ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

იყო, თუ არა იყო რა

იყო, თუ არა იყო რა

       ნათია ქარუმიძე    ქართული მითების , ლეგენდებისა და ზღაპრების მიხედვით შექმნილი ტრილოგია    იყო, თუ არა იყო რა...                          ეძღვნება ყველას, ვინც აქამდე მოიტანა ქართული მითები და ზღაპრები და ყველას, ვინც ამიერიდან არ დაუშვებს მათ დავიწყებას                                                                                                             წიგნი პირველი                                        კოპალას ლახტი   უკუნით სიბნელეს მოეცვა გარემო. შავი ღრუბლის საბანში გახვეული ტყე ისე გარინდულიყო, თითქოს ვიღაცამ შეაშინა. სუსტი ნიავიც არ არხევდა მათ უფოთლო გამხმარ ტოტებს. ხეები ბედს შეგუებული სიკვდილმისჯილებივით იდგნენ. შემზარავი სიჩუმე სუფევდა. მკვდარი ტყე ყველა ცოცხალ არსებას მიეტოვებინა, არც ცხოველი, არც ფრინველი, არც მწერი არ არღევდა ამ დუმილს. ტყეში მხოლოდ სიკვდილის, ლეშის სუნი ტრიალებდა. ეს სუნი უფრო და უფრო აუტანლად მძაფრდებოდა ტყის შუაგულში, სადაც უსწორმასწოროდ აღმართული კლდე იდგა. ისიც, თავის მხრივ, უსიცოცხლო და მიტოვებულ ადგილს ჰგავდა. თუმცა, მისი სიღრმეებიდან გამომავალი საზიზღარი სუნი, საწინააღმდეგოს მეტყველებდა. მის შიგნით, თავად სიკვდილს დაედო ბინა. უცბად, სიჩუმის იდილია გამხმარი ტოტის ტკაცუნმა დაარღვია. ადამინის მძიმე სუნთქვის ხმა გაისმა. ის ძალიან ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო, მაგრამ შეუძლებელია ცოცხალი არსება შეუმჩნეველი დარჩეს, ასეთ მკვდარ გარემოში. და აი, თითქოს მყრალი კლდე აფეთქდაო ..... მისი არაერთი მღვიმიდან უამრავი საზიზღარი არსება გამოვარდა, ჩირაღდნებით ხელში . ქვის ცივ სხეულზე ვულკანის გავარვარებული ლავასავით მიედინებოდა მათი ჯაჭვი. ახმაურდა და გაცოცხლდა მკვდარი ტყე, ახალი სიკვდილის მოლოდინში. - დაეწიეთ!! - არ გაუშვათ, ეგ ლაწირაკი!! - იპოვნეთ, დააბრუნეთ!! ღრიალებდნენ დევები და გაქცეული მონის მოსაძებნად ტყეს შეესიენ. მკვდარი ტყის შიშველ სხეულს თავს პატარა ბიჭი აფარებდა. მან მოახერხა დევების ტყვეობიდან დაეხსნა თავი, მაგრამ თავისუფლებას შენარჩუნება უნდა! უნდა გაიქცეს! არ იცის სად, არ იცის როგორ, მაგრამ უნდა გაიქცეს და დაიმალოს. შეშინებული ბავშვი ჯერ გაქვავებული იდგა ერთ ადგილას, მერე მოიკრიბა ძალები და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა. გამხმარი ტოტები, დევებს შეეკრნენ, თუ მათი შიშით, ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, კაწრავდნენ, ტანსაცმელს უხევდნენ, ფეხებში ედებოდნენ. მონას კი გადაეწყვიტა ბოლო მოეღო თავისი ასეთი ყოფისთის,- ან სიკვდილი ან თავისუფლება! სხვა გზა არ იყო. მის ამ გადაწყვეტილებას, ვერანაირი მკვდარი ტყე ვერ შეუშლიდა ხელს. დევების მწევრებმა მალევე აიღეს ადამიანის სუნი და მდევრები სწორ გზაზე დააყენეს. რაც უფრო უახლოვდებოდნენ მსხვერპლს, მით უფრო მეტი ძალა ეძლეოდათ მწევრებს და უფრო მეტი სიჩქარით მირბოდნენ. გაქცეულმაც იგრძნო, მდევრების მიახლოება. შეშინდა და წაბორძიკდა, მაგრამ მალევე ძალებს მოუხმო და უფრო მეტი შემართებით გაიქცა. ბიჭი სულ უფრო და უფრო ხშირად იხედებოდა უკან, საშინელების მოლოდინში. ვერ შენიშნა მის წინ გადაწოლილი ფესვი და ფეხი წამოსდო. მიწაზე დაეცა, წამოდგომა სცადა, მაგრამ ფეხი საშინლად სტკიოდა და განძრევაც ვერ შეძლო. მეტიც, თავი ვერ შეიკავა და ტკივილმა ხმამაღლა დააყვირა. მწევრები მის ხმაზე უფრო გამოცოცხლდნენ და მისკენ გავარდნენ. მორჩა, ეს დასასრულია,- გაიფიქრა ბავშვმა და საზარელი სიკვდილის მოლოდინში თვალები დახუჭა. მწევრების ღრიალის ხმა უფრო და უფრო ახლოში ისმოდა. სულ მალე ისინი მსხვერპლის პირისპირ აღმოჩნდნენ. გაქცეულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თვალებზე ხელი აიფარა...  სიბნელეში რაღაცამ გაიელვა და მწევრის დამაყრუებელი წკმუტუნის ხმა გაისმა. სხვა მწევრების ყეფაც უცბად შეწყდა და მათი შეშინებილი წკმუტუნით შეიცვალა. ბავშვი მიხვდა, რომ ისინი გაიქცნენ, მაგრამ თვალების გახელის ჯერ ისევ ეშინოდა. მხარზე შეხება იგრძნო, ხმამაღლა იყვირა შეშინებულმა და თვალები გაახილა. მის წინ კაცი იდგა, ჩვეულებრივი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ადამიანი დიდიხანია არ უნახავს, კაცი მასში შიშს არ იწვევდა. მან ბავშვი ხელში აიყვანა, ცხენზე შესვა და მათ ისე სწრაფად დატოვეს იქაურობა, რომ სიტყვაც არ უთქვია. ...  - დედი, დედი, აქეთ ჩამოდი, აქ უფრო ადვილია, - დაუძახა პატარა კოპალამ დედას. მას თავისზე მაღალი, დიდი სურა მიჰქონდა და ციცაბო კლდის დაღმართზე ცდილობდა ფრთხილად ჩასვლას. დედა-შვილი წყლის საძიებლად წამოსულიყვნენ. მათ სოფელში, ბაყ-ბაყ-დევს წყარო გადაეკეტა და ხალხი წყურვილით იხოცებოდა. პატარა კოპალას ტყეში სეირნობისას ეპოვნა წყარო და ახლა დედა სწორედ იქეთ მიჰყავდა. - მოვდივარ, დედი, მოვდივარ, მაგრამ ჩუმად, ნუ ხმაურობ! ვაიდა სადმე ეს მიწადასაყრელი დევები არიან ახლოს. არ გაგვიგონ! ბიჭის აღმოჩენილი იოლი გზით, დედა-შვილი კლდის ციცაბო ფერდზე ადვილად დაეშვნენ და ჭურჭლის წყლით შევსება დაიწყეს. ბავშვს ძალიან ეამაყებოდა და უხაროდა თავისი აღმოჩენა. მოუსვენრად დარბოდა, დრო და დრო დედასთან მიირბენდა და ჩაეხუტებოდა. დედა იღიმოდა, მაგრამ შიში არ ტოვებდა, აქეთ-იქეთ იყურებოდა, საფრთხის მოლოდინში. მისი მოლოდინი გამართლდა. თითქმის ყველა ჭურჭელი აავსეს და მალე წასვლას აპირებდნენ, რომ მათ წინ უზარმაზარი დევი წარსდგა. ის თითქოს არსაიდან გაჩნდა, თითქოს იქვე წამოწოლილი იყო და ახლა წამოდგა. - ბედავთ და წყალს მპარავთ უბადრუკებო,- იღრიალა მან. არც დაფიქრებულა, სტაცა ქალს ხელი და წამში გადაყლაპა. კოპალამ შეშინებაც ვერ მოასწრო, დევმა მას ხელი დაავლო, პირთან ახლოს მიიტანა, მაგრამ გადაყლაპვა არც უფიქრია, - შენ ჩემთან წამოხვალ, ჩემი მონა იქნები მთელი შენი ცხოვრება. ...  შეშინებული ბავშვი მთელი ძალით ეხუტებოდა მხსნელს და იმდენედ გადაღლილი იყო შიშისა და სირბილისაგან, არც ანაღვლებდა ვინ იყო მისი მხსნელი და როგორ მოერია დევების სისხლიან მსტოვრებს მარტო. შავი ცხენი მათ საოცარი სიჩქარით მიარბენინებდა. რაშმა სიჩქარეს უკლო და ფრთხილად აუყვა კლდიან ბორცვს. მამაკაცი ცხენიდან ჩამოვიდა და ახლა აქეთ ეხმარებოდა ცხოველს რთული, ქვიანი აღმართის ავლაში. მღვიმეს მიადგნენ და შევიდნენ. მღვიმეში უკუნითი სიბნელე იყო. ცხენი და კაცი სიბნელეში ისე დადიოდნენ, ეტყობა გზა ზეპირად იცოდნენ, სულ მალე სინათლის სხივი გამოჩნდა. ისინი მღვიმის მეორე მხარეს გავიდნენ. მღვიმიდან გამოსულები მთის წვერზე აღმოჩნდნენ. უზარმაზარი ვაკე ადგილი, მთის ქვიანი ჯებირებით იყო შემოსაზღრული. იქ მისვლა მხოლოდ ამ საიდუმლო გზით იყო შესაძლებელი. ხევის პირას მდგარი ვეებერთელა მუხები კი ამ ადგილს შეუმჩნნეველს ხდიდა გარე თვალისგან. თუმცა თავად შეგეძლო, მთელი ხეობა ხელის გულივით შეგეთვალიერებინა. ყველაზე მიმალულ ადგილას ხის პატარა ქოხი იდგა. მამაკაცმა ბიჭი ჩამოსვა, ცხენს ლაგამ-უნაგირი მოხსნა და გაუშვა. დაბნეული კოპალა იდგა და ხმას ვერ იღებდა. არც კაცი იყო ბევრის მთქმელი. მან შეხედა და ანიშნა, სახლში შევიდეთო. ბავშვი დამორჩილდა. კაცმა იარაღი მოიხსნა და ჯამში ხელები დაიბანა, მერე ბიჭს ანიშნა მისულიყო და მასაც დაებანა ხელები. ასევე ჩუმად, მაგიდაზე პური, ყველი, მწვანილი დადო და ჭამა დაიწყო. კოპალა შორიდან უყურებდა და მიახლოვებას ვერ ბედავდა, სანამ მასპინძელმა ასევე უსიტყვოდ არ ანიშნა, მოდიო. მშიერი ბავშვი ხარბად ჭამდა. რამდენიხანია, მას წესიერი ლუკმა პირში არ ჩაედო. ჭამას რომ მორჩნენ, კაცი ტახტზე წამოწვა, ბავშვს მეორე, უფრო პატარა ტახტზე მიუთითა და დაიძინა. კოპალაც წამოწვა და მხოლოდ ახლა დაიწყო ფიქრი იმაზე , თუ რა მოხდა. ვინ არის ეს კაცი? რატომ და როგორ გადაარჩინა? სად მიიყვანა და რას უპირებდა? -  ათასი კითხვა და აზრი ტრიალებდა პატარა ბიჭის თავში. იქნებ ჯობია გავიქცე?- იფიქრა მან, თუმცა, იმდენად იყო დაღლილი, გადაწყვეტილების მიღების თავი არ ჰქონდა. ფიქრებში ჩაეძინა. იმ ღამესაც ის ბედნიერი სიზმარი ესიზმრა, რაც ასე უნათებდა მის ბნელ სიცოცხლეს. მზის ჩასვლას როგორ უცქერდნენ ერთად ის და დედა. მერე კი შორიდან მამაკაცის ლანდი, ხელებგაშლილი რომ მიდის მისკენ. სახეს ვერ ხედავს, არ ახსოვს მისი სახე, მაგრამ იცის რომ მამაა და გახარებული მირბის მისკენ. ... ოდესღაც თედო პაპას სამიკიტნო განთქმული იყო მთელ ხეობაში. უამრავი ადამიანი იყრიდა თავს იქ, მიდიოდა ქეიფი, მხიარულება, მონადირეები ერთმანეთს თავიანთ გმირობებზე უყვებოდნენ გაზვიადებულ ისტორიებს, მგზავრები იმ სასწაულებზე ყვებოდნენ, რაც უცხო ქვეყნებში უნახავთ. ვაჭრები, მკითხავები, ექიმბაშები, ვის არ ნახავდი იქ?! ახლა კი, მხოლოდ გზააბნეული ვინმე თუ შევიდოდა ჭიქა წყლის სათხოვნელად. დაღონებული თედო პაპა მარტო იჯდა ცარიელ სამიკიტნოში და ძველ დროს მისტიროდა. კარები გაიღო და უცხო მამაკაცი შემოვიდა. მას უჩვეულოდ ბევრი იარაღი ჰქონდა აკიდებული. - მასპინძელო, ღვინოს არ დამალევინებ? - კი გენაცვალე, როგორ არ დაგალევინებ?! - გახარებული წამოხტა თედო და უცხოს სასმელი მიუტანა, - მას შემდეგ რაც ქვეყანას დევები დაეპატრონენ, ყველაფერი მოკვდა ჩვენს ხეობაში, აღარც მხიარულებაა და აღარც ღვინის სმა. თუ საიდუმლო არ არის, ვინ ხარ მგზავრო და აქ რამ მოგიყვანა? - მე პირქუში მქვია, მჭედელი გახლავართ. მითხრეს აქაურობის ყველაფერი იცის და ყველაფერი გაეგებაო. უნდა დამეხმარო! - ჩემნაირმა მოხუცმა რა დახმარება უნდა გაგიწიოს? - დალი მაპოვნინე! - დალი? - მოხუცს თვალები გაუნათდა . ფეხზე წამოდგა და პირქუშს ჩაფიქრებული მიაშტერდა, - ნადირობის ქალღმერთი დიდიხანია არავის უნახავს. აღარც მონადირეებს წყალობს და აღარც გზააბნეულ მგზავრებს ეხმარება. უგნურმა ადამიანებმა მოახერხეს მისი განრისხება და მისი წყალობის დაკარგვა. მოხუცი სარკმელთან მივიდა და პირქუში თავისთან იხმო. - აი, იმ მთას ხომ ხედავ? იქ მულახის თემის საგვარეულოს კოშკი დგას. შებინდებისას მწვერვალ თეთნულდიდან კოშკში