ჯამბაზი ტიჟუკას კვარტლიდან
ჯამბაზი ტიჟუკას კვარტლიდან
ჯამბაზი ტიჟუკას კვარტლიდან ნატო ფირცხალავა თავი პირველი ვისაც ცხოვრებაში ჩაღრმავების უნარი შესწევს, ალბათ ყველაზე კარგად ამჩნევს ცხოვრების თავისებურებებს. ცხოვრება კი ისეთ მოთხოვნებს უყენებს ადამიანებს, რომელთა შესრულებაც სათანადო შესაძლებლობებს მოითხოვს. ზოგჯერ ისე გვსურს ცხოვრების გარდაქმნა, რომ წესიერად არც კი ვიცნობთ მის საფუძვლებს. ჩემი ოჯახი ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთ ზონაში, ბარა-და-ტიჟუკას კვარტალში, ცხოვრობს. აქ ნაკლებად შეძლებული ოჯახები ცხოვრობენ. ჩვენს ქალაქში კარგად ჩანს მდიდრებსა და ღარიბებს შორის მნიშვნელოვანი უთანასწორობა. იქ, სადაც უსახლკაროები _ „ფაველები“ _ ცხოვრობენ და უკიდურესი სიღარიბეა, ალბათ არავის ვურჩევდი მოხვედრას, რადგან მთელი სიბინძურე, რაც იმ საშინელ ნარკოტიკებს მოაქვს, სწორედ იქ არის ჩაბუდებული. ე.წ. ,,ფაველების“ მაცხოვრებლები ცენტრალურ კვარტალში არც გამოდიან, რადგან იმ სამყაროს გარდა, რაც იქ ჩანს, ვერც კი წარმოუდგენიათ სხვა უფრო განსხვავებული. ნარკოტიკისა და სასმელის მიმართ დამოკიდებულება მათთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, რომელსაც ცხოვრების მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევენ. ბარა-და-ტიჟუკას კვარტალში მაშინ გადმოვედით, როცა ხუთი წლის ვიყავი, რადგან მამა სახლიდან წავიდა. დავრჩით მე, დედა და მოხუცი ბებია სილვა, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა. ჩვენ მასთან დავსახლდით. მამამ რატომ მიგვატოვა, არ ვიცი, რადგან დედა ამ თემაზე საუბარს ყოველთვის გაურბის. ჯერჯერობით არაფერს ვეკითხები, მაგრამ ალბათ მოვა დრო და დავილაპარაკებთ... სახლი სამსართულიანია. ჩვენ მეორე სართულზე ვცხოვრობთ ოროთახიან პატარა ბინაში, სადაც ბებიას ქორწინების შემდეგ ცხოვრების სამოცდათექვსმეტი წელი აქვს გატარებული და, რომ არა მისი ვერაგი დაავადება, ალბათ ბევრ ისეთ საინტერესო ამბავს გავიგებდი, რაც ხშირად მაფიქრებს და მაინტერესებს. მიუხედავად სივიწროვისა, დედამ მაინც მომიწყო ჩემი პატარა კუთხე, სადაც მაგიდა, სანათი, პატარა კედლის თარო და წიგნების ჩასაწყობი ყუთი მიდევს. იქვე ჩემი საწოლია, რომლის თავზეც ფანჯარაა, რომელიც ქუჩაში გადის. ყოველთვის მიყვარდა ფანჯრიდან ყურება, პატარა რომ ვიყავი. მაინტერესებდა, ადამიანები რას აკეთებდნენ ქუჩაში, მიკვირდა, სად მიიჩქაროდნენ ყოველდღიურად ასე სწრაფად, ისიც მომწონდა, ჩვენი ქუჩის მოპირდაპირედ სურსათის მაღაზიაში ყოველ დილით როგორ მოჰქონდათ დიდი მანქანით ხორცი და სხვა პროდუქტები, განსაკუთრებით ნაყინის მანქანა იტაცებდა ჩემს თვალს, რადგან გარედან დიდი სარეკლამო პლაკატი ჰქონდა მიკრული, სადაც ფერადი ნაყინის ბურთულები ვაფლის ჭიქებში მადის აღმძვრელად გამოიყურებოდნენ. ბევრი ისეთი რამ არ მაქვს, რაც მჭირდება, თუმცა იოლად გავდივარ, რადგან მესამე სართულზე ჩემი მეგობარი სილდუ ცხოვრობს და ის მეხმარება. სილდუ პატარა დასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი მშობლები საცხობში მუშაობენ და შედარებით უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, ვიდრე ჩვენ. ბრაზილია მდიდარი ქვეყანაა ბუნებრივი რესურსებით, ფლორით და ფაუნით, მაგრამ ხალხს ძალიან უჭირს. ავტობუსი ორნახევარი რეალი ღირს. ხშირად ვერ ვახერხებთ მგზავრობას, ამიტომ უფრო ხშირად ფეხით დავდივარ სკოლაში და ყველა სხვა საქმეზეც. ველოსიპედი ვერ მიყიდა დედამ, ამის საშუალებაც არ არის, მაგრამ არ ვწუწუნებ, რადგან ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება, რამდენიმე წელიწადში მე თვითონ შევძლებ ყველაფერს, მე ხომ კაცი ვარ, მამაკაცი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. დედა ,,სალგეიროს“ ცნობილ სამბას სკოლაში მუშაობს ცეკვის მასწავლებლად. ბრაზილიაში სამბა ეროვნული ერთობის ერთგვარი ფაქტორია. აქ ყველამ იცის ცეკვა, როცა კარნავალები იმართება, სახლში ვარ, მიყვარს კითხვა და ისეთ საკითხებში ჩაღრმავება, რომელიც დიდი ხნის მივიწყებულია და არავის აინტერესებს. არადა, მივიწყებული თემები ხშირად უფრო აქტუალურია. თავისუფალ დროს კორკოვადოს მთაზე თავისუფლების ქანდაკებასთან მივდივარ - ხოლმე. საოცარი პანორამული ხედია და თან საკუთარი თავის უკეთ დანახვა შემიძლია, იქ არ შეიძლება არ იფიქრო იმაზე, რაზეც არასოდეს დაფიქრებულხარ და, რაც მთავარია, ოცდაათმეტრიანი ქანდაკების ქვეშ თავს უფრო დაცულად ვგრძნობ, ვიდრე ჩემი სახლის სიახლოვეს. საღამოობით, როცა დედა სამსახურიდან ბრუნდება, სავახშმოდ ყველა ერთად ვსხდებით და იქ ჩნდება ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი პრობლემების დიდი პირამიდა. ზოგჯერ გვინდა, რომ გვერდი ავუაროთ, მაგრამ არ გამოდის, რადგან ცხოვრების ყოველდღიურობა ისეთი მძიმეა და აუტანელი, რომ გინდა მოიშორო ერთხელ და სამუდამოდ და იცხოვრო თავისუფლად. მამა კარგად არ მახსოვს, თუმცა ის მახსოვს, როგორ ყვებოდა მარაკანას სტადიონზე ბრაზილიის გუნდის დამარცხების ამბავს ურუგვაისთან და შავკანიანი მეკარის მოისირ ბარბოსას მიერ გაშვებული გოლის ისტორიას, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა გუნდისთვის. ეს ისტორია სულ არ მაინტერესებდა პატარა ბავშვს, მაგრამ მაინც ვუსმენდი, რადგან მისი მჯეროდა და, რაც მთავარია, მამა ძალიან მიყვარდა, ჩეთვის სიძლიერის, მამაკაცობის მაგალითი იყო, თუმცა მერე ყველაფერი შეიცვალა ... კიდევ ის მახსოვს, რომ ხშირად სვამდა და როცა მოვიდოდა სახლში, როგორ მიყვებოდა ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ზღაპარს, რომელსაც საიდან იგონებდა, არ ვიცი, ვერაფერს ვიგებდი, მაგრამ ჩემი ბავშვური გონებით ვცდილობდი ჩავწვდომოდი ამ ზღაპრის შინაარსს. ზღაპარი ასეთი იყო: ,,ზარმაცი იყო კალენდარი. ეძინა დღე და ღამე. მხოლოდ ერთი წუთით იღვიძებდა - როცა ფურცელს ახევდნენ.თვლემს, სძინავს, ისევ თვლემს და ისევ სძინავს.როცა ძველ ფურცელს მოახევენ - ოთახს მოავლებს მზერას, გახედავს ფანჯარას, ერთს წაიბურტყუნებს ბერიკაცივით და მიიძინებს. აი, ერთხელ ასე იყო. გაიღვიძა კალენდარმა, გაიშრიალა და წაიბურტყუნა: - ,,რა უღიმღამო დღეა! ... ღრუბლიანი. წვიმს. კარგ დღეს პირი არ უჩანს. აი უწინ ... ეჰ! სულ სხვა იყო, სულ სხვა. აი, ამ დროს, ორასი წლის წინათ, ერთმა დალაქმა ვარცხნილობა ,,ზღარბულა“ მოიგონა. ეჰ, აჰ, უჰ, ახლა კი ... არა სულ სხვა დრო დადგა, სულ სხვა დრო!ამ დღეს კი კოსმოსური ხომალდი მზისკენ გაფრინდა.“დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი ამ საოცარი ზღაპრის შესახებ, ჯერ ის მიკვირდა, რატომ იყო ასეთი მოკლე, მერე ის, რომ ეს სასაცილო კალენდარი რატომ გახდა ასეთი მნიშვენელოვანი, რომ მასზე დაწერეს. მოკლედ ყველაფერი არეული იცოდა ამ კაცმა და ამიტომაც წავიდა ალბათ... ხშირად საკუთარ თავთან მარტო ვარ და ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს არაფრის უფლება არ მაქვს, არც ოცნების, არც წუწუნის, არც კი ვიცი, ზოგჯერ როგორ გამოვხატო ის ტკივილი, გულში რომ მაქვს და ვხედავ ჩემი საყვარელი ადამიანები როგორ იტანჯებიან. ადამიანის ,,მე“ მარტივი შინაარსით არ ხასიათდება. როცა ცამეტი წლის გავხდი, ჩემი პიროვნული ,,მე“ აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადამიანს გააჩნია თავისი ბუნების შემადგენელი უმთავრესი ნაწილი, რომელიც სხვა მიწიერ არსებებს არ გააჩნიათ. ეს ის ,,მე“-ა, რომელიც მუდმივად შენშია და უნდა ატარო მთელი ცხოვრება, სანამ ცოცხალი ხარ. დანარჩენი სახელები შეიძლება განურჩევლად მიესადაგოს შესაბამის საგნებს, მაგრამ ,,მე“ სრულიად გამორჩეულია. ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე. ყველაზე მეტად კი ჩემი ,,მე“-ს პოვნაში ჩემი ფიზიკის მასწავლებელი დამეხმარა, ბრუნო ბარეტო. ის ყველაზე მეტად მიგებს. კარგი კაცია, იცის, ჩემი პიროვნული ,,მე“ როგორია და ხშირად რჩევებს მაძლევს, რომ დავძლიო ცხოვრების ის აუტანელი ყოველდღიურობა, რომელიც გინდა არ გინდა პირდაპირ სახეში გეფეთება და გულს გტკენს. ბრუნომ მიმახვედრა, რომ თუ ,,მე“-ს იპოვი, ცხოვრებაში ნამდვილი გასაღებიც ნაპოვნი გაქვს, რომელიც მძიმე, მაგრამ საინტერესო კარს აღებს. ბრუნო ამბობს, რომ ,,ბავშვი თავის თავში ატარებს თავისი სულიერი სამყაროს ნახევარს“, ამიტომ არ უნდა შევუშალოთ ხელი და არ გავანადგუროთ მისი ,,მე“ ისე, რომ ეს გასაღები ვერასოდეს იპოვოს. მე ვარ ჟოაო სანტიაგო და ჩემი ,,მე“ მაშინ ვიპოვე , როცა პირველად შემოვიდა ჩვენს კლასში ბრუნო ბარეტო და მის მიმართ გამიჩნდა მოწიწების გრძნობა. მაშინ მივხვდი, რომ, თუ შენ არ დააფასებ სხვა ადამიანის ,,მე“-ს, შენც არ დაგაფასებენ და ამიტომ მოწიწების ჟრუანტელი მივლის მაშინ, როდესაც ჩემი ხელები ცდილობენ მისწვდნენ იმ კარის სახელურს, რომლის მიღმა დგას ის ,,მე“, რომელიც ეს ესაა უნდა გამოჩნდეს. ამ დროს განცდილი გრძნობები მთელი ცხოვრების მანძილზე არ იკარგება. ბრუნომ ამიხსნა, რომ ,,მე“-ს ზეგავლენით იცვლება ადამიანის მოძრაობა, ქცევა, აზროვნება, ფიზიკური სხეულის მთლიანობა და გამომეტყველებაც კი. ჩვენი საუბრები რას აღარ ეხება, სად აღარ მოგზაურობს, ამიტომ მასთან გატარებული თუნდაც საგაკვეთილო დრო ჩემთვის ძალზე საინტერესოა ... _ ,, ჟოაო!“ _მეძახის დედა და მეც ვცდილობ, მოწიწებით მოვექცე მას, რომელიც ასევე მარტოა საკუთარ ,,მე“-სთან და ჩვენი ერთადერთი იმედია. ბებიას, უკვე რამდენიმე წელია, ალცჰაიმერის დაავადება აქვს, ანუ ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც ნელ-ნელა პროგრესირდება და დედა ძალზე განიცდის. ამ დაავადების მიზეზების დადგენა რთულია, მე მაინც ვფიქრობ, რომ მამას წასვლამ დედას და ბებიას დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა. სწორედ ამის გამო ბებიას ტვინი ძველ მოგონებებს უშეცდომოდ ინახავს, სამაგიეროდ აწმყოში რა ხდება, არ ახსოვს. დედა არასოდეს წუწუნებს ამის გამო, მაგრამ ხშირად დადარდიანებულია, ვცდილობ, დარდი შევუმსუბუქო, მაგრამ ცხოვრება მიდის და ისე გათამაშებს თავის ნებაზე, სულ არ გეკითხება, შენ გინდა თუ არა ასე... ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ვცდილობ, გონებით ჩავწვდე, ამაში ჩემი ,,მე“ მეხმარება, რომელიც მიზიარებს თავის აზრებს და ცდილობს სწორი გზა დამანახოს. სკოლაში კარგად ვსწავლობ. ჩემი მეგობრები ზოგჯერ დამცინიან კიდეც, მაგრამ ჩემი მიზანია, კარგი ფსიქოლოგი გავხდე და გავიგო, როგორები არიან ადამიანები, როგორ უნდა მივუდგე, რომ სიხარული და სიმშვიდე ვაგრძნობინო. ეს რთული იქნება მით უმეტეს ჩემისთანა საშუალო ოჯახიდან გამოსული ბიჭისთვის, მაგრამ მე მაინც მინდა ვიბრძოლო, როგორც ბრუნო მირჩევს. როცა პატარა ვიყავი, დედა ცდილობდა, არაფერი მოეკლო ჩემთვის. ახლა ვხვდები, რის ფასად ხდებოდა ეს ყველაფერი, თუმცა პრეტენზიული ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ, არასოდეს ორთვალაც კი არ მყოლია. ამის გამო არ ვდარდობდი, მთავარი იყო, რომ ისე მოვქცეულიყავი, დედას გული არ სტკენოდა. მოკლედ პერფექციონისტი ბავშვების სიაში ვიყავი, როგორც ჩემი ფიზიკის მასწავლებელმა მითხრა, ეს კი ნიშნავდა, რომ ჩემი სრულყოფილებისკენ სწრაფვა კარგი იყო, მაგრამ დიდი დაფიქრება უნდა გამომეჩინა, რომ ეს ყველაფერი შიშში არ გადაზრდილიყო, წარუმატებლობის შიშში როცა გავიზრდებოდი და შეცდომების დაშვებას დავიწყებდი. რასაც ვაკეთებდი, მინდოდა საუკეთესოდ გამომსვლოდა, ამის გამო ზოგჯერ ეზოში ბავშვები დამცინოდნენ. მაშინაც კი დამცინეს, როცა პირველად ვიგრძენი ქალის სურნელი და მივხვდი, რომ მამაკაცური ინტერესების დასაკმაყოფილებლად გოგონებთან თავშეკავებული უნდა ვყოფილიყავი. ჩემი ტოლი ბიჭები უკვე კარგად გამოცდილები იყვნენ, ხშირად თავაშვებულები, მე კი იმას განვიცდიდი, რომ ჩემი მეზობელი ლაილა მომწონდა და მის მიმართ ვერაფერს გამოვხატავდი. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სურვილებს ვნიღბავდი, რაც ხელს მიშლიდა მიზნის მიღწევაში. ჩემს მშფოთვარე ფიქრებს სწრაფად ერეოდა პირველი ფერად-ფერადიზმანებები მოზრდილი მამაკაცის ახალ სამყაროზე, რომელსაც მასთან ერთად ყოფნა სურდა, მაგრამ გული უცნაური გრძნობით ივსებოდა. ლაიალა იმ გოგონებს არ ჰგავს, ბიჭებს კისერზე რომ ეკიდებიან. თავდაჭერილი გოგოა, თვალს ვარიდებ ხოლმე, როცა ვხედავ, არ მინდა ჩემი ფიქრების შესახებ გაიგოს. ზოგჯერ მგონია, რომ ამის უფლებაც არ მაქვს, რადგან ჯერ ამის დრო არ არის, ცხოვრების პირამიდა უნდა ავიარო შეუსვენებლად ... _,, ჟოაო! ბებია ოთახში შეიყვანე! მე აფთიაქში ჩავდივარ, ბებიას წამალი გაუთავდა, ყიდვა დამავიწყდა,“ _ მეძახის დედა და ჩემი ფიქრებიდან ახლახან გამოსული დედის თხოვნას უსიტყვოდ ვასრულებ. ბებია ოთახში შემყავს და დაწოლაში ვეხმარები. მისი სახე უმეტყველო და მოღუშულია. ვერ მცნობს, ამიტომ ისეთი თვალებით მიყურებს, თითქოს ვიღაც უცხო ვიყო. _ ,, ბიჭუნა, რატომ შემომიყვანე აქ?! ეს ჩემი სახლი არ არის. გთხოვ, წამიყვანე ჩემს სახლში!