მოთხრობები
მოთხრობები
ლადო, თათო და ჯაზი წამლის სუნით გაჟღენთილ მაღალჭერიან სახლში გალეული კაცი დადის. ქალი წევს, გრძელ დატიხრულ ფანჯრებს უყურებს და მათ მიღმა რაღაცის დანახვას ლამობს. არაფერი ჩანს, თითქოს ყველაფერი თეთრ ზეწარში გახვეულა და ამ ერთნაირობაში ვერაფერს არჩევს. წინა კედლის ფოტოებიდან ნაცნობი სახეები უღიმიან, ზუსტად ვერ არჩევს თავისი თუ სხვისი ცხოვრებიდან აგონებენ რამეს. შუაგულში მატარებლის ფანჯრიდან მოღიმარი ნუშისთვალება გოგოა. მას არ ჰგავს, ლამაზია, ახალგაზრდა, პრიალა სახით და თმებით. კარგად იცნობს, მაგრამ სახელს ვერ იხსენებს. მატარებელიც ახსოვს, ჭიაყელასავით გრძელი, სპეციფიკური სუნით, რიტმული ხმაურით. გაცილება ახსოვს, დახვედრაც, ბევრი ფანჯრები, ფანჯრებს მიღმა მომხდარი ამბები, მაგრამ თავისას ვერ იხსენებს. სახლში ისევ გალეული კაცი დადის, სასთუმალთან წამლებს უდებს, ლოგინის კიდეზე უჯდება, ნეტავ რა უნდა მისგან ან მის სახლში, ლადო სად არის? რატომ არ ნახულობს. გადაწყვეტს რომ ჰკითხოს, მაგრამ ეუხერხულება უცხო კაცთან. ადგომა უნდა, ფანჯრიდან გადახედვა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის. კარზე გაბმული ზარის რეკვის ხმაა. ეს ხმაც ეცნობა. ასე იცოდა დარეკვა ხელის აუღებლად სანამ არ გაუღებდნენ. ახლა ვიღაც რეკავს მასავით. კაცი კართან მიდის, აღებს და ახალგაზრდა ქალი შემოდის.- ძლივს მოვედი ისეთი საცობია. ხომ გითხარი ერთიანად დაგეწერა წამლები, წინა კვირას მოვიტანდი და აღარ მექნებოდა გადარბენა.- არ იყო საჭირო, ლეილამ მითხრა გამოწერით თუ შეკვეთითაც შეიძლება და სახლში მოგიტანენო, ლეილას შვილიშვილს გამოვაწერინებდი.- ლეილას შვილიშვილის გამოწერილი რად მინდა?- რატომ, გამოწერილი წამალი ნამდვილი არ იქნება?- არა, ეგ რა შუაშია, უბრალოდ მაგის გამოსაწერი რა მჭირს.- კარგი, მაშინ ჩვენ გამოვწეროთ.- სძინავს?- რომ გამოვედი ეძინა.- ლეილასაც უნდოდა ნახვა, მთხოვა დამიძახე რომ მოხვალ და შემოვალო.- ხომ იცი, არ უნდა ვინმემ ასე ნახოს.- მამა, რას გაიგებს ლეილა ნახავს და ლეილას შვილიშვილი.- მე ხომ გავიგებ. - მერე?- მერე ის, რომ მე ხომ ვიცი არ უნდა. რაც თათოს არ უნდა, ის არც მე მინდა.- კარგი რა მამა, მეზობლის გადაკიდება გინდა? ქალი მეუბნება არ მიშვებს ლადო თათოსთანო.- დამშვიდდი, ხომ არ დაუნახავს რომ მოხვედი.- ვაიმე, თქვენი სისულელეები მალე მეც გამაგიჟებს. - ბავშვები როგორ არიან?- ლადო ზბორებზეა, თოკო აგარაკზე.- ჰო, არდადეგებზე იქ ჯობია. - თქვენ წაყვანაზეც ვფიქრობდი, მაგრამ იმდენი ხალხია, ვეღარ დავეტევით.- ჩვენზე არ იდარდო, აქ უკეთ ვიქნებით, თან ჯერ ცივა. ზაფხულში, ალუბალი რომ მოისხამს, მერე ამოვალ დასაკრეფად, თათოს უყვარს.- მამა ეგ შარშან მოვჭერი ლადუკას სავარჯიშო მოედანი რომ გავაკეთეთ.- რას ამბობ. შენ რომ დაიბადე მაშინ დავრგე, შენი ხე იყო.- კაი რა მამა, რა ჩემი ხე, ალუბალს ბაზარშიც ვიყიდით. სამაგიეროდ ბავშვი ივარჯიშებს.- ჰო, ვარჯიში ჯობია, აბა რა. ქალი საძინებელში შედის.- დედა, - ჩუმი ხმით ეძახის. მწოლიარე ქალი სანახევროდ მარცხენა მხარეს მოქცეულ ტუჩებს ამოძრავებს, თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. სწორი, ლამაზი ცხვირიც გვერდით წასვლია და ტუჩიც მას გასდევნებია. - არ შემიძლია ასეთს ვერ ვუყურებ, - ამბობს სევდიანად და თან ლოყაზე ეფერება.- მარჯვენა მხრიდან შეხედე, ისევ ისეთი ლამაზია, - ეუბნება ლადო.- ჰო, ასეა. ეს მუსიკა მაინც გამორთე.- მუსიკის მოსმენა მოსწონს, გამოვრთავ თუ არა მეჩვენება თვალებით ჩართვას მთხოვს. - კარგი მაშინ არ გამორთო.- გეჩქარება?- ჰო, უნდა წავიდე უკვე და დაგირეკავ მერე.კარი ხმაურით იკეტება. ლადო უკან ბრუნდება. ის მუსიკა ეცნობა პირველად ჩუმად რომ მოისმინა. რადიოს ამ ტალღას თათო ჩუმად იჭერდა. დახურულ კარს მიღმა უსმენდნენ, დაბალ ხმაზე, ყველასგან მალულად.იქამდე ასეთი არც სიმღერა ჰქონდა მოსმენილი და არც ნოტები გაგონილი. წარმოიდგინა, რომ ნოტები წელში იღუნებოდნენ, თითის წვერებზე ტრიალებდნენ, ქარდაბერილივით წრიალებდნენ, მერე დაღლილები, გაწელილი ტანით მიიზლაზნებოდნენ და უცნაური გზით ისევ ინსტრუმენტებში და ადამიანის ხმებში ძვრებოდნენ. ეს იმპროვიზაცია ჰაერში ნოტებს თავისუფლად ამოძრავებდა, მერე ადამიანებს ედებოდა და იმ მელოდიად იქცეოდა, სხეულის ყველა წერტილამდე რომ აღწევს. სწორედ მაშინ შეუყვარდა ჯაზი, მოსმენისთანავე, შეგრძნებისთანავე, პირველი აკორდისთანავე. თათოსაც პირველად ამ მელოდიაზე ეცეკვა, მერე რა რომ მოძრაობებიც არ იცოდა, მელოდია თავად ძერწავდა მათ. მატარებელშიც უსმენდნენ ლიანდაგის ხმებთან შერწყმულ ჯაზის ჩანაწერებს. მას მერე უამრავი ფირფიტა მოაქუჩა, მთელი ცხოვრება აგროვებს და ახლა, თათოს ოთახში, კედლის მაღალ თაროზე აყუდებულებს, ყველას თავის ისტორია აქვს. მორიგეობით ურთავს და ასმენინებს თათოს, იცის ესმის. ხანდახან როცა თვალებით გრძნობს, რომ უბრუნდება, ხვდება მოსწონს, ახსოვს და ამის ნიშნად ხელს უჭერს. ამ მოჭერაში სიტყვების გარჩევაც შეუძლია და ისიც იცის, რას ეტყოდა მაშინ, ხმით რომ შეეძლოს მათი წარმოთქმა. კარზე ისევ გაბმული ზარი რეკავს. ლეილა იქნება. არ გაუღებს, არავის აჩვენებს თავის თათოს ისეთს, როგორც მას არ უნდოდა, რომ ენახათ. მესამეც არ სჭირდებათ, ოთახში ისედაც სამნი არიან ლადო, თათო და ჯაზი. ნეტა მე ნესტანი მქვია, სახლში ნეტას მეძახიან, სკოლაში პონჩიკას. არ მიყვარს შემოდგომის მოსვლა. სწავლა და ტანჯვა ერთად მეწყება. ჩემი დაცინვით კლასში ბევრი ხალისობს. ჯერ სახელით იწყებენ.- შენ რომელი ხარ, ნესტანი თუ დარეჯანი? - მაბრაზებენ ბიჭები და კლასის შესასვლელთან ცხენებივით ჩამომდგარები, ჭიხვინის ხმებს გამოსცემენ.