ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

და ბოლოს, ღია ბოქლომი

და ბოლოს, ღია ბოქლომი

ჩაკეტილი ბოქლომისახლში სულ ოთხი კარი იყო - საძინებლის, საპირფარეშოს, სააბაზანოს და მთავარი, გასასვლელი კარი, საიდანაც ვიცოდი, რომ აუცილებლად გავაღწევდი. ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი, როდესაც სახლიდან გაქცევა მომინდა. ამ სამყაროსთან შეუთავსებლობის შეგრძნებით მოსული ემოციები მანგრევდა. ჩემს ყურებში შემზარავი ჩხუბის ხმები ისმოდა და ცრემლმორეული თვალები მეგებებოდნენ ყველა ოთახის კარიდან. დედის დაუცველი მდგომარეობა და მასზე ბრაზი, წლების მანძილზე უფრო მეტად ღვივდებოდა. გაღებული მსხვერპლის და შეწირული ცხოვრების საფასურები შვილები აღმოვჩნდით. მისი საშოდან დაბადებული ვერცერთი შვილი ვერ იქნება კარგად, მანამ სანამ დიდი ბოქლომით დაკეტილი კარებიდან არ გავლენ. დამსხვრეული ფანჯრის ბზარებიან შუშაში ჩემს ანარეკლს ვხედავდი და მეზიზღებოდა. მძულდა დანაწევრებული, უბედური სახის დანახვა. ფანჯრის ქვემოთ, გატეხილი პატარა სკამი ისტორიას ატარებდა. ღილაკებიანმა, კუთხემომტვრეულმა ტელეფონმა დარეკა. დედა აივანზე სარეცხს ფენდა და მთელი სხეულით თოკებისკენ იზიდებოდა. ყოველთვის როცა ამას აკეთებდა, შიში მიპყრობდა და თითქოს ენა აღარ მემორჩილებოდა. ამჯერადაც ასე მოხდა, მინდოდა დედასთვის დამეძახა და მეთქვა რომ ტელეფონი ურეკავდა, მაგრამ მე მხოლოდ მის მოძრაობას ვაკონტროლებდი, სხეულის ყველა გაქანავება ავის მომასწავლებლად მეჩვენებოდა და რაც უფრო შორს მყოფი თოკისკენ იხრებოდა, მით უფრო ძლიერი შიში მოდიოდა. დედა გადავარდება, დედა გადავარდება... ის კიდევ უფრო უშიშრად იხრებოდა, განიერი წელი აივნის შელახულ მოაჯირზე ჰქონდა შემოდებული და განაგრძობდა. თვალს არ ვაშორებდი, თითქოს შემეძლო გადავარდნის პირას მყოფი გადამერჩინა. ლურჯი, ადგილ-ადგილ სიმძიმისგან ფერგადასული და ცისფერში გარდამავალი ტაშტებიდან უსასრულოდ ამოდიოდა სველი ტანსაცმელი და თითოეული მათგანი მძულდა. ათი წუთი აივნის თოკებივით გრძელი მომეჩვენა. უკანასკნელი მაისურის ჯერი დადგა, მეწამულისფერი, უსაშველოდ გრძელი მკლავებით და სულის შემხუთავი ბუსუსებით. დღესაც, როცა ასეთ მაისურს ვხედავ, თითქოს ხისტი ბუსუსები ჩემკენ მოემართებიან. მე გავრბივარ, მაგრამ მაინც მიჭერენ, მჩხვლეტენ და მაისურის ფერში მღებავენ. მაისური თოკზე ჩამოკიდა და ჩემი გულიც ნელ-ნელა თავის ადგილს დაუბრუნდა. დედა შემოვიდა და როგორც იქნა ამოვღერღე რომ ტელეფონმა დაურეკა, თურმე ბევრჯერ და მე აღარ მესმოდა, ფანტაზიაში გადავარდნილს. ჩემმა ფანტაზიებმა და მათგან წამოსულმა შიშებმა დაღუპა სკამი. უცოდველი ხის, პატარა და გაცრეცილი სკამი. ჰო, მიყვარდა. პატარა იყო და როცა მასზე ვიჯექი, თითქოს ჩემ თავთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე სხვებთან. დედამ ტელეფონი აიღო და შემოსული ზარი შეამოწმა, ამასობაში კარები მამამ შემოაღო და დედას უხეში ხმით უთხრა:-რომ გირეკავდი სად იყავი, რისთვის გინდა ეს ტელეფონი, ხუთჯერ დაგირეკე - თვალებიდან წამოსული ბრაზნარევი ნაპერწკლები მანათებდა.