ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ყვითელიდა ლურჯი

ყვითელიდა ლურჯი

 ტატო ჩხენკელი                  ყვითელი და ლურჯი                                                                    თბილისი                                                       2023   ღმერთები არას დაგიდევენ ბასილევსობას, ერთნაირად ჩააგდებენ ხოლმე ჭირის დღეში ჩინებულსა და უჩინოს   ჰომეროსი „ოდისეა“           ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და მათ შეიპყრეს იგი. მან კი ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაიქცა.   მარკოზის სახარება 14. 51-52           ვინ, ვის?   ვლადიმერ ლენინი           ა − შავი ფერის, ე − თეთრისა...   არტურ რემბო „ხმოვნები“        ჩვენ შეგვიძლია გაპატიოთ ჩვენი ბავშვების მოკვლა, მაგრამ ვერასდროს გაპატიებთ, რომ გვაიძულეთ თქვენი ბავშვები მოგვეკლა   გოლდა მეირიჩვენ ვცხოვრობდით ლენინის უკანალში წიგნის ის მოსაწყენი ადგილები მასევდიანებს ყველაზე მეტად სადაც ცალკე თავები და გვერდები ეძღვნება პეიზაჟების, ცხოველების, შენობების, ან ზოგიერთი უშინაარსო საგნის აღწერას, რადგან ვიცი ავტორი ასეთნაირად ცდილობს გვიხსნას თავისი სევდიანი ისტორიის მოყოლისაგან. ცოტა ხნით მაინც. ჩემი სიტყვები არაა ეს. არც მილან კუნდერასი. საჭიროა მაინც და მაინც ვინმესი იყოს? და თუკი კი არ ჩნდებიან, არამედ იმალებიან აზრები სიტყვებში? ისევე, როგორც მათი ავტორები? ღირს მერედა ნერვიულობად, საწინააღმდეგო თუ გეგონათ შეცდომით? ვინ იცის რამდენი შეიძლება შევცდეთ სიტყვაში ვაზექტომია? ვაზელინისადმი აუტანელი დამოკიდებულება? შეცდომით აკრეფილი ტრაექტორია? მასტექტომია? ლობექტომია? გასტრექტომია? იმის გამო კი არ გვრცხვენია, რომ შეცდომებს ვუშვებთ, არამედ იმის გამო, რომ ჩვენს დამცირებას ხედავს ყველა. მილან კუნდერა როშანჟეატელინავესნინას იტყვიან ჩემზე, მაგრამ თქვენ ლიუბა დამიძახეთ. მეტს, ჩემს შესახებ, ვერაფერს გაიგებთ მაინც. არც სცადოთ. ეცადეთ გამიგოთ. თუ მაინც, გაითვალისწინეთ, არავინ გადმოკვეთოთ ჩემთან მოსასვლელი გზა ისე, რომ კარგად არ გასინჯოთ, ჯერ მარცხნივ არ გაიხედოთ, მერე მარჯვნივ, ვინაიდან, თუ დაეჯერება საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების განყოფილების ყოველწლიურ საჯარო ანგარიშს, და უფრო ალბათ არ დაეჯერება, მაგრამ სიფრთხილეს მაინც თავი არ სტკივა და სიცოცხლე მაინც ტკბილია და ვინც გაფრთხილებულია, - შეიარაღებულიც, თვალშისაცემად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ამ გზაზე დიდი სისწრაფით მოძრავმა საკუთარმა შიშებმა გაგიტანოთ. ყოველი შემთხვევისთვის, რედაქტორიც ვარ. მიხვდებოდით. მეც, ვდგები ადრე დილით, როგორც ყველა რედაქტორი და სამსახურიდან მოვდივარ გვიან ღამით, როგორც ყველა. სწორად ხვდებით. და ასეთ პირობებში, რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, მივიდე და ხელში შავი, გრძელი, ბრტყელი ნივთი შემომაჩეჩონ? მისვლისთანავე. მითუმეტეს თუ სიმართლეა? ან რა შეიძლება იყოს იმაში განსაკუთრებული, ეს ნივთი თუ ფლეშ ბარათი აღმოჩნდება ზედ მიკრული სტიკერით, რომელსაც მოყვითალო, თითქმის მოთეთრო-მორუხო ფერი დაჰკრავს, მკვახე გარგარის, თუ რაღაც მაგდაგვარის? და კინაღამ გამომრჩა. ისე ნაზად, ისე გულწრფელად, ისე ბატიფეხურად შესრულებული წარწერაა ზედ ამ სტიკერზე, რომელიც გაუგებარიც ისევეა, როგორც გასაგები, (ასეთი რამ თუ შესაძლებელია საერთოდ არსებობდეს ბუნებაში) რომ მისგან, არწივისებური მზერით, მხოლოდ მედიკოსს შეუძლია შინაარსის ამოყვანა, როგორც გუგულის ბუდიდან ქათმის კვერცხების. ან შეუძლია გამორწყას უმალ, როგორც აკნე, დიდი ოსტატობით. მაგრამ, მთლად ასეც ნუ გავასერიოზულებთ, გაცილებით მარტივად, მედიცინის, მედიკოსის, კალიგრაფიის და ოსტატობის გარეშეც შეიძლება მოხერხდეს იგივე პროცედურის აღსრულება სახლის პირობებში. მთავარია ორი თითი, კარგი მოჭერა და თავშავა აკნე, მთვარის კრატერივით ჩაღრმავებული კანის ფორიდან, ისე გემრიელად ამოგიყოფს სარკეში თავს, როგორც ახალ ნაწვიმარზე მიწიდან ტოქსიკური სოკო. სახეზე თითების ხშირი შეხება იწვევს აკნეს. ექიმები არა, მაგრამ მე გეუბნებით. გეხებათ მხოლოდ 13 წლის მოზარდ გოგონებს და თქვენს ელასტიკურ თითებს. და თუ მაინც და მაინც ჩემი ავტორიტეტი არ კმარა, მაშინ Try again. Fail again. Fail better. სემუელ ბეკეტი. დაუჯერეთ უფროსებს. ცოტა ხნით მაინც. და, ბარემ აქვე, Try not. Do, or do not. იოდა. იოდა VS ბეკეტი. ივარგებდა სტენსილად? დამნაცროს ელვამ! მიწისძვრა თუ არ იყო ახლა. წვიმის მერე რომ იცის ხოლმე, ძაღლი ახსენეო. თუმცა შეიძლება ქარხნები აგუგუნდა, ან ადუღდა ეკონომიკა მეზობელ ქვეყანაში სადმე და ამერია. ეგრეც იცის ხოლმე წვიმის მერე. ტოქსინების მერეც. მაგრამ ისე შევეჩვიეთ ამ მსუბუქ ბიძგებს თანამშრომლები, რომ მხოლოდ icebreaker-ებადღა (ყინულის მჭრელი? მლღობი?) შემოგვრჩა სოციალურ ქსელებში. დრაკონი, რომელიც მიწაშია და იწვევს ამ ბიძგებს, უკვე მოშინაურებულია, როგორც ბანკივური ქათამი, იგივე, გალუს გალუს დომესტიკუს (ქათამი მოშინაურებამდე?), მგელი (ძაღლი მოშინაურებამდე?), ველური კატა, ფელის სილვესტრის სტალონე (სტალონე მოშინაურებამდე?) და სხვა კიდევ წვრილფეხობა. სტალონე ჰო, მართლაც არაფერ შუაშია ველურ კატასთან. სილვესტრის ლიბიკა. ასე ჰქვია ველურ კატას სინამდვილეში, მაგრამ ნებისმიერი სილვესტერი, ითხოვს სტალონეს მის გვერდით. ეს აუცილებელია. ამ გვარს ისე იზიდავს ეს სახელი, როგორც ცნობილ ფილოლოგს, ყვითელი ვარდის სურნელი. 3,7 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონის დაბადება. კაი ფილმია, პოპ-კორნი თუ არ გათავდა. შეეწყვე და მიენდე. 3,9 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონის გამოსვლა. ლუდზე, ამასაც არაუშავს. თუ არ გათავდა ეგეც. 4,1, ან 5,0 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა − დრაკონის გზა. მეზობელსაც გასთავებია მახათი. ტუალეტის ქაღალდიც. ისე, ეს მეზობლები, რაღაც ძალიან ხშირად ათავებენ ამ მახათებს. ვერ იშოვნი წამლად რომ დაგჭირდეს. წამალსაც, სხვათა შორის. მეზობელსაც. განსაკუთრებით კარისას. 4,5-დან, 2,2 ან 2,4-მდე მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონი კუდს იქნევს. ეს უკვე ფილმიც აღარაა. თან გააჩნია ეპიცენტრს სად არის. ფილმში რაღაც უნიჭო სცენას ჰგავს, ბევრი დახარჯული ფულით და ბევრი გატეხილი გულით. თავით. ვაზით. ნეკნით. ნავსით. ქორეოგრაფიული კატაკლიზმაა, კატაბალახა, კატასტროფა, კატამარანი. აქ ბევრი კატაზე დაფუძნებული სიტყვის ხმარება შეიძლება, აზრითაც და უაზროთაც, კონტექსტით და უკონტექსტოდაც, ვნებითაც და აპათიის აუტანელი სიმსუბუქითაც, მაგრამ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, მანამდე არ გავჩერდები, სანამ მიაუს არ დავაძახებინებ რომელიმეს. საკმარისია ამიტომ. ასეთი ფილმის ცქერის დროს, კითხვა ყოფილა რეკომენდებული, ახლახან გავიგე. მეც, რატომღაც გული მიგრძნობდა, რაღაც ეგეთს გავიგებდი, რადგან მე სულ მახსენდება ხოლმე ბავშვები და ზღაპრები. ზღაპრები იმას კი არ უყვებიან ბავშვებს, რომ დრაკონები არსებობენ, ეგ ისედაც იციან, არამედ უყვებიან იმას, თუ როგორ შეიძლება მათი დამარცხება, თუმცა რეკომენდებული ეს არ არის. რეკომენდებულია, ძირითადად ფსევდო-დოკუმენტური პროზა, (ასეთი ჟანრი მხოლოდ კინემატოგრაფში ვიცოდი და ტუალეტში, შეკრულობისას) და ძირითადად პედოფილებზე, პედოფილ ავტორებზე, ანთროპოფაგებზე, სერიულ მკვლელებზე, ბელგრადის მოჩვენებებზე, ფსიქოპატებზე, შიზოფრენიკებზე, შიზოფრენიკ პოეტებზე, უცხოპლანეტელებზე, შავ კაცზე, ბინძურ ბრუნძვზე, გალილეველ მევენახეზე, ხალიჩა და ბავშვზე, ძიან ძი ტუანკ ტუკზე, გოგრის თესლების გადარჩევისა და შენახვის წესებზე. შურისძიების გზამკვლევი სახელმძღვანელოებისაც, არ გამოგვრჩეს. მხნე და მამაც რაინდად გახდომის სურვილისგან თავის შეკავების 365 დღიანი კურსების ბროშურებისაც, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ბონუსიც მოყვება, როგორც 366-ე დღე. სწრაფად გახდომის ოცი უმოკლესი გზის ამრევი მემუარებისაც. როგორ ავხტეთ და არ გავიკვანძოთ? (არის ასეთი ქვეყანაც, სადაც კატეგორიულად დაუშვებელია ახტომა სპეციალური ნებართვის გარეშე, თურმე. იქ რიგდება ასეთი სახელწოდების გზამკვლევი ბუკლეტები. ტურისტებისთვის უფასოდ. ფილმის ყურებისას ყოფილა საუკეთესო მათი კითხვა, განსაკუთრებით მხედველობის პრობლემების მქონე პირთა პრობლემების გასაუმჯობესებლად. ჭორად ისიც ეყარა შარშან ზამთრამდე, გზების მორეცხვას სანამ სისტემატურად დაიწყებდნენ, რომ ბრწყინვალე საშუალება იყო აგრეთვე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გასაღრმავებლად, ანუ აღდგენითი სამუშაოები-სთვის. სახელს ვეღარ ვიხსენებ უბრალოდ. ვეღარ ვიხსენებ იმ ქვეყნის სახელს, ამომივარდა თავიდან. ეს ნებართვა ფასიანია და დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ „ჩ“ ასოს მიწერის ნებართვის ფულსაც წინასწარ გადაიხდი) ბევრი საინტერესო საკითხავია შემოთავაზებული კიდევ, თუმცა... აქ, წინადადების შეწყვეტა მომიწევს, მგონი კიდევ ერთი ბიძგი იყო. მოკლედ, გასაგებია ალბათ ყველაფერი. მაგრამ. ის შავი კაცი მაინც ვინღა იყო? ჰა?! უცნაური პროფესიაა რედაქტორობა, ისე. ყველაფერშიკობისგან მხოლოდ ბერძნული სუფიქსით გვანსხვავებენ. ყველაფრისმცოდნეობა. რომელმაც თავისი არქაული ფორმა, ყოვლისმცოდნეობა, შემთხვევით ჩაანაცვლა. სხვაფრივ, ტყუპებივით ვგავართ. ვერ გვანსხვავებენ. ჩვენი ლოგოა გაჭრილი ვაშლი და ყვითელი ფოთლები. ოღონდ, გვერდით ამ ვაშლს, ალყა-ალყა დაჭრილი ჩერი პომიდორი უდევს კარამელიზირებული ბანანით, ფლამბეთი, მარაკუიასა და ვარდისფერი პილპილის ნაყენით, ცოტა დარიჩინით, კურკუმას ფხვნილით, სიყვითლე რომ არ დაკარგოს და ბევრი სუბლიმირებული მერენგით. და სლოგანის ნაცვლად გვაქვს წინასწარი ეპიტაფია. ასე გადაწყდა ზემოთ, აბა, ჩვენ ვინ გვკითხავს? განგვასხვავე ძნელად, მოგვინელეთ ადვილად. და იქვე მოყვება გაფრთხილება, თუ ვინმეს ალერგია აქვს თხილზე, რძეზე, თაფლზე, ან ინტოლერანტულია მათ მიმართ, მათთვის. მე არა ვარ კმაყოფილი ჩვენი ლოგოთი. ყვითელი ფოთლები ამოსაღებია. უფრო სწორად, ფოთლები. ყვითელი იყოს. წინასწარ ეპიტაფიას უნდა ჰგავდეს ჩვენსას. რომ ჩვენი დრო წინასწარ გავიდა და მხოლოდ ილუზია ავსებს სიცარიელეს, როგორც ცის ფონი დაცლილი ქვიშის საათის ზედა, გამჭვირვალე კოლბას. ასეთი, ერთადერთი რამ შეიძლება იყოს. ეს არის პეპელა, რომელმაც ნახევარი დღე უკვე იცხოვრა. პეპელა ცაში? ცა პეპელაში? მოკლედ, ახალი ლოგო მინდა. ვაშლის და იმ სალათის გვერდით, კოლიას კროკეუს კროკეუსი, ყვითლად მოციმციმე პატარა პეპელა, რომელმაც ნახევარი დღე იცხოვრა. სინამდვილეში კი, ქვიშის საათივით ბოლომდე დაცლილია. მთელი დღე იცხოვრა და მეორე დღეც გათენდა. მიწოლილა ახლა ყვავილზე, გაშლილი ფრთებით. ზედა ფრთებზე ქერცლი დასცვენია, როგორც კრამიტი ძველი სახლის სახურავს. შერჩა მხოლოდ გამჭვირვალე აფკივით რაღაც, რომელიც N აცეტილგლუკოზამინის ნარჩენი, აზოტის შემცველი პოლისაქარიდების ჯგუფის ბიოპოლიმერის, ქიტინისგან შედგება, ოღონდ ეს ნარჩენი პოლისაქარიდები, ერთმანეთს, β-(1→4) გლიკოზიდური ბმებით უკავშირდებიან. ქიმიის ამ ბუზის ფრთასავით გამჭვირვალე ლაბორატორიას, ცის ლურჯი პიგმენტები ავსებს, როგორც მირაჟი უდაბნოს სილას. ეს არის თამაში, არა ჭვავის, ქვიშის ყანაში. უდაბნოს სილაში. ეს ბავშვის თამაშია, სილაში პასკებს რომ აცხობს. პასკა, პასკა გამოდი, თუ არ გამოხვალ, თავში ჩაგარტყამ. ეს იგივეა, რაც ვარდი ქვიშაში. სილაში? გრდემლი სილაში? პენისი სილაში? კომუნალური გადახდის ქვითრები სილაში? ეს იგივეა, რაც ყველაფერი სილაში, ცის ამორფულობის და გამჭვირვალობის ფონზე. ვინაიდან, ცის უფორმობის ფონზე, ყველა ფორმა ლამაზია. არ არის უდაბნო მარტივი ადგილი. ვარდნი წავლენ და წამოვლენ, პეპლები დარჩებიანო. ფარფატა პეპლები. რაფაელოს ქოქოს-ნუშის ტრუფელების ყუთივით ქათქათა გვირილის ფურცლებზე კიდევ უფრო მჩატე ფიტულებად შემხმარები. ამას იტყვის ხმა მღაღადებლისა, რომელმაც მოვლო უდაბნო ლურჯად ნახავერდები. აი, ასეთი ლოგო მინდა. მაგრამ ჩვენ ვინ გვკითხავს? ჩვენ მხოლოდ ყველაფერშიკები ვართ. ცოტა ის, ცოტა ის, ცოტა ის. სიტყვები მოქრიან მკვდარ და მკვდარ. და ზოგჯერ მგონია, რომ მე თვითონ მივქრი, მივაფრენ, როგორც ის კოიოტი, მულტფილმიდან, კლდის პირზე. მივრბივარ, მივრბივარ, მივრბივარ. ქვემოთ კი არაფერია, − ჰაერი. ჰაერი, ჰაერი. და მე არ მინდა ქვემოთ ჩახედვა. მინდა, როგორც ბავშვი ტელევიზორის წინ ვიჯდე და ვუყურო, როგორ მირბის კოიოტი ჰაერზე, როგორც იესო წყალზე. შორს, ამ იდიოტი პეტრეებისგან და პავლეებისგან. მინდა ბავშვივით გულუბრყვილო ვუყურებდე, რომელმაც არ იცის, რომ შეიძლებოდა იესოც ჩაძირულიყო ქვემოთ რომ დაეხედა. რომელმაც არ იცის, რომ წყალზე სიარული არ შეიძლება. სირბილი მითუმეტეს. რომელმაც არ იცის, რომ შეიძლება ფრთები გქონდეს და ვერ დაფრინავდე, როგორც ბანკივური ქათამი. იგივე, გალუს გალუს დომესტიკუს. ან შეიძლება ფრთები არ გქონდეს და დაფრინავდე, როგორც კავკასიური ჰომო პოეტიკუს საპიენსი. იგივე, გალაკტიონი. იგივე, პუშკინი. იგივე, შარლ ბოდლერი. რომელმაც არ იცის, რომ შეიძლება ფრთები არ გქონდეს და მაინც დაფრინავდე, როგორც მფრინავი თეფში, ან ბეისბოლის ბურთი. რომელმაც არ იცის, რომ ამასობაში, იქნებ, ჩავვარდი კიდეც უკვე? მე ცხოვრება ყოველთვის მიყურებდა, როგორც ჟან-პოლ სარტრი. თან მიყურებდა, თან არა. მე თვითონ სულ გავიძახოდი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ფილოსოფოსის მზერა-მეთქი. ასეთი ნამდვილი. თუმცა გავიძახოდი სულ გულში. არასდროს ეს ხმამაღლა არ მითქვამს. სიყვარულსა მალვა უნდაო, და, მეც ვმალე, ვმალე და ახლა, გაიტონ ანრი ალფრედ ედუარდ ლეონ მარი გატიან დე კლერამბოს სინდრომიანივით გამომეტყველებით ვმოძრაობ. უფრო ხშირად კი, იგივე სინდრომიანის მოისმენთ ვნებებით გატაცებულ ბოდვას. ეროტომანიურ ბოდვას. ეს იმათთვის, ვისაც გრძელი სახელებისა და ფსიქოპათოლოგიური სინდრომების, სიმპტომატოლოგიის, მათი გამომწვევი მიზეზების, (როგორებიც შეიძლება იყოს ანტიდეპრესანტები, ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცინოგენები, კორტიკოსტეროიდები, ინდუცირებული ნარკოტიკები და სხვა წვრილმანი) კითხვა თანაბრად გეზარებათ, კითხვა საერთოდ. ერთი სიტყვით, სტიკერს აწერია, „ფაილი“. მეც გამიკვირდა. ამ „ფ“-ში ასე კარგად რომ არ ვერკვეოდე, არ დავიჯერებდი და ყვავი წამიღებდა, კარგიც იქნებოდა. მაგრამ ჩემ ბედს რა ვუთხარი, რომელსაც ძაღლიც არ დაჰღრენს, არათუ კოიოტი. დამეჯერებინა დედაჩემისთვის თავის დროზე. ახლა, ჩემთვის ეს ყოველდღიურობაა, როგორც კარაქიანი პური, ერბოიანი კვერცხი, დაბალი ჰემოგლობინი, ყავისფერი ჰემატემეზი, როგორც ის, რომ ზურგს უკან დამაწევენ ხოლმე, სასწრაფოა! და ეს ხმაც ათასჯერ გამიგონია, როგორც დამინახავს ასო „ფ“. მეც ვჯდები კომპიუტერთან და ვხსნი. „ფაილი“ აუდიოა. ანუ Beta? დაკარგულ მობილურ ტელეფონში უპოვიათ. სწორად ხვდებით, ვინ მაძლევს, სად უპოვიათ, რაფაილი. დაივიწყეთ. შემდეგ. მეუბნებიან. და რასაკვირველია მჯერა, ერთი წამით არ გაიფიქრებთ, რომ მთხოვენ, მეხვეწებიან, მემუდარებიან ა.