მოთხრობები
მოთხრობები
მატარებელი იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! ზუსტად მაშინ, როდესაც დღისა და ღამის გასაყარზე, ცაზე პირველი ვარსკვლავი აკიაფდა სადგურზე მატარებელი ჩამოდგა. მატარებელს ერთი ვაგონი ჰქონდა. ვაგონს ჟანგი და სიძველე ებრძოდა, მხოლოდ ფანჯრები გამოიყურებოდა ახალთ-ახლად და გახედვისას შეგეძლო ნებისმიერი წერტილისთვის მიგეწვდინა თვალი. ვაგონში ოთხი მგზავრი და ერთი მემანქანე იყო. ორი მგზავრი ერთ მხარეს იჯდა, ორიც მეორე მხარეს. თითოეული მათგანი ფანჯრებთან მოთავსებულიყო. მეხუთე მგზავრი ვაგონის ბოლოში ჩამოჯდა სავარძელზე, მემანქანემ საყვირს ჩამოჰკრა, კარი დაიკეტა და მატარებელი სადგურიდან გავიდა. ვაგონი ტაატით დაიძრა, ნელ-ნელა სიჩქარეს მოუმატა და ყველაზე დიდი თავგადასავლისკენ აიღო გეზი. ამასობაში ცაზე სიბნელე გამეფდა და ვარსკვლავები წინწკლებად აციმციმდნენ. ფანჯრებიდან აღარაფერი აღარ ჩანდა და ხუთივე მგზავრი ფიქრებში ჩაიკარგა. მატარებელში ჩაჯდომისას არცერთმა მგზავრმა არ იცოდა წინ რა ელოდა. ან კი, საიდან უნდა სცოდნოდათ?! ცხოვრებაში ხომ ყველაფერი განსაკუთრებული დაუგეგმავად ხდება… მემანქანემ გამოაცხადა რომ მატარებელი მზის ამოსვლამდე ივლის და გაჩერდება მხოლოდ ორ სადგურზე. პირველი სადგური “ა”, მეორე სადგური “ჰ”. მგზავრები დაიბნენ. მემანქანემ მოკლე მონოლოგი დაიწყო და მგზავრებს მიმართა. ხუთივე მათგანი ახლა იწყებდა მოგზაურობას საკუთარ ცხოვრებაში, რომლის შეცვლაც შეეძლოთ. მხოლოდ ერთი ამბავი, ერთი ფაქტი, ერთი მოვლენა, ერთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო. ფანჯარაში გახედვისას დაინახავდნენ ცხოვრებას, რა იქნებოდა წარსულში რომ ის ერთი რამ სხვანაირად მომხდარიყო. დილით კი ან ამ ცვლილებით ბედნიერები “ჰ” სადგურზე ჩამოვიდოდნენ, ან გაჩერდებოდნენ “ა” სადგურში და განაგრძობდნენ იმ ცხოვრებას, რა ცხოვრებითაც ჩამომდგარ მატარებელში ჩასხდნენ. ხუთი მგზავრი, თითოეულის ერთი ნაბიჯი, ძველი და ახალი ცხოვრების შანსი, ფანჯრებიდან მომზირალი სურვილები, მემანქანე, ძველი მატარებელი, მატარებლის დუდუნი და ცაზე ვარსკვლავები. მგზავრი პირველი - შუახნის ქალბატონი. სამი შვილის დედა - ორი გოგო და ერთიც ბიჭი, ნანატრი. მუხლჩაუხრელი შრომა. მიტოვებული სასწავლებელი და განათლება. მშრომელი მეუღლე და გუთანი ხნულებში. ფანჯარაში გაჰყურებს ცხოვრებას და ხედავს საკუთარ თავს ლაბორატორიაში, სინჯებით ხელში, წამალს ქმნის გავრცელებული სენის მოსარჩენად. ჯგუფში საუკეთესოა, მისი სახელი ყველამ იცის, მხოლოდ მას შეუძლია გამოიგონოს, შექმნას, გადაარჩინოს. ჭკვიანია. აღიარებულია. მაგრამ მარტოა. მხოლოდ თვითონ და ლაბორატორიის სინჯები. ღირს კი ცვლილებად? ფანჯარაში საკუთარ თავს ხედავს და თვალებზე ცრემლები სდის. მგზავრი მეორე - პატარა გოგონა, თაფლისფერი თვალებითა და შავი კულულებით. მორცხვი, კეთილი, წიგნების მოყვარული, ცოტა მეგობრითა და დიდი ოჯახით. დედა, მამა, ბებია, პაპა, ორი და და ორიც ძმა. მატარებელში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა რომ მამას ელოდებოდა, რომელიც სადგურზე მუშაობს. მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ერთი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. უბრალოდ ფანჯარაში იყურება და ყველაფერი თავისით ხდება. იმ ლეკვს ხედავს დილას სადგურზე მიმავალს რომ შეხვდათ მას და მამამისს. პატარა ლეკვია, ერთიციცქნა, მშიერია და მიტოვებული. დილით მამის შეეშინდა და ლეკვს ვერ მიუახლოვდა. ახლა კი, ხელში იყვანს, ეხუტება, მამა ბრაზობს. “ისედაც ბევრნი ვართ” - იმეორებს უსასრულოდ. შვილის თვალებში ცრემლებს ხედავს. “კარგი, წავიყვანოთ”. დღეები გადის და გოგონა და ლეკვი ერთად იზრდებიან. საუკეთესო მეგობრები, მინდვრებში სირბილი, გვერდი-გვერდ ძილი და დიდი სიყვარული. გოგონამ ზუსტად იცის სადაც უნდა ჩამოვიდეს მატარებელი რომ გაჩერდება. იცის! მგზავრი მესამე - ახალგაზრდა მამაკაცი, წარმოსადეგი, შავი თმითა და წვერ-ულვაშით, მებრძოლი სულითა და ორი დიდი ოცნებით. ერთი აიხდინა - პატარა სახლის გარშემო ვაზი დარგო, გაახარა, ღვინო ჩამოასხა, ქალაქში გაყიდა, სახელი გაითქვა. მეორე ოცნებაზე ხელი ჩაიქნია. მატარებელი მიდის და სიბნელეში მკაფიოდ ხედავს საკუთარ თავს გემზე, როგორ ებრძვის ტალღებს. მგზავრები გადაჰყავს ერთი ადგილიდან მეორისკენ, მათზე ზრუნავს და უსაფრთხოდ მიჰყავს დანიშნულებამდე. ზღვა არასდროსაა ერთნაირი და ბევრს სწავლობს. მგზავრობისას თვალებს ხშირად ახამხამებს. ხელში მაჯის საათი უჭირავს და დასცქერის. არ უნდა რომ გათენდეს. ვერ გადაუწყვეტია. საკუთარ თავშია ჩაკარგული და უხარია კიდეც მატარებელი რომ დილამდე სადგურს ვერ მიადგება. რომელი უფრო მოსწონს საკუთარი ვენახი თუ ზღვის ტალღებში ოსტატურად გემისათვის ზეგის მიცემა?! მგზავრი მეოთხე - ალკოლოლის სუნით დამძინებული, გონებაარეული მამაკაცი. სამოსი შემოცვეთილი, თმაში ჭაღარა შერეული, იდაყვი გაყვლეფილი. ყველაფერდაკარგული და წართმეული. ქვრივი. შვილი და მეუღლე ერთ დღეს მიბარებული მიწას. მას შემდეგ არეული ცხოვრება და გონება. ბოლომდე ვერც გაუგია მემანქანის ნათქვამი. თრობისგან გამორკვევა უჭირს. ფიქრობს, საერთოდ რომ არ ყოფილიყვნენ? სულ რომ არ ჰყოლოდა ცოლი, შვილი. ფანჯარაში სხვადასხვა ხედები იშლება და არცერთში არ ჩანს ის რამაც ყველაზე დიდი ბედნიერება მოუტანა: ჯვრისწერა, ბავშვის ხელში აყვანა, მისი პირველი ნაბიჯები, საუზმე და ჩაი ბუხართან. ხედავს, როგორ მოგზაურობს: ერთი ქვეყანა, მეორე, მესამე, უდაბნო, ზღვები, ქალაქები, ადამიანები. სილაღე, აღმოჩენები, თავგადასავლები. ბედნიერება. რატომაც არა?! რატომაც არა?! მგზავრი მეხუთე - მოხუცი ბებია, სავარძელზე მიყუდებული ყავარჯენი, დანაოჭებული სახე და ხელები, მუხლებში სისუსტე, თვალებში სევდა და ნაღველი. პირველი სიყვარულის ლოდინში გატარებული მთელი ცხოვრება. მას შემდეგ ბევრი ბიჭი, კაცი, ბაბუა და გულთან ვერავინ მოსული. ფანჯარაში სიბნელეს გაჰყურებს ბებია და ოცნებას ფრთებშესხმულს ელოდება. მაგრამ, ვაი, რომ მაგრამ… ის ბიჭი უხეშია, ჰარი და ჰარალე, ცივია და მხოლოდ საკუთარი თავით შემოსაზღვრული. “ეჰ”, ხელს იქნევს ბებია და სინანული ერევა გულში. ვის ლოდინს შეალია წლები, ნუთუ სიმართლეა ის, რასაც ფანჯარაში ხედავს. არა, სიმართლე ვერ იქნება, მაგრამ იქნებ და არის? იქნებ და ასეა. დილამდე დრო აქვს უყუროს ცხოვრებას, რა იქნებოდა თუკი მალევე დაინახავდა ქარაფშუტა პირველ სიყვარულს და მისი ლოდინის ნაცვლად გზას განაგრძობდა. ნახოს და გადაწყვიტოს. სწორედ ამიტომ ზის მატარებელში. სწორედ, ამიტომ… მიდის მატარებელი და მიიყოლებს ხუთი მგზავრისა და მემანქანის ფიქრებს. დრო ნელა გადის, არ ჩქრარობს, წამებს წუთებად აქცევს, წუთებს საათებად და საშუალებას აძლევს თითოეულს ფიქრისთვის, დანახვისთვის, გადაწყვეტისთვის. თენდება, მზის სხივები ნელნელა იწვერებიან ცაზე. მემანქანე მგზავრებს აფრთხილებს. პირველ სადგურზე ორი მგზავრი ჩავიდა, მეორე სადგურზეც ორი, ერთი მათგანი კი ჟანგმორეულ, სიძველეშეპარულ მატარებელს გაჰყვა. პირველი მგზავრი ვახშამს ამზადებს ახლა, შვილებსა და მეუღლეს ეალერსება. ამაყობს საკუთარი არჩევანით ცხოვრებაში. მეოთხე მგზავრი პირობას დებს რომ აღარასოდეს გამოთვრება. გულში ცოლ-შვილის ფოტოებს იკრავს და მოგონებებად საუკეთესო ამბებს ინახავს. არცერთი ქვეყანა და ქალაქი სჯობს იმ სიყვარულს რაც ოჯახმა მოუტანა. ტკივილს შეეგუება და დაელოდება დღეს სანამ კიდევ ერთხელ არ ნახავს მათ. პაწაწინა სახლის ფანჯარაში რომ შეიჭყიტოთ მეორე მგზავრს დაინახავთ, ტკბილად სძინავს თავის საკუთარ საწოლში ციცქნა ლეკვთან ერთად და გული მშვიდად უცემს. აღარასოდეს გაუშვებს ხელს ახალ მეგობარს. მეხუთე მგზავრმა დათმო პირველი სიყვარული და სხვა ადამიანს მისცა შანსი. სახლში ოჯახი ელოდება და მისი ცხოვრება მთლიანად შეცვლილია. სკოლის დასრულების შემდეგ, როდესაც თვალსა და გულს პირველი სიყვარული მოშორდა არცერთი დღე არ დალოდებია მას და ეს იყო ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. მესამე მგზავრი ვერცერთ სადგურზე ვერ ჩამოვიდა. ვერ გადაწყვიტა. ორი ოცნებიდან რომელი უფრო მეტად უნდოდა, ვერ გაიგო და უსასრულოდ გაჰყვა მემანქანეს. ერთ დროს მემანქანეც ასე დაიკარგა საკუთარ თავში. იგი თავად იყო მატარებლის პირველი მგზავრი. იცის რას ნიშნავს, როგორი მძიმეა, როდესაც საკუთარ თავს ებრძვი და ვერ იმარჯვებ, როდესაც ნაბიჯის გადადგმასაც და გადაუდგმელობასაც იმ შედეგისკენ მიჰყავხარ, რომელშიც დარწმუნებული არ ხარ. საბოლოოდ იჭედები ვაგონში. ვაგონს ნელ-ნელა ჟანგი და სიძველე ერევა. ფანჯრები კი არასდროს იბზარება, არ ჭუჭყიანდება, არ იბურება, რათა მკაფიოდ დაინახო ახლა რა გაქვს და რა შეიძლებოდა რომ გქონოდა. მიდის მატარებელი, დუდუნით მიუყვება ლიანდაგებს და ასე ივლის იქამდე, სანამ მესამე მზგავრი და მემანქანე რომელიმე სადგურზე ჩამოსვლას არ გაბედავენ. და შენ? შენს სახლთან რომ მატარებელმა ჩამოიაროს, ერთი ვაგონითა და ახალი ფანჯრებით, გაყვები? გადადგამ ნაბიჯს სხვანაირად? შეცვლი შენს ცხოვრებას? ლხინი იქა, ლხინი აქა! ფქვილი იქა, ფქვილი აქა!თეთრი ყვავები იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! ვიყავით მე და ჩემო იჯახი, დიდი სოფლის პატარა მაცხოვრებლები. ჩენი სოფელი ქალაქთან ძალიან ახლოს მდებარეობდა და საოცარი ბუნებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ტყეც გვქონდა და საძოვრებიც, მდინარეცა და პატარა ტბაც. ზამთარში თოვლი მოდიოდა, გაზაფხულზე იებსა და ყოჩივარდებს ჰქონდათ მოფერადებული ამწვანებული მდელოები, ზაფხულში თუთა იბრაწებოდა და მსხალი მწიფდებოდა, შემოდგომაზე რთველი და ბარაქა. ყველაზე საინტერესო სოფელში ვცხოვრობდი საინტერესო ადამიანებთან ერთად. ჩემს სოფელს ერთი უცნაურობა დაჰყვებოდა მუდამ. ხალხი ცრურწმენებით იყო სავსე, ყველაფერს თავისი განსხვავებული და ჩემთვის გაუგებარი ახსნა ჰქონდა. პატარა ვიყავი და არ მესმოდა. უბრალოდ, ვისმენდი და ვიმახსოვრებდი ყველაფერს, რასაც ამბობდნენ. ჩემი სოფლის ყველა ოჯახში იპოვნიდით კარზე ჩამოკიდებულ ცხენის ნალს. ზოგს რკინის ჭიშკარზე ჰქონდა აკრული, ზოგს სახლის კარებზე, იყვნენ ისეთებიც ყველა ოთახში ნალები რომ ეკიდათ. ყველას სჯეროდა რომ კარზე ჩამოკიდებული ნალი ავი თვალისაგან დაიცავდა და ბოროტი ვერ მიეკარებოდა. მახსოვს, მამა ყოველ წელს ახალ ნალს ჭედდა და ჭიშკარზე ჰკიდებდა, ძველი კი სოფლის ცრურწმენების სასაფლაოზე მიჰქონდა. ცრურწმენების სასაფლაო მე ვუწოდე რომ გავიზარდე, რადგან ამ ადგილას უამრავი ნივთი შეგეძლო გეპოვნა: პირველ რიგში ავი მზერით გაჟღენთილი ნალები; დამსხვრეული სარკე, საიდანაც ბოროტი სულები თავისუფლდებიან; გაბზარული ნივთები, რომლის ქონაც ცუდის მომასწავლებელია და კიდევ უამრავი მსგავსი რამ. დედას განსაკუთრებით სჯეროდა სამყაროს მინიშნებების. თუკი გზაზე მიმავალს შავი კატა გადაურბენდა შეწუხდებოდა მაშინვე, აღმოხდებოდა წუხილი ცუდის ნიშანიაო. მერე მთელს დღეს მოლოდინში ატარებდა ხასიათარეული და გუნებაწამხდარი. ხან ხდებოდა ეს ცუდი, ხან არა. დედა თავს იმშვიდებდა, სხვა და სხვა შელოცვებს იგონებდა რომ სამყაროში დატრიალებული მავნე სურნელი თავიდან აერიდებინა. ლამარა ბებოზეც უნდა გიამბოთ, რომელსაც უამრავი ჩიტი ჰყავდა მოშინაურებული. აჭმევდა, ეფერებოდა, უვლიდა, აივნებსა და სხვენში ეპატიჟებოდა. განსაკუთრებულად მიყვარდა მის ეზოში სტუმრობა, მიუხედავად ჩიტების სკინტლის მწარე სუნისა. ლამარა ბებოს სჯეროდა რომ ფრინველის სკინტლს ბევრი ფულის მოტანა შეეძლო. ამიტომ ამრავლებდა და ამრავლებდა ეზოში ფრინველებს. ყველანაირი ჩიტი იყო მის კარ-მიდამოში. ლამარა ბებოს გულყვითელებიც ჰყავდა, მტრედებიც, ხის ფუღუროში ბუს დაედო ბინა, კედლის კუთხეებში მერცხლები იშენებდნენ ყოველ წელს ბუდეს, ხან შაშვები შემოიფრენდნენ და ხან ბეღურები. ბედნიერი იყო ლამარა ბებო, მაგრამ ფული არასოდეს ჰქონდა. რასაც შვილიშვილები ქალაქიდან უგზავნიდნენ ყველაფერს ჩიტების დაპურებაში ხარჯავდა და სჯეროდა რომ ერთ დღეს აუცილებლად გამდიდრდებოდა. ახლა ვაცნობიერებ რომ მისი სიმდიდრე ფული კი არა ბუნებასთან სიახლოვე იყო. სიმდიდრის ლოდინში ყველაზე მთავარი შეიძინა - ფრინველების უპირობო სიყვარული და აჭიკჭიკებული ეზო. ყველაზე დიდი წუხილით ჩემი მეზობელი ნიას დაოჯახება მახსოვს. დიდხანს უყვარდათ ნიასა და ვაჩეს ერთმანეთი. მაისის მზიან დილას არცერთი არ დახვდა ოჯახს სახლში. სიყვარული მეტად ვეღარ მოითმინეს და გადაავადეს, ხელი ჩაჰკიდეს თვალებაკიაფებულმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს და ქალაქში გაიპარნენ ოჯახის შესაქმნელად. მათ სიყვარულზე არავის არაფერი უთქვამს. ოჯახები მხოლოდ იმას დარდობდნენ მაისში ქორწინება ვის გაუგონიაო?! როგორ თუ ვის? - ვაცეცებდი პაწაწინა თვალებს. მერე ჩემმა ტკბილმა ბებომ მიამბო, მაისში ვარდი იფურჩქნება შვილო, მისი თავმომწონებისა და დიდების ზეიმია, აბა ნია როგორ გაიხარებს მის ფონზე, ოჯახი განწირულიაო. ასე განუსაზღვრა მთელმა სოფელმა ახლადშექმნილ ოჯახს უბედური მომავალი და ზურგი აქცია, მათი უიღბლობა თავადაც რომ არ აერეკლათ. არც ბავშვები დაგიდებდნენ ტოლს საოცარი ამბების მოგონებაში. თუკი თამაშისას ვინმეს დაეჯახებოდი, ეს