ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიზმარი

სიზმარი

1.… თვალებს ვახელ… ყველგან თოვლი დევს. ირგვლივ დათოვლილი ნაძვებს ვხედავ. საკაცეზე ვწევარ და ვიღაცეები მიმარბენინებენ. საოცარი სიჩუმეა... თავბრუ მეხვევა და გულისრევის შეგრძნება მაქვს. საშინლად დაღლილი ვარ… რაღაცეები მახსენდება... ვიღაცამ დაშნა ჩამარჭო მკერდში, გულთან ცოტა მარცხნივ... მემგონი სისხლისგან ვიცლები... თოვლში ფეხის ჩქარი ნაბიჯების და გახშირებული სუნთქვის ხმა მესმის. ცა ნაცრისფერია. მარჯვენა ხელი ჭრილობაზე მიდევს. თავში უამრავი აზრი მომდის. მემგონი ვკვდები… როგორ მოდის სიკვდილი, ან რა იქნება მერე? ვინ რას იტყვის ამაზე ვფიქრობ. მახსენდება ადამიანები, რომლებსაც გული დაწყდებათ ჩემს სიკვდილზე. მათზე ვნერვიულობ, არადა - მე ვკვდები... საკაცით მიმარბენინებენ, ოღონდ სად - არვიცი. ყველა თავის საქმეს აკეთებს და ყველა თავის როლს ასრულებს ჩემს სიკვდილში. ყველა შეგუებულია ამას. ფეხები მეყინება , ვეღარ ვგრძნობ. თავს ოდნავ ვწევ და ფეხებზე ვიხედები. მთლიანად თეთრი ყინულის თხელი ფენითაა დაფარული და ბზარები მიჩნდება, ეს ბზარები ნელ-ნელა ზემოთ ამოდის. ნუთუ ესაა სიკვდილი, როცა ეს ყინული და ბზარი მთლიანად დამფარავს?... რა სიჩუმეა... სულ მინდოდა მსგავსი სიჩუმის მოსმენა  და სიკვდილის წინ ვუსმენ სიჩუმეს, ფეხის ხმას და ხმამაღალ სუნთქვას. ნაძვის კენწეროდან ყვავი აფრინდა. თოვლი ძირს ჩამოიყარა. მისი ფრთების ხმა მესმის, ჰაერის გაკვეთის ხმა. თავზე გადაგვიფრინა, ერთხელ დაიჩხავლა და მეორე მხარეს სხვა ხეზე დაჯდა. მიყურებს. მგონი ისიც ელოდება ჩემს სიკვდილს... ან იქნებ თვითონაა სიკვდილი და თვალს ადევნებს რომ პროცესმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს, ვინმემ ფეხი არ აუჩქაროს და რაღაც სასწაულით დროულად არ მივიდეთ დანიშულების ადგილზე… საერთოდ სად მივრბივართ? არ ვიცი. მინდა კითხვა დავსვა მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ისევ თავს ვწევ ზემოთ და ვხედავ ბზარები თითქმის უკვე წელამდეა ამოსული. თვალებს ვხუჭავ. სიცივეს ვგრძნობ. ვიღაც ჩემს თავთან მდგომი ამბობს, რომ თუ არ იჩქარეს მოვკვდები. ვერ ვარჩევ ვინ ამბობს ამას... არ მთავრდება არც ნაცრისფერი ცა, არც ეს უსაშველო თოვლი. სხეულზე სიმძიმეს ვგრძნობ. თვალებს ვახელ. ჩემს მკერდზე ყვავი ზის, რომელიც ცდილობს ნისკარტით ჩემს ჭრილობას მისწვდეს. მინდა მოვიშორო მაგრამ ხელებს ვერ ვამოძრავებ. ვცდილობ გავმოძრავდე, რომ სხვების ყურადღება მივიქციო და ყვავი მომაშორონ, მაგრამ არაფერი გამომდის. არავინ ყურადღებას არ მაქცევს. ოფლი მასხამს, სისხლი მიჩქარდება, საფეთქლები მტკივა, მინდა კბილები ერთმანეთს დავაშორო და ვიყვირო, მაგრამ კიდევ უფრო ეწებება ერთმანეთს, ყურებში საშინელი წუილის ხმა მესმის, ყვავი კიდევ უფრო ახლოს მოდის სახესთან, რამდენიმე ხანი დაჟინებული მიყურებს, მერე თავის ნისკარტს თვალში მარჭობს და ტკივილისგან საშინლად ვღრიალებ... უცებ წამოხტომით მეღვიძება და თვალებს ვახელ... თავს ვატრიალებ... ჩემს ოთახს ვცნობ. ლოგინში ვწევარ. სიზმარი ყოფილა. გული აჩქარებულად მიცემს. თავს ისევ ბალიშზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ... სად ვიყავი? ძალიან დაღლილი ვარ, მკერდიც მტკივა და პირში საშინელი სიმშრალე მაქვს. ნუთუ ეს ყველაფერი დამესიზმრა?... ნეტა რომელი საათია. მაღვიძარამ რატომ არ დარეკა. თავი მისკდება ისე მტკივა. ვტრიალდები და საათს ვუყურებ ოდნავ გახელილი თვალებით. როცა ვიაზრებ რომელი საათია, ლოგინიდან ვხტები და აბაზანისკენ მივდივარ. სამსახურში მაგვიანდება... ისევ სამსახური. ისევ იგივე, რაც გუშინ, გუშინწინ. ისევ იგივე, რაც მთელი ცხოვრება. სააბაზანოში ნახევრად დახუჭული თვალებით შევდივარ, წყალს ვუშვებ და შხაპის ქვეშ ვდგები, ვცდილობ გამოვფხიზლდე. გონებაში გავდივარ მთელი დღის რუტინას. წინასწარ ვიცი მთელი დღე როგორი იქნება, არაფრით გამორჩეული სხვა დღეებისგან... სიზმარი მახსენდება. რა იყო ეს? რამეს ნიშნავდა? არამგონია. უბრალოდ მგონი გადავიღალე. არვიცი რით... ალბათ ერთფეროვნებით, ყოველდღიურობით. დილით უკვე დაღლილი ვიღვიძებ, უკვე გაღიზიანებული, რომ ძილი არ მეყო, ყველა ძვალი და კუნთი მტკივა... იქნებ დღეს ადრე მოვიდე სახლში და კარგად გამოვიძინო... ან ხომ არ დავურეკო ჩემს უფროსს და ვუთხრა, რომ ავად ვარ?  არა! ყურში უკვე ჩამესმის მისი გამყინავი კივილი და სიტყვები, რომ როცა ჯანმრთელი ვარ მაშინაც არაფერს ვაკეთებ. თან უკვე ავდექი და აწი ვეღარც დავიძინებ... შამპუნს ხელის გულზე ვისხამ და მახსენდება, რომ შამპუნი უკვე წავისვი და ჩამოვიბანე. თუ ეგ გუშინ იყო?... ვეღარ ვიხსენებ. ჯობია ისევ წავისვა. შხაპის მიღებაც ყოველდღე იმდენად ერთნაირი მოძრაობებით ხდება, რომ  ალბათ ზუსტად ერთნაირ დროს ვანდომებ ყოველდღე ბანაობას. დამღალა ამ ყველაფერმა, ამ ერთფეროვნებამ და წვრილმანებზე ფიქრმა , სულ გადაღლილობამ და უძილობამ... პირსახოცით დაორთქლილ სარკეს ვწმენდ. ჩემს არაფრისმომცემ სახეს ვუყურებ. ღრმად ამოვისუნთქე და ნელა ჩავისუნთქე. თმები გავისწორე. აბაზანიდან გამოვდივარ. რაც შეიძლება სწრაფად ვიცვამ, არმინდა სამსახურში დამაგვიანდეს. ერთადერთი, რაშიც დრო თითქმის არ მეკარგება და ბევრს არც ვფიქრობ, ეს არის ჩაცმა. ყოველდღე ერთი და იგივე: შავი შარვალი და თეთრი პერანგი. არც არჩევანი მაქვს დიდი, ამიტომ ამაში ყველაზე ნაკლებ დროს ვხარჯავ... ჩემს კატას საჭმელს ვუყრი თავის თასში. სად არის საერთოდ? ალბათ სძინავს სადმე. სამსახურში ამას არ აგვიანდება და საჭმლის მოპოვებაზე ეს არ ღელავს. ლეპტოპს ჩანთაში ვდებ, მხარზე ვიკიდებ და სახლიდან გამოვდივარ. ლიფტის სარკეში ბოლოჯერ ვავლებ თვალს ჩემს თავს. აქაც არაფერის მომცემი გამომეტყველება. თავი ისევ საშინლად მტკივა. ნეტა რამე გამაყუჩებელი დამელია. გარეთ გავდივარ. ეხლა შევამჩნიე რომ მოღრუბლულია. იმედია არ იწვიმებს. საწვიმარი არ წამომიღია. გაჩერებაზე ავტობუსს ველოდები. აქაც თითქმის ყველა ნაცნობი სახე დგას, ვიზუალურად ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და დილით ერთმანეთს თვალს მოვავლებთ ხოლმე, ეს არის ჩვენი მისალმება. ავტობუსი დროულად მოვიდა. გამიკვირდა. მდუმარე პროცესიის მონაწილეებივით ავდივართ ავტობუსში. ადგილს ფანჯარასთან ვიკავებ და გარეთ ვიხედები. დღის ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ, რომ აქ არაფერია ჩემზე დამოკიდებული და არაფრის კეთება არ მიწევს. უბრალოდ უნდა ვიჯდე და გარეთ ვიყურო. ბევრი დრო მაქვს იმისთვის რომ ვიფიქრო. ფიქრი - ესაა რასაც სულ ვაკეთებ. ფიქრია ეს, თუ დიალოგი საკუთარ თავთან, ეს ჯერ ვერ გამირკვევია. იმდენად მოკლებული ვარ ხალხთან ურთიერთობას, რომ   ჩემს თავთან მიწევს რაღაცეების განხილვა და ლაპარაკი. ისე საკმაოდ საინტერესო და სახალისოა. საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაშს ჰგავს, ორივე ფერის ჩანაფიქრი იცი, მაგრამ მაინც აღმოაჩენ ხოლმე სიახლეებს... ისე როდის გავხდი ასეთი ერთფეროვანი, მოსაწყენი და დეპრესიული? თუ არსებულმა რეალობამ გამხადა ასეთი? ადრე ყოველთვის მხიარული ვიყავი, ყველაფერი მიხაროდა, ყველაფერში ვცდილობდი კარგის დანახვას, სულ თავგადასავლების ძიებაში ვიყავი. როდის გახდა ყველაფრი სულერთი ჩემთვის? როდის დაკარგა აზრი ყველაფერმა?... ყველაფერი გაერთფეროვანდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერს ემოციის გარეშე ვაკეთებ, ყველაფერს შეგუებული ვარ… რაღაც დიდი აფეთქებასავით მჭირდება, რომ თავიდან დავიწყო ყველაფერი, მაგრამ ამ აფეთქებისთვის საჭირო ნაპერწკალი ვერ ვიპოვე ჯერ, რაღაცას რომ ჩავეჭიდო და ამოვძვრე ამ ჭაობიდან. ჯერ არჩამოწოლილ ზვავს ვგევარ, რომელსაც ერთი თოფის გასროლა, ერთი დაყვირება, ერთი მეხის გავარდნა მინდა, რათა ჩამოვიქცე, ჩამოვიშალო და წავლეკო  ყველაფერი რაც გზად შემხვდება. სიამოვნებით დავიწყებდი ახალ ცხოვრებას, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ ხდება და თან ახლიდან დაწყებული ცხოვრება შეიძლება იგივე იყოს ან უარესიც. ახლიდან იმ შემთხვევაშია კარგი ცხოვრების დაწყება თუ წინა ცხოვრების გამოცდილება თან გაგყვება. ძაან ცუდია, რამდენიმე მცდელობა რომ არ გვაქვს ცხოვრებაში, როგორც კომპიუტერულ თამაშებშია. ჩვენ ყველაფრის რეალურ დროში კეთება გვიწევს, შეცდომებიც რეალურია. ცხოვრების გზასაც ერთხელ ირჩევ და შემდეგ გადახვევა ძალიან რთულია. ალბათ ვიღაც იტყვის რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ყველაფრის ახლიდან დაწყება. ჩემი ფსიქოლოგი მეტყვის, რომ ყველა პრობლემა ჩვენშია, ჩვენ უნდა გავუღოთ სამყაროს კარი, თუ ფანჯარა და ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ, უფრო ჰარმონიულად ვიცხოვროთ. კი, თეორიულად ყველაფერი ძალიან მარტივია, ალბათ ვიღაცეებს მართლაც გამოსდის ეს, მაგრამ მე, არა. როგორ მინდა, რომ მეც, დილით ისე ვიღვიძებდე როგორც ფილმებში, ბედნიერი სახით, სასიამოვნო ღიმილით სახეზე რომ გაიზმორები, ნარნარად დგები, ვარჯიშობ, საუზმობ, საყვარელ ადამიანს კოცნი და ბედნიერი გადიხარ სახლიდან, გზაში ყველას უღიმი და ესალმები, სამსახურში ყველა ბედნიერი სახით გეგებება. მაგრამ რეალობა ძალიან განსხვავებულია და ჩემი რეალობა, კიდევ უფრო განსხვავებული და მძიმე. ბევრად უფრო მუქ ფერებში ვხედავ ყველაფერს. ჩემმა ფსიქოლოგმა მითხრა დასვენება გჭირდებაო და რაღაც აბებიი გამომიწერე, უფრო დაგამშვიდებს, ძილს მოგიწესრიგებს და განწყობას აგიმაღლებსო. კარგახანია აღარ დავდივარ მასთან მაგრამ წამლებს მაინც ვსვამ... ეხლა გამახსენდა, ეგ აბები მიმთავრდება. სამსახურის მერე აფთიაქში შესვლა არუნდა დამავიწყდეს. კატის საჭმელიც საყიდელი მაქვს.      