ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

მოთხრობები

არ ინდომო მოყვასის!იყო და არა იყო რა, იყო ერთი ლამაზი და მეტად ნიჭიერი ქალწული. ძალზედ შეძლებული ოჯახი ჰყავდა და ბალღობიდანვე ფუფუნებაში ცხოვრობდა. რადგან დედისერთა იყო, მშობლები მთელ ყურადღებასა და სიყვარულს მხოლოდ მას უთმობდნენ. საუკეთესო განათლება მისცეს, საუკეთესოდ აცმევდნენ და ახურავდნენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ მისთვის უნდოდათ.წამოიზარდა ყმაწვილქალი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდა, მაინც სულ სხვების ცხოვრებას შენატროდა.საოცრად სქელი, ხუჭუჭა დალალები ჰქონდა და ამბობდა: „აი, იმ გოგოს რომ აქვს, ისეთი სწორი თმა რატომ არ მაქვსო?“ არც თავისი ბრიალა, მწვანე თვალები მოსწონდა. ხან ერთი ფერის ლინზას ჩაისვამდა, ხან მეორე ფერისას, რომ სხვისი თვალებისთვის მიემსგავსებინა, თავისი ნამდვილი კი დაემალა.ისე საოცრად ქსოვდა, ქარგავდა და აქანდაკებდა, ყველა აღფრთოვანებული იყო მისი ტალანტითა და შესაძლებლობებით, თვითონ კი მეზობლის ბიჭს შენატროდა - „ მინდა მეც ისევე შემეძლოს სიმღერა, როგორც მას გამოსდის. აი, ეს არის ნიჭი, თუ არისო.“არც თავისი ოთახი მოსწონდა, ამხანაგისა ერჩივნა. ზოგჯერ თავისი მშობლებითაც უკმაყოფილო იყო და რატომ ისეთები არ არიან, როგორც იმ ვიღაცისაო - ფიქრობდა. გოგონას საკუთარი ხან სიმაღლე აწუხებდა, ხანაც ფეხის ზომა. ხან თავისი სახლის საღებავის ფერი, ხან კიდევ ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდა.ერთი სიტყვით, სულ სხვების თვალიერებასა და მათი ცხოვრებიდან იმის ამორჩევით იყო დაკავებული, რაც თვითონ არ ჰქონდა. ასეთი ფიქრებით დამძიმებული, თითქმის სულ მოწყენილი იყო. არადა, თითქოს საწუწუნო რა ჰქონდა?!ერთხელაც, მის მეზობლად ერთი ღარიბი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად. ისე ცოტა რამ ებადათ, რომ სულ რამდენიმე საათი ეყოთ გადმოსაბარგებლად. ქალწული, როგორც დაჩვეული იყო, ყურადღებით აკვირდებოდა მათ.ოჯახს ორი შვილი ჰყავდა, ერთი ბიჭი და ერთიც გოგონა. ქალ-ვაჟი თითქმის ერთი ასაკისა იყვნენ. გოგონას ცალი თვალი არ ჰქონდა. პატარაობისას, თამაშის დროს, შემთხვევით დაიზიანა და ექიმებმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, სულ იღიმოდა და კისკისებდა. მისი თეთრი კბილების ელვარება მეზობელი ქალწულის ფანჯრებში აღწევდა და თვალს სჭრიდა მას.იმდენი რამე აკლდა ამ ოჯახს და მაინც ბედნიერები იყვნენ. ყველას უღიმოდნენ, ესალმებოდნენ, ლაღად თამაშობდნენ ერთმანეთში და სხვებსაც აბედნიერებდნენ თავიანთი არსებობით.შეძლებული ოჯახის შვილმა მოსვენება სულ დაკარგა. დღე და ღამე ამ ხალხზე ფიქრობდა. განსაკუთრებით კი ცალთვალა გოგონაზე. მათი შემხედვარე ხვდებოდა, რომ ცხოვრებაში ერთადერთი, რაც აკლდა,  ბედნიერება იყო.ერთ დღესაც, და-ძმა ეზოში დალანდა. რაღაცას ჩხირკედელაობდნენ და გულიანად იცინოდნენ. ვეღარ მოითმინა, საჩქაროდ დაბლა ჩავიდა, მათთან მიირბინა და გაეცნო.