მოთხრობები
მოთხრობები
შავ ღამეში - „ბაბოო, მიჰყავთ, მიჰყავთ“! – ათიოდე წლის ბიჭის ძახილზე მოხუცი ქალი კართან მოლასლასდა, მაგრამ გარეთ აღარ, უფრო ვეღარ, გამოსულა. ზღურბლთან იდგა და ხელაფარებული პირით ჩიფჩიფებდა: - „წახვედი, თინო, შე უბედურო, შენა... თუმც, ეგებ, სულაც არ იყავი უბედო? ეეჰ, მეც მალე ამატარებენ ამ გზაზე, მე უბედურსა“, - ქალს ნიკაპი აუცახცახდა, კარის დირეზე ჩამომჯდარი კიდევ კარგა ხანს გაჰყურებდა სოფლის მიხვეულ-მოხვეულ აღმართზე წერტილადღა მოძრავ პროცესიას, სიმღერის ხმა კი ისევ გუგუნად ედგა სმენადაკლებულ ყურებში. „დამაცადეე შავ ღამეშიი...“ - კაცების მჭექარე ხმა აღმართიდან დაქროლილ ქარს უკან, სოფლისკენ მოჰქონდა. - „გამარჯობა ქეთო, სასაფლაოზე სიმღერით გაცილება სადმე გაგიგონია, ქალო? მკვდარიც გამორჩეული უნდა ვიყოო, ეგრე გამოუვიდა იმ საწყალსა“, - სიბერეშიც ზონზროხა მერიკოს ხმამ ქეთო ფიქრებიდან გამოიყვანა. - „ვისი რა საქმეა... აგე, ვერ ჰყოლია სხვების შვილებზე უკეთესი ძმიშვილები, ბოლო ნატვრაც კი აუსრულეს, თავისი საყვარელი სიმღერით მიჰყავთ“, - უკვე მკვდარი დაქალის გაკილვამ გული დაუწვა მოხუცს. „ბ“ პატარა სოფელი იყო, მთებით გარშემორტყმული, საკუთარი წყაროთი. მიწაც ხვავიანი ჰქონდა, აქაური ატამი რაიონის ბაზარზე ყველაზე ძვირად ფასობდა. მაინც ნელ-ნელა იცლებოდა სოფელი. ამ ატამს იმდენი წვალება უნდა, რასაც ერთ სეზონზე ვიღებთ, მაგდენს ერთ დღეში იძლევიან იქაო, ამბობდნენ საბერძნეთსა თუ თურქეთში გადახვეწილი დიასახლისების ოჯახებში. აქედან, იმსიშორედ, აბა, იქაური წვალება, სად გამოჩნდებოდა? ვინც მიდიოდა, იმათაც კი არ იცოდნენ, იქ რა დახვდებოდათ, მაინც წელიწადი არ გავიდოდა, რომ რომელიმე ოჯახიდან უცხოეთში ქალი არ გაფრენილიყო. თინაც გაფრინდა, ოღონდ, არც თურქეთში და არც საბერძნეთში, არამედ, იტალიაში. - „დააღირა თავი და წავიდა იმ უცხო ქვეყანაში, ენა მაგან არ იცის, ვის რა უნდა გააგებინოს, მაგრამ ყველაფერში „სხვანაირი“ ხომ უნდა ყოფილიყო“? - კილავდნენ სოფელში. - „ენა არ იცის, თორემ, თურქულს ხომ აბულბულებდნენ, ვინც იქ წავიდა“, - მეგობარს იცავდა ხოლმე ქეთო. ქეთოსა და თინას მშობლიური სახლები გვერდიგვერდ იდგა, სკოლაც ერთ მერხზე დაამთავრეს. იმათი გზები ქეთოს გათხოვების, უფრო კი, კახას გამოჩენის შემდეგ გაიყო. თინასთანა მზეთუნახავი სოფელში კი არა, იმ მხარეში მეორე არ დადიოდა, მაგრამ ისეთი ახტაჯანა იყო, „სიყვარულის ახსნას“ სკოლის უფროსკლასელი „ყოჩებიც“ ვერ უბედავდნენ, არათუ, თანაკლასელი და თანაც, მორიდებული ბიჭი. ქეთო თავს არ უტყდებოდა, თორემ, კარგად იცოდა, კახა ორივეს ლანდივით რატომაც დასდევდა, ცალ-ცალკე ისინი არ დადიოდნენ და... იმასაც ხედავდა, ბიჭს მხოლოდ თინას დანახვაზე რომ მისდიოდა ფერი. „მე შენ დაგდევ, შენ კი იმას“, - რაღაც მსგავსი სიმღერა სადღაც მოესმინა და გულში მწარედ ჩარჩენოდა გოგოს. სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე თინასგან იმედგადაწურულმა კახამ რომ ცოლობა სთხოვა, ალბათ უფრო, თინას გამოჯავრებით, წესით უარი უნდა ეთქვა, მაგრამ დათანხმდა. ჭკუას მოუხმეო, დედამისი კი დასძახოდა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდასა და ნამეტნავად შეყვარებულს გონი ვის მოჰკითხვია, ქეთოს რომ სთხოვდნენ. კახას სიმთვრალისას მიცემული პირობა აღარ, ეგებ, ვეღარც, დაურღვევია და ბანკეტიდან მალევე იქორწინეს კიდეც. ქეთომ მეჯვარედ განუყრელი თინა წაიყვანა. შემთვრალი ნეფე პატარძლის ნაცვლად რომ მეჯვარეს შესციცინებდა, ბარემ ქორწილის მთელმა სუფრამ შეამჩნია. ქეთო გადაფითრებული იჯდა აწ უკვე ქმრის გვერდით, მოქუფრულ თინას დანა პირს არ უხსნიდა. ამის შემდეგ დაქალები ერთმანეთს ქორწილსა და სატირალში თუ შეხვდებოდნენ და რაღაცნაირი დარცხვენით მოიკითხავდნენ ერთმანეთს. ორჯერ კახას, აწი უკვე ქეთოსიც, სახლშიც იყო, კი, თინა, ოღონდ კახა არც ერთხელ არ ყოფილა შინ. ქეთოს რომ ბავშვი არა და არ ეყოლა, პირველად მაშინ შეაღო თინამ მათი ეზოს კარი. ქეთო თონესთან იჯდა, აცრემლებული, ოღონდ ეს ცრემლები თონიდან ამომავალი კვამლისგან არ იყო. თინას ხელში გვირილების დიდი თაიგული ეჭირა და მეგობარს ნაღველჩამდგარი თვალებით შეჰყურებდა. ქეთომ თავი ვეღარ შეიკავა და ქვითინით ჩაემხო დაქალის მკერდში. ახლაც ახსოვს მოხუცს, მაშინ თინამ რაც უთხრა. - „არავინ არის ამ სოფელში შენი ღირსი, გოგო, არც სხვის ნათქვამს უგდო ყური და არც თავი დააჩაგვრინო ვინმეს. იმედი არ გადაიწურო, ქეთინო, შენ ისეთი კარგი დედა იქნები, შვილი აუცილებლად უნდა გყავდეს და გეყოლება კიდეც... თუ არადა, არც მაგით დაიქცევა ქვეყანა. ცხოვრება ასეც შეიძლება და ისეც“. - „მოდი ხოლმე რა, თინო“, - ესღა ამოთქვა გულამომჯდარმა მასპინძელმა. კიო, კი შეჰპირდა თინა, მაგრამ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიაკითხა მეგობარს, ბიჭი რომ გაუჩნდა, მაშინ. მოსანათლი ოქროს ჯვარი და იმდროისთვის იშვიათი „პამპერსებიც“ მიუტანა, ოღონდ ბავშვი აღარ მოუნათლავს. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა ელოდა, რომ თინა უნივესიტეტში ისწავლიდა. თვითონ სულ ამაზე ლაპარაკობდა, ფილოლოგიის გაკულტეტზე უნდოდა ჩაბარება, სკოლის ქართულის მასწავლებელს თინას დაწერილი ლექსები კლასის კედლებზე ჰქონდა გაკრული. თავიდანვე რაღაც უხეიროდ აეწყო ყველაფერი. ჯერ დედამ მოიტეხა ფეხი, თუთაზე ასულიყო და ტოტი მოსტყდომოდა. ავადმყოფ მამასა და უმცროს ძმას მიხედვა უნდოდათ და თინამაც უნივერსიტეტში ჩაბარება მომავალი წლისთვის გადადო, უკეთაც მოვემზადებიო, გულს იმშვიდებდა, მაგრამ მომდევნო ზაფხულს მამა გარდაიცვალა. სიმსივნემ სამ წელიწადში მოუღო ბოლო. შემდეგ წელს მამას დედაც მიჰყვა, თუთის ხიდან მეორედ ჩამოვარდა, ახლა კეფა დაურტყამს და ადგილზევე გათავდა ქალი. სადღა წავიდოდა თინა... თუთის ხე კი ფესვებიანად ამოაძირკვინა მეზობელ თამაზა ძიას. დარჩნენ და-ძმა ერთმანეთის იმედად. სკოლის ქართულის მასწავლებელი ამოუდგა ობლებს გვერდში, რაიონის ხელმძღვანელობისთვის უთხოვია და სოფლის ბიბლიოთეკარად მოაწყობინა გოგო. ხელფასი მცირე იყო, მაგრამ და-ძმა ზაფხულსა და შემოდგომაზე მარწყვსა და ატამსს ყიდდა, ზამთარში -კიტრ-პამიდორს, მამის დანატოვარი სათბური აამუშავეს, გაჰქონდათ თავი. ბიბლიოთეკის ძველი, ჩაბნელებული დარბაზი თინას თავშესაფრად იქცა. შენობაში ელექტროენერგია იშვიათად იყო, მიჯდებოდა ერთდერთ ფანჯარასთან და თუ სახლში ბევრი საქმე არ ჰქონდა, კითხულობდა, სანამ ასოების გარჩევა შეეძლო. ეს დარბაზი იყო მისი უნივერსიტეტი. მიდიოდა მერე შებინდებისას სახლში, გარინდული, იაღლიაში წიგნებამოჩრილი, ზოგი თავისთვის, ზოგი ძმისთვის რომ შეერჩია. ხშირად ყოფილა, გზაზე მეზობლისთვის გვერდი ისე აუვლია, არც ის შეუმჩნევია და არც მისი „გამარჯობა“ გაუგონია. „სულ სადღაც არის, ისევ ლექსებს თუ სწერს“, - გაკენწლავდნენ ხოლმე სოფელში, თუმცა, სადღაც, გულის სიღმეში შეიძლება, იცოდნენ კიდეც, რომ თინა „სხვა არის, სხვანაირი“, როგორც შალიკომ იცოდა თქმა. მეზობლებს შალიკოს კოლმეურნეობის თავმჯდომარეობამდელი რიდი ახლაც შემორჩენოდათ. სოფლის „ყოჩებსაც“ აკი იმან ურჩია, ნუ დასდევთ მაგ გოგოს, არა ხართ მაგისი სწორებიო. ბიჭებმაც, გოგოს დევნის შემდეგ ერთმანეთისთვის დამტვრეული ცხვირ-პირის მეტი რომ არაფერი შერჩათ, დაუჯერეს. მაგისი ტოლი ამ სოფელში არც ვინ არისო, იტყოდა ხოლმე უკვე გაჭაღარავებული ნათავმჯდომარევი, როცა თინა ნიავივით ჩაიქროლებდა თავდაღმართში. მერეც, როცა მთელი სოფელი თინასა და ოთარზე ჭორაობდა, შალიკოს ერთი ძვირი სიტყვაც არ დასცდენია. ოთარი რომ სოფლის საავადმყოფოს მთავარ ექიმად დანიშნეს, თინას გათხოვების იმედი, სოფელში უკვე გადაწურული ჰქონდათ, მაგისი ტოლები ყველანი დათხოვილიყვნენ. ოთარს მანამდე რაიონის საავადმყოფოში ემუშავა მთავარი ექიმის მოადგილედ, მაგრამ მალევე გადმოეყვანათ სოფლის კლინიკაში. როგორც სოფელში შეეტყოთ, უფროსმა მოიშორა თავიდანო, ოთარი ისეთი ყოფილა, პაციენტს ზედმეტს არც თვითონ გამოართმევდა და სხვასაც ხელს უშლიდაო. ასე იყო, თუ ისე, ბ-ს მცხოვრებლებს ამ ამბავში ეჭვი არ ეპარებოდათ, მაგისნაირ ღვთისნიერ ექიმს ქვეყანაზე მეორეს ვერ იპოვითო, ამბობდა შეძლებულიცა და გაჭირვებულიც. ოთარმა ცოლ-შვილი რაიონში დატოვა, თვითონ მარტომ იქირავა ერთი ოთახი ქვრივი ბადრიასგან და შაბათ-კვირასღა მიდიოდა შინ, ხან მაშინაც ვერა, სოფლის მთავარ ექიმს საქმეს რა გამოულევდა. ბადრიას სახლი ბიბლიოთეკის მეზობლად იდგა. ექიმმა, ალბათ, მალევე შენიშნა დილა-საღამოს წიგნამოჩრით მოსიარულე ახალგაზრდა ქალი, მართლაც რომ „სულ სხვა, სხვანაირი“, რადგან პირველი ჭორი უკვე ოთარის სოფელში მოსვლიდან რამდენიმე თვის თავზე გაჩნდა. განათლებულ ექიმს რომ ბიბლიოთეკაში შეევლო, რა გასაკვირი იყო, მაგრამ შევლაც არის და შევლაც. სოფლის თვალში სამკითხველო დარბაზი სკოლის მოსწავლეებისა და მოცლილებისთვის არსებობდა. ქეთომაც კი უთხრა ერთხელ თინას, წიგნის კითხვა როგორ არ მიყვარს, მაგრამ სად მცალია ბიბლიოთეკაში სასიარულოდო. მართლაც, სად ეცალა ჯერ ერთის მნატვრელსა და მერე უკვე 4 შვილის დედას სამკვითხველო დარბაზში საჯდომად, სახლი თუ ბაღ-ბოსტანი, შვილები, ახირებული ქმარი თუ ლოგინად ჩავარდნილი დედამთილი - ყველასა და ყველაფრის მიმხედი და მოსამსახურე ეგ იყო. ამიტომაც, ძირითადად, მარტო იჯდა ხოლმე თინა სამკითხველო დარბაზში, მით უმეტეს, ზაფხულში... არდადეგებზე ვინღა წაიკითხავდა წიგნს, ბავშვები სწავლის პერიოდშიც არ იკლავდნენ თავს. საღამოობით შალიკო თუ შეუვლიდა ხანდახან, დაჯდებოდა თინასგან მოშორებით მაგიდასთან და კითხულობდა ისტორიულ რომანებს. ნათავმჯდომარევს თავისი წილი კალო გაელეწა და თავს მოცალეობის უფლებას აძლევდა, თანაც, სოფელში ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ, რა „წიგნის ჭიაც“ ჰყავდა შეჩენილი შალიკოს. ერთხელ სამკითხველოში შექეიფიანებული მივიდა, წიგნი კი გადაეშალა, მაგრამ თინას შესცქეროდა. გოგომ შესცინა, მაგრამ, უცებ, შეცბა, ჭაღარა კაცს უპეებამოსიებულ თვალებში დიდრონი ცრემლები ჩასდგომოდა. თინა ახლოს მიუჯდა. - „შალიკო ძია, შეიძლება რაღაც გკითხოთ“? კაცმა თავი დაუქნია, მიხვდა რისი კითხვაც უნდოდა გოგოს. - „რა მოუვიდა მამიდაჩემს? თქვენს შორის რა მოხდა? მამას პირველად რომ ვკითხე, გამიბრაზდა, აღარასოდეს გამახსენოო. მეორედ მთვრალი იყო და შევბედე, ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა, შენ გაჭრილილი ვაშლივით ჰგავხარ ესმასო, მარტო ეს მითხრა“. შალიკომ თავი ჩაღუნა, ჯერ კიდევ გაშლილი მხრები პატარა ბიჭივით მოებუზა. - „რამდენიმე წლით უმცროსი კი იყო ჩემზე, მაგრამ ბავშვობიდანვე სულ ერთად ვიყავით მე და ესმა. ისიც შენსავით მზეთუნახავი იყო, მთელ სოფელში გამორჩეული, რომ გაიღიმებდა, თითქოს, ბნელ ღამეში ბადრმა მთვარემ გამოანათაო. იმასაც უყვარდა წიგნის კითხვა და მეც შემაყვარა. რამდენჯერ ერთად გვიტირია „გმირთა ვარამის“ კითხვისას. მერეც, უმაღლესს სანამ დამავთავრდები, ესმამაც ჩააბარა და ჩამომისწო ქალაქში, იქაც სულ ერთად ვიყავით. ჩვენს შორის რაც მოხდა, მამიდაშენის ბრალი