როცა ფიქრები ჩუმად გვისმენენ
როცა ფიქრები ჩუმად გვისმენენ
მარტოობის სიმფონია მაისის შუა რიცხვებია და ისევ სულისშემძვრელად ცივა. არ მოსულა გაზაფხული არც დედამიწაზე და არც ჩემს გულში. ზამთარია ისევ. სუსხიანი, ჯოჯოხეთურად ცივი. დიახ, ჯოჯოხეთურად. ისე, თითქოს გჭამს ეს სიცივე. გბოჭავს, ხელ-ფეხს გიკრავს და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. გცივა და თან გწიწკნის კანის ყველა უჯრედს ახურებული შინაგანი სამყარო. იფანტები არდამდგარი გაზაფხულის მოლოდინში. გცივა არმოსული მაისი. დამჭკნარი ვარდები მიგაქვს თან და მიდიხარ უკან დიდი ხნის წინ დამდგარი ზამთრისკენ. გეუცხოება გაზაფხულის შიგადაშიგ შემოპარული მზის სხივები. ვეღარ გრძნობ მათ სითბოს და სულ მარტო ხარ. თითქოს ფეხს გიწყობს ამინდი. თავს დააწვიმს შენს გაბზარულ, სიბინძურეში გათხვრილ სულს და გულს გიამებს,რადგან საკუთარი ცრემლები დიდი ხანია შეგაშრა. თან გაიყოლა ყველა ტკივილმა, ყველა იარამ. შეისრუტა უნარი გრძნობდე და დადიხარ ახლა გაბრუებული, თითქოს აღარ არსებობს სამყაროში გრძნობა,რაც შეძლებს შენი სული შეარხიოს. თითქოს გაქრა ემპათია შენი გულიდან, თანაგრძნობა, გულწრფელობა. გაგქრა ყველაფერი და მონოტონური, მოსაწყენი რუტინა დარჩა. რუტინა ,რომელშიც მთელი არსებით იღვენთები, ქრები და ნელნელა ეპარები საკუთარ ცხოვრებას. თითქოს ტოვებ სხეულს და მიდიხარ სადღაც შორს. რადგან უცხო ხარ შენს სხეულში. უცხოა ის ადამიანი რადაც იქეცი. უღმერთოა შენი პიროვნება და მარტოსული. მარტო სული. თუმცა სულიც აღარ დარჩა ასე გგონია. თითქოს ერთ შავ ღრუბელში შეიკრა ყველა შენი ფიქრი და არსად მიდიან. არც შენამდე მოდიან. და ხარ ასე არეული... გზააბნეული... დაკარგული. საკუთარ თავში დაკარგული. თუ უმისობაში. ვერც ეს გაგიგია. გაითანგე უსიყვარულობაში და და ჩაქვრა ყველა ნაპერწკალი. დალპა გაზაფხულის ცივ წვიმებში. გაიფანტა მარტის სუსხიან ქარებში და ღმერთმა უწყის სად წავიდნენ. ხარ ასე მარტო. აღარც ფიქრი გაგაჩნია და აღარც გრძნობა. დგახარ და ფიქრობ, ვინ მოიგონა ზღაპრები სიყვარულის მაგიაზე. რადგან თუ მაგიურია სიყვარული არ დატოვებდა ამდენ იარას. რადგან თუ რაიმე სახის ჯადოსნურობაა მასში ჩაქსოვილი არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული. და მაინც ვერ გაგიგია, შენი სიყვარულით დაეკლილი, დაფლეთილი, დაცლილი სული გირჩევნია თუ უსიყვარულობით გაჟღენთილი,ფიქრით ეული გონება. დგახარ და გრძნობ როგორ იწვის რაღაც შენს თითებს შუა. იფერფლება შენსავით და ფიქრობ, როგორ გავს შენს პიროვნებას ეს შხამით გაჟღენთილი ღერი. შენს პიროვნებას თუ... თავად სიყვარულს. როგორი მავნეა, როგორი უგემური ,მაგრამ ერთი ჩასუნთქვით როგორ მალამოდ დადის მთელს სხეულში, სასიამოვნო ჟრუანტელს გგვრის და სუნთქვას ამარტივებს. მაგრამ ხანმოკლეა...