დანიშნულება
დანიშნულება
პროლოგი ყველაფერი უნდა განადგურდეს, რასაც ღირებულება არ მოეძებნება! ამ აზრით შეპყრობილს მთელი ძალით განმეზრახა ჩემი ხელდქმნილის მოსპობა. ისე გაქრობა, მისი კვალიც რომ არ დარჩენილიყო. ორი დღე რჩებოდა, ორად ორი დღე, რომლის შემდეგაც ვეღარასდროს შევძლებდი ჩემი ქმნილების მოშორებას. თანაც ისე მოშრებას, რომ სულ ერთი ადამიანის გონებაში მაინც არ დარჩენილიყო მასზე ფიქრი. იმ ხანს თბილისში გრილოდა. უსინათლო ოთახში ხატების კუთხესთან დავდექი, სანთელი ავანთე და ლოცვა წავიკითხე. საათზე მეტი ვთხოვდი უფალს ხსნას. ერთ სანთელს მეორეს ვუმატებდი, დამწვარ სინათლეს გვერდით ახალი იმედი ამოუდგებოდა ხოლმე, მალევე ისიც მინავლდებოდა და ისევ ახალი გაჩნდებოდა გვერდით. ვთხოვდი შველას, რომელიც ვერსად მეპოვა. ვთხოვდი იქამდე, სანამ დამუჭული თვალების შიგნით რაღაცამ არ ინათა, სანამ სინათლე არ გაიზარდა და მთლიანად არ მოედო სიბნელეს, სანამ ხმამ ჩემს ფიქრებშივე არ დაიწყო ლაპარაკი: -რას სჩადი? მოგისურვებია, რომ შენივე ქმნილება სამუდამოდ აღგავო პირისაგან მიწისა. შენც იმ კაცივით[1] მოგინდომებია ტალანტი მიწაში ჩაჰფლო, იმის მაგივრად რომ აიღო და გაამრავლო. -ყველაფერი უნდა განადგურდეს, რასაც ღირებულება არ მოეძებნება! -საჩუქარს მოფრთხილება სჭირდება. ჯერ იყო სიტყვა. სიტყვა, რომელმაც გვშობა. მას დიდი ძალა გააჩნია. უგუნურებას ნუ ჩაიდენ, ნუ გაანადგურებ შენს სიტყვას, რომელსაც არც კი უწყი, რომ გააჩნია ძალა ერთ ადამიანს მაინც შუცვალოს კარგისაკენ ცხოვრება. ხმა გაქრა. ყველა სარკმელი გაიხსნა და საშინელმა ქარმა იწყო ოთახში გრიალი. თაროებიდან წიგნები გადმოყარა, ერთი მეორეს მიყოლებით ცვიოდა დაბლა. არცერთი გაშლილა, გარდა ერთისა. გადაშლილ წიგნს მივუახლოვდი, ქარსა და სანთლების მქრქალ სინათლეში ასოების გარჩევა მიჭირდა. ბოლოს შევძელი ამომეკითხა პირველი ხაზი: ,,ჯერ იყო სიტყვა, რადგან სიტყვა დედაა ღმერთის…” [2]გამეღვიძა. ჯერ იყო სიტყვა, მადლობა! თავი პირველი ,,ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა” სტენდალი ბებიაჩემი ძველი ყაიდის ქალი გახლდათ. სიმკაცრე ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. ადრე დაქვრივებულს სხვაგვარი ხასიათი ჩამოუყალიბდა. შავები ჩაიცვა და მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა. მის თვალებს დადენილი ცრემლი არავის ახსოვს, ცხოვრებისთვის თავი არ მოუხრია, როგორც ქართველ ქალს შეშვენოდა