ნოველები
ნოველები
ერთხელ დიურერის საფლავთან მოქმედების ადგილი: წმინდა იოანეს სახელობის სასაფლაო, ნიურნბერგი, გერმანია. დრო: 21-ე საუკუნე. წესით სასაფლაო სიკვდილის საუფლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზაფხული და მისგან გამოსხივებული სიცოცხლე აქ მაინც იგრძნობოდა - დაინახავდი კანტი-კუნტად ამწვანებულ გამხდარ ხეებსა და ბუჩქებს, საფლავის ქვების თავზე კი ქოთნებში ჩარგული ყვავილები ბრდღვიალებდნენ. დრო დამჭირდა ადგილის საპოვნელად, არ მინდოდა, სხვას მიეთითებინა და სხვისი საჩვენებელი თითის მიმართულებას გავყოლოდი - მზე აღარ აჭერდა, თუმცა ჩახუთულ ეთერში ქოშინით, თვალებმოჭუტული, ნახევრად გაბრუებული დავიარებოდი. და აი ისიც, მივადექი! არაფრით გამორჩეული აღმოჩნდა სხვებისაგან - თეთრი ლიქნებით დაწინწკლული ქვა, საუკუნეების მიერ გაცვეთილ-დაღარული; შიგადაშიგ, იქ სადაც ნესტს შეეძლო დაყუდება, ხავსიც ამოსულიყო. მიმოვიხედე, მახლობლად ვერავინ დავლანდე, დავიხარე და ხელით შევიგრძენი გრილი, ნამიანი, მწვანე სიფაფუკე. საფლავის ქვის ზემოდან, ბრინჯაოს ფირფიტაზე ეპიტაფია იყო; ჩრდილი ეცემოდა, თუმცა იმთავითვე შეამჩნევდი ინიციალებს - A-ში მოქცეულ D-ს, რომელიც სხვაში ნამდვილად ვერ აგერეოდა - ეს ნამდვილად ჩემი ალბრეხტ დიურერია. ჯიბეებში ცხვირსახოცი დავძებნე და შუბლი მოვიწმინდე; უსიამო გუნებაზე დავდექი - მზად არ ვიყავი სათანადოდ. ჩავხედე მობილურს - სასაფლაო შვიდზე იკეტებოდა (თანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გერმანული სიზუსტით) და უნდა მომესწრო კვლავაც მობრუნება, მანამდე კი ლურჯეკალა უნდა მომეძებნა!*** ამ ამბავში ლურჯეკალა (მეტი კონკრეტიკისათვის ,,Eryngium amethystinum“) დიდი მნიშვნელობისაა. შეხედეთ მხატვრის ამ ერთ-ერთ პირველ ავტოპორტრეტს, რომელიც სულ რაღაც 21-22 წლისამ შექმნა და მაშინ მიხვდებით, რაც ხდებოდა ჩემს თავს: ჩვენს პირისპირ ახალგაზრდა ალბრეხტია; ბნელი ფონი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს და გვაახლოებს მასთან. მხატვარს მცირედით მოუტრიალებია თავი მნახველისკენ, ტუჩები დაბურცვია და ან ჩვენ გვიყურებს, ან საკუთარ თავს სარკეში - დაზუსტებით ვერ გაიგებ. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა ვაჟის ხელები, რომელიც გაცილებით ასაკოვანი კაცისას მიუგავს და შეიძლება დაეჭვდე კიდეც, ეს მტევნები ნამდვილად მისია თუ არა - ყმაწვილმა უკვე იცის, რას ნიშნავს მძიმე შრომა; სწორედ ამ ნაჯაფ ხელებში სათუთად უჭირავს ახალგაზრდა ალბრეხტს ლურჯეკალა. ამ მცენარის გერმანული სახელია "Mannestreue" - ერთგულება. რა იდეა ჩადო დიურერმა - ერთგულება