამ წვერი ჯერ კიდევ მეჩხრად ამოსდიოდა, მეფის კარზე „ნამგალი“ შეარქვეს. ეს მეტსახელი მას საიმედოდ მიეწება, თუმცა მისი თანდასწრებით, რა თქმა უნდა, მას არავინ იყენებდა. სასახლის წინ შეკრებილნი ტაშისკვრითა და ხოტბით დაუხვდნენ გამარჯვებულ მეფეს. პოლითესტემ, რამდენიმე სხვა მოხელემ და დედაკერტამ სათითაოდ მიულოცეს ბრწყინვალე გამარჯვება. სწორედ დედაკერტა ათვალიერა აზომ ყველაზე მეტხანს, ნასიამოვნებმა. გალავნის შიგნით შენობათაგან უდიდესი სანადიმო იყო, ორსართულიანი, ქვით ნაშენი, რომელსაც უწინ სატახტოც გააჩნდა. აზოს მისი დარბაზი ეპატარავა და ცალკე სატახტო აიშენა, უფრო დიდი დარბაზით და მეტჩუქურთმიანი სვეტებით. მას დიდებულ სატახტოსაც ეძახდნენ. დიდებული სატახტო და სანადიმო ერთმანეთის მიმართ თითქმის კუთხეებით იდგა. მათ შორის არსებული სივრცე მეფის მოსასვენებელს ეკავა. იქამდე მეფეს მსახურები გაუძღვნენ, ბაღზე გამავალი ქვის სავალაკის გავლით. ნამგზავრ მეფეს, დასვენება სჭირდებოდა. საღამომდე არ შეწყდა ფუსფუსი და მიმოსვლა სასახლის ეზოში. მსახურები მას დიდი ნადიმისთვის ამზადებდნენ. როცა მიწისა და მზის კიდეები ერთმანეთს შეეხნენ, სახლებიდან მობრუნებულმა დიდკაცებმა დიდებული სატახტოს გავსება დაიწყეს. აქ არამარტო მცხეთელი, არამედ ქართლის უმსხვილესი ქალაქების მთელი დიდკაცობა შეკრებილიყო. მათ შორის ნალაშქრევებიც იყვნენ და ისეთები, რომელთაც მეფე, მისი საომრად წასვლის შემდეგ არ ენახათ. ამათ მსახურებს, ძღვნები ეჭირათ, მეფისთვის გამზადებული. აზოს გამეფების შემდეგ, ქართველთა გარდა სხვა ტომელნიც მრავლად იყვნენ მცხეთელთა შორის, უმეტესწილად ბერძნები. ამათი ჩაცმის წესი თითქმის აღარ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, თუმცა ტალავარები და ტუნიკები, სანდლები და წაღები მაინც განირჩეოდნენ ერთმანეთისგან შორის. ზოგიერთი ტალავრის მკერდისა და ზურგის ნაწილები ჯერ კიდევ მზის, მთვარისა და ვარსკვლავების, ქართველთა ღმერთების სამბრძანებლოების გამოსახულებებით იყო მოქარგული, ძვირფასი, სხვადასხვა ფერის ძაფებით მორთული. როცა დარბაზი თითქმის გადაჭედილი იყო, გამოჩნდა აზოც. მას სალაშქრო სამოსი ძვირფასი, წითელ-წაბლისფერი, აბრეშუმის კვართით ჩაენაცვლებინა. წელს გარშემო სქლად ნაქსოვი ქამარი ერტყა, ადგილ-ადგილ ძვირფასი თვლებით გამშვენებული. სივიწროვის მიუხედავად, დიდებულებმა მაინც მონახეს ადგილი აზოსთვის გზის მისაცემად. სანამ მეფე აუღელვებელი სახით თავისი ტახტისკენ მიდიოდა, ხმამაღალი ტაშისკვრაც ასმენინეს ქვეშევრდომებმა. აზოს ტახტის საზურგე ორჯერ უფრო მაღალი იყო იმ ადგილიდან სადაც თავი ჰქონდა მიდებული და საიდაყვეებიც სამჯერ უფრო ფართო იყო, ვიდრე მისი იდაყვები. დასაჯდომის მხრიდან ტახტს მატყლით გატენილი ტყავი ჰქონდა ამოკრული, მუხის ხეში რკინის ლურსმნებით ჩატანებული. კარგად დამუშავებული ხის თითქმის მთლიანი ზედაპირი სხვადასხვა ჩუქურთმებად იყო გათლილი. სირბილისთვის დამატებით ბალიშები ელაგა, საზურგესა და საიდაყვეებთან. აზო ამ ტახტზე მუხლებგაშლილი დაჯდა და ოდნავ დაბლა ჩაცურდა მოსასვენებლად. ტაშისკვრა მიჩუმდა და აზომ დუმილი შეწყვიტა: - ჩემი სამეფო დღეს დიდ გამარჯვებას ზეიმობს. ჩვენ ვილაშქრეთ კახეთში, საკმაოდ მცირერიცხოვანი, მაგრამ გულადი მებრძოლებით შემდგარი ჯარით. რთულ და მოულოდნელად გამართულ ბრძოლაში ჩემი დიდსულოვანი შეთავაზების უარმყოფი, ურჩი კახები დავამარცხეთ. ამით დაინახეს ჩვენი სამხედრო წესის აღმატებულობა კახთა მამასახლისებმა და ერთგულება, მორჩილება შემომფიცეს. მეტისმეტად პატარაა ეს სამყარო, იმისთვის რომ ამდენი წვრილ-წვრილი ტომი ცალკეულად ცხოვრობდეს, ამდენი მეფე მეფობდეს. მეტისმეტად ბევრი დადებითის მომტანია ერთობა, მისთვის უარის სათქმელად. მე არ დამიჩაგრავს კახები, ისევე როგორც არ დამიჩაგრავს ქართლელნი. ჩემი სამეფოს მოქალაქეობა თანაბრად სასარგებლოა დიდკაცებისა და გლახებისთვის, ქართლელთათვის და კახთათვის და სხვა ტომთათვის, რომლებიც მომავალში ჩემ მიერ მართულ მიწებზე იცხოვრებენ. ესაა ის აზრთა ერთობლიობა, რომელიც ყველა ამ დარბაზში შეკრებილს გვაერთიანებს და ამის გამოა, რომ სიხარული ანათებს თქვენს სახეებს, ისევე როგორც ჩემს გულს. როგორ არ უნდა მიხაროდეს, როცა ვიცი, რომ ურთიერთსასარგებლო მიზნისთვის სამარადჟამოდ ერთად ვიღვაწებთ, ერთმანეთის გვერდით. ყოველმა თქვენგანმა მრავალჯერ მომილოცა დღეს გამარჯვება და გილოცავთ მეც, რადგან ჩემი სამეფოს გამარჯვება, ყველა თქვენგანის გამარჯვებაა! დარბაზში ისევ ტაშმა იხუვლა. აზომ თავი დააქნია, თავაზიანად გაიღიმა და პოლითესტეს გადაულაპარაკა: - მინდა ეს სიტყვა ექვსწყრთიან ქვის ლოდზე ამოიტვიფროს. ან ავკაპის ტაძარში დავდგამ, ან აქვე, სასახლეში. პოლითესტემ თავი დაუქნია და ახლა მან მონახა თავისი ქვეშევრდომი, ბრძანების გადასაცემად. როცა მობრუნდა, დიდებულებს განუცხადა, რომ ძღვნების წარდგენა შეეძლოთ მეფისთვის. პირველნი აზოსთან ადუას გვარისანი მივიდნენ. ამათ ფიცხი მეომრების სახელი ჰქონდათ შექმნილი. მათგან სამი აზოს ახლდა კახეთში ლაშქრობისას და ყოველდღიურ სამოსში აზოსავით ახალი შემოსილები იყვნენ. - შენი ძლიერებით აღტაცებულნი ვართ, ბატონო, - დაიწყო მათგან უფროსმა ძმამ, დოგარმა, - შენი მაგალითით – უფრო ძლიერნი. ეს ქანდაკება ჯადოსნური ფასკუნჯისა მხოლოდ მცირედია იმ პატივისცემის გამოსახატავად, რომელსაც ყოველი ჩვენგანი შენდამი განიცდის, მეფეო! მიიღე ძღვენი, ნიშნად ჩვენი ერთგულებისა! დოგარმა ყველაზე სახიფათო, მტაცებელი ფრინველის ლითონის ქანდაკება, დაახლობით ორი მუშტის ზომისა, თავის მეფეს გადასცა. - შენს ერთგულებას ვაფასებ და შენს სიმამაცეს პატივს ვცემ. შენი და შენი ძმების თავდადებას არაერთხელ შევსწრებივარ ბრძოლის ველზე. გმადლობ, ამ საჩუქრისთვის! შემდეგი სუპრიმე თეოფობოსი იყო, აზოს მთავარი მეჭურჭლე და სამეფოს შინაგან საქმეებში კარგად ჩახედული პიროვნება. პონტოდან მცხეთაში ქალიშვილის გათხოვების გამო ახალი ჩამოსული თეოფობოსები ჯერ კიდევ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. აზოს სუპრიმემ გალიაში მოთავსებული, ინდოეთიდან ჩამოყვანილი მაიმუნი აჩუქა. ასეთი ცხოველი ქართლელი ადამიანის ცნობისმოყვარეობას აღვივებდა, ვინაიდან აქაურ ბუნებაში მსგავსი არაფერი ბინადრობდა და შესაბამისად ძვირფასი ნაკეთობისა, თუ სამკაულის ფასიც ედო. კიდევ ერთი ბერძნული გვარის წარმომადგენელი რიტისთვინე ითაკიოტი იყო. ითაკიოტებს მიწები ჰქონდათ შენკევანში, ზედაზნის ჩრდილოეთ ფერდებზე. მათ მიწებზე ორი თემი სახლობდა და მოსავლის ნაწილს მიწის პატრონს აძლევდა. თავად რიტისთვინე