სწორედ იმგვარად მოქცეულა, თავი აუწევია და წელში გამართულა. დაობლებული ბავშვები როგორმე უნდა გამოეკვება, ამიტომაც სახლის გვერდით სამკერვალო გაუხსნია. რთული წლები გამოიარა, მაგრამ არასდროს დაუჩივლია. ერთს იტყოდა ხოლმე ეს ყოფილა ჩემი ხვედრიო და გაეღიმებოდა. ხანდისხან შვილიშვილებს გვერდით მოგვისვამდა ბევრს გველაპარაკებოდა. მათ შორის ყველაზე უფროსი მე ვიყავ, ამიტომაც დამამახსოვრდა ბებო ყველაზე ნათლად. ზამთრის დილაში, მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ლოგინებში თბილად ჩაგვეთბუნა, ცივ ღუმელს შეშას შეულაგებდა, მერე საიდანღაც მოტანილ ძველისძველ რეზინს პატარა ნაჭრებად დაჭრიდა, ამათგან ერთს შეშის შუაგულში დადებდა, ცეცხლს წაუკიდებდა და წამში გიზგიზებდა ღუმელიც. მხოლოდ ამის შემდეგ გვეძახდა გამოვსულიყავით, სიცივეს ამგვარად გვარიდებდა. თუმცა მკაცრი ქალი იყო, შვილიშვილებთან მეტ ლმობიერებას იჩენდა, სხვანაირად ვუყვარდით. იჯდა და საათობით გვესაუბრებოდა ხოლმე. ხან რას გვიყვებოდა, ხან-რას, ხან კერვასაც გვასწავლიდა. იმ დროს მე მეტი გამეგებოდა. უფროსი რადგან ვიყავ, პატარებს იშვიათად ავდევდი, ისინი რომ მოიშლებოდნენ, მე ბებოსთან ვჩერდებოდი, ისიც მომიხელთებდა და დამარიგებდა, თუ გინდა იცოცხლო, უნდა იცოდე რისთვის გიღირს ცხოვრებაო. სხვა შემთხვევაში ცხოველივით არსებობა გამოგდის და ეგააო. მაშინ არ მესმოდა, რას გულისხმობდა, მხოლოდ ვუსმენდი და ვფიქრობდი, ახლა უკვე მესმის, მაგრამ მაინც ვერა და ვერ შევიცანი რისთვის მიღირს სიცოცხლე. ამ ფიქრებში გართულს შემომაღამდა, აციებულიყო კიდეც, სვეტიცხოველს ისე გავუარე, პირჯვარიც არ გადამიწერია, საკუთარი თავისვე შემრცხვა, თითქოს სხვაც მხედავდა, დავბრუნდი და უფალს მოვუბოდიშე, პირჯვარი გადავისახე და გზა განვაგრძე. ქუჩაში ყველა გამქრალიყო, პანდემიის გადამკიდე მხოლოდ გზააბნეული თუ იხეტილებდა გზებზე. ყველა ერიდებოდა გარეთ გამოსვლას. სახლში გაჩერება აღარ შემეძლო, ვერც სამსახური მეპოვა და ემიგრანტი დედაც გაუსაძლისად მენატრებოდა. ტკივილს ისევ სიყვარული აყუჩებს, სიყვარულს დროებით წყენა მალავს გულში, წყენას გულწრფელობა აქარწყლებს, იმედგაცრუებას უკეთესის იმედი აგდებს, მაგრამ მონატრებასა და სიცარიელეს რა აცილებს ადამიანის გულს? არაფერი შველის, ყველა გრძნობა უძლურია მათთან, ყველა სიტყვა აზრს კარგავს და ინაცრება. სახლში მამა მელოდა, მამა, რომელიც ერთ დროს ყველაზე მეტად მიყვარდა, ახლა კი შინ დაბრუნება არ მინდოდა. იმ წუთებში იშვა ჩემს ფიქრებში ერთი აზრი, რომელმაც მთლიანად მომიცვა და ვიცოდი, სწრაფადვე უნდა გამეკეთებინა. სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა სახლი და წავსულიყავი თბილისში. იქ მაინც ვიშოვიდი სამსახურს და შევძლებდი დავხსნოდი ფიქრებს. ქალაქში ჩემივე ბავშვობის მეგობარი მეგულებოდა, რომელიც მუდამ მთხოვდა მასთან ჩასვლას. ვიცოდი, უარს არ მეტყოდა თუკი ცოტახანს ოთახს გამიყოფდა. იმ საღამოსვე შევუთანხმდი ჩემს მეგობარს, ნორას და დილის მზადების შემდეგ სახლი დავტოვე. ღამით არ მიძინია, თვალს ვერ მოხუჭავ თუკი ფიქრები გაფხიზლებენ. არ ვიცოდი რა მელოდა ქალაქში, სადაც ოთხ წელზე მეტი ვისწავლე. თითქოს იქ ყოფნის მიუხედავად, მაინც ყველაფერი უცხო მეჩვენებოდა. ახლოობის განცდას ლამაზი მოგონებები ბადებს, ეს მოგონებები თბილისს არ უკავშირდებოდა, ისიც კი არ ვიცოდი, რამეს თუ უკავშირდებოდა საერთოდ. აღარსად ყოფნა აღარ შემეძლო. ყველგან წასვლა ღრმად ჩასუნთქვით მთავრდებოდა, არსად მედგომებოდა. ყოველი ახალი ადგილი ახალი იმედის მომცემი გამხდარიყო, მაგრამ ეს იმედები სწრაფადვე მინავლდებოდა ხოლმე და მათ ადგილს სიცარიელე იკავებდა. თბილისში ნაშუადღევს ჩავედი. წვიმდა. ქუჩები მოლიპულიყო, მხოლოდ ხანდისხან ტალახში ამოგანგლული, გალუმპული, შეციებული, ფერდებჩამოყრილი უპატრონო ძაღლების ყეფა მოისმოდა წვეთების ხმაში, რომლებიც საჭმელს ვერ იყოფდნენ. კბილებგადმოყრილნი, სახეშესიებულნი საჯიჯგნად საკვებს ეძებდნენ. თუ კი შემთხვევით გადააწყდებოდნენ ტაციაობა მიდიოდა. ერთს უნდა დაესწრო სხვებისთვის, თორემ მშიერი დარჩებოდა. გაგულისებული ძაღლები ერთმანეთსაც უღრენდნენ. ხან ისეც მოხდებოდა ორი ერთდროულად მოავლებდა ხოლმე საკვებს პირს და მერე ძიძგილაობა იწყებოდა. მხოლოდ ორი რამ აგრძნობინებდა ადამიანს რომ ჯერ კიდევ შემორჩენილიყო რაღაც იმედისმომცემი-საცხობიდან გამომავალი ცხელი პურის სურნელი და ერთმანეთზე რიგობით მიწყობილი ბუკინისტური წიგნების გამყიდველი კაცი, რომელიც კამკამა წყლისფერი თვალებით ზეცას უიმედოდ მისჩერებოდა. ადამიანთა სევდას ყოველთვის მარტივად ვგრძნობდი თავადაც უამრავ გრძნობაგამოვლილი. წვიმა კარგა ხნის წინ შეწყვეტილიყო, თუმცა იმდენად გავერთე ფიქრებში, გვიან მოვგონდი, ქოლგა დავკეცე და კაცს მივესალმე.-გამარჯობა, ბედნიერი დღე. გადარჩენილან თქვენი წიგნები წვიმას.