ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

და რომ ჰქონოდა ჩემს წყვდიადს სახე

და რომ ჰქონოდა ჩემს წყვდიადს სახე

სახეზე ტვინი ამომივიდა. ნაჩქარევად ამათალა მშობელნაცვალმა სკალპელით. მშვიდად გამიღიმა. ჩაი დამისხა. პირფარეშობა მოიმიზეზა და გავიდა. აზვირთებულ ტალღებად ძრწოდა ზღურბლს მიღმა. ცდილობდა დაემალა. შეენიღბა მთელი ჩემი ყოფის ამაზრზენობა. მაგრამ მაინც ვგრძნობდი. არ იცოდა თუ ვგრძნობდი. არც მე ვიმჩნევდი. თავს ვიმშვიდებდი. მეგონა გადაუვლიდა. მაგრამ არ უვლიდა. რა უნდა მექნა? არ ვიცოდი. ამოვიხვნეშე. ჩაი მოვსვი. თათმანით შევეხე ტვინის ანათლებს. ნეტავ ვისი იყო? ახლა ვისი იყო. დროითობას ვაზუსტებ და მწარედ მეღიმება. გეგონება სხვა დროს ვიცოდი, ვისი რა იყო. ჩაის სმას ვაგრძელებ. ფინჯანში ნაჭრილობევიდან სისხლი ეწვეთება. ნელა ფართოვდება. სითხე სითხეს ერევა. ჩემი ხუთი თითი ფინჯანს ეზილება. მეორე ხელზე კბენით ვმიწდები. სახიფათოა ეს ასე. რაღაც რიგზე ვერ ვარ. ჩემი კარგად ყოფნის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. მე კი რიგზე ვერ ვარ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. უმადურობის ელფერი დაკრავს ჩემს ურიგობას. ამიტომ არ ვიმჩნევ. ამიტომ ვიღიმი. მადლობას ვუხდი თავშესაფრის ცალთვალა სოცმუშაკს და ჩემი დანახშირებული სახლის ზუსტ ასლში მივყვები. სოცმუშაკი დუმს. დაბნეული მიღიმის. უხერხულად ვუღიმი. უცებ ვხვდები. როლებია გასაცვლელი. აქ, ამ ზღურბლს აქეთ, მე ვარ მასპინძელი. სახლს ვათვალიერებინებ. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც დავტოვე. ბოლოს ჩაის ვთავაზობ. მადლიერი უარობს. დაყენებული ღიმილით მემშვიდობება. მარტო ვრჩები. საწოლში ვწვები. მხვდება ძველებურად უსიამო ქვეშაგები. უკიდურესი სიზუსტითაა ყველაფერი აღდგენილი. თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ დავიძინო. ძილის მაგიერ კი, უკუნეთში ცეცხლის ალი დამყურებს. ჯარისკაცები წამონაზარდებად მოემართებიან ამ მზერი სინათლიდან. ძაფზე მობმული თოჯინებივით. მათი ძაფი არ იწვის. მათი ძაფი ქსელია. გაობობებულები მხლართავენ აბლაბუდის ნატიფ მონახაზებში. ვყვირი. ნაცნობ სახლში მეღვიძება. არ არის ეს კარგი. ნაცნობი არ არის კარგი. ნუთუ ვერ ხვდებოდნენ, რომ არ იყო ეს კარგი? მერე უცებ მივხვდი. იცოდნენ. ძალიან კარგადაც იცოდნენ. წამოვდექი. ფანჯრიდან დასახლებას გავხედე- დევნილების აღდგენილი წარსულების თანავარსკვლავედს. სამზარეულოში მსხდარი ოთხი დავლანდე. ორი დიდი და ორიც პატარა. ბედნიერები ჩანდნენ. ჯერ ალბათ ვერ ხვდებოდნენ თავიანთ ცდისპირობას. დასაკვირვებელ დანადგარებს დავუწყე ძებნა. ფოტოალბომს წავაწყდი. დედაჩემისა და მამაჩემის შურავისდროინდელს სურათებს. მათ შავ-თეთრ სახეებში ჩემი მკვდარი შვილის ნაკვთები იკითხებოდა. წაკითხული მოგონების დაგმანულ კარს აღებდა. თავში მძლავრი მუშტის შენით ვეცადე მის დაგმანვას. არ გამომივიდა. იატაკზე მოვიკაკვე. ქვითინით დავნებდი წარსულის ნიაღვარს. რა მნიშვნელობა აქვს თუ მითვალთვალებენ? რა მნიშვნელობა აქვს თუ ცდისპირი ვარ? მართვის მარწუხებისგან თავისუფლებას, გარეთ მიმართული მუხტი სჭირდება. ჩემი მუხტი შიდა დილეგშია გამოკეტილი. აქვე ბობოქრობს. აქვე ეხლება ძვალ-რბილში გამჯდარ კედლებს. აქვე აკვდება და კლავს საკუთარი თავის დაუფლების მცდელობას. ამიტომაც ამარჩიეს. ამიტომაც მომათავსეს აქ. ვინც კი ჩემს თავში იქექა ამ სახლასლისთვის, ვინც კი გაზომა ჩემი კარგად ყოფნის სიგრძე და სიგანე, ნახავდა