კარგი მებრძოლი იყო. სამეფოში ერთ-ერთ მუდმივად მზადმყოფ რაზმს, რომლებსაც უმეტესტიწლად აზოს, მეფის მხლებლებს ეძახდნენ სწორედ რიტისთვინე ედგა სათავეში. მან ლამაზი ბრინჯაოს სატევარი უძღვნა მეფეს. უწინ ამ იარაღით შეიძლებოდა ებრძოლათ კიდეც, მაგრამ ფოლადის მახვილი დღეს მარტივად გაჭრიდა სპილენძისა და კალის რბილ შენადნობს. თავისებური ფერის და ძვირფასი ქვა-ლითონებით დამშვენებული ტარის გამო სატევარი სასახლის დერეფნების, ან დარბაზების დასამშვენებლად უფრო გამოდგებოდა, ვიდრე ბრძოლის დროს სახმარად. მცხეთელ გვართაგან აზოსთვის მეტად საყვარელთაგან კიდევ ერთნი, გურაჯგის გვარისები იყვნენ. ამათგან უფროსს, გუგრატს, ზეიმების დროს ჩუმ, სხვამხრივ კი სასტიკ ადამიანს, აზოს მხლებლებზე უფრო მცირერიცხოვანი, მაგრამ მეტად ბრძოლისუნარიანი, მუდმივად მზადმყოფი რაზმი ებარა. ეს რაზმი აზოს ყველაზე საიდუმლო ბრძანებებს ასრულებდა და გუგრატის გავლენა კი მასზე იმდენად ძლიერი იყო, რომ ხშირად სწორედ გუგრატის რაზმადაც კი მოიხსენიებდნენ. აზოს ძღვნები მიართვეს ასევე რახტარძმა, სადარას გვარისამ - წუნდელმა დიდებულმა, რუსთაველებმა - სარუგოლის გვარისებმა, კვამშის და ბენდეს გვარისებმა და სხვა დიდებულებმა. მსახურებს დროულად გაჰქონდათ უხვი ძღვენი, რადგან ამდენის დატევას ისედაც გადავსებული სატახტო ვერ შეძლებდა. თითქმის საათი დასჭირდა ძღვნების გადაცემის დამთავრებას და შემდეგ მეფემ და დიდებულებმა სანადიმოში გადაინაცვლეს. დარბაზი სადაც ქვის მაგიდები ელაგა არაგვის ბოლო მონაკვეთს გადაჰყურებდა. ღამე იყო, მაგრამ მდინარის ლივლივის გარჩევა მთვარის შუქზე მაინც შეიძლებოდა. სანადიმოდ გაშლილ მაგიდებზე ელაგა ნახშირზე შემწვარი და ღუმლებსა და თონეებში გამომცხვარი გოჭისა და ძროხის მწვადები, პური, მწვანილი, ხახვი და სხვა ბოსტნეული. იყო ყველიცა და კარაქიც, ნივრითა და მწვანილით გაზავებული. მერიქიფეებს სამნაირი ღვინო ჰქონდათ ჩამოსასხმელად გამზადებული. მაგიდაზე გამოყენებული ჭურჭლიდან იყო როგორც ბრინჯაოს თასები და ლანგრები, ისე თიხისა, თეფშები და ჯამები. მსახურები დროებით გაიკრიფნენ და მეფესა და დიდკაცობას საშუალება მისცეს ადგილები შეერჩიათ დასაჯდომად. სულ იდგა სამი მაგიდა, ამათგან ერთი უფრო მოკლე იყო და ორისგან განცალკევებით იდგა. მას აზო მიუჯდა. თავისგან მარჯვნივ პოლითესტე, სუპრიმე და გუგრატი დაისხა, თავისგან მარცხნივ ადუას გვარისებისგან უფროსი ძმა და კიდევ ორი, გამორჩეულად საყვარელი დიდებული. დანარჩენი ორ დიდ მაგიდაზე გადანაწილდა. ნადიმის დაწყებისკენ შეკრებილებს პოლითესტემ მოუწოდა და ლაშქრობაში სადა საკვებს მიჩვეულმა ხალხმა მონატრებული, გამოცდილი მზარეულების მიერ მომზადებული კერძების ჭამა მოუთმენლად დაიწყო. თავიდან ჭურჭლის წკარუნის ხმა მეტად ისმოდა და ლაპარაკი ნაკლებად, შემდეგ კი, როცა სული ოდნავ მოითქვეს, ადამიანის ხმამაც მეტად გაავსო დარბაზი. აზოს მწვადის ნაჭერი ედო თეფშზე, თუმცა ძალიან ნელა და უხალისოდ ჭამდა, ეტყობოდა სხვა საფიქრალიც ჰქონდა. - ჩემი რაზმი სრულ მზადყოფნაშია, მეფეო. როცა ისურვებ მაშინ გამოაცხადე, რაც ჩაგიფიქრებია, - ეუბნებოდა გვერდით მჯდომი გუგრატი. აზომ თავი დააქნია. - ასე იყოს, მაგრამ, დაე, ჯერ ინადიმონ! ღვინო პირველ სადღეგრძელომდე ცალკეულად არავის დაულევია. პოლითესტემ შესაბამისი დროის მოახლოვება გუმანით იგრძნო და თავის მეფეს გადაულაპარაკა: - პირველით, როგორც სჩვევიათ, ღარმათს ადიდებენ, მეფეო, ხომ არ მიბრძანებ მე ვთქვა შენი და შენი სამეფოს სადღეგრძელო? - სამეფოსი რომ თქვა, ქართველთა მფარველი ღმერთებისას მაინც დააყოლებენ, მაგრამ მართალი ხარ, ასე აჯობებს. თქვი! პოლითესტემ ბოლო ლუკმა გადაყლაპა და ფეხზე წამოდგა. სანამ საუბარი და ხმაური არ შეწყდა, დიდებულებისკენ არ გაუხედავს. თავი ჰქონდა დახრილი და მაგიდას დაჰყურებდა, თითქოს იქიდან კითხულობდა სადღეგრძელოდ რა ეთქვა. პოლითესტეს წამოდგომის შეუნიშნაობა შეუძლებელი იყო, ხოლო ვინაიდან მეფესთან დაახლოებული და პატივსაცემი პიროვნება იყო, მოქეიფეებმა სწრაფად შეწყვიტეს ჭამაც და საუბარიც. - თითქმის თხუთმეტი წელია ჩვენი სახელმწიფო წინსვლისა და გაძლიერების გზას ადგას. თითქმის თხუთმეტი წელია ჩვენს სახელმწიფოს ოსტატური ხელმძღვანელობა არ მოჰკლებია. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა იმ სამეფოსთვის, რომელსაც ხარბი მამასახლისი, სამარა და მისი ავი ძმა ფარნაჯომი მართავდა დღევანდელი სახე მიეღო. მაგრამ მიიღო და განვითარდა... - აქ პოლითესტემ სიტყვა გაწყვიტა და აზოს მიბრუნდა, - განვითარდა შენი მონდომებითა და მცდელობით! დიდებულებმა წამით ჩამოვარდნილი სიჩუმით ისარგებლეს და ტაშისკვრა ატეხეს, თუმცა მათ შორის ჩანდა უკმაყოფილოთა სახეებიც. უკმაყოფილოთა იმით, რომ სადღეგრძელო პირველ რიგში ღმერთებისა არ შეისვა. აზომ თავშეკავებულად გაუღიმა ჯერ პოლითესტეს, შემდეგ დიდებულებს და მზერა, იმისთვის რომ ენიშნებოდა, შეეძლოთ ტაში შეეწყვიტათ, სუფრის მეორე ბოლოში, გაურკვეველ ადგილს მიაპყრო. - გამჭრიახობით და ღონით დაუჯილდოვებიათ ღმერთებს ჩვენი მეფე. საბრძოლო საქმეში იმაზე მეტი იცის, ვიდრე ნებისმიერმა ჩვენგანმა, ღმერთების მსახურებაში კი – ყველაზე მოხუც მთავარქურუმებზე მეტი, - აქ პოლითესტე ისევ აზოს მიუბრუნდა, - უდიდესი პატივია შენი მსახურება, მეფეო და ბედნიერებაა მწყემსის ყოლა, რომელიც ფარისა და თავის კეთილდღეობაზე ერთნაირად ზრუნავს. გაგიმარჯოს, დიდხანს გემართოს! დადგა ჟამი, როცა მეფისთვის ხოტბა ყველას სათითაოდ უნდა შეესხა და ედღეგრძელებინა იგი. რიგი ჯერ აზოს გვერდით მჯდომებზე გადავიდა, შემდეგ კი დიდ მაგიდებზე. რაც უფრო მეტ მათგანს ჰქონდა სადღეგრძელო ნათქვამი, მით მეტად უჭირდა მომდევნოს რაიმე ისეთი მოეფიქრებინა, რაც ჯერ კიდევ არ თქმულიყო. უჭირდათ, მაგრამ მაინც გამოსდიოდათ, რადგან გამოცდილება დიდი ჰქონდათ. - ვუყურებ და უნებურად მეფიქრება, რამდენი ამათგანი გაიფუჭებს, ან სულაც გაათავებს ცხოვრებას, ფასეულობებისა და სიჯიუტის გამო. ამიტომაც გაფასებ შენ, პოლითესტე. ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდე, ყველა შესაძლო შედეგს წონი და ისე იქცევი საკუთარ თავს რომ არ ავნო! - სადღეგრძელოებს შორის ეუბნებოდა პოლითესტეს აზო. უკანასკნელმა მეფემ შესვა და ქეიფი განახლდა. ღვინის სმა სადღეგრძელობის გარეშე გააგრძელეს, ვისაც როგორ მოსწყურდებოდა. ძალიან ცოტა ხანი იყო პოლითესტეს სადღეგრძელოდან გასული, როცა ფეხზე რახტარძი წამოდგა. იგი დიდ მაგიდაზე იჯდა, აზოსგან ერთი კაცის დაშორებით. ეს ახალგაზრდა მამაკაცი იყო, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობისა და აღნაგობისა. ასაკით ოცდახუთისა თუ იქნებოდა. სანამ ჭამისგან მოწყვეტილ უკმაყოფილო მოქეიფეების მიჩუმებას უცდიდა, კარგად მოვლილ, ხშირ, წაბლისფერ წვერსა და გრძელ, ფუმფულა ულვაშებს ცალი ხელით აწვალებდა. - მართალი სიტყვა თქვა გონიერმა პოლითესტემ და შენს თაობაზე, მეფეო, წეღანაც ჩემი სათქმელი დავამატე. სადაც მეფის სადღეგრძელო ისმება, ღმერთების სადღეგრძელოც უნდა შეისვას! - ამის თქმა იყო და დიდებულებში მოწონების ხმები გაისმა. აზო ღმერთების გაგონებისთანავე მოიღუშა და თავის მაგიდასთან მსხდომთა გასაგონად თქვა: - ხომ ვიძახდი, თავისი ღმერთების ხსენების გარეშე არ გაჩერდებიან-მეთქი?! - ახლა ის გამოჩნდა, ვინაა მისი უერთგულესი! - უთხრა გუგრატმა და რახტარძზე ანიშნა. წუნდელმა დიდებულმა ამასობაში სადღეგრძელო გააგრძელა: - ქართველთა მფარველ ღმერთებს გაუმარჯოს! დიდება ყოველი ღმერთის ბრძენ ომისმოძღვარ ღარმათს და მის მამაც, დევთა და ქაჯთა მმუსვრელ ვაჟებს, ბაადურს, კოპალას, იახსარს, მის ერთგულებს – გაცსა და გაიმს, სამაგალითო სიყვარულით შემტკიცებულებს, წვიმა-ცეცხლის ღმერთებს – არმაზსა და ზადენს, ღმერთთა დიდოსტატ მჭედელს – შავხანს, სხარტსა და მოქნილ კვირიას, ლამაზსა და სათნო ბარბოლეს, მკურნალსა და მაცოცხლებელ სამძვარს, დასაწყისისა და დასასრულის მბრძანებელ ქალღმერთებს, აინინას და დანინას, ხალისიან, სიცოცხლისმოყვარე აგუნას, ბრწყინვალე მოისარ დალის და სკნელთა მეუფის სხვა ერთგულ ციურთ, ქართველთა მოდგმის მცველთ და შემწეთ! - თქვა ეს და ღვინით სავსე თასი დაცალა რახტარძმა. სადღეგრძელო, ამისებრ ჩამოყალიბებული სახით, სხვათა მიერაც ხშირად გამოიყენებოდა და ჩვეული იყო როგორც უბრალო ხალხისთვის, ისე შეძლებულთათვის. სიბილწედ და მკრეხელობად მიიჩნეოდა ლხინისას ღმერთების დავიწყება. ამ დიდებას მოკლებულმა დიდებულებმა, ნაკლები სიტყვის დამატებით, მაგრამ მეტი სიხარულით დალიეს, ვიდრე წინა სადღეგრძელოს დროს. - იციან რომ ავკაპს ვაღმერთებ და არც კი ახსენებენ! - ჩაიცინა აზომ და მეტი გაღიზიანება დაეტყო. გუგრატმა ეს რომ გაიგონა მელოტი თავი რახტარძისკენ მიაბრუნა და სუფთად გაპარსულ სახეზე ხელი მოისვა. როცა რახტარძიც დაჯდა და სხვა დიდებულებიც, ყოველგვარი ღიმილის გარეშე მიმართა: - მიხარია იმის ცოდნა, რომ სადღეგრძელოებშიც გაწაფული ხარ. გამიგონია, წუნდაში ვისაც დიდკაცს ეძახიან იგიც გლეხებთან ერთად უღელსაა შემდგარი და მიწას ხნავს. კარგია, რომ მჭევრმეტყველებისთვისაც გცალიათ! მაგიდის მეორე ბოლოში გუგრატის ნათქვამი არავის გაუგონია. ისინი თავისას ლაპარაკობდნენ. რახტარძისა და გუგრატის გარშემო მსხდომთა შორის კი ხანმოკლე სიჩუმე ჩამოვარდა. ზოგმა ჭამაც კი გააგრძელა და ამ ორს თვალი აარიდა. თავად რახტარძი, არა იმდენად ნაწყენი, არამედ გაოგნებული მისჩერებოდა გუგრატს. დუმილი აზომ პირველმა დაარღვია და გუგრატის ხუმრობის მოწონების ნიშნად ისე გაიცინა რახტარძისთვის არც შეუხედავს. მეფეს უმეტესად თავისი დაახლოებულნი აჰყვნენ. დანარჩენებმა არჩიეს შექმნილ ვითარებას სრულად განრიდებოდნენ, ერთმანეთში საუბრითა და საპირისპირო მიმართულებით ყურებით. რახტარძის სახე, აზოს სიცილის გაგონებამ სწრაფად შეცვალა. გაიღიმა და თავადაც გაიცინა, თუმცა საგრძნობლად ყალბად. წეღან თუ გაოგნებული იყო, ახლა ეტყობოდა ვარაუდი ჰქონდა და იმაზე ეჭვობდა. - მარტო ეგ არა, - მოჩვენებითი მეგობრულობით უპასუხა მან გუგრატს, - ხმალშიც ხშირად ვვარჯიშობთ წუნდელები. მჭევრმეტყველებას რაც შეეხება, ასეთ ჩინებულ საზოგადოებაში მომხვდარი, მას ნებისმიერი კარგად დაეუფლება. რახტარძმა ასე სცადა შექმნილი მდგომარეობიდან თავი დაეძვრინა. გუგრატი მეფის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი იყო და დაცინვაზე დაცინვით მას ვერ უპასუხებდა. რაღაც პასუხი კი მაინც საჭირო იყო. ამ პასუხის გაცემის დროს, აზომ მხოლოდ ერთხელ შეხედა მას, დასაწყისში. სხვებმაც ნელ-ნელა გაატრიალეს თავები. მხოლოდ გუგრატმა მოუსმინა ბოლომდე და შემდეგ, თითქოს არ გაუგონიაო, ხმადაბლა გადაულაპარაკა რაღაც რიტისთვინეს. რახტარძმა, ვინაიდან არ უყურებდნენ, თავად უყურა მათ კიდევ ცოტა ხანს და დასკვნა გაბროტს, ასევე წუნდელ დიდებულს, გადაუჩურჩულა: - არაა ეს ჩვეულებრივი ნადიმი! ჩემი სადღეგრძელო იწყინა მეფემ და ვერ ვიგებ რა არის ამის მიზეზი. გუგრატმა რაც მითხრა, მეფის საამებლად მითხრა. გაბროტი თხუთმეტი, ან სულაც ოცი წლით უფროსი იქნებოდა რახტარძზე. შეჭმუხნული წარბებით მოუსმინა და უპასუხა: - მაგაში გეთანხმები. მეც ცუდს მიგრძნობს გუმანი. ღმერთების სადღეგრძელოთი უნდა დაწყებულიყო ეს ნადიმი, კეთილი დასასრული რომ ჰქონოდა. აზოს სადღეგრძელოთი დაიწყო და ავი დასასრული ექნება! - კარგ გასაგონ რამეს არ იძახი! - ვიცი, მაგრამ ასე მეუბნება გუმანი. რაც ავკაპი, ღარმათის მტერი გააღმერთა აზომ, მას შემდეგ უცხო გახდა თავისი დიდკაცობისთვის. აქამდე არმომხდარი რამეა მცხეთის მამასახლისი ქართველთა ღმერთებს თაყვანს არ სცემდეს. ეს იმის გამოა, რომ ბევრი უცხოტომელი ჩაიყენა სამსახურში და ბევრიც უღირსი ქართველი. ვიცი ბევრს არ მოსწონს საქმის ასეთი ვითარება, თუმცა უმეტესად ქართლის სხვა ქალაქებში. მცხეთაში მეტისმეტ ფუფუნებაში ცხოვრობენ მდიდარი გვარები და მოდუნებულნიც არიან. - ჩვენებური ხალხია, ვისაც არ მოსწონს! - თქვა რახტარძმა და ცოტა ხანს გაჩუმდა, - სიმართლე გითხრა არ მსიამოვნებს აქ ყოფნა. მთრგუნავს ჩემს გარშემო ამდენი ზღუდე. მცხეთა თვითონაც დიდი ქალაქია, გალავნიანი, ამ ქალაქის შუაგულში მდგომ სასახლეს კი დამატებით თავისი გალავანი აქვს და სამ გალიაში გამომწყვდეული მგონია თავი. შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში კიდევ რამდენიმე სადღეგრძელო შეისვა. მედოლენი და მესტვირენი წუთით არ აჩერებდნენ თავის საკრავებს. მსახურებს მუდმივად შემოჰქონდათ საკვებით სავსე ახალი ლანგრები, ძველები კი, უკვე დაცარიელებული – გაჰქონდათ. მხოლოდ მწვადის ორი ნაჭერი წაძიძგნა აზომ ნადიმის დასაწყისში და მას შემდეგ, ღვინის გარდა, პირი არაფრისთვის დაუკარებია. სულ უფრო იშვიათად ლაპარაკობდა და მოღუშული სახით ჭერს მიშტერებოდა. გარკვეულ წამს მძიმედ ამოიოხრა, ცდილობდა რა მისთვის ამოეყოლებინა ძლიერი ღელვა და ხმამაღლა, ბოხი ხმით თქვა: - არ შეიძლება!.. საუბარი და ჭამა ჯერ აზოსთან ახლოს მსხდომებმა შეწყვიტეს, შემდეგ კი დიდი მაგიდის ბოლოში მსხდომებმა. ამას გაცილებით უფრო ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე ნებისმიერი წინა მოსაუბრის ფეხზე წამოდგომას. პოლითესტემ დამკვრელებს ხელით ანიშნა დარბაზი დაეტოვებინათ. როცა ყველა ხმა მიწყდა, აზომ გააგრძელა: - არ შეიძლება ერთი სამეფო თაყვანს ერთმანეთის მტერ ღმერთებს სცემდეს! - აზო ნელა და გამოთქმით ლაპარაკობდა. თვალებში არ უყურებდა არავის. დიდებულთა სახეებზე გაოგნება და ზოგისაზე შიში გამოისახა. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაეგოთ, საით მიჰყავდა აზოს, მაგრამ ავი წინათგრძნობა ჰქონდათ. - ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი პატივს მივაგებდი ღარმათს და მის მოკავშირე ღმერთებს, ისევე როგორც სხვა ქართველები და მისი მტრების მიმდევრებს კი თავად ვდევნიდი. გვიან გავაცნობიერე, რამდენად ხელმომჭირნეა ღარმათი თავისი მიმდევრების მიმართ... - აქ მეფემ ატეხილი ჩოჩქოლის გამო შეწყვიტა. ერთიან ხმაურში რამდენიმე სტუმრისგან აზოს ნათქვამის საპირისპირო გაისმა, რამაც იგი ძლიერ გააღიზიანა. - კმარა! - დაიღრიალა აზომ და ფეხზე წამოიჭრა. მაგიდას იგი ხელებით დაეყრდნო და მათკენ, თავდასასხმელად მზადმყოფი ჯიქივით გადაიხარა. ჩოჩქოლი დროებით მართლაც შეწყდა. - ნუ მაიძულებთ... - აღელვებით თქვა აზომ, - ნუ მაიძულებთ ის გავაკეთო, რისი გაკეთებაც არ მინდა! ფარნავაზის გვარისები, სამარა და ფარნაჯომი, ავი და ქვეყნის მტარვალი ძმები, ჩვენ ერთად მოვიცილეთ, მრავალ ბრძოლაში ვიდექით ერთად და მრავალ სუფრას – ვუსხედით. ყოველი თქვენგანი მეძვირფასება და არ მინდა ის ჩემი მტერი გახდეს კარგად მოისმინეთ, რასაც ვიძახი და სწორი არჩევანი გააკეთეთ! ამჯერად აზო ხან ერთს გაუყრიდა თვალში თვალს, ხან მეორეს. დიდებულებმა დროებით მოთოკეს აღშფოთება, მაგრამ მეფეს არანაკლებ მძვინვარე სახეებით მიაჩერდნენ. - ავკაპი წარმოუდგენელ წყალობას იძლევა თავისი თაყვანისცემის სანაცვლოდ. იგი არის ძლიერების საუკეთესო წყარო, გამარჯვებებისა და დალხინებული ცხოვრების მოპოვების უნაკლო საშუალება. - ბევრსაც ითხოვს სანაცვლოდ და ზედმეტს. ნგრევის ღმერთია ავკაპი და კეთილის დანთქმით ძლიერდება, - უთხრა ვებედემ, კვამშის გვარისამ, შუახნის დიდებულმა, - რატომ მოითხოვს კეთილშობილთა სისხლს, ძალადობრივად დაღვრილს? ჩვილთა სისხლს? იმიტომ რომ ბოროტებაა თავისი ბუნებით... - ავკაპს ეძახი ბოროტს? ყველაზე ბოროტი, მოუსვენარი, ავი ღმერთია ღარმათი! არცერთ ღმერთს იმდენი სხვა ღმერთის სამბრძანებლო არ დაურბევია, რამდენიც ღარმათს. სხვა ციურთა ჩაგვრა უხარია და კაცთათვის მცირედაც არ სცალია! ვებედემ კიდევ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ აზოს ხმამაღალმა ყვირილმა გადააფიქრებინა. - ავკაპი არის მთავარი ღმერთი ქართლისა! იგი ჩემი ღმერთია და უნდა იყოს თქვენი ღმერთიც! ვინც მისთვის თაყვანის ცემას არ აპირებს, ახლავე თქვას! გაფრთხილებთ, თქვენსავე თავს ნუ ავნებთ! აზო თითქოს არჩევნის საშუალებას უტოვებდა დიდებულებს და თან კი ემუქრებოდა. პირველმა გაოგნებამ გადაუარათ დიდებულებს და ახლა ერთმანეთს უყურებდნენ, იმის გაგების იმედით, თუ რა პასუხის გაცემას აპირებდნენ სხვანი. - აშკარაა, კარგ ბედს არ დააწევს იმათ, ვინც სწორ არჩევანს არ გააკეთებს! - თქვა რახტარძმა გაბროტისა და რამდენიმე გარშემომჯდომის გასაგონად. მცირე ყაყანის შემდეგ, სარუგოლის გვარისებიდან უფროსმა ყველას ხმა გადაფარა: - შენ დიდი ხანია ავკაპს მსახურებ და კარგად გესმის იმ არჩევნისა რაც გააკეთე. რამდენიმე კვირა გვაცალე ჩვენც გავეცნოთ ამ ღმერთს და ასე გადავწყვეტთ. რა საჭირო იყო მთელი ქართლის უმდიდრესი გვარების ერთად შეყრა და ასეთი განცხადების აქ გაკეთება? აზომ უკვე დამშვიდებულმა, მაგრამ ჯერ კიდევ მოღუშულმა უპასუხა: - რამდენიმე კვირა გაცალოთ? რათა ლაშქარი შეკრიბოთ და სამარას გზას გამიყენოთ? - მან თავი გააქნია, - არა, არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოთ! - და თუ არ ვაღიარებთ? ავკაპის მსახურების ნების დართვის გამო ქართლში გვალვები დაიწყო. მალე სრულად გააქრობს წვიმებს ღარმათი. ყანები რით მოირწყვება? ხალხი რით დარწყულდება? აზომ მხრები აიჩეჩა. - მაგაში ვერანაირ ცუდ ამბავს ვერ ვხედავ. ჩვენიდან არც ისე შორ სპარსეთში სულაც წვიმის გარეშე ცხოვრობენ! - შეწყვიტეთ! - დაიყვირა ბენდეს გვარისებისგან უფროსმა და ფეხზე წამოიჭრა, - ვერ ხვდებით, განა, რა ხდება? - იგი უშუალოდ დიდებულებს მიმართავდა და არა აზოს, - ეს კაცი პაპათა ღმერთების ღალატს, არა გთავაზობთ, არამედ გაძალებთ! რა დაგემართათ? ჩვენ ვართ ასნი თუ ის? ნუთუ უარის თქმაზე მერყეობთ? ასე გალაჩრდით? - მართალს იძახის! - მხარი აუბეს კვამშის გვარისებმა და ასევე ფეხზე წამოდგნენ, - არანაირ ავკაპს ჩვენს ღმერთად არ ვაღიარებთ! ამათ აჰყვნენ სხვა დიდებულებიც, დაახლოებით ათნი. ეს რიცხვი კვამშისა და ბენდეს გვარის გარდა, კიდევ სამმა შეადგინა. სხვანიც ნაწილობრივ წამოიშალნენ, თუმცა ძნელი გასარკვევი იყო, რომელი მათგანი იდგა ფეხზე ნიშნად აზოსთან უთანხმოებისა და რომელი – იმის გამო რომ თითქმის ყველა ფეხზე იდგა. ამ დროის განმავლობაში გუგრატსაც არ ეძინა. როცა შეამჩნია დარბაზში მალე შეიძლებოდა სრული არეულობა დაწყებულიყო, თავისი რაზმისთვის ახმობინა. წამების შემდეგ, სრულად აღჭურვილმა მებრძოლებმა დაიწყეს დარბაზის გავსება. გუგრატის რაზმელები, შავმაოხრებლები, კარგად ამოიცნობოდნენ მათთვის დამახასიათებელი ბრინჯაოს მუზარადით, რომელიც მოხაზულობით ძალიან ჰგავდა რკოს. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, რკოსავე ყუნწივით, ამ მუზარადების წვერზე ცალი ბუმბული ემაგრათ. აბჯარი მათ მკვრივი, მრავალ ფენად შეკერილი ტყავისა ეცვათ. თუმცა ჩვეულებრივ, ხმლებს გუგრატის რაზმელები მეორად იარაღად ატარებდნენ, ძირითადად კი შუბებს იყენებდნენ, ახლა, დახურულ სივრცესა და სივიწროვეში, მხოლოდ სწორედ ხმლები ეჭირათ. მათ კედლის გასწვრივ დაიწყეს მწკრივად დალაგება. შეიარაღებულთა დანახვამ დიდებულებში კიდევ უფრო მეტი ალიაქოთი გამოიწვია. რახტარძმა უნებურად საპირისპირო მიმართულებით გაიხედა, არაგვისკენ და წამით წყალში გადახტომაზეც კი იფიქრა. - როგორ ბედავ? - ბრაზით ყვიროდა რამდენიმე. მეფე და გუგრატი ცალკე თათბირობდნენ რაღაცაზე. ნაწილს პოლითესტემაც მოუსმინა, შემდეგ კი დიდებულებს მიმართა: - ჯარისკაცები აქ უსაფრთხოებისთვის არიან. ძალის გამოყენებას არ ვაპირებთ. ვინც საუბარზე თანახმა არაა დარბაზის შუაგულში გამოვიდეს!.. - პოლითესტეს სიტყვა დარბაზის ბოლოში შექმნილმა მოძრაობამ შეაწყვეტინა. ხალხის სიმრავლის გამო კარგად არ ჩანდა რა ხდებოდა, მაგრამ ხმაური თანდათან იზრდებოდა და დარბაზს ედებოდა. იმავე წამს ყველა ჯარისკაცი იქით გავარდა. - კაცი მოკლეს! - დაიძახა ერთ-ერთმა მათგანმა გუგრატის გასაგონად. ამ უკანასკნელმა გაოცებით მოიხედა. რამდენიმე წამი დასჭირდა ნათქვამის გასაცნობიერებლად. აზოს სახე კიდევ უფრო დაუნაღვლიანდა, როცა მიხვდა, რომ ეს ღამე უსისხლოდ არ გათენდებოდა. სინდისი ტანჯავდა, მაგრამ სხვანაირად მოქმედების შესაძლებლობას ვერ ხედავდა. - ნურავის მოკლავთ, მხოლოდ დაჭერით, აბჯარი არ აცვიათ! - დაიძახა გუგრატმა. იმ დიდებულებს, რომლებმაც წეღან პირდაპირვე უარი განაცხადეს ღარმათის თაყვანისცემის შეწყვეტაზე, მართლაც მოეკლათ ერთ-ერთი გუგრატის რაზმელი. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის სატევარს არასდროს იცილებდნენ ქართველი დიდკაცები. ზოგს მისი ქარქაში მაჯაზე ჰქონდა დამაგრებული, ზოგს მკერდზე. ყველაზე მოულოდნელ წამს უცბად იშიშვლეს იარაღები. მათთან ყველაზე ახლოს მდგომ რაზმელს ყველაზე ნაკლებად გაუმართლა. ერთდროულად სამი სატევარი გაუყარეს, ორი ყელში და ერთი იღლიაში. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა სანადიმოდ გაშლილ მაგიდასა და კედელს შორის. საწყისი წარმატების მიუხედავად, ბრძოლას დიდებულთა უმეტესობა გაეცალა, მათ შორის გაბროტიცა და რახტარძიც. მათგან არავის აბჯარი არ ემოსა, ფარები არ ჰქონდათ. მიუხედავად დიდი საბრძოლო გამოცდილებისა, მხოლოდ დროის ამბავი იყო, როცა ჯარისკაცებმა, გუგრატის მითითებისამებრ დაჭრილები დაფანტეს ფიცხი დიდებულები. აზო მათკენ არ იყურებოდა. მთელი სხეულით არაგვისკენ გატრიალდა და სანამ დაჭრილები დარბაზიდან არ გაიტანეს, არ გამოძრავებულა. დიდებულები უწყვეტად ჩურჩულებდნენ ერთმანეთში. ზოგს ბრაზი ახრჩობდა, ზოგი გლოვობდა. ეს ჩურჩული შეუმჩნევი არ დარჩენიათ აზოსა და მის უახლოეს თანამზრახველებს. პოლითესტემ საჭიროდ ჩათვალა იგი მალევე შეეწყვიტა: - მეფეს თქვენგან ფიცი სჭირდება, რომ უმსახურებთ ავკაპს და არა ღარმათს. ამის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენ-თქვენ მამულებში გაბრუნდეთ, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში თითო მსხვერპლი უნდა გამოგზავნოთ ავკაპისთვის! წამით დიდებულები ისევ აჩურჩულდნენ. აზომ ეს დრო თავის სკამზე ხელახლა დასაჯდომად გამოიყენა. ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ გადატანილი ღელვა და სინდისის ქენჯნა ერთიანად ეტყობოდა. შემდეგ დიდებულები მაგიდის ორივე მხარეს გადანაწილდნენ და დაიჩოქეს, პირით აზოსკენ. მარჯვენა ხელი ჰაერში აღმართეს და ფიცი ერთხმად წარმოთქვეს. ერთგულება აღუთქვეს როგორც ავკაპს, ისე აზოს. ამის შემდეგ ისევ ფეხზე წამოდგნენ. აზო ცდილობდა ყველა მათგანის თვალებში ჩახედვა მოესწრო, იმის მცდელობაში ყველას გულწრფელობაში დარწმუნებულიყო. რახტარძს რომ შეხედა, ცნობისმოყვარეობა განსაკუთრებულად გაუღვივდა. - რახტარძ! - პირდაპირ მას მიმართა, - დღევანდელ სუფრაზე შენ იყავი პირველი, ვინც ღარმათისა და მისი მოკავშირე ღმერთების სადღეგრძელო დალია. შემიძლია, ამის მიუხედავად, შენი ერთგულების იმედი მქონდეს? წუნდელმა დიდებულმა რამდენიმე წამი უხმოდ უყურა აზოს. - მეფეო, სუფრის დასაწყისში ამ სადღეგრძელოს თქმა უბრალოდ ჩვეულებაა. მე არ ვიტყოდი – სხვა იტყოდა. ერთგულებას საქმით დაგიმტკიცებ, როცა ორი კვირაში მსხვერპლსაც გამოვგზავნი და შენს შემდეგ ლაშქრობებშიც, შენს გვერდით ვიქნები! აზომ კმაყოფილად დააქნია თავი.   IV.                    (1.2)   ნადიმმა დიდი ალიაქოთი შექმნა მთელს სამეფოში. შემდეგი დღის დილიდანვე ქალაქის მთავარ მოედნებზე გამოცხადდა მეფის გადაწყვეტილების შესახებ და რომ ახლა ყველა მოქალაქე, ვინც უარს იტყოდა ავკაპის თაყვანისცემაზე დამატებით გადაიხდიდა გადასახადს. საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად მცხეთასა და სხვა ქალაქებში მეციხოვნეთა და შავმაოხრებელთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დანაყოფების ახალწვეულებით შევსება სანამ მოესწრებოდა, ციხეები რომლებიც მათ ჩვეულებრივ ეკავათ, თითქმის დაცარიელდა. სიახლე ამ წუთისთვის არ შეხებიათ თავისუფალ თემელთ, რომლებიც ქალაქებისგან მოშორებით ცხოვრობდნენ, საკუთარ თემისბერებს ირჩევდნენ, ერთმანეთში ურთიერთობას თავად აგვარებდნენ და აზოს მიმართ ვალდებულნი, აღიარებდნენ რა მას საკუთარ მეფედ, მხოლოდ სამხედრო სამსახურით იყვნენ. მცხეთაში უკვე არსებობდა ავკაპის მიმდევართა საკმაოდ დიდი ჯგუფი. პატარ-პატარა კერები არსებობდა რუსთავსა და ხუნანშიც. მიუხედავად ამისა, სუპრიმე მაინც ფიქრობდა, რომ უმეტესობისთვის ახალი კანონი ძალიან უეცარი იყო და ხალხს ამ აზრთან შესაჩვევადაც კი დრო სჭირდებოდა. გადასახადების აკრეფას ღარმათის მიმდევრებისგან, სამეფო ნახევარ თვეში დაიწყებდა. პირველივე დღეებში ცალკეული შემთხვევები მოხდა, როცა უკმაყოფილო მოსახლეობამ იარაღით ხელში, მოედნებზე შეკრება და სხვათა მოწოდებაც დაიწყო. იყო შემთხვევებიც ავკაპის მიმდევრების ცემისა, ან სულაც მკვლელობისა. აზოს ჯარისკაცები ყველა ასეთ დარღვევას დროულად უმკლავდებოდნენ და ხალხის უკმაყოფილებას უფრო მეტი ძალის მოკრებას არ აცლიდნენ. ნადიმიდან სამ დღეში, აზომ ათივე ტყვე დიდებული და დადურქი ავკაპის ტაძარში აიყვანა, სარკინეში. თან მხოლოდ გუგრატის რაზმელებისგან შემდგარი ამალა ახლდა, ტყვეების სატარებლად. მთელი ქურუმობა ტაძარში გამოეფინა. მსხვერპლშეწირვას დედაკერტა თავდავიწყებით ხელმძღვანელობდა. მათ ჯერ ლოცვით დაიწყეს, რომელშიც ხანდახან მეფესაც რთავდნენ. მთელი ტაძარი განათებული იყო, გარდა ავკაპის ქანდაკებისა. საკლავი სრულად იყო გაშიშვლებული და მხოლოდ პირაბმულ-ხელფეხშებოჭილი. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცებს გამუდმებით მათი დაკავება უწევდათ, რადგან მათგან უმეტესობა წამითაც არ ისვენებდა და როგორმე თავის დახსნას ცდილობდა. როცა მსხვერპლშეწირვის დროც მოვიდა, დაიწყეს ავკაპისთვის ნაკლებად მოსაწონი დიდებულებით, ანუ მათგან ყველაზე ღარიბებით და ნაკლებ მნიშვნელოვნებით. ამავე დროს, ქურუმებმა ანთებული ზეთის სანათები ტაძრის ყველა ნაწილს მოაშორეს და ავკაპის ქანდაკების გარშემო განალაგეს. მისი შეღებვა უკვე დაესრულებინათ და იგი იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ გარკვეული მანძილიდან ცოცხალსაც კი ჰგავდა. მისი აბჯარი საგანგებოდ ზეთით იყო დაზელილი, რათა განათებაზე ლითონივით ელაპლაპა. საკლავს აუზის კიდესთან ორი ჯარისკაცი აკავებდა, ყელს კი აზო ღადრავდა დედაკერტას მიერ გადაცემული, შავი დანით. აზოს იგივე წუხილი აღარ ეტყობოდა რაც ნადიმზე. მის სახე მხოლოდ მოთოკილ მრისხანებას ასხივებდა. თავის თავთან უკვე საბოლოოდ გადაეწყვიტა, რომ რაიმეს შეცვლა უკვე გვიანი იყო და იმ გზაზე