ამიგდალა
ამიგდალა
ამიგდალა ნამსხვრევების მილიონი ნაწილი − მის!უცნობის ხმამ გამომარკვია, ისე ვიყავი გართული სახლის დათვალიერებით, რომ მას საერთოდ არ ვუსმენდი. თითოეული დეტალი იდუმალ იერს აძლევდა აქაურობას, ალბათ, ყველა ნივთი უდიდეს ისტორიას ინახავდა. სარკის წინ ვიდექი... უზარმაზარი სარკის წინ...საკუთარ ანარეკლს ვუყურებდი და თითქოს იქ მე ვიყავი, მაგრამ სხვანაირი, ჩვეულებრივისგან განსვავებული, უფრო ქალური. თვალებში ჩემს ანარეკლს ვუყურებდი და მისგან პასუხს ველოდებოდი. არც კითხვები ვიცოდი და არც − პასუხები! არ ვიცოდი, რას ვითხოვდი იმ ანარეკლისგან, რომელსაც უზარმაზარ სარკეში ვხედავი. რატომ ვგრძნობდი თავს ჩვეულებრივზე უფრო უცნაურად? მე ხომ ისედაც ასეთი დავიბადე − უცნაური, ეს ყოველთვის ვიცოდი, სხვებს რომ არ ვგავდი. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ცხოვრებისგან ყოველთვის სხვა მოლოდინები მქონდა, უფრო მეტს ველოდებოდი − იმას რაც ჩემს ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებდა და დანაკლისის შეგრძნება აღარ მექნებოდა. მაგრამ რატომ? თვითონაც არ ვიცი. ჩემი ცხოვრება ყოველთვის მაღიზიანებდა და ჭკუიდან მშლიდა. თითოეული წარმოსახვა, ხილვა რეალობიდან მომწყვეტდა და სადღაც გადამისროდა ხოლმე − სხვა გალაქტიკაზე, სხვა პლანეტაზე, სხვა სამყაროში ... არ ვიცი, სადა ვარ გაჭედილი. არ ვიცი, რა მინდა ... არ ვიცი სამყაროს რას ვთხოვ. − მის, რას ფიქრობთ? კითხვა მერამდენედ გამიმეორა. არცკი ვიცი, ისედაც არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს გადაწყვეტილებებში, რადგან შინაგანად ყოველთვის მეორე მე მიჭერდა და მაბრკოლებდა.მაგიდასთან გავჩერდი ხელი გადავუსვი და მტვრიანი თითი სახესთან ახლოს მივიტანე, რომ თითებზე მტვრის საკმაოდ დიდი მასა უკეთესად დამენახა და დავრწმუნებულიყავი, რომ ადამიანი ვიყავი და არა − წარმოსახვის ნაყოფი, რომელიც ჩემს გონებას ლანდად დასდევდა. ღრმად ჩავისუნთქე და პასუხის სათქმელად მოვემზადე. სხვა გზა მაინც არ მქონდა, ამხელა სახლს ვერასდროს ვნახავდი მოკლე დროში, თანაც მისაღებ ფასად. მე კიდევ მეჩქარებოდა, ყველაფერი მანამ უნდა მომეგვარებინა, სანამ იმ სახლიდან გამომიშვებდნენ, რომელშიც აქამდე ვცხივრობდი. მეპატრონემ სასწრაფოდ დაცლა მთხოვა, გაყიდა... ასე ვის უკეთებენ? უნამუსო, წინასწარ არც კი გამაფრთხილა, რომ მოვმზადებულიყავი, ჩემთვის რთულია სწრაფად რეაგირება, მით უმეტეს იმ ადგილის დატოვება, სადაც დავიბუდე და დროებითი სიმშვიდე ვიგრძენი. საკმაოდ რთულად ვეგუები გარემოს, იმას, რასაც სახლს ვეძახით. ჩემთვის თავშესაფარია, სადაც ყველას დავემალები და მთელს სამყაროს გავექცევი. ისევ შევყოყმანდი... ნუთუ ჩემი თავის რწმენა საერთოდ არა მაქვს?! რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ახლა ასე რატომ მაშინებს ეს ყველაფერი? იქნებ სამყარო რამეს მანიშნებს, ჩემთან საუბარი სურს. შეიძლება მიზეზი ეს იყო: ადრე რომ ვინმეს ეთქვა, ასეთს გაჩუქებო, არც კი ვიჩუქებდი. ყოველთვის მეშინოდა მსგავსი ადგილებისა; ადგილებისა, სადაც სიძველის სურნელიც კი ისეთი მძიმე იყო, ვინ იცის, რამდენი საუკუნეა აქ გამომწყვდეული, ელოდება, კიდევ ვინმეს რომ შეისრუტოს და თავისი სიბერე შემოახვიოს. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, გარედან შემომავალმა გრილმა ნიავმა სხეულის იმ ნაწილზე მიკბინა, რომელსაც კაბა არ ფარავდა. განსხვავებულ, არეულ გრძნობებს შევიგრძნობდი... შიშს თუ სიმშვიდეს ? არც კი ვიცი … "მაგრამ თითქოს თავს იქ ვგრძნობ სადაც უნდა ვიყო".− დიახ, ვიქირავებ. უკვე აღარ დავფიქრდი, რადგან შეიძლება ისევ ეჭვი შემომპარვოდა და ისევ გადამეხვია გზიდან, ისევ ავყოლოდი გრძნობებს და შიშებს; ეს ახლავე უნდა გამეკეთებინა. ვგრძნობდი, აქ ყოფნა სიგიჟემდე მინდოდა, სხეულს და გონებას ვერ ვიმორჩილებდი, მევედრებოდნენ რომ აქ დავრჩენილიყავი.− მის პარკ, აქ მხოლოდ თქვენი ხელმოწერა არის საჭირო − მითხრა და ფურცლები რამდენიმემილიმეტრიანი მტვრით დაფარულ მაგიდაზე დაალაგა. ისევ შევყოყმანდი... არა იმიტომ რომ მეშინოდა, არამედ კიდევ ერთხელ მინდოდა ჩემი გონების ხმა გამეგონა, რამდენად ვიყავი მზად იმ უცნაური ემოციებისთვის, რასაც წინასწარ ვგრძნობდი. კალამს ხელში ეჭვით ვათამაშებდი. "რა იქნება მომავალი, რასაც ამ კალამის და ფურცლის შერწყმა გამოიწვევს".− მის, შემიძლია სხვა სახლებიც გაჩვენოთ. მისმა ხმამ ისევ დამაბრუნა დედამიწაზე, სამყარო მიხმობს, დროა გადაწვეტილება მივიღო. მიღიმოდა. უნდობლად გადავდგი ნაბიჯები. ერთი, მეორე და მაგიდას მივუახლოვდი, ისევ თუ დავფიქრდებოდი, შეიძლება გავჩერებულიყავი .. მინდოდა აქ, მინდოდა ... ვგრძნობდი, რომ უნდა დავრჩენილიყავი. ვგრძნობდი, რომ პასუხს ვიპოვნიდი. ეს სახლი მჭირდებოდა, თუ ამ სახლს ვჭირდებოდი, ეს უნდა გამერკვია. ბედნიერი, გახარებული მაკლერი დამემშვიდობა და წავიდა, ლამის ცეკვა-სიმღერით გავიდა სახლიდან. ცხადია, ბედნიერი იქნებოდა, ალბათ, დღეს ფული კარგად გამოიმუშავა, რა ვიცი. დაკარგული ვარ, იმდენად დაკარგული, რომ ისიც კი არ ვიცი, რატომ ვიქირავე ძველისძველი სახლი, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ჩემი ცხოვრების სტილს, მაგრამ რომ დავფიქრდები, სინამდვილეში მე მგავს, ჩემსავით მიტოვებულად და დამტვერილად გამოიყურება. მეც ხომ ასე ვარ − ჩემი გონებაც რამდენიმესანტიმეტრიან მტვერშია ჩაძირული .. თითქოს სიზმარში ვარ ... დავდიოდი მთელ სახლში და ზეწრებისგან ვათავისუფლებდი ნივთებს .. თითქოს ეს ზეწარი დაიცავდა მტვრისაგან, ეს თეთრი გადასაფარებლები ადამიანის ნიღაბს მაგონებს, ბოლომდე მაინც ვერ ფარავს შინაგან სამყაროს. ყველფრის დამალვა, უბრალოდ, შეუძლებელია, ადრე თუ გვიან, რეალურ სახეს დაგანახვებს. თვალი ბუხარზე გამიშტერდა, და მის წინ მდგარ ორ ხის სავარძელზე. წარმოვიდგინე, სიბერეში როგორ ვიჯდებოდი სარწეველა სავარძელზე ვინმესთან ერთად, ვინც სიგიჟემდე შემიყვარდებოდა, და მასაც ისევე ვეყვარებოდი, როგორც მე. მივირთმევდი ცხელ ჩაის ან ყავას თბილ ბუხართან, დაკოჟრილი ხელებით მომეფერებოდა სახეზე , ჩემს დანაოჭებულ სახეს როგორ შეეხებოდა ნაზად, აუჩქარებლად, სახეს და თვალებს დამიკოცნიდა. თითქოს სიტყვებიც გავიგონე, რასაც მეტყოდა: “ლამაზია სამყარო, სადაც შენ ხარ, ჩემო ტკბილო მოხუცო.’’ წარმოდგენამ ჩემში საოცარი ემოცია გამოიწვია, ვიგრძენი, როგორ ამეპრიხა ტუჩის კუთხე, გამეღიმა. თავი დამცინავად გავაქნიე, საკუთარ თავზე გამეცინა, ასეთი რომანტიკოსი არა ვარ, სიყვარულის დიდი მოტრფიალე; ამის თითქმის არაფერი გამეგება, მომეწონა, მაგრამ ჩემი არ არის. ფიქრებისგან გამორკვეული, ისევ ადამიანურ ყოფას დავუბრუნდი, ისევ იმაზე დავფიქრდი, ყველაფერი თავიდან იდუმალი რატომ არის, თუ მაინც აშკარა ხდება? ჩამეცინა. ზოგჯერ ისე გავჭედავ ხოლმე ჩემი გონების ხმასთან, რომ დავუფიქრდე, შეიძლება ჩემი სიტყვების მარაგით, ნაკლებად გამოცდილ ფილოსოფოსს დავუპირსპირდე. ჭკუიდან შევშალო და ისეთი თეორიები ვუმტკიცო საპირისპიროდ, რომელიც სამყაროს შემოქმედის ქადაგებას ერჩივნა ... ჩემი ყურადღება წაბლის ხის, უზარმაზარმა წიგნების თაროებმა მიიპყრო. ყველაფერი ზედმიწევნით იდეალურად იყო დალაგებული, ისე როგორც მე მიყვარს, წუნს რომ ვერ შეიტანდა ჩემნაირი ადამიანიც კი. მგონი, სამოთხეში მოვხვდი, მთელი დღეები რომ მეკითხა, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოვრჩებოდი კითხვას, გამაღიზიანებლად სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, სიამოვნებისგან გამაკანკალა. მე, წიგნები და წარმოსახვითი სამყარო. მართლა მიწიერი ვარ? მგონი, არასწორ ადგილას მოვხვდი, მინიმუმ პარალელურ სამყაროში უნდა ვცხოვრობდე, სადაც ჩემსავით დაბნეულები იქნებიან, ერთმანეთს მაინც გავუგებდით. უკანა სვლით მივდიოდი. საწერ მაგიდასთან გავიარე, დავეჯახე, როგორც ყოველთვის, ეს ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობაა. ან ვამტვრევ, ან ვეჯახები, ან ყველაფერს ვანადგურებ. საერთოდ ყველაფერს, საკუთარი თავის ჩათვლით.ყუთი გადმოვარდა რომელშიც უამრავი გაუხსნელი წერილი იდო იატაკზე მიმოიფანტა, თვალები ამიჭრელდა. სხვადასხვა რეგიონისა და ქვეყნის მარკებით. კონვერტები სიძველისგან თეთრი აღარ იყო, ოდნავ მოყავისფრო საუკუნის ფერი ედოთ. ვინ იცის, აქ რამდენ ხანს იყვნენ უპატრონოდ, მარტოობაში. ოდნავ ჩავიმუხლე და ყველაზე ახლომდებარე ავიღე, ხელი გადავუსვი და მილიმეტრიანი მტვრის ნადები ზედაპირს მოვაშორე ... თავი ახლოს მივიტანე. მისი სუნი შევიგრძენი. ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა სიძველისა და ცნობისმოყვარეობისა, რომ ლამის კანკალმა ამიტანა სიამოვნებისგან. „დენიელ მილერი’’.წერილს ინტერესით ვუყურებდი, სიგიჟემდე მაინტერესებდა. ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, ყველაფერ სიკეთესთან ერთად ჩემი ეს საშინელი ინტერესის გრძნობა ერთ დღეს დამღუპავს, ვიცი, თუმცა ამაზე მერე ვიდარდებ, როცა ეს დრო დადგება. ახლა ისედაც ის მყოფნის, რომ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაქვს მოსაგვარებელი.ოდნავ წინ გადავიხარე და მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი, ცალი ფეხი უკან გავწიე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ქუსლს ვათამაშებდი. ისევ ვყოყმანობდი, გამეხსნა თუ არა − იქნებ რა ეწერა. თუმცა ბევრი არ მიფიქრია კონვერტს ფრჩხილი გადავუსვი და ლუქი ავხსენი. უკან დასახევი გზა ისევ არ დავიტოვე. საჩვენებელი და შუა თითი ჩავასრიალე და პირველი რაც მომხვდა, ფურცელი ამოვიღე... ღრმად ჩავისუნთქე, თითქოს ისეთ რამეს ველოდებოდი, ამ სამყაროს გადატრიალებას რომ გამოიწვევდა. უარყოფითი ისედაც არ მაკლია, თავზესაყრელად მაქვს.ოთხად იყო გადაკეცილი უზარმაზარი თაბახის ფურცელი ... “მილიონი წელი დაგელოდები’’. გამეცინა.− მილიონი წელი თუ იცოცხლებ, კი! ოპტიმისტო − ვთქვი და კონვერტი გვერდზე გადავდე, წერილი სწრაფად გავხსენი. სანამ კითხვას დავიწყებდი, იმდენად მაინტერესებდა, მთელ სხეულში ცნობისმოყვარეობის ჟრუანტელი მივლიდა. „ყველგან შენ დაგეძებ, ჩემო ლაჟვარდისფერო’’.კითხვა დავიწყე, პირველივე წინადადებამ ჩემში სინანულის გრძნობა გამოიწვია, არ ვიცი, სხვის წერილს ამხელა მნიშვნელობა რატომ მივანიჭე. პირველივე წინადადებიდან: სხეული დამჭიმვოდა და სუნთქვა ოდნავ შემნელებია. „ვიცი, ისევ გიპოვნი, რადგან ყველგან შენ ხარ, ჰაერში, ცაში, მცენარეებში, ქარში, ცისარტყელაზე, ღრუბლებში... დაუსწრებლად ... სიტყვები ვერ აღწერს, რასაც ახლა განვიცდი. არ ვიცი, ჩემს მდგომარეობას რა ჰქვია, სასოწარკვეთილება? სინანული? ტანჯვა? არც კი ვიცი, რა ვუწოდო ამ ყველაფერს ... ყველა თბილ დღეს შენი ფერი აქვს, ყველა ყვავილს შენი სურნელი ასდის ... მზის თითოეული სხივი, რომელიც ჩემს სხეულს ეხება, შენს სიახლოვეს მაგრძნობინებს... გაზაფხულია, გესმის?გაზაფხული, როცა მე და შენ ერთმანეთს სამუდამოდ დავუკავშირდით ... უბრალოდ, არ ვიცი, მერამდენე გაზაფხულია შენ გარეშე ... მტკივა! ჩემი არსებობა მტკივა უშენოდ, ჩემო ლაჟვარდისფერო და ჩემო განსაკუთრებულო!’’მზის ფერო .. დღის ფერო .. სინათლის ფერო .. ჩემო ქარიშხალო... სასწრაფოდ მეორე წერილს ვტაცე ხელი.