-წიგნები კი, ჩემო გოგონავ, წიგნები კი-ღრმად ამოისუნთქა კაცმა და ალმაცერად ამომხედა. მიხვდა, მისივე ნათქვამი მეუცნაურა, წამწამი წამწამს შეაერთა და ჩაილაპარაკა:-გული...აქ ხომ მუდმივად წვიმს...-გაეღიმა.ვაკვირდებოდი მოხუცის წყლიან თვალებს და ვხვდებოდი ცხოვრებაში ჯერ კიდევ დარჩენილიყო რაღაც სუფთა, რაღაც ისეთი, რომელსაც ცხოვრების ბოროტი ხელი შეეხო, მაგრამ სისპეტაკე ვერ დაუკარგა. წიგნებს გადავხედე, ნოდარ დუმბაძის ,,ნუ გეშინია, დედა“-ს გადააწყდა ჩემი თვალები. გადავშალე და გამხმარ ყდაზე წარწერაც აღმოვაჩინე. ძველი, გახუნებული ასოები ძლივს იკითხებოდა, თუმცა წარწერა იმ დღის მსგავსად მკაფიოდ დამჩნეოდა, როცა დაიწერა: ,,სახსოვრად ჩემს ერთადერთ შვილს დედასგან. 10/02/1979“-ბუკინისტური წიგნების სევდა...-ჩავილაპარაკე და მოხუცს მივაჩერდი, რომელიც ჭიქა ჩაით ხელებს ითბობდა.-როგორ შეგიძლიათ გაუძლოთ ამდენი სევდიანი ადამიანის ისტორიას?მოხუცმა შემომხედა, ჭიქა პატარა, ხის მაგიდაზე შემოდგა და მიპასუხა:-წიგნებზე მეკითხები?-დიახ.-განა, შემიძლია?! სხვა რა გზაა, როცა იცი რომ საყვარელი ადამიანის ერთადერთი იმედი ხარ. ახლა ის მაინც ვიცი მშიერნი რომ არ მოვკვდებით, თორემ დარდით...დარდით დიდი ხანია მკვდარი ვარ, შვილო-ხელი ჩაიქნია კაცმა.მოხუცი შავებში გამოწყობილიყო, მივხვდი, გარდაცვლილი ჰყავდა ახლობელი ადამიანი, თუმცაღა აღარ ჩავძიებივარ. ადამიანს არ უნდა გაახსენო ტკივილი, რომელიც ისედაც მუდამ მის გულშია.-ბევრი ადამიანი მოდის თქვენთან?-არ მკითხო, საერთოდ არაა ხალხი, მაგრამ ფულის ნაკლებობაზე მეტად ის მაწუხებს ადამიანებს წიგნის კითხვა რომ აღარ უყვართ, ეს სულ სხვაგვარი ტკივილია ტკივილთა შორის. ხანდისხან ისღა გამახარებს, 12-13 წლის ბავშვები რომ მოდიან. მტკიცედ მჯერა, ვისაც ლიტერატურა სულით უყვარს და არა დროის გასაყვანად, ის ცუდი ადამიანი ვერ იქნება. -ფიქრობთ, რომ თუ ბავშვებში ლიტერატურის სიყვარულს გავაღვივებთ, ზნემაღალ ადამიანებად გაიზრდებიან? -ჭეშმარიტი ხელოვნება ახლოა ღმერთთან, ღმერთი-სიყვარულთან. სადაც სიყვარულია იქ ბოროტება ფეხს ვერ მოიკიდებს. ამასთან ერთად, თუ შიგადაშიგ კარგ კაცობაზეც მოვუყვებით ამბებს, ვაჩვენებთ მაგალითებს, ნაყოფს უეჭველად გამოიღებს. დანარჩენს ისედაც მიხვდები.ტუჩებზე სიამოვნების ღიმილმა გამირბინა.-დიდი ხანია, რაც ამ საქმეს უდგახართ?-ეუჰ, ბოლო ათი წელი მაინც იქნება. რაც პენსიაზე გავედი იმ წლიდან-გაეცინა მოხუცს და თეთრ წვერზე ხელი ჩამოიტარა, თითქოს ასაკზე მანიშნა.