- ნეტა გამხდარი ვიყო, ასე ოხრავს ხოლმე და ნეტა იმიტომ დაირქვა, - ციცრებივით იცინიან გოგოები. ბოლოს ყველაფერი პონჩიკათი მთავრდება. ამიტომ ფერადწარწერებიან ბლოკნოტში კლასელების სია გავაკეთე და ორ სვეტად დავყავი. ერთში ცხენების და ციცრების გვარები ჩამოვწერე და თავზე „ბოროტები“ დავაწერე. მეორე სვეტში ისეთები ჩავწერე ჩემზე კარგს რომ არ ამბობენ, მაგრამ საერთოდაც რომ არაფერს ამბობენ. ასეთი სულ რამდენიმეა. ამ სიას თავზე „არაფრისმთქმელები“ დავაწერე და ბლოკნოტი ჩემი საწერი მაგიდის საკეტიან უჯრაში შევინახე. პირველ მერხზე ჯდომა ადვილი არ არის, ზურგში და თავში სულ „ტრუპკებით“ ნასროლი ქაღალდები მხვდება, მაგრამ არ ვიხედები. - სქელკანიანია და ვერ გრძნობს. რამე მაგარი უნდა ესროლოთ, - ურჩევენ ციცრები ცხენებს. სულაც არ მაქვს სქელი კანი. ყველაფერს ვგრძნობ და თვალებში ცრემლების შეკავებაც ვისწავლე. თავს მაღლა ვწევ, მერე თვალებს მაგრა ვხუჭავ და მომდგარ ცრემლებს შიგნით ისე ვანაწილებ, რომ დაბლა არ ჩამომივარდეს. უკვე ორი წელია, ჯერ კიდევ მეოთხე კლასიდან, მომწონს ჩემი პარალელურკლასელი იკა. მარტო მე არა, იკა ყველას მოსწონს. იკას ჩემი კლასელი ქეთკა მოსწონს, ისიც ციცარია, მაგრამ ყველაზე ლამაზი. ტვინიც ციცრის აქვს. ძ-ს და ხ-ს ჯოხებს და შ-ს და წ-ს კბილებს უკუღმა მხრიდან უკეთებს, მაგრამ იცის რომ ლამაზია და ყველას ყველაფერს აკეთებინებს. თითქოს მისი ყურების სანაცვლოდ, მასთან ყველა ვალშია. თავის ყოველ გატრიალებაზე თმებს ისე აქნევს გეგონება ქარი უბერავსო და მერე ღერა-ღერა ეცემა მხრებზე. სახლში, სარკის წინ მეც ვცდილობ იგივე გავიმეორე, მაგრამ არ გამომდის. სქელი, შეკრული თმა ზღართანით ვარდება ჩემს მხრებზე. მასწავლებლები გაშლილ თმაზე შენიშვნას მაძლევენ. ქეთკაზე შენიშვნა არ ჭრის. თავისას არ თმობს და თმასაც არ იკრავს. რამდენჯერმე დედამისიც დაიბარეს, მაგრამ ისიც ქეთკასავით თმების რხევით შემოდის და არაფერი იცვლება. დედაჩემი სულ რამდენჯერმე იყო და ისიც ჩემი ნაწერის შეფასებაზე სალაპარაკოდ. ხან წიგნში, ამოცანის პირობაში პოულობს შეცდომას და ხან მასწავლებლის გასწორებულში. - დაფიქრდი ჩემო ლამაზო, - ეუბნება მათემატიკის მასწავლებელი ქეთკას, როცა დაფასთან ამოცანას შეცდომით ხსნის. გეგონება ამით რამე შეიცვლება და დაუფიქრებელის ნაცვლად, დაფიქრებულ სისულელეს არ დაწერს დაფაზე. მე კი, თუ რამე შემეშალა, დედაჩემზე გაბრაზებული, მაშინვე მეცემა და დამიღრიალებს, „ოოჰ, ვერ ვხსნით სწორად თუ რაშია საქმე?“. ამ დროს ბავშვებიც აჰყვებიან, - ალბათ ჭამით გაერთო და ყურადღება მოადუნა. მათემატიკის მასწავლებელს ცინარი ჰქვია, ხშირად თავს იწონებს მუდამ მოცინარი სახის გამო დამარქვეს მშობლებმა სახელიო. ცინარი მე მოცინარი არ მინახავს და მოღრიალეს კი ვხედავ ყოველ დღე სკოლაში. ხანდახან მგონია ეს საქმე ისე მოსწონს, საღრიალო რომ არც ჰქონდეს, მიზეზს ძალით გამოქექავს. თავის გატრიალების საშუალებას არ მაძლევს, სულ თვალებში ყურებას ითხოვს. გეგონება ყურები არ მაქვს და მისი ახსნილი გაკვეთილი თავში მხოლოდ თვალებიდან შემდის. დედაჩემის დამსახურებით, მათემატიკა ყველაზე კარგად ვიცი. ამიტომ საკონტროლოზე კიდევ უფრო მეტი ტრუპკიდან ნასროლი ქაღალდის ტყვიები მხვდება, მაგრამ მაინც არ ვტრიალდები. ამ დროს ამოცანების პასუხები აინტერესებთ. და აი საკონტროლოზე პარალელურ კლასს გვიერთებენ. მასწავლებელი ყველას ადგილებს გვიცვლის და არეულად გვსვამს. ჩემ უკან იკა ხვდება. სიჩუმეს მარტო მასწავლებლის ფეხის ხმა არღვევს, რომელიც რიგებს შორის მელასავით დასუნსულებს და ერთი სული აქვს ვინმეს რამე წაართვას ან გადალაპარაკებისთვის კლასიდან გააგდოს. გაშეშებული, თავს გვერდითაც ვეღარ ვატრიალებ. ამ დროს, მხარზე ვიღაც ხელს მარტყამს. „ეე, პასუხები გააქვს?“ მეკითხება და ვხვდები, რომ იკაა. ისიც არ იცის რა მქვია, მაგრამ კიდევ კარგი არ იცის. დიდხანს ვფიქრობ შევიმჩნიო თუ არა „ეე“, მაგრამ ბოლოს უარს ვერ ვეუბნები. ბოლოს და ბოლოს პირველად დამელაპარაკა. მთელი ტანით გვერდზე ვჩოჩდები და რვეულს თავს ოდნავ ზევით ვუწევ, რომ ჩემი პასუხები დავანახო. - ჯიგარი ხარ, - მეუბნება დაბალ ხმაზე იკა. ხმაც რა კარგი ჰქონია. ზარის დარეკვამდე იმაზე ვფიქრობ რა კარგი სიტყვაა „ჯიგარი“. საღამოს იკა და ცხენები ეზოს გასასვლელში მხვდებიან.- ვაა პონჩიკ მიდიხარ უკვე, - მეძახიან ცხენები. თავი ისე მიჭირავს, თითქოს არაფერი გამიგია. კიდევ უფრო ვბრაზდები იმაზე იკას თანდასწრებით რომ მეძახიან პონჩიკას, მაგრამ ამ დროს იკას ხმა მესმის - „მაგარი ჯიგარია“. ჩემზე ბედნიერი არავინაა და ყურებამდე პირგახსნილი მივრბივარ სახლისკენ. მეორე დღეს პირველად მიხარია სკოლაში მისვლა. იქნებ კიდევ გამომელაპარაკოს. მათემატიკის მასწავლებელი მასალას განმეორებით ხსნის, საკონტროლო ხელახლა ბევრს ექნება დასაწერი. მერე ნიშნებს აცხადებს. ჩვენს კლასში მე და ქეთკას არც ერთი შეცდომა არ გვაქვს. ვერაფრით ვხვდები, როგორ მოახერხა თავისი ციცრის ტვინით რომ ერთი შეცდომაც არ დაუშვა. შესვენებაზე რეზინობანას ვთამაშობთ. სხვები ხტუნაობენ, მე საკიდივით თითქმის სულ ვდგავარ, თან ფეხზე რეზინგამობმული. ერთი სული მაქვს როდის შეეშლებათ, რომ ჩემი ხტუნაობის რიგი მოვიდეს, მაგრამ ჩემი ჯერი არასოდეს დგება. ხტუნაობითაც სხვებს ვერ ვჯობნი. მხოლოდ „პეპლები“ გამომდის კარგად, ისიც იმიტომ რომ „პეპლებში“ კოჭამდე რეზინზე უნდა იხტუნაო და აქ მთავარი სიზუსტეა. მერე უფრო რთულდება, როცა წელის სიმაღლეზე წევენ რეზინს, იქაც ხან გამომდის გადახტომა, ხან არა. ბოლოს კისრამდე რომ წევენ, იმას ვერაფრით ვახტები. ქეთკა თავის სიმაღლეზე გაჭიმულ რეზინებს ზემოდან კალიასავით აფრინდება და თმებს აქეთ-იქით აქნევს. მთელი სკოლა ჩერდება ამის საყურებლად. ზარის დარეკვამდე ქეთკა ამაყად ჰყვება როგორ გადააწერინა იკამ მათემატიკის საკონტროლოს პასუხები. ცრემლების შეკავება უკვე ჩემი მეთოდითაც მიჭირს. ჩემი ამოხსნილი ამოცანის პასუხები იკამ ქეთკას მიართვა. აღარ მინდა „ჯიგრობა“. გადავწყვიტე ამიერიდან აღარ ვიყო „ჯიგარი“. მეგობრობის დღიური ყველას აქვს. მეც მაქვს, მაგრამ არავინ მივსებს და ამიტომ თითქმის სულ ცარიელია, ორი „არაფრისმთქმელის“ შევსებულს თუ არ ჩავთვლით. არც მე მთხოვს ვინმე შევსებას. ბოლოს როგორც იქნა თიკა მავსებინებს. თიკაც „არაფრისმთქმელების“ სიიდანაა. ბევრ კითხვას პასუხს ვერც ვცემ, მაგალითად: შენი საუკეთესო მეგობარი? ან შენი შეყვარებული. კითხვაზე „ვის გინდა ჰგავდეს შენი შეყვარებული?