„აქ დრო ყველასთვის სწრაფად გადის, ჩემი კი გაჩერდა. შენი წასვლის წამიდან ჩემი საათი ერთ დროს აჩვენებს − ჩემი ბედნიერების დასასრულის წამს, სამყაროს დასასრულს. სიცოცხლეს დავთმობდი, ერთხელ კიდევ რომ მენახე, თუნდაც ჩემი ამოსუნთქვის ბოლო წამი ყოფილიყო, ყველაზე ტკბილ ძილს მივეცემოდი, ჩემო ლაჟვარდისფერო.მენატრები უკიდეგანოდ ... მენატრები დაუსრულებლად ... მიყვარხარ, ვიდრე ჩემი ცნობიერება ამას გასწვდება მარადისობაში. ვიცი! მე ვიცი!ერთ დღესაც გავიღვიძებ, უფრო სწორად, მე და შენ ერთად გავიღვიძებთ იმ რეალობაში, რომელიც წარმოვიდგინეთ, რადგან სხვანირად აზრი არაფერს აქვს...მილიონი წელია შენ გელოდები, ჩემო ლაჟვარდისფერო ... მილიონი წელია, შენზე ვოცნებობ ... მილიონი წელია, მზის გარეშე ვცხოვრობ ... მილიონი წელია, ფერების გარეშე ვცხოვრობ ... მილიონი წელია, მხოლოდ ვარსებობ ... მილიონი წელია, გავიყინე ჩემო ყველაფერო ..გავიყინე ისე, როგორც არასდროს .... სიყვარულით დენ’’.წერილის კითხვას მოვრჩი, სიტყვებმა საშინლად იმოქმედა, ვგრძნობდი, სახე სველი მქონდა, ისევ ფურცელს ჩავყურებდი, ვცდილიბდი, ის სიტყვები დამემახსოვრებინა, რომლებმაც ჩემში უამრავი დაკარგული შეგრძნება გამიცოცხლა.თვალებიდან ჩამოცვენილი ცრემლები ფურცელს ხმაურიანად დაეცა, ღრმად ჩავისუნთქე. სიტყვები თვალწინ მედგა, ვიცოდი, სად რა ეწერა, თითქოს სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. თითოეული სიტყვა, ექოსავით ჩამესმოდა და მამძიმებდა.ვტირი? ისეც ვტირი... რატომ ვტირი სხვის დარდზე, როდესაც ჩემი თავზესაყრელად მაქვს, თვითონაც არ ვიცი. ბოლო დროს გულჩვილი გავხდი.შეიძლება?!წერილი მოვისროლე და კონვერტს მოხვდა. ორივე ძირს გადმოვარდა, ჩვეულ მდგომარეობას არ ვღალატობ, ისევ გადმოვყარე ყველაფერი. მაგიდის ფეხთან დავიხედე და კიდევ რაღაც ეგდო ძირს, ამოტრიალებული. დავიხარე, შემდეგ წელში გავსწორდი, მუხლებზე მომდგარი კაბა შევისწორე და გადმოვატრიალე.ნანახმა შოკში ჩამაგდო. ლამის ადგილზე გავქვავდი, გახევებული ვუყურევდი გამოსახულებას.− შეუძლებელია! − დავიკივლე ... ისე თითქოს ჭერზე უზარმაზარმა ძველებურმა ჭაღმა რხევა დაიწყო და ოთახში მდგარმა უძველესმა ავეჯმაც ბანი მისცა.. ჩემ ირგვლივ ყველაფერი ჩემს კანკალს რიტმულად აჰყოლოდა ..მსგავსება ფოტოსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც ყოველდღე სარკეში ვხედავდი!... თვალებს სწრაფად ვახამხამებდი, ყველაფერი მეწვოდა თხემიდან ტერფამდე ...უბრალოდ, შეუძლებელია ..− შეუძლებელია!!! −კიდევ ერთხელ შევკივლე და ვგრძნობდი, სისხლი როგორ ამიდუღდა ძარღვებში, შემდეგ გამეყინა. კანკალმა ამიტანა, შიშისაგან თვალები მაგრად დავხუჭე.შეუძლებელია! - უსორა ჩაგია (웃어라 자기야) (გაიღიმე საყვარელო ) მოშიშვლებულ მხარზე თბილი ტუჩების შეხება ვიგრძენი … მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. - უსორა ჩაგია (웃어라 자기야) (გაიღიმე, საყვარელო)ჩემთვის უცნობ ენაზე ხმა ჩამესმა. თუმცა მესმოდა, არცკი ვიცი საიდან. მხარზე ტუჩების შეხება ისევ ვიგრძენი. თითქოს ერთ ადგილს მივეჯაჭვე, განძრევა ვერ შევძელი. შემდეგ თვალები სწრაფად გავახილე და შიშისგან უკან გადავხტი. სახლს შეშინებული, გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი, თითქოს ვცდილობდი, შიში მეპოვა და პირისპირ შევხვედროდი... სახესთან ხელები მივიტანე და ნერვიულად მოვისრისე, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, ყველაფერი ისეთი რეალური იყო ...ხმა ... შეხება ... და მძაფრი სურნელი, რომელიც ოთახში ისევ ტრიალებდა ... სარკის წინ ვიდექი და ჩემს თვალებს ვუყურებდი - შეშინებულს, დამფრთხალს. გამომშრალი ტუჩები ენით დავისველე, ხელებით მაგიდას დავეყრდენი, თან ვცდილობდი ჩემი სული დამენახა თვალების გავლით ... ნელ-ნელა მხრებში გავსწორდი და სააბაზანოსკენ წავედი, შემდეგ ნელა უკან მოვტრიალდი და ისევ მოვავლე გარემოს თვალი, იმის სურვილით, რომ ვინმეს გამოვიჭერდი ... სახეზე ცივი წყალი შევისხი, ნიჟარას დავეყრდენი და სარკეში ჩავიხედე .. - გიჟი არა ვარ! - გიჟი არა ვარ! დავიკივლე ძალაგამოცლილმა ... გაბრაზებულმა სველი ხელი მოვიქნიე და სარკეში ჩემს გამოსახულებას დავკარი, იმ იმედით, რომ იქ შეშინებულ და სახეარეულ ქალს აღარ დავინახავდი. ხმადაბლა ვიმეორებდი ჩემთვის, თმებში ხელი შევიცურე და თმები მოვქაჩე. - გიჟი არა ვარ! ისევ ვიკივლე, გაბრაზებულმა. მაგიდას ხელი გადავუსვი ყველაფერი გადავყარე, ხელში სუნამოს ფლაკონი მომხვდა, ავიღე და სარკეს მთელი ძალით ვესროლე. - მე გიჟი არა ვარ!სარკე ჩაიმსხვრა , სუნამოს მძაფრი სურნელი დატრიალდა. სარკეს შევხედე, საიდანაც უკვე ჩემი მრავალი ანარეკლი ჩანდა, ონკანი გავხსენი, ხელის გულში წყალი მოვაგროვე და სარკეს შევასხი. - გიჟი არა ვარ!კიდევ ერთელ გამაფრთხილებლად გავუმეორე და თითი დავუქნიე. თითქოს გავაფრთხილე, მინდოდა მეჩვენებინა, რომ მისი არ მეშინოდა. უფრო ძლიერი ვიყავი, ვიდრე - გაყინული და შეშინებული. თვალები სარკიდან მიყურებდა და მძაბავდა ...- მე უფრო ძლიერი ვარ , რამდენიც უნდა იყოთ, თქვენზე ძლიერი ვარ! სუნთქვა შედარებით დავირეგულირე და პირდაპირ საძინებელში წავედი, ჩემოდანი გავხსენი და საღამური გადავიცვი. ცოტახანს დავყოვნდი, ანტიკვარულ, მოჩუქურთმებულ საწოლს ვუყურებდი და კედლებზე უამარვ სარკეს მოვკარი თვალი... ყველგან მე ვიყავი, ოღონდ არა დამფრთხალი. პირიქით, თითქოს ეს ყველაფერი მაძლიერებდა და საკუთარ თავში დარწმუნებულს მხდიდა. რა ჯანდაბა მჭირს, მე თვითონაც ვერ ვიგებ, ზოგჯერ თაგვივით მინდა, სოროში შევძვრე, ხან, პირიქით, ისეთ ძალას ვგრძნობ, მგონია მთებს გადავდგამ. არ ვიცი... თვითონაც არ ვიცი ... ჩემს თავს არ ვიცნობ, შეიძლება ამიტომაც ვგრძნობ თავს გარიყურად. არ ვიცი, რა მინდა, თითქოს დავიკარგე, იმდენად დავიკარგე, რომ მზად ვარ, ყველა და ყველფერი გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან, მზად ვარ, მარტო ვიყო სამყაროში. არაფერი დაშავდება იმით, რომ არავინ იქნება ჩემ გვერდით, საკუთარი თავი მყავს და შემიძლია, მთელი დღეები ვესაუბრო ყველაზე ნამდვილს, ნაღდს, უშუალოს, ის ყოველთვის ისეთია, როგორსაც შინაგანად ვგრძნობ და მე მესმის იმ თვალებისა, რომლებიც სარკიდან მიყურებენ, მათი ბედნიერებაც მესმის, მათი დარდიც, მაგრამ დაძაბულობას ვერ ვუგებ, ამ უცნაური მდგომარეობის ვერაფერი გავიგე. ესეც მე ვარ და ისიც, ვინც მიყურებს. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, გარშემომყოფებისგან განსხვავებით.საწოლზე ვიჯექი, ფეხები მოვიკეცე და ხელები მოვხვიე, თავი მუხლებს დავადე და ერთ ადგილს გაშეშებული ვუყურებდი, თითქოს მინდოდა, მეცნო... -კარგად ვიქნები... - ჩურჩულით ვთქვი. - დროის საკითხია, ამ ყველაფერს აუცილებლად ეშველება. ხელი გავწიე, ტუმბოზე დადგმული გრაფინიდან წყალი მინის ჭიქაში ჩავასხი და რამდენიმე ყლუპი ხმაურიანად მოვსვი. ყლუპები დავითვალე: 1.2.3.4.5.6.7.8.9.10. ჩვევად მაქვს, ყველაფერს ვითვლი. ამოვიხვნეშე შეკავებული სუნთქვა და ფილტვები გავითავისუფლე. ის სურათი მედგა თვალწინ. ჩემი მსგავსი ადამიანი კარგად გავარჩიე. ზუსტად ის იყო, ვისაც ახლა ვხედავ. მე ვიყავი, მაგრამ სხვანაირი თავდაჯერებული და კმაყოფილი ... ვინ იყო ? რატომ მგავს ... ან ის კაცი. ვიცნობ? ჩემი ასაკისთვის ზედმეტად ბევრი კითხვა მაქვს. თავი შევარხიე, რომ ფიქრები გამეფანტა, ისედაც ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, თითქმის ჭკუიდან შევიშალე. იქნებ იმ მოხუცისთვის არ უნდა გამომერთმია განაცხადი სახლის გაქირავებასთან დაკავშირებით, აქ ყოფნამ უფრო მეტი სადარდებელი გამიჩინა, მგონი. ჩემი საქმე არ არის, ბევრი ჰგავს ერთმანეთს... ფიქრს არ მივეცი საშუალება, ღრმად გაედგა ჩემში ფესვები და, ისედაც თითქმის ტვინის ყველა კუთხე-კუნჭულში შემძვრალი, უფრო არ გავააქტიურე. სანამ ძილი მომერეოდა, ჭერს ვუყურებდი და მასზე გამოსახულ ჩემს თავს, ანტიკვარულ, ჩუქურთმებიან საწოლზე დასვენებულს .. მომწონდა ... საშინლად მომწონდა .. შავი, წელამდე თმა, ბალიშს ეფინებოდა, შავი, წელში გამოყვანილი, მუხლამდე ჩახსნილი საღამული, რომელიც ჩემს თეთრ ნაკვთებს გარე ლამპიონებიდან შემოსული ღამის თბილი ნათება უფრო გამოჰკვეთდა. თითოეულ ნაკვთს კარგად ვაკვირდებოდი და თითქოს შეპყრობილი ვხდებოდი საკუთარი თავით. თითქოს პირველად ვხედავდი ასეთს. ოდნავ კეხიანი ცხვირიც კი მომწონდა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე ვიწუნებდი. რა მემართება?არ ვიცი... - ხელი არ გამიშვა! ხიდზე ვიყავი გადაკიდებული და ვიღაც ზემოთ მექაჩებოდა მთელი ძალით, ყვიროდა: - არ გაბედო, გიჭერ! მთელი სხეული დაძაბული და დაღლილი მქონდა, ბრძოლისგან, ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვუძლებდი, დაბუჟებული სხეული უფრო მიმძიმდებოდა. ქვემოთ ჩავიხედე, წყალს, მხოლოდ ძალიან ბევრ წყალს ვხედავდი, ჩემი შიში სივრცის მიმართ უფრო საშინელს ხდიდა სიტუაციას, მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. - ქვემოთ ნუ იხედები! თავი გაჭირვებით ავწიე. ლამპიონების შუქი თვალს მჭრიდა, ვერ ვარჩევდი, ვინ იყო. მხოლოდ მისი განწირული ყვირილი მესმოდა. იმდენად დაშლილი და განადგურებული ვიყავი, სხეული მომიდუნდა და ხელი ინსტინქტურად გავუშვი. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. მას ვეჭირე, არ ვიცი, ვის. - ჯიიიიიიიიიი !! მომკიდე - განწირული ხმით ყვიროდა ვიღაც. იქაურობას აყრუებდა მისი ყვირილი. - ჯიიიიიიიიიი!!! გაბმული, ხრინწიანი ყვირილის ხმა მომესმა და ვიგრძენი, რომ ჩემი ხელი მისას მოშორდა, გამოვსრიალდი ძლიერი ხელებიდან და სიბნელეში აჩქარებულად ვვარდებოდი. - არაააააააა !!! სივრცეში ვიძირებოდი, პანიკურად დავიწყე დაღლილი ხელების და ფეხების ქნევა, ტვინის ყველა უჯრედი პანიკით იყო მოცული იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი, სიზმარში ვიყავი. ვიცოდი მალე გამივლიდა, მაგრამ ძალიან მეშინოდა, გული ამოვარდნაზე მქონდა. ერთი მუჭა გული მთელ სხეულს მოიცავდა. ყველაფერი ვიცოდი, მილიონჯერ მაინც მქონდა ნანახი, როგორ ვკვდებოდი, ვგრძნობდი, სხეულს წყალი როგორ ეპატრონებოდა, ისევ იგივე შეგრძნება... წყლის შუილი... ტალღების შეჯახება ... სხეულის კანკალი... წყალი, ისევ ბევრი წყალი ... უმწეო მცდელობა გადარჩენისა... ტკივილი ... და საშინელი შეგრძნება დახრჩობისა ...შიშისგან საწოლზე წამოვხტი, თვალები სწრაფად გავახილე, გული სწრაფად მიცემდა, ხელი მივიდე და ვიჭერდი, რომ არ ამომვარდნოდა. ძლივს ვსუნთქავდი. მთელი სხეული სველი მქონდა, ცივი ოფლი მასხამდა, საღამური ტანზე მეკვროდა. საწოლზე ვიჯექი ვცდილობდი, თავი როგორმე დამემშვიდებინა. ისევ იგივე სიზმრები! მუდმივად ერთი და იგივე,იმდენად ხშირად მქონდა ნანახი, რომ ყველა დეტალი ზედმიწევნით ვიცოდი, მაგრამ შეგრძნებები, შიში, სიკვდილის შიში, ტკივილი და სასოწარკვეთა - ეს ყველაფერი იმდენად საშინელია, თითქოს ყველა ჯერზე პირველად ვხედავ. ახლა ყველაფერი უფრო რეალურთან მიახლოებულია.