ცოტა ხანს ისაუბრეს და ბოლოს ყმაწვილმა ქალმა ჰკითხა:-        „უნდა ვაღიარო, რაც აქ გადმოხვედით, მას მერეა გაკვირდებით. ვხედავ, როგორ გიყვართ ერთმანეთი. იმასაც კარგად ვხედავ, რომ ბევრი რამე გაკლიათ და ერთი შეხედვით, არც ისე დალხენილი არ უნდა იყოს თქვენი ცხოვრება, მაგრამ როგორ ახერხებთ იმას, რომ თქვენი სახლიდან მუდამ მხიარულების ხმა ისმის?“და-ძმამ კეთილად გაუღიმა და ერთხმად უპასუხეს:-        „მართალია, ბევრი რამე გვაკლია და ბევრი რამის შეძენას ვესწრაფით. თუმცა, იმაზე კი არ ვდარდობთ, რაც არ გვაბადია, არამედ იმით ვხარობთ, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილები არ ვსხედვართ და უკეთესი მომავლისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ სხვას არ შევნატრით. სანამ უკეთესი სახლი გვექნება, მანამდე იმას ვაფერადებთ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ; სანამ უკეთესი მანქანა გვეყოლება, მანამდე ამ ჯაგლაგისთვის ვართ მადლიერები. და რომ იცოდე, - დაამატა დამ- იმ რაღაცებისთვისაც მადლიერები ვართ, რაც არასდროს შეიცვლება. იმას კი არ ვტირი ცალი თვალი რომ არ მაქვს, საღი თვალის გამო ვხარობ, რომელიც საშუალებას მაძლევს, ამ სამყაროს მშვენიერება დავინახოო.“გაოგნდა ქალიშვილი და-ძმის პასუხით. თავის ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდა, გააცნობიერა, რომ არ აფასებდა იმას, რაც გააჩნდა და სულ სხვა ვიღაცის ცხოვრება უნდოდა. იმ დღიდან გამოიცვალა. რადგან მოყვასისას აღარაფერს ისურვებდა ხოლმე, უკვე თავისი სილამაზის, ნიჭებისა და ყველა იმ სიკეთის შემჩნევა დაიწყო, რაც გააჩნდა და აქამდე ვერ ხედავდა. ნელ-ნელა სახე უფრო გაუნათდა. აღარ იყო ისეთი მოქუფრული და დაღვრემილი, როგორც აქამდე. სარკეში რომ ჩაიხედავდა, უკვე თავისი ხუჭუჭებიც მოსწონდა და თვალის ფერიც.გაბედნიერდა ქალიშვილი და გაბედნიერდნენ მისი მშობლებიც. სულ ცოტა ხანიც და უკვე მარტო და-ძმის ოჯახიდან არა, გოგონას სახლიდანაც ისმოდა კისკისისა და მხიარულების ხმა.არ იპარო!იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძალზედ ბოროტი და ცბიერი ქურდი. როგორი და რისი მპარავი აღარ უნახავს სამყაროს: ძვირფასი ქვების ქურდები, ბანკების მძარცველები, მანქანების, იახტების და თვითმფრინავების გამტაცებლებიც კი, მაგრამ ასეთი არავინ.იგი შეპყრობილი იყო ყველაფრის მოპარვის სურვილით, რაც ადამიანებს გააჩნდათ. თუ დაინახავდა, რომ ვინმეს ოჯახი აბედნიერებდა, ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ეს ასე აღარ ყოფილიყო. იპარავდა სიხარულს, ნდობას, ერთგულებას, ჯანმრთელობას და დროსაც კი.მეთოდები ათასნაირი ჰქონდა და დასახულ მიზანს აუცილებლად აღწევდა. როცა ერთ ადგილას ყველაფერს აურ-დაურევდა, მაშინვე სხვაგან გაემართებოდა. ადამიანების გაძარცვის სურვილით სუნთქავდა და არსებობდა. დამდანაშაულებელიც არავინ ჰყავდა, რადგან ნივთებს არ იპარავდა და ვერავინ დაუმტკიცებდა, რომ ქურდი იყო. არადა ქურდი იყო და თან როგორი!