შემოდიოდა ანგელოზი, თეთრი ცეცხლის სახით. დალიმ მოახერხა ანგელოზის მოხიბვლა და მას თავისი სახე მიაღებინა. ამბობენ, ძალიან ლამაზი ყმაწვილი იყოო და ქალღმერთს თავდავიწყებით შეყვარებია ის. არც ანგელოზი დარჩენილა გულგრილი. დალის სილამაზემ ისიც მოხიბლა. ყოველ საღამოს ხვდებოდნენ ერთმანეთს და ესიყვარულებოდნენ მიჯნურნი. მათი ბედნიერება მთელ გარემოს გადაედო. როდესაც ისინი ერთად იყვნენ, ყველგან სიყვარული სუფევდა, საოცარი გულმოწყალება ეუფლებოდა ყველას. მონადირესაც კი უჭირდა ნადირის მოკვლა, ამ დროს. თუმცა, რა დალევს ბოღმიან და ბოროტ არსებებს, რომელთა სულებში ვერანაირი სათნოება ვერ აღწევს. მით უმეტეს, თუ ასეთ სულს ეჭვიანობა და ბოღმა დაპატრონებია. იმ ხანებში, სანამ ანგელოზს შეხვდებოდა, დალი ერთ მონადირეს ყვარობდა. სიყვარულის სანაცვლოდ კი, როგორც ქალღმერთს ჩვევია, ნადირობაში წყალობდა. სწორედ ეს კაცი მიეჭრა ერთხელ შეყვარებულებს. მაშინ, როდესაც ორივე სიყვარულის სიმთვრალით გაბრუებულები ეხვეოდნენ ერთმანეთს, მივარდა ანგელოზს და ფრთები დააჭრა. იცოდა, რომ ვერ მოკლავდა მას და დედამიწაზე დაბრუნების საშუალება მოუსპო. ზეციურმა სხივმა ანგელოზი შთანთქა და ცაში ასწია, მას შემდეგ ის არავის უნახავს. - იმ მონადირეს რა ბედი ეწია? - დალის დაბნეულობით ისარგებლა და გაიქცა. - ცდები მოხუცო. ის კაცი არაფერ შუაშია. მოხუცმა ეჭვის თვალით შეხედა პირქუშს. ელოდა დაასრულებს თავის სიტყვასო, მაგრამ ის ხმას აღარ იღებდა. - რისი თქმა გინდოდა ამით? რა იცი ისეთი, მე რომ არ ვიცი? - არ მაქვს ახლა ამის მოყოლის დრო, დალი უნდა ვნახო. მითხარი, სად უფრო უპრიანი იქნება მისი ძებნა? მოხუცი ჯერ ბრაზმა შეიპყრო, უნდოდა რაღაც უხეშად ეპასუხა, მაგრამ უცბად მოლბა, მიხვდა არ ღირდა ამის გამო გაბრაზება,. - ამბობენ, ყოველ დღე, დაბინდებისას მაინც მიდის დალი იმ კოშკში და თავის სიყვარულს გლოვობს. მაგრამ ვერავინ ბედავს ამ დროს მასთან მისვლას. მისი რისხვის ყველას ეშინია. - მადლობა მოხუცო, ჩემი წასვლის დროა, იქნებ შებინდებამდე მოვასწრო კოშკში მისვლა, - თქვა მან, იარაღი აისხა და წავიდა. ... კოშკი საკმაოდ მაღალ და მიუვალ ადგილას იყო. ქვის კედლებს ხავსი მოდებოდა. შიგნით შესვლას ვერ გაბედავდი. ისეთი სანახავი იყო, ეჭვი შეგიპყრობდა, თავზე არ დამენგრესო. ხის კარები ყველაზე მედგრად გამოიყურებოდა, თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და გარეშე პირებს კოშკში შესასვლელს უკეტავდა. დიდხანს ცდილობდა პირქუში კარის გაღებას, მაგრამ ვერ შეძლო. მიხვდა, კარს რაღაც ზებუნებრივი აკავებდა, და უბრალო მოკვდავი, მას ვერაფერს დააკლებდა. კარებს მოშორდა და ყვირილი დაიწყო.. - დალი, ვიცი აქ ხარ. გამიღე კარი! არც პასუხი იყო და არც კარი გაიღო. ისევ ისეთი სამარისებული სიჩუმე სუფევდა, როგორც მანამ. - დალი, აქამდე მოვსულვარ და უკან დახევას არ ვაპირებ, რომც მომკლა არ მანაღვლებს, არ წავალ არსად, სანამ არ გნახავ! პასუხი არ იყო. რამდენიმე დღე და ღამე გაატარა პირქუშმა იმ კოშკთან. ყოველი შებინდებისას ეძახდა დალის და მის ნახვას ითხოვდა, მაგრამ პასუხი არ იყო. ძალები ელეოდა, საჭმლის და სასმლის მარაგი ამოეწურა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. სულ უფრო და უფრო განწირული ხმით ეძახდა ქალღმერთს. ერთ დღესაც, როცა ყველაფრის იმედი უკვე თითქმის გადაწურული იყო, მის ძახილს პასუხი მოჰყვა და კარი თავისით გაიღო. გახარებული პირქუში კოშკში შესასვლელად გაიქცა, მაგრამ მშიერს თავბრუ დაეხვა და კინაღამ დავარდა. გასწორდა, თავს შეუძახა და დინჯი ნაბიჯით შევიდა კოშკში. გარეგნული იერი სრულებით განსხვავდებოდა იმ სანახაობისგან, რაც პირქუშს კოშკის შიგნით დახვდა - განათებული დარბაზები, ოქრო-ვერცხლით მოპირკეთებული კედლები. სითბო, სიმყუდროვე და სიმდიდრე - აი ამ სამი სიტყვით შეიძლება გადმოიცეს ის შეგრძნება რაც მოხეტიალე მჭედელს იმ წამს დაეუფლა. ყველაზე დიდი დარბაზის შუაგულში დიდი მაგიდა იდგა, რომელზეც მდიდრული სუფრა იყო გაშლილი. პირქუშს ნერწყვები მოადგა, სული აუფორიაქთდა, მაგრამ მიპატიჟების გარეშე ჭამა არც უფიქრია. - მიირთვი, ვიცი რომ გშია, - გაისმა ნაზი ხმა და ოთახში ულამაზესი დალი შემოვიდა. შინდისფერი ატლასის კაბა ისე მტკიცედ ეხვეოდა ქალღმერთის სხეულს, მის უზადო აღნაგობას სრულად გადმოსცემდა. შავი, დახვეული, გრძელი თმები, მდინარის ტალღებივით დაყროდა დალის ბეჭებს. მთელი მისი სხეული სიცოცხლით და ვნებით ჩქეფდა, მხოლოდ შავი თვალები, ულამაზესი შავი თვალები იყვნენ ჩამქრალნი. - ქალღმერთო, აქ იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანმა საქმემ მომიყვანა, ვიდრე კუჭის გაძღობამ. უნდა გელაპარაკო. - მოესწრება, - თქვა ქალმა, თითქოსდა, სულაც არ მანაღვლებს ეგ შენი საქმე, და საერთოდაც აღარაფერი მანაღვლებსო. - ქალღმერთო... - დააპირა საუბრის დაწყება პირქუშმა.... - ჭამე მეთქი, სტუმარო! - რისხვა ნარევი ხმით, ხმამაღლა წარმოთქვა დალიმ, მერე უფრო მშვიდად დააყოლა, - არ მიყვარს, როდესაც ჩემი სტუმარი მშიერია. პირქუში დამორჩილდა ქალღმერთის ნებას და მაგიდას მიუჯდა. დალიც დაჯდა მაგიდასთან, რომ სტუმარს თავი მარტო და უხერხულად არ ეგრძნო. რამდენიმე წუთი ასე ჩუმად ისხდნენე. პირქუში მიირთმევდა, დალი კი მას არც უყურებდა, მისი აზრები სადღაც შორს იყო. - მადლობელი ვარ ქალღმერთო, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. დალის არაფერი უთქვამს, ის თითქოს მხოლოდ ხორციელად იყო იქ, მისი სული კი სადღაც შორს. პირქუშს ეშინოდა ქალღმერთის განრისხების და საუბარს მისი ნებართვის გარეშე აღარ იწყებდა. კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყვეს ასე ჩუმად. სტუმარმა ეშმაკობას მიმართა და ვითომდა შემთხვევით, ღვინით სავსე თასი ხელიდან გაუვარდა. ჭურჭლის ხმაურმა დალი თითქოს დააბრუნა და მზერა პირქუშს მიაპყრო. - მომიტევეთ ქალღმერთო, ჩემი მოუხერხებლობის გამო, და მიიღეთ ჩემი მადლიერება გამასპინძლებისთვის. - მოყევი უცნაურო არსებავ, რამ გაგაბედინა აქ მოსვლა, - მის სახეზე გულგრილობა აღარ ეხატა. - მე ერთი უბედური მჭედელი გახლავართ, დევებმა ჩემი სოფელი ამიოხრეს, შვილები ამომიწყვიტეს.... - მე შენ გკითხე ვინ ჯანდაბა ხარ და რა უბედურება გტანჯავს მეთქი? რაში მაინტერესებს მე შენი სოფელი და შვილები?!! - მრისხანე ხმით წამოიძახა ქალღმერთმა და ფეხზე წამოდგა. - მომისმინე უბედურო ქალო და ულამაზესო ქალღმერთო, მე აქ ბედზე დასაჩივლებლად არ მოვსულვარ. მე აქ იმ წყურვილმა მომიყვანა, რაც შენც წლებია უკვე გახრჩობს, შურისძიების წყურვილმა. მითუმეტეს რომ შევიტყვე, მტერი ერთი გვყავს და ერთადაც შევძლებთ მის დამარცხებას. - უბედუროოოო!!!! - შენ ვინ მათხოვარი ხარ ჩემზე ასე იფიქრო და ილაპარაკო?! - სიბრაზემ დალის უსიცოცხლო თვალებში რისხვის ცეცხლი დაანთო. - ნუ მისცემ რისხვას უფლებას გმართოს, მოუხმე კეთილგონიერებას და მომისმინე, ქალღმერთო. ჩემს მოკვლას კი, თუ საჭიროდ ჩათვლი, მერეც მოახერხებ. - იტყვი სათქმელს თუ არა ბოლოს და ბოლოს?! - დევებმა ჩემი შვილები მაშინ შეიპყრეს, როდესაც სანადიროდ ვიყავი წასული. დედა მათ დიდიხანია აღარ ჰყავდათ, სოფელს დავუტოვე უბედურები. დევებმა ყველა ამოხოცეს და ბავშვები დაატყვევეს. უკან დაბრუნებულს კი წერილი დამხვდა. თუ მინდოდა შვილების გადარჩენა მათთან მსახურებას უნდა დავსთანხმებოდი. დამეთანხმები ულამაზესო, არჩევანი არ მქონდა და დევების მჭედელი გავხდი. მათ საზარელ იარაღს ვუჭედავდი და წლები ვემსახურებოდი, იმის იმედად, რომ ჩემს შვილებს ხელს არ ახლებდნენ. თუმცაღა მათ ისინი მაინც დაუხოცავთ. მაგრამ შენ ეს ცხადია არ განაღვლებს. ის რაც შენთვის საინტერესოა, დევების სამჭედლოში მოხდა. ჩვეულებრივი დღე იყო, ჩვეულებრივად სამჭედლოში ვმუშაობდი. ჩემთან ორი კუდიანი შემოვიდა. მოგეხსენებათ, მათ დევებთან პირი აქვთ შეკრული და ბაყბაყ-დევის ბრძანებებს ასრულებენ. ერთერთმა შეკვეთა მომცა, განსაკუთრებული იარაღი მჭირდებაო, „ერთ არწივს უნდა ჩავუსაფრდე და ისე უნდა მივეპარო, ვერ მოასწროს გაფრენა, ამიტომ დაშნა მსუბუქი უნდა იყოს. ერთი ხელის მოქნევით ორივე ფრთა უნდა მოვკვეთო და ძალიან ბასრი უნდა იყოს“. მე უზადო იარაღი დავუმზადე და მივეცი. მეორე დღეს კუდიანი მოვიდა ჩემთან, მართლაც ჩინებული ოსტატი ყოფილხარო, მითხრა და დასალევად დამპატიჟა. მანამდე არავის ჩემი შრომა არ დაუფასებია. უხმოდ ვიჯექი სუფრაზე და მივირთმევდი საკვებს. კუდიანი კი ბევრს სვამდა. შეთვრა და მომიყვა რაში გამოიყენა ჩემი დამზადებული იარაღი: ” ბაყბაყდევი შეშფოთებული იყო, ქალღმერთი დალი ადამიანებს რომ ეხმარებოდა. გადაწყვიტა ამისთვის ბოლო მოეღო. შეიპყრო დალის ყოფილი საყვარელი მონადირე. მე მიხმო, და მითხრა, იმ კაცის სახე მიმეღო. შემდეგ კი უბადრუკი წამში გადასანსლა. დალის ანგელოზი ყვარებია. ჩემი დავალება იყო, მათთან მისვლა და იმ ანგელოზისთვის ფრთების მოჭრა, ოღონდ იმ მოკვდავის სახით უნდა გამეკეთებინა ყველაფერი. ხოდა, შენი წყალობით გავაკეთე კიდეც. რომ არ გამომსვლოდა ბაყბაყდევი მეც გადამსანსლავდა, ახლა კი მისი საუკეთესო მებრძოლი ვარ.“ ჩემი გაკეთებული იარაღით მოკლეს შენი სიყვარული და თუ ღირსად ჩამთვლი მომკალი, მაგრამ თუ მოისურვებ დამეხმარე და შური ერთად ვიძიოთ! ქალღმერთს თვალები სისხლიანი ცრემლებით აევსო, სიბრაზეს მხოლოდ ტანჯვა ბოჭავდა და არ აძლევდა რისხვის გამოხატვის საშუალებას. - და რატომ უნდა დაგიჯერო? იქნებ შენ ყველაფერი ეს იმიტომ მოიგონე, რომ ჩემი მხარდაჭერა მიიღო? პირქუშმა ზურგზე მოკიდებული ტომარა მოიხსნა და იქიდან დაშნა ამოიღო - ვფიქრობ გახსოვს ეს დაშნა, შეუძლებელი იქნებოდა შენთვის ამის დავიწყება! დალის თვალწინ გაუცოცხლდა ის ავი წუთები, თითქოს ამ დაშნამ ისევ გაიელვა მის თვალწინ და მოკვეთა ფრთები მის სიყვარულს და ბედნიერებას. - კუდიანმა ეს დაშნა ისევ მე დამიბრუნა, ნიშნად მადლიერებისა. მისი საშუალებით შევძელი თავი მეხსნა დევების ყარაულისგან და გავქცეოდი მათ ტუსაღობას. - წყეულიმც იყავ!!