- მეტი აღარ შემიძლია. - გავგიჟდები! - ბოლო ხმაზე ვიკივლე და ოფლის წვეთებისგან დასველებული, სხეულზე მიწებებული აბრეშუმის საღამული უხეშად მოვიშორე, ძირს მოვისროლე, წამოვდექი და ფეხებით შევდექი მინდოდა რაღაცაზე მაინც მეყარა ჯავრი. ახლა იმის საპირისპიროდ გამოვიყურებოდი რასაც დაძინებამდე ვხედავდი, თავდაჯერებული, ქალი, რომელსაც საკუთარი თავისა ყველაფერი მოსწონდა, ახლა საცოდავად მოკუნტული, დამფრთხალი, შეშლილი იყო. - გადავრჩები! - ვიცი! საწოლთან ჩავიმუხლე და თავი ზედ დავდე , ხელებით ზეწარს ჩავებღაუჭე, გაურკვეველი ბგერები ყვირილით ამოვუშვი , ჩემი ხმა არ მესმოდა მხოლოდ შინაგანად ვრძნობდი . ***ერთი თვეა უკვე, აქ ვცხოვრობ. ჩემი სიზმრები და შეგრძნებები თავს არ მანებებს, ადრეც დამსიზმრებია მსგავსი სიზმრები, თუმცა ასე გამძაფრებულად და ასეთი სიხშირით - არასდროს! რეალობას სამუდამოდ მოვწყდი. ყველასთან კონტაქტი გავწვიტე, ისედაც არავის ვეკონტაქტებოდი მშობლებისა და ძმის გარდა, ისიც იშვიათად. ყველაფრის მიუხედავად, მათ მაინც ვუყვარდი და ზრუნავდნენ ჩემზე, თუმცა კი საოცნებო შვილი არასდროს ვყოფილვარ. არ ვიცოდი, როგორ მეკონტროლებინა საკუთარი თავი, რომ ბოლოს სპეციალურ დაწესებულებაში არ აღმოვჩენილიყავი. ყველასგან დამალვას ვცდილობდი, რადგან ასე არ მიწევდა თავის ზედმეტი კონტროლი. ისეთი სამყარო შევქმენი ჩემს გონებაში, რომ თავის დაღწევა მიჭირს, საშინლად მიჭირს, მენტალურად საერთოდ ჩამოვიშლე.„მატრიცა’’ ჯანდაბა, რა მატრიცა? მაგრამ მეცნიერულად შესაძლებელია. ჩემი აზრით, ისიც შესაძლებელია, რომ ახლა არარეალურ სამყაროს თვითონ ვუქმნი გონებას, ან თვითონ ვარ არარეალური, მაგრამ შეუძლებელია ბევრჯერ გამოვცადე საკუთარი თავი. კითხვები - უამრავი, პასუხები - არსაიდან. - იმეცადინე? - ფიქრებიდან თანაკურსელის ხმამ გამომარკვია. - ვერ მოვასწარი - უემოციოდ ვუთხარი. მინდოდა თავიდან მომეშორებინა, რადგან ნაკლები ნაცნობი - ნაკლები თავის ტკივილი და მოჩვენებითობა. ფიქრი მომწონდა, როცა ჩემს თავს ვესაუბრებოდი გონებაში და აქედან თავის დაღწევის გზებს ვეძებდი. მაგრამ ბოლო კურსს ვხურავ ვერ გავრისკავ. ან რა ჯანდაბად მინდა ხარისხი, თუ გავგიჟდები? - შენ ყოველთვი ასე ამბობ და ყველაზე მაღალი ქულები გამოგაქვს, - გაიცინა, ყველა კბილი დამანახა. - არ ვიცი, - ნაძალადევად გავუღიმე, მეცადინეობას მართლა ვერასდროს ვასწრებდი. უფრო სწორად, მეზარებოდა, თუმცა არ ვიცი, ის საკითხები საიდან ვიცოდი. ამ ყველაფერს ახსნას ვერ ვუძებნიდი, შეიძლება უბრალოდ გენიოსი დავიბადე. ტყუილი არასდროს მჩვევია, ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი რასაც ვფიქრობდი, ამიტომ ხშირად კონფლიქტის მქონია ამის გამო. თუმცა მერე რა? ტყუილს არა სჯობს? ტყუილს და გაურკვევლობას ყველაფერი სჯობს! ყველანი ვისხედით, თანაკურსელი რაღაცაზე საუბრობდა, თუმცა მისი ლაყბობა საერთოდ არ მაინტერესებდა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმე მქონდა - საკუთარ თავში უნდა გავრკვეულიყავი. - ჰეი, მისმენ ? თვალები გადავატრიალე, მისი საუბარი უკვე ნერვებს მიშლიდა. - კიდევ ერთხელ თუ იზამ ასე, თვალები გადმოგცვივდება. - ნიკოლას! - კრისტოფერი ვარ. - კარგი რა, უბრალოდ ცოტახნით გაჩუმდი, გთხოვ. სიტყვა "გთხოვ" ისე ვთქვი, თითქმის შევევედრე. - კარგი, კარგი უბრალოდ, მოწყენილი ნუ ხარ. ნაძალადევად გავუღიმე, პასუხი არ დავუბრუნე.აუდიტორია გადავსებული იყო, ყველანი ჩუმად ვიყავით, ლექტორს ველოდებიდით. როგორც ვიცი, აქ აკადემიკოსების, მეცნიერების და მდიდარი მშობლების შვილები სკამებს ლამაზი საჯდომებით ამშვენებდნენ. მეცნიერი მათგან ნამდვილად მხოლოდ სამი გამოვა, დანარჩენები დიპლომებით თავს მოიწონებენ. ზოგის მშობელიც იამაყებს რომ მისმა შვილმა საუკეთესო უნივერსიტეტი დაასრულა და დიპლომი აქვს. რომ არაფერი იცის, მერე რა? ,,რა ჩემი საქმეა, ახლა ამაზეც მე ვიდარდო?!” - გავიფიქრე და მხრები ავიჩეჩე. ფურცელზე გაურკვეველ ფორმულებს ვწერდი, ჩვეულ საქმეს შევუდექი. არ ვიცი, ყოველ ჯერზე ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ ვაკეთებ და მომწონს. იქნებ ერთ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი შევქმნა. სიჩუმე იყო, სანამ კარის გაღების ხმას გავიგონებდი. ჩემი ყურადღება მიიქცია რამდენიმე ადამიანის ნაბიჯების ხმამ. თუ არ ვცდები, სამნი უნდა ყოფილიყვნენ, ჩემი მახვილი სმენა ამას ყოველთვის გრძნობს მაღლა არ ამიხედავს, ყოველთვის ვცდილობდი, უჩინარი ვყოფილიყავი, უბრალოდ, თავი გვერდზე გადავწიე, მცირე ცნობისმოყვარეობა რომ დამეკმაყოფილებინა. მერე გავჩერდი. რაში მაინტერესებს, დაკვირვება ჩემი ცხოვრების სტილი არ არის, არც ჩემი ძლიერი მხარეა. - მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს გამოცდა წერილობით არ იქნება, ზეპირსიტყვიერად ჩატარდება. გამოცდას წაუძღვება მოწვეული პროფესორი დენიელ მილერი.აუდიტორიაში შეწუხებული ზუზუნი და წუწუნი ატყდა. ისე ჩურჩულებდნენ, იფიქრებდი, რომ მილიონობით ფუტკარი ამ წამს გააღვიძეს და გაუჩერებელი ფუსფუსი დაიწყეს. ჩემი ყურადღება მხოლოდ სახელმა მიიქცია და გავხედე. ბოლო რიგში ვიჯექი კარგად ვერ დავინახე, სტუდენტები ხელს მიშლიდნენ ინტერესის დაკმაყოფილებაში. დენიელ მილერი? დენიელ მილერი. დენიელ მილერი?