ნაკლებად იყო. ისეთი ლამაზი იყო, ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა. იმასაც ქუჩაში შეემჩნია, რეჟისორს“... - კაცმა ისე გამოსცრა, მოუნელებელმა ბოღმამ რომ იცის ხოლმე. - „ფილმში უნდა გადაგიღოო, შეუჩნდა და აღარც მოეშვა. რა ვქნაო, ესმამ, დავთანხმდეო? როგორც შენ გინდა, ისე მოიქეცი-მეთქი, კი ვუთხარი, მაგრამ გულმა ცუდი კი მიგრძნო. მერე და მერე თავს მარიდებდა, თითქმის სულ გადასაღებ მოედანზე იყო, სწავლასაც ვეღარ უდებდა გულს. ერთხელ, კარხა ხანს რომ აღარ გამოჩნდა, მივაკითხე, ვიცოდი, კინოს სადაც იღებდნენ. ეტყობა შესვენება ჰქონდათ, შორიდანვე შევნიშნე, ის, მაღალი და თმაგადაგლესილი, გვერდით ეჯდა. მივუახლოვდი, ხელი ჰქონდა გადახვეული ესმასთვის, პირი ყურთან მიეტანა, ეჩურჩულებოდა... ესმას სახე რომ დავინახე, უკანვე გამოვბრუნდი. იმ ამბებამდე აღარც მინახავს. სოფელში რომ დაბრუნდა, უკვე ორსულად იყო. იმას როგორც კი ამისი ორსულობა გაეგო, მაშინვე მიეტოვებინა, როგორც ხდება ხოლმე... მოსკოვში წასულიყო, გაპარულიყო. მამაშენი სახლში არ უშვებდა ესმას, ისე იყო გაცოფებული. ბებიაშენი და პაპაშენი ხომ ადრევე დაიხოცნენ, მამაშენს ესმა შვილივით ჰყავდა გაზრდილი. მე რომ მივედი, მამაშენს გაუკვირდა. ესმას ბრალი არაფერია-მეთქი, ვუთხარი, იმან დაახვია თავბრუ ქალაქში პირველად ჩასულ გამოუცდელ ქალს. მეც დავაშავე, არ უნდა დამეტოვენინა-მეთქი იმასთან. ესმა ცრემლად იღვრებოდა, ახლაც მახსოვს, ნატო ვაჩნაძესავით ღვთიური იყო მტირალი. მამაშენსაც გული მოულბა... მეორე დღეს კი საწოლში უკვე გარდაცლილი დახვედრია, სისხლში ცურავდაო. დღესაც არ ვიცი, ზუსტად, რა მოხდა“, - ბოლო სიტყვები ქვითინში ძლივს გამოარჩია თინამ. გოგომ სახეზე ხელები ფრთხილად მოხვია მობუზულ კაცს, შუბლზე აკოცა, ბედნიერი ვიქნებოდი, ბიძაჩემი რომ ყოფილიყავიო, უთხრა. კაცს მკერდი ჩაუთბა. მერე კი, როცა ოთარმა ბიბლიოთეკაში სიარულს მოუხშირა, შალვამ შეუმჩნევლად გაცლა არჩია. პირველიც და ბოლო ავი სიტყვაც ელოს ეთქვა, ბადრიას მეორე ცოლს, ოთარის სოფელში დასახლებიდან მალევე რომ მოიყვანა ბადრიამ. ჭორის აგორებას კიდე რა უნდა, ერთი კინწის კვრა კმარა. - „ამ ჩვენმა ექიმმა რაღაც ძაან მოუხშირა ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანას, ყოველ დღე ახალ-ახალი ხომ გამოაქვს და საღამოობითაც კარგა შებინდებულსღა ბრუნდება ხოლმე ჩვენსა. სულ იმ თქვენი თინას ამბავი იქნება, ეს ისეთი პატიოსანი კაცი ჩანს, ცოლ-შვილს როგორ უღალატებს“, - ასე დაიწყო ელომ. - „დაიცა, უკვე ღალატზე მიდგა საქმე?“ - აჰყვა მერიკო. - „სხვანაირიაო“, ტყუილად კი არ გაიძახის შალიკო ძია, მართლაც ეგეთი ყოფილა მამიდამისივით“, - კისკისით გააგრძელა ლილიმ და მოედო კიდეც სოფელს ამბავი, საიდანაც, ალბათ, ნახევარიც არ იყო მართალი. ოთარმა უმალვე შენიშნა მეზობლების, გამორჩეულად, ქალების ცერად ყურება და ჩაღიმება, აბა, თინას გზაშიც კი წიგნებში ჰქონდა ცხვირი ჩარგული. კაცმა ბიბლიოთეკაში სიარულს უკლო, მაგრამ მთლად ვერ ამოიკვეთა ფეხი. როცა ოთარი არ მიდიოდა, ქალი დარბაზში გარინდული იჯდა, კითხვაც უჭირდა, გადაშლილ წიგში ასოები აცა-ბაცა დაუხტოდნენ. კარგა ხანს ვერც იმას ხვდებოდა, ბოლო დროს ლილიმ და მერიკომ ბიბლიოთეკაში სიარული რატომ აიჩემეს. - „ვინმე სხვას ხომ არ ელოდი, ქალო, როგორ შეხტი, ჩვენა ვართ“, - ჩაიცინებდნენ ქალები და ჩამოუსხდებოდნენ თინას „წიგნებზე საჭორაოდ“, აბა, კაი რამე შეგვირჩიე, გასართობიო. თინაც ურჩევდა, მაგრამ მეორე დღესვე უკან უბრუნებდნენ, რაღაც გული ვერ დავუდეთო. ბოლოს როგორღაც მიუხვდა თინა ქალებს, რა გასართობიც უნდოდათ და ისე დაიფრინა, ბიბლიოთეკის სიახლოვეს გაკარებასაც ვეღარ ბედავდა ვერც ერთი. ამან უფრო გაამწარა მეჭორეები. მაშინ გადაწყვიტეს, სიტყვისთვის საქმეც მიეყოლებინათ. შეთქმულთაგან მთავარი მაინც ელო იყო, მოღალატე ქმრების თემის მწარედ განმცდელი. ჯერ რომ ქმრის პირველი, მერე რა რომ აწგარდაცვლილი, ცოლი ვერ მოენელებინა და ახლა ბადრიასა და მეზობელსოფლელი ნაზიას „შური-მურის“ (როგორც ლილიმ მოახსენა) ამბის შემტყობი. გეგმა მარტივი და ბანალური იყო - ექიმის ცოლისთვის ქმრის საეჭვო ქცევის შესახებ უნდა მოეხსენებინათ, ოღონდ, მთავარ ბრალდებულად თინა გამოეყვანათ. - „ეგრე იციან ხოლმე ვითომ წუნიებმა, თავისას რომ ვერ შოულობენ, სხვებისას მიახტებიან. ვინ იცის, ეგებ, ჩემი ბადრიასთვისაც დაედგა თვალი, ფხიზლად რომ არ ვიყო. მზეთუნახავიაო, მზეთუნახავები გაუთხოვრები არ რჩებიან. ამ საქმეს მე მივხედავ“, - დაიქადნა ელომ და შეასრულა კიდეც. ჩასაფრებამა და თვალთვალმა შედეგი გამოიღო, ქალმა ზედმიწევნით დაისწავლა ოთარის მისვლა-მოსვლის განრიგი და ერთ კვირა დღესაც რაიონში მის სახლს მიადგა. ოთარის ცოლი ელოს შორიდან უკვე იცნობდა, რამდენჯერმე „მცირე მოსაკითხი“ გაეგზავნა სოფლის საამაყო ექიმის, უკაცრავად, მთავარი ექიმის მეუღლისთვის. - „თინაზე, რომ ამბობენ, მზეთუნახავიაო, თქვენ ოთარის ცოლი უნდა ნახოთ, აი, ქალი ის არის, ჯერ მარტო იმისი გავა აიწონის მთელ თქვენს თინას“, - უყვებოდა მერე თავად გამწლელული ელო შეთქმულებს. ქალმა ექიმის ცოლის ფორმების აღწერას სხვა დეტალებიც მიაყოლა - სახლის სართულ-ოთახების რაოდენობა, შპალერ-ავეჯის ფერი და ხარისხი, რასაც საქმესთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია. სხვა დროს ეს ყველაფერი მერიკოსა და ლილის ძალიანაც დააინტერესებდათ, მაგრამ ახლა ორივეს მოთმინებამ უღალატა და დეტალებიდან მთავარზე გადართვა მოსთხოვეს. მთავარი კი, მოკლედ, ასე იყო: ვითომ, ელოს რაიონში, ექიმის სახლთან ახლოში საქმეზე გამოევლო და ეფიქრა, ბარემ ოთარსა და მის ძვირფას მეუღლესაც მოვინახულებო. ამაზე ექიმის ძვირფას მეუღლეს უთქვამს, ჩემი ქმარი ხომ სოფელშია, კვირაობითაც იმდენი საქმე აქვს, სახლში მოსასვლელად სადღა იცლისო. ელოს ამითი უსარგებლია და სხვათა შორის მიუყოლებია, კარგა ხანია, ჩემი პატივცემული მდგმური კვირაობით ჩვენსა აღარ რჩება და მეგონა, სახლში მოდიოდაო. მასპინძელს დაქნილი წარბები აუწკიპავს და უფრო თავისთვის უკითხავს, აბა, თუ არც თქვენსაა და არც სახლში, მაშინ სად მიდისო. ელოს მრავალმნიშვნელოვნად მოუწკურავს პირი და წამომდგარა, მეჩქარება, აღარ შეგაწუხებთო. ამ პირის დამნახავი ქალი სადღა გამოუშვებდა? ყავა-ნამცხვარზე მიუპატიჟია და „რასტვორიმის“ წრუპვა-წრუპვაში სულ წვრილად გამოუკითხავს ყველაფერი, რაც ელოს საკუთარი თვალებით დაუნახავს და რაც ვერ დაუნახავს, მაგრამ წარმოუდგენია. - "საწყალ ქალს ისეთი ფერი დაედო, შემეშინდა, რამე რომ მოუვიდეს, მე დამბრალდება-მეთქი და ეგრევე ჩვენს გეგმაზე დავუწყე ლაპარაკი. უცებ, მოვიდა აზრზე, თვალები ქორივით ენთო და ისე მისმენდა. მოკლედ, შემდეგ კვირას აქ იქნება და მზად უნდა დავხვდეთ", - ელომ თვალებდაჭყეტილ ქალებს ამაყად გადაჰხედა. დახვდნენ კიდეც და ბიბლიოთეკაში შევარდნილი ცოლის კივილი ლამის მთელმა სოფელმა გაიგონა. ისიც ბევრმა დაინახა, ყოველ შემთხვევაში, ლილი ასე იხსენებდა, ქალი სამკითხველოდან ავაზასავით გაცოფებული გამოვარდა და ის ჩვენი ღვთისნიერი ექიმიც ცხვარივით მიჰყვა უკან თავის გავანაქებ ცოლსო. ბიბლიოთეკის ეზოში შეკრებილი ქალები მაინც არ დაშლილან, ელოდნენ და შენობიდან თინაც გამოვიდა, თავაწეული, იღლიაში ამოჩრილი დიდი ჩანთით, გაფითრებაზეღა ეტყობოდა მღელვარება. ზედაც არავისთვის შეუხედავს, ისე დაადგა შინისკენ გზას. - „უნამუსო“, - ამჯერადაც ელომ დაასწრო ყველას და თინასკენ გაიწია, „ამფსონებიც“ მიჰყვნენ... უცებ, გაჩქარებული ნაბიჯების ხმამ სამივე უკანვე მიახედა. კახა მორბოდა, ქალებისთვის არც მას შეუხედავს, თინასთან მივიდა, ჩანთა ჩამოართვა და ხელკავი გამოსდო, ქალიც უხმოდ გაჰყვა. აღარავინ გაჰკიდებიათ. ქირქილით კი იქირქილეს, ენები ხომ უნდა გამოეთავისუფლებინათ - მაინც რა სცხია ამ ქალს ასეთი, კაცები რომ ზედ ეკრობიანო, ერთი ქეთოს დაანახა თავისი ქმარიო... მეტსაც იტყოდნენ, ახლა შალიკო რომ არ შემოსწრებოდათ. -„აი, ელო, სულ შენი თავი იქნება ეს ყველაფერი, ერთხელაც საკუთარი ბოღმავე დაგახრჩობს“, - შეუტია თავმჯდომარედ ყოფილმა და ქალებიც ჩაჩუმდნენ. ისედაც გალეული ელო ბრაზისგან მთლად მოიკრუნჩხა, მაგრამ ვეღარაფერი თქვა. კახამ სახლამდე მიაცილა თინა. -„მადლობა შენც და ქეთოსაც, არასოდეს დაგივიწყებთ“, - ახლა კი აუკანკალდა ხმა თინას და მძიმე ჩანთა სახლში შეათრია. ძმა სამზარეულოში დახვდა, მაგიდასთან თავჩახრით იჯდა. თინას ხელები ჩამოუცვივდა და ლამის მის ხელში გაზრდილ ძმას ვედრებით შეხედა, იმან კიდევ პირი მოარიდა. რამდენიმე კვირაში თინა იტალიაშიც წავიდა, სოფელში ვერავინ გაიგო, ეს ასე სწრაფად როგორ მოახერხა, ან ფული სად იშოვა. ალბათ, ოთარმა თუ გამოუგზავნაო, დაასკვნეს ბოლოს. თინას წასვლიდან მომდევნო წელს ძმამ ცოლი მოიყვანა, ტყუპი ბიჭებიც ეყოლათ. სოფელმა თინას ამბავი, თითქოს, მიივიწყა, ელოც კი აღარ ახსენებდა. ქეთოს შვილებს თუ წამოსცდებოდათ ხანდახან, ესა თუ ის თინა დეიდამ გამოგვიგზავნა იტალიიდანო. მამიდა ძმიშვილებისთვისაც აგზავნიდა თურმე ფულსა და საჩუქრებს, მერე რძალს ეთქვა ქალებში, ჩვენთვისაც ქეთოსთან აგზავნის და იმას მოაქვს ხოლმე, ისევ იქით იბუტება, თითქო იმას კი არა, ჩვენ დაგვეშავებინოს რამეო. 10 წლის შემდეგ კი... თინა მშობლიურ სახლში დაბრუნდა და აღარც წასულა სადმე, სიკვდილამდე... აკი შეატარეს კიდეც სოფლის სასაფლაოზე და ძმისა და რძლის გვერდით გაუთხარეს სამარე. იმათმა სიკვდილმა ჩამოიყვანა ქალი სამშობლოში... მთაში ყოფილა ოჯახი დასასვენებლად, უკან დაბრუნებისას მანქანა გზიდან გადავადნილა, საჭესთან რძალი მჯდარა, ალბათ, ქმარი ნასვამი იყო... ქალი ადგილზევე გარდაცვლილა, ძმა - მეორე დღეს, საავადმყოფოში. ბავშვები ისე გადარჩნენ, თავიდან ბეწვიც არ ჩამოვარდნიათ. ჰოდა, 8 წლის დაობლებულ ძმიშვილებს ხომ ვერ დატოვებდა მამიდა უპატრონოდ. არც დაფიქრებულა, ისე აიკრიფა იტალიური გუდა-ნაბადი. 10 წელი ისე გავატარე, თავი კინოთეატრში მეგონა, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა, იმ ყველაფერის მონაწილე კი არა, უბრალოდ, მაყურებელი ვიყავიო, უყვებოდა მერე ქეთოს. არადა, იტალიასთან ერთად, საფრანგეთიც მოევლო, მაგრამ... იქაც „სხვა“ ვიყავიო, ჩაიცინებდა ხოლმე ჯერ კიდევ ლამაზად. სოფელიც გადასხვაფერებული დაუხვდა თინას... დედ-მამის გვერდით, ძმისა და რძლის ახლადგათხრილი საფლავები როგორი ასატანი უნდა ყოფილიყო 10 წელს სამშობლოუნახავი ქალისთვის. შალოკოს საფლავიც იქვე დახვდა... სიმსივნე რომ ჰქონდა, კი იცოდა, მაგრამ გარდაცვალება არ შეუტყობინებიათ მისთვის. ჩემი „შინ“ აქ ყოფილაო, სახლში წასვლა აღარ უნდოდა ქალს, მაგრამ მობუზული ტყუპები კალთაზე მიკროდნენ თვალითუანახავ მამიდას. თინამ მშობლიური ეზოს ზღურბლს მუხლების ცახცახით რომ გადააბიჯა, ბალღები ქვითინით მისცვივდნენ და აღარც მოშორებიან, სასაფლაოზეც ისე ჩაებღუჯა ორივეს მამიდის ხელები... თინას გულ-მუცელი ამოუვსო ჯერგანუცდელმა სითბომ, იმათთან იყო, ვისაც მისი გვერდით ყოფნა ყველაზე მატად სჭირდებოდათ. სასაფლაოზე ბადრიას გვერდით მდგარმა ლილიმ კიდევ ერთი საფლავი დაანახა თინას... ქალს გააჟრჟოლა, მარმარილოს შავი ქვიდან ელო იცქირებოდა, როგორც იცოდა ხოლმე, მოჭუტული თვალებით. მაგის სიკვდილს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდიო, უთხრა ლილის. იმან კი დამწუხრებული სახით უამბო: შალიკომ კი უთხრა, ბოღმა დაგახრჩობსო, მაგრამ მაგას მართლაც რა მოკლავდა, კაკალს რომ არ დაეხრჩოო. თავისდა ჭირად, ასაკშიც ყველა კბილი საღი ჰქონდა შერჩენილი და კაკლის მტვრევისას, ნაჭუჭი გადასცდაო. - „ნაჭუჭმა როგორღა დაახრჩო, არავინ იყო მშველელი?