შ., მართალიც იქნებით. ზემოდან დაუშვებინებიათ. მიბრძანებენ გამოვაქვეყნო, ჯერ ოღონდ მოვრთო, მოვკაზმო, მოვალამაზო, ხატოვანება შევძინო და ისე. ანუ Meta? (metaნხმებით?) მოდი და пиратская доля ნუ გაგახსენდება ასე რომ მოგიყრიან და მოგაყრიან ფაილებს. რას აღარ მოგიყრიან ფეხქვეშ? ადამიანივით ვუდუს თოჯინებს, თანაბრად გაძეძგილს ჭუჭყით, ნაგვით, პატრონის იმედებითა და შურისძიებებით? (ან თვითონ პატრონით?) უბეში დიდხანს დებისგან გალურჯებულ ყანწივით დაგრეხილ რქას, ვინ იცის რომელი ძუძუმწოვრის, ან რქას რომ საერთოდ? გახვრეტილი შაურიანივით ვადაგასულ ვერცხლის მონეტას? პურის გულის ცომისგან დამრგვალებულ კამათელს, თითქოს ცხვირიდან ბავშვმა ჟღვინტი გამოიღო და კაი ხანს სრისა? მუყაოს მართკუთხა ფურცლებს, რომლებიც ბანქოს ქაღალდებს ისევე ჰგვანან, როგორც წინაპრების საფლავების ქვებს. და ნახატები და წარწერებიც ისე ეტყობათ, როგორც ამ ქვებს ეპიტაფიები და პორტრეტები. ვეღარ გაარჩევ ვალეტია, დამა, ათიანი, თუ ტუზი? ჯვრის, ყვავის, აგურის თუ გულის, წითელი თუ შავი? მეფე თუ ჯამბაზი? (სადმე უძრავად დიდხანს დებისგან? ქაღალდებსა და ქაღალდებს შორის დასტაში? ძუძუებს შორის უბეში? დუნდულებს შორის საცვალში? ლომბარდში?) დაბურულმინებიან სათვალეს, რომელიც შეგიძლია გაიკეთო და დაბრმავდე? ძაფზე ბრელოკივით გამობმულ პოეტის მუმიას, შემცირებულ ეგზემპლარად, რომელსაც სულაც არ უნდოდა შეიძლება, თუმცა მაინც თვალს ადევნებს ამ ამბავს, როგორც პირატი სარჩობელაზედ, ბუზებით გამოტენილი პირით? ცალ თვალს, შეიძლება შუშისასაც, ხის ან შეიძლება პატრონის, რომელიც სხვისთვის შეიძლება არაფერი იყო, ბოსელი, მაგრამ პატრონისთვის ბროლის სასახლე? დედალი ვირთაგვის (სქოლიო − ვირთაგვისგან განსხვავებით, ვირთაგვა სხვა ლიგაში მოასპარეზე წარმატებული ძუძუმწოვარი ქვემდებარე შეიძლება იყოს, უფრო მაღალში, (სერია ა? პრემიერთა ლიგა? მწერალთა სახლი?) სხვა შემასმენელი სჭირდება, სხვა ყური, სხვა რომანი. ლ.) ქონით გაპოხილ თავს, რომლის დანახვაზეც, საკუთარი არსებობის ან როგორობის ნამდვილობაში, ეჭვი გეპარება, როგორც ვინმე დიდ მოაზროვნეს, ან პატარა კაცს? რადგან გამოუცდელი თვალიც ადვილად შეცდება ამ თავში. დედაშენი? მაიმუნი შენი? ედვარდ მუნკი? მოკლედ, ასეთ რაღაცებს გულუხვად იმეტებენ. და დააგვირგვინებდა ზედაც ამ ნაგავს, უჩრდილოეთო კომპასი... მაგრამ სად არის? მაგას ვინ მოგცემს? თუ არ წაართვი. რასაკვირველია, ამ უცნაურად არაერთგვაროვან საგანთა ერთობლიობას შენახვა სჭირდება ჯერ, დახარისხება. უკეთესი იქნება, თუ გრილ ადგილას შეინახავთ. მე თვითონ, ასეთ დროს, აზრი, სულ კათოლიკური ეკლესიების სარდაფების და კატაკომბებისკენ გამირბის, სადაც გარესამყაროსთვის არაღირებული, სამაგიეროდ ეკლესიისთვის დიდი სულიერი საუნჯეები, უძველესი სასულიერო ლიტერატურა, შუასაუკუნოვანი რელიკვიები, არტეფაქტები, გადაყვითლებული ჩონჩხები ინახება. ასეთ ადგილს მე ღმერთების მაცივარს ვეძახი. ცხადია მერე, ამ ყველაფერს ფურცელზე გადავიტან როგორც მიბრძანეს და თქვენამდეც მოვა. უკვე მოვიდა. იმპერატივის მიზანიც ეგ იყო. აბა, მე ვინ რას მეკითხება. მე პატარა ქალი ვარ. თუმცა, ჩემს ქვეყანაზე ვერ იტყვი პატარას. ჩემს სამშობლოზედ. ავტორი მშრალად ჰყვება. მეც ყოველთვის უსიტყვებოდ ვწერ. მე ყრუ ვარ. მე არ ვწერ სიტყვებს. მე ვხატავ. იეროგლიფებით. კედლებზე. გეოგლიფებით მე მიწაზე ვწერ. მე ჩემს ცხოვრებაში ერთი სიტყვა არ მითქვამს, არ გამიგონია, არ დამიწერია. დაბადებიდან ყრუ ვარ მე. ამიტომ ჩვენ დუეტს დაერქვა გარე დაჩრდილვა, ფოკუსირება, დიზაინი, წარმოება და აწყობა. ფასი შეთანხმებით. ისწავლე შუქჩრდილები. დაჩრდილე სწორად! ეს კი ხატვის გაკვეთილებიდანაა უკვე, და ვერანაირი კავშირი ბუნებრივია ჩვენთან ვერ ექნება. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ოთხი წუთით მზეზეც გავდივართ ხოლმე და იმ წუთშივე ჩვენ ეს ჩრდილი ერთიანად გვავიწყდება. ეს მზეც სულ არი და არი. არა და არ ჩაქრება. ვის ჯინაზე ანათებს მზე? ელექტრიკისფრად წერია ლიფტზე მიკრულ მდოგვისფერ თაბახზე, სადარბაზოში. ზომა-A4-ლანდშაფტურად. იქვე, შავით თეთრზე, ელექტრიკოსი გვემსახურება 24/7-ზე. იქვე, სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთის, ღირს შეხსენებად, ლაქაცაა კედელზე შემხმარი? ეს ახლაა ასე სადარბაზოებში, თორემ პერესტროიკამდე, ჩვენთან, ყველამ იცოდა ვის ჯინაზეც ანათებდა მზე. ასეთი სათაურით სპექტაკლზე გვეპატიჟებიან. ვიწრო წრეში. ბილეთის ფასი, შეთანხმებით. ოღონდ ეს არ წერია. არც გვეპატიჟებიან შეიძლება. მითუმეტეს სპექტაკლზე. მითუმეტეს სადარბაზოში. შეიძლება, სოციალური ქსელიდან ამყვა ეს სანახაობა საერთოდაც, როგორც მიმი ლეონარდო და კაპრიოზე. თუ დი ვინჩზე? ერთად ხომ არა? სარეკლამო რგოლიდან ხომ არა: „The last da vinci: The world is watching“, ლეონარდო დი კაპრიო, რომ რაღაცას უყურებს და ჩვენ უნდა მივხვდეთ, ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi-ს?1 (სქოლიო − ამ სარეკლამო რგოლში, ლეონარდო დი კაპრიო, 3:07 წთ-ზე ჩნდება, მაგრამ მის ეფექტს, ერთი ქალის ეფექტი გადაფარავს. ვინ ქალი? მერლინ მონრო? მკვდრეთით აღდგა? სკარლეტ იოჰანსონი? ხატია ბუნიათიშვილი? ეგ ისეთი ნახატია, ისეთი სამების ძალის, ლეონარდო და ვინჩის, სამყაროს მხსნელის და 450,3 მილიონი დოლარის, რამ უნდა გაგაკვირვოს. და მაინც. დგას ქალი და უყურებს, დაბურულმინებიანი სათვალით. უსინათლო უყურებს Salvator Mundi-ს. ეს ისეთი სამებაა, აგნოსტიკოსებსაც სწამთ. მაგრამ იმ სამების ვის წამს გამაგებინა? ბოლო ჰიპოსტასი იგივეა, ცოტა ნაკლები, 200 მლნ. დოლარი. ტილო ეკუთვნის პოლ ჯექსონ პოლოკს, „ნომერი 17ა“. ზეთი. ხის ბოჭკოვანი დაფა. 112x86.5 სმ. ამ შემთხვევაში, ერთზე მეტი სამება მოქმედებს, ანუ პოლისამება. პირველი: 200 მლნ.