ხელოვნების, ფერწერის მიმართ? წუთისოფლის ხიწვები, სიმძიმე გამოუცდია და ეს სურს შეგვაგრძნობინოს? თუ დაგვანახოს, რომ ერთ რიგით, ეკლებიან მცენარესაც თავისი ხიბლი და ესთეტიკა გააჩნია - ბუნება ხომ უბრალოდ მშვენიერია? *** დავბორიალობ აქეთ-იქით ინტერნეტ რუკაში ცხვირჩარგული, ყვავილების მაღაზიების ძებნაში...Hallo! Hallo! Verkaufen Sie Eryngium? Ich brauche nur einen. Leider haben wir es nicht. Ahhh, auf Wiedersehen! Viel Glück bei Ihrer Suche![1] სად არ მივედი, რა სახის ტიტებს არ გადააწყდებოდი, მაგრამ ლურჯეკალას ვერსად მივაგენი, არც უნდა გამკვირვებოდა - ვის მოუნდებოდა დაეკლილი, უბრალო მცენარის ყიდვა, თანაც სურნელების გარეშე - მხოლოდ დიურერი თუ დაიჭერდა და დააფასებდა, მხოლოდ ის. გაბრაზებული მივბრუნდი სასაფლაოსკენ და თვალებს ვერ დავუჯერე - გზის პირას, ხელის გაწვდენაზე ვხედავ ბუჩქს - ეკლების გუნდს! სასწრაფოდ ვეცი, მოვგლიჯე ერთი ღერი, თითებიც დავიკაწრე-დავისისხლიანე და ჩქარი ნაბიჯებით განვაგრძე გზა, ამჯერად კმაყოფილმა და ალბათ, ღიმილიანი სახით. ქოშინით მივაღწიე საფლავს. მოვასწარი, დაკეტვამდე წუთები რჩბოდა. ვიგრძენი დარაჯის უკმაყოფილო მზერა, მაგრამ ცოცხლებზე საფიქრელად ახლა არ მეცალა. შევეცადე მშვიდად ამომესუნთქა, მცირედით დავმშვიდდი - დაუკაწრავი ხელით გადავფერთხე საფლავის ქვაზე მიყრილი მტვერი და ფრთხილად დავდე ლურჯეკალა. *** როგორც კი გასასვლელისაკენ დავიძარი, ცხელი ქარიც ამოვარდა. ვიცოდი, უკან თუ მოვიხედავდი, ლურჯეკალა საფლავის ქვაზე აღარ დამხვდებოდა, მახლობლად იქნებოდა მიწაზე დავარდნილი, თუმცა გზა მაინც გავაგრძელე. ხრწნა და როდესაც დაინახა მისი აკანკალებული ხელები, დანაოჭებული კანი და ჩასისხლიანებული, შეშინებული თვალები (ისეთი მზერით, პარკში დაკარგულ ბავშვს რომ აქვს), მიხვდა - მას ასეთი წლები არ უნდოდა, ასეთი წლები არ ექნებოდა! გერონტოფობი ვერ იქნებოდა, ალბათ სიდამპლოფობი უფრო, ხრწნადოფობი - თუ საერთოდ არსებობს ასეთი ტერმინი; არ არსებობს და გამოგონებას რაღა უნდა?! ძნელია აღმოაჩინო ახალი კუნძული, ან ცხოველი ხმელეთზე, რომელიც ერთ მეტრზე მეტი სიგრძე-სიგანისაა, პოლიტიკოსი სუფთა ხელებით, მცირედმცოდავი მღვდელი, სფინქსი გამოცანების გარეშე... მაგრამ სიტყვების აღმოჩენის ლიმიტი ხომ არ არსებობს! დავუბრუნდეთ იმ ადამიანის აკანკალებულ ხელებს და სიყვითლეშეპარულ, დალაქავებულ ტყავს - ძნელი იყო ასეთი დედამისის ხილვა; სახე-ხატება, რომელიც წლებთან ერთად ნელ-ნელა ყალიბდებოდა და უცებ, მოულოდნელად შემზარავი ფორმა მიიღო. უნდა იცხოვროს, ისუნთქოს ადამიანმა, რომელსაც ადამიანობის აღარაფერი