“ ვწერ - ტომ კრუზს. მერე თიკაც ავსებს ჩემს დღიურს. მიხარია, უკვე სამი კლასელის შევსებული მექნება. ბოლო კითხვაზე „რას ფიქრობ ჩემზე?“ მიწერს: „მგონია, რომ ოდესმე გახდები ან შენნაირ პონჩიკას იპოვი და ის შეგიყვარებს“. მინდა ეს ფურცელი ამოვხიო და ნაკუწებად ვაქციო, მაგრამ მერე ისევ ორი შევსებული დამრჩება. არა უშავს, ამას ისევ ორი ჯობია მქონდეს. მეორე დღეს კლასში ყველამ იცის ტომ კრუზის ამბავი. თიკამ ყველას მოსდო. კიდევ კარგი ის მაინც არ იციან, რომ საწოლის თავთან, მთელ კედელზე ტომ კრუზის პლაკატი მაქვს გაკრული, რომელსაც ხანდახან ჭიკარტები ძვრება და თავზე მემხობა. სახლში გაბრაზებული ვბრუნდები, ჩემს ოთახში შევდივარ და ტომ კრუზს სკოლის ამბებს ვუყვები. ის, როგორც ყოველთვის, გაჩუმებული მისმენს, მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებს, ვგრძნობ ჩემი ესმის. მერე უჯრიდან ფერადწარწერებიან ბლოკნოტს ვიღებ და იმ დღესვე მივათრევ თიკას არაფრისმთქმელებიდან ბოროტების სიაში. როგორც იქნა მერის ჩვენთან ახალი გოგო შემოჰყავს. მერი ჩვენი დამრიგებელია. კარგი ქალია, უსამართლობა არ უყვარს და ერთადერთია მთელ სკოლაში, ვინც ბავშვებს დაცინვას უშლის. „შეწყვიტეთ თავსიცილი“, ამბობს მერი და ამ სიტყვაზე მეც კი მიჭირს თავის შეკავება. არადა რა მაცინებს. მძულს „თავსიცილი“, რომელიც ყველაზე მეტად ართობს ჩემს კლასელებს. - მაშო ლტოლვილია, ჩვენთან გააგრძელებს სწავლას და აბა თქვენ იცით როგორ მიიღებთ - გვეუბნება მერი. გულში მეცოდება მაშო ამდენ ცხენებში და ციცრებში. ლტოლვილი არ ვიცი რა არის, მაგრამ კიდევ ეს რომ ვიკითხო ამაზე დაიწყებენ ჭიხვინს. გეოგრაფიის საკლასო ოთახში შევდივარ. აქ მთელ სკოლაში ყველაზე დიდი რუკა უზარმაზარ კედელზეა გადაჭიმული. რუკას ვათვალიერებ და ლტოლვილეთის ქვეყანას ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. ასეთი არც ქალაქია და არც ქვეყანა. ვერაფრით ვიგებ საიდანაა მაშო, მაგრამ, საიდანაც არ უნდა იყოს მომწონს. კეთილად იღიმის და გრძელი წამწამებიდან ფრთხილად იყურება. ეტყობა მასაც ეშინია ცხენების და ციცრების. ექსკურსიაზე, ავტობუსში მაშოს გვერდით ვხვდები. უფრო სწორად თავს ვიხვედრებ. ავტობუსში ასვლისთანავე ისე ვჯდები, რომ ორი სკამი დავიკავო, მერე მაშო რომ ამოდის, ერთ სკამზე ვიწევი და მეორეს ვუთავისუფლებ. მაშო მოცუცქნულია, დიდი ფუმფულა თმებით. - პონჩიკ არ მიაჭყლიტო, - მეუბნებიან ცხენები და რა თქმა უნდა ციცრები სიცილს აყოლებენ. მე და მაშო მთელი გზა ვლაპარაკობთ, ყველაფერს მიყვება თავის თავზე და ქალაქზე.ისტორიის მასწავლებელი მძღოლს ხშირად აჩერებინებს. ყველაფერს გვიხსნის, გვათვალიერებინებს და გაუჩერებლად ლაპარაკობს. მერე ეკლესიის ირგვლივ დაგვატარებს და სვეტიცხოვლის ამშენებლის მკლავს გვაჩვენებს. - პონჩიკ ნეტა შენზე დიდი მკლავი ჰქონდა? - მეკითხება ყველაზე მაღალი ცხენი.- წმინდა ადგილას ასეთი ხუმრობა არ შეიძლება, - ამბობს მასწავლებელი. პირველი შემთხვევაა, როცა შენიშვნას აძლევს, თან ხუმრობას და დაცინვასაც ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან. ცხენის სიტყვების გამო ამშენებლის მკლავთან ერიდება და ამ დროს მე რას ვგრძნობ არ აინტერესებს. აღარ მინდა აქ გაჩერება, შიგნით შევრბივარ, მაგრამ იქ ძალიან ცივა. მეორე კარიდან ვაპირებ გასვლას, რომ იმათ აღარ გადავეყარო. შიგნით არავინაა, მაგრამ უცბად მაშოს ვხედავ. გაუნძრევლად დგას. მეც მივდივარ და გვერდით ვუდგები, ლაპარაკს ვუწყებ. - აქ რას აკეთებ? - რაღაცას ვთხოვ, შენც შესთხოვე.- ვის, ხაატს?- ჰო, რაც ძაან გინდა.- ოქროს თევზი ხომ არ არის?- თვალები დახუჭე და ისე შესთხოვე.- კარგი, - ვეუბნები და მეც მაშოსავით ვხუჭავ თვალებს.გარეთ გამოვდივართ. ყველა ცხენი და ციცარი უკვე ავტობუსშია ასული. მასწავლებელი ჩვენ გვეძებს.- სად იყავით ამდენი ხანი?- ვათვალიერებდით, - ვეუბნები გაკვირვებული.- დათვალიერების დროა? გავდივართ უკვე. რა უცნაური ქალია, დასათვალიერებლად არ წამოგვიყვანა ვფიქრობ ჩემთვის, მაგრამ ავტობუსში უსიტყვოდ ავდივარ.- რა სთხოვე? - მეკითხება მაშო ავტობუსში.- ვთხოვე რომ გამხდარი ვიყო.- ეგ რა სურვილია?- შენ არ მითხარი რაც გინდა ის სთხოვეო?- ჰო, მაგრამ გამხდრობა შენითაც შეგიძლია.- აბა რა უნდა მეთხოვა?- ისეთი უნდა სთხოვო, რომ შეწუხებად ღირდეს.- და შენ რა სთხოვე?- მე ჩემიანების კარგად ყოფნა ვთხოვე, კიდევ არავინ რომ არ კვდებოდეს, კიდე სახლში დაბრუნება ვთხოვე.- ჰოო, - ჩავილაპარაკე ჩემთვის და იმაზე დავფიქრდი, რომ ჩაფიქრებული სურვილი მხოლოდ საუკეთესო მეგობარს შეგიძლია გაანდო. ესე იგი მე და მაშო ერთმანეთს ვენდობით. სახლში შესვლისთანავე ფერადწარწერებიან ბლოკნოტს ვიღებ, სადაც ჩემი კლასელების სია ორ განაყოფიან სვეტში მაქვს დახატული. მესამე სვეტს ვამატებ და შიგნით მაშოს სახელს ვწერ. სვეტს თავზე ვაწერ „მეგობრები“. სასწავლო წელი ისე გადის აღარავის დავათრევ აქეთ-იქით ბოროტების და არაფრისმთქმელების სიებიდან. აღარც მათი ჭიხვინის ხმები მესმის. ცრემლების შეკავებასავით გამოვიგონე წაყრუების ხერხი. ზაფხულის არდადეგების გასვლას მოუთმენლად ველი. მინდა მაშო მალე ვნახო. იმდენი მოსაყოლი დამიგროვდა. აგარაკიდან თბილისში ვბრუნდებით. დედა გზაში თავს შეუძლოდ გრძნობს და მამა ანანურთან მანქანას უჩერებს. ტბას გავცქერი და დაბლა ეკლესიას ვხედავ. დროს არ ვკარგავ და დაბლა ჩავრბივარ. მაშოს ხატს ვპოულობ, წინ ვუდგები და თვალებს ვხუჭავ. მგონი დახუჭული უკეთ გამოდის სურვილის ჩაფიქრება.