რადგანაც ბევრი ფული არა მქონდა, წიგნის ყიდვა არ განმიზრახავს, მაგრამ მივხვდი, იმ წუთს ჩემზე მეტად მას სჭირდებოდა, ხუთი ლარი ჩავუთვალე, ერთი წიგნი წამოვიღე, წარმატებული დღე ვუსურვე და წავედი. ნორასთან რომ მივედი უკვე კარგა ხნის შებინდებულიყო, უფრო აციებულიყო. სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა შორიდან მოისმოდა. ლამპიონების ანარეკლი წვიმაჩამდგარ ორმოებში ოქროსფრად ლაპლაპებდა. კიბეები ავიარე, ფეხები ნოხზე შევიწმინდე და ზარი დავრეკე. კარი ნორამ გამიღო. სახლშიც კი შეუდარებლად გამოიყურებოდა. ნაცრისფერი, მოკლედ შეჭრილი თმა, მომცრო შუბლი, გრძელი თვალის ჭრილი და ლამაზი ტუჩები ჰქონდა. სახეზე, როგორც მუდამ, მისთვის დამახასიათებელი სიცივე ერეკლებოდა. ჩემ დანახვას ოდნავ შეეთბო, თუმცა არა ბოლომდის. გამხდარი მკლავები შემომხვია და ჩამეხუტა. -როგორ მომენატრე, მეგობარო, შემოდი, შემოდი. სახლი იმგვარ ფერებში მოეწყო, როგორიც წლების წინ უნდოდა. თაროზე სამედიცინო წიგნები მოეგროვებინა და გვერდიგვერდ მიეწყო. თაროს გვერდით სავარძელი დაედგა, შუაში-მაგიდა. ფარდები, ჩვეულებისამებრ, საგულდაგულოდ ჩამოეფარებინა სარკმლებს, გამეღიმა. -რაზე ჩაფიქრდი, მართა?-მკითხა ინტერესით. -რაც გინდოდა, ის შეძელი. თვალწინ დამიდგა ის ნორა, ჯერ კიდევ ახალი სტუდენტი იყავი მაშინ. ბოლოს შენთან რომ ვიყავი, აქ არ ცხოვრობდი. -რთული იყო, ჩემო მეგობარო, ყველაფერი რთული იყო. მაშინ სკოლის წლები გქონდა და ისე ხშირად ვეღარც ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს…მოდი, ჩამოჯექი. რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ, ტელეფონში არაფერი გითქვამს. -ჩემო ნორა, სამსახურს ვეძებ. არსად არაფერია. ვიფიქრე, აქ მაინც ვცდიდი ბედს. -ეგ დიპლომი თაროზე დასამტვერად მოგცეს? -ბავშვებთან დავიწყო მუშაობა? ადვილი როდია… -ადვილი არც არაფერია. -ბავშვები განსაკუთრებული ქმნილებანი არიან. თუ მათთან ურთიერთობისთვის მზად არა ხარ, არ უნდა მოკიდო ამ საქმეს ხელი. ის, თუ როგორებად გაიზრდებიან, შენი ვალდებულებაცაა. -მერე და გგონია არ გამოგივა?-არ ვიცი… -პასუხისმგებლობა კარგია, მაგრამ შენ ნამეტანი დაგმართნია… საუბარი ტელეფონის წკრიალმა გაგვაწყვეტინა. მივხვდი, კლინიკიდან ურეკავდნენ და სასწრაფოდ უნდა წასულიყო. მოკლედ ამიხსნა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა სახლში ყოფნისას გამომდგომოდა და წავიდა. ნამგზავრს სწრაფად ჩამეძნა. მეორე დღეც ასე მარტომ გავატარე. ნაშუადღევს