ერთხელ, ქვეყანაზე მორიგი ხეტიალისას, ერთ სოფელში მოხვდა. ჩვეულებრივი ადამიანების გაუბედურება უკვე ძალიან მარტივი იყო მისთვის. აზარტში შესული, რაღაც ახალსა და უფრო რთულს ეძებდა, ამიტომ გაიკითხა, ყველაზე კეთილი და პატიოსანი ვინ არის ამ სოფელშიო? ყველამ მევიოლინეს ოჯახი მიასწავლა და ისიც მაშინვე იქითკენ გაეშურა.მევიოლინე ერთი გულკეთილი და ალალმართალი კაცი იყო. მომხიბვლელი და ბრძენი ცოლი ჰყავდა და ამგვარადვე თვალწარმტაცი და გონიერი ორი ქალიშვილი. მთელი ოჯახი ღვთისმოშიშებითა და კაცთმოყვარეობით იყო განთქმული. არ არსებობდა იმ მხარეში ადამიანი, ვინც მათზე აუგს იტყოდა.მზაკვარი ქურდიც სწორედ ამ ყოველივეს მოსაპარად გაემზადა. მათი სახლის კარზე დააკაკუნა და თავი მოგზაურად გააცნო. აქაოდა, ღამის გასათევი მჭირდება და იქნებ, ცოტა ხნით შემიფაროთო. რა თქმა უნდა, კარი ფართოდ გაუღეს და გულითადად უმასპინძლეს. სახლის ზღურბლს გადააბიჯა თუ არა, თავისი ბოროტი გეგმების ასრულებას შეუდგა.ჯერ დებს შორის შეეცადა შუღლის გაღვივებას. ერთმანეთზე ტყუილები ჩასჩურჩულა და სახეზე სიამოვნების ღიმილით დაელოდა, რა მოხდებოდა. გოგონებმა მაშინვე ერთმანეთთან მიირბინეს, გულღიად ისაუბრეს, ბოდიშები მოიხადეს, გადაეხვივნენ ერთმანეთს და ბედნიერები თავ-თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ. გაუკვირდა ღვარძლიან მპარავს ეს ამბავი, მაგრამ არ დანებდა. ახლა ცოლ-ქმრის ჯერი დადგაო, თქვა და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა. ამ მომენტმაც არ დააყოვნა. მევიოლინე სამუშაოდ იყო წასული, ხოლო მისი ცოლი პერანგებს აუთოვებდა. მაშინ, როცა ქმრის საყვარელი პერანგის დაუთოება დაიწყო, ქურდმა დაუძახა, იცრუა - საწოლის გადასაფარებელზე, შემთხვევით ჩაი გადამექცაო და სთხოვა, თუ შეიძლება, გამომიცვალეთო. ქალმა უთო გამორთო და სტუმრის თხოვნის შესასრულებლად წავიდა. ამასობაში, ქურდმა დრო იხელთა, საუთოო მაგიდასთან მიიპარა, უთო ჩართო და გახურებული პირით პერანგზე დაადო. ქალმა დამწვარი პერანგი რომ დაინახა, ტირილი მორთო - ეს როგორ დამემართაო, ჯავრობდა. რაც მეტს ტიროდა ქალი, მით მეტად ხარობდა ქურდი. ეგონა, რომ საწადელს მიაღწია და უსათუოდ დაირღვეოდა მყუდროება ამ სახლში. მაგრამ შინ დაბრუნებულმა მევიოლინემ აცრემლებული ცოლი რომ დაინახა და ტირილის მიზეზი გაიგო, გულიანად გადაიხარხარა.-        „ნუთუ, ამ ნაჭერზე უფრო ძვირფასი არა ხარ ჩემთვის? სამწუხაროა, რომ ჩემი საყვარელი პერანგი დაიწვა, მაგრამ არაუშავს, რომელიმე სხვა პერანგს ამოვიჩემებ და ამიერიდან, ის მიიღებს საყვარელი პერანგის სტატუსს. შენი ცრემლები ამად ნამდვილად არ ღირსო“ - უთხრა ცოლს, მკლავები ძლიერად მოჰხვია, გულში ჩაიკრა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.არც ამჯერად გამოუვიდა მპარავს რაიმე და მომდევნო მცდელობებიც უშედეგო აღმოჩნდა. ამ ოჯახში ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მის მოსვლამდე. ისევ ისე უყვარდათ და უხაროდათ ერთმანეთი; ისევ ისე პატიობდნენ ერთმანეთს ყველანაირ შეცდომას; ისევ ისე მიაგებდნენ შვილები მშობლებს პატივს; ისევ ისე ამაყობდნენ მშობლები თავიანთი ასულებით და ყოველ საღამოს, ისევ ისე ტკბილად უკრავდა მევიოლინე თავის სიმებიან საკრავზე, როგორც აქამდე.