- აღარ მინდა გახდომა, მე თვითონაც გავხდები.- მადლობა, რომ მეგობარი გამომიგზავნე.- მინდა ჩემები კარგად იყვნენ.- სუნიანი საშლელები მინდა.- ფერადი წინდები მინდა.- თასმებიანი სარაფანი მინდა.- ჩემი მეგობრის სახლში დაბრუნება მინდა. ჯოია... არასოდეს მიმგზავრია თვითმფრინავით. ისე კი სულ ვოცნებობდი, ოდესმე თბილ ქვეყანაში გამგზავრებაზე. ღრუბლებს ზემოდან რომ მოვექცეოდი, ილუმინატორის ფანჯრიდან გამეხედა, ლივლივა ზღვის და სიმეტრიულად დაზოლილი მიწის თავზე მეფრინა, დაშვების წინ სარკეში ჩამეხედა, ტუჩსაცხი წამესვა, თმები გამესწორებინა და გასასვლელისკენ გავქცეულიყავი. იქ დამხვედროდა ის, ვინც ჩამომსვლელების მოლოდინში მოუსვენრად დადის და მგზავრებში ჩემ ამოცნობას მოუთმენლად ელის. ფილმებში ეს ჩემი საყვარელი სცენა იყო, რა დროსაც მთავარი გმირის ადგილას ხშირად ჩემს თავს წარმოვიდგენდი ხოლმე. როგორც იქნა, ბევრი წლის ლოდინის შემდეგ, მეც მივიჩქარი გასასვლელისკენ. აეროპორტში დაკარგვის შიში მაქვს და ჩემი რეისის მგზავრებს ადევნებული, ბარგის სწრაფად აღებას ვცდილობ. ატრაქციონზე შემომსხდრებივით, წრეზე მოტრიალე ჩემოდნებში ჩემს სამბორბალას ვხედავ, სწრაფად ვეჭიდები, ვიღებ და ისე მივაგორებ, რომ კოჭლობა დიდად არ დაეტყოს. ისე რომც შეეტყოს, აქ ვინ მიცნობს, რომ ჩემი ჩემოდნის დარდი ჰქონდეს. გასასვლელში გავდივარ და აქ სრულდება ჩემი რომანტიკული ფილმი. ჩემს ცხოვრებისეულ კინოს სულ სხვანაირი სცენარი აქვს. ჩემი დამხვედრი, ახლახან ინსულტგადატანილი, მოხუცი იტალიელი ქალბატონის მძღოლია. ჩემი სახელი არასწორად უწერია სანიშნეზე - NINE SIKHARULIDZE და, როგორც მაშო იტყოდა, კბილებგადმოყრილი მიცინის. მძღოლს ჩემოდნის ხრიგინით ვუახლოვდები. მანქანამდე ძლივს მიაქვს ჩემი სამბორბალა, საბარგულში დებს და მივყავარ იქ, საიდანაც კვირაში მხოლოდ ათი საათით მექნება გამოსვლის უფლება. ესეც 30 წლის თავზე ჩემი პირველი მოგზაურობა. ... რიმინი ზღვისპირა ქალაქია, ფედერიკო ფელინის ქალაქი, სადაც კინოს ლეგენდა დაიბადა. იტალიაში მოგზაურობა ხელოვნებათმცოდნისთვის საინტერესო თავგადასავალი იქნებოდა, აქ სხვა მიზნით რომ არ ვიყო ჩამოსული. დედის ოპერაციის გამო აღებული სესხის გასასტუმრებელი თანხა უნდა დავაგროვო. მძღოლს დანიშნულების ადგილას მივყავარ. ქალბატონი პერლას სახლი ზღვასთან ახლოს დგას. მცირე მონაკვეთს ფეხით გავდივართ და შავ ჭიშკართან ვჩერდებით. პატარა ეზოს დაბალი, ნახევრად ღია ღობე აქვს შემოვლებული, სახლის აივანს კი ირგვლივ იშვიათი ფერის ქოთნის ყვავილები გასდევს. ეზოში შესასვლელ კარს ზარის ღილაკთან მეპატრონის სახელი და პროფესია აწერია, ისევე როგორც ამ ქუჩის ჩაყოლებაზე ყველა სხვა სახლს, რაც მაკვირვებს. ვხვდები, რომ წესია ასეთი, თან ამ სახლის მეპატრონეს იტალიელებისთვის განსაკუთრებით საამაყო პროფესია აქვს. სახლსაც ასე აწერია - დანილო მანფრონი. ინჟინერი. დანილო ქალბატონი პერლას შვილია. გულს მიხეთქავს იმაზე ფიქრი, რომ აქამდე მოცემული თანხმობის მიუხედავად, შეიძლება შეხვედრისას დანილომ დამიწუნოს. დანილო ხმაურით გამოდის აივანზე და ისეთ ქარიშხალს აყენებს, გეგონება ერთი კი არა რამდენიმე ადამიანი დადის და საუბრობსო. ნინოოოო, - ძველი ნაცნობივით მეძახის და ხელის ჩამორთმევისას არ ერიდება დაკვირვებით შემათვალიეროს. - ახლა უკვე მჯერა, რომ ქალბატონი ხართ, სააგენტოს ვუსაყვედურე კაცს რატომ მთავაზობთ, მე ხომ ქალი მოვითხოვე-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენს ქვეყანაში ეს ქალის სახელია, რას არ გაიგებ.- სი, სი - ვეთანხმები ჩემი ნაუცბადევად ნასწავლი იტალიურით.- ვინმეს მამაკაცი რომ არ ეგონო მოდი ნინეს დაგიძახებ, - მეუბნება ინგლისურად და ახლაღა ვხვდები, რომ სანიშნეზე შეცდომით დაწერილი სახელი შემთხვევითობა არ ყოფილა. სათამაშოსავით ერთ წუთში სახელი გადამარქვა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ღიმილით ვეთანხმები სახელის შერქმევას. - ყველას ასეთი გრძელი გვარი აქვს თქვენთან? რამეს ნიშნავს? პასუხსაც არ ელოდება, ისე მაყრის კითხვებს.- სიხარულს, - ვპასუხობ ღიმილით.- რას ამბობ გვარად სიხარული ხარ, მაშინ ჯოიას (gioia) დაგიძახებ, - არ ვიცი ეს როგორ მივიღო, უცბად მიშინაურდება თუ არაფრად აგდებს რას დამიძახებს ნინეს თუ ჯოიას. ჩემი გვარ-სახელის გარჩევის შემდეგ, დანილო საქმეზე გადადის. - ძალიან გამხდარი ხარ, შეძლებ შენზე დიდი წონის ქალის აწევას, დაბანას? - ძალა მაქვს, ბავშვობაში სინქრონული ცურვის ჩემპიონატში მეორე ადგილიც მაქვს აღებული.- კარგი, ვნახოთ, იმედია შეძლებ. არა დედაც გამხდარი ქალია, არ შეშინდე. დედას დემენციის ნიშნები ერთი წელია დაეწყო, პერიოდულად მეხსიერებას კარგავს. სულ ახლახან ინსულტი გადაიტანა და რეაბილიტაცია სჭირდება. რეაბილიტოლოგი გასწავლით როგორ ავარჯიშოთ. თქვენზე იქნება, მოვლა, დაბანა, კვება, რა თქმა უნდა სეირნობა და საუბარი.- ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული - ვამბობ და წინადადებებს იტალიურად ისეთი მონდომებით ვაკოწიწებ, რომ ჩემი უპრობლემოდ ესმის. როგორც აღმოჩნდა პერლას საუბარიც უჭირს. ჩემგან მოელიან რომ გამართულად ავალაპარაკებ ქალს, რომლისგანაც თავად ვაპირებდი იტალიურის სწავლას. აღარ ვიცი ჩვენ ორში რომელს უფრო აქვს სწრაფად ალაპარაკების შანსი. დანილო ყველა წამლის მიღების დროს მაწერინებს. მეუბნება, რომ მძღოლი კვირაში ერთხელ პროდუქტებს მოიტანს, თუ დამატებით რამე დამჭირდება შემიძლია იქვე მიყუდებული კალათიანი ველოსიპედით გავიდე საყიდლად. თავად კი რამდენიმე თვით სხვა ქალაქში მოუწევს ცხოვრება, ვიდრე მისთვის მნიშვნელოვან პროექტზე არ დაასრულებს მუშაობას. ამ პერიოდში კი, კვირაობით, ჩემი დასვენების საათებში მოინახულებს დედას. მეჩვენება, რომ იტალიელებისთვის ზედმეტად პედანტური სიზუსტით გაწერილი გრაფიკი აქვს. დანილო ენის ცოდნას მიწუნებს, მაგრამ ვპირდები, რომ ყოველდღიურად გავაგრძელებ მეცადინეობას. ენაც რომ გამართულად ვიცოდე და სამუშაოს უფლებაც მქონდეს, გაცილებით მეტის გადახდა მოუწევდა ჩემთვის. ახლა კი ამიტომ მიხდის თვეში ათას ორას ევროს სადღეღამისო სამუშაოში.- დროა დედა გაგაცნო, - მეუბნება დანილო და დედის ოთახისკენ მივყავარ. ქალბატონი პერლა ოთხმოცი წლისაა. ოთახში სპექტაკლების აფიშები, ფოტოები, კოსტიუმების ესკიზები, რეკვიზიტები და ამოჭრილი ჟურნალ-გაზეთები მხვდება. დანილოსგან ვიგებ, რომ პერლა ოპერის თეატრის მხატვარი იყო. - ეს ჯოიაა, - ეუბნება დანილო პერლას. ის შენზე იზრუნებს, მოგივლის და შენი საუკეთესო მეგობარი გახდება. - მეგობრები მყავს. ახალი არ მჭირდება, - სიტყვებს გაჭირვებით გამოთქვამს პერლა, მაგრამ იმ ტემპში ლაპარაკობს, რომ გაგება უფრო მიადვილდება. - აი ნახავ მალე საერთო ენას გამონახავთ, - ამშვიდებს დანილო. ***- დე, როდის ჩამოხვალ? - ტელეფონით მეათედ მეკითხება მაშო.- მალე.- მალე როდისაა? ძალიან მალეცაა და ისე რა მალეც.- მე ისე რა მალე ჩამოვალ.- მარიკა ბებო ყველას დედაჩემი ჰგონია.- მერე რა, უფრო გაუკვირდებათ სიმართლეს რომ გაიგებენ.- არ ვიცი, როდის გაიგებენ?- როგორც კი ჩამოვალ, მაშინვე მოვალ სკოლაში.- მოდი გავითვალოთ და თუ მე მოვიგებ, უფრო მალე ჩამოდი.- როგორ გავითვალოთ, ხელს რომ ვერ დამარტყამ?- რამდენ სიტყვასაც იტყვი, თან დააყოლე რომელი ხელია.- კარგი, დაიწყე. - წეროები. - მიფრინავენ. - სად? - შორს. - რამდენი?- ამ კითხვაზე მაშო ყოველთვის ჩუმდება, ცდილობს ისე გამოთვალოს, რომ თავად დარჩეს გათვლაში მოგებული, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდის, ამჯერადაც არ გამოუვიდა.- დე, მაინც რამდენია ისე რა მალე?- წელიწადი, რომ ვალის გადასახდელი ფული შევაგროვო და ცოტა ჩვენთვისაც დაგვრჩეს. *** კვირას დასვენების დღე მაქვს, უფრო სწორად დასვენების ათი საათი. სანაპირო ახლოს მაქვს და ერთი სული მაქვს ზღვაზე გავიდე. თან ვორჭოფობ, იქნებ ძველ ქალაქში ჯობდეს წასვლა, ფელინის მუზეუმის მონახულება, მაგრამ ჯერ ხელფასიც არ ამიღია და დანაზოგის დახარჯვა მაშინებს. ზღვაზე კი ფული არ დამჭირდება. ქუჩაში ფეხით მოსიარულეებზე მეტი ველოსიპედიანი და სქროლიანი ხალხი დადის, თავიანთ ზოლში ძლივს ეტევიან და მეშინია რომელიმემ არ გამიტანოს. სარაფნის ქვეშ „კუპალნიკი“ მაცვია, უფრო სწორად საცურაო კოსტიუმი, დედაჩემი გაგიჟდებოდა „კუპალნიკი“ რომ გაეგო. ზღვის გამოჩენისთანავე სარაფნის ღილებს ვიხსნი და ერთი სული მაქვს ახლოს მივიდე. ოცდაათ ევროდ ქოლგას და დასაწოლს მთავაზობენ. უარს ისე გადაჭრით ვეუბნები, ჰგონიათ დასაწოლი ზოლი არ მომწონს და უკეთეს ადგილს ორმოც ევროდ მირჩევენ, მაგრამ ისევ ცივი უარით ვისტუმრებ. გამაფრთხილეს იტალიაში ქურდობაა და ნივთები არ დატოვოო, მაგრამ ზღვაში ჩანთით და მობილურით ხომ არ შევალ. არადა ისე მინდა. სანაპიროს ვათვალიერებ და შეზლონგზე წამოგორებულ ბავშვიან ქალებთან მივდივარ, ტელეფონს და ჩანთას ვაწვდი, ვთხოვ ზღვაში შევალ და ხუთ წუთით დაიტოვეთ-მეთქი. უკმაყოფილო სახით მპასუხობენ სხვის ჩანთას ვერ დავიტოვებთო. ბოლოს ჩანთას გავარვარებულ, ოქროსფერ ქვიშაზე ვდებ, ზემოდან ჩემს სარაფანს ვაფარებ და ზღვაში შევდივარ. ქვიშიანი ფსკერი რაღაც სრიალა და უსიამოვნო ზედაპირით იცვლება და ვხვდები წყალმცენარეებია, ალბათ ზღვასაც ამიტომ აქვს მუქი მომწვანო ფერი. ვცდილობ შორს არ გავცურო, რომ ჩანთაზე მეჭიროს თვალი, მაგრამ წყალმცენარეებს მინდა მოვშორდე. ღრმად შევდივარ, მაგრამ ფეხზე დადგომისას წყალი ისევ კისრამდე მწვდება. ამიტომ უფრო შორს მივდივარ, ზღვა ისე მიტაცებს, ყველაფერს მავიწყებს და გამოსვლა მაგვიანდება. ზღვიდან ამოსული ჩემს ნივთებს ვერ ვხედავ და გული მისკდება. წარმოვიდგენ როგორ მეკარგება ტელეფონი და მასთან ერთად, ერთადერთი კავშირი მაშოსა და დედასთან. თვალებიდან ბინდი მალე გადამდის და ჩემს ჭრელ სარაფანს ვხედავ. ვხედავ თუ მეჩვენება? ნივთები ადგილზეა, ათი წლის ჩანთას ისე ვიკრავ გულში, როგორც მშობელი ომიდან დაბრუნებულ შვილს. ვის რაში სჭირდება ჩემი ნივთები, მაგრამ ძალიან შევშინდი. მესენჯერი სავსე მაქვს გზავნილებით. აქამდე ვერ მოვახერხე ნახვა, ქვიშაზე გავწვები და ყველას ვუპასუხებ. ნეტავ ვინმე ისე მოსაკითხად მწერდეს, ჩემგან არაფერი რომ არ სჭირდებოდეს, ფულის სესხება ან მოსავლელად კარგი პირობების და მოხუცის მოძიება. არა ვტყუი, მყავს ასეთი ადამიანი. დედაჩემი ერთადერთია, ვისაც არასოდეს არაფერი უნდა ჩემგან, პირიქით თუ რამე სჭირდება, მიმალავს. დედა ფილოლოგია. სკოლაში, ქართულის მასწავლებლის ხელფასით რომ ვეღარ შეძლო ოჯახის რჩენა, ნამცხვრების ცხობა დაიწყო, რაც ყოველთვის კარგად გამოსდიოდა. კერძო შეკვეთებს იღებს და ასე უფრო იოლად გაგვაქვს თავი. ფილოლოგობას მაინც ვერ თმობს, ყველას ქართული ენის ცოდნას უწუნებს და მისდა უნებურად საუბარს უსწორებს. ყველაზე მეტად სძულს, როცა ურეკავენ და ეუბნებიან - „მე თქვენი კლიენტი ვარ“. მაშინვე უსწორებს - „აა დამკვეთი ხართ?“ ან კიდევ „მთელი ლისტი არ მინდა, შტუჩნები გამიკეთეთ გლაზურით“, - ამაზეც თხოვნით პასუხობს - „ნაჭრებად გავაკეთებ მინანქრით, ოღონდ გლაზური და ლისტი აღარ დაუძახოთ“. ხშირად ვეხუმრები მცხობელ-პედაგოგი ხარ და ასე თუ გააგრძელებ, დამკვეთებს დააფრთხობ და დაკარგავ-მეთქი, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის. დედასთან დავტოვე ექვსი წლის მაშო, რომელიც წელს პირველად წავიდა სკოლაში. მაშოს მამა თბილისშია, მაგრამ ალბათ თავისი მბრძანებელი მეორე ცოლისგან ვერ იღებს ნებართვას ბავშვს სკოლაში მიაკითხოს. *** პერლას დაბანა, ჩაცმა, საუზმე, სადილი, ვახშამი, გართობა, თამაში ისე ენაცვლება ერთმანეთს რომ ბალიშზე თავი დადებული არ მაქვს, მეძინება. ძილითაც ფხიზლად მძინავს. ყოველ ერთ საათში ვამოწმებ როგორაა, კარს ღიას ვტოვებ, პირველივე დაძახება უნდა გავიგო, თუ არადა დააჭერს პერლა ხელს საწოლის თავზე მიმაგრებულ ზარს და აღარასოდეს აუშვებს. ამ დროს მგონია, რომ სახანძრო სიგნალიზაცია ირთვება და სასწრაფოდ შენობა უნდა დავტოვოთ. ერთი წელი ამ რეჟიმში გატარება წარმოუდგენელი მგონია. ერთ კვირაში ისე დავიღალე, მგონია, კვირა დღის დადგომამ სულზე მომისწრო. ზღვა მამშვიდებს, დასვენების საათების გატარებასაც აქ ვაპირებ. ცურვით რომ გულს ვიჯერებ, ღია საშხაპეში წყალს ვივლებ, მზეზე ვშრები, ტანსაცმელს ვიცვამ და ძველი ქალაქისკენ ვიღებ გეზს. პიაცა მალატესაზე ჩემს წინ აქამდე მხოლოდ ბუკლეტის ფოტოზე ნანახი ფოტო ცოცხლდება და ფელინის მუზეუმს ვუახლოვდები. შესვლა რვა ევრო ღირს, მაგრამ ხელფასის აღებას დაველოდები, გარშემო წრეს ვუვლი, თან არ მინდა ახლავე ვნახო, დიდხანს უნდა გავიხანგრძლივო ამ სიამოვნების მოლოდინი. გამაგრილებელ სასმელს ვყიდულობ და სახლიდან წამოღებულ კრუასანს ვაყოლებ. საფულეში სულ ათი ევრო მაქვს. კორნიჩელოს გულსაკიდს ვუყიდი მაშოს, რომელზეც ყოველი დარეკვისას მელაპარაკება. ვუყიდი და გავუგზავნი, არა ვინმეს გავატან, გაგზავნა ძვირი დამიჯდება. მუზეუმში კი სხვა დროს შევალ, უფრო დიდი ხნით, პირველ ხელფასს რომ ავიღებ მერე. ***პერლა თამაშს მთხოვს.- briscola? ვეკითხები და სასწრაფოდ კარტის გამოსაღებად ვაღებ უჯრას.- არაააა- Scopa?- არა- აბა რა? - შევკეროთ.- რა უნდა შევკეროთ?- კატერინას კაბა ან ჯესიკასი, აღნაგობა ორივეს შენი აქვს.- ვინ არის კატერინა ან ჯესიკა?- კატერინა, პეტრუჩიოს კატერინა, - მეუბნება და თვალით აფიშაზე მანიშნებს. ახლაღა ვხვდები, კედელზე დიდი ასოებით წერია „ჭირვეულის მორჯულება“, „ვენეციელი ვაჭარი“. რა დავაშავე, მათი კოსტიუმების შექმნას მთხოვს. - რით უნდა შევკეროთ, არაფერი გვაქვს, არც ნაჭერი, არც ძაფი, თან მე კერვაც არ ვიცი.- ჯერ დავხატოთ.- არც ხატვა ვიცი პერლა.- მე გასწავლი და დახატავ. პერლას კარნახით გაუგებარი აგებულების კაბას ვხატავ. მაშოზე უარესი ნახატი გამომდის. პერლა ამის დანახვაზე ხელებს ასავსავებს, თავიდან მიბრძანებს დახატვას და კივილს იწყებს. კივილზე მძღოლი შემორბის, პერლას ძლივს ვამშვიდებ და საწოლისკენ მიმყავს. - უხელო, უნიჭო, - მიძახის გაუჩერებლად და თან საწოლისკენ მომყვება. დამამშვიდებელს ვაძლევ და მალევე იძინებს. ხუთ წუთში დანილო მირეკავს. მაბეზღარა მძღოლმა, რომელმაც პროდუქტების დასატოვებლად, სულ ათი წუთით შემოირბინა დანილოს პერლას ჩხუბის ამბავი შეატყობინა.- მეგონა საერთო ენას იპოვიდით, როგორ მოახერხე დედასთვის ნერვების ასე მოშლა?- მეკითხება დანილო.- დამიჯერეთ, ისეთი არაფერი მომხდარა, - ვეუბნები და ტირილს ძლივს ვიკავებ, ხმა მებზარება.- დედა პრეტენზიულია, მაგრამ ამ ზომამდე როგორ მივიდა თუ არაფერი მომხდარა?- უბრალოდ კაბის დახატვას და შეკერვას მთხოვს, ვცდილობ, მაგრამ მისი მოსაწონი არ გამომდის, - ვეუბნები გამწარებული, რაზეც დანილოს სიცილი სკდება.- ახლა ყველაფერი გასაგებია. კარგი, არ ინერვიულო. ეცადე სხვა გასართობებით გაართო. არასოდეს მოეწონება სხვისი შექმნილი, მით უმეტეს შენი.- ვცდილობ, მაგრამ არ მიჯერებს. *** ერთი კვირა ისე გადის პერლას არც ესკიზების ხატვა ახსენდება და არც კაბის შეკერვა. სამაგიეროდ ღამე ყოველ ორ საათში იღვიძებს და ხან მსახიობებს ეჩხუბება და ხანაც მეზობელს, რომელმაც მისი საყვავილეები მიითვისა. შუაღამით მთხოვს მეზობელს დავურეკო და საყვავილეების მოტანა ვაიძულო. დილით გაბრუებული ვიღვიძებ. ყველაზე მეტად უძილობა მასუსტებს. ჩემ გადასარჩენად ისევ კვირა დღე დგება და თავქუდმოგლეჯილი სანაპიროზე გავრბივარ. პერლასგან პირსახოცის წაღების ნებართვას ვიღებ, მაგრამ ღმერთმა უწყის ემახსოვრება თუ არა, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის ნაჭრის ჩანთაში ისე ღრმად ვდებ, რომ პერლას შეუმჩნეველი დარჩეს. პერლასგან წამოღებულ პირსახოცს ცხელ ქვიშაზე ვაფენ და ჩემი განცხრომა იწყება. პირსახოცდაგებული ისე ვეფიცხები მზეს, რომ შეზლონგიანებს ნიშნის მოგებით ვუყურებ. რამდენიმე დღეში პირველ ხელფასს ავიღებ, მომდევნო კვირას ფელინის მუზეუმში წავალ, მანამდე კი დღის პირველ ნახევარს ძველი ქალაქის დათვალიერებაში გავატარებ. თავს იმის წარმოდგენით ვირთობ როგორც გავატარებ მომდევნო კვირა დღის დასვენების საათებს. მერე გონებაში თერთმეტ თვეს ვახტები და ჩემი და მაშოს შეხვედრის სცენას წარმოვიდგენ. *** დღეს პირველი ხელფასი ავიღე. ას ევროიანებს ხან ყველას ერთი და ხანაც მეორე მხრიდან ვაწყობ. დანაზოგს ვინახავ და სახარჯოდ ჩემთვის ორმოცდაათ ევროს ვიტოვებ. უეცრად პერლას ყვირილი მესმის. Schizzo, - ამ სიტყვის გაგონებაზე ხელები მიკანკალებს. ყველაფერი თავიდან იწყება. პერლა მკარნახობს საიდან უნდა გავავლო ხაზი, გამოვიყვანო წელი, დავუშვა მხარი. ყველაფერს მონდომებით ვაკეთებ, მაგრამ პერლა ერთ ესკიზსაც არ მიმტკიცებს. უკვე მეხუთედ მახევს თავზე, გაცეცხლებულია, თან ყვირის: „არც ერი სწორი ხაზი, არც ერთი ნაკეცი. ჯიბე მაღლაა“. თავს ვეღარ ვიკავებ და ტირილს ვიწყებ, ვერ ვჩერდები. პერლა შეშინებული მიყურებს, მერე ხელს მადებს და მაწყნარებს.- დამწყები ხარ, მე გასწავლი. ნუ ტირი. - არ მინდა ამის სწავლა, აღარ შემიძლია ამის კეთება. ჩემს შვილთან მინდა, ჩემი ცხოვრებით ცხოვრება მინდა.ჩემდა გასაკვირად პერლა ისეთი ადეკვატური ხდება, როგორც არასდროს. მგონია გამოცვალეს. ჩემს დაწყნარებას ცდილობს.- როგორია შენი ცხოვრება? - ჩვეულებრივია, მაგრამ ჩემია.- მომიყევი.- რა მოგიყვე?- შენს შვილზე მომიყევი.- ექვსი წლისაა და ყოველ დღე ჩემ ჩასვლას ელის, მე კი აქ ვმუშაობ და ფულს ვაგროვებ, რომ ვალის გასტუმრება შევძლო.- ამ ხელფასით უნდა გაისტუმრო ვალი?- გავისტუმრებ, თუ მთელი წელი ვიმუშავებ. ცხრა ათასი დოლარი უნდა გავისტუმრო, დარჩენილით კი ჩემი პატარა ოცნება ავიხდინო. შეიძლება ვერც ავიხდინო.- ღმერთო, ასეთი რა ოცნება გაქვს დარჩენილი ფულით რომ აიხდენ?- ჩემი სახლი პირველ სართულზეა და ზედ ქუჩაზე გადის. სახლი დიდია, ორ ოთახს გამოვყოფდი და ნამცხვრების მაღაზიას გავხსნიდი. დედა კარგად აცხობს, მეც ვეხმარები. - რა კარგი ოცნებაა. იცი, მშვენიერია, როცა შეგიძლია იოცნებო.- რა არის მშვენიერი, მხოლოდ ოცნება რომ შეგიძლია? ნეტავ საოცნებოდ არ მქონდეს საქმე.- არა ჩემო კარგო, როცა ოცნებობ ესე იგი მიზანი გაქვს. თუ მიზანი გაქვს, ესე იგი სიცოცხლესაც აქვს აზრი.- მაპატიე პერლა. ყველას სიცოცხლეს აქვს აზრი.- ჩემს ასაკში და ასე? - პერლას ეცინება. - შეინახე სახატავები, მეუბნება მტკიცედ. - რატომ? კიდევ ვცადოთ.- შეინახე.- პერლა, შენზე მომიყევი.- მაშინ ჩემს ოთახში უნდა წავიდეთ, ჩემს შექმნილ კოსტიუმებს გაჩვენებ. თეატრის უმადურ ცხოვრებაზე მოგიყვები, ყველაფერი რომ მიაქვს შენგან და არაფერს გიბრუნებს. მერე მოიხედავ და შენი ლოდინით დაღლილი ქმარი წასულა, უფრო ადრე წასულა ვიდრე შენ შენიშნავდი. არც შვილს ვუთმობდი საკმარის დროს, ყოველთვის ვაკლდი და არ მეცალა. ახლა მცალია, მაგრამ ჩემთან აღარაა საინტერესო. - დანილო კარგი შვილია.- ჰო, მამას ჰგავს, ისიც ასეთი იყო, ყურადღებიანი და მზრუნველი, მაგრამ თავმოყვარედ მზრუნველი. მატეო ერქვა. მოდი ვისაუზმოთ და მერე გავაგრძელოთ.- მოდი, ოღონდ დამელოდე, ახლავე მოვალ, - ვეუბნები და დანილოსთან დასარეკად გავრბივარ. უნდა ვახარო, რომ პერლას მეხსიერება დაუბრუნდა. *** კვირა დღე დგება და როგორც იქნა ფელინის მუზეუმში მივდივარ. მუზეუმი ორ შენობას მოიცავს: მეთხუთმეტე საუკუნის ციხესიმაგრეს Castel Sismondo და მეთვრამეტე საუკუნის შენობას - Palazzo del Fulgor, რომელიც უკვდავყოფილია ფილმში „ამარკორდი“. ამ ორ სივრცეს კი ქალაქის მთავარ მოედანზე - Piazza Malatesta აერთიანებს, ასევე ფელინის შემოქმედების თემატური ინსტალაციებით. Palazzo del Fulgor-ში შესვლამდე, შენობის წინ, ნავში ჩასმულ მარტორქასთან ვიღებ ფოტოს, რომელიც ვალერიანო ტრუბიანმა ფილმისთვის E la nave va (And the Ship Sails On) შექმნა. კასტელ სისმონდოში თექვსმეტი ოთახი მაქვს მოსავლელი. შესვლისთანავე ჭერის სიმაღლიდან დაბლა დაშვებული უსწორმასწორო ფორმის თეთრი ჭაღისკენ გამირბის თვალი. მალე ვხვდები, რომ ჭაღი არ არის - ქაღალდის ფურცლების აცმაა, გიდის თქმით იმ ადრეული პერიოდის ნაშრომების სიმბოლო, როცა ფელინი სატირული მწერალი, ჟურნალისტი და კარიკატურისტი იყო. ჯულიეტა მაზინა, როგორც მასზე ამბობდნენ „პატარა ქალი, დაკარგული ლეკვის თვალებით“, ისეთი ცოცხალი მზერით მიყურებს, მგონია ალაპარაკდება. ყოველი მომდევნო ოთახი თითქოს ახალი თავგადასავალია. აქ სხვადასხვა ვიზუალური ეფექტის გამოყენებით, ბუნების მაგიურობასაც შევიგრძნობ. აქ მთვარეცაა, ქარიც, თოვლიც და რიმინის ზღვაც. ახალ ოთახში ვინაცვლებ და გვერდს ფრთხილად ვუვლი ანიტა ეკბერგის იატაკზე გაწოლილ უზარმაზარ მძინარე ფიგურას, კედელზე გადაშლილ დიდ ეკრანზე კი ტრევის ფანტანში ტანსაცმლიანად მისი ჩასვლის კადრები მიდის. წინ მივიწევ და ხის დაბალ სკამზე ვჯდები, რომელიც არაფრით იქნებოდა გამორჩეული რომ არა ნაჭრის საზურგეზე გაკეთებული წარწერა -F.FELLINI. მონიტორზე კი ერთმანეთს ენაცვლება მსახიობების და ფილმების კინოკადრები, რეჟისორის საყვარელი საკულტო მსახიობები, მარჩელო მასტროიანი მუქი შავი მზის სათვალით და ანუკ ემე ზედმეტად ქალური, ფრანგული ხიბლით. რა თქმა უნდა, აქვეა ცნობილი ადამიანების მდევარი ფოტოგრაფების საერთო სახელად ქცეული ვოლტერ სანტესოს პერსონაჟიც „პაპარაცო“. მუზუემში არც დამწყები მსახიობები დავიწყებიათ, რომლებიც ფილმებში მონაწილეობის იმედით ფელინის წერილებს სწერდნენ და არც იმ ადამიანების ჩანაწერები, რომლებიც მუშაობდნენ რეჟისორთან და თან ახლდნენ მას მთელი მისი კარიერის განმავლობაში. ისევ სამახსოვრო ფოტოსთვის ვჩერდები გადასაღებ მოედანზე გაჩერებულ, ფარებანთებულ ლურჯ ამწეკალათიან მანქანასთან. ცალკე ოთახს იკავებს რეკვიზიტები, კოსტიუმები, მათ შორის „კაზანოვადან“, რომელმაც დანილო დონატის მეორე ოსკარი მოუტანა. გიდი გვიყვება, რომ ფელინი თავადაც ქმნიდა ესკიზებს, განსხვავებულ ვარცხნილობებს, პერსონაჟების მაკიაჟს და მათ უამრავი ჯილდოების მფლობელ კინოდიზაინერებს პიერო ჟერარადის, დანილო დონატისა და დანტე ფერეტის უზიარებდა. ფელინის შემოქმედებაში განსაკუთრებულ კავშირს ფილმსა და მუსიკას შორის და თავად ნინო როტას ცალკე ერთი ოთახი ეთმობა. გასაოცარია წარმოსახვითი ბიბკლიოთეკა რეჟისორის შემოქმედებასა და ნამუშევრებზე, რომელსაც ხელის შეხებისთანავე გამოაქვს სასურველი წიგნი, მისი გარეკანი და მოკლე ანოტაცია. ცალკეა ფელინის ფოტოარქივიც. ფსიქოანალიტიკოსმა ერნსტ ბერნჰარდმა ფელინის ურჩია დაეწერა და დაეხატა თავისი წარმოსახვები, რომლის შედეგია ჩანაწერებით, ესკიზებით და ნახატებით სავსე გასაოცარი დღიური. მუზეუმიდან გამოსულს ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ოცნებების სამყაროში ვიმოგზაურე, სადაც ჩემს ბავშვობასაც შევხვდი, ოცნებებსაც და ფანტაზიებსაც... და რა თქმა უნდა, რეჟისორის მისტიკურ სამყაროს. ტყუილად არ უთქვამს „არაფერია ისეთი გულწრფელი, როგორც ოცნებაო“. მეც ყველაფერი დავიჯერე და გავიხსნე. ამ ნოსტალგიამ კიდევ უფრო გულაჩუყებული დამაბრუნა პერლას სახლში. *** - გინდა სანაპიროზე წავიდეთ?- ვთავაზობ პერლას.- ჯერ მგონი ადრეა, ამხელა გზის გავლას ვერ შევძლებ, აივნიდან შევხედავ.- მე დაგეხმარები. გზაში დავისვენებთ კიდეც.- ზღვა მომენატრა.- ზღვაშიც შეგიყვან. გვეყო აივნიდან ზღვის ყურება.- ზღვაში? არ გაგიჭირდება?- ექიმმა თქვა, რომ კარგია. მე უწინ მოცურავე ვიყავი, ჩემთან არ შეგეშინდება.- შენთან არ მეშინია.- საცურაო კოსტიუმს ჩაგიდებ, მზის სათვალეს, ქუდს, მზისგან დამცავს.- სამკაულები მომხსენი, ზღვამ რომ არ მომტაცოს. - კარგი, - ვეუბნები და ბეჭდებს და სამაჯურს სამკაულების შესანახ ყუთში ვინახავ. შემდეგ მოცისფრო მარგალიტის ყელსაბამის მოხსნას ვიწყებ, პერლა მაჩერებს.- მხოლოდ ეს ყელსაბამი დამიტოვე.- რატომ, ეგ რომ მოგტაცოს ზღვამ?- ამას ვერ მომტაცებს, ამას არასოდეს ვიხსნი.- რატომ?- ეს მატეოს ნაჩუქარია. „მარგალიტი შენი ქვაა და მის სხივს შენი თვალები ირეკლავს“. ამ სიტყვებთან ერთად მაჩუქა მატეომ ეს ყელსაბამი. ის ჩემს ამბავს ინახავს, შენს ამბავს კი ზღვაც ვერ მოგტაცებს.- კარგი, - ვეთანხმები პერლას და ახლაღა ვხვდები რატომ ჩხუბობდა ხოლმე, როცა დაბანისას ყელსაბამს ვეხებოდი. *** წამოსვლამდე, ბოლო კვირა დღის დასვენების საათები მაქვს. დღის პირველ ნახევარს სანაპიროზე ვატარებ, ფელინის მუზეუმთან ბოლოჯერ მივდივარ, პერლას სახლის გზაზე, ქუჩაში გაშლილ ბაზრობაზე ფერადი ქვების ყელსაბამებს ვათვალიერებ, ჩემს საყვარელ სანაყინეში ფისტას ნაყინს ვყიდულობ და ასე საზეიმოდ ვემშვიდობები რიმინში ჩემი ერთწლიანი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებს. პერლას სახლში საღამოს ვბრუნდები. აივანზე თავისივე მკლავებში თავჩარგული დანილო მხვდება. ჩემი ფეხის ხმაზე თავს მაღლა წევს, უსუსურად მიყურებს და ვხვდები რაც უნდა მითხრას. უსიტყვოდ და უთქმელად ვხვდები, რომ პერლა აღარ არის.- როგორ?- მხოლოდ ამის კითხვას ვახერხებ.- ინსულტი გაუმეორდა, მპასუხობს დანილო.ყელში ბურთი მეჩხირება, ცრემლები მაწვება, დანილოსთან მერიდება, მაგრამ თავს ვეღარ ვიკავებ და გულამომჯდარი ვიწყებ ტირილს. მაინც როგორ შეძელო ასე უჩუმრად წასვლა. ბოლომდე დამინდო და თავისი სიკვდილიც არ მაჩვენა. არ მანახა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. თან თითქოს ჩემი სამუშაო ვადის დასრულებას დაელოდა. დაელოდა იმისთვის, რომ ჩემი ოცნება არ გაეწირა. *** ერთი წელი ველოდი ამ დღეს, შინ ვბრუნდები, მაშოსთან და დედასთან. ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ ვდგავარ რიმინის აეროპორტში, რომელიც ასევე ფედერიკო ფელინის სახელს ატარებს და აქაურობა არ მეთმობა. თითქოს რაღაც მრჩება. არაფერიც არ მრჩება. ერთადერთი მეგობარი, რომელსაც ჩემი ესმოდა აღარაა. ბოლო ორი თვეც აღარ ესმოდა ჩემი, როცა ვერაგი დაავადება მის თავს მართმევდა და დრო და დრო სრულიად უცხოსავით მიყურებდა. არაფერი მრჩება, მაგრამ მასზე მოგონება თან მიმაქვს. *** ექვსი თვე დამჭირდა, რომ ჩემი სახლის ორი ოთახი ნამცხვრების მაღაზიად გადამეკეთებინა. ორი თვე კედელში მინის კარის ამოჭრის ნებართვას ველოდი, დანარჩენი დრო კი კიბის გაკეთებას, კედლების გათეთრებას და იატაკის პოლირებას მოვუნდი. ნამცხვრების დასაწყობი დახლი გავამზადე, კარის თავზე მწვანე ტენტი დავამაგრე და მხოლოდ აბრა დამრჩა. ჯერ ვერ ვკიდებ, რადგან ნამცხვრების მაღაზიას სახელი ვერაფრით მოვუფიქრე. ფოსტიდან ამანათის მოწოდებაზე შეტყობინებას ვიღებ. კურიერს დროზე ვუთანხმდები. ჯერ კიდევ გაუხსნელი კაფეს კართანაც ვხვდები და ამანათით ხელში, უკან შემობრუნებული, დახლს ვეყრდნობი.მცირე ზომის ამანათში, რომელსაც დანილოს სახელი და მისამართი აწერია, მწვანე ბარხატის ქისა და კონვერტი დევს, წარწერით „სიყვარულით პერლასგან“. ქისაში პერლას მარგალიტის მძივი მხვდება, კონვერტში კი მოკლე წერილი. ჩემს საყვარელ ჯოიას, ახლა, როცა მეხსიერება ჩემთანაა და ხელიც უცნაურად მემორჩილება, შენთვის წერილის მოწერა გადავწყვიტე. კარგად იცი, როგორ უკითხავად მიდი-მოდის ჩემი გონება, ამიტომ წერილიც მოკლე გამომივა, რომელსაც შენ მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ წაიკითხავ. როცა გაგიცანი, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი უკვე ჩავლილი მეგონა, სიხარულის განცდას მხოლოდ მოგონებებში თუ მოვძებნიდი. შენთან ერთად სიხარული დავიბრუნე, ახალი დღის გათენების სიხარული, ზღვაზე წასვლის, სანაპიროზე სეირნობის, ესკიზის შექმნის, ფილმის ერთად ყურების მოლოდინში. მგონია განვლილი ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდები მეორდება და თითქოს რაღაც დამსახურების გამო ამ შეგრძნებებს ცხოვრება ხელმეორედ მჩუქნის. ჩემი ყელსაბამი მადლობაა იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში იყავი. ის ჩემი ამბავია, რომელიც შენთან მინდა რომ დარჩეს. შენ ჩემი უკანასკნელი წლების საუკეთესო საჩუქარი ხარ, რომელსაც სიხარულის მოტანა შეუძლია და ამიტომაც გქვია უბრლოდ ჯოია. შენი პერლა. დახლზე გაშლილ მაღაზიის რენდერს ჩემი ცრემლები ეცემა და უკვე ზუსტად ვიცი, რასაც დავარქმევ ჩემს ახალ წამოწყებას. მაღაზიის ცარიელ აბრას წვრილწვერიანი ფანქრით, გარკვევით და დიდი ასოებით ვაწერ სახელს „ჯოია“.