იმასაც, თუ საით იყო ჩემი ამბოხი მიმართული. ისინი დამაკვირდებოდნენ. მე კი არ გავიქცეოდი. აქვე ჩავიხრჩობოდი. ამ ნაცნობ სამარეში. ნაცნობებში. ჩემს შვილთან. დატბორილ საერთო სასაფლაოში. წარღვნის დარად რომ წალეკა წვიმამ. ჩემი შვილი… ბარ სვე-ბედში ნაპოვნი, იმავე ბარის კედელთან მიაყუდეს. ასკინკილა ახტუნეს, მერე კი მიაცხრილეს. ჩანაწერზე მაქვს ნანახი. ის ბარიც მოვნახე. კედელიც ვნახე. ამ სასაკლაოს მომწყობის კარიკატურა ეხატა ზედ. ქვემოთ ეწერა, ხარისთვინ უპატიებელი, ღმერთისთვინ საპატიოაო. ეს ადამიანი, ეს ღმერთი, აუცილებლად ღმერთი და არაფრის დიდებით ხარი, საერთაშორისო დონეზე ლამის წმინდანად იყო შერაცხული. ჩემი შვილის ტვინნარევი ნატყვიარი, მის კარიკატურულ კეფას ემთხვეოდა. მიუღებლობის ძილ-ბურანში მყოფი შევეხე ტვინის კვალს. შორიდან ვინმეს ეგონებოდა, ყასაბს კეფას ფხანსო. მაშინ ცოტა სასაცილოდ მეჩვენა ეს ამბავი. ახლაც მეცინებოდა. განა რა მაცინებდა? მაგრამ მეცინებოდა. როცა წამოვდექი, დროის სვლა ძალიან გამექცა. ფანჯარასთან მივედი. ბედნიერ ოჯახში სიბნელე სუფევდა. ალბათ ყველას ეძინა. მეც ავდექი და საწოლისკენ წავედი. ფეხი მწარედ მივარტყი კიდეს თუ ჯანდაბას და მატილდამ ეგრევე ნიშანი მომიგო, აგენთო სინათლე, შე ძალით ბუო. ცალყბად გავუცინე ამ უფხო ხუმრობაზე. სიამოვნებით ჩავუმტვრევდი ყბას. ზედმეტად მოუხშირა ნიშნის მოგებებს. ზედმეტად ცდილობს თავის ნებაზე გადამაწყოს. არ გამოუვა. ჯერ ვუთმენ, მაგრამ არ გამოუვა. ნუ ეპუებიო. მითხრა ადრე ჩვენმა ძველმა მეზობელმა ორბიდან. ოდითგან აქვს თავისი ადგილი მიჩენილი და უნდა იცოდესო. მაშინ ვიცინოდი. ვამსუბუქებდი. უფრო ღრმა დინებების არსებობას ვუსვამდი ხაზს. მაგრამ რაც დრო გადის… მოკლედ, მართალი იყო ჩემი ძველი მეზობელი. არ უნდა ჰქონდეს ჩემი ასე დამცირების უფლება. ახალი მეზობელი გვყავსო, არსაიდან მეუბნება მატილდა და მაკრთობს ძველის მოგონებასთან ახლის გაჟღერების ეს უცნაური ბმა. მართლა? ვინ არის? ვეკითხები. აზრზე არ ვარ. საპოვნელას სასაკლაოს გადარჩენილა თურმე. მპასუხობს. საპოვნელა? მანდ ხომ… ვიწყებ თქმას და ვწყვეტ. ენას კბილს ვაჭერ. მატილდასთან ასეთებზე ლაპარაკი არ მოსულა. კბილებით იცავს ეშვიან მხეცებს. ვერ იაზრებს. ვერაფრით იგებს. ვერ გავაგებინე. თუ რამხელა საფრთხის მატარებელია ზოგიერთი ერი. რამდენჯერაც ვახსენებ, სულ ჩემსას ვახსენებ. ჩვენც მასე გვეპყრობიან. ჩვენც მათ დღეში ვართო. გავიგე, მაგრამ განსხვავებაც ხომ არის. ჩვენ არ ვიმსახურებთ. ისინი იმსახურებენ. ამის პასუხად თვალებს ატრიალებს მატილდა. ატრიალებს და მეუბნება. რომ სწორედ ჩემნაირების გამო არ აქვს ამ სისხლისღვრას სასრული. ასეთ დროს მინდება მისი სისხლი დავღვარო. და ნამდვილად არ ჰქონდეს დამცირების ამ საზღაურს სასრული. აბა, რას ნიშნავს ჩემნაირი? ვინ არის ჩემნაირი? რას მიწუნებს საერთოდ. ნეტა მეტი იყოს ჩემნაირი. იქნებოდა კიდეც. ჩემი ტყუპი მკვდრად რომ არ დაბადებულიყო. დედაჩემი ორივეს სწორად გაგვზრდიდა. ეჰ… საწყალი დედაჩემი. ორი ჩვილი დაებადა. ერთი მეორის ზუსტი ასლი. და პირუკუ. მხოლოდ ერთის სხეულეთში მოძრაობდა ჰაერი. ჰაერი. სუნთქვა. ხანდახან მზარავს, მხოლოდ მე რომ ვსუნთქავ. არ ვიმსახურებ. დედაჩემი იმსახურებდა. უფრო მეტად, ვიდრე მე. ბევრად უფრო მეტად, ვიდრე მატილდა. რა დავაშავე. მოქოქილი საათივით დაიწყო ხვრინვა. ძილში ხვრინავს. მატილდა ძილში ხვრინავს და ეს წარმოუდგენელი ფუფუნებაა. სრული შემთხვევითობა. მისი შემთხვევითი სიცოცხლე. დედაჩემის