ვერაფერს გახდა ქურდი. ცოფებს ყრიდა, გიჟს დაემსგავსა. თან, უკვე მეტადაც ვეღარ დარჩებოდა მათთან, ბოლოს და ბოლოს ხომ მოგზაური იყო და გზა უნდა გაეგრძელებინა, თორემ მიუხვდებოდნენ ტყუილებს. მოკლედ, საგონებელში იყო ჩავარდნილი.მევიოლინეს სტუმრის უგუნებობა არ გამოჰპარვია და ვახშმობის შემდეგ უთხრა:-        „იცი, რატომ არ გამოგივიდა არაფერი? - შეკრთა მპარავი ამ სიტყვების გაგონებაზე. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მისი მზაკვრული გეგმის შესახებ იცოდა მასპინძელმა.„იმიტომ, რომ - გააგრძელა მევიოლინემ - მე და ჩემს ოჯახს ღვთის უზენაესი ძალა გვიცავს, სწორედ მან გამაფრთხილა შენზე წინასწარ. საქმეები, რომლებსაც შენ სჩადიხარ, ბოროტი და ბნელით მოცულია. ჩემს ოჯახში მოხვედრა შანსია შენთვის, რომ ამ საშინელი გზიდან შემოტრიალდე და ნათლის გზას დაადგე, თორემ მოგეწევა უფლის სამსჯავრო და ყველაფრისთვის მოგეთხოვება პასუხი. თავს ნუ მოიტყუებ, ვერც ქურდნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთიურ სამეფოს და მის სიკეთეებს. შენ კიდევ ორივეს აკეთებ და აჰა, სამსჯავრო კარს მოგდგომია, რათა ორმაგად ზღო ყველაფერი, რაც ჩაიდინე!“ძალიან შეშინდა კაცი, ისეთი ძალმოსილებით ელაპარაკებოდა მევიოლინე. ყველაფერი მიატოვა, რაც ებადა და თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა სახლიდან. გაფითრებულმა მეზობელ სოფლამდე ირბინა შეუსვენებლად.როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება და რა ბედი ეწია, არავინ უწყის. ერთი კი დანამდვილებით ვიცით: ქურდი, რომელიც ადამიანებს სიხარულს ჰპარავდა, აღარსად ჩანდა. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, სადღაც გამქრალიყო. არ გაიკეთო კერპი!იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო ერთი ძალზედ ნიჭიერი მხატვარი. ისე ლამაზად ხატავდა, რომ მთელი ქალაქი აღფრთოვანებული იყო მისით. წელიწადში რამდენჯერმე გამოფენას უწყობდნენ, სადაც მთელი ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები, დიდებულები და დიდგვაროვნები იყრიდნენ თავს. მისი ნახატები აუქციონზე გაჰქონდათ და არნახულ ფასად ჰყიდდნენ.მხატვრები თავიანთ სახელოსნოებში ეპატიჟებოდნენ და აზრს ეკითხებოდნენ. ისიც ყველას თავაზიანად აძლევდა რჩევას და გულწრფელად იწონებდა სხვათა ნამუშევრებს. დამწყები მხატვრებისთვის მიუწვდომელ ვარსკვლავად რჩებოდა. ყველა მას ჰბაძავდა და ყველა ცდილობდა მასსავით ეხატა, მაგრამ მისი მხატვრობა ყველასგან გამორჩეული იყო.ვერავინ ახამებდა ფერებს ისე, როგორც ის. ნახატიდან კი ამბავს ისე გადმოსცემდა, მონათხრობი გეგონებოდათ.თავიდან, ნატურმორტების ხატვა დაიწყო. სრულიად ჩვეულებრივ საგნებს ფერებში აცოცხლებდა და ტილოზე გადმოჰქონდა. ხატავდა ქოთნებს, სხვადასხვა ხილს, ყვავილებსაც და ამ ყოველივეს უჩვეულო სიზუსტით ასრულებდა.