გავედი სახლიდან და ფიქრებს მივეცი. ჩემი არსებობის არსს ვერ ჩავწვდომოდი, რა საჭირო ვიყავ, რას წარმოვადგენდი, რისთვის ვცოცხლობდი. ქუჩები გუშინდელივით დაცლილიყო ხალხისგან. უეცრად საშინელმა შიშმა შემიპყრო, შიშმა, რომელიც არსაიდან გამოჩენილიყო და თვალები დავხუჭე. ნუ ფიქრობ, ნუ, ნუ-ვევედრებოდი საკუთარ თავს, მაგრამ ვერაფერს გავმხდარიყავი. აქეთ-იქით სიარულში გაზეთების ჯიხურს გადავაწყდი, ვიყიდე და უკან გამოვბრუნდი. თბილისის ქუჩებს ღამის ნაწვიმი ჯერ ვერ შეეშროთ, ისევ ციოდა, ისევ არავინ ჩანდა. უკან გამობრუნებულს წინ ბიჭი შემეჩეხა. ასე თორმეტ წლამდე იქნებოდა, საშუალო სიმაღლის, ფეხსაცმელდასვრილი, ქურთუკი აქაიქ შემოხეოდა, მუხისქერქისფერ თვალებს ხან მაღლა სწევდა, ხან დაბლა და ასე სთხოვდა უცხოებს დახმარებას. გამონაკლისი არც მე ვიყავი.-ლარიანი ხომ არ გექნებათ? კითხვისგან შემცბარმა ჯერ პატარა ბიჭს დავხედე დანანებით, შემდეგ-საკუთარ ჯიბეს, ვიცოდი, 55 თეთრის გარდა არაფერი მედო ჯიბეში. უცნაურად შევიშმუშნე, ხელი ჯიბისკენ წავიღე და დაბლ ტემბრში, თითქმის ხმა დაკარგულმა, ვუპასუხე.-მხოლოდ 55 თეთრი...-ესეც რაღაცაა, ჩემს დას რამეს ვუყიდი. სწრაფად ჩავუყარე ხურდები პატარა ხელში და ასევე წრაფადვე გავეცალე. მეტად ვეღარ შევხედავდი თვალებში, მეტად ვეღარ გავიღებდი სიტყვას, ვერ ვხვდებოდი, მის უსუსურობას უფრო გავექეცი თუ-საკუთარს. ღელვა ნაბიჯებშიც დამტყობოდა. ისე ავუჩქარე, სირბილში გადამსვლოდა. მივრბოდი და არ ვიცოდი რაზე უფრო მტკიოდა გული-55 თეთრის გარდა მეტით რომ ვერ დავეხმარე, თუ უსახლკარო ბავშვები ასე რომ იტანჯებოდნენ. არ ვიცოდი რომელზე მეტად მედარდა. განა ვერ ვხვდებოდი 55 თეთრით ისეთს ვერაფერს იყიდდა, მაგრამ იმედი მქონდა სხვას მეტი ექნებოდა და დაეხმარებოდა. იმედი აცოცხლებს და უსმუბუქებს ადამიანს ყოფას. ვისთვის დედამიწა სამოთხეა, ვისთვის ჯოჯოხეთი-ვფიქრობდი და ფიქრებში სახლის გზასაც კი გავცდი. ასე მხოლოდ თბილისში როდი მემართებოდა?!. სკოლაშიც არასდროს მიყვარდა თვლა-ანგარიში. ყოველთვის ფიქრსა და დროში ვიკარგებოდი, საკმარისი იყო ადამიანის წინაშე დავმდგარიყავი მაშინვე ვხედავდი მის სულს, ვგრძნობდი და ვხვდებოდი. ადამიანის თითოეული გრძნობა შესისხლხორცებული მქონდა. ნორა და მე შესასვლელში შევეჩეხეთ ერთმანეთს. გაუკვირდა ასეთ ფორმაში ჩემი დანახვა, ძლივს ვლუღლუღებდი, ხელები მიკანკალებდა. სკამზე ჩამომსვა და ჩაი მომიდუღა. -მართა, ვეღარა გცნობ. არა, ადრეც