“... მოთმინებით ვუსმენ ბებიას და ვცდილობ დავაწყნარო. უკვე ღამეა და ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, რომ მშვიდად დაიძინოს, რადგან აგრესიული ფონი თუ გაუმძაფრდა, შეიძლება მთელი ღამე გავათენოთ. _ ,,დაწექი, ბებია! მინდა რაღაც მოგითხრო“. _ ,,შენ? რა უნდა მომითხრო? ვინ ხარ?“ _ უმეტყველო თვალებით მიყურებს და ცდილობს საწოლიდან წამოდგეს. არ ვიცი, საიდან მახსენდება ის სულელური ზღაპარი, მამა რომ მიყვებოდა, მაგრამ ჩემდა უნებურად ვიწყებ მოყოლას, ბებია მისმენს მთელი გულისყურით და უღიმღამოდ მოყოლილი ზღაპრის ბოლო ფრაზაზე _ ,,ამ დღეს კი კოსმოსური ხომალდი მზისკენ გაფრინდა“ _ ყვირის: _,,რააა!? ხომალდი?! რომელი? ჩვენ რომ ვისხედით, მე და ჟოზე?!“ ... ჟოზე ბაბუას ერქვა, საიდან გაიხსენა ახლა მისი სახელი, არ ვიცი. _ „ესე იგი გახსოვს, ბებია, შენი ქმარი ჟოზე?“ _ ვუბრუნებ კითხვას. გაბრწყინებული თვალებით მიყურებს და უნდა, ისევ გავახსენო, რა ერქვა მის ქმარს. _ ,,შენ იცნობდი ჟოზეს?“ _ მეკითხება მხიარული ხმით, თუმცა მის თვალებში სევდასაც ვხედავ. _ ,,დიახ! ვიცნობდი, ის ჩემი ბაბუა იყო. ბაბუა ჟოზე, რომელიც არ მახსოვს, მაგრამ დედასგან ვიცი, რომ საჰაერო ძალებში მუშაობდა, პილოტი იყო“. ალბათ ეს გაახსენდა ბებიას. _ ,,ჩემი ჟოზე, ჩემი საყვარელი ჟოზე“ ... ბებიას თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა, _ „ჩვენ ერთად გავფრინდით მზისკენ, მაგრამ მე იქამდე ვეღარ მივაღწიე, ჟოზე გაუჩინარდა ... იცი, ბიჭუნა მე ის მიყვარდა! მასაც ვუყვარდი, მაგრამ იმ ბოროტმა გველეშაპმა შეჭამა ჩემი ჟოზე, აი, იქ, შორს, ძალიან შორს, ალბათ ხომალდი მან გადასანსლა, მზემ კი არა, მზე კეთილია, ჩემი ჟოზეც კეთილი იყო, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი“... ბოლო სიტყვები ძალზე ამაღელვებელი იყო, უეცრად ბებიამ ცრემლები მოიწმინდა, ცხვირი ცხვირსახოცში ჩარგო და ისეთი დააცემინა, მეგონა ჭერი ჩამოინგრა... წამალი დავალევინე. დრო ისე გავიდა, ვერაფერი გავიგე. დედას დაგვიანება არ მესიამოვნა ... ტელეფონის გაბმული ზარი გაისმა, ბებიას უნებური რეაქცია ჰქონდა: „ეს ჩემი ჟოზეა, უთხარი, რომ მოვიდეს!“ _,,კარგი, ბებია,“ _ მივაძახე და ტელეფონის ყურმილის ასაღებად სამზარეულოში ჩქარი ნაბიჯებით გავედი. ყურმილში ქალის აღელვებული ხმა გავიგონე: ,,მარია ვიერა დე მელუს შვილი ხართ!?“ „დიახ“, _ ვპასუხობ და გული ისე მიცემს, ყურთან ვგრძნობ მის ძგერას. ხელის გულები მიოფლიანდება, ვცდილობ გავიგო რა უნდა ამ ქალს და ისევ ისმის მისი გამყინავი ხმა: ,,მარია საავადმყოფოშია, შეგიძლიათ მოხვიდეთ?!“... _ ,,საავადმყოფოში?! რატომ, რა მოხდა?“ _ ვეკითხები აღელვებული და პასუხი ისევ მკაცრია და ბრძანებითი: ,,აქ გაიგებთ?“ ... როგორ ვიცვამ ქურთუკს, არ მახსოვს, კარს ვაღებ და ქუჩაში შურდულივით გავრბივარ. საავადმყოფომდე გზა შორია, უკვე თერთმეტი საათია. ღამით რიოს ქუჩებში სიარული მაინცდამინც სასიამოვნო არ არის, რადგან კრიმინალის მაჩვენებლით მგონი პირველ ადგილზე ვართ. დღე არ გავა, რომ რამე საშინელება არ მოხდეს. ისევ ვბრუნდები სადარბაზოში და გულამოგდებული ავრბივარ მესამე სართულზე სილდუსთან, უნდა ვთხოვო ველოსიპედი. კარზე შეუჩერებლად ვრეკავ ზარს. სილდუს მამა აღებს კარს და ჩემი შეშლილი გამომეტყველება და აქოშინებული საუბარი აკრთობს: _ ,,ძია კარლუშ, გთხოვთ დამეხმარეთ! დედა საავადმყოფოშია, არ ვიცი, რა მოხდა. უნდა წავიდე სასწრაფოდ, იქნებ ველოსიპედი მათხოვოთ?!“ შეშინებული კაცი ოთახში შედის და სარდაფის გასაღები გამოაქვს ... _ ,,აჰა! გააღე ჟოაო და წაიყვანე, ფრთხილად იარე, ბიჭო! ხომ იცი, ღამეა“ ... ამასობაში მისი ოჯახის წევრებიც გამოდიან. _ ,,ჟოაო, ბებიას ვის უტოვებ, მარტოა?“ _ მეძახის სილდუს დედა. _ ,, დიახ, თქვენ გიტოვებთ, კარი ღიაა“... _ ,,ბიჭო, გაგვაგებინე დედაშენის ამბავი, გესმის?!“ _ ზურგიდან მესმის სილდუს დედის ხმა. ველოსიპედი რიოს ქუჩებში მიჰქრის, ორჯერ ავარიული მდგომარეობა შევქმენი, თავში აზრები ისე ამერია, ვეღარ ვიგებ, სად ვარ. ნეტა, დედას რა დაემართა? ხომ არ მოკვდა, ასე უცბად რა მოხდა? კითხვები ჩნდება იმდენი, რომ თავის ტკივილი მეწყება. ვეღარ ვამჩნევ, სად ვარ, ინსტიქტები თვითონ იკვლევენ გზას. როგორ აღმოვჩნდი საავადმყოფოს ეზოსთან არ მახსოვს. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, რომ უნდა დავმშვიდდე, თორემ დედა უფრო განერვიულდება. თავზე ხელი გადავისვი და ვითომ დამშვიდებული სახით საავადმყოფოში შევედი. დედას გვარი და სახელი რომ ვიკითხე, მიმღებში მორიგე ექთანმა მითხრა, რომ საოპერაციოში ჰყავთ და მალე გამოიყვანენ. _ ,,რა მოხდა?!“ _ ვეკითხები ექთანს. _ ,,დამშვიდდით, მანქანა დაეჯახა და სასწრაფო დახმარების მანქანამ მოიყვანა. ფეხები აქვს მოტეხილი, მეტი არაფერი ვიცი. დაელოდეთ, ექიმი მალე გამოვა“. მოსაცდელში ბოლთას ვცემ და წინ და უკან სიარულით თავბრუ მესხმის. „დედა!“ _ გულში ვიმეორებ და თითქოს რეტდასხმული ვჯდები სკამზე, არა, კი არ ვჯდები, მთელი ძალით ვეხეთქები. დრო ისე იწელება, გული მისკდება, რა მოხდა ... ორსაათიანი ლოდინის შემდეგ საოპერაციო ბლოკის კარი იღება და საკაცით დედა გამოჰყავთ. _ „ჯერ კიდევ ნარკოზშია“, _ ამბობს ექიმი. _ ,,თქვენ შვილი ხართ?“ _ „დიახ“, _ ომახიანად ვპასუხობ და მინდა ჩემი მამაკაცური ,,მე“ დავანახო ექიმს, რომ დედა მარტო არ არის. _ ,,დედათქვენს მძიმე ტრავმები აქვს, როგორც ჩანს, ძლიერი დარტყმის შედეგად თავის ტვინი დაუზიანდა. ამიტომ ოპერაცია დასჭირდება. ახლა ფეხზე გავაკეთეთ, მაგრამ ოჯახის თანხმობა თუ იქნება, ამაზეც ვიფიქროთ, ეს რთლი ოპერაციაა. იქნებ მამას გააგებინოთ“, _ მეუბნება ექიმი და მხარზე ხელს მადებს. _ ,,მამა არ მყავს!“ _ ვეუბნები მკაცრი ტონით,_ „რაც საჭირო იქნება, გააკეთეთ, მე ყველაფერს შევძლებ, გთხოვთ“ ... _ ,,ამის პირობას ვერ მოგცემ, ბიჭუნა“, _ მეუბნება ექიმი და ოთახამდე მიმაცილებს, სადაც დედა გადაჰყავთ ... დედა პალატაში შეჰყავთ. თვალებზე ცრემლები ჩამომდის უნებურად და ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, თითქოს სადღაც უცხო კუნძულზე დავრჩი მარტო ვამპირებთან ერთად და მინდა თავი გადავირჩინო, მაგრამ ეს არ გამომივა, რადგან სრულიად მარტო ვარ, შეუიარაღებელი. დედას თავი და ფეხები შეხვეული აქვს. ჯერ კიდევ სძინავს. მის გვერდით ვჯდები და ვიწყებ ფიქრს იმაზე, როგორ უნდა ვუშველო, რომ ისევ ისეთი ჯანმრთელი იყოს. ალბათ ის ნაძირალა, ვინც დაეჯახა, გაიქცა, ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერი უსამართლობაზეა დამყარებული, არავის პასუხი არ მოეთხოვება არაფერზე, ზოგჯერ უსამართლობა იმდენად უკიდეგანოა, რომ გინდა ამოიგლიჯო გული და სადღაც გადააგდო, რომ ვეღარ განიცადო ის საშინელება, რომელიც მდგომარეობას მოაქვს. საწოლის გვერდით სკამზე დავჯექი. თავი დედას საწოლს დავადე, ხელი მოვკიდე ხელზე და დაღლილობისგან სწრაფად ჩამეძინა ... თავი მეორე ფანჯარასთან ვდგავარ და ვხედავ, ცაზე როგორ სწრაფად მიცურავენ თეთრი ღრუბლები, ასეთი ღრუბლები გაზაფხულზე იცის. ხან ერთმანეთს ეხვევიან, ხან ბამბის ქულებად შეიკრიბებიან, ხან ნაწილ-ნაწილ დაფლეთილები გიჟმაჟი თამაშით ცას თეთრი ქუდივით ჩამოეფხატებიან, ერთმანეთს ეთამაშებიან და ისე ლამაზად ელიცლიცებიან ცას, რომ მეც მინდა მათთან ერთად ვიყო, მეც მინდა მათნაირი ვიყო, უდარდელი და ლაღი, ვიფრინო ცაში და არაფერზე ვიფიქრო. მეც მინდა, ვეება თეთრი ღუბელი დედას ვაჩუქო, ღრუბელზე დავისვა და შორს წავიყვანო ... ოთახში სულ უფრო და უფრო ბნელდებოდა. ირგვლივ გამეფებული დუმილი ადამიანს გულს უწვრილებდა. მე ვიჯექი სკამზე და ვფიქრობდი, ჩემს ფიქრებს უცნაური სახე მიეღო, რდგან ვგრძნობდი, რომ ახლა სულ სხვა სამყაროში ვიყავი. სამოსიც თითქოს კარგად მორგებული არ მეცვა. შავი ხავერდის ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა, ფერმკრთალი ბიჭუნა მოვიდა ჩემთან, რომელიც ცნობისმოყვარეობით მათვალიერებდა. მისი ზღვისფერი, მოუსვენარი თვალები დაჟინებით მიყურებდნენ და თითქოს აინტერესებდათ, რატომ არ ვინძრეოდი, რატომ ვიყავი გაშეშებული, ფერად კოსტიუმში გამოწყობილი წითელცხვირა ჯამბაზი, რომელსაც ბავშვები უნდა გაერთო. მე კი ერთი შეხედვით უდარდელი და მხიარული გმირის ნაცვლად ვიჯექი მოღუშული და მოწყენილი. _ ,,ჯამბაზო, დაგეხმარო?!“ _ ჩუმად, მოკრძალებით მითხრა ბიჭუნამ და ჩემს გვერდით დაჯდა. _ ,,შენ?!“ _ შევუბრუნე კითხვა, _ „შენ როგორ უნდა დამეხმარო?!“ _ ,,არ ვიცი? იქნებ გტკივა რამე? მე შემიძლია მოგარჩინო“, _ ომახიანად თქვა ფერმკრთალმა ბავშვმა, თუმცა როგორ მოახერხებდა ამას, არ ვიცი. _ „იცი, მე ჯადოსნური ძალა მაქვს“, _ სრულიად მოულოდნელად თქვა და ზღვისფერი თვალები კიდევ უფრო მეტად აელვარდა სინათლის შუქზე, რომელიც მოულოდნელად ოთახში შემოიჭრა. ეს სინათლე იმ რამპის დიდ ჩირაღდანს ჰგავდა, ცირკში რომ არის-ხოლმე. _ „მე ჯამბაზი ვარ, ჯამბაზმა კი მაშინაც უნდა გააცინოს მაყურებელი, როცა თავზე დამსხვრეული ცხოვრება ნაწილ-ნაწილ ცვივა და ჰაერში იფანტება“. სულ დამავიწყდა, მე ხომ ჯამბაზი ვარ, ამიტომ უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან... ფეხზე წამოვდექი. პატარა ბიჭუნამ ხელი მომკიდა და იქით წამიყვანა, სადაც ყველაზე კაშკაშა სხივით განათებული სცენა ჩანდა. მე ჯამბაზი ვარ, მაგრამ ხშირად მიჭირს იმის გაკეთება, რაც ადვილია. რადგან ბავშვების, ამ მეამიტი არსებების, მოტყუება, რომელთა სიყვარულს იშვიათად თუ უწევს ანგარიშს ვინმე, ძალზე ადვილია. თვალები აენთო ბიჭუნას. ერთბაშად გაუქრა სიმორცხვე და ისეთი გამბედავი გახდა, რომ ჩემთან ერთად იცეკვა კიდეც, ნაყინიც მივირთვით ერთად, მერე სადღაც გაიქცა და თითქოს გაუჩინარდა ... სკამზე ჩემოვჯექი. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, გვერდით როგორ მომიჯდა ისევ პატარა ბიჭი. გაოცებისგან თვალები დავაჭყიტე და სიხარულით ტაში შემოვკარი. _ ,,შენ!? აქ საიდან გაჩნდი?“ _ ვკითხე და ფეხზე წამოვხტი. _ ,, მე შენთან მინდა ყოფნა, ჯამბაზო, იქნები ჩემი მეგობარი?!“ ბავშვს ეტყობოდა, რომ ურიგო ოჯახიდან არ იყო და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რადაგან ფერმკრთალ სახეზე სისხლის უწვრილესი კაპილარებიც კი უჩანდა და თვალის უპეების ფერი ოდნავ შეცვლოდა. _ ,,მერე დედა არ გაგიბრაზდება?“ _ ვკითხე და გვერდით დავჯექი. _ ,,დედა? არ ვიცი, მე მინდა, შენთან ერთად ვიყო, შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ?!“. _ ,,რა თქმა უნდა, შენი მეგობარი ვარ“, _ ვთქვი და მხარზე ხელი გადავხვიე. ისე ესიამოვნა, რომ იგრძნო თითქოს ჩემი სახით მფარველი და სურვილების შემსრულებელი ჯამბაზი რომ იჯდა, რომელსაც ბავშვების გართობა ძალზე ეხალისებოდა ... ბიჭუნა თვალს არ მაცილებდა, თითქოს სურდა გაეგო ჩემი ფიქრების შესახებ, ფერადი საღებავებით გათხუპნული სახის და ერთი შეხედვით უდარდელი და მხიარული გმირის მიღმა რა იდუმალ სამყაროს ვმალავდი. თითქოს ნელ-ნელა სწავლობდა ჩემი სახის ყველა ნაკვთს და თვალით წონიდა და ზომავდა. ბიჭი ძალზე ჭკვიანი ჩანდა. _ ,,შენ სახლიდან გამოიპარე?!“ _ თვალი თვალში გავუყარე და ისე ვკითხე. ბავშვი ჭარხალივით გაწითლდა. _ ,,არა!“ - მერე მიხვდა, რომ ტყუილს ამბობდა, სიწითლემ გასცა და მითხრა, რომ იცრუა. _ ,,ჯამბაზო, ხომ იცი, ჩემისთანა ფერმკრთალ და ავადმყოფ ბავშვებზე როგორი წარმოდგენა აქვთ მშობლებს, ამიტომ სახლში დარჩენა ჩემთვის ჯოჯხეთია“. _ ,,გთხოვ, შენთან ერთად წამოვალ, გთხოვ!“ ... ბავშვის ვედრებამ გული ამიჩუყა და ისეთი გამომეტყველება მივიღე, ცოტაც და ჯამბაზი ატირდებაო. თავი მოვიფხანე და კატეგორიულად ვუთხრი, რომ ასე არ გამოვა, რომ უნდა გავაგებინოთ მშობლებს, თორემ ჯამბაზი აგებს პასუხს თავის საქციელზე. _ ,,არა!“ _ წამოიყვირა ბიჭუნამ და ისე მაგრად ჩამეხუტა, რომ ხელების განძრევის საშუალება არ მომცა, _ ,,გთხოვ! შენთან ერთად წამიყვანე, გთხოვ!