- იყვირა ქალღმერთმა, პირქუშს დაშნა ხელიდან გამოსტაცა, - ეს დაშნავე იქნება შენი აღსასრული, - თქვა და მოიქნია, მაგრამ შეჩერდა. დაშნა ხელიდან გააგდო და ტირილი დაიწყო. - მაპატიე უბედურო ქალო, შემინდე ჩემი უმეცრების გამო. მიმსახურე და მომეხმარე, რათა ბოლო მოვუღოთ ჩვენს საერთო მტერს. ... შემწვარი ხორცის უგემრიელესმა სუნმა გააღვიძა დილით კოპალა. ფეხზე წამოხტა და გემრიელ საკვებს დანატრებული, სურნელს მიჰყვებოდა. ბუხარში ტახის ბარკალი იწვებოდა, პირქუში თავზე ადგა და რომ არ დამწვარიყო, ხორცს დროდადრო ატრიალებდა. - პირი დაიბანე ვაჟო და ვისაუზმოთ. ბავშვს ღიმილმა გადაურბინა სახეზე, გახარებული გავარდა დასაბანად, მერე ხტუნვა-ხტუნვით ეხმარებოდა მამაკაცს მაგიდის გაწყობაში. ერთი სული ჰქონდა, როდის გაძიძგნიდა გემრიელ ლუკმას. ორივემ გემრიელად ისაუზმა. კაცი სიამოვნებით უყურებდა რა ბედნიერი მიირთმევდა ბავშვი ხორცს. ჭამას რომ მორჩნენ, ბვშვმა მაგიდა სწრაფად აალაგა და კაცს წინ დაუჯდა. - მე კოპალა მქვია, დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რომ გადამარჩინეთ და ზრუნავთ ჩემზე. თქვენ ვინ ხართ? - მე პირქუში ვარ... ბავშვს გაეცინა, თუმცა სცადა სიცილის შეკავება. კაცი შეიჭმუხნა და იკითხა - სასაცილო ვთქვი რამე? - მაპატიეთ, არ მინდოდა თქვენი გაბრაზება, პირველად ვნახე ადამიანის სახელი ასე უხდებოდეს მის გარეგნობას, - თქვა ბავშვმა და ისევ ჩაეცინა. - საიდან ხარ ვაჟო, და როგორ მოხვდი დევებთან? - იმდენიხანია დევების ტყვეობაში ვარ, აღარც ჩემი წარმომავლობა მახსოვს და აღარც ჩემი ბავშვობა. მამა რომ დავკარგე ორი წლის არ ვიქნებოდი, მასზე არაფერი ვიცი და არც მახსოვს. საზარელმა დევმა დედაჩემი გადასანსლა და მე მონად მაქცია. - შეგიძლია აღარ გეშინოდეს, აქ საფრთხე არ გელის. მე ვიზრუნებ შენზე. - მასწავლეთ! - ბავშვურ სახეზე სიცელქე სიმტკიცემ შეცვალა. - რა გასწავლო ვაჟო? - მასწავლეთ, როგორ ვებრძოლო დევებს! - არ გეშინია?! - მე უკვე იმდენი შიში ვნახე, აღარაფრის მეშინია. მინდა დასრულდეს ეს ბოროტება. ვიცი, თქვენ ეს შეგიძლიათ და მასწავლეთ მეც! ყველაფეერში დაგემორჩილებით, ოღონდ მასწავლეთ ბრძოლა! - წამით გაჩუმდა და თავდახრილმა, მორიდებით წარმოთქვა, - რა იყო ის, რამაც განგმირა დევების მსტოვრები და სიკაშკაშით კინაღამ დამაბრმავა? - ეს ქალღმერთი დალის მიერ ნაწყალობევი დახმარებაა, გამომყევი ვაჟო და ყველაფერს განახებ. ქოხის უკან ტყე იყო. თუ ძალიან არ დააკვირდებოდ ვერც კი შენიშნავდი პატარა ბილიკს. ცხადი იყო, მისით არც ისე ხშირად და არც ისე ბევრნი სარგებლობდნენ, ამიტომაც იყო შეუმჩნეველი. პირქუში ამ ბილიკს მიჰყვა და კოპალაც გაიყოლა. ბილიკის ბოლოს სამჭედლო იდგა, სულ მთლიანად დაფარული მაღალ და ხშირ ტყეში. კაცმა იქიდან ჩირაღდანი გამოიტანა, აანთო და კლდისკენ წავიდა. მღვიმეში ძალიან ვიწრო შესასვლელი იყო და ძალიან ბნელოდა. კედლები სულ სველი გახლდათ, შორიდან წყლის ჩხარუნის ხმაც ისმოდა. პირქუშმა ჩირაღდანი კლდელზე დაკიდა და უმისოდ გააგრძელა სვლა. კოპალას გაუკვირდა, სიბნელეში რა უნდა ვქნათო, მაგრამ, მალევე მკვეთრმა ნათებამ მოჭრა თვალი. ისინი უზარმაზარ ნათელ დარბაზში აღმოჩნდნენ. დარბაზის კედლები უცნაურად განათებული ქვებისა იყო. დარბაზის ბოლოს, მანათობელი კლდის კედელზე ჩანჩქერი ვარდებოდა და წყლის წვეთები უზომოდ ლამაზი ცისარტყელის რამდენიმე ხიდს ირეკლავდა. - ეს ადგილი ქალღმერთმა დალიმ მასწავლა. აი ამ ქვებისგან ვჭედავ ისრებს, რომელთაც ერთი შეხებით შეუძლიათ დევების, კუდიანების და ყველა მათი მოკავშირე ბოროტი სულების გაქრობა. ის არათუ კლავს მსხვერპლს, უბრალოდ აქრობს. - ეს ხომ სასწაულია და ხსნა. რაც შეიძლება ბევრი ისარი უნდა გავაკეთოთ და ყველას დავურიგოთ, ერთიანად შევუტიოთ ბოროტებას და დავამარცხოთ! ბავშვი სიხარულისგან ხტოდა. პირქუშს ესმოდა მისი სიხარული, მაგრამ, რატომღაც იგივე აღტკინება არ ჰქონდა. კოპალა მიხვდა, რაღაც ბოლომდე არ ვიციო... - მაგრამ, ეს რომ შესაძლებელი იყოს, აქამდეც მოიქცეოდი ასე, რა გიშლის ხელს? - აქ არსებული მარაგით, ყველაზე მეტი დევების ერთი ბუდე ამოვჟუჟოთ. სამწუხაროდ, ამ საბადოში ასეთი ქვების წარმოქმნას ძალიან დიდი დრო სჭირდება. იმისთვის რომ მარაგი არ ამოიწუროს, სამ თვეში დაახლოებით ათი კილოგრამის გამოყენებაა შესაძლებელი. ეს კი, ერთადერთი იმის საშუალებას მაძლევს, ხანდახან აღვკვეთო დევების სისხლიანი შეტევა, გადავარჩინო შენნაირი გაქცეულები და ხალხში იმედის ნაპერწკალი ვაცოცხლო. მღვიმიდან გამოსული კოპალა ხმას არ იღებდა, რაღაცაზე ჩაფიქრებულს სულაც არ ჰქონდა ბავშვური სახე. - მაშ ხსნა არაა? - ჰკითხა პირქუშს. - ერთ ზღაპარს მოგიყვები—თქვა პირქუშმა და განაგრძო: „იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელმწიფე, მდიდარი და ძლიერი. სასახლის წინ ულამაზესი ბაღი ჰქონდა გაშენებული. ხელმწიფე მას ძალიან უფრთხილდებოდა. ბაღს მებაღე ჰყავდა და ისიც დიდი რუდინებით უვლიდა მას. მეფისგან მკაცრად იყო გაფრთხილებული, ნებართვის გარეშე იქ არავინ შეეშვა. ერთხელ, მებაღემ ნახა რომ ვარდის ბუჩქში ბულბულს ბუდე ჩაედგა და ბარტყები გამოეჩეკა. სასწრაფოდ ხელმწიფეს მოახსენა და ჰკითხა, - დავუნგრიო ბუდე, თუ არაო. მეფემ კი უპასუხა, - ხელს ნუ ახლებ, ერთი დრო არავის შერჩნია და ჩემს ვარდზე ბუდის გაკეთება არც იმ ბულბულს შერჩებაო. გავიდა ხანი. მებაღე ხელმწიფეს ისევ ეახლა და მოახსენა, - დიდებულო, თქვენს ვარდზე, ბულბულმა რომ ბუდე გააკეთა, გველი შემოხვევია და ბულბულიც შეუჭამია და მისი ბარტყებიცო. ხელმწიფეს გაეცინა და უთხრა, - ხომ გითხარი, ბულბულს არ შერჩება მეთქი, მაგრამ იცოდე, არც გველს შერჩება ბულბულის და მისი ბარტყების შეჭმაო. გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი. ერთ დღეს მებაღე ბალახს თიბავდა. შემთხვევით ნამგალი გველს გამოჰკრა და შუაზე გადაჭრა. ხელმწიფემ ეს რომ გაიგო, მებაღეს კვლავ ღიმილით უთხრა, - გახსოვს გითხარი, გველს ბულბულის და მისი ბარტყების შეჭმა არ შერჩება-მეთქი. იცოდე, არც შენ შეგრჩება იმ გველის მოკვლაო. კიდევ უფრო დიდი დრო გავიდა. ერთ დღეს ხელმწიფის ქალები ბაღში სეირნობდნენ. აუზში ბანაობა მოისურვეს. მებაღემ თავი ვერ შეიკავა და ჩუმად, ბუჩქებიდან უცქერდა ლამაზ ქალბატონებს. ქალებმა ეს შეამჩნიეს და ხელმწიფესთან უჩივლეს. განრისხებულმა მებაღის სახრჩობელაზე ჩამოკიდება ბრძანა და ჯალათებს გადასცა. სიკვდილის წინ ერთი რამის თქმა ითხოვა მებაღემ და ხელმწიფეს მიმართა. - გახსოვთ დიდებულო ხელმწიფევ, თქვენს ვარდზე ბულბულმა რომ ბუდე გაიკეთა და ბარტყები დაჩეკა. თქვენ თქვით, რომ მას ეს არ შერჩებოდა და ასეც მოხდა - ისიც და ბარტყებიც გველმა ჭამა. არც გველს შერჩა და ჩემი ნამგლით გაიხლიჩა. მეც არ შემრჩა გველის მოკვლა. როგორც ჩანს, მართლა ასეა ქვეყანა მოწყობილი, ერთი დრო არავის შერჩება. დიდებულო ხელმწიფევ, ახლა მე თქვენი ბრძანებით უნდა მომკლან, და თუმცა დიდებული ხელმწიფე ბრძანდებით, არც თქვენ შეგრჩბათ ერთი დრო. ეს თქვა და ჯალათებმა ჩამოახრჩეს. გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი. ხელმწიფეს სასახლეში მოღალატეები გამოჩნდენ, ღვინოში საწამლავი შეაპარეს. სიკვდილის წინ მან მხოლოდ ამის თქმა მოასწრო, - ერთი დრო არც ჩემს დამღუპველს შერჩებაო.“    ხსნა ყოველთვის მოიძბნება, ამჯერად კი შენ იქნები ხსნა, ოღონდ ამისთვის ბევრი გარჯა და წვრთნა გჭირდება. მისმინე ვაჟო, შენი თავი მე შემთხვევით არ მიპოვნია. იმ დღეს შენთან ბედის მწერლებმა გამომგზავნეს. მათ მითხრეს, რომ შენ ხარ ის, ვინც ღვთისშვილთა ნაწყალობევი იარაღის საშუალებით, ქვეყანა ბოროტებისგან უნდა იხსნას. თუმცა, ეს ამბავი თავში არ აგივარდეს! ბევრ რჩეულს მოსვლია ასე და დამარცხებულა ბრძოლაში. შენ ერთ-ერთი ხარ და არა ერთადერთი. შენი გამარჯვება შენს ხელშია და არა განგების. ღვთისშვილები რაზმებს კრებენ. ბაყბაყდევის და მისი ბოროტი სულების დასამარცხებლად ერთიანდებიან ტყის ქმნილებები, ადამიანები და ღვთის შვილები. ამ კავშირის მთავარი იარაღი კი უდრეკი, სპეტაკი არსება უნდა იყოს, რომელიც გაივლის გამოცდას და ლახტით დაჯილდოვდება. - ლახტით? - ეს ცეცხლისმფრქვეველი, ღვთიური ძალით შეპყრობილი ლახტია. მისი ხელში დაჭერა ყველა მოკვდავს არ ძალუძს, და არც მისი მართვა. მხოლოდ რჩეულს შეუძლია ეს. ამ ლახტის ერთი მოქნევით დევების მთელი ჯარის განადგურებაა შესაძლებელი. იმისთვის რომ ღვთისშვილებმა ეს ლახტი განდონ, შენ მზად უნდა იყო ფიზიკურადაც და მორალურადაც. ბევრი წვრთნა იქნება საჭირო ვაჟო! - რომელიმე მოკვდავს ეს ლახტი ჭერია ხელში? - იახსარს,- თქვა და ამოიოხრა. - მერე, რა მოხდა? - იახსარი ძალიან მარდი და ძლიერი ვაჟკაცი იყო. ის მზად იყო შებრძოლებოდა დევების ასობით რაზმს მარტო. მაგრამ არ აღმოჩნდა მზად, შებრძოლებოდა საკუთარ თავს და გრძნობას, რომელმაც ჭკუიდან შეშალა გმირი. - რა გრძნობას? - ჯერ პატარა ხარ ამისთვის. თუმცა, ოდესმე ამაზეც მოგითხრობ. შენ ყველა განსაცდელისთვის და გამოცდისთვის უნდა იყო მზად. - მე მზად ვარ! - დარცხვენილი და მორიდებული ტონით, მაგრამ მტკიცე რწმენით თქვა ბავშვმა. - ხოდა ძალიან კარგი, - ჩაეცინა მჭედელს.     ... კოპალა მწვრთნელის მიერ მიცემულ ბრძანებას ასრულებდა. პაპანაქება სიცხე იყო, მზის მწველი სხივები კლდის ზედაპირს ახურებდნენ და კოპალას შიშველი ფეხები ისე ეწვოდა, თითქოს გახურებულ ნახშირზე დადიოდა. ზურგზე ლოდებით სავსე ხურჯინები მოეგდო და კლდის წვერზე უნდა ასულიყო, შეუსვენებლად. სახეზე ღვარად მოსდიოდა ოფლი. ოფლის წვეთები თვალებში ეწვეთებოდა და სწვავდა. ხელებით მძიმე ტვირთს იჭერდა და სახის მოწმენდა არ შეეძლო. ნახევარი გზაც არ ჰქონდა გავლილი და ეგონა დავარდებოდა, ვერ შეძლებდა. ასეთი ეჭვები უფრო ართულებდა მის მდომარეობას. კლდის ბოლოს, რაღაც უცნაური ყეფის ხმა შემოესმა. თითქოს არწივის ხმა იყო, მაგრამ, თითქოს ძაღლის ხმასაც ჰგავდა. კოპალამ ზევით აიხედა და ცაში უზარმაზარი ორბი დაინახა. ორბს ფეხებში რაღაც ეჭირა. ის სულ უფრო მაღლა და მაღლა მიფრინავდა. კოპალამ ვერ მოასწრო დაენახა რა ეჭირა ამ დიდ ფრინველს თავის შემზარავ ბრჭყალებში. ალბათ, ძაღლი გაიტაცა, - გაიფიქრა კოპალამ, - საწყალს ახლა დაახეთქებს მიწაზე, მოკლავს და მერე შეჭამს. მართლაც, ორბმა სასურველ სიმაღლეს მიაღწია თუ არა ბრჭყალები გახსნა და მსხვერპლი გადმოაგდო. კოპალა უყურებდა, როგორი სისწრაფით ეშვებოდა განწირული სხეული დაბლა. რაც უფრო უახლოვდებოდა, კოპალა ხვდებოდა, რომ ის სწორედ მისკენ მოფრინავდა. გადაწყვეტილება წამებში მიიღო. ბარგი ზურგიდან მოიხსნა და ორივე ხელით დაიჭირა ციდან დაშვებული სხეული. ინერციით ძირს დაეცა. ფეხზე წამოდგომა დააპირა თუ არა, შენიშნა ციდან მისკენ დიდი ჩრდილი ეშვებოდა. მიხვდა ორბი მსხვერპლს არ ელეოდა. სწრაფად მოხსნა თავის ხურჯინს თავი და იქიდან ლოდი ამიღო. წელში გაიმართა და ელოდა, როდის დაეშვებოდა ვებეერთელა ფრინველი საჭირო სიმაღლეზე. მერე მოიქნია ძლიერად და ლოდი ორბს პირდაპირ შუბლში გაარტყა. დარეტიანებულმა გიგანტმა წონასწორობა დაკარგა და კლდეს მთელი ძალით მიენარცხა. კაშკაშა მოოქროსფრო ბუმბული სისხლით შეიღება და უზარმაზარი სხეული უსულოდ დაეცა ძირს. საფრთხე აღარ იყო და კოპალა გადარჩენილს მიუბრუნდა. გაკვირვებული უცქერდა უცნაურ არსებას. მის წინ ლეკვი იყო, ყურ-ტუჩი ოქროსი ჰქონდა, დიდი თვალები თან შეშინებული, თან მადლიერი მზერით უცქერდნენ. ბიჭი მიუახლოვდა უცნაურ ლეკვს და კიდევ უფრო გაოგნდა. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა. სტაცა მას ხელი კოპალამ და მასწავლებლისკენ გაიქცა. - პირქუშო, ნახე რა მოვიყვანე.... პირქუში ისრებს ჭედავდა თავის სამჭედლოში. უცნაური ლეკვი რომ დაინახა, დიდი ჩაქუჩი ხელიდან გაუვარდა და გახარებულმა წარმოთქვა - მეგონა ასეთი ლეკვები აღარ იბადებოდნენ! - ლეკვი გამოართვა კოპალას და ფერება დაუწყო, - ყურშა, შენ ნამდვილი ხარ, შენ არსებობ და შენ ცოცხალი ხარ?! - ახლა კოპალას მიუტრიალდა, - შენ იცი ეს რა არის? კოპალა დაბნეული უყურებდა მასწავლებელს. მის პირქუშ სახეზე არასოდეს არ ენახა ამდენი სათნოება და სიხარული. თავი გააქნია, - არ ვიციო, ხმის ამოღება ვერც კი შეძლო გაკვირვებულმა. - რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ორბის კვერცხისაგან სხვა ბარტყთა შორის გამოიჩეკება ლეკვი - ყურშა. ოქროს ყურების გამო შეარქვეს ეს სახელი. ეს არაჩეულებრივი მონადირე და მებრძოლი ძაღლია. ორ ნახტომში ეწევა ჯიხვს. მისი ყოლა ყველა მონადირის ოცნებაა. მაგრამ დედა ორბს, ასეთი ლეკვი გამოჩეკისთანავე ძლიერ მაღლა აჰყავს და მიწაზე ანარცხებს, კლავს, რომ ადამიანს არ ჩაუგდოს ხელში. ეს როგორ გადარჩა?! ნუთუ დედამ არ მოკლა?! - დედას უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ მე შევძელი მისი გადარჩენა, - ამაყად წარმოთქვა კოპალამ. - ხოდა ახლა კიდევ უფრო მეტი გმართებს, - ბიჭის სიმამაცით ნასიამოვნებმა, მისი სიამაყით კი, ოდნავ შეწუხებულმა მასწავლებელმა ლეკვი მიაწოდა მოწაფეს, - ახლა შენ ხარ პასუხისმგებელი მის სიცოცხლეზე, როგორ გაზრდი და უპატრონებ! აიყვანე ვაჟო ეს არაჩვეულებრივი ქმნილება და გაზარდე.   ... საკმაოდ შორს იმ წალკოტიდან, სადაც პირქუში მომავალ გმირს ზრდიდა, იყო უღრანი ტყე, რომელიც სხვა ტყეებისაგან გამოირჩოდა. ერთ-ერთი, რაც მას განსაკუთრებულს ხდიდა გახლდათ ცოცხალი არსებების დიდი რაოდენობა. აქ ყველა სახეობის ცხოველს, ფრინველსა და მწერს მოეყარა თავი. დევებისგან აოხრებული ტყეების მკვიდრნი აქ აფარებდნენ თავს. ამ ტყეს, ჯერ კიდევ, იცავდა ჯადოსნური ძალა, რომელსაც მისთვის უხილავი სარტყელი შემოეხვია და იქ შესვლა ყველას როდი შეეძლო. ტყის გულში უზარმაზარი მუხის ხე იდგა. ფართოდ გადაშლილ მის ფესვებში ათასობით ცხოველს დაედო ბინა. თუმცა, ისინი იქ არამხოლოდ ცხოვრობდნენ, არამედ ხეს იცავდნენ და ყარაულობდნენ. რამდენიმე ლომსა და დათვს ერთ ფუღუროსთან მოეყარათ თავი. ზოგი იწვა, ზოგი იდგა, თითქოსდა უმოქმედოდ და ზანტად , თუმცა ყველა მათგანი ყურადღებით ზვერავდა გარემოს. ამიტომ, არცერთს არ გამოპარვია სტუმრის მოსვლა. ბუჩქებიდან შრიალის ხმა გაისმა და იქიდან ვეებერთელა მგელი გადმოხტა. ლომები და დათვები ფუღუროს წინ ჩამწკრივდნენ და უცხოს ეჭვის თვალით დაუწყეს მზერა. მგელი დაჟინებით მიშტერებოდა მათ, მოწინააღმდეგეთა რიცხობრივი უპირატესობა, აშკარად არ აშინებდა. ეს მოწინააღმდეგეთ ცოტათი აფრთხობდა, თუმცა უკან დახევას, არც ისინი აპირებდნენ. უცბად ფუღურო განათდა, გაფართოვდა და იქიდან ამ სანახაობისთვის შეუფერებლად სასაცილო არსება გამოვიდა. ეს ოჩოპინტრე გახლდათ, გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი - დაბალი, სუსტი აღნაგობის, ძონძებში გამოწყობილი, გაბურძგნული თმებითა და წვერით. - რას ბობოქრობ და მიფრთხობ ბავშვებს?! - ჯიქურ მიმართა მგელს,- მიიღე ახლა შენი სახე! არაა თამაშის დრო! მგელმა თავი გადააქნია და წამში ადამინის სახით წარსდგა. ძნელი სათქმელია, რა უფრო შიშის მომგვრელი სანახაობა იყო, ვეება მგელი, თუ ეს კაცი. რომელსაც მაღალ დაკუნთულ სხეულზე და სახეზე ათასი ჭრილობის ნაკვალევი ემჩნეოდა. თვალები რისხვით ანათებდნენ და სიცივეს აფრქვევდნენ. ეს გახლდათ მამბერი, მაქციების (ადამიანი-მგლების) და მგლების მბრძნებელი. - წამომყევი, გელოდება, არც ისაა შენზე ნაკლებად ცუდ ხასიათზე, ამიტომ გევედრები, ძალიან ნუღარ გააღიზიანებ, თორემ თუ მორთო თავისებური წივილ-კივილი დამიფრთხობს ყველა ცოცხალ არსებას, - ოჩოპინტრე და მამბერი ხის ფუღუროში გაუჩინარდნენ. - რადგან მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ესეიგი ასეა საჭირო, თქვენ ვინ ხართ ვითომ, რომ რამე მოიწონოთ, ან დაიწუნოთ.. როგორც ის იტყვის ისე იქნება, - შეუჩერებლად ლაპარაკობდა ოჩოპინტრე და ხის ვიწრო დერეფანში მიუძღოდა სტუმარს, რომელსაც სიტყვა არ დასცდენია მთელი გზა. როგორც იქნა მივიდნენ ხის შუაგულში გადაშლილ დარბაზში. ასობით პატარა ცხოველი შეუსვენებლად და საქმიანად დარბოდა წინ და უკან. ზოგს სურა მოჰქონდა, ზოგს თასი, ზოგი კედლებზე ყვავილების გვირგვინებს ამაგრებდა, ზოგი რას და ზოგი რას, უსაქმოდ წამოწოლილს იქ ვერავის ნახავდი, გარდა ერთისა. ფართო ტახტზე ტყის ღვთაება, ოჩოკოჩი მოკალათებულიყო. პატარა ციყვები ჟანგისფერ თმებს უვარცხნიდნენ. ზღარბები გრძელ და ბასრ ბრჭყალებს ულესავდნენ. დაკუნთულ მკერდზე ოჩოკოჩს უცნაური, ნაჯახის მსგავსი წანაზარდი ჰქონდა. ამბობენ ამ „ნაჯახით“ მას არაერთი დევი და კუდიანი გაუსტუმრებია საიქიოს. უდიდესი ფიზიკური და ჯადოსნური ძალის მქონე ოჩოკოჩს ლაპარაკი არ შეეძლო. სტუმრის დანახვაზე ტყის ღვთაება ფეხზე წამოდგა და საშინელი ხმა აღმოხდა. - ნუ დაიწყებ ახლა ღრიალს, და დაგვაყრუებ ყველას! მე ვიტყვი შენს სათქმელს! - მიმართა მას ოჩოპინტრემ. ოჩოკოჩს და ოჩოპინტრეს ერთმანეთთან ერთგვარი ტელეპატიური კავშირი ჰქონდათ. მათ სიტყვის თქმის გარეშე ესმოდათ ერთმანეთის. ოჩოკოჩმა გაბრაზებულმა გახედა ოჩოპინტრეს - ოხ, რა იყო? გვეწყინა რამე? ყოველშემთხვევაში არ გეტკენია. თუ ძმა ხარ შეიკავე თავი, - ხვეწნის ტონით, და ღრეჯით მიმართა ოჩოპინტრემ. ოჩოკოჩმა თავი გადააქნია, ნიშნად,- ამისგან, სხვას მაინც არაფერს უნდა ელოდეო! და სტუმრისკენ გაეშურა. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. - მორჩით ახლა პირსისხლიანებო სენტიმენტებს და საქმეზე ვილაპარაკოთ. ორივეს გაგახარებთ და გეტყვით, რომ აბსოლუტურად იზიარებთ ერთმანეთის აზრს და არ ხართ კმაყოფილი მისი გადაწყვეტილებით. ჩემის მხრივ კი დავამატებ, თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ, მისი გადაწყვეტილება გააკრიტიკოთ?! და ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ თქვენ, თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობებით, სწორედ იმიტომ დაჯილდოვდით, რომ ადამიანების სამყაროს ემსახუროთ და არა საკუთარ თავს! ახლა კი განაგრძეთ. მამბერმა და ოჩოკოჩმა ბრაზიანი მზერა ესროლეს ოჩოპინტრეს, მაგრამ პასუხის ღირსად არ ჩათვალეს და მგლების მბრძნებელმა როგორც იქნა ხმა ამოიღო: - ვერასოდეს ვხვდებოდი და ალბათ ვერც ვერასოდეს მივხვდები, რატომ ჩერდება მისი არჩევანი ყოველთვის ადამიანებზე. ისინი ხომ ასე ადვილად სამართავნი არიან, სავსენი უამრავი მანკიერი თვისებით და ცოდვით. რამდენმა რჩეულმა უნდა გაგვიწბილოს იმედი?!   ოჩოკოჩმა ამოიოხრა. მამბერმა კი საუბარი განაგრძო.. - არც წვრთნა და არც გამოცდა მათ არ შველით. თითქოს ვიპოვნით იმას ვისაც შეუძლია ყველა მანკიერებაზე მაღლა დადგეს და პატიოსნად ემსახუროს სიკეთეს, მაგრამ გამოჩნდება რამე მაცდუნებელი და მთელი შრომა წყალში გვეყრება. ოჩოკოჩმა უფრო ხმამაღლა ამოიოხრა, ფეხზე წამოდგა და ბოლთის ცემა დაიწყო. - იახსარი გაახსენდა! - განმარტა ოჩოპინტრემ, - შვილივით უყვარდა. - იახსარი ყველა ჩვენგანის ტკივილია,- ხმადაბლა და სევდიანად ჩაილაპარაკა მამბერმა,- მან ყველა ცდუნებას გაუძლო. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც .... - მამბერმა ლაპარაკი აღარ გააგრძელა, ამოიოხრა და თავი დახარა. უხერხული დუმილი ოჩოპინტრემ დაარღვია. - რა გიკვირთ? იახასარი იმ გრძნობამ დაამარცხა, რომელსაც თავად ღმერთკაცები დაუმარცხებია. აი შენ, ნახევრად ღმერთო და ნახევრად ცხოველო, შემოგხედავს ვინმე და ნამდვილი სიკვდილის მანქანა ხარ! - მიმართა ოჩოკოჩს,- შენც კი დაგატყვევა ამ გრძნობამ და დღემდე უიმედოდ ელტვი ტყის დედოფალს. ეს მაშინ, როცა ღმერთმა შენს სულში სულ პატარა, ერთი ციცქნა ემოცია ჩადო. ადამიანებში კი ემოციათა მორევია. ისინი სავსე არიან ამით. მათ სულში კი არა ხორცში და სისხლშია ვნება, სიყვარული, სიხარული, ბრაზი, სიძულვილი. მართალია, ხშირად ეს ხდება მათი მარცხის მიზეზი, ხშირად ეს ემოციებია მათი მთავარი სისუსტე, რითიც ჭკვიანი მტერი კარგად სარგებლობს, მაგრამ... კიდევ უფრო ხშირად, ეს არის მათი საიდუმლო იარაღიც. მათი წყალობით, ისინი იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, იბრძვიან თავდადებით და .... მოვრჩეთ ლაყბობას, - გვიბრძანეს, პირქუშს დავემხმაროთ. საქმე ბევრია, დრო კი არ იცდის, - ოჩოკოჩმა ხელი გაიშვირა ოჩოპინტრესკენ, ხმადაბლა დაიღმუილა და მამბერისკენ მიტრიალდა. - მე წამოვალ შენთან ერთად! - უთხრა ტყის კაცმა მამბერს, - ამის აქედან გასვლა არ შეიძლება. ტყე ჯადოსნური დაცვის გარეშე დარჩება და ცხოველები საფრთხის წინაშე. დევებმა რომ მოინდომონ ერთ დღეში ამოჟუჟავენ ყველას. - კეთილი, ჩემო ძმაო და მეგობარო!