სახელმა რამდენჯერმე ექოსავით დაიგუგუნა ჩემს გონებაში, საიდან მახსოვს? ალბათ, იქედან, რომ პროფესორია ან გაგონილი მექნება. თუმცა შეიძლება პირადადაც შევხვედრივარ და აღარ მახსოვს. კიდევ ერთხელ წავიგრძელე კისერი, მაგრამ - ამაოდ. - თუ გინდა, ადგილს გაგიცვლი, აქედან კარგად ჩანს. დამცინავად გადავხედე გვერდით მჯდომს. არაფერი მითქვამს, ფურცელს მივუტრიალდი. წამში გონებამ მიკარნახა... ან? ან... ანნნ... ჯანდაბა! ჩემს გონებასაც კი დაება ენა. ის წერილი ამომიტივტივდა. თავი შევარხიე ამაზე, რომ არ მეფიქრა, თითქოს ხმები გავაჩუმე. მაგრამ ვის ვატყუებ? კიდევ ერთხელ გავიგონე და საკუთარ თავს შემოვუძახე: "ჩემი საქმე არ არის"ისევ ფურცელს დავხედე და უემოციოდ რაღაცების წერა გავაგრძელე, როგორც ყოველთვის. გადიოდნენ და ზეპირად აბარებდნენ გამოცდას. ეს იმიტომ შევამჩნიე, რომ დარბაზი ნაწილობრივ დაიცალა და მეტი სივრცე გამოჩნდა, მე ისევ ჩემს სტიქიაში ვიყავი, მხოლოდ ფურცელს ვუყურებდი, იმიტომაც შევნიშნე, რომ უბრალოდ, მეტ სინათლეს ვგრძნობდი. - პარკ ჯიჰიო! ჩემი სახელის გაგონებამ შემაკრთო და გამომაფხიზლა, თავი ზანტად ავწიე. - მის პარკ, თუ შეიძლება! - მითხრა და ფეხზე წამოვდექი. კიბეებზე ჩავდიოდი, მაგიდებს შორის ვიწრო ჩასასვლელს მივუყვებოდი, რათა საბოლოოდ ტრიბუნასთან დამეკავებინა ადგილი. ჩემი ლექტორი დავინახე. გამიღიმა, მეც გავუღიმე, არ ვიცი, რატომ მხვდება ყოველთვის ასე, მხოლოდ სახეზე ვცნობ, მისი სახელიც კი არ ვიცი. - მიდი ჯიჰიო შენი იმედი მაქვს - შემაგულიანა და ტრიბუნისკენ წავედი. მაინტერესებდა, ვინ იყო პროფესორი. თავი გავწიე რომ დამენახა. იჯდა და მხოლოდ მისი შავი თმები დავინახე. - გამარჯობა - მომესალმა მოწვეული პროფესორი, თუმცა ამ ხმამ თითქოს ტვინში ექოსავით გამიარა. ისე დავიბენი, რომ მეგონა მილიონ ნაწილად დავიშალე. იმ სარკეს დავემსგავსე, რომელიც თავად დავამსხვრიე, ის სარკე მე ვიყავი. - თქვენი სახელი? გავჩუმდი. - თქვენი სახელი! მკაცრი ტონით გამიმეორა. - პარკ ჯიჰიო. ყველანაირად ვეცადე, დაბნეულობა არ შეემჩნია, თუმცა მე კვლავ მესმოდა ჩემი გონების ხმა, ჩემი ნათქვამი, ალბათ, საცოდავ ამოკნავლებას უფრო ჰგავდა, ვიდრე - ჩვეულებრივ პასუხს. - ნუ ხართ დაძაბული, მის პარკ, თუ იცით, ჩამაბარებთ, თუ არადა, განმეორებით გახვალთ. - დიახ, სერ. ფეხზე წამოდგა და დავინახე მისი თითოეული ნაკვთი. უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თუმცა ვერ ვიცანი. მაგრამ ... ჯანდაბა, რა მემართება ... ეს მაგრამ რატომ აფუჭებს ყოველთვის ყველაფერს ... კითხვების დასმა დაიწყო, ისე რომ გონზე მოსვლა ძლივს მოვასწარი. ყველა კითხვას პასუხს ვცემდი დაუფიქრებლად და აუღელვებლად, თუმცა არ ჩერდებოდა. მის მოძრაობებს ვაკვირდებოდი ... - დეტერმინურ-ქაოსურ სისტემებზე რას მეტყვით, მის? ღრმად ამოვისუნთქე და საუბრისგან გამომშრალი ტუჩები ენის წვერით დავასველე, ყელი ჩავიწმინდე, მსუბუქად დავახველე და გავაგრძელე: - სისტემები მგრძნობიარეა პატარა ზემოქმედებებზე. ქაოსურ სამყაროში ძნელია წინასწარ განსაზღვრო, თუ რა ვარიაციები შეიქმნება კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილას, შეცდომები და განუსაზღვრელობა დროის დინებასთან ერთად ექსპონენციურად იზრდება. - გასაგებია, კიდევ რამეს დაამატებთ? - დიახ, ედუარდ ნორტონ ლორენცმა ამ მოვლენას „პეპლის ეფექტი" უწოდა: პეპელამ, რომელიც ფრთებს აქნევს აიოვაში, შეიძლება გამოიწვიოს ეფექტების ზვავი, რომელმაც უმაღლეს წერტილს შეიძლება მიაღწიოს ინდონეზიაში წვიმების სეზონზე. თანდათან ვეღარ ვიგებდი, რას მელაპარაკებოდა რადგან ჩემს გონებაში სრული ქაოსი ისადგურებდა, ბინდში გავეხვიე, სრულიად განსხვავებული ხმები ჩამესმოდა, თითქოს რეალობას ვწყდებოდი, ფიქრებში ვიძირებოდი ... "გაზაფხული ხარ, ჩემი გაზაფხული”. სადღაც ვიყავი მინდორში, ნამიანი მიწისა და ბალახის სურნელი მცემდა, გაზაფხულის წვიმა თმებს და სხეულს მისველებდა. “ლაჟვარდისფერო”... სიცილი მომესმა. მეც ვიცინოდი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უბედნიერესი ვიყავი... "დამელოდე, ნუ გარბიხარ, არ მინდა მზის სხივები მომშორდეს", სიცილნარევი ხმით მეძახდა ვიღაც. უკან მივიხედე და სილუეტი დავინახე, პირველად გავარჩიე ნაკვთები.ადრე სახე არასდროს მინახავს, ახლა ყველაფერს ვარჩევდი. ვუყურებდი და სახიდან ღიმილი მიქრებოდა, ამას ვგრძნობდი ... - მის პარკ... ისევ ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან. ისევ ტრიბუნასთან ვიდექი, თითქოს არარეალურ სამყაროში დავბრუნდი, გული შემეკუმშა. პროფესორს შევხედე და ლამის ადგილზე ჩავიკეცე, ტრიბუნას დავეყრდენი, მთელი დარჩენილი ძალით მოვებღაუჭე. მას ვუყურებდი და ვცდილობდი, აღმედგინა სახე, რომელიც ჩემს წარმოსახვაში დავინახე. უფრო სწორად, კი არ უნდა აღმედგინა, უნდა მეპოვა მსგავსება წარმოსახვასა და რეალობას შორის. - კარგად ხართ? - დე..ნი..ე..ლ - ძლივს ამივილუღლუღე. - დიახ, ასე მქვია. ყველა მე მიყურებდა, თითქოს სივრცე ვიწროვდებოდა, უზარმაზარი აუდიტორია ერთ პატარა ყუთს დაემსგავსა, სუნთქვა გამიხშირდა, ვგრძნობდი, რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა, ჩემი წილი ჰაერი ოთახში აღარ იყო. - ძვირფასო, კარგად ხარ? - მკითხა ლექტორმა. მე გავჩუმდი. ფრთხილად შევხედე, რეალობას და წარმოსახვას ერთად ვხედავდი, ახლა წარმოსახვა და რეალობა ერთ წერტილში გაერთიანდა. ირგვლივ თვალი მოვავლე, ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, ეს იყო ყველაზე, შემაწუხებელი, რაც კი ოდესმე მიგრძვნია, თითქოს პანიკა მიპყრობდა. ჩემს ხელებს დავხედე, რომელიც ლექტორის ხელებში მქონდა მოქცეული, მისი ცერა თითები ჩემსას ეფერებოდა. - ბოდიში, თავს შეუძლოდ ვგრძნობ, შეიძლება წავიდე? იმდენად მინდოდა გავქცეულიყავი, რომ მზად ვიყავი, კურსი თავიდან გამევლო, ის კურსი, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი, რატომ ავირჩიე და სად ჯანდაბიდან ვიცოდი. მე ხომ არც ვმეცადინეობდი და არც არაფერი. - დიახ, რა თქმა უნდა! პროფესორი მილერის თანხმობა მივიღე თუ არა, მაშინვე კარისკენ წავედი, ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია. - ძვირფასო, ნივთები გრჩება - მომაძახა, თბილი და მზუნველი ხმით. - დიახ, - დაბნეულმა ვთქვი და ჩემი ადგილისკენ წავედი სწარფი ნაბიჯით, ხელი მოვხვიე ნივთებს და ყველაფერი ჩანთაში უწესრიგოდ ჩავყარე. - ჰეი, რა გჭირს? - ჩუმად მკითხა გვერდით მჯდომმა. მაიკი? ნიკი? ნეტავ, რა ჰქვია? - არაფერი, ნიკ, მგონი, არაფერი, - თავდაჯერებულად ვუპასუხე, სინამდვილეში მთელი სხეული მიცახცახებდა. - კრისტოფერი მქვია. - კარგი, კრის.