წამიერი... ისე იფანტება ჰაერში, თითქოს არც ყოფილა. ისე ქრება, თითქოს მისი გემო არც კი გიგრძვნია, მაგრამ გიტოვებს უსიამოვნო შეგრძნებას. სუნს, რომელიც სულ თანგდევს და გემოს,რომელიც სულ გეცნობა. სურვილი, რომელიც არ ნელდება და რაც დრო გადის უფრო მწვავედ ედება შენს სხეულს. ჯერ გულის არეში გრძნობ ტკივილს.შემდეგ ფილტვებში ჩასუნთქული ჰაერი ზედმეტად სუფთაა შენთვის. მუხლებში სისუსტეს გრძნობ და თავი გტკივდება. ისე, თითქოს არ იცოდე რა გემართება. ისე ,თოთქოს აქამდე არ გიგრძვნია ეს უკმარისობა, მაგრამ მაინც ძალიან ნაცნობია. შემდეგ ერთი ნაპერწკალი, ერთი უგემური ღერი, ერთი გაღიმება, ერთი ნაპასი, ერთი შემოხედვა და ყველაფერს თავიდან გადიხარ. იგივე სიამოვნება, იგივე ჟრუანტელი, იგივე სუნი და იგივე ტკივილები. მაისის თორმეტია და შენ მაინც გცივა. ღია ცის ქვეშ დგახარ და შენს სიცივესთან ერთად, მაისიც გცივა. სულში შემოპარული ზამთრისებრი სუსხი და სიცარიელე, რომელსაც ვერავინ გივსებს. უფსკრული, რომელშიც დიდი ხანია გადავარდი და სინათლე ,რომელსაც ვეღარ ხედავ. გრძნობ ამ ყველაფერს თუ არაფრად ქცეულ ყველაფერს და კიდევ უფრო ღრმად ტოპავ სიმატოვით აყროლებულ მორევში. იძირები.ქრები.იკარგები. და მაინც ფიქრობ. ნეტავ თუ გიპოვის ოდესმე ვინმე. ნეტავ თუ გამოყვება კვალად შენს დაფერფლილ სულს ვინმე და გიპოვის.სადღაც შორს. უყველაფრობაში. ოდესმე თუ შესცივდება ვინმეს უშენობა. თუ დაუხუთავს სულს შენი არყოფნა ვინმეს. ვინმეს... ან მას... ის... ადამიანი, ვინც უფლება მოგცა შეგზიზღებოდა საკუთარი თავი მხოლოდ იმ გრძნობის გამო უნებლიედ რომ შემოაეპარა შენს სულს და შემოძარცვა ყველაფერი რაც გააჩნდა. ადამიანი, რომლისთვისაც მიზეზებს ეძებ რომ შეგზიზღდეს. რომ დაივიწყო. რომ გაანელო შენს სულში ანთებული მისი სახელობის ხანძარი. ადამიანი, რომელიც გიყვარს. მაგრამ ყველაზე მეტად გეზიზღება ის ფაქტი, რომ გიყვარს. მისი სიყვარული გძულს და საკუთარ თავს ვერ პატიობ ამ გრძნობებს. გეზარება... გეზიზღება... მაგრამ არ გემეტება გასაშვებად. შენიც არ არის... სულ არ გეკუთვნის ,მაგრამ იჩემებ. არ უშვებ და არც ის გიშვებს. რატომ? არ ვიცი. არც მან იცის. ფუჭი გრძნობების არასდროს მწამდა , მაგრამ ფუჭია ყველა განცდა რაც მის მიმართ განგიცდია. ფუჭია ყველა აზრი რაც მასზე დაბადებულა შენს გონებაში. ფუჭია