$, შიზოფრენია, ფუნქციური მეტეორიზმი. მეორეს, შემოკლებით ჰქვია, ემდეეფი. გრძლად − ბოჭკოვანი ხე, ფორმალდეგიდის რეზინოვანი წებო, პარაფინის ცვილი) ლეონარდო ლეონარდოა ყველგან. ეს ვინ არ იცის. ვინც გინდა იყოს, ეგაა რომ, ეს ლეონარდო დი ვინჩ დაკაპრიო, ერთობ ცბიერი, და დამცინავი გამომეტყველებითაა წარმოდგენილი პოსტერზე (უფრო კი, ფილმიდან ამოჭრილ კადრს ჰგავს. გამოსახულების დაბალი ხარისხი ამაზე მეტყველებს) უფრო კი, უნიჭო მიმზე. და ამ მიმზე ზემოდან პატარა მაიას ტომელი ბავშვია გამოსახული წყნეთიდან, ოღონდ კიდევ უფრო დაპატარავებული. დაახლოებით, ლეონარდოს ქუთუთოებისა და წარბების კუნთის ზომამდე. იხვის ჭუკის ლიმონისფერი ბუმბული უჭირავს ხელში და ერემეევიტის ქვის პატარა ნატეხზე, 2021 წლის მაგივრად, შეცდომით 2012 წელს წერს. ასეთი იუმორი, მხოლოდ პანდემიას შეიძლება ახასიათებდეს, სხვას ვერაფერს, რომლის დროსაც იხოცება მილიონობით ადამიანი, ხოლო სიცილით, მხოლოდ პალენკელი მაიას ტომის ბელადი პაკალი მოკვდებოდა. როგორც ქრისიპოსი, კილიკიის ქალაქ სოლიდან, ოლიმპიადაზე. ოღონდ, ქრისიპოსი არაფერს წერდა. ჩემსავით. არც მონაწილეობდა. ხელში არ ეჭირა ბატის ფრთა ან ბუმბულივით მსუბუქი ბირთვი, და არ სტყორცნიდა. იჯდა და უყურებდა უბრალოდ. უყურებდა, როგორ ჭამდა ვირი ლეღვს. (ხურმას?) და იხუმრა: ამან რა იცის ხურმა რა ხილიაო. მერე იცინა და მოკვდა. სინამდვილეში, ეგ ეგრე არ იტყოდა. ანდაზით გააცინებ შენ ძველ ბერძენს? მოკლავ მითუმეტეს? მიეცით სუფთა ღვინო, ჩამოირეცხოს ლეღვიო. ასე იტყოდა ქრისიპოსი. სინამდვილეში. მერე ბევრი იცინა. ზოგიც დალია. ზოგი იცხოვრა. ბოლოს ადგა. და მოკვდა. 73 წლის ასაკში. ცხოველებს რაღაც განსაკუთრებული ვნებით ეჯაჭვებოდა ადამიანი ოდითგანვე. ზოგი სიცილით კვდებოდა, ჭამას როცა უყურებდა მათსას, ზოგი გიჟდებოდა, ცემას როცა უყურებდა მათსას, ზოგიც, იმარაგებს კრემებს, ლუბრიკანტებს, უცნაური ფორმის სასრიალო სილიკონის სათამაშოებს და მერე სადღაც ქრებიან ეკრანის წინ. სადღაც, ცხოველების რომელიღაც არხზე (არხში)? სასრიალო საგნები? ცხოველები? ბავშვები? რა ტრაგედიაა არა ასე სიკვდილი. არ ჯობია საკუთარმა ნახატმა მოგკლას? აფროდიტე დახატო და მოდელად თარსი მოხუცებული ბებია დაიყენო? უყურო მერე საკუთარ ნახელავს, იცნო და მოკვდე. რა ჯობია ასე სიკვდილს? რომ შეიძლება ბრძოლაში მოკვდე, საკუთარ თავთან, ქარის წისქვილებთან, ენტროპიასთან, მაგრამ არც მაშინ ტოვებ იუმორის შეგრძნებას? ანდაც დეზი ჰკრა თუ ლურჯას არა, ჯუჯას მაინც და გადაერიო ისეთ ზღვაშია, რომლის ზედაპირზეც ფეხით დადიან? (ტივტივებენ?) ყოველ შემთხვევაში თუ არ დადიან, დარბიან მაინც? ხტუნაობენ კიდეც? როგორც ახურებული ტაფის ზედაპირზე წყალში შერეული ზეთის წვეთები? არის ერთი მიმი, როცა ვუყურებ, ავარიას იწვევს ჩემს გონებაში. წერია, Me: I need to go to sleep. Also me:და არაფერი წერია. უბრალოდ ქვემოთ, საწოლში, წევს, იისფერ საბანში გახვეული ფიფქია. ღამის ორი საათია. ხელში უჭირავს ერთერთი ჯუჯის მობილური, ყველაზე უფრო ჯუჯა რომელიც არის, და მიაქროლებს1. (სქოლიო − ინიციატივით გამოვდივარ. საკუთარ ოფისში, ანუ ვიწრო წრეში. მაქვს ამის უფლება. სქროლვას დაერქვას, ქროლვა და არგუმენტად მომაქვს შემდეგი. ჩვენი ცერა თითის სახსარში მოძრაობა, როცა მობილურის ეკრანს ეხება, იმეორებს ცხენის წინა ფეხის სახსარში მოძრაობას. განსაკუთრებით ღამის ორ საათზე, როცა ძალიან გვეჩქარება და მივაჭენ-მივაგელვებთ რაც შეიძლება სწრაფად. სხვა საქმეა ცხენის უკანა ფეხი. ცერა თითი, მაშინ საპირისპირო მხარეს უნდა გვეხრებოდეს. ამიტომ, ვტოვებთ ადგილს ილუზიონისტებისთვის და ჯამბაზებისთვისაც. რამე სიტყვა მათთვისაც მოიძებნება. ლ.) ეს რომ საჭესთან გამახსენდეს, ის დღე, აუცილებლად ავტოსაგზაო შემთხვევით დასრულდება. ბარემ აქვე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა იმის გამო ხდება, რომ მძღოლს საჭესთან ეძინებაო. თუმცა, იმას კი აღარ აყოლებენ, თუ დაუთვლიათ, რამდენ ვინმეს ეძინება მათი სტატისტიკური მონაცემების მოსმენისას? მე თვითონ სულ მშურდა ადამიანების, რომელთაც სტიმულს აძლევს ფაქტი, რომ მედუზა 650 მილიონი წელი უტვინოდ გადარჩა. არ არის აუცილებელი იცოდე, რომ, საშუალოდ, სიმინდის ტაროში, 800 მარცვალია და 17 პარალელური რიგი.           − ბარნეტ! ნუ ლაპარაკობ ხმამაღლა. მთელი ქუჩის აიქიუს ამცირებ. − სტენსილიც არის ჩვენს ქუჩაზე ასეთი, მაგრამ ბარნეტი? ასეთი სახელით არავინ ცხოვრობს. არც ზედმეტსახელით. რამდენი შევხედავ, სულ მაინტერესებს, ნეტა რა თქვა მანამდე ბარნეტმა? დიალოგების გამომყოფი ტირით რომ არ იწყებოდეს, ეს კითხვა არ გამიჩნდებოდა. მაგრამ, რომ იწყება? დედანში, ესეც სოციალური ქსელის მიმი იქნებოდა? ასე მიშვრება მიმების ქექვა სოციალურ ქსელებში. ვქექავ დინგით, როგორც ღორი ნაგავს და არ ვიცი, მარგალიტებს მანდ რა უნდა. რასაკვირველია, საიდან უნდა ვიცოდე აბა? ასე იქნება ბოლომდე, სანამ ანგელოზი არ ჩაბერავს უკანასკნელ საყვირს და მაგასაც სოციალური ქსელით არ გავიგებთ. მერე იმ ანგელოზივით ბავშვის გასვენებაში კაი შილასაც ჩამოატარებდნენ. გასვენებასაც თავისი მიმები აქვს. წესები? მუღამები? ეგრე არ არი. დარჩი ჩვენთან. ბ ო ლ ო მ დ ე. ბოლომდე, ამ შემთხვევაში ნიშნავს შენს გასვენებას, სადაც შილას სხვა მიირთმევს, ბოლომდე. ავტორი ძალიან მშრალად ჰყვება. საერთოდ რო ჰყვება, ეგაა გასაკვირი. შემთხვევით სადმე რომც წაიკითხოს, ცნობით ალბათ იცნობს, მაგრამ მოგნებისა, რა მოგახსენოთ. გამორიცხულია. ვერ მომაგნებს. არ ვიცით რას უპირებდა ამ ფაილს. წაშლას? გადაგდებას? შეჭმას? საერთოდ, ვინაა, რატომ იწერდა იმ გაგანია ჯოჯოხეთში? ზოგჯერ ისეთი აფეთქებები ისმის, ტყვიების ზუზუნი, მსხვრევის, ნგრევის, ლეწვის, ზანზარის, ზარბაზნის, ქვემეხის, ჭურვის, ავტომატების კაკანის, ჭრიალის ხმებიც, როცა დადის, მობილური ჯიბეში უდევს, ჩაწერას აგრძელებს, მიკროფონი ნაჭერს ეხახუნება. მგონი არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რა კოშმარია ეს. არ გინდა მაგ დროს სიტყვები გაარჩიო? განსაკუთრებით ყრუ რომ ვარ, ძალიან მიჭირს. დაბადებიდან. ხანდახან მუნჯ კინოს ვუყურებ ხოლმე. ასე ვიგონებ, რომ მესმის. უნდა დამეჯერებინა როცა დრო იყო და კერვა მესწავლა დედაჩემი რომ მეუბნებოდა.  რაც არი, არი. მე თუ მკითხავთ, ჯობია არ მკითხოთ. და მაინც, გუშინ რომ გეკითხათ, დღეს გიპასუხებდით, ალბათ სამყაროს თავისი რაღაც განსაკუთრებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს-მეთქი, როგორც ტელევიზიას, ჩვენ რომ არ გვესმის, და გვესმის მხოლოდ იმ ნაწილში, რაც, პრინციპში საამოდ მოულოდნელიც და მოულოდნელად საავოც თანაბრადაა, როგორც მისი გადაუდებელი აღსასრული და ჩვენი გაქანებული პარანოია. ასეთი გამოსავლით ვერავის გააკვირვებ დღეს. პირიქით, ჩააძინებ მოწყენილობისგან. ამიტომ დავიწყოთ ჩვენც სიზმრით და დავასრულოთ ამაზე ლაპარაკი, როგორც იწყებს ხმა მღაღადებლისა ფლეშ ბარათსა შინა და ასრულებს კიდეც. ხშირად ვხედავ ერთსა და იმავე სიზმარსო. ასე იტყვის ეს ხმა და ხმა დავუძახოთ ჩვენც. კარგი იქნებოდა იგივე ეს ხ.მ.