“ - „ბადრია კი ყოფილა სახლში, მაგრამ ვეღარ მიუსწრია იმ საწყლისთვის“, - წაუტირა ლილიმ და ცოტა ხანში დაუმატა: „იცი, გავთხოვდი...“ მერე თინას „უკვე მიხვედრილი ვარ“ მზერა არ შეიმჩნია და განაგრძო: - „ისეთი ცოდო იყო ბადრია მარტო, მეორედ დაქვრივებული, შემბრლდა“... ლილიმ კიდევ ერთი „სამწუხარო ამბის“ თქმაც მოასწრო თინასთვის, რაზეც მერე ქეთოს უსაყვედურია, რა იყო, ეგრევე რომ არ „მიგეხარებინა“, მე ვეტყოდი, როდესაც სააჭირო იყოო. ბიბლიოთეკაში მომხდარის შემდეგ ოთარი სოფელში აღარ გამოჩენილა. მისი შემცვლელი კიდევ ისეთი გამოდგა, მთელი სოფელი ელოს ლანძღავდა, ის ღვთისნიერი კაცი რომ არ გაექცია, ამ ყაჩაღ ვაჟას ხომ არ დაგვისვამდნენ მთავარ ექიმადო. ჯერ ხომ საავადმყოფოში სანთლით საძებარია და ახლა სულ ხელებში შემოგვყურებს, აბა, რას მივცემთო. ყოფილიყო ოთარი და ევლო ბიბლიოთეკაში, ვის რას უშლიდაო. მოკლედ, ურმის გადაბრუნების ამბავი დაემართათ, მაგრამ რაღა დროს. ამ ამბიდან მომდევნო წელს სოფელში გაეგოთ, ოთარი სვანეთში წასულიყო ექიმად, თინას ჩამოსვლამდე 3 წლით ადრე კი მისი დაღუპვის ამბავიც ჩამოიტანეს მთიდან, ზამთარში ავადმყოფთან მიდიოდა და მეწყერს ჩაეტანა. ცხედარი გაზაფხულზეღა უპოვიათ და იქვე დაუსაფლავებიათ. ეს ამბავი უთხრა ლილიმ თინას, მაგრამ ქალმა ამ ელდასაც ისე გაუძლო, წარბი არ შერხევია. - „რანაირი ქვა და კლდეა ეს ქალი... კაი, ოთარზე ნაწყენი იქნებოდა, მაგრამ ძმის სიკვდილზეც არ გადმოვარდნია ცრემლი“, - გაკვირვებით ეუბნებოდა სახლში მიბრუნებულა ლილი ყოფილ მეზობელსა და აწ უკვე ქმარს. - „კარგად კი შენახულა იმ იტალიაში“, - ჩაიალაპარაკა კაცმა. - „ვისაც რა აინტერესებს, იმას ამჩნევს“, - მესამე ცოლმაც უკბინა ბადრიას. მარტო ბადრიას კი არა, სხვასაც ბევრს შეემჩნია, რომ უცხო ქვეყანაში გატარებულ წლებს თინასთვის ვერაფერი დაეკლო, პირიქით, ჩრდილჩამდგარი თვალებით უფრო მეტად დამგვანებოდა იდუმალ მზეთუნახავს. ცრემლი... ცრემლი რას უშველის ტკივილით გამოჭმულ გულს, ბოლოს მაშინ იტირა, ხიდან ჩამოვარდნილი დედის ტვინის ნაკვალევი რომ დაინახა თუთის ძირში ამოზრდილ ლოდზე. ეგრე... ნაწყენი ძმაზეც იყო, ნაწყენი კი არა, იმისმა პირის შებრუნებამ გული გაუგლიჯა, მაგრამ რასაც უცხოეთში შოულობდა, ნახევარზე მეტს ძმის ოჯახისთვის გადასაცემად უგზავნიდა ქეთოს. ოთარი კიდევ... თინასა და ოთარის ამბავი რა და როგორ იყო, სინამდვილეში არც არავინ იცოდა. ვერ ის გაიგეს, მართლა რამე დაინახა მისმა ცოლმა ბიბლიოთეკაში, თუ წარმოდგენილმა ააკივლა. ქეთო კი მიხვდა, ოღონდ ისიც კარგა გვიან, როცა უკვე ხანშიშესულმა თინამ დავაჟკაცებულ ძმიშვილებს სვანეთში ააყვანინა თავი. - „სულ რამდენიმე წელი იმუშავა მესტიაში და ისე შეუყვარებია იქაურებისთვის თავი, რომ საფლავი ახლაც მოვლილი დამხვდა“, - თვითონ თინამაც უამბო მერე ქეთოს ოთარის საფლავის მონახულების ამბავი. წერილიც აჩვენა, კაცს იტალიაში წასვლამდე რომ მიეწერა. ოთხადგაკეცილ ფურცელს აქა-იქ ყვითელი ლაქები დამჩნეოდა. იმის სიკვდილში, ალბათ, მეც მიმიძღვის ბრალიო, ჩიოდა უკვე სიბერეშეპარული ქალი და ქეთოს ის უფრო გაუკვირდა, თვალში ცრემლები რომ დაუნახა ბავშვობის მეგობარს. ბიჭებსაც დავუბარე და შენც გეტყვი, რომ მოვკვდები, ეს წერილი საფლავში ჩამატანეთო, უთხრა თინამ და ამ ხნის ქალს ლოყები ისე შეეფარკლა, როგორ მაშინ, სკოლაში მასწავლებლები რომ აქებდნენ ხოლმე. მერე ქეთომ კარგა ხანს თავიდან ვეღარ ამოიგდო ის სიტყვები, წერილიდან, მისთვის რომ არასოდეს მიეწერათ. „ჩემო თინათინ (თუმცა, „ჩემოს“ დაწერის უფლება სადღა მაქვს), რა საშინელია სიტყვაა „თავლაფდასხმული“, ათჯერ უფრო მძიმე, როცა შენივე ხელით გადაისხამ ლაფს თავზე. გახსოვს „ჰომო ფაბერი“ რომ წამაკითხე? რამდენი ვილაპარაკეთ მაშინ. შენ მითხარი, სწორედ პირველი, ინსტიქტური ქმედება და სიტყვაა ყველაზე გულრწფელიო. ამქვეყნად უკანასკნელი ლაჩარიც არ მოიქცეოდა, ალბათ, ჩემსავით, მაგრამ ჩემი ქმედება გულრწფელი ნამდვილად არ ყოფილა. შენ ჩემი ოცნება ხარ, ყველაზე საოცარი ქალი, ვინც კი მინახავს. შენს მუხლებზე დაუნანებლად დავლევდი სულს. უშენოდ, აღარაფერს აქვს არც ფერი, არც გემო, მაგრამ... ამაზე თავიდანვე უნდა მეფიქრა და ამ დღეში არ უნდა ჩამეგდე, მაგრამ მართლაც ისე დამეჯახა სიყვარული, სადღა მქონდა რამის განსჯის თავი. ახლაც, როგორ მინდა, ხელი დაგტაცო და გავიქცეთ, სადმე, სულ ერთია, სად, მაგრამ შვილებს რა ვუთხრა მერე, ის ქალი იმათაც არ დაინდობს. თუმცა, ეგებ, ესეც უსუსურობის გამართლებაა და მეტი არაფერი, არ ვიცი. თინათინ, ჩემო თინათინ, არ მინდა, ჩვენს შორის ეს დაწერილი სიტყვები იყოს ბოლო, გემუდარები, ერთხელ კიდევ გნახავ. გთხოვ, პასუხი მომწერე“. - „პასუხი არ მიმიწერია, ისე წავედი... ეგებ, მაშინ რომ მენახა...