- მამბერმა ხელი ჩამოართვა ოჩოკოჩს. - მე მოხუცი კაცი ვარ და ბევრს ვერ ვივლი, ხშირ-ხშირად უნდა დამასვენო, - წუწუნებდა ოჩოპინტრე უკან მიმავალ ხის კორიდორში. მამბერი, როგორც წინა გზობაზე, არცერთ მის სიტყვას პასუხს არ სცემდა და ჩუმად მიჰყვებოდა. გარეთ რომ გავიდნენ, მამბერმა თავი გადაიქნია და ისევ ვეებერთელა მგლად იქცა. ოჩოპინტრეს მივარდა, ბასრი კბილებით ძონძებში ჩაეჭიდა, ზურგზე მოიგდო და ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილიდან. ... ხალხი ყვებოდა, იდუმალი სამეფოს შესახებ, მაგრამ იგი იმდენად იდუმალი იყო, არც მისი ნამდვილი სახელი და არც მისი ადგილსამყოფელი იცოდა ვინმემ. ვისთვის ის ღრუბლებში იყო დამალული, ვისთვის ცისარტყელაში, ყველა ვინც მის შესახებ თხრობას იწყებდა სხვადასხვანაირად ხატავდა სამეფოს იერსახეს. თუმცა ყველამ იცოდა, რომ ამ იდუმალ სამფლობელოს იდუმალებით მოცული ძმები განაგებდნენ, - გაცი და გაიმი. ისინი ტყუპები იყვნენ და საოცრად გავდნენ ერთმანეთს. ერთადერთი რაც გამოარჩევდათ ეს თმის ფერი იყო, გაცს ოქროსფერი კულულები ჰქონდა, გაიმს კი ვერცხლისფერი. ძმები უცნაური საუბრის სტილითაც გამოირჩეოდნენ, ქარაგმებით და რებუსებით საუბრობდნენ. მათი ხშირად არავის ესმოდა, მხოლოდ თავად უგებდნენ ერთმანეთს. თეთრ და შავ რაშზე ამხედრებულები ნელა მიუყვებოდნენ გზას და ჩვეულად უჩვეულოდ საუბრობდნენ: - ჩვენ თუ არა სხვა ვინ? - ჰკითხა გაციმ გაიმს - ის იმდენად დაკარგულია, ვერც ჩვენ შევძლებთ მის მოძებნას, - უპასუხა ძმამ ძმას. - ცდა ბედის მონახევრეაო - აო რო? - ხოდა ვნახოთ. - სად? - იქ სადაც დაკურგულები არიან? - დაკარგულები ყველგან არიან და არსად. იმიტომაც არიან დაკარგულები, რომ დაკარგულები არიან და ვერ იპოვი. - დაკარგული ნიშნავს დაკარგულს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი პოვნა შეუძლებელია, დაკარგული შეიძლება გახდეს ნაპოვნი. - როგორ უნდა დაიწყო ძებნა იმისა ვინც ყველგანაა და არსად? - უნდა ეძებო ყველგან და .... - იპოვი არსად.... - გადაიხარხარა გაიმმა, - კარგი, მე ვიცი სად შეიძლება ვიპოვო ის, მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ამას აზრი არ აქვს. მან თავად დაკარგა თავისი თავი და არანაირი სურვილი არ აქვს დაიბრუნოს. ჩვენი ყველა მცდელობა ამიტომაც იქნება უშედეგო. - უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს სურვილი გაუჩნდეს და თავად დაიბრუნოს საკუთარი თავი. - როგორ? - არ ვიცი. - კარგი, ვცადოთ. ...  საღამო ხანი იყო. სათიბზე მხოლოდ ერთი ყმაწვილიღა შემორჩენილიყო. სხვებს სამუშაო იარაღი ჩაელაგებინათ და სახლში წასულიყვნენ. ის კი ისევ ისეთი შემართებით თიბავდა ბალახს. მოულოდნელად ტყიდან გამოვიდა თმაგაწეწილი, ტანისამოსშემოხეული ქალი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭუჭყიანი და გაწეწილი იყო, საოცრად ლამაზი გახლდათ. მან აიღო ცელის ტარის სიგრძის ჯოხი და სათიბის მეორე მხარეზე დაიწყო „თიბვა“, ყმაწვილს აჯავრებდა, მეც ვთიბავო. ახალგაზრდამ მას დაუძახა , - აქ მოდიო - და ხელი დაუქნია. ქალს არც უფიქრია დამორჩილებოდა, იგივე მოძრაობა გაიმეორა და აქეთ გამოსძახა, - აქ მოდიო. ახოვანი ჭაბუკი მისკენ წავიდა. მაგრამ ქალი წამსვე ტყეში გაუჩინარდა. ყმაწვილმა ისევ მოიმარჯვა ცელი და თიბვა განაგრძო, თან ტყისკენ ჰქონდა თვალი. ქალი ისევ გამოვიდა ტყიდან და ისევ მოიმარჯვა ჯოხი. კვლავ იმეორებდა ვაჟის ყველა მოქმედებას და იცინოდა. ჭაბუკმა იარაღი მოკრიფა და სოფელში დაბრუნდა. ქალი უკან არ გაჰყოლია. მომხდარის შესახებ უხუცესებს უამბო. ერთ-ერთმა უთხრა: - შვილო, ეს ალი იყო. უზადოდ ლამაზი და ცბიერი ქმნილებები არიან ალები. თავისი სილამაზით არაერთი ვაჟკაცი წაუხდენიათ. მათი დაპატრონება არ არის ადვილი. ეგ კი არა, არც გამიგია ვინმეს ალი მოერჯულებინოს. თუმცაღა ამბობენ, თუ ალს თმის მარჯვენა კულულს, და მარცხენა ხელის ცერა თითის ფრჩხილს მოაჭრი, სანამ ესენი შენ გექნება, ალი სულ შენთან იქნება და არსად წავაო. ერთგული და მოსიყვარულეაო ალი, ასეთ დროს. ალის სილამაზეს ვაჟის გონება მოეჯადოვებინა და ერთადერთი რაზეც ის ფიქრობდა, ქალის დაპატრონება იყო. სათიბში თითქმის დაღამებამდე იყო ხოლმე ალის გამოჩენის იმედად. რამდენიმე დღე გავიდა და ის არ ჩანდა. ერთ საღამოს კი ისევ მივიდა სათიბში ულამაზესი ალი. ისევ დაუწყო ჭაბუკს გაცინვა. ვაჟმა უკვე იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ამიტომ, ვითომდაც ალს ყურადღებას სულაც არ აქცევდა, ისე მოქმედებდა. სათიბის ბოლოს შალაფა ბალახის გლეჯვა დაიწყო. ალიც მოშორებით მივიდა და იგივე ბლახს დაუწყო გლეჯვა. ვაჟმა ბალახისგან მაგარი თოკი დაგრიხა, ალმაც იგივე გააკეთა. შემდეგ თოკი ხეს გამოაბა. ქალი ზედმიწევნით იმეორებდა ყველაფერს. ახალგაზრდამ თოკი რამდენჯერმე მთელი ძალით დაჭიმა და არ გაწყდა. ალსაც საკმაოდ კარგი თოკი დაეგრიხა, არც ის გაწყდა. ვაჟმა ახლა თოკის მეორე ბოლოთი თავისი ფეხები მაგრად შეიკრა. ქალიც ზუსტად ასე მოიქცა. დაბმულმა რამდენჯერმე გამოქაჩა ფეხებით თოკი, მაგრამ ვერ გაწყვიტა. ალისაც არ გამოუვიდა განთავისუფლება. ყმაწვილი მიხვდა, ალი საიმედოდ არის დაბმულიო, დასწვდა ცელს, ამოისვა ფეხებს შუა და თოკი გადაჭრა. ალიც დასწვდა თავის „ცელს“, მაგრამ მას ხომ ცელის ნაცვლად ჯოხი ჰქონდა და ვერ გაჭრა თოკი. ეცა ალი თოკს და გახსნა დაუწყო, მაგრამ ყმაწვილმა მოასწრო მასთან მირბენა, ამოიღო დანა, მოაჭრა მარჯვენა კულული და მარცხენა ცერის ფრჩხილი, ცხვირსახოცში შეახვია და საიმედოდ უბეში შეინახა. ამის შემდეგ თავად შეხსნა ალს თოკის ნასკვი, მაგრამ ის აღარსად გაქცეულა და მორჩილად გაჰყვა. მთელი სოფელი გარეთ გამოსულიყო და ალს უყურებდა. იახსარმა მეზობლის ქალი გაიხმო გვერდით და რაღაც წასჩურჩულა. შემდეგ ალს მიმართა: - ალიკო, შენ დაღლი ხარ, მშიერი. არც დაბანა და მოწესრიგება გაწყენდა. წადი ამ ქალთან, ის მოგეხმარება და მოგივლის. ალი ქალს გაჰყვა. იახსარმა დრო იხელთა, წერაქვი და ნიჩაბი აიღო, შუა კერიის ცეცხლი გადაბერტყა, ორმო ამოთხარა, თაროდან ცარიელი თიხის ქილა გამოიღო, შიგ ჩადო ალის თმა და ფრჩხილი, ორმოში მოათავსა ქილა, ზედ სიპი ქვა დააფარა და მიწა მიაყარა. შემდეგ ნაცარ-ნაღვერდალიც დააბრუნა ადგილას. შვებით ამოისუნთქა, ალი ამას ვერასოდეს იპოვნისო და მის მოსაყვანად მეზობლის ქალთან გადავიდა. იახასრი იმდენად ჩქარობდა, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ დაინახა ყველაფერი მეზობლის ერთმა ცნობისმოყვარე ბავშვმა.  ეზოში უამრავი ხალხი იდგა და ელოდა დაბანილი და დავარცხნილი ალის გამოსვლას. მათ შორის იყო იახასარიც. მეზობლის კაცებთან საუბრობდა და თვალი სულ კარისკენ გაურბოდა. ერთი სული ჰქონდა ენახა ქალი. კარი გაიღო და იქიდან სასწაული გამოვიდა. ჭუჭყიანი და გაწეწილი ალი ხომ ძალიან ლამაზი იყო და ახლა მისი სილამაზე შეუდარებელი და აღუწერელი გახლდათ. შეუძლებელია სიტვებით გადმოსცე, მისი დიდრონი შავი თვალების ეშხი და ელვარება, მისი სქელი შავი თმის ბზინვარება, მისი სხეულის დახვეწილობა და უზადოება. ის ლამაზი არ იყო, ის საშინლად ლამაზი იყო, გონების ამრევად, სულის შემაშფოთებლად ლამაზი. იახსარი, ათასი დევის განმგმირავი და ათასი კუდიანის ეშმაკობას გადარჩენილი, წამში შეიპყრო ალის სილამაზემ და დაიმონა. დიდებული ქორწილი გადაიხადეს სოფელში. ალის და ადამიანის შვილის ქორწილზე თქმულებები ხეობებს გასცდა. სტუმრები გვიანობამდე ღრეობდნენ, მაგრამ ახლად შეუღლებულნი შებინდებისთანავე განმარტოვდნენ თავიანთ კოშკში. არასოდეს დაავიწყდება იახსარს იმ ღამის ნეტარება. მის მკლავებზე გადაწოლილი ულამაზესი ქალის ალერსი. ათასი კოცნა და ათიათასი შეხება საკმარისი არ იყო ვნების იმ წყურვილის მოსაკლავად, რაც ვაჟს კლავდა. თითქოს მისი სხეულის ფლობა არ იყო საკმარისი და მისი სულის დაუფლება სურდა ვაჟს, ვნებით ლოშნიდა საყვარელ სხეულს და ალის მკლავებში როგორც ზღვის ტალღებში იძირებოდა. ალიც ვნებიანად და ალერსიანად ეხვეოდა ქმარს, თუმცა ქმარს და არა საყვარელს. როგორც კი იახსარს დაეძინა, ალი ლოგინიდან წამოხტა. თავისი თმის და ფრჩხილის ძებნა დაიწყო. მთელი სახლი და ქმრის ტანსაცმელი გადაქექა, მაგრამ ვერ მიაგნო. სხვა გზა არ ჰქონდა, ბედს დამორჩილდა. საამაყო და სამაგალითო ცოლი იყო ალი. ქმარს და ოჯახს წარჩინებულად უძღვებოდა. გამოცდილ მეოჯახე ქალებსაც აჯობა ბევრ რამეში. საომრად მიმავალ ქმარს ისეთ ლოცვებს და თილისმებს ატანდა, ისედაც დაუმარცხებელი იახსარი, კიდევ უფრო შეუდრეკელი და გაუტეხელი ხდებოდა. ვერცერთი კუდიანის ეშმაკური ჯადოები ვერ მოქმედებდა მასზე, და ვერცერთი დევი ვერ ახერხებდა მის დამარცხებას. გავიდა ერთი წელი. იახსარი მორიგი ლაშქრობიდან ბრუნდებოდა. კუდიანების ერთი ბუდე აღმოეჩინათ და მათი დედაბერი შეეპყროთ. მას კი სიცოცხლის გადარჩენის სანაცვლოდ პირობა მიუცია, გეტყვით სად იმალება ბაყ-ბაყ-დევიო. იახსარს დაუჯერებია მისი და კინაღამ ბაყ-ბაყ-დევის ხაფანგში ამოუყვია თავი. მართალია, უვნებელი გადარჩენილა და ის კუდიანიც გაუსტუმრებია საიქიოს, მაგრამ დევების წინამძღოლი ისევ გაჰქცევია და უხასიათოდ იყო. გზაზე მეზობლის ბავშვი შეეფეთა. შაყირით უთქვამს მისთვის, - რაო გაგაცურა კუდიანმაო?. იახსარს არ ჩვეოდა ბვშვების დასჯა. მაგრამ ახლა გადაღლილს გონი ჰქონდა ამღვრეული და გულზე მწარედ მოხვდა ბავშვის ნათქვამი, ერთი-ორი სილა გაურტყია მისთვის. იმწამსვე მოვიდა გონს და ბავშვისთვის ბოდიშის მოხდაც კი სცადა, მაგრამ გამწარებლი ბავშვი ადგილიდან მოწყდა და სახლში გავარდა. მშობლებთან დაჩივლება არც უფიქრია. ზუსტად იცოდა როგორ ეძია შური. ეს სწორედ ის ბავშვი იყო, ვინც იცოდა, სად ჰქონდ იახსარს დამალული ალის ფრჩხილი და თმა. ორი დღე და ღამე იახსარი სახლიდან არ გასულა, ალის სიყვარულს მონატრებული, წამით არ შორდებოდა საყვარელ ცოლს და მისი ალერსით თვრებოდა. - სირცხვილია ადამიანო, გადი მეზობლებში. ყველას აინტერესბს შენი ახალი საგმირო საქმეების ამბავი, შენ კიდევ მთელი დღეები კოტრიალობ და არაფრად აგდებ ხალხს. საქმეც ბევრია ოჯახში გასაკეთებელი, მეც მაცდენ. - გაცდენ? განა ქმრის სიყვარულით გაძღობაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო ქალო? - განა ოდესმე უარი მითქვამს შენთვის სიყვარულზე? - მივიდა ქმართან და ალერსიანად აკოცა, - მაგრამ განა ხვალე ჩვენი არ არის? მთელი უსასრულობაა ჩვენი, მარადიულობაა ჩვენი,- თქვა და ახლა ვნებიანად დაეწაფა ქმრის ტუჩებს. შავი თმის კულულები უკან გადაიყარა და გააშიშვლა სავსე მკერდი. მთელი ტანით მიეკრო ქმრის შიშველ სხეულს და მთელი ვნებით დაეუფლა მის სულს. მეორე დილით იახსარი მეზობლის კაცებთან გავიდა სასაუბროდ. მთელი სოფელი გარს შემოეხვია, ყველას აინტერესებდა როგორ წარიმართა მისი მორიგი ლაშქრობა. ამით ისარგებლა განრისხებულმა ბავშვმა, მივიდა ალთან და უთხრა სად მალავდა მისი ქმარი თმას და ფრჩხილს. ერთიანად შეეცვალა ალს სახე. კდემამოსილ ქალს უცბად მთლიანად ველური ჟინი გადაეფარა თვალებზე. მივარდა კერიას და ამოთხარა სამალავი. როგორც კი თმა და ფრჩხილი დააიბრუნა ველური ყიჟინა მორთო. სახლიდან გავარდა და ტყეში დაიკარგა.     ... - დაიკარგა ალი და დაიკარგა იახსარიც. იქნებ ის ალი მოგვეძებნა და იახსარსაც მივაგნებდით, - თქვა გაციმ?- იქნებ? თუმცა თავად იახსარმა მთელი ქვეყანა მოიარა და ვერსად მიაგნო. - ძალით ქალს ვერ გააჩერებ. თუ მას წასვლა უნდა, ასი წელიც რომ გავიდეს, მაინც წავა. რაც უფრო დიდხანს იქნება ის შენი, თუნდაც სიყვარულის, ტყვეობაში, მით უფრო რთული იქნება დაკარგვა. მაგრამ, ის ყოველთვის წავა, თუ წასვლა გულში უდევს. - თუ ალს არ უნდა რომ იპოვნო, ვერც იპოვნი. - ვერც მას იპოვნი და თავსაც დაკარგავ. - შენ გინახავს ის ალი? - კი. - მე სულაც არ მინდა თავის დაკარგვა, - ჩაიცინა გაციმ,- ესეიგი, ჩვენ იახსარს ვეძებთ და არა ალის! - ესიგი იახსარს! - და, სად ვეძებთ? - ყველგან.   ... კოპალა თავის პატარა ლეკვს ეთამაშებოდა. მათიყურშა საკმაოდ წამოზრდილიყო, სიმაღლეში კოპალასაც უსწრებდა. ლაღად დარბოდა, ვითომდა მეგობარს გაურბოდა. თუმცა, ხშირად ჩერდებოდა და უკან იხედებოდა, ძალიან ხომ არ გავასწარი კოპალასო. რომ მიხვდებოდა, ადამიანის შვილი ვერ ეწეოდა, სიხარულისგან ფრთებს ააფრიალებდა, ირაოსავით ნახტომს გააკეთებდა და ისევ გარბოდა. უეცრად მათიყურშა ადგილზე შედგა. მხიარულება სახეზე აღარ ეტყობოდა. გაინაბა და მზერა ერთი ადგილისკენ მიმართა, ყურები დაცქვიტა, მთელი სხეული დაეძაბა და საბრძოლო განწყობა დაეტყო. კოპალა დაეწია და დაჭერა დაუპირა, მაგრამ სწრაფადვე მიხვდა ლეკვის განწყობას, თავადაც ხიფათის მოლოდინმა შეიპყრო. გააყოლა მზერა, მათიყურშას გაშტერებულ მზერას, - იმ მღვიმიდან, საიდანაც ორიოდ წლის წინ პირქუშმა ამ წალკოტში მოიყვანა ფეხის ნაბიჯის ხმები გაისმა. საკმაოდ მძიმე ნაბიჯები იყო. კოპალა შეშინდა, ამ საიდუმლო გზიდან არასოდეს არაფერი შემოსულიყო, მხოლოდ პირქუში გადიოდა და შემოდიოდა დრო და დრო. ახლა კი იგი სამჭედლოში იყო. ერთი გაფიქრება გაიფიქრა, წავალ, დავუძახებ მასწავლებელსო, მაგრამ, შიშმა, თუ ცნობისმოყვარეობამ ადგილზე მიაჯაჭვა და განძრევა ვერ შეძლო. ასე გაქვავებულები მიშტერებოდნენ მღვიმეს, ლეკვი და ბავშვი, სულ რამდენიმე წამი. ნაბიჯების ხმები ახლოვდებოდა, და მათიყურშამ ღრენა დაიწყო, პატრონს წინ გადაუდგა და საბრძოლველად გაემზადა. მღვიმიდან უზარმაზარი მგელი გამოვარდა, მათ დანახვაზე თავი მაღლა აწია და საზარელი ყმუილი ამოუშვა. კოპალა შეშინდა, მაგრამ არ დაიბნა, იქვე დაგდებულ დიდ ლოდს დაავლო ხელი და ლეკვის მსგავსად საბრძოლველად გაემზადა. ლეკვი კი პირდაპირ შეტევაზა გადავიდა. უყეფდა მასზე გაცილებით დიდ ურჩხულს და იწევდა მისკენ. მგელმა შეხედა, სახე მზრუნველობით, საოცარი სიყვარულით აევსო. - ერთი ამას დამიხედე, რა დღეშია?!- გაისმა მგლის ზურგს უკან ხმა და ოჩოპინტრეც გამოჩნდა. მგელმა კი კისერი გადაიქნია და მამბერად გადაიქცა. - აღარც კი მეგონა თუ ოდესმე კიდევ ვნახავდი ასეთ ლეკვს,- მიმართა ოჩოპინტრემ მამბერს. - შენ ვერ წარმოიდგენ, მე როგორ მიხარია მისი ნახვა, - უპასუხა მგლების მბრძანებელმა და კოპალას მიმართა. - სად იპოვე მათიყურშა ბიჭო? - დედა მოკვლას უპირებდა და გადავარჩინე, - ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებდა უცნაურ არსებებს კოპალა, მაგრამ მათი სულაც აღარ ეშინოდა. - ღმერთმა უდიდესი იღბალით დაგაჯილდოვა, რადგან ასეთი ლეკვის პატრონობა გარგუნა. უერთგულე მას, და მასზე მზრუნველი და ერთგული მეგობარი არ გეყოლება. - პირქუში სადაა ბავშვო? - ჰკითხა ოჩოპინტრემ. - სამჭედლოში ბრძანდება, ახლავე დავუძახებ, თქვენ მანამდე სახლში შებრძანდით, მოისვენეთ. ... - მასწავლებელო, სტუმრები გეახლნენ, - სირბილით მივარდა სამჭედლოში კოპალა, ძლივს სუნთქავდა, მაგრამ ჩქარა-ჩქარა და შეუსვენებლად ლაპარაკობდა, - ერთი მგლის სახით მოვიდა და მერე ადამიანის სახე მიიღო, მეორე ძონძებში გამოწყობილი, სასაცილო მოხუცია, თავიდან ისე შემეშინდა, ვიფიქრე დევებმა გვიპოვესთქო, მათიყურშა მათ დაგლეჯვას უპირებდა... პირქუშს კი სულაც არ გაჰკვირვებია სტუმრების მოსვლა, სამუშაოს თავი დაანება და სახლისკენ გასწია. - რამდენიხანია არ მინახიხარ მოხუცო, - მიმართა მან ოჩოპინტრეს და გადაეხვია, - სულ არ შეცვლილხარ. - რა შემცვლის?! - ღიმილით უპასუხა ტყის მბრძნებელმა - შენ კი გატყობ არ ისვენებ და ბებერ სხეულზე ნაიარევები მოგმატებია, მამბერ, - ახლა მას გადაეხვია პირქუში. - ჩემი მოსვენება ვის გაუგია?! ჩემი და ჩემი ამალის გარდა ვის ძალუძს დევების პირსისხლიანი მსტოვრების შეჩერება?! რაც თავი მახსოვს ადამაინის შვილებს ჩვენი დაცვის გარეშე არაფერი შეგიძლიათ. როდესაც კარგად ხართ, გართობის მიზნით დადიხართ ჩვენზე სანადიროდ, და როგორც კი უძლურები ხართ რამის წინაშე, ლოცვით გვიკლებთ, გვიშველეთ და დაგვეხმარეთო. პირქუშს სულაც არ წყენია მამბერის ასეთი ნათქვამი, ჩაიცინა: - შენ ისევ ვერ გაგნელებია ადამიანის შვილების მიმართ ბოღმა გატყობ, მაგრამ, როგორ შეიძლება ღმერთების ტოლა ქმნილებას ჩვენსავით უგნურ მოკვდავებზე რამე ბრაზი გქონდეს?! მამბერი თითქოს კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ მას მოულოდნელად გამოჩენილმა სტუმარმა შეაწყვეტინა.. - დროულად მოვსულვართ! - თქვა და ოთახში შევიდა გაცი. - ჩვენი მოსვლა ყოველთვის დროულია - დაეთანხმა გაიმი.- დრო ზედმეტად ფარდობითი მცნებაა, იმისთვის რომ განსაზღვრო, რამდენად დროულია ესათუ ის მოვლენა.... საერთოდ უაზრობაა, იმის თქმა, რომ რაღაც უდროოდ მოხდა. რას ნიშნავს უდროოდ?! სწორედ მაშინ იყო ამის დრო, როცა ის მოხდა. - ვაიმეეეეეეეეეე, - თქვა და თავში შემოირტყა ხელები ოჩოპინტრემ, - ნეტა თქვენ ამ თქვენ ზედმედატ ბრძნულ გამონათქვამებს შეეშვებოდეთ. სჯობს გემრიელად გადამეხვიოთ ორივე. აუტანლები კი ხართ, მაგრამ მაინც მომენატრეთ,. ... სტუმრებმა და მასპინძლებმა ისადილეს. დანაყრებულები ბუხრის წინ დასხდნენ და მსჯელობდნენ მომავალზე. - ბედის მწერალი მეწვია სიზმრად რამდენიმე დღის წინ და მამცნო, რომ თქვენ მოხვიდოდით, - დაიწყო პირქუშმა. - არ გაგიკვირდებათ თუ კი ვიტყვი, რომ, ჩვენც აქ მოსვლის მითითებები ბედის მწერლებმა მოგვცეს, - თქვა გაიმმა, - ყველამ ვიცით რომ ჩვენი მიზანია, კოპალას გარშემო მოვკრიბოთ ყველა ის ძალა, რომელსაც დევების განადგურება შესწევს და სურს. მაგრამ, ბედის მწერლები არასოდეს იძლევიან ზუსტ მითითებებს. მათ გვიბიძგეს ამ შეხვედრაზე, ჩვენ კი უნდა ჩამოვყალიბდეთ თავად,- რა და როგორ უნდა მოვიმოქმედოთ. - მე ვიცი სად უნდა ვეძებოთ იახსარი! - წარმოთქვა მამბერმა. ასეთ განცხადებას არავინ ელოდა. ყველამ გაკვირვებული და ცნობისმოყვარე სახით შეხედა მას, - როდესაც იახსარი ალის საძებნელად გაეშურა, ლახტი საგულდაგულოდ გადამალა. მან მითხრა:  „ერთგულო მეგობარო, ვიცი ვერ გამიგებ, ვიცი განმკიცხავ, მაგრამ ეს სიმართლეა და ვერსად გავექცევი. მთელი ჩემი არსება, მთელი ჩემი აზრები და სული ჩემს ალიზეა განწყობილი, მხოლოდ მასზე ვფიქრობ, მხოლოდ მასთან მინდა. ვერც ვიბრძოლებ და ვშიშობ, ჩემი  წინდაუხედაობის, ან გაუაზრებლობის გამო ლახტი დევებს არ ჩავუგდო ხელში, ამიტომ ის საგულდაგულოდ გადავმალე. მე ვალდებული ვარ მოვძებნო ჩემი ალი, არა მარტო იმიტომ, რომ ეს მე მინდა, არამედ იმიტომ რომ ჩემი სიმშვიდე და ჩემი თავი დავიბრუნო, დავუბრუნდე ჩემს ხალხს, სრულყოფილ მეომრად. მხოლოდ კუდიანებს ძალუძთ გატეხონ ალის სულის საიდუმლოების საკეტი. მხოლოდ მათ შეუძლიათ მითხრან სადაა ჩემი ალი. მათთან უნდა წავიდე.“ მას შემდეგ არ მინახია, მაგრამ ზუსტად ვიცი, იახსარის ძებნა კუდიანებისგან უნდა დავიწყოთ. ... - ოოოოო, არა, ოღონდ ეს არა!! - წარმოთქვა ახლად გაღვიძებულმა გაციმ და სხვებს მიმართა, - მითხარით, რომ ეს მხოლოდ მე დამესიზმრა, და რომ ეს მხოლოდ ჩემი უბადრუკი ფანტაზიის ნაყოფია!!! - ევედრებოდა სხვებს. - იძულებული ვარ დაგამწუხრო ძმაო, ის უკვე თითქმის აქ არის, და მალე შემოაღებს კარს. - კარგი რა, რა გაწუწუნებს?! - დაამშვიდა ოჩოპინრემ, - ეს სავსებით ლოგიკურია, ერთი შეგვხედე, მარტო კაცები შეიძლება ასეთ გზაზე გაუშვა?! - ქალი ასეთ ლაშქრობაში, არც მე მიმაჩნია დიდად მიზანშეწონილად, მაგრამ.. - თქვა მგელ-კაცმა, - ბარბალე განსაკუთრებული ქალია, ქალღმერთი, გონიერი და კეთილი. - შენ მაგის გაკეთებული საჭმლით ხარ დაბრმავებული და იმიტომ ლაპარაკობ ასე,- შფოთავდა გაცი,- ნაყოფიერების ღვთაებას რა თქმაუნდა ნებისმიერი პროდუქტის სიუხვის გარანტია შეუძლია მოგცეს, და მთელი გზის მანძილზე არ მოგშივდება. თავისი უებარი წამლებით მაგ უამრავ ნაიარევს მოგიშუშებს, - უაზრო ნიშნის მოგებით საუბრობდა გაცი. - და შენ რამ გადაგრია? რა არ მოგწონს? - ჰკითხა ოჩოპინტრემ. გაცი გაჩუმდა. სამაგიეროდ სიცილ-ხარხარით, გაიმ უპასუხა - ჩემი ძმა რა მექალთანეა მოგეხსენებათ. ხოდა ეს ამბავი ბარაბლემაც გაიგო. ისეთი შეულოცა, ადამიანის შვილ ქალს როგორც კი დაუახლოვდებოდა , ეგრევე აფეხმძიმებდა... ახლა ჩემი ძმა ნახევრადღმერთბის პატრონობას და მწყემსვას ვერ აუდის. ყველამ გადაიხარხარა. - ხო დამცინეთ, დამცინეთ, თქვენც რამეს მოგიფიქრებთ ის ქალბატონი და მერე ვნახოთ. - მეც ძლიან მიყვარხარ და მეც ძლიან მომენატრე გაცი! - ოთახში ბარბალე გამოჩნდა,- როგორ ხართ , ბედოვლათებო? - შემდეგ სხვებს მიუბრუნდა და სათითაოდ გადაეხვია ყველას , - ვხედავ არც გისაუზმიათ. ახლავე გემრიელ და ნოყიერ საუზმეს მოგიმზადებთ. თქვენ კი სამგზავროდ გაემზადეთ ყველა, - მტკიცე ხმით გასცა მან განკარგულება და ყველა დაემორჩილა. ... ბაყ-ბაყ-დევი, დევების ურიცხვი არმიის მეთაური, სწორედ იმ მყრალ კლდეში ბუდობდა, საიდანაც კოპალამ გაქცევა მოახერხა. იგი სხვა დევებისგან საოცრად დიდი ტანით და ცხრა თავით გამოირჩოდა. ოდესღაც ისიც ერთ თავიანი, თუმცა სხვა დევებზე ბევრად დიდი გახლდათ. მაგრამ, რამდენჯერაც მისი მოკვლა დააპირეს და თავი მოჰკვეთეს, იმდენჯერ ახალი თავი ამოუვიდა, უფრო დაუნდობელი და ბოროტი გახდა. რამდენიმე თავის წყალობით კი უფრო მოხერხებული და გონიერიც. როგორც წესი ცხრათავიანი ურჩხული ერთი, შუაზე გახლეჩილი თავით დაიარებოდა, თუმცა როდესაც სჭირდებოდა დანარჩენ შვიდ თავსაც იძახებდა, ან რომელიმეს ერთს, რომლის რჩევაც იმ დროისთვის ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. თითო თავი მისი სხვადასხვა მანკიერების გამოძახილი იყო. ერთი - ზედმეტად მრისხანე, მეორე - ზედმეტად ცბიერი, მესამე - ეჭვიანი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მრისხანეს ტყუილი არ შეეძლო, ან მატყუარას სისასტიკე. ტანით დევი ყოველთვის დიდი და ტლანქი იყო, მაგრამ როდესაც განრისხდებოდა, ან საბრძოლველად გაილაშქრებდა ათჯერ და ასჯერ უფრო იზრდებოდა.  