2. ჩემს გაჩერებაზე ჩამოვდივარ. საათს დავხედე, თხუთმეტი წუთი დავაგვიანე უკვე, მაგრამ ყავა თუ არ ვიყიდე და დავლიე, ისე ოფისში მთელი დღე ვერ გავძლებ, თან იქნებ თავის ტკივილმაც გამიაროს. იქვე სამსახურთან ყველაზე ახლოს მდგომ ყავის ჯიხურთან, სადაც დიდად ყავა არ მომწონს, მაგრამ მაინც ხშირად დავდივარ, თავაზიანობის და პირფერობის ნაზავი, ოდნავ ღიმილიანი სახით მივდივარ.- გამარჯობა, ერთი კაპუჩინო ერთი შაქრით , ოღონდ ძაან მეჩქარება რა - თან ამ ბოლო სიტყვებს ოდნავ ვწელავ და ხათრიანი სახით ვამბობ- ეხლავე, ერთი წუთით დამელოდეთ - მეუბნება ახალგაზრდა გოგო,რომელიც აქამდე არ მინახავს, თან ისე რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს. ნაგვის ურნიდან იღებს ცელოფანს, თავს უკრავს და ჯიხურიდან გადის. სადღაც ოცდაათ ნაბიჯზე ნაგვის ურნას ვხედავ. დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება საითაც მიიწევს. გონებაში უკვე ვითვლი რამდენი დრო დასჭირდება ამას ნაგვის ურნამდე მისასვლელად და უკან. ძაან აუჩქარებლად და სტანდარტული ნაბიჯებით მიდის. ამას მემგონი ჩემზე მეტად ეზარება ცხოვრება. თან უკვე ნერვები მეშლება და იმაზე ვიწყებ ფიქრს, თუ რატომ ხუთი წუთის წინ არ გადაყარა ნაგავი, რაღა მაინცდამაინც მე რომ მოვედი და მეჩქარება მაშინ გაახსენდა. დღეში რამდენჯერ ყრის ნეტა ნაგავს? ალბათ მაქსიმუმ ორჯერ. სტატისტიკურად რამხელაა იმის ალბათობა, რომ ერთი გადაყრა მაშინ მოუწია, როცა მე მივედი და თან მეჩქარება? სხვა დროს სხვა სიტუაციაში ალბათ არც მივაქცევდი ამ ყველაფერს ყურადღებას, მაგრამ როცა ყველაფრით დაღლილი ხარ და თან სამსახურში გაგვიანდება,რომელიც არასდროს იყო შენი ბავშვობის ოცნება, უკვე ღიზიანდები. აღარ მინდა ამას ჩავუღრმავდე. ღრმად ამოვისუნთქე და ნელა ჩავისუნთქე. ერთი რაც ფიქოლოგთან სიარულმა მასწავლა, ეს ღრმად ამოსუნთქვა და ნელა ჩასუნთქვაა. როგორციქნა უკან ბრუნდება, მაგრამ ისეთი ნაბიჯებით, გეგონება სადმე სანაპიროზეა სასეირნოდ. ისევ თავის ჯიხურში შედის. - რა მითხარით ბატონო, რა გნებავთ?- ერთი კაპუჩინო ერთი შაქრით - უკვე თავაზიანობის და ღიმილის გარეშე ვეუბნები- ეხლავე - თან უჯრიდან ახალ ნაგვის პარკს იღებს და ნაგვის ურნაში ჩაფენას იწყებს. ამ დროს, ჩემს თავს შორიდან ვუყურებ და ცეცხლს ვაფრქვევ პირიდან დრაკონივით, უბრალოდ ამ ყველაფერს მხოლოდ მე ვხედავ. ამ გოგოს საერთოდ არ აღელვებს, არც დრაკონი და არც მე.  გულში ვფიქრობ, რომ იმედია ხელებსაც დაიბანს, სანამ ჩემი ყავის გაკეთებას დაიწყებს. მაგრამ, რომ არ დაიბანოს, ისეთი ვარ, რომ მე შემრცხვება რაიმეს თქმა და დაუბანელი ხელებით მომზადებულ ყავას დავლევ ამჯერად. საბედნიეროდ როგორც იქნა ჩააფინა ნაგვის პარკი და ხელებიც დაიბანა, ცოტა ზერელედ მაგრამ ეგ ვიღას ადარდებს. - კაპუჩინო ხო?- კი - ამ სიტყვას თან ღრენა ამოვაყოლე- ოთხი და ორმოცდაათი. ბარათით?- დიახ - აქ დაადეთვადებ ბარათს და თან საათს ვუყურებ, უკვე ოცდახუთი წუთი დავაგვიანე, მაგრამ არაუშავს, დიდი განსხვავება არცაა თხუთმეტსა და ოცდახუთ წუთიან დაგვიანებას შორის, ჩემი უფროსის რეაქცია ერთნაირი იქნება, სამაგიეროდ ყავას დავლევ. უემოციო მოძრაობებით როგორც იქნა მაძლევს ყავას და შაქრის ერთ პაკეტს- ამით მოურიეთ - და თვალით იქვე ყუთში ჩალაგებულ ხის ჩხირებზე მიმანიშნებს.თავს ვხსნი ყავის ჭიქას და უხალისოდ ვიწყებ შაქრის ჩაყრის და მორევის პროცესს, თან ვცდილობ გულმოდგინედ მოვურიო, თორემ, მერე შაქარი გაუხსნელი რჩება და გზადაგზა შაქრის ნატეხების ჭამა გიწევს, რაც ძალიან არ მიყვარს. - მადლობა, ნახვამდის - თავს ვახურავ ჩემს ყავას და გამოვდივარ ისე, რომ არც ვიცი, გაიგონა თუ არა ჩემი სიტყვები გამყიდველმა, ან შეიძლება გაიგონა და დააიგნორა, იმიტომ, რომ საპასუხოდ არაფერი გამიგია. ოდნავ ჩქარი ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე და  შევდივარ სამსახურში. ლიფტთან ჩემი თანამშრომელი მხვდება.- შენც დააგვიანე? - მეკითხება გახარებული სახით, რადგან ამ გასაჭირში მარტო არ არის- ხო, შემაგვიანდა - ისე სხვათაშორის ვეუბნები, არ მინდა ამ უაზრო დიალოგის გაგრძელება. თან სახელიც არ მახსოვს რა ჰქვია.- ხო, მაგარი საცობებია მთელს ქალაქში, თან დილით მანქანა ვერ დავქოქე, რა ჯანდაბა ეტაკა ვერ მივხვდი.ლიფტი მოვიდა და ორივე შევდივართ.- მერე მეზობელს ვთხოვე დამაქოქინეთქო, ერთი მოხუცი კაცია,  ჩემი მეზობელი, ეგ ერკვევა მანქანებში, ისიც სანამ ჩამოვიდა, მერე ძვლივს დავქოქეთ, მერე ეს საცობები და კი დამაგვიანდა აგერ - თან ხელებს შლის.-ჰოო - ამის მეტს ვერაფერს ვპასუხობ და ოდნავ ვიშმუშნები.როგორც იქნა გაიღო ლიფტის კარი და ორივე გამოვდივართ. მე მარჯვნივ მივდივარ, ის მარცხნივ. ერთმანეთს არც ვემშვიდობებით. ცალ ხელში ყავით და მეორე ხელში ლეპტოპის ჩანთით თვალებდახრილი ჩქარი ნაბიჯებით შევდივარ ერთ დიდ ოთახში. ასე მგონია, მე თუ არავის შევიმჩნევ ,ისინიც ვერ შემამჩნევენ, არავის მისალმება არმინდა და არც ღიმილნარევი გამოხედვა, რომელშიც იკითხება, რომ ისევ დამაგვიანდა. სამსახური - ერთი დიდი სივრცე გადატიხრული პატარა ტიხრებით. ყველა ერთნაირი, ერთი ზომის, არაფრით განსხვავებული. ყველგან ერთნაირი მაგიდა , ლეპტოპი, სკამი ,ნაგვის ურნა. თითქოს ადამიანები განსხვავდებიან ამ მაგიდებთან მაგრამ არა, ყველა ერთნაირი სახით, ერთნაირად უემოციოდ, ერთნაირი განწყობით, ყველას ბეტონის კედლებივით უფერული გამომეტყველაბა აქვთ, თავი ქათმის ფერმაში მგონია, სადაც შენთვის გამოყოფილ გალიაში ზიხარ და ჭამ. ფიქრი არც იცი რა არის, მხოლოდ ხედავ, რომ შენს ირგვლივ ყველა ანალოგიურად ზის თავის გალიაში და ჭამს, არანაირი კითხვა, მითუმეტეს პასუხი. მხოლოდ ერთადერთხელ გეცვლება გარემო, სხვა ოთახში გაყავხარ ვიღაცას, იწყებ ფიქრს რომ სამყარო მხოლოდ ერთი ოთახი არ ყოფილა და ამ დროს ვიღაცის ხელში ნაჯახი გაიელვებს, არც იცი რა არის ნაჯახი და ვერც ვერასდროს გაიგებ, უფრო სწორედ ვეღარც გაიაზრებ. მეც ესე ფერმის ქათამივით ამ საერთო გალიაში ვპოულობ ჩემს პირად გალიას, ყავას მაგიდაზე ვდებ, ლეპტოპის ჩანთას ვხსნი, ლეპტოპს ვიღებ და მასაც მაგიდაზე ვდებ. არვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ლეპტოპის ჩანთის გადადებისას სახელური გამოედო ყავის ჭიქას. რათქმაუნდა ყავის ჭიქა გადმოვარდა, ჯერ სკამზე დაეცა, თავსახური მოსძვრა და შემდეგ იატაკზე დავარდა. აქ უკვე იმდენად მეშლება ნერვები, რომ მინდა ყველაფერს წიხლი დავარტყა, ყველაფერი დავლეწო, მივყარო-მოვყარო და ხმამაღლა ვიღრიალო, მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ წარმოვიდგენ, სხვა მხრივ კი ერთი შეგინების მერე სალფეთქებს ვიღებ და დაქცეულ ყავას ვადებ რომ შეისრუტოს, თან იმაზე ვფიქრობ, რომ ხომ შეიძლებოდა პირდაპირ იატაკზე დავარდნილიყო და სკამიც არ დაესველებინა, ან საერთოდ რად მინდოდა ეს ყავა. ამ ფიქრებში ვარ ჩაძირული, სალფეთქებს ვაბანავებ ყავაში, რომ ჩემი უფროსის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნის ხმა ახლოვდება.- სად ხარ აქამდე?- ბოდიში, დამაგვიანდა - ძვლივს ამოვილუღლუღე თან ქვემოდან ავხედე . - მერამდენედ აგვიანებ უკვე? ყავის ყიდვა ხო კარგად მოასწარი? ცოტა ადრე რომ აწიო ეგ ცარიელი თავი ბალიშიდან, აღარ დაგაგვიანდებარაღაცის თქმას ვაპირებ მაგრამ უკვე გატრიალდა და წავიდა, ხელში უკვე სველი სალფეთქები მიჭირავს და ნაგვის ურნაში ვყრი. სველ სკამზე ბევრ სალფეთქს და ქაღალდებს ვაფენ, უკვე აღრენილი და ყველაფრით გაღიზიანებული სკამში ვეხეთქები, ვხსნი ლეპტოპს და ვიწყებ უაზრო ციფრებთან მთელი დღე ჭიდილს. უაზრო ციფრების მიმატება, გამოკლება, გაყოფა,  გამრავლება , გადამოწმება სხვა ფაილებში, გადაგზავნა, ახალი საქაღალდეების მიღება, ისევ ანგარიში, ისევ ციფრები, ისევ იგივე ათი ციფრი უბრალოდ სხვადასხვა ვარიანტებით, მაგრამ რეალურად მხოლოდ ათი სიმბოლო, დამატებული რამდენიმე არითმეტიკული მოქმედება. ესაა სულ ჩემი სამსახური. ესაა სულ ჩემი ცხოვრება... არადა როგორ მიყვარდა ადრე ეს ათი სიმბოლო...ადრე, როცა მანქანით მის სამსახურთან მიწევდა მოპირდაპირე მხარეს გავლა, სანამ მივუახლოვდებოდი ვიწყებდი შეტყობინებების გაგზავნას  ... 10 , 9 , 8 , 7 ამ დროს უკვე სახეზე ღიმილს ვეღარ ვიკავებდი, თან ვაგრძელებდი დათვლას, ზუსტად ვიცოდი ამ დროს ისიც ჩაფიქრებული სახით დახედავდა ტელეფონს და მაშინვე გაიღიმებდა როცა ამ ციფრებს დაინახავდა... 6, 5, 4, 3 უკვე ძალიან ახლოს ვიყავი მის ფანჯარასთან, ისიც წამოდგებოდა ხელში ტელეფონით, სახეზე ღიმილით და გაბრწყინებული თვალებით ... 2, 1, 0 მანქანიდან თავს გავყოფდი და ხელს ვუქნევდი, ისიც თავისი სამსახურის ოთახის ფანჯრიდან მიღიმოდა და ხელს მიქნევდა. როგორ გვიხაროდა ეს ყველაფერი ორივეს, მითუმეტეს რომ ამ რიტუალიდან ორიოდ წუთში უკვე მის სამსახურთან ვიყავი და ვეხუტებოდი, მაგრამ ეს ბავშვური რიტუალი ორივეს გვაფორიაქებდა და გვახალისებდა. ეხლაც როცა გულში ვითვლი ხოლმე ყოველთვის მის ღიმილიან და გაბრწყინებულ სახეს ვხედავ და ხელს მიქნევს... რა კარგი დრო იყო. ყველაზე კარგი და ნათელი დრო ჩემს ცხოვრებაში. დრო როცა ყოველდღე უფრო ბედნიერი ვიღვიძებდი და ყველაფერი მიხაროდა....               