“ - შესჩიოდა თინა ქეთოს. - „რაღას შეცვლიდი, თინო, მაინც ყველაფერი ეგრე მოხდებოდა, როგორც მოხდა“, - დამშვიდებას ცდილობდა მეგობარი - „მაშ, წასასვლელი ფული ოთარს არ მოუცია? ყველას ასე გვეგონა“, - დიდი ხანია, ქეთოს თინასთვის ამისი კითხვა უნდოდა. „- არა, შალიკო ძიამ... არ მითხოვია, ისე მომიტანა. არ ვართმევდი, მაგრამ არ დაიშალა, შვილი მე არ მყავს და ვისთვის მინდაო. საბუთების გაკეთებასა და იქ მოწყობაშიც ის დამეხმარა, ნაცნობები ჰყავდა მილანში. რატომ არ მომწერე, რომ გარდაიცვალა? ავად რომ იყო კი ვიცოდი, რამდენჯერმე წამლებიც გამოვუგზავნე, აქ რაც არ იშოვებოდა“. - „რა ვიცი, შენი საფიქრალიც გყოფნიდა. შორიდან იოლი ჩანს იტალიაში ცხოვრება, მაგრამ მე ხომ ვხვდებოდი, რამდენი გაჭირვებისა და ტკივილის ატანა მოგიწევდა“, - ბავშვობის დაქალებმა გათეთრებული თავები მიახუტეს ერთმანეთს. - „ბოლოს მაინც მივაკითხე ოთარს, საფლავის ქვიდან შემომყურებდა თავისი წყლიანი თვალებით“, - ცრემლების ყლაპვით ამოთქვა თინამ. მესტიაში ჩასული, ჯერ კიდევ სილამაზეშერჩენილი ქალი, ორი მხრებგაშლილი ვაჟკაცით, იქაურებს თვალთაარედან როგორ გამორჩებოდათ, მაგრამ ყველამ ოთარის ცოლ-შვილად მიიჩნია. ან აქამდე სად იყვნენო, უკვირდათ. ოთარის კოლეგებმა სტუმრებს საფლავი მიასწავლეს. ტყუპები განზე გადგნენ და მამიდა წარსულ, უფრო კი, გაუნელებელ ტკივილთან მარტო დატოვეს. იმ წუთას თინას თვალები ლილის რომ დაენახა, ვეღარ იტყოდა, ქვა და რკინა ყოფილა ეს ქალიო. ერთადერთი, რაშიც თინას მართლაც გაუმართლა, ეს ტყუპი ბიჭები იყვნენ, ბოძებივით რომ ედგნენ ახლა აქეთ-იქიდან. მამიდა იყო იმათი გამზრდელიცა და მეგობარიც. ამაზე იყო ნათქვამი, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. საერთოდაც, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თინა სოფლელებისთვის სიკეთის მაგალითად იქცა. ჩაქოლვიდან გაღმერთებამდე ხომ ერთი ნაბიჯია. მთავარი მაქებარი მაინც ლილი იყო. ქეთო ეხუმრებდა ხოლმე დაქალს, მგონი, ჩემზე მეტადაც კი შეუყვარდიო. ვინმეს თინაზე გადაკვრითაც რომ რამე წამოსცდენოდა, ლილი თვალებს ამოსჩიჩქნიდა. მერიკოც კი არ დაინდო ერთხელ... საერთოდ, მერიკომ ბოღმისა და შურის გულში ჩატოვება არ იცოდა, ელოსავით, მაგრამ ჭორაობა კი უყვარდა, მაგითი სულდგმულობდა. ჰოდა, უფრო ენის მოსაფხანად თქვა თინაზე - არ ერჩია, გათხოვილიყო, რამდენი მთხოვნელი ჰყავდა, საკუთარი შვილებიც ეყოლებოდა და არც ოთარისა და იმისი ცოლ-შვილის ცოდვას დაიდებდაო. ლილი, თვითონაც უშვილო, ისე გააფთრდა, ყოფილი „ამფსონი“ სახლიდან დაიფრინა, თან მისძახოდა, ვისაც შვილი არა ჰყავს, შენზე ნაკლები რითია, თინას გაზრდილი ძმიშვილები ბევრის გაჩენილ შვილებს „ჯიბეში ჩაისვამენო“. ამაში კი მართალი იყო ლილი, ოქროს ბიჭები იყვნენ ტყუპები, ლამაზები, გონიერები, ნიჭიერები, მოკლედ, ორი „დიმიტრი გელოვანი“ ეზრდებოდა სოფელს. ერთხელ, ბიჭები რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ, სოფლის კულტურის ცენტრში კონცერტი მოეწყო. ძმიშვილებმა, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, თინაც აიყვანეს სცენაზე. ისეთი კარგი საყურებლები იყვნენო, სოფელში კარგა ხანს იხსენებდნენ, შავჩოხიანი კოხტა ბიჭები ფანდურს რომ უკრავდნენ და შეყვინჩილებული ხმით დასძახოდნენ: “დამაცადე შავ ღამეში, დაგილეწო კარები, მოვიხვიო შენი ეშხი, შენი შმაგი მკლავები“..., ჯერ კიდევ მზეთუნახავი მამიდა კი მოღერებული ყელიდან ისეთ წკრიალს აყოლებდა, დარბაზში კაცებს ჟრუანტელი უვლიდათო. თინას მირზა გელოვანის ლექსები გამორჩეულად უყვარდა, ეს სიმღერაც ამოჩემებული ჰქონდა. სიკვდილის წინაც აკი დაუბარებია კიდეც... ტყუპებმა რომ უმაღლესი დაამთავრეს და თავ-თავიანთ გზასაც ეწივნენ, თინაც მოტყდა, თითქოს უცბად ჩამობერდა. ერთ საღამოსაც მოუსხამს გვერდით გაზდილები და უთქვამს, თქვენ უკვე აღარაფერი გიჭირთ და წავალ მე აწი „შინ“, ჩემიანები მელოდებიანო. ოღონდ ერთსა გთხოვთ, თუ გიყვარდეთ, ცრემლი არავის დაანახოთ, სასაფლაოს აღმართზე სიმღერით ამატარეთო, „ჩემი“ სიმღერითაო... ასე მღერა-მღერით წავიდა მიღმიერში სააქაოს ტკივილითა და დარდით ნაცხოვრები მზეთუნახავი. სასაფლაოდან მობრუნებული კახა ეზოში ბარბაცით შევიდა და სახლის დირეზე ჩამომჯდარ ცოლს ცოტა დამორცხვებით შეხედა. წელში მოხრილ, წვერგათეთრებულ კაცს თვალები აწყლიანებოდა. - „იტირე? მადლი გიქნია, აკი, ჩვენ ის ორივეს გვიყვარდა... წამო, სახლში შევიდეთ, სანამ ჩვენც...“, - ჩაიჩიფჩიფა ქალმა და წამოსადგომად ქმრის მკლავს დაეყრდნო. თუთის ხე - “მანანა, სადა ხარ გოგო აქამდე”? - გამხდარმა, ხნიერმა ქალმა ცოტა ხანს მიაყურადა, ხმა რომ არავინ გასცა, თოხი გაბრაზებით მიაგდო და სახლისკენ გასწია. ბაღიდან ეზოში გამავალ ჭიშკარს რომ გასცდა, ღობისპირზე ტოტებგადაშლილ თუთის ხეს მიხუტებულ გოგოს ჰკიდა თვალი და უფრო წაეკიდა სიბრაზე. - “ისევ თუთას მიჰკვრიხარ, არა... რა ნახე მაგ ხეში ასეთი, რომ ვეღარ ეშვები... როდის მე შენ წყალზე გაგაგზავნე, დავიხრჩე ლამის, წელში ვწყდები მუშაობით, შენ კიდევ ხელის განძრევა არ გინდა”, - სანამ გაწიწმატებული ქალი მივარდებოდა, გოგო ხის ტანს მოსწყდა და ეზოდან სირბილით გავარდა. - “დედაილა”, - წყეპლასთან ერთად ფეხებში მიაყოლა ქალმა. გოგოს წკეპლა კი ასცდა, მაგრამ „დედაილას“ ტონმა გული ჩაუფხაჭნა. 