შემთხვევითი სიკვდილი. საყიდლებზე მივდიოდით მე და დედა ბაზარში. მატილდამ თავი გამოიდო. სახლად დარჩი დედად მრგებო. ცოდო ხარო ამ სიცხეში. ეამა დედას. ბაზარში წავედით მე და ეს ხვრინვის საქშენი. მობრუნებულს დედა დამხვდა თავდაყირა. გაბახებული. გამოშიგნული. ჩვენი თეთრი მურა ძაღლიც იქვე იყო. სარზე აცმული. ბოლომდე დაიცვა ეტყობა დედა მურიამ. ერთგული იყო. თავდადებული. არ ფასობს არც ერთი ამ სამყაროში... ყვირილისთვის დაღებული პირი მოვაკეტინე მატილდას. დამიგვიანდა. ჩვენკენ მოაბრუნა მისმა ამოგმინვამ შორეთის არაკაცები. სკოლაში გავიქეცით. ბავშვები წამოვიყვანეთ. ჭალა-ჭალა ვიარეთ. სასწაულად გადავრჩით, ხოცვა-ჟლეტვის მორევში. ხანდახან მგონია. არა. განა რა. ვიცი რომ ვბოდავ. მაგრამ თითქოს იცოდა. მატილდამ. რაც მოხდებოდა. იცოდა. დედაჩემი გაწირა. თავი კი გადაირჩინა. ვიცი. ვიცი. ვიცი რომ ვბოდავ. მაგრამ არა. უფრო ვნატრობ. მატილდას შეძულების საბაბს ვეძებ. რამე უტყუარს. ხელშესახებს. სანდოს. რადგან... დროში დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, დედას გავიყოლებდი ბაზარში. დავიჟინებდი და მაინც გავიყოლებდი. მატილდას მივუგდებდი იმ არაკაცებს. დედა სიკვდილს არ იმსახურებდა. დედა კარგი ქალი იყო. დედას ჩემი ესმოდა. ყურადღებით მისმენდა. გაგებით მეკიდებოდა. ნიშანს არასდროს მიგებდა. დედასთან სამყარო იდგა თავის ადგილზე. მათ კი ამოაყირავეს. თავდაყირა დაკიდეს. არადა. მატილდა რომ დაეკიდათ, ყველაფერი უფრო დალაგდებოდა. უკვე მაშინ ვატყობდი, ჩემზე გულის აცრუებას. ჩუმ, გამკიცხავ მზერას. თითქოს მხედავდა. მხედავდა და გული ერეოდა. თვალებიდან გადმოსდიოდა ნარწყევი. და რატომ? რისთვის? არ ვიმსახურებ. მე ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ. ნამდვილად არ ვარ სხვებზე უარესი. სხვა თუ არაფერი, არავის, არასდროს, არ ვუზამ იმას, რაც იმ არაკაცებმა დედაჩემს დამართეს. მაგრამ რომ ვიცოდე, დანამდვილებით რომ ვიცოდე, მატილდას სიკვდილით ვუშველიდი დედაჩემს, ჩემი ხელით გამოვშიგნავდი ამ ჩემს ცოლს. დავაბრუნებდი ოდითგან დადგენილ ალაგს. შევუბრუნებდი მამცირებელ მზერას. სამუდამოდ მივაყუჩებდი მისი ხვრინვის ტონალობებს. თითქოს ზეცამ ისმინაო. მართლაც დადუმდა მატილდა. ახლა მაინც მეღირსება მშივიდი ძილი. განა დიდი ხანი მეძინა. მაგრამ მეგონა, საღათას ძილიდან მოვბრუნდი. ჯერ კიდევ ბნელოდა. ფანჯრიდან გავიხედე. ერთბაშად გავშრი. ქუჩაში, ბოძზე, გამოშიგნული ქალი თავდაღმა ეკიდა. ქვეშ კაცი იჯდა, მზერაგაშტერებული. არც ყურმილის აღება მახსოვს, არც ზარი, არც სამართალდამცავების მოსვლა. ხედმა უკან დამაბრუნა. კიდეებზე მოაქცია მიმდინარე. შუაგულში სისასტიკის მუზეუმი აშენდა. საგამოფენო სივრცედ კი, ჩემი მშობლიური მიწა აირჩა. მსგავს მუზეუმებში გული ქვავდება. ყველა მისი ექსპონანტი ერთ სიბრტყეზე ლაგდება. სისასტიკის ხელოვანთა გამოხატვის ფორმებიც ერთფეროვანდება. არაფრისმთქმელი ენაა. ადვილად მოსაყირჭებელი. მაგრამ მყარი და უდრეკი მიმდევრებით. კიდეზე ბავშვები კივიან. ვერ იჯერებენ მამის ნახელავს. მათთვის ეს მუზეუმი ახალი ხილია. სამართალდაცავები აკავებენ კვლავ თვალგაშტერებულ კაცს. გავდივარ. ჩემი სოცმუშაკი ცხარე კამათშია ვიღაც მოუფროსე ყაიდის ადამიანთან. ეს არ უნდა მომხდარიყო. შეცდომა გაიპარა. შენ სწორედ შეცდომებისგან დაზღვევა გევალება. დაზღვევა ვერასდროს იქნება ყოვლისმომცველი. მესმის, მაგრამ... გაჩუმდი. მათკენ ერთ-ერთი ბავშვი გაიქცა. სახლი. გამოგვიცვალეთ სახლი. მოგვაშორეთ ამ ჯოჯოხეთს. გესმით? მოგვაშორეთ ამ ჯოჯოხეთს! მეუფროსემ პასუხის საგებარი პირი დააღო, მაგრამ არ დავაცადე. კიდე ერთბაშად ვაქციე შუად. მე, მე გავუცვლი. ჩემს სახლში გავუცვლი. ბატონო> მზარავს აქ ცხოვრება. რაც ალბათ კარგად იცით. მაგიტომაც დაგვაბრუნეთ, არა? რას იკვლევთ. იცით, ოდესღაც საოცრად მიზიდავდა ადამიანის ბუნების შეცნობა. მაგრამ მერე... ხომ ხვდებით. ყველა ვერ იქნება აკადემიურად მედეგი. თვითონაც ვერ ვხვდები, რას ვლაპარაკობ. მაღიზიანებს ეს ჩემი უადგილო წატრაბახება. ჩემი უუნარობების დებულებებად ჩამოყალიბება. ვის რაში ადარდებს დაკარგული ნიჭები. ისტორია გამოხშირვაა მხოლოდ და მეტი არაფერი. უკითხავად მოვლენილების წუმპე. ჩემი შვილი იძახდა ხოლმე ასე. მის სიტყვებში სულ ჟონავდა მისი გულაცრუება. მისი დაუდგრომელი სწრაფვა არყოფნისკენ. რამ გამოიწვია, ვერაფრით ვხვდებოდი. უმადურად მიმაჩნდა. ასეც ვეუბნებოდი. ახლა კი ვნანობდი. აწ უკვე ბევრ რამეს ვნანობდი. გვიანი იყო. არადა მესმოდა. აწ მეც მინდოდა, არაფერს მოეცვა ჩემი ყველაფერი. რატომაც არა? რა? რატომაც არა. კი, მაგრამ... ჩვენ აქ მძიმე ტრავმასთან გვაქვს საქმე. ადგილმონაცვლეობის ეს წადილი, სავსებით გასაგებია. გაკვირვებული ვუყურებ მეუფროსეს. ვიგრძენი ამ თანხმობაში ფარული მზაკვრული. მაგრამ არ უჭირს. არაფერს არ უჭირს. დაე ეგონოთ, ყოფიერების ამ მდარე მოთამაშეებს, რომ იგებენ. რომ მათია ბურთიცა და მოედანიც. რომ მათ მტაცებლურ რაობას აზრი აქვს რამე ხელშესახები. განა მე უკეთ არ ვიცი? ვუყურებ და ამ ბავშვებმაც იციან. უნივთებოდ გადავდივარ მათ სახლში. მათ კი მთელი სახლი გაზიდეს. მშვიდად ვუყურებ ახალ სახლს. მსიამოვნებს ეს ახალი ცხოვრების ელფერი. წამიერი, მალე ჩამოსაშლელი, მაგრამ მაინც აქ მყოფი. მზის სხივებთან თანმხვედრი მოლიცლიცე მინები. ლიცლიცი თვალებს მილულებს. სილის გაწვნა მაღვიძებს. თავს და ბოლოს ვერ ვიგებ. რა, რაინარ გძინავს დღეს? ყვირის იერემია. რანაირად. დღეს? რა მოხდა დღეს? თავს აზრებს ძლივს ვუყრი. აზრებს თავს. დღეს მამამ დედა მოკლა. აჰ. ეს დღეს იყო. სიზმრებმა წამიღო. აიზილა ყველაფერში ერთმანეთი. ერთმანეთში ყველაფერი. დაკარგა ნამდვილობა. სილამ კი დაუბრუნა. ჭერს ვუყურებ. დღეს ჩვენ დავობლდით. ნუ ამბობ მაგას. მამა ცოცხალია. გინდ ყოფილა, გინდ არა. ნუ ამბობ მაგას. ხვალ ჩვენთან მოვა დეიდა ეთერო. ვერ ვიტატან მაგ ქალს. ვერ ვიტან. არ აქვს მნიშვნელობა. არავინ გვყავს მის მეტი. მოგვიწევს ატანა. იერემია ისევ ცდილობს ჩემზე გამოწევას. ახლა სრულად ვარ ფხიზელი. მარტივად ვაჩერებ. რა გინდა? რას მეჯიკავები. იგრძენი. რამე იგრძენი. ვგრძნობ. ძალიან კარგადაც ვგრძნობ. ჰო. თავს ძალიან კარგად გრძნობ. რა? ხუმრობ არა? არა. შენ არასოდეს გიყვარდა ისინი. ხელისკვრით ვიცილებ. კარისკენ მივდივარ. მიყვარდნენ თუ არ მიყვარდნენ, ასეთს არაფერს ვუსურვებდი. სად მიდიხარ? არ ვპასუხობ. საათით მომვლევის მოთხოვნას ვაგზავნი და კარს ვკეტ. იერემია მიყვირის. იყვიროს. აქ მე ვარ უფროსი. თითქმის სრულწლოვანი. მოშორებით ვდგები. ვუცდი მომვლელის მისვლას. ვუცდი და უცებ ვიაზრებ. იქ ვდგავარ, სადაც დედა ეკიდა. თავზარდაცემული ვინაცვლებ სხვაგან. როგორ მოუსუფთავებიათ ყველაფერი. გეგონება არც ყოფილა არაფერი. ასე ნატრობდა ხოლმე დედა სახლის დალაგებას. უწესრიგობის უკვალო გაქრობას. არასდროს გამოსდიოდა. მომვლელი მოვიდა. მეც დავიძარი. უგზო-უკვლოდ მინდოდა ბოდიალი. პირველი შემხვდა სახლი მწვანე ჭიშკრით. მამა და შვილი ცხოვრობდნენ შიგნით. ქვეყანაში ძალიან გრძელი სახელით, მეჩხერთმიანმა საგვარეულომ ამოუხოცა სხვა ოჯახის წევრები. სადღაც შვიდჯერ სცადა შვილმა თავის მოკვლა. შვიდჯერვე გადაარჩინეს. ამბობენ აწამეს და ბეწვზეაო გადარჩენილი. მამას თვითმკვლელობა არასდროს უცდია. ბოსტანს აყოლებს გულს. წითელი სახლი დამსკდარი საღებავით. ათსულიანი ოჯახი. ათივე გააუპატიურეს. დააორსულეს. ცხრა თვე გამოკეტეს. ამშობიარეს. ბავშვები წაიყვანეს. ახლიდან ეცადნენ. პასუხად სასაკლაო მიიღეს. ასოების მოჭრით დაწყებული საპასუხო სისასტიკე, აზვირთდა და უსასრულო დანაკუწებაში გადაიზარდა. მამა ყოველთვის გვარიდებდა ამ ათეულს. ყასბეულს ეძახდა. დედა არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ თან ესმოდა. თურმე რატომ ესმოდა. ძრწოლა მიტანს გახსენებაზე... საკრეჭის ხმა მაფხიზლებს. ყვითელი სახლი ვარდებიანი ბაღით. გამარჯობა, ძვირფასო. გამარჯობა. ეს რა გავიგე დედაშენზე. ჰო. თუ რამე დაგჭირდეს... მადლობა. მოელის. ვხედავ როგორ მოელის. მწვანედ ციალებს მის თვალებში მკვეთრი ცნობის წადილი. უტყვად ვდგავარ. ვარდების კრეჭას აგრძელებს. მე გზას ვაგრძელებ. ვაგრძელებ? გაგრძელება მინდა უბრალოდ. თავი სიზმარში მგონია, ვამბობ გაუაზრებლად. მიბრუნდება. სევდიანად მიყურებს. მეც მასე მგონია. მართლა? ჰო. უბრალოდ არ ვიცი, სიზმარი ვისია. ვისი? ან რისი. აღარ არის მის თვალებში ცნობისწადილი. არ ვიცი, რა არის დარჩენილი, მაგრამ მაშინებს. ბურტყუნით ვემშვიდობები და მივდივარ. რას გულისხმობდა? მგონი ძალით ბრძნობდა. ჰომ არიან მასეთი ხალხი. ლამის იგავებით რომ ლაპარაკობენ. კი იყო ქართულის მასწავლებელი. არავინ იცოდა მისი წარსული. ჩანერგილიაო ამბობდნენ. თითქოს ვინმეს ჩანერგვა ყოფილიყო საჭირო. რაო იმ მეზობელმა? კვლევაო. ჰო. ეს ნამდვილად ჰგავდა დიდ საკვლევ სივრცეს. მაგრამ ბოლოს თვალები. ქართულის მასწავლებლის ძრწოლის ღიობად ქცეული თვალები... ხიდზე ვჩერდები. წყალში საკუთარ ასლს ვაკვირდები. უკუღმაა. დედასავით. ნაკადის უარყოფით ჩაკიდული. თითქოს ჩამოკიდული. არ იყო დედაჩემი ბედნიერი. იტანჯებოდა. არ იმჩნეოდა, მაგრამ იტანჯებოდა. თითქოს ძლივს იყო შეკოწიწებული. დაჭიმული იყო ყველა მისი ქსოვილი. ცოტაც და გაწყდებოდა. სულ ცოტაც და ჩამოიშლებოდა. ამ დროს მამაჩემმა აიღო და... შეირხა ჩემი ასლი კიდული. ცრემლებს ვაპკურებ თურმე ზედ. ვერც კი შევამჩნიე ისე. ტალღოვან წერტილებად ვიდღაბნები წყალში. ნეტავ რამე აზრი თუ აქვს, ამ ჩემს ასეთ არსებობას. დედაჩემი უცნაურად მიყურებს. ბებიაჩემი, ბაბუაჩემი, ბიძაჩემი, ბიცოლაჩემი, დეიდაჩემი, დეიდის ქმარი, მამიდაჩემი, მამიდის ქმარი, მათი შვილები, ზოგის შვილიშვილებიც, ყველანი აქ არიან. ყველა მე მადგას თავზე. შეხმატკბილებული წუხილია მათ თვალებში. ერთი დედა მიყურებს უცნაურად. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ბოდიში უნდა მოვიხადო? არა, რა ბოდიში. გული წამივიდა. რა ჩემი ბრალია. მაპატიეთ, რა. მაინც ვბოდიშობ. დედა იხრება და სილას მაწნის. ის არ მპატიობს. რას? გულის წასვლას? არა. რაღაც სხვას. მორჩილებას? ჰო. ალბათ უფრო მორჩილებას. მე ხომ მორჩილების განსხეულება ვარ. დედაჩემი ბავშვობიდან ამბოხს მასწავლიდა. მე კი მისი მრცხვენოდა. გარდამავალ საუკუნეში ვარ დაბადებული. უხეშიდან რბილისკენ მიმართულ დროში. ჩემი ქმარი მამადლიდა რომ არ მცემდა. ამაყობდა. მაგრამ თან მამადლიდა. თითქოს მანიშნებდა, საცემი ხარო. ის კი, სულგრძელი, თავს იკავებდა. არ მიმეტებდა. სიტყვიერი ამონთხევებით