3. საათს ვუყურებ. რამდენიმე წუთი და დამთავრდება ჩემი მორგი სამუშაო დღე. თავი ისევ საშინლად მტკივა.  ყოველ წამს თვალს საათისკენ ვაპარებ, ერთი სული მაქვს ამოიწუროს განკუთვნილი დრო, თითქოს სადმე მეჩქარება ან რაიმე განსაკუთრებული იქნება ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მაინც შინაგან შვებას ვგრძნობ როგორც კი სამსახური მთავრდება. ლეპტოპს ვხურავ, ჩანთაში ვდებ, მხარზე ვიკიდებ და ნელი, მაგრამ თავისუფალი ნაბიჯებით მივდივარ ლიფტთან. აქ რამდენიმე ადამიანთან ერთად ჩემი დილის თანამელიფტე მხვდება, ღიმილით მეგებება- რას შვრები დღეს, უნდა ჩაუჯდე ფეხბურთს?- თან ხელს მხარზე მიტყაპუნებს- არვიცი, დღეს რამე ფეხბურთია? - ოდნავ გაკვირვებული ვსვამ კითხვას- ჰმ, როგორ არ იცი კაცო, ფინალია დღეს - არვიცი, არ მიყვარს ფეხბურთი- ა, ელაპარაკე ახლა ამას - ყბამოღრეცილმა გადაულაპარაკა გვერდით ვიღაცას, თან ჩემზე ანიშნა. იმ ვიღაცამაც ღიმილით გამომხედა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ ამ საერთო ალიაქოთში მეც არ ვმონაწილეობდი. ლიფტი მოვიდა. ყველანი შევედით. ეს ჩემი დილის თანამელიფტე ისევ აგრძელებს. ოღონდ უკვე იმ ვიღაცას ელაპარაკება - კაი კანჭი, ჩაციებული ქაფქაფა ლუდი ... ამ დროს ფიქრებში წავედი მე რას ვიზამდი როცა ლიფტიდან გავიდოდი - სახლში მივიდოდი, რამეს შევჭამდი , დავწვებოდი და ცოტას დავიძინებდი. იქნებ თავის ტკივილმაც გამიაროს, ან სამსახურის საქმეებს გავაკეთებ, თუ არ დამეზარა.სამსახურიდან გამოვდივარ. წვიმს. საკუთარ თავზე ნერვები მეშლება, როგორ არ წამოვიღე საწვიმარი. თავზე ლეპტოპის ჩანთას ვიფარებ და ჩქარი სიარულით გაჩერებისკენ მივდივარ. არადა როგორ მიყვარს წვიმა და მისი ხმა, მაგრამ როცა აივანზე ვზივარ წიგნით და ყავით ხელში და არა როცა სამსახურიდან გამოვდივარ დაღლილი, საწვიმრის გარეშე. ავტობუსს ველოდები. აგვიანდება... როგორც იქნა მოდის. ავდივარ. სკამზე თავისუფალი ადგილი არ არის ამიტომ ფეხზე ვდგევარ, ცალ ხელში უკვე ნახევრად სველი ლეპტოპის ჩანთა მიჭირავს და მეორეთი რაღაცას ვეჭიდები.  ყველა ჩუმადაა, ალბათ ყველა დაღლილია, ყველას ერთი სული აქვს სახლში მივიდეს. ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვდივარ, აფთიაქში რომ შევიარო. წვიმამაც გადაიღო. აფთიაქში შევდივარ. აფთიაქარს ჩემი წამლის დასახელებას ვეუბნები. - ეხლავე ბატონო - და კლავიატურაზე რაღაცას კრებს. - ბატონო ჩვენი დაგროვების ბარათი გაქვთ?- არა - ამ აფთიაქში ბოლო თვეებია საკმაოდ ხშირად მიწევს შემოსვლა და მუდმივად ერთიდაიგივე კითხვა, ჩვენი დაგროვების ბარათი გაქვთ? და პასუხი ყოველთვის უცვლელია. არადა მეორე კითხვაც ვინმემ  რომ დამისვას დაგროვების ბართის გახსნა მინდა თუ არა, შეიძლება ერთ ერთ მისვლაზე უკვე ჩემი ბარათთან დასმული კითხვის პასუხი დადებითი აღმოჩნდეს, მაგრამ ამათაც თავიანთი რუტინა აქვთ, უბრალოდ იკითხონ მაქვს თუ არა ბარათი, ეს დაავალა ხელმძღვანელმა, სხვა დამატებითი კითხვა არავის დაუვალებია, ამიტომ ესენიც არ სვამენ სხვა კითხვას, ყველაფერი ძალიან მარტივადაა. - ბატონო თუ ამ აბების კიდევ ერთ ფლაკონს შეიძენთ გათამაშების ბილეთს მიიღებთ, ან შეგიძლიათ სხვა რამე დაამატოთ. - არა მადლობა, მხოლოდ ერთი ფლაკონი მომეცით-კარგით ეხლავე.- ანდა, რამე ტკივილგამაყუჩებელიც მომეცით თავის ტკივილისთვის- კარგით ბატონო ეხლავე - რამდენიმეწამიან დუმილს მხოლოდ კლავიატურის ხმა არღვევს . - ბატონო თქვენ გეკუთვნით გათამაშების ერთი ბილეთი, აი აქ უნდა ჩაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი და აი ამ ყუთში უნდა ჩააგდოთ. ზერელედ ვწერ ნომერს, ბილეთს ყუთში ვაგდებ და როგორციქნა მაწვდიან კუთვნილ წამალს და აფთიაქიდან გამოვდივარ. გამაყუჩებელს იქვე ვხსნი და წყლის გარეშე ვყლაპავ. სველ ქუჩას ფეხით გავუყევი. მიყვარს ნაწვიმარზე მანქანის საბურავების ხმა. გზაზე მაღაზიაში შევიარე. ჩემთვის და კატისთვის საჭმელი ვიყიდე. დახლზე ლუდებს მოვკარი თვალი და ჩემი თანამელიფტე გამახსენდა, კარგახანია ლუდი არ დამილევია, ამიტომ რამდენიმე ბოთლი ლუდიც ავიღე. გასაღებს ვატრიალებ, კარებს ვაღებ და სახლში შევდივარ, შუქს ვანთებ. დივანზე წამოწოლილმა ჩემმა კატამ ერთი გამომხედა და ამოიკნავლა, ალბათ მკითხა - მოხვედი? -ჰო მოვედი. გშია? - მაგრამ ამაზე აღარაფერი მიპასუხა და გააგრძელა ნებივრობა. ფეხსაცმელს ვიხდი, ლეპტოპის ჩანთას იქვე ვკიდებ, საყიდლების ჩანთას სამზარეულოს მაგიდაზე ვდებ და სააბაზანოში შევდივარ. ვშარდავ და თან ვფიქრობ, რა კარგია რომ დღევანდელი სამუშაო დღე დამთავრდა. ხელებს ვიბან. სააბაზანოდან გამოვდივარ . ჩანთიდან მაღაზიაში ნაყიდი პური , კვერცხი, რამდენიმე ბოთლი ლუდი და კატის საჭმელი ამოვალაგე. ერთი ლუდის ბოთლი ეგრევე გავხსენი და რამდენიმე ყლუპი მიყოლებით მოვსვი. მესიამოვნა და გულში ჩემს თანამელიფტეს მადლობა გადავუხადე. დანარჩენი ბოთლები მაცივარში შევალაგე, ლეპტოპში წყნარი მუსიკა ჩავრთე და საჭმლის მომზადება დავიწყე. გაზი ავანთე და ტაფა დავდე გასაცხელებლად. მაცივრიდან ბეკონი გამოვიღე და რამდენიმე ნაჭერი ტაფაზე დავდე. ჩემი კატა ეგრევე ჩემს ფეხებთან ჩნდება,  ფეხზე მედება და თან კრუტუნებს, ალბათ მეუბნება მაჭამე რამეო. ცოტა მივეფერე და ერთი ბეკონის ნაჭერი ამასაც ვუწილადე. მერე, მისი საჭმელი ამოვიღე და თავის თასში ჩავუყარე. ვითომც არაფერი, ნელი ნაბიჯებით მივიდა თასთან და ჩვეულებრივად  აუჩქარებლად მიირთმევს. არც მადლობა, არც არაფერი მაგდაგვარი.  ეჰ ნეტა მეც ესე ვიყო, მთელი დღე ვიწვე, ვკოტრიალებდე, დილას და საღამოს ვინმე ჩემს კვებაზე ზრუნავდეს და თან მადლობასაც არ ვიხდიდე. რამდენიმე კვერცხს ვიღებ და ღრმა თეფშში ვტეხ, დანარჩენებს მაცივარში ვალაგებ. ჩანგლით კვერცხის მორევას ვიწყებ, თან ვფიქრობ, რა ჯობია ამ ცხოვრებაში - იყო კატა თუ ადამიანი. რათქმაუნდა თუ კატახარ ალბათ ბევრად მარტივია ცხოვრება, მაგრამ თან უნდა გაგიმართლოს თორემ შეიძლება ვიღაცის სპირიტუალური რიტუალის მონაწილე გახდე, თან არცთუ სასიამოვნოდ. მაგარამ ეგეთი გამართლება ადამიანის შემთხვევაშიც საჭიროა, სად დაიბადები, რომელ ქვეყანაში, როგორ გარემოში ან საერთოდ რომელ ეპოქაში. მაგრამ ვთქვათ ხარ სტატისტიკურად საშუალო იღბლის მქონე კატა. შენი საზრუნავია როგორ მოიპოვო საკვები, იპოვო მზრუნველი ოჯახი ან თავშესაფარი სადაც წამოწვები. სხვა საფიქრალი ალბათ არაფერი გაქვს. კარგი შევეშვათ კატას და ავიღოთ მოდი რამე გარეული ცხოველი, მაგალითად ლომი. კვერცხს ცოტა მარილს ვუმატებ, ტაფაზე კარაქის პატარა ნაჭერს ვაგდებ ბეკონებთან და ზემოდან ათქვეფილ კვერცხს ვასხამ, თან ცოტა ყველას ვახეხავ და თავს ვახურავ. მიყვარს კარაქში შემწვარი კვერცხი ბეკონით და ყველით. ლუდს ვსვამ და ისევ ლომზე ფიქრს ვუბრუნდები, თან პურს ვჭრი. ისე მეც რაღა ისევ კატისებრთა წარმომადგენელი ავარჩიე, მაგრამ იყოს ლომი, ცხოველთა მეფეა მაინც.  ლომის საზრუნავიც თითქმის იგივეა, რაც კატის, საკვების მოპოვება, შთამომავლობის გაგრძელება და მათი დაცვა. რათქმაუნდა სიკვდილ სიცოცხლის რისკი ყველა არსებას აქვს, მაგრამ კარგი მაძღარი ლომი როცა წამოწვება ალბათ არაფერზე არ ფიქრობს და რაც ყველაზე მთავარია არც არაფერს ნანობს. შეიძლება ხანდახან ხელმოცარული ნადირობისას ინანოს ანტილოპას რომ მივსდევდი, მოსახვევში მარცხნივ ცოტა უკეთ რომ შევსულიყავი ალბათ დავიჭერდიო. სხვა არამგონია რამეს ნანობდეს თუ საერთოდ გააჩნია სინანულის გრძნობა. ადამიანს კიდე ცხოვრების მანძილზე უამრავ რამეზე ფიქრი უწევს გარდა საკვების მოპოვებისა და თავშესაფრის ძიებისა, უამრავი გადაწყვეტილების მიღება გიწევს რომლებსაც შემდეგ ნანობ და ვეღარც ცვლი. მაგალითად ლომი არ ნანობს რომ ეკონომიურზე ჩააბარა და ჯობდა რამე სხვა პროფესია აერჩია  და არც იმაზე ნანობს რომ ეხლა დაგვიანებულია უკვე ყველაფრის  შეცვლა. ლომს არ აქვს უამრავი ყოველდღიური რუტინა, არ აქვს მაღვიძარა, არც შხაპი ადარდებს და არც იმაზი ფიქრობს დღეს რა ტანსაცმელი ჩაიცვას. არც მატერიალურ საკითხებზე ფიქრობს, რომელი მანქანა იყიდოს ან ოთახის კედელი რა ფერად შეღებოს, არც დღესასწაულებს ელოდება და არც სამოგზაუროდ უნდა წასვლა. ტაფას თავს ვხდი, კვერცხს მეორე მხარეს ვაბრუნებ და ისევ თავს ვაფარებ. მაცივრიდან პომიდორს ვიღებ და თეფშზე ვიჭრი. მოკლედ ჩემი აზრით ადამიანის ცხოვრება ბევრად რთულია ვიდრე ნებისმიერი ცხოველის. რთულია თუნდაც ემოციების მართვა,პასუხისმგებლობები საზოგადოების, ოჯახის და საკუთარი თავის წინაშე. ელემენტარულად რამდენი ადამიანი ასრულებს თვითმკვლელობით სიცოცხლეს, არასდროს გამიგია რომელიმე ცხოველს თავი მოეკლას და მობეზრებოდეს ცხოვრება. იმიტომ რომ მათ აქვთ მარტივი მიზნები და მარტივი ამოცანები. ადამიანის შემთხვევაში ბევრად რთულადაა ყველაფერი... ჰოდა ალბათ ამიტომაც გვქვია ადამიანები და არა ცხოველები. შემწვარ კვერცხს თეფშზე ვიღებ და ლუდის ბოთლს ბოლომდე ვცლი. ცარიელ ბოთლს ურნაში ვაგდებ. მაცივრიდან  მეორე ლუდის ბოთლს ვიღებ და ვხსნი. ჩემი კატა მორჩა უკვე ვახშამს და წამოწოლილი თათებს ილოკავს. მე ეხლა ვიწყებ, მარტო... კვერცხს ვჭამ, ლუდს ვსვამ, მუსიკას ვუსმენ და რაღაც სისულელეებზე ვფიქრობ... საერთოდ როგორ გაჩნდა ეს კატა ჩემს ცხოვრებაში? არასდროს მიყვარდა კატები. მაგრამ ერთხელ, მასთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავი გასული, პიკნიკი მოვაწყვეთ ტყეში. შებინდებული იყო უკან რომ ვბრუნდებოდით და უცებ მანქანის წინ პატარა კნუტმა გადაგვირბინა, ძვლივს მოვასწარი საჭის გვერდით გაწევა და დამუხრუჭება, მაგრამ გზიდან მაინც გადავედით, რაღაც გადაჭრილ რკინაზე გადავიარე და საბურავი გამისკდა. სანამ მე ყველანაირ წყევლა კრულვას ვისხენებდი, ის მანქანიდან გადავიდა და კნუტისკენ გაიქცა. მეც გადმოვედი ნერვებ მოშლილი და ვხედავ ხელში კნუტი ყავს აყვანილი და ნაზად ეფერება და ეალერსება, მე ლამისაა გაბრაზებისგან გავსკდე ჩემი მანქანის საბურავივით, მაგრამ ვცდილობ თავი შევიკავო, ის კიდე გულში იხუტებს და ეფერება. ბუზღუნ ბუზღუნით ვცვლი საბურავს, თან გარეთ ბნელა, ძვლივს ვხედავ რას ვაკეთებ, ქარიც უბერას და მცივა. ის წინ ზის ბედნიერი სახით, კალთაში კნუტი ყავს მოკალათებული და ეფერება. როგორც იქნა შევცვალე საბურავი, მანქანაში ჩავჯექი, დავქოქე მანქანა მაგრამ არ მივდივარ. გაოცებული სახით გამომხედა და მეკითხება:- რას ელოდები?