შერჩენია? პასუხის გაცემა არც კი გაბედოთ, ეს რიტორიკული შეკითხვაა! გონება ხომ სწორედ ისაა, რითიც გამოვირჩევით სხვებისაგან (გვინდა დავიჯეროთ, რომ გამოვირჩევით), გვაყენებს პოსტამენტზე, რათა სინდისის ქენჯნა აღარ ვიგრძნოთ და მშვიდად განვაგრძოთ საპნის ოპერის ყურება, ან მის შიგნით ცხოვრება. როგორ ენატრა დედის სიკვდილი? კამიუს ,,L'Étranger“-ს გადაკითხვა ვერ დაამშვიდებდა, ,,მარტო მე არ ვარ ერთადერთი“ - ვერ იტყოდა. არადა ზოგჯერ რა ადვილია, რომ გააბრიყვო საკუთარი თავი, ახლა კი ვერ ახერხებდა მე-ს მოტყუებას. სხვის ,,შეცდომაზე“ სწავლას აპირებდა! იცოცხლებდა სწორედ იმდენი ხანი, სანამ არ დალპებოდა! ამ აბურდულ ფიქრებში ერთი კურცხალი გადმოუგორდა, ერთადერთი საწყალობელი პაწუკა წვეთი. *** იცოდით: მთელ დედამიწაზე თითოეულმა ადამიანმა რომ წამოიტიროს და ჰარპია-ვალკირიებისმაგვარმა ფრთოსანმა არსებებმა კი კოლბებით ამ წმინდა სითხის შეგროვება ითავონ, ჯამში მხოლოდ 50 000 ლიტრი ცრემლი გამოვა, რომელიც ვერ იქნება საკმარისი გოდების ტბის შესაქმნელად - არადა რამდენი ქვეყანა ინატრებდა ასეთ ტურისტულ ლოკაციას. მარილწყლის ჩამატებით ვერ გააბრიყვებ ხალხს - ცრემლი ხომ იმაზე მეტია, ვიდრე მარტო წყალი და მარილები; ერთ-ერთი ინგრედიენტი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელიც კია, რომლის ძნელადდასამახსოვრებელი ლათინური დასახელებაც თავს იმაზე განათლებულად გაგრძნობინებს, ვიდრე სინამდვილეში ხარ.,,ისეთი მშვენიერი, უმანკო და ჰაეროვანი რამ, როგორიც ატმის ყვავილებია, მალევე ჭკნება და შენ გინდა იმსახურებდე წლობით ყვავილობას?!“ - დაწერა სიყვარულისგან მიტოვებულმა ჭაბუკმა გაცეცხლებულ გულზე. სიბრალულის ღირსი იოკოჰამას თაუერი გუგუნებდა და ბრჭყვიალებდა, დასანანია - მთვარის ნათებას ჩრდილავდა.ის დღე მიილია და ბევრს შეძულდი.ყველა შენს შავ კულულებზე ჩურჩულებდა და კულულებში გაყრილ მარჯნის მოელვარე სამშვენისზე.უცებ გკრეს ხელი.აბრეშუმის კიმონო აშრიალდა. კივილით დაასკდი ბეტონს.გადმონთხეული სისხლის წვეთი ვიგრძენი ტუჩზე. დაფეთებული დედა აბღავლებულ ბავშვს გულში იკრავს.და თუ იქ მართლაა რაღაც, გისურვებ შენთვისაც იყოს ადგილი მუგუზლებს შორის. ერთი სიცოცხლეც ზედმეტი იყო შენი ფერფლისთვის, ნუღარ ეცდები სახეცვლილი აქ დაბრუნებას.თუკი საფლავი გეღირსება, გპირდები - წავბილწავ.*** არ დამავიწყდეს, ჩემი თუ გესმის, სიამოვნებით უნდა გახარო - ჩვენი თეთრი შროშნები მოურწყველობით მალე გახმება. [1] გამარჯობა! გამარჯობა! ყიდით ლურჯეკალას? მხოლოდ ერთი მჭირდება. სამწუხაროდ არ გვაქვს. ეჰ, ნახვამდის! წარმატებას გისურვებთ ძიებაში!