ა. გამორჩეული ყოფილიყო რამე საკრალური ნიშნით. დაეტია ხუცური, მხედრული და ასომთავრული დამწერლობების (სამივევე, მსოფლიოს 14 დამწერლობათაგან ერთერთია) აკრონიმობა, როგორც ნაღველს იტევს გული. და არ სცოდნოდა არავის, თუნდაც. განსაკუთრებით მეგობრებს. მაგრამ, როგორც შევთანხმდით ეს აღმოჩნდა მხოლოდ ხმა, მღაღადებლისა ფლეშ ბარათსა შინა და აღმოჩნდა მხოლოდ ეს. მოკლედ. რას1. (სქოლიო − ამ ნაწილაკის დედანში წერია „раз“, თან რუზულად. ჩვენც ვერიდებით დედნებს. თანაც 90-იანების საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული, მიკროფონის მუშაობის შესამოწმებელი ბგერების პირიდან ამოშვების ინსტრუქციაც, სწორედ „რას“-ს უფრო წააგავდა, სამჯერ, ან ოთხჯერ თუ ჩასძახებდით მიკროფონში. ლ.) რას. რას! ისმის? ხშირად ვხედავ ერთსა და იმავე სიზმარს, აკომპანირებით, ყოველ ჯერზე. ბახი. ბრენდენბურგის კონცერტი No2. ჯერ იწყებს... არა. მთელი ორკესტრი ერთბაშად იწყებს, როგორც ზედ უკვე ნაპირთან აყვავებული ცუნამი. ვეღარც გაასწრებ. ვეღარც იღვიძებ. წაგლეკა. იწყება როგორც მაორების ჰაკა, ყოველგვარი შესავლის გარეშე. პირველად არის მუსიკა ამხანაგო, გესმის, დო. რე. მი? მე სულ მახსენებ ჟიჟუს ძალიან, ამხანაგო რედის, რომ გიყურებ. და ვხვდები, რომ იწყება. ან, მი. რე. დო. და ვხვდები, რომ მთავრდება. რომ შემოგხედავ ახლა, თვალწინ ჟიჟუ მიდგება. ეს დამთავრება სიგნალს ჰგავს. რომელიც, ამავე დროს ჰგავს ბავშვის ჭყვიტინას, სამ, ან ოთხსაფეხურიან კიბეზე რომ დაგორდება და ხმას გამოსცემს, გზადაგზა. ასეთი სიგნალის მერე, ყოველთვის იცი, წამი-წამზე, დიქტორის ქრონიკულ დაღლილობასავით მილეული ხმა, ახალი შემადგენლობის შემოსვლას აუწყებს მატარებლის სადგურზე შექუჩებულ გამვლელებს. და გაგონებისთანავე მთავრდება კოშმარი, რომელშიც მატარებლის მოლოდინში ჩაიძირე. ცოტა ხნით მაინც. შემდეგ მცემს სუნი, ბავშვობაში მცემდა, მას ჰქონდა, და მხოლოდ გვიმრებიან და მაგნოლიებიან ხეივანს რომ ჩაირბენდა პლაჟზე გასაღწევად, მატარებლის რელსებსა და ხის განძელებზე რომ გადაირბენდა, მაშინღა ამყვებოდა ხოლმე ადევნებულს, როგორც ადევნებულს ადევნებული კონდუქტორი, სამგზავრო ბილეთს რომ გიმოწმებს. რომელიც არ გაქვს. არ დამავიწყდება უხილავი ნაკვალევივით ჰაერში გაფანტული ექსცენტრული მოლეკულები ერთ ადგილზე რომ ვერ ეტეოდნენ და რაღაცას, არ ვიცი, დღესაც არ ვიცი, აკეთებდნენ, თუ აფუჭებდნენ, ზუსტად არ ვიცი. ზუსტად, მხოლოდ მეწამულისფერ ცას შეეძლო ეთქვა, ან ეჩვენებინა სულ ცოტა, თუმცა დუმდა, სულ. თქმით არა, მაგრამ, ღვინისფერი ბინდის ყურებით დამთვრალი ჰაერიც, სულ სადღაც შორიახლოს ტრიალებდა და მხოლოდ უხმოდ მგულშემატკივრობდა, მსუბუქი მარაოებით და ამისთვისაც მადლიერი ვარ, ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევდა, რომ შემძლებოდა წარმომედგინა მულაჟი, უზუსტეს წვრილმანებში, ადრესატის გარეშე, საჭიროება აღარ მოითხოვდა, დაგვიანებულზე მითუმეტეს, რომელსაც გონების საკიდზე დავკიდებდი და მისგან უჩუმრად დავუწყებდი თაყვანისცემას, რადგან დავდევდი მხოლოდ მას და ოქროსფერ ქვებს, მხოლოდ მათ ასდიოდათ ამ ნეშოდ ქცეული მაგნოლიების სასაფლაოზე ამოსული გვიმრებიდან გამომკრთალი მზის სუნი, რომელიც მარილიან ქაფად, დილის შფოთიან ტალღებად მაღელვებდა მომდევნო წამამდე. მერე კი, ვეღარც ვხვდებოდი, აღარც მინდოდა, ვიძირებოდი მოლილისფრო სისველის მდუმარებაში, რომელსაც ეძახიან ზღვას? წყალს? სითხეს? ან რა საჭიროა საერთოდ სიტყვები მაგ დროს? სიტყვები დიდი ხანია შეეგუენ თავის ბედს, სუროგაციას, ახლა ჩვენი დროა. ასე მგონია. გრძნობების სუროგატობაც, მადლია, თავისებური. თვითონ აირჩიეს? ეგონათ ასეთები რომ იქნებოდნენ? მადლმა ასე გადაწყვიტა. მე სულ მიკვირს ჩემი თავის. რატომ არ შეიძლება უბრალოდ შევეგუო ფაქტს, რომ ვიღაც ყოველთვის არსებობს? რომელმაც ჩემამდე მოისაქმა ტორტში? ჩემამდე გამოიგონა ველოსიპედი? ჩემამდე მოწოვა ძუძუ? ჩემამდე უყვარდა დედა? ჩემამდე მოკლა მამა? ჩემამდე დაწერა წიგნი? ჩემამდე იმღერა ჰიმნი? ჩემამდე მოზილა ცომი? გამოაცხო? შეჭამა? აჭამა? მოწამლა? ჩემამდე იყო ღმერთი? მაგრამ, საქმე იმაშია, რომ საქმე ყოველთვის რაღაცაშია. ან მიდის რაღაცისკენ? ტრაკისკენ? დასასრულისკენ? უკან-უკან? ჩქარ-ჩქარა? სამაგიეროდ ნელა მაგრამ, ზოგჯერ წინაც მიიწევს, როგორც სამშობლო ბორძიკ-ბორძიკით. ასე იტყოდა ჭროღათვალება ყმაწვილი ერთი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჯერ არის მუსიკა. არც წინ, არც უკან, არც სამშობლო, არამედ დო. რე. მი. ან, დო. მი. რე. ან, ფა#. ან, ფა მაჟორი. არც სტაკატო. არც დ       ე      კ     რ    ე   შ  ე ნ დო. არც ანდანტე. არც ალეგრო. სულ ხო არ ჩამოვთვლი მთელ პარტიტურას რა არ არი და რა არი? ტემპის გარეშე წარმოიდგინე. უტემპო. ხომ ვთქვი, ერთბაშად იწყებს-მეთქი მთელი ორკესტრი, როგორც ცუნამი. შემდეგ არის სუ ნამი, ოღონდ ეს ნამი, კრისტალებადაა უწონადობაში გაყინული, რასაც იწვევს გიგანტური ნესტოებით ხარბად ქშენა. (ქვედატანის? პაკისტანის?)1 ბახის? (სქოლიო − თუ გგონიათ, ისტორიულ ანალებში, ქვედატანებში და უკანალებში თანაბრად ცუდად ვერკვევი, ძალიან ცდებით. მაგრამ უნდა განვმარტო მაინც. მე ხომ არა ვარ ცნობილი მევენახე, ვთქვა, სიყვარული, სიყვარულია, და თქვენც ეგრევე იხტუნოთ ცისარტყელებზე, ან ქვეშ გაუძვრეთ. ან დაერიოთ ერთმანეთს ბაჭიებივით. ნაბოკოვი ხომ არ ვარ დავწერო, mauve, და თქვენ გაიგოთ. მე პატარა ქალი ვარ. მე უნდა დავჯდე, მოთმინებით აღვიჭურვო, პირბადითაც, სიმყრალემ სული არ შემიხუთოს, და ვუყურო, ვიღაცამ, სატანას, თავი ქვედატანში როგორ გაუკეთა. ნესტოებიც, ბუნებრივია. რომლიდანაც ქშენს და აკუებს პარალელურად, როგორც გრამატიკის პარალელური ფორმები. ქვედატანი, ქვედაწელი. ქვემძრომი, ქვემძრომელი. სამშობლო, სამშობლოვ. ძუძუვ, ძუძუ. დედაო, დედავ. მამავ, მამაო. ჩვენო და ჩვენო. ეს ბოლო, პარალელური ფორმები ვეღარ არი. ეს წმინდა ტავტოლოგიაა. სხვა ამბავია. სხვა რომანი. ვერ დავიჯერებდი ჩემი თვალით რომ არ მენახა, მიხაელ პახერი. „წმინდა ავგუსტინე და ეშმაკი“. დაფა. ზეთი. 103x91. უკანალში ცხოვრების ექსკლუზივი მე მხოლოდ ერთ კონკრეტულ დროსა და სივრცეში მეგონა შესაძლებელი, მიხაელს სანამ ვეზიარებოდი. რაღაც ჩამწყდა გულში მას აქეთაა. ექსკლუზივს რომ წაგართმევენ. პაკისტანს რაც შეეხება, მგონი აღარაა საჭირო იმის ახსნა, თუ რა სახიფათოა ყუმბარა მაიმუნის ხელში. თუ ვინმეს მოუნდება, იგრძნოს სტატიკა, იგრძნოს გაყინულობა დროსა და სივრცეში, ასეთი ვინმე, აუცილებლად უნდა ეწვიოს პაკისტანს, კერძოდ, ქალაქ კარაჩის გარეუბნებს, ქვეყნის სამხრეთში. ჰო. ბახი მართლა არაფერ შუაშია. არც გალილეველი მევენახე) და, როგორც კი მცემს ეს სუნი, იწყება. მაგრამ ჟიჟუ. ჟიჟუ-მეთქი, ამხანაგო რედის, სანამ დაიწყება, მინდა კიდევ კარგად აგიხსნა, თუ რა ხდება მანამდე. საყველპუროდ მაინც. მატარებლის შემოსვლის მაუწყებელი სიგნალი რომ ვახსენე წეღან, ახლა გამახსენდა. ქართული ფოლკლორული ანსამბლის ვაჟებს წავასწარი სრულიად შემთხვევით კულისებში რეპეტიციაზე. როგორ? სად? როდის? ეგ ცალკე ისტორიაა. კრე-დიუ-ვანის კლდოვანი ცირკი კი იყო დარბაზი ისე, ოღონდ იურის მთებში არა, კავკასიაში. არ დამინახავს, მაგრამ მახსოვს ანსამბლის ხელმძღვანელი მეტყველებდა, თიხა მღერის-მეთქი. ხელოვნება კრე? შენ. შენ. შენ. დოლ-გარმონ-ტაშ-ფანდურის გარეშე. მარტო პირველი შენ, მეორე შენ და მესამე ხმა შენ, როგორც მატარებლის შემოსვლის მაუწყებელი სიგნალი. და მატარებელივით მოყვებოდა მერე. შენ ხარ ვენახი. ახლად აყვავებული... ცოტა ხნით მაინც. ხოდა, აი, ამის შედეგია სუნი და, როგორც კი ვიგრძნობ ამ სუნს, იწყება. მიუვალ ხევში, ერთი ჩასავარდნია, ხრამივით, ხრამიც არ ეთქმის, რო გადაიხედო არ შეგეშინდება, ჩახტები, დაქანებაა პატარა, ჩამოშლილი მიწა, ნოყიერი, სუ ახალი ნიადაგი, ნარინჯისფრად აყრია ხასხასა მოლს, როგორც შოკოლადის პუდრი, ავოკადოს პიურეს. აშკარაა, ვიღაც დაგორდა და შორსაც არ უნდა იყოს, ალაგ-ალაგ მიმობნეულ წაბლის ქერქებზე ეტყობა. მიურთმევია ძირნაყარი იქვე და როგორც ყველა ჰომინიდს, თავის ოჯახში, კოჭებში ეტყობა, სადღაც აქვე უნდა ნებივრობდეს ლილიანში, ნასადილევს, გვიმრების დაზოლილ ჩრდილქვეშ წამოგორებული. ვიცი, ზმანება მკარნახობს. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეორდება და მეც რა მენაღვლება, თითებს ვატკაცუნებ და სხვას რას იზამს ამ დროს ადამიანი? შეიძლება არც ღირდეს ხსენებად, მაგრამ ვუწყებ თამაშს, „ფროიდობანას“. ზურგიდან ვუყურებ, როგორც ეგოს, სუპერეგო. ისეთი დაუცველია. თანაც, ძაან ვერთობი. მომწონს, „ფსიქოანალიზობანა“, მაგრამ მალე მთავრდება. საკუთარ თავს ვჭრი წრეში, ბურთით, ეგრევე. ეს არც ეგოა, არც Id. ეს კულმინაციაა. პირველივე შანსს ვიყენებ, რადგან მეორის იმედი არ მაქვს. ბანჯგვლიანი პრიმატი არაფერს გეგმავს. არ ფიქრობს, არ ცდილობს. უშინაარსოდ ზის. ზის კი არა წაკუზულია, ანუ არ დგას, მარა დგას. რა ქვია ამ ჯდგომას? რა სიტყვით უნდა გამოითქვას უშინაარსობა ოთხზე? ან ოთხჯერ? ან ოთხმაგად? ოთხივე კიდურით დგას. ჯდომა სხვა არი. მინახავს როგორ ზიან მაიმუნები ზოოპარკში და გაშმაგებით როგორ უქექავენ ერთმანეთს ბალანს რწყილებით სავსე ტანებზე. სიშმაგის ინტენსივობა ჯდომას აიძულებთ. შმაგი, ზის. ისეთი ორსიტყვიანი წინადადებაა, მაიმუნები იქით იყოს, კი დაამშვენებდა ნებისმიერ დედაენას თავისი ჯდომით შმ ასოზე. თავისი ორაზროვნებით საკუთარ სახელსა და ზედსართავს შორის და მძიმეც, უკვე დიდებისთვის, როგორც მესამე აზრი, რაც აზრადაც არ მოგივა ქალს. კაცს? ადამიანს. და დამაგვირგვინებელ ფაზაში მაგის ავტორის შეტანაზეც შეიძლებოდა ფიქრი, ვთქვათ, წითელ წიგნში, ან ყვითელ ჟურნალში, ბოლოს და ბოლოს მისამართების პწკარის დათმობა მაინც, რეკლამების გვერდზე. „ვასწავლი წერას, კითხვას და ჭრას და ვავიწყებ კერვას, წიგნებს და წარსულის ცუდ მოგონებებს. აღარასდროს გაიხედავთ მათკენ“. ცოტა ნამეტანია, მარა გასავალი ექნებოდა ასე თუ ისე. პურს შეჭამდა ქალი, კაცი? ადამიანი. შ-მაგით. კაცს ქალები აფუჭებენ, სიტყვებს, ეკონომია. ამის დაწერაზე კი სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთის კანონპროექტის შეტანაც შეიძლებოდა საკანონმდებლო ორგანოში ჩვენში რომ დარჩეს ისე. ერთი სიტყვით, მაიმუნები აქეთ იყოს და, ეს დგას. მეც ვდგავარ. ვერ მამჩნევს. ადამიანი იყოს, გამომხედავდა, ან დამცინებდა, მუაჰაჰაო მაინც, კიდევ ერთი გრაფომანის გრაფორეა? არადა ჰემამანი ვარ. ან იმან კითხვა საიდან იცის? სისხლომანი? სისხლისმსმელი ვამპირი? გრაფი დრაკულა, ან სულაც გრაფინია ბატორი? გრაფორეასი რა მოგახსენოთ, აბა, პირველად მესმის, სამაგიეროდ დიარეა კი ხშირია მართლაც ომში. და საერთოდ, არა მხოლოდ გათხიერებული ფეკალიების, არამედ ისედაცთხიერი სისხლის ღვრაც. როგორც ჩანს გრაფორეაც? ვერბორეაც? როგორ გინდა არ დაეთანხმო. თუნდაც გულში. ცოტა ხნით მაინც. აი, თურმე როგორები ვართ იმუნოლოგები სიზმარში. ეგრეთ წოდებული მეცნიერები. სისხლისმსხმელები. დასცინიან ასე ადმიანები ერთმანეთს? იიიი, ტიპომანი, გრაფომანი?! ეგრეთ წოდებული? ნუთუ ასე ძნელია იმის წარმოდგენა, რომ წარმოუდგენელია დაწერო1 (სქოლიო − ბევრისთვის, დაწერო, ნიშნავს, თქვა. რასაკვირველია აქაც ისმოდა სიტყვა, „თქვა“, მე კი „დაწერო“ დავწერე და საერთოდ, ბევრი რამ დავწერე რაც ისმოდა და რაც არ მესმოდა. ლ.) როგორ დაგცინიან ადამიანები, ისე, რომ არ ეწყინოთ? და ისე, რომ სიზმარს ყვებოდე მაიმუნზე და არ გადაუხვიო? გადახვევაცაა და გადახვევაც, შეიძლება ისეთ უდაბურ ადგილზე წაგიღოს ზოგჯერ, როგორიცაა გუგლის ინტერაქტიული მართკუთხა სიცარიელე, რომელშიც პატარა შავი ხაზი დედის ფეხსაცმლიანი ფეხივით გიცდის შემოღებული კარის ზღურბლზე, ზემოთ ქვემოთ, ზემოთ ქვემოთ, აბა, რას იზამ? რას მიქარავ? ან უკვე მიქარე და წაგასწრო. რით იმართლებ თავს? ასე წასწრებული, რაღა გასაკვირია სწრაფ-სწრაფად კრეფდე, გ. რ. ა. ფ. ო. მ. ა. ნ. ი. ა. როგორც „რატომ აქვს ჩემს განავალს მომწვანო ფერი?“, ან „როგორი მექნებოდა სკამი, მუხლები საპირისპირო მხარეს რომ მეხრებოდეს?“ და ასეთ დროსაც კი მხატვრულ ლიტერატურას კითხულობდე, როგორ განმარტავს მილან კუნდერა, „სიცილისა და დავიწყების წიგნით“ არაპროფესიული წერის გავრცელებას შემდეგნაირად: Graphomania inevitably takes on epidemic proportions when a society develops to the point of creating three basic conditions: 1.                An elevated level of general well-being, which allows people to devote themselves to useless activities; 2.                A high degree of social atomization and, as a consequence, a general isolation of individuals; 3.                The absence of dramatic social changes in the nation's internal life. (From this point of view, it seems to me symptomatic that in France, where practically nothing happens, the percentage of writers is twenty-one times higher than in Israel). ქართული გვერდი არ ჰქონდა და მე გადავითარგმნე. ჩემთვის. ძილღვიძილის ბილინგვურ წყვილზე: მუაჰაჰა. გაგვავსებს ცარიელი მაკულატურით:  − მამა! მამა! − პასუხი არ არის. ან კიდევ, − რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა? ანდა, − დამიჯერე, ორივესთვის ახლა ასე აჯობებს. ანდა, − ზოგჯერ... ანდა, − ამას წინათ გამახსენდა კაცი... რამდენჯერ მიმიხედია არადა მართლა, როცა მიყურებენ და ხმას არ იღებენ, არც მეძახიან. ეს ცხოველია. ვერ მამჩნევს. თან სიზმარია. ჩემი წესები მოქმედებს. არ მინდა და არ მამჩნევს. დ. დ. დ. დნ. უცებ ორ ფეხზე დგება. როგორ აგიწერო რა მემართება მაგ დროს? ნუთუ ვერ ხვდებით, რა სიგიჟეა გრძნობების აღწერა? სიტყვების წერა საერთოდ, სიტყვების თქმა, სიტყვების ძიება, სიტყვებით თამაში, სიტყვების ღეჭვა, ფურთხებაც, ასოებად ყლაპვა, ასოების ყლაპვა, ასოების გაფორმება კალიგრაფიულად, ასოების დანთება შეყვარებულის აივნის წინ ბენზინის გულის გვერდით. ან ქვეშ. ან ზემოთ. ან ბენზინის გულში. ან ასოების ანთება ნეონის აბრებად, ასოების გაფერადება ბავშვობაში, ხ-ს ძ-დ ჩამუქება, ან პირიქით, ან რვიანის სამიანად, (ბავშვური გულუბრყვილობით?) ასოების გაბერვა ჰელიუმით, ანბანის ასოები, ასო-ნიშნები, ან ისე ასოები, ანბანური დამწერლობა რომ არ აქვთ, ასოების რეგისტრის მიმართ მგრძნობიარობა? ჯობია სუნს შევადარო, ისე მყრალს, რომ გონება დაგაკარგვინოს. არა, სუნი არ აქვს, მყრალი მითუმეტეს, უბრალოდ წარმოდგენა უნდა გაგიჭირდეს ისეთი რამე უნდა გითხრა და ასეთი შეიძლება იყოს მხოლოდ რაღაც, რაც ყარს და შენ გული მიგდის. თოვლის კაცზე იტყვიან მასეთ სუნს. ლეშის ხრწნა კვადრატში. კვადრილიონ ხარისხში. მე ვითოკები მაგ დროს. ამ ბალნიან ბანალურობას როგორც წარსულს, ისე განვიცდი, რომელიც მომავლიდან გვიმზერს და, რომელშიც გაშმაგებით ვიქექებით, როგორც მაიმუნები მაიმუნებში. ჯობია ორგაზმზე იფიქრო, ან ნაყინზე, ცხელ ამინდში რო ლოღნი, ძალიან რო გსურდა და გაქვს კიდეც. ხდება ეგრე რომ? მარა მაინც. ყველაზე ახლოსაა. თავისუფლება. უზედსართავოდ. როგორც აზრი, რაც აზრადაც არ მოგივა ქალს. კაცს? ადამიანს. რამდენად უფრო სიმპტომატურად გაიჟღერებდა, თავისუფლება − უზედსართავოდ, როგორც ყავა უშაქროდ-მეთქი რომ დამეწერა? მიზეზი − უმიზეზოდ? ვიმგვანებ-მეთქი, აი ეს წამომცდება ხოლმე გულში ამხანაგო ჟიჟუ. რედის. უბრალო შეხედვით ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ყოველ ჯერზე. მინდა შევეშვა, გამოვბრუნდე