-სარეცხს ვფენდი და ხმა ვერ გავიგე. სოფი, რატომ არ დამიძახე თუ ამდენჯერ დარეკა?- მომვარდა გაჯავრებული დედაჩემი.მე ხმა არ ამომიღია. ორ გრძნობას შორის გავიჭედე, ერთი დამნაშავედ მაგრძნობინებდა თავს და მეორე შიშს მიღვივებდა. ნაღვლიანი თვალები შევაფეთე გაბრაზებულ დედას. შემდეგ, და-ძმის ოთახში გამიშვეს და მითხრეს არ გამოვსულიყავი.ხმის ტონთა ცვალებადობა, დაძაბული იოგები და გაანჩხლებული ცოლ-ქმრის ომი. ყურებში თითები ისე მძაფრად მივიჭირე, ნიჟარებმა ტკაცატკუცი დაიწყეს. ყურები მტკიოდა, მაგრამ ჩხუბის სიმძაფრე წყვეტილად მოდიოდა თითებშერჭობილ ყურებში. ცოტა ხანში გოლიათის ნაბიჯების ხმა გავიგე, კარის მიმართულებით. კარი გაიღო და საკუთარ ჩარჩოს მძიმედ ჩაეხუტა. ძლიერმა გრუხუნმა სიჩუმე შემოიპატიჟა, პატარა, ბოქლომიანი სახლის შუაგულში. სკამი, ხის სკამი, საცოდავი საყრდენი ადამიანისა, უსამართლოდ გაიპო და უსამართლოდ დაზიანებული ქალის სისხლით გაისვარა. დედის თავზე გადატყდა და მისმა ცრემლებმა დაალპო.  ბედნიერი მხოლოდ წელიწადში ერთხელ ვიყავი ხოლმე. დეკემბრის ბოლოს ფერადი გრძნობები მოიცავდა სხეულს და თითქოს უკეთესის მოლოდინში, ახალი წლის დადგომა ჩემში იმედს იწვევდა. თოვლის პაპისთვის გაგზავნილი წერილები, ყოველ წელს, ერთი და იგივე იყო.„თოვლის პაპა,გთხოვ, ლამაზი დღიური და კალამი მომიტანე.გპირდები, მთელი წელი კარგად მოვიქცევი.შენი სოფო...“სოფო შემთხვევით დამარქვეს. დედას დაფეხმძიმებიდან ჩემს დაბადებამდე, ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა რომ დიდედას სახელი, სვეტა უნდა დაერქმიათ, მაგრამ როგორც კი საშოს მოვშორდი, ჩემს დას ისტერიკა მოუწყვია საავადმყოფოში, ამას თუ სვეტას დაარქმევთ სახლიდან წავალო. დიდი გაწევ-გამოწევა ყოფილა, გაცოფებული მამაჩემი სანამ ჩემი დის უზრდელობის ამბით იყო აღტყინებული და სჯა-ბაასი მიდიოდა ამ საკითხზე, დედას გამბედაობა გამოუჩენია და სოფი ჩაუწერინებია დაბადების მოწმობაში. თურმე სვეტა არც მას მოსწონდა და ქმარს ვერ ეწინააღმდეგებოდა. დის ღელვამ უბიძგა, საკუთარი სურვილისთვის პატივი ეცა და მომავალი განხეთქილების მიზეზი წარმოეშვა. მამა ძალიან გაბრაზებულა, მაგრამ რთულად ჩავლილი მშობიარობის და დედის სისუსტის გამო, ხმა ვეღარ ამოუღია. ასე შემრჩა სახელი სოფო.დიდი წონით დავიბადე, 4 კილო გამოვედი ამღვრეული სითხით სავსე სივრციდან, ერთი დაკეტილი ბოქლომი მაშინ გავაღე. თავზე რიჟა ბუსუსები მქონდა, ზრდასთან ერთად წითლდებობდნენ და ხვეულ ფორმას იღებდნენ. მრგვალი, თაფლისფერი, მუდამ ამღვრეული თვალები არასდროს მომწონდა. თითქოს სხვადასხვა მიმართულება ჰქონდათ არჩეული და წამწამებსაც ზურგი ექციათ მათთვის. ჰო, წამწამებიც რიჟა ფერის მქონდა და თუ ძალიან არ დავაკვირდებოდი, არ ჩანდნენ. პუტკუნა ლოყები სახეს ბურთივით მიმრგვალებდა და ვისაც არ დაეზარებოდა, სახის ამ ნაწილზე მეპოტინებოდა. მახსოვს, როგორ მძულდა თითოეული ნათესავის, მეზობლის, ნაცნობის გამოხმაურება :-როგორი ბუშტუკა ლოყები აქვს ეკა, რა საყვარელია რიჟიკა - ეუბნებოდნენ დედას და ყველა მათგანის მარჯვენა ხელი მზად იყო ეჩქმიტათ ფუმფულა ლოყებზე, თითქოს უგრძნობი ვიყავი და შემდეგ, დესერტად, მადიანად ეკოცნათ. როგორც კი თვალს მოერიდებოდნენ, საგულდაგულოდ ვიწმენდდი მათი ნაამბორის კვალს.წლების მატებასთან ერთად, ჩემი თმა აღდგომის კვერცხივით წითლდებოდა. სანათესაოში წითური მხოლოდ მე ვიყავი. თითოეული ოჯახის წევრი ერთი გარეგნული ნიშნით მაინც წააგავდა ერთმანეთს. მე, ამ მხრივაც გარიყულად ვგრძნობდი თავს. ჩემი და ხშირად, ხუმრობით მეუბნებოდა, რომ ნაშვილები ვიყავი. სულ პატარა სოფოს გულზე მძიმედ ხვდებოდა ხოლმე. სარკეში იყურებოდა, რომ გამომეტყველების სირღმეში მაინც ეპოვა დედასთან, მამასთან, ან და-ძმასთან დამაკავშირებელი საერთო ნიშანი.ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა არ მიყვარდა. როცა მთელი ოჯახი სტუმრად მიდიოდა, ყველაფერს ვაკეთებდი რომ არ წავსულიყავი და თუ მაინც წამიყვანდნენ, მასპინძლის სახლში მყოფ ბავშვებთან თამაშის ნაცვლად, მაგიდის ქვეშ განვმარტოვდებოდი და „უხილავობანას“ ვთამაშობდი. მე, იატაკი და მაგიდა ვსაუბრობდით, მანამ სანამ სანატრელი წასვლის დრო არ დადგებოდა.სანამ წერა - კითხვას ვისწავლიდი, ვიცოდი რომ მთელი ცხოვრება ჩემი საუკეთესო მეგობარი ფურცელი იქნებოდა. როდესაც პაპას ვხედავდი წიგნით ხელში, თითქოს შიგნით ჩაძირულს, სიმშვიდე გადმოდიოდა ჩემში და მტვრიანი ფურცლის მიმართ ინტერესი მაშინ წამოვიდა. როდესაც წერა დავიწყე და ფურცელზე პასტით რაღაც გაუგებარი დავფხაჭნე, ჰაერი ჩავიდა პატარა ფილტვებში და სუნთქვა უფრო მსუბუქი მომეჩვენა. ყველა ჩაკეტილი ემოცია გადამქონდა და მე სულელური ჩანახატების კორიანტელში ვიძირებოდი.   მამას სიფიცხე ცხელი, შემხუთავი ქარივით მიბერავდა მთელი ბავშვობა. მთიულეთში, რაც კი წესი არსებობდა, რომელიც ადამიანების თავისუფლებისა და სიმსუბუქის ჩაკვლას ემსახურებოდა, ყველა საუცხოოდ ჰქონდა შეთვისებული და ცდილობდა სამივე შვილიც ამ ტრადიციებით გაეჟღინთა. თუკი რომელიმე ნაშიერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აღვიმართებოდით, ყოველთვის ერთიდაიგივეს გვეუბნებოდა:-ან ჩემი წესებით იცხოვრეთ, ან წადით ამ სახლიდან.სინამდვილეში, არც ჩვენი სახლიდან გაყრა უნდოდა და არც თავისი პრინციპების დათმობა. უბრალოდ სჯეროდა რომ თუ ისეთები ვიქნებოდით, როგორიც თვითონ წარმოედგინა, ჩვენთვის უკეთესი და უსაფრთხო იქნებოდა. მისი მკვეთრად გამოხატული, გაბურძგნული წარბები, ყოველთვის ზემოთ იქაჩებოდნენ და წარბებს მოშორებული, ყინულივით თვალებიდან ცეცხლი ენთო. ყოველ ჯერზე, როცა გვეჩხუბებოდა და შენიშვნებს გვაძლევდა, ეს ცეცხლი უფრო ღვივდებოდა, მაგრამ მალევე სინანული წყალს უსხამდა თვალებში აალებულ ცეცხლზე. საკუთარ თავთან და ხასიათთან ორთაბრძოლამ, მისი გული დაფლითა და ორჯერ ლამის გაუჩერდა კიდეც.