სამჯერ უნდა გაგემეორებინა, რადგან ღმერთი სამობითაა; ფეხს თუ დაგადგამდა ვინმე შენც იგივე უნდა გექნა თორემ დედა მოგიკვდებოდა; კევს თუ საღამოს დაღეჭავდი ესეც ცუდის ნიშანი იყო, ახლობლის გარდაცვალებას ნიშნავდა. ვცხოვრობდით ასე ჩვენი დარდებითა და უდარდელობით. ბავშობიდანვე ყველამ ვიცოდით რომ სამყაროში ყველა ნაბიჯს თავისი უკუნაბიჯი მოჰყვებოდა. ბევრი დრო გავიდა და მეც გამევსო გონება მსგავსი შეგონებებით. ერთ დილას განრისხებული შემოვიდა დედა სახლში. “ისევ თავზე დამჩხავლა იმ საზიზღარმა ყვავმა”. გარს შემოვეხვიეთ მთელი ოჯახი, ფერი არ ედო დედას სახეზე. გულით სწამდა რომ თუკი დილით ყვავი დასჩხავლებდა აუცილებლად რაიმე საშინელება უნდა მომხდარიყო. - “შენი ენა ქვის ქვეშ!!” - “შენი ენა ქვის ქვეშ!!” - გაუჩერებლად იმეორებდა დედა და თან ცახცახებდა. განრისხდა მამა, დაავლო თოფს ხელი და ეზოში გავარდა. რამდენიმე წუთში ჭახანი გაისმა და მამა მოკლული ჩიტით ხელში დაბრუნდა უკან. ცუდი არაფერი მოხდებაო უთხრა დედას და მკვდარი ყვავი კალთაში ჩაუგორა. მთელი დღე მოუსვენრად გავატარე, ღამე კიდევ უარესად. დამესიზმრა რომ კაკლის ხის ქვეშ ვიჯექი, კენწეროზე ყვავი იჯდა. დავინახე და გავუღიმე, ყვავმა ისკუპა და ერთი ტოტით დაბლა ჩამოვიდა. რომ მიხვდა არაფერს ვერჩოდი ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა და ლაპარაკი დაიწყო. ის ყვავი იყო მამამ დილას რომ მოკლა. სიკვდილზე არ დარდობდა შავი ჩიტუნა. თავისი ამბავი მიამბო მხოლოდ. თურმე ერთ დროს თეთრი ჩიტი ყოფილა, ჯერ კიდევ იქამდე სანამ სამყაროში სხვა ჩიტები გამოჩნდებოდნენ. ყველა სახლის ეზოში თეთრი ყვავები ცხოვრობდნენ. უყვარდათ ადამიანებს ქათქათა ჩიტები, უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ, ყვავებსაც შეუყვარდათ ადამიანები და საკუთარი ტკბილი ხმით უგალობდნენ ხოლმე. მერე სამყარომ ყვავებს ამხელა სიყვარულის ჯილდოდ წინასწარმეტყველების უნარი უბოძა თურმე, მათ შეძლეს და მომავალი დაინახეს, რათა ადამიანები მოსალოდნლელი უსიამოვნებისგან ეხსნათ. დაიწყეს თეთრმა ყვავებმა ადამიანების გაფრთხილება. როცა უსიამოვნო ამბავი უახლოვდებოდა რომელიმე ოჯახს გალობას წყვეტდა თეთრი ყვავი და დასჩხავლებდა ხოლმე ოჯახს. ყველა მოსალოდნელ უსიამოვნო ამბავზე თითო შავი ბუმბული ერეოდა ქათქათა ფრინველს. სამყაროს ჩანაფიქრის მიხედვით ადამიანების მადლობასა და თავიდან არიდებულ საფთხეს კვლავ თეთრი ბუმბული უნდა დაებრუნებინა ყვავებისთვის. ყველაფერი პირიქით დატრიალდა, ადამიანების უჭკუობამ ყვავებს დააბრალა რაც კი რამე ცუდი ხდებოდა, ეზოებიდან გამოყარა, მათი გალობაც დაივიწყა და სილამაზეც. შემოისხეს ყვავებმა ფრთებზე სხვების ტკივილი და მწუხარება და სოფლიდან გაფრინდნენ. ხანდახან, მაინც შემოიქროლებენ, კეთილი გული დანებების საშუალებას არ აძლევთ. დილასაც ასე მომხდარა, ყვავს ჩვენი გაფრთხილება უნდოდა თურმე, მაგრამ დედამ დასწყევლა, მამამ თოფი თავში დაახალა და სული გააფრთხობინა. თავს უშველეო ყვავმა მითხრა და გამომეღვიძა. თვალები ცრემლებით მქონდა სავსე და გული მწუხარებით. რას ვიფიქრებდი? რას ვიფიქრებდი?... დილით ამბავი ოჯახს მოვუყევი და არცერთმა ყური არ მათხოვა. მერე სოფლის უხუცესებთან გავიქეცი ვინმეს თუ ახსოვდა თეთრი ყვავები, ვერავინ ვიპოვე. ლამარა ბებომ მითხრა ბავშვობაში ჩემი ბებია მიყვებოდა თეთრ ყვავზე, რომელიც სულ კალთაში ეჯდა და ეფერებოდა, მაგრამ თავად არასოდეს მინახავსო. ბევრი ვეცადე მაგრამ სოფელი გამოგონილი ამბების სიცრუეში ვერ დავარწმუნე. ბრაზი და უსამართლობის განცდა მერეოდა. ბოლოს გუდა-ნაბადი ავიკარი და მეც ქალაქში წამოვედი. დავტოვე ჩემი სოფელი, არე-მარე, სახლ-კარი და გზას გავუდექი. ქალაქში ცხოვრება გამიჭირდა, არაფერი იყო ჩემთვის ნაცნობი და სასიამოვნო. ვეგუებოდი, სხვა რა გზა მქონდა?!... წლების შემდეგ, ერთ დღეს ნია შემხვდა, სამი ბავშით ხელში, მაისის ვარდზე უფრო ლამაზი და კოპწია იყო. ბედნიერი ვარო მითხრა, ერთი დარდი ჰქონდა მხოლოდ, სოფელი და ოჯახი ენატრებოდა, რომელმაც მაისში ქორწინების გამო უარყო და აღარ მიიღო უკან. მე ჩემი ამბავი მოვუყევი, თვალცრემლიანი დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლში წამოვედი. ბუმბული მელანში ჩავაწე და სოფელში წერილი გავაგზავნე, მეც კარგად ვარ და ნიაც ბედნიერია, მხოლოდ ოჯახი და სოფელი გვენატრებათქო ვიწერებოდი. პასუხი არ დაბრუნებულა. წლები გავიდა, ჭაღარა უფრო მეტი მქონდა უკვე თმაში ვიდრე ბავშობის დროინდელი ყორნისფერი დალალები. კარზე კაკუნმა შემაფხიზლა, ფოსტალიონმა კონვერტი გადმომცა, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გაგზავნილ წერილზე პასუხად. ჩემი ძმა მწერდა მხოლოდ ორ სიტყვას “სოფელში ჩამოდი”. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ნოსტალგიამორეულმა და გულშეშფოთებულმა ბარგი ჩავალაგე და სოფლის გზას დავადექი. ადრე თუ გვიან ხომ ყველა იქ ბრუნდება საიდანაც წამოვიდა?!... ჩემი სოფელი ისევ იქ დამხვდა სადაც დავტოვე, ტყეებითა და მინდვრებით გარშემორტყმული, მდინარითა და პატარა ტბით. გაზაფხული იყო, ყოჩივარდები და იები ყვაოდა მდელოებზე. ყველაფერი თითქოს ისევ ისე იყო, იმ განსხვავებით რომ სახლის კარზე ნალები აღარ ეკიდა და ეზოებში თეთრი ყვავები დაფრინავდნენ. მთელი სოფელი თეთრი ყვავებით იყო სავსე. ვერაფერს მივხვდი, მეგონა კვლავ სიზმარს ვხედავდი, ბავშობისდროინდელს. ჩემმა ძმამ მიამბო მერე, ლამარა ბებო რომ დაიღუპა ჩიტებს განწირული ჭიკჭიკი აუტეხავთ, სოფელს ცუდის ნიშნად ჩაუთვლია და მგლოვიარე ჩიტები სათითაოდ დაუხოცავს. იმ დღის მერე სოფელს არცერთი ფრინველი არ გაჰკარებია ახლოს, შავი ყვავების გარდა. მოუწყენია სოფელს ფერადი ფრინველების სილამაზისა და ხალისიანი ჭიკჭიკის გარეშე. ამიტომ, ყვავებთან დამეგობრება გადაუწყვეტია. წლების შემდეგ სოფლის მაცხოვრებლები შავ ჩიტებთან ერთად ცხოვრებას მიეჩვივნენ, მათი ჩხავილი და გაფრთხილება მიიღეს, ეზოს კარები გაუღეს და საკენკი დაუყარეს. ყვავებმა რომ სიყვარული იგრძნეს ფერი იცვალეს და მათდამი გამოჩენილი სიკეთის შემდეგ თითო თეთრი ბუმბული გამოერიათ ფრთებში. რაც მეტ მადლიერებას გრძნობდნენ კიდევ უფრო მეტად თეთრდებოდნენ. ასე გაისვო სოფელი თეთრი ყვავებით. ვუყურებდი და არ მჯეროდა. ლამარა ბებოს ჩიტების გაფრენის შემდეგ სოფელმა თავისით გააცნობიერა და უარყო გამოგონილი ამბები, სამყარომ თავად მისცა ბიძგი ყველაფერს და ჰარმონიულად დაალაგა. დარჩა მხოლოდ მოგონებები და ცრურწმენების სასაფლაო, რომელიც არაერთ ნივთს ინახავს, ხავსმოდებულსა და ობწაკიდებულს. დავბინავდი ჩემს სოფელში, არსად წასვლას აღარ ვაპირებ. ყველაფერი აქ არის, რაც მჭირდება. გული მწყდება რომ ამ გარდასახვის პროცესში სხვაგან ვიყავი და არაფერი გამიკეთებია ცვლილებებისთვის. ხანდახან დედა მახსენდება, როგორ იმეორებდა უსასრულოდ - “შენი ენა ქვის ქვეშ”, “შენი ენა ქვის ქვეშ”, როგორ ეშინოდა და როგორ ცდილობდა მსგავსი ფრაზებით ოჯახისა და საკუთარი თავის დაცვას. პატარა ვიყავი და ბევრი რამ არ მესმოდა, ახლა ნათელია. შიშებმა აიძულეს ადამიანებს, რომ ამბები გამოეგონებინათ, სხვებისთვის დაებრალებინათ და არარსებულ ბოროტებასთან ებრძოლათ. სისუსტისა და შიშების ამოძახილი იყო ყველაფერი. ახლა ჩემი სოფელი ყველაზე ძლიერია, ყველაზე ლამაზია და ყველაზე საინტერესო ისტორიებს ინახავს. სამყაროში სადაც ჯერ კიდევ ყველგან შავი ყვავები დაფრინავენ, აქ შეგიძლიათ თეთრ ყვავებს მიესალმოთ, საკენკი დაუყაროთ და მათი გალობა მოისმინოთ. ხოლო თეთრ ყვავს თუ შავი ბუმბული გამოერევა და თავზე დაგჩხავლებთ, ის დღე სწორ ნაბიჯებზე ფიქრში გაატარეთ, მიიღეთ გაფრთხილება და სიცოცხლისთვის ბრძოლა განაგრძეთ. ლხინი იქა, ლხინი აქა! ფქვილი იქა, ფქვილი აქა! მევარსკვლავე იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი მევარსკვლავე. კაცი, რომელმაც ყველაფერი იცოდა ვარსკვლავების შესახებ. მთელი ცხოვრება მათ შეგროვებაში ჰქონდა გალეული. ჯერ კიდევ სულ პაწაწინა სათევზაოდ რომ წაიყვანა მამამ და ტბაში ნავით შეცურეს, მაშინ აღმოაჩინა რომ თევზაობა მხოლოდ თევზებზე კი არა ვარსკვლავებზეც შესაძლებელია. პირველად ეკავა ხელში ანკესი და მოუთმენლად ელოდა როდის წამოეგებოდა სატყუარას თევზი. დიდხანს იყო ნავი შუაგულ ტბაში გაჩერებული. მამამ ერთი თასი აავსო თევზით, წავიდეთო მხარზე ხელი დაჰკრა იმედგაწბილებულ შვილს, რომელმაც ვერცერთი თევზის მოპოვება შეძლო, კიდევ გექნება შანსიო უთხრა და ანკესი გამოართვა. ნავმა ნაპირისკენ სვლა რომ დაიწყო უკვე ბინდდებოდა. როგორც კი ცას ლურჯი ფერები მოსწყდა და სიშავე შეერია, ციდან ვარსკვლავი დაეშვა და ტბის შუაგულში ჩაყვინთა. ბიჭუნამ იგრძნო, როგორ აევსო გონება ცნობისმოყვარეობით. ვარსკვლავი ტბაში? ნუთუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო?... მეორე დღეს კიდევ გაჰყვა ტბაზე სათევზაოდ მამას, მესამე დღესაც. ასე იარა რამოდენიმე კვირა და მიხვდა თევზის ჭერა მისი საქმე არ იყო. ყოველთვის ხელცარიელი ბრუნდებოდა სახლში. ვერ წყვეტდა ვარსკვლავებზე ფიქრს. ეზოში გაჭიმულ ჰამაკში მოკალათდებოდა, ცას ახედავდა და ფიქრობდა უსასრულოდ, რატომ შეიძლებოდა ვარსკვლავი ტბაში ჩამოვარდნილიყო. ამ ფიქრებში გართულმა ერთ ღამეს სახლიდან გაპარვა გადაწყვიტა. თან მხოლოდ ანკესი წაიღო. ფრთხილად შეაცურა ნავი ტბაში და ნიჩბების მოსმით ტბის შუაგულისკენ გასწია. ანკესი წყალში მოისროლა და მოუთმენლად დაელოდა. გავიდა დრო, შუაღამე დადგა. დანებებაზე არც უფიქრია, ვარსკვლავის დაჭერაზე ოცნებობდა და აი ისიც, აკესი გამოძრავდა, უცხო სხეული კაუჭს წამოეგო. სწრაფად მოზიდა ბიჭუნამ თავისკენ და პაწაწინა ვარსკვლავი ტბიდან ამოიყვანა, ხელის გულზე დაისვა და კარგად დააკვირდა. ვარსკვლავი კაშკაშებდა და თითქოს იცინოდა. ბიჭს გული სიხარულით ჰქონდა სავსე. ვარსკვლავი ქილაში მოათავსა და სახლის სხვენში დამალა. მეორე დღეს ვარსკვლავს რომ მიაკითხა ჩამქრალი დახვდა, მტვრად ქცეული. საგონებელში ჩავარდა ბიჭუნა. ნუთუ ვარსკვლავს შეუძლია მოკვდეს? უნდა ყოფილიყო რაიმე გზა მათ გადასარცენად. იმ საღამოს კიდე დაიჭირა ვარსკვლავი, ამჯერად უფრო მოზრდილი, ნაკლებად კაშკაშა, თან უცნაური ბურუსი ჰქონდა შემოხვეული. ისიც ქილაში ჩასმული წამოიყვანა სახლში. თავის ოთახში შეინახა, ქილას თავსახური აღარ დაახურა. იფიქრა, ეგება ჰაერი სჭირდება რომ ისუნთქოსო. ქილა საწოლის გვერდით დადგა და დასაძინებლად დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიწყო და ჭერს მიშტერდა ფიქრებში გართული. ამოფრინდა ამ დროს ვარკსვლავი ქილიდან და ზემოდან დახედა ბიჭუნას. მთელი ოთახი ნისლმა მოიცვა. დაბნეული უყურებდა ბიჭუნა ოთახში დატრიალებულ საოცრებას და ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს. ვარსკვლავი ხელის გულზე დაესვენა და მაშინ უხილავი კავშირი დამყარდა მევარსკვლავე ბიჭუნასა და ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს შორის. ყველაფერს მიხვდა პატარა მევარსკვლავე და ნელ-ნელა ნისლებიც გაიფანტა ოთახში. აი, რა უჩურჩულა ხელისგულზე დასვენებულმა ვარსკვლავმა ბიჭუნას - ცაში იმდენი ვარსკვლავია, რამდენი ოცნებაც ცოცხლობს დედამიწაზე. ყველა ადამიანს აქვს გულში ოცნებები, რომლისთვისაც იბრძვის, შრომობს, ასრულებას ცდილობს. კაშკაშებენ ცაში ვარსკვლავები და ახსენებენ ადამიანს რომ ოცნებისთვის უნდა იბრძოლონ. ყველა ვარსკვლავს თავისი სახელი აქვს ოცნებების მიხედვით შერჩეული. ზოგი ვარსკვლავი პირველ სიყვარულზე ოცნებას ატარებს, ზოგი სასურველი ლამაზი კაბის ფიქრებს, ზოგს წარმატებული საქმიანობა აქვს ამოქარგული ზედ და ზოგსაც სხვა ქვეყანაში დაკარგული შვილის დაბრუნების იმედი. ვარსკვლავების ზომა და ფორმაც შესაბამისად განისაზღვრება. ტკივილნარევი ოცნებები უფრო დიდი და მძიმეა, გარშემო ბურუსი ან ნისლი ახვევიათ. ბედნიერი ოცნებები მცირე ზომისაა, ფერადები და კაშკაშები არიან. ბავშვობის ოცნებებს წინწკლები აქვს გარშემო და საოცარი სიჭრელით გამოირჩევიან. ასე ცხოვრობენ ვარსკვლავები ცაში. თუკი მეოცნებე ოცნებას აისრულებს ვარსკვლავი იზრდება, ვეებერთელა ხდება და სამუდამოდ რჩება ცაზე. მაშინ კი, როდესაც ოცნება ან მეოცნებე კვდება ვარსკვლავი ტბაში ეშვება და ფსკერისკენ იძირება. ბევრი იფიქრა მევარსკვლავემ. შეუძლია ყველა ვარსკვლავი დაიჭიროს, ტბიდან ამოიყვანოს, მარგამ მერე რა უნდა გააკეთოს... ნუთუ არსებობს რაიმე გზა ვარსკვლავების ცაში დასაბრუნებლად ან ადამიანისთვის ოცნებების შესახსენებლად რომ ვარსკვლავებმაც იცოცხლონ? რამდენიმე დღე ტბაში აღარ შეუცურავს ბიჭუნას. პატარა იყო და გამოსავალს ვერ ხვდებოდა. წლები გავიდა ვარსკვლავების გადარჩენაზე ფიქრში. სადღაც ცაზე მისი ვარსკვლავიც აკაშკაშდა და ამ ოცნებას “ვარსკვლავების გადარჩენა” ერქვა. წლების შემდეგ მეთევზე მამა ტბის განაპირას რომ დაკრძალა, დაინახა, როგორ ჩაესვენა მამამისის ოცნებების ვარკსვლავი ტბაში. ოცნება შვილიშვილების სახელს ატარებდა. მოხუცი მამა ვერ მოესწრო შვილიშვილებს, ვერ შეძლო მათთვის ზღაპრების მოყოლა, მათთან ერთად თამაში, ცხოვრების ისტორიების მათთვის გახსენება და საკუთარი გამოცდილების გაზიარება. უდიდესი სევდა იგრძნო მევარსკვლავემ გულში, ვარსკვლავი ტბიდან ამოიყვანა და სახლში გაუშვა. ვარსკვლავი ჭერში აიჭრა და კედელს მიეკრა. ვარსკვლავი მეორე ღამესაც კაშკაშებდა, მესამე ღამესაც და მიხვდა მევარსკვლავე როგორც უნდა მოქცეულიყო. ყოველ ღამე გადიოიდა ტბაში და ჩაძირულ ვარსკვლავებს ანკესით იჭერდა, სახლში მოჰყავდა და ოთახში უშვებდა. ააშენა ცალკე შენობა, ბნელი, უფანჯრებო, სადაც ვარსკვლავები ნათებას კვლავ შეძლებდნენ. შენობა მაღალი იყო. იატაკზე მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, სადაც მევარსკვლავეს შეეძლო ძილი. ნელ-ნელა ვარსკვლავთსამყოფელი უამრავი ვარსკვლავით გაივსო, აღარ იღუპებოდნენ, აღარ ქრებოდნენ. დაკარგული ოცნებები ერთ სახლში ცხოვრობდნენ და ერთმანეთის დარდს იზიარებდნენ. მევარსკვლავემ განსაკუთრებული უნარი შეიძინა. ყველა ადამიანის ოცნება ესმოდა. შეხედავდა ნებისმიერ გამვლელს და მის ოცნებებს ხედავდა, შუაღამისას ახედავდა ცას და იმ ვარსკვლავს პოულობდა, რომელი ოცნებაც დღისით ჰქონდა დანახული. ვარსკვლავი რომ ჩამოვარდებოდა უკვე იცოდა, რომელმა ადამიანმა მიივიწყდა ოცნება. განსაკუთრებულად სწყდებოდა გული მეოცნების გარდაცვალებაზე, იმ ოცნებაზე, რომელიც განა დაივიწყეს, უბრალოდ ვერ აისრულეს. სევდიანი იყო მევარსკვლავის ცხოვრება, ძალიან სევდიანი. უკვე შუახანს იყო მევარსკვლავე მიტანებული ბაზარში რომ მიაბიჯებდა. ბოსტნეულის დახლთან კომბოსტოს რომ არჩევდა სახლში წასაღებად, გვერდით ქალი ამოუდგა პატარა ბიჭუნათი. მევარსკვლავემ რომ დახედა მის თვალებში წაიკითხა, ბიჭუნა დიდ ბიბლიოთეკაზე ოცნებობდა. კითხვა უყვარდა, განსაკუთრებით ისეთი ამბები ზღვაში დაკარგულ მეთევზეებსა და თავგადასავლებზე რომ იყო. მისი ვარსკვლავი უკვე კაშკაშებდა ცაზე. მევარსკვლავეს გაახსენდა ვარსკვლავთსამყოფელში რომ ჰყავდა ვარსკვლავი იგივე ოცნებით. რომ დაღამდა ბიბლიოთეკაზე მეოცნებე ვარსკვლავს ხელი დასტაცა და ტბისკენ გააქანა. მერე პატარა ბიჭუნას ვარსკვლავი მოძებნა. ჯერ ცაში აბრდღვიალებულ ვარსკვლავს უცქირა დიდხანს. მერე ხელის გულზე დასვენებულ ვარსკვლავს, რომელიც მეოცნებეს მივიწყებული ჰყავდა. - ერთხელ თუ დაგივიწყეს იქნებ მეორედ რეალობად იქცე? - მშვიდად ჩასჩურჩულა ვარსკვლავს. სული შეუბერა და ცისკენ გაუშვა. მაშინ დაიწყო ნამდვილი სასწაული მევარსკვლავის ცხოვრებაში ერთი და იგივე ოცნება, ერთ ადამიანისგან დავიწყებული და მეორე ადამიანის გულში მოკაშკაშე ერთმანეთს რომ დაუკავშირდა. ცაში ორი ვარსკვლავი ერთმანეთს შეეკრა და უფრო ძლიერ ოცნებად გადაიწცა. აბა ასეთ ოცნებას დავიწყება ეწერა კიდევ? ასე განაგრძო საკუთარი საქმიანობა მევარსკვლავემ. დღემდე აგროვებს ტბაში ჩაძირულ ოცნებებს. ვარსკვლავთსამყოფელში იქამდე ინახავს ვარსკვლავებს, სანამ მეორე ადამიანს იგივე ოცნება არ გაუჩნდება და კვლავ ცაში არ დააბრუნებს მოწყვეტილ ვარსკვლავს. არიან ისეთებიც დიდხანს, ძალიან დიდხანს რომ უწევთ ლოდინი. ისეთი ოცნებებიც არსებობენ მხოლოდ ერთ ადამიანს რომ ეკუთვნიან და მეორე აღარ იბადება. მათი ცხოვრება განსაკუთრებით სევდიანია. ცაზე კი კაშკაშებს მევარსკვლავის ოცნება, რომელიც ყველა ვარსკვლავის ცაში დაბრუნებასა და ყველა ოცნების ასრულებაზე ოცნებობს. მევარსკვლავეზეც რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა, მამამისის ვარსკვლავი დააბრუნა ცაზე, შვილიშვილებზე მეოცნებე კაცს პატარები აჩუქა და ახლა ბედნიერია მოხუცი, რომელსაც კალთაში თხაკიკინა გოგონები უზის. თავად მევარსკვლავესაც ჰყავს ცოლ-შვილი. ბავშვებს ვარსკვლევებზე ბევრს უყვება, ანკესის ხმარებას ასწავლის, ადამიანების მოსმენას, ოცნებებისთვის ბრძოლას. ვარსკვლავთსამყოფელში შესვლა ყელას ეკრძალება, რადგან, როგორც კი სევდიან ვარსკვლავებს მპოვნელის გარდა სხვა შეხედავს ქრობას იწყებენ და იღუპებიან. ყველამ ის ვარსკვლავი უნდა გადაარჩინოს, რომელსაც იპოვნის. მევარსკვლავის ნაპოვნი ვარსვკლავის გადარჩენა და ცაზე დაბრუნება მხოლოდ მევარსკვლავეს შეუძლია. ასეა, მევარსკვლავის დახმარებითა და უდიდესი შრომით ოცნებები აღარ კვდებიან. შეიძლება მეოცნებე აღარ იყოს ამ ქვეყანაზე, ან კაცს საკუთარი ოცნება მიავიწყდეს, მაგრამ ოცნება არ მოკვდება, იქამდე იცხოვრებს ვარსკვლავთსამყოფელში სანამ იგივე ოცნება სხვა კაცს არ გაუჩნდება გულში და ცაზე კვლავ არ აბრდღვიალდება. ყოველთვის, როდესაც ცას ახედავთ, არ დაგავიწყდეთ რომ ახდენილ და ასახდენ ოცნებებს უყურებთ. ცა ოცნებების სამყოფელია. აქ ცხოვრობს შენი, ჩემი, ჩვენს გარშემო მოსიარულე და დიდი ხნის წინ მყოფი ადამიანების ოცნებები. ცა ყველაზე გულწრფელი და ბედნიერი ემოციებით სავსე სკივრია. ახდენილი ოცნებების სიხარული და ასახდენი ოცნებების მოლოდინია. ხშირად ახედე ცას, მოძებნე შენი ვარსკვლავი, თვალი ჩაუკარი და გაამხნევე რომ მალე რეალობად იქცევა და დიდხანს, ძალიან დიდხანს იკაშკაშებს კაცთა გულის გასახარებლად. ფქვილი იქა, ფქვილი აქა! ლხიინი იქა, ლხინი აქა!ჭორფლოვარსკვლავი იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო მიწა და იყო ცა, იყო წყალი და იყო ჰაერი, იყვნენ ადამიანები მიწაზე და ვარსკვლავები ცაზე. ისტორია დაიწყო ჩემამდე და შენამდე ვარსკვლავების დაბადებით, რასაც მოჰყვნენ პატარა ადამიანები დედამიწაზე. ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული და დამოუკიდებელი სიცოცხლე სამუდამოდ დაუკავშირდა ერთმანეთს და დაიწყო ჰარმონიულად თანაცხოვრება. ვარსკვლავებიც ადამიანების მსგავსად იბადებიან, იზრდებიან და იღუპებიან. ისინიც ცელქობენ ბავშვობისას, სწავლობენ მოზარდობისას და სიბრძნეს აზიარებენ ხანდაზმულობისას. მათაც უყვართ და უხარიათ სიცოცხლე და გული სწყდებათ, როდესაც ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. ადამიანებმა ვარსკვლავები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შენიშნეს და საკუთარი ცხოვრება მათ დაუკავშირეს. მემკვიდრეობად მოგვყვება ვარსკვლავთთვალიერება. რამდენჯერ აგვიხედავს ცაში თითოეულ ჩვენგანს და ჩვენი საყვარელი ვარსკვლავის ძებნა თვალებისცეცებით დაგვიწყია?! ასე იყო ოდითგანვე, არაერთ მშობელს გაუშვერია ხელი ცისკენ და თვალებანთებული შვლილისთვის სამყაროს უსასრულობაზე უამბნია - აქეთ დიდი დათვის თანავარსკვლავედია, იქეთ ირმის ნახტომი. ცაზე უამრავი ვარსკვლავი ანათებს, ჩახჩახებს და ისტორიას გვიამბობს. ბავშვებიც გასუსულები, განაბულები უსმენენ გალაქტიკების ამბებს და სამყაროს უძირობაში იკარგებიან. ვარსკვლავების ისტორიები ადამიანების ისტორიების მსგავსად განსხვავებულია, ყველას თავისი ფორმა და ზომა აქვს, საკუთარი დანიშნულება და მიმართულება. მზე ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავია, სითბოსა და სიცოცხლის წყარო. მათუსალა უძველესი ვარსკვლავია, რომელშიც სიბრძნე და კაცობრიობის ისტორიაა თავმოყრილი. სირიუსი თვალისმომჭრელი სიკაშკაშითა და სილამაზით გამოირჩევა. პოლარისი ჩრდილოეთის ვარკვლავია, რომელიც არაერთხელ დახმარებია ზღვებსა თუ უდაბნოებში დაკარგულ ადამიანებს გზის გაგნებაში. მათი შრომა ფასდაუდებელი და შეუფასებელია. ასე, მილიონობით ვარსკვლავის პოვნა შეგიძლიათ ცაზე და ყველა მათგანი განსხვავებული შესაძლებლობებით გამოირჩევა. დასაბამიდან დღემდე ღამის მოჭიქული ცა ყველას ყურადღებას იქცევს. ზოგისთვის ვარსკვლავები უსასრულობას ნიშნავს, სხვებისთვის სიცოცხლის წყაროა, იდუმალება, ამოუცნობისაკენ სწრაფვა ან სილამაზე, რომლის ცქერაც სულსა და გონებას ამშვიდებს. ასე არიან ვარსკვლავებიც, ზემოდან დასქცერიან ადამიანებს, მათ ცხოვრებას აკვირდებიან და მუდმივად ყურადღების მიქცევას, მათ გაოცებასა თუ დახმარებას ცდილობენ. როგორც უკვე გითხარით, ვარსკვლავების ცხოვრება ძალიან ჰგავს ადამიანების ცხოვრებას. ისტორია უნდა გიამბოთ ჭორფლოვარსკვლავზე, რომელიც განსხვავებული გარეგნობით დაიბადა. ბედნიერმა მშობლებმა სამყაროს მადლობა შესწირეს მისი დაბადებისთვის და მთელი თავისი სითბო და მზრუნველობა გაუზიარეს. მისი სხეული პაწაწინა წინწკლებით იყო დაფარული და სწორედ ამიტომ დაარქვეს მას ჭორფლოვარსკვლავი. იზრდებოდა ვარსკვლავბიჭუნა და ყველასთვის შესამჩნევი ხდებოდა მისი განსხვავებული იერი. სხვა ვარსკვლავებივით არ ბრწყინავდა და კაშკაშებდა. თანატოლი ვარსკვლავები ხშირად იცინოდნენ მისი გარეგნობის გამო. სწყინდა ჭორფლოვარსკვლავს და თავს არიდებდა ტოლებთან ერთად ანცობას. ხშირად ტიროდა და დარდობდა, ვერ გაეგო, რატომ არგუნა სამყარომ ყველსგან განსხვავებული იერი. მისი შინაგანი სამყარო არასდროს ჰგავდა სხვების ცხოვრებას, მისი ფიქრები არასდროს ყოფილა ვინმესთვის გასაგები, მისი ენერგია დაფარული და დამალული იყო გალაქტიკისთვის. რაც უფრო მეტად გარიყულად გრძნობდა თავს მით უფრო მეტად დასცქეროდა ადამიანებს და მათთან დაახლოებას ცდილობდა. ეგება, კაცთა მოდგმას ჰყოლოდა ვინმე მისი მსგავსი. საბოლოოდ გადაწყვიტა და გასცილდა ჭორფლოვარსკვლავი სხვა ვარსკვლავებს და უკიდეგანო ცის პატარა კუნჭულში მყუდრო ბინა მოიწყო, ყველაზე ბნელი და უხილავი. ვერ შეიყვარა საკუთარი თავი და დაიკარგა საკუთარი არსის ძიებაში. ჭორფლოვარსკვლავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანმა დედავარსკვლავმაც კი ვერ შეძლო მისი დარწმუნება რომ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და მნიშვნელოვანი იყო. ჭორფლოვარსკვლავმა არ იცოდა საკუთარი დანიშნულება, მაგრამ დედავარსკვლავმა იცოდა, დედებმა ყველაფერი იციან! ასე გამოეყო ჭორფლოვარსკვლავი სხვა ვარსკვლავებს და უამრავი მომდევნო დღე ადამიანების ცქერაში გაატარა. დიდხანს უმზირა მიწაზე მოფუსფუსე გოგო-ბიჭებს და ყველაფერი შეიმეცნა მათ შესახებ. დიდი დრო გავიდა ბნელეთში, ძალიან დიდი… სად იყო და სად არა, ერთ დღესაც ჭორფლოვარსკვლავი ადამიანებს სამუდამოდ დაუკავშირდა უხილავი ძაფებით. ყველასგან განყენებულმა ვარსკვლავმა მხოლოდ იმ ადამიანეთა ძახილის გაგება შეძლო ვინც გზა დაკარგა, საკუთარი თავი დაკარგა, ვინც ცაში იყურება მაგრამ არაფერს უყურებს, უბრალოდ სივრცეში გამოკიდებული ცდილობს პასუხების პოვნასა და საკუთარი თავის აღმოჩენას. უამრავი ადამიანია მიწაზე მოწყენილი და დაბნეული, ჩუმი და სევდიანი, დავიწყებული და დაჩაგრული. მათთვის არ არსებობს გამოსავალი და სამყაროს ცრემლებისყლაპვით ევედრებიან შველას. მათი ლოცვა არც მზისკენაა მიმართული და არც მათუსალასკენ. ისინი ყველას ერთად, მთელს სამყაროს ევედრებიან შველას. სწორედ ასეთი ადამიანების ესმის ჭორფლოვარსკვლავს და რაც უფრო მეტ ადამიანს უკავშირდება მით უფრო მეტი ჭორფლი ჩნდება მის სხეულზე. ჭორფლოვარსკვლავის სხეულზე გაჩენილი ჭორფლი მაშინვე დადებით ენერგიად გადაიქცევა და მზის სხივების მსგავსად სწვდება მიწაზე მოსიარულე ადამიანს. მისგან სევდასა და დარდს ისრუტავს და ციდან ბედნიერებასა და სიხარულს უზიარებს. მასში მუდმივად ორი უდიდესი ენერგია ტრიალებს და კაცთა მოდგმას გამოსავლისკენ მიუძღვება. სწორედ ასე იზრდება და იჭორფლება ვარსკვლავი, ყველაზე სევდიანი და ყველაზე ბედნიერი ვარსკვლავი მთელს გალაქტიკაში. დაღლილი ხშირად წევს სიბნელეში გულაღმა და დანებებაზე ფიქრობს. მერე ადამიანები ახსენდება, ვინც ელოდება, ვისაც მისი სჯერა და გაჩერებას ვეღარ ბედავს. თვალებს ახელს, საკუთარ თავს მხნეობისკენ მოუწოდებს და სიცოცხლეს აგრძელებს. რამდენი ადამიანი გადაურჩენია ჭორფლოვარსკვლავს ტკივილისგან, დაცემისგან, დამარცხებისგან?! რამდენი ადამიანისათვის გაუგზავნია ენერგია და მიუცია ძალა ბრძოლისთვის, წისვლისთვის?! - ეს არის მისი დანიშნულება. მისი ჭორფლები ძალაა, შესაძლებლობა, ბედნიერი ემოციებია, რუკაა სხეულზე მოქცეული, რომელიც გადარჩენილი, მიმართულებამიცემული ადამიანების სახელებს ინახავს მისი დაბადებიდან დღემდე. ჭორფლოვარსკვლავის დედავარსკვლავი ყველაზე ამაყია, რადგან მან შვილის ხელში დაჭერისთანავე იგრძნო სამყაროს ყველაზე მნიშნელოვანი ვარსკვლავი რომ მოუვლინა. დადგება დღე, როდესაც ჭორფლოვარსკვლავი გაბედავს და ბნელეთიდან გამოვა, ცაზე გამოიბრწყინებს, მისი სიკაშკაშე მიწას მოედება, მისი ჭორფლები ერთიანად აბრდღვიალდება და ყველა ადამიანი იგრძნობს უსაზღვრო ბედნიერებას, ისინიც კი, ვისაც არასდროს აუხედავს ცაში. ადამიანების სიხარული გამრავალკეცებულად დაუბრუნდება ცაში ჭორფლოვარსკვლავს და სწორედ მაშინ მიხვდება რაოდენ მნიშვნელოვანია სამყაროსთვის. მაშინ შეიყვარებს საკუთარ თავს და ცაზე ხილულად გაარძელებს საკუთარ საქმეს. ცაში ახედვისას ბავშვები ყიჟინას შემოჰკრავენ და საკუთარ თავში დაკარგულ ყველა ადამიანს ეცოდინება რომ გალაქტიკას ჰყავს მხსნელი ჭორფლოვარსკვლავი, რომელიც ყველგან გიპოვნის სადაც არ უნდა იყო და ჭორფლოსხივებს გამოატანს შენთან იმ ენერგიას, რაც სიცოცხლისა და საკუთარი თავის სიყვარულისთვის გჭირდება. ხშირად ახედეთ ცას, ეძიეთ ჭორფლოვარსკვლავი და თავადაც სცადეთ მისთვის სიყვარულის გაგზავნა, რათა მალე შეძლოს და გამოვიდეს ბნელეთიდან. შესაძლოა არ ჩანს, ცაზე ჯერ მკვეთრად არ კაშკაშებს, მაგრამ ის ნამდვილად არსებობს, უკიდეგანო ცის პატარა კუნჭულშია მიმალული და შენი ფიქრები ესმის. გაუგზავნე შენს გულში დაგროვილი სითბო, მასაც ისევე სჭირდება შენი თანადგომა, როგორც შენ მისი. ლხინი იქა, ლხინი აქა! ფქვილი იქა, ფქვილი აქა! ვისელი (ვის ელი?) იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! სამყაროს დასალიერში სოფელი იყო, ლამაზი მაგრამ შემოსაზღვრული. ხეები მაღალი და ხშირფოთლიანი, ყვავილები ფერადი, მდინარე რაკრაკა, ადამიანები კეთილები და ცნობისმოყვარეები, ცხოვრება ლაღი, ხანდახან დამღლელი. სოფელი ერთიანად შეკრული, მაგრამ ყველასგან მოწყვეტილი. როგორც კი სახლებს გასცდებოდი და ტყის კიდესთან მიხვიდოდი ეკალბარდები დაგხვდებოდა, ეკალბარდებს ქვა-ღორღი მოყვებოდა, ქვა-ღორღს კლდეები, მწვერვალზე თოვლი და ყინული. სამყარო სოფელს მიღმა საშიში და გაურკვეველი იყო. სოფლის მაცხოვრებლებს არასდროს დაუტოვებიათ ფუძე და არც სურვილი ჰქონდათ გაუკვალავ გზაზე დადგომის. სწორედ ჩარჩოებშემოსაზღვრულ სოფელში, ზაფხულის თბილ საღამოს, გოგონა დაიბადა. გოგონა მზისფერი თმითა და სამყაროსავით უძირო თვალებით. დაიბადა თუ არა მაშინვე ამოიტირა მთელი ცხოვრების ტკივილი და მას მერე ბავშვის ტირილი აღარავის გაუგონია. მშბლებმა სახელი ვერ დაარქვეს. ხან ანიო და ხანაც ბანიო, მაგრამ გოგონას არცერთი სახელი არ უხდებოდა. საალერსო სიტყვებით ეფერებოდნენ მშობლები და მეზობლები. გოგონა მუდმივად გარინდებული იყო, ვერავის გაეგო მის ფიქრებში რა ხდებოდა. უყურებდა თანასოფლელებს, ჩიტებს, ხეებს, ჩაიძირებოდა ხოლმე უსასრულობაში და გასცქეროდა გზას, რომელიც გაურკვევლისა და ამოუცნობისკენ მიდიოდა. ხშირად ეკითხებოდნენ გარშემომყოფები - “ვის ელი, რას ელი, რას გასცქერი მთელი დღე შარა-გზებსო?”