ათასობით ცხოველის ტყავი გაეფინათ მის მსახურებს ძირს და ბაყ-ბაყ-დევის უზარმაზარი სხეული, მათზე გაშხლართულიყო. ახლად ნასადილევს ჩასძინებოდა, მისი ხვრინვის ხმა ქვის კედლებსაც კი აზანზარებდა. ბაყ-ბაყ-დევს მსახურად ტყის ქაჯები და ადამიანები ჰყავდა. ადამიანებს ის მძიმე სამუშაოს აკეთებინებდა. ტყის ქაჯები კი მას პირადად ემსახურებოდნენ. ქაჯები ადამიანების მსგავსად გამოიყურებოდნენ, თუმცა, უფრო მეტად შერწყმულნი იყვნენ ბუნებასთან და ამის წყალობით ბევრ, ადამიანებისთვის ამოუხსნელ, სასწაულს სჩადიოდნენ. ამის გამო, ადამიანებს და ქაჯებს ერთად თანაცხოვრება ვერ გამოსდიოდათ. ისინი არ მტრობდნენ, მაგრამ ერთმანეთისგან თავს შორს იჭერდნენ. დევისთვის არცისე სახარბიელო და სასწრაფო ახალი ამბავი ჰქონდათ სათქმელი ქაჯებს, და არ იცოდნენ როგორ მოეხერეხებინათ, მისი რისხვის არიდება. ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და ვერცერთი ვერ ბედავდა საქმის თვისთავზე აღებას. ბოლოს ერთმა თქვა, კენჭი ვყაროთო, ასე მხოლოდ ერთს დაატყდება რისხვა, თუ დროზე არ გავაღვიძებთ და არ ვეტყვით, ყველას მოგვიღებს ბოლოსო. ყველაზე უიღბლოს სხვა გზა არ ჰქონდა, ბედს დამორჩილდა და მძინარე დევისკენ გაემართა, თუმცა მუხლები უკანკალებდა და ნაბიჯს ძლივს დგამდა - ბატონო ჩემო, - თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა მან, ამ ხმამ დევს ძილი ოდნავადაც არ დაუფრთხო. ქაჯები შორიდან უყურებდნენ მოძმეს და აქეზებდნენ, მიდი, ხმამაღლა დაუძახე და გააღვიძეო. - ბატონო ჩემო, - უფრო ხმამაღლა წარმოთქვა მან, დევს ყურიც კი არ შეუბერტყია - ბატონო ჩემო, - ახლა ბევრად უფრო ომახიანად შესძახა ქაჯმა. დევმა ერთი თვალი გაახილა. - ბატონო ჩემო, სასწრაფო ამბავი მაქვს თქვენთვის სათქმელი. - ასეთი რა უნდა მომხდარიყო, ჩემი გაღვიძება, რომ გაბედე უბედურო?! - ბატონო ჩემო, სულ ახლახანს კუდიანების ჯაშუშისგან მივიღეთ ცნობა. ღვთის შვილებს ახალი რჩეული მოუძებნიათ. - რჩეული?! - წამში გამოფხიზლდა ურჩხული. - მათი არჩვანი, იმ ბავშვზე შეჩერდა, სულ ახლახანს რომ გაგვექცა. ბაყ-ბაყ-დევის რეაქციამ გააოგნა ქაჯი. მან გულიანად ხარ-ხარი დაიწყო. - როგორც ჩანს ძალიან სასოწარკვეთილები არიან უბადრუკები, რადგან არჩევანი ასეთ უსუსურ ბავშვზე გააკეთეს. - ამ ბავშვის გარშემო რამდენიმე ღვთისშვილი გაერთიანდა და ერთად იახსარის და მისი ლახტის საძებნელად გამგზავრებულან. - ვინ? - ოჩოპინტრე, მამბერი, გაცი და გაიმი, ბავშვის მასწავლებლად კი პირქუში აურჩევიათ. - ბებერი მასხარა, ბებერი მგელ-კაცა, ორი გამოშტერებული და მჭედელი.... ვფიქრობ არაფრის უნდა მეშინოდეს, - ჩაიღიმა, თუმცა მაინც ემჩენოდა სადარდებელი გაუჩნდა ცხრა თავს. - ჯერ ბებერ მასხარას მივხედავ და მის ტყეს შევუტევ. სასწრაფოდ, დარაზმეთ ყველა კუდიანი და ტყის ქაჯი, მიპოვეთ სად იმალება ოჩოკოჩი და მისი ცხოველები! ერთიანად უნდა ამოვჟუჟო ყველა. და კიდევ! შეიტყვეთ სად არიან ის ექვსნი, დასაწყისშივე უნდა მოვუღოთ ბოლო მათ ჩანაფიქრს! ... სამი დღე და ღამე მიდიოდნენ მგზავრები კუდიანების ბუნაგისკენ. ცდილობდნენ, მთავარ გზას მორიდებოდნენ, რათა დევებს ან მათ მსახურებს არ გადაჰყროდნენ. შებინდებისას თავშესაფარს პოულობდნენ და ღამე ისვენებდნენ. ვიღაც ყოველთვის ფხიზლობდა და მეგობრებს ყარაულობდა. ამჯერად გაცის მორიგეობის დრო იყო. ის ცეცხლთან იჯდა ჩაფიქრებული. იდუმალების გამგეს უყვარდა ფიქრებში და ოცნებებში სეირნობა, თუმცა სიფხიზლეს არასოდეს კარგავდა. ამიტომაც მაშინვე იგრძნო, რომ ვიღაც უახლოვდებოდა. არ შეიმჩნია, ჩაფიქრებულმა განაგძო ჯდომა. როგორც კი უცხო არსება მას საკმარისად მოუახლოვდა, მოტრიალდა და შეიპყრო იგი. საოცრად ლამაზი ქალბატონი აღმოჩნდა მის მკლავებში. გაციმ აღმართული იარაღი დაწია, ქალი გაანთავისუფლა და დარცხვენით მიმართა - ამ ბნელ ღამეში, ამ მიუვალ ადგილას რამ მოგიყვანა, ქალო? - დრო დადგა ასეთი, ბნელი ღამეები და მიუვალი ადგილებია სუსტი ქალების მეგობრები. რათა ისინი დევებმა და ეშმაკებმა ვერ იპოვნონ, ხარჭად ან მონად არ გაიხადონ. საჭმელი გექნებათ რამე, იქნებ მაჭამო. გაციმ მას ბარბალეს დამზადებული გემრიელი ფხალი და პურის ნატეხი მიაწოდა.ქალმა სულ რამდენიმე ლუკმა მიირთვა, ჯამი გვერდით გადადო და საუბარი გააგრძელა. - აცივდა უკვე ტყეში, ჩემი ძონძები სიცივისგან ვეღარ მიცავს. რაც დრო გავა კიდევ უფრო აცივდება, არ ვიცი რა ვქნა და რა ვიღონო. ჩემნაირი ქალი ცოდოა მარტო. - შენნაირ ქალს არ უნდა გაუჭირდეს კარგი ქმრის პოვნა, - ხმაზე შეეტყო გაცი მისით უკვე მოხიბლული იყო. - ქმარი? - ჩაიცინა ქალმა, - უკვე ორი ქმარი მყავდა. ორივე ჩემი სილამაზის გამო დაიღუპა. როგორც კი რომელიმე დევი მნახავდა, ჩემს დაპატრონებას იდებდა გულში. ჩემი ქმრები მიცავდნენ და იღუპებოდნენ,- ქალი გაცისკენ ნელი ნაბიჯებით მიდიოდა. მისი ველური თვალები ვნებით და დაჟინებით უმზერდნენ , სავსე მკერდი ისე მძიმედ სუნთქავდა, ღვთისშვილი შეუკავებელმა ლტოლვამ მოიცვა. გაცი ვერც კი მიხვდა როგორ აღმოჩნდა ქალი მასთან ასე ახლოს. ნაზი, გრძელი თითები მის თმას ეალერსებოდა, წითელი, რბილი ტუჩები კი მის ტუჩებს ვნებიანად დააცხრა. გაციმ ორივე ხელი ღონიერად მოხვია წელზე, მაგრამ მისი გიჟური, მხურვალე ვნება წამში ბარბალეს ცივმა ხმამ გაანელა. - გასცილდი კუდიანო და გადაშენდი!! - მისი ხმა მტკიცე იყო, თვალებში კი რისხვის ცეცხლი ენთო. ხელი აღმართა და რაღაც ლოცვასავით წაიბუტბუტა. გაციმ დახედა „ფერხორციან ლამაზმანს“ და შიშისგან შეჰყვირა, ხელი უშვა მას და მიწაზე დაანარცხა. ლამაზმანის ნაცვლად საზიზღარი არსება წარსდგა. მახინჯ არსებას გრძელი, უხეში და ჭუჭყიანი თმები მიწაზე დასთრევდა. თმებზე უფრო გრძელი კი ჩამოწლაწული ძუძუები ჰქონდა, იმდენად გრძელი, რომ მხრებზე გადაეკიდა, ძირს რომ არ დასთრეოდა. ზურგზე გადაკიდებულ ძუძუებს შორის კი დიდი და მეჭეჭიანი კუზი ჰქონდა. კუდიანი დაიმანჭა, თითქოს შებრალებას ითხოვდაო, ხორკლიანი კუდი ამოიძუა, გაუღიმა გაცის. საოცრად დიდი კბილები და ეშვები მას კიდევ უფრო ამაზრზენს ხდიდა. ეშმაკი არსება თითქოს მიხვდა, ახლა ჩემი საშველი მხოლოდ გაქცევააო, მიწაზე რამდენჯერმე დატრიალდა და საოცარი სისწრაფით გავარდა ტყისკენ. წამებში ისე გაუჩინარდა, გაცი დაფიქრდა, ცხადი იყო ეს ყველფერი თუ მომეჩვენაო. როგორც კი ბარბალეს მრისხანე თვალებს შეხედა, დარწმუნდა მომხდარის სიცხადეში და დარცხვენილმა თავი დახარა. - არა რა, - უკვე ცოტა შეურბილდა ტონი ბარბალეს,- მეც კარგი ვინმე ვარ! მეცლია იმ უბადრუკი არსებისთვის, და მერე უფრო კარგი სანახავი იქნებოდი. ალბათ მინიმუმ ორი წელი მეყოფოდა შენზე საშაყიროდ. თუმცა რა ორი წელი, ყველაზე სასაცილო ის იქნებოდა, მხრებზე აკიდებული ძუძუებით და ბავშვით რომ მოგადგებოდა, როგორც გააკეთე ისე გაზარდეო, - თქვა და ხარხარი დაიწყო, გაჩერებას არც ფიქრობდა, კედელთან მიმწყვდეულ გაცის, სულ უფრო ახელებდა, - ნეტა ვისი პირისახე ექნებოდა ბავშვს, დედის თუ მამის?! დაჭმუჭნულ სახეზე და ეშვებზე ჩამოყრილი შენი ოქროს კულულები. - კარგი, გეყო! - გააჩერა გაციმ, ხმაზე ეტყობოდა, რომ გაბრაზდა, მაგრამ დანაშაულსაც გრძნობდა და რცხვენოდა. - წადი დაიძინე, მე ძილი გამიტყდა და ახლა მე ვიმორიგევებ. გაცი ბარბალეს დამორჩილდა და თავშესაფრისკენ გაემართა, მერე მოტრიალდა... - მიხარია რომ ჩვენთნ ერთად ხარ! - ბარბარემ გაიღიმა, ... ასი ათასობით პირსისხლიანმა დევმა შემოარტყა ალყა ჯადოსნურ ტყეს. ზოგი ხის უზარმაზარი კეტით იყო შეიარაღებული, ზოგი ალესილი ხანჯლით, ზოგი რითი და ზოგი რითი. უამრავი სიკვდილის მანქანა ბრძოლის ყიჟინას სცემდა. თუმცა ტყის მოჯადოებული სარტყელის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. მათი წინამძღოლი, ცხრათავიანი ურჩხული ჩაფიქრებული იდგა ტყის პირას, ფიქრობდა, რა ძალებით შებრძოლებოდა ოჩოკოჩის ჯადოქრობას. მერე თავის ჯარისკაცებს შემოუტრიალდა და ხმამაღლა შესძახა: - ჩემო ერთგულო ძმებო, დაუნდობელო და შეუდრეკელო მებრძოლებო, ჩვენს წინაშე დიდი გამოცდაა, ათასობით მტერს და გემრიელ ლუკმას იფარავს ერთი ჯადოქარი. მისი ჯადოს ძალა ძლიერია, მაგრამ არა უსასრულო. რამდენადაც შეუპოვრები ვიქნებით, მით მეტად შევასუსტებთ მას, და ის ვეღარ შეძლებს ტყის დაცვას. ამიტომ მთავარია უკან არ დავიხიოთ და უხილავ სარტყელზე შეტევები არ შევაჩეროთ, რაოდენ უაზროდაც არ უნდა ჩანდნენ ისინი. გარწმუნებთ, ძალიან მალე ოჩოკოჩს ძალები აღარ ეყოფა და სარტყლის ფართობი სულ უფრო და უფრო დაპატარავდება. ჩვენ კი სულ უფრო და უფრო მედგრად შევუტევთ მას და დავამარცხებთ ტყის ბინადრებს. მეთაურის ბრძანებით გახელებულმა დევებმა გაათკეცებული ძალებით შეუტიეს უხილავ მტერს. ლოდებს, ცეცხლოვან