მცხეთაში შუქი ხშირად მიდიოდა. შუქის წასვლის ეპიზოდებიდან ერთ-ერთი დღე დამამახსოვრდა. სიბნელემ და სანთლის შუქის აღმატებულმა ნათებამ ტომ სოიერის ამბისკენ მიიზიდან ჩემი გონება. უკვე შებინდებულზე კითხვა დავიწყე და დროც, შუქთან ერთად გამეპარა. მამას ბრძანებით, 10 საათზე უნდა დამეძინა, მე კი ამბავში ჩაძირული, არც გამხსენებია ოჯახში მოქმედი წესები. მისი გაბრაზებული სახე და უხეში ხმა ხშირად მახსენდება, განსაკუთრებით ღამე კითხვის დროს. ახლაც, ოცდაექვსი წლის ასაკში, მაზოხისტურად ვიხსენებ იმ პერიოდს, ვფურცლავ „ტომ სოიერის თავგადასავალს“ ვაქრობ შუქებს და ჩუმად, „ფანრის“ შუქს ვინათებ, თითქოს მამას ვემალები, მეგობარ წიგნთან ერთად. მთლიანობაში მამა კარგი ადამიანია. უბრალოდ, მისი რწმენა-წარმოდგენები ამ ცხოვრებაზე იმდენად ურყევია, რომ მასაც მოიცავს და სხვების ცხოვრებასაც ბოქლომით კეტავს. დედამ და მამამ, სხვადასხვა გასაღებით გამოგვკეტეს ბოქლომიან სახლში. ეს ამბავი თინეიჯერობის ასაკიდან მახსოვს, თუმცა ბუნდოვნად უფრო პატარა ასაკიდანაც. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს ოჯახში ჩხუბი ყოველდღიურობა იყო. დედას და მამას ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჩემი დაბადების შემდეგ არ ჰქონიათ. ისინი მოვალეობების გამო იტანდნენ ერთად ყოფნას და ერთმანეთის განადგურებით მოეცვათ შვილების ცხოვრება. ერთხელ დედამ მომიყვა, რომ ახალი „გათხოვილი“ იყო, როცა ტელეფონზე მამას დაურეკა და ყურმილი ქალმა აიღო.-გისმენთ - ისმის ქალის ხმა.-ჩემს ქმართან ვრეკავ, ვინ ბრძანდებით? - პასუხობს გაკვირვებული დედაჩემი.-მე სვეტა ვარ, ზურა ჩემთან არის, არ ინერვიულოთ.ყოველთვის მიკვირდა ამ ისტორიას დედა კომედიურ მიმართულებას რატომ აძლევდა, ისე ჰყვებოდა, როგორც ძალიან სასაცილო ისტორიას, ცოლ-ქმრული ეპიზოდებიდან. სულ ვეკითხებოდი, რა გააკეთა მაშინ, როცა სხვა ქალის ხმა გაიგო ღამე, ქმრის ტელეფონიდან და პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო - „რა უნდა მექნა?! გავუთიშე.სამი სახის ემოციას ერთად განვიცდიდი, როცა ამას ამბობდა. პირველი - ბრაზი, მძულდა მისი სულელური გამართლებები. მეორე - გაკვირვება, მაოცებდა როგორ ბუნებრივად შეეძლო თვალებში სინათლის ჩაქრობა და მესამე - თანაგრძნობა, მეცოდებოდა მისი სიმხდალის და შიშის გამო. ჩვენი ოჯახი ყოველთვის სამაგალითო იყო სოფელში. მამას მშრომელის სტატუსი, დედას მზრუნველი მშობლის. ჩემს გარშემო ოჯახების შემადგენლობა შინაარსით ერთმანეთს ჰგავდა. ყველა უფლებით შემკული მამაკაცი და შვილების მომვლელი ქალი, რომელიც ძიძის ფუნქციით დაკავებული ყველაფერს იტანდა და ცხოვრებას შვილებზე გასროლილი ჯავრით აგორებდა, ერთი კუთხიდან მეორემდე.