და წამოვიდე. იყოს თავისთვის, რაც უნდა ის ქნას, მაგრამ არ გამომდის. ვშეშდები და მივშტერებივარ, როგორც ფრანსუა რაბლე, თავის სიმბოლოს, სინტაქსს, სიტყვას1. (სქოლიო − არ არის რაბლე მარტივი კაცი, აიღო და გაცდე ასე უბრალოდ. პირველივე რადგანაა ნახსენები გამოჩენილებიდან, თუნდაც სიზმარში, უნდა განიმარტოს, რომ ერთ-ერთი პირველი იყო რენესანსის ეპოქაში, ვინც სიტყვას, „სიმბოლო“, ის მნიშვნელობა მიანიჭა, რომელიც დღესდღეობით დომინირებს ფაქტობრივი საგნის და იდეის ანუ არსებულის და არარსებულის გადაჯაჭვულობის სახით. უყურებდა ალბათ რაბლე თავის რომანს, „გარგანტუა − მეოთხე წიგნს“, სადაც წერს Symbole-ს შესახებ და უყურებდა რომანს, როგორც სიმბოლოს და ეშმაკმა იცის რას ხედავდა თვითონ, მაგრამ მე მაინც მგონია, ეს ძველი ფრანგული მასკულინური არსებითი სახელი Symbole, ლათინური, ორივე, მასკულინური symbolus და საშუალო სქესის synbolum-იდან ერთდროულად რადგან მომდინარეობს, ხოლო ეს ლათინური დუეტი − ბერძნული ზმნიდან symbolon, ბარემ ბერძნების წარმოდგენაც უნდა გავიხსენოთ მასზე, კერამიკის ჭურჭლის ორად გატეხვის სახალისო პრაქტიკას რომ უკავშირდება. ერთი ნატეხი გადაეცემა შეტყობინების მიმღებს, მეორე, გამგზავნს. როცა ნატეხები იდეალურად ჯდება ერთმანეთში, მიმღები დარწმუნებულია, რომ კურიერს, რომელსაც მოაქვს ნატეხი, ასევე მოაქვს ზუსტი შეტყობინება სასურველი ამხანაგისგან. საწყალი კურიერი). მერე, მბეზრდება. ვბრუნდები და მივაჩანჩალებ ამ ჩემ შეღონებულ ფეხებს საშოვარზე, უკან. ვაგროვებ სხვა სიმბოლოებს, მიმაქვს, ვაზომებ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ რეცხვისგან დაპატარავებული ტანსაცმელივითაა და ვერ ვაცმევ. ზოგჯერ, ლეგოს მილიონი ნაწილიდან იმ თვრამეტი ნაწილივითაა, სტანდარტებს რო არ შეესაბამება. იმ ზომამდე მიმყავს, როცა ყველა სხვა სიმბოლო გამოყენებულია, ყველა ნახმარია, როგორც საშინაო ტანსაცმელი და არცერთი ესადაგება. ხანდახან საშინაო ფლოსტებივით. ტკეპნი და ტკეპნი მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე. სახლში. დიდი-დიდი პურზე გახვიდე ან მარილზე, მეზობელთან, უახლოეს მარკეტში და მაშინაც გაფაციცებით იყურები აქეთ-იქით, ხომ არ გიცნეს ფლოსტებით მორბენალი? ესაა კულმინაცია, ანუ ჩაფლავება. გამოცდაზე რო ჩაიჭრები. კაცობაში რო ჩაიჭრები. ან ქალობაში რო ჩაიჭრები. სიმბოლოს ვერ ვხსნი სხვა სიმბოლოთი. მნებდება, ან ვნებდები. ხელებში მაკვდება, ან ვაკვდები სიმბოლოს, ან სიმბოლო, რომ მნიშვნელობაში გავცოცხლდეთ. სინტაქსი კვდება და სემანტიკაში ცოცხლდება. ორ ფეხზე დგება ეს ბანჯგვლიანი არარაობა. სადღაც ამოვიკითხე, რომელიღაც გახუნებული სამეცნიერო პორტალის გადაყვითლებულ ვებგვერდზე, მგონი, „Science News Magazine“ იყო, (თუ პირიქით. თან ეს ბოტკინივით სიყვითლე რო ძაან არ ეტყობოდეს ლურჯ ფერებშია გაწყობილი კოხტად), გარდა ნიუტონის მექანიკისა, სხვა ძალებიც მოქმედებენ ჩვენს გარშემოო, კვანტური რეალობაო, სუპერპოზიციაო (ჩემნაირი ფიზიკის ჩაიდნისთვის ადვილი წარმოსადგენი რომ იყოს, რაღაც ტრანსცენდენტურ მესამე ძალაზე უნდა ვიფიქრო პოზიციასა და ოპოზიციას შორის რომ არ არის. არც შორის და არც წინ, არც უკან, არც ზემოთ, არც ქვეშ, არც გარდი, არც გარდმო. არ არის ეს მესამე ძალა და იმიტომ) რომელსაც დაკვირვების მომენტში ცვლის თავად დამკვირვებელიო. რაღაც ეგრე. ზუსტად არ მახსოვს, თუმცა გრძნობა იგივეა. აი, თურმე რა. თვალებს გაოფლილი ხელისგულებისკენ ვხრი და მზერას თითებშორის სიცარიელეზე თანაბრად ვანაწილებ. პირველად ვგრძნობ საკუთარ ხელებს, როგორც თავისუფლებას. შეიძლება საკუთარი ასოები იგრძნო როგორც ცნება? და, მერე ძაან სწრაფ-სწრაფად ვგრძნობ, რომ მინდა ლენინი ვიყო, (შეიძლება მოკვდავი იყოს ლენინი?) და, რომ საკუთარი თავი ვაშრომო ჭეშმარიტი პროლეტარისათვის დამახასიათებელი შრომისუნარიანობით. არ ჩამოვრჩე, არ მოვყვე პროგრესის მუხლუხების ქვეშ, როგორც პეპელა, როგორც უკანასკნელი შავი კაბა მატარებლის რკინის ბორბლებში. და მინდა გაგრძელდეს, დიდხანს, სანამ არ გამოვიშრობ, თავს. მერე, ვიმედოვნებ, ამ დარჩენილ მასას, გავცრი. ეს ყველაფერი იმისთვის მინდა, რომ სიტყვა გამოვცრა. ხელის თითებიდან. ან ფეხის თითებიდან. ჩემგან. გულზიდვას ამოყოლილი ნაწლავის ბაქტერიის ბაგეებიდან მაინც, რომლებიც არ აქვს. ის სიტყვა, რომელიც მჭირდება. და ვიცი რაც მჭირდება მე, სჭირდება ყველას. დასწრებაზეა. ვინ მოაჯადოვებს წრეს, რადგან ის, რაც თავდაპირველად იყო, შეუძლებელია დეფიციტში არ იყოს დღეს, რადგან ამდენი ხანი გავიდა, რაც თავდაპირველად იყო. და რადგან ამდენი ხანი გავიდა, შეუძლებელია არ სჭირდებოდეს ყველას. მინდა მივაგნო იმ ერთ სიტყვას, რომელიც აღწერს ჩემ დანახულს, ყველაფერს. როგორ არის ერთი ყველაფერში და ყველაფერი არ არის ერთში. ვიცი მშრალი იქნება, მაგრამ, იყოს. სიტყვის თვისება, სიმშრალეა, როგორც სინათლის თვისებაა სითბო. ჯერ მშრალი ფურცელი, მერე პირი გიშრება ბევრი ლაპარაკით, მერე კალამი - ბევრის წერით. მელანი რო მელანია, მართალია, სველია, თუმცა, ფურცლამდე. მერე ეგეც უნდა სიტყვაზე შეშრეს. გრაფიტი რო გრაფიტია, ეგ, ჩანაფიქრშივე მშრალი იყო. სიტყვაზე მენდე. და, რჩება ეკრანი და კიდევ რჩება… წარმოიდგინე ყური ხარ. სიტყვა შეუკვეთე. კურიერმა მოგიტანა, ბგერამ. აი, ეგ რჩება და ეგეც მშრალია. წარმოგიდგენია? ბგერა მშრალია. შეუძლებელია კურიერი იყო და მშრალზე არ გტოვებდნენ გამუდმებით. რატომღაც ასე მგონია. ფეხით მოსიარულე თუ ხარ განსაკუთრებით. საკუთარი მწარე გამოცდილებიდან რომც არ გამომდინარეობდე. წარმოდგენაც კმარა. წარმოდგენით კურიერის არც ისე ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადების კი არა, პირდაპირ ყველა იმ ვარსკვლავის ერთად წარმოდგენა შეიძლება ყველა უბედური და ყველა ბედნიერი რომ დაიბადა და შენ არა. წარმოდგენა იმ სამყაროსიც შეიძლება, არავინ რო დაიბადა და შენ დაიბადე. და ბერწი ქალის ბავშვის წარმოდგენაც შეიძლება. ამის წარმოდგენაზე ნერვიულობაც შეიძლება. და ამ ბავშვმა რომ მთელი მსოფლიო მხატვრული ლიტერატურა წარმოიდგინოს შემთხვევით, როგორც წარმოდგენების ფაილი Flesh-ბარათზე, რომელიც წარმოდგენილებმა წარმოგვადგენინეს წარმომდგენლებისგან, ამის წარმოდგენაც შეიძლება. მაგრამ, წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი შეიძლება. მოთხოვნა, მიწოდება, პერმანენტულად. მაგრამ, უფლის წყალობით, საშველი არი ხოლმე. რაც არ უნდა გაშრეს ყველაფერი, ერთი ადგილი, უკუნითი უკუნისამდე სველი დარჩება და ყველაფერს დაარეგულირებს. ბაზარი. ჩემი მეგობარი მწერალი ამბობს, რომ გამომცემლები წიგნებს არ კითხულობენ, აქვეყნებენ. არც კრიტიკოსები კითხულობენ, უბრალოდ სხედან და ფურცლავენ, სანამ გადასაფურცლად საკმარისი ნერწყვი რჩებათ, რომლითაც საჩვენებელ და ცერა თითს ისველებენ. არც მკითხველი კითხულობს, მხოლოდ ყიდულობს წიგნებს წიგნების ფესტივალებზე, ფასდაკლებით. ფესტივალებიდან ფესტივალებამდე. ჩემი მეგობარი მწერალი ამბობს, რომ არავინ კითხულობს წიგნებს მწერლების გარდა. (სქოლიო − მეგობარი მწერლის საქვეყნო განაცხადში საქვეყნოვე ჩასწორებას ვაკეთებ, არც მწერლები კითხულობენ წიგნებს. მწერლები წიგნებს წვავენ. რასაც ვერ წვავენ, ორიგამის ფიგურებს აკეთებენ. ჩვენ, რედაქტორები