შემოიფარგლებოდა. აი, სხვა მის ადგილზე... დედაჩემი ჩემს ადგილას არ შეეპუებოდა. არაფერს შეარჩენდა. არც ყვირილს. არც ცემას. არც არაფერს. დედაჩემი უხეშ საუკუნეში გაიზარდა. მას არაფრად ადარდებდა, ძალადობის მოკვეთილი ფრთები. შიგნით თუ სუფევს ისევ ის აზრთა ნაგებობებიო. თუ ქუჩების სახელები კვლავ არის საცემი, სატყნავი და სხვა ათასი ჯურის ძალადობისთვის გასამეტებელიო. გამოვლენა რაღას ცვლისო. ვერ ხვდებოდა. ფიქრით ხომ ისევ იქ არიანო. იმ ქალაქად ბუდობენო. მე ვუხსნიდი. მეთქი ნაკლებ ფიზიკურ ზიანს აქვს ადგილი. ასეთ დროს შემომხედავდა ხოლმე და. მატილდა. ხანდახან სიტყვა ფაქტზე ვარესიაო. ასე მეტყოდა. მინდოდა მეთქვა, არ იცი რაზე ლაპარაკობ-მეთქი. ვაი რომ იცოდა. და მე ვიცოდი, რომ იცოდა. უბრალოდ ცდილობდა ეჩვენებინა. მხოლოდ იმიტომ რომ არ გცემს, ლანძღვას არ შეურიგდეო. შევურიგდი. დავორსულდი. სწორედ ეს არ მაპატია დედაჩემმა. პასუხად კი დეიდაჩემმა გააწნა სილა. ასე იფეთქა ოჯახურმა, ჩემი ოჯახის ძვალ-რბილში გამჯდარმა ქაოსმა. მე კი ვიდექი თუ ვიჯექი თუ ვიწექი, ვიყავი გახევებული. მთელი ჩემი არსებობის შემაჯამებელი. ყველანაირ ძალდობაზე ვხევდებოდი. ვშეშდებოდი. არ ვიმჩნევდი. საკუთარ დანაშაულის შეგრძნებაში ჩაძირული, სრულად ვივიწყებდი თვითგადარჩენას. ასე ვიყავი ქმართანაც. როცა გადარჩენის წადილმა ბოლო-ბოლო ჩემშიც იყივლა, უკვე ძალიან გვიანი იყო. სიკვდილამდე თანაცხოვრების დამღა მქონდა დასმული. სხვა თუ არაფერი, ბავშვი მარტო ცოდოა. ბავშვები უმამოდ ცოდოები არიან. სასწორზე შემოდებული რა რას სჯობია. სასწორის შემყურე ხალხის მკიცხავი თვალი. ყველაფერი უნდა შეეწიროს სწორ არჩევანს. თავდადება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის გაუქმება. ოღონდ მხოლოდ მე მიწევს ეს. ჩემი ქმარი წვრილმან წვლილს შეიტანს და ისე გაბერავს, თითქოს სამყარო ეხსნას. მე წელებზე ფეხის დგმაში ვიწაფები და მაინც არ არის საკმარისი. ყოველთვის მეტია საჭირო. ყოველთვის უნდა ეცადო. მეტს უნდა ეცადო. მიჰბაძო ნეტარებს. იყო შენც ნეტარი. ითმინო ყოველი სილა. უშვირო ყველას ლოყა. ერთიც და ორიც და მეტიც რომ ჰქონდეს ადამიანს მეტიც და ყველაც. საერთოდ ყველა ლოყაც. სანამ ყველა სილის გამწვნელი არ მოინანიებს. სანამ არ უმღერის შენს ხსოვნსას დითირამბებს. რადგან ბევრი რამ ასწავლა შენმა თავდადებამ. გააკეთილშობილა. სინათლე დაანახა. ასე თუ ვიხსნით ყველას. მხოლოდ ასე თუ ვიხსნით ყველას. ყოველთვის ეს იყო გზა. ყოველთვის ეს იქნება გზა. ყოველთვის... ყოველი თვის ბოლოს, ხელფასი რომ მერიცხება, მივლინებაში მივდივარ. განა მართლა? ჩემებს ასე ვეუბნები უბრალოდ. სინამდვილეში არიზარდას ტყეში მივდივარ. ერთ პატარა ქოხს ვქირაობ ტბისპირას. ვყიდულობ ჩემს საყვარელ ჩაის პიტნით, ვჯდები მოქანქარე სკამზე და ვუყურებ ტბის ტალღებს. ხან ნიავი უბერავს, ხანაც ქარი, თოვლია. არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ჩემი შვების წერტილი. ადგილი, სადაც შემიძლია მცირე ხნით მოვიხელთო ის, რაც გზის ბოლოს მოგველის. სიმშვიდე. გაგება. პატიება. არა მჩაგვრელი თავდადება, არამედ ნარნარი აღებ-მიმცემლობა. არ უნდა იყოს დაგმანული სამოთხე. უპირობო უნდა იყოს სამოთხე. არ უნდა იყოს ჩარაზული... კარზე ბრახუნი მაღვიძებს. ოფლად ვარ გახვითქული. იქით მივდივარ, სადაც ჩემი სახლის კარია. შუა გზაში ვხვდები და მეზობლის კარის მიმართულებით ვიცვლი გეზს. ზღურბლზე მეუფროსეა. აბჯარასხმული დაცვის წევრებით უკან. აიყვანეთ. რა? რა რა? რა