5 წელია, მანანას დედა არ უნახავს, თავიდან სიტყვა “ბარსელონას” ხსენებაზე მოლოდინითა და შიშით კანკალებდა, მაგრამ მერე იმდენ ხანს გაგრძელდა ერთიცა და მეორეც, რომ ტკივილი სადღაც, სხეულის სიღმეში ჩაუძვრა... ახლა, ხანდახან, მუცლის გვრემად თუ წამოუვლის ხოლმე, გაწვება პირქვე და დედის გამოგზავნილ წითელ ბალიშს კბენს. დანარჩენზე თითქოს ვერაფერზე შეამჩნევთ, რომ 12 წლის გაჩხინკულ გოგოს რამე აწუხებს. - “დედამისივით უგულოა, ამას არცვინ უყვარს და არც ეცოდება, მამა არა ხარ, ცოტა მკაცრად უთხარი რამე”, - ბებიის ხმა გოგოს ბაღის ბოლოში ფეხებში გასრიალებული მცურავის სისინს აგონებს. მამა დედამისს თავს უქნევს, მაგრამ არ უსმენს, იქ არის და თითქოს, არც არის, ვერც შვილის აწურულ მხრებსა და გაყინულ თვალებს ამჩნევს. - “რამდენჯერ გითხარი, ის თუთა მოსჭერი მეთქი, ჯადო რამე აქვს გაკეთებული, ვერ ვაშორებ ამ გოგოს” - არ ცხრება ბებო. გოგოს თვალები ახლა შიშისგან ეყინება, მაგრამ მამა არც ამჯერად ისმენს რამეს, დაუღეჭავად ყლაპავს ბოლო ლუკმას და სახლიდან გადის. კარგა ხანია, ბებო მამას თუთის მოჭრას სთხოვს. - “დედამისივით უჯიშოა ეგ ხე, ერთი-ორჯერ თუ მოისხა ნორმალურად... ის ქალიც სულ ამ თუთას შეჰყურებდა, შვილსაც იმან ჩააგონა... დედამისი რაც წავიდა, მას მერე მიეკრობა ამ ხეს და არის ეგრე გარინდული საათობით”, - მეზობლების გასაგონად გაჰყვირის ბებო. - “ასეთი რა დაგიშავა დედაჩემმა, ბაბო”? - ტირილს ვერ იკავებს პატარა გოგო. - “კარგი რა, ელო, ბავშვთან მაინც ნუ ლაპარაკობ ხოლმე ეგეთებს”, - საკუთარი აინვიდან გადმოსძახებს კარის მეზობელი თამაზა, მაგრამ თავშეუკავებლობა ძვირად უჯდება. - “კიდევ მე გავჩუმდე! სატლინკაოდ გავუშვით საზღვარგარეთ? აგე, შენი რძალი, სამი წელია, თურქეთაშია და აგივსოთ ოჯახი... ის კიდევ... აიშვირა ფეხი და სამ წელიწადში ვიღაც კაცს გაეკიდა, დარდით დამიავანტყოფა ბიჭი. ამანაც უნდა იცოდეს, დედამისი რაც არი, მაგრამ ესეც”... გაჭხინკული გოგო შესიებულ კერტებზე უნებურად ხელებს იფარებს და იბუზება. თუთასთან უნდა, მაგრამ ბებოს შიშით დღისით ხესთან მიკარებას ვეღარ ბედავს, დაღამებას ელოდება, კიდევ კარგი ელო შებინდებისასვე იძინებს. - „ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი“... როცა მოგენატრები, ეს ლექსი თქვი ხოლმე, ჩვენი ლექსი და ჩვენს თუთას ჩაეხუტე... მალე ჩამოვალ, დე, აი, ნახავ, რა სწრაფად გავა დრო... ულამაზეს კაბებს გამოგიგზვანი, ოღონდ არ იდარდო, ჩემო ღიღილოსთვალა გოგო“, - დედის ბოლო ჩახუტების შემდეგ დრო სწრაფად გავიდა კი არა, საზარლად გაიწელა, განსაკუთრებით, პირველი 2 წელიწადი. დედამისის მეგობარი ნაირა მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა, კიდევ უფრო გაუჭირდებოდა მანანას. სკოლაში ხომ თავზე დაჰფოფინებდა და სახლშიც ხშირად მიჰყავდა ნაირას დაქალის შვილი. გოგოს მასთან სტუმრობა დედის წასვლამდეც ძალიან უყვარდა, ნაირას მაკას ხომ მანანას ნახვას არაფერი ერჩია. -„მანანას რომ ელოდება, იმ დღეს დილიდანვე ფანჯარასთან დამასმევინებს თავს და სანამ ეზოს კარს არ შემოაღებთ, ხმას არ იღებს“, - ეუბნებოდა ხოლმე ნაირა ლიას. როგორ დედამისი ამბობდა, მაკას, სამშობიარო ტრავმის გამო, ფეხზე არც გაუვლია. რაიონის გამგეობაში ერთხელ, თუ ორჯერ კი მისცეს ეტლი, მაგრამ სოფლის ოღრო-ჩოღრო გზებზე ჯაყჯაყით მალე გაფუჭდა და მარტოხელა დედას შვილის გარეთ გაყვანა უჭირდა, სკოლაშიც 2 წელი ძლივს ატარა. სკოლის დირექტორს დახმარება არც უცდია, “თავისნათქვამა” ნაირას დიდად არ სწყალობდა. თანაკლასელებმა რამდენჯერმე რომ დასცინეს, მაკასაც აღარ მიუწევდა იქითკენ გული. სახლში გამოკეტილი ბავშვის ერთადერთი სიხარული თანატოლის სტუმრობა იყო. ლიას წასვლამდე, სანამ მეგობარი ქალები ჩუმად საუბრობდნენ, ბავშვები მაკას გარდაცვლილი მამის მიერ გამოთლილი ხის სათამაშოებით თამაშობდნენ ხოლმე. მერე…როცა ლია წავიდა, დასხამდა ნაირა გოგოებს ტახტზე, გვერდით მიუდგამდა ალუბლის ნამცხვრიან თეფშს და უკითხავდა ზღაპრებს. შებინდებისასღა, წელის ათრევით გამოვიდოდა ხოლმე მანანა მასწავლებლის მყუდო ბინიდან და თავჩაღუნული გასწევდა შინ. ელოს იმედად დარჩენილი გოგო სოფელში ყველას ეცოდებოდა, მაგრამ დედამისსაც მთლად ვერ ამტყუნებდნენ… აბა, ბედოვლათი და ეჭვიანი ქმრის ხელში რა უნდა ექნაო, რა მაგისი შესაფერისი იყო ეს ანგელოზივით გოგოო. ანკი როგორ გაამტყუნებდნენ, სოფელში ოჯახი არ დარჩენილიყო, ერთი ქალი მაინც რომ არ ჰყოლოდა ემიგრაციაში „ფულის გამოსაგზავნად“ წასული. მანანას დედაც მეზობლის დახმარებით წავიდა ბარსელონაში. თავიდან ლამის ყოველ დღე რაკავდა ქმრის სახლში. პატარა გოგო, სანამ დედას ელაპარაკებოდა, ცრემლების შეკავებას კი ახერხებდა, მაგრამ მერე მაშინვე თუთის ხესთან გარბოდა და დიდხანს ეჩურჩულებოდა „ჩვენს ლექსს“ ცრემლების ყლაპვით. დედა მართლაც უგზავნიდა ულამაზეს კაბებს, ბებო კი ბრაზობდა, ქარიხვეტიაა, რაში ხარჯავს ფულსო. არადა, რაც რძალი ესპანეთში წავიდა, ცოტა ამოისუნთქა ოჯახმა, საჭმელი მაინც აღარ ჰქონდათ სანატრელი, 2 წელიწადში მანანას მამამ ცოლის გამოგზავნილი ფულით მანქანაც იყიდა. მერე და მერე ისე ხშირად აღარ რეკავდა დედა, ამანათებმაც იკლო, მესამე წელს საერთოდ შეწყვიტა რეკვა. იმ ზაფხულს სამშობლოში ჩამოსულმა მეზობელმა ამბავი ჩამოიტანა, ლია ესპანელ კაცთან ცხოვრობსო. ამ დღიდან უარესად გაუმწარდა პატარა გოგოს სიცოცხლე, ერთმანეთში აირია ტკივილი და წყენა... დედისეულ ლურჯ თვალებში ცრემლი ჩაუშრა, გაეყინა, თუთას აღარ შორდებოდა, ხის უხეშ ტანს გალეული სხეულით ისე ეკვროდა, რომ მუხლებიდან სისხლი სდიოდა. ამის მერე იყო, ბებიამისმა ხის მოჭრა რომ აიჩემა. აიჩემა და... მეხუთე ზამთარს (მანანას წელთაღრიცხვა დედის წასვლიდან იწყებოდა) ისეთი თოვლი მოვიდა, სოფელში გზების გაკვალვა დასჭირდათ. მოსახლეობას იმ ყინვაში გაზის მიწოდებაც შეუწყდა, მილი დაზიანებულიყო და უგზობის გამო მუშები დროულად ვერ აკეთებდნენ. ამით ისარგებლა ელომ, ხომ არ დავიყინებით, „ფეჩი“ მაინც ავანთოთ რითამეო, შეუჩნდა შვილს, იცოდა, ასეთ უამინდობაში ტყეში ხის მოსაჭრელად წამსვლელი რომ არ იყო. ჰოდა, პირველივე აბუზღუნებაზე - ამ ყიამათში ტყეში როგორ მიშვებ, ქალოო - მიაყოლა - შენც ადექი და თუთა მოჭერიო. მამა ცოტა შეცბა, მაგრამ მაშინვე ესპანელ კაცს გაყოლილი ცოლი გაახსენდა და ცულის საძებნელად წავიდა. მანანა სკოლიდან შეციებული დაბრუნდა, სამზარეულოში ღუმელი დაენთოთ, მაშინვე ხელები მიუფიცხა. უცებ, შეკრთა და სახლიდან გავარდა... ეგრევე თვალში მოხვდა ეზოსა და ბაღის გამყოფი ზოლის სიცარიელე და ღობის ძირში ნათუთარი, ფესვებამოყრილი კუნძის დანახვაზე ჩაიკეცა. - “მანანა, მანანაა, რას ჩამჯდარხარ, გოგო, ამ თოვლში, დედაშენი რეკავს ჩვენსა...