უნდა დარჩენილიყო, რომელიც აერჩია. ყოველ ახალ გვამს ჯარისკაცები აუზის კიდეზე იმგვარად გადაჰკიდებდნენ, რომ უსულო სხეულიდან შიგ რაც შეიძლება მეტი სისხლი ჩაწურულიყო. როცა სამსხვერპლოზე დადურქი დააყენეს, აზო შეჩერდა და ავკაპის ქანდაკებისკენ შეტრიალდა. - ძლევამოსილო ღმერთო, სისხლისა და ხორცის მძერწავო, ავკაპ, მსხვერპლად გწირავ ქართლის ხალხისგან უკეთილშობილესებს... - აქ მან ის დიდებულები ჩამოთვალა, რომლებიც უკვე დაეკლა, - და მსხვერპლად შეგწირავ დადურქს, თელავის მამასახლისს, სახელიან მეომარსა და მმართველს. მამასახლისის მსხვერპლად შეწირვა მართლაც ერთ-ერთი უმაღლესი შეთავაზება იყო ავკაპისთვის. ქართველებში მამასახლისი და მეფე, თუმცა სრულად ერთსა და იმავეს არ ნიშნავდა, მნიშვნელოვნებით ერთმანეთის თანასწორ წოდებად აღიქმებოდა. თავისი სიტყვების დასადასტურებლად აზო მოტრიალდა და სწრაფი მოძრაობით გამოსჭრა ყელი დადურქსაც. მისი უსიცოცხლო სხეული იმწამსვე აუზში გადაეშვებოდა, ჯარისკაცებს რომ არ დაეჭირათ. მეფე ისევ თავის ღმერთს მიუბრუნდა: - ეს ჩემი ძღვენია შენდამი, რათა შემამჩნიო, რათა გადმომხედო და გამომეცხადო! რათა იცოდე, რომ არ გყავს სკნელში უფრო მეტი მოკავშირე ვიდრე მე! აზომ ცოტა ხანს თვალებში უყურა ავკაპის ქანდაკებას. აშკარა იყო რაღაცას ელოდა. ცოტა ხანში ქურუმებმა ლოცვა განაახლეს. მეფემ გაოგნებით შეხედა მათ, შემდეგ კი ისევ ავკაპს. ბოლოს ვეღარ მოითმინა, დედაკერტას სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და მკლავში ხელი ისე ძლიერად მოუჭირა, რომ მთავარმა ქურუმმა უნებურად დაიკვნესა. - რა ხდება? - ბრაზით ჰკითხა აზომ? - რას გულისხმობ? - დედაკერტას ამ წუთისთვის მკლავის გამოთავისუფლება უფრო ადარდებდა, ვიდრე დასმული კითხვები. - რაც შევწირე არ იყო საკმარისი, რათა გამომეცხადოს? დედაკერტამ ცოტა ხანს პირღიამ უყურა, შემდეგ კი ჩაეცინა. - მეფეო, სულსწრაფი ხარ! რამდენიმე დღე მოითმინე და გამოგეცხადება! ავკაპი ღმერთია და სკნელთა მეფეებზე მეტად დაკავებულიც. მსხვერპლის შემწირავს, შეწირვის თანავე ვერ გამოეცხადება. ამან აზო დააშოშმინა და ოდნავ მოერიდა კიდეც თავისი ბრაზისა. ქალის მკლავს ხელი უხმოდ გაუშვა და უწინდელ ადგილზე გადაინაცვლა. დედაკერტამ დალურჯებული მკლავი ხელით დაიზილა და ტუჩზე იკბინა. ტკივილს იგი აღტაცებაში მოჰყავდა, იმისგან დამოუკიდებლად თავად სტკიოდა, თუ – ავკაპის რომელიმე მსხვერპლს.   V.                       (2.)   მთიულეთიდან ფხოვისკენ გზა ფხაულის ხეობას მიუყვებოდა. მთიულეთზე გამავალი მთელი გზის შუაგულში, მთის ფერდაზე ერთ-ერთი სოფელი იყო შეფენილი. სულ ოცამდე სახლი იდგა და მათ შორის კიდევ წვრილ-წვრილი ნაგებობები. სოფლის პირი ზედ გზის კიდეზე იყო გასული. ერთ-ერთი ასეთი სახლის წინა კედელთან გადებულ ფიცარზე შუახნის მთიული იჯდა და მეორე ზრდასრულს ესაუბრებოდა, ოღონდ მდგომარეს. ტალავარებზე, დასათბუნებლად, მატყლის უმკლავო ქურთუკები მოეცვათ. ზამთრის ბოლო მოახლოებულიყო, მაგრამ მთაში თოვლი ჯერ კიდევ იდო და, სულ ცოტა, თვე, დნობის გარეშეც გასტანდა. უქარო ხეობაში მდინარის ხმისა და სოფლელების შორეული ლაპარაკის გარდა ბევრი არაფერი ისმოდა, ამიტომ გზასთან მყოფი ორი მთიულის ყურადღება მარტივად მიიქცია ფეხის ხმამ. მომავლები ჯერ კიდევ გზის იმ ნაწილზე იყვნენ, რომელსაც ტყე ეფარებოდა და არ ჩანდნენ. - კიდევ მგზავრები? - გაკვირვებით იკითხა ფეხზე მდგომმა მთიულმა. - შეიძლება ჩვენიანებიც იყვნენ, - თქვა მჯდომარემ, ერთი დაიოხრა და თავადაც წამოდგა. გზაზე ორი ქვეითი გამოჩნდა. ერთი შედარებით ჩასკვნილი იყო და მსხვილი. მთიულთა მსგავსად მასაც მატყლის ქურთუკი ეცვა და ფაფახი ეფარა. მეორე შედარებით მაღალი იყო და ნაკლებ კუნთიანი. მას შავი, წვივებამდე ნაბადი ჰქონდა მოხვეული, თავად წვივებზე კი - მატყლის პაიჭი დახვეული. მასვე აღვირით ვირი მოჰყავდა, ზედ გადაკიდული ბარგით. - გამარჯობა, თქვენ! - გასძახა ერთმა მთიულმა, როცა მგზავრები სახლს გაუსწორდნენ, - საით მიდიხართ? მგზავრები წამით შეჩერდნენ და მთიულებისკენ მოტრიალდნენ. - ფხოვში, ბიშურში, - უპასუხა ჩასკვნილმა, ულვაშიანმა. - გუშინ რომ ქართლელებმა ჩაიარეს იმათ ხომ არ ჩამორჩით? - არა, ცალკე ვართ, მაგრამ სამი დღეა ვიღაცის კვალს ვადგავართ. ალბათ ეგ იქნებიან ის ქართლელნი, რომლებსაც გულისხმობ. მთიულმა თავი დააქნია. - ბარიდან აყრილი თემია. გაჭირებულა მათთან ცხოვრება. დასასახლებლად ადგილს ეძებენ. ჩვენ ვერ დავიტოვეთ, მიწა და საძოვარი აქ ცოტაა, - თქვა და წამით გაჩერდა, - თქვენ საიდან მოდიხართ? - ეგრისიდან მოვდივართ, შინ ვბრუნდებით. კავკასიონის ქედს მოვყვებით არგვეთიდან. - დარჩით ცოტა ხანს, ლუდი დალიეთ, ყველი და ხმიადი ჭამეთ! - შესთავაზა მთიულმა. ულვაშიანმა კითხვით გადახედა თავის თანამგზავრს. მან ტუჩები მოკუმა და თავი გააქნია. - დიდად გმადლობ, მოწვევისთვის, მაგრამ დიდი გზა გვაქვს წინ. ვერ დავრჩებით. მთიულმა მხრები აიჩეჩა. - თავად უკეთ იცით. მშვიდობით იმგზავრეთ! - უთხრა მან და დამშვიდობების ნიშნად ოდნავ დახარა თავი. სოფელს სანამ არ გამოცდნენ ჩუმად იარეს ორივემ. - რა იყო, ბუდუ, გინდოდა ლუდი? - ჰკითხა მაღალმა ულვაშიანს, - მთაში მოწყენილია ზამთარში კაცი. უცხოს რომ გამოიჭერს ვინმეს, ასეთი მასპინძელი, იქამდე აღარ გაუშვებს, სანამ მთელი ამ და იმ ქვეყნისას არ მოაყოლებს. რომ დავთანხმებულიყავით, ხვალამდე ვეღარ წამოვიდოდით. - მესმის, - ნელა ამოისუნთქა ბუდუმ, - მაგრამ განსაკუთრებულად მეზარება ეს გზა. ნებისმიერი საბაბი მაწყობს გასაჩერებლად. ბავშვობაში ერთი სული მქონდა ბარი მენახა, არაფერზე ვწუწუნებდი, ახლა კი ყოველი გადადგმული ნაბიჯი შემძულდა. გაისად აღარც ჩამოვიდე, შეიძლება. მაღალმა ღიმილით გააქნია თავი. - იქამდე კი მთა მოგბეზრდება და მაინც ჩამოხვალ! - არა, რატომ? თითქმის ჩამონგრეული მაქვს ძველი ბოსელი. ახალი მექნება მალე დასადგამი. ზამთრამდე არაფერი უჭირს, მერე კიდე დავრჩები და ახალს ავაშენებ. - რომ ჩახვალ უარეს დღეში შეიძლება დაგხვდეს ეგ ბოსელი. - არა. ზამთარში იყინება მიწაც და წყალიც. შენობები ისე აღარ ზიანდება. რომ ატალახდება მიწა და წვიმა, რომ წამოვა, ის აუბედურებს... - გამომართვი, ერთ წამს, აღვირი და დამელოდე! - უეცრად უთხრა მაღალმა და ვირის აღვირი ხელში მისცა ბუდუს. ბუდუმ აღვირი დაიჭირა. არაფერი უკითხავს, ისედაც მიხვდა. ნაბდიანი ტყისკენ წავიდა, მისი თანამგზავრი კი გზის კიდეს მიუახლოვდა და ხევში ჩაიხედა. იქ ალაგ-ალაგ ამოსული ნაძვებისა და ბარდების გარდა, მდინარემდე არანაირი მცენარეულობა არ ხარობდა. მეტისმეტად დამრეცი იყო