ჩემმა და-ძმამ, ჩემზე ათი - თერთმეტი წლით უფროსებმა, რომლებიც ოჯახის წესებს კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ, ნატკეპნი გზა აირჩიეს. მათ გამომეტყველებაში მშობლებს ვხედავ, მშობლები მათში საკუთარ თავს, ამიტომაც ოჯახის ნომერ პირველი შვილი დათოა, მეორე - მაკა. ღრმა ბავშვობას თუ გამოვქექავ, დათოს ყოველთვის ვუყვარდი და მეც მიყვარდა. ვიცოდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყრებოდა, მაგრამ ერთი საერთო რამ გვაკავშირებდა - თავისუფლების წყურვილი. ჩვენ იმაზე მეტი ჟანგბადი გვჭირდებოდა, ვიდრე დანარჩენებს, მაგრამ ის შეეგუა, მეტიც, მან ისეთივე ოჯახი შექმნა, როგორიც მამამისმა.ნიჭიერებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ათოსანი მოსწავლე ვიყავი. სანამ მამა სამსახურიდან დაბრუნდებოდა ყველა გაკვეთილი მომზადებული უნდა მქონოდა, რათა მოსვლისთანავე ჩამებარებინა. რუსული ენა არ მიყვარდა და დედა მამეცადინებდა. თუ რომელიმე დავალებას დედა ვერ გაიგებდა, მამას უწევდა ახსნა, მაგრამ იმდენად მძულდა, რომ რამდენჯერაც არ უნდა აეხსნათ ვერ ვიგებდი და ყოველთვის ჩხუბით სრულდებოდა საგანმანათლებლო საღამოები. მამა დაღლილი მოდიოდა და ორმაგად ღიზიანდებოდა ჩემს უნიჭობაზე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენს სახლში მხოლოდ ერთი კარებიანი ოთახი იყო, სადაც ჩემ და-ძმას ეძინათ. მისაღებ ოთახს ფუნქცია ჰქონდა დაკარგული და მშობლების საძინებლად გადაკეთებულიყო. სულის შემხუთავი სივიწროვე ჩემს შინაგან სამყაროს კიდევ უფრო ამუქებდა და გაქცევის სურვილს მიმძაფრებდა. ყველა ოთახის კედელზე კრემისფერი ქაღალდი იყო გაკრული, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოხეულიყო და წვიმა ჩამოსულ ადგილებში დახატულიყო. მიყვარდა წვიმის მიერ შექმნილი ნახატების ყურება. ზოგი ობობას ჰგავდა, ზოგი ლაბირინთს, ზოგი ადამიანის სახეს პროფილში. საათობით ვაკვირდებოდი თითოეულს და ვიკვლევდი მათ წარმომავლობას.   გადაჭარბებულ და ლოდივით მძიმე ფიქრებს პატარა ასაკიდან მოვათრევ. ისინი გამუდმებით ჩემთან იყვნენ და ძალადობდნენ, მეც ხმის გაუცებლად ამის ნებას ვაძლევდი. რას გრძნობს ფოთოლი, როცა ხის ტოტს მობეზრდება მისი შენარჩუნება და მიწაზე მოისვრის?, ადამიანებივით დეპრესიული ხდება და თავს მიტოვებულად აღიქვამს?, საკუთარ თავს კარგავს და შემდეგ უფრო გაძლიერებული უბრუნდება სხვა ცხოვრებას?, თუ უბრალოდ კვდება და შემდეგ სეზონზე სხვა ფოთოლს უთმობს თავის სიცოცხლეს? ჩემი სხეული სიკვდილისკენ მიისწრაფვოდა და ამას ვგრძნობდი.6 წლისაც არ ვიყავი, როდესაც მასტურბირება დავიწყე, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი ეს რა იყო ან რატომ ვაკეთებდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მსიამოვნებდა და შვებას მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი, როცა აბაზანაში ჩუმად კარებს ვკეტავდი, მორყეულ სკამზე ვჯდებოდი და სხეულის რაღაც შეუცნობელ ნაწილს ვასტიმულირებდი. ყოველ ჯერზე, როცა ამას ვაკეთებდი პატარა სინდისი მოსვენებას მიკარგავდა და მეგონა ცოდვას ჩავდიოდი. ერთხელ დედას მოვუყევი და დეტალურად ავუხსენი პროცესი.