- კნუტი არუნდა ჩასვა? - კიდევ უფრო გაოცებული ვპასუხობ- ამ სიცივეში და სიბნელეში გარეთ როგორ დავტოვოთ? - აბა რა ვუყოთ?- თან წავიყვანოთ და გზაში რამეს მოვიფიქრებთ- რა უნდა მოვიფიქროთ? კაი რა, რომ არ გამოგვევლო ხომ იქნებოდა ისედაც ამ სიცივეში და სიბნელეში?- ხო, მაგრამ ნახე რა საყვარელია და თან პატარა, ეს რომ ეხლა აქ დავტოვოთ მთელი ცხოვრება ვერ მოვისვენებ.- აბა რა ვქნათ? - მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდი ვიყო- მოდი წავიყვანოთ და ჩვენთან იცხოვროს - მუდარანარევი თვალებით მიყურებს და თან მიღიმის. იცის მსგავს გამოხედვას რომ ვერ ვუძლებ, კიდევ ერთხელ გავიბრძოლე, თუმცა წინასწარვე ვიცოდი, რომ უშედეგოდ. ასე აღმოჩნდა ეს ვაჟბატონი ჩვენთან სახლში. გავხედე და დივანზე წამოგორებული თვალებს ლულავდა. მეც მომინდა დივანზე წამოწოლა და ცოტა თვალების დახუჭვა. მოვრჩი ვახშამს, მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი გავრეცხე, მუსიკაც გავთიშე და მეც დივანზე წამოვწექი, ცოტა ზანტად მაგრამ მაინც მიიწია კატა ფეხებისკენ. ჰოდა ვწევართ ესე მე და ჩემი კატა ერთად დივანზე, თავთან მაგიდაზე ნახევრად ცარიელი ლუდის ბოთლი მიდევს, თვალებს ვხუჭავ და მასზე ვფიქრობ. რა კარგი იყო როცა ამ დივანზე ერთად ვიწექით, ერთად ვსუნთქავდით, ერთმანეთს ათას რაღაცას ვუყვებოდით, როგორ მენატრება მისი გაკეთებული ყავა, მასთან ერთად ფილმების ყურება, როგორ ვიცინოდით, როგორი ბედნიერები ვიყავით ერთად. მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი და ფიქრი... რატომ აღარ ვართ ერთად?... არვიცი, ამაზეც მიჭირს პასუხის გაცემა. არადა არცერთს არ გაგვნელებია ერთმანეთის მიმართ გრძნობა. უბრალოდ თავიდან იმდენად კარგად ვიყავით, რომ სულ ესე კარგად ყოფნა ვერ შევინარჩუნეთ. დროთაგანმავლობაში ყველაფერი განელდა, უფრო გაუფერულად. ეშხი დაკარგა იმან რაც ადრე გვახალისებდა, ჩვეულებრივობად იქცა ის რაც მანამდე სასწაულად მიგვაჩნდა. შესანიშნავად ვიყავით, მაგრამ არა ისე როგორც საწყის ეტაპზე, როცა ყველგან ერთმანეთის თვალებს ვეძებდით და ერთმანეთით ვსუნთქვდით. ორივე სიახლეების და თავგადასავლების მაძიებლები ვიყავით, ამიტომ, ერთფეროვნება და ჩვეულებრივობა ნელ ნელა ჭამდა ჩვენს ურთიერთობას. ერთდღესაც ვთქვით, რომ სანამ ერთმაენთი მოგვბეზრდება ჯობია დავიშალოთ და ყოველთვის ისეთები გვახსოვდეს ერთმანეთი როცა ბედნიერები და ხალისიანები ვიყავით. თავიდან ეს ყველაფერი არცისე სერიოზულად აღვიქვი, პირველ დღეებში როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ მეგონა ეს თამაში იყო, რომელიც მალე დასრულდებოდა და ისევ ერთად ვიქნებოდით. ყოველდღე ველოდი მისგან რაიმე მინიშნებას, რომ ისევ ერთად უნდოდა ვყოფილიყავით, ის ალბათ ჩემგან ელოდა. ესე ნელ ნელა გავიდა დრო და ამ ყველაფერს ორივე შევეჩვიეთ. ეხლა სიგიჟემდე მენატრება და ისევ ისე მიყვარს როგორც თავიდან, მაგრამ რადგან ამდენი ხანი არ გამოჩნდა მგონია, რომ დამივიწყა და ჩვენი სიყვარული წარსულში დატოვა. ამიტომ არმინდა ისევ თავიდან გავახსენო ძველი გრძნობები და ისევ თავიდან მივაყენო ტკივილი. არვიცი, შეიძლება ისიც იგივეს ფიქრობს და შეიძლება მასაც ვენატრები და ის ჩემგან ელოდება ნაბიჯს. ფაქტია რომ ამ ნაბიჯებმა დაიგვიანეს… ფაქტია რომ ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადავდგი ცხოვრებაში. ამიტომ მეშინია უკვე ახალი ნაბიჯების, ახალი იმედგაცრუებების. ამიტომ ჩავიკეტე ალბათ საკუთარ ნაჭუჭში და აღარც მინდა აქედან გასვლა. იმ პატარა არსებებს დავემსგავსე ბნელი ოკეანის ფსკერზე ნიჟარაში რომ არიან მთელი ცხოვრება შეყუჟულები და მათ არსებობას ვერავინ რომ ვერ ამჩნევს... რა კარგი იქნება საერთოდ გავქრე ამ რეალობიდან, ან სადმე უკაცრიელ კუნძულზე აღმოვჩნდე. რამდენჯერ მიფიქრია ამაზე. ყველა ძველ შეცდომას, გადაწყვეტილებას, ყველა გზას და საერთოდ ყველაფერს ერთდორულად ჩამოვიხსნიდი ბეჭებიდან, ნაპირზე პირველი ამფიბიასავით ამოვიდოდი, ამოვისუნთქავდი და ახლიდან დავიწყებდი ცხოვრებას, ახლიდან დავიბადებოდი, უკვე არსებული გამოცდილებით და ცხოვრებით. სამყაროში სადაც მარტო მე ვიქნებოდი. მე და ბუნება. მშვენიერი კუნძული წარმოვიდგინე. მზე აცხუნებს, თვალებდახუჭული ქვიშაზე ვწევარ, ფეხებზე ტალღები მედება. ყურში მათი ხმა ჩამესმის...  4. … გაურკვეველ ოთახში ვახელ თვალებს. საშინელი ჩახუთულობაა. კედლებზე ჩირაღდნები ანათებენ. ვიღაცეები ხელით მიჭერენ, რომ არ დავეცე. წინ კედელში რაღაც რკინის კარის მსგავსს ვხედავ, რომელიც მაღლა იღება, შიგნით ჰორიზონტალურად მილი მოსჩანს. კარს მაღლა სწევენ და შიგნით ვხედავ საკაცეს, რომელზეც მანიშნებენ, რომ უნდა დავწვე, მანამდე ვიღაც მოდის და ამბობს, რომ ერთი შანსი კიდევ მაქვს და თვალით თავისი ხელის გულებისკენ მიმითითებს, სადაც ოთხი მონეტა უდევს. მანიშნებს რომ რომელიმე ამოვატრიალო. ვატრიალებ და ზედ არაფერი წერია, თავს აქნევს, სხვა მონეტებს აბრუნებს და ყველგან რაღაც ციფრები წერია. ვაკვირდები და ორ მონეტას ერთიანი აწერია, ერთს ორიანი, არვიცი ეს ალბათ სიცოცხლეებს ნიშნავდა. გული დამწყდა, ჩემსას არაფერი ეწერა, როგორც ყოველთვის აქაც სიცარიელეა. თითქოს დანაღვლიანებულები და თან ირონიულები ხელით მაწვებიან და მილში საკაცეზე მათავსებენ. ხელში შუშის პატარა ფლაკონს მაძლევენ და მეუბნებიან, რომ ათი აბი უნდა დავლიო, როცა ეს საკაცე დაიძვრება, მერე, როცა გზაში გამეღვიძება, კიდევ ათი. რაღაც მილში ვარ. ცხელა მაგრამ მე მაკანკალებს და მცივა, კარებს მიხურავენ, რაღაც ხმა ირთვება და საკაცე მოძრაობას იწყებს, სადღაც მივექანები უკანა მიმართულებით, ვერ ვხედავ რა ხდება. ბნელა, ალაგ-ალაგ პატარა მბჟუტავი ნათურები ანათებს, მინდა თავი წამოვწიო და გავიხედო სად მივყავარ საკაცეს, მაგრამ ვერ ვშვები, ძალაც არ მაქვს თავი ავწიო. მერე მახსენდება ხელში ფლაკონი მიჭირავს, ვხსნი, ჩვეულებრივი თეთრი აბებია, ხელის გულზე ვიყრი, დათვლა მეზარება და ყველას პირში ვიყრი, ვღეჭავ, საშინელი გემო აქვს მაგრამ უკვე ყველაფერი სულერთია, ყბებს ვამოძრავებ, პირი მიშრება, რაღაც მასას ვყლაპავ, მაგრამ დაღეჭილი აბები მთელს ენაზე და კბილებში მაქვს, საშინელი გემო აქვს... უცებ სადღაც ვვარდები, თვალებს ვახელ, გაურკვეველ სივრცეში ვარ, რაღაც არსებებს ვხედავ. ვერ ვარჩევ რა არსებები არიან, ფორმას იცვლიან, ხან ადამიანები არიან, ხან ზვიგენს ვხედავ, რომელიც იცინის, ყველა რაღაც მასაში ვზივართ, ტალახს გავს, ან შეიძლება თიხაა, ერთმანეთში ირევიან, ზოგი ხმამაღლა იცინის, ზოგი უბრალოდ ამ მასაში ზის და სხეულზე ისვამს, ვხედავ მეც ტალახში ვზივარ, თავბრუ მეხვევა, ყურადღებას არავინ მაქცევს. დაცემის მსგავს ხმას ვიგებ , თავი მივაბრუნე გვერდით და დავინახე ვიღაც მილიდან ტალახში ჩამოვარდა, რაღაც მოთეთრო გარსშია გახვეული და ცდილობს გამოძვრეს ამ გარსიდან. ვერ ვხვდები ეს სიზმარია თუ მანამდე ვიყავი სიზმარში და ეს რეალობაა. ვერაფერს ვარჩევ, ხმასაც ვერ ვიღებ. დავიკარგე ჩემს ფიქრებში. მინდა გავიღვიძო, დამთავრდეს ეს ყველაფერი. უცებ რაღაც ცივ შეხებას ვგრძნობ ზურგთან, მივიხედე და ის არსება რამდენიმე ხნის წინ რომ ჩამოვარდა მილიდან და გარსიდან ცდილობდა გამოსვლას, ეგ მეხება, ლორწოვანი სახე აქვს, პირს უცნაურად აღებს, თეთრი გარსის რაღაც ნაწილი სხეულზე აქვს შერჩენილი, ხელის მსგავსი წანაზარდებით მეხება და ჩემსკენ მოიწევს, ვგრძნობ როგორ გამალებით იწყებს ჩემი გული ფეთქვას, სისხლი მიჩქარდება, მინდა ყველა ძალა მოვიკრიბო და ხმამაღლა ვიყვირო მაგრამ პირს ვერ ვაღებ, ტუჩებს ერთმანეთს ვერ ვაშორებ რომ დავიყვირო, უკვე ძალიან ახლოსაა, თითქმის სახესთან, ყურში ხმები ჩამესმის, ვიღაცა მეძახის, მახსენდება ოთახი სადაც მონეტები მომცეს, მახსენდება საკაცეზე რომ ვიწექი, გამახსენდა წამალი რომელიც დავღეჭე და საშინელი გემო ვიგრძენი პირში, მთელი ყელი და ენა მეწვის. უკან ვიწევი, ბოლო ძალებს ვიკრებ, ტუჩებს ერთმანეთს ვაშორებ და ბოლო ხმაზე ვყვირი... წამოხტომით ვიღვიძებ, გახშირებული სუნთქვით. მთლიანად გაოფლილი ვარ... დივანზე ჩამძინებია ტანსაცმლით. თავი უარესად მტკივა. ალბათ ლუდის ბრალია... რომელი საათია. ყველგან ბნელა, ალბათ შუაღამეა. ძვლივს ვდგები დივანიდან, ხელის ცეცებით ჩამრთველს ვპოულობ და შუქს ვანთებ, თვალებს მჭრის. შუქზე ჩემი კატა თავის ლოგინში ოდნავ შეიშმუშნა. საათს ვუყურებ. ერთ საათში ისედაც მაღვიძარა დარეკავდა, ჯობია მოვწესრიგდე და დღეს მაინც მივიდე დროულდ სამსახურში. სააბაზანოში შევდივარ და შხაპს ვიღებ... ბოლო ხანებში