“ ... სიტყვები, რომელთა მიღმაც სიმართლე იმალებოდა, მხოლოდ ფერად-ფერადი ბუშტებივით იფანტებოდნენ ჰაერში, მერე იბერებოდნენ, სკდებოდნენ და უჩინარდებოდნენ . ბავშვის ნაამბობმა საკუთარი ოჯახისა და ცხოვრების შესახებ გული ამიჩუყა. ბავშვმა იცოდა, რომ უფროსები უფრო ხშირად ტყუიან და მარჯვედ მიმართავენ წვრილმან ხრიკებს, რათა ბავშვების ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილონ, მაგრამ ძნელია, იყო ბავშვი, ცნობისმოყვარეობით სავსე, მაგრამ ვერ ბედავდე, რამე იკითხო, რადგან მუდამ სასაცილო ჩანხარ უფროსების თვალში, თითქოს სულელი იყო. _ ,,ჯამბაზო, არასოდეს დაფიქრებულხარ იმაზე, რომ უამრავი რამ არსებობს ირგვლივ, რასაც თავისი ღირებულება და წონა აქვს?!“ გაკვირვებული თვალებით შევხედე და მივხვდი, რომ ამ პატარა ბიჭუნამ უფრო მეტი იცოდა ცხოვრებაზე, ვიდრე მე, ჟოაო სანტიაგომ, რომელიც მალე კაცობაში შევიდოდა. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს პატარა ბიჭმა პირველად დამანახა სინამდვილე. რამდენჯერ მიოცნებია ისეთ გაქცევაზე, რომელიც წამიყვანდა ძალიან შორს სამყაროს შუაგულში, მინდოდა გავმხდარიყავი იმპერატორი ან მეზღვაური, ჯაადოქარი ან მასხარა ... პატარა ბიჭი, რომელსაც უძირო ზღვისფერი თვალები ჰქონდა, თითქოს სახეზე ნაკვთები ჯერ არ დასრულებოდა, თითქოს იცნობდა ცხოვრებას და მის სახეზე ღრმა აზრი იხატებოდა. იქნებ ეს ის ბიჭი იყო, ვინც დამეხმარებოდა, მეპოვა ის, რასაც ვეძებდი, იქნებ ეს ბიჭი დამეხმარებოდა იმაში, რომ მამა მეპოვა და დაბრუნებულიყო ჩვენთან. მისი სახე თითქოს წაშლილიყო ჩემი მეხსიერებიდან, მაგრამ მაინც ჯიუტად ვცდილობდი აღმედგინა ისე, როგორც დახეული ფოტოს შეკოწიწებას ცდილობენ. სისხლი სახეში მაწვებოდა, ყელში ბურთი მებჯინებოდა, სული მეხუთებოდა. საშინელ უმწეობას ვგრძნობდი ვებერთელა სამყაროში, სადაც მე და ის პატარა ბიჭი ვიყავით თითქოს მარტო. მე ერთი ჩვეულებრივი ჯამბაზი და ის პატარა ფერმკრთალი ბიჭუნა, რომელიც, სახლიდან გამოქცეული, დამალვას ცდილობდა. ბიჭმა ხელი მომკიდა და ისე გავლიეთ გზა, ვერაფერი გავიგე ... თავი მესამე უკიდეგანო სივრცეს პირამიდები ამშვენებდნენ. პირამიდები?! გაოცებული შევყურებდი, ამ საოცარ სამყაროში როგორ ააგეს ეს დალოცვილი, ისინი ხომ ყველაფერს აღემატებიან, რაც კი დედამიწაზე ოდესმე ადამიანის ხელს აუგია. სფინქსების ხეივანში შევედით. ბიჭი ისე მშვიდად მიდიოდა, რომ თითქოს უკვე გავლილი ჰქონდა ეს გზა და ჩემთვის მეგზურობის გაწევა დიდი სიამოვნება იყო მისთვის. პირამიდები მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოში მქონდა ნანახი და ისეთი გულისყურით ვათვალიერებდი ახლა ცხადში ამ საოცრებას, რომ თვალებს ვიფშვნეტდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ნუთუ მართლა აქ ვარ?! ... _ „ჟოაო, ხედავ სად მოვედით?!“ _ მეუბნება ბიჭი, _ „შენი ოცნება რომ ახდეს, დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ეს დასაწყისია... ახლა მეფე მენტუჰოტეპის ტაძარში შევალთ. შენ ჩვეული ჯამბაზობით უნდა მოხიბლო, _ ბიჭმა ხელი მაგრად მომიჭირა ხელზე. გული მიცემდა, თითქოს ოფლმაც დამასხა, ველოდი, რა მოხდებოდა. მეფე დიდებულ დარბაზში თავის საბრძანებელში იჯდა, გვერდს ქურუმი უმშვენებდა. მსახურმა მოახსენა ჩვენი მისვლის შესახებ. მეფეს სახე გაუბრწყინდა, რადგან მის საბრძანებელში ისეთი ადამიანი მოვიდა, ვისაც სიყვარულის და პატიოსნების გარდა არაფერი ებადა, თუმცა, ჯამბაზის ცხოვრებიდან გამომდინარე, მხოლოდ გართობა და ტაკიმასხრობა შეეძლო. მეფემ თავისთან მიხმო. ჩუმი ხმით დაიწყო საუბარი. გამომკითხა, ამ უცხო მხარეში რატომ წამოვედი და რას ვეძებდი ასე დაჟინებით. _ „მზისკენ გაფრენილ ხომალდს ვეძებ, რომელიც მამას პოვნაში დამეხმარება!“ _ მივუგე მეფეს. ეს იყო პირველი აზრი, რამაც გამიელვა იმ წუთში თავში და თითქოს თავდჯერებულობა უფრო მეტად შემემატა. _ „ხომალდი, რომელმაც მამაშენი გაიყოლა?!“ _ გადაიხარხა მეფემ ხმამაღლა და თქვა: ,,ხომალდი მამაშენთან ერთად ჰიქსოსთა ველური ურდოს მოძალების შემდეგ გაქრა, მაგრამ არა უშავს, შენ ჩემი პირადი მასხარა იქნები, აქ არაფერი მოგაკლდება. არ დაგწყდეს გული, სიძულვილი ბევრ რამეს ასწავლის კაცს“. _ „ჰიქსოსთა ველური ურდო? ეგ რაღაა?“ _ ჩემს თავს ვკითხე. ეგვიპტის ისტორიას არც თუ ისე კარგად ვიცნობდი და ცოტა არ იყოს შემრცხვა, რატომ მეტად არ გავისარჯე და ყურადღებით არ წავიკითხე მათი ისტორია სკოლაში, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავარკვევ. როგორც ჩანს, პატარა ბიჭმაც იცოდა რაღაც, რადგან ხშირად ამბობდა ზღაპრის ბოლო ფრაზას: ,,ამ დღეს კი კოსმოსური ხომალდი მზისკენ გაფრინდა“. მისი მოძებნა ადვილი საქმე არ იქნებოდა … მეფე ძალზე თავდაჭერილი და ჯიუტი ვინმე იყო. თავისი მსახურები ისე ჰყავდა თოკზე გამობმული, როგორც ჯორი, რომელიც ჯიუტად თოკის ერთ ბოლოს ექაჩება და პატრონი კი მეორე ბოლოს. ვინ გაბედავდა მის წყენინებას, ყველა თვალებში უყურებდა მბრძანებელს. ამ დიდებულ სასახლეში ყველაფერი ბრწყინავდა, ყველას შესაბამისი სამოსი ეცვა და ისე თავდაჭერილად იქცეოდა, რომ ძალიანაც რომ მოგენდომებინა, ვერაფერს გამოსტყუებდი. მსახურმა დიდ ოქროსფერ ოთახში შეგვიყვანა და კარი მიხურა. _ ,,ჟოაო! შენ კარგი ბიჭი ხარ, ეცადე მეფე გაამხიარულო, ფეხი არსად დაგიცდეს, თორემ არ გაპატიებენ“, _ თქვა მსახურმა და ოთახიდან გავიდა. ბოლო ფრაზამ დამაფიქრა, როცა მსახური გავიდა და კარი ჩავკეტეთ, მაშინ მივხვდი, რომ ასე ადვილად არ ჩაივლიდა ეგვიპტეში მოგზაურობა. ჩემი ფერადი ტანსაცმელი იქვე სკამზე დავდე. საღებავით გათხუპნული სახე ჩამოვიბანე და მივწექი, ბიჭს უკვე ეძინა. ჩემი გაუთხუპნავი სახე ბიჭს არ უნახავს და მინდოდა, რომ არასოდეს ენახა, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემს ნამდვილ სახეს თუ დაინახავდა, მაშინვე მიხვდებოდა ჩემი გულის დარდსა და ტკივილს. მერე კითხვებით თავს მომაბეზრებდა ... მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ვფიქრობდი, როგორ მეპოვა მამაჩემი და პირში მიმეხალა ყველაფერი, რაც კი გადავიტანე მისი წასვლის შემდეგ. მეთქვა, როგორ მჭირდებოდა მისი დახმარება ახლა, როცა დედა განსაცდელში იყო და მე მის საძებნელად წამოსული ჯამბაზი საკუთარი სიცოცხლის ფასად ამ უცნობი პატარა ბიჭის მეგზურობით ვიკვლევდი გზას უცნაური სამყაროს ლაბირინთებში. დილით ჩემებურად გამოვეწყვე, სახეც გავიდღაბნე და ბიჭთან ერთად დიდ დარბაზში შევედით. თვალს ვერ ვაწვდენდი მაგიდას, სადაც უამრავი ნუგბარი და საჭმელ-სასმელით სავსე ხონჩები ელაგა. შეგრძნებები თითქოს დავკარგე, მაგრამ ახლა შიმშილის გრძნობა მაწუხებდა და სიამოვნებით შევჭამდი ყველაფერს ერთად. მეფემ შეგვამჩნია, ნერწყვს როგორ ვყლაპადით საჭმლის დანახვაზე და სუფრასთან მიგვიპატიჟა. _ ,,ხილით სავსე ხონჩა მიართვით ჩვენს სტუმრებს დილით, ესიამოვნებათ!“ _ ბრძანა და მოზრდილი ყურძნის მტევანი თეფშზე გადმოიღო. ისეთი ქარვისფერი იყო ყურძნის მტევანი, თვალს ვერ ვაშორებდი, გამჭვირვალე კანი და წვენით სავსე რბილობი ჰქონდა. აქამდე მხოლოდ ბაზარში მენახა, გემოც კი არ ვიცოდი, ტკბილი იყო თუ მჟავე. კარგად რომ გეახელით, მეფემ ბრძანა: ,,ჯამბაზს სთხოვეთ გაგვართოსო“ ... ვერავინ წარმოიდგენდა, რა ძვირად მიჯდებოდა ეს მოჩვენებითი მხიარულება, რა ნებისყოფა მჭირდებოდა ამ ყოველდღიური და უაზრო ძალდატანებისთვის. ჩვეული ტაკიმასხრობით ვცდილობდი მეფის გულის მოგებას, რომ როგორმე გამეგო, რა გზას უნდა დავდგომოდი, რომ გაფრენილი ხომალდის ადგილსამყოფელისთვის მიმეგნო, მაგრამ მეფე და მისი მსახურები სიტყვას არ სძრავდნენ ამ თემაზე. განა რა საიდუმლო იყო ასეთი, ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გამიმძაფრდა და გადავწყვიტე ღამით მის საბრძანებელში შევპარულიყავი და რაღაც მაინც მეპოვა ხელმოსაჭიდი. თითქოს ჩემი გულისნადები ერთმა ღვთისნიერმა მსახურმა გაიგო და ჩუმად მითხრა, რომ ის ხომალდი რომელშიც მამაჩემი იჯდა, ინდოეთისკენ გაფრინდა. განზრახვაზე ხელი ავიღე და მივენდე ბედს ... ღამით გეგმა შევადგინეთ მე და ბიჭმა. გეგმის მიხედვით, მსახურის მიერ ნაწყალობევი აქლემი დაგვეხმარებოდა ეგვიპტის ცხელი და მშრალი ადგილების დატოვებაში ... თავი მეოთხე ბევრი სიარულის შემდეგ ინდოეთის მიწაზე დავდგით ფეხი. ბიჭი მხიარული ჩანდა, ალბათ ფიქრობდა, რომ აქ მაინც ვიპოვიდით გასაღებს, რომ კარზე მოგვერგო. გასავათებული აქლემი ენით ტუჩებს ილოკავდა, ისე კარგად იცოდა გზა, რომ ალბათ ვაჭრები რომ აჰკიდებდნენ საპალნეს და გზას გაუყვებოდნენ, უკვე ზეპირად იცოდნენ, როგორ უნდა ჩასულიყვნენ ინდოეთამდე და ქარავანიც მიდიოდა ასე ჩუმად და აუღელვებლად. ჩვენც ქარავანს შევუერთდით. ერთი ღვთისნიერი კაცი დაგვემგზავრა, სახელად განეშა. გულზე მედალიონი ეკიდა სპილოსძვალზე ამოტვიფრული სპილოსსახიანი ღმერთის. ჩემი ყურადღება იმ მედალიონმა მიიპყრო და ეს შემამჩნია. _ ,,ჯამბაზო საით მიდიხართ! რას ეძებთ ამ უცხო მხარეში, იქნებ დაგეხმაროთ“, _ გვითხრა და ჩამოქვეითდა. აქლემს თოკი გამოაბა და ხელზე დაიხვია. მერე ჩვენც ჩამოვქვეითდით. ისე ცხელოდა, რომ ერთი წვეთი წყალი წამალი იქნებოდა ჩვენთვის. განეშამ ზურგჩანთიდან წყლის ჭურჭელი ამოიღო და გამომიწოდა. _ ,,აჰა, დალიეთ!“ _ ბიჭმა წყალი მოსვა და თითქოს ფერმკრთალ სახეზე სიცოცხლის ნიშანი დაეტყო. ცოტა შვება ვიგრძენით. _,,ჯერ კიდევ შორი გზაა ქალაქამდე, იქნებ შევისვენოთ“, _ გვითხრა და იქვე დიდი ხის ძირში ზურგჩანთა მიაგდო, მერე ძირს დაჯდა. ჩვენც დავჯექით, ალბათ სულის მოსათქმელად კარგი გამოსავალი იყო. განეშამ თავისი ისტორია გვიამბო, თითქოს ამით სურდა ჩვენი კეთილგანწყობა მოეპოვებუნა, რომ მეც ამეხსნა ჩემი ამ მხარეში მოგზაურობის მიზეზი. ჩემი შინაგანი ,,მე“ მეუბნებოდა, რომ კეთილშობილი კაცი იყო და ნდობა შეიძლებოდა. _ ,,ეს ჩემი სპილოს სახის მფარველი ღმერთია. კეთილდღეობისა და ყველა კეთილი წამოწყების, ცოდნისა და მეცნიერების შემწე. სპილო ხომ იცი, ჯამბაზო, ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ცხოველია და მნიშვნელოვანიც. ამიტომ ცხონებულმა მამაჩემმა ღმერთის საპატივცემულოდ განეშა დამარქვა. ბედს არ ვუჩივი, მაგრამ უბედობაც არის ალბათ. ვიცი, ერთ დღეს ჩემი ცხოვრებაც შეიცვლება“. არაფერი ვკითხე, რადგან ჩემი ფიქრები ახლა ისევ ჩემი მიზნისკენ მიმავალ გზას შესდგომოდნენ და უფრო მეტად ველოდი, როდის დამისვამდა კითხვას, რომ შესაბამისი პასუხები მიმეღო, რადგან ვფიქრობდი, რომ ხომალდის შესახებ რაღაც მაინც ეცოდინებოდა. შუაღამემდე დავრჩით. ბევრი ვისაუბრეთ, მერე მანტრა წამოიწყო. ჩვენ სულგანაბულები ვუსმენდით. უჩვეულო იყო ეს ლოცვა. როცა დაამთავრა, გვითხრა, რომ ამ ლოცვით ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ. ბიჭმა ტაში შემოჰკრა და თქვა: ,,რომ თუ ეს ლოცვა მართლაც ჯადოსნურია, მაშინ მისი მშობლებიც შეძლებენ გაუგონ და სახლში აუცილებლად დაბრუნდება“. მეც მესიამოვნა, ჩემი ცხოვრება ნამდვილად ითხოვდა შეცვლას. _ „ჯამბაზო, ინდოეთი ფანტაზიის და გრძნობების ქვეყანაა, ამიტომ აქ ნამდვილად იპოვი იმას, რასაც ეძებ“. გამთენიისას გზა განვაგრძეთ და საღამოს ქალაქში შევედით. ინდოეთი საოცრებაა. დიდი და ლამაზი ქვეყანაა თავისი ცხოვრების წესით, უძველესი ისტორიით, უმდიდრესი კულტურით და რელიგიით. _ ,,ეს სად მოვხვდით?!“ _ ამბობს ბიჭი და მეც ცნობისმოყვარე ბავშვივით ვაცეცებ თვალებს აქეთ-იქით. თვალს იტაცებდა ეგზოტიკური ბუნების სილამაზე და ბრჭყვიალა ფერების საზეიმო განწყობა ... ბევრი სიარულის შემდეგ განეშამ სასახლეში მიგვიყვანა. არცთუ ისე დიდი ზომის სასახლეს ლამაზი რკინის კარი ამშვენებდა. როგორც გვითხრა, ამ ქალაქში დიდი ხნის წინ მამამისი რაჯას ერთგული მსახური იყო და მისგან წყალობად ეს სასახლე მიიღო, სადაც თორმეტ შვილთან და ცოლთან ერთად ცხოვრობდა. მამა რომ გარდაიცვალა, უფროსმა და-ძმებმა თავის გზა იპოვეს და მოხუც დედასთან მხოლოდ სამი შვილი დარჩა, მათ შორის _ განეშა. კარი განეშას უმცროსმა დამ გაგვიღო. ხელისგულები ერთმანეთთან შეატყუპა და მკერდთან მიიტანა, თავი ნაზად დახარა და მორცხვად თქვა ,,ნამასტე“, რაც ინდურად მისალმებას ნიშნავს. უცნაურ სამოსში იყო ჩაცმული. განეშამ გვითხრა, რომ ქალებს აქ ასეთი სამოსი აცვიათ და სარს ეძახიან. თვითონ დჰოტი ეცვა. ეს გზაში აგვიხსნა, თუ რას ნიშნავდა მამაკაცებისთვის დჰოტის ტარება. სასახლე მაინცდამინც დიდი არ იყო, კოხტად მოწყობილ ოთახებს ინდური კულტურის ყველა ნიშანი ეტყობოდა. გამაოცა ქანდაკებების სიმრავლემ, ყვავილებით მორთულმა დარბაზებმა და კერძების საოცარმა სურნელმა. გულთბილად მიგვიღეს. ჩემი გარეგნობის და ჩაცმულობის გამო გამხიარულდნენ კიდეც, რადგან ასეთი ჯამბაზი, თანაც პატარა ბიჭუნასთან ერთად, რომელსაც ძალზე ფერმკრთალი სახე ჰქონდა, არ ენახათ. ბავშვს განსაკუთრებულად ექცეოდნენ. განეშას დედამ საგანგებოდ ტკბილეული მოუმზადა, იქნებ ფერმკრთალ სახეს მოუხდესო. მოკლედ, ვივახშმეთ და განეშას დედამ ჩემი ინდოეთში სტუმრობის მიზეზი მკითხა. მეც ომახიანად ვუპასუხე: ,, ხომალდს ვეძებ, რომელმაც მამაჩემი გაიყოლა“. მოხუც ქალს შუბლი შეეჭმუხნა ამის გაგონებაზე, თუმცა მაინცდამინც არ გაჰკვირვებია, სახეზე შევატყვე. გამიხარდა, ალბათ რაღაც მაინც გაეგონა ამ ხომალდის შესახებ. _ ,,შვილო ჟოაო! შენ კარგი ბიჭი ჩანხარ, გულიც თბილი გაქვს, თვალებზე გეტყობა“. თვალები სადღა შემამჩნია ამ ქალმა, არ ვიცი, ისე მქონდა გადღაბნილი ამდენი სიარულის და დაღლილობის გამო, რომ სულ არ მიფიქრია ამაზე._ ,,შენი თვალები სევდიანია, ვხედავ, როგორ გიჭირს, მაგრამ მამაშენს იპოვი, აუცილებლად იპოვი“ ... ეს სიტყვები მესიამოვნა, მაგრამ არ დამაკმაყოფილა. _ ,, თქვენ იცით ამ ხომალდის შესახებ?!“ _დავუბრუნე კითხვა და მის უძირო თვალებს დავაკვირდი. განეშამ გვითხრა, რომ დედამისი ახალგაზრდობაში გულთმისნობით და სამი ღმერთის _ ბრაჰმას, ვიშნუს და შივას _ დახმარებით ადამიანებს ლოცვებით არჩენდა. სწორედ ამიტომ ყველა დარბაზში მათი ქანდაკებები იდგა. შუაში შემოქმედი ბრაჰმა, მარცხნივ დამანგრეველი შივა და მარჯვნივ მფარველი ვიშნუ. ეს საოცარი ქანდაკებები უფრო მეტ სიცხადეს და ენერგიას ასხივებდნენ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი. მათი ზემოქმედების ძალაც იგრძნობოდა, რადაგან მათი ყოველი მოძრაობა და გამომეტყველება მიუთითებდა იმაზე, რომ ღმერთების ძალას ინდოეთში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და პატივს სცემდნენ. მოხუცმა მშვიდად განაგრძო საუბარი: ,,ჟოაო, იცი, შენ შივა ნატარაჯა დაგეხმარება, სიცოცხლის და სიკეთის წყარო, კოსმოსური ცეკვის დიადი მეფე, ის გასწავლის გზას, საით უნდა წახვიდე“. _,,ნატარაჯა!“ _ გავიმეორე გუნებაში, რომ კარგად დამემახსოვრებინა. ამ მოგზაურობის დროს ლაილაც არ დამვიწყებია, ხანდახან ჩემი გრძნობები სცდებოდა ყოველდღიური აუტანელი პირობების საზღვრებს, რათა უფრო ახლოდან შეეხედა ახალი ცხოვრებისთვის. განეშას და კარიშმა მივამსგავსე კიდეც ლაილას, მასავით ლამაზი შავი თვალები და მზისგან გარუჯული კანი ჰქონდა. თავისთვის ჩუმად იჯდა და გვისმენდა მთელი საღამო, რასაც დედა დაავალებდა, იმას ასრულებდა. ეტყობოდა, დედას პატივს სცემდა და ემორჩილებოდა. ლაილაც ასეთი იყო, რამდენჯერ მიფიქრია ჩემ გვერდით მისი ყოფნა როგორ გამამხნევებდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. როცა მოგზაურობა დასრულდებოდა, აუცილებლად გავუმხელდი ჩემს გულისნადებს. ღამით, როცა დასაძინებლად წავედით, განეშამ დამამშვიდა, რომ დამეხმარებოდა ხომალდის პოვნაში, მთავარი იყო ის, რომ იმედი არ დამეკარგა. დილით სასთუმალთან შივა ნატარაჯას ვერცხლის კულონი შევნიშნე. თვალები მოვიფშვნიტე და ხელით მოვსინჯე, სინამდვილეში ვხედავდი, თუ... კულონი ძალიან საინტერესო ჩანდა, რადგან საცეკვაო პოზაში მდგარი ნატარაჯა თითქოს დასახმარებლად მიწვდიდა ხელს. იმედი მომეცა, რომ იქნებ მართლაც შევძლებდი ხომალდის პოვნას. დასაკარგი დრო არ მქონდა, სასწრაფოდ უნდა გავცლოდი აქაურობას. საუზმე მოგვართვეს, ბიჭი გამოძინებული და კმაყოფილი ჩანდა. თავს ვიმშვიდებდი, რომ, როცა ეს ყველაფერი დასრულდებოდა, მის მშობლებს უვნებელს და ბედნიერს ჩავაბარებდი. განეშას დედამ შივა ნატარაჯას კულონი მისახსოვრა და მითხრა, რომ თუ გულზე ჩამოვიკიდებდი და ვატარებდი, ყველაფერში დამეხმარებოდა. გულზე ჩამოვიკიდე საჩუქარი, თითქოს გული დავიმშვიდე. ჩვენი გზა ისევ შორი და იდუმალებით მოცული ჩანდა. ინდოეთში რამოდენიმე დღე დავრჩით. ბიჭი ვერ იტანდა მშრალ და ცხელ ჰავას, მაგრამ მაინც მშვიდად ეჭირა თავი და უხაროდა, რომ ისეთ ადგილას იყო, სადაც ვერასოდეს მიაგნებდნენ მშობლები და თან სახიფათო თავგადასავლების ძიებაში სულ არ ფიქრობდა ამაზე, მაგარამ ხანდახან მაინც შეახსენებდა თავს სახლი და ის გარემო, სადაც ცხოვრობდა ... განეშამ ქალაქი დაგვათვაიერებინა. რას არ ნახავდა აქ, ამ საოცარ მხარეში, კაცი, ყველაზე მეტად სიმდიდრემ გამაოცა, ძვირფასი თვლების და ოქრო-ვერცხლის სიუხვემ. ყველაფერს ნიჭიერების ხელი ეტყობოდა. სასახლეები თითქოს ზღაპარში ნაგებს ჰგავდა, ყველგან ფერადი საღებავებით მოხატული კრიშნას ქანდაკებები იდგა. კრიშნა ლეგენდის მიხედვით მწყემსი ბიჭი იყო, რომელიც სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულის მპყრობელად იქცა. ეს ლამაზი მწყემსი ბიჭი ინდოელი ხალხის, კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების, ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა, მწყემსი კრიშნა, რომელიც ხალხმა გააღმერთა. მოვიხიბლეთ მათი ხალხით და გულთბილი დამოკიდებულებით, მაგრამ ფიქრი მაინც იქითკენ მქონდა, როდის დავადგებოდით შორეული მოგზაურობის გზას, რომ რაც შეიძლება მალე მეპოვა ის, რასაც ვეძებდი, დასაკარგი დრო არ მქონდა. გამომშვიდოდბების დღეც დადგა. განეშა და მისი ოჯახი სითბოს და სიყვარულს გვატანდა, ალბათ არასოდეს დამავიწყდებოდა ეს შავტუხა, ინდუსი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გულთან მიიტანა ჩემი ტკივილი და სახლის კარი გაგვიღო. თავი მეხუთე ჩვენი მგზავრობა გემით უნდა გაგრძელებულიყო, რადგან, როგორც განეშას დედამ გვითხრა, აცტეკ ინდოელთა იმპერიის ტომთა უზენაესი ღმერთი ვიცლიპუცლი ფლობდა ხომალდის საიდუმლოს. „მართალია, ის ძალზე მრისხანე არსებაა, მარჯვენა ფეხის გულის ნაცვლად სარკე აქვს და შიგ ჭვრეტს ყველაფერს, მაგრამ, თუ გულის გასაღებს მოუძებნი, ყველაფერს გიამბობს, სწორედ მას აქვს ვარსკვლავური ცის რუკა და, რაც მთავარია, აცტეკთა კალენდარი, რომელიც დაგეხმარება მამაშენის პოვნაში“, _ დამამშვიდა განეშას დედამ. გზა გრძელი იყო და ამიტომ გემით უნდა გადაგვეცურა მექსიკამდე. რადგან გემი საოკეანო იყო, ამიტომ გემბანის ქვეშ, გემის შუაწელში მიგვიჩინეს კაიუტა, რომელიც კომფორტს მოკლებული იყო. გემი მგზავრებით იყო სავსე, კაიუტა ვიწრო, პატარა საკუჭნაოს ჰგავდა. მხოლოდ ილუმინატორის მრგვალი მინიდან შემოდიოდა მქრქალი შუქი. სულის შემხუთავ, დაგუბებულ ჰაერში ზეთის და ობის სუნი იდგა. გემბანზე მოსეირნე ხალხის ფეხების ბაკუნი თავში ჩაქუჩის რახუნს ჰგავდა, უსაქმურობისგან გაბეზრებული ადამიანების გაუთავებელი ყბედობა ისმოდა. ახლა წუწუნის დრო არ იყო, მთავარი იყო ის, რომ გემი იქამდე მიგვიყვანდა, სადაც საინტერესო თავგადასავალი გველოდა. ამიტომ, როგორც კი კაიუტაში შევედით და დავბინავდით, ორივე საწოლზე მივწექით და ძილს მივეცით თავი. შუაღამისას გამომეღვიძა. ბიჭს მშვიდად ეძინა. კაიუტიდან გამოვედი. ისე ბნელოდა, რომ ხელის ფათურით ძლივს ავედი კიბეზე, რომელიც გემბანზე ადიოდა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო ის, რომ გემბანის მაღლა დაკიდებულ ,,ოქროცურვილ ჭაღებზე“ ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ სინათლის პატარა ნათურები, გემბანის კედლები სარკესავით ლაპლაპებდნენ და სხივებს ირეკლავდნენ. თვალები მომჭრა სინათლემ. გემბანზე ვიდექი და ყურს ვუგდებდი, როგორ მიაქანებდა ქშენით გემი თავის მოჭრიალე სხეულს უჩინარ სივრცეში. ჩემ წინ ახალი სამყარო ჩანდა, სადაც არაჩვეულებრივი სისწრაფით იცვლებოდა ყველაფერი. ახლა გემზე განმარტოება ჩემთვის შვება იყო, რადგან უკეთ მოვუყრიდი აზრებს თავს და ზღვის ტალღების ჩუმი ღელვა დაამშვიდებდა ჩემ აფორიაქებულ სულს. ზეცა ბრწყინავდა. ასეთი ცა არასოდეს მენახა, მთვარით და ვარსკვლავების შუქით მოკაშკაშე. საიდუმლოებებით მოცული ჩანდა ცა და თითქოს იქიდან იღვრებოდა სინათლის ათინათი. გემის მთელ მოყვანილობას ირეკლავდა ზღვა, საინტერესოდ გამოიყურებოდა; ბაგირები, ქანდარები, ანძები, სასიგნალო სინათლეები და კიდევ რა ვიცი, მე ხომ პირველად ვიყავი გემზე. გემი აქეთ-იქით ირწეოდა, ნიავი სასიამოვნოდ ესალბუნებოდა ჩემს დაღლილ სახეს. ვიდექი და ცაში ვიყურებოდი. ვსუნთქავდი თავისუფლად, შვებით და მოლოდინის სასიამოვნო გრძნობით, თუმცა შიშიც იყო ჩემში, რაღაც უცნაური შიში ... რაც ამ გემზე ამოვედი, ახლაღა ვიგრძენი ჩემი ოცნების ასრულების დაუოკებელი წადილი. ბაგირებზე ბორძიკით, რკინის ჯალამბრებს გვერდი ავუარე და ბოლოს, როგორც იქნა, კილამდე მივაღწიე, ქვევით გადავიხედე და ვუყურებდი, როგორ აპობდა ხომალდის ქიმი წყვდიადს და როგორ იშლებოდა მთვარის შუქზე აქაფებული ზღვის ტალღები დანის პირივით ბასრი ქიმის ორივე მხარეს. დრო ისე გავიდა, ვერც კი შევამჩნიე. ისე გავერთე ამ სასიამოვნო სურათით, რომ თითქოს მეც ნელ-ნელა ვაყოლებდი ჩემი გულის ცემას ტალღების მშვიდ დინებას. ჩემ გვერდით ვიღაცამ გაიფაჩუნა თითქოს. ისე გადავეშვი ამ სასიამოვნო ეიფორიაში, ვერ მივხვდი, როგორ მომიახლოვდა ვიღაც უცნობი, რომელიც ჩემს ზურგს უკან სიგარის კვამლს უშვებდა ჰაერში. _ „მომიტევეთ! ხომ არ შეგაშინეთ, _ გამომელაპარაკა უცნობი. ასეთ დროს აქ ყოფნა მართლაც სასიამოვნოა. უკვე სამი ათეული წელია ამ გემის ბოცმანი ვარ და ყოველი მოგზაურობის დროს რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე, მაგრამ ეს საოცარი ცა ყოველთვის მომაჯადოებელია. _ „მართლაც ასეა, გეთანხმებით“, _ მორიდებით ჩავილაპარაკე, თითქოს დანაშაულზე წამასწრეს. _ ,,საით მიდიხართ? თან უცნაურად ჩაცმულხართ! ალბათ გემის ეკიპაჟის და მგზავრთა გასართობად მოგიწვიეს“, _ მხიარული ტონით მითხრა ბოცმანმა და სიგარა გააბოლა. _,,მართალია, მე ჯამბაზი ვარ, მაგრამ გასართობად არა, ხომალდის საძებნელად მივდივარ, რომელმაც მამა გაიყოლა“. ბოცმნმა უცნაური გამომეტყველება მიიღო, ალბათ გიჟი ვეგონე, თმცა რამოდენიმე წამის შემდეგ სახე შეიცვალა და თვალებში ჩამაშტერდა. _,,ხომალდი!? მგონი მეც გამიგია მის შესახებ, მაგრამ არ მახსოვს, სად გაფრინდა და როდის“. _ ,, ეს ცუდია!“ _ ვთქვი და სახე მომეღუშა. ეტყობოდა თავისი საქმე მოსწონდა და სიამოვნებდა თავის თავზე ლაპარაკი, მე კი სიამოვნებით გავეცლებოდი ამ კაცს, მაგრამ ასე ერთბაშად უხერხული იქნებოდა. დაღლილობა მოვიმიზეზე და იქაურობა დავტოვე. ბორძიკ-ბორძიკით მივიკვლევდი გზას გემბანზე, კიბეებს დავუყევი, უჰაერო და შეხუთულ კაიუტაში შევედი. ბიჭს ისევ ეძინა. მივწექი და თვალი ვეღარ მოვხუჭე. დედაზე ვფიქრობდი. ჩემგან მიტოვებულ დედაზე, რომელიც ალბათ მელოდა, როდის მივიდოდი მამასთან ერთად და ისევ ისეთი ერთიანი ოჯახი გვექნებოდა. მამა ისევ ილაპარაკებდა ფეხბურთზე, დღესასწაულებზე დედა მოამზადებდა შოკოლადის დესერტს ,,ბრიჟადეიროს“, რომელიც ძალიან მიყვარს და ბედნიერად ვიცხოვრებდით ისევ ... გემის ზარმა ორჯერ ჩამოჰკრა. როგორც ჩანს, გამთენიისას ჩამეძინა და ზარის ძლიერმა მკაფიო დარტყმამ გამომაღვიძა. შეშინებული წამოვხტი, ბიჭმაც გაიღვიძა. _ „ჟოაო! მალე გადავცურავთ ზღვას?“ _ იკითხა და თვალები მოიფშვნიტა, _ ,,მშია!“ _ თქვა მერე. _ ,,რა თქმა უნდა, გშია, მეც მშია. მოდი საუზმეზე სასადილოში შევიდეთ, იქნებ რამე საჩვენოც ვნახოთ. წადი, პირი დაიბანე“, _ ვუთხარი ბიჭს, მაგრამ სად უნდა დაებანა პირი, არ ვიცი,რადგან შესაბამისი ადგილი გემბანის ბოლოში იყო და საკმაო მანძილი უნდა გაევლო, ჩვენ ხომ სოროსავით პატარა კაიუტაში ვიყავით შემძვრალები თაგვებივით. სასადილო დარბაზში აუტანელი ზეთის და აშმორებული სიგარეტის კვამლით დახუთული ჰაერი იდგა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეს სიბინძურე, რადგან ჩვენ ხომ პირველი კლასის მგზავრები არ ვიყავით და ამიტომ მომსახურეობაც შესაბამისი ჰქონდათ. ბიჭს ჩაი დავუსხი და ერთი ნაჭერი ყველით პატარა ბუტერბროდი გავუკეთე, მზარეულმა ამასობაში დიდი ქვაბით მოხარშული კვერცხი და ვერმიშელი გამოიტანა, ამ სიბინძურეში თითქოს გულიც მერეოდა, მაგრამ შიმშილის გრძნობა მაინც მქონდა. მზარეულმა დამცინავად გადმოგვხედა... ორი ცალი კვერცხი და ერთი კოვზი ვერმიშელი დაგვიდო თეფშზე და ისე მოგვაძახა, აიღეთო, თითქოს ძაღლები ვიყავით. _ ,,ჯამბაზო, სწრაფად! ხომ ხედავთ, ხალხი ემატება, დროზე ჭამეთ და გადით აქედან“. დახლთან მივედი და თეფშისთვის არც კი შემიხედავს, ისე ვუთხარი მზარეულს: ბიჭი რომ არა, ალბათ არასოდეს შემოვიდოდი მის აყროლებულ სასადილოში. მან შემომხედა და ისე გადაიხარხარა, თითქოს გემი შეზანზარდა. ნამდვილ პირუტყვს ჰგავდა. თავზე ჭრელი ყელსახვევი ჰქონდა მოკრული, თეთრი გაზინტლული წინსაფარი ეკეთა ტიტველ ტანზე, ზორბა მხრებზე უხეში ბეწვი ჰქონდა დაფენილი, მკლავები კი ათასგვარი ნახატებით მოხატული, ვეება წარბების ქვეშ მოქუფრულ შავ თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა და იცინოდა. სასადილო დარბაზში ხალხი მომრავლდა. საუზმე ყველას ეჩქარებოდა, რომ შემდეგ მთელი დღე ბანქოს თამაშით და ლამაზმანებთან არშიყით გაერთოთ თავი. რა თქმა უნდა, ეს იყო დაბალი კლასის საზოგადოება. აი ისეთი, გაჭირვებისგან ტანსაცმელი შიგნიდან რომ აქვთ დაკემსილი და უკანასკნელ ნივთს რომ გაყიდიან იმისთვის, რომ ვიღაცის დასანახად იმოგზაურონ და თავი გაირთონ, ბოლო გროშები დახარჯონ ბანქოს თამაშში და ლამაზმანებთან ფლირტით ისიამოვნონ ყოველ საღამოს. თუმცა არ ვიცი, მე ასე მომეჩვენა ... _ ,,ჯამბაზო, რა ლამაზი სამოსი გაცვია!“ _ დაიძახა მაგიდასთან მჯდარმა ერთმა წვერიანმა კაცმა, რომელსაც სულ არ უხდებოდა კუბოკრული პიჯაკი, კოტიტა ხელებზე ვერცხლის დიდი ბეჭდები ეკეთა და ჭიქაში ჩასხმულ ყავას კოვზით ხმაურით ურევდა, ჭიქა ისე წკარუნობდა, თითქოს ზარს რეკდნენ. _ ,,წითელი, მწვანე, ლურჯი _ ეს ხომ საინტერესო ფერებია!“ _ თქვა ერთ-ერთი მაგიდიდან ქალბატონმა, რომელიც მთელი მონდომებით მაკვირდებოდა, მერე ბიჭს მიაშტერდა: - ,,ეს ბავშვი აქ საიდან გაჩნდა? ეს ბიჭი სახლიდან გამოპარულს ჰგავს“ ... ბიჭს სახე აელეწა, თვალებში შიში ჩაუდგა და ხელი ისე მომკიდა, რომ მივხვდი, ახლა ჩვენი ერთადერთი ხსნა იყო ის, რომ აქაურობას გავცლოდით რაც შეიძლება სწრაფად. _ ,,თავი დაანებეთ!“ _ მოულოდნელად თეთრ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალის ხმა გაიმა. ჯამბაზი ჩვეულებრი ადამიანი არ არის, ხომ იცით, ერთი შეხედვით უდარდელ და მხიარული გმირის მიღმა ყოველთვის მისი იდუმალი სამყარო იმალება. არ გაბედოთ მისი წყენინება. ის ლეონკავალოს ოპერის გმირია, კეთილი ჯამბაზი, მას ხომ სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს სამყაროზე, სწორედ ისეთი, თქვენ რომ ვერსოდეს წარმოიდგენთ“ ... დარბაზში სიცილი გაისმა ... ფეხები მეკვეთებოდა, გული საოცრად მიცემდა. _ ,,ჟოაო! წავიდეთ აქედან“, _ ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ... ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, მეტის ატანა აღარ შემეძლო, ამიტომ გვერდითი კარიდან სწრაფად გამოვედით და კაიუტისკენ გავიქეცით, რომ არავის დავენახეთ. გემის სასადილო დარბაზში მომხდარმა ჩემი ,,მე“ მთლიანად შემუსრა. ახლა ისღა დაგვრჩენოდა, როგორმე დაგვეცადა იქამდე, სანამ გემი მექსიკის ნაპირებს მიადგებოდა. კაიუტაში საშინელი დახუთული ჰაერი იდგა. ბიჭიც განერვიულდა და ვცდილობდი დამემშვიდებინა. _ „ნუთუ მიცნეს?!“ _ მითხრა და მაგრად ჩამეხუტა, _,, ჟოაო! შენ ხომ არ მიმატოვებ?“. _ ,,არასოდეს!“ _ ომახიანად ვთქვი და თავზე ვაკოცე. ჩემი სამოსის ფერები ახლა შევამჩნიე და დავმშვიდდი, რადგან მათაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა ადამიანისთვის და, რაც მთავარია, განეშას დედას ნაჩუქარი ნატარაჯას მედალიონი მაძლიერებდა ... ჯერ კიდევ მაწუხებდა გაბრუებულობის და გათანგულობის შეგრძნება. ისეთ რწევასა და რყევას ვგრძნობდი ფეხქვეშ, თითქოს მიწა მეცლებოდა და სადღაც შორეული ცისკენ მივექანებოდი ... მას მერე ძილი გამიკრთა, მხოლოდ ღამით გამოვდიოდი გემბანზე, რომ სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა, თითქოს არ მინდოდა აინუნში ჩამეგდო ის, რაც ხდებოდა ჩემ ირგვლივ, მაგრამ მაინც ცხადად შევიგრძნობდი ყოველივეს და უფრო მეტად მზაფრავდა ეს მდგომარეობა, მინდოდა, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი და დედა მენახა ... გემზე ჩვენი ყოფნა გაუსაძლისი გამოდგა. მზარეულთან ინციდენტმა ჩემი მდგომარეობა უფრო გაართულა. არ ვიცოდი, რატომ ამითვალწუნა, თუმცა ბოცმანი ყოველ ღამით გემბანზე მხვდებოდა და მამშვიდებდა, რომ მზარეული ცუდი კაცი არ იყო, უბრალოდ ცხოვრების მუხანათურმა ყოფამ შეცვალა მისი ბუნება ასე. ინტერესი გამიჩნდა, გამეგო რა უჭირდა მზარეულს, რომ ადამიანები არ უყვარდა და ცდილობდა ერთი ულუფა საჭმელიც დაემადლებინა მათთვის. მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი, რომ მზარეულის გული მომეგო და ჩვენი ურთიერთობა მშვიდობიანად დასრულებულიყო მოგზაურობის შემდეგ. არასოდეს მქონია ასეთი დაძაბული ურთიერთობა სკოლაში თვით ყველაზე ამპარტავან მოსწავლეებთანაც კი. ნუთუ ვერ გავიგებდი ამ კაცის სულიერი მდგომარეობის გასაღებს?! მე ხომ ფსიქოლოგობა მინდოდა. მეორე დილით ისევ მივედით სასადილო დარბაზში. ბიჭი მაგიდას მიუჯდა და სანამ მზარეული კერძს გამოიტანდა, სამზარეულოში გაბედულად შევედი და პირდაპირ მზარეულისკენ გავემართე, რომელიც დიდ ქვაბში მოხარშული კარტოფილისგან პიურეს ამზადებდა, ღონივრად იქნევდა ხელს, რომელშიც კარტოფილის საჭყლეტი ეჭირა, ოხშივარი ასდიოდა ირგვლივ ყველაფერს. მისმა დამხმარემ, რომელიც ერთი ჩია პატარა კაცი იყო, შემამჩნია და მითხრა, რომ სანამ ბატონი კოსტა არ გაბრაზებულა, აქედან მოუსვი და სასადილო დარბაზში დაელოდეო. არ შევეპუე ამ კაცის ნათქვამს და პირდაპირ მის წინ გავჩნდი. _,,ბატონო კოსტა! მადის აღმძვრელი სუნია, გემრიელად ამზადებთ, იქნებ მეც დაგეხმაროთ?!“ ხელები დავიკაპიწე ისე, თითქოს კარტოფილის გათლას ვაპირებდი, ან მწვანილის გარჩევა ... კოსტამ გაკვირვებისგან თვალები აატრიალა და ყურში ჩამჩურჩულა: „ჩემი გამოწვევა გინდა, ჯ ა მ ბ ა ზ ო?!“ _ ,,არა, შენთან მეგობრობა მინდა, მე ხომალდს ვეძებ, რომელმაც მამაჩემი გაიყოლა, ხომ არაფერი იცი მის შესახებ“. არაფერი მიპასუხა, ისევ გააგრძელა თავისი საქმე და დამხმარეს უბრძანა, თეფშზე კატლეტი და პიურე დაუდეო. _ ,,საჭმელი არ მინდა! მე არ მშია, პატარა ბიჭს თუ დააპურებ, მადლობელი დაგრჩები“, _ ჩავილაპარაკე ჩუმად ... გაუნძრევლად ვიდექი და სიცარიელეს მივშტერებოდი სამზარეულოს ცხიმიან კედელზე. უცხოობას ვგრძნობდი, გათანგული ვიდექი, არავითარი ცუდი განზრახვა არ მქონდა, მხოლოდ მეგობრობა მინდოდა კოსტასთან... გვიან ღამით, როცა ბიჭმა დაიძინა, ისევ გემბანს მივაშურე. სიცარიელე და სიჩუმე იდგა ირგვლივ. ცაში დავიწყე ყურება, ეს მამშვიდებდა თითქოს. დილით სამზარეულოში მომხდარმა ამბავმა ცოტა იმედი ჩამისახა, რადგან კოსტამ კინწისკვრით არ გამომაგდო და საჭმელიც შემოგვთავაზა. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. გემბანზე რაღაც თეთრმა გაიელვა. ნათურები ჩამქრალი იყო, ამიტომ სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი, თუმცა ლანდი თითქოს მიახლოვდებოდა და გულმა უჩვეულოდ დაიწყო ძგერა. როცა ლანდი შედარებით ახლოს მოვიდა, მაშინ გავარკვიე, რომ ეს კოსტა იყო თავისი ზორბა მხრებით და თეთრი პერანგით, რომელიც რეცხვისგან მთლად გაწყალებულიყო. _ „შენ აქ ხარ?!“ _ შემომხედა თუ არა, ვიცანით ერთმანეთი, იქვე დაჯდა და სიგარა ამოიღო. არ ვიცოდი, თუ სიგარას ეწეოდა, მზარეული რატომღაც მოწესრიგებული ადამიანი წარმომედგინა ყოველთვის, მაგრამ კოსტა გამონაკლისი იყო ალბათ. _ ,, ჯამბაზო, შენმა ნათქვამმა დამაფიქრა. შენი და შენი მეგობრის აქ ყოფნა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, შენისთანები ბევრი მინახავს, მაგრამ მაწანწალებს ვერ ვიტან, სხვის სუფრაზე რომ უყვართ სადილობა და ვახშმობა. იცი, რამდენი წელია ამ საქმეს ვაკეთებ და მომბეზრდა ყოველ ჯერზე მათი დაპურება. _ ,, მერე ეს ცუდია?“ _ დავუბრუნე კითხვა. _ ,,კარგიც არაა, საჭმელს აკეთებ და სხვებს აპურებ, შენი საკუთარი ცხოვრება კი არ გაქვს“. _ ,,კოსტა, ოჯახი გყავს?“ _ ვკითხე და თითქოს შევამჩნიე, რომ უსიამოვნო განწყობაზე დადგა. _ ,,შენ რატომ მეკითხები ამას, რატომ გაინტერესებს? ვინ ხარ, რომ შენ გითხრა ჩემი ცხოვრების შესახებ“. _ ,,უბრალოდ ისე ... კოსტა! მე მამა მენატრება, პატარა ბიჭი კი სახლიდან მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ მშობლები ვერ უგებენ“. _ ,,შენ?!“ _ გაუწყდა ხმა კოსტას, _ ,,მე! მე ერთ დროს ოჯახი მყავდა, შვილს ვზრდიდი, ექვსი წლის ბიჭუნას, რომელიც ძალიან მიყვარდა და იმ საშინელი დღის მსხვერპლი გახდა, როცა აქაფქაფებულ ცხელ წყალში ჩავარდა და წყალმა მთლიანად შთანთქა მისი სხეული. მას მერე ჩემი ცოლი აღარ მინახავს, მე გემზე წამოვედი მზარეულად. ადამიანებთან ურთიერთობას ვერიდები, თითქოს მათზე მინდა ჯავრი ვიყარო“. _ ,,ადამიანებმა რა დაგიშავეს?“ _ ვკითხე მე. _ ,,ჩემი სულელი მეზობლის ბრალი იყო ყველაფერი, რომელმაც წყლით სავსე ქვაბი სახლის ეზოში დადგა ცეცხლზე და მიატოვა. ბავშვები თამაშობდნენ, შემთხვევით ბურთი ჩავარდა შიგ და ჩემი შვილი“ ... კოსტას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და აქვითინდა... მერე გაზინთლული ცხვირსახოცით მოიწმინდა თვალები და სახეზე მომაშტერდა. _ ,,ახლა ხვდები, ჯამბაზო, რატომ არ მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა?!“ მე მივხვდი, რომ ადამიანების ბუნება ამოუხსნელია. მის გარეგნობაში სიმკაცრე და მოუხეშაობა ჩანდა, მაგრამ ბუნება მკაცრი არ ჰქონდა ამ კაცს და მთელი ბოღმა და ღვარძლი უნდოდა გადმოენთხია ცხოვრების მუხანათობის გამო ადამიანებზე, რომლებმაც არაფერი დაუშავეს, ეს ხომ შემთხვევით მოხდა. გულზე ნატარაჯას მედალიონი შემამჩნია და მკითხა: ,,ეს რაღაა, რამდენი ხელი აქვს ამ დალოცვილს, რომელს საით გრიხავს ვერ მიხვდები“. მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ ინდოეთში ერთი ღვთისნიერი კაცის ოჯახში მაჩუქეს და დიდი იმედი მქონდა, რომ დამიცავდა და მაპოვნინებდა იმას, რასაც ვეძებდი. კოსტა დაინტერესდა ჩემი ისტორიით და დამპირდა, რომ თუ მოგზაურობის დროს რამეს მაინც შეიტყობდა, გამაგებინებდა. ამ საღამოს ჩვენს შორის არსებული გაუგებრობა მთლიანად ამოიწურა და თითქოს შემრცხვა, რომ თავიდან კარგი თვალით არ შევხედე, ახლა შემეცოდა კიდეც. კოსტასთან ჩვენი ურთიერთობა დიდი მეგობრობით დასრულდა. როცა გაიგო, სად მივდიოდი და რას უნდა შევბმოდი, დახმარებაც შემომთავაზა, თუმცა აბა სად წამოვიდოდა, მას ხომ დიდი გემის მგზავრთა დაპურება ევალებოდა... თავი მეექვსე შუაღამისას გემბანზე გავედი და ისევ ვარსკვლავიან ცას დავუწყე ცქერა. ისეთი სიმშვიდე იყო ირგვლივ, თითქოს მაკრთობდა კიდეც... ბოცმანის მოახლოვება ვიგრძენი და მსი მძიმე ნაბიჯების ხმა. _ ,,აქ ხარ, ჯამბაზო?!“ _ მშვიდად მითხრა და გვერდით დამიდგა. _ ,,გული მაინც უცნაურად მიძგერს“, _ ვუთხარი და ხელი თავზე გადავისვი. _ ,,ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, კარიბის ზღვა მშვიდად გადავცუროთ“. _ ,,რატომ? აქ რამე საშიშროება გველის, თუ“... _ ორაზროვნად ვკითხე, თუმცა ზღაპრებში მქონდა წაკითხული, რომ კარიბის ზღვის მეკობრეები საშიში ხალხი იყო. ახლა კიდევ საფრხის წინაშე თუ დავდგებოდი, არ მეგონა, რადგან დროს ვკარგავდი, ძვირფას დროს ... ბევრი არ გვისაუბრია. ბოცმანის სიტყვამ ჩემზე იმოქმედა და მინდოდა, რაც შეიძლება მალე გავცლოდი აქაურობას. ბოცმანს დავემშვიდობე და დასაძინებლად წავედი. ბიჭს მშვიდად ეძინა. საწოლზე მივწექი და დასაძინებლად გავემზადე, რომ უეცრად საშინელი ხმაური ატყდა და უკუნი ჩამოწვა. გემი თოთქოს შეზანზარდა. გული კინაღამ გამისკდა, წამოვხტი და გარეთ გავვარდი, ვერაფერს ვხედავდი, ისე ბნელოდა, მხოლოდ ცეცხლის მკვეთრი ნაპერწკლები ცვიოდა მეკობრეთა გემიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. გემის მთელი ეკიპაჟი პანიკურმა შიშმა მოიცვა. ბიჭმა გაიღვიძა და შეშინებული თვალებით და დაბნეული მზერით ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა, ასე ვინ დაარღვია ჩვენი სიმყუდროვე. გემის კაპიტანმა განკარგულება გასცა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა ყველას და გამოაცხადა, რომ კარიბის ზღვის მეკობრეების გემი გვიახლოვდებოდა და თუ საჭირო იქნებოდა, შტურმით მოიგერიებდა მას. შიშმა ამიტანა, არ ვიცოდი, რა გველოდა და როგორ დავუსხლტებოდით ხელიდან კაციჭამიების საშინელ ბრბოს, რომელიც მხოლოდ ფილმებში მენახა. მეკობრეების გემი სულ ახლოს მოვიდა ჩვენთან. დენთის სუნი იდგა და კვამლში ვერაფერს ვარჩევდი. ,,მხიარული როჯერის“ ცნობილი დროშა ფრიალებდა მათ გემზე. _ ,,კაიუტებიდან არ გამოხვიდეთ!“ _ ბრძანა კაპიტანმა და ჩვენც თაგვებივით შევძვერით სოროებში. ბიჭი შიშით მეკვროდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა ... _,, ჯამბაზო, ყველაფერი კარგად იქნება? ხომ გადავრჩებით?“ ... გული სწრაფად მიცემდა, ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა სისხლი საფეთქლებში და ნერვიულობისგან პირი მიშრებოდა. მეკობრეებმა გემი აბორდაჟით ჩვენს გემს მიაბეს. კაპიტანი თავის ამფსონებთან ერთად პირდაპირ გემბანზე ამოვიდა და ხმამაღლა, თითქმის ყვირილით თქვა: _ ,,არ გაბედოთ წინააღმდეგობის გაწევა!