-დე, ეს რას ნიშნავს? - ვკითხე შეშინებულმა.ახლაც არ დამვიწყებია მისი შეშლილი სახე. ნაადრევ ასაკში გაჭაღარავებული თმა ჩემს თვალწინ კიდევ უფრო გაუთეთრდა და დაიმუხტა. ვხედავდი როგორ აუვიდა დაუვარცხნელი წარბები ნაოჭებიანი შუბლის ზედა ნაწილზე.-ეგ მეორედ აღარ გააკეთო, თორემ მამაშენი თოფს გამოიტანს, მესვრის და შენც მიგაყოლებს - ყვიროდა გააფთრებული.წარმოვიდგინე, რომ ის სკამი, დედის თავზე გადამტყდარი, კიდევ დაიბზარა. დედას თავიდან სისხლი სდიოდა. მე მისი სქელი თმების მიღმა ბზარს ვეძებდი. ჩუმად ტიროდა და ჩუმი, გაუსაძლისი ტანჯვისგან ამომხდარი კვნესა გულში მერჭობოდა, მჩხვლეტდა. მის კალთაში ქვასავით ჩავვარდნილიყავი და ვგრძნობდი, რომ იმ მომენტში ისიც ქვა იყო. სკამიც ორად გაყოფილიყო და ძირს ეგდო. ჩემი სახლის დამსხვრეული ფანჯრიდან მთვარე მაინც ლამაზი ჩანდა. ყოველ საღამოს ველოდებოდი მის გამობრძანებას. ვხედავდი ვეებერთელა წრეს, ცის მანათობელ სამკაულს და პროცესი მაჰიპნოზებდა. ზოგჯერ მოუსვენრად მოგზაურობდა ცის ერთი კიდედან მეორემდე და ზოგჯერ, ჩემსავით გაშეშებულიყო კუთხეში და თავის თავში პატარავდებოდა. საათობით შემეძლო მეყურებინა ამ სურათისთვის, ისე რომ გარშემო არაფერი მესმოდა, გარდა მთვარის ჩურჩულისა. სულ მეგონა რომ მზესთან ომის პარალელურად, მთვარეს დავუახლოვდი და ბევრი იდუმალებით მოცული თემა განვიხილეთ. მთვარე მიყვარდა, ალბათ იმიტომ რომ ის ისეთ დროს დასქცეროდა ადამიანებს, როცა ყველაზე მეტად ამჟღავნებდნენ საკუთარ რეალურ ბუნებას. მეც ამას ვგრძნობდი, ზუსტად მაშინ, როცა განსაკუთრებულად პირადულ გამომეტყველებას იღებენ, ან რაიმე ისეთს აკეთებენ, რასაც ჰგონიათ რომ ვერავინ ხედავს. სულ პატარა ვფიქრობდი, რომ მე და მთვარე ადამიანების სიყალბეს გამოვამჟღავნებდით. ფენტეზის მთავარ პერსონაჟად წარმოვიდგენდი თავს და ვწერდი, ბევრს ვწერდი, სანამ თითებში ტკივილს არ ვიგრძნობდი. თავს ყოველთვის უშნოდ ვგრძნობდი. ხშირად აღნიშნავდნენ, რომ დიდ ლოყებიან, ღაბუა ჩიტს ვგავდი. უწყინარი კომპლიმენტების გროვამ კომპლექსები დალექა. სკოლა გიმნაზიაში ფორმები გვქონდა, რომელსაც ყოველ წელს ვიკერავდით. დედას ვთხოვდი ხოლმე, რომ ჩემთვის ყველაზე გრძელი და ფართო შეეკერათ. ერთხელ მუხლს ოდნავ აცდენილი კაბით წავედი ეკლესიაში. წამოსაყვანად მამამ გამომიარა და მანქანაში ჩემი და დამხვდა.-ეს რა კაბა კაცვია, არ გიხდება შენ ასეთი კაბები - ამოიხარხარა მაკამ.მას მერე ჩემი კაბების სიგრძე მუდამ მუხლის ძვალს ქვევით ჩერდებოდა და ალბათ გულის სიღრმეში ვოცნებობდი, მეც ისეთი ვყოფილიყავი, როგორც რამდენიმე ჩემი კლასელი, რომლებიც უხვად იღებდნენ სიყვარულს გარშემომყოფებისგან და მოკლე კაბებიც დასაშვები იყო მათთვის.