უცნაურ სიზმრებს ვხედავ. წამლების ბრალი ხომ არაა? სანამ წამლებს დავიწყებდი მაშინაც ვხედავდი სიზმრებს, მაგრამ ესეთ უცნაურს მგონი არა. ასე მგონია ეს სიზმრები უკვე ბევრჯერ ვნახე. ისედაც ძვლივს ვიძინებ და კიდე ამ უცნაურმა სიზმრებმა დამღალეს. ისე დივანზე ესე ტანსაცმელებით როგორ ჩამეძინა, მაგრამ ძააან გადავიღალე ეს ბოლო ხანებია, ალბათ ლუდმაც მომთენთა. აბაზანიდან რომ გავალ ყავას გავიკეთებ... წყალს ვთიშავ. ტანს ვიმშრალებ ზუსტად იგივე თანმიმდევრობით როგორც მთელი ცხოვრება. ამაზე რომ ვფიქრობ მეცინება ხოლმე. დაორთქლილ სარკეს პირსახოცით ვწმენდ, ხელებს ნიჟარის კიდეებზე ვაწყობ და ჩემს თავს თვალებში ვუყურებ... არაფერი შეცვლილა. მგონი თვალები მაქვს ოდნავ ჩასიებული. ღრმად ამოვისუნთქე და ნელა ჩავისუნთქე, თმები გავისწორე და აბაზანიდან გამოვედი. ჩემი კატაც ამდგარა და კნავილით მეგებება. ალბათ მეჩხუბება ასე ადრე რატო გამაღვიძეო. - ბოდიში. ტანზე ვიცვამ. საფქვავში ყვავის მარცვლებს ვყრი და ვფქვავ. მომწონს ახალდაფქული ყავის სურნელი. ყავის აპარატს ვრთავ, დაფქულ ყავას ვპრესავ და ღილაკს ვაწვები, სანამ ყავა ნელ ნელა ჩამოდის, მაცივრიდან რძეს ვიღებ, ცოტას კატას ვუსხამ თასში, ცოტას ჩემი კაპუჩინოსთვის ვასხამ რკინის ჭიქაში. ყავას ვთიშავ, ერთ კოვზ შაქარს ვყრი და კარგად ვურევ, მერე ვიწყებ რძის ამოყვანას კაპუჩინოსთვის. ბევრგან კაპუჩინოში ბოლოს აყრიან შაქარს, არადა მერე მორევისას ამოყვანილი რძის სტრუქტურაც ირღვევა და ბოლომდე არც იხსნება შაქარი, ამიტომ ჯერ ყავაში ვხსნი შაქარს და მერე ვამატებ ამოყვანილ რძეს. სახლში ჩემით გაკეთებულ კაპუჩინოს არაფერი ჯობია. რძეს ისევ მაცივარში ვინახავ და ჩემი ყავის ჭიქით აივანზე გავდივარ... რა სიჩუმეა. არც მანქანების ხმა ისმის, არც ადამიანების... რა კარგი იყო ადრე აქ მასთან ერთად ჯდომა. ეხლა აქ რომ იჯდეს სიგარეტს მოუკიდებდა, ფეხებს სკამზე შემოალაგებდა, კალთაში კატა ჩაუხტებოდა... როგორ მენატრება ეს ყველაფერი. მემგონი კატასაც ძალიან ენატრება. როცა მე გამოვდივარ აივანზე არასდროს გამოდის. საერთოდ მემგონი ჩემი კატა ვერ მიტანს, უბრალოდ მისი გამოკვება ჩემზე რომაა დამოკიდებული მაგიტომ მიტანს, თორემ ალბათ სიამოვნებით გამისტუმრებდა საიქიოში. ნეტა კატებმა თუ იციან რა არის საიქიო? ან საერთოდ თუ სჯერათ სიკვდილის მერე სიცოცხლის. საერთოდ ფიქრობენ მსგავს თემებზე? იქნებ განიხილავენ ერთმანეთში, რომ ღმერთი არ არსებობს, ან პირიქით იქნებ ზოგი ძაან მორწმუნეა და მარხვის დღეებში თაგვს არ ჭამს... მეცინება... ყავას ვსვამ. სახლში შევდივარ. ყავის ჭიქას ვრეცხავ. კატას თავის თასში საჭმელს ვუყრი, ფეხზე ვიცვამ და ლეპტოპის ჩანთას მხარზე ვიკიდებ, ოდნავ ისევ ნამიანია. ყოველი შემთხვევისთვის საწვიმარსაც ვიღებ, მაგრამ ისევ უკან ვაბრუნებ, დღეს არამგონია იწვიმოს. ლიფტში შევდივარ, სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. დღეს უფრო დამშვიდებული მეჩვენება. ალბათ დილის კაპუჩინოს დამსახურებაა. თავმაც ცოტა გამიარა. გარეთ გავდივარ. საკმაოდ ცოტა მანქანა მოძრაობს. ალბათ კარგახანია ესე ადრე არ გამოვსულვარ სახლიდან. გაჩერებაზე ვდგები. აქაც დილის რამდენიმე მუდმივი თანამგზავრი დამაკლდა თვალს... ავტობუსი მოვიდა. ავდივარ. ისევ ფანჯარასთან ვიკავებ ადგილს... დღეს უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, ალბათ რომ ვიცი სამსახურში არ დამაგვიანდება მაგიტომ, ან კარგად რომ მეძინა მაგის ბრალია. არა, კარგად არ მეძინა. ეხლა გამახსენდა დივანზე რომ ჩამეძინა და ზურგი ამტკივდა. იქნებ სხვა დროს უფრო ადრე დავწვე, რომ სრულყოფილად გამოვიძინო და დილით ადრე ავდგე და ყავის დასალევად დრო დამრჩეს. სრულყოფილ ძილზე ჩემი ფსიქოლოგი გამახსენდა და ეხლა გამახსენდა, რომ წამალი გუშინაც არ დამილევია. საერთოდ მემგონი ტყუილად ვსვამ ამ წამლებს... ჩემს გაჩერებაზე ჩამოვდივარ. კმაყოფილი სახით ყავის ჯიხურისკენ გავიხედე , დღეს ერთით ნაკლები კლიენტი ეყოლებათ. ისევ იმ გოგოს ვამჩნევ, ჯიხურთან დგას გარეთ და სიგარეტს ეწევა. ჰმ, ეხლა რატომ არ ყრის ნაგავს? მე რომ მეჩქარება მაშინ უნდება ხოლმე სისუფთავეზე ზრუნვა. გულში გავიღიმე და სამსახურისკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით მივდივარ. კიბეებზე ავირბინე და შუშის კარს მივაწექი... არ იღება. ცოტა გაკვირვებული კიდევ ვაწვები კარებს. დაკეტილია... წამიერად ვიაზრებ, რომ დღეს შაბათია. დასვენების დღე.... ვიგინები... კაი რა... სახლში ვბრუნდები. კარებს ვაღებ. ფეხზე ვიხდი, ლეპტოპი იქვე მივაგდე. ტანსაცმელი გავიხადე და ლოგინში ჩავწექი... აუ რა კარგი გრძნობაა როცა დაღლილი და გამოუძინებელი შენს ლოგინში წვები. ემბრიონის ფორმას ვიღებ, თან ბალიშს ვეხუტები, კიდევ ორი ბალიში თავქვეშ მიდევს... არა როგორ დამავიწყდა რომ დღეს შაბათი იყო ვერ ვიჯერებ. უკვე ისეთი გათიშული ვარ დღეებიც მერევა...          5.ტელეფონის ზარი მაღვიძებს. თავს ძვლივს ვწევ და თვალებს ვახელ. ხელით ტელეფონი მოვიძიე მაგრამ შემოსასვლელში დამრჩა მაგიდაზე. ადგომა მეზარება. ისევ თავს ვდებ ბალიშზე და თვალებს ვხუჭავ. როგორც იქნა გაითიშა ზარი. ნეტა ვის გავახსენდი ამ შაბათ დღეს... ისევ რეკავს. უკვე ვღიზიანდები. თან არც თიშავს სანამ ბოლომდე თვითონ არ გაითიშება. რა ხდება ცეცხლი უკიდია ვინმეს? არ ავდგები! შაბათია, ვწევარ ვისვენებ! როგორც იქნა ითიშება. როცა ავდგები მერე ვნახავ და გადავურეკავ... ისევ რეკავს. უკვე გინებით ვხტები ლოგინიდან, გავდივარ შემოსასვლელში, ტელეფონს დავხედე უცხო ნომერია. მაქსიმალურად მშვიდი მაგრამ კატეგორიული ხმით ვპასუხობ- გისმენთ - გაღიზიანებისგან ისე მაქვს კბილები ერთმანეთზე დაჭერილი, რომ ამ სიტყვამ ძვლივს გამოაღწია ჩემი პირიდან- გამარჯობა, თქვენი სახელი რომ გვითხრათ ბატონო ვის ვესაუბრებით?- თქვენ მირეკავთ შაბათს დილით, უკვე მესამედ და მე მეკითხებით სახელს?! - აქ უკვე ტონს საგრძნობლად ვუწევ და პირიდან ცეცხლს ვუშვებ.- უკაცრავად ბატონო, არ გაგვითიშოთ, ჩვენ აფთიაქის გათამაშებიდან გირეკავთ, თქვენი ნომერი ამოვიდა გათამაშებაში და ეხლა ციფრი უნდა ამოირჩიოთ რათა გაიგოთ რა მოიგეთ- რა გათამაშებიდან? - აქ ცოტა ცეცხლს დავუწიე- აფთიაქების ქსელს რომელშიც თქვენ ეტყობა ხშირად დადიხართ, აქვს გათამაშება, გარკვეული თანხის შეძენისას იღებთ გათამაშების ბილეთს, დღეს კი გათამაშების დღეა და თქვენი იღბლიანი ნომერი ამოვიდა. ეხლა თქვენ უნდა აირჩიოთ დარჩენილი ოთხი ბარათიდან ერთერთი და გავიგოთ რა მოიგეთ. - მეღადავებით? - აქ ჩემს კატას გავხედე, იქნებ მან იცოდა რამე, მაგრამ ისე მიყურებს ის არაფერშუაშია- არა ბატონო, შეგიძლიათ ტელევიზორში ჩართოთ- არ მაქვს ტელევიზორი- სამწუხაროა, მაშინ სიტყვაზე გვენდეთ, ეტყობა გათამაშების ბევრი ბილეთი გქონდათ და ერთერთი ამოვიდა, ეხლა კი ბარათი ამოირჩიეთ- მე სულ ერთი ბილეთი მქონდა- მაშინ კიდე უფრო იღბლიანი ყოფილხართ ბატონო, ამოირჩიეთ ციფრი ერთი, ორი, სამი თუ ოთხი?აქაც ციფრები- არვიცი, სულერთია- რამე ციფრი აუცილებლად უნდა მითხრათ ბატონო- იყოს ორი - თან ხელს ვშლი და ჩემს კატას ვუყურებ, მაინტერესებს არჩევანს თუ მომიწონებს, მაგრამ მისთვის ისევ სულერთია ყველაფერი- ანუ ბარათი ნომერი ორი, აბა ვნახოთ რა წერია ამ ბარათის ქვეშსიჩუმეა. ველოდები. დივანზე საცვლების ამარა ვჯდები- გილოცავთ, თქვენ მოიგეთ ორკაციანი საგზური ტროპიკულ კუნძულებზე, ნამდვილად იღბლიანი ბრძანდებით- მადლობა - მშვიდი, მაგრამ ჯერ კიდევ გაბუტული ხმით ვპასუხობ- ეხლა კი დაგემშვიდობებით ბატონო, დანარჩენ დეტალებზე ამ ნომერზე დაგიკავშირდებიანტელეფონი ითიშება. კატას ვუყურებ. რა გათამაშება, რა ტროპიკული კუნძულები. ალბათ ვიღაცა მეხუმრება და მეც გავები. მოკლედ ერთი დღე სრულყოფილად ვერ გამოვიძინე. ბუნებრივად ბოლოს როდის გავიღვიძე აღარ მახსოვს, ან მაღვიძარა მაღვიძებს ან ვიღაცის ზარი. აბაზანაში შევდივარ, ცივ წყალს სახეზე ვისხამ. მერე ჩემს თავს ვუყურებ სარკეში. ესეც სიზმარი ხომ არ იყო? გავდივარ და ტელეფონს ვამოწმებ. არა ზარი ტელეფონში აშკარად შემოსულია და ვესაუბრე კიდეც. მაგრამ რა გათამაშებაო... ეხლა გამახსენდა, გუშინ აფთიაქში რაღაც გათამაშების ბილეთი შემავსებინეს. თავის ტკივილის წამალი რომ არ მეყიდა ანუ გათამაშების ბილეთს ვერ მივიღებდი და საგზურს ვერ მოვიგებდი? ოდნავ მეღიმება... მაგრამ სამაგიეროდ კარგად გამოვიძინებდი. ან ეს ტროპიკული კუნძულები რას ნიშნავს? როგორც რეკლამებშია პალმები ქვიშა და ოკეანის ტალღები, ხელში ქოქოსის ჭიქა გიჭრავს და საწრუპით კოქტეილს რომ სვამ ალბათ ეგეთზეა საუბარი? ვიცვამ. ფარდა გადავწიე და გარეთ გავიხედე. მალე მზე ჩავა, გარეთ საკმაოდ მშვიდი ამინდია. ხომ არ გამესეირნა ფეხით სადმე? მაგრამ ჯერ შევჭამ... გაზს ვანთებ და წყლიან ქვაბს ვდგამ. მაცივრიდან რამდენიმე კვერცხს და სოსისს ვიღებ და მოსახარშად ქვაბში ვდებ. პურს ტოსტერში ვაწყობ და ღილაკს ვაწვები. ისევ ტელეფონის ზარია. ისევ უცხო ნომერი.- გისმენთ- გამარჯობა ბატონო, გათამაშების კომპანიიდან გირეკავთ, თქვენი ნომერი გადმომცეს, ერთ-ერთი გამარჯვებული ხართ, გილოცავთ- მადლობა- ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?- არა გისმენთ - ტელეფონს ყურით და ბეჭით ვიჭერ, მაცივრიდან პომიდორს ვიღებ და დაჭრას ვიწყებ- ხვალ შეგეძლებათ რომ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და გასამგზავრებლად საჭირო საბუთები რომ შევავსოთ? ვისთან ერთადაც იმოგზაურებთ ის ადამიანიც აუცილებლად უნდა მოვიდეს.