კლდე. ხევის თვალიერება რომ მობეზრდა, ტყისკენ გამოიხედა. მისი ამხანაგი ჯერ კიდევ არსად ჩანდა. - რა შენსავით დიდხანს ფსამს? - უთხრა ბუდუმ ვირს. რამდენჯერმე კიდევ რომ მიმოიხედა, გზის დათოვლილ ზედაპირზე ცვლილება შენიშნა. ცოტა ხანს ათვალიერა და შემდეგ დაიყვირა: - ფარნავაზ! ფარნავაზმა მალევე უპასუხა: - რა ხდება? - ქართლელებმა სად გადაუხვიეს, ხომ არ შეგინიშნავს? ამჯერად ფარნავაზს იქამდე არ უპასუხია, სანამ ტყიდან არ გამოვიდა. - აღარაა კვალი? - იკითხა მან და თავადაც გზას დახედა. - მარტო ორი კაცის. დანარჩენმა გადაუხვია სადღაც. - ვა! - თქვა ფარნავაზმა, თუმცა არ ეტყობოდა, რომ აღმოჩენა ძლიერ ადარდებდა, - ალბათ მაღალმთიან სოფელში ავლენ სადმე. ადგილს არ ეძებენ? - რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა ბუდუმ. ფხოველებმა გზა გააგრძელეს. ძალიან ცოტა გაიარეს, როცა აღმოაჩინეს მათ წინ მიმავალთა კვალის შეწყვეტის მიზეზიც. - ჭირსაც წაუღია, გზა ჩაუმეწყრავს! - წამოიძახა ფარნავაზმა. გზის ათადლიანი მონაკვეთი მართლაც გამქრალი იყო. მის ადგილას მხოლოდ სალი კლდეღა მოჩანდა. - დასწყევლოს ღმერთმა! - კიდევ ერთხელ შეიცხადა ფარნავაზმა, სანამ ბუდუმ მას შემოუარა, რათა უფსკრულისთვის თავადაც შეეხედა. - კარგი, გეყოფა! რა დაგემართა? ვერ გავივილით? - თქვა მან და კლდეს მიაჩერდა. მთაში გაზრდილ, ციცაბო ბილიკებზე ნავალ ადამიანს მართლაც შეეძლო ისეთი ადგილების გადაკვეთა, რომელიც სხვას გადაულახავად მოეჩვენებოდა. - მე და შენ კი გავივლიდით, მაგრამ ვირს ვერ გადავიყვანთ! - მწუხარებით თქვა ფარნავაზმა. რამდენიმე ხანს ორივე უხმოდ მიაჩერდა უფსკრულს გადაღმა დარჩენილ გზას, თან ახლოს მდებარესა და თან მიუწვდომელს. - რა ვქნათ? ფარნავაზმა ხანმოკლე ფიქრის შემდეგ უპასუხა. - იმ სოფელში დავბრუნდეთ, ვიკითხოთ გზა თუ არის შემოვლითი. თუ სულ არ გამოჩნდა გზა ვირიანად დავუტოვოთ ეს ბარგი და დნობის მერე წავიყვანოთ. უზამენ რამეს? - ხალხია, - თქვა ბუდუმ, - ხელი არ წასცდეთ! სუნელები გვიწყვია, შავი საღებავი, ფულიც... ფარნავაზმა მხოლოდ თავი დააქნია, თითქოს იძახდა არც ეგ არის გამორიცხულიო. - კარგი, ჯერ მივიდეთ, ვიკითხოთ და მერე ვნახოთ. სოფლამდე არ იყვნენ მისულები, რომ გადასახვევი შამჩნიეს. - როგორ ვერ დავინახეთ იქითობისას? - გაოცებით იკითხა ბუდუმ. გზა ტყეში შედიოდა და უფრო მეტად იყო მცენარეულობით დაფარული, იშვიათი გამოყენების გამო. - ნახე, აი, კვალიც! - თქვა ფარნავაზმა და მიწაზე მიანიშნა. აშკარა იყო ქართლელებს გზა ამ გადასახვევით გაეგრძელებინათ. ფხოველებმა საჭიროდ ჩათვალეს მაინც დარწმუნებულიყვნენ საით მიდიოდა ის. როგორც გაარკვიეს, გზა ხუთასი საჟენი სიგრძის იყო, ხუთასი ადლი აღმართში, ხუთასი – დაღმართში, სადღაც სამი საათის სავალი. იგი მთის ერთ-ერთ ქიმს უვლიდა და საბოლოოდ მთავარ გზას უერთდებოდა. - ნასოფლარია ქიმის თავზე, - ეუბნებოდათ მთიული, - ბავშვი ვიყავი რომ აიყარნენ მაქედან. ბევრ რამეს იძახდნენ, ზოგმა - ნიადაგი არ ვარგოდაო, ზოგმა – ძლიერი ქარი და სუსხი იცოდაო, ზოგმა - ავსული გაჩნდაო... ზაფხულობით მაინც ავდივართ ხოლმე შეშაზე და უხვად ჩამოგვაქვს. ხელუხლებელი ტყეა მაქეთ და გამხმარი ხე ბევრი გროვდება. არაფერი ავსული მანდ არ გვინახავს. მიუხედავად იმისა, რომ მთიულის თქმით, შემოვლითი გზა მგზავრობას მხოლოდ სამი საათით გაწელავდა, ფხოველები მაინც უარეს გუნებაზე დადგნენ. გზა მთიდან ჩამომავალ ნაკადულს მიუყვებოდა. სივრცე საკმაოდ ფართო იყო, აღმართი კი არც ისეთი ციცაბო. ამის გამო აქ მეტი მიწა და ნაკლები ქვა იყო, ტყეც ხშირი მოდიოდა. ალაგ-ალაგ ხეთა ტოტები გზის თავზეც კი ფარავდნენ ცას. - ნადირი უხვად იქნება, - თქვა ფარნავაზმა რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ. - რა იყო, ხო არ მოგენატრა ნადირის დევნა? - კი. შენ არა? ბუდუმ ზარმაცად გადააგდო უკან თავი. - რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ თავში ჭკუა მაქვს. კლდეებზე საათობით ძრომიალი და ჯიხვების დევნაზე რატომ უნდა ვხარჯო დრო, როცა სახლში მყავს საქონელი. ვინც პირველად ძროხა მოიშინაურა, როგორ იფიქრებდა, რომ ამდენი თაობის შემდეგ ხალხი მაინც ინადირებდა? - ჯიხვი ხომ არ გყავს მოშინაურებული?! - უთხრა ფარნავაზმა ოდნავი ღიმილით, - ძროხა გყავს! - ორივე ჩლიქიანია და ხორციც თითქმის მსგავსი აქვთ. ტახი რომ იყოს, კიდევ გავიგებდი. - არა, არ გიგრძვნია ნადირობის ეშხი და მაგიტომ ამბობ მასე. კვალს რომ იპოვი, რომ მსჯელობ რამდენი ხანი იქნება გასული, რომ გაწყდება, იმას რომ ეძებ საით შეიძლება წასულიყო ნადირი, მერე კი ისარს რომ ისვრი და გაარტყამ... საუკეთესო თავშესაქცევია ნადირობა! თანაც მწყემსმა თავად უნდა აძოვოს თავისი საქონელი, მონადირეს კი კარგი მშვილდისა და რამდენიმე ისრის მეტი არაფერი სჭირდება. - კარგი მოისარი რომ ხარ, კარგია, მაგრამ გირჩევნია ამ ზაფხულს ხმალში ვარჯიშს მიხედო. როცა იქნება, ბრძოლა მოგიწევს და მაგის გარეშე ვერ გადარჩები! ფარნავაზმა უხმოდ გადახედა თავის მეგობარს. ფარიკაობა იცოდა, მაგრამ მართლაც უფრო ცუდად გამოსდიოდა, ვიდრე ფხოველთა უმეტესობას. - ყველა კაცი ხმლის სახმარად არაა დაბადებული! ბუდუმ თავი გააქნია. - არა, ხმლის ცოდნა ნებისმიერს სჭირდება! გასაგებია რომ გიჭირს, მაგრამ სანამ წიქას არ გაუტოლდები ოსტატობით, იქამდე მაინც უნდა ივარჯიშო! - წიქა რა, ის უმცირესია, რომელზე ნაკლებად ხმლის ცოდნაც უკვე დაუშვებელია? - გაეცინა ფარნავაზს. - კი. ეგ ცდილობს და მაგაზე უკეთ მაინც არ გამოსდის. შენ არ ცდილობ. რა გიშლის კიდევ ხელს, იცი? საკმარისად ძლიერი არ ხარ და მალე გღლის ხმალი. საათები კლდეებზე რომ დადიხარ და მშვილდს ჭიმავ, ეგ იმ კუნთებს არ გივარჯიშებს, რაც ხმლის სახმარად გჭირდება! ყველაზე მძიმე ხმალი უნდა ითხოვო რაც სოფელშია და ის ილეთები, რასაც უფროსები გასწავლიან მერე მარტომ აკეთო. უბრალოდ ჰაერში იქნიე ხმალი და ნელ-ნელა გაადვილდება! ფარნავაზს დაეტყო რომ ეს საუბარი მოსწყინდა და ერთი ამოოხვრის შემდეგ თქვა: - ალბათ, ვიზამ ეგრე, ბუდუ, ვნახოთ! დაახლოებით ერთი საათი სიარულის შემდეგ კიდევ უფრო სწორ ადგილზე გავიდნენ, თითქმის ტაფობზე. ამ სიმაღლეზე თხელმა ნისლმა დაიწყო ჩამოწოლა. თოვლი ფეხებქვეშ ხმამაღლა ტკაცუნობდა და უქარობის გამო დადუმებულ ტყეში შორ მანძილზე ისმოდა. ფარნავაზს წამით ვირი გაუჯიუტდა და შეაყოვნა. ამასობაში ბუდუ ათამდე ნაბიჯით გასცილდა მას. ერთ ადგილას იგი შედგა და თავისგან მარჯვნივ პირღიამ გაიხედა. - დალახვროს ღმერთმა! - დაიძახა მან და სატევარი ქარქაშიდან ამოაძრო. - რა ხდება? - გასძახა ფარნავაზმა და ვირს