ვართ ერთადერთი რგოლი ამ წერა-კითხვის აბსურდის საყოველთაო ჯაჭვში, ვინც ვკითხულობთ წიგნებს. ლ.) ბაზარი. თუმცა, მე ვიყო ბერწი ქალის ბავშვი, ჟიჟუ, თუ სიტყვები მანდაც გამშრალი არ იყოს დიდი ხანია. შენ, როცა კომპიუტერს, მობილურს, ან საბეჭდ მანქანას უყურებ, ხედავ კლავიატურას, და ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ მე რომ ვაკვირდები, ვხედავ ბაზარს, უფრო სწორად ყასაბს, ბაზარში. მოკლედ. ასე გეტყვი, რომა, ვითომა, თავის დროზედა, ამ ჩვენს ძაან მეტად ენაწყლიან და ენამზიან ყასაბსა, კაი ფასად დაეთრიოს, შენ ხარ ჩემი ბატონი, სიტყვა, როგორცა, რომა ბითუმი საქონელი. მერე, უკვე, ლოგიკა თავისას შვრება, დაუნაწევრებია, დაუხარისხებია კოხტად, შემოულაგებია დახლებზე, ანუ ღილაკებზე, როგორც ხორცის ნაჭრები, ანუ ასოები, და, ჰყიდის. თან ეს საღებავიც რომ გამშრალა, ასოები რითაც წერია ღილაკებზე. ხორცის ნაჭრებში გამშრალი სისხლივით? ფრჩხილზე ლაქივით? და თითქოს დიდი საიდუმლო ამოგეხსნას, თითის ყოველი დაჭერა, რაღაც გიჯდება, მაგრამ არ იცი. მაქსიმუმ იფიქრო, მწერლებს ეცოდინებათო. რა იციან მწერლებმა? რა შეიძლება იცოდნენ? ვკითხოთ მილან კუნდერას. გრძნობების სიტყვებით გადმოცემა სისულელეა. ასე იტყოდა მილან კუნდერა. მაგრამ სისულელე, ლიმონის არომატით. ცოტა ჯანჯაფილიც შეიძლება, ოდნავ სიმწარე რომ წაკრავდეს. ცოტა პიტნაც, გასაგრილებლად. ცოტა ის, ცოტა ის, ცოტა ის. ჩვენი ტანჯვაც და სიამოვნებაც ამ ერთ ტოქსიკურ ნაყენშია. ასე განაგრძობდა მილან კუნდერა. სოკრატეობა ჩვენი ბედია. რაც უფრო გეზიზღება, შემოთავაზებული შენთვის ნაყენი, მით უფრო ვეღარ ჩერდები, სვამ და სვამ. არჩევანის ქონა, რომ გაჩერდე, მხოლოდ ილუზიაა. რაც უფრო ვერ იტან სინამდვილეს, არჩევანის ქონის ილუზორულობის, მით უფრო წერ. და რაც უფრო ვერ იტან წერას, მით უფრო წერ. და რაც უფრო ვერ იტან ფაქტს, რომ მით უფრო წერ რაც უფრო ვერ იტან წერას, მით უფრო წერ. რადგან მხოლოდ ესღა შემოგრჩა, ცარიელი ვედრო, რომლითაც საკუთარი გვამისგან აგებულ ჭაში ეშვები და ამოგაქვს იქიდან, შლამი? კატის ლეში? დიდი ხნით სიცივეში ყოფნით გალურჯებული თეთრი მთვარე? ცარიელი ვედრო, რაც ჩაუშვი? ასე იტყოდა მილან კუნდერა. რაც უფრო მეტი გაქვს გასაზიარებელი, მაგრამ არავინ გყავს ვინც გაიზიარებდა, მით უფრო წერ. რაც უფრო მეტი თქვეს ან დაწერეს შენამდე, რაც უფრო კარგად, მით უფრო ძნელია თქვა, ან დაწერო ამაზე კარგად. და რაც უფრო ძნელია, მით უფრო მარტივად აღიარებ ამ ფაქტს. რაც უფრო ბევრი თქვეს, მით უფრო მარტივია ცოტა თქვა. რაც უფრო ცოტას ამბობ, მით უფრო ბევრი გრჩება სათქმელი. რაც უფრო შენზე კარგად წერეს, მით უფრო ადვილია ცუდად წერო. და რაც უფრო ადვილია ცუდად წერა, მით უფრო ძნელია უფრო ცუდად წერა. და რაც უფრო ბევრს ცდილობ, მით უფრო ბევრი გამოგრჩება. და რაც უფრო გძულს, რაც გიყვარს, უფრო და უფრო ატყობ, თვითონ აკეთებ იმას, რასაც აკრიტიკებ. და რაც უფრო იქცევი იმად, რაც გეზიზღება, მით უფრო ხვდები, სხვისი კრიტიკა უფრო ადვილია. და რაც უფრო ნათლად აყალიბებ ყოველივეს, მით უფრო გადაუჭრელი გრჩება პრობლემა. და რაც უფრო ქვემოთ ეშვები ფსკერზე, მით უფრო ხედავ, როგორ ტივტივებენ შენს ზემოთ ღმერთები. საკუთარ განავალში. წყლის ზედაპირზე. რადგან არც ერთი და არც მეორე არ იძირება1. და არ დაგავიწყდეთ, მე ვერ ვხედავ საკუთარ თავს, ჩემი როლი მხოლოდ სარკეში ყურებით შემოიფარგლება. ასე იტყოდა უკვე, არა კუნდერა, არამედ ჟაკ რიგო, თუმცა ეს სხვა რომანის ამბავია, სხვა პოეზიის, სხვა დარიგებაზე, სხვა მაგიდასთან. (სქოლიო − გავიგე, გავიგე, ცოტა გადავაჭარბე და ცუდი შედარებაა, თუმცა ყველაზე ცუდობაზე პრეტენზია არ მაქვს. დაწერილია, სული ღმერთებისა (אֱלֹהִים) იძვროდა წყლის პირზე. მაგისტრატურაზე ვაბარებდი, როცა ჰიუგომ თქვა, „Merde“ (ადამიანის მოსაქმებული, განავალი), უფრო სწორად მე წავიკითხე და ჰიუგომ ბევრი წლის წინ დაწერა, რომ ოფიცერ კამბრონს ეპასუხა ინგლისელი გენერალი კოლვილი, თუ მეტლანდი რო დაუძახებდა: − ყოჩაღები ხართ, ფრანგებო, მოდით დაგვნებდით! მაშინ, ეს „მძღნერი“, ჟღერდა როგორც დიდებული პასუხი თავის დღეში რომ არავის უთქვამს, მაგრამ ფრანგი მკითხველის პატივსაცემად ამ სიტყვის გამეორება არ იყო რეკომენდებული, როგორც ბიბლიაში ღმერთის სახელის ამაოსა ზედა ხსენება. და ეს სიწმინდე აწი არასდროს ამგვარად აღარ ამეტყველდება. უპატივცემულობაში ნუ ჩამომართმევთ, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოთ, ერთხელ მეც რომ გავიმეორე. რა მოხდა სინამდვილეში? ინგლისელების გენერალ კოლვილს, თუ მეტლანდს უპასუხა, ჯოჯოხეთშიც წასულხარო? ის ჰაერი იყნოსა ფრანგებმა რაც გააფუჭეს? დახოცილ გვარდიელებს მოესაქმათ სიკვდილის აგონიის საამო მოდუნების დროს? ჰიუგო ამბობს, „ამ სიტყვის თქმა და სიკვდილი, რა იქნება ამაზე დიდებული? ვინაიდან სიკვდილის წადილი, იგივეა, რაც სიკვდილი და ადამიანი როდია დამნაშავე, თუ ფინდიხით განგმირული ისევ ცოცხლობს“. მახსოვს, ბათუმში, პირველად ვიყავი მაშინ ბათუმში მაგისტრატურის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ, ზღვაზე ბანაობისას შევნიშნე ეს ღვთაებრივი მოსაქმებულობა ჩემს გვერდით ტივტივებდა. მაშინ ერთი მზისგან მაგრად აწითლებული, თეთრ-წითელ გაბერილ ტივტივასავით ღიპიანი ბიძიაც იქვე ტივტივებდა და რო დაინახა, დიდი ხმით შესძახა, − Holy Shit! და მაშინ დავინახე წმინდა ტავტოლოგია, Holy is shit, that is holy shit, და უფრო ნათლად დავინახე, რადგან არც კი ყარდა. ჩვეულებრივ, განავლისგან რას ველით? საშინლად ყარდეს? სახე დაგვიმანჭოს? თუმცა ეს არა. მართლა განწმენდილიყო, ჰიუგოს ხელიდან და გენერლის პირიდან გამოსულივით. გენერალი მკვდარია, ჰიუგო მკვდარია, მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, ამიტომ გენერალი ღმერთთანაა, რადგან გმირულად დაეცა ვატერლოოს ბრძოლის ველზე, როდესაც იმავე ველიდან გარბოდნენ ჩასვრილი ფრანგები სიცოცხლის გადასარჩენად და არ იცოდნენ, რომ გაივლის წლები და ბრმა ჰარის ეპიკური პოემით შთაგონებული რენდალ უოლესი იმ სცენარის ადაპტაციას მოახდენს სადაც უილიამ უოლესი ცხენზე ამხედრებული გავა შეშინებული შოტლანდიელების წინ ფრანგებივით ჩასვრილები რომ გარბიან ბრძოლის ველიდან და ეტყვის, − ჰო, იბრძოლე და შეიძლება მოკვდე. გაიქეცი და იცოცხლებ. ცოტა ხნით მაინც. და მომაკვდავი მრავალი წლის მერე შენს საწოლში, რას არ მიცემდი ერთადერთი შანსისთვის, რომ დაბრუნებულიყავი აქ ბრძოლის ველზე, რომ გეთქვა... ამის მერეც კაი სიტყვებია, მარა გრძელი სიტყვა მოკლედაც ითქმის, Merde. სიტყვა, რომელიც იყო ღმერთთან თავდაპირველად და რომელიც იყო ღმერთი და ტივტივებდა ბნელით მოცული უფსკრულის წყლის ზედაპირზე. რავი, გამარჯვებულია, ვინც ირონიით ჩადის საფლავშიო და არაა პრობლემა, ჩამდეთ მიწაში. ცოტა ხნით მაინც. ბრძოლის ველიდან გაქცეულ-ჩასვრილ ფრანგ ჯარისკაცებს კი არც ის ეცოდინებოდათ, რომ კიდევ უფრო ბევრი გაივლის წელი და ველური, ველური დასავლეთის მიერ განაჩენგამოტანილი პრეზიდენტი ზელენსკი იმ ავბედით თებერვლის ღამეს გაიხსენებს გაქცევას რომ ურჩევდნენ თავისი ქვეყნიდან და მან კი პირველად თქვა თავისი მინისტრები როცა ედგნენ კიევის ცენტრში გვერდით, − Ми тут, Я тут і зброю ми не складемо. ლ.)