კარგად, - ვუთხარი და კარებთან ძალიან სწრაფად აღმოვჩნდი, გამოვგლიჯე და გავვარდი, აუდიტორია ისე დავტოვე უკან არ მომიხედავს. ადგილს ვეძებდი, სად დავმალულიყავი ... სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი, უნივერსიტეტის ვიწრო დერეფნებში, ხალხს ვეჯახებოდი, ყურადღებას არ ვაქცევდი, რას მელაპარაკებოდნენ. უბრალოდ, იმაზე ვფიქრობდი, სადმე ვირთხასავით შევმძვრალიყავი და ძალები მომეკრიბა ... როგორც იქნა, უნივერსიტეტის გაყინულ კედლებს თავი დავაღწიე, საღამოხანი იყო, ყველა სახლში ბრუნდებოდა. ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა: ხალხი, მანქანები, წვიმა, მიწის სუნი, გამონაბოლქვი. არ ვიცი, სახლამდე გზა როგორ გავიარე, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. მხოლოდ ის მაგონდება, სიცარიელეში როგორ გავიჭედე, გარეგანი ქაოსის მიუხედავად. საწოლში ტანსაცმლით შევწექი, ფეხზეც კი არ გამიხდია, ვცდილობდი, არაფერზე მეფიქრა. იმუშავა, რადგან ისედაც ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა იმ სიცარიელისა, რასაც შინაგანად განვიცდიდი. როდის ჩამეძინა, არ მახსოვს. ყველაზე საშინელი მაშინ დატრიალდა, როცა თვალი გავახილე. ჩემი თავი დავინახე ზემოთ, სარკეში: მტვერში ამოთხვრილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გაწეწილი, ბინძური თმა და ქაოსი საწოლში, ქაოსი სუნში და გონებაში. საშინლად გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ იმას, ვისაც ვხედავდი, საერთოდ არ მგავდა, მაგრამ ისიც მე ვიყავი. კიდევ რამდენი ვარ? - არ გავგიჟდები... - არ გავგიჟდები... საკუთარ თავს ვუმეორებდი და ჩემი გამომეტყველებით თანავუგრძნობდი იმ ადამიანს, რომელიც ზემოდან მიყურებდა ... - 5.4.3.2.1. დავითვალე და დაუფიქრებლად წამოვდექი, პირველ რიგში, თავი მოვიწესრიგე და შემდეგ სახლის დალაგებას შევუდექი, ყველაფერი უნდა გამეწმინდა იმ აურისგან, რაც ცუდად მხდიდა. წიგნების თაროს მივადექი, აი, ისე რომ იყო დალაგებული, როგორც მიყვარდა - ფერების, ზომისა და შინაარსის მიხედვით. იმდენად სრულყოფილი იყო, შეხებას ვერ ვბედავდი არ მინდოდა ქაოსი და უწესრიგობა შემეტანა, ერთი წიგნი ფრთხილად ავიღე, ადგილი ისე დავტოვე, რომ ადვილად დამებრუნებინა თავის ადგილზე. ბუხრის წინ სარწეველა სავარძელში ჩავესვენე, აი, იმაში, რომელშიც სიბერე მინდა გავატარო ბედნიერმა ... თუ გადავრჩი ... მარცხენა ფეხი ოდნავ მოვხარე და სავარძელზე მოვათავსე. წიგნს ხელი გადავუსვი ... "სარა ჯ. მაასი" „ეკლების და ვარდების სამეფო" შემდეგ ბოლო გვერდზე გადავფურცლე, რომ სინოფსი მენახა ... წავიკითხე, ჩამეცინა .. - ფენტეზი ... - კიდევ ეს მინდა? - ჩემიც საკმარისია. ისევ მეცინებოდა, ვგრძნობდი. - ჩემი ცხოვრება ისედაც ფენტეზს ჰგავს .. მეტი რა გინდა? საღამო როგორ შემომეპარა, ვერ გავიგე, ისე გავერთე კითხვაში, მთლიანად იმ სამყაროში გადავეშვი ... იმის მიუხედავად, რომ ამ ჟანრს დიდად არ ვწყალობ, კითხვამ სიამოვნება მომგვარა. უფრო რეალურთან მიახლოებული ლიტერატურა მიზიდავს. ვკითხულობდი და უცნაური შეგრძნება მეუფლებოდა, გონება სადღაც დაფრინავდა. უცებ სხვაგან აღმოვჩნდი. ისევ სავარძელში ვიჯექი, თუმცა იმისგან განსხვავებულში, სადაც ვიყავი... უზარმაზარ სავარძელში ვიჯექი, გარემოს თვალი მოვავლე, კაბინეტს ჰგავდა, ერთი შეხედვით. ირგვლივ ყველგან წიგნები იყო კედლებზე, ხოლო ერთ-ერთ კედელთან ლაქწასმული ხის დიდი მაგიდა ყავისფრად ანათებდა, მაგიდაზე უამრავი ფურცელი ელაგა, თუმცა ყველაფერი წესრიგში. -ჯი, დალევ ?არავის ველოდებოდი, ამიტომ შევკრთი და ხმისკენ გავიხედე. ჯერ სილუეტი დავინახე, მაგიდასთან. წითელ ღვინოს ნელა, მოხდენილად ასხამდა ჭიქაში, მხოლოდ მის გაშლილ მხრებს და შავ გრძელ თმებს ვხედავდი, ზურგით იდგა. შემდეგ ნელა შემოტრიალდა, ღვინის ჭიქით ხელში ჩემკენ წამოვიდა...გაოცებული ვუყურებდი პროფესორის მსგავს ადამიანს, მაგრამ მაინც განსხვავებულს. ჩემკენ მოდიოდა, მე კი მის თითოეულ ნაკვთს ვსწავლობდი, თითქოს რაღაცამ დამატყვევა, უფრო დიდ ქაოსში გამხვია. ნელი, გრაციოზული ნაბიჯები, შავი ბნელი თვალები და თეთრი კანი. მაბნევდა კიდევ ღიმილი - ნაზი, მაგრამ ამავე დროს ველური, ქარიშხლის მაგვარი და მაცდუნებელი. მომიახლოვდა და ხელი, რომელშიც ჭიქა ეჭირა, თავაზიანად გამომიწოდა: - მადამ... მაცდური ხმით და ეშმაკური ღიმილით მითხრა. გამოვართვი და ერთი ყლუპი მოვსვი. ზემოდან დამყურებდა თვალები ოდნავ ავწიე და მის შავ თვალებს შევეჩეხე, მე მიყურებდნენ. ტუჩები ოდნავ გამოწეული ჰქონდა და ათამაშებდა. -რაო, ჯი, კაბინეტში ჩემი ცდუნება გადაწყვიტე? - ჩაიცინა და ენის წვერით ტუჩები დაისველა. ახლაღა დავიხედე სხეულზე. გამახსენდა, რომ ჩემი გრძელი საღამური ზედმეტად სექსუალურად გამოიყურებდა: თამამად ამოღებული გულ-მკერდი და კარგად ჩახსნილი მარცხენა ფეხზე. ავყვე ?ოდნავ დაიხარა და ლავიწზე სველი კოცნა დამიტოვა, სხეულში სიამოვნების მაღალმა ძაბვამ გაიარა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს ტვინი ამიდუღდა. - რა კარგი ხარ, ჯი... ჩემს კანთან ჩუმად ამოილაპარაკა. - ვგიჟდები შენზე, ჯი... ცხვირის წვერს კანზე ოდნავ მახებდა, თბილ ჰაერს ვგრძნობდი, რომელსაც მისი საუბარი იწვევდა. ვგრძნობდი, მთელ სხეულში როგორ დამბურძგლა და სიამოვნებისგან თვალები მელულებოდა. ხელები აქეთ-იქით სავარძელზე დააწყო და ზედ დაეყრდნო. - მაგიჟებ, ჯი... მისი ხმა გონებას მაკარგვინებდა. ჩუმად ვუსმენდი, არ მინდოდა ჩემი თუნდაც ერთი სიტყვით სიტუაცია გამეფუჭებინა. იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი, რეალური არ იყო, უზომოდ მსიამოვნებდა. ძალიან კი ჰგავდა რეალურს. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. შევკრთი, ის არც კი შერხეულა, აგრძელებდა ჩემს გაბრუებას. - აკაკუნებენ, - ჩუმად, გაუბედავად ვთქვი. - არა უშავს მოიცდიან. კისერსა და ლავიწს შორის ისევ მაკოცა, თითქოს ცდილობდა ტუჩებით სხეული შეესწავლა. ისევ დააკაკუნეს.- ახლა რაღაა?! გაღიზიანებულმა დაიღრინა, მხრებში გასწორდა და პიჯაკი შეისწორა. -ბოდიში, - მითხრა და კარისკენ წავიდა გაბრაზებული. უხეშად გამოაღო... მე ისევ გაშეშებული ვიჯექი და იმაზე ვფიქრობდი, რა მოხდა რამდენიმე წამის წინ. - რა ხდება, ნათანიელ? - უემოციოდ ჰკითხა. - ჯიჰიო აქ არის ? ჩემი სახელის გაგონებაზე კარისკენ გავიხედე, ჩემთვის უცნობი პიროვნება იდგა, ღია ფერის თმებით, მაღალი, დაკუნთული, იღიმებოდა, ნაჩვრეტებს ლოყაზე ადვილად შეამჩნევდი. დენიელმა თვალები დაუბრიალა: - კი, აქ არის და, სხვათა შორის, ცუდ დროს მოხვედი ... - კარგი, კარგი, მივდივარ. უბრალოდ, შენმა ქარიშხალმა მოხსენების დაწერა დამავალა, მე, როგორც ბეჯითმა და დიპლომატმა, უკვე მოვაგვარე - რაღაც ფურცლები მიაწოდა. - ნუ ცანცარებ, - სიცილით უთხრა. - კარგი, კარგი წავედი. ყინულმა და ქარიშხალმა აქ ტაიფუნი არ გამოიწვიოთ, მალე შეხვედრა გვაქვს, - უთხრა და წავიდა. კარები მიკეტა და ჩემკენ წამოვიდა, თან ფურცელი ოდნავ გადასწია და უყურებდა. ნელი სვლით გამოაგრძელა გზა. - ამის გაკეთება რატომ სთხოვე? მარტო თვალები ასწია ფურცლებიდან. არ ვიცოდი: რა მეთქვა, ან საიდან უნდა მცოდნოდა. ვერაფერი გავიგე. ჯერ ერთ ცხოვრებაში ვიყავი არეული, ახლა მეორე ილუზია დამემატა, თუ არ გავგიჟდები, ძეგლი დამიდგით. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. უბრალოდ, ვუყურებდი. - რასთან დაკავშირებით? -სრულიად თავდაჯერებულად ვუთხარი ისე, თითქოს ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ხელი გადავწიე და ღვინის ჭიქა მაგიდაზე ფრთხილად დავდე. მხრებში გავსწორდი. - დიად პარკ ჯიჰიოს სურს კიდევ ერთხელ სცენ თაყვანი კონფერენციაზე? სიცილით თქვა და ფურცლები ღვინის გვერდით, მაგიდაზე დააწყო. - რატომაც არა? კიდევ ბევრჯერ თუ დამიკოცნიან ფეხებს? არ დავიბენი, სიტყვები თვითონ ჩნდებოდნენ ჩემს გონებაში. გვერდით სავარძელზე მოთავსდა და ხელები სახელურებზე დააწყო. მიყურებდა, თან ენით ლოყას აწვალებდა. შემომხედა ისევ მაცდური ღიმილით. - ძვირფასო ჯი, ცეცხლს ეთამაშები. - შენც ეგ არ მოგწონს? ისევ მის თვალებს შევეჩეხე, შავ თვალებს. ზედა ტუჩი ოდნავ გამოსწია და ქვედა ტუჩს ოდნავ უკბინა ღიმილნარევი გამომეტყველებით. ფეხზე რომ ვმდგარიყავი, ჩავიკეცებოდი. მე კიდევ სიტყვებს ისე ვისროდი, არ ვიცოდი, საიდან მომდიოდა თავში. - მომწონს. თანაც როგორ მომწონს, - თქვა და ოდნავ შეხსნილ ტუჩებზე დავინახე, როგორ მიადო ეშვს ენა. რას აკეთებს? რას მიკეთებს? თითოეული სიტყვა თითოეული მიხვრა-მოხვრა , ქცევა ჭკუიდან მშლიდა. - ახლა მე უნდა წავიდე, საქმე აქვს. საღამოს შეგვიძლია ერთად დავიწვათ, პატარა... - მე? მე როგორ წავიდე? ასე? საღამურზე მივუთითე. გაოცებულმა შემომხედა, ნეტა, რა ჯანდაბა შემეშალა. - სად უნდა წახვიდე? შევცბი, გთხოვ არაფერი შემეშალოს. არ მინდოდა, ყველაფერი გამეფუჭებინა. - მთელი დღე აქ ხომ არ ვიქნები? - აქ რატომ უნდა იყო? - უბრალოდ, მითხარი. გარემოს თვალი მოვავლე, ეტყობა, კომპანიაა ან სახლი... - საძინებელში როგორ წავიდე, გარეთ ის არის. თვალები მოჭუტა, მაკვირდებოდა. დავაბნიე? - უცნაურად იქცევი, ჯი, სახლში მხოლოდ დამხმარეები არიან. ნათანიელი წავიდოდა და რა გაცვია ისეთი, რომ აქედან ვერ გახვიდე. ან რა ვიცი, როდიდან გაინტერესებს, ვინ რას იტყვის? - მე, უბრალოდ, გადავიღალე, რელაქსაცია მჭირდება ... - საღამოს მოდუნებაში დაგეხმარები, ახლა წავედი. ფეხზე წამოდგა, მკერდზე სველი კოცნა და არეული ფიქრები დამიტოვა, რომელმაც უარეს გაურკვევლობაში გამხვია ... ფურცლებს დავხედე მაგიდაზე. „უწესრიგობიდან წესრიგამდე”, პარკ ჯი ჰიო. ხელი გავწიე რომ ამეღო, თუმცა, თვალი რომ გავახილე, ფეხზე ვიდექი დივანთან, ხელი მქონდა გაშლილი და ჩემ წინ ყველაფერი სხვანაირი იყო, იმისგან განსხვავებული, რასაც წარმოსახვაში ვხედავდი. ჩემს ნაქირავებ სახლში ვიყავი . ილუზიების სამყარო მომწონდა, არა მარტო მომწონდა, აღმაფრთოვანებდა კიდეც, მინდოდა იქ დავრჩენილიყავი. ან რა იყო რეალობა... დავიბენი. სამუდამოდ დავრჩი გამომწყვდეული ორ სამყაროს შორის. ერთ კვირას სახლიდან არ გავსულვარ. ისევ კოშმარები არ მასვენებდა. ის დღე რა იყო? ასეთი სასიამოვნო, ჩემში დაძაბულობას რატომ იწვევდა? კითხვები საკუთარ თავთან არ მასვენებდა, კითხვებს რომელსაც სამყაროს ვუსვმდი, ყოველთვის უპასუხოდ რჩებოდა. დენიელი... დენიელი... დენიელი... მხოლოდ ეს სახელი მიტრიალებდა თავში. სარკესთან ვიდექი და ისევ ჩემს თავს ველაპარაკებოდი, როგორც ყოველთვის. საწერ მაგიდასთან მივედი და რაღაცის ძებნა დავიწყე, თვითონაც არ ვიცოდი, რისი. იქნებ რამე მეპოვნა ხელჩასაჭიდი. მაგრამ რა? არც კი ვიცი, ამას რატომ ვაკეთებდი, მგონი, გავგიჟდი. ან იმიტომ, რომ სრულიად არ შევიშალო ჭკუიდან. ხელი მაგიდის ქვეშ შევაცურე და უჯრა ვიპოვე, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანდა. გამოვწიე და იქ უამრავი წერილი იყო. სწრაფად ამოვყარე. „დენიელ მილერი’’.