“... _ ,,საზღავაო ყაჩაღობა ჩვენი საქმეა, ამიტომ გიბრძანებთ, არავინ შემეწინააღმდეგოს“. ჩვენი გემის ეკიპაჟი და მგზავრები გემბანზე გამოგვიყვანეს, კაიუტებიდან ბარგი გამოყარეს და მეკობრეთა მთელი არმია ჩხრეკდა და ეძებდა ძვირფასეულობას, მათ კარგად იცოდნენ თავისი საქმე და უკვე გამოცდილი ყაჩაღები იყვნენ. მეკობრეთა კაპიტანი ,,ცალთვალა ჯაკო“ საშინლად გამოიყურებოდა, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როცა დამინახა ჯამბაზის სამოსში გამოწყობილი, სიცილი დაიწყო და ისე ახარხარდა, რომ თითქოს გემი შეტორტმანდა. პირგამშრალი ვიდექი, ბიჭს ისე მაგრად ჩაეჭიდა ხელი ჩემთვის, რომ მისი ნათითურები მეტყობოდა. _ ,,ეი, შენ! ჯამბაზო, აქ რას აკეთებ?“ _ შიშით კინაღამ გული გამისკდა, ძლივს ამოვილუღლუღე. _ ,,ხომალდს ვეძებ, რომელმაც მამაჩემი გაიყოლა“ ... _ ,,ხომალდს? მამაშენი რად უნდოდა იმ ხომალდს?“ _ ,,ეგ არ ვიცი, მაგის გარკვევას ვცდილობ“... _ ,,ეგ ბიჭი ვინღაა, სად მიგყავს?“ _ თქვა კაპიტანმა ჯაკომ. _ ,,ეგ შენი საქმე არაა! მორჩი ბრძანებებს და გაანთავისუფლე გემი“, _ მკაცრი ტონით ვთქვი და ხელი ჯიბისკენ წავიღე, სადაც კოსტას ნაჩუქარი დანა მედო. _ ,,არ გაბედო, ჟოაო“, _ ჩემი შინაგანი ,,მე“ მეუბნებოდა, თან სიმამაცეც მომემატა თითქოს, _ ,,ვერ ვიტან, როცა მასკარადებს აწყობენ და ავხორცულად იცინიან“, _ გავიმეორე მე და მუშტი მოვუღერე... სასაცილოდ არ ეყო ჩემი მუქარა და ისე გადაიხარხარა მეკობრეების კაპიტანმა ჯაკომ, რომ სახე ჭარხალივით გაუწითლდა. ვეღარ ავიტანე ადამიანების სიმრავლე და მათი ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიცილი, გაკვირვებული, უცხო, მქირდავი მზერა, დანა ვიშიშვლე და პირდაპირ მისკენ გავქანდი. გაკვირვებული გამომეტყველებით დამხვდა კაპიტანი ჯაკო და არც შერხეულა. ისე მითხრა: ,, საიდან, ჯამბაზო, ამდენი გამბედაობა?“... თავგანწირული წინააღმდეგობის შემდეგ ბედს დავმორჩილდი და ხელებგაკოჭილი გემბანის ერთ კუთხეში მიგდებული აღმოვჩნდი. _ ,,შენ მერე მოგხედავ, ჯამბაზო, ახლა სხვა საქმეები მაქვს“ ... ისე გადააფურთხა, გულზიდვა დამეწყო. _ ,,ჟოაო, ეს რა ქენი?! ეს როგორ გაბედე თავის საფრთხეში ჩაგდება“. ჩემ შინაგან ,,მე“-ს ველაპარაკებოდი და თითქოს მინდოდა დამშვიდება, მაგრამ ბიჭის დარდი მქონდა, ცუდად არ მოქცეოდნენ. .................................................................. დრო როგორ გავიდა, არ მახსოვს, მხოლოდ მეკობრეების გემის სიკვდილის დროშას ვხედავდი, შავ ფონზე თავის ქალა და ძვლები რომ იყო დახატული და კარგს არაფერს მოასწავებდა. გამთენიისას ბიჭიც გვერდით მომისვევს. დატყვევებული ეკიპაჟის წევრები და მგზავრების ნაწილი თავის გემზე გადაიყვანეს, გემი მთლიანად გაძარცვეს და ახლა გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებოდნენ. გამოსავალი უნდა მეპოვა, ნეტა ნატარაჯას მედალიონი თუ დამეხმარებოდა, რომ როგორმე თავი დამეღწია ამ საშინელი ამბისგან. ფიქრებში წასულს უცებ ერთი მეკობრე მომიახლოვდა, ფეხზე წამომაგდო და ხელი მკრა ... _ ,,მიდი! იარე! კაპიტანი ჯაკო გიბარებს კაიუტაში!“ თითქოს შიშიც მქონდა მისი, მაგრამ თითქოს სიმამაცეც მემატებოდა და გულში ვფიქრობდი, პირში მიმეხალა მისთვის ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი და როგორმე თავი გამენთავისუფლებინა, მაგრამ არა! ისე უნდა მოვაწყო, რომ დამეხმაროს კიდეც, გამინათდა უცებ გონება და აზრი შევიცვალე. მუჯლუგუნით მივიწევდი წინ, ფეხები უკან მრჩებოდა. ეს რა მოხდა, სად ვარ ან როგორ უნდა მოვიქცე, ყველაფერი ამერია თავში. კაიუტაში შემაგდეს, სადაც კაპიტანი ჯაკო განცხრომას მისცემოდა, ლანგარიდან ხილს შეექცეოდა თქლაფა-თქლუფით, წვენი ნიკაპზე ჩამოსდიოდა და არც კი ცდილობდა გაწმენდას. დახუთული კაიუტის ჰაერს მისი აყროლებული ოფლის სუნი უერთდებოდა და ეს საშინელი ჰაერი გონებას მიბინდავდა. _ ,, ჯამბაზო! ისე გამბედავი კი ხარ, მაგრამ ახლა ვნახოთ, რა შეგიძლია!“ _ გაიცინა და მკლავით სველი ნიკაპი მოიწმინდა. ახლა დავაკვირდი ამ საშინელი კაცის გარეგნობას, ერთი წვეროსანი ახმახი იყო, ცალი თვალი გაფუჭებული ჰქონდა, ალბათ მორიგი გემის დატყვევების დროს დაკარგა, ისე საშინლად კი გამოიყურებოდა, მსუსხავი მზერა და კეხიანი ცხვირი ჰქონდა, ბანჯგვლიანი ყურები ვირისას მიუგავდა, ყურზე ოქროს საყურე ეკეთა, ის კი სადღაც წამეკითხა, რომ მეკობრეს ყურზე საყურის ტარების უფლება იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ ეკვატორს გადაკვეთდა ან ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის უკიდურეს წერტილს ჰორნის კონცხს შემოუვლიდა, ე.ი. ამიტომ ეკეთა საყურე? ჩემთვის გულში ჩავილაპარაკე და გავაგრძელე მისი საგულდაგულო დათვალიერება. ხვეული თმა აბურძგვნოდა და სწორედ იმ ვარცხნილობას ჰგავდა, ,,ზღარბულა“ რომ ერქვა. გადაღეღილი შავი პერანგიდან ბანჯგვლიანი გულმკერდი უჩანდა, კისერზე ოქროს ჯაჭვი ეკეთა მედალიონით, ალბათ გაძარცვული გემის მდიდარ მგზავრს ჩამოგლიჯა და თვითონ დაიკიდა უტიფრად, წელზე დიდი ქამარი შეება, სადაც დანები, ხმალი და დამბაჩა ედო. ვერ ვარჩევდი მის სახეს, სუსტი განათების მიუხედავად, მაინც გარკვევით მინდოდა ამ ყველაფრის დამახსოვრება, თუმცა ვგრძნობდი, გონება როგორ მებინდებოდა საშინელი სუნის გამო. _ ,,ტაკიმასხრობა შენი საქმეა, გიბრძანებ, გამართო“... ძალა მინდოდა მომეკრიბა, ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა და ამ დროს საშინელი ხმა გაისმა, თითქოს გემი ისევ შეტორტმანდა და იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ მაგიდიდან ჭურჭელი ძირს გადმოცვივდა, ხილი იატაკზე დაიყარა და კაპიტანი ჯაკო სკამიდან გადმოვარდა ... ვერ მივხვდი, რა მოხდა ... რამდენიმე წუთში გემბანზე ქალის ხმა გაისმა ... _ ,,კაპიტანო ჯაკო! გიბრძანებ! შენი ამალიანად გემი დატოვო, აქაურობა უკვე ჩემია“ ... ვერაფერს მივხვდი, ეს ქალი ვინ იყო, ან რა უნდოდა. კაპიტანი ჯაკო ისე დაპატარავდა ამ ქალის დანახვაზე, რომ ასე მეგონა, ჩია კაცი იდგა ჩემ წინ. ქალი ომახიანად გასცემდა ბრძანებებს და ისე იქცეოდა თითქოს მისი სილამაზით დატყვევებული კაცების ბრბო უსიტყვოდ ემორჩილებოდა ყოველ მის სიტყვას. ჯაკომ ხელით ანიშნა თავის ყაჩაღებს, წავედითო და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. _ ,,ეს ჯამბაზი ჩემია! კაპიტანო ანე, ვერ გაგატან!“ _ ,,ცდები, კაპიტანო ჯაკო! გაიყვანე შენი ბიჭები და მოუსვი აქედან!“ ეს ქალი იმდენად ვნებიანი, თამამი და თავდაჯერებული იყო, რომ შემშურდა კიდეც მისი. ,,ცალთვალა ჯაკო“ თავის გემზე გადავიდა, კოსტა და დამხმარე ბიჭიც წაიყოლა, რადგან ანემ და ჯაკომ გაცვალეს ე.წ. ტყვეები, მათ შორის კოსტაც მოხვდა. გული დამწყდა, მაგრამ ამ საქმეს ვერაფით ვუშველიდი და ამიტომ ბედს დავმორჩილდი. შვებით ამოვისუნთქე. ნუთუ ნატარაჯა დამეხმარა? _ გავიფიქრე და მედალიონი ტანსაცმლის შიგნით მოვისინჯე. ადგილზე იყო და ჩუმად ჩავილაპარაკე: „მადლობა, ნატარაჯა“. ალბათ განეშა და მისი ოჯახიც ლოცულობდა, რომ მშვიდობით დასრულებულიყო ჩემი მოგზაურობა. ანე პარგო, ქალი მეკობრე, რომელიც საოცარი სილამაზით და თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა, მიკვირდა, როგორ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში, რომ მეკობრეობა გადაწყვიტა, თუმცა ეს საქმე კარგად გამოსდიოდა, რადგან ცალთვალა ჯაკოს თუ ვინმე დაამარცხებდა, არ მეგონა, ასე კი მოხდა. გაძარცვული გემიდან მხოლოდ მგზავრები დააბრუნა კაპიტანმა ანემ. მერე თავის გემზე გადაგვიყვანა და ასე განვაგრძეთ გზა. მე და ბიჭი გაოცებულები და თვალებგაფართოვებული ვუყურებდით ყოველივე იმას, რაც ხდებოდა და ველოდით, რა მოხდებოდა მომავალში. გვიან ღამით კაპიტანმა ანემ თავისთან მიხმო. ახლა შიში თითქოს გამქრალიყო, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, როგორ მეთქვა ჩემი სათქმელი, რომ ცოტა მაინც მომელბო მისი გული და დამხმარებოდა. კაპიტნის კაიუტა მეფის საბრძანებელს ჰგავდა. ბორდოსფერი დრაფით დაემშვენებინათ კედლები, ოქროთი მოვარყებული დიდი შანდლები, ამურების ქანდაკებები იდგა მაგიდაზე და კედლის თაროებზე, ოქროსფერი ხავერდის ქსოვილი გადაეფარებინათ ტახტისთვის, სადაც იჯდა კაპიტანი ანე და ხელში ვერცხლის ტარიან, ძვირფასი ქვებით მოჭედილ დანას ატრიალებდა. შევედი თუ არა, მშვიდად დაიწყო საუბარი. _ ,,ჯამბაზო! საით მიდიხარ, აქ როგორ მოხვდი, თან პატარა ბიჭთან ერთად, რომელიც მშობლებს გამოექცა“... ელდა მეცა, თითქოს ამ ულამაზეს ქალში გრძნეული იჯდა და ყველაფერი ზეპირად იცოდა ჩემი და ბიჭის შესახებ. ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერი უნდა მომეყოლა მისთვის ... _ ,,ხომალდს ვეძებ, სასწრაფოდ მჭირდება მისი პოვნა, რომ მამა სახლში დავაბრუნო“. _ ,,მამა! მართალია, მამა უნდა დააბრუნო, ის გიშველის, მეტი არავინ, მაგრამ ეს რთული იქნება“, _მითხრა კაპიტანმა. ჩემი ამბები დაწვრილებით მოვუყევი, დუმილის შემდეგ მან დაიწყო ... _ ,,იცი, თექვსმეტი წლისა მეც სახლიდან გავიქეცი, მერე შევხვდი მეკობრე ბრუნოს და შევუერთდი მის საზღვაო მოგზაურობებს. მე შევეჩვიე მეკობრულ ცხოვრებას, მამაკაცურ ტანსაცმელს, იარაღს და სროლის წესებს. მე გავხდი მეკობრე ქალი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემს“. მიკვირდა, ეს ქალი რატომ მიყვებოდა თავისი ცხოვრების ისტორიებს ასე გულდასმით, თუმცა ამასობაში სმენადქცეული ვიდექი იმის მოლოდინში, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც უცნაური. მზერაც მისკენ მქონდა მიპყრობილი, რადგან მისი გარეგნობით ვგრძნობდი, ვიხიბლებოდი. _ ,,ჯამბაზო ჟოაო!“ _ გადაშოლტილი წარბების ქვეშ ზურმუხტისფერი თვალები შემომანათა და თითქოს მიხვდა, რომ მის გარეგნობას საგულდაგულოდ ვათვალიერებდი, მერე მკითხა: ,,მექსიკაში ვიცი რატომ მიდიხარ, ვიცლიპუცლის არ ვიცნობ, მაგრამ მგონი მას უნდა ჰქონდეს ის, რაც შენ გჭირდება, ზღვაში იშვიათად გამოდის, თორემ მეცოდინებოდა მისი საიდუმლო სამალავის შესახებ, ვეცდები დაგეხმარო“. ეს ქალი საიდან მოვიდა მხსნელად, არ ვიცი, მაგრამ ის კი ნათელი იყო, რომ გზა ხსნისა ჩანდა სადღაც ჯერ კიდევ შორს. თითქოს შიშმა შემიპყრო. მეშინოდა ჩემს მეხსიერებაში წარმოქმნილი ცალკეული სურათები არ შერეოდნენ იმ ქაოსს, რომელიც ახლა ჩემ ირგვლივ სუფევდა. მინდოდა ჩამეტარებინა პატარა ფსიქოლოგიური ცდა, თავისუფლება მიმეცა ჩემი წარმოსახვისთვის და წარმომედგინა ლაილა, მისი რეალური სახე ამ ქალის ნაცვლად. წარმოსახვას გზა მივეცი და ისე ვაკვირდებოდი მის გარეგნობას, რომ კაპიტანი მიმიხვდა განზრახვას... მასში იგრძნობოდა ქალური საწყისი, პირველყოფილი ძალა, რომელიც ხორცშესხმულ ცთუნებას ჰგავდა. ნუთუ უნდა ავყოლოდი? არ მინდოდა ცეცხლის ალში გავხვეულიყავი, მხოლოდ მისი ჭვრეტა მინდოდა. შევცქეროდი მის მკერდს, ნისლივით გამჭვირვალე ქსოვილით დაფარულს, რომელსაც შავი კორსეტი ნაწილობრივ ფარავდა, ოქროსფერ თმებს, რომელიც მხრებზე ჩამოშლოდა, თეთრ ხელებს, რომელიც მოხატული ჰქონდა. მის გამომეტყველებაში სირცხვილიც შეიმჩნეოდა და დაკმაყოფილებული პატივმოყვარეობაც. ქალი ვნებამორეული მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა, ხელი მომხვია და მომეკრა ტანზე, თითქოს სლიკინა გველის შემოხვევა ვიგრძენი და ერთიანად ალმური მომედო მთელ ტანზე, მისი სიმხურვალე თითქოს მაღიზიანებდა, ძრწოლას მგვრიდა, მაგრამ ის მაინც მოიწევდა ჩემკენ და თითქოს იმ წუთში ორივემ ახლობლად ვიგრძენით თავი. მეც მამაკაცის ვნებიანი სურვილით მივიწევდი ქალის სხეულისკენ. ახლა ვგრძნობდი, რომ განვიცდიდი ლაილასთან სიყვარულს, მინდოდა მასთან ყოფნა, რაც მხოლოდ გულში დამემარხა და ახლა ... თითეული ნერვით შევიგრძნობდი მასთან შეხებას, ისე ვიყავი ამ ქალით სავსე, როგორც გაჭენებული ცხენი, რომელსაც ვერ იმორჩილებ. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს საჩემო არაფერი ხდებოდა, მაგრამ ყველაფერი მაინც მე მეხებოდა. ეს იყო ძალზე საინტერესო გრძნობა. ეს იყო ფანტასტიკური ძილი თვალგახელილი ადამიანისა, საშუალო მდგომარეობა ძილსა და ღვიძილს შორის, რომელიც შეიძლება რამდენიმე წუთი გაგრძელდეს, მაგრამ მე მეჩვენებოდა, რომ მთელი ცხოვრება ჩაეტია ამ რამდენიმე წუთში ... ვგრძნობდი, რა უაზრო იყო ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ ვიმორჩილებდი, აღარაფერი მესმოდა... ვნებიანი წუთების ის თავგადასავალი ვიყავი, რომელსაც სამუდამოდ შთანთქავს დავიწყების მორევი. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა სწრაფად გავინთავისუფლე ანეს მკლავებიდან თავი და კაიუტიდან გარეთ გამოვვარდი. მინდოდა, ზღვაში გადავშვებულიყავი და ფსკერში ჩაძირულს დამევიწყებინა ის, რაც მოხდა... სიკვდილის სუნთქვით და სიყვარულის მარადიული გრძნობით შეპყრობილი ხარბად ვისუნთქავდი ზღვიდან მონაბერ ჰაერს. მთვარის შუქი უკვე გაბაცებულიყო და ზღვაც იწყებდა გაღვიძებას. ყურს ვუგდებდი ჩემს გულისთქმას და მინდოდა სწრაფად გამომეღვიძებინა ჩემი სინდისი. _ ,,ეს რა ჩავიდინე?... ეს რა ჩაიდინე, ჟოაო?“... საკუთარ თავს ვკიცხავდი და მეზიზღებოდა, რომ ლაილას ვუღალატე, თითქოს ჩემ გარშემო უწვრილესი ობობას ძაფები იხლართებოდა და მთლიანად გარს მეხვეოდა. საკუთარ თავს და დაკარგულ ,,მე“-ს ვეძებდი, მინდოდა მეხსიერების ჯადოსნური ძალით იქ დავბრუნებულიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო. უფსკრულში ისე გადავეშვი, არ ვიცოდი მისი სიღრმე. ამ რამდენიმე წუთში უფრო კარგად შევიგრძენი ცხოვრება, ვიდრე მანამდე. ალბათ ასაკითაც გავიზარდე, მაგრამ თითქოს კიდევ დარჩა ჩემში რაღაც წინანდელი ადამიანისა, რომელსაც საკუთარი თავის რცხვენოდა. გემბანიდან თვალს ვაყოლებდი უკიდეგანო ზღვის ანარეკლს და მძაფრი შეზავებული ჰაერი გონებას მიბინდავდა. წლების განმავლობაში ღმა ძილის შემდეგ პირდაპირ ცხოვრების ბობოქარ ზღვაში მოვხვდი. საფეთქლები მიხურდა, ყელში სისხლი მაწვებოდა, გემბანის ქვედა კიბეზე დავეშვი და პატარა საკუჭნოში შევედი, სადაც ნესტის და ჭუჭყის სუნი იდგა, მაგრამ იმდენად გაბრაზებული ვიყავი ჩემს თავზე, აღარ დავეძებდი, რა მომივიდოდა, საკუთარი თავის მრცხვენოდა და სიკვდილი მინდოდა, მაგრამ დედაზე ფიქრი არ მასვენებდა, უნდა მეპოვა მამა და შინ დავბრუნებულიყავი. ერთი შეხედვით ამ უბრალო შემთხვევამ ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ახლაც იმ ფანტასტიკური ღამიდან ვერ გამოვდივარ, ყველაფერი სულ რამდენიმე წუთში მოხდა. დილით ჭუჭყიანი საკუჭნაოს კედელთან მიყუდებულს გამეღვიძა, თვალი გავახილე და ირგვლივ უწესრიგობა იყო, მაგრამ თავი ისე მტკიოდა და სხეულიც ისეთი დამძიმებული მქონდა, რომ მეგონა, დიდი ტვირთი მეკიდა და რაც შიძლება მალე უნდა მომეშორებინა. ერთხელ განცდილის გონებით განსჯა მინდოდა. თუმცა კაპიტანთან შეხვედრის მრცხვენოდა ... საკუჭნაოდან გარეთ გამოვედი და გემბანს მივაშურე, ბიჭი უნდა მენახა, უყურადღებოდ დავტოვე და მინდოდა გამეგო, სად იყო. გემბანზე კიჩოსთან კაპიტანი ანე იდგა და სიგარას აბოლებდა. ვხედავდი, სიგარის ბოლი თეთრ ბოლქვებად როგორ ადიოდა ცაში და ღრუბლის ფთილასავით ქრებოდა ნელ-ნელა. ანე იდგა მშვიდად და სიგარას აბოლებდა. საოცრად მომხიბლავი იყო, მაგრამ არ მინდოდა ყურადღება მიმექცია, ამიტომ ცივად გავიარე და ქვედა კაიუტებისკენ კიბეზე დავეშვი. _ ,,ჟოაო! ისე გინდა წახვიდე, რომ არ მომესალმო?“ ცივმა ოფლმა დამასხა. არ მინდოდა ანეს წყენინება, ჩემ მიმართ კარგი განწყობა ჰქონდა, მაგრამ საკუთარი თავის კი მრცხვენოდა. _ ,,არა, უბრალოდ ბიჭს ვეძებ“, _ დაბნეული პასუხი დავუბრუნე და ადგილიდან ისე მოვწყდი, ვეღარ დამინახა ... საკუთარ თავზე გაბრაზებული, კაიუტაში შევედი, სადაც ბიჭი მეგულებოდა. ბიჭს ჯერ კიდევ ეძინა. გვერდით სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრებს მივეცი გზა. მიტოვებული, უიმედო ბიჭის ფანატიზმზე და ტრაგიკულ ბედზე ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს, ვისთვის ან რისთვის უნდა მომეყოლა ჩემი ამბავი, ვისაც არ უგრძვნია და არ განუცდია ის, რაც მე გადავიტანე. გუშინდელი ღამის წუთიერი გაელვება ბედნიერი წამი იყო ჩემი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ ჩემთან უნდა დარჩენილიყო სამუდამოდ და მეტი არაფერი ... ბიჭმა გაიღვიძა და როცა დამინახა, მხიარული და ბედნიერი სახე მიიღო და მკითხა: _ ,,ჟოაო! ასე მეგონა მიმატოვე, სად წახვედი, ბოცმანმა შემომიყვანა კაიუტაში და მითხრა, ჟოაო კაპიტანთან არის, არ შეაწუხოო“. _ ,,მართალია, ჩემო ბიჭო, მასთან ვიყავი“. _ ,,მერე გაიგე რამე? დაგვეხმარება?“ ... _ ,,ალბათ, დაგვეხმარება, კეთილი ჩანს, ცალთვალა ჯაკოს არ ჰგავს, ასე მგონია“... ჩვენი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა. ბიჭმა ჩაიცვა და გარეთ გამოვედით. მზე უკვე კარგად ამოსულიყო და თავის სხივებს ჰფენდა დედამიწას, გემი მიიწევდა წინ, ტალღებს აპობდა და ამ უკიდეგანო სივრცის გადაცურვას ლამობდა ჩვენთან ერთად. როდის დასრულდებოდა ეს ამბავი, არ ვიცი, თითქოს ბოლო არ უჩანდა ამ ყველაფერს ... შუადღისას კაპიტანი ანე გემბანზე ამოვიდა და თავისი ფხიზელი მზერით, რომელსაც არაფერი გამოეპარებოდა და უმცირეს მოძრაობასაც კი ამჩნევდა, რა თქმა უნდა, ჩემი თავის არიდებაც არ გამოჰპარვია, პირდაპირ თავისთან მიხმო. _ ,, ჯამბაზო, ჩემი ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, არც გუშინდელ ღამეზე იფიქრო, ხანდახან ადამინის ვნებები თავს აიწყვეტენ და ისე მიჰქრიან წინ, რომ ვერაფერს ხედავენ და ვერაფერს გრძნობენ. ჩემი სისუსტეც არის ალბათ, რადგან დიდი ხანია ზღვაში ვარ“ ... კაპიტან ანეს ხმა აღარ ამოუღია, ისე დატოვა გემბანი და მივხვდი, რომ მასაც შეერხა სიმი ქალური საწყისისა და ვერაფრით სძლია. მეც იგივე დამემართა, მაგრამ ამით უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი გემზე, რომელსაც პირატების მშვენიერი კაპიტანი ანე პარგო მართავდა ... თავი მეშვიდე რამდენიმე კვირიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა გემი მექსიკის აცტეკ ინდოელთა იმპერიას მიადგა... გემიდან ჩამოვედით და როგორც კაპიტანმა ანემ მითხრა, აღმოსავლეთისკენ ავიღეთ გეზი, რადგან იმპერატორის სასახლე სწორედ იქ იდგა და როგორმე უნდა მოგვეხერხებინა შეღწევა შიგ, რაც ადვილი არ იქნებოდა. კოსტამ გამომშვიდობებისას, სანამ იმ პირუტყვ კაპიტან ჯაკოს გაჰყვებოდა, სპილოსძვლისტარიანი დანა მაჩუქა და მითხრა: _ ,,ჯამბაზო ჟოაო! ეს დანა მაშინ გამოიყენე, თუ ცუდ დღეში ჩავარდები“. დანა არსოდეს მქონია, ან კი რად მინდოდა, რომელი ქუჩის ბიჭი ან ყაჩაღი მე ვიყავი, მაგრამ დანა მაინც გამოვართვი კოსტას და ჩემი კოსტიუმის შიდა ჯიბეში დავმალე ... კოსტა ცალთვალა ჯაკოს გემზე გადიყვანეს და მას შემდეგ აღარ მინახავს ... უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაშლილ აცტეკ ინდოელთა იმპერიას მრისხანე იმპერატორი ვიცლიპუცლი მართავდა, რომელსაც გარდა ხასიათისა, გარეგნობაც საოცრად უცნაური ჰქონდა თურმე. ამის შესახებ კოსტამ მითხრა. ამიტომ პირდაპირ მისვლას და ჩემი ნაფიქრის გამჟღავნებას არ ვაპირებდი, ვინმე უნდა მომეძებნა, ვინც დამეხმარებოდა ამ საქმეში. ნავსადგურში ერთი მოხუცი კაცი თამბაქოს ყიდდა და მასთან მივედით. უცნაურად ჩაცმული რომ დამინახა პატარა ბიჭთან ერთად, მკითხა: _ ,,სად მიდიხარ, ან საიდან მოდიხარ, ჯამბაზო! აქ როგორ მოხვდი?“. ყველაფერი ვუამბე, სად მივდიოდი, რისთვის ჩამოვედი ამხელა გზაზე. მოხუცი დაფიქრდა და მითხრა, რომ ძალზე სახიფათო გზა მქონდა არჩეული, რადგან იმპერატორი თუ გაიგებდა ჩემი ჩამოსვლის ამბავს, არ მოისვენებდა და ბიჭის გულს მომთხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ ხომალდის ამბავი გამეგო. _ ,,გული? გული რად უნდა!“ _ ვკითხე მოხუცს. _ ,,ეგაა, შვილო, მთელი უბედურება, ეს გონჯი კაცი ადამიანების მსხვერპლს ითხოვს, საზეიმო ცეცხლის ღადარში შემწვარ გულს. სურვილს ქურუმი უსრულებს, ამიტომ ვერიდებით და ვცდილობთ არ გავაბრაზოთ“. გული შემეკუმშა. ამხელა გზაზე ჩამოსულებს როგორ უნდა დაგვეთმო გული ამ გონჯი კაცისთვის. ჩემი გული ჯანდაბას, პატარა ბიჭის გულს ნამდვილად არ დავთმობდი. დანა ხომ მქონდა კოსტას ნაჩუქარი, ამიტომ ბიჭსაც დავიცავდი და საკუთარ თავსაც. მოხუცმა ქალქისკენ მიმავალ გზაზე მიგვითითა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი ვაჭრის სახლში მივსულიყავით და ის დაგვეხმარებოდა იმპერატორის სასახლეში შესვლაში, რომ აცტეკთა კალენდარი გვეპოვა. დრო სწრაფად გასულიყო და უკვე მოსაღამოვდა კიდეც, ამიტომ იქვე სამიკიტნოში შევედით წასახემსებლად. ბიჭი დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა ... სამიკიტნოში წავიხემსეთ და გზა უნდა გაგვეგრძელებინა, რადგან დრო არ გვქონდა, სასწრაფოდ უნდა მეპოვა ხომალდი და მამაჩემი. როცა ცხოვრებაში კარგავ მნიშვნელოვანს, მაშინ უკანასკნელისთვის თავზეხელაღებულივით იბრძვი, ამიტომ მეც უნდა მებრძოლა ისე, როგორც შევძლებდი. გზა უნდა გაგვეგრძელებინა და დილამდე ვაჭრის სასახლემდე მიგვეღწია. ჭკუიდან მშლიდა ის აზრი, რომ ვიცლიპუცლი ადამიანების გულებს მსხვერპლად სწირავდა. მაფიქრებდა ისიც, როგორ უნდა შემეღწია სასახლეში და მეპოვა ის, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა. გამთენიისას ბევრი სიარულის შემდეგ, როგორ იქნა, ვაჭრის სახლს მივადექით. ბიჭი ძალზე დაღლილი და სახეფერმკრთალი ჩანდა, მეშინოდა ამ მოგზაურობის დროს არაფერი მოსვლოდა; მინდოდა, მშობლებისთვის უვნებელი ჩამებარებინა. სასახლის დიდი ხის კარი თითქოს საგანგებოდ ჩაერაზათ, კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე და რამდენიმე წუთში მოსამსახურე ქალმა ჩუსტების ფლასტი-ფლუსტით და თვალების ფშვნეტით გაგვიღო კარი. _ ,,ვინ ხართ? რა გინდათ!“... _ ,, მე ჟოაო ვარ, ჯამბაზი, სახლის პატრონთან საქმე გვაქვს“ ... მოსამსახურემ კარი მიხურა და რამდენიმე წუთში ისევ გააღო, შემდეგ შინ შეგვიპატიჟა, დიდი ოთახისკენ მიგვითითა, ,,იქ დაელოდეთ, ბატონი მალე მოვაო“ ... ბიჭთან ერთად ოთახში შევედი. მდიდრულად მორთულ ოთახში ისეთი ნივთები ელაგა, არსად რომ არ მენახა. ეტყობოდა, ამ სასახლის პატრონი მდიდარი ვაჭარი იყო, მაგრამ იმპერატორი? როგორ გამოეპარებოდა ამ კაცის ამბავი, ვფიქრობდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, თან ბიჭს ვუყურებდი, თითქოს ეს ყველაფერი ნანახი ჰქონდა და ჩვეულებრივად აღიქვამდა ყველაფერს. მიკვირდა მისი სიმშვიდის ... _ ,,ჟოაო! ეს ნახატი ძალიან ძველია. შეხედე! ეს მრგვალი დისკოა, რომელზეც გამოსახულია პლანეტები, იქნებ ჩვენც დაგვეხმაროს ამ პლანეტების განლაგება რამეში?“ ... სანამ ჩვენს ოთახს საგულდაგულოდ ვათვალიერებდით, საშუალო სიმაღლის ხალათში გამოწყობილი კაცი შემოვიდა, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და ამთქნარებდა. _ ,,აბა! ჯამბაზო, რისთვის მოსულხარ, რას ეძებ?“ დავიბენი, ოთახის თვალიერებით გართული არ ველოდი ასე უშუალოდ თუ შეგვხვდებოდა ეს კაცი. იმდენად ყურადღებით გვაკვირდებოდა, რომ ძლივს მოვახერხე მეთქვა ის, რის გამოცამხელა გზაზე ჩამოვედი. ყურადღებით მისმენდა და მითხრა, რომ დამეხმარებოდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა ადვილი. თუმცა გასამრჯელოც უნდა მიეღო, რადგან ვაჭარი აბა რის ვაჭარია, თუ ფულით არ მოაგვარა საქმე. მეორე დილით ვაჭარმა მოახლეს უბრძანა, „ბიჭს ახალი სამოსი მიეცით, ასე ჯამბაზივით გამოწყობილი ქალაქში როგორ ივლის,“ ყველას ყურადღებას მიიქცევს და არ იქნება კარგიო. ახალი სამოსი არც თუ ისე ურიგო აღმოჩნდა, მაგრამ დიდი ადამიანისას ჰგავდა და შიგ თითქოს ჩაყუდებული ვიყავი, შარვალი განიერი მქონდა, პერანგის მკლავები ლამის კოჭებამდე მწვდებოდა. თავს უხერხულად ვგრძნოვდი ამ სამოსში, ულვაშები მაკლდა და ნამდვილი მისტერ გაეტანო ვიქნებოდი ჩვენი უბნის ბოსი ტიჟუკას კვარტალში. ასე ეძახდნენ, რა ვიცი, მისი რეპუტაციისა მე არაფერი გამეგებოდა, ისე, უცნაური კაცი კი იყო გაეტანო ... გამოვეწყვე და ბიჭმა რომ დამინახა, ისეთი სიცილი ატეხა, რომ თვალებზე ცრემლები მომადგა. _ ,,ჯამბაზის სამოსი უფრო გიხდებოდა, ჟოაო, ეს ტანსაცმელი მამაშენისას უფრო ჰგავს“, _ მითხრა მან. არ შევიმჩნიე, თუმცა ამ სამოსითაც მივიქცევდი ყურადღებას, ეს აშკარა იყო. მერე სადღაც წამიყვანა ვაჭარმა. უცნაურ კაცს შემახვედრა და მითხრა, რომ ის დაგვეხმარებოდა... _ ,,აქ ყველაფერია, ბიჭო!“ _ მითხრა კაცმა, რომელსაც სახე ისეთი დანაოჭებული და დაბერებული ჰქონდა, რომ მნახველი ვერც კი წარმოიდგენდა, როგორი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდობაში. ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა და ნახევრად მელოტ, გაქონილ თავზე წამდაუწუმ ხელებს ისვამდა. _ ,,აქ ყველაფერია! ქალები და აზარტული თამაშები, სასმელი და ფათერაკები, მაგრამ ყველაფერი შენიღბულია და ტყუილზეა აგებული. ჩვენც მეტი რა გზა გვაქვს, უნდა ავყვეთ ცხოვრების ასეთ იდილიას. ვიცრუოთ, მოვკლათ, დავასახიჩროთ და ისე შევაღწიოთ იმ საშინელი კაცის სამფლობელოში“. მისი ჩახლეჩილი ხმა და დაბღენჯილი სახე არ მომწონდა, არც მისი ლოგიკა და აზრები, მაგრამ ახლა ჩემს გემოვნებაზე და მოწონებაზე არ იყო საქმე, სასწრაფოდ უნდა მეპოვა ხომალდი. თითქოს ანდამატური ძალა ცისკენ მიბიძგებდა. ხშირად ვიყურებოდი ცაში და ვფიქრობდი, იქნებ დამენახა ხომალდი, რომელიც არც კი ვიცოდი როგორი იყო, მაგრამ მაინც ... საღამომდე ქალაქში დავრჩით. უცნაურმა კაცმა, რომელსაც რეფა ერქვა, ვიცლიპუცლის შესახებ თითქმის ყველაფერი იცოდა და გამაფრთხილა, რომ, თუ ჩვენი გეგმა ჩავარდებოდა და იმპერატორი გაიგებდა ჩემი სასახლეში შეპარვის მიზეზს, მე დამსჯიდნენ და ყველაზე უარესი რაც მელოდა, ეს იყო ჩემი გულის შეწირვა იმ საზიზღარი არსებისთვის. ამას არაფრად ვაგდებდი, თუმცა პატარა ბიჭზე ვუთხარი რეფას, რომ თან მახლდა და, თუ რამე მომივიდოდა, ბიჭისთვის გადაეცა კალენდარი და ხომალდის ადგილსამყოფელის შესახებ მისთვის ეთქვა,რათა მას გაეგრძელებინა ჩემი დაწყებული საქმე. რეფას გული მოულბა და ძალხზე შეწუხდა, როცა გაიგო, რატომ ვეძებდი ხომალდს და მამას, რომლის არსებობასაც ჩემთვის დიდი მნიშვენელობა ჰქონდა. დამპირდა დახმარებას, მაგრამ რა გეგმა ჰქონდა, ჯერ არ მიმხელდა. სახლში დავბრუნდით. ბიჭი მისაღებ ოთახში მელოდა, როცა დამინახა, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა და მითხრა: _,,ჟოაო, აღარ დამტოვო მარტო, მეც შენთან ერთად ვიქნები ყოველთვის, მეც მინდა ვიცოდე ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია“. ბიჭი მართალი იყო. ის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა. ჭკვიანი იყო და ამავე დროს მოხერხებულიც ... უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ სიკვდილიც კი ნაღვლიან ცნობისმოყვარეობას იწვევდა ჩემში და ერთი სული მქონდა, დასრულებულიყო ეს ყველაფერი. რეფამ გეგმა შეიმუშავა. მისი საქონელი რამოდენიმე დღეში ჩამოვიდოდა ქალაქში და იმპერატორს ძვირფას ძღვენს მიართმევდა, ამასობაში მე, ჯამბაზი ჟოაო, მასთან ერთად მივიდოდი სასახლეში და როცა იმპერატორს გავართობდი, ამ დროს საძილე წამალი უნდა ჩაეყარა რეფას ჭიქაში, რომელიც ოქროთი იყო მოვარაყებული და იმპერატორის საყვარელ ნივთს წარმოადგენდა. ამაში მისი მსახური დაგვეხმარებოდა, რომელსაც ვიცლიპუცლი სძულდა, მაგრამ ცდილობდა ერთგულ მსახურად მოეჩვენებინა თავი. რა თქმა უნდა, გასამრჯელოს გარეშე თითს არ გაანძრევდა მსახური, მაგრამ მე როგორ უნდა გადამეხადა ამდენი ვალი, არ ვიცი. მტკიცებას ვერ მოვყვები, შემეშინდა, მაგრამ დრო არ იცდიდა და ამიტომ სწრაფად უნდა გვემოქმედა ... სანამ ტვირთი ჩამოვიდოდა, ვაჭრის სახლში ვიყავით. რამდენჯერმე რეფაც მოვიდა ჩვენთან და გეგმა სრულად გაგვაცნო. რამოდენიმე დღის შემდეგ ტვირთი მართლაც ჩამოვიდა და რეფამ საგანგებოდ შერჩეული ძღვენი იმპერატორისთვის განკუთვნილ ძვირფას ყუთში ჩადო და გაამზადა. მეორე დილით უნდა მივსულიყავით ვიცლიპუცლის სასახლეში. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, სად აღარ იმოგზაურა ჩემმა ფიქრმა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სიამოვნებით მოვკლავდი იმ საძაგელ არსებას. დილით ისევ ისე გამოვეწყვე. ჩემი ფერადი კოსტიუმი ჩავიცვი და სახე გავიდღაბნე. თავზე ქუდი დავიდე და ფერადი ლენტი შევიბი, რომ უფრო მეტად გამომწვევი ვყოფილიყავი და თავი მომეწონებინა იმპერატორისთვის. რეფამ გამაფრთხილა, რომ მამაჩემზე და ხომლდზე სიტყვა არ დამეძრა, თორემ თუ მიხვდებოდა ის გონჯი ჩვენი მისვლის ნამდვილ მიზეზს, ნამდვილად გულს ამომაცლიდა. თავი მერვე სასახლის კარი ჩარაზული დაგვხვდა. რეფამ რამდენჯერმე დააბრახუნა და მცველებმა სასწრაფოდ გადაკეტეს გზა. _ ,,ვინ ხართ და რა გინდათ!? ეს ჯამბაზი ვინღაა?“ _ იკითხეს გაკვირვებულებმა და სიცილი დამაყარეს. მერე ჩემს ქუდს მოეპოტინა ერთ-ერთი და სცადა წაერთმია, მაგრამ რეფამ წარბი ასწია და ხმამაღლა წარმოთქვა: ,,მე ამ ქალაქის ყველაზე გულმოწყალე ბინადარი ვარ. მინდა იმპერატორს ჩემი ძღვენი მივართვა, მოახსენეთ, რომ ჩემს ჯამბაზთან ერთად მინდა მასთან სტუმრობა“… ყველაზე დაბალმა და ჩაფსკვნილმა მცველმა ზურგი შეგვაქცია და სასახლის დიდი კარისკენ გაიქცა, რომ მოეხსენებინა იმპერატორის მსახურისთვის ის, რაც გაიგო. რამდენიმე წუთში ორი მცველი გამოვიდა სასახლიდან. თავიდან ფეხებამდე შეიარაღებულნი იყვნენ. წინ ჩვენ გაგვიშვეს, უკან თვითონ გამოგვყვნენ, რომ არსად გაგვეხეედა, ისე გვათვალიერებდნენ, თითქოს სურდათ გაერკვიათ, ცუდი განზრახვა ხომ არ გვქონდა. მე რისი ჯამბაზი ვიყავი, თან მე ხომ ფსიქოლოგობა მინდოდა, ამიტომ მხიარული სახით შევედი დარბაზში, სადაც ჩემი პირველი შთაბეჭდილება იმპერატორ ვიცლიპუცლის მიმართ აი ასე გამოიყურება: დიდ ოქროს ტახტრევანზე პატარა მრგვალი, გონჯი არსება მოჩანდა. სახედაბღენჯილ და გომბეშოს მსგავს არსებას ჯუჯა, მოკლე ფეხები და კოტიტა თითები ჰქონდა. მოკლე ხელებზე ოქროს სამაჯურები ჰქონდა ასხმული, კოტიტა თითებზე ოქროს ძვირფასთვლიანი ბეჭდები ეკეთა, ზოგი წითლადდა ზოგი მწვანედ ბრჭყვიალებდა. მოკლე ფეხებზე ტყავის წვეტიანი ჩუსტები, ტანზე კი წითელი ატლასის ქსოვილისგან შეკერილი ფართესახელოებიანი პერანგი ეცვა და უზარმაზარ თავზე მუთაქისმაგვარი ქუდი ედო, ბუმბულებით გაწყობილი... მოკლედ, ეს იყო საოცარი არსება რომელიც ჯერ არსად მენახა. გული კინაღამ გამისკდა, მაგრამ ვცდილობდი, არ შემემჩნია. ქუდი მოვიხადე და ისე მივესალმე, სამი მუშკეტერი რომ აკეთებდა კარდინალთან შეხვედრის დროს. იმპერატორს გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა დათვალები აუციმციმდა. რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, მერე იმ საზიზღარმა გომბეშომ ტაში შემოჰკრა და საშინელი ხმით დაიყვირა : -„ეს ფერადი კაცი მომწონს, მიდი, ჯამბაზო, აბა, გვაჩვენე რა შეგიძლია!... დავიწყე ჯერ სიმღერა, მერე ხტომა და სალტოების გაკეთება, აკრობატულ ნომრებსაც არ მოვერიდე, ის, რაც კარგად გამომდიოდა, ყველაფერი გავაკეთე და მივხვდი, რომ ჩემმა ხტუნვა-თამაშმა მგონი შედეგი გამოიღო, რადგან მხიარულმა და სახე დაბღენჯილმა იმპერატორმა როგორც იქნა ბევრი სიცილის შემდეგ წყალი მოითხოვა. ლანგრით სწორედ ის ჭიქა მიართვეს, მსახურმა რომ გვითხრა, ისე დალია წყალი სულმოუთქმელად, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. ახლა ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენოდა, როგორმე უნდა გამეყვანა დრო, რეფაც ჩაერთო ამ ამბავში, თავისი საჩუქრების ქება-დიდებას მოჰყვა და ცდილობდა იმპერატორი გაერთო... ბოლოს და ბოლოს ძილი მოერია იმპერატორს და ბრძანა დასაძინებლად მივდივარო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ახლა დრო უნდა გამოგვეყენებინა და საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. მსახურის დახმარებით რეფამ ვიცლიპუცლის ოთახში შეაღწია. მე შიშით ველოდი იმ წუთს, როცა იმ კალენდარს იპოვიდა, რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა, ამიტომ სანამ რეფა თავის საქმეს აკეთებდა, მე მსახურების ყურადღების გაფანტვას ვცდილობდი და რას აღარ ვიგონებდი, რომ ისინი გამერთო... ძალა გამოლეული და ემოციებისგან დაცლილი დავბრუნდით სახლში. რეფამ კარი მაგრად ჩარაზა და მაგიდაზე გაშალა გაცრეცილი გაყვითლებული ქაღალდი, რომელზეც მრგვალი დისკო და ასტრონომიული ნიმუში ე.წ. რუკა იყო გამოსახული. _ ,,აი, ჟოაო, ის, რაც შენ გაინტერესებს, მაგრამ იცი ამ რუკის კითხვა?!“ _დამისვა შეკითხვა რეფამ. რუკების შესახებ ვიცოდი, რა თქმა უნდა, რამდენიმე სახის რუკა არსებობდა, ფიზიკური, გეოგრაფიული, ეკონომიკური და კიდევ რა ვიცი, მაგრამ ის, რაც ამ რუკის წაკითხვას სჭირდებოდა, ნამდვილად არ გამეგებოდა. გაცრეცილ, გაყვითლებულ ქაღალდზე გამოსახული იყო აცტეკთა კალენდარი _ წრე, სადაც, პლანეტების გარდა, ჩემთვის უცნაური ნიშან-სიმბოლოები გამოეხატათ: დღეების დასახელებები საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით იყო ჩახატული; ყოველ დღეს თავისი რიცხვების კომბინაცია ჰქონდა, ყოველ დღეს თავისი უნიკალური აღნიშვნა და სიმბოლო. სულ 260 კომბინაცია, 260-დღიანი წმინდა წელიწადი. ახალი დღის დაწყებას ემატებოდა ერთიანი და ახალი ნიშანი. დღეები ცხოველების და სხვადასხვა სიმბოლოების სახით იყო გამოსახული, ზოგან ნიანგი, ზოგან კურდღელი ან ყვავილი ეხატა, ზოგან ქარი ან ხვლიკი. რა უნდა გაგვეგო ამ ქაოსში, ვერაფერს ვარკვევდით. რეფამ გადაწყვიტა ქალაქის ყველაზე ხანდაზმულ გრძნეულთან და ექიმბაშთან მივსულიყავით, რათა დრო არ დაგვეკარგა და ვიცლიპუცლის არ გაეგო ჩვენი ოინების შესახებ. ამიტომ რეფამ კალენდარი საგულდაგულოდ დაკეცა და გულის ჯუბეში ჩაიდო. მე ფეხდაფეხ მივყევი მას და ბნელი ქუჩების მწკრივის ჩავლის შემდეგ სადღაც შემაღლებულ ადგილას მივედით, სადაც ერთი პატარა ქოხის მსგავსი შენობა იდგა, მეტი არაფერი. ამ ქოხიდან ძლივს გამოსჭვიოდა სუსტი შუქი და ირგვლივ წამლისა და ბალახის სუნი იდგა, რაც ადამიანის ყნოსვას არ გამოეპარებოდა. რეფამ კარზე დააკაკუნა. მოხუცმა გაგვიღო კარი. ჭრაქი ეჭირა და თეთრი გრძელი წვერი თითქოს ფეხებამდე დასთრევდა, რადგან წელში იყო მოხრილი და ფეხებსაც მძიმედ ამოძრავებდა. უცნაური ცხოვრების კვალი ეტყობოდა მის დანაოჭებულ სახეს და თეთრი ხშირი წარბების ქვეშ დაღლილი თვალები იმზირებოდნენ. _ ,,ბრძენო მატეო!“ _ დაიწყო რეფამ , _ „უნდა დაგვეხმარო!“ _ ,,ჩემი დახმარება რაში დაგჭირდა, რეფა, უკვე ოცი წელია, ჩემი ქოხის ზღურბლზე არ გადმოგიბიჯებია“. _ ,,ბრძენო მატეო! ჟოაო ჩვენი ქალაქის სტუმარია, ვიცლიპუცლის კალენდარი მოიპარა და უნდა შეიტყოს, რა წერია შიგ, რათა იპოვოს მამა, რომელიც ხომალდმა გაიტაცა“. _ ,,რთული საქმისთვის მოგიკიდიათ ხელი, შვილო. ვიცლიპუცლი თუ გაიგებს ამ ამბავს, ხომ იცით, არ გაცოცხლებთ. სწორედ ახლა მსხვერპლშეწირვის დროა. ისე მოხერხერბული ბიჭი ყოფილხარ, ჟოაო, ალბათ ამაში შენი კოსტიუმი და გამჭრიახი გონება დაგეხმარა, თორემ“... გაჩერდა მოხუცი და ჭრაქი მაგიდაზე დადო. შიშისგან არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. ასეთ გარემოში პირველად ვიყავი, ჩემი თავისაც მიკვირდა და ამ ადამიანებისაც. _ ,,დაგეხმარები, რეფა!“ _ თქვა მოხუცმა, _ „მაგრამ სანამ დახმარებას შევძლებ, ამ ბიჭმა სიმართლე უნდა მითხრას, რატომ ეძებს მამას, რომელიც აქერონტმა გადაარჩინა“. _ ,,აქერონტმა!? ეს ვინღაა? ამ კაცმა საიდან იცის მამაჩემის შესახებ!?“ _ გავიფიქრე და თავი მოვიფხანე. მოხუცი სმენად გადაიქცა, თვალი თვალში გამიყარა და მანიშნა, დაიწყეო... ყველაფერი მოვუყევი, რაც მოხდა და გადამხდა თავს. მოხუცი გულდასმით მისმენდა, მხოლოდ რამდენჯერმე გადააქნია თავი უსიამოვნოდ და ხელები იმ ლამაზ გამჭვირვალე ბურთს შემოაჭდო, რომელიც მაგიდაზე იდო და შიგ ფერადი კვამლის მაგვარი რაღაც ირეოდა. სიჩუმის შემდეგ ბრძენმა დაიწყო: _ ,,ჟოაო! კარგი ბიჭი ხარ, ნატარაჯას მედალიონიც დროულად უჩუქებიათ შენთვის, სწორედ მან დაგიცვა მეკობრეების ხომალდის ბოროტი ბელადისგან, ახლა უნდა დამიჯერო და ნატარაჯა გაგიკვლევთ გზას“... აქერონტი მდინარეა საბერძნეთში, გაივლის ჭაობებს და იკარგება მიწისქვეშ და ერთვის იონიის ზღვას. ამან მისცა ბერძნებს ცოცხალი ძალა, რომ მოენათლათ ჰადესის, ქვესკნელის მდორე მდინარედ, სადაც ბაყაყებით აქოთებული ჭანჭრობია. ეს მდინარე კაეშნის მდინარეა, სახელიც მითიური აქვს და დაკავშირებულია სულების კულტთან. მისი ზედაპირი ხავსითაა დაფარული. სწორედ იქ უნდა იყოს მამაშენი. ხომალდის ჩამოვარდნის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა, რამოდენიმე წლის უკან ჭაობიან სანაპიროზე კაცი გამოჩნდა, იქაურებმა იუცხოვეს და მოკვლა დაუპირეს. მან სიმართლე თქვა და გადარჩა. მას მერე იქ ცხოვრობს და არავის ელაპარაკება. _ ,, მამაშენს ხომ ფერნანდო ჰქვია?“ _ შემეკითხა მოხუცი. _ ,,დიახ, ფერნანდო“, _ ვუპასუხე მე და მოხუცმა თვალი თვალში გამიყარა. მერე მითხრა: ,,მამაშენის სახელის მნიშვნელობა სიტყვა სიტყვით ასე ჟღერს, ჩემო ბიჭო, ,,თავგადასავლების მაძიებელი“, ამიტომ ისიც თავგადასავლებს ეძებს ცხოვრებაში და შენც, მაგარამ თუ იპოვი, ყველაფერი შეიცვლება“. მთელი ამ დროის განმავლობაში მოხუცს ბურთიდან ხელები არ მოუცილებია და სულ ერთთავად შიგ იყურებოდა. ფერები იმღვრეოდა და იცვლებოდა, ბოლოს ისე გაშავდა, რომ შემეშინდა კიდეც, მაგრამ ბრძენმა დამამშვიდა და მითხრა, რომ სასწრაფოდ წავსულიყავი აქერონტის საძებნელად და ეს კალენდარიც თან წამეღო. სწორედ იქ ვიპოვიდი მამას. ახალი თავგადასავლის ძიებაში დროს ვკარგავდი, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა რადგან მამაჩემის გარდა ვერავინ უშველიდა დედას.