ზურგიდან მშვილდი ააცალა. ბუდუ მისკენ მიტრიალდა და ტუჩებზე თითი მიიდო. - შენ თვითონ არ დაიღრიალე? - თქვა ფარნავაზმა, ამჯერად უკვე ხმადაბლა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ ბუდუ ვერ გაიგებდა. რამდენიმე ისრით ხელში, იგი თავისი მეგობრისკენ წავიდა, თან გზად ლამბს მშვილდის მეორე ბოლოზე აცვამდა. - რა დაინახე? - ჰკითხა ბუდუს ჩურჩულით, როცა ახლოს მივიდა. გზის მარჯვენა მხარეს მცირე ადგილი იყო, სადაც ორი კარავი, კოცონი და ურემი დაეტიათ. კარვები მარვალ ადგილას იყო დაგლეჯილი, კოცონი - ჩამქრალი და გადაჯეგილი, ურემი კი – ამოტრიალებული. თუმცა ბუდუ და შემდეგ ფარნავაზიც შეზარა ასო-ასო აქნილი, დაგლეჯილი გვამების დანახვამ, რომლებიც, გასისიხლიანებულ თოვლსა და მიწაში იყო გადაზელილი. - რა იზამდა ამას? - ჰკითხა ბუდუმ. - მგონია მაცილი, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, - თქვა ფარნავაზმა და ტოტებს მოათვალიერა, - რა ვქნათ, დავმარხოთ რაც ხალხისგან დარჩა? - თუ აქ საჭიროზე მეტ დროს დავყოფთ, მათ შევუერთდებით! ახლავე უნდა წავიდეთ! - რაც არ უნდა ყოფილიყო ეს მხეცი, ამწუთას გამაძღარი იქნება! - ივარაუდა მოისარმა. - თავისი ნადავლის დამარხვის უფლებას მაინც არ მოგვცემს, - თავი გააქნია ბუდუმ, - არა, მე მივდივარ და ვირიც მიმყავს. შენ თუ გინდა დარჩი და დამარხე! სანამ ბუდუ ვირს მოიყვანდა, ფარნავაზი კიდევ ყოყმანობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაჰყვა. სწრაფი ნაბიჯით მიდიოდნენ. თითქოს საფრთხეს ვირიც გრძნობდაო, ადამიანებს ისიც ჩქარა მიჰყვებოდა. ნაბანაკარი თითქმის თვალს იყო მოფარებული, როცა კაცის ყვირილი გაისმა. ხმა ბანაკიდან მოდიოდა. - დამეხმარეთ, აქ არ დამტოვოთ! - ყვიროდა იგი. რამდენიმე ნაბიჯი უკან რომ გადადგეს, გამოჩნდა გადარჩენილიც. საკმაოდ ხნიერი, წვერიანი კაცი იყო და ამოტრიალებული ურმის ქვეშ იწვა. - რატომ აქამდე ხმა არ ამოიღო? - გაბრაზებით თქვა ბუდუმ და მისკენ წავიდა, - მოვიყვან და წავიდეთ! ფარნავაზი ვირთან დარჩა და ხან ხეთა კენწეროებს უყურებდა, ხან ნაბანაკარს. მოხუცი ურმის ქვეშ გაჭედილიყო და ბუდუს დახმარება დასჭირდა გამოსაძრომად. - ღამით მაცილი დაგვესხა თავს. ყველა დახოცა. ჩემდა ბედად ურმის ქვეშ დამალვა შევძელი. ამდენ გვამს შორის ჩემი სუნი ვეღარ იგრძნო, - იძახდა იგი და თან კანკალებდა. უცნობი კარგად ვერც შეეთვალიერებინა, რომ ფარნავაზის ყურადღება ფოთლების შრიალმა მიიქცია. ხმის მიმართულებით გაიხედა და ის არსებაც დაინახა, რომელიც ურმის ქვემოდან გამომძვრალმა ახსენა. ეს ნამდვილად მაცილი იყო, დამახასიათებელი ღია რუხი ბეწვითა და გრძელი კიდურებით. ადამიანის მსგავსად ორივეზე თითებიანი მაჯები ჰქონდა და ტოტიდან ტოტზე მოქნილად დახტოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამხდარი ჩანდა, ორი ადამიანის სიმაღლე იყო და ფარნავაზმა იცოდა, რომ ერთი მუშტის დარტყმით, ზემოდან ქვემოთ დაშვებულით, მუზარადიანი კაცის მოკვლაც შეეძლო. - მაცილი! - დაიყვირა ფარნავაზმა და ისარი იმწუთასვე ისროლა. ისარი აცდა. მშვილდოსანმა სამიზნის მოძრაობის სიჩქარე ვერ გათვალა. ამის მიუხედავად, მეორედ გასროლაც მოასწრო, ვიდრე მაცილი წინ მდგომ ბუდუმდე მიაღწევდა. ისარი გრძელხელა მხეცს მხარში მოხვდა და ზურგში, ბეჭთან გამოვიდა გარეთ. მაცილმა თავი ტოტებზე ვეღარ შეიკავა და ძირს ღრიალით ჩამოვარდა. ბუდუმ, რომელიც ამასობაში ვირისკენ უკუსვლით მოდიოდა, მადლიერი თვალებით მოხედა ფარნავაზს. - ფარი გადმომიგდე! - დაუყვირა მან, როცა გაავებული მაცილი მისკენ გამოვარდა და აშკარა გახდა, რომ გაქცევას ვერ მოასწრებდნენ. ფარნავაზმა პატარა, მრგვალი, ფხოვური ფარი ბადროს მსგავსად ესროლა ბუდუს. მაცილი ტყიდან გზაზე სწორედ ამ წუთში გამოიჭრა და საღი ხელი ბუდუს თავზე დაუშვა. მან მხოლოდ ფარის შეგებებაღა მოასწრო. ფაროსანმა დაიყვირა. ამხელა დარტყმა, როგორც ჩანდა, ფარმაც ვერ დაახშო. მაცილს მთელი მარჯვენა ხელი მხრიდან ჩამოდენილი სისხლით ჰქონდა გაწითლებული. უზარმაზარარ, ეშვიან პირს წამითაც არ ხურავდა და გაცოფებული ღრიალებდა. სანამ ბუდუს კიდევ შეუტევდა, ფარნვაზმა კიდევ ერთი ისარი ისროლა. ისარი ზუსტად იყო დამიზნებული და იგი დარწმუნებული იყო, რომ სამიზნეს არ ასცდებოდა. მოლოდინი არ გამართლა. ისარმა იმ მიმართულებით იფრინა, რომლითაც ფარნავაზმა გაუშვა, მაგრამ თავად მხეცმა, თითქოს ორჯერ უფრო სწრაფად ფიქრობდა, ვიდრე ადამიანი, გაწევა მოასწრო. ისარი მხოლოდ ფერდზე გაეხახუნა და მიწაზე ბზრიალით დავარდა. ყველაფერი წამებში ხდებოდა. ჯერ კიდევ მიწაზე მყოფი ბუდუ მაცილმა ნაკლებ საფრთხედ მიიჩნია და ფარნავაზისკენ გაიჭრა. ის წამები, რომლების განმავლობაშიც მხეცი მისკენ მიექანებოდა, ყველაზე მეტი შიშით აღსავსე იყო მის ცხოვრებაში. კარგად ხვდებოდა, რომ ვერც გაქცევას მოასწრებდა, ვერც ხმლის აღებას, ვერც ისრის გასროლას და მაინც ცდილობდა მშვილდი დაეჭიმა, რადგან სხვა აღარაფერი რჩებოდა. მისდა საბედნიეროდ, ბუდუმ თავისი ხმლით მოახერხა მაცილის წვივს მიმწვდარიყო. მან მყესი გადაჭრა, ქუსლის ზემოთ, ამან კი მხეცი კიდევ ერთხელ წააქცია. მაცილის გაქანებული სხეული ფარნავაზს შეასკდებოდა, უკან რომ არ გადაედგა რამდენიმე ნაბიჯი. სანამ იგი წამოდგებოდა ფარნავაზმა ისევ ისროლა. ამჯერად ისარმა ლავიწის ძვლის რკალში გაიარა და მხეცის გულმკერდში ღრმად ჩავიდა. ჭრილობა მძიმე იყო, მაცილი ვეღარ გადარჩებოდა. ამაზე მისი ყვირილიც მეტყველებდა, უკვე განწირული და არა მრისხანე. სიფრთხილის გამო, ბუდუმ მაინც რამდენჯერმე ჩაარჭო ზურგში ხმალი და მაცილი საბოლოოდ მიაჩუმა. რამდენიმე წამი ორივენი მხოლოდ ქოშინებდნენ და მხეცის უზარმაზარარ სხეულ გაოგნებით უყურებდნენ. - მე მოვკალი! - თქვა ფარნავაზმა ისე, რომ მაცილისთვის თვალი არ მოუცილებია. ბუდუმ აღშფოთებით შეხედა. - რა შენ მოკალი? მე რომ არა ახლა არცერთი კიდური აღარ გექნებოდა! - მე რომ თავიდან ისარი არ გამერჭო, ხმლის ქნევამდე აღარც მივიდოდა! - იძახდა ფარნავაზი. - იცოდე ჩემ მოთმინებას საზღვარი აქვს! - უთხრა ბუდუმ და სისხლიანი ხმალი ფარნავაზისკენ გაიშვირა, - მე რომ არა მაინც მოგკლავდა, თუნდაც დაჭრილი მხრით! ვერ შეთანხმდნენ და პირი ისეთი უჩანდა, კარგა ხანს იდავებდნენ კიდევ. უკვე უსაფრთხოდ იყვნენ და წეღან ბიშურამდე დარჩენილი გზა მოსაბეზრებელი თუ ეჩვენებოდათ, ახლა ნეტარებასღა გრძნობდნენ, რომ ავსულთან მაინც აღარ მოუწევდათ გამლავება. მაცილს, სამახსოვროდ თავი მოსჭრეს და თან წაიღეს. გადარჩენილი, რომელიც როგორც აღმოჩნდა თემისბერი იყო, სახელად კუჩა, თან წაიყვანეს, დავა კი ბიშურამდე გააგრძელეს.