კი ასეთი იყავი, მაგრამ ახლა მთლად გამოცვლილხარ… -არაფერი მკითხო, გემუდარები. -ცოტა გული დაიმშვიდე და ჩემს ერთ მეგობართან წავიდეთ. დიდი ხანია არ მინახავს, თან შენც გაგაცნობ, იქნებ უკეთაც გახდე. ავტომობილის სინათლით ბზინავდა ქალაქის ქუჩები. ნორას მეგობართან რომ მივედით დღის სინათლეც აღარ ჩანდა ჰაერში. დაჟანგული რკინის კარი შევხსენით, კიბეები ავიარეთ და ზარის დარეკვისას ნორა გავაჩერე. -რატომ შემაჩერე?-გაკვირვებული მომჩერებოდა.-,,მთვარის სონატა“-ს უკრავს. დაასრულოს და შემდეგ შევიდეთ. ციოდა, მაგრამ სულ არ მანაღვლებდა იმ დროს. რამდენიმე წუთის განმავლოვაში ღიმილიანი ვიდექი, თვალები დავხუჭე და თითოეული ნოტით ვტკბებოდი. ამგვარი სიამოვნება დიდი ხანი გასულიყო, რაც აღარ შემეგრძნო. ვიდექი და აღარაფერზე ვფიქრობდი, ყველაფერს აზრი დაეკარგა ჩემთვის ცოტა ხნით. საბოლოოდ მუსიკა მაინც მინელდა. ბოლო აკორდის აღების შემდეგ ნორა მიცდიდა როდის გამოვგონდებოდი, მეც ვანიშნე უკვე შეეძლო ზარის დარეკვა და ასეც მოიქცა. კარი მაღალმა, შავებში გამოწყობილმა კაცმა გააღო. თმებში ჭაღარა აქაიქ შერეოდა, რაც მეტ მიმზიდველობას მატებდა. სწორი, წაბლისფერი თმა და თეთრი კანი ჰქონდა. თხელი, გრძელი თითები ვარდისფრად უელავდა. ტუჩი ტუჩს დააშორა და დაბალი ტემბრით საუბარი წამოიწყო:-ნორა, მეგობარო, როგორ გიკითხო?-მე კარგად ვარ, ძველებურად, შენ როგორა ხარ? -როგორ გამიხარდა შენი სტუმრობა. -გაიცანი, ეს მართაა, გიყვებოდი წარსულში მასზე. მან გამომხედა და აუჩქარებლად გამომიწოდა ხელი.-სასიამოვნოა, რობერტი, მეგობრები რობის მეძახიან.-მართა... მართა დამიძახეთ. გაგვეღიმა და შიგნით შევედით.-,,მთვარის სონატა“-ს უკრავდით?-არა-მტკიცე უარი მივიღე რობერტისგან. ცოტა არ იყოს მეუცნაურა. ნუთუ, მეშლებოდა-და თქვენობით საუბარი საჭირო არაა-დაამატა ბოლოს.-არა? მაგრამ ის ხომ ასე...-ასე ჰგავდა?-გაეცინა-მე ვუკრავდი ტკივილს, სევდას, დარდს, იმედგაცრუებას, ეჭვს, სინანულს-ყველაფერს ერთად.-მესმის რატოც…-ნათელი მოჰფენოდა მის სიტყვებს ჩემთვის.-შექმნის ისტორია იცი?თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე..-მოიცათ, მე არ ვიცი-წამოიწყო ნორამ და ფეხი ფეხზე გადაიდო.-კარგი, მაშინ მე ყავას დავადგამ, მანამდე კი მართა მოგიყვება.-,,მთვარის სონატა“ ბეთჰოვენის რიგით მეთოთხმეტე სონატაა ფორტეპიანოსთვის, ასე უწოდეს შემდგომ. მას გაგიჟებით უყვარდა პიანისტი ჯულიეტა გვიჩარდი, რომელიც მისი მოსწავლე გახლდათ. არც გვიჩარდი ყოფილა ბეთჰოვენისადმი გულგრილი, თუმცა...