-კი, მაგრამ ხვალ ხომ კვირაა?- დიახ ბატონო, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევავსოთ საბუთები რადგან გამგზავრება უკვე ორშაბათს არის ჩანიშნული- ესე მალე რატომ? სამსახურშიც მოსაგვარებელი მაქვს გათავისუფლების საკითხი, შეიძლება სულაც არ გამათავისუფლონ- დიახ ბატონო, მესმის, მაგრამ იქნებ ხვალვე მოაგვაროთ სამსახურში გათავისუფლების საკითხები სანამ ჩვენთან მოხვალთ საბუთების შესავსებად, რადგან ორშაბათს ფრენა დილის საათებშია ჩანიშნული- კი მაგრამ ჯერ სულ რაღაც ათი წუთისწინ გავიგე ამ ყველაფრის შესახებ, უნდა ავწონ დავწონო, მოვიფიქრო გავარკვიო...- დიახ ბატონო მესმის თქვენი, ხვალამდე ყველაფერი აწონ დაწონეთ, მოიფიქრეთ , სამსახურში გათავისუფლების საკითხიც მოაგვარეთ და ისე მობრძანდით ჩვენს ოფისში, მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნით. თუ გადაიფიქრებთ და უარს იტყვით პრიზის მიღებაზე ესეც შეგვატყობინეთ.- კარგი- კარგით მაშინ დაგემშვიდობებით, ხვალამდე- ხვალამდეგაკვირვებული ვთიშავ ტელეფონს. სიზმარი ნამდვილად არ არის მაგრამ... ტოსტერიდან პური ამოიყარა. თეფშზე დავალაგე დაჭრილი პომიდვრების გვერდით. მოხარშული სოსისიც ამოვიღე. გაზს ვთიშავ და კვერცხიან ქვაბს ნიჟარაში ვდგამ და ცივ წყალს ვუშვებ... რა ხდება ვერაფერი გავიგე. ყველაფერი ამირდამირია ამ ტელეფონის ზარებმა... ვერ გავიგე რა გათამაშებაში ამოვიდა ჩემი ბილეთი, კიდევ ვერ ვიჯერებ. არადა უკვე ხვალ საბუთები და ზეგ გაფრენაო... აუ ხვალ ჩემს უფროსთან რა დარეკავს გათავისუფლებაზე, თან კვირას... მაგრამ შემიძლია უარი ვთქვა ამ ყველაფერზე. თან ორ კაციანი საგზურიო. მეორე ვინ უნდა წავიყვანო არც ვიცი... მასზე ვფიქრობ. აქ რო იყოს როგორ გაეხარდებოდა, წელზე შემომახტებოდა ალბათ და სიხარულისგან კივილს დაიწყებდა. მაშინ არც დავფიქრდებოდი არც სამსახურზე და არც კვირას უფროსთან დარეკვაზე... მაგრამ ეხლა ამ რეალობაში მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ტროპიკული კუნძულიო. სულ ვოცნებობდი სადმე მსგავს პალმებიან კუნძულზე ყოფნას... თან მოვიგე, ყველაფერს ალბათ ისინი აანაზღაურებენ. იქნებ ეს მჭირდებოდა ახალი ცხოვრების დასაწყებად, იქნებ ესაა ის აფეთქებისთვის საჭირო ნაპერწკალი რომელსაც ვეძებდი... აუცილებლად წავალ. მოხარშული კვერცხის გარჩევას ვიწყებ.... რაც უნდა ის თქვას, ხვალ დავურეკავ და ვეტყვი შვებულებას ვიღებთქო, თუ არ გამიშვებს საერთოდ აღარც მივალ სამსახურში, ისედაც ყელშია ყველაფერი. ამ შანსს არ გავუშვებ ხელიდან. გარჩეულ კვერცხს თეფშზე ვდებ, მარილს ვაყრი და ჭამას ვიწყებ. მახსენდება მაცივარში ლუდი მაქვს. ვდგები. მაცივრიდან ლუდს ვიღებ, ვხსნი და გემრიელად ვსვამ, ისე როგორც რეკლამებშია...                  6.ჭურჭელს ვრეცხავ, კატას ყელსაბამს ვუკეთებ, ფეხზე ვიცვამ და გარეთ გავდივარ. ლიფტის სარკეში ვიყურები. თითქოს ბევრად უკეთ გამოვიყურები ვიდრე წინა დღეებში. - რას იტყვი შენ? და კატას გავხედე. რომელიც ზედაც არ მიყურებს.გარეთ გავდივართ, უმიზნოდ გავუყევი ქუჩას ნელი ნაბიჯებით... ტროპიკული კუნძულები. რა ვუთხრა ხვალ ჩემს უფროსს? არ მეტყვის რა ტროპიკული კუნძულებიო? მოდი საერთოდ არაფერს ვეტყვი მოგზაურობასთან დაკავშირებით. შვებულება მეკუთვნის და ვისი რა საქმეა რას ვიზამ, თუ მინდა ლოგინიდან არ ავდგები მთელი შვებულების მანძილზე. მაგრამ რომ მკითხოს ადრე რატო არ მითხარიო? ჯობია ვუთხრა რომ შორეული ნათესავი გარდამეცვალა და ქალაქიდან უნდა გავიდე აუცილებლად. მოკლედ ეგ საკითხი დილითვე უნდა მოვაგვარო... მეორე ადამიანად ვინ წავიყვანო? სირცხვილია ორკაციან საგზურს რომ იგებ და მარტო მიდიხარ... ეჰ, არადა, რა მაგარი იქნებოდა მასთან ერთად წასვლა. ხო არ დავურეკო და ვუთხრა ჩალაგდი და ზეგ ერთად წავიდეთ ტროპიკულ კუნძულებზე სულ რო გვინდოდათქო და რო ჩამოვალთ ერთად ვიცხოვროთ ისევ, მე შენ და კატამთქო... საერთოდ სად არის ისიც კი არვიცი, რამდენი ხანია კონტაქტი არ გვქონია. ტელეფონში ისევ მიწერია მისი ნომერი მაგრამ იქნებ შეცვალა ან იქნებ საერთოდ სხვა ქვეყანაშია. რამდენი ხანია არ მინახავს. იქნებ სულაც გათხოვდა და ოჯახი ყავს... ამის წარმოდგენაც არმინდა... საერთოდ თუ ვახსოვხარ ან თუ ვენატრები ხოლმე. მე თითქმის ყოველდღე და თითქმის ყველაფერზე მახსენდება. იმდენი ხანი ვიყავით ერთად და იმდენი საერთო გვქონდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენს მოგონებებს ვეფეთები. რომც არ მინდოდეს გახსენება, ქალაქის თითქმის ყოველ კუთხეში არის რაღაც, რაც მის თავს მახსენებს. სახლში საერთოდ ყველაფერი მის თავს მახსენებს, ეს კატაც კი. დავხედე კატას და კარგი პარტნიორივით მომყვება გვერდით. რამდენი ხანია გარეთ არ გამომიყვანია და კმაყოფილია ეტყობა. ბოლოს როდის ვიყავი გარეთ ფეხით სეირნობის ხასიათზე ეგეც არ მახსოვს. მაგრამ ამ გათამაშებამ ცოტა ამაფორიაქა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ... ისე მე რომ წავალ კატას ვინ მიხედავს?… ჩემს მეზობელს ვეტყვი, ძალიან თბილი ქალია და არ მეტყვის უარს. დღეში ერთიორჯერ შეხედოს, საჭმელი დაუყაროს და წყალი დაუსხას, მეტი ამას არაფერი სჭირდება, თან თვითონაც ყავს კატები და არიქნება მისთვის რთული... ისე რამდენი ხნით მივდივარ ეგ არავის უთქვამს. ალბათ რამდენიმე დღით. შვებულებას ერთი კვირით ავიღებ მაინც, რა იცი რა ხდება. კონკრეტულად სად მივდივარ ეგეც არ უთქვამთ, ტროპიკული კუნძულების მეტი რა არის, მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია კუნძული იყოს, ტალღები, პალმები, ქვიშა და სიწყნარე. ავიწყვე ცხოვრება. მეღიმება.. ცოტა დავიღალე. სკვერში სკამზე ჩამოვჯექი... ამ სკვერშიც კი რამდენჯერ გვისეირნია ერთად ხელიხელჩაკიდებულებს... ხომ არ დავურეკო?ან იქნებ მივწერო... მაგრამ ამდენი ხნის მერე ესე მოულოდნელად?... ნეტა რას ველოდები არვიცი. შინაგანად ვგრძნობ, რომ ისევ ერთად ვიქნებით, ოღონდ როდის ან როგორ ეგ არვიცი. რამდენი ხანია მინდა დავეკონტაქტო და ვერ შევძელი, ისიც არ მეკონტაქტება და ამასობაში დრო გადის და ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვშორდებით ერთმანეთს... აი კუნძულებიდან რომ ჩამოვალ აუცილებლად შევეხმიანები, მოვიკითხავ... და საერთოდ იქნებ ახლიდან დავიწყო ყველაფერი. მარტო მასთან არა, ყველაფერში. იქნებ ახალი სამსახური მოვიძიო, სადაც კომფორტულად ვიქნები. მასაც ვეტყვი ჩემთან გადმოვიდეს და ერთად ვიცხვროთ. ოჯახი შევქმნათ. ისე დაშორების ერთერთი მიზეზი ალბათ ეგეც იყო, მას ოჯახი და ბავშვები უნდოდა, მე კიდე არ ვიყავი ჯერ მზად. ვერ წარმომედგინა ჩემი თავი მშობლის როლში, თან კიდევ ამდენი თავსატეხი და პასუხისმგებლობა ვერ ავიღე საკუთარ თავზე. მაგრამ ეხლა ისეთი ცარიელი ვარ და ისე მინდა შემავსოს მისმა გვერდით ყოფნამ, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ.... სკამიდან ვდგები და სახლისკენ მივდივარ. ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე გათენდეს. სახლში ავდივარ, ვწესრიგდები და ეგრევე დასაძინებლად ვწვები.                  7. ... ვიღვიძებ. ბუნებრივად გამეღვიძა. რა საოცრებაა, მშვენივრად გამოვიძინე. არც სიზმარი, არც ტელეფონის ზარი ან ხმაური. ამინდიც მშვენიერია... შხაპს ვიღებ. პირსახოცით დაორთქლილ სარკეს ვწმენდ. დღეს ბევრად თავდაჯერებული სახე მაქვს. თმებს ვისწორებ და აბაზანიდან გამოვდივარ. ვიცვამ. ყავას ვიკეთებ. ჩემს კატას ცოტა რძეს ვუსხამ და საჭმელს ვუყრი. ყავის ჭიქით ხელში აივანზე ვჯდები. რა მშვიდი და კარგი დილაა. ყავაც შესანიშნავია. ამ მშვენიერ განწყობაზე არ მინდა ჩემს უფროსს დავურეკო და ყველაფერი ერთიანად გადაფაროს თავისი საშინელი ყვირილით. მაგრამ მაინც ტელეფონს ვიმარჯვებ და ვრეკავ. ზარი გადის და მერე მახსენდება რომ კვირაა და თან ჯერ კარგად არც გათენებულა. ჯობია გავთიშო, მაგრამ ზარი უკვე გადის... ჯანდაბა... - გისმენ- გამარჯობა - მისი ეს თავაზიანი „გისმენ“ მაბნევს და ყველაფერი მავიწყდება რისი თქმაც მინდოდა- გისმენ - უკვე მისი ღრენა მესმის- იცით, რაღაც გაურკვევლობა მოხდა და მინდა, რომ მთელი ეს კვირა შვებულება ავიღო, თუ შესაძლებელია რათქმაუნდა- ვიცი ვიცი, გიშვებ. წადი სადაც გინდა- დიდი მადლობა ტელეფონს მითიშავს. პირი ისევ დაღებული მაქვს, გაოცებისგან. ეკრანს კარგად დავხედე, ხომ ნამდვილად ჩემს უფროსთან დავრეკე? კი, ნამდვილად ეგ იყო, მხოლოდ მისი სახელის გასწვრივ მაქვს წითელი სამკაპის სმაილი, მაგრამ ესე წყნარად არასდროს დამლაპარაკებია. კვირა დღეს კონტაქტი პირველად მქონდა. ალბათ დღეს მასაც შესანიშნავად ეძინა და მაგიტომაა კარგ ხასიათზე, ან მე ვარ კარგ განწყობაზე და ყველაფერი გამომდის. მშვენიერია, გამგზავრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარებულია. ყავას დავლევ, ჩავიცვამ და საბუთების შესავსებად წავალ... მარტო... მარტო გავემგზავრები. ყავის ჭიქას ვრეცხავ, ფეხზე ვიცვამ და გარეთ გავდივარ. ლიფტში საკუთარ თავს ვათვალიერებ და ვუღიმი. დღეს კარგ განწყობაზე ვარ. ქუჩაში გავდივარ. მშვენიერი ამინდია, ჩიტების ჭიკჭიკი მესმის. რამდენი ხანია არ მომისმენია ჩიტების ხმა, ან მე  არ დავკვირვებივარ, ან ესენი არ ჭიკჭიკებდნენ. ავტობუსს ველოდები. დროულად მოვიდა. ავდივარ და სკამზე ვჯდები ფანჯარასთან... რა წავიღო? ალბათ ბევრი არც არაფერი, ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები... სხვა რა. მეტი არც არაფერი ალბათ... წიგნს წავიღებ რაიმეს, იქ პალმის ჩრდილში რომ ვიკითხო. ეგ არის და ეგ. საღამოს ჩავლაგდები. დილით უკვე მზად ვიქნები. ავტობუსიდან ჩამოვდივარ. ცოტა ფეხით გავლა მიწევს. ოფისს მალევე მივაგენი. შევდივარ. - გამარჯობა- გამარჯობა - მესალმება სასიამოვნო გარეგნობის გოგონა, რომელიც სამუშაო მაგიდასთან ზის- გუშინ დამირეკეს, რაღაც გათამაშებაში გავიმარჯვე და მითხრეს რომ აქ მოვსულიყავი - ცოტა დაბნეული და ენის ბორძიკით ვეუნები- ააა დიახ დიახ, მე გესაუბრეთ. მობრძანდით, აი აქ დაბრძანდით - ფეხზე დგება და მისი მაგიდის წინ მდგარ სკამზე მანიშნებს ხელით. - ყავას ხომ არ მიირთმევთ?