. გოგონას პასუხი არასდროს ყოფილა ნათელი. თავადაც არ იცოდა ვის ელოდა, მაგრამ გრძნობდა რომ აუცილებლად უნდა მოსულიყო ვინმე და შეცვლილიყო მის გარშემო ყველაფერი. იმდენად ხშირად ეკითხებოდნენ მზისფერთმიან პატარას “ვის ელიო” რომ სახელიც შესაბამისი დაარქვა თავად სამყარომ - ვისელი. ვისელი ყველასგან განსხვავებული, ლამაზი და ნარნარა გაიზარდა, თვალებში სევდითა და უსასრულო მოლოდინით. უყვარდა ადამიანები, მათი მოსმენა. განსხვავებული ისტორიები, არახილული, ერთი შეხედვით არარეალური. ყველაფერი, რასაც ლეგენდებსა და მითებში ჰყვებოდნენ ვისელისათვის ნამდვილი იყო და მთელი გულით სურდა ერთ დღეს ყველაფერი თავად ენახა, თავში გაჩენილ ყველა კითხვაზე ეპასუხა. ვერავის უზიარებდა საკუთარ ნაფიქრალს, გრძნობდა რომ არ ჰგავდა სხვებს და შინაგან სამყაროს საგულდაგულოდ მალავდა. ფიქრებით დაღლილს ხშირად უთენებია ღამეები, მთვარესა და ვარსკვლავებს სთხოვდა მიმართულება ეჩვენებინათ მისთვის და გაეგო რას ელოდებოდა, ვის ელოდებოდა… ლოდინში ბევრი წელი გავიდა. დაიღალა ვისელი და მიჰყვა დინებას. მეშიშა შეუყვარდა. მეშიშა კარგი ბიჭი იყო. ბევრს შრომობდა და მუშაობდა, ოჯახს უვლიდა, ძმას გვერდში ედგა. დილით ყანას თოხნიდა, საღამოს საქონელს აბინავებდა, უქმეებზე ბაზარში რძეს, ყველსა და პურსა ჰყიდდა. უყვარდათ სოფლის მაცხოვრებლებს მეშიშა. ვისელი და მეშიშა შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს კვირა დღეს, ბაზარში. პურისა და ყველის ნაჭერი გაუწოდა თავდახრილმა ყმაწვილმა სიფრიფანა გოგონას და დაიწყო მათი ამბავი. საუბრობდნენ ყველაფერზე, ერთმანეთს საკუთარ ფიქრებს უზიარებდნენ, ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ, ბავშვების სახელებს არჩევდნენ, სახლის კედლებს წარმოსახვაში ალამაზებდნენ, ეზოში ხეებსა და ყვავილებს რგავდნენ. მათი წარმოსახული მომავალი თანაცხოვრება ყველაზე ნათელი და კეთილი ჩანდა. დიდხანს, ძალიან დიდხანს იყვნენ ერთად, მაგრამ მეშიშას შიში ერეოდა ხოლმე და ვერაფრით გაბედა ვისელიზე ქორწინება. დღემდე არავინ იცის რისი ეშინოდა ჭაბუკს. ბევრი იფიქრა ვისელმა, ბევრჯერ სცადა საყვარელი ადამიანის შიშების გაგება, მაგრამ ვერ შეძლო. ხანდახან სამყაროში ჩნდება მიზეზები, რომელთა ამოხსნაც ჩვენს ძალებს აღემატება. დანებდა ვისელი, აღარც მეშიშას შეეძლო შიშებთან ბრძოლა, ისიც დაიღალა. და დამთავრდა ისტორია, ისე რომ არც დაწყებაზე გაუგია ვინმეს რამე და არც დასასრულზე. ვისელი კიდევ უფრო სევდიანი გახდა. ახალ უფრო ხშირად გასცქეროდა შარას რომელიც ტყეში მიდის, ტყიდან ეკალ-ბარდებს უერთდება, მერე იცის რომ ქვა-ღორღია, კლდეები და მწვერვალზე ყინულთოვლი. ცუდმა ფიქრებმა იმარჯვა, სიზმრები დამძიმდა და გაშავდა, თვალებში დაღლამ დაისადგურა, სულში უსიცოცხლობამ. ვისელმა ბედნიერების შეგრძნება დაკარგა და ცხოვრება თავის ნებაზე მიუშვა. “რა მოხდება თუ აქედან წავალ?” - ერთ ღამესაც გაეფიქრა ვისელს. იქნებ თავდ უნდა ეპოვნა ის ვისაც ელოდა, რასაც ელოდა? წასვლა რთული გადაწყვეტილება იყო. შემოჩარჩოსაზღვრულმა სოფელმა ალმაცერად შეხედა გოგონას გადაწყვეტილებას, თუმცა წინაც არავინ გადასდგომია. ასე, შეკრა ნივთები ვისელმა და გაეშურა მთელი ცხოვრების მოლოდინის საძებნელად. პირველი ნაბიჯი თამამი, ემოცია ბედნიერი, გული ლაღი, თვალები აკიაფებული, მიზანი - პოვნა იმისა, რასაც დაბადებიდან ელოდებოდა. მაგრამ ყველაფერი ასეთი მარტივია?! გასცდა თუ არა სოფელს და ეკალბარდებში შეაბიჯა ერთიანად ჩამობნელდა. გაუვალ ბუჩქებში მზის სხივი აღარ აღწევდა. გზა არ ჩანდა. ეკლებმა ჯერ კაბა, შემდგომ მკლავები, სახე და ფეხები დაუკაწრა. სისხლიან ჭრილობებზე სახვევი დაიდო ვისელმა, ტკივილი მოითმინა და ხელების ცეცებით ეკალბარდებში სიარული განაგრძო. იმედს მორაკრაკე პაწაწინა ნაკადული აძლევდა, სუფთა და კამკამა წყალი გულს უგრილებდა და გზას უთითებდა. იცოდა სვლას თუ განაგრძობდა ეკლები ტკივილის მიყენებას შეწყვეტდნენ. ასეც მოხდა - ერთი ნაბიჯი, ბევრი ნაბიჯი და მზის სხივები გამოჩნდა. გაუხარდა ვისელს, ღრმად ჩაისუნთქა და ქვაზე ჩამოჯდა. გახედა სივრცეს და თვალუწვდენელი ქვა-ღორღი დახვდა. ერთი დღე შეისვენა და ისევ სიარული განაგრძო. ქვები ფეხებში ერჭობოდა, მზე საშინლად აცხუნებდა, ენერგია ელეოდა, წყალი უთავდებოდა. ბევრჯერ იფიქრა დანებება და უკან დაბრუნება ლამაზ, მაგრამ ჩარჩოშემოსაზღვრულ სოფელში. მასში სამი ადამიანი იბრძდა, ერთს გზის გაგრძელება სურდა, მეორე საფრთხეებზე უთითებდა, მესამე სწორი რა იქნებოდა იმას ჰკარნახობდა. ფიქრების ქარიშხალი ტრიალებდა გოგონას თავში. - “კმარა!” - საკუთარ თავზე გაბრაზდა ვისელი. სურვილებს მიჰყვა და მტკიცე ნაბიჯებით განაგრძო დარჩენილი. მიადგა კლდეებს, მერე თოვლყინულიანი აღმართი, მწვერვალი და ბოლოს დაღმართი. გადაიარა უსასრულო და საშიში გზები და, როგორც იქნა, სამყაროს მეორე ნაწილს მიაგნო. ვეებერთელა მწვანე მდელოზე აღმოჩნდა. ხეები ვაშლითა და მსხლით იყო დახუნძლული. დასწვდა ენერგიამილეული ვისელი ხილს. დაისვენა ძალა მოიკრიფა. ცოტა კიდევ იარა და იპოვნა სხვა სოფელი, სხვა ადამიანები, ისეთივე საზღვრებით, როგორც მისი სოფელი და მიხვდა მთავარს - “ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს და თან ერთმმანეთისაგან განსხვავებული” ახლადნაპოვნი სოფლის განაპირას ძლიერი ტოტებითა და დიდი ფოთლებით პატარა ქოხი შეკრა ჯერ ერთი ღამის, შემდეგ ღამეების გასათევად. თანასოფლელები კეთილი ადამიანები აღმოჩნდნენ და სახლის შენებაში დაეხმარნენ. ერთმა მეზობელმა ქათამი აჩუქა, მეორებ ბაჭია, ზოგმა პამიდვრის ჩითილი უწილადა, ზოგმაც ხეხილის ნერგები. განსაკუთრებით გვერდში ედგა გულსუნდა. სოფლის საამაყო ჭაბუკი, რომელიც ბავშვობიდან საკუთარი გულის ძახილსა და სურვილებს მიჰყვებოდა. ყველა გულში გაფიქრებულ სურვილს იქამდე ჭედდა და აშალაშინებდა, სანამ ხელშესახებს არ გახდიდა. ასე, ვისუნდასთან ერთად ჯერ კედლები ამოიყვანა, მერე სახურავი გადაახურა სახლს, შემდეგ ღობე შემოავლო, სკამები და მაგიდა დაამზადა, საწოლი და საქანელა, ჭურჭელი თიხისგან გამოძერწეს და სახლი თბილ კერას დაემსგავსა. ვისელმა საკუთარი ცხოვრება ააშენა საკუთარი ხელითა და კეთილი ადამიანების დახმარებით. შიშები მეშიშასთან და ძველ სახლში სამუდამოდ მიატოვა.. შეიყვარა საკუთარი თავი, ცაზე მზე და მიწაზე სოცოცხლე. მაშინ კი, როდესაც სიცოცხლე გიყვარს, ცხოვრებაში კარგი რაღაცები ხდება. მრავალწლიანი ტკივილის, უთქმელობის, მოთმენისა და დაღლის შემდეგ ვისელმა იგრძნო რომ ბედნიერია. გვერდით გულსუნდა ჰყავს, ყველაზე მებრძოლი და გულისძახილს აყოლილი ადამიანი. ერთად ცხოვრობენ, განვლილ დღეებს იხსენებენ, მომავალს გეგმავენ და ვისელმა ზუსტად იცის პასუხი კითხვაზე ვისაც ელოდა დაბადებიდან. არასდროს მიატოვო საკუთარი სურვლიები და მოლოდინები. როგორი რთულიც არ უნდა იყოს გზა, ადრე თუ გვიან აუცილებლად გასწორდება, მთავარია სიარული არ შეწყვიტო, ტკივილისა და დაღლის მიუხედავად. წარმოიდგინე გულსუნდა და ვისელი, როგორ სხედან საკუთარი ხელით აშენებული სახლის ეზოში, ვაშლის ნამცხვარსა და ასკილის ჩაის მიირთმევენ, ეზოში ბავშვები ლეკვთან ერთად თამაშობენ, ცაზე მზე ანათებს და ტყის სიოს სასიამოვნო ამბები მოაქვს. ხლინი იქა, ლხინი აქა! ფქვილი იქა, ფქვილი აქ!დამლევი იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! საიდუმლო სამყაროზე გსმენიათ რამე? ბევრი რამ არის ჩვენს გარშემო დაფარული და გაუმჟღავნებელი. განსკუთრებით ტყის სიღრმეში, ქალაქებისა და სოფლებისაგან შორს, ბუნების წიაღში. ტყეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ შეჰყვები დაინახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი შენს თვალწინ. ტყის სიღრმეში ხეები უფრო ახლო-ახლოსაა ამოსული, ერთმანეთს ეხლართებიან, მზის სხივებს ფარავენ და მიწამდე არ უშვებენ. მიწა ფოთლებითაა დაფარული. აქ არც ყვავილები ამოდიან გაზაფხულზე და ვერც სოკოს იპოვნი. ერთადერთი, რაც შეიძლება აღმოაჩინო საუდუმლო სამყაროა. მზისხივებმოკლებული პეპლების სოფელი. პეპლების სოფელს დამლევი ჰქვია. ლეგენდის თანახმად დამლევი ყველაზე მაღალი მუხების ქვეშაა გაფენილი. მუხების მსხვილი და მძლავრი ტოტები ერთმანეთში ისეა გადახლართული რომ თაღს ქმნის. თაღი მზეს აკავებს და პეპლები მზის სხივებს თითქმის ვერ ხედავენ, არც სჭირდებათ, რადგან, როგორც გითხარით, დამლევი ჯადოსნური სოფელია. პეპლებს ფრთები მანათობელი ხაზებით აქვთ მოხატული. თავად ქმნიან საკუთარ სინათლეს ბნელში გასანათებლად. დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ სამყაროს ყველა კუთხეში იყო შესაძლებელი ჯადოსნური სილამაზის პეპლების ხილვა. დიდი და ფართე ფრთები ჰქონდათ, სხვადასხვა ფერისა და მოხატულობის. პეპლები ხალისით დაფრინავდნენ და საკუთარი სილამაზით ყველას განცვიფრებას იწვევდნენ. ჩამოიფრენდა რომელიმე მათგანი და ადამიანს გული მკერდში აღარ უჩერდებოდა. ლამაზები იყვნენ პეპლები და ეს არ იცოდნენ, მათ არ შეეძლოთ საკუთარი ფრთების დანახვა. მხოლოდ ადამიანების ბედნიერ თვალებსა და აღტაცებულ ღიმილს ხედავდნენ. სწორედ ამიტომ, ხშირად სტუმრობდნენ სოფლებსა და ქალაქებს. ასეთი პეპლები ყველაზე მეტად სევდიან ადამიანებთან მეგობრობდნენ. მონარნარდებოდა ჯადოსნური პეპელა, რკალებად მოხატულ ფრთებს თვალწინ დაუქნევდა მოწყენილ ადამიანს და ქრებოდა ყოველგვარი დარდი. აღარავის ახსენდებოდა საკუთარი ტკივილი და გულში დამალული მწუხარება, მხოლოდ სამყაროს ჯადოსნურ ქმნილებასა და სილამაზეზე ფიქრები ისადგურებდა ადამიანის გონებასა და სულში. დიდხანს გაგრძელდა ადამიანისა და პეპლების მეგობრობა, სანამ ერთ დღეს, პირველად ისტორიაში, ადამიანმა პეპლის დაჭერა არ მოისურვილა. პეპლების გამოუცდელობამ, ალალმა გულმა და ადამიანების სიყვარულმა იმსხვერპლა ჯერ ერთი და შემდეგ თითქმის მთლიანი შთამომავლობა. რატომღაც, ადამიანებმა ჩათვალეს რომ თუკი ჯადოსნურ პეპლებს სახლში წაიყვანდნენ სულ ბედნიერები იქნებოდნენ. პეპლის ყოლა ბედნიერების საიდუმლოდ ჩამოყალიბდა და დაიწყო ამ უმშვენიერეს ქმნილებებზე ნადირობა. პეპლები ადამიანებისაგან თავის დახსნას ვერ ახერხებდნენ, მათი დაჭერა უმარტივესი აღმოჩნდა. ვეებერთელა ბადეებს წამოაცვამდნენ ხოლმე ფრთებზე და ერთ წამში თავისუფლებაშეყვარებული არსება ტყვე ხდებოდა. დარდისგან ილეოდნენ, ფერები ეცლებოდათ სახლში გამომწყვდეულ პეპლებს. ადამიანები არც აქ დაიბნენ და ახალ, უფრო სასტიკ, მეთოდს მიმართეს პეპლების სილამაზის შესანარჩუნებლად. წიგნის ფურცლებში მოათავსეს და ჰერბარიუმის ნიმუშებად აქციეს. თავისუფლებასთან ერთად სიცოცხლეც წაერთვათ პეპლებს. ახლა უკვე ყველა სახლში იყო ფერადი, მაგრამ სიცოცხლეგამოსალმებული ულამაზესი ნიმუშები. დაიწყო შეჯიბრი, ვის უფრო მეტი და უფრო ლამაზი პეპელა ეყოლებოდა წიგნის ფურცლებში გამომწყვდეული. გაივსო ჰერბარიუმები დაფლეთილი ფრთებითა და მტვერით. ადამიანებს სიხარულის აღარაფერი ეტყობოდათ. დაუოკებელმა პირველობის მცდელობამ და კოლექციონერობამ ბედნიერება წაართვა ადამიანებს. დარჩა მხოლოდ ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი შური და სამყაროს მიმართ გამოხატული სისატიკე. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. სიცოცხლისა და გადარჩენის სურვილით სავსე პეპლებმა დაიქნიეს ფრთები და უღრანი ტყისკენ გაფრინდნენ, იქ სადაც ვერავინ, ვერასოდეს შეძლებს მათ პოვნას. დღემდე მუხის ტოტებქვეშ იმალებიან. ბევრნი არიან, ფერადები, სხვა და სხვა ფორმისა და მოხატულობის ფრთებით. მზის სხივების ნაცვლად თავად ანათებენ. უამრავი მოგონება აქვთ წარსული ცხოვრების შესახებ, რომელსაც ფრთების შეხებით გადასცემენ ერთმანეთს. ხანმოკლე ცხოვრებით ცხოვრობენ და ადამიანები ენატრებათ, ის ადამიანები რომელიც თავად არასდროს უნახავთ, მაგრამ მეხსიერებაში სიკეთით სავსეებად ახსოვთ. დამლევის პეპლები გადაშენების პირას დიდი ხანია აღარ არიან, მაგრამ გარეთ გამოფრენას კვლავ ვერ ბედავენ. იციან ადამიანების ხარბი ხასიათიც და ეშინიათ, ვაითუ კვლავ სძლიოს სილამაზით ტკბობას ყველაფრის ხელში ჩაგდების სურვილმა და უსიცოცხლოდ დარჩნენ. ხანდახან, გაზაფხულზე, აპრილის პირველ კვირაში წვიმიან ამინდებს უკან თეთრი პეპელა მოჰყვება, რომელსაც ფრთებზე ორი შავი წერტილი აქვს. ადამიანების შორიახლოს დაფარფატებს, მათ ხასიათს, ფიქრებსა და განზრახვებს კითხულობს. ხედავს ვის უჭირს, ვის ულხინს. არიან ადამიანები, ვისაც კვლავ შეუძლია უცქიროს მოფარფატე პეპელას და ხელი არ ახლოს, სხვები ისევ ყიჟინით ცდილობენ მის მუჭებში მოქცევას. უკან დაბრუნებული მზვერავი პეპელა ფრთების შეხებით ნანახს მთელს სოფელს უზიარებს და კვლავ დამლევში რჩებიან. დამლევი სოფელია, ერთ დროს გალევის პირას მყოფი პეპლების სოფელი, რომელიც ჩვენზე უამრავ საიდუმლოს ინახავს. პეპლები მაშინ გამოფრინდებიან სამალავიდან, როდესაც ჩვენს გულში კვლავ დაბრუნდება სამყაროს, ბუნებისა და სიცოცხლის სიყვარული. როდესაც სიყვარული ყველაფერზე გამეფების სურვილს შთანთქავს და სამყაროს ყველა ქმნილებას სილამაზისა და თავისუფლების სიმბოლოდ მიიღებს. მანამდე კი, უღრანი ტკის შუაგულში, მუხის ტოტებისგან შექმნილი თაღების ქვეშ იარსებებს ჯადოსნური სამყარო, რომელიც იმედია, ჩვენი იმედი და ბიძგი მცდელობისთვის, უკან დავიბრუნოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დავკარგეთ. ლხინი იქა, ლხინი აქა! ფქვილი იქა, ფქვილი აქა! ტილიანში იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! სიკეთესთან ერთად ბოროტება იყო, ოცნებებთან ერთად წაჭრილი ფრთები, ჯანმრთელობასთან ერთად სნეულება, სიყვარულთან ერთად მიტოვებული ადამიანები. სხვა ბევრი სოფლის გვერდით იყო სოფელი ტილიანში. კლდეების ძირში გაფენილი თავშესაფარი, ცივი და მიუკარებელი, ყველასგან დავიწყებული და უარყოფილი. ვერავის წარმოედგინა ამ მიუვალ, უნაყოფო ადგილას თუ დასახლება შეიძლებოდა. მაგრამ ტილიანში ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, რომელმაც შეიფარა უარყოფილები: ავაზაკები, ქურდები, ყაჩაღები, ბოროტმოქმედები. სოფელში ნებისმიერი დანაშაულის მქონე ადამიანს შეხვდებოდით, მაგრამ მიუხედავად ამდენი ბოროტებისა სოფელი მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრობდა. ტილიანშის მოსახლეებს ერთმანეთთან არაფერი ჰქონდათ გასაყოფი, მათ მარტოობისა და უარყოფის განცდა აერთიანებდათ. მაგრამ მოდი თავიდან დავიწყოთ, როგორ შეიფარა ტილიანშმა პირველი გარიყული. ნიაზი, პატარა ბიჭი, რომელიც მშობლების დაშორების შემდეგ დედასთან დარჩა, მამამ უარყო და სამუდამოდ დაივიწყა. არ სურდა რაიმე საერთო ჰქონოდა წარსულ ცხოვრებასთან და ახალი ოჯახის შექმნის შემდეგ ყველაფერი სამუდამოდ მოიტოვა უკან. ნიაზი დედამ გაზარდა, მაგრამ მალევე თავისუფლების სურვილით შეპყრობილმა თავადაც დატოვა შვილი და სხვა სოფელში გაიქცა. ნიაზი მოხუცი ბებიის ამარა დარჩა. პატარა იყო, სითბო უნდოდა, სიყვარული უნდოდა, მშობლების დარიგება უნდოდა, მათი გაბრაზება და შემდეგ ჩახუტება უნდოდა. მაგრამ მარტო იყო ნიაზი, სხვების ყურადღების მიქცევის მიზნით ანცობა დაიწყო, სიანცეს უხეში ქცევა და მანერები მოჰყვა, შემდეგ ქურდობა და თანასოფლელების ბრაზი, უარყოფა და ბოლოს სოფლიდან გასახლების მოთხოვნა. ვერ დაიცვა მოხუცმა ბებიამ ნიაზი და ასე მოუწია ყურადღების მაძიებელს მარტოობისთვის თავის შეფარება. სხვა რა გზა ჰქონდა?! გაჰყვა ბილიკებს, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიხვდა ადამიანებთან ურთიერთობის არაფერი გაეგებოდა და მარტო უნდა შესჭიდებოდა ყველაფერს. ციცაბო კლდეების ნაპირზე პატარა ქოხი შეაკოწიწა და იქ დაიდო სამუდამო სამყოფელი. ღამ-ღამობით სოფელში გადადიოდა და საჭმელს იპარავდა, სასმელს, სამოსს, რაც ხელში მოხვდებოდა. სხვანაირად არ იცოდა როგორ გადარჩენილიყო, არავინ ასწავლა როგორ ეშრომა და მოეპოვებინა, პატარა იყო და იმას აკეთებდა რასაც ინსტინქტები გადარჩენისთვის ჰკარნახობდა. ნიაზის შემდეგ ტილიანშმა კოპალა შეიფარა. ბიჭი, რომელიც სახლიდან გამოექცა მშობლებს მუდმივი ჩხუბისა და ცემის გამო. დიდხანს ითმენდა კოპალა მშობლებისგან მიღებულ ტკივილს, ხან ხელები ჰქონდა დალურჯებული, ხან სახე. მთელი სოფელი ხედავდა როგორ ექცეოდნენ ბიჭს მშობლები, მაგრამ ვერავინ ბედავდა ჩარევას. ყველას ეცოდებოდა მაგრამ არავინ იყო მისი მშველელი. იქამდე სანამ ნიაზმა მისი სახლიდან თოკზე გაფენილი სარეცხის მოპარვა არ დააპირა. შემთხვევით დაინახა როგორ ურტყამდა კოპალას მამა და გული მოუვიდა, როგორ შეძლებდა მის ამ მდგომარეობაში დატოვებას?! იცოდა ფიზიკურად ვერას გახდებოდა. დაელოდა როდის დამშვიდდებოდა განრისხებული მამა. შუაღამისას, როდესაც ყველამ დაიძინა ნიაზმა ხელი ჩაჰკიდა სახედასიებულ კოპალას, ცხვირიდან წამსკდარი სისხლი ფრთხილად მოსწმინდა და ტილიანშისკენ გააქანა. ტილიანში ახლა უკვე ერთი კაცის სამყოფელი აღარ იყო. ნიაზი და კოპალა საუკეთესო მეგობრებად იქცნენ, ერთნაირად სძულდათ ადამიანები, ფიქრობდნენ ყველა ცუდი იყო და არავისი ნდობა არ შეიძლებოდა. ღამით ქურდობდნენ. ნაქურდალი ეცვათ, ნაქურდალს მიირთმევდნენ, ნაქურდალით აშენებდნენ სოფელს. ერთ დღეს გადაწყვიტეს რომ ყველა შეეფარებინათ ვისაც კი გარიყულს, დაჩაგრულს ან მიტოვებულს იპოვნიდნენ. ძალიან მალე ტილიანში გაიზარდა და გამრავალფეროვნდა. ყველასგან დავიწყებულ, სიცივით გაჟღენთილი კლდეების შუაგულში უკვე ათობით ადამიანი ცხოვრობდა - ობოლი ტაისია, რომელიც ზემზრუნველმა მამიდამ ოქროს მონეტებში გაცვალა და უცხო ოჯახს გაატანა. ვერ იგუა ბავშვმა ახალი ოჯახი, ხშირად ტიროდა, მერე ჯანმრთელობამ შეაწუხა. გაბრაზდა დედობილ-მამობილი ბავშვის ჭირვეულობით და ქუჩაში გამოისროლა. სოფლის ბაზარში ფეხშიშველა მდგარი ტაისია დიდხანს ითხოვდა მოწყალებას. ტილიანშში კოპალამ წამოიყვანა. რომ გათბა, მეგობრები გვერდით დაიგულა და მიხვდა ტილიანშიდან არავინ გააგდებდა ჯადოქრობის სწავლა დაიწყო, მაგიის, რომელსაც სოფლის დაცვა შეეძლო. როგორც კი უცხო ადამიანები კლდეებს მოუახლოვდებოდნენ ტაისია ნისლებს აუშვებდა და სოფელს იფარავდა. სხვადასხვა სახის ჯადოქრობებს ფლობდა - შეეძლო შელოცვების გაკეთება, უმწეოთა მჩაგვრელებისთვის ტკივილის მიყენება. ელექსირებს ამზადებდა, რომელსაც ქურდობისას სახლში შესული ნიაზი და კოპალა მასპინძლების გასაბრუებლად იყენებდნენ. ტილიანში შეხვდებოდით შვილებისგან მიტოვებულ მოხუცს, რომელსაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა, მეგობრების დაცინვის გამო სახლიდან გაქცეულ მოზარდებს, მარტოხელა დედას რომელიც ოჯახმა ბავშვის გამო უარყო, მკვლელს რომელსაც სიყვარული არავინ ასწავლა, კონტრაბანდისტებს რომლებმმაც თვითგადარჩენისთვის მხოლოდ ეს გზა იპოვნეს, გამყალბებელს რომელსაც ხატვის ნიჭი მასწავლებელმა დაუწუნა და ფუნჯების მიმართ სიყვარულის გამოხატვა მხოლოდ გადახატული, გაყალბებული ფურცლებით შეძლო. კიდევ იყო პატარა გოგონა მართა, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა როგორ იმსხვერპლა მამამ დედა, შეშინებულმა ვერავის გვერდით დაძინება ვეღარ შეძლო და ტყეში დაიკარგა. დაკარგული გოგონა ტაისიამ შენიშნა და თავისთან წამოიყვანა. ასე გაიზარდა ტილიანში, ყველა მიკედლებულს თან მოჰყავდა თავისი მსგავსი. ყველა ერთად ცდილობდა გადარჩენას. ხშირად ისმოდა ტილიანშში სიცილი, მხიარულება, ყვებოდნენ სახალისო ამბებს, ერთად ილხენდნენ და ერთობოდნენ. მხოლოდ ერთმანეთი ჰყავდათ ქვეყნის ზურგზე და სხვა არავინ. ტილიანშის შორი-ახლოს მყოფი სოფლის მაცოვრებლები ვერ ხვდებოდნენ სად იმალებოდა ამდენი დამნაშავე, ან სად ქრებოდნენ ქუჩის უპოვრები. რამდენიც არ უნდა ეძებნათ ავაზაკების სოფელი ვერსად პოულობდნენ. ყოველთვის ნისლი მოეფინებოდა არე-მარეს ან ქარი დაუქროლებდა ან კოკისპირული წვიმა და ღვარცოფი მოვარდეობოდა რომ კლდეებამდე არ მისულიყო არავინ. სოფელი წუხდა, დასასრული არ ჰქონდა ქურდობასა თუ ყაჩაღობას, ხშირად რჩებოდნენ მოტყუებულებიც. სოფლებს სიმშვიდე ენატრებოდათ ტილიანშის მაცხოვრებლებს კი ადამიანების სიყვარული. ტილიანშის ქურდბაცაცებს ყველაფრის მოპარვა შეეძლოთ სხვათა სიყვარულის გარდა, რადგან ადამიანს ან უყვარხარ ან არა, ძალით ვერაფერს გახდები. დაუკმაყოფილებლად იჭრებოდნენ სხვების სახლებში, ყველანაირად ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას, რომ სხვებისთვის შესამჩნევი ყოფილიყო მათი მოქმედებები და ასეც იყო. ყველამ იცოდა მათ შესახებ მაგრამ კარგს არავინ არაფერს ამბობდა. ხანდახან გაუელვებდა ხოლმე ნიაზს გულში ხომ არ მოვიდა დრო სოფელს დაბრუნებოდნენ და ტილიანში ყველასთვის შეეყვარებინათ, მაგრამ ვერ შეძლო. ტილიანშელების გარდა არავინ ეგუებოდა ვინც მასში სიკარგეს დაინახავდა და შეიყვარებდა. ამიტონ დარჩა ტილიანში კლდის ძირას გაფენილ სოფლად, რომელიც იქამდე იარსებებს სანამ უკანასკნელი უარყოფილი ადამიანს არ ჩაიკრავს სოფელი გულში. ყველას გვინახავს დავიწყებული ადამიანები ქუჩაში რომ ითხოვენ მოწყალებას, მიტოვებული ბავშვები თუ მოხუცები, ცემისგან დაოსებულები. მათაც ხომ უნდათ სიცოცხლე, სიყვარული, ზრუნვა? გაუწოდე დახმარების ხელი, რადგან შენ თუ არ მოიქცევი ასე, აუცილებლად იპოვნის რომელიმე ტილიანშელი და თავად შეიფარებს, ცხოვრებას სხვანაირად დაანახებს და ვეღარასოდეს შეძლებს სამყაროს ჭეშმარიტ სიკეთესა და სიყვარულთან თანაზიარობას, რადგან არავინ იქნება მის გვერდით ვინც ადამიანების სიკარგეში დაარწმუნებს. ტილიანში ავაზაკების სოფელია, ყველაზე კეთილი, მაგრამ გაბოროტებული ადამიანებით. თვითგადარჩენის ინსტინქტი ძლიერია. ყველას არ შეუძლია სიკეთით გადარჩეს, ზოგი ავაზაკობით ცდილობს ამას და შენ ეს გიკვირს? იმისთვის რომ ავაზაკობას თავი დაანებონ აუცილებლად სჭირდებათ გვერდით ერთი ადამიანი მაინც, ვინც საკუთარ სიყვარულს უპირობოდ გაუზიარებს და ბოროტების უკან დამალულ მათ ფაქიზ სულებს დაინახავს. გაეცი სულ ცოტა სითბო, ხელი გაუწოდე უმწეოს, ამხილე მჩაგვრელი და რა იცი რა სასწაული მოხდეს შენს თვალწინ. მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანში შეცვლილი სამყარო მალე ტილიანშის პოვნას შეძლებს და მის მიტოვებულ ავაზაკებს, ქურდებს, ჯადოქრებსა და ბოროტმოქმედებს უკან, ჩვენს გვერდით, დააბრუნებს. სიყვარული ყველაფრის გასაღებია. აი, სად უნდა ეძებნათ სოფლის მაცხოვრებლებს გამოსავალი. ტილიანში გასანადგურებლად კი არა თანადგომისა და სიყვარულისთვის უნდა მოეძებნათ. ახლა ჩვენი ჯერია… ლხინი იქა, ლხინი აქა! ფქვილი იქა, ფქვილი აქა!დაკარგული ოცნებების ქვეყანა იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო ერთი გოგონა, თვალებციმციმა და გულკაშკაშა, ზღვისფერი თვალებითა და მიწისფერი თმით, ხორბლისფერი კანითა და ღვინისფერი ტუჩებით. არნახული სილამაზის მქონე გოგონა სოფლის ყველაზე შეძლებულ ოჯახში დაიბადა მაშინ, როდესაც მზის პირველი სხივი დაეცა სარკმელს. დაინახა თუ არა დედამ ბავშვი, ბაგეებს მოსწყდა მისი სახელიც - ლაილა. ასე გაჩნდა სოფლის შუაგულში პატარა ვარსკვლავი, რომლის შესახებაც ყველამ იცოდა, თუმცა, თვალით მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰყავდა ნანახი. რაც დრო გადიოდა ლაილა უფრო მეტ სილამაზეს იძენდა, თითქოს, მთელი სამყაროს მშვენიერება ამ ერთ პაწაწინა გოგონაში იყო მოქცეული. ფუფუნებაში იზრდებოდა ლაილა, არაფერი არ აკლდა, ყველა სურვილს მაშინვე უსრულებდნენ მშობლები. საუკეთესო ჰქონდა სამოსიც და სათამაშოებიც, საკვებიცა და საჭირო ნივთებიც. მშობლები გადაჭარბებული ყურადღებით ზრდიდნენ და მის ყოველ ნაბიჯსა თუ ქმედებას სიფრთხილით აკვირდებოდნენ. ეშინოდათ განსაკუთრებული სილამაზის გამო გოგონა რაიმე შარს არ გადაყროდა, ამიტომ ასწავლიდნენ რომ სამყაროში ბევრი ბოროტი ადამიანი ცხოვრობს და სოფელში თავისუფლად სიარული საშიშია. ისე გავიდა წლები რომ ლაილა არასდროს გამოსულა სახლიდან. ყველაფერი ჰქონდა გოგონას რასაც ინატრებდა, თავისუფლების გარდა. სამყარო მის წარმოდგენებში საშიშ ადგილად ჩამოყალიბდა, მაგრამ ამ საფრთხის განცდაც კი მთელი თავისი არსებით სურდა. დახუჭავდა ხოლმე ლაილა თვალებს და წარმოიდგენდა, როგორ მოგზაურობდა საშიშ სამყაროში ჯადოსნური ფრინველის აღმოსაჩენად. ჯადოსნური ფრინველი გამოირჩეოდა სიდიდით, გრძელი ფრთებითა და მკაცრი იერით. მთლიანად ფერადი ბუმბულებით იყო დაფარული, რომელიც ღამით უღრან ტყეებს ანათებდა. ტყის ბინადრებს მისი მრისხანების ეშინოდათ და იმალებოდნენ, ადამიანის თვალს კი არასდროს ენახა. ლაილა ოცნებობდა მის აღმოჩენაზე და მხოლოდ ამ ოცნებისთვის იყო მზად რომ მთელს სამყაროს დაპირისპირებოდა. ლაილასთან სათამაშოდ მხოლოდ დიასახლისის გოგონა მოდიოდა, რომელიც ყველაფერს უყვებოდა რაც გარშემო ესმოდა. სწორედ მისგან იცოდა ლაილამ რომ სოფელში არის სკოლა, სადაც ბევრი მისი ტოლი ბავშვი სწავლობს. იცოდა რომ სოფლის შუაგულში წყაროა, რომლის გარშემო საღამოობით მაცხოვრებლები იკრიბებიან, უფროსები საუბრობენ, ბავშვები თამაშით იქცევენ თავს. კიდევ იცოდა რომ ხანდახან სოფელში უცხო ხალხი მოდის გასაყიდი ნივთებით. ბევრს უყვებოდა დიასახლისის გოგონა ლაილას სოფლის ყოველდღიურ ამბებს. ის იყო ერთადერთი კავშირი ლაილასთვის