-თუმცა?-ჩქარობდა ნორა.-თუმცა მიატოვა-განაგრძო რობერტიმ.-რატომ?-სხვას მისთხოვდა.-სხვათაშორის თქვენი სეხნია იყო-სიცილით ვუთხარი რობის.-ვიცი, ვიცი და თქვენობით საუბარზე გითხარი უკვე. მესამედ ნუ მათქმევინებ, მართა. -სამწუხაროა-ჩაილაპარაკა ნორამ.-მაგრამ რომ არა ეს ცალმხრივი სიყვარული დღეს დიდებულ ნოტთა შერწყმა არ გვექნებოდა, ვერ იარსებებდა ,,მთვარის სონატა“.-კარგი და ცუდი ყველაფერში მოიძებნება, რობი, ასე არაა?-ჩავილაპარაკე და ყავას შაქარი დავუმატე.-ისე, მართა, წეღან ახსენე, რომ თავად კომპოზიტორს არ უწოდებია სახელი. საინტერესოა რატომ...-ეგ არ ვიცი. ისიც არ ვიცი, იცის თუ არა ვინმემ საერთოდ. ისე კი, რაც მეტად გტკივა, მეტად რთულია ტკივილის სიტყვებით გამოხატვა-ამგვარად ავხსნიდი.-და მუსიკით ამეტყველდა მხოლოდ-დაამატა რობიმ. თაფლისფერ თვალებში სიმშვიდე ჩასდგომოდა. ვხვდებოდი, როგორ მჭირდებოდა ეს მაშინ, ამიტომაც წასვლას არ ვჩქარობდი. ხმის ტემბრშიც კი იყო რაღაც ისეთი, რაც ნებისმიერ ადამიანს დაამშვიდებდა, მაგრამ ვერაფრით ამოხსნიდი რატომ ხდებოდა ეს, როგორ ახერხებდა ამას. ნელი მიხვრა-მოხვრა მეტ საიმდოობას სძენდა ჩემთვის. სახეზე სიკეთე ეფინებოდა და ეს საკმარისი იყო, შემეცნო და გამეგო, კარგი ადამიანი იყო. ისიც მიყურებდა, მეც, ისიც ისევე გრძნობდა თავს, როგორც მე. ჩემს ყოველ სიტყვას ის აგრძელებდა, მის უთქმელ ფიქრებს კი მე ვაჟღერებდი და ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ ისიც ამგვარად ფიქრობდა. -ვატყობ, მოხვედი ხასიათზე-მითხრა ნორამ და კმაყოფილი გამომეტყველება მიიღო. -ცუდ ხასიათზე რამ დაგაყენა შეიძლება ვიცოდე? -რობი, ეგ არც არავინ იცის. ასეთი უცნაური მეგობარი მყავს. -მერე და მეგობრები რისთვის არსებობენ? -არ მინდა ვინმეს შემოვყარო ჩემი განცდები. -მე ვიცი რას ნიშნავს, როცა ვერავის ვერაფერს უმხელ და უცხოსთან ამეტყველდები. მაშინ ნორა მომევლინა ასეთი უცხო ადამიანის სახით. -და მის მერე მეგობრებიც ვართ. -ერთი იცოდე, მართა-მომიბრუნდა რობი-ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარიცაა. თუ ჩემთან საუბარი დაგჭირდეს, აქ ვარ. რობისთან კიდევ ცოტა ხანს დავყავით, შემდეგ უკან დავბრუნდით. ის ღამე მშვიდად მეძინა. დილიდან კი სამსახურის ძიებას შევუდექი. [1] იგულისხმება ბიბლიური იგავი ტალანტებზე; [2] ნაწყვეტი ოთარ ჭილაძის ლექსიდან ,,ჯერ იყო სიტყვა”.