ყუმბარებს უშენდნენ, ღრიალებდნენ და უკან დახევას არც ფიქრობდნენ. ტყის შიგნით ცხოველების უმეტესობა პანიკას მოეცვა. სოროებში და ორმოებში იმალებოდნენ, ზოგი გასაქცევს ეძებდა და აქეთ-იქით უაზროდ დარბოდა. დედები შვილებს ეფარებოდნენ, უმეტესობა კი იმ ხესთან გარბოდა, სადაც ოჩოკოჩი იყო. მახინჯი ჯადოქარი ხის წვერზე ხელგაშლილი იდგა, თვალები დახუჭული ჰქონდა და თითქოს ლოცულობდაო. მის გარშემო დრო და დრო რაღაც მაგნიტური ველივით გაიელვებდა, ოჩოკოჩი ხელის მოსმით ამ ველს ერთ ბურთად გააერთიანებდა და ცაში ისროდა. ტყის დამცავ ველს ამით ანახლებდა და აძლიერებდა. - ჯერ კიდევ არ ემჩნევა დაღლა, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანს ასე, ოჩოპინტრეს უნდა შევატყობინოთ, - უთხრა ხის მცველმა ლომმა მელიას. ... სად იყო კუდიანების გამოქვაბული თითქმის არავინ იცოდა. ისინი იქ ტელეპორტირებით ხვდებოდნენ და ტელეპორტირებით გამოდიოდნენ. თუმცა ყველამ იცოდა, რომ კვირა დღეობით მათი წინამძღოლი - როკაპის დაძახებაზე, ტაბაკონის მთაზე იკრიბებოდნენ. ამ შეკრებაზე ერთმანეთს უზიარებდენე გასული კვირის ამბებს და ღრეობდნენ. ჩვენმა მეგზურებმაც გადაწყვიტეს ამ ღრეობაზე მოხვედრილიყვნენ. კვირა დილა იყო, მგზავრები ტაბაკონის მთაზე ერთ უსაფრთხო გამოქვაბულში იმალებოდნენ და შებინდებას ელოდნენ. როგორც კი მზის უკანასკნელმა სხივმა ცაზე გაიელვა და დაბნელდა, მთის წვერზე ვეება აჩრდილი წამოიმართა. გაისმა კუზიანი, მახინჯი არსების დამაყრუებელი, შემზარავი კივილის ხმა. არსაიდან ათასობით კუდიანი გაჩნდა და ყველა როკაპისკენ გაეშურა. მთაზე ასობით კოცონი დაანთეს, მათ გარშემო შეკრებილი მახინჯი არსებები იცინოდნენ, კიოდნენ და ერთმანეთთან ტრაბახობდნენ რამდენი ადამიანის შვილი შეიპყრეს, დევებს მიჰყიდეს, მოატყუეს და გააუბედურეს.  მათი მხიარულება დასრულდა, როდესაც სიბნელიდან მაქციის ყმუილის ხმა გაისმა. შემთვრალ კუდიანებს სახეზე შიშმა გადაუარა, მაგრამ არ შეიმჩნიეს. ერთმანეთის დასანახად, ვითომდა შემართებით დადგნენ. ცეცხლის შუქმა გაანათა მათკენ მიმავალი ვეებერთელა მგლის შრამიანი სახე და სხეული. კუდიანები შიშს სულ უფრო ნაკლები შემართებით უმკლავდებოდნენ. მხოლოდ როკაპი იდგა დანარჩნებისგან განსხვავებით მედგრად და ინტერესით აკვირდებოდა მისკენ მიმავალ მაქციას და მის მგზავრებს, ოჩოპინტრეს, პირქუშს, გაცს და გაიმს. ბარბალე და კოპალა მათ თან არ წაუყვანიათ. - უცნაური სტუმრები გვეწვიენ ნადიმზე, ცალკე სუფრა გაუშალეთ, ჩემთან ახლოს!- გასცა მან ბრძნება, რომელსაც უსიტყვოდ დამორჩილდნენ კუდიანები. ყველა მიუსხდა სუფრას, მამბრის გარდა. ის მგლის სახით იდგა და ჯიქური მზერით კუდიანებს შიშს ჰგვრიდა. საუბარი ოჩოპინტრემ დაიწყო: - ჩვენ აქ, თქვენი მხიარულების გასაზიარებლად რომ არ მოვსულვართ, მიხვდებოდი, როკაპ! თქვენნაირ ამაზრზენ არსებებთან არც პურის გატეხვას ვაპირებთ და არც ქეიფს. იცი შენ, თითოეული ჩვენგანი დიდი სიამოვნებით ამოჟუჟავდა მთელს შენს მოდგმას. პირქუშმა თავისი მშვილდი ამოიღო და კუდიანების დასანახად ისრები გაამზადა. მათ კი კარგად იცოდნენ რა შეეძლოთ ამ ისრებს და შიში გაუათკეცდათ. - რა გინდათ? დასახოცად რომ მოსულიყავით და საომრად, აქამდე ბევრს გაისტუმრებდით ამ ქვეყნიდან. ტყუილა ბაქიბუქობ, ყველას ვერ ამოჟუჟავდით, მაგრამ ბევრს კი დაგვაკლებდით. - სად არის იახსარი? - კბილებს შორის გამოსცრა სათქმელი პირქუშმა, ემჩნეოდა თავს ძლივს იკავებდა, რომ ისრები არ გამოეყენებინა. - მე რა ვიცი სად არის იახსარი? - შეეცადა გაეცინა, მაგრამ პირქუშს შეხედა და მიხვდა, ასე იოლად ვერ გამოძვრებოდა.  - წლების წინ იყო იახსარი ჩვენთან მოსული. ასე, თქვენსავით გამოგვეცხადა ღრეობაზე. სასოწარკვეთილი იყო, მთხოვდა თავისი ალის ადგილსამყოფელი შემეტყო და მისთვის მეთქვა. სანაცვლოდ დამპირდა რომ მის ლახტს, კუდიანების წინააღმდეგ არასოდეს გამოიყენებდა. საკმაოდ მომხიბვლელად ჟღერდა მისი დაპირება. ხოდა არც კი დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი გარიგებაზე. ჩემი გონებით შევაღწიე ალის გონებაში და დავინახე რომ ის დევებს ჰყავდათ დატყვევებული. ვუთხარი იახსარს. დაღონდა ძალიან და წავიდა. მას შემდეგ არაფერი მსმენია მის შესახებ. - ისიც უთხარი, რომელ დევებთან და სად? - იკითხა გაიმმა. - რა თქმა უნდა! მისი ლახტის მოქნევის ყველას ეშინია, მაგას როგორ დავუმალავდი. - და სად? - ჩაეძია გაიმი - ალი თავად ბაყ-ბაყ-დევს ჰყავდა დატყვევებული და ახლაც მასთანაა. იახსარმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო მისი დახსნა. არ ვიცი, ვერ მიაგნო, თუ რა?! მე მის გონებაში შეღწევა არ ძალმიძს, ალს კი ისევ იქ ვხედავ. - კარგი, წავედით! - თქვა გაიმმა და მეგობრებს გადახედა. ისინი გაკვირვებულები უყურებდნენ, მაგრამ მისი გადაწყვეტილება იმდენად მტკიცე იყო დამორჩილდნენ და გაყვნენ. კიდევ უფრო გაკვირვებული თავად როკაპი ჩანდა, რომ ასე მალე და ადვილად დასრულდა მოულოდნელი სტუმრობა. მაგრამ ქედმაღალი ბოროტი სული კმაყოფილი იყო თავისი დიპლომატიით და ეჭვი არ შეპარვია, რომ დაარწმუნა მოსულები თავის სიმართლეში. ... - იტყუება, - სიჩუმე დაარღვია გაიმმა, როცა თავშესაფართან მივიდნენ და დარწმუნდნენ, რომ უკან არავინ დასდევნებიათ. - რა თმა უნდა, იტყუება, - დაეთანხმა გაცი. - და რას წამოგვახტუნე?! ყელში რომ წავუჭერდი ბრჭყალებს და მის თვალწინ ათასობით კუდიანს გამოვღადრავდი ყელს, მერე ხომ მაინც იტყოდა სიმართლეს?!- სიბრაზით წარმოთქვა მამბრმა. - ჩვენ ვიცით, რომ იახსარი ალის საძებნელად ლახტის გარეშე გაემართა. ის როკაპს და მის ამალას ვერაფრით შეაშინებდა. უიარაღოს დანახვისას კი კუდიანები მას არაფრით არ გაუშვებდნენ და დაატყვევებდნენ. მაგრამ ჩვენ არაფერს გვეტყვიან, ათასობითაც რომ ამოვჟუჟოთ. მათ ჰყავთ იახსარი და ცდილობენ მისგან გაიგონ სად არის ლახტი. ასე ისინი ადამიანებზეც და დევებზეც შეძლებენ ბატონობას. იმიტომ ვერ გვიპოვია იახსარი, რომ მათ ჰყავთ გაბრუებული თავიანთ ტელეპატიურ სამყაროში და ცდილობენ შეაღწიონ მისი გონების სიღრმეში. ჩვენ უნდა გავიგოთ როგორ მოვხვდეთ კუდიანების მღვიმეში და აუცილებლად უნდა მოვხვდეთ იქ, რათა ვიპოვნოთ იახსარი. - მე ვიცი როგორ, - არც ისე დამაჯერებლად და მორიდებით წარმოთქვა კოპალამ. - როგორ? - ეჭვის ტონით იკითხა მამბრმა. - მე და ბარბალე უნდა ვეახლოთ მათ, როგორც დევებს გამოქცეული შეშინებული დედა-შვილი. ვთხოვოთ გვიმსახურონ და დევებისგან დაგვიცვან. ისინი თავად შეგვიყვანენ თავიანთ სამფლობელოში. ბევრი უბედური ადამიანი ვიცი, ასე რომ იცავდნენ დევებისგან თავს და საკუთარი ნებით უდგებოდნენ კუდიანებს სამსახურში, ნაკლებ ბოროტებას არჩევდნენ ვითომ. მაგრამ როგორც კი უძლურდებიან, კუდიანები კლავენ მათ, იშორებენ. მათ პირობებში კი ადამიანები მალე კარგავენ ჯანმრთელობას და ღონეს, ამიტომ სულ მუდამ სჭირდებათ მსახურები. - შეხედე შენ, - გაიღიმა ოჩოპინტრემ,- ჭკვიანიცაა და უშიშარიც, მაგრამ ეს ძალიან სარისკოა. ქალის და ბავშვის იმედზე ყოფნა და მათი სიცოცხლის გარისკვა, რაღაც არ მეპიტნავება გულზე. - ხანდახან, და არც ისე იშვიათად, უსუსურ ბავშვს და სუსტ ქალს, უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე კბილებამდე შეიარაღებულ მამაკაცს, - ფეხზე წამოდგა ბარბალე, - ბავშვი მართალია, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია კუდიანებთან შეღწევა, აქ ძალით ვერას გავხდებით, აქ ეშმაკობაა საჭირო. რამდენიმე დღე მოვიცადოთ, როკაპი დარწმუნდეს, რომ თქვენგან საფრთხე აღარ ემუქრება და ჩვენი მისვლისასაც არაფერს იეჭვებს. ... მსგავსი, კვირა დღის ღამით გამოეცხადა, წლების წინ, უიარაღო იახსარი კუდიანებს. მისმა დანახვამ მათ მაშინაც ისეთივე შიში მიჰგვარა, როგორც ახლა მამბრის დანახვაზე. მაგრამ მალევე შენიშნეს რომ იახსარს ლახტი თან არ ჰქონდა. - გამარჯობას არ გეტყვი ეშმაკის მოციქულო, - ჯიქურ მიმართა მან როკაპს, - გამარჯობა და გამარჯვება მოყვარეს უნდა უსურვო და არა მტერს და ბოროტებას. - თავხედობა არასოდეს გაკლდა, უშიშარიც ხარ, მაგრამ ასეთი შტერი თუ იყავი არ მეგონა. როგორ გაბედე ჩემთან უიარაღოდ მოსვლა, ან რა შენდობას მოელი?! - ჩემი უბედურების ამბავი მთელმა ქვეყანამ იცის, და არ მგონია შენს ჭორიკანა ქვეშევრდომებს გამორჩენოდათ რამე. ამიტომ ზუსტად იცი ჩემი მოსვლის მიზეზი. მე ალს ვეძებ და მხოლოდ შენ შეგიძლია მისი პოვნა. მაპოვნინე! თავად გადაწყვიტე რას მოითხოვ ამ სამსახურის სანაცვლოდ!- შენი ლახტი მომეცი! - არც კი დაფიქრებულა, ისე უთხრა როკაპმა. - კარგად შემომხედე, უგნურო! - მე ის გმირი აღარ ვარ, მე უბადრუკ არსებად ვიქეცი, რომელიც ერთი ალის გამო შენნაირ არარაობასთან გარიგების დასადებად მივა. როგორ ფიქრობ, ღვთის შვილები ლახტს ისევ მე მანდობდნენ და დამიტოვებდნენ?? რა თქმა უნდა, არა. განრისხებული როკაპი ფეხზე წამოხტა და წივილით უპასუხა - ხოდა, რაში მჭირდება მე გარიგება შენნაირ უბადრუკ არსებასთან,?! რა შეგიძლია შემომთავაზო სხვა? არაფერი გაქვს, არაფერი, რამაც შეიძლება მე დამაინტერესოს. ხოდა ,ჩემნაირი არარაობის შესაფერის გადაწყვეტილებას მივიღებ, ვუბრძანებ ჩემს ქვეშევრდომებს ნაკუწ-ნაკუწ დაგგლიჯონ და შენი ნაკუწები ვახშმად მომართვან, ამ დიდებულ ნადიმზე! მოუბრუნდა კუდიანების მთელ არმიას, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდნენ ბელადისგან ასეთ ბრძნებას და ხელით ანიშნა, შეასრულეთ ნათქვამიო. იახსარს წარბიც კი არ შეტოკებია, მისთვის სიკვდილი ახლა იქნებ ხსნაც კი იყო და სულაც არ ეშინოდა. მახინჯი კუდიანები, თავიანთ კუდებს ურტყამდნენ ძირს წაქცეულს, აი შენი ლახტიო. როკაპი კმაყოფილი უყურებდა ამ სანახაობას, - დასისხლიანებული და უსუსური იახსარი, - ამას ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა. მერე თითქოს გონება გაუნათდა. თვალები გაუფართოვდა და ისევ დაიწივლა: - შეჩერდით! - ყველა კუდიანი ადგილზე გაქვავდა და მომავალ ბრძანებას ელოდა, - გაკოჭეთ და საპყრობილეში ჩააგდეთ, მერე მოვიფიქრებ, რა სარგებელი შეიძლება ვნახო მისგან, ახლა კი მხიარულება განვაგრძოთ, დღეს მართლაც გვაქვს მხიარულების მიზეზი!