- არა, მადლობა წამოსვლისას დავლიე- კარგი ყავა გვაქვს, შემიძლია გაგიკეთოთ- არა, იყოს, მადლობა - ნერვიულად და უხერხულად ვიღიმი- წყალი ხომ არ გნებავთ?- აი წყალას კი დავლევ- კარგით ეხლავე - სკამიდან დგება და იქვე მდგომი წყლის აპარატიდან წყალს მისხამს ერთჯერად ჭიქაში და მაწვდის- მადლობა- არაფრის. მოკლედ აი ეს საბუთებია, ყველაფერი გამზადებულია უბრალოდ თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი მონაცემები. და თქვენი თანამგზავრი?- არავინ მყავს ისეთი ვისთან ერთადაც კუნძულზე წავიდოდი - ოდნავ ნაძალადევად ვიღიმი- ძალიან კარგი, გასაგებია. მაშინ ეს საბუთები შეავსეთ და ხვალ უკვე კუნძულზე იქნებით. სამსახურში მოაგვარეთ შვებულების საკითხი?- დიახ, ყველაფერი მოგვარებულია- მშვენიერია, აი კალამი და მაშინ ამ საბუთებს გადახედეთ, შეავსეთ და ბოლოს ხელი მოაწერეთ, თუ რამეს ვერ გაიგებთ მკითხეთ- კარგითსაბუთებს ვავსებ. ძირითადად პირადი მონაცემებია, სამოგზაურო დაზღვევა, ბილეთები. თუმცა ბილეთზე ვერ გავარკვიე სად მივფრინავ, უფროსწორედ რაც აწერია იქ ტროპიკული კუნძული არამგონია იყოს, არც უკან დასაბრუნებელი ბილეთია- ისე სად მივფრინავ კონკრეტულად? ან რამდენი ხნით?- ტროპიკული კუნძულებია, იცით ზუსტად გადაწყვეტილი არ არის რომელ კუნძულზე, რამდენიმე გადაჯდომა გიწევთ, მაგრამ თქვენ არ იღელვოთ, ყველა აეროპორტში ჩვენი წარმომადგენელი დაგხვდებათ და ადგილზევე დაგაკვალიანებენ. ყველაფერი უცებ მოხდა ეს გათამაშებაც და ყველაფერი, ამიტომ რაღაც დეტალები კიდევ დასაზუსტებელია. ზუსტი დღეებიც მაგიტომ არ არის გათვლილი, მინიმუმ ოთხი-ხუთი დღე მოგიწევთ კუნძულზე . უკანა ბილეთიც მაგიტომ არ არის დაჯავშნილი, მაგრამ როგორც გითხარით თქვენ არანაირი დისკომფორტი არ შეგექმნებათ, ყველგან ჩვენი წარმომადგენელი მოგაქცევთ ყურადღებას- კარგით, გასაგებია- მაშინ აქ მომიწერეთ ხელი და ხვალ დილით ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ და წაგიყვანთ აეროპორტში. საბუთებს ხელს ვაწერ და გოგონას ვემშვიდობები. გარეთ კიდევ უფრო კმაყოფილი გამოვდივარ. გამგზავრებამდე ერთი ნაბიჯიღა დამრჩა. გარეთ სასიამოვნო ამინდია. არც ბევრი ხალხი მოძრაობს. გაჩერებამდე მივდივარ. ავტობუსი დროულად მოვიდა... ხალხს ვაკვირდები ავტობუსში და ყველა კმაყოფილი ჩანს, ან რადგან მე ვარ კმაყოფილი და კარგ განწყობაზე ყველა ეგრე მეჩვენება... რა კარგია, რომ იმ დღეს თავი მტკიოდა, თორე ვერც გათამაშების ბილეთს მივიღებდი და ვერც კუნძულზე წავიდოდი. არც ესეთი კმაყოფილი და ბედნიერი გავატარებდი დღევანდელ დღეს. რაღაცნაირად ყველაფერი მიხარია. ერთი სული მაქვს წავიდე, მერე დავბრუნდე და მასთან ახლიდან დავიწყო ყველაფერი. ერთ კვირაში ან მაქსიმუმ ერთ თვეში ისევ ერთად ვიქნებით.. ისევ ძველებურად, ჩვენს დივანზე... როგორ მენატრება... ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედი და მაღაზიაში შევედი. კატისთვის რამდენიმე დღისთვის სამყოფი საკვები ვიყიდე, ჩემთვის  რაიმე განსაკუთრებული მინდა მოვამზადო. გადავწყვიტე სტეიკი შევწვა, თან მარტივი მოსამსაზდებელი მგონია. არც არასდროს გამიკეთებია მაგრამ ვცდი. სტეიკისთვის საჭირო საქონლის ხორცის ორ ნაჭერს ვყიდულობ და როზმარინს. რამდენიმე ბოთლ ლუდსაც ვამატებ, მაცივარში მაქვს რამდენიმე ბოთლი მგონი მორჩენილი, მაგრამ დღეს ისეთ კარგ ხასიათზე ვარ შეიძლება არ მეყოს. ეშმაკურად მეღიმებაკარებს ვაღებ და სახლში შევდივარ, ფეხზე ვიხდი, ჩემმა კატამ ამჯერად ფანრჯის რაფიდან გამომხედა და დაიკნავლა. - ჰო მოვედი მოვედი, და მაგარი სტეიკიც უნდა შევწვა, შენც გაჭმევ და ცოტა ლუდსაც დაგალევინებ ჭკვიანად თუ მოიქცევი. მახსენდება კატაზე ზრუნვა მეზობელს რომ უნდა გადავაბარო რამდენიმე დღით, ჯობია ეხლავე გავიდე. ხორცს და ლუდებს მაცივარში ვაწყობ, ფეხზე ვიცვამ და ისევ გარეთ გამოვდივარ. ჩემი მეზობელი, ერთი ხანშიშესული, კარგად ჩაფსკვნილი ქალია სათვალეებით. კარგად არ ვიცნობ, მაგრამ როცა მხვდება ისე მესალმება გეგონება დიდი ხნის მეგობრები ან ახლო ნათესავები ვართ.კარებზე ვაკაკუნებ... სიჩუმეა... ისევ ვაკაკუნებ, ოღონდ ოდნავ უფრო ძლიერად- ეხლავე - გამომძახა შიგნიდან და ჯერ ჩუსტების ფლატუნის ხმა მესმის, მერე კარის საჭვრეტის გაწევის ხმა, მერე გასაღების გადატრიალების და საკეტის გაწევის და როგორც იქნა იღება ცხრაკლიტული- გამარჯობა, როგორ ხართ?- გამარჯობა შვილო, კარგად . შენ როგორ ხარ? ხო მშვიდობაა?- კი კი მშვიდობაა, უბრალოდ რაღაცის სათხოვნელად ჩამოვედი- მითხარი შვილო - ცოტა შეშფოთებულ სახეს იღებს- მოკლედ, რამდენიმე დღით ქვეყნიდნ მიწევს გასვლა და არავინ მყავს ისეთი ვისაც ჩემს კატას დავუტოვებდი და გასაღები რომ დაგიტოვოთ თქვენ შეძლებთ დღეში ერთხელ ან ორჯერ ჩემს კატას უბრალოდ საჭმელი რომ დაუყაროთ და წყალი რომ დაუსხათ? სხვა არაფერია საჭირო- კი შვილო რა პრობლემაა, მაგრამ თუ გინდა ჩემთან ჩამოიყვანე და ჩემთან იყოს, გაერთობა ჩემს კატებთან ერთად წინდაუკან რო არ ვიარო, თან არ დამავიწყდეს და არ მოვკლა კატა შიმშილით.- რავიცი, არმინდა თქვენი შეწუხება და გასაღებს დაგიტოვებდით და უბრალოდ ახვიდოდით დღეში ერთხელმაინც- არა შვილო, რა შეწუხებაა, აქ ჩამოიყვანე და აქ იყოს, ასე უფრო კარგი იქნება კატისთვისაც და ჩემთვისაც, რომ არ დამავიწყდეს შვილო, თორე კატა კი არა ჩემი თავი მავიწყდება ხანდახან ისე ვარ. - კარგით მაშინ ხვალ დილით გამგზავრებამდე ჩამოგიყვანთ და მის საჭმელსაც ჩამოგიტანთ, ძაან წყნარი და მშვიდი კატაა, ჭამის და ძილის მეტს არაფერს აკეთებს და არც შეგაწუხებთ.- კარგი შვილო ჩამომიყვანე. ისე სად მიდიხარ?- ტროპიკულ კუნძულებზე მივდივარ დასასვენებლად ალბათ ერთი კვირით- ვაიმე რა კარგია დასვენება, თან კუნძულზე. - ხო რავიცი, წავალ და ვნახავ კარგია თუ ცუდი - ნაძალადევად ვიღიმი- კარგი შვილო წადი და დაისვენე გემრიელად- კარგით აბა წავალ და ხვალ დილით შემოგივლით და დაგიტოვებთ კატას-კარგი შვილო ჩამომიარე ხვალ არაა პრობლემა- კარგად-კარგად შვილოასეთი დადებითი ენერგეტიკის ადამიანი იშვიათად შემხვედრია. მემგონი საერთოდ არ შემხვედრია. ყველა წინადადებაში და სიტყვაში სითბო და დადებითი აურა მოდის. ისედაც კარგ ხასიათზე ვიყავი და ამ ქალმა კიდევ უფრო დამმუხტა დადებითად, თან კატის ამბავიც მოვაგვარე, ეს ქალი ჩემზე უკეთ მიხედავს და კატაც მშვენივრად იგრძნობს თავს მასთან.სახლში ავდივარ. ფეხზე ვიხდი. აბაზანაში შევდივარ და ხელებს ვიბან, თან კატას გამოვძახე- სად ხარ? ხმას არ მცემს. აბაზანიდან გამოვდივარ. დივანზე არ წევს. აივანზე გასულა - ოჰ როგორ მოხდა რომ არ გძინავს ვაჟბატონო, წამო კაი სტეიკი შევწვათ და მერე ხვალ მეზობელის კატებს გაგაცნობ და რამდენიმე დღე იქ იკოტრიალე. არც გამოუხედავს ისე გააგრძელა აივანზე სეირნობა.ლეპტოპში მუსიკას ვრთავ და თან სტეიკის შეწვის ვიდეოებს ვუყურებ. გაზს ვანთებ და ტაფას  ვაცხელებ. მაცივრდან ხორცს და გუშინდელ კარგად ჩაციებულ ლუდს ვიღებ და ვსვამ. ხორცს მარილს და შავ პილპილს ვაყრი და კარგად გაცხელებულ ტაფაზე ვდებ. ცოტა ზეითუნის ზეთს ვასხამ. თითო გვერდს ოთხი-ხუთი წუთი ვაჩერებ ტაფაზე, როგორც ვიდეოში მიხსნიდა ვიღაც მზარეული, თან რამდენიმე კბილ ხელით დაჭყლეტილ ნიორს, როზმარინს და კარაქს ვუმატებ. მერე თეფშზე ვიღებ და ვჭრი. შესანიშნავად გამოიყურება, ორ კარგ მოზრდილ ნაჭერს ვიღებ, აივანზე გავდივარ და კატას ვუდებ წინ. არც დაფიქრებულა ეგრევე დაიწყო ჭამა, ეტყობა მაგრად მოეწონა. - არაფრის -შიგნით შემოვდივარ და გემრიელად ვსადილობ, ერთ ბოთლ ლუდსაც ბოლომდე ვსვამ. ჭურჭელს ვრეცხავ, მაცივრიდან მეორე ლუდის ბოთლს ვიღებ, ვხსნი და დივანზე ვწვები... მერე მახსენდება, რომ უნდა ჩავლაგდე და დღეს დროულად დავწვე. ხვალიდან მემგონი ახალ ცხოვრებას ვიწყებ. ვდგები, ჩემოდანს ვიღებ. რამდენიმე შარვალს და პერანგს ვდებ. მერე მახსენდება რომ პერანგები დიდად იქ არ დამჭირდება და საცურაო კოსტუმს, შორტებს და რამდენიმე მაისურს ვდებ. პირადი ჰიგიენის ნივთებს ხვალ ჩავდებ შხაპის შემდეგ. სხვა რა... მემგონი მეტი არც არაფერი. სარეცხი გავრეცხე, სახლი ცოტა მივალაგ მოვალაგე, მეორე ბოთლ ლუდსაც ბოლომდე ვცლი. ტანზე ვიხდი და დასაძინებლად ლოგინში ვწვები... ხვალ დროულად უნდა ავდგე და მოვწესრიგდე... არ მჯერა რომ ხვალ სამსახურის ნაცვლად ტროპიკულ კუნძულზე მივდივარ. ესე ერთმა ტკივილგამაყუჩებელმა როგორ შეცვალა ყველაფერი. ერთი სული მაქვს კუნძულზე ჩავიდე მაგრამ კიდე უფრო ერთი სული მაქვს უკან დავბრუნდე, იმ დღესვე დავურეკავ და მოვიკითხავ. მინდა ისევ შევხვდე და ისევ ახლიდან დავიწყოთ ყველაფერი, მოვუყვები კუნძულის ამბებს. უკვე წარმოვიდგენ როგორ გაეცინება გათამაშებაში რომ მოვიგე. მაგრამ ორ კაციანი საგზური რომ იყო არ ვეტყვი, შეიძლება ეწყინოს რატო წასვლამდე არ დამირეკეო... ან შეიძლება არც ეწყინოს მაგრამ ეგრე ჯობია მგონი... რამე სუვენირს ჩამოვუტან, მაგნიტს ან რაიმე ჩარჩოს, ჩვენს სურათს ამოვბეჭდავ, ჩარჩოში ჩავდებ და ისე ვაჩუქებ... როგორ გაეხარდება. ამ ყველაფრის წარმოდგენაზე მეც ვიღიმები...                 