ნამდვილ ცხოვრებასა და საკუთარ ცხოვრებას შორის. ყოველ დილით, როდესაც მზის პირველი სხივი დაეცემოდა სარკმელს ლაილა ცას უყურებდა და სახლიდან შორს წასვლაზე, ჯადოსური ფრინველის აღმოჩენაზე ოცნებობდა.. ზუსტად არ იცოდა რისი მოლოდინი ჰქონდა, რასთან მოუწევდა დაპირისპირება, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება სახლს მიღმა, მაგრამ იმას კი აცნობიერებდა რომ საკუთარი ჭიშკრის იქეთ სრულიად სხვა რეალობა ელოდებოდა. ბევრს ფიქრობდა გაქცევაზე, მაგრამ პატარა იყო და მშობლებისგან შეშინებული ვერ ბედავდა ნაბიჯის გადადგმას. ერთ ღამეს სანამ პირველი სხივი სარკმელს დაეცემოდა საშინელმა ხმაურმა გააღვიძა ლაილაც და მთელი სოფელიც. გაუჩერებელი წვიმების გამო ღვარცოფი დაიძრა და სოფელს ზედ გადაუარა. შეშინებულმა სოფლის მაცხოვრებლებმა საკუთარი თავისა და ოჯახების გადასარჩენად ბევრი იბრძოლეს. ლაილამ ადგილიდან განძრევა ვერ შეძლო. მიჩვეული იყო მის გასაკეთებელს ყოველთვის სხვა რომ აკეთებდა, ამიტომ საკუთარ ოთახში დარჩა და ბედს შეეგუა. ტალახმა მისი სახლი მთლიანად დაფარა. რომ ინათა უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, სოფელი გლოვამ მოიცვა, გადარჩენილებმა ერთმანეთის ძებნა დაიწყეს. გაქრა სახლები, ბაღები, ადამიანები და მათთან ერთად დაიმარხა მათ ფიქრები და ოცნებები. დაიღუპნენ ლაილას მშობლებიც, თუმცა გოგონას შესახებ არავინ არაფერი იცოდა. გავიდა რამდენიმე დღე, ერთი, ორი, სამი... ლაილა ისევ საკუთარ ოთახში იჯდა მშიერი, შეშინებული, ბოროტ სამყაროზე ფიქრით დაღლილი. მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ შეძლეს მისი პოვნა. ტალახით დაფარული ოთახიდან გამოყვანილ გოგონას აღარაფერი ჰქონდა საერთო იმ ლაილასთან რაც ღვარცოფამდე იყო. მის სხეულს შიმშილისგან ფერი დაეკარგა, თვალებში სისხლი ჰქონდა და გულში ლოდები. მაშინვე ჩაიხუტა სახლის დიასახლისმა ლაილა, საკუთარ ოჯახში წაიყვანა, დაბანა და საწოლში ჩააწვინა. თვეზე მეტხანს უვლიდა. ყველანაირი იმედი ამოწურული იყო მისი გადარჩენის, როდესაც გოგონამ სიცოცხლისთვის ბრძოლა დაიწყო. აღარაფერი ჰქონდა - ერთ ღამეში გაქრა ოჯახი, რომელიც იცავდა; სიმდიდრე, რომლის წყალობითაც ყველაფერი ჰქონდა; სილამაზე, რომლითაც ასე ამაყობდა. ახლა სიცარიელეს მოეცვა მთელი მისი არსება და არ იცოდა როგორ ეცოცხლა. გაყვა ერთი დღე მეორეს, მეორე - მესამეს. ახლიდან დაფიქრდა ლაილა ცხოვრებაზე. მისი არსებობა დღევადელი დღით შემოიფარგლებოდა და აღარ ფიქრობდა ხვალ რა იქნებოდა. გაქრა მისი ოცნებაც გასცდენოდა საზღვრებს და უღრან ტყეში ეპოვნა ჯადსნური ფრინველი. ახლა დიასახლისის სახლში, ყოველდღიურ რიტმს მიჰყვებოდა - სახლს ალაგებდა, ჭურჭელს რეცხავდა, სარეცხს ფენდა, სადილებს ამზადებდა და ხანდახან საქონლის მოვლაშიც ეხმარებოდა კეთილ შემფარებელს. ღამე დაღლილი იძინებდა და გათენებას მამლის ყივილი ახსენებდა ხოლმე. ერთ დილას მამლის ყივილამდე გაეღვიძა ლაილას, ჯერ კიდევ ბნელოდა. მზის პირველი სხივი რომ დაეცა სარკმელს გოგონას რაღაც გაახსენდა, რაღაც რაც ძალიან დიდი ხნის წინ ინატრა. მზის სხივს ზემოთ გაჰყვა, ნელი, დინჯი ნაბიჯებით მიდიოდა. გზა რომ დასრულდა ლაილა უკვე სხვა სამყაროში იყო. სამყაროში, სადაც წარმოუდგენელი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია. ლაილამ დაკარგული ოცნებების ქვეყანა აღმოაჩინა, ქვეყანა სადაც მიფრინავენ ის ოცნებები, რომელიც ვერ აისრულეს ადამიანებმა, დანებდნენ ან დაავიწყდათ. აქ შეხვდებოდით მდიდარ ღარიბებს, მონადირე გოგონებს, სუპერძალების მქონეებს, ჯადოქრებს, ჯირითის ოსტატებს, მწერლებს, პოეტებს, მოქანდაკეებს, მფრინავ ადამიანებსა თუ ცხოველებისა და ფრინველების ენაზე მოლაპარაკე ბავშვებს. ამ ქვეყანაში ადამიანის ყველა ოცნება შეიძლებოდა გეპოვნათ, რადგან ყველას აქვს გულში დაფარული სურვილი, რომელიც დროის სვლასთან ერთად, რაღაც ძალის ზეგავლენით, დავიწყებას ეძლევა და დაკარგული ოცნებების ქვეყანაში მიფრინავს. იქამდე ინახება იქ, სანამ ოცნების მეპატრონეს რაიმე არ შეაფხიზლებს და არ გაახსნებს რომ არის გულიდან წამოსული სურვილი, რომლის სისრულეში მოყვანასაც მისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია. …და, აი, დგას ლაილა საკუთარი ოცნების წინ, ხედავს დაბურულ ტყეს როგორ ანათებს ჯადოსნური ფრინველი. მისი ფერადი ფრთები სიბნელეში კაშკაშებს და მომაჯადოებელ სილამაზეს ქმნის. დგას და ტირის, სად გაქრა? სად წავიდა ის, რაც ყველაზე მეტად სურდა? ოდესმე გიფიქრიათ რა განცდაა, როდესაც ყველაფერს კარგავ, როდესაც შენი ოცნებები ჰაერში იფანტება. დილით იღვიძებ და აცნობიერებ რომ იმდენად ხარ მოცული სამყაროს ქაოსით, საკუთარი ტკივილითა თუ პრობლემებით, რომ აღარ გახსოვს რაზე ოცნებობდი მთელი ცხოვრება. უმიზნოდ მიაბიჯებ დღიდან დღემდე. ბედნიერი რომ არ ხარ აცნობიერებ, მაგრამ არ გახსოვს ეს ბედნიერება სად დაგეკარგა. წარმოგიდგენია როგორია უოცნებო ადამიანის ცხოვრება, რომელმაც არ იცის სად მიდის და უბრალოდ დინებას მიჰყვება, დღიდან დღემდე?!... მზის სხივი გაწყდა, დაკარგული ოცნებების ქვეყანა ლაილასთვის დაიხურა. სარკმელზე მეორე სხივი გამოჩნდა, მესამე, მეოთხე. გათენდა. დიდხანს იჯდა ლაილა გარინდებული. საკუთარი სახლი დიასახლისის სახლმა შეცვალა, მიხვდა რომ ისევ ბორკილებდადებული ცხოვრობდა და საკუთარ თავს სილაღის უფლება მერეც ვერ მისცა. ნანობდა ერთი სიცოცხლის ასე გატარებას, ერთი ოცნება ჰქონდა და ისიც დაავიწყდა, რადგან მხოლოდ მომხდარ ტრაგედიაზე, საკუთარ დანაკლისზე, სამყაროს ბოროტებასა და მის გულში გაჩენილ უძირო შიშებზე ფიქრობდა. დაკარგული ოცნებების ქვეყანა რომ იხილა, მის სულში საინტერესო პროცესები დაიძრა. ახლა ისევ ახსოვდა საით მიიწევდა ყოველთვის მისი გული. წამით შიშები უკუაგდო, ადგა და სახლის კარი გამოაღო, ეზოში გავიდა, ეზოდან - გზაზე და გასცდა სოფელს. მისთვის ყველაფერი უცხო და ამოუცნობი იყო, თუმცა არცერთი წუთით არ გაჩერებულა. განა იმიტომ რომ აღარ ეშინოდა. უბრალოდ გააცნობიერა, რომ შიშებს თუ არ დაუპირისპირდები, ვერასოდეს შეძლებ ნაბიჯების გადადგმას, ერთ ადგილას ჩაკეტილი კი ვერასოდეს მიაღწევ მიზანს. მას შემდეგ დადის ლაილა და მოგზაურობს. ზუსტად არ იცის სად უნდა იპოვნოს ის ტყე, სადაც ჯადსნური ფრინველი ცხოვრობს, მაგრამ მთავარია რომ მოძრაობს. გზა თავად უჩვენებს მიმართულებას. სამყაროს ბორტებასაც სწავლობს და სიკეთესაც. მართალია თავს სულ ახსენებს მშობლების შიშნარევი დარიგეგებიცა და მომხდარი ტრაგედიაც, მაგრამ აღარ სურს ერთადერთი ოცნების დაკარგულ ქვეყანაში გაშვება. მტკიცედ აქვს გულში ჩაკრული საკუთარი სურვილი და ასე ცდილობს სამყაროს შეუცნობლის შეცნობას, იმ ტყის აღმოჩენას სადაც ოცნების ფრინველს იპოვნის. ასეა, ხანდახან ადამიანები ყველაფრის დაკარგვის შემდეგ პოულობენ ახალ სამყაროს. ზოგ ადამიანს ცხოვრებისადმი შიში აქვს შთაგონებული, ვიღაცაზე ზედმეტად ზრუნავენ, ვიღაც პირიქით, მიატოვეს და მარტოს უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს, არსებობს ოცნება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად უნდა იქცეს. გახსოვდეს, იმისათვის რომ ბედნიერად იცხოვრო ოცნება უნდა გქონდეს, რომლისთვისაც აუცილებლად იბრძოლებ. თუ მაინც დაგავიწყდება, სამყარო არ დაივიწყებს, დაკარგული ოცნებების ქვეყანაში დაგელოდება ის, რასაც შეუძლია გაგაბედნიეროს. აუცილებლად გამოჩნდება რამე ან ვინმე, რაც დაკარგულს გაგახსენებს და ბრძოლას გაიძულებს. იმისთვის რომ გაიმარჯვო ნაბიჯების გადადგმა უნდა ისწავლო, შიშების მიუხედავად. ერთ დილას მზის სხივს დაასწარი გაღვიძება და მზისკენ გაჰყევი, როგორც კი შენი ოთახის სარკმელს დაეცემა, ასე შეძლებ დაინახო ის, რასაც შენი ცაში აფრენა შეუძლია. ლხინი იქა, ლხინი აქა; ფქვილი იქა, ფქვილი აქა!!! სარეველა იყო და არა იყო რა, ღვთსის უკეთესი რა იქნებოდა?! გვიანი შემოდგომის ქარიან საღამოს უკანასკნელი ხმელი ფოთოლი რომ მოსწყდა ტოტს, სოფიომ ბუხარში დარჩენილ ნაკვერჩხალს წვრილი კარტოფილები ჩააყარა და შესაწვავად ზემოდან ცხელი ნაცარი წააყარა. მერე ბავშვებს სუფთა სამოსი ჩააცვა, ხელ-პირი დაბანა და ბუხრის გვერდით ტახტზე ჩამომჯდარმა ზღაპრის მოყოლა დაიწყო. პატარები სულგანაბულები ისმენდნენ როგორ ებრძოდა ბოროტი ჯადოქარი ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთა სამეფოში მცხოვრებ ადამიანებს. სოფიო მთელი სიმძაფრით უზიარებდა შვილებს სიკეთისა და ბოროტების ჭიდილს. თვალებს აცეცებდნენ პატარები, თან დედას უსმენდნენ თან ნაკვერჩხალს მისჩერებოდნენ მოშიებულები. ამბის თხრობაში დრო მალე გავიდა, სოფიომ ნაკვერჩხალი გაქექა და შემწვარ კარტოფილს ნაცარი ჯერ ხელით, შემდგომ კალთის ბოლოებით გადააცალა და შვილებს გაუნაწილა. ქარი ზუზუნებდა ღრიჭოებში. შვილებს მატყლის საბანი დააფარა, თავადაც გვერდით მიუწვა და ღამეს გამეფება აცადა. მალევე დაზამთრდა, უკანასკნელი ფოთოლის ჩამოვარდნას პირველი თოვლი მოჰყვა. სიცივე. შეშის ნაკლებობის გამო სოფიო ბუხარს მხოლოდ დილით ადრიანად და გვიან საღამოს ანთებდა, შეციებულ ბავშვებს თავისივე მოქსოვილ თბილ წინდებსა და სვიტრებს აცვამდა, ცდილობდა ბავშვებს გაჭირვება არ ეგრძნოთ. მატროხელა დედისთვის რთული იყო სიდუხჭირესთან გამკლავება. დღეებიც ისე ნელა მიჰყვებოდა ერთმანეთს. ხშირაად ფიქრობდა სოფიო როდის გაიზრდებოდნენ ბავშვები, გვერდში ამოუდგებოდნენ და ერთად გაუმკლავდებოდენ ცხოვრების ავკარგიანობას. არ აღმოჩნდა სამყარო სიფიოს მიმართ კეთილი. სოფელში სენი გავრცელდა და ბავშვებს დაერია. ზოგმა შეძლო და სხვა სოფელში გადახიზნა პატარები. სოფიოს არსად ჰქონდა წასასვლელი და სხვა გაჭირვებულ ოჯახებთან ერთად დარჩა სოფელში. დაავადებას ბალახეულით ებრძოდა, მფარველ ანგელოზს შვილების გადარჩენას ევედრებოდა. ერჩივნა მათთან ერთად დაეხუჭა თვალები ვიდრე შვილების გარეშე ერთი დღე მაინც ეცხოვრა. დიდხანს იბრძოლა სოფიომ, ძალიან დიდხანს. თავის ლუკმას შვილებს უნაწილებდა, გახდა, გაილია ცალკე შიმშილითა და ცალკე დარდით. ვერაფერი შეძლო. უძლური აღმოჩნდა. გაზაფხულზე, პირველი ყვავილებით მორთული მიწა მარტომ ამოთხარა და საკუთარი სისხლი, ხორცი, სული და გული დამარხა. რიღასთვის უნდა ეცოცხლა? რაღა აზრი ჰქონდა დღეებს მზიანი იქნებოდა თუ ავდრიანი? იცოდა სოფიომ ძალით თავს რომ ვერ დაისამარებდა და დაჰყვა სამყაროს სურვილს. უდიდესი ტკივილი ჯავშნად შემოიცვა და ცხოვრების ერთადერთ მიზნად შვილების სამუდამო სამყოფელის გაფრთხილება დაისახა. დარაჯად იქცა სოფიო, მტკიცე ფარად, რომელიც ყველასა და ყველაფერს წინ აღუდგება ოღონდ შვილების საფლავს არაფერი მიეკაროს. იცავდა შვილების სამყოფელს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მერე თავადაც შეუერთდა დიდი ხნის წინ დაკარგულ ოჯახს. სარეველად იქცა. ყველაზე ძლიერ, ამოუძირკვავ მცენარედ, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა ამოთხარო ვერ მოსპობ. იქ სადაც სარეველა ხარობს მიწა ძვირფასია, რადგან ნებისმიერ ფასად უნდა მოეჭიდოს მიწას და დაიცვას ის რაც მიზნად დიდი ხნის წინ დაისახა. ეს მისი მთავარი დანიშნულება და ანდერძად ბოძებული განაჩენია. ასეა, სამყაროს ყველა ფორმას თავისი არსი და მნიშნვნელობა აქვს. უმიზეზოდ არაფერი მოუვლენია გამჩენს. გიყვარდეს ის რაც გარშემოა, მაშინაც კი თუ მისი პირვანდელი არსი არ იცი. ლხინი იქა, ლხინი აქა! ფქვილი იქა, ფქვილი აქა! პეპლების მწყემსი იყო და არა ყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! ქუჩაში ხშირად მოკრავდით თვალს გოგონას, რომელიც ამოუცნობი მზერით დააბიჯებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ამინდს, თოვლშიც შეგეძლოთ მისი შემჩვენა და წვიმაშიც, მზეშიც და ქარშიც, გაზახულზეც და ზაფხულშიც, შემოდგომაზეც და ზამთარშიც, დღისითაც და ღამითაც. არავინ იცოდა, რისთვის დადიოდა ამდენს გოგონა. რა დარდი თუ სიხარული ჰქონდა გულში, რამეს ეძებდა თუ დავიწყება უნდოდა. უბრალოდ დადიოდა, არც ვინმეს აწუხებდა და არც ახარებდა. ქალაქის მაცხოვრებლები ერთხანს აკვირდებოდნენ, საუბრობდნენ, განიხილავდნენ, მერე ყველას მოსწყინდა, უბრალოდ, შეხედავდნენ ხოლმე მოხეტიალე გოგონას და გვერდით ჩაუვლიდნენ. ამბავი კი ასე იყო, გოგონას ერთხელ სიზმარში ცხადი ენახა და ცხადში სიზმარი. პეპლების მწყემსი იყო. დიდი მწვანე მდელო, რომელსაც ლურჯი ცა დაჰყურებდა და ნაირ-ნაირი ყვავილებით იყო შემკული, ფერადი პეპლების სახლად ქცეულიყო. აქ იყვნენ პეპლები სხვადასხვა ზომისა და ფორმის, ჭრელები, ღაჟღაჟებიი, ნაირფერები.. გოგონა ხან ერთ პეპელას დაედევნებოდა, ხან მეორეს და როგორც კი პეპელას ხელს შეახებდა მყისვე მოგონებად გადაიქცეოდა. ყველანაირ მოგონებას მოეყარა მდელოზე თავი: პატარა ცისფერკუდა პეპელა ის მოგონება იყო, გოგონა პირველად რომ შევიდა სკოლაში; წითელი პეპელა პირველ კოცნას იმახავდა, მწვანე პეპელა ქუჩაში ნაპოვნი ლეკვის ანარეკლი იყო, რომელიც გოგონას საუკეთესო მეგობრად გადაიქცა; ყვითელი პეპელა ბებოს მოფერებას ინახავდა. იყვნენ ჭრელოპეპლები სხვადსხვა მოგონებებით: პირველად ნანახი ცისარტყელით გამოწვეული აღტაცება; ცხენზე ჯირითით აღმოჩენილი ახალი ემოციები; დაჭერობასას თამაშით დაღლის შემდეგ წყაროს წყლით გაგრილებული გული; ის კაბა გულით რომ უნდოდა