წამო, სანამ ბებიაშენს გამოუხედნია”, - გოგოს ცრემლიანმა თვალებმა მეზობელი, თამაზას ცოლი ნინო ძლივს გამოარჩია თოვლის სითეთრეში. ჯერ უაზროდ შეჰყურებდა შეშფოთებულ ქალს, მერე უცებ წამოხტა და დასისხლიანებული მუხლებით მეზობლის ღობეს გადაევლო. ნინო ჩუმად გაიძურწა ელოს ეზოდან, თან უკან-უკან იყურებოდა შეშინებული. - “დედა, დედა...ჩვენი თუთა მაინც მოაჭრევინა ბაბომ მამას... დეე, როდის ჩამოხვალ”? - აქვითინებულმა გოგომ ძლივს ამოთქვა სიტყვები. დედა-შვილს შორის სიჩუმე ჩადგა, ყურმილის მეორე მხარეს, ბარსელონაშიც ტიროდნენ, ოღონდ, უხმოდ. - “მანანა, ჩემო საყვარელო, მე მანდ ვეღარ ჩამოვალ, მაგრამ როგორც კი სრულწლოვანი გახდები, გეფიცები, ჩემთან წამოგიყვან.. აქ ბედნიერი იქნები... თამაზა ძიასთან დავრეკავ ხოლმე, მამაშენი ჩემს ზარს არ პასუხობს... გესმის, მანანა”! პატარა გოგო აღარ ტიროდა, უძრავად იდგა, თითქოს სხეული გაშეშებოდა - "ვეღარ ჩამოვალ... სრულწლოვანი რომ გახდები.. ანუ კიდევ 6 წელი..." - უწუოდა ყურებში დედის სიტყვები. თითქოს ცხადად იგრძნო, გული საგულედან როგორ ამოეპარა და მუცლის სიღმეში ჩაუძვრა, 5 წლის განმავლობაში ნაგროვებ ტკივილთან. - “მესმის დედა, კარგი, როგორც შენ გინდა, დამირეკე ხოლმე”, - თქვა და ტელეფონი გათიშა. - “რაო, რა გითხრა”? - ჰკითხა ნინომ, თუმცა, ეტყობოდა, რომ ყველაფერი გაეგონა. - “სრულწლოვანი რომ გახდები, ჩემთან წაგიყვანო”, - ჩაიჩურჩულა ბავშვმა. -“ეჰ, თვითონ კი თავს უშველა და”... მანანამ ისე შეუბღვირა ქალს, თითქოს, დედის ჯავრიც მასზე იყარა, მერე მაინც - მადლობა, რომ დამიძახეთო, თქვა და მხრებჩამოყრილი გამოვიდა მეზობლის სახლიდან. ეზოში ფეხაკრეფით შევიდა, როგორმე ისე უნდა აპარულიყო აივნიდან ოთახში, რომ მამა და ბებო არ დაენახა. კიბიდან სამზარეულოს ფანჯარაში თვალი მოჰკრა ორივეს, ღუმელთან რაღაცნაირად მობუზულები ისხდნენ. გაყინულ ლოგინში რომ ჩაწვა, სიცივე არც უგრძვნია ბავშვს, მაშინვე ჩაეძინა. დილით გამოღვიძებულს მთელი სხეული სტკიოდა, სკოლაში წასვლა ეზარებოდა, მაგრამ სახლში დარჩენას ისევ ნაირა მასწავლებელთან ყოფნა ერჩია. ის იყო ტანთ ჩაიცვა, რომ მამის ყვირილი მოესმა - “მანანა, ჩქარა, ჩქარა მოდი”! - ხმა ბებიის ოთახიდან ისმოდა. გოგო რომ შევარდა, ბებო იატაკზე ეგდო და მამა მის აყენებას ცდილობდა. მანანა მიეხმარა და ლოგინზე დააწვინეს. ელოს თვალები ამოთეთრებოდა და ხროტინებდა. - “მარო ექიმთან გაიქეცი, ჩქარა”! - უყვირა მამამ. ექიმი რომ მოიყვანა, ბებო ცოტა დამშვიდებული მოეჩვენა მანანას, მაგრამ მარო ექიმმა, სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანითო. სასწრაფო დახმარების მაქანაში მანანაც ჩასვეს. - “გვერდით დაუჯექი, რომ არ გადმოვარდეს”, - უთხრა ექიმმა და მანქანა დაიძრა. გოგომ ავადმყოფის გვერდით ჩაიმუხლა და ხელები მაჯებზე მოჰკიდა. მისმა გაფითრებულმა თითებმა წამით ის ყვითელი კაბა გაახსენა, ამ ხელებმა დიდი ხნის წინ რომ მოუქსოვეს და თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა, ლოყა მიახუტა გაყინულ თითებს. სახეზე თბილი წვეთი რომ დაეცა, თავი ასწია, ბებოს თვალები გაეხილა და ცრემლები სახის ღარებს მოჰყვებოდნენ ქვემოთ. ქალმა პირი ააცმაცუნა… - “თუთამ დამახრჩო, ტოტები ყელში წამიჭირა... მაპატიე შვილო, ბედნიერი გოგო უნდა იყვე”, - ბებომ გალეული თითები გაფარჩხა და შვილიშვილს ლოყებზე ფრთხილად ჩამოუსვა. ელო საავადმყოფოში მეორე დღეს გარდაიცვალა. მანანა მის საწოლს არ მოშორებია. პაპის გვერდით დაასაფლავეს. იმ საღამოს გაციებული ღუმლის გვერდით ისხდნენ ორნი… მობუზული გოგო ახლოს მიუჩოჩდა მამას, ის კი ისევ თვალებგაშტერებით, სადღაც იყურებოდა. უცებ, კარზე კაკუნმა მამა ფეხზე წამოაგდო. ოთახში ნაირა მასწავლებელი შემოვიდა და კართან მორიდებით გაჩერდა. კაცი დაიბნა, მიპატიჟებაც ვერ მოიფიქრა. - “გამარჯობა, გურამ, სათხოვარი მაქვს შენთან”... მამა დაიძაბა. - “მარტოს გაგიჭირდება მანანას მიხედვა, ჩემთან წავიყვან, მაინც დაქალები არიან მანანა და ჩემი მაკა, ერთად გაიზრდებიან”... გურამი სკამზე დაეშვა, მოსწავლე-მასწავლებელი მოლოდინით შეაცქერდნენ. მამამ ამჯერად სახეში შეხედა შვილს, გოგოს მუდარით სავსე თვალებს დედამისის თვალები უკვე აღარ გაუხსენებია, უყურებდა და თითქოს პირველად ხედავდა ბავშვის მოხრილ, სუსტ მხრებს... თვითონაც მხრები აუცახცახდა. - “წაიყვანე, შენ ისეთი კარგი ქალი ხარ, დედის მაგივრობასაც გაუწევ და მამისასაც”. სანამ მამის სიტყვები ტვინამდე მიაღწევდა, მანამდე იგრძნო მანანამ, გული საგულეს რომ დაუბრუნდა. ფანჯრიდან ჯერ კიდევ ჩანდა, როგორ მსხვილ-მსხვილად ბარდნიდა გარეთ, მაგრამ შიგნით თითქოს ისე აღარ ციოდა. - “ხშირად მოვალ ხოლმე, საჭმელს მოგიმზადებ, სახლს დაგილაგებ” - თქვა გოგომ და მამას ჩაეხუტა.