8. მაღვიძარა მაღვიძებს. ეგრევე ვთიშავ და ენერგიულად ვდგები. აბაზანაში შევდივარ, წყალს ვუშვებ და შხაპს ვიღებ... ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, პირადი ჰიგიენის ნივთებს ჩავალაგებ, კატას თავისი მზითვებით მეზობელს ჩავუყვან და ეგ არის. დრო თუ დამრჩება წასვლამდე ვისაუზმებ და ყავას დავლევ... წყალს ვთიშავ. ტანს ვიმშრალებ. პირსახოცით დაორქთლილ სარკეს ვწმენდ. თმებს ვისწორებ. მშვენივრად გამოვიყურები.  აბაზანიდან გამოვდივარ. გადავწყვიტე მსუბუქად ჩავიცვა, ბევრი გადაჯდომა გიწევსო, ამიტომ ჯობია კომფორტულად ვიყო. შორტებს ვიცვამ, თავისუფალი სტილის მაისურს და ფეხზე ბოტასებს. კატას ყელსაბამს ვუკეთებ, მის საჭმლის თასს  და მის ლამის ერთი თვის საჭმლის მარაგს ვიღებ და მეზობელთან ჩავდივარ. ვაკაკუნებ. ისევ რაღაც დროის და პროცედურების შემდეგ იღება ცხრაკლიტული და ბევრი თბილი და ტკბილი სიტყვების შემდეგ კატას ვტოვებ. კარის მოხურვამდე კატას რაღაცნაირად შევავლე თვალი, მის მეტი არავინ მყავს ვინც ყოველდღიურად მელოდება, ამიტომ დამშვიდობებისას სენტიმენტები მომაწვა, მაგრამ თვითონ არც გამოუხედავს ჩემსკენ ისე შეაბიჯა ახალ სამყაროში.სახლში ავდივარ, პირადი ჰიგიენის ნივთებს ვალაგებ და ჩემოდანში ვდებ. პასპორტს, საბანკო ბარათებს და მზის სათვალეს წელის ჩანთაში ვდებ. ტელეფონს ჯიბეში ვიდებ. ყველანაირად მზად ვარ, მძღოლის ზარს ველოდები და ეგ არის. ჯერ არ დაურეკავს ამიტომ შემიძლია ვისაუზმო. ისევ წყლიან ქვაბს ვადგამ, რამდენიმე სოსისს და კვერცხს ვხარშავ, პურს ტოსტში ვხუხავ და წყნარად და მშვიდად ვსაუზმობ. საუზმის შემდეგ ყავას ვიკეთებ და აივანზე ვჯდები... რა მაგარია. ბოლოს როდის იყო რომ ორშაბთს დილით ესე ფეხიფეხზე გადადებული აივანზე ვიჯექი და ყავას ვსვამდი უდარდელად, არ მახსოვს.ეს სამსახური მსტრესავს და ყველანაირ ენერგიას მართმევს, ყველაფრისს ხალისს მიკარგავს. საერთოდ ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, ოჯახი, რაღაცნაირად ყველაფერი ჩარჩოში გსვამს. თან ისეთ ჩარჩოში რომლიდანაც ფიზიკურად თავს ვერ დააღწევ. კი აუცილებელია სწავლა განათლებაც და რათქმაუნდა ოჯახიც, მაგრამ ყველა თავის წილ ბორკილს მაინც გადებს და მთელი ცხოვრება რაღაც ტვირთს გკიდებს და მთელი ცხოვრების გზა ამ ტვირთს მიათრევ. თავისფლებას ისეთ ასაკში იღებ არაფრის თავი რომ აღარ გაქვს და აღარც გჭირდება, ეგეც თუ მიიღე კიდე და ფინანსური საშუალება თუ გექნება. მოკლედ გინდა არ გინდა ამ ცხოვრების წრეში ებმები და შემდეგ თუ გინდა რომ იარსებო ამ საზოგადოებაში არსებულ წესებს უნდა დაემორჩილო, უნდა იყო კარგი მოქალაქე და... ტელეფონი მირეკავს. მძღოლი იყო, მოვედიო. ჩქარჩქარა ვსვამ ყავას, ჭურჭელიც უცებ ამოვრეცხე. გაზს და წყალს ვამოწმებ, ფანჯრებს და აივნის კარებს ვხურავ.  ყველაფერს თვალს ვავლებ. მემგონი ყველაფერი იდეალურადაა. ჩემოდანს ვიღებ, წელის ჩანთას მხარზე გვერდულად ვიკიდებ და კარებს ვკეტავ. ლიფტში შესვლამდე კარებს მაინც ვამოწმებ, ხომ კარგად დავკეტე. გასაღებსაც წელის ჩანთაში ვდებ.  ლიფტში სარკეში ჩემს თავს ვუყურებ. კარგად ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე. მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის და ახალი ცხოვრებისთვის. გარეთ გავდივარ. მანქანა იქვე მელოდება. მძღოლი მანქანიდან გადმოდის, მესალმება და საბარგულს მიღებს. ჩემოდანს ვდებ და მეც წინ ვჯდები. წყნარად ვმგზავრობთ. კიდევ კარგი ორდიპლომიანი და ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი მძღოლი არ შემხვდა, ყველაფერი რომ აინტერესებთ, საიდან მოდიხარ, სად მიდიხარ ან რატო მიდიხარ. გზაში ერთიორ უფასო ჭკუადარიგებასაც რომ მოგცემს. რადიო აქვს ჩართული, ნაცნობი მელოდია უკრავს, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ ვერც სიმღერის დასახელებას და ვერც ჯგუფს, თუმცა სიმღერა სასიამოვნოდ მოქმედებს ჩემზე და ფიქრებში მივყავარ. წარმოვიდგენ თეთრ კაბრიოლეტს, საჭესთან ვზივარ, გვერდით ის ზის, შავი სათვალეები უკეთია, ქარი თმებს გვიწეწავს, ხელიხელჩაკიდებულები ვართ და ორივე ვიღიმით. მერე თითქოს კადრი ნელ ნელა ზემოთ ადის, ჩვენი მანქანა უკვე ზედხედით ჩანს, მარცხნივ ოკეანე და მასში ჩამავალი მზე მოსჩანს, მარჯვნივ ჩამოშლილი კლდე, ზედ მოყვავილე ფერადი კაქტუსებით. მერე ტიტრებიც ამოდის და ფონად ეს სიმღერა ადევს, რომელსაც ვერა და ვერ ვიხსენებ რა ჰქვია. ჩემს მძღოლს, აეროპორტამდე ისე მივედით ხმა საერთოდ არც ამოუღია. პარკირებაზე გავჩერდით. ისევ გადმოდის, საბარგულიდან ჩემოდანს იღებს და წარმატებებს მისურვებს. მოკლედ დილიდან სასიამოვნოდ დავიმუხტე, ყველაფერი ისე მიდის როგორც ჩაფიქრებული მქონდა. აეროპორტში შევდივარ. კარგახანია აქ აღარ ვყოფილვარ და ყველაფერი მეუცხოვება. ყველა პროცედურას წარმატებით გავდივარ, ჩემოდანს ბარგში ვაბარებ. ფიზიკურადაც და სულიერადაც მსუბუქდა სკამზე ვზივარ და ჩასხდომის დაწყებას ველოდები. ხალხს ვაკვირდები, ჩემსავით მარტო, მგონი არავინაა. თან ყველას რაღაც უჭირავს ხელში, ზოგს ჩანთა, ზოგს ცელოფანი, ყველა ფუსფუსებს. მე ვზივარ ტელეფონის და გვერდზე გადაკიდებული ჩანთის ამარა. არაფერზე არ ვღელავ. პირველი გადაჯდომისას აეროპორტში უნდა დამხვდნენ და შემდეგ გავიგებ სად მივფრინავ. თავს მშვენივრად ვგრძნობ.  ცოტა დაგვიანებით მაგრამ ჩასხდომა დაიწყო. თვითმფრინავში ავდივარ, ადგილს ვიკავებ, გამიმართლა ფანჯრის მხარეს ვზივარ. მთელი გზა დავტკბები ხედებით. ბორტგამცილებლები აქეთ იქეთ დადიან, ხალხიც ჯერ მოძრაობს, ვერ დალაგდნენ. მე ვზივარ ჩემთვის და ერთი სული მაქვს მიწას მოვწყდეთ და ავფრინდეთ. ასე მგონია ეს აფრენა იქნება ჩემი ცხვრებისთვის მნიშვნელოვანი მომენტი. როგორც იქნა ღვედებს ვიკრავთ და ჩვენი თვითმფრინავიც დაიძრა. ჩემს გვერდით ორივე სკამი ცარიელია, ცოტა მიკვირს მაგრამ ზოგადად საკმაოდ ბევრი ცარიელი ადგილია თვითმფრინავში. დიდად არ მაღელვებს, პირიქით კომფორტულად მოვკალათდები... აფრენამდე გულში რაღაცეებს ვბუტბუტებ, რომ მშვიდობიანად ავფრინდე და მერე დავფრინდე. ყოველთვის ვნერვიულობ თვითმფრინავით მგზავრობისას, სტატისტიკურად თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია. მაგრამ თუ რაიმე მოხდა, იცი, რომ შენ ვრაფერს შეცვლი და შენზე არაფერია დამოკიდებული და გადარჩენის შანსი თითქმის ნულია, ამიტომ დიდად ეს სტატისტიკა ვერ მეხმარება. ნელ ნელა სიმაღლეს ვკრებთ. გული ბაგაბუგით მიცემს, ორივე ხელით სკამის სახელურს ვარ ჩაფრენილი. შინაგანად მაგრად ვნერვიულობ, მაგრამ გარეგნულად ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. როგორციქნა ბორტგამცილებლებმა დაიწყეს სიარული და ღვედების მოხსნის უფლებაც მოგვცა პილოტმა. ანუ აფრენის პროცედურამ მშვენივრად ჩაიარა. კმაყოფილი ვარ, მაგრამ წნევის ცვლილებისგან საფეთქელთან თავი ამტკივდა საშინლად. ზემოდან ვუყურებ ხმელეთს და ვცდილობ გავარჩიო სად ვართ... ცოტახანში გარე ხედების ყურებით დავიღალე და მოვიწყინე... და აი აქ გამახსენდა, რომ წიგნი დამრჩა... ნერვები მომეშალა. როგორ მინდოდა პალმის ჩრდილქვეშ წიგნის კითხვა, ან ეხლაც სიამოვნებით წავიკითხავდი. რა ვაკეთო ეხლა აქ ფრენის პროცესში და მერე პალმების ჩრდილქვეშ... ძაან ვბრაზდები, თუმცა ვცდილობ კარგი განწყობა არ გავიფუჭო. ცოტახანში ბორტგამცილებელი მოდის მშვენიერი ღიმილით და მეკითხება რამეს ხომ არ ვინებებ?- არა მადლობა, არაფერს არ ვინებებ - და მეც ვუღიმი- იცით, დღეს ყველა მგზავრისთვის პილოტისგან კაპუჩინო გვაქვს საჩუქრად- რა სურპრიზია, მიყვარს კაპუჩინო, მაგრამ პილოტის დაბადებისდღეა თუ რატომ გვეპატიჟება?- დიახ, იუბილარია - და კვლავ მიღიმის- კარგით, მაშინ ერთი კაპუჩინო, ერთი შაქრით თუ შეიძლება- კარგით ბატონო, ეხლავე მოგართმევთ.რა მაგარია, უფასო კაპუჩინო თვითმფრინავში. დღეს პილოტშიც გამიმართლა. მეღიმებაცოტახანში, ერთჯერადი ჭიქით მოაქვს კაპუჩინო და შაქრის ერთ პაკეტს და მოსარევ ხის ჩხირს მაწვდის. კაპუჩინოს აშკარად ეტყობა, რომ რძე ავტომატურად არის ამოყვანილი. აბა რას ველოდი, ბარისტა ამათ არ ეყოლებათ ეხლა ხელით რომ ამოიყვანოს რძე. შაქარს ვყრი და ვცდილობ ხის ერთი უსუსური და უთხელესი ჯოხით მოვურიო, რათა კარგად გაიხსნას. ჭიქა პირთან მიმაქვს და ერთ ყლუპს ვსვამ. სხვათაშორის, საკმაოდ გემრიელია. ცოტახანში ისევ იმ ბორტგამცილებელმა ჩამოიარა და კაპუჩინოს ჭიქით პილოტი დავლოცე, თან მადლობა და მილოცვა დავაბარე კაბინაში. აუცილებლად გადავცემო დამპირდა... ცოტათი მოვითენთე , დავიღალე ერთ ადგილას ჯდომით და არაფრის კეთებით. წინ მგონი კიდევ ორი საათი გვაქვს, თუ მეტი არა. თავის ტკივილმაც არ გამიარა... ცოტახანში ბორტგამცილებელმა ისევ ჩამოიარა. ვაჩერებ და რამე ტკივილგამაყუჩებელს ვთხოვ თუ აქვს. რამდენიმე წუთში ერთჯერადი ჭიქით წყალი და ორი აბი წამალი მოაქვს, მეუბნება ორივე დალიეო. ვსვამ... მალევე ძაან მოვითენთე, ქუთუთოები დამიმძიმდა და საშინლად მეძინება, მაგრამ ვცდილობ არ დავიძინო, არ მიყვარს მგზავრობისას ძილი. რამდენიმე წუთიანი ბრძოლის მერე გადავწყვიტე დავნებდე, რადგან თვალებს და თავს ვეღარ ვიმორჩილებ, სკამი ოდნავ უკან გადავწიე, კარგად მოვკალათდი და ძილისთვის მოვემზადე...