ხდება? მაგას მალე გავიგებთ. რა წესია? ეს სადაური კანონი და წესია?! კანონი? წესი? სწორედ ეს იყო თქვენი ადათ-წესი! დაბნეული ვუყურებ დუჟმორეულ მას. გიკვირთ? გაგარკვევთ. გზად იფიქრეთ თქვენს ცოდვებზე. ამბობს და ღილაკს აჭერს თითს. მობინდული დერეფანი მეჭიმება თვალწინ. ცხვირიდან სისხლი მსდის. წვეთავს. წვეთებად წვეთავს. წვეთებს თავისი რიტმი აქვთ. მამის ცხედარი კონწიალობს თოკზე. სისხლს ვერ ვიჩერებს. წვეთავს. წვეთებად წვეთავს. ამ წვეთებს თავისი რიტმი აქვთ. სიმაგრეში მეღვიძება. მინის იატაკზე გადამაქვს გაბრუებულს მზერა. განწირული წიოკი დათარეშობს ხრიოკში. შემაწუხეს რა. რით ვერ მოკვდნენ აქამდე. ეს წყეული ფუჭები. ატომურსაც გაუძლეს. როგორი ჯიუტები არიან. როგორ ჯიქურ ეპოტინებიან სიცოცხლეს. მხეცები არიან. ველურები. ფუჭი რომ ვიყო, თავს მოვიკლავდი. ფუჭი რომ ვიყო... მეცინება. ვარ კიდეც. მამის მხრიდან ვარ. ოღონდ არ მეტყობა. დედისამ დაჯაბნა მამისა. გზა გამიკაფა აქ, ზემოთ, ღვთიურებში. მამაჩემი კი... დედა ადრე მომიკვდა. ის დანაზე ააგო, ფუჭმა მატლმა ძარცვისას. აი, ასე დაუნდობლად. რა უნდა უყო. ყველა ფუჭი დანაშაულებრივი ცვლადია. მამაჩემის გარდა. მამა გამონაკლისი იყო. რასაც მე ვუყურებ, ერთადერთი გამონაკლისი. ამიტომ არ მინდოდა, მისი ქვემოთ დატოვება. ამიტომ ვცდილობდი შეცდომის გამოსწორებას. ფუჭის ღვთიურად გადაკეთებას. თავის ნამდვილ რაობასთან მის მიახლოებას. სამეფო კარზე წარვადგინე ერთგულ მსახურად. არაფერი უთქვამს. ესმოდა მალვის მიზეზი. ავადმყოფურად ყველასი ესმოდა. ყველასი? არა. ჩემი არა. მე ვერ გამიგო. როცა მეფის კარზე გამამწესეს, ფუჭებზე ცდების ტარება დავიწყე. სახეცვლას ვცდილობდი. ღვთიურობის დამკვიდრებას. მათი ფუჭის გადაწერას. რა დამავიწყებს მათუსალას ძალით მეცნიერობას. რაც ხელთ მოხვდებოდა, ყველაფერი შეჰყავდა ფუჭების სხეულში. ხან რა გამოსდიოდა, ხან რა. ასეც და ისეც, ფუჭებს ცხოვრება ურთულდებოდათ. ვის რად არგია, სინათლეს რომ არ ირეკლავ და უჩინმაჩინობ, თუ სხეულის ნახევარი ხევდება? ან თუ ღვთიურობისკენ მიმავალ გარეგნულ ცვლილებას, სიმსივნური წარმონაქმნები ასვამენ დაღს? წონასწორობა. საჭიროა წონასწორობა. სხეული წონასწორობის შეკავებით არსებობს. გარდასახვით წონასწორობა ირღვევა. ხანდახან სასურველი შედეგიც მიიღწევა, აი გაწონასწორება ვერ კი ხერხდება. წონასწორობის დაკარგვა თვითმკვლელობის ძირეული შემადგენელია. გუშინ მამამ თავი ჩამოიხრჩო. არ იცოდა მან ჩემს ცდებზე. სულ შემთხვევით გაიგო. ვერ აიტანა, რაც გამოვდექი. ნეტა რა ესმოდა. ყოველთვის მიამიტი იყო. მე მაინც მიყვარდა. მაგრამ მიამიტი იყო. სხვებსაც ეყვარებოდათ. აუცილებლად ეყვარებოდათ. ჩემს მეგობრებს, ჩემს უნაკლო საცოლეს, თვით მეფესაც. ყველას. სულ ყველას ეყვარებოდა. ფუჭი რომ არ ყოფილიყო. მე მისთვის მხოლოდ კარგი მინდოდა. ეს ყველა ფუჭი, მე მისთვის მინდოდა. შესაბამისად, თან გავაყოლე. გადავწვი სულ მთელი საცდელი კორპუსი. დავყურებ მუტაციების ცეცხლოვან ზღვას. შეშლილი სახით დამყურებს ზემოდან. ის. მე. ნამდვილი მე. საკუთარი შვილის გვამს დაბნეული დავყურებ. ეკარგება. ღვიძლშვილობა ეკარგება. იწრიტება სინამდვილის შემზარავ მანქანაში. ჩემს აწრიალებულ ღრიალში. მე მე არ ვარ. საერთაშორისო დონის დამნაშავე ვარ. სასჯელად შვილმკდვარი გადამაწერეს ზედ. სასჯელად. საცდელად. ნეტა რას მოელიან? მიბინდული დერეფნის ბოლოდან ის ყალბი მიყურებს. ვერ იჯერებს, ვინ ვარ. ვერ ვიჯერებ, ვინ ვარ. ნეტავ ვისია ეს სისხლის წვეთები? წვეთადი წვეთები. რიტმული წვეთები. გააკავეთ! გააკავეთ-მეთქი! რა ჯანდაბა ხდება აქ? ისიდრო სისხლში გასვრილი მხვდება.