ყველა უძილო ღამე. ყველა გაყინული მომენტი. ძარღვებში გაჩერებული სისხლი. შეკრული სუნთქვა. გაშეშებული გული. ფუჭია ყოველივე. ის სიყვარულიც ფუჭია რაც მოიტანა და უკან აღარ მიაქვს. აზრგამოცლილია ყველა ქმედება შენი მხრიდან და აღარც რესურსი გაქვს რომ აზრი შეაკოწიწო. არაფერი დაგრჩა და ერთადერთი რაც ხელში შეგრჩა სიყვარულია. რომელიც შენიც კი არ არის. სხვისი სიყვარული. სხვისი ადამიანი. სხვისი რეალობა. სხვა. მაისის შუა რიცხვებია და არ მოსულა გაზაფხული. არც დედამიწაზე და არც ჩემს სულში. დაჭკნა ყველა ყვავილი. ყველა ხეს გასცვივდა ფოთოლი. დაიფერფლა ნაკოწიწები,ძლივს გაჩენილი სამყარო. თან წაიღო მარტის ქარმა და აგვისტოს ხანძარმა. თან წაიღო სხვისმა ადამიანმა და დამიტოვა სიცივე ჯოჯოხეთური. დიახ ჯოჯოხეთური. როგორ სრულდება ეს ისტორია არც მე ვიცი. მაგრამ ერთადერთს გეტყვით, ღირს სიყვარული იმ იმედგაცრუებებად რაც თან მოსდევს. იმ ტკივილებად ღირს ,გამკლავება რომ წარმოუდგენელი გგონიათ. ღირს, იმ ცრემლებად ბალიშზე რომ გაშრებათ. იმ გაყინულ მომენტებად ღირს, წარმოუდგენელი ,განუზომელი ბედნიერება რომ მოაქვს. თუნდაც წამიერი. გახსოვდეთ, ბედნიერება ისედაც წამიერია,განგრძობითია და არ არსებობს. არ არსებობს უსიყვარულოდ. და ბედნიერი ხარ თუ განიცდი ამ გრძნობას. თუნდაც მარტო. თუნდაც უმისოდ. ბედნიერი ხარ ერთხელ მაინც თუ შეძლებ თქვა: მყვარებია. რადგან განსაკუთრებულია ადამიანი ,ვისაც სიყვარული შეუძლია. რადგან აღარ უყვართ ჩვენს ბიძნურ ადამიანებს ერთმანეთი. რადგან ტალახიანია სამყარო დღეს. რადგან არაფერი დარჩა სიყვარულზე წმინდა ამქვეყნად და თუ გყვარებია, ესეიგი იმედიც ცოცხლობს შენს პატარა,საკუთარ სამყაროში. რადგან თუ გყვარებია, ადამიანი ყოფილხარ თურმე. ნუ წაართმევ საკუთარ თავს ამ ბედნიერებას. სხვისი სიყვარულიც საკმარისია. გახსოვდეს,თუ გყვარებია ესეიგი ცოცხლობ. ესეიგი არსებობ. ესეიგი ყველაფერი ჯერ ისევ წინ არის. უიმედო,მარტოსული სიყვარულიც ხომ სიყვარულია. უკანასკნელი ფოთოლი შემოდგომაა. ფოთოლცვენა შემოვიცვი ქურთუკის ნაცვლად. ჩემი სული ეზოს ბოლოში მდგარ ალუბლის ხეს დაემსგავსა. შიშველია, სულ შიშველი და ალაგ-ალაგ შემორჩენია ზაფხულგამოვლილი, ლპობაშეპარული სამოსი. შემოდგომაა. მე კი შემოვიძარცვე მთელი წლის ნაგროვები ტკივილები და ვემზადები გამოვიზამთრო საკუთარი თავი . გამოვიზამთრო მარტოობა. ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე სულის ნამსხვრევები და ოქტომბრის ქარს გავაყოლე. საოცარი ხარ,ადამიანო. როგორ შეგიძლია მიწას მიბარებული სული თავადვე ამოთხარო და თავიდან გამოძერწო. არ ჭირდება თურმე ადამიანს ადამიანი. არც სინათლე ყოფილა ერთი მეორის. გაგძარცვავენ, ჩამოაფარებენ ფარდებს მზით გაჟღენთილ ოთახში და დაგტოვებენ ასე უსიცოცხლოდ. არც არავინ მოვა შენს გადასარჩენად. და რომც მოვიდეს აღარ გაუღებ კარს. არ გაწირავ თავს მორიგი იმედგაცრუებისთვის. გაიჟღინთები საკუთარი სევდით, თავს ჩამოიხრჩობ შენივე ტკივილებისგან მოქსოვილი ბაწრით, ჩამოეკიდები შენსავე ნაგებ მოლოდინებზე და დამთავრდები. მერე მოაგროვებ გაფანტულ შენს ნაწილებს. იმ ნაწილებს,სხვებს რომ ჩამოურიგე და შენი თავისთვის აღარაფერი დაგრჩა. დაუწყებ შენს თავს თავიდან შენებას. თუმცა აზრი არ აქვს. იმ ნაწილებს შენი აღარაფერი შერჩათ. სხვისი ტკივილები ჩაადნათ გულში, სხვისი სახელი ქვიათ უკვე. ააწყობ და მიხვდები საკუთარი თავის არაფერი გიპოვნია თურმე. სხვა ხარ. სხვის ნათითურეში გათხვრილი. სხვის სულში ამოქარგული. მერე იწყებ წარსულში ქექვას. ისე შორს გათხრი ამოვსებულ გვირაბს, მიხვდები 10 წლის შემდეგ სხვის ტკივილებს დაატარებ თურმე. იქ დატოვე შენი თავი და მას მერე არც მოგიკითხავს. მიხვდები ბავშვობაში ჩამარხე შენი სული. იქ ,სადაც იცოდი არ გაიბზარებოდა. შენს თბილ საბანში გაახვიე და მარტო რომ არ ყოფილიყო სათამაშოები შემოულაგე გარშემო. მერე ეძებ შენს ბავშვობას დიდობაში. დამძიმებული დედის კალთას მიაშურებ ნუგეშისთვის. მაგრამ მიხვდები ისედაც მძიმეა უშენოდაც დედის თვალები. დედაც აგტკივდება მერე. მისი ნატანჯი, შენთვის მსხვერპლად გაწირული ცხოვრება აგეწვება სულში. მიხვდები, შენი ბრალია მის სახეზე გაჩენილი ყველა ნაოჭი, მის თვალებში შეპარული სევდა, თმაში გარეული უკვე ბევრი ჭაღარა. ამიტომ გატრიალდები შენს დაფუფქულ ტკივილებთან ერთად, გადაიკიდებ დარდებით სავსე ხურჯინს ზურგზე და დატოვებ დედას საკუთარ უბედურებასთან ერთად. რომ შეგეძლოს მის უბედობასაც წამოიღებდი. გვერდს აუვლი მამას მოკუნტული. ფეხის თრევით დაგაქვს შენი დარდები. ზედმეტად მძიმეა უკვე... მამა მოერეოდა ამ სიმძმეს. ცალი ხელითაც აწევდა ალბათ. წამით გაიფიქრებ შენი რიდნარევი სიყვარულით, „მიშველე მა“ და წამშივე გაფანტავ შენს ფიქრებს. კუზივით გამოგეზრდა შენი ტვირთი. მიწასთან ისე ახლოს ხარ ზეცისკენ ვეღარც იყურები. გულით დაგაქვს უფალზე ლოცვები და წუთისოფლის ამაოებები. მერე დაეცემი. აირევა შენი ისედაც თიხისგან ნაძერწი სხეული გაფხვიერებულ მიწაში. იქამდე იწვები იქ, სანამ თავიდან არ დაიბადები. თავიდან ისწავლი. სიარულს. ლაპარაკს.სიყვარულს. რა საოცარი ხარ,ადამიანო. არავინ არ გჭირდება თურმე ამ ქვეყნად.