შემდეგ პეიზაჟებით დაინტერესდა. მოჰკიდებდა ხელს ფუნჯებს, საღებავებს, ტილოს, მოლბერტს და ბუნებაში გადიოდა ლამაზი ხედების აღსაბეჭდად. ხან ქარიშხლისგან წაქცეულ ხეებს დახატავდა, ხან ციხეთა ნანგრევებს, ხანაც ზღვის ულამაზეს ლურჯ ფერებს დაიჭერდა და ტილოზე ააჩქეფებდა.სულ ბოლოს პორტრეტების ხატვა მოისურვა. დადიოდა ქუჩებში, საინტერესო და განსხვავებული პირისახის ადამიანს შეარჩევდა, წინ დაიჯენდა და ზუსტად ისეთს დახატავდა, როგორიც სინამდვილეში იყო, თავისი ემოციებით - ზოგს მოწყენილს, ზოგს მხიარულს, ზოგს ცრემლიანს, ზოგსაც გაღიმებულს და ა.შ.ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ მოკვდავებს, თავისი შესრულებით, უკვდავებას სძენდა.ხომ ამდენი პატივი ჰქონდა, ამდენი აღიარება, აურაცხელი სიმდიდრე და უსაზღვრო შესაძლებლობები, მაგრამ მხატვარი მაინც სულ რაღაც განსაკუთრებულის შექმნაზე ოცნებობდა.გამოხდა ხანი და ერთხელაც მხატვარს საოცარი იდეა გაუჩნდა:„რა ხანია მოკვდავებს ვხატავ და სიცოცხლეს ვსძენ ჩემს ნახატებში. რა მოხდება, უკვდავი ღმერთი რომ გამოვსახო ტილოზე? ეს იქნება ის განსაკუთრებული ნამუშევარი, რომლის შექმნაზეც სულ ვოცნებობდი“ - ეს თქვა და მაშინვე საყიდლებზე გაიქცა.  შეიძინა 4 ცალი ყველაზე დიდი ტილო, ჩაიტანა სახელოსნოში, ერთმანეთს გადააკრა და ერთ უზარმაზარ ტილოდ აქცია. მოიმარაგა ფუნჯები, საღებავები, გამოიკეტა სახელოსნოს კარი და მუშაობას შეუდგა.დღესა და ღამეს ასწორებდა, თითქმის არ ჩერდებოდა, განუწყვეტლივ ხატავდა და ხატავდა. საჭმლის ჭამა ძლივს თუ გაახსენდებოდა, ძილითაც ძალიან ცოტა ეძინა. ამ მდგომარეობაში გაატარა 10 დღე, მეათე დღეს კი სახელოსნოს კარმა გაიჩხაკუნა, გაიღო და იქიდან დაღლილი, მაგრამ ბედნიერი მხატვარი გამოვიდა. შესრულებული ნახატი იდეალური იყო. ტილოზე ძლევამოსილი ღმერთი იყო გამოსახული, რომლის თვალებიდან უსაზღვრო სიყვარული გამოსჭვიოდა.-        „ ამ ნახატს არავის მივყიდი და არც იმისთვის შემიქმნია, რომ მხოლოდ მე ვუყურო. იგი ყველასი უნდა გახდეს და ყველამ ისევე დაინახოს, როგორც მე ვხედავ“_ გაიფიქრა მხატვარმა.-        დიდი სატვირთო იქირავა, ნახატი ფრთხილად შემოადებინა და ქალაქის მთავარ მოედანზე წაიღო. მხატვარს სურდა, რომ ყველა დამტკბარიყო ამ დიდებული შემოქმედებით, რათა ხელოვნების ამ გასაოცარ ნიმუშს ყველასთვის შეეხსენებინა, თუ რა დიადი და ძალმოსილია უფალი და ამავე დროს, როგორი განუზომელი და დაუსრულებელია მისი სიყვარული ადამიანების მიმართ. გოგონას კეთილი ზრახვის მიუხედავად მოხდა ისე, რომ ხალხმა ნახატი გააკერპა. თაყვანს სცემდნენ, ძღვენი მიჰქონდათ, ხტოდნენ და ცეკვავდნენ მის წინაშე. ზოგიერთი იჩოქებდა და ლოცულობდა კიდეც.შეწუხდა მხატვარი ამ ყოველივეს დანახვაზე და ნახატის განადგურება გადაწყვიტა. აიღო ცული, მიიპარა ღამით ქალაქის მოედანზე და თავისივე შედევრი ნაკუწებად აქცია.„ქმნილება ვერასოდეს იქნება შემოქმედზე უფრო დიდი, ამიტომ არ შეიძლება ქმნილებაზე თაყვანისცემა“ _ თქვა დამტვრეული ნახატის წინ მჯდომმა მხატვარმა და მწარედ ატირდა, რაკი ასეთი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.