დაკითხვის მაგიდაზე ურახუნებდა თავს. ნამდვილი და გადაწერილი, ერთმანეთს ვერ ჰგუობენ- მშრალად ამბობს ირინე. დამამშვიდებელს უკეთებს ისიდროს. ნერვებს მაწიწკნის მისი ეს სიმშვიდე. ირინეს სიმშვიდე. ისიდროს დამამშვიდებლით გამოწვეული კი არა. გრძნობისგან დაცლილი. ცივი. მახსენდება პირველად რომ მაკოცა, ჭოჭმანისა და შფოთვებისგან გადათანგული როგორ ავტირდი. მახსენდება და მრცხვენია. მახსენდება და საკუთარ თავზე გული მერევა. მშურს მისი სიცივის. მძულს საკუთარი გრძნობების მუდმივი გადმოდუღება. საზღვრული უნდა დარჩეს საზღვრებში. საზღვრული უნდა.... ისიდროს მზერაში საზღვრები მოშლილია. ისიდროს მზერა ჩვენ ყველას გვიტევს. აზრს ვიკრებ. მისი გონების ჩანაშენიანების ანალიზს ვითხოვ. ირინე თავის თავზე იღებს ამ საქმეს. ისიდროს თავიდან ამოფენილ სამგანზომილებიან ეკრანზე ნეირორუკა ფეთქავს. ერთი პიროვნება დატანილი მეორეზე. ამჟამინდელი მდგომარეობით განურჩეველნი. შეზრდილნი. ირინე მონაცემებს უღრმავდება. ვხვდები რომ პასუხისმგებელ ტექნიკოსს ეძებს. ჰოდა ძაღლი ახსენეო და ნეირორუკა თვალის დახამხამებაში ფერმკრთალი თანამშრომლის გამოსახულებით ნაცვლდება. ეკრანიდან მეცხრე რანგის ტექნიკოსი, ამირანდარეჯანი გვიყურებს. უკვე წინასწარ ველი გაცვეთილ ფრაზებს. თქვენ თუ ამას უყურებთ, მე მკვდარი ვარ. ისა. ესა. ათასნაირი სისულელე. ველი იმიტომ, რომ მე და ამირანდარეჯანი ერთნაირ ფოტორომანებს ვკითხულობდით და ჩვენი ფრაზეოლოგიური მზაობა სამყაროსადმი ხშირად იკვეთებოდა. ცოცხლებში აღარ ვწერივარო. როგორც ველოდი. დღეს ჩემი დაბადების დღე უნდა იყოს. ასე მგონია. ზუსტად არ ვიცი. წესით ორმოცის ვხდები. ბავშვობიდან შეცვლას ველი. არ ვიცვლები. მხოლოდ სხეული იზრდება. დუნდება. ჩლუნგდება. საკუთარ კონტურებზე გული მერევა. ჩემს ბავშვობაში ხშირი იყო თვითგვემა. საკანცელარიო დანით მინდოდა ამეთალა ზედმეტი ნაწილები. მიმეთალა. მომეთალა. სანაქებო სხეული გამომეყვანა. ალბათ იკითხავთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი? როცა თქვენი შესაშური იმპერია ჩვენთან შემოვიდა, სწორედ საკანცელარიო დანით აათალეს დედაჩემს სახე. ისეთი არაფერი. გაიაზრეთ. მოინანიეთ. განა ხანდახან ყველა არ ვცდებით? დიდიც და პატარაც. ქვეყანაც და მოქალაქეც. მთავარია წრფელი მონანიება. მკვდრებს არაფერი ეშველებათ, მაგრამ ცოცხლებს? ცოცხლები უნდათ აღვზარდოთ. მსხვერპლის მხარე დავანახოთ. მაგიტომაც ვართ აქ, არა? კუზიანის კუბომდე გასასწორებლად. ჯანსაღ საზოგადოებაში თავადაც ჯანსაღები რომ შევაბრუნოთ. ცივად მივუდგეთ ამ საქმეს. მეცნიერულად. როგორ გულს მირევს ეს ყველაფერი. გამომდინარე აქედან, ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. რა მაგრები ხართ. უპატიებელი საპატიებელი ჩაიგდეთ ცდისპირად, არა? თუ ამ წყვდიადის განსხეულებას გამოვასწორებთ, მაშინ ნებისმიერ სხვასაც ვუშველით. მთავრობა ფულს გამოყოფს. ჩვენც ვიხეირებთ. უგრძნობებიც გახდებიან მგრძნობიარეები. იმღერებენ ყველა ხმაში და აშენდება სოფელი. არ აგაშენებინებთ. ცდებით. თქვენ ძალიან ცდებით. გამოსწორება სამართალი არაა. მაგრამ რას ცდებით. ისეთი პირი უჩანს, თქვენ არც კი ეძებთ სამართალს. იმპერია მხოლოდ ნანობს ცუდს და ამადლის კარგს. კარგის შედეგებს მუდმივად ბერავს, ცუდისას კი თითქმის არ იმკის. ამ მცირე ჟესტით, დაე დაიწყოს. მოსავალთ მოჭრა ნამგლითა.