და დაბადების დღეზე შეუკერა დედამ; მამას მოყოლილი ზღაპრები ძილის წინ; ბავშვობის სიყვარული; შხაპუნა წვიმა ზაფხულის გვალვების დროს; მდინარეში დაჭერილი თევზი და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი ისეთი მოგონება, რომელიც ერთი შეხედვით აღარც კი ახსოვდა რომ მის ცხოვრებაში მოხდა. მდელოზე უამრავი პეპელა დაფარფატებდა და ყველა ბედნიერ მოგონებას ინახავდა. გოგონა მწყემსი იყო, პეპლების მწყემსი, რომელსაც შეეძლო მოგონებები მაშინ ამოეტანა ცნობიერებაში, როდესაც ადამიანს ყველაზე მეტად უჭირდა. ცუდი მოგონებები უფრო დიდხანს რჩება გონებაში, ტკივილის დროს იშვიათად ახსენდებათ ადამიანებს ბედნიერი მომენტები, ამიტომაა საჭირო მწყემსი, რომელიც ზუსტად მიხვდება რა სჭირდება ადამიანს და იმ პეპელას მოუფრებნს თვალწინ. იმ დღე-ღამის გასაყარზე გოგონამ მხოლოდ საკუთარი პეპლების მდელო იხილა და თავის პეპლებს მიუთითა გზისკენ, თავადაც ხომ ცხოვრების ყველაზე ტკივილნარევ მონაკვეთში იმყოფებოდა. სწორედ დარდმა აღმოაჩენინა ჯადოსნური სამყარო, რომელიც ცხადში სიზმარს ჰგავდა და სიზმარში ცხადს. იმ დღის მერე განსაკუთრებული ნიჭი მიეცა პეპლების მწყემსს. ბევრს დადიოდა ქალაქში, ყველას ტკივილსა და ბედნიერ ეპიზოდებს ხედავდა. ხვდებოდა, რომელი მოგონებით უნდა ეშველა მათი სევდისთვის. დაინახავდა როგორ განიცდიდა მიღებულ ორიანს პატარა ბიჭუნა და მაშინვე სიზმრად მიუფრენდა იმ პეპელას, რომელიც გაახსენებდა, როგორ გაუხარდა დედას სახლის საქმეებში რომ მიეხმარა. სიზმარში აედევნებოდა ბიჭუნა პეპელას და გაღვიძებისას გააცნობიერებდა რომ მთავარი სკოლაში მიღებული ნიშანი არ არის, საუკეთესო ადამიანი რომ იყო. ახლა მეეზოვის გულისტკივილს დაინახავდა, როგორ განიცდიდა ფოთლებით გავსებული ქუჩების დასუფთავებას რომ ვერ ასწრებდა. მიუფრენდა ჭრელოპეპელას სიზმარში და გაღვიძებულზე მეეზოვეს გაახსენდებოდა ის ადამიანები, რომლებიც ქუჩების დასუფთავებისთვის მადლობას უხდიდნენ. უფრო გულმოდგინედ გააგრძელებდა საქმეს. იყო უფრო დარდიანი და ტკივილიანი ბებია მართა, რომელსაც ქმარი გაეცილებინა იმიერში და სიცოცხლის ღიმილი თავადაც დაეკარგა. მასთან ბევრ პეპელას გზავნიდა პეპლების მწყემსი. ყველა მოგონება გულოდგინედ შეეგროვებინა მდელოზე და ყოველ ღამე სიზმრებად უგზავნიდა მართა ბებიას. ასე უფრო ხელშესახები იყო მისი ცხოვრების სიყვარული და ტკივილს უმსუბუქებდა. განსაკუთრებით ობოლ მათეზე დარდობდა მწყემსი. პეპლების მდელოზე არცერთი პეპელა არ იყო, რომელიც მისი მშობლების მოგონებას ინახავდა. უგზავნიდა სიზმრებად პეპლებს, რომლებიც მარტოობაში ნაპოვნ ბედნიერებას ახსენებდა. მაგალითად ის დღე პირველად რომ შეძლო ხეზე ასვლა და კნუტის ჩამოყვანა; როდესაც ეზოში ბავშვებმა მოილაპარაკეს და მათეს ერთად აჩუქეს საახალწლო საჩუქარი; კიდევ იყო მოგონებები ტყეში ნაპოვნ საიდუმლო გამოქვაბულზე, დარგულ და გახარებულ ხეზე, ზამთარში გუნდაობის შემდეგ სახლში აგუზგუზებულ ფეჩის სითბოსა და ბებოს მომზადებულ ერბოკვერცხზე. პატარა იყო მათეს მოგონებები, მაგრამ პეპლების მწყემსი არ ნებდებოდა და ფერად-ფერადი მოგონებებით მათეს სიზმრებიდან ცხადს აფერადებდა. მთელი დღე დადიოდა მწყემსი ქალაქში და აგროვებდა ყველას დარდსა და ტკივილს, ხოლო ღამით პეპლებს უგზავნიდა სიზმრებად და მივიწყებული ბედნიერი ეპიზოდებით მათი პრობლემების შემსუბუქებას ცდილობდა. იცოდა პეპლების მწყემსმა რამხელა ძალა აქვს სწორ მომენტში გახსენებულ ბედნიერ ეპიზოდებს, იცოდა და ყველაფერს აკეთებდა რომ ადამიანებს თავი უეთესად ეგრძნოთ. რამდენ ადამიანსაც შეუმსუბუქებდა ცხოვრებას იმდენი პეპელა მიფრინავდა მის საკუთარ მდელოზე. ახლა მისი ჯადოსნური სამყარო მთელი ქალაქის სიხარულს ინახავს. რაც არ უნდა მოხდეს ქალაქი არასოდეს მიეცემა საყოველთაო დარდსა და წუხილს. პეპლების მწყემსი გზას მიუთითებს მდელოზე მოფარფატე პეპლებს, ისინიც დაიქნევენ პაწია ფრთებს, სიზმრებად ესტუმრებიან შეღონებულ ადამიანებს და დილით, ყველას გაახსენდება რამხელა ძალა აქვს სიხარულს. ყველაფერს გააკეთებენ რომ ცხოვრება განაგრძონ და კიდევ ბევრი მოგონება დააგროვონ. ჰოდა, როდესაც ქალაქში პეპელას შეამჩნევთ, სიხმარია ეს თუ ცხადი, გახსოვდეთ რომ ის მწყემსმა გამოგიგზავნათ. უკან მიედევნეთ და იქ დაგაბრუნებთ სადაც ყველაზე ბედნიერად გრძნობდით თავს. სიხარული ყველაფრის საწყისია. იქ სადაც ადამიანს ბედნიერი მოგონებები აქვს, ყოველთვის ექნება ძალა, რომ ტკივილი სიხარულად აქციოს. ამაში კი პეპლების მწყემსი დაეხმარება. ლხინი იქა, ლხინი აქა! ფქვილი იქა ფქვილი აქაა!კოღოს ფიქრები იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, სამყარო სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა. ამწვანებული მინდვრები, გაუვალი ტყეები, ოკეანეებით დაშორებული მიწები, არანაირი კომუნიკაციის საშუალებები და სამყაროს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტული ადამიანები. იყვნენ ტომები, რომლებმაც ხეტიალის შემდეგ შეისისხლხორცეს კონკრეტული ადგილები და სამუდამო სახლები ააშენეს, თუმცა მეორეს მხრივ შეხვდებოდით ისეთ ტომებსაც, რომლებიც მუდმივად მომთაბარეობდნენ საკუთარი სამყოფელის აღმოსაჩენად. ასე, ხანდახან, გამოჩნდებოდნენ ხოლმე მაძიებელი, რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ ერთმანეთზე. ერთხელ ტყის პირას გაშლილ ვეებერთელა მდელოებზე ერთმანეთს ორი მომთაბარე ტომი შეხვდა. ერთი ძალზეც მხიარული იყო, ფერადი სამოსით დაფარული, მათ ცეკვასა და სიმღერას გაჰქონდა არემარე. მეორე - ჩუმი, უხმო, შავნაცრისფრად შემოსილი, კაციშვილი რომ ვერ გაიგებდა მათ ფიქრსა და ნაუბარს. შეხვედრა ყველაზე უხერხული და საკვირველი იყო. ერთმანეთის წინ იდგა ორი ტომი და ვერაფრით გაეგოთ, როგორ გაეგრძელებინათ გზა. დაბანაკდნენ. არის სამყაროში ფარული ძაფები, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა იყოს ერთი მეორესაგან, მაინც იზიდავს და შორს არ უშვებს. ასე მოხდა მაშინაც. ტაშფანდურა და უტყვი ტომები ერთ მდელოზე გაიშალნენ და ერთმანეთის დაკვირვება დაიწყეს. რამდენიმე დღე უბრალოდ ერთმანეთს უცქირეს და ნაბიჯები არცერთს გადაუდგამს. მერე ისევ ბავშვებმა იმარჯვეს და ტაშფანდურა ტომის პატარა ცეროდენები უტყვი ტომის შეყუჟულ ბავშვებს მიეჭრნენ ფერადი სათამაშოებითა და მხიარული ყიჟინით. ბავშვის გულსაც სხვა რა უნდა?! აწკრიალდა შავნაცრისფერ ბავშვებში გართობის დაუოკებელი სურვილი და ორ ტომს შორის სივრცე პატარების თამაშმა ამოავსო. კიდევ უფრო მეტი დრო რომ გავიდა უფროსებმაც გადადგეს ნაბიჯები: ერთ ენაზე ამეტყველდნენ, ერთმანეთთან საკუთარი გამოცდილების გაზიარება დაიწყეს და ურთიერთობების ჩამოყალიბებას საინტერესო მიმართულება მიეცა. აღმოჩნდა რომ ტაშფანდურებს ცხოვრების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ, ყველა მარცხს ისევე იღებდნენ, როგორც წარმატებას, ყველა ადგილიდან მათთვის სასარგებლო ნივთები და გამოცდილება მოჰქონდათ, არ დარდობდნენ რომ ვერსად დაიბანაკეს სამუდამოდ და იმედიანად ეძებდნენ ახალ ადგილებს. ხოლო უტყვი ტომი წარუმატებელმა გამოცდილებებმა გააშავნაცრისფერა. დარდობდნენ ამდენხანს რომ მოუწიათ უმისამართოდ სიარული, მოხუცებს ძალა ელეოდათ, ბავშვები იღლებოდნენ ახალ-ახალი ადგილებით, მათ გულებში მხოლოდ დარდი და სევდა იყო, ვეღარ ამჩნევდნენ გზად რამდენი ფერადი პეპელა, რაკრაკა მდინარე თუ სურნელოვანი ყვავილი ხვდებოდათ. გარდაქმნის ამ უსასრულო და საინტერესო პროცესში განსაკუთრებით დამეგობრდნენ ტაშფანდურების ჯინჯიკო და უტყვების დარდია. ხშირად ნახავდით ამ ორს ტყის პირას ჯირკვზე ჩამოსკუპებულს. ჯინჯიკო დაუღალავად უყვებოდა თავისი ტომის თავგადასავლებზე. რამდენი მდინარე და ველი გადმოიარეს, როგორ ცეკვავდნენ წვიმაში ტალახიანი ფეხებით, რა სასიამოვნო იყო ადიდებული მდინარეების ყურება და ბუნების ძალების დემონსტრირებით გამოწვეული აღფრთოვანება. დარდია კი უზიარებდა, როგორ შეეშინდათ პირველი მიწისძვრის დროს, როგორ იყუჟებოდნენ გამოქვაბულში ჭექა-ქუხილის დროს, როგორ უსისხლიანდებოდათ ფეხები გაუდაბნოებულ ადგილებში სიარულისას და როგორ ენატრებოდათ მზის ჩრდილი. ორივე მათგანის ცხოვრება ერთნაირად მომთაბარეობას მოიცავდა, მაგრამ მათი გამოცდილებები და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. დროთა განმავლობაში დარდიამ სიცილი ისწავლა, თამაში, ცეკვა და სიმღერაც კი. ჯინჯიკო კიდევ დაფიქრდა, რამდენად საჭიროა ხანდახან სიფრთხილე, ფიქრი, წარსულის გათვალისწინება და ახალი ნაბიჯების ისე გადადგმა. შეუყვარდათ და დამეგობრდნენ ორი განსხვავებული ტომის ცეროდენები. დრო გადიოდა, ტაშფანდურებს კიდევ ჰქონდათ გულში განცდა რომ საკუთარი სახლი ჯერ არ ეპოვნათ, უტყვებს კი უფრო უსაფრთხო ადგილი უნდოდათ აღმოეჩინათ. ასე გადაწყვიტა ორივე ტომმა ტყე და მის წინ გაშლილი ვეებერთელა მდელო დაეტოვებინა. უტყვები ჰაესკენ წავიდნენ, ტაშფანდურები ჰოესკენ. დიდხანს უყურეს ჯინჯიკომ და დარდიამ ერთმანეთს, განშორება არ უნდოდათ, ერთმანეთისთვის ხომ კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ გასაზიარებელი და ახალი სამყაროს აღმოჩენასაც ერთად გეგმავდნენ. მაგრამ პატარები იყვნენ, ვერც მარტო გადარჩებოდნენ ველურ სამყაროში და ტომსაც ვერ მოსწყდებოდნენ სამუდამოდ. დაემორჩილნენ გადაწყვეტილებას და გაიყო მათი გზები. არასდროს შეუწყვეტიათ ჯინჯიკოსა და დარდიას ერთმანეთზე ფიქრი, სულ ენატრებოდათ ერთად გატარებული დღეები, ბევრს ფიქრობდნენ ერთმანეთზე და წლების შემდეგ, როდესაც ორივე ტომმა საბოლოოდ იპოვა საკუთარი ადგილი და მომთაბარეობას თავი დაანება, ორივემ საკუთარი გზის გაყოლა გადაწყვიტა. გამოემშვიდობნენ ოჯახს, ტომს, ადგილობრივ მეგობრებს და ერთმანეთის ძებნა დაიწყეს. მაგრამ აღარ ახსოვდათ რამდენად უსასრულოა სამყარო და როგორი რთულია ორმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვნოს. დარდია ჰოესკენ გაემართა, ჯინჯიკო ჰაესკენ. ყველა გამვლელსა და შემხვედრს ერთმანეთზე ეკითხებოდნენ. მოიარეს მთა და მდელო, ზღვები და ოკეანეები, ტბები და მდინარეები, ტყეები და ბუჩქნარები, მაგრამ ვერ იპოვნეს ერთმანეთი. გაუჩერებლად დაიწყეს კითხვების დასმა შემხვედრებისთვის - “ხომ არ გინახავთ?” ასე გააბრუეს და შეაწუხეს ყველა ადამიანი, ვინც კი გზად ხვდებოდათ. დრო გავიდა, ძალიან ბევრი დრო გავიდა და ვერც კი მიხვდნენ მათი არსება როგორ გარდაიქმნა სხვა სხეულად - ნელ-ნელა დაპატარავდნენ, ამსუბუქდნენ, ფეხები გაუნამცეცდათ, ფრთები გამოესხათ და ხმამაღლა წუილი ისწავლეს. შეიცვალა მათი ცხოვრების სტილიც, ახლა უკვე ყურებთან ეჭრებოდნენ განურჩევლად ყველა ადამიანს და ჩასძახოდნენ “ხომ არ გინახავს?”. პასუხად მიღებული ხელისაქნევა ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. დაიწყეს სასოწარკვეთილმა კოღოებმა შემაწუხებელი ფრენა, ადამიანების ყურებთან წუილი, ხვეწნა-მუდარა რომ ერთმანეთის პოვნაში დახმარებოდნენ. რაც მეტად ინდომებდნენ ადამიანებთან ლაპარაკს, უფრო სასტიკი იყო მათდამი გაცემული პასუხი, ხელის მოქნევა და ტაშის ერთი შემოკვრით სიცოცხლის გამოსალმების მცდელობები. გაბრაზდნენ კოღოები, ვინც უარი უთხრა დამხმარებაზე და ხელი მოუქნია ყველა დაკბინეს, რათა დიდხანს ხსომებოდათ, როგორ უარყვეს და ზურგი აქციეს მას, ვინც საუკეთესო მეგობარსა და სულის ნაწილს ეძებს. რამდენმა წყალმა ჩაიარა მას მერე აღარავის ახსოვს. აღარც ჯინჯიკო წუის დღეს ჩვენს ყურებთან და აღარც დარდია. მაგრამ ანდერძად დარჩათ კოღოებს, რომ ერთმანეთს ეძებენ, საუკეთესო მეგობარს ეძებენ და დღემდე შველას ითხოვენ. დაუღალავად დაფრინავენ, ხმაურობენ და გვახსენებენ რომ ამ უკიდეგანო სამყაროში საკუთარი სულის მეორე ნახევარი სჭირდებათ არსებობისთვის, გვეხვეწებიან რომ გზა ვაჩვენოთ, რადგან ცხოვრების სრულყოფისთვის ჯინჯიკოები და დარდიები სჭირდებათ. აცნობიერებენ რომ აკლიათ ის, რაც ძალიან დიდი ხნის წინ დაკარგეს. ადამიანებიც ხომ ასე ვართ, ხშირად ვეძებთ უხილავს, უცნობს. გვაქვს განცდა რომ გვაკლია ის, ვისაც არასდროს შევხვედრივართ, ის - რაც არასდროს გვინახავს. და ეს ყველაფერი იქნებ იმიტომ რომ წარსულში, ძალიან დიდი ხნის წინ, ჩვენც დავკარგეთ სულის ნაწილები და დღემდე ვცდილობთ ამ სიცარიელის ამოვსებას. ვიცნობთ განსხვავებულ ადამიანებს, ვსტუმრობთ ახალ ადგილებს და მუდმივად აღმოჩენებისკენ მივისწრაფვით. გიფიქრიათ რატომ? ჰოდა, რამდენჯერაც ყურებთან კოღო აწუილდება, სანამ ტაშს შემოჰკრავთ და მის სიცოცხლეს კბენისა და ხმაურისთვის იმსხვერპლავთ, დაფიქრდით, იქნებ თავადაც ასე აბეზრად ცდილობთ საკუთარი თავის სრულყოფას?! სამყაროში ყველაფერი ბალანსდება ადრე თუ გვიან და მჯერა რომ ჯინჯიკოები და დარდიები აუცილებლად იპოვნიან ერთმანეთს, ისევე როგორც შენ იპოვნი შენი სულის მეორე ნაწილს. ლხინი იქა, ლხინი აქა; ფქვილი იქა, ფქვილი აქა!!ფიქრისგორა იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! სოფლის პატარა სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. შვილები რომ დააბინავეს და შვილიშვილები გულში ჩაიკრეს, სოფელში დაიდეს ბინა. ეზოში ყვავილები დარგეს, ბაღში - ხეხილი. ვენახის ძირები გაახარეს და სეზონზე ბოსტნეულის მოყვანა დაიწყეს. ზამთრისთვის შეშას ტყიდან იმარაგებდნენ, წყალს წყაროდან ეზიდებოდნენ. დილით ერთად საუზმობდნენ, მერე საქონელი იყო მისახედი, ქათმები, კურდღლები, პატარა ძაღლი მურა, სახლის საქმეები და დღე ისე გადიოდა ვერც კი ხვდებოდნენ. საღამოს ჩაის სვამდნენ ერთად, იცინოდნენ, შვილებზე ფიქრობდნენ, შვილიშვილები ენატრებოდათ. ასე მიჰყვებდა ერთი დღე მეორეს, არდადეგებამდე. ზამთრის არდადეგები, ხანმოკლე მაგრამ ხალისიანი იყო ხოლმე. შვილიშვილების მოლოდინში გული უფანქცალებდა მოხუც ცოლ-ქმარს. ერთ ზამთარს მხოლოდ თინია ესტუმრა ბებო-პაპას. გულში ჩაიკრეს საყვარელი შვილიშვილი. მთელი საღამო არ გაჩუმებულა თინია. სკოლის ამბებს ყვებოდა, მეზობლის ბავშვებსა და მშობლებზე ტიტინებდა. ნამგზავრსა და დაღლილს მალე ჩაეძინა ბებოს კალთაში. დილით ბებომ გააღვიძა:- თოვლი მოვიდა თინია.- რა? ძილში დაიჩურჩულა პატარა თინიამ.- თოვლი მოვიდა. ნელა და გაწელილი სიტყვებით გაუმეორა ბებომ.- მატყუებ. არ უჯერებდა პატარა ქალბატონი.- ადე, აბა ფანჯარაში გაიხედე.წამოხტა თინია და ფანჯრისკენ გაიქცა. ბებოს უკვე აეგუზგუზებინა ფეჩი, შეშა ტკაცუნით იწვოდა. სუნთქვაშეკრული მიცუნცულდა თინია ფანჯარასთან, სწრაფად გადაწია ფარდა გვერდით და თვალწინ ნამდვილი ზღაპარი დახვდა. არემარე მთლიანად თეთრი იყო: ეზო, ხეები, გარშემო სახლები, ყველაფერი თოვლს დაეფარა. პაპას უკვე მოესწრო და კიბეზე თოვლი გადაეხვეტა. თინიამ სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი და ყური აღარ დაუგდო ბებოს, რომელიც თოვლში თამაშამდე ჯერ ფეჩზე ადუღებულ პიტნის ჩაისა და ერბოკვერცხს სთავაზობდა. მთელი დღე გუნდაობაში გაატარა თინიამ, ხან პაპას აეტორღიალა, ხან ბებოს, ხანაც მურას. სველ ტანსაცმელს სახელდახელოდ ჩამოუფენდა ბებია ფეჩთან. გაშრებოდა თუ არა ხელთათმანები ქუდი და ქურთუკი, ისევ გარეთ გარბოდა თინია სათამაშოდ. მოხუცებიც არაფერს უშლიდნენ, უყურებდნენ და გული სიხარულით ევსებოდათ. ზაფხულშიც ჩამოვიდა თინია არდადეგებზე. ბებომ ნამგზავრს დიდ ტაფაში შეწვარი კარტოფილი და ტყემალი დაახვედრა. ზაფხულის არდადეგები ხანგრძლივი იყო, ნელ-ნელა სხვა შვილიშვილებიც ესტუმრნენ ბებო-პაპას. ახმაურდა და გახალისდა მოხუცების სახლი. ხან სიცილი ისმოდა, ხან ბავშვების ყიჟინა, ხანდახან ჩხუბი. წრეშიბურთი, დაჭერობანა, დახუჭობანა და წუწაობა. თამაშის გარდა ბოსტანში ბებოსთან ერთად სიარულიც უყვარდა თინიას. მოწყვეტდა კიტრს და იქვე შეექცეოდა გემრიელად. - “რათ უნდა ბებო გარეცხვა, შენმა ხელებმა არ მოიყვანა?” - გადაიკისკისებდა ხოლმე, როცა ახსენდებოდა დედის დარიგება, ჯერ გაერეცხა და მერე ეჭამა. ხის კენწეროებზე ძვრებოდა ვაშლის, ტყემლისა თუ ალუჩის მოსაკრეფად. ქვემოდან შესცქეროდა ბებო და კარნახობდა რომელ ტოტს უფრო მეტი ნაყოფი ესხა ჩამოსაკრეფად. მხიარული იყო თინიას არდადეგები. ერთ დღეს ქორმა წიწილა მოსტაცა ბებიას. მოაგროვეს დანარჩენები, გადათვალა ბებომ წიწილები, მხოლოდ ერთია დაკარგული - “ბუ”. ბუ თინიამ დაარქვა ერთ წიწილას, რომელიც განსაკუთრებულად მოსწონდა. მთელი ღამე ტირილში გაატარა. ბებო ამშვიდებდა - “ესაა ბებო ბუნების კანონი, ძლიერი ქორი სუსტ წიწილას მოერია და წაიყვანა”. პატარა იყო თინია და იმაზე ფიქრი რომ ქორმა წიწილა შეუჭამა გულს უწვავდა. იმ ღამეს ბებოსთან ეძინა და მთელი ღამე ძილში ფსრუკუნებდა. თინიას პაპას ისტორიების მოსმენაც უყვარდა. საღამოს ჩაიზე შემოისხამდა შვილიშვილებს გარშემო და უამბობდა თავის ბავშვობაზე, გაჭირვებაზე, სიხარულზე, სიყვარულზე. შვილიშვილებიც ზოგ ისტორიას სულგანაბულები უსმენდნენ, ზოგზე სიცილი ეპარეოდათ. განსაკუთრებით სახალისო პაპას ცეკვა და სიმღერა იყო, რომელსაც თავადაც დიდი სიხარულით უერთდებოდნენ. ხშირად დაჰყავდა პაპას შვილიშვილები ტყეში, ხან სოკოს საკრეფად, ხან შინდის, არც მაჟალო ავიწყდებოდათ და არც ზღმარტლი. თინიას ყველაზე მეტად მაყვლის კრეფა უყვარდა, ჭამა უფრო. სახლში წითლად მოთხუპნული ბრუნდებოდა ყოველთვის. ბებოს საინტერესო ტრადიცია ჰქონდა, ფერიცვალებას დააყენებდა შვილიშვილებს და სახეს მაყვლით უთხუპნიდა, ფერი რომ ეცვალათ სიკეთისა და სინათლისაკენ. განსაკუთრებით მძიმე იყო თინიასთვის არდადეგების შემდეგ სახლში დაბრუება და ჭიშკარში სევდიანი თვალებით მომღიმარი ბებო-პაპას დატოვება. დიდხანს მიყვებოდა თინიას სევდიანი განწყობები და სულ იმაზე ფიქრში ატარებდა დროს, რას აკეთებდნენ მისი საყვარელი მოხუცები სოფელში მარტო. შვილიშვილებს რომ ქალაქში გაამგზავრებდნენ, საათობით იჯდა ხოლმე ბებია ფიქრისგორაზე. ფიქრისგორა მოხუცი ცოლ-ქმრის სახლის გვერდით მდებარეობდა. გორაზე, სულ სულ ზემოთ ორი საშუალო ზომის ქვა იდო, შეგეძლო ჩამომჯდარიყავი და უსასრულო სივრცეში გექცირა და გეფიქრა იქამდე, სანამ ფიქრებში გაფანტულს თავზე არ დაგაღამდებოდა. აქედან ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა - ტყე, რომელიც ერთი მხრიდან ეკრა სოფელს, მეორე მხარეს საძოვრები, თვითონ სოფელი და ვეებერთელა მთები გარშემო, ზემოთ ცა, ლურჯი და კამკამა, ხანდახან ღრუბლიანი, ძირითადად მზიანი. იჯდა ბებია და ფიქრობდა ყველაფერზე უსასრულოდ. ერთხელ თინიამ კითხა საიდან გაჩნდა ფიქრისგორა:- ფიქრისგორა არ ვიცი საიდან გაჩნდა ბებია. შენ ხომ ფიქრობ, მე ხომ ვფიქრობ და ვინც ფიქრობს ყველას დიდი გორები აქვს თავში ამ ფიქრების, ჰოდა, აი, მე ნამდვილი გორა ვიპოვნე შენზე ფიქრისთვის, ღმერთზე ფიქრისთვის. რო მომენატრები აქ ამოვალ, დავჯდები, ცას შევხედავ და ვიფიქრებ კარგად იყო, ჯანმრთელი იყო, ბედნიერი იყო.- ჩემი ფიქრისგორაც იქნება ბებია?- ეს გორა ყველასია თინია ვისაც ფიქრი უყვარს, ვისაც ვინმე ენატრება ან უყვარს.- მე მიყვარხარ ბებია. ასე შეაყვარეს ბებიამ და პაპამ თინიას სოფელი, მიწა, ტყე, მდინარე, ფიქრისგორა, ნამდვილი ფიქრები და მთელი სამყარო. ბევრი დრო გავიდა, ძალიან ბევრი. თინიასა და ბებიას ფიქრისგორა ისევ სოფლის განაპირას დგას. შენი ფიქრის გორა სხვაგანაა, შეიძლება მთაში, ზღვაზე, ტყეში, სახლის რომელიმე კუნჭულში ან იქნებ ადამიანში. ყველას თავისი საყვარელი ადგილი აქვს ფიქრისთვის, ადგილი სადაც შეუძლია დაჯდეს, უსასრულობაში გაიხედოს და იფიქროს ყველაფერზე რაც უყვარს, რაც ენატრება, რაც სტკივა ან უნდა რომ შეცვალოს. მოხუცების სევდა მძიმეა, მათი მონატრება სხვა ფერია, მათი ფიქრები უსასრულო სივრცეშია გაფანტული და განიავებული. თინიას ბებო-პაპასთვის ფიქრისგორა ის ადგილია, რომელსაც ყველაზე მეტად ახსოვს შვილიშვილებზე დარდსა და მონატრებაში გატარებული დღეები. ეს არის ადგილი, რომელიც ინახავს იმ ემოციებს, რომელიც არც თინიას უნახავს და არც სხვა რომელიმე სხვა შვილიშვილს. ფქვილი იქა, ფქვილი აქა! ლხინი იქა, ლხინი აქა! ცამაღალა იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? ვიყავით მე და ჩემი მეგობარი ცამაღალა. ცამაღალა ჩემი ოთახის ფანჯარასთან მდგარი ყველაზე მაღალი, დატოტვილი და ხშირფოთლიანი ხეა. არცერთი დღე არ მახსოვს ჩემს ცხოვრებაში მის გარეშე. სანამ მე დავიბადებოდი მანამდე დაურგავთ ჩვენი სახლის გვერდით. იზრდებოდა და ლამაზდებოდა პაწაწინა ნერგი. ცამაღალა მე დავარქვი, რადგან სულ ვფიქრობდი რომ ცას სწვდებოდა მისი ენერგიით სავსე ტოტები. დღემდე მიყვარს და ვერეფები, ყოველ დილით ვეალერსები და ძილის წინ ფერად სიზმრებს ვუსურვებ. ვიცი რომ ესმის. ცამაღალა ერთადერთია, ვისაც ჩემი ყოველთვის ესმის. მაშინ, როდესაც მშობლებს სძინავთ და მთელი ქალაქი დუმილშია ჩაძირული, ცამაღალა ჩემი ოთახის ფანჯარაში იყურება და ხედავს როგორ ვარ, როდის ვიცინი, ვტირი, ვმეცადინეობ თუ ვხატავ, იმასაც კი ხედავს როგორი სიზმარი მესიზმრება. თუ სიზმარში ვიცინი, გაისუსება ხოლმე ცამაღალა, მიყურებს და მასაც ეღიმება. თუ შეამჩნია რომ თვალები მეცრემლება და ცუდ სიზმარს ვხედავ, შემოუბერავს ხოლმე ფანჯრიდან, შემამცივნებს და მეც მეღვიძება, კოშმარებს უკან ვიტოვებ. გავხედავ ხოლმე ჩემს უსიტყვო მეგობარს და ცრემლებით სავსე მადლიერი თვალებით ვეალერსები. მიცავს და მეც ვალდებული ვარ მთელი ცხოვრება დავიცვა, ისევე ვიზრუნო მასზე, როგორც თავად ზრუნავს ჩემზე. ცამაღალას სამუდამო მეგობრობა შვიდი წლისამ შევფიცე, როდესაც შემოდგომის სუსხიან ქარებში არცერთი ფოთოლი აღარ შერჩა ტოტებზე. პირველად მაშინ ვიფიქრე რომ სციოდა და უნდა გამეთბო. გულუბრრყვილოდ ჩავირბინე კიბის საფეხურები, ეზოში გავედი და ცამაღალას თბილი შალი შემოვახვიე. მშვიდად მეძინა მთელი ღამე, რადგან ვიცოდი, ჩემს მეგობარს არ სციოდა. დილით ბებომ რომ აღმოაჩინა მისი შალი ხეს ჰქონდა შემოფარებული გაბრაზდა და საყვედური მითხრა - “ხეების წესი ასეა, ფოთლები უნდა გასცვივდეთ და მერე თავიდან გამოისხან”. მახსოვს, ამ დღის შემდეგ დიდხანს დავდიოდი სევდიანი და ცამაღალას ვებოდიშებოდი რომ მისი გათბობა არ შემეძლო. უფრო მძიმე იყო მისი ტოტების ყურება ზამთარში, როდესაც ზედ ათოვდა და აწვიმდა. ხანდახან ბეღურები ჩამოსკუპდებოდნენ ცამაღალას მოტიტვლებულ ტოტებზე და აბუზულები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. მე არც მათი მესმოდა და არც ჩემი საუკეთესო მეგობრის. ვნატრობდი, გაზაფხული მალე მოსულიყო და სამოსი დაებრუნებინა ცამაღალას. პირველი კვირტის გამოსვლა დღესასწაული იყო ჩემთვის, მერე მეორე, მესამე ბოლოს ამწვანებული ვეებერთელა ხე. ზაფხულში დასასვენებლად წასულს სულ ცამაღალაზე მეფიქრებოდა, როგორ იყო, რას აკეთებდა. ის კი იდგა უძრავად, ჩემს ოთახში იჭყიტებოდა და მე მელოდებოდა ხოლმე მოთმინებით. ვმეგობრობდით მე და ცამაღალა, მე ჩემს ამბებს ვუყვებოდი ის კი მისმენდა და მისმენდა. ორივეს ჩვენებურად გვიყვარდა ერთმანეთი. ერთ ღამეს მწარე სუნმა შემაფხიზლა, თვალები მოვიფშვნიტე და ფანჯარაში გავიხედე. არაფერი ჩანდა, ყველაფერი კვამლსა და ცეცხლს დაეფარა. გამაყრუებელი ტკაცუნის ხმა მესმოდა. ხანძარია - დავიჩურჩულე შეშინებულმა. ფეხშიშველი გავვარდი ეზოში ცეცხლის ჩასაქრობად. ცამაღალა უნდა მეხსნა. მალე ეზო ხალხით გაივსო, ზოგი რით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას და ზოგი რით. რა შემეძო პატარა ბავშვს, ცაში ავიხედე და ხვეწნა დავიწყე - “გაწვიმდი ცაო, გაწვიმდი. შენ მაინც დაიცავი ჩემი ცამაღალა. გაწვიმდი ცაო, გაწვიმდი” - უსასრულოდ ვთხოვდი ცას რომ ეწვიმა, მაგრამ ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ზაფხულის გავარვარებულ ღამეს წვიმა მოსვლას არ აპირებდა. სამაგიეროდ, სახანძრო მოვიდა, გვიან, მაგრამ მოვიდა. ხანძარი ჩაქრა. ცამაღალა გადარჩა, მაგრამ ვერ გადარჩნენ ახლომახლოს მდგარი ხეები. ხანძარმა შთანთქა ჩემი ცამაღალას მეგობარი ვაშლის, თუთის, ლეღვისა თუ ტყემლის ხეები და პაწაწინა ნერგები. არ ვიცი მე უფრო განვიცდიდი ამ ამბავს თუ ცამაღალა. მე, პატარა გოგო, მხოლოდ წითელ ცეცხლსა და თეთრ კვამლს ვხედავდი, რომელიც ცისკენ მიიკლაკნებოდა. ცამაღალამ კი, ყველაზე მაღალმა და დატოტვილმა ხემ ყველაფერი დაინახა ზემოდან. მე არ მესმოდა ხეების კივილი, გადარჩენას რომ ითხოვდნენ, ცამაღალას ესმოდა. მე ვერ ვხედავდი მათ ცრემლებსა და გადარჩენის ვეებერთელა სურვილს, ცამაღალა ხედავდა. ხეებს ესმით ერთმანეთის ხმა, ტკივილი, სიხარული. ცამაღალამ ეს ყველაფერი დაინახა და გაიგო. გარშემომყოფი ყველა ხე რომ ხანძარმა იმსხვერპლა, რიღას იმედი უნდა ჰქონოდა ჩემი ფანჯრის წინ ობლად დარჩენილ ცამაღალას? იმ ზაფხულს მოწყენილი იყო ჩემი მეგობარი. ფოთლები შემოდგომამდე გასცვივდა. მერე იყო წვიმიანი ნოემბერი, სუსხიანი დეკემბერი, თოვლი თებერვალში და სანატრელი მარტი. ფანჯარაში აკრული ველოდებოდი ყოველ დღე პირველი კვირტის გამოსვლას, მაგრამ აღარ გამოისხა კვირტები ცამაღალამ. ველოდე, დიდხანს ველოდე - კვირები, თვეები და არ გაიკვირტა ჩემი მეგობარი. ბევრი ვიტირე, როდესაც მამამ მითხრა ცამაღალა მოვჭრათ, რაღა ხეირია მისგანო. არაფრით დავანებე. ვიცოდი, მეგობრების დაკარგვას გლოვობდა ცამაღალა და ასე ადვილად დანებების საშულებას ვერ მივცემდი. ბევრი ვიფიქრე, როგორ შემეძლო მისი გადარჩენა და მოვიფიქრე კიდეც. მამას ვთხოვე ნერგების საყიდლად წავეყვანე. მშობლებთან ერთად ამოვიღე ეზოში ორმოები და პაწაწინა ნერგები დავრგე ცამაღალას გარშემო. ერთი წელი გავიდა, ჩვენმა დარგულმა ნერგებმა გაიხარეს. გაზაფხულის მზიან დილას ფანჯარაში რომ გავიხედე ცამაღალასაც შევამჩნიე პაწაწინა კვირტი. თვალებს არ ვუჯერებდი, მეგონა კვლავ მესიზმრებოდა და დედას დავუძახე. დღემდე მახსოვს, როგორ გამევსო თვალები სიხარულის ცრემლებით, როდესაც დედამ მითხრა რომ არ მესიზმრებოდა და ცამაღალას ნამდვილად გამოება პაწაწინა კვირტი. ისევ ამწვანდა და გაიფურჩქნა ჩემი მეგობარი. მე ის გადავარჩინე, დავპირდი და ვიხსენი კიდეც. ახლაც ჩემი ფანჯრის წინ დგას ცამაღალა და ზაფხულის ცხელ საღამოს მისი ტოტების შრიალი აგრილებს, სიო უბერავს ჩემს ოთახში და ვიცი, ბედნიერია ჩემი მეგობარი. რა თქმა უნდა ახსოვს ის ხანძარი, ისევე როგორც მე. მაშინ ორივე გადავურჩით განადგურებას, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულმა გადაგვარჩინა. დღემდე, სადაც მარტო მდგარ ხეს შევამჩნევ, გავრბივარ, ნერგს ვყიდულობ და შორიახლოს ვურგავ, რომ ცალად მდგარმა ხემ თავი მარტოდ არ იგრძნოს. მინდა, გვერდით მეგობრები ჰყავდეს. მერწმუნეთ, ხეებზე კარგი მეგობრები არ არსებობენ ამქვეყნად. ფქვილი იქა, ფქვილი აქა! ლხინი იქა, ლხინი აქა!