მოთხრობები
მოთხრობები
არგენტინელი ჰომეროსი არგენტინელ მწერალს განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა, რომლის შესახებ თავად არ უწყოდა. აივნიდან ხეივანს და ვალენსიის ხედებს გადაჰყურებდა, როცა დაღლილი დაბრუნდა ახალი რომანის პრეზენტაციიდან. ესპანურ ღვინოს, შუშის ჭიქაზე მისი ტუჩის ანაბეჭდს რომ ტოვებდა, პირში იჩერებდა და მაშინ ყლაპავდა, როცა გემოს საკმარისად შეიგრძნობდა. ხელში პლანშეტი ეჭირა. რამდენიმე ფოტო გადაიღო, სოციალურ ქსელში განათავსა და მიაწერა: “A mí me encanta este vino tinto.” იმ საღამოს არგენტილელი მხოლოდ მწერალი არ ყოფილა; ის იშვიათი ტიპის ჯადოქარიც იყო, რომელიც თავის არსების იდუმალ ფორმებს უახლოვდებოდა. შიშის და აღფრთოვანების კომბინაცია ისე ათრობდა, როგორც Rioja (Desde 1919). გრძნობად სამყაროს გაემიჯნა. სამხრეთის მზის სხივებით გაბრუებული, გონებაში სწავლულ კაცს ხედავდა, რომელიც მდგომარეობას ღვინის თვისებას მიაწერდა, მაგრამ ჯადოქარი მას არ უსმენდა. პლანშეტის თეთრ ეკრანზე შავი ხაზი ციმციმებდა. არგენტინელი ყურძნის მტევანს უყურებდა, როგორც მხატვარი და აღწერდა მარცვლებზე დადებულ მტვრის საფარს. ჯადოქარი თავადაც მოჯადოებული იყო. თრობა კეფაზე უხორცო თითებს უცურებდა, ეფერებოდა, როგორც შეყვარებული ქალი; მოალერსე მუზამ თხემით ტერფამდე დაუარა. ბარძაყებიდან წვივებს ჩაუყვა, შემდეგ წელზე მოხვია მრავალ ხელთაგან ოთხი ან მეტი, ხელისგულები საფეთქელზე მიაჭირა, სახე ახლოს მიუტანა ისე, რომ ჯადოქარს მისი მზერა გონებაში გამოსახვოდა, ერთი ხელი ხერხემალზე დაუსვა და კიდევ ერთი, ან მეტი, შარვალში ჩაუცურა. მწერალი მხოლოდ იმაზე კონცენტრირდა, რომ ქალღმერთის Kama შეუფერხებლად მიეღო - არ შეეზღუდა, დისტანცია არ დაერღვია მატერიას და სულიდან მობერილ მხურვალე ქარს შორის. არგენტინელის თითები ვირტუალურ კლავიშებზე აცეკვდა: “იასამნისფერი ჩრდილი”, - ასე აღწერა ყურძნის ფერი და ვაზის ფოთლები ისპანის ჭაობს შეადარა, რომელიც ღვინის სამშობლოში ენახა. ხეივანს ისე გახედა, თითქოს უნდოდა შემთხვევით მოეკრა თვალი მწიფე მტევნისთვის, რომელიც პროტოტიპად აირჩია. მის გვერდით ყვითელი ლენტი ეკიდა, პოვნა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ მხატვარი ამაოდ აცეცებდა თაფლისფერ თვალებს. გორაზე შთამბეჭდავი ციხესიმაგრე აღმართულიყო. წერტილი დასვა და ახალი აბზაცის წერას შეუდგა. წინადადებებს მტკიცედ აგებდა, ციხესიმაგრის კედლების მსგავსად. ისე აღწერა, არქიტექტორი მის ანალოგს დააპროექტებდა. დაასრულა და მუზამ ანიშნა - გაიხედეო; მხატვარი ქალღმერთს დაემორჩილა, მაგრამ სიმაგრე იქ აღარ იდგა, სადაც მანამდე ეგულებოდა. მწერალმა შუშის ჭიქა ღვინით შეავსო. იმ კაცის მოძრაობით შეავსო, რომელიც თავის მართლებას აპირებს, მაგრამ ჯადოქარმა დალევა გადაიფიქრა და წერა განაგრძო. ეზოში გველმა გაისისინა. მისი სხეული ისეთივე მოქნილი იყო, როგორც არგენტინელის გონება. ქვეწარმავალი ქვებში გასრიალდა და მხატვარს არ დაუნახავს რა ბედი ეწია შემდეგ. “ქვები სიმეტრიულად ეწყო ღობესთან…” - ვირტუალურ ფურცელზე შავი ასოებით დაწერა. გადამოწმების სურვილს წინააღმდეგობა გაუწია, პირდაპირ პატარა ფანტანის აღწერას შეუდგა; წინადადების ბოლოს წერტილი დასვა და მყისვე შენიშნა, რომ მის სმენას წყლის ჩხრიალი მოაკლდა. აღარც ღობე იყო, აღარც ქვის გროვა, არც ხეივანი და არც ფანტანი. ახლა კი დაცალა ღვინით სავსე ჭურჭელი და საოცარი ძალაუფლება იგრძნო. “მე ღვთაება ვარ, ზეარსება ძლევამოსილი”, - ხმამაღლა და აღტაცებით თქვა. სავარძლიდან ზევსივით წამოიმართა. “ლიტერატურა ერთი სიტყვაა, სხვადასხვა ბრუნვაში”, - საკუთარ თავს გაანდო. მარჯვენა ხელით პლანშეტი აიღო, მარცხენათი ღვინის ბოთლი მოიყუდა. ჯადოსნურ აბზაცებს თვალი გადაავლო, ხელები ქრისტეს ქანდაკების მსგავსად გაშალა და წამოისროლა: “არ არის, რასაც ვერ აღვწერ, არ არის, რაც ჩემ სიტყვას არ ემორჩილება! მე ვარ ბორხესი, სერვანტესი, ჰომეროსი ვარ…” - სიტყვა გაუწყდა და დრო მხოლოდ გაოცებისთვის დარჩა. პლანშეტმა იატაკზე გაიტყლაშუნა, ბოთლი დაიმსხვა და Rioja ჯადოქრის ბოლო აბზაცებს დაეწვეთა, როგორც ჯვარცმულის სისხლი ადამის თავის ქალას. სამხრეთის მწველმა მზემ გაანათა ის ადგილი, რომელსაც არგენტინელის ჩრდილი ფარავდა - მხატვარი გაქრა. 2024 წელი. ექსტრემალი ტყე-ღრეში სპორტული ტრიციკლით გადავადგილდებოდი. აღმართზე ასვლა ადრენალინის სოლიდურ დოზას მაძლევდა, რადგან გადაბრუნების საფრთხე არსებობდა, მაგრამ ამ დროს უფრო კონცენტრირებულად ვიმორჩილებდი საჭეს. წინ შემოდგომის ფერადი ტყე იყო. დრონი უკან მოფრინავდა და ავტომატურ რეჟიმში იღებდა ზედხედს. აღმართის ავლისას სიჩქარეს მოვუმატე. სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობდა ვენებში, ვიდრე ტრიციკლის მოტორი. (დასკვნის გამოტანას, ზოგჯერ, იმდენად ჩქარობ, აზროვნების პროცესს ეთიშები. სპორტის ექსტრემალურ სახეობებში წინსწრება დამღუპველია - საფრთხე გაიძულებს კონცენტრირდე და პროცესის საზღვრებში დარჩე.) პატარა გორაკზე ვისკუპე; ოდნავ მარცხნივ გადავქანდი, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება შევძელი და მიწაზე უსაფრთხოდ დავეშვი; სიჩქარე ოდნავ დავაგდე, რომ საჭე გამესწორებინა. ულამაზეს ტყეს ვუახლოვდებოდი. აღმართის დახრილობა შემცირდა და ტრიციკლი თავისუფლად გაქანდა მომნუსხველი პეიზაჟისკენ. ფოთლები ბუმბულივით ცვიოდა, მსუბუქ ნიავს ტყის პირას გამოჰქონდა, თითქოს, საზღვრების დემარკაციას ახდენდა. სანახაობა შთამბეჭდავი იყო. ადრენალინით გაბრუებული გონება ყველა დეტალს მიკროსკოპულ დონეზე ამჩნევდა, მაგრამ რატომღაც ის ტრამპლინივით ბორცვი გამოეპარა, რომელზეც დაუგეგმავად ავქანდი და ჰაერში ისღა დავინახე, რომ ტრიციკლი გაშიშვლებული ხისკენ მიექანებოდა, შემაშფოთებელი სიჩქარით. ასეთ დროს გონება უკან იხევს; მხოლოდ კადრებს ხედავს, რაც ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს, ტვინში ძაფი გაგიტარეს. კუნთები შემეკრა და ქიმიური რეაქცია ენით აღუწერელი ნაზავით მაბუჟებდა. შიში ნეტარებამ გადაფარა. გამოფხიზლების სურვილი არ მქონდა, მხოლოდ განგაშის ხმა ჩამესმოდა საიდანღაც - დრონის ბზუილივით მონოტონური. სახიფათო ნეტარება ვარჩიე ამაო შფოთვას, რომელიც მხოლოდ უსიამოვნოს გახდიდა უკანასკნელ ამოსუნთქვას. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთი თვალის შევლებით, ორიოდე წამში, თუ უფრო ნაკლებში არა, ამდენი რამ მოხდებოდა - ცხრა თაობა იცხოვრებდა იმ ერთ ნახტომში. ასეთი ფრენით ტკბობა წარმოუდგენელია. ჯერ მხოლოდ იმ განცდით ვტკბებოდი, რაც აფრენისას განვიცადე, შემდეგ უკვე ტრიციკლზე აღარ ვიჯექი, არც სხეულის განგაშს ვუსმენდი. ეს ფრენა მარადიული მეჩვენებოდა. ტრიციკლი თითქოს ბალისტიკური რაკეტა იყო, რომელმაც თავის ფუნქცია შეასრულა და ხომალდს ჩაეხსნა. საჭეს ხელი გავუშვი - მისი დამორჩილების აუცილებლობა აღარ არსებობდა. წინა ბორბალი მოშიშვლებული ხისკენ მიფრინავდა. წინააღმდეგობის გაწევაზე უარი ვთქვი და Wingsuit - ის პილოტივით გავფრინდი ფერადი ტყისკენ. იმ აზრმა, რომ ხეს თავით მივეხლებოდი, მსუბუქად გამიარა გონებაში - თითქოს, სპონტანური ფლირტი იყო. მეც ასე მსუბუქად გავიარე შიშველი ხის მოჩვენებით სიმყარეში; გონებაში რომ გამიარა, ანდა ნემსის ყუნწში გატარებული ძაფივით გავიარე და მეორე მხარეს გამოვფრინდი, სადაც ფერად-ფერადი ფოთლები გაფანტა დაცემისგან წარმოქმნილმა ჰაერის ნაკადმა. ისე ავდექი თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. როგორც წყალში კენჭი, ისე გავიარე ხეში, რომელიც წამოდგომისას პირველი მოხვდა ხედვის არეალში. მერე მეორეს გამოვეცხადე და საკუთარ სხეულში მოვიქციე, რადგან ჩემზე მსხვილი არ იყო. ფოთლები დანის წვერივით ატანდა ჩემში და საპირისპირო მხარეს გადიოდა. დრონი ზევიდან დამზუზუნებდა, მაგრამ კამერა ვერაფერს დააფიქსირებდა, მხოლოდ ტყე გადაიღო, თავის მინორული ფერთა შეხამებით. ერთადერთი რაც მაფერხებდა ის იყო, რომ სხეული მაინც რეაგირებდა, როცა მორიგ ხეს ვუახლოვდებოდი; გაკონტროლება მიწევდა, რომ არ შემცბარიყო და მოძრაობა არ შეეფერხებინა. აღტაცებას თანდათან შევეჩვიე. იმ ტყეში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საყვარელი ქალის კლანჭებში გაყუჩებული მამრი. ნელ-ნელა ტრიციკლისკენ წავედი და, როგორც ვვარაუდობდი დაზიანება არ ჰქონდა, თუმცა არც იმ გამელოტებულ ხეში გაუვლია, რომელსაც მიასკდა. ტრიციკლს მოვახტი და ჰიპერრეალურ ტყეში დაბალი სიჩქარით შევედი. ექსპერიმენტის ცდუნებას ვერ გავუძელი: ხელი გავიშვირე, რომ ხეებს თითებით შევხებოდი. არმგონია არსებობდეს მეცნიერება, რომელიც ამ ფენომენის განმარტებას შეძლებდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ცოდნა მე არ მაქვს და უბრალოდ გული მიგრძნობდა, რაკი ტრიციკლმა ხეში ვერ გაიარა, ვერც მე შევძლებდი ამას, სანამ მასზე ვიყავი ამხედრებული. ვფიქრობ, გამიმართლა, რომ საჭეს ხელი გავუშვი, რადგან ასეთ შედეგს ვერ წარმოვიდგენდი და წინასწარ არ განმიზრახავს. ტყე გავიარე და საღამოსკენ თბილისში დავბრუნდი. ცხადია, ამ ამბავს თუ ვინმეს მოვუყვებოდი, ნებისმიერი გიჟად ჩამთვლიდა და მისი დაწერა გადავწყვიტე; ახლა არავინ იფიქრებს, რომ ეს